„იმედმა“ და „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ეუთო-ოდირის შეფასება მანიპულაციურად გაავრცელეს
23.12.2024



26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნასთან დაკავშირებით პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ქარდი წარწერით - „ეუთო/ოდირი: საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში OSCE/ODIHR წინასწარ დასკვნებს ადასტურებს. წინასწარი დასკვნა: არჩევნები იყო კონკურენტული“.

თუმცა, როგორც „მითების დეტექტორი წერს, ეუთო/ოდირის ანგარიშში არჩევნები „კონკურენტულად“ მხოლოდ იმ გაგებით შეფასდა, რომ მრავალპარტიულობა იყო უზრუნველყოფილი. 

„ეუთო/ოდირის ანგარიშში არჩევნები „კონკურენტულად“ შეფასდა მხოლოდ იმ გაგებით, რომ უზრუნველყოფილი იყო მრავალპარტიულობა, თუმცა დასკვნამ ყურადღება გაამახვილა ისეთ სერიოზულ ხარვეზებზე, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, დაშინება და მედიასივრცის პოლარიზაცია, რაც რეალურ კონკურენციას მნიშვნელოვნად ასუსტებს. გარდა ამისა, დასკვნაში გამოიკვეთა სხვა მნიშვნელოვანი დარღვევებიც, მათ შორის ფარულობის დარღვევა, საარჩევნო სიების ხარვეზები, რაც, ეუთო/ოდირის შეფასებით, აზიანებდა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და ეჭვქვეშ აყენებდა არჩევნების სამართლიანობას.

რაც შეეხება არჩევნების აღიარებას, ეუთო/ოდირის მანდატი საარჩევნო პროცესის შეფასებაა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით და არა მათი ლეგიტიმურობის განსაზღვრა“.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულ ეუთო/ოდირის დასკვნაში ტერმინი - „კონკურენტული არჩევნები“ ნახსენები მართლაც არის, რაც ნიშნავს იმას, რომ ძირითად საარჩევნო სუბიექტებს არჩევნებში მონაწილეობა შეეძლოთ და საარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობა ჰქონდათ. 

დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ რომ ძირითადი უფლებები (გამოხატვის, შეკრებისა და ასოციაციის უფლება) „ფართო მასშტაბით იყო დაცული“, რაც  კონკურენტული გარემოს ფუნდამენტს ქმნიდა. თუმცა ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს არსებით ხარვეზებს, რომლებიც რეალურად კონკურენტულ გარემოს ასუსტებს: ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, დაშინებისა და ზეწოლის ფაქტები, მედიის პოლარიზაცია და არათანაბარი გაშუქება, ფინანსური უთანასწორობა, საკანონმდებლო ცვლილებები, ცესკოს თავმჯდომარის მიკერძოებულობა, ხარვეზები საარჩევნო სიებში, ხმის მიცემის სირთულეები და ფარულობის დარღვევა, საარჩევნო დავების დაუკმაყოფილებლობა.

ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნების დღეს, 20 დეკემბერს, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ქარდი წარწერით: „ეუთო/ოდირი - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველა პოლიტიკური პარტია უპირატესად პოზიტიური ან ნეიტრალური კუთხით წარმოაჩინა“. თუმცა, ამის გარდა, დასკვნაში აღნიშნული იყო ისიც, რომ არხმა ყველაზე დიდი დრო მმართველი პარტიის კამპანიის გაშუქებას დაუთმო, რაც სხვა პარტიების გაშუქებას ბევრად აღემატებოდა.

„ყველა კანდიდატის გააშუქებისას საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ძირითადად პოზიტიური ან ნეიტრალური ტონი გამოიყენა (89 პროცენტი), თუმცა  წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების უმეტესი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ დაეთმო (61 პროცენტი)“.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაცია გადაამოწმა „ჯეოფაქტსმა“ და ქარდზე გაჩნდა შესაბამისი აღნიშვნაც - Missing context.

ამასთან, ეუთო/ოდირის მანდატი არჩევნების აღიარება ან მისი დამტკიცება არ არის. მისი ფუნქციაა დაკვირვება და შეფასება, რამდენად შეესაბამება პროცესი საერთაშორისო სტანდარტებს. მაგალითად, უზრუნველყოფილია თუ არა ძირითადი თავისუფლებები, არსებობს თუ არა საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც პარტიებს თანაბარ პირობებში აყენებს, რამდენად გამჭვირვალეა ხმის მიცემის, დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი, როგორია მედიაგარემო და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ
საქართველოს მედიაგარემო 2024


„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საქართველოს მედიაგარემოს შეფასების დოკუმენტი გამოაქვეყნა. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ჟურნალისტების უსაფრთხოება, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, წინასაარჩევნო პერიოდი მედიის მიმართ, დეზინფორმაციული კამპანიები, მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი პოლიტიკური და სხვა სახის გავლენისგან, ასევე - სექტორში არსებული სხვა ძირითადი გამოწვევები. 

დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციებიც, რომელიც მიზნად საქართველოს მედიაგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს.

კვლევის - „საქართველოს მედიაგარემო 2024“ ძირითადი მიგნებებია:


● 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართული მედია, განსაკუთრებით კი მისი დამოუკიდებელი და კრიტიკული სეგმენტი, მძიმე გამოწვევების წინაშე იდგა.

● მედიაგარემო მუქარის, დაშინებისა და ძალადობის გავრცელებული ფაქტებით გამოირჩევა. ძალადობის მსხვერპლი განსაკუთრებით დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.

● მმართველი პარტიის მიერ მიღებული „რუსული კანონი“ მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, საქმიანობის შეზღუდვას და საბოლოოდ მათ ლიკვიდაციას. ეს კანონი ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს, წარმოადგენს სერიოზულ უკან გადადგმულ ნაბიჯს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზაზე.

● ხელისუფლების დანაწილება და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა საქართველოში სერიოზული გამოწვევების წინაშეა. სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზაცია და მმართველი პარტიის მიერ მათი მიტაცება განსაკუთრებით მძიმედ აისახება მედიის თავისუფლებაზე.

● საქართველოს პარლამენტი თანდათანობით იქცა დახურულ სივრცედ დამოუკიდებელი მედიისთვის. ეს პროცესი განსაკუთრებით გამძაფრდა მედიის აკრედიტაციის ახალი წესების შემოღებით და უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებით, რამაც არსებითად შეზღუდა ჟურნალისტების შესაძლებლობა, გააშუქონ საპარლამენტო საქმიანობა.

● დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სტრატეგიული სამართალწარმოების სარჩელები (SLAPP) კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ან მათთან დაკავშირებული პირების მიერ წარდგენილი სარჩელები ხშირად დაშინების იარაღად გამოიყენება და მიმართულია ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვისაკენ.

● დეზინფორმაცია საქართველოსთვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება. განსაკუთრებით - შიდა დეზინფორმაცია. ყოველდღიურად ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური გზავნილები ვრცელდება. შიდა პროპაგანდის სამიზნე არიან დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიაორგანიზაციები და მათი ჟურნალისტები.

● საჯარო ინფორმაციაზე წვდომა ჟურნალისტებისთვის კრიტიკულ ნიშნულამდეა მისული.

ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია ლინკზე: https://www.hrc.ge/files/reports/360mediagaremo-2024%20geo%20full.pdf

 
 ეუთო/ოდირი: მედიასაშუალებების პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენება ძირს უთხრიდა ახალი ამბების დამოუკიდებელ გაშუქებას და ამძაფრებდა პოლიტიკურ განხეთქილების რიტორიკას


საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებულ წინასწარ დასკვნებს აქვეყნებს. წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ მისიის მოხსენების მიხედვით, პოლარიზებული მედიაგარემო და კერძო მედიასაშუალებების პოლიტიკური პროპაგანდის მიზნით ინსტრუმენტალიზაცია უარყოფით ზეგავლენას ახდენდა ახალი ამბების გაშუქებაზე, რაც ამომრჩევებს ხელს უშლიდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. 

