საქართველო
კატეგორია - საქართველო


3 დეკემბერს, გვიან ღამით „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა ტელეკომპანიის ინტერვიუ კიმბერლი ლოუსთან, რომლის წარდგენისას გადაცემის წამყვანმა თქვა, რომ იგი „ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში სავარაუდო წარმომადგენლად განიხილება“. 




„საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში კიმბერლი ლოუ ამბობს: „ვეთანხმები, რომ შეერთებულ შტატებში იყო გარკვეული ქმედებები, რომლებიც ძალიან უსამართლო გახლდათ საქართველოს მიმართ, მათ შორის, „მეგობარი აქტი“, რომელიც შეჩერდა. ის ძალიან უსამართლო იყო საქართველოს კულტურისა და ხალხის მიმართ“. ასევე, მისი თქმით, მთავრობას ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შეწყვეტა არ სურდა, „მაგრამ იყო ბევრი საკითხი, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესებული იყო. ვიცით, რომ, ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, ეს გაუმჯობესდება და ჩვენ ვაპირებთ, დაგეხმაროთ მოლაპარაკებების კვლავ გახსნაში“.  


კიმბერლი ლოუს კომენტარი გაავრცელეს სხვა პროსამთავრობო მედიასაშუალებებმაც, მათ შორის ტელეკომპანია „იმედმა“.


ვინ არის რეალურად კიმბერლი ლოუ „მითების დეტექტორმა“ გადაამოწმა. როგორც ფაქტების გადამოწმების პორტალი წერს, ლოუ რესპუბლიკური პარტიის წევრია. მან მონაწილეობის მიღება 2024 წლის აშშ-ის სენატის არჩევნებში სცადა, თუმცა რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის კანდიდატი არ ყოფილა და იმ პირებს შორის იყო, რომლებმაც პრაიმერიდან კანდიდატურა ან მოხსნეს, ან დისკვალიფიცირებული იყვნენ.

„2022 წელს ლოუმ ასევე სცადა წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, თუმცა კანდიდატობიდან დისკვალიფიცირებული იყო, რადგან არ ჰქონდა საკმარისი ხელმოწერები და მის განაცხადში შეცდომები ჰქონდა დაშვებული. საპასუხოდ ლოუმ განაცხადა, რომ “პარტის ესტაბლიშმენტი” მის დაბლოკვას ცდილობდა.

ამერიკულ მედიაში არ იძებნება ცნობები, რომ ლოუს ევროკავშირში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლად ან რაიმე სხვა თანამდეობაზე დანიშვნა იგეგმება. ინფორმაციის წყაროდ, რომ ლოუ კანდიდატად განიხილება, საზოგადოებრივი მაუწყებელი თავად ლოუს უთითებს.

2022 წელს არჩევნებში მონაწილეთათვის არსებულ კითხვარში ლოუ აღნიშნავს, რომ “მარტოხელა დედა, ფერმერი და პოლიტიკის საკითხებში მრჩეველია”. ამავე კითხვარში მითითებულია, რომ არჩევის შემთხვევაში ლოუს სურვილი ექნებოდა საერთაშორისო საკითხების კომიტეტის წევრი გახდეს და “ბევრი ქვეყნის ექსპერტთან მუშაობს, რათა ამ პოზიციისთვის მოემზადოს”. ამავე კითხვარში კითხვაზე, სასარგებლოა თუ არა წარმომადგენლებისთვის წინა პოლიტიკური გამოცდილება”, ლოუ პასუხობს: “ხალხს ყელში ჰყავს ამოსული პოლიტიკოსები, ოფისში გვჭირდება ნამდვილი ადამიანები, რათა ხალხისთვის იბრძოლონ”.

