5 ნოემბერს ქართულ მედიასაშუალებებში არასწრულწლოვანი გოგოს დაკარგვის
შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ბავშვი თბილისის ერთ-ერთ უბანში დილით
სახლიდან გასვლის შემდეგ გაუჩინარდა. ძიების მიზნით დილიდან მშობლებმა
დაკარგულის ფოტო, მაიდენტიფიცირებელი დეტალები და ტელეფონის ნომერი
გაავრცელეს, რომელიც მედიამაც გამოაქვეყნა. დაახლოებით საღამოს 6
საათისთვის გოგო იპოვეს, ის ჯანმრთელი და უვნებელი იყო. ამ
ინფორმაციის დადასტურების შემდეგ ბავშვის საუკეთესო ინტერესების
დაცვის მიზნით (აღარ იძებნებოდეს ინტერნეტში ეს ფაქტი მისი
ცხოვრებიდან) რამდენიმე მედიასაშუალებამ მასალა შეასწორა და როგორც
ახალ, ისე ძველ მასალაში ბავშვის მაიდენტიფიცირებელი დეტალები ამოიღო,
იქვე მიუთითა, რომ სტატია შესწორებულია. ასე მოიქცა ნეტგაზეთი,
ლიბერალი და On.ge.
ვებსაიტების ნაწილმა უცვლელი დატოვა და გოგოს პოვნის შემდეგაც
მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია გამოაქვეყნა, მათ შორისაა:
imedinews.ge, interpressnews.ge, ambebi.ge, fortuna.ge, tabula.ge,
1tv.ge, Primetime.ge, marshalpress.ge, akhalitaoba.ge,
kvirispalitra.ge, kvira.ge, itv.ge, palitranews.ge, reginfo.ge,
ghn.ge, pia.ge, expressnews.com, gurianews.com,
resonancedaily.com, marneulifm.ge, presa.ge, nsp.ge,
mediamall.ge. palitravideo.ge-მ და rustavi 2.ge-მ კი ის კადრებიც
გამოაქვეყნეს, სადაც ჩანს თუ როგორ გადაჰყავთ ნაპოვნი გოგო
პოლიციაში.
საქართელოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ ბავშვთა
საკითხების გაშუქების
სახელმძღვანელო წესების მიხედვით, მედია მაქსიმალურად უნდა
შეეცადოს, მინიმუმამდე დაიყვანოს რისკები და ზიანის ალბათობა, რაც
ბავშვს შეიძლება მასალის გამოქვეყნებით მიადგეს. იმ შემთხვევაში კი,
თუ ამას საჭიროება არ მოითხოვს, მოზარდის მაიდენტიფიცირებელი
ინფორმაცია მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ქართული მედიის დიდი
ნაწილი კი ასე არ მოიქცა.
ამავე სახელმძღვანელოში ვკითხულობთ:
უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭეთ ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოთ
ისეთი მასალა, რომელიც საზიანო იქნება მისთვის.
მშობლის ან მეურვის თანხმობა არ ათავისუფლებს ჟურნალისტს
პასუხიმგებლობისგან თავად გადაწყვიტოს რამდენად სწორი იქნება ამა თუ
იმ საკითხზე ბავშვის კომენტარის ჩაწერა, ან ფოტოს გამოქვეყნება. მან
თავად უნდა შეაფასოს ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება ბავშვის
იდენტიფიცირებას მოჰყვეს.
საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად თითოეულმა მაუწყებელმა
საპრეზიდენტო კანდიდატების საზოგადოებისთვის უკეთ გაცნობისთვის
სხვადასხვა ხერხი, ფორმა და საშუალება აირჩია. ამ მხრივ გამონაკლისი
არც ტელეკომპანია “რუსთავი 2” ყოფილა. 30 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის
ჩათვლით, კვირის მთავარ ანალიტიკურ გადაცემაში P.S. არხმა, როგორც ეს
თავად განმარტა, ოთხი “ძირითადი კანდიდატი” - სალომე ზურაბიშვილი,
გრიგოლ ვაშაძე, დავით ბაქრაძე და შალვა ნათელაშვილი გაგვაცნო.
საპრეზიდენტო კანდიდატების წარდგენა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის
შალვა ნათელაშვილის პორტრეტით დაიწყო და გაერთიანებული ოპოზიციის -
“ძალა ერთობაშიას” საპრეზიდენტო კანდიდატით გრიგოლ ვაშაძით დასრულდა.
ტელეკომპანიამ ყველაზე მეტი დრო - 18 წუთი, სწორედ ამ უკანასკნელს
დაუთმო. დანარჩენ კანდიდატებზე საეთერო დროის მონაკვეთი (12-14 წუთი)
თითქმის თანაბრად გადანაწილდა.
წამყვანის შესავალი სიტყვა
კანდიდატების
წარდგენისას
საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ
არხის პოზიცია და პოლიტიკა წამყვანის შესავალ ტექსტებშიც მკაფიოდ
გამოიკვეთა. თუკი დანარჩენი სამი კანდიდატისადმი, როგორც ტონის ისე
ტექსტების თვალსაზრისით, აშკარა დადებითი დამოკიდებულება ვლინდებოდა,
სალომე ზურაბიშვილის შესახებ ტექსტი ცინიზმითა და უარყოფით კონტექსტით
იყო გაჯერებული.
შალვა
ნათელაშვილი: "ვიწყებთ შალვა ნათელაშვილით. ჩვენ ის კახეთში
გადავიღეთ, ქვეყნის პირველმა ლეიბორისტმა ილაპარაკა ვენახებზე,
რომლებსაც კანაფის პლანტაციებით ჩანაცვლება ემუქრება, ილაპარაკა
სალომე ზურაბიშვილზე, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს, ილაპარაკა
ივანიშვილზე და საკუთარ გამარჯვებაზე. შალვა ნათელაშვილი თვლის, რომ
ბოლოს და ბოლოს დადგა დრო, როდესაც მოსახლეობას არც ქართული ოცნების
გაგონება უნდა, არც ნაციონალების, არც ყოფილი ნაციონალების, ამიტომ
ერთადერთი რეალური არჩევანი ლეიბორისტების თავმჯდომარეა. სოციალური
კვლევის შედეგების არ სჯერა და შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტობისთვის
ემზადება".
დავით ბაქრაძე:
“დღევანდელი სიუჟეტის გმირსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ და თქვენგან
ის ყოველთვის დადებით შეფასებას იმსახურებდა. საერთაშორისო
სოციოლოგიურ კვლევებში ის არაერთხელ ლიდერობდა იმ პოლიტიკოსებს შორის,
რომლებიც მოსახლეობის მხრიდან ყველაზე დიდი სიმპატიით სარგებლობენ.
წლების განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე იყო, დღეს კი
ოპოზიციაშია. საპრეზიდენტო არჩევნები მისთვის თავისთავად ახალი ხილი
არ არის, მან 2013-შიც იყარა კენჭი, ოღონდ მაშინ ძველი გუნდის
სახელით. ამჯერად, ის უკვე ევროპულ საქართველოს წარმოადგენს”.
სალომე
ზურაბიშვილი: “[სალომე ზურაბიშვილი] სწორედ ვანო მერაბიშვილს
ასახელებს მთავარ დამდგმელ სცენარისტად 2008 წლის აგვისტოს ომში.
თავის ფრანგულენოვან წიგნში ზურაბიშვილი ამბობს, რომ ომის დაწყება
მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან ერთად დაგეგმა, საიდუმლო მოლაპარაკებების
წარმმართველი კი ვანო მერაბიშვლი იყო. მე უბრალოდ არ ვიცი სადამდე
შეიძლება წავიდეს ამ ადამიანის ფანტაზია მსოფლიოსთვის იმის
დასამტკიცებლად, რომ საომარი მოქმედებები სწორედ საქართველომ დაიწყო.
ეს ის წიგნია, რომელსაც რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენებს
ჰააგის სასამართლოში და ამ წიგნის ავტორი ქართველია და ამ ქართველს
პრეზიდენტობა და მთავარსარდლობა უნდა. უნდა არა, დარწმუნებულია, რომ
იქნება”.
გრიგოლ ვაშაძე:
“საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა
მემკვიდრეობაში დაგვიტოვა ოცნება ქართველებისა და აფხაზების ცხენების
დახმარებით შერიგებაზე და განცხადებები, რომელსაც რუსეთი ახლა ჰააგის
სასამრთლოში საქართველოს წინააღმდეგ იყენებს. საგარეო საქმეთა ყოფილმა
მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მემკვიდრეობაში დაგვიტოვა ოკუპირებული
ტერიტორიების საერთაშორისო არაღიარება, რისთვისაც მთელი პლანეტის
ლამის კარდაკარ შემოვლა მოუხდა. დღეს ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის
11 პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატია, არა ოკუპირებული ტერიტორიებივით
არაღიარებული “ფსიქოპროექტის”, არამედ საერთაშორისო გიგანტის “ედისონ
რისერჩის” კვლევის მიხედვით, კანდიდატებს შორის სტაბილური ლიდერია.
დღეს გრიგოლ ვაშაძე საკუთარ თავზე ცოტას თვითონაც ილაპარაკებს, მაგრამ
უფრო მეტს მის შესახებ მისი ოჯახის წევრები მოგიყვებიან”.
აქცენტები სიუჟეტებში
საპრეზიდენტო კანდიდატების წადგენისას აქცენტები ძირითადად მათ
განათლებაზე, კარიერაზე, პოლიტიკურ გამოცდილებასა და განათლებაზე
გაკეთდა. ეს ერთადერთი საერთო ხაზია, რაც სიუჟეტებში ოთხივე
საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ გამოიკვეთა, რასაც ვერ ვიტყვით მათ
მიმართ გამოყენებულ ტონსა და დამოკიდებულებაზე.