„მედია მრავალფეროვანი, მაგრამ ძალზედ პოლარიზებულია და დაფინანსების თვალსაზრისით დამოკიდებულია პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული კერძო პირებზე, რაც ძირს უთხრის დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას. ჟურნალისტების უსაფრთხოება ბოლო დროს მათ წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი თავდასხმისა და დაშინების აქტებისა და ზეწოლის გამო კვლავაც შეშფოთების უმთავრესი საგანია. ODIHR -ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგმა ნათლად წარმოაჩინა მედიამონიტორინგით დაფარული ყველა მედიასაშუალების პოლიტიკური მიკერძოება და კომერციული სატელევიზიო არხების მიერ ახალი ამბების მიუკერძოებელი გაშუქების კანონიერი ვალდებულების უგულვებელყოფა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველა პოლიტიკური პარტია უპირატესად პოზიტიური ან ნეიტრალური კუთხით წარმოაჩინა, მაგრამ ახალი ამბების გაშუქებისას მნიშვნელოვნად მეტი დრო დაუთმო სახელისუფლებო პარტიას. კერძო მედიასაშუალებების პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენება ძირს უთხრიდა ახალი ამბების დამოუკიდებელ წარმოებას და ამძაფრებდა პოლიტიკურ განხეთქილების რიტორიკას. პოლიტიკური პარტიების პროგრამების მიუკერძოებელი ანალიზის სიმცირე და წამყვანი პოლიტიკური აქტორებისა და პარტიების უარი მონაწილეობა მიეღოთ დებატებში, ამომრჩევლებს უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას“.


მედია 

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მოხსენების მიხედვით, მედიაგარემო მრავალფეროვანი, მაგრამ ძალზედ პოლარიზებულია და ფართო პოლიტიკური ძალაუფლების მქონე სტრუქტურებს აძლიერებს. მედიასაშუალებები ფინანსური გამოწვევებით სავსე გარემოში მუშაობენ, რასაც სარეკლამო ბაზარზე არსებული დეფიციტიც ემატება, რის გამოც ისინი დამოკიდებული ხდებიან პოლიტიკურ და ბიზნესინტერესებზე.

„ჟურნალისტების უსაფრთხოება ბოლო დროს მათ წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი თავდასხმის, დაშინებისა და ზეწოლის  აქტების გამო კვლავაც შეშფოთების უმთავრესი საგანია. სამოქალაქო ცილისწამების პროცედურებთან დაკავშირებული საკანონმდებლო გარანტიების მიუხედავად, სამოქალაქო ცილისწამების საფუძვლით ბოლო დროს წარმოშობილი საჩივრები ოპოზიციასთან აფილირებული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებებით დასრულდა, რაც ძირს უთხრის საგამოძიებო ჟურნალისტიკას და კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე აყენებს ფინანსურად მყიფე მედია გარემოს“. 

ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიასთან საუბარში მხარეები ასევე აღნიშნავდნენ, რომ საჯარო ინფორმაციაზე წვდომა მნიშვნელოვან ბარიერებთან არის დაკავშირებული. მოხსენებაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზეც. 

„საკანონმდებლო ნორმების თანახმად მაუწყებლები ვალდებული არიან დაიცვან მიუკერძოებლობა და იმოქმედონ სამართლიანი და პლურალისტური მიდგომებით; თუმცა, აღნიშნული მხოლოდ თვითრეგულაციის საგანია მაშინ, როცა უფასო და ფასიანი რეკლამის განთავსებისა და ასევე დებატების გამართვის მარეგულირებელი ნორმების აღსრულებას კომუნიკაციების კომისია უწევს მეთვალყურეობას. კომუნიკაციების კომისიის წევრთა დანიშვნის პროცედურა არ უზრუნველყოფს მის დამოუკიდებლობას, რის გამოც ეს უწყება სანქციების დაწესების მეტისმეტად დიდ ძალაუფლებას ფლობს მაუწყებელთა უმრავლესობას, მათ შორის კომერციულ მაუწყებლებს, კანონი ავალდებულებს მნიშვნელოვანი ოდენობის საეთერო დრო საარჩევნო სუბიექტებს გამოუყონ. თუმცა, ODIHR-ის მიერ გაცემული რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ უფასო საეთერო დრო და დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ. გარდა ამისა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის მარეგულირებელმა ნორმებმა, რომლებიც იყენებენ ცნებას „სხვა საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო მიზნებს ემსახურებიან“ და მათმა ვიწრო გაგებით ინტერპრეტირებამ კომუნიკაციების კომისიასა და სასამართლოებს ექვსი მაუწყებელის დააჯარიმების შესძლებლობა მისცა და შეუსაბამოდ შეზღუდა ოპოზიციურ პარტიათა უფლება წინასაარჩევნო აგიტაცია მედიასაშუალებებით ეწარმოებინათ“.

როგორც მისიის ანგარიშში ვკითხულობთ, მაუწყებლები ვალდებული არიან შეამოწმონ პოლიტიკური პარტიის შინაარსი. „ქართული ოცნების“ საჩივრების შედეგად კი, სამი ტელეკომპანია არაერთხელ დაჯარიმდა იმის გამო, რომ ეთერში არ განათავსა „ქართული ოცნების“ კონკრეტული წინასაარჩევნო რეკლამები, რომლებიც ტელეკომპანიის განმარტებით კანონის, მათ შორის „სიძულვილის ენის შესახებ“ ნორმებს არღვევდა. 

„ზოგიერთი ტელეკომპანიის მიერ კომუნიკაციების კომისიისთვის წაყენებულ წინა მოთხოვნებს უარი ეთქვა პროცედურული საფუძვლით. შედეგად მთავრობასთან დაკავშირებულმა ორმა ტელეკომპანიამ, რომელთა მონიტორინგსაც ODIHR-არჩვნებზე სადამკვირვებლო მისია აწარმოებდა, 11 ოქტომბერს სრულად შეწყვიტა ოპოზიციურ პარტიათა წინასაარჩევნო რეკლამების გაშუქება. „ძლიერი საქართველოსა“ და „ ერთიანობა საქართველოს გადასარჩენად“ საჩივრები სასამართლომ ძალაში დატოვა, მთავრობასთან დაკავშირებული რამდენიმე მაუწყებელი კი დაჯარიმდა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კანონი დაჩქარებულ პროცედურებს არ უზრუნველყოფს, კანონდარღვევები არ გამოსწორებულა, რაც ძირს უთხრის ოპოზიციის შესაძლებლობებს თანაბარი პირობებით აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია“.

ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ 18-დან 25 ოქტომბრის პერიოდში ექვსი ტელეკომპაიისა და ორი ონლაინ მედიასაშუალების მონიტორინგი განახორციელა.

„ჩატარებულმა მედიამონიტორინგმა ნათლად წარმოაჩინა მედიამონიტორინგით დაფარული ყველა მედიასაშუალების პოლიტიკური მიკერძოება; კანონის მოთხოვნის მიუხედავად კომერციული ტელეკომპანიები არ იცავდნენ ახალი ამბების მოუკერძოებელი გაშუქების ვალდებულებას. ტელეკომპანიების უმრავლესობამ ახალი ამბების გაშუქებისას წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების უდიდესი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ მიუძღვნა. თუმცა, კომერციული ტელეკომპანიების გაშუქების ტონი თანხვედრაში იყო საჯაროდ აღქმულ პარტიულ მიკერძოებასთან. „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მაყურებელს ყველა საარჩევნო სუბიექტი უმეტესწილად პოზიტიური ან ნეიტრალური კუთხით წარმოაჩინა (89 პროცენტი) წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების უდიდესი წილი კი „ქართულ ოცნებას“ დაუთმო (58 პროცენტი). “საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გამართულ ერთადერთ დებატებში მთავრობისა და ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა არ მიიღეს მონაწილეობა, მას შემდეგ რაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს მონაწილეობაზე“. 

