„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ საარჩევნო პროცესებისა და
საარჩევნო სუბიექტების მედიაგაშუქების ანგარიშები გამოაქვეყნა. კვლევა
ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „თავისუფალი და სამართლიანი
საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა,
რომელსაც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოება“ (ISFED) უძღვება.
ქარტია 2024 წლის 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრის ჩათვლით
პერიოდში, თვისებრივი კვლევის ფარგლებში, გაშუქების პროფესიულ
სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად, 18
მედიასაშუალების (10 ტელეარხი: „პირველი არხი“,
„აჭარის ტელევიზია“, „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“,
„კავკასია“, „პალიტრანიუსი“, „რუსთავი2“, „იმედი“, „პოსტვ“ და
8 ონლაინ მედია: interpressnews.ge, netgazeti.ge,
news.on.ge, primetime.ge, publika.ge, radiotavisupleba.ge,
sputnik-georgia.com და tabula.ge) კონტენტს დააკვირდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“
ახალი ამბებისა და
ტოქშოუების მონიტორინგის შედეგები:
„პირველი არხის“ ახალი ამბების მონიტორინგის
შედეგები:
საკვლევ პერიოდში მონიტორები „პირველი არხის“ მთავარ
საინფორმაციო გამოშვებას - „მოამბე 21 საათზე“ აკვირდებოდნენ,
სადაც წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი დრო (20%) „ქართულ
ოცნებას“ დაეთმო.
მონიტორინგის შედეგებით დადგინდა, რომ
„პირველი არხი“ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური
ამბების გაშუქებისას წინასააჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიმართ
მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა. ხოლო, ახალი
ამბების გაშუქებისას „მოამბეში“ გარდა მიკერძოებისა, ასევე იგრძნობოდა
ანტიდასავლური განწყობებიც, რაც „ქართული ოცნების“ განცხადებებს
ეხმიანებოდა.
„“მოამბემ” მმართველ პოლიტიკურ გუნდს,
ანტიდასავლური მოსაზრების გასავრცელებლად, ასევე, ჰომოფობიური და
კონსპირაციული თეორიების ტირაჟირებისათვის კომფორტული, ხელსაყრელი
გარემო შეუქმნა“.
ანგარიშის თანახმად, „პირველ არხს“ წინასაარჩევნო
პერიოდში თითქმის არ ჰქონია ხელისუფლების რომელიმე შტოს მამხილებელი
მწვავე, ექსკლუზიური მასალა და არხის ჟურნალისტებს არ
გამოუვლენიათ კორუფციისა და ადამიანის უფლებების შემლახავი ფაქტები.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ „მოამბის” ეთერში აქტიურად
შუქდებოდა მწვავე პოლიტიკურ ამბები, რა დროსაც რედაქცია დროს
უთმობდა ამბავში ჩართულ ყველა მხარეს, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან
მოვლენებს ის ხშირად ფორმალური ბალანსის დაცვით აშუქებდა.
„მმართველი პოლიტიკური ძალისა და
ხელისუფლების ზეგავლენა ჩანდა ფაქტებისა და კომენტარების მოწოდების
რიგითობაში. „მოამბის“ სიუჟეტებში საბოლოო, დასკვნითი სიტყვა სწორედ
მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ. ხელისუფლების მიმართ
გამოთქმული კრიტიკული მოსაზრება ყოველთვის ბათილდებოდა ამ
ხელისუფლების წარმომადგენლების, როგორც წესი, უფრო ხანგრძლივი
კონტრარგუმენტებით“.
მონიტორინგის შედეგების თანახმად, არჩევნების წინ
,,მოამბეში“ მმართველი პოლიტიკური ძალიდან ყველაზე ხშირად
პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ჩანდა, რომელიც ეთერში ხანგრძლივად
საუბრობდა ისეთ პოზიტიურ თემებზე, როგორებიცაა, მაგალითად, ტყიბულში
ჩატარებული სარესტავრაციო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები
და მესამე კვარტალში ინვესტიციების
10%-იანი ზრდა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ „მოამბე“ რუბრიკაში
„არჩევნები
2024“ მაყურებელს სთავაზობდა საარჩევნო სუბიექტების
წინასაარჩევნო აქტივობების მოკლე ქრონომეტრაჟიან, მშრალ და დაიჯესტურ
გაშუქებას. ეს ფორმატი კი, ამომრჩევლის ამომწურავ ინფორმირებას ვერ
უზრუნველყოფდა.