ფეისბუქზე კიმბერლის ლოუს გვერდს 3 400-მდე გამომწერი ჰყავს. ლოუ სხვადასხვა რესპუბლიკელ პოლიტიკოსთან გადაღებულ ფოტოს ხშირად აქვენებს, თუმცა სხვა წყაროები, რომ მას ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო კონტაქტი აქვს, არ იძებნება.  ერთ-ერთ პოსტში ლოუ “დიფ სტეიტს” მის დევნაში ადანაშაულებს

31 ოქტომბრის პოსტში ლოუ აღნიშნავს, რომ “საყოველთაო მშვიდობის ფედერაციის” მშვიდობის ელჩი გახდა. საყოველთაო მშვიდობის ფედრაცია კორეის უნიფიკაციის ტაძრის დამფუძნებლის, სუნ მიონ მუნის დაფუძნებული ორგანიზაციაა. თავად უნიფიკაციის ტაძარი მუნმა 1954 წელს დააფუძნა. მუნი თავს “მესიად” აცხადებდა. რელიგიური მოძრაობა არაერთ სკანდალთან არის დაკავშირებული. 2023 წელს იაპონიის პრემიერმინისტრის, შინძო აბეს მკლელმა განაცხადა, რომ აბე უნიფიკაციის ტაძართან კავშირის გამო მოკლა. მკვლელობის შემდეგ იაპონიის მთავრობას იაპონიაში ორგანიზაციის მოქმედების შეჩერება სურდა. კრიტიკოსები უნიფიკაციის ტაძარს მიმდევრების ექსპულატაციაში ადანაშაულებენ“.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ 4 დეკემბერს, დილით ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ კიმბერლი ლოუს პირადად ესაუბრა და „არ თქმულა, რომ ის არის მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ის შეიძლება გახდეს, რასაც თავად ამბობს ამ ეტაპზე მხოლოდ. და სწორედ ამიტომ, ითქვა, რომ შესაძლოა იყოს. თუმცა, ის რომ რესპუბლიკური პარტიის წევრია და თან კენჭს იყრიდა სენატში, ეს ადვილად იძებნება. მისი კავშირები, ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის უკვე დასახელებულ წევრებთან, ასევე იძებნება. ამის გარდა, ქალბატონი კიმბერლი, არაფერს ამბობს ისეთს, რაც არ უთქვამს ტრამპთან დაახლოებულ სხვა ადამიანებს. ამდენად მისი გამონათქვამები, დიდწილად თანხვედრაშია ტრამპის პოლიტიკის ძირითად გზავნილებთან და ეს არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ამ ინტერვიუს გარკვეული ნაწილების გამოქვეყნებაზე, პასუხისმგებელი ვარ მე და მხოლოდ მე და არავინ ჩემს გარდა“.

როგორც „მითების დეტექტორი“ წერს, „გვიმრაძე აღნიშნავს, რომ ის სენატში კენჭს იყრიდა და ეს “ადვილად იძებნება”. თუმცა, როგორც აღინიშა, ლოუ სენატში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი არასოდეს ყოფილა. გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაციის უკვე დასახელებულ წევრებთან ლოუს კავშირები, რომელბსაც გვიმრაძე ახსენებს, ლოუს მიერვე გამოქვეყნებული ფოტოების გარდა სხვა წყაროებით არ დასტურდება“. 

გუშინ, შუადღით, „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გვიმრაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი დატოვა. თუმცა, გამოცემას ტელევიზიის კომუნიკაციების სამსახურში ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუზუსტეს. გვიმრაძეს ეს პოზიცია 2015 წლის ოქტომბრიდან ეკავა. 

„მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, გიორგი გვიმრაძე, როგორც წამყვანი ტელევიზიაში რჩება. 

„მითების დეტექტორი“ წერს, ქართულ მედია წყაროებში კიმბერლი ლოუ ბესარიონ შენგელიას კომენტარებშიც გვხვდება.

