რა ხდება
24 თებერვლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსთაველის გამზირზე ყოველდღე იმართებოდა ხალხმრავალი აქციები უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად და საქართველოს მთავრობის პოზიციის გასაპროტესტებლად.რას დავაკვირდით?
- ჩვენ ვაკვირდებოდით 25, 26, 27, 28 თებერვალსა და 1 მარტს აქციების გაშუქებას შვიდ ცენტრალურ მაუწყებელზე.
- ეს ტელევიზიებია: პირველი არხი, იმედი, ფორმულა, რუსთავი 2, ტვ პირველი, მთავარი არხი, პოსტვ.
- დაკვირვება მოიცავდა 18:00 საათიდან 00:00 საათამდე პერიოდს.
- დაკვირვებისას დათვლილია მაუწყებლების მიერ უშუალოდ თბილისში მიმდინარე აქციების გაშუქებისთვის დათმობილი დრო.
- არ ვითვლიდით საინფორმაციო გამოშვებების/ტოქშოუების მიმდინარეობისას სტუდიაში წამყვანის/რესპონდენტების მიერ აქციების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას.
რა აღმოვაჩინეთ?
- ყველა მაუწყებლისთვის საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იყო.
- ფორმულა, მთავარი არხი და ტვ პირველი საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობდნენ და 18:00 საათიდან გვიან ღამემდე ეთერში თითქმის უწყვეტ რეჟიმში გადიოდა საინფორმაციო გამოშვებები და ტოქშოუები, ხოლო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
- ცვლილებები იყო რუსთავი 2-ის და იმედის ბადეში - საინფორმაციო გამოშვებები და ტოქშოუები გახანგრძლივებულად მაუწყებლობდნენ. თუმცა, ამ არხებისთვის აქციების გაშუქება პრიორიტეტი არც ერთ დღეს არ ყოფილა.
- სხვა მაუწყებლების მსგავსად, პირველი არხიც პერიოდულად საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობდა. თუმცა, პირველ მარტამდე აქციის გაშუქებას პრიორიტეტს არც ეს ტელევიზია ანიჭებდა.
- თითქმის არანაირი ცვლილება არ ყოფილა პოსტვ-ის საინფორმაციო ბადეში. არხი, ფაქტობრივად, არ აშუქებდა აქციებს.
ამ პერიოდში გამართულ აქციებს შორის ორი ყველაზე ხალხმრავალი იყო:
- 25 თებერვალს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადებასთან ერთად, აპროტესტებდნენ პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებასაც.
- ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს დღეს თქვა, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაკისრებულ საერთაშორისო სანქციებს და ეს გადაწყვეტილება "ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით" ახსნა.
- 1 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონსულტაციებისთვის საქართველოდან უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი გაიწვია. მიზეზად „მოხალისეების არგამოშვება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია“ დაასახელა.
- ამ დღეს აქციაზე შეკრებილმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, აქტივისტებმა, საჯარო პირებმა და მოქალაქეებმა უკრაინის მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს მთავრობის გადადგომა და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა მოითხოვეს.
უფრო დეტალურად:
პირველი არხი- 25, 26, 27, 28 თებერვალს, პირველი არხისთვის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ხალხმრავალი აქციების გაშუქება პრიორიტეტული არ ყოფილა.
- თითოეულ დღეს აქციების შესახებ ინფორმაციას “მოამბე“ 21:00 საათიანი გამოშვების შუა ან დასკვნით ნაწილში გადასცემოდა.
- გაშუქების დრო თითოეულ დღეს დაახლოებით 1-დან 5 წუთამდე მერყეობდა.
- აქციის გაშუქებისას ჟურნალისტი ამბობდა, რომ „წინა დღეებისგან განსხვავებით, ამ დღეს პოლიტიკური ხასიათის აქცია“ იმართებოდა.
- წამყვანიც და ადგილზე მყოფი კორესპონდენტიც აქცენტს აკეთებდნენ, რომ რუსთაველზე „ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული“ აქცია იმართებოდა და პროტესტს სხვა ოპოზიციური პარტიებიც უერთდებოდნენ.