შალვა
ნათელაშვილი
მშრომელთა პარტიის ლიდერის შესახებ შევიტყვეთ, რომ პარლამენტში ყოფნის
დროს, მან ბევრ მნიშვნელოვან კანონპროექტზე მოასწრო ხელის მოწერა,
რომლის შედეგად მიღებულ სიკეთესაც საქართველოს თითოეული მოქალაქე
დღემდე იყენებს. ასევე, გავიგეთ, რომ ის “გულწრფელი”, “კრეატიული
პოლიტიკური დუელების მოყვარული”, “სულით პოეტი” და “ფაქიზი
ადამიანია”. “პოეზია ბელას [მეუღლის] თავშესაფარია შალვას მიერ
არჩეული დაუნდობელი პოლიტიკიდან. ის გვარწმუნებს, რომ შალვაც პოეტია
და მისი პოლიტიკური კალამბურების მიღმა ღრმა და ფაქიზი ადამიანი
იმალება”, - გვამცნო სიუჟეტის ავტორმა.
დავით
ბაქრაძე
სიუჟეტიდან გავიგეთ, რომ ის პოლიტიკაში 2004 წელს ნინო ბურჯანაძის
გუნდის შემადგენლობით მოვიდა და 5 წელში მენტორთან მისი გზა გაიყარა.
“ბაქრაძემ ხალხის ყურადღება საქართველოში და პარტნიორებისა უცხოეთში,
ბრწყინვალე ბრიტანული ინგლისურით მიიპყრო, რომელსაც, სხვათა შორის,
თბილისში დაეუფლა”, - ამბობს ჟურნალისტი. მისივე თქმით, “ის იყო
პირველი თავისი გუნდიდან და ბოლო პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან, ვინც
აფხაზებს სოხუმში აფხაზურად მიესალმა”.
ჟურნალისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის
პოსტზე მუშაობისას დავით ბაქრაძეს “მიღწეული შედეგი პერსონალურ
კრედიტად არ მიაჩნია. საუბარია, ნატოს ბუქარესტის სამიტზე მოპოვებულ
პირობაზე, რომლის მიხედვით, საქართველო ერთ დღეს ნატოს წევრი
გახდება”. “ერთი რაშიც თანაგუნდელები ვერ შეედავებიან, მისი
პერსონალური რეიტინგია, ის ყველაზე ნაკლებად ხვდებოდა მოწინააღმდეგეთა
რისხვის ობიექტი და ერთადერთი კომპრომატი, რაც პერსონალურად მის
მიმართ ახსენდებოდათ იყო მიმართვა 2008 წლის ომის დროს. ევროპული
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ მას
მოქალაქეებისთვის არასდროს მოუწოდებია, რომ თავი დანებითა და
ჩანგლებით დაეცვათ, ეს მხოლოდ ჟირაფის ეფექტია, რომელიც გგონია, რომ
გინახავთ, ამით ხსნის დავით ბაქრაძე რატომ არ იძებნება ციტატა
ინტერნეტ და ტელეარქივში”, - განმარტავს ჟურნალისტი.
გრიგოლ
ვაშაძე
ყველაზე პოზიტიური აქცენტები სწორედ მის მიმართ გამოიკვეთა. სიუჟეტი
კანდიდატის 89 წლის სიმამრის გაცნობით დაიწყო, რომელიც სიძის დადებით
მხარეებს უსვამს ხაზს. მისგან შევიტყეთ, რომ აფხაზეთის დაცემიდან
მალევე, გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის საელჩოში აფხაზეთიდან დევნილების
დასახმარებლად 40 000 დოლარი მიიტანა. რომ მისი შიში, თითქოს სხვა
“პატივმოყვარე ქართველი კაცების მსგავსად”, მის შვილს ნინო
ანანიაშვილს გრიგოლ ვაშაძეც სახლში დასვამდა, უსაფუძვლო აღმოჩნდა.
საპრეზიდენტო კანდიდატის სიმამრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის
იშვიათად განათლებული ადამიანია, რომელიც ნებისმიერ თემაზე საუბრის
დროს ჯობნის. მისივე განმარტებით, მას ე.წ. KGB-ის აგენტობა მხოლოდ
იმიტომ დაბრალდა, რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო
ურთიერთობათა ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.
შემდეგ, ამავე თემას ჟურნალისტი კიდევ უფრო მეტად ავითარებს და
ამბობს: “მიმოს დამთავრების შემდეგ მან მუშაობა საბჭოთა კავშირის
საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო, ჯერ სართაშორისო ორგონიზაციების
შემდეგ, კოსმოსური და ბირთვული იარაღის განყოფილებაში, მიმოს გარდა
სწორედ ეს უკანასკნელია ქართული ოცნების პიარსამსახურის ნუგეში,
როდესაც გრიგოლ ვაშაძეს კაგებესთან თანამშრომლობა ადვილად დაბრალდება.
თავად კი ამ თემაზე სერიოზულად არც კი საუბრობს, სერიოზულად როგორ
მიიღოს, რომ მისი ბნელი წარსული ვთქვათ არჩილ თალაკვაძემ გაშიფრა და
ჰილარი კლინტონმა ვერა”.
ამის შემდეგ ასპარეზი უკვე საპრეზიდენტო კანდიდატის მეუღლეს ნინო
ანანიაშვილს ეთმობა, რომელიც ყვება, თუ როგორ დატოვა მისმა ქმარმა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მომდევნო 20 წელი მისი სოლო
კარიერის შენებას მიუძღვნა.
ჟურნალისტი გვახსენებს, რომ ოჯახი საქართველოში სწორედ იმ დროს
დაბრუნდა, როდესაც “ოპერის კაზინოდ გადაკეთება არავის გაუვკირდებოდა
და ბალერინები პუანტების გარეშე ცეკვავდნენ”. გრიგოლ ვაშაძის კულტურის
მინისტრად დანიშვნის შესახებ კი ის ხაზგასმით აღნიშნავს: “პრეზიდენტის
ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასაც კი ეს რ გაკვირვებია, რადგან
საყოველთაოდ ცნობილი იყო, რომ ხელოვნების სხვადასხვა დარგებს
ექსპერტის დონეზე იცნობდა.
სიუჟეტიდან ასევე შევიტყეთ, რომ სწორედ გრიგოლ ვაშაძის დამსახურებით,
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რა დროსაც მას საგარეო საქმეთა
მინისტრის პოსტი ეკავა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა 58-მა
აღაიარა, რაც დიდი მიღწევა იყო.
“აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღაიარების კამპანიის ფარგლებში
გრიგოლ ვშაძემ 900 000 კილომეტირ იფრინა და ილაპარაკა მათთანაც კი
ვისთანაც იქამდე არანაირი ურთიერთობა გვქონდა, მაგალითად კუბას,
რომლის საგარეო საქმეთა მინისტრს გაეროში შეხვდა. არც კუბიდან, არც
ლათინური ამერიკიდან, აფრიკიდან, ოკეანეთიდან, ახლო აღმოსავლეთის
ქვეყნებიდან გრიგოლ ვაშაძე უარით არცერთი ქვეყნიდან დაბრუნებულა”, -
აღნიშნავს ჟურნალისტი და განმარტავს, რომ სწორედ ამიტომ რუსეთის დუმის
დეპუტატებმა გრიგოლ ვაშაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა
მოითხოვეს.
“დუმის დეპუტატებმა მალევე გაარკვიეს, რომ რუსული კონსტიტუციით
მოქალაქეობის ჩამორთმევა შეუძლებელი იყო, ამასობაში წარამტებული
მსოფლიო ტურნებდან დაბრუნებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუსული
პასპორტი კონვერტში ჩადო და რუსეთში ფოსტით გააგზავნა”, - ამბობს
ის.
სიუჟეტში აქცენტი მასზე, როგორც ოჯახის საყრდენსა და მოყვარულ მამაზე
კეთდება. დასასრულს კი, ვიგებთ, რომ ის 7 ენას თავისუფლად ფლობს და 60
წლის ასაკში მე-8 ენას ეუფლება.
სალომე
ზურაბიშვილი
ზემოთ ხსენებული კანდიდატებისგან განსხვავებით, რადიკალურად სხვა
აქცენტები დაისვა მაყურებლისთვის სალომე ზურაბიშვილის პორტრეტის
წარდგენისას. მაგალითად, გავიგეთ, რომ ზურაბიშვილის ძმას ყოველთვის
დისგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა. შეივტყვეთ, ისიც, რომ
“პრინცესა სალომე [როგორც მას მეგობრები ეძახდნენ] თავს დაჩაგრულად
არასოდეს გრძნობდა, მეტიც თავისი ფრანგი ამხანაგებისადი უპირატესობას
განიცდიდა. თუ ტვინს საკმარისად გავანძრევთ, მისი აროგანტული
დამოკიდებულება უკვე საპრეზიდენტო ანდიდატის რანგში უცნაურად აღარ
მოგვეჩვენება”.
პრეზიდენტობის კანდიდატი არც ზედმეტად პირადული კითხვებისგან დაინდეს
და პირდაპირ ჰკითხეს, მართლაც მისთხოვდა თუ არა საკუთარი შვილის
ნათლიას.
ზურაბიშვილს არც რუსეთის საგარეო საქმეთ მინისტრისადმი წლების წინ
გამოთქმული სიმპატია დაუვიწყეს, არც ქაჯებზე და მრწამსზე მისი ცნობილი
გამონათქვამები დატოვეს უყურადღებოდ და არც მისი “დიალოგზე” ნამღერი.
მეტიც, მას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან მისი გათავისუფლების
მიზეზებიც გაუხსენეს, რაც როგორც სიუჟეტიდან შევიტყეთ, იყო
“პროფესიონალიზმის ნაკლებობა, ნეპოტიზმი და შედეგის უქონლობა საგარეო
პოლიტიკაში “.
სიუჟეტში ასევე დიდი ადგილი დაეთმო სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას მის
მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადებების გამო. “უნდა იდგეს
თუ არა საქართველოს მთავარსარდლობამდე ერთ ნაბიჯში ადამიანი, რომელსაც
რუსეთ-საქართველოს ომზე ჩვენთვის ცნობილ პოზიცია აქვს, რომელმაც
არააერთხელ დააბრალა ეს ომი თავის ქვეყნას და ეს არაერთხელ გადათქვა,
თან ისე, რომ პრინციპების დათმობად არ ჩათვლოდა. თავის კიდევ ერთ
წიგნში “ქართული ტრაგედია”, ამ საკითხზე საკმარისად წერს. ავტორი
ამბობს, რომ ეს ომი სააკაშვილს დაკარგული პოპულარობის აღსადგენად
სჭირდებოდა და ეჭვს გამოთქვამს, რომ მისი იმიჯის რეანიმაციის გეგმა
ვანო მერაბიშვილმა შეადგინა”, - ამბობს ჟურნალისტი.