„შენგელიას პოსტები თავის ფეისბუქ გვერდზე კიმბერლის ლოუსაც აქვს გაზიარებული (1;2;3;4) ბესარიონ (ბესო) შენგელია საბავშვო წიგნის “ქინდერბუბუს” ავტორია. ის  საქართველოში მსოფლიო მშვიდობის ფორუმის” ჩატარებას გეგმავს. შენგელია ამბობს, რომ ფორუმის შესახებ კიმბერლი ლოუსთან კომუნიკაციის შედეგად დონალდ ტრამპიც ინფორმირებულია. მისივე მტკიცებით, ტრამპს ფორუმის საპატიო სტუმრობა შესთავაზა და ამერიკული მხარე მზად არის ფორუმის ორგანიზებაშიც მიიღოს მონაწილეობა და ფინანსურადაც დაეხმაროს. გარდა ამისა, შენგელია ოქტომბერში ქართულ მედიებს კიმბერლი ლოუსთან ინტერვიუს ჩასაწერად მასთან დაკავშირებას სთავაზობდა. შენგელია ლოუს “სენატორობის კანდიდატად” მოიხსენიებს, ასევე გაზიარებული აქვს Georgia Today-ს ივლისის სტატია, რომელშიც ლოუ კვლავ შენგელიასთან არის დაკავშირებული და ასევე “მომავალ სენატორად” არის მოხსენიებული, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, ლოუ სენატორობის კანდიდატი არ ყოფილა და რეპუბლიკური პარტიის პრაიმერშიც კი ვერ მიიღო მონაწილეობა. Georgia Today-სთან მოყვანილია ლოუს კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ პირადად ცდილობს მსოფლიოს მასშტაბით დიპლომატიური ურთიერთობების გამოსწორებას მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრებით, თუმცა მისი დიპლომატიური საქმიანობის და ოფიციალური ვიზიტებისა და შეხვედრების შესახებ ინფორმაცია სხვა წყაროებში არ იძებნება. მსგავსი ოფიციალური შეხვედრების შესახებ ლოუს სიახლეები თავის ვებ-საიტზეც კი არ აქვს გამოქვეყნებული.

შენგელია აცხადებს, რომ 2024 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატობის კანდიდატებს შორის იყო და ის თეოლოგმა პროფესორმა კონსტანტინე აკოპმა წარადგინა. ნობელის პრემიის კომისიის მხრიდან ლაურეატობის კანდიდატების სია კონფიდენციალურია.  სოციალური მედიაში შენგელიას მითითებული აქვს, რომ “ნობელის პრემიის მშვიდობის კანდიდატი, გამომგონებელი და ეკონომისტია”. ასევე, მითითებული აქვს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა. ბესარიონ შენგელია ასევე იძებნება რუსეთის  ეკონომიკის უმაღლესი სკოლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებულთა შორის“.

 
კატეგორია - საქართველო


„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) პროევროპული აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს ეხმიანება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ჟურნაისტების უსაფრთხოება და დააყენოს პოლიციელების პასუხისმგებლობა.

CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორის, გულნოზა საიდის განცხადებით, ჟურნალისტების დაცვა ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა. 

„ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი პროტესტის გაშუქებაში ჩართული ჟურნალისტების მიმართ აღმაშფოთებელი და  საყოველთაო საპოლიციო ძალადობის აღკვეთის საკითხში საქართველოს ხელისუფლების სრული უმოქმედობა ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებებისაგან დაშორების ნიშანია.  

საქართველოს ხელისუფლებამ პასუხისგებაში უნდა მისცეს პოლიციის ის ოფიცრები, რომლებიც შემჩნეულნი არიან მედიის წარმომადგენლების მიმართ სასტიკ მოპყრობაში და სახალხოდ გამოუცხადოს მხარდაჭერა პროტესტის მიმდინარეობისას ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვის საკითხს“. 

