ფოტო: International Journalists' Network
შოვის ტრაგედია ის შემთხვევაა, რომელსაც გიორგი
ლაფერაშვილი "მედიაჩეკერთან" ჟურნალისტების პროფესიულ
სტრესსა და მასთან გამკლავების გზებზე საუბრის დროს იხსენებს.
"ფორმულას" პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერის
თქმით, სტიქიის ადგილიდან რამდენიმედღიანი გადაბმული მუშაობის შედეგად
ტელეკომპანიის გადამღებმა ჯგუფებმა საკმაოდ სერიოზული სტრესი მიიღეს.
ლაფერაშვილის განმარტებით ის, რაც მაშინ კომპანიამ შეძლო
თანამშრომლებისთვის დასასვენებელი საგზურების მობილიზება იყო, რომ
"ცოტა ამოესუნთქათ".
"მართლა ძალიან დიდი სტრესი მიიღეს,
რამდენიმეს ვურჩიეთ კიდეც, რომ ცოტა უფრო სერიოზული დახმარებისთვისაც
მიემართა, მაგრამ ასე ვთქვათ, პირადი რჩევის
დონეზე".
2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვის ტერიტორიაზე მომხდარ
სტიქიურ უბედურებას 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამაშველო
სამუშაოების შესრულების დროს დაიღუპა სამხედრო პირიც.
"არ არის ლაპარაკი მარტო ომზე,
კატასტროფებზე, ბუნებრივ კატაკლიზმებზე და ა.შ. ნებისმიერი დღე,
ნებისმიერი შემდეგი დავალება, თუნდაც 1 მკვლელობა და მისი გაშუქება
შეიძლება ტრიგერი გახდეს ძალიან დიდი ტრავმის, რომელსაც ჟურნალისტი
ყოველდღიურად იღებს დამატებით იმ სტრესისგან, რაც ამ საქმეს ისედაც
თან ახლავს.
სამწუხაროდ, არ არის ჩვენთან ეს პრაქტიკა, რომ ამაზე
ჟურნალისტები ღიად ლაპარაკობდნენ. რედაქციის ჩარევა როგორც წესი, იმ
შემთხვევაში ხდება ხოლმე, თუ ფიზიკურ ტრავმასთან გვაქვს საქმე
და რედაქცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი რეპორტიორები
ფიზიკური ტრავმებისგან დაიცვას. მაგრამ რაც შეეხება ამ ფსიქოლოგიურ
მომენტებს, აქ ძირითადად მედიამენეჯერების ან კეთილსინდისირებაზე ან
გამოცდილებასა და დაკვირვებაზე ვართ მინდობილი, როცა ან თვითონ
ხვდებიან ამის საჭიროებას და თვითონ ცდილობენ ამ ტიპის პრობლემები
მოაგვარონ ან საუბრით ან გადაამისამართებენ ხოლმე ვინმე ნაცნობთან თუ
ასეთი არსებობს. ამის კონკრეტული მაგალითებიც ვიცი, მაგრამ ამას
როგორც წესი, პრაქტიკის სახე არ აქვს" - ამბობს გიორგი
ლაფერაშვილი.
რატი
მუჯირი ერთ-ერთი ის ჟურნალისტია, რომელიც 2008 წლის
აგვისტოს ომს აშუქებდა, რამდენჯერმე იყო ავღანეთშიც, უკრაინაშიც და
დღემდე აქტიურად აშუქებს რუსეთ-უკრაინის ომს. მუჯირის პროფესიული
გამოცდილება აერთიანებს არაერთი ისეთი საპროტესტო აქციის გაშუქებას,
სადაც გამოცდილი აქვს: რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი,
დაკავება.
რატი ამჟამად ტელეკომპანია „ფორმულაში“,
გადაცემა „დროებისთვის“ მუშაობს. როგორც ის "მედიაჩეკერთან"
საუბრისას აღნიშნავს, მისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული 2008 წლის
აგვისტოს მოვლენების გაშუქება იყო, რადგან როდესაც ომი შენს
ქვეყანაშია, ამ დროს ოჯახზე, შენს ახლობლებსა და მათ უსაფრთხოებაზე
ფიქრობ, ასეთ დროს კი რთულია დარჩე ობიექტურ და ნეიტრალურ
ჟურნალისტად.
„ჟურნალისტები ადამიანები არიან. ნებისმიერი
სტრესული გარემო მათზეც ისევე მოქმედებს, როგორც ნებისმიერ სხვაზე.