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, მედიასაშუალებების პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენება ძირს უთხრიდა ახალი ამბების დამოუკიდებელ გაშუქებას და ამძაფრებდა პოლიტიკურ განხეთქილების რიტორიკას. 

„პოლიტიკური პარტიების პროგრამების მიუკერძოებელი ანალიზის სიმცირე და წამყვანი პოლიტიკური აქტორებისა და პარტიების უარი მონაწილეობა მიეღოთ დებატებში, ამომრჩევლების უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას“. 

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას თბილისში 18 ექსპერტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი წარმოადგენდა. კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურებს დააკვირდა 42 ქვეყნის წარმომადგენელი 530 დამკვირვებელი, მათ შორის ODIHR-ის 30 ხანგრძლივვადიანი და 332 მოკლევადიანი დამკვირვებელი და ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 60-წევრიანი დელეგაცია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 39-წევრიანი დელეგაცია, ევროპარლამენტის 12-წევრიანი დელეგაცია და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 38- წევრიანი დელეგაცია.

 


„მედიაომბუდსმენმა“ 26 ოქტომბერს დაგეგმილი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მხარდასაჭერად მედიის წარმომადგენლებისთვის მოამზადა გზამკვლევი  - "როგორ გავაშუქოთ კენჭისყრის დღე?"

გზამკვლევი არჩევნების დღის გაშუქების საკანონმდებლო რეგულაციებს აღწერს. მასში საკანონმდებლო ნორმებთან ერთად, გასული წლების გამოცდილებიდან მიღებული პრაქტიკული რეკომენდაციებიც არის თავმოყრილი.

„მედიაომბუდსმენის“ გუნდი აგრძელებს მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებასაც. არჩევნების დღეს ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომი იქნება საკონსულტაციო ცხელი ხაზი: 577 070 592

გზამკვლევი „როგორ გავაშუქოთ კენჭისყრის დღე?“ იხილეთ ბმულზე: 

 
 
„ბათუმელების” დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ


12 იანვარს, ღამით, პოლიციამ ბათუმში უკანონოდ დააკავა ონლაინგამოცემების „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.

დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ მზია ამაღლობელის დაკავება და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არის წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაცია.  

ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც გუშინ განვითარებული მოვლენების დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, ჯერ კიდევ 16 დეკემბერს დაემუქრა “ბათუმელების” თანადამფუძნებელსა და რედაქტორს, ეთერ თურაძეს.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს, პირველად, უკანონოდ, კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო მოქმედებების უხეში დარღვევით დააკავეს, მაშინ, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს. მზია ამაღლობელი ხელწერილით მალევე გაათავისუფლეს.

სამმართველოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ მზია ამაღლობელი დარჩა მიმდინარე აქციაზე. მის გვერდით იმყოფებოდა ორი ახლობელი, ორივე მათგანი პოლიციამ სრულიად უკანონოდ დააკავა. თვითმხილველების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაძაბულობის დროს, მზია ამაღლობელი და „ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე მოჰყვნენ ჭყლეტაში. ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს შეაგინა. შემდეგ მოხდა მზიას უკანონო დაკავება. მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითაა დაკავებული, რაც 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

“ქართული ოცნების” პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელზეც მზია ამაღლობელის დაკავებაა აღბეჭდილი, არ არის სრულყოფილი, დამუშავებულია და არ ასახავს ადგილზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ნაწილს.

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით შეიყვანეს სამმართველოს შენობაში.  დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად, სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ.  არაერთი მოთხოვნისა და საჯარო მოწოდებების მიუხედავად, დაკავებულთან სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს, რითაც დაარღვიეს მისი დაცვის კონსტიტუციური უფლებები.

საქართველოს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოვითხოვთ და მოვუწოდებთ:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს - მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას;
  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და უკანონოდ დაკავების ფაქტების სასწრაფო გამოძიებას;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს - ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის ამ ეტაპზე სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას; მისი მხრიდან აგრესიული, უკანონო ქმედებების აღკვეთას.
  • საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს - მზია ამაღლობელის საქმით დაუყოვნებლივ დაინტერესებას, უწყვეტ
  • მონიტორინგს და შესაბამის შეფასებას.

 

  • გელა მთივლიშვილი - მთის ამბები / საქართველოს ამბების დამფუძნებელი და რედაქტორი;
  • ნატა ძველიშვილი - ინდიგოს დირექტორი;
  • ლია ჩახუნაშვილი - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი
  • ნინო ზურიაშვილი - ,,სტუდია მონიტორის” დამფუძნებელი და რედაქტორი
  • ნანა ბიგანიშვილი - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე , ,,სტუდია მონიტორის” დამფუძნებელი და რედაქტორი
  • მაია მეცხვარიშვილი, სტუდია მონიტორი, რედაქტორი
  • ხატია ლომიძე - “მედიაჩეკერის” რედაქტორი
  • გულო კოხოძე- ,, მედია სახლი-სამხრეთის კარიბჭის"  დირექტორი
  • ლიკა ზაკაშვილი პუბლიკის მთავარი რედაქტორი
  • ხატია ღოღობერიძე - მედია აპრილის თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი
  • მამუკა ანდღულაძე, მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე;
  • კამილა მამედოვა- სათემო რადიო “მარნეულის” დამფუძნებელი, დირექტორი
  • ია ბობოხიძე, "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის" თავმჯდომარე 
განცხადებას 40-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. 

“ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას გულისხმობს.

“ბათუმელების“ დირექტორი გუშინ, 11-12 იანვარის ღამეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე მეორედ დააკავეს დააკავეს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს „გაზეთი ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი. 

„„ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ გამორჩეულად მაღალპროფესიული გამოცემებია, რომლებიც დაარსების დღიდან უშიშრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, თანმიმდევრულად აშუქებენ ყველა პრობლემას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

მზია ამაღლობელი გაბედული სამოქალაქო პოზიციისა და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გამო არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების სამიზნე. ნიშანდობლივია, რომ მისი დაკავება სწორედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოტივით მოხდა“.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლის დაკავებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს მზია ამაღლობელისა და სხვა დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

„ბათუმელების" დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“. 

მზია ამაღლობელი პოლიციამ დღეს, 11 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციაზე ყოფნის დროს, კედელზე იმ პლაკატის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც ეწერა - „იფიცება საქართველო“. ამაღლობელს სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან ( ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, 173-ე მუხლი).

11 იანვრის საღამოს, ამ საპროტესტო პლაკატის გაკვრის გამო ბათუმში პოლიციამ ათამდე ადამიანი დააკავა. 

მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით მედიის წარმომადგენლები თბილისში 00:30 საათისთვის იკრიბებიან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. 

 
„ბათუმელების“ დირექტორის წინააღმდეგ გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაიწყო

ფოტო : „ბათუმელები"

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას გულისხმობს. როგორც გამოცემა წერს, ამის შესახებ ამაღლობელის ოჯახს გამომძიებელმა აცნობა. ეს დაადასტურეს შეხვედრიდან გამოსულმა ადვოკატებმაც, რომლებსაც მზია ამაღლობელთან რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. 

„ბათუმელების“ დირექტორი გუშინ, 11 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე მეორედ დააკავეს.

ამასთან, მზია ამაღლობელმა აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელს მონახულობის დროს უთხრა, რომ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი. როგორც გამოცემა წერს, ამაღლობელმა მას უამბო, რომ „როდესაც იგი პირველი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, ჭყლეტაში მოხვდა და ხელზე ტკივილი იგრძნო, რადგან მას ხელზე ძლიერად უჭერდნენ. ხელის გათავისუფლების მიზნით, მან ხელი ძლიერად აიქნია და უნებურად მოარტყა პოლიციელს, რომელიც როგორც გაირკვა, აღმოჩნდა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე. პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელი მყისიერად, თავადვე დააკავა“.