მონიტორინგის შედეგების თანახმად, „პირველი არხი“
ზოგჯერ, მმართველი გუნდისთვის კრიტიკულ მომენტში, ხელისუფლებისადმი
მიკერძოებას ავლენდა და ეთიკურ სტანდარტებს არღვევდა. ამის მაგალითად
მოყვანილია 17 სექტემბერს, „მოამბეში“ მე-14 წუთზე გასული სიუჟეტი -
,,აშშ-ის
სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტის სანქციები“,
სადაც ჟურნალისტმა მანიპულაციური ტექსტების და კადრების
გამოყენებით, სანქციები, ხელისუფლების რიტორიკის მსგავსად, არჩევნებში
გარე ძალების ჩარევის მცდელობად წამოაჩინა.
„“26 ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებამდე 39
დღით ადრე ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებასთან
ურთიერთობებს კიდევ უფრო ძაბავს. აშშ სტრატეგიული პარტნიორის
წინააღმდეგ ისევ სანქციების ენით ლაპარაკობს. ოთხი სანქცირებული
მოქალაქიდან ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანია. როგორც
სახაზინო დეპარტამენტის მედიარელიზში ვკითხულობთ, აშშ-ს განსაკუთრებულ
დავალებათა დეპარტამენტის მუშაობის სტილი არ მოეწონა… “, – აუწყა
მაყურებელს ჟურნალისტმა. თუმცა, ,,მოამბის“ ჟურნალისტს არ
უხსენებია, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადების
თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დავალებათა
დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე, მილერი
ლაგაზაური, „მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების
სასტიკ დარბევასთან არიან კავშირში“. თითქმის 10-წუთიან
სიუჟეტში ერთხელაც არ გაჟღერებულა აშშ-ის მხარის არგუმენტები, რომ
,,აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც
ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის გამოხატვის
თავისუფლებებს საქართველოში.“ უფრო მეტიც, ჟურნალისტის ტექსტი,
რომელიც მმართველი გუნდის ანტიდასავლურ განწყობებს გადმოსცემდა,
გადაფარული იყო არა თბილისის საპროტესტო აქციის დარბევის კადრებით,
არამედ ნაჩვენები იყო ევროპაში გაურკვეველი აქციის დაშლის მძიმე
კადრები. ,,აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ მიღებული
გადაწყვეტილება, რომ, შესაძლოა, საქართველოში რევოლუციური სცენარის
ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორი გახდეს, არც საქართველოს პარლამენტში
გამორიცხეს. მმართველი გუნდი შეერთებული შტატების ორმაგ სტანდარტზე
საუბრობს. ერთი მხრივ, ბაიდენის ადმინისტრაციის ყურადღების მიღმა
ევროპულ ქვეყნებში და თავად ამერიკაში საპროტესტო აქციების დარბევის
მსგავსი კადრები რჩება. ქართველ სამართალდამცავებს კი გაცილებით
მსუბუქი რეაგირებისთვის სანქციებს უწესებს. აშშ-ის ეს მიდგომა
,,ქართული ოცნებისთვის” იმ ოპოზიციის მაშველი რგოლია, რომლის შანსები
26 ოქტომბრის არჩევნებზე მინიმუმამდეა შემცირებული„“.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, „მოამბემ“ ასევე
მიკერძოებულად გააშუქა რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციო
სასამართლოში. „მაგალითად, 10-წუთიანი სიუჟეტიდან
,,საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა“ დრო თითქმის სრულად
მხოლოდ მოპასუხე მხარის არგუმენტებს დაეთმო“. ასევე,
მიკერძოებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოზე ენათმეცნიერი მარინე
ბერიძის ჩვენების შესახებ სიუჟეტიც
(26:15 ), „სადაც სიტყვა არ თქმულა უშუალოდ მარინე ბერიძის
კვლევის მიგნებების შესახებ, რის გამოც იგი სასამართლოზე
დაიკითხა, და იმაზე, რომ მისი კვლევით, სიტყვათა შეთანხმება ,,უცხო
ქვეყნის გავლენის აგენტი” ნეგატიურ კონოტაციას ატარებს. სამაგიეროდ,
დეტალურად და მანიპულაციურად გაშუქდა ენათმეცნიერის საკუთარი
სოციალური ქსელით გადაზიარებული პოსტი (,,შემდეგი სადგური
ნაღალატევი”)“.