სიუჟეტში მას, როგორც მთაწიმინდის მაჟორიტარ დეპუტატს, მთაწმინდაზე
მიმდინარე არაერთ სადავო მშენებლობებზეც მოსთხოვეს პასუხი და
ხაზგასმით აღნიშნეს, რომ, “როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს ასევე არ
აქვს თავისი პროგრამა, აქვს ხედვა”.
სიუჟეტში ხაზგასმით ითქვა, რომ მას დაუპირისპირდნენ მღვდელმთავრები,
რომ მან ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საპარალმენტო კომისია
საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებამდე დატოვა, რომ მისი წინასაარჩევნო
შეხვედრები მოსახლეობის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა და ის
მოქალაქეებს ძირითადად დახურულ შენობებში ხვდებოდა.
შეჯამება
სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით სხვა საპრეზიდენტო
კანდიდატისთვის არც საარჩევნო პროგრამა უკითხავთ, არც არ თუ ვერ
გაკეთებული საქმეები და არც წარსულში მათი გუნდის საქმიანობის დროს
არსებული არაერთი პრეტენზია შეუხსენებიათ.
უფრო მეტიც, დანარჩენ სამ კანდიდატთან მიმართებით არც მიმდინარე
საპრეზიდენტო კამპანიის დროს დაფიქსირებულ ხარვეზებზე გაუკეთებია
ვინმეს მინიშნება და აქცენტი. არადა, შალვა ნათელაშვილს საარჩევნო
კამპანიის ფარგლებში არაერთი ქსენოფობიური განცხადება აქვს
გაკეთებული. გაპრეზიდენტების შემთხვევაში, სწორედ ის აპირებს ბოლო
მოუღოს “თურქულ ექსპანსიას” საქართველოში და ირანთან უვიზო მიმოსვლა
გააუქმოს. გრიგოლ ვაშაძისთვის არც ცნობილი “შტაბ-კვარწირა”
შეუხსენებია ვინმეს და არც ის გამონათქვამი, სადაც მარიხუანის
მოხმარებასა და პედოფილიას შორის პარალელს ავლებს. ერთ-ერთ გადაცემაში
არც ჟურნალისტის მიმართ მისი არაკორექტული მიმართვა გახსენებია
ვინმეს. მიუხედავად იმისა, რომ “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის
კანდიდატი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კორექტულობითა და
დიპლომატიური ტონით გამოირჩევა, თუკი საარჩევნო პროგრამებზე მიდგება
საქმე, კითხვა მისთვისაც არავის დაუსვამს, თუ როგორ აპირებს იმ
საარჩევნო დაპირებების შესრულებას, რომელიც არც პრეზიდენტის
პრეროგატივაა და საპარლამენტო და სამთავრობო გუნდის მხარდაჭერის
გარეშე, ალბათ, არც აღსრულების პერსპექტივა უწერია.
მსგავსი მკაფიო ნეგატიური კონტექსტი, მხოლოდ ერთი კანდიდატის მიმართ,
არხის მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატების არათანაბარ პირობებში
ჩაყენებაზე მიუთითებს, ეს კი საარჩევნო სუბიექტებისთვის სრულიად
განსხვავებულ, უთანასწორო გარემოს ქმნის.
25 ოქტომბერს, გორში მოკლული იპოვეს 8 წლის გოგო, რომელსაც ოჯახი და
სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. 26
ოქტომბერს, დილით, პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით 34 წლის კაცი
დააკავა და ამის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.
გორში მომხდარი ამბავი, მისი სიმძიმიდან გამომდინარე, მალევე მოექცა
როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური მედიის ყურადღების ცენტრში.
საქმის გახსნის შესახებ მომზადებულ მასალებში კი მედიის დიდმა ნაწილმა
მკვლელობის საქმეზე დაკავებულის იდენტიფიცირება მოახდინა.
მკვლელობაში ბრალდებულის სახელი და გვარი თავდაპირველად ტელეკომპანია
რუსთავი 2-ის ვებგვერდიდან გახდა ცნობილი. მასალას ერთვოდა შესაძლო
დამნაშავის ფოტოც. ბრალდებულის სახელი და გვარი გამჟღავნებულია იმ
მასალებშიც, რომლებიც მოამზადეს: tv პირველმა, იმედმა, მაესტრომ,
ტაბულამ, რეგინფომ. ასევე იდენტიფიცირებული იყო სხვადასხვა მასალაში
საიტებზე: Trialeti.ge, Newposts.ge; Dianews.ge; Resonancedaily.com;
Ambebi.ge; Presa.ge, Paqtebi.ge; Kvira.ge; IPN.ge; News.coa.ge;
Palitravideo.ge; Imedinews.ge, Alia.ge, Marshalpress.ge, Kvira.ge,
Fortuna.ge, Ghn.ge, Mediamall.ge. მომზადებული მასალების
ნაწილში ბრალდებულის ვინაობა სათაურებშივე წერია.
გორში მომხდარი მკვლელობისადმი მედიის განსაკუთრებით მაღალი ინტერესი,
ბუნებრივია. მედიას უნდა მოემზადებინა ყველა მასალა, რაც ამ საქმეზე
აუდიტორიას დამატებით დეტალს მიაწვდიდა.
თუმცა, ეს შემთხვევა განსაკუთრებით მძიმე და სახიფათოა, რამდენიმე
ფაქტორის გამო, მათ შორის: თავად მომხდარის სისასტიკე და სიმძიმე,
ადგილობრივების ვარაუდები საქმეში სავარაუდო პედოფილიისა და
სექსუალური ძალადობის შესახებ, მაღალი ემოციური ფონი საზოგადოებაში -
სხვადასხვა გამოცემების გვერდებსა და სოციალურ ქსელში უკვე დაიწყო
დისკუსია “მკვლელისა და მისი ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორების, ლინჩის
წესით გასამართლების” შესახებ. ამ საფრთხეების გათვალისწინებით კი,
მედიამ უნდა შეაფასოს მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პირის ვინაობის
გამჟღავნების აუცილებლობა, თანაც მაშინ, როდესაც მის მიმართ ბრალი ჯერ
წარდგენილიც კი არ არის.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ კრიმინალის გაშუქების
სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ მედიამ
მხოლოდ მაშინ უნდა მოახდინოს კრიმინალში მონაწილე პირების
იდენტიფიცირება, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი გადაწონის პირის
ინტერესებს, მაგალითად: დანაშაულის სიმძიმე, არიან თუ არა მონაწილეები
ცნობილი პირები და რამდენად მაღალია საჯარო ინტერესი იცოდეს
საზოგადოებამ პირთა ვინაობა.
"კეთილი ინებეთ და დამელოდეთ", "დამელოდეთ", "კულტურა იხმარეთ",
"ძალიან უხეშად სვამთ კითხვებს", - ამგვარი რეპლიკების ფონზე
წარიმართა სამი მაუწყებლის სამი ჟურნალისტის ინტერვიუ ბიძინა
ივანიშვილთან არჩევნებამდე 5 დღით ადრე. ინტერვიუ 23 ოქტომბერს,
პირდაპირ ეთერში გავიდა, თუმცა არა სატელევიზიო, არამედ ბიძინა
ივანიშვილის რეზიდენციაში მოწყობილი, ქართული ოცნების სიმბოლიკით
გაფორმებული სტუდიიდან.
ფორმატი და სტილი
ინტერვიუ 2 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. თუმცა, მხოლოდ ხანგრძლოვობა
და ადგილმდებარეობა არ არის ის დეტალი, რაც ამ ინტერვიუს სხვა,
ტიპიური სატელევიზიო გადაცემებისგან გამოარჩევდა.
ინტერვიუს იდეა არა მაუწყებლებს, არამედ კითხვების
ადრესატს, ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდა;
მანვე შეარჩია ჟურნალისტები (თუმცა, სამიდან ორმა მისი
სურვილის მიუხედავად ინტერვიუზე სხვა თანამშრომელი
გააგზავნა);
თავადვე განსაზღვრა ფორმატი - ბიძინა ივანიშვილმა თავად
იკისრა მოდერატორის როლი და თავად განსაზღვრა ვინ რა თანამიმდევრობით
და რამდენ კითხვას დასვამდა;
თუმცა, ის რაც ამ ინტერვიუს არ გამოარჩევდა ბიძინა ივანიშვილის სხვა
ინტერვიუებისგან, იყო მისი მცდელობა, ყველა ჯერზე დაეტუქსა მისთვის
არასასურველი მედიები და ჟურნალიტები; არ მიეცა კითხვების დაზუსტების
საშუალება და არ გაეცა კონკრეტული პასუხი არცერთი მწვავე
კითხვისთვის.
თემები
ბიძინა ივანიშვილს კითხვებს სამი ჟურნალისტი უსვამდა: დიანა ტრაპაიძე,
ტელეკომპანია პირველიდან; ირაკლი ჩიხლაძე, იმედიდან და ეკა კვესიტაძე
რუსთავი 2-დან. ინტერვიუ თითქმის ყველა იმ თემას შეეხო, რამაც ბოლო
პერიოდში ქვეყანაში განსაკუთრებული მღელვარება გამოიწვია.
არაფორმალური მმართველობა;
ომეგას საქმე - ფარული ჩანაწერები, ბიზნესის
რეკეტი;
მირზა სუბელიანის ჩანაწერები საპატიმროდან;
ოთარ ფარცხალაძის ხელშეუხებლობა;
ჩინოვნიკების უძრავი ქონება;
დავით სარალიძის მკვლელობა;
საპრეზიდენტო არჩევნები - სალომე ზურაბიშვილის
კანდიდატურა;
აგვისტოს ომი;
გამოუძიებელი საქმეები, მათ შორის, 2016 წელს
გამოქვეყნებული პირადი ცხოვრების კადრები;
სავარაუდო კრიზისი მმართველ გუნდში;
მარიხუანას კულტივირება;
არასამთავრობო სექტორი;
ოპოზიციის გამარჯვება საპრეზიდენტო
აჩევნებში;
პაატა ბურჭულაძის საქმე.