როგორც „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ წერს, ორგანიზაციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კომენტარისთვის წერილობით მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული აქციების გაშუქებისას 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. მედიის წარმომადგენლების მიმართ შსს-ის ძალები აგრესიით გამოირჩევიან. ისინი ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარებაც. განსაკუთრებულად დაშავდნენ: გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი და მარიამ გაფრინდაშვილი. მედიის წარმომადგენლების ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობაც. აღსანიშნავია, რომ მედიის რამდენიმე წარმომადგენელს ხელი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას არაერთხელ შეეშალა. 

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

პროევროპული აქციების გაშუქებისას დაზარალებული ჟურნალისტების შესახებ ვრცლად, იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა - პროევროპული აქციების გაშუქებისას 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა

 
კატეგორია - საქართველო

სოფო მთივლიშვილის წერილი


2019 წლის ოქტომბერში, „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ამავე არხის ოპერატორმა, 29 წლის სანდრო ბერაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მანამდე ოჯახი და მეგობრები, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გაუჩინარებულ სანდროს რამდენიმე დღე ეძებდნენ. ყველამ იცოდა, რომ სანდრო აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული იყო, სამსახურშიც, სახლშიც და მეგობრებშიც. მომხდარმა მართლა ყველა გაამწარა.

ამ პერიოდში, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, საკვირაო გადაცემაში - „ახალი კვირა“ ვმუშაობდი და გადავწყვიტე სანდროზე, როგორც გემბლინგის ერთ-ერთ მსხვერპლზე გამეკეთებინა სიუჟეტი. ვერაფრით დავმალავ იმ სიამაყის განცდას როდესაც, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ თიკო ბერძენიშვილისა და ვასილ მაღლაფერიძის ხელმძღვანელობით განცხადება გააკეთეს, რომ მაუწყებელზე ტოტალიზატორებისა და სლოტ კლუბების რეკლამა აიკრძალებოდა. მათ ამ განცხადებაში სანდროს სახელი და გვარი არ უხსენებიათ, მაგრამ ცხადი იყო ყველასთვის, რომ არხმა ეს გადაწყვეტილება სანდროს გარდაცვალების გამო მიიღო. ჩემი აზრით, ეს იყო ასევე იმპულსურად მიღებული გადაწყვეტილება და მიხვდებით რატომ. 

შეგახსენებთ, რომ თიკო ბერძენიშვილიც და ვასილ მაღლაფერიძეც ამ განცხადებას სანდროს ცხედარის აღმოჩენის დღეს აკეთებს.  

(აქვე ხაზგასასმელია ისიც, რომ ტოტალიზატორების რეკლამა ეთერში კვლავ  იყო. მაგალითად, გადაცემა „კაცების“  სპონსორი ძალიან დიდხანს „აჭარაბეთი“ იყო.)

მოკლედ, დავიწყე ამ თემაზე მუშაობა, რაოდენ საძულველიც არ უნდა იყოს ასეთ დროს ჭირისუფალთან მისვლა და თხოვნა მომხდარზე ილაპარაკოს. ჩვენ ხომ ვიცით, ზოგჯერ ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შესაძლოა, სხვისთვის ჯოჯოხეთიდან ხსნას გავდეს. 

სანდროს ოჯახის წევრები და მეგობრები ჩავწერე. აბსოლუტურად ყველა გემბლინგის წინააღმდეგ სანდროს ბრძოლაზე საუბრობდა. საუბრობდნენ კანონის ნაკლოვანებაზე, სისტემის უმოქმედობასა და იმაზეც, რომ ადამიანმა რომც მოინდომოს შეწყვიტოს თამაში, ამას მხოლოდ თავად ვერ მოახერხებს, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული; შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობა რომ მწვანე შუქს უნთებს მთავრობაში ამ ბიზნესის მფლობელებსა და ლობისტებს. 

ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, როგორ განადგურებულა არაერთი ოჯახი ამის გამო. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ადამიანების სიცოცხლის ფასად მდიდრდებიან? ხომ ვიცით, რომ ახალგაზრდებს ითრევენ ამ შავ ხვრელში და მათი მომავლის განადგურების ფასად მდიდრდებიან.