11-12 იანვარს პოლიციამ ბათუმში გამართულ აქციაზე 12 ადამიანი დააკავა, მათგან რამდენიმე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

სასამართლო აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დასაშვებობაზე დღეს იმსჯელებს

სქრინი - TV პირველი


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო აფგან სადიგოვის ექსტრადიციის დასაშვებობაზე იმსჯელებს. თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საექსტრადიციო საქმის განხილვა 28 ნოემბერს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოსგან სადიგოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობას ითხოვს. 

აფგან სადიგოვი და მისი დამცველები გენერალური პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და სასამართლოს წინაშე ასაბუთებენ, რომ მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია პოლიტიკურ და თვითნებურ დევნას ისახავს მიზნად, რაც მის ჟურნალისტურ საქმიანობასა და წლების განმავლობაში ხელისუფლების დანაშაულებისა და კორუფციული საქმიანობის კრიტიკას უკავშირდება.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში სადიგოვი დევნას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება. 

„აზერბაიჯანში აქტივისტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დევნის რეპრესიული პრაქტიკის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სადიგოვი აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში თვითნებური დევნისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდება.

მნიშვნელოვანია, რომ სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ, მათ შორის Amnesty International და ეუთო. ისინი მიუთითებენ, რომ სადიგოვის ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველო დაარღვევს საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სადიგოვის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის დევნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამას ადასტურებს თავად აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის გაზიარებული საქმის მასალები, რომელიც სრულიად არალოგიკურ და წინააღმდეგობრივ ინფორმაციასა და მტკიცებებს ეფუძნება“.

თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესებს სწორედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.

აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც მეუღლე, სევინჩ სადიგოვა ამბობსძალიან  მძიმეა. 

სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ნოემბერს გაუხანგრძლივა. ის შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3 აგვისტოს დააკავეს. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. 

 
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ კლიმატის კონფერენციის პარალელურად, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების გათავისუფლებას მოითხოვს
ფოტო - geghard-saf.am


დღეს, 11 ნოემბერს აზერბაიჯანში კლიმატის ცვლილებების 29-ე კონფერენცია (COP29) გაიხსნა, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მასპინძლობენ. კონფერენციის პარალელურად  „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ (RSF) განცხადება გაავრცელა და დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტების გათავისუფლება მოითხოვა.

ორგანიზაციის განცხადებით, აზერბაიჯანში, რომლის შემოსავლების 90% ნავთობისა და გაზის ექსპორტითაა უზრუნველყოფილი, ჟურნალისტებს, რომლებიც გარემოს საკითხებს აშუქებენ, აკავებენ და მათზე ფიზიკურად ძალადობენ. როგორც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს, ბოლო ერთ წელიწადში ხელისუფლებამ პროფესიული საქმიანობისთვის 15 ჟურნალისტი დააკავა, მათგან 13 ახლაც პატიმრობაში იმყოფება. ერთ-ერთი ნარგიზ აბსალამოვაა, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებზე საგამოძიებო მასალებს ამზადებდა.

RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი, ჟან კაველიე აღნიშნავს, ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მოსთხოვოს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს დაპატიმრებული ჟურნალისტები, შეწყვიტოს პრესის თავისუფლების უხეში დარღვევები და აიღოს ვალდებულება, დაიცვას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა.

„ჟურნალისტიკის, განსაკუთრებით გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკის დაცვისთვის მაგალითის მიცემა გაეროს კლიმატის კონფერენციის მასპინძლობის წინაპირობა უნდა იყოს. როგორ შეგვიძლია მივიღოთ ის ფაქტი, რომ ნავთობ-სახელმწიფო, რომელიც აპატიმრებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, არის იმ მოლაპარაკებების მასპინძელი, რომელიც გლობალური კლიმატის მომავალს განსაზღვრავს?“

RSF-ის განცხადებით, აზერბაიჯანში გარემოზე, ჯანდაცვასა და კლიმატზე ნავთობისა, გაზისა და სამთო მოპოვების დამანგრეველი შედეგების გაშუქება ჟურნალისტებისთვის რთული და საშიშია. ორგანიზაციას ამის მაგალითად, სწორედ Abzas Media-ის ჟურნალისტის, ნარგიზ აბსალამოვას შემთხვევა მოჰყავს, რომელიც 2023 წლის 30 ნოემბერს „უცხოური ვალუტის კონტრაბანდის“ ბრალდებით დააკავეს.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში აბსალამოვამ აზერბაიჯანის ერთ-ერთ სოფელში გამართული საპროტესტო აქცია გააშუქა, სადაც მოსახლეობა ახალი ხელოვნური ტბის იმ პროექტს აპროტესტებდა, რომელიც მიზნად სამთო ოპერაციებიდან ციანიდით და დარიშხანით დაბინძურებული ჩამონადენის შეგროვებას ისახავდა. პოლიციამ მშვიდობიანი მოსახლეობა სასტიკად დაარბია და ადგილიდან სამი ჟურნალისტი, მათ შორის ნარგიზ აბსალამოვა ძალადობრივად გააძევა. 

როგორც ორგანიზაცია წერს, აბსალამოვა, Abzas Media-ს 4 სხვა კოლეგასთან და კიდევ სხვა 8 დამოუკიდებელ ჟურნალისტთან ერთად, (რომელთა შორისაც Toplum TV-ის წარმომადგენლებიც არიან), არასათანადო მოპყრობას განიცდიან.

RSF-ის პრესის თავისუფლების რეიტინგში აზერბაიჯანი 180 ქვეყნიდან 164-ე ადგილს იკავებს.

 
თალიბანს სურს, მედიაში აიკრძალოს ყველა ცოცხალი არსების ამსახველი სურათის გამოქვეყნება


თალიბანი გეგმავს, ახალი შეზღუდვები დაუწესოს მედიას ავღანეთში. უფრო კონკრეტულად კი, მათ სურთ, რომ აიკრძალოს ყველა ცოცხალი არსების ამსახველი სურათის გამოქვეყნება. ამის შესახებ ინფორმაციას VOA ავრცელებს.

პატიოსნების ხელშეწყობისა და მანკიერების აღმოფხვრის სამინისტროს თქმით, „კანონი შეეხება ავღანეთის მთელ ტერიტორიას და ეტაპობრივად დაინერგება“.

ცოცხალი არსებების სურათების გამოქვეყნება ავღანეთში აკრძალული იყო თალიბანის წინა მმართველობის პირობებშიც, 1996 წლიდან 2001 წლამდე.

ახალი კანონი ასევე გულისხმობს რჩევას მოსახლეობისადმი „არ გადაუღონ ქუჩაში ცოცხალ არსებებს სურათები“,  თუმცა, ეს პუნქტი მედიას არ ეხება.

 
როგორ დავამარცხოთ „დიფ სთეითი“?