ამათგან, ყველაზე დიდი დრო, გადაცემის
თითქმის მესამედზე მეტი, ყოფილ პროკურორზე ოთარ ფარცხალაძეზე საუბარს
დაეთმო. ჟურნალისტები ინტერესდებოდნენ რატომ მფარველობს ბიძინა
ივანიშვილი ოთარ ფარცხალაძეს, რატომ არასდროს აღიძრა საქმე მის
წინააღმდეგ სხვადასხდა დროს ჩადენილი სხვადასხვა ქმედებების გამო
(აუდიტის სამსახურის უფროსის ცემა; მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა;
ყიფიანის სარდაფში ჩაყვანა და სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფა და
გაუპატიურების მუქარა); საიდან დააგროვა მან დიდი ქონება და ა.შ.
თუმცა, ამ კითხვებს სამიდან მხოლოდ ორი ჟურნალისტი სვამდა: დიანა
ტრაპაიძე და ეკა კვესიტაძე.
ჟურნალიტების კითხვები ბიძინა ივანიშვილთან ხშირად ძალიან ვრცელი იყო.
ამავდროულად, ერთ კითხვაში უმეტესად რამდენიმე საკითხი იყო
გაერთიანებული. ეს ადრესატს აძლევდა საშუალებას მასზე პასუხი იმ
აქცენტებით წარემართა, როგორც მას სურდა, საბოლოოდ კი აუდიტორია ვერ
იღებდა კონკრეტულ პასუხებს.
ინტერვიუს განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე ხშირად “რუსთავი
2” ახსენა, - მინიმუმ 40-ჯერ, როგორც ეს ნეტგაზეთმა და ონ.ჯი-მ დათვალეს და 91-ჯერ მიმართა ჟურნალისტებს სიტყვით -
დამელოდეთ.
“მე ვესაუბრები ხალხს და ნება იბოძეთ და მაცადეთ”, - ამ ფრაზით, რაც
გადაცემის სტუმარმა, რომელიც უფრო მასპინძელს ჰგავდა, არაერთხელ თქვა
და ინტერვიუს მიმდინარეობითაც, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მას
დიალოგის ნაცვლად საზოგადოებასთან მონოლოგი სურდა, ჟურნალისტები კი
მხოლოდ საკუთარი მოსაზრებების ფართოდ გასავრცელებლად დასჭირდა.
ინტერვიუს მიმდინარეობა და
კითხვები
მწვავე თემების და საკითხების წამოწევას, რაც საზოგადოების ინტერესის
განსაკუთრებული საგანია, სამიდან ორი ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე და
დიანა ტრაპაიძე ცდილობდა. მათი კითხვები კრიტიკული იყო, ერთმანეთისგან
გამომდინარეობდა და ერთმანეთს ავსებდა.
რაც შეეხება ტელეკომპანია იმედის წარმომადგენელს, ირაკლი ჩიხლაძეს,
მან პირველი კითხვა მხოლოდ მე-40 წუთზე დასვა. განსხვავებით
კოლეგებისგან, მას მანამდე არც რაიმეს კითხვა უცდია და არც დიალოგში
ჩართვა.
იქამდე, ვიდრე ირაკლი ჩიხლაძეს ბიძინა
ივანიშვილის განსაზღვრული რიგი მოუწევდა, 40 წუთის განმავლობაში ეკა
კვესიტაძე და დიანა ტრაპაიძე ცდილობდნენ მიეღოთ პასუხი კითხვებზე:
არის თუ არა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა, განაგებს თუ არა
ყველაფერს ერთი ადამიანი, რატომ არ დაისაჯა ოთარ ფარცხალაძე და საიდან
გამდიდრდნენ ჩინოვნიკები. ტელეკომპანია “იმედის” წარმომადგენლის
პირველი კითხვა კი “საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ დამოკიდებულებებს”
შეეხო და დაახლოებით ასე ჟღერდა: “რისგან არის გამოწვეული ეს
ნეგატივი, რომელიც აქვს საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს ქვეყანაში და
რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში “ქართულმა ოცნებამ”, ვგულისხმობ
სახელისუფლებო გუნდს, რომ ეს ნეგატივი ნაკლები
იყოს?”
ამგვარი ტენდენცია - მწვავე, ხმაურიანი თემებიდან ირაკლი ჩიხლაძის
კითხვით ნეიტრალურ ან პოზიტიურ ნოტზე გაგრძელებულიყო საუბარი, მთელი
ინტერვიუს განმავლობაში გაგრძელდა. იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი
ეხებოდა იმავე თემას, რასაც მისი კოლეგები, ჩიხლაძე კითხვას იმგვარად
სვამდა, რომ მასზე პასუხს თემის პოზიტიური მხარე წარმოეჩინა.
მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნების
თემაზე საუბრისას, ეკა კვესიტაძემ იკითხა რატომ უჭერს მხარს ბიძინა
ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, რომლის
წიგნიდან ციტატები შესაძლოა, გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ
ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, რაც ფაქტობრივად ქვეყნის ღალატს
ნიშნავს. ამავე თემაზე ირაკლი ჩიხლაძის კითხვა კი სალომე ზურაბიშვილის
კანდიდატურასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში არსებულ აზრთა
სხვადასხვაობას შეეხო. კითხვამ, არის თუ არა ახლა გუნდში ერთსულოვნება
ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით,, ბიძინა ივანიშვილს
საშუალება მისცა ჟურნალისტების მსგავსად თანაგუნდელებიც დაეტუქსა და
კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს, როგორც
“ერთადერთ ღირსეულ კანდიდატს ამ არჩევნებში”.
ნეგატივიდან პოზიტივზე გადართვა გამოიწვია ირაკლი ჩიხლაძის კითხვამ
მარიხუანის თემაზეც. ეკა კვესიტაძის კითხვა - არის თუ არა მარიხუანას
კულტივირება ბიძინა ივანიშვილის იდეა (რომელიც პასუხგაუცემელი დარჩა),
ირაკლი ჩიხლაძემ ასე გააგრძელა: “თქვენ სამედიცინო
მარიხუანაზე საუბრობდით და გათვლებზე. რა შეიძლება მოუტანოს ამან
ქვეყანას”.
ჯამში, თითქმის 2-საათნახევრიანი ინტერვიუს განმავლობაში, ირკალი
ჩიხლაძემ ყველაზე ცოტა კითხვა დასვა და ეს კითხვები შემდეგ თემებს
შეეხებოდა:
საზოგადოებაში ხელისუფლების ნეგატიური
აღქმა;
იუნისეფის კვლევა, სიღარიბე;
გუნდის დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის
კანდიდატურისადმი;
საგარეო საფრთხეები და ლუგარის
ლაბორატორია;
მარიხუანის კულტივირებით მოსალოდნელი
შედეგი;
ბიძინა ივანიშვილისა და პაატა ბურჭულაძის
ურთიერთობა.
პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ ეს პარტია “ქართული ოცნების”
თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რიგით მეორე ინტერვიუ იყო. ორი თვით
ადრე, 24 ივლისს, იგი საზოგადოებრივი მაუწყებელის ჟურნალისტის მაკა
ცინცაძის კითხვებს პასუხობდა. ინტერვიუ მაშინაც
ივანიშვილის სახლში ჩაიწერა და ამ შემთხვევისგან განსხვავებით, ის
პირდაპირ ეთერში არ გასულა. "ქართული ოცნების” თავმჯდომარემ
განაცხადა, რომ არჩევნებამდე სხვა ჟურნალისტებსაც შეხვდება.
ოქტომბრის პირველ ნახევარში, ორი კვირის
განმავლობაში, ტელეკომპანია იმედმა კვირის მთავარ გადაცემებში
ეკონომიკის მინისტრს, გიორგი ქობულიას ორი ვრცელი მასალა მიუძღვნა. 8
ოქტომბერს "იმედის კვირამ" მინისტრზე რეპორტაჟი მოამზადა, 16 ოქტომბერს
კი გიორგი ქობულია სტუმრობდა გადაცემას "პირისპირ" და ნახევარი საათის
განმავლობაში პასუხობდა მისი წამყვანის, ირაკლი ჩიხლაძის
კითხვებს.
ორივე მასალაში მინისტრი პოზიტიური კუთხით იყო წარმოჩენილი. იმ
ფონზე, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია და ამას
არაერთი მონაცემი და კვლევა ადასტურებს, ავტორებს თითქმის არ დაუსვამთ
რესპონდენტისთვის კრიტიკული კითხვები; მასალები გარკვეულწილად
ერთმანეთის გამეორება და გაგრძელება იყო; მინისტრი ძირითადად
სამომავლო გეგმებზე საუბრობდა.
8 ოქტომბერს გასული, თითქმის 10-წუთიანი რეპორტაჟის მთავარი აქცენტი
მინისტრ ქობულიას საერთაშორისო გამოცდილება იყო. მასალის დიდი ნაწილიც
მის განვლილ გზასა და მიღწეულ წარმატებებზე საუბარს დაეთმო. ქვეყნის
ეკონომიკის გაჯანსაღებაზე საუბრისას ამ რეპორტაჟში მინისტრმა მოკლედ
ახსენა ის სამი მიმართულება, რაზეც უნდა იმუშაონ: მათ შორის,
ადგილობრივი კადრების გადამზადება ინვესტიციების მოზიდვამდე.
ის რისი გაშლაც რეპორტაჟში ვერ მოასწრო, გიორგი ქობულიამ ერთი
კვირის მერე, იმავე არხზე, მეორე მთავარ გადაცემაში გააგრძელა.
ნახევარსაათიანი ინტერვიუ მინისტრთან ირაკლი ჩიხლაძემ სწორედ ზემოთ
აღნიშნულ ადამიანურ რესურსებზე საუბრით დაიწყო. ამ კითხვის პასუხის
მთავარი აქცენტი ის იყო, რომ ქვეყნის ეკონომიკის მთავარი პრობლემა
კადრების კვალიფიკაციაა და ეკონომიკის სამინისტრომ განათლების
სამინისტროსთან ერთად პირველ რიგში პერსონალი უნდა გადაამზადოს.