კვლევის თანახმად, „მოამბის“ რედაქციამ
ანტიდასავლური ნარატივების კონტექსტში გააშუქა „ოჯახური ღირებულებების
და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ მიღების
პროცესიც.
„სიუჟეტებში,
რომელიც ამ თემას
დაეთმო, კანონპროექტის ინიციატორის და ,,ქართული
ოცნების” დეპუტატების დისკრიმინაციული და ჰომოფობიური კომენატრების
საპირწონედ, ჩაწერილი იყვნენ ოპოზიციური დეპუტატები. აღნიშნული
კომენტარები მხოლოდ ფორმალური ბალანსის დაცვას ემსახურებოდა და ეთერში
გაჟღერებული დისკრიმინაციული გზავნილების საპირწონეს არ წარმოადგენდა.
ამ თემის ირგვლივ ,,მოამბეს” მაყურებლისთვის არ შეუთავაზებია
ექსპერტების, უფლებათა დამცველების პოზიცია, და, ასევე, არ განხილულა,
თუ როგორ აშორებს მსგავსი ჰომოფობიური კანონი საქართველოს
ევროინტეგრაციისგან. და ბოლოს, ,,მოამბის” ჟურნალისტი არ მოერიდა
საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სიუჟეტის შემაჯამებელ ტექსტში:
„ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო
პაკეტს პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფარგლებში მეორე და მესამე
მოსმენით სექტემბერში დაამტკიცებს„“.
მონიტორინგის შედეგების თანახმად, „მოამბემ“ ხანგრძლივი
დრო დაუთმო ირაკლი კობახიძის მიერ წამოჭრილ ისეთ „დაუსაბუთებელ
თემას“, როგორიცაა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე
პროვოკაციის რისკები და ის, რომ თავდასხმის
ობიექტები ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეიძლება გახდნენ. ხოლო, 21
ოქტომბერს, იგივე თემა, ,,არჩევნები
და პროვოკაციის რისკები - მდინარაძის განცხადება“,
,,მოამბემ“ დაუბალანსებლად გააშუქა, სადაც უმრავლესობის ლიდერის
ბრიფინგიდან ამონარიდის გარდა სხვა კომენტარი არ მოხვედრილა.
ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მონიტორინგის
პერიოდში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, არჩევნების დღის
მოახლოებასთან ერთად შეინიშნებოდა ოპოზიციის დისკრედიტაციის მცდელობა
და მათ დესტრუქციულ ძალად წარმოადგენდნენ.
„ამის ნიმუშია სიუჟეტი: ,,ოპოზიციის საარჩევნო
და პოსტსაარჩევნო გეგმები“ [15:29], რომელიც 3 ოქტომბერს
გავიდა ეთერში. „რას გულისხმობს ზურაბ ჯაფარიძე ნებისმიერი ფორმით
ბრძოლაში, ბუნდოვანია, თუმცა ცალკეული ოპოზიციონერების განწყობაც
იდენტურია. ბრძოლა ჯერ არ ჩატარებული არჩევნების შედეგების გაყალბების
წინააღმდეგ და ბრძოლა ჯერ არ მიღებული ხმების დასაცავად. შემდეგ -
ხელისუფლების დამხობა. ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, კოლეგების
მოლოდინები მოსახლეობის განწყობებს დაუკავშიროს, რომ „ქართული
ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში მოქალაქეთა პროტესტი გარდაუვალი
იქნება,“ – განაცხადა ჟურნალისტმა“.