რამდენიმე კვირის წინ დედა, რომელიც 82 წლისაა მირეკავს და მეკითხება: “ერთი გამაგებინე, ეს „დეპსტეტი“ რა არის?” მივხვდი, რა საკვირველია, რომ „დიფ სთეითს“ გულისხმობდა. ავუხსენი შეძლებისდაგვარად. დღეს ისევ მეორდება ზარი - “დამავიწყდა, რას ნიშნავდა „დიფ სტეიტიო“” (ალბათ „ოცნების“ 8 იანვრის განცხადება წაიკითხა) და ისევ ავუხსენი. ამას მეორე კითხვა მოაყოლა - “და ბალაკლავა რა არისო? რომ აკრძალესო?” ესეც ავუხსენი. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს უსმენს და კითხულობს და ამ ასაკში სოციალურ ქსელსაც კარგად ფლობს, მაინც მიუწვდომელია მისთვის ეს ტერმინები და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვისაც. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს 2024 წლის 8 იანვრის განცხადების მიზანი არ იყო, ვინმეს აზრი გამოეტანა, არამედ ადამიანების გონებაში ჩარჩენოდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კონცეფცია: 

  • მსოფლიოში ტურბულენტური ვითარებაა, მოშლილია უსაფრთხოების სისტემა, ჩვენ კი ჩვენი ნავსაყუდელი გვაქვს - ბიძინა და „ქართული ოცნება“;
  • ისეთი კატაკლიზმებია, რომ თვით აშშ-ის პრეზიდენტიც კი შეიძლება დამარცხდეს ბრძოლაში - ჩვენ რას გვიზამენ - ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ნავსაყუდელი უფრო შემოვიმტკიცოთ; 
  • იზოლაცია კარგიც და აუცილებელიცაა - რაც შეიძლება უნდა მოვშორდეთ ამ აურზაურს, ჩავიკეტოთ, ჩავრაზოთ კარი - ქარიშხალი რომ გადაივლის და გამოიდარებს, მერე გავაღოთ და შემოვუშვათ ჰაერი;
  • მანამდე, თუ ტრამპიც დამარცხდა, ჩვენი კარი იმდენად ამოქოლილი უნდა გვქონდეს, რომ აქაც ვერ შემოაღწიონ - რუსეთი და ჩინეთი თუ დაგვეხმარება ამოქოლვაში, რა - არ გავაკეთოთ ეს? 
  • შეიძლება გაგვიჭირდეს, რაღაცები აღარ გვქონდეს, წამლებისა და განათლების დეფიციტი გაჩნდეს, მაგრამ ახლა ეს უნდა გადავაგოროთ - რაც უფრო ჩავიკეტებით, დავიმალებით, უფრო დიდი შანსია, არავინ შეგვამჩნიოს და ყველას დავავიწყდეთ - ხომ ეს გვინდა?

მოკლედ რომ ვთქვათ, 8 იანვრის განცხადებით „ოცნებამ“ თითქოს წერტილი დაუსვა ომისა და მშვიდობის დილემას და ის აქცია ძალიან ოსტატურად ახალ დიქოტომიად: კარჩაკეტილობის სიკეთეები VS ღიაკარისა და ღია საზოგადოების საფრთხეები. საბოლოოდ, ის მივიდა იმ წერტილამდე, როდესაც დაუფარავად გვითხრა - კარჩაკეტილობა ახლა გადაგვარჩენს, ხოლო ღიაობა - დაგვღუპავს. 

„ოცნების“ მასტერნარატივი ახლა ასეთია: გარეთ ქარბუქი, თოვლი და ქარიშხალი, ხეები ირწევა, ისმის ქარის წუილი და ტოტების მტვრევის ხმა - შენ კი გამთბარ, ჭრაქით განათებულ ქოხში ზიხარ, შუაცეცხლზე ქვაბი კიდია და ლობიო იხარშება, ბებო შეშის ღუმელთან ზის. ისეთი ამინდია, გარეთ ძაღლსაც არ გააგდებ. ზამთარი გრძელია, შენ მართალია შეშის ღუმელთან ხარ, მაგრამ არ გცივა, დელიკატესებს ვერ მიირთმევ, მაგრამ არ გშია. იცი, რომ გარეთ თუ გახვალ, მგელი ან „დიფ სთეითი“ შეგჭამს. სოფლის თავში კი გამოქვაბულში ბრძენი ცხოვრობს, რომელიც გეტყვის, როდის გამოხვიდე. შენ ნუ შეეკითხები, თვითონ იცის და შენც მიხვდები, როდის მოვა დრო. 

ეს მუდბორდი მალე შეიცვლება - უფრო მეტი ასკეტიზმი გახდება საჭირო და მსხვერპლშეწირვა, რადგან გაგვიჭირდება, მაგრამ სირთულეები გარეთ სიცივეში გაგდების შიშს მაინც ყოველთვის გადაწონის, თუ მართლა არ ამოვიხოცეთ შიმშილით. ასე რომ დრო ჯერ კიდევ აქვთ, ვიდრე არ გაჩნდება რამე წონიანი ალტერნატივა. 

„ოცნების“ ეს სთორითელინგი თავიდან ბოლომდე არის აგებული დაცულობის შეგრძნების შენარჩუნებაზე - დამღლელი დღის შემდეგ თბილ ლოგინში ჩაწოლის მოლოდინზე. ამით გამართლდება მის მომხრეებში სისასტიკე, უკანონობა, რომელსაც სჩადის მოქალაქეების წინააღმდეგ - იცავს სტაბილურობას.  

სასწორზე იმდენად დიდი რაღაც დევს - ჩვენი ევროპული მომავალი, ეროვნული მისია, რომ პროპაგანდა ყველა ღონეს იხმარს, სულ უფრო გააღრმავოს გადარჩენის ინსტინქტი, რომ აღარ ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დავკარგეთ, რა ქვეყანად ვიქეცით. ყოფით დონეზე წრიალი ამ სტრატეგიის ღერძი იქნება - რა სასამართლო რეფორმა, ან განათლების რეფორმა ან ინსტიტუტების მშენებლობა და სხვა ღირებულებები - ჯერ კუჭი და გადავრჩეთ ფიზიკურად. 

კარჩაკეტილობის აგიტაცია იქნება საპროგრამო ხაზი - იზოლაცია, რომელიც დაცულობას გვძენს (მშვიდობა და სტაბილურობა). ხოლო საპროტესტო მოძრაობის მიზანია კარის გახსნა, ევროპასთან ინტეგრაცია და ეს ახლა საშიშია, ორპირი ქარია, შეარყევს არსებულ წყობას და სახიფათოა (ტერმინი: რადიკალები). 

ამ ისტორიის განმტკიცებას პროპაგანდის მარტივი ტექნიკებით შეძლებენ. „დიფ სთეითის“ ხშირად ხსენება მხოლოდ იმიტომ იყო აუცილებელი აღნიშნულ ტექსტში, რომ რაც შეიძლება სქელ საბურველში გახვიოს სიმართლე, ათასი ფენა შემოაბლანდოს. საპასუხოდ კი დიდი დრო დაგვჭირდეს ამ შრეების დასაშლელად და ადამიანებამდე მისატანად. ამიტომ ეს წამგებიანი სტრატეგიაა და იმის ახსნაზე კი არ უნდა ვიმუშავოთ, რა არის „დიფ სთეითი“ და რა - არ არის, ან გლობალური ომის პარტიის მითი დავანრგიოთ. ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ იმ დონეზე, რა დონეზეც პროპაგანდა მუშაობს მოქალაქეების შეგნებაზე. 

პროპაგანდამ კარგად მოახერხა ჯერ გადარჩენის ინსტინქტამდე დაეყვანა ჩვენი ეროვნული და პიროვნული მისია და შემდეგ ამის გადაწყვეტად (solution) შესთავაზა საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა და ამით შექმნა, როგორც აღვნიშნეთ დაცულობის, შემოსაზღვრულობის განცდა საკუთარ მომხრეებში. ის არ სთავაზობს არაფერს კარგს - როგორ შეიძლება კურსის ცვლილება და კარჩაკეტილობა სასურველი იყოს ვინმესთვის, მაგრამ საპირწონედ შესთავაზა საპროტესტო აქციებით მოტანილი შფოთი და ოპოზიციური ალტერნატივის გაურკვევლობა. ყველამ იცის, რომ სტრესის ყველაზე დიდი წყარო არის გაურკვევლობა. ნაჭუჭში კი უკვე ყველაფერი განსაზღვრულია. 