შეიძლება, ჩვენ რაღაცები წინასწარ ვიცით და ვემზადებით, მაგრამ მაინც
მოქმედებს. ამ გამოცდილებამ, რა თქმა უნდა, ჩემზეც იმოქმედა.
ალბათ, სტრესულ გარემოსთან უფრო შემგუებელი გამხადა, ემოციური
ნაწილი გაცილებით დაბალ ნიშნულზე ჩამოიყვანა და უფრო პრაგმატული
გავხდი", - ჰყვება მუჯირი.
კითხვაზე - როგორ უმკლავდება პროფესიული საქმიანობიდან
გამოწვეულ სტრესს, ჟურნალისტის პასუხი ასეთია: „ვცდილობ, არ ვიფიქრო
ამაზე, რამდენად გამომდის, არ ვიცი. ცალსახა პასუხი არ მაქვს,
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ“.
რატის ფსიქოლოგისთვის არასდროს მიუმართავს და ამას, მისი
თქმით, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები აქვს. თუმცა, როგორც მუჯირი
აღნიშნავს, შეუძლებელია სენსიტიური და გავლენის მომხდენი საკითხების
გაშუქების შემდეგ ჟურნალისტს მენტალური ჯანმრთელობის კუთხით დახმარება
არ დასჭირდეს.
ფსიქოლოგი ჯანა
ჯავახიშვილი მედიის წარმომადგენლებისთვის შექმნილ
სახელმძღვანელოში -
"მედია,
ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები"
წერს, რომ ჟურნალისტი
თავის პრაქტიკაში ხშირად ხვდება სიტუაციებს, რომელიც როგორც მის,
ასევე მისი რესპონდენტების ფსიქიკურ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ
აყენებს.
"ის ხომ პირველი მიდის ამა თუ იმ მოვლენის
ეპიცენტრში, რათა გააშუქოს - ახალ ამბად ან სხვა ფორმატის სიუჟეტად
მოუყვეს მსმენელს, მკითხველს, მაყურებელს. თუ გასაშუქებელი მოვლენა
ბუნებრივი კატასტროფა (წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი თუ სხვა),
უბედური შემთხვევა (მაგ., სახმელეთო ავარია) ან ძალადობაა (ფემიციდი,
ჰომიციდი და ა.შ.) - ის, ფაქტობრივად, იმ პროფესიების წარმომადგენლებს
შორისაა, ვინც ადამიანურ ტრაგედიებს პირველი ეგებება/ხვდება. იგი
ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც ცდილობს სიტუაციაში გარკვევას, მის
ასახვას, ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის რისკის, ან სულაც სიცოცხლის
ფასად".
როგორც ფსიქოლოგი განმარტავს, ძალადობის, ჰომიციდის,
ფემიციდის, სტიქიური უბედურების, ომის, პანდემიის და ადამიანურ
ტკივილთან დაკავშირებული სხვა სიუჟეტების გაშუქება ჟურნალისტის
ტრავმირების რისკს შეიცავს. ამიტომ სტრესის თვალსაზრისით,
ჟურნალისტები მაღალი რისკის პროფესიებს მიეკუთვნებიან. ამავე დროს,
როგორც ჯავახიშვილი სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით ამბობს, სტრესზე
ადამიანების (და შესაბამისად, ჟურნალისტების) ყველაზე გავრცელებული
რეაქცია მის მიმართ მედეგობაა.
„ის სხვადასხვა ადამიანის მეტ-ნაკლებად აქვს
გამოხატული. მედეგობის გაძლიერებასა და შესაბამისად, პროფესიული
სტრესის პრევენციაზე ზრუნვა კი
შესაძლებელია“.
პროფესიული სტრესსა და მედია ორგანიზაციებისთვის მისი
პრევენციის გზებზე საუბარს სახელმძღვანელოში ცალკე თავი ეთმობა.
ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ისეთ მნიშვნელოვან ორ ფაქტორს
უთმობს, როგორიცაა: ჟურნალისტების მომზადებაზე ზრუნვა და მადლიერების
კულტურა ორგანიზაციაში. წიგნში დეტალურადაა განხილული სტრესთან
გამკლავების სტრატეგიები და ფსიქოლოგიური სავარჯიშოები.
ჯანა ჯავახიშვილი ჩართულია „დოიჩე ველე
აკადემიის“ ახალ პროექტშიც - „ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა
მედიის წარმომადგენლებისთვის“, რომელიც მედია პროფესიონალებს
სამსახურებრივ სტრესთან გამკლავებაში უნდა დაეხმაროს.