პირველი კითხვის მსგავსად, რას გეგმავთ? როგორ აისახება? როგორ
განვითარდება? - ამ ტიპის იყო მინისტრთან დასმული სხვა კითხვებიც.
ამგვარი კითხვები კი მინისტრს უხსნიდა ასპარეზს ვრცლად ესაუბრა იმაზე,
როგორ "განვითარდება, შეიცვლება, დასტაბილურდება და გაუმჯობესდება
ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკაში".
თითქმის არცერთი კითხვა წამყვანს რაიმე მონაცემით ან კონტრარგუმენტით
არ შეუბრუნებია. კრიტიკულის შთაბეჭდილებას მინისტრი უფრო ტოვებდა,
რადგან ის მეტად საუბრობდა სფეროს პრობლემებზე, ვიდრე წამყვანი.
მაგალითად, არაფერს ჩაკითხვია სტუმარს, როცა მან განაცხადა, რომ უცხო
ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა სინამდვილეში სულაც არ
უქმნის პრობლემებს ინვესტორებს, მაშინ, როცა საწინააღმდეგოს
ამტკიცებენ ეკონომისტები და ამბობენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში
ეს უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე (დაიწევს მიწის ფასი,
შემოვა ნაკლები ინვესტორი, მიწები მიმზიდველი აღარ იქნება
ბანკებისთვის სესხის გაცემის დროს და ა.შ.)
წამყვანმა არგუმენტაციის მოშველიება მაშინაც ვერ (ან არ) მოახერხა,
როდესაც მინისტრი ირწმუნებოდა, რომ ის რეგულაციები, რომლებიც სესხების
გაცემის შესახებ პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს, პირველ რიგში
მოსახლეობის ღარიბი, სესხებზე დამოკიდებული ფენის კეთილდღეობისთვის
არის საჭირო. მინისტრი იწმუნებოდა, რომ ამ შეზღუდვების შემდეგ,
სესხებს ვეღარ აიღებს ის ფენა, რომელიც შესაძლოა შემდეგ ამ ფულით
მობილურ ტელეფონს ყიდულობდა, ვეღარ იხდიდა, შავ სიაში ხვდებოდა და
მუშაობის მოტივაციას კარგავდა. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ისევ
ეკონომიკურ მდგომარეობას გააჯანსაღებს.
არც რეპორტაჟის და არც ინტერვიუს
ავტორებს არ გაუმახვილებიათ ყურადღება ახალდანიშნული მინისტრის
გრძელვადიან შვებულებებზე. ინტერვიუსგან განსხვავებით, სადაც ეს თემა
საერთოდ არ უხსენებიათ, რეპორტაჟიდან გავიგეთ, რომ ეს შვებულება
მინისტრს იმისთვის დასჭირდა, რომ მსოფლიო ბიზნეს კონსალტინგის
უმაღლესი ლიგაში დაესრულებინა საქმეები. რამდენად ჰქონდა მას ამის
უფლება, როდის და რა ხანგრძლივობით ისარგებლა, ამაზე აქცენტი
რეპორტაჟში არ გაკეთებულა.
არცერთ მასალაში არ უხსენებიათ UNICEF-ის კვლევა, რომელშიც საუბარია,
რომ ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა; არც გერმანიის
კანცლერის ვიზიტის მინისტრის გარეშე ჩავლის შესახებ უთქვამთ რამე.
სამაგიეროდ ინტერვიუში წამყვანს ჰქონდა დრო სტუმრისთვის ეკითხა:
- თქვენს სამინისტროში შემავალი ტურიზმის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ყველა ვთანხმდებით და საზოგადოებამაც
იცის, რომ საკმაოდ წარმატებული ხელმძღვანელია და ის დაკავებულია 24
საათის განმავლობაში თუ როგორ გაიზარდოს ქვეყანაში ტურიზმის როლი. რა
შედეგებს მოუტანს მერე ეს ეკონომიკას, ბუნებრივია , ყველამ ვიცით,
მაგრამ, როდესაც და ციფრებიც მეტყველებს და ამის შესახებ თქვენც
გექნებათ ინფორმაცია, რომ წლიდან წლამდე, თვიდან თვემდე იზრდება
ტურისტის რაოდენობა ქვეყანაში, ეს კიდევ იწვევს იმას, რომ ის ტურისტი
ხარჯავს და ეს თანხა კონკრეტულ საქმეებს ხმარდება, ანუ ბიუჯეტშიც
შედის ხო. ინფრასტრუქტურა ტურიზმის ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მოწესრიგება და მოწყობა არის
აუცილებელი, რომ კიდევ უფრო განვითარდეს ტურიზმი, თუმცა, ეს
ინფრასტრუქტურული ნაწილი არ შედის თქვენს უწყებაში. გაქვთ თუ არა უკვე
რაიმე სტრატეგია ან გეგმა, როგორ აპირებთ თანამშრომლობას და როგორ
უნდა განვითარდეს ტურიზმის მიმართულებით ინფრასტრუქტურა
[სტილი დაცულია].
მინისტრთან ინტერვიუ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ლარის კურსმა
განსაკუთრებული ვარდნა დაიწყო (16 ოქტომბერს ლარის კურსმა 2.69-ს
მიაღწია). თუმცა, ეს თემა დღის წესრიგში მხოლოდ ინტერვიუს ბოლოს დადგა
(ტურიზმზე, საპირფარეშოებზე, კადრებზე და მსგავს თემებზე საუბრის
შემდეგ). სხვა პასუხების მსგავსად, მინისტრის პასუხიც, რომ "ლარის
კურსის ცვლილება, არ არის ფუნდამენტური ცვლილება და ეს ბიზნესმენების
ემოციური მდგომარეობის ბრალია", წამყვანმა დამატებითი კითხვის გარეშე
მიიღო და გადაცემა ასე დაასრულა: "ჩვენ ველოდებით ლარის გამყარებას,
ველოდებით სიღარიბის დაძლევას და სოფლის მეურნეობის განვითარებას, რაც
ეკონომიკის განვითარებას და აღმავლობას შეუწყობს ხელს"
22 ოქტომბერს ახალი ამბების ვებ-გვერდებზე Presa.ge, Newposts.ge,
Resonancedaily.com და For.ge გამოქვეყნდა ერთ-ერთი ფეისბუკ
მომხმარებლის სტატუსი, რომელიც 13 წლის შვილის სუიციდს ინტერნეტ
თამაშს უკავშირებს. ონლაინმედიის ნაწილმა პოსტი ყოველგვარი დამატებითი
ინფორმაციის გარეშე, მყვირალა, სენსაციური სათაურებით
გამოაქვეყნა.
მომხმარებელი წერს, რომ ინტერნეტ თამაში რეალურია და მას ქართველი
მენტორები ჰყავს. იგი მშობლებს მოუწოდებს, არ მოადუნონ ყურადღება:
“კიდევ ერთხელ აუხსენით ბავშვებს, რომ არ უნდა ეშინოდეთ. ყველზე
ხშირად ბავშვები სწორედ შიშის გამო ნებდებიან თამაშს…”
მედიას მოეთხოვება, რომ არასწრულწლოვნებთან დაკავშირებულ სენსიტიურ
თემებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს. სააგენტოებმა Presa.ge და
Newposts.ge კი მასალები იდენტური მყვირალა სათაური გამოაქვეყნეს:
"ფრთხილად!!! "ლურჯი ვეშაპის" მენტორები უკვე ქართულად საუბრობენ,
ყურადღება არ მოადუნოთ, ბავშვები შიშის გამო ნებდებიან". რეზონანსმა
და For.ge-მ კი სათაურად "ლურჯ ვეშაპს" შეწირული ბავშვის დედა
მშობლებს აფრთხილებს!" - ისინი უკვე ქართულად ლაპარაკობენ" შეარჩიეს.
მასალებში არაა მოცემული დამატებითი ინფორმაცია თამაშთან
დაკავშირებით, არსაიდან დასტურდება, რომ ამ თამაშთან არის
დაკავშირებული მოზარდების სუიციდი. ასევე, არ ჩანს ეცადა თუ არა
ჟურნალისტი ოფიციალურ საგამოძიებო უწყებებთან ამბის დაზუსტებას ან
გადამოწმებას.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედია ამ თემაზე მასალას
დაუდასტურებელ ინფორმაციებზე დაყრდნობით ამზადებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ სუიციდის გაშუქების
სახელმძღვანელოში ვკითხულობთ: “არ დაიყვანოთ
სუიციდი მხოლოდ ერთ მარტივ მიზეზამდე, მაგალითად, პირად ურთიერთობებში
არსებული პრობლემები, ფინანსური მდგომარეობა, ნარკოტიკები და ა.შ.
ამგვარი გაშუქების მთავარი ფოკუსი პრობლემაზე მსჯელობაა. მაგალითად,
შესაძლებელია, საზოგადოებას დაეხმაროთ გაარჩიონ სუციდის გამომწვევი
ნიშნები, რათა მოხდეს პრევენცია".
ამავე სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ ჟურნალისტს განსაკუთრებული
ყურადღება მართებს გარდაცვლილის ოჯახის წევრთან ურთიერთობისას.
„სუიციდის მსხვერპლის ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები არიან
აფექტურ მდგომარეობაში, დაბნეულები, თავს გრძნობენ დამნაშავედ და
ეძებენ პასუხებს კითხვაზე, რატომ მოიქცა მათი ახლობელი ასე. ასეთ
სიტუაციაში მათ შესაძლოა ჟურნალისტებს უთხრან ისეთი რამ, რასაც
მომავალში ინანებენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სუიციდის
მსხვერპლის გარემოცვა ხშირად იყენებს მედიასთან ინტერვიუს იმისთვის,
რომ ბრალი დასდოს რომელიმე პირს ახლობლის თვითმკვლელობაში. არადა, ამ
დროს, ისინი, მიღებული შოკის გამო, შესაძლოა კარგად ვერც
აცნობიერებდნენ საკუთარ ნათქვამსა თუ ქმედებებს. კვლევები ცხადყოფს,
რომ სუიციდის მსხვერპლთა ოჯახი თავადვე არის სუიციდისკენ მიდრეკილი
მაღალი რისკჯგუფი“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და
მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს. ახალი
კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის
ფიცის დადებიდან შევა, ქვეყნის მთავარსარდალს 300-წევრიანი საარჩევნო
კოლეგია შეარჩევს.
არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად აქტიურ ფაზაშია საპრეზიდენტო
კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია და მედიაც დიდ ყურადღებას
უთმობს. დღის წესრიგისა და პოლიტიკური სიმპატიების გათვალისწინებით,
კონკრეტული მაუწყებლების ფავორიტი კანდიდატების ამოცნობა რთული არ
არის. ამას მასალის შეფუთვა, სხვადასხვა ეპითეტების გამოყენება და ამა
თუ იმ თემის კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებაც ცხადყოფს. სარედაქციო
პოლიტიკებს შორის განსხვავება განსაკუთრებით ცხადად რუსთავი 2-სა და
იმედზე ორი საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის და სალომე
ზურაბიშვილის გაშუქებისას ჩანს.
მაგალითად, რუსთავი 2-ზე, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი
საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის
გაშუქებას თუ დავაკვირდებით, ჟურნალისტებისა და რესპონდენტებისგან
ყურში აუცილებლად მოგვხვდება შემდეგი ფრაზები: “ხელისუფლების
კანდიდატი”, “ბრჭყალებში დამოუკიდებელი კანდიდატი”, “ივანიშვილის
რჩეული”, “მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი”, “ქართული
ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი”, “სრულიად არადიპლომატი ან ვერ
დიპლომატი”, “დაფრანგული ქალბატონი დაფრანგული აზრებით” და ა.შ.
რუსთავი 2-სგან განსხვავებით, “იმედზე” სალომე ზურაბიშვილს უმეტესად
“დამოუკიდებელ კანდიდატად ” მოიხსენიებენ, თუმცა აღნიშნავენ რომ მას
მმართველი გუნდის მხარდაჭერა აქვს.
გარდა ჩამოთვლილი ეპითეტებისა რუსთავი 2-ზე ზურაბიშვილთან მიმართებით
ხშირად მოისმენთ შეფასებებს - “მოღალატე” და “მოღალატეობრივი
განცხადებები”. მსგავსი შინაარსის ტექსტები განსაკუთრებით მას შემდეგ
გააქტიურდა, რაც სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად
საკუთარი თავის წარდგენიდან მალევე, საქართველოს ყოფილი ხელისუფლება
2008 წლის აგვისტოს ომის პროვოცირებაში დაადანაშაულა.
გარდა ამისა, ზურაბიშვილის ფიგურა უარყოფით კონტექსტში არაერთხელ
წარმოჩინდა მარიხუანის კულტივაციის თემასთან კავშირშიც და მას
“კანაფის დედოფლის” სტატუსიც მოარგეს.
თუკი სალომე ზურაბიშვილს რუსთავი 2-ზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით
მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო მწვავედ აკრიტიკიდებდნენ,
იმედზე საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გრიგოლ ვაშაძეს 10
წლის წინ ნათქვამი გაუხსენეს (2008 წლის 4 აგვისტოს გრიგოლ ვაშაძემ
თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები ცხინვალის თვითგამოცხადებული
რეჟიმის ინიცირებული იყო და ამის შესახებ რუსეთმა არაფერი იცოდა) და
ახსნა-განმარტებები ამის გამო მოსთხოვეს. არხმა ამ თემას რამდენიმე
სიუჟეტი მიუძღვნა.
ამავე არხზე მოვისმინეთ მოსაზრებები, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში
გრიგოლ ვაშაძე ექსპრეზიდენტის, მიხიელ სააკაშვილისა და მისი ყოფილი
თანაგუნდელების შეწყალებას გეგმავს, რომ ის საპრეზიდენტო კამპანიის
ფარგლებში ესაუბრება არა მოსახლეობას, არამედ “ნაციონალური მოძრაობის”
მხარდამჭერებს, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს საპრეზიდენტო ინსტიტუტის
პოლიტიკური რევანშისა და შურისძიებისთვის გამოყენება სურს.
“ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა”, “სიების შესაძლო გაყალბება”,
“პრემიერის გაყალბებული ხელმოწერა”, “უმსგავსობა”, “უპასუხისმგებლობა”
- მსგავსი შეფასებები ისმოდა სიუჟეტებში, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის
მხარდამჭერთა სიაში ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის
ხელმოწერის აღმოჩენას ეხებოდა. საიდანაც ასევე შევიტყვეთ, რომ
გაერთიანებულმა ოპოზიციამ “26 000 ხელმოწერის შეგროვებაც კი ვერ
მოახერხა”, რომ “ოპოზიციამ საქმე გაიადვილა და შემომწირველების ძველი
სიები გამოიყენა, შედეგად კი, კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა”.
იმ დროს, როდესაც ტელეკომპანია “რუსთავი 2-დან” ვიგებთ, რომ მმართველი
გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრებზე
მოქალაქეები პროტესტით ხვებიან, ტელეკომპანია “იმედი” ამას
“ნაციონალური მოძრაობის” ჩვეულ ტაქტიკად აფასებს და ამბობს, რომ მათი
მხარდამჭერების მხრიდან “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატის
შეხვედრების ჩაშლის მცდელობა ყოველდღიურობად იქცა”. ასევე ვისმენთ იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობისა” და
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საარჩევნო კამპანიას სხვის
შეურაცხყოფაზე აგებს და ა.შ.
იმ დროს, როდესაც კანონმდებლობა მედიას საარჩევნო სუბიექტების თანაბარ
პირობებში გაშუქებას ავალდებულებს, ზემოთ განხილული მაგალითები
ცხადყოფს, რომ კონკრეტული მაუწყებლები საკუთარი პოლიტიკური
სიმპატიების გათვალისწინებით ერთი კონკრეტული კანდიდატის უარყოფით თუ
დადებით კონტექსტში წარმოსაჩენად სვამენ აქცენტებს და საზოგადოებას
საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ ინფორმაციას საკუთარი
პერსპექტივიდან შექმნილი ჩარჩოებით აწვდიან.
6 ოქტომბერს “რუსთავი 2-ის” გადაცემა “შაბათის კურიერში” გავიდა
სიუჟეტი, რომელიც ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსნის
შესაძლო უკანონო გათავისუფლებას ეხებოდა. სიუჟეტში ისმოდა არაერთი
ბრალდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით, თუმცა,
არ ყოფილა უწყების პოზიცია.
თემის წარდგენისას წამყვანმა თქვა, რომ 2009 წლიდან სისტემაში
დასაქმებული, უკვე ყოფილი პოლიციელი შს სამინისტროს
სამართალდამცველების მიმართ ტერორში ადანაშაულებს: “ყოფილი პოლიციელი
ახლა სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივის, თუმცა წინასწარ
ამბობს, რომ ობიექტური განაჩენის იმედი არ აქვს, რადგან სასამართლოც,
პოლიციაც და პროკურატურაც ერთი სისტემს ნაწილია, რომელიც მოქალაქეების
დაცვის ნაცვლად ამ ადამიანებს ებრძვის”, - ამბობს წამყვანი.
6-წუთნახევრიანი სიუჟეტი მხოლოდ შს სამინისტროს, შს მინისტრ გიორგი
გახარიასა და უწყების გენერალური ინსპექციის მიმართ მძიმე ბრალდებებს
დაეთმო, თითქოს დეპარტამენტი რომელიც გახარიას ექვემდებარება,
სამართალდამცავებს დევნის.
სიუჟეტის ავტორი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ საკუთარი პოზიციის
დაფიქსირების გამო იაკობ მანველიძემ სამსახური დაკარგა. მოგვიანებით
კი თავადვე ამატებს, რომ ოფიციალურად მანველიძეს სამსახურის
არასაპატიო მიზნით გაცდენას ედავებოდნენ.
“მანველიძე ამბობს, რომ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს,
გენერალურ ინსპექციაში ზეწოლის შედეგად ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე,
სადაც ის აღიარებს, რომ სამსახურს არასაპატიო მიზეზით აცდენდა.
ამბობს, რომ ხელი რომ არ მოეწერა, ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ”, -
ამბობს ჟურნალისტი და ამ მძიმე ბრალდებების დასადასტურებლად
მანველიძის ადვკოატის სინქრონს გვთავაზობს - ადამიანის, რომლის
პირდაპირი მოვალეობაა მანველიძის პოზიციის დაცვა სასამართლოში, -
“იაკობ მანველიძე ყოველთვის ამბობდა იმას, რაც იყო სათქმელი. ის ვერ
იტანდა იმ უსამართლობას, ადამიანთა დამცირებებს, რასაც პოლიციის
ორგანოებში ჰქონდა ადგილი”.
“რუსთავი 2-ის” ეთერიდან მაყურებელს არ მოუსმენია შინაგან საქმეთა
სამინისტროს პოზიცია. სიუჟეტში არ ჩანდა, ჰქონდა თუ არა ავტორს მათგან
ინფორმაციის მიღების მცდელობა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის პირველი პრინციპის განმარტებაში კი ცალსახად
ნათქვამია, რომ მასალაში “უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან
საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა
ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია”.
პირველ ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “დღის თემას”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტუმრობდა. გადაცემის თემა „ქართული ოცნების“
ხელისუფლებაში ყოფნის ექვსი წელი და ქვეყანაში ბოლო პერიოდში
განვითარებული მოვლენები იყო. თუმცა, ინტერვიუ ისე დასრულდა, რომ
წამყვანს სტუმრისთვის, რომელიც ამ ხელისუფლების ერთადერთი უცვლელი
მინისტრია, არ დაუსვამს კრიტიკული კითხვები არც ზოგადად მმართველი
გუნდის შეცდომებზე, არც მისი უწყების ჩავარდნილ რეფორმებზე და არც
ბოლო დროისა და ბოლო დღეების გახმაურებულ საქმეებსა თუ სკანდალურ
ფარულ ჩანაწერებზე.
ნახევარსაათიანი ინტერვიუ მხოლოდ ხუთ თემას
შეეხო:
· „ქართული ოცნების“ მმართველობის ექვსი წელიწადი
· ფარული ჩანაწერები
· დავით სარალიძის საქმე
· ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
· აგვისტოს ომი.