ჩვენ ხომ ყველამ ვიცით ეს?!  ასევე, ისიც ხომ ვიცით, რომ გემბლინგს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სპეციალური კოდი მიანიჭა (F 63.0), როგორც პათოლოგიას, რასთან ბრძოლასაც ადამიანი ხელშეწყობის გარეშე ვერ უმკლავდება და უმრავლესობა სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.

მოკლედ, ჩაწერილი მყავს სანდროს ოჯახი, მეგობრები. ასევე, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულები, გამოჯანმრთელებულები, რეაბილიტირებულები, ფსიქოლოგები, აქტივისტები, იურისტები და ყველა სხვა შემადგენელი, ვინც ამ თემას შეიძლება უკავშირდებოდეს.  

პარასკევს, საღამოს ჩავწერე ძლივს დათანხმებული მოთამაშეები, ანონიმურობის დაცვით, დიდი ხვეწნა-მუდარისა და ათასი პირობის გათვალისწინებით. ისინი მეუბნებოდნენ, რომ არ გამაშვებინებდნენ ეთერში, მეუბნებოდნენ, რომ ეს არაერთხელ მომხდარა, რომ მთავრობაში ამ ბიზნესს დიდი მფარველი ჰყავს. ჩემგან პირობა იყო მიცემული, რომ ინტერვიუებს იმ ფორმით გავუშვებდი, როგორც უნდოდათ. 

ჩაწერილი ინტერვიუებით ტელევიზიაში ვბრუნდებოდი პარასკევ ღამეს, დაახლოებით 10 საათი იქნებოდა. (სიუჟეტი ეთერში კვირას უნდა გასულიყო)  საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ეკა შონიამ დამირეკა და მითხრა, სიუჟეტი გამეკეთებინა მხოლოდ სანდროზე, ნეკროლოგის სახით, არ მეხსენებინა გემბლინგი, საერთოდ ამომეღო ეგ ნაწილი და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებიც აღარ გვჭირდებოდნენ. ანუ სიუჟეტი იქნებოდა სანდროზე ნეკროლოგი. რა თქმა უნდა, არ დავთანხმდი. ვკითხე, რა შეიცვალა-თქო და პასუხი მივიღე, რომ ვასიკოსთან გაიარა ეს თემა და ვერ გათვალეს, რომ გემბლინგი ერთ-ერთი ფსიქიკური აშლილობის ფორმაა და გარდაცვლილ თანამშრომელზე ვერ იტყვიან, რომ ეს დიაგნოზი ჰქონდა. რა თქმა უნდა, ეს იყო სრული აბსურდი. ჩემი და არა მხოლოდ ჩემი ვარაუდით, მაშინდელი „ახალი კვირის“ გუნდიც დამეთახმება, ასე ვასილ მაღლაფერიძე მიხვდა ამ სიუჟეტის ეთერში გაშვებით, ვის მიაყენებდა ზიანს და ეს არ უნდოდა.

იმავე წუთს პროდიუსერებს ვუთხარი, ან სანდროზე სიუჟეტი გავა იმ ფორმით, როგორსაც მე ვფიქრობ, ან არა და წავალ სამსახურიდან და საჯაროდ დავწერ, რატომ მივდივარ-თქო. მაშინ, ობიექტურად უნდა აღინიშნოს, რომ პროდიუსერებიც და წამყვანიც ჩემს პოზიციაზე იყვნენ. ამორალურად მიაჩნდათ სიუჟეტის ამ ფორმით ეთერში გაშვება. 