ჯავახიშვილის თქმით, მედიაორგანიზაციებში ორგანიზაციული
პოლიტიკა, სტრატეგიები სტრესსა და ტრავმაზე ინფორმირებული უნდა იყოს,
ამ შემთხვევაში ნაკლებია რისკის ფაქტორი, რომ ჟურნალისტი
"გადაიწვას".
"გავაძლიერეთ კიდევ ეს მუშაობა, იმიტომ რომ რთულ,
მტრულ გარემოში უწევთ ჩვენს ჟურნალისტებს მუშაობა. მტრულია გარემო
იმიტომ, რომ რაღაცნაირად უცებ დამნაშავე ჟურნალისტი გამოდის ხოლმე,
იმიტომ რომ გააშუქა, იმიტომ რომ ფარდა ახადა, სიმართლე გამოამჟღავნა.
მოკლედ, ძალიან ხილვადია ჟურნალისტი და ამიტომ ადვილი თავდასხმის
ობიექტი გახდა.
საზოგადოებაში, რომელიც ფრაგმენტირებულია და
ძალადობის მუხტი მაღალია, ჟურნალისტი ერთ-ერთი პირველი ეშელონია,
რომელიც ამ დარტყმებს სრულიად დაუმსახურებლად იღებს".
ფსიქოლოგი "მედიაჩეკერთან" საუბრისას ყურადღებას
მოახლოებულ არჩევნეზეც [26 ოქტომბერი] ამახვილებს და ამბობს,
რომ მშვიდი საარჩევნო პერიოდი ჩვენ არასოდეს არ გვაქვს.
"საარჩევნო ბრძოლა, სამწუხაროდ, არ არის იმდენად
ცივილიზებული, როგორც სასურველია, რომ იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში და
ეხლა მითუმეტეს, ძალადობა წინასაარჩევნოდ ძალიან ადრე
დაიწყო…პირობები, რომელშიც მუშაობენ [მედიის წარმომადგენლები]
უაღრესად რთულია და წინასაარჩევნოდ ეს კიდე უფრო მეტად დაიძაბება და
ამის ინდიკატორები ჩვენ ვნახეთ ხალხის ცემის, დარეკვის და გინების და
ა.შ. სახით და ამიტომ საჭიროა, რომ მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ
საკუთარ თავზე იზრუნონ".
პროექტი - „ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა
მედიის წარმომადგენლებისთვის“ სამ კომპონენტს მოიცავს:
- საინფორმაციო მასალების მიწოდება
მედიის წარმომადგენლებისთვის, რათა უკეთ გაუმკლავდნენ ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემებს;
- სამუშაო შეხვედრები სტრესმედეგობის
გაძლიერების მიზნით ჟურნალისტებისთვის, ვიდეო/ფოტოგრაფებისთვის,
ციფრულ/გრაფიკულ კონტენტზე პასუხისმგებელი პირებისთვის,
მედიამენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და რედაქტორებისთვის;
- ინდივიდუალური ფსიქოლოგიური
კონსულტირება ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების
მიზნით.
„დოიჩე ველე აკადემიის“ პროექტის
მენეჯერის, ნინო
გოგოლაშვილის თქმით, აკადემია გერმანიის
საზოგადოებრივი მაუწყებლის, "დოიჩე ველეს" განუყოფელი ნაწილია და ის
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მედიის და მედიაწიგნიერების განვითარების
მიმართულებით მუშაობს. რაც შეეხება კონკრეტულად ამ პროექტს,
გოგოლაშვილის განმარტებით, მისი საჭიროება ჟურნალისტებთან ჩატარებული
ფოკუს-ჯგუფების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა.
"ეს იყო ზუსტად ერთ-ერთი ამ ფოკუს ჯგუფების
შეხვედრის დროს გამოკვეთილი პრიორიტეტი…ჟურნალისტები
ყოველდღიურად საკმაოდ სტრესულ გარემოში მუშაობენ და ამიტომ ჩვენ
ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა".
პროექტი პარტნიორ ორგანიზაციასთან, "ფონდი გლობალური
ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი" თანამშრომლობით, ევროკავშირის
ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და
თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით
ხორციელდება.
მედიის
წარმომადგენლებისთვის სამსახურებრივ სტრესთან გამკლავების საკითხზე
სამუშაო შეხვედრები 30 და 31 ივლისს
გაიმართება და მას ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი
გაუძღვება.