კვლევის თანახმად, ოპოზიციის კრიტიკის ფონზე იზრდებოდა
მმართველი გუნდის პოზიტიური გაშუქების შემთხვევებიც.
„ხელისუფლების პოზიტიურად წარმოჩენისთვის გამოიყენა
,,მოამბემ” 16 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის
გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც. სიუჟეტში ჟურნალისტის
ტექსტის პარალელურად გადიოდა „ქართული ოცნების” ლიდერების კადრები,
რომლებიც ღონისძიებას დაესწრნენ, შემდგომ კი ირაკლი კობახიძის, კახა
კალაძის და შალვა პაპუაშვილის კომენტარები შემოგვთავაზეს.
კალაძემ ტრიბუნა საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა, ისაუბრა რა
მშვიდობის მნიშვნელობაზე, რაც ,,ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის
მთავარი ლაიტმოტივია“.
მონიტორინგის შედეგებით გამოიკვეთა, რომ საზოგადოებრივი
მაუწყებელი ხშირად ავრცელებდა არასამთავრობო ორგანიზაციების
წინააღმდეგ მმართველი პარტიის ნარატივებს. ამის მაგალითად
მოყვანილია „მოამბეში“ 11 სექტემბერს გასული სიუჟეტი,
„სადამკვირვებლო ორგანიზაციების საარჩევნო მისია“,
სადაც მთავარი აქცენტი „არა სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ
ინფორმაციის მიწოდებაზე, არამედ მათ მიმართ უნდობლობის გაჩენაზე უფრო
იყო, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ცდილობდა
ხელისუფლება“.
ანგარიშის თანახმად, მსგავსი ნარატივის მატარებელი იყო
„მოამბის“ სხვა სიუჟეტებიც.
„პირველი არხის“ ტოქშოუების მონიტორინგის
შედეგები:
საანგარიშო პერიოდში მონიტორები საზოგადოებრივი
მაუწყებლის ეთერში სამ გადაცემას: „არჩევნები 2024 მაკა ცინცაძესთან
ერთად“; „არჩევნები 2024“ (წამყვანი გიორგი გვიმრაძე) და
„დებატები“ (წამყვანი გიორგი გვიმრაძე) აკვირდებოდნენ.
„არჩევნები 2024 მაკა ცინცაძესთან ერთად“
„არჩევნები 2024 მაკა ცინცაძესთან ერთად“ საზოგადოებრივი მაუწყებლის
ეთერში 8 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით გადიოდა. ამ პერიოდში
ეთერში გავიდა 9 გადაცემა, სადაც 17 პოლიტიკური სუბიექტის
წარმომადგენელი ჰყავდათ სტუმრად.
კვლევის თანახმად, როგორც წამყვანმა გადაცემის
დაწყებისთანავე განმარტა, როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური
საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ეთერში რიგითობის მიხედვით
იწვევდნენ. „საკუთარ პროგრამასა და პრიორიტეტებზე სასაუბროდ თითოეულ
სტუმარს 15 წუთი ჰქონდა გამოყოფილი, რაც ყოველთვის დაცული
იყო“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წამყვანი (მაკა ცინცაძ)
სტუმრებს უსვამდა შაბლონურ კითხვებს პარტიების საარჩევნო პროგრამებთან
დაკავშირებით და უმრავლეს შემთხვევაში, არ იყო კრიტიკული.
„კერძოდ, ის სტუმრებს ეკითხებოდა, თუ როგორ
აპირებდნენ კონკრეტული დაპირებების შესრულებას, თუმცა მათი პასუხების
გაანალიზებას, შემხვედრი კითხვების დასმას და მაყურებლამდე ამ მხრივ
დაბალანსებული, ამომწურავი ინფორმაციის მიტანას იშვიათად
ცდილობდა“.
როგორც მონიტორინგის შედეგებიდან ხდება ცნობილი,
გამონაკლისია 11 ოქტომბრის
გადაცემა, სადაც ოპოზიციური გაერთიანება „ძლიერი
საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლის,
საბა ბუაძისთვის გამოყოფილი 15-წუთიანი საეთერო დრო თითქმის სრულად
პენსიების 1000 ლარამდე ზრდის დაპირებაზე საუბარს დაეთმო.