მაშ, როგორ უნდა დავუპირისპირდეთ პროპაგანდას ამ პირობებში? პასუხი, ალბათ, მარტივია - რადგან შფოთს გაურკვევლობა კვებავს, სიცხადე უნდა შემოვიტანოთ. არ დავცინოთ, არ გავაქილიკოთ და დავიწყოთ საუბარი ეგზისტენციალურ საკითხებზე - გარე და შიდა უსაფრთხოების - ანუ ვაღიაროთ, გარეთ რა ამინდია და მივიღოთ პასუხები შემდეგ კითხვებზე:

  • როგორ ვივლით ქარტეხილებში? 
  • როგორ გავუმკლავდებით რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს?
  • როგორ გავუმკლავდებით და დავაზღვევთ დასავლეთის შეცდომებს (რაც თვალსაჩინოა უკრაინის კონტექსტში)? 
  • და ამის შემდეგ, როგორ დავიცავთ ყველას, რომ ისევ არ წავიდეთ შურისძიების ან რევანშის წრეზე და პასუხს მოვითხოვთ მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს პირობებში. 

საზოგადოებამ უნდა მოვითხოვოთ, პოლიტიკურმა აქტორებმა რაც შეიძლება სწრაფად გასცენ ამ კითხვებს სანდო და კვალიფიციური პასუხები და შექმნან წონიანი ალტერნატივა ცვლილების მოსატანად - გავაჩინოთ უსაფრთხოების განცდა. პროპაგანდის პოსტულატები თავისით გაბათილდება და გაქრება, როგორც გუშინდელი თოვლი და ის არავის ემახსოვრება. ყველა სხვა შემთხვევაში ჩვენი მცდელობა გამოვხლართოთ პროპაგანდის შრეები, წარუმატებელი იქნება - ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გასაკეთებელია მეინსტრიმ მედიისა და საზოგადოების ზეწოლით. 








ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 
„პირველი არხის“ დამაზიანებელი, ცრუ ბალანსი


საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მათ წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების შემდეგ ეთერი გახსნა — „პირველი არხის“ საეთერო დროის მცირე ნაწილი დაუთმო საზოგადოების ისეთ წარმომადგენლებს, რომლებიც წლებია, მათ ძირითად საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში საერთოდ არ ჩანან. თუმცა, მაუწყებელმა გადაწყვიტა, რომ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანთა ეთერში გამოჩენა დააბალანსოს, თან, ეს გააკეთოს ეთერში „ქართული ოცნების“ იმ მხარდამჭერთა მიწვევით, რომლებსაც თავიანთ ეთერს აქამდეც საკმაოდ ხშირად უთმობდნენ.

ეს მიდგომა 100 მილიონზე მეტი ლარით დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოგონილი არ არის და მედიამკვლევრები მსგავს პოლიტიკას სხვადასხვა ტერმინებით აფასებენ: „ცრუ ბალანსი“, „დამაზიანებელი ბალანსი“, „ცრუ ეკვივალენტი“ და ა.შ. 

ირლანდიელი მკვლევარი და სამეცნიერო ჟურნალისტი დეივიდ რობერტ გრაიმსი სამეცნიერო ჟურნალ EMBO reports-ში გამოქვეყნებულ კვლევაში დეტალურად მიმოიხილავს, მეცნიერების გაშუქების კონტექსტში თუ რას ნიშნავს „დამაზიანებელი დაბალანსება“. ამის საილუსტრაციოდ ის კლიმატის ცვლილების საკითხს იხსენებს. 

როგორც დეივიდ რობერტ გრაიმსი წერს, ძალიან ბევრი მონაცემი მიუთითებს, რომ კლიმატი ადამიანთა ზემოქმედების შედეგად იცვლება. მეცნიერები ამ შეფასებაზე არ დავობენ. თუმცა, ამერიკული მედიის ანალიზი აჩვენებს, რომ მედიაში მეცნიერებსა და კლიმატის ცვლილების უარმყოფლებს თანაბარი გაშუქება აქვთ — ჟურნალისტები „ბალანსის“ მისაღწევად მეცნიერულ ცოდნას თანაბარი დოზით უპირისპირებენ საწინააღმდეგო აზრს, რომელიც არც შესაბამისი მონაცემებით არის გამყარებული და არც სამეცნიერო ცოდნით. 

დაახლოებით მსგავსი შემთხვევა გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაშიც. ნაცვლად იმისა, რომ მაუწყებელს ისედაც ჰქონოდა მეტად გახსნილი საინფორმაციო სივრცე საზოგადოების მრავალფეროვანი ჯგუფებისთვის, ეს მხოლოდ პროტესტის შედეგად გააკეთა, ისიც ლიმიტირებულად და „დაბალანსებულად“, უფრო სწორად, თავისებური ცრუ ბალანსის შექმნით. 

ცრუ ბალანსის მარტივი მაგალითია, როცა სხვადასხვა სიმძიმისა და მნიშვნელობის საკითხს ჟურნალისტი ერთ წონასა და მნიშვნელობას ანიჭებს — ფაშიზმსა და ბულინგს უწოდებს ხელისუფლების მომხრეთა მიმართ სოციალურ ქსელებში დაწერილ მოსაზრებებს, ხოლო იმ შემთხვევებში, როცა ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გაშვებით ემუქრებიან, აქტივისტებს დაკავების შემდეგ ფიზიკურად უსწორდებიან და.ა.შ პირად შეფასებას ერიდება და ამბობს, რომ ის მიუკერძოებელი ჟურნალისტია. 

ცრუ და დამაზიანებელი ბალანსის ერთ-ერთი ნიმუშია ეთერში არარელევანტური სტუმრების მიწვევა. მაგალითად, 7 დეკემბრის გადაცემაში მაკა ცინცაძემ პირდაპირ ეთერში ჩართო სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს წევრი დაჩი ცაგურია. რკინიგზის მაღალჩინოსანი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაყურებელს „ყოფილი პოლიტპატიმრის“ სტატუსით წარუდგინა. ცაგურიამ, ტრადიციულად, 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარ დარბევასა და მიმდინარე მოვლენებთან პარალელებზე ისაუბრა. 

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბოლო 12 წელია, დაჩი ცაგურია „საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტშია. საზოგადოებრივ მაუწყებელს ნამდვილად რომ აინტერესებდეს საზოგადოების ინტერესების დაკმაყოფილება, ნაცვლად 17 წლის წინ მომხდარი ამბისა, „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს წევრს აუცილებლად ჰკითხავდა, მაგალითად, რამ გამოიწვია რამდენიმე თვის წინ თბილისში, სარკინიგზო ხაზზე წინასწარი დაგეგმილი სამუშაოებისას სარკინიგზო ავარია, რასაც რკინიგზის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა, ამის გამო აგო თუ არა ვინმემ პასუხი, რატომ არ იყო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი, რკინიგზის მენეჯმენტმა მიიღო თუ არა ზომები მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად და ა.შ. საზოგადოების ინტერესზე მზრუნველი მაუწყებელი რკინიგზის მაღალჩინოსან დაჩი ცაგურიას ასევე აუცილებლად დაუსვამდა კითხვას, როგორ მოახერხა მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ ბოლო წლებში სახელმწიფო კლინიკებთან მილიონამდე ლარის კონტრაქტის გაფორმება და სხვ.

თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანი ამ შემთხვევაში ცხადია — შექმნას ცრუ ბალანსი და ნიღბიანი სპეცრაზმელების მიერ პროევროპული აქციის მონაწილეთა სამაგალითო დასჯასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას დაუპირისპიროს 2007 წელს მომხდარი დარბევა, ამით კი ერთგვარი ლეგიტიმაცია მისცეს 2024 წელს ჩადენილ ძალადობას. 