ინტერვიუდან ვერ მივიღეთ პასუხი ყველა იმ საკითხზე, რასაც
გადაცემის ანონსი გვამცნობდა.
ინტერვიუ ისე დასრულდა, რომ არც წამყვანს და არც სტუმარს არ
უხსენებიათ უწყებათშორისი კომისია, რომელსაც როგორც ანონსი
იტყობინებოდა, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნაწილმა ბოიკოტი
გამოუცხადა. იუსტიციის მინისტრს არც ის უთქვამს, რაზე ისაუბრა იმ დღეს
მმართველმა პარტიამ მედიასთან განცხადებებამდე, რაზეც ასევე საუბარი
იყო ანონსში.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს მხოლოდ შვიდი კითხვა დაუსვა
(და ოთხჯერ კითხვის დაზუსტება ან რამე დეტალის დამატება სცადა). ამ
კითხვების უმეტესობა ასეთი ტიპის იყო - რას ფიქრობს, როგორ აფასებს,
როგორ უნდა წარიმართოს...
მიუხედავად იმისა, რომ ამ ინტერვიუმდე ერთი დღით ადრე საზოგადოებამ
"ომეგა ჯგუფის" მფლობელის ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუ მოისმინა, რომელშიც იგი ბიზნესის შევიწროებასა
და კორუფციულ გარიგებებზე საუბრობდა, გადაცემის წამყვანს არ ჰქონია
მცდელობა იუსტიციის მინისტრისგან მიეღო პასუხები ამ საქმესთან
დაკავშირებულ მწვავე კითხვებზე.
როგორ უნდა წარიმართოს ძიება, რომ არ დარჩეს არანაირი კითხვა
და ეჭვი ამ საქმესთან დაკავშირებით? - ეს იყო წამყვანის
კითხვა ამ თემაზე, რაზეც მინისტრმა უპასუხა ისე, როგორც მოსალოდნელი
იყო, რომ “გამოძიება უნდა წარიმართოს კანონის სრული დაცვით,
მიუკერძოებლად და სამართლიანად, რადგან სხვა რეცეპტი არ არსებობს არც
საქართველოში, გამოძიების უკეთესად წარმართვისთვის და არც სხვა
რომელიმე ევროპულ ქვეყანაში”.
ამავე თემაზე კიდევ ერთი კითხვა იმას შეეხებოდა, უნდა გამოეყოს თუ არ
ამ საქმეს ყოფილი სპორტის მინისტრისთვის სავარაუდო თავისუფლების
უკანონო აღკვეთის და ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარის საქმე. რაზეც
მინისტრმა დამრიგებლური ტონით უპასუხა, რომ სჯობს ამ თემაზე
საგამოძიებო უწყებებს არ მისცენ რჩევები რადგან მათ თავად უკეთ იციან,
საჭიროა თუ არა ამის გაკეთება.
საქმეზე, რომლის მიმართაც ბოლო დღეებია განსაკუთრებული საზოგადოებრივი
ინტერესია და რაზეც ხელისუფლების მისამართით სერიოზული ბრალდებები
ისმის, წამყვანს სხვა კითხვა აღარ დაუსვამს. მაყურებელმა კი ამ თემაზე
იმაზე მეტი, რაც აქამდეც იცოდა, ვერაფერი გაიგო.
„ომეგას“ მსგავსად აუდიტორიას ახალი არც დავით სარალიძის საქმის
შესახებ გაუგია. საქმეზე, რომელსაც მთავარი პროკურორის გადადგომა და
საპროტესტო აქციები მოჰყვა, წამყვანმა, როგორც კითხვის ფორმულირებიდან
გამოჩნდა, იუსტიციის მინისტრს კითხვა მხოლოდ იმიტომ დაუსვა, რომ „ამ
საქმის შემდეგ ის ძალიან დიდხანს იყო არასამათავრობო ორგანიზაციებისა
და ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი“. ინტერვიუერი დეტალებით და
საგამოძიებო ორგანოების მუშაობის ხარვეზებით არც ამ შემთხვევაში
დაინტერესებულა. სტუმარს ჰკითხა, „რა გაკვეთილი მისცა ჯერ
პროკურატურაში წარმოებულმა ძიებამ და შემდეგ უკვე მოსამართლის ძალიან
ცნობილმა განაჩენმა ქართულ მართლმსაჯულებას“.
ამ კითხვამ კი იუსტიციის მინისტს მისცა საშუალება დიდხანს და ვრცლად
ესაუბრა მართლმსაჯულების რეფორმის წარმატებებზე: „მართლმსაჯულების
რეფორმამ თავისი ეტაპის შედეგი მოიტანა, დღეს მოსამართლე არის
თავისუფალი და პროკურორს ეუბნება მე ეს მტკიცებულებები არ
მაკმაყოფილებს“.
მართლმსაჯულების რეფორმა კი, რომლის ჩავარდნას მინისტრს ხშირად
საყვედურობენ, გადაცემის წამყვანს არც ამ შემთხვევაში გაახსენდა, არც
მანამდე, როცა სტუმარი მისი გუნდის წარმატებებზე საუბრობდა და არც მას
მერე, როდესაც თეა წულუკიანმა კვლავ არაერთხელ ახსენა მართლმსაჯულების
სისტემის მიღწევები.
გადაცემის ბოლო 10 წუთში წამყვანმა კიდევ სამი კითხვის დასმა მოასწრო:
რა ინფორმაცია აქვს მინისტრს ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის
მდგომარეობასთან დაკავშირებით, რამ გამოიწვია მისი დიაგნოზი. ამ
კითხვის პასუხადაც მინისტრმა ვრცლად ისაუბრა როგორ გაუმჯობესდა
სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრების მდგომარეობა და როგორ
გადაჰყავთ პატიმრები სამოქალაქო კლინიკებში იმაზე ხშირად, ვიდრე ეს
წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. რჩევები მინისტრმა არც ამ
შემთხვევაში დაიშურა, ამჯერად მერაბიშვილის ადვოკატების
მისამართით.
შემდეგი ორი კითხვა აგვისტოს ომს და ამ თემაზე პრეზიდენტობის
კანდიდატების განცხადებებს შეეხო. ამ შემთხვევაში წამყვანმა
მოკრძალებულად, მაგრამ სცადა სტუმრისთვის ეთქვა, რომ
ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა მმართველი გუნდის მხარდაჭერილ
კანდიდატს აქვს. გადაცემის სტუმარმა ამ კითხვის პასუხადაც კვლავ
ნაცნობი, მოწოდებისა და რჩევის მეთოდი გამოიყენა და კანდიდატებს
მიმართა, ფრთხილად იყვნენ განცხადებების გაკეთებისას.
ინტერვიუს განმავლობაში იუსტიციის მინისტრი რამდენჯერმე შეეხო
არასამთავრობო ორგანიზაციების თემას. მსგავსად, ამავე წლის ივნისში,
„იმედთან“ მისი ინტერვიუსი, ამ შემთხვევაშიც მისი ყველა მესიჯი
ამ სექტორის დემონიზების მცდელობა იყო. თეა წულუკიანმა
არასამათავრობო ორგანიზაციების მოიხსენია „გაპარტიულებულად,
რომლისაც მას არ სჯერა, ისევე როგორც ბევრ მოქალაქეს“. მან
თქვა ისიც, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციები მისთვის არ არის
ავტორიტეტი“ და ასევე, როდესაც სარალიძის საქმის შესახებ
მისი გადადგომის მოთხოვნის თემაზე საუბრობდა, მინისტრმა თქვა:
„თუ ვინმე უნდა გადადგეს დღეს, არის ის არასამთავრობოები,
რომლებიც ისტერიკაში მყოფები კიოდნენ, რომ ყველაფერი იუსტიციის
მინისტრის ბრალია“. არცერთ ამ ფრაზას გადაცემის წამყვანის
მხრიდან არანაირი რეპლიკა, ან კითხვა არ მოჰყოლია.
საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ მმართველობის ექვსი წლის შეჯამებისას,
„ომეგა ჯგუფის“ მფლობელის ზაზა ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუდან
მეორე დღეს, ნახევარსაათიანი ეთერიდან გავიგეთ მხოლო ის, რომ
საქართველოში დაცულია მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები;
ფარული ჩანაწერების თემაზე ჯერ ავთენტურობაა დასადგენი; ზაზა
სარალიძის საქმემ სინამდვილეში მართლმსაჯულების რეფორმის წარმატებული
შედეგი აჩვენა; არასამთავრობოებს უყვართ ისტერიული კივილი (ეს
სიტყვები მინისტრმა ორჯერ ახსენა); ვანო მერაბიშვილი კარგადაა და
აგვისტოს ომის თემაზე საუბრისას ყველას სიფრთხილე მართებს.
2 ოქტომბერს, გამოცემა "ინფო რუსთავი" 13 წუთის განმავლობაში სოციალურ
ქსელში პირდაპირ ეთერში აშუქებდა რუსთავში ერთ-ერთი პირის სავარაუდოდ
თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს. Facebook Live-ში ჟურნალისტი ხსნიდა
სად იმყოფებოდა, რა ხდებოდა კადრში და საიდან და როგორ აპირებდა
მოქალაქე სავარაუდოდ თვითმკვლელობას. ამ ყველაფერს ჩართვის ავტორი
პერიოდულად იმეორებდა მათთვის, ვინც მის პირდაპირ ეთერს მოგვიანებით
უერთდებოდა. ინფო რუსთავზე დაყრდნობით, ვიდეომასალა მომხდარზე ასევე
გაავრცელა რეზონანსმაც.
"ინფო რუსთავის" გვერდზე მიმდინარე ამ Facebook Live-ს 22 000-მდე
ადამიანმა უყურა. ფეისბუკის გვერდის მონაცემებით, გამოქვეყნებიდან 7
საათის შემდეგ ვიდეოს 470-მდე კომენტარი და 101 გაზიარება აქვს.