„წამყვანი კონკრეტულ დაპირებაზე იყო
ფოკუსირებული და დამატებით კრიტიკულ შეკითხვებს სვამდა. სხვა
შემთხვევებში წამყვანი არ ცდილობდა სიღრმისეულ დისკუსიას, კითხვაზე
პასუხის მოსმენის შემდეგ კი სხვა თემაზე გადაჰქონდა
საუბარი“.
ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ტოქშოუში
არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია იყო მიწვეული, გადაცემის
წამყვანის პასიურმა როლმა და დისკუსიის ნაკლებობამ, მაყურებელს არ
მისცა საშუალება, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები
კრიტიკულად გაეანალიზებინა.
„აღნიშნული განსაკუთრებით ეხება სახელისუფლებო
პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, არჩილ თალაკვაძის
ეთერში სტუმრობას. გადაცემის წამყვანის კითხვები
იმგვარად იყო ფორმულირებული, რომ კითხვა, ფაქტობრივად, მოიცავდა
პასუხსაც და ჟურნალისტის დამოკიდებულებასაც. კითხვის ფორმამ სტუმარს
მისცა საშუალება, ესაუბრა მმართველი ძალის პოზიტიურ დღის წესრიგზე და
არა კონკრეტულ პრობლემებზე, რომლებიც, შეიძლება, მოსახლეობას
აწუხებდეს. მაგალითად, წამყვანმა მაკა ცინცაძემ არჩილ თალაკვაძეს
კითხვა დაუსვა მსგავსი ფორმულირებით:
„ბატონო არჩილ, იმის გათვალისწინებით, რომ
სოციალური ფონის გაუმჯობესება ქვეყანაში, ცხადია, რომ პირდაპირ არის
კავშირში ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებასთან და, ზოგადად,
ეკონომიკური პოლიტიკის გამართულობასთან, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ
პროექტებთან, რაც გაქვთ დაგეგმილი და საკმაოდ ამბიციური გეგმები არის
ამ მიმართულებით, უფრო მეტი რომ გააცნოთ ჩვენს
მაყურებელს„“.
როგორც დოკუმენტშია ვკითხულობთ, ჟურნალისტის მიკერძოება
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიმართ გამოიკვეთა ევროინტეგრაციის
თემაზე საუბრის დროსაც. კერძოდ, მაკა ცინცაძემ ისე წარმოაჩინა, თითქოს
„ქართული ოცნების“ საგარეო კურსთან დაკავშირებით კითხვები მხოლოდ
ოპოზიციას ჰქონდა.
„არც კითხვის დასმისა და არც პასუხის მიღების შემდეგ
წამყვანს არ უხსენებია, რომ თავად ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები და
წარმომადგენლები საუბრობდნენ საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებასა
და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“
ანტიდემოკრატიული
პოლიტიკის გამო. მაკა ცინცაძის კითხვა შემდეგნაირად იყო
ფორმულირებული:
„საგარეო კურსი, ეს არის ერთ-ერთი საკითხი,
რომელიც საკმაოდ ხშირად ხდება თქვენი მისამართით ოპოზიციის მხრიდან
კრიტიკის საფუძველი და ეროვნულ ამოცანად დაასახელეთ აშშ-სთან და
ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა, უფრო მეტი რომ გვითხრათ
ამასთან დაკავშირებით“.
პასუხად არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა, მისი აზრით,
ოპოზიციის უსაფუძვლო ბრალდებებზე ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებასთან
დაკავშირებით. წამყვანს არც უცდია მისთვის საპასუხო კითხვის დასმა და
მისი, როგორც წამყვანის, როლი, შემოისაზღვრა მხოლოდ იმით, რომ
გადაცემის სტუმარს საეთერო დროის ამოწურვა შეახსენა“.