დამაზიანებელი და ცრუ ბალანსის მაგალითია, როცა მწერალი ნაირა გელაშვილი გადაცემის დასაწყისში „ქართულ ოცნებას“ ძალადობისა და ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილების გამო აკრიტიკებს, გადაცემის ბოლოს კი „ოცნების“ დეპუტატ ნინო წილოსანს ეძლევა საშუალება, ისაუბროს ყველაფერზე, გარდა თავისი პარტიისა და დანაშაულის ჩამდენთა პასუხისმგებლობისა. 

ხელისუფლების კრიტიკოსთა ეთერში გამოჩენის მსგავსი ფორმით დაბალანსება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველმა არხმა“ წესად აქცია. ამ წესის მიხედვით კი, „ქართული ოცნების“ წევრები და მათი მხარდამჭერი სპიკერები აუცილებლად გადაცემის ბოლო ბლოკში საუბრობენ, ბოლო, დასკვნითი სიტყვა მათია. წამყვანის როლი ასეთ შემთხვევაში, ძირითადად, მოსმენით შემოიფარგლება, „ქართული ოცნების“ როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ სპიკერებს შეუზღუდავად შეუძლიათ, გაავრცელონ სიცრუე, ჰომოფობია და ა.შ. 

18 დეკემბერს მაკა ცინცაძის გადაცემის ბოლო ბლოკის სტუმრები „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია და მსახიობი ნიკოლოზ გაბელია იყვნენ. 

ჯონდი ბაღათურიას ანტიდასავლური, სიცრუით გაჯერებული სატელევიზიო მონოლოგისას წამყვანის როლი, ძირითადად, მოსმენითა და პერიოდულად, თანამოაზრის რეპლიკებით შემოიფარგლა. ჯონდი ბაღათურიამ ახსენა, რომ აქციის მონაწილეები „მამა შალვა კეკელიას მიუვარდნენ“, რაც სიცრუეა. თავად სასულიერო პირმაც აღნიშნა, რომ მასთან ეკლესიაში არავინ მივარდნილა, თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანს მისთვის ამის შესწორება არც კი უცდია. მაკა ცინცაძემ გადაცემის ორივე სტუმარს საშუალება მისცა, ჰომოფობიური ტექსტებით დაეცინათ გერმანელი პოლიტიკოსის მიხაილ როთისთვის. 

დაკვირვება აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის გადაცემებში ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების „დასაბალანსებლად“, ძირითადად, ისეთ ადამიანებს იწვევს, რომლებიც ხელისუფლების ღიად პროპაგანდისტული ტელეარხის, „იმედის“ სტუმრები არიან. ამ გადაცემებში მაუწყებლის წამყვანები ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ დისკუსიის აუცილებლობაზე, დებატებზე, რათა ქვეყანაში შექმნილი კრიზისული სიტუაცია განიმუხტოს. თუმცა, ავიწყდებათ მთავარი: დისკუსიისთვის სივრცე თავად დახურეს და ახლა, როცა საზოგადოების ზეწოლის შედეგად ეთერი ნაწილობრივ გახსნეს, ცდილობენ, მმართველი პარტიის კრიტიკა ცრუ, პროპაგანდისტული ნარატივებით დააბალანსონ. 

მიუხედავად იმისა, რომ „პირველი არხის“ წამყვანმა, მაკა ცინცაძემ პირდაპირ ეთერში არაერთხელ თქვა, რომ ტელეარხი მუდამ თავისუფალი იყო და არ არსებობდა იმ ადამიანთა „შავი სია“, ვისი ეთერში მიწვევაც აკრძალული იყოო, სხვა სურათს აჩვენებს ის, თუ რა გადიოდა „პირველი არხის“ ეთერში. 

2024 წლის გაზაფხულ-ზაფხულში, მაშინ, როცა საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის შემზღუდავი „რუსული კანონი“ მიიღო, მაკა ცინცაძის ყოველკვირეული გადაცემის სტუმრები, ძირითადად, ხელისუფლების წარმომადგენლები, ან მასთან აფილირებული სპიკერები იყვნენ:

  • ირაკლი გოგავა – პოლიტოლოგი
  • დაჩი ცაგურია – „საქართველოს რკინიგზის“ მაღალჩინოსანი ყოფილი პოლიტპატიმრის სტატუსით
  • ვლადიმერ ბოჟაძე (ორჯერ) – თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი
  • ბიძინა გიორგობიანი – ყოფილი პოლიტპატიმარი
  • გურამ მაჭარაშვილი – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“
  • იაგო ხვიჩია – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ თავმჯდომარე 
  • ნიკოლოზ გაბელია – მსახიობი 
  • რამაზ საყვარელიძე (ორჯერ) – პოლიტოლოგი 
  • ალექსანდრე რაქვიაშვილი – პარტია „გირჩი“, პარლამენტის წევრი 
  • სოზარ სუბარი – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე 
  • ჯონდი ბაღათურია – „ქართული დასის“ თავმჯდომარე 
  • მამუკა არეშიძე – პოლიტოლოგი, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი 
  • ვასილ მაღლაფერიძე – საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე 
  • გიორგი გვიმრაძე – საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი

აღნიშნული სია არის ყველაზე კარგი ილუსტრაცია იმისა, თუ რა სარედაქციო პოლიტიკა აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს და როგორია თავად ერთი კონკრეტული წამყვანის, მაკა ცინცაძის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის ხარისხი. 

იმ რამდენიმეთვიან პერიოდში, როცა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ქვეყანაში მრავალათასიან აქციებს მართავდა საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედია, რატომღაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ წამყვანისთვის ამ თემაზე სასაუბროდ რელევანტური სტუმარი იყო ჯონდი ბაღათურია, დაჩი ცაგურია, ლადო ბოჟაძე, მამუკა არეშიძე და სხვები. ხოლო იმ ადამიანებისთვის, ვისაც კანონი უშუალოდ შეეხო და ვინც პირადად ეწინააღმდეგებოდა მის მიღებას, მაუწყებლის ეთერი დაიხურა და არხს ამ ეთერის ფორმალურად დაბალანსებაც კი არ უცდია. 

 
ხალხი - პირველად საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში



რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მოვიპოვოთ. მოვიპოვოთ და არა დავიბრუნოთ, რადგან ის არასდროს ყოფილა ხალხის, ის დღიდან მისი არსებობისა არსებული ხელისუფლებების კონტროლის ქვეშ იყო. სამწუხაროდ, ვიდრე საქართველოს პარლამენტში ერთი პოლიტიკური პარტია იქნება უმრავლესობაში, იქამდე იქნება საზოგადოებრივი მაუწყებელიც საპარლამენტო უმრავლესობის და მმართველი გუნდის დაქვემდებარებაში. ვინაიდან პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭოს ირჩევს, სამეურვეო საბჭო - დირექტორს, დირექტორი დანარჩენ მენეჯმენტს ნიშნავს და ისინი ერთად საპარლამენტო უმრავლესობისთვის მისაღებ საინფორმაციო პოლიტიკას აწარმოებენ. 

მოლოდინი იმისა, რომ ოდესმე და რომელიმე მმართველი ძალა გამოავლენს პოლიტიკურ ნებას, მისცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისუფლება, ფუჭია. ამიტომ, მრავალპარტიული პარლამენტი თუ კოალიციური მთავრობა ამ შემთხვევაშიც ერთადერთი გამოსავალია. 

ბოლო პერიოდამდე  „პირველი არხის“ მუშაობას თვალს არავინ ადევნებდა, ამიტომაც იყო მისი რეიტინგი მინიმალური და მისი ეთერი - ნაცრისფერი. თუ არავინ გიყურებს, საინფორმაციო გამოშვებებში ცოტ-ცოტას ყველას აჩვენებ, ხელისუფლებისთვის პრობლემურ თემებს არ გააშუქებ, სიუჟეტებს „შენი ხმით“ ანუ მთავრობის წევრის ან მხარდამჭერის სიტყვებით დაასრულებ და თუკი მონიტორინგის ქვეშ მოყვები, შენი მიკერძოებულობაც გამოჩნდება. 