ვასილ მაღლაფერიძესთან ამ თემაზე საუბარი შუაღამეს შედგა. ის გაღიზიანებული იყო და ამბობდა იგივეს, რაც ზემოთ ვთქვი, გვადანაშაულებდა  მაუწყებელთა ქცევის კოდექსისა და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაში. ბოლოს, წინააღმდეგობა რომ ვერ გაგვიწია, მოგვაძახა, რაც გინდათ, ის ქენითო და წავიდა. მეც, რა თქმა უნდა, გავიგე, ისე როგორც თქვა. რაც მინდოდა, ის გავაკეთე. 

სიუჟეტი ეთერში გავიდა. ისე, როგორც მინდოდა. 

მეორე დღეს დამიბარეს და გამლანძღეს, როგორ და რატომ ვერ გავიგე ვასილ მაღლაფერიძის ნათქვამი - „რაც გინდა ის ქენი“. მართლა ეგრე კი არ უნდა გაგეგოთო. ამოიჩემეს „ახალი კვირის“ მთელი გუნდი და ვასილ მაღლაფერიძე მას შემდეგ გამარჯობასაც კი აღარ ეუბნებოდა მთელ გუნდს. 

წლებია, ამ ამბავს ვერ ვყვებოდი, სანდროს ოჯახის წევრებისა და მეგობრების გათვალისწინებით. მაშინ ძალიან მადლიერები იყვნენ იმით, რაც „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ განაცხადა და ერთგვარი კამპანიაც კი დაიწყო გემბლინგის წინააღმდეგ, სახელად #სანდრიკასთვის. არ მინდოდა, მათთვის ტკივილი მიმეყენებინა. ასე ვფიქრობდი, ძალიან დიდი იმედგაცრუება იქნებოდა მათთვის. 

წარმოიდგინეთ სირთულე, ჯერ ერთი რომ გარდაცვლილ კოლეგაზე წერ სიუჟეტს, მერე მეორე, როგორი ზეწოლაა და მესამე - როგორი სიყალბე. ერთი ხელით ვითომ გარემოს აჯანსაღებენ და იგივე სხეულის მეორე ხელით ამავე პროცესს ეწინააღმდეგებიან. სახეები კი ჭირისუფალთან დამწუხრებულები აქვთ.  რა მავნებლობაა, რა სიყალბეა, რა ფარისევლობა. ამ ყველაფერზე ვფიქრობდი წერისას, ბურთი ყელში მქონდა გაჩხერილი. 

მიხარია, რომ ვთქვი ის, რაც მინდოდა. 

მიხარია, რომ ბევრი რამ გავაკეთე ისე, როგორც მინდოდა ჩემი იქ ყოფნის დროს, „ახალ კვირაში“. 

მიხარია, რომ ჩემს კოლეგებსაც ვუჭერდი მხარს, გაეკეთებინათ ისე, როგორც მათ უნდოდათ და ამას რაღაც ეტაპამდე ერთადაც და ცალკ-ცალკეც რაღაცნაირად ვახერხებდით. 

მიხარია, რომ ჩემი არცერთი სიუჟეტი არ და ვერ აღიქმება ლოიალურად ან მაამებლად მოქმედი ხელისუფლების ან ყოფილი ხელისუფლებების მიმართ.  ამას იქამდე ვაკეთებდი, ვიდრე შემეძლო. 

ლგბტქ ადამიანებზე სიუჟეტების გაკეთება „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

როცა საინფორმაციო სამსახურის უფროსს ეუბნები, 17 მაისი მოდის და გინდა, გააკეთო ლგბტქ პრაიდის ისტორია იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია, რა არის პრაიდი, საიდან მოვიდა და რა დატვირთვა აქვს, რადგან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირი მოვალეობა ცნობიერების ამაღლებაა, ის რომ არ ხდებოდეს, რაც ყოველ წელს, 17 მაისს ხდება. ამის პასუხად გეუბნება: „უი, უი, უი, რას ამბობ, მე ძაან მაგარი თემა მაქვს შენთვის, მოდი, ხვამლის მთის საიდუმლოებაზე გააკეთე სიუჟეტიო“, მანდ მართლა, გეფიცებით, იმხელა ნერწყვი ჩავყლაპე, მეგონა, დავიხრჩობოდი. 