„არჩევნები 2024“
მონიტორინგის შედეგების მიხედვით, გიორგი გვიმრაძის
გადაცემა „არჩევნები 2024“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პირველად
არჩევნებამდე 9 დღით ადრე გავიდა. მანამდე გვიმრაძეს მიჰყავდა
გადაცემა „ყველა შეკითხვა ცესკოს“, რომლის ძირითადი სტუმარი ცესკოს
თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი იყო და რომელშიც არჩევნებთან
დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს განიხილავდნენ. რაც შეეხება
„არჩევნები 2024“-ს, გადაცემა ეთერში ორჯერ - 17 ოქტომბერს და 22
ოქტომბერს გავიდა.
„პირველ შემთხვევაში სტუმრად სახალხო დამცველი, ლევან
იოსელიანი, იყო მიწვეული, მეორე შემთხვევაში კი კომუნიკაციების
კომისიის წევრი, ივანე მახარაძე. წამყვანი მათ უსვამდა შეკითხვებს
იმის თაობაზე, თუ როგორაა მათი მანდატის ქვეშ ესა თუ ის საკითხი
კანონმდებლობით განსაზღვრული და რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში
აღნიშნული მიმართულებით“.
„დებატები“
კვლევის თანახმად, პოლიტიკური დებატები, რომლის
გამართვასაც საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონმდებლობა ავალდებულებს,
„პირველი არხის“ ეთერში ერთხელ,
21 ოქტომბერს გადაიცა და მასში მხოლოდ ოთხი
პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა:
• „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – გოჩა თევდორაძე
• „ევროპელი დემოკრატები“ – ნიკოლოზ ვაშაკიძე
• „გირჩი“ – ალექსანდრე რაქვიაშვილი
• „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – გივი
მიქანაძე
„როგორც გადაცემის წამყვანმა გიორგი გვიმრაძემ აღნიშნა,
კანონის მოთხოვნის მიხედვით, მათ გადაცემაში მონაწილეობა კვალიფიციურ
საარჩევნო სუბიექტებს შესთავაზეს, ასეთი კი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნებისთვის ექვსი იყო, რომელთაგან ორმა — „კოალიცია
ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ და „ერთიანობა –
ნაციონალური მოძრაობა“ — დებატებში მონაწილეობაზე უარი
განაცხადა“.
დოკუმენტის თანახმად, დებატები წინასწარ მკაცრად განსაზღვრული წესით
წარიმართა. თითოეულ მონაწილეს ჰქონდა თანაბარი დრო: ამომრჩევლისთვის
მისამართად, წამყვანის კითხვებზე პასუხის გასაცემად, ოპონენტისთვის
კითხვის დასასმელად და პასუხის გასაცემად. ასევე, გადაცემის
მონაწილეები თანაბარ პირობებში იყვნენ და არ ყოფილა მიკერძოება
რომელიმე პარტიის მიმართ.
მონიტორინგის შედეგების მიხედვით, დებატებში
შეზღუდული იყო წამყვანის როლი. ის შემოიფარგლებოდა მხოლოდ
თავდაპირველი კითხვის დასმით და არ სვამდა დამაზუსტებელ შეკითხვებს,
რაც არ იძლეოდა პოლიტიკური პარტიების პროგრამებზე სიღრმისეულად
მსჯელობისა და მათი განხილვის საშუალებას.
„მაგალითად, „ევროპელი დემოკრატების“ წარმომადგენელმა „ქართული
ოცნების“ წარმომადგენელს, გივი მიქანაძეს ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა
მმართველი პარტიის წარმომადგენელთა შეფასებებს 20 ოქტომბერს, თბილისში
გამართული აქციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ეს იყო „გეი პრაიდი და
ლგბტ კატეგორიის აქცია“. აღნიშნულ შეკითხვაზე მიქანაძემ უპასუხა, რომ
აქცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებული
იყო.
წამყვანს აღნიშნულ თემაზე რეაქცია არ ჰქონია და
პოლიტიკოსებს მიეცათ საშუალება, ამ თემაზე ესაუბრათ მანიპულაციურად და
გაეგრძელებინათ ოპოზიციური შეკრების დისკრედიტაცია იმით, რომ თითქოს
ის იყო „ლგბტ პრაიდი“. რეალურად, 20 ოქტომბერს თბილისში გაიმართა
მსვლელობა, რომლის მთავარი მოწოდება იყო „საქართველო ირჩევს
ევროკავშირს“. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი
არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია იყო,
რომელსაც პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები შეუერთდნენ. მარშს არ
ჰქონია ლგბტქ+ შინაარსი.