აი, მაგალითად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, „პირველ არხს“ წინასაარჩევნო პერიოდში თითქმის არ ჰქონია ხელისუფლების რომელიმე შტოს მამხილებელი მწვავე, ექსკლუზიური მასალა და  არხის ჟურნალისტებს არ გამოუვლენიათ კორუფციისა და ადამიანის უფლებების შემლახავი ფაქტები. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ „მოამბის” ეთერში აქტიურად  შუქდებოდა მწვავე პოლიტიკურ ამბები, რა დროსაც  რედაქცია დროს უთმობდა ამბავში ჩართულ ყველა მხარეს, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს ის ხშირად ფორმალური ბალანსის დაცვით აშუქებდა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფსონი გასართობ და შემეცნებით გადაცემებზე დადო და ნებისმიერი პოლიტიკური შინაარსის გადაცემა მეორე ფლანგზე გადაწია. ამიტომ იხარჯება მილიონები „მასტერ შეფის“, „რანინას“ და ამ ტიპის სხვა შოუებზე. არხის მიზანი არ არის ქვეყანაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ობიექტური გაშუქება. ქვეყანაში, სადაც Unicef-ის კვლევის თანახმად, ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის, ისინი კი, ვინც სკოლის საათებში საკვებს არ იღებენ, ხშირად ფინანსური შესაძლებლობების არმქონე ოჯახებიდან არიან და სტატისტიკურად დაახლოებით  44.9%-ს შეადგენენ, „პირველი არხის“ მთავარი სავიზიტო ბარათი მეგა შოუ “მასტერ შეფია”, (რომლის 2023 წლის ბიუჯეტიც 1 100 000 ლარი იყო) სადაც ამ ბავშვებს უგემრიელეს კერძებს  შორიდან აჩვენებენ. სწორედ ასეთი შოუები ქმნის იმ პარალელურ, ილუზორულ რეალობას, რომლის არსებობასაც მმართველი პარტია გვაჯერებს.  

დავუბრუნდეთ მთავარ თემას. იმის თქმა მსურს, რომ სწორედ ეს დაბალი რეიტინგი აძლევს საზოგადოებრივ მაუწყებელს იმის „უფლებას“, რომ საინფორმაციო გამოშვებებში რესპონდენტების მოსაზრებები ფორმალურად დააბალანსოს. 

ბოლო პერიოდში, საუბარია უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, არხის ნეიტრალური ტონი უფრო მკვეთრად პროსახელისუფლო ტონით შეიცვალა. მაგრამ, მისი პოზიცია არასდროს ყოფილა ისეთი მკვეთრი, როგორც ეს დღეს არის. მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი საზოგადოებრივმა მოძრაობამ მოიპოვა და არხს უწევს არა ურეიტინგო პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ საზოგადოების უპარტიო წევრებთან ოპონირება და მთავრობის პოზიციების დაცვა.  

„პირველი არხის“ წამყვანები თუ დირექტორი მუდმივად გვიმეორებენ, რომ არხი მთელი ამ წლების მანძილზე ეთერს უთმობდა განსხვავებულ მოსაზრებებს, თუმცა ბოლო 20 დღის მანძილზე, ტელევიზიის საგანგებო ეთერში მისული სტუმრების აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს, რომ: „პირველად არის მათთან სტუმრად“, „2016 წლის შემდეგ აღარ ყოფილა“, „ბოლო  4-5 წელია არ ყოფილა“ და ა.შ. 

„პირველი არხის“ ჟურნალისტებმა კარგად იციან, როგორ უნდა მოიქცნენ ახლა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხის მიერ მოპოვებულ ეთერში, ასე ვთქვათ, მათი კვოტით პოლიტიკოსები არ შედიან, გადაცემის წამყვანები მონოტონურად ცდილობენ, სწორედ ოპოზიციის გადაწყვეტილებებზე ალაპარაკონ სტუმრები, მათ ქმედებებზე მოსთხოვონ პასუხი და მაყურებლის თვალში ისინი ოპოზიციის მიერ მართულ ძალად წარმოაჩინონ. ზუსტად ისე, როგორც ირაკლი კობახიძე თუ მამუკა მდინარაძე ცდილობს, საპროტესტო აქციები „ნაცმოძრაობის“ თუ „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ მართულად წარმოაჩინოს. იმავეს აკეთებს „პირველი არხიც“. 

მესიჯებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს, “მოამბის საგანგებო ეთერის” წამყვანი, მაკა ცინცაძეც მიჰყვება: „29 დეკემბრიდან სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტი იქნება“, „დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, 20 იანვრიდან საქართველოსთან ურთიერთობები გადაიტვირთება“, „ქუჩის პროტესტის უკან რადიკალური ოპოზიციაა“, „ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა“ და ა.შ. 

რა ხდება მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეებმა „პირველი არხის“ 2-საათიანი საგანგებო ეთერიდან ნახევარი საათი მოიპოვეს? ტელევიზიის ეთერში გაისმა ისეთი ადამიანების ხმა, რომლებიც სამთავრობო პროპაგანდის მიხედვით, ქვეყნის მთავარ მტრებად (აგენტებად) იყვნენ გამოცხადებულები, გაისმა იმ ადამიანების პოლიტიკური მოსაზრებები, რომელთაც აქამდე ეს არხი მხოლოდ გასართობ ან შემეცნებით გადაცემებში თუ ეპატიჟებოდა, გაისმა ნაცემი და დაზარალებული ადამიანების ხმა, რომელნიც აქამდე კადრ-სინქრონს არ გასცდენიან, გაისმა ხმა რეგიონიდან. მაყურებელი ამ არხზე გადმორთვას იწყებს. 

ამ ეთერით ჩვენ ფაქტიურად მოვიპოვეთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ აღიარება, რომ გარედან, ხალხის ჩარევა აუცილებელია, რადგან განსხვავებულ აზრს თავად ისინი არ აჟღერებენ. მაგალითად, აქამდე „პირველის არხის“ სტუდიაში არ ყოფილან: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი ნინო დოლიძე, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, „კანონის უზენაესობის ცენტრის“ თავმჯდომარე ლონდა თოლორაია, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტები გურო იმნაძე და თამთა მიქელაძე, ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე და კიდევ 57 რესპონდენტი. წინ კიდევ უზარმაზარი სიაა, ყველა მოთმინებით ელის თავის რიგს, რომ მის კუთვნილ ტელევიზიაში მისი ხმა გაისმას. 

ცხადია, პროპაგანდა მაინც იბრძვის, ამავე გადაცემებში ცდილობს, პროტესტი მხოლოდ პოლიტიკოსებს დაუკავშიროს, ამიტომ განსხვავებულ ხმებს აუცილებლად ან წინ აბამს რომელიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ან შემდეგ, გადაცემას კი აუცილებლად აქტიური პროპაგანდისტებით ასრულებს და საზოგადოების მიერ მოპოვებულ ნახევარ საათს სენდვიჩის პრინციპით ისე ჭყლეტს, რომ არ დაგვანახოს, შუაში რა დევს. 

დანარჩენი ეთერი კიდევ უფრო მეტად გადავსებული და გაჟღენთილია პროპაგანდით, არხი საკუთარი თანამშრომელის მოთხოვნასაც კი არ აჟღერებს კადრ- სინქრონს მიღმა, ეთერს მათაც არ უთმობს და შეშინებული მაამებლურ საინფორმაციო პოლიტიკას აგრძელებს. 

მიუხედავად ამისა, ნავსი გატყდა. ხალხი ისევ ითხოვს ღია ეთერს და როგორც ქვეყანაში, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მთელი ძალით ებღაუჭება ძალაუფლებას - წარმავალია! აუცილებლად დადგება დრო, როდესაც აღარავის ექნება სათქმელი: „მადლობა შესაძლებლობისთვის, თქვენს ეთერში პირველად ვარ…” 








ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

 

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