კომენტარებში მომხმარებლები კითხულობენ კონკრეტულად სად ხდება ეს
შემთხვევა, სხვა მომხმარებელი კი, რომელმაც, როგორც ჩანს, იცის
გარკვეული დეტალები, მისამართს აზუსტებს. კომენტარების გარკვეული
ნაწილის ავტორები სავარაუდო თვითმკვლელობის მსურველს დასცინიან,
ლანძღავენ ან ეცოდებათ; შეხვდებით ისეთ კომენტარსაც, რომელშიც წერია,
რომ იმავეს სხვაც სიამოვნებით ჩაიდენდა.
თვითმკვლელობა ერთ-ერთი რთული თემაა გაშუქების თვალსაზრისით.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო დოკუმენტში,
ვკითხულობთ, რომ რედაქცია განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოეკიდოს
ამგვარი ინფორმაციის გავრცელებას და დასვას კითხვა - რატომ ვაშუქებთ
ამ კონკრეტულ შემთხვევას? რადგან, კვლევებმა დაადასტურა, რომ ცალკეული
შემთხვევების ზედაპირულმა გაშუქებამ შეიძლება გამოიწვიოს
თვითმკვლელობის ახალი შემთხვევები. ეს რისკები განსაკუთრებით იწევს
ამგვარი მოვლენის პირდაპირ ეთერში გაშუქებისას.
„სუიციდის განხორციელების ადგილი და დეტალების გასაჯაროება საჭირო არ
არის. ამგვარ დეტალებზე ყურადღების გამახვილებით შესაძლოა, უნებურად
თავად ვასწავლოთ, თუ როგორ გააკეთონ ეს“, - აღნიშნულია
სახელმძღვანელოში.
პირდაპირი ეთერის დასრულების შემდეგ, "ინფო რუსთავმა" მომხდარზე
ტექსტური მასალაც მოამზადა, რომელშიც მოქმედების ადგილიც დააკონკრეტა.
სტატიას დაურთო ვიდეოც - 30-წამიანი. არც live-ს დროს და არც
მომზადებულ მასალაში არ ჩანს რატომ იყო ეს კონკრეტული შემთხვევა
მნიშვნელოვანი და რატომ იმსახურებს არათუ პირდაპირ ეთერში, არამედ
საერთოდ გაშუქებასაც კი.
სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო დოკუმენტის მიხედვით, სუიციდი ორი
მიმართულებით შეიძლება გაშუქდეს:
ზოგადი - ამგვარი გაშუქების მთავარი ფოკუსი
პრობლემაზე მსჯელობაა. მაგალითად, შესაძლებელია, საზოგადოებას
დაეხმაროთ გაარჩიონ სუციდის გამომწვევი ნიშნები, რათა მოხდეს
პრევენცია. ასევე შეიძლება გაშუქდეს ოფიციალური უწყებების მიერ მზარდი
სტატისტიკის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და აქცენტი გაკეთდეს
გამომწვევ მიზეზებზე.
ინდივიდუალური - თუ მედიასაშუალება გადაწყვეტს,
რომ კონკრეტული შემთხვევის შესახებ მოუყვეს აუდიტორიას, ამგვარი
ამბავი ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს:
კონკრეტული შემთხვევის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო
ინტერესი.
ამ ფაქტის გაშუქებასთან დაკავშირებით არსებობს გარდაცვლილის
ოჯახის წევრების ან ახლობლების გაცნობიერებული თანხმობა.
"ინფო რუსთავის" მასალიდან ჩანს, რომ ავტორს გაშუქებაზე თანხმობა არ
ჰქონია, პირიქით, პირდაპირი ეთერის დროს ჟურნალისტთან მიდის მამაკაცი,
რომელიც ეუბნება რომ ოჯახის წევრია და შეწყვიტოს გადაღება, თუმცა,
ავტორს Facebook Live არ შეუწყვეტია.
ქარტიის სახელმძღვანელოში ცალსახად არის მითითება, რომ რომ
მედიასაშუალება ამ თემის გაშუქებისას უნდა მოერიდოს: სენსაციურ
გაშუქებას, მყვირალა სათაურებს და გამომსახველობით გრაფიკას ან
ფოტოებს.
„ოზურგეთში ქორწილის ჩაშლის მიზეზი მარიხუანა გახდა“ - ამგვარი
მანიპულაციური სათაურით გამოაქვეყნა გადაუმოწმებელი ინფორმაცია
გამოცემა “გურიის მოამბემ” 27 სექტემბერს. მასალაში, რომელიც ერთ
უცნობ წყაროს, როგორც ტექსტში ვკითხულობთ, თვითმხილველს ეყრდნობა, არ
ჩანს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული შემთხვევა გურიაში
ნამდვილად მოხდა და მას რაიმე კავშირი ჰქონდა მარიხუანასთან. გურიის
მოამბეზე დაყრდნობით იდენტური ტექსტი ასევე მანიპუალციური სათაურებით,
გამოქვეყნებულია შემდეგ საიტებზეც: presa.ge, resonancedaily.com და
newposts.ge.
სტატიის თანახმად, ზურგეთში ქორწილი ახალი დაწყებული იყო, როდესაც
სიძე მისმა მეგობრებმა რამდენჯერმე ჰაერში ააგდეს, შემდეგ კი მისი
დაჭერა დაავიწყდათ: „მეფე დაეცა იატაკზე, გახდა ცუდად, ვერ სუნთქავდა,
სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. როგორც იქვე ამბობდნენ, როგორც
მეფეს, ასევე მის მეგობრებს მარიხუანა ჰქონდათ მოწეული, ვინაიდან
დედოფალი ქალაქ გორიდან იყო, გურულებმაც გორის მარიხუანა გასინჯეს და
ის ადგილობრივზე მეტად ძლიერი აღმოჩნდა. მომხდარსაც გორის მარიხუანას
აბრალებენ“.
ანონიმი თვითმხილველის გარდა, სტატიაში არ გვხვდება სხვა წყარო,
რომელიც მომხდარს დაადასტურებდა. ავტორს ინფორმაცია არც იმ
საავადმყოფოში აქვს გადამოწმებული, რომელშიც სტატიის მიხედვით
დაშავებული გადაიყვანეს. მასალაში არც ჟურნალისტის სხვა მცდელობა
ჩანს, აუდიტორიისთვის გადამოწმებული ინფორმაცია მიეწოდებინა. ამ
ფაქტების გამო კი კითხვებს აჩენს ფაქტის ნამდვილობა და მითუმეტეს მისი
კავშირი მარიხუანასთან.
აღსანიშნავია, რომ “გურიის მოამბეს” აღნიშნული ინფორმაცია, საიტზე,
ნახევარსაათიანი შუალედით, ორჯერ აქვს გამოქვეყნებული. ტექსტები
იდენტურია, სათაურები კი განსხვავებული.
გამოქვეყნებული მასალების დამადასტურებელი
ფოტომასალა
26 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრმა, გია
იაკობაშვილმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ 12 სექტემბრის შეხვედრის
ჩანაწერი, რომელიც არხის თანამშრომლების სამუშაო პირობების შეცვლის
საკითხს ეხებოდა, მან წაშალა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ
მაუწყებელში მიმდინარე რეორგანიზაციისადმი მაღალი საჯარო ინტერესი
არსებობს, არხმა ეს თემა 26 სექტემბრის მთავარ საინფორმაციო
გამოშვებაში არ გააშუქა.
შეგახსენებთ, 3 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი
მაუწყებლის 42 თანამშრომელს არხის მენეჯმენტმა შეცვლილი სამუშაო
პირობები შესთავაზა. ცვლილება, რომელიც არხის ტექნიკურ თანამშრომლებს
შეეხოთ, საათობრივ სამუშაო რეჟიმს და შესაბამის ანაზღაურებას
გულისხმობს.
ამ შეთავაზებას არხის თანამშრომელთა ნაწილის საპროტესტო აქციები
მოჰყვა. 12 სექტემბრის გაფართოებული სამუშაო შეხვედრა, რომლის
ჩანაწერის განადგურების შესახებაცაა საუბარი, მაუწყებლის
პროფკავშირების მოთხოვნით გაიმართა. ამ შეხვედრას საბჭოს წევრები,
მენეჯმენტისა და თავად პროფკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ
იმ თანამშრომელთა შესახებ იმსჯელეს, რომლებიც ახალ ხელშეკრულებაზე
გადაიყვანეს.
ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ნინია
კაკაბაძემ განაცხადა, რომ შეხვედრა ყველა მხარის შეთანხმებით ჩაიწერა,
თუმცა მოგვიანებით იგი განადგურდა. 26 სექტემბრის სხდომაზე გია
იაკობაშვილმა განაცხადა, რომ მას ჰქონდა საბჭოს წევრთა უმრავლესობის
თანხმობა ჩანაწერის განადგურებაზე, თუმცა ვინ არიან ეს წევრები, არ
დააკონკრეტა. გარდა ამისა, მისი თქმით, ეს შეხვედრა საჯარო არ იყო და
მისი ჩაწერისა და გასაჯაროების ვალდებულება საბჭოს არ ჰქონია.
არ იზიარებს ამ არგუმენტებს მაუწყებელთა პროფკავშირების თავმჯდომარე
ნინო ზაუტაშვილი. იგი ამბობს, რომ ამ შეხვედრის ამონარიდები იქნებოდა
მნიშვნელოვანი მტკიცებულება სასამართლო პროცესებზე, რომელიც
აუცილებლად გაიმართება თანამშრომელთა გათავისუფლების საკითხზე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ფიქრობენ, რომ გია
იაკობაშვილის ქმედება შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.
იაკობაშვილის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით
საიამ ასევე გუშინ, 26 სექტემბერს მიმართა მთავარ პროკურატურას. ისევე
როგორც სხდომის ამბავი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი
საინფორმაციო გამოშვების მაყურებელს გუშინ არც საიას მიერ
პროკურატურისთვის მიმართვის შესახებ მიუღია ინფორმაცია.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც არხზე მიმდინარე ხმაურიანი
ამბები მაუწყებლის პრიორიტეტებში არ ხვდება. თანამშრომელთა ახალი
სამუშაო პირობების შესახებ ცნობილი სექტემბრის დასაწყისში გახდა და
თემა მთელი კვირის განმავლობაში მედიის ყურადღების ცენტრში იყო.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ამბავს მაშინაც მხოლოდ კადრ-სინქრონებად,
არასაკმარისი სიმწვავით აშუქებდა.