წამყვანის პასიურობამ ხელი შეუწყო არასწორი,
ჰომოფობიური შინაარსის ინფორმაციის კვლავ გავრცელებას, რომლის მიზანი
ოპოზიციური აქციის დისკრედიტაცია იყო“.
კვლევაში აღნიშნულია, რომ გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში
წამყვანმა სტუმრებს თითო-თითო შეკითხვა დაუსვა საგარეო კურსთან
დაკავშირებით. კითხვის ფორმულირებისას კი, წამყვანის მხრიდან
ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მიკერძოება გამოიხატა.
„კითხვა იმგვარად იყო დასმული, რომ
მაყურებლისთვის ცხადად არ ჩანდა კონტექსტი, არ ჩანდა, რომ დასავლური
სახელმწიფოების ლიდერებმა გარკვევით თქვეს, რომ საქართველოს
ევროინტეგრაციის პროცესი
შეჩერებულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკის
გამო. გვიმრაძის კითხვა იყო ზოგადი, რამაც
მმართველი პარტიის წარმომადგენელს კვლავ ზოგადი პასუხის გაცემისკენ
უბიძგა:
„ბოლო პერიოდში თქვენი, „ოცნების“ მხრიდან… მოდით,
ასე დავარქვათ, თქვენ ამას უწოდებთ ხოლმე ევროპარლამენტარების მიმართ
კრიტიკას და არა ინსტიტუციის მიმართ, თუმცა მეორე მხრიდან თუ
შევხედავთ, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი ამას იღებენ,
როგორც ევროკავშირის კრიტიკას.
ევროკავშირის ელჩი იქნება ეს, თუ მაღალი დონის
წარმომადგენლები, მაგალითად, ბორელის ბოლო განცხადება მახსენდება და
ა.შ. ამის მიუხედავად, თქვენ გვპირდებით, რომ 2030 წელს ევროკავშირის
წევრი გავხდებით, და კიდევ უამრავი სხვა საკითხი იყო, რომელიც
კრიტიკული ქვეტექსტით იყო ნახსენები „ქართული ოცნების“ მხრიდან. აი,
ამ ყველა გამოწვევის, თუ რა დავარქვათ, არასწორი მოპყრობის, თქვენ
წეღან უსამართლო მოპყრობა ახსენეთ, როდესაც კანდიდატის სტატუსთან იყო
საქმე დაკავშირებული, ამის მიუხედავად, რატომ გვპირდებით იმას, რომ
ევროკავშირში უნდა გავწევრიანდეთ?„“.
როგორც ანგარიშში მითითებულია, მიუხედავად იმისა, რომ
„პირველმა არხმა“ ფორმალურად შეასრულა კანონის მოთხოვნა და პოლიტიკური
დებატები გამართა, ამას ამომრჩევლის ინტერესის სათანადოდ
დაკმაყოფილებად ვერ მიიჩნევენ, ვინაიდან კვალიფიციური საარჩევნო
სუბიექტის სტატუსის მქონე ორი ოპოზიციური გაერთიანებისგან გადაცემაში
მონაწილეობაზე უარის მიღების შემდგომ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა
სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც ეს სტატუსი არ აქვთ, თუმცა,
წინასაარჩევნო კვლევების ნაწილის მიხედვით, საარჩევნო ბარიერს
ლახავდნენ, მონაწილეობა არ შესთავაზა.
ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში არსებული
პოლარიზაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იქნებოდა,
საზოგადოებრივი მაუწყებელი არ დაყრდნობოდა კანონის ვიწროდ
განმარტებას, საკითხისთვის უფრო ფართოდ შეეხედა და დებატებში
მონაწილეობის საშუალება მიეცა „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის,
თავისუფლებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“
წარმომადგენლებისთვისაც.