იმედი
ტელეკომპანია „იმედი“ რუსთაველზე მიმდინარე აქციას თავდაპირველად არ აშუქებდა.
- 25 თებერვალს „იმედს“ აქცია არ გაუშუქებია.
- 26-27 თებერვალს „იმედმა“ აქციის გაშუქებას რამდენიმე წამი დაუთმო. ჟურნალისტმა სხვა თემების წარდგენისას თქვა, რომ „თბილისში სოლიდარობის აქცია იმართება“
- შედარებით დიდი დრო, ჯამში, დაახლოებით 4 წუთი, „იმედმა“ აქციის გაშუქებას 28 თებერვალს დაუთმო. ამ დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოქალაქეებს უკრაინის მიმართ განსაკუთრებული სოლიდარობის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა.
- 1 მარტის აქციას „იმედი“ ჯამში დაახლოებით 6 წუთის განმავლობაში აშუქებდა. „თბილისში რადიკალები პრემიერის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ“ - ამბობდა გადაცემა „იმედი LIVE-ის“ წამყვანი პირდაპირ ეთერში.
რუსთავი 2
25 თებერვლიდან 1 მარტამდე პერიოდში გამართული აქციები „რუსთავი 2-სთვის“ პირდაპირ ეთერში გასაშვებად პრიორიტეტული არ ყოფილა.
მაუწყებელი ამ ამბავს საინფორმაციო გამოშვებების შუა ან დასკვნით ნაწილში აშუქებდა და ყოველ დღე ჯამში დაახლოებით 2-დან 6 წუთამდე დროს უთმობდა.
მთავარი არხი, ფორმულა, ტვ პირველი
25 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით პერიოდში, ფორმულა, მთავარი არხი და ტვ პირველი საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობდნენ და 18:00 საათიდან გვიან ღამემდე ეთერში თითქმის უწყვეტ რეჟიმში გადიოდა საინფორმაციო გამოშვებები და ტოქშოუები.
- სამივე არხი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა.
- საინფორმაციო გამოშვებებში თუ ტოქშოუებში სხვა თემებზე საუბრისას და ეთერში სიუჟეტების გასვლის პარალელურადაც, ეკრანზე აქციის კადრები ჩანდა.
პოსტვ
პოსტვ რუსთაველზე მიმდინარე აქციებს პირველი 4 დღის განმავლობაში საერთოდ არ შეხებია. სამაგიეროდ, მაყურებელს არწმუნებდა, რომ „ხელისუფლება უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ამ პოზიციას ყველა პოლიტიკურ ასპარეზზე აფიქსირებს“.
- აქცია პოსტივის საინფორმაციო გამოშვებაში პირველად 1 მარტს გაშუქდა. არხმა თემაზე საუბარს 37 წამი დაუთმო.
- ჟურნალისტი ამბობდა, რომ „რამდენიმე დღეა რუსთაველზე მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას, ნაციონალური მოძრაობა კი პარლამენტის პიკეტირების ინიციატივით მივიდა, თუმცა, „სირცხვილიას“ წევრებთან რადიკალიზაციის გზებზე ვერ შეთანხმდა“.
ამ დღეს აქციაზე საუბარი გაგრძელდა გადაცემებში - „პოლიტიკური
ინტერვიუ დათა გვასალიასთან ერთად“ და „სამნი და Co“. წამყვანები
ეთერში პერიოდულად უშვებდნენ ფორმულას პირდაპირი ეთერიდან ამოჭრილ
ფრაგმენტებს, აქციაზე ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი მარგველაშვილის, მიშა
მშვილდაძის, გიგა ბოკერიას გამოსვლებიდან და ცდილობდნენ მათ
დისკრედიტაციას.
პოსტვ ირწმუნებოდა, რომ ოპოზიციას საქართველოს ომში ჩართვა სურს,
მთავრობა კი ეროვნულ ინტერესებს იცავს.