ჰოდა, ეს სათქმელიც მახრჩობდა. კი, გვიანი შეიძლება იყოს, მაგრამ იმედი

მაქვს, ასეთ გადამწყვეტ დროს ერთ ადამიანს მაინც დავაფიქრებ მაუწყებელში. გაახილეთ, კოლეგებო, ფართოდ დახუჭული თვალები. 

ბოდიში მინდა, მოვუხადო ანდრო ბერაძის სულს და მისი ოჯახის წევრებს.  

 
კატეგორია - საქართველო


„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI), პარტნიორ პრესის თავისუფლების ორგანიზაციებთან ერთად თბილისში, პროევროპული აქციების გაშუქებისას, სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების მხრიდან მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება

განცხადებაზე ხელმომწერი 11 ორგანიზაცია სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას, რასაც როგორც ჩანს მიზანმიმართული ხასიათი აქვს, გმობენ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიაზე მიმდინარე თავდასხმა.

„ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს მამაც ჟურნალისტებს, რომლებიც მედიისთვის მზარდი მტრული და საშიში სამუშაო გარემოს მიუხედავად, საზოგადოების ინფორმირებას აგრძელებენ“.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები ძირითადად გამოუძიებელი რჩება, რაც დაუსჯელობის კულტურას განამტკიცებს. 

„დაშავებული ჟურნალისტების უმეტესობა თბილისში დამოუკიდებელ და ხელისუფლების კრიტიკულ საშუალებებში იყო დასაქმებული. საქართველოში მედიის ეს სასტიკი დარბევა არ არის იზოლირებული ეპიზოდი, არამედ არის მიზანმიმართული ძალადობისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის შემაშფოთებელი ნიმუშის ნაწილი, მათ შორის იმ დანაშაულების, რომლებიც ჩადენილია ამ წლის დასაწყისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შემზღუდავი კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს“.

პრესის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, მოსთხოვონ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს მედიის თანამშრომლების დარბევა და შეასრულოს თავისი ვალდებულებები დემოკრატიული თავისუფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ. 

ხელმომწერი ორგანიზაციები: პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF), ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ), Free Press Unlimited (FPU), OBC Transeuropa (OBCT), Index on Censorship, Justice for Journalists Foundation, ევროპელ ჟურნალისტთა ასოციაცია (AEJ), რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF), PEN International, ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU);

პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლებზე ძალადობასა და დაკავებებს გამოეხმაურა ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტი (OCCRP).

28-29 ნოემბრის ღამეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევისას 40-მდე ჟურნალისტის დაშავების ფაქტს გამოეხმაურა ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმაც (SJP). 

28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული აქციების გაშუქებისას 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. მედიის წარმომადგენლების მიმართ შსს-ის ძალები აგრესიით გამოირჩევიან. ისინი ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარებაც. განსაკუთრებულად დაშავდნენ: გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი და მარიამ გაფრინდაშვილი. მედიის წარმომადგენლების ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობაც. აღსანიშნავია, რომ მედიის რამდენიმე წარმომადგენელს ხელი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას არაერთხელ შეეშალა. 

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

 
კატეგორია - საქართველო


„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ აფგან სადიგოვისთვის საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ორგანიზაციის შეფასებით, მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის „აშკარად დაუსაბუთებელი, სრულად იმეორებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების შინაარსს და არ შეესაბამება საერთაშორისო დაცვის საკითხების განხილვასთან დაკავშირებით ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე დადგენილ სამართლებრივ სტანდარტებს“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, თბილისი საქალაქო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის აშკარა და განგრძობადი დევნის ფაქტებზე მიუთითებდა. 

ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლომ სიტყვასიტყვით გაიმეორა შსს მიგრაციის დეპარტამენტის დასკვნაში მითითებული მსჯელობა და პრაქტიკულად ყოველგვარი შეფასების მიღმა დატოვა მათ მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება და მნიშვნელოვანი არგუმენტი.

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებიდან ირკვევა,  სასამართლომ მის გადაწყვეტილებაში არა თუ არ გაითვალისწინა ორგანიზაციის მიერ ზემოთ წარმოდგენილი ძირითადი მტკიცებები და მტკიცებულებები, არამედ მათი შეფასებაც კი არ მოახდინა, „რაც მიუთითებს იმაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აშკარად დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს. მით უფრო, რომ წინამდებარე საქმეში ჩვენ ვამტკიცებთ აფგან სადიგოვის მიმართ ექსტრადიციის შემთხვევაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ან დასჯის აბსოლუტური უფლების, ასევე სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობის დარღვევის ძალიან მაღალ რისკებს, რაც ეროვნული სასამართლოების მხრიდან ფრთხილ და მაღალი სტანდარტით შეფასებას ითხოვს“.

28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურატურა სასამართლოსგან აფგან სადიგოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობას ითხოვდა.

აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, თბილისში დაკავებულმა ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო.

სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ნოემბერს გაუხანგრძლივა. ის შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3 აგვისტოს დააკავეს.

 
კატეგორია - საქართველო



„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომელთა ნაწილი თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ ძალადობას გმობს და მოითხოვს ტელეკომპანიის ეთერები საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებასა და საჯარო დისკუსიებს დაეთმოს. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“  60-ზე მეტი თანამშრომლის ერთობლივი განცხადებით, „სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო ხანია ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, არ ასახავს მოვლენებს სიღრმისეულად და მიუკერძოებლად“.

„საქართველოს ევროპული მომავალი ჩვენი ისტორიული არჩევანია, რომელიც კონსიტუტიის 78-ე მუხლით მყარდება („კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.”). საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 28 ნოემბერს გაჟღერებული გადაწყვეტილება არღვევს კონსტიტუციით გამყარებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველყოფის ვალდებულებას, რამაც გამოიწვია მასობრივი აქციები და მანიფესტაციები თბილისსა და რეგიონებში.

ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები, ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ დარბევას, დევნას და დაპატიმრებას, ვდგავართ დემონსტრანტების გვერდით და ვიაზრებთ ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას დავიცვათ ხალხის მიერ არჩეული, კონსტიტუციით გამყარებული აწმყო და მომავალი.

ამ მნიშვნელოვან პროცესებში განსაკუთრებული როლი აკისრია მედიას, განსაკუთრებით საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციის მე-17 მუხლითაა გაწერილი („კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისაგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან.”).

თითოეულ თანამშრომელს გვჯერა საზოგადოებრივი მაუწყებლის ძალის და გავლენის, იდეის, რომ ის ანგარიშვალდებულია მხოლოდ საზოგადოების წინაშე.

სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო ხანია ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, არ ასახავს მოვლენებს სიღრმისეულად და მიუკერძოებლად.

საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, შესაბამისად, საკუთარ ვალდებულებად მიგვაჩნია თავისუფალი სიტყვის დაცვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომლები ვგმობთ და ვაპროტესტებთ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ. ვგრძნობთ მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ, მივესალმებით და მოვითხოვთ, ჩვენი ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას და საჯარო დისკუსიებს“.

განცხადებაზე ხელმომწერთა რაოდენობა განახლებადია. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთან მეოთხე დღეა, მოქალაქეები საპროტესტო აქციებს მართავენ და ეთერის დათმობას ითხოვენ. აქცია დაგეგმილია დღესაც, 18:00 საათზე. 

28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები იმართება, ამ დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს. 

 
კატეგორია - საქართველო


საქარველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ კატეგორიულად გმობს ძალადობას ჟურნალისტების მიმართ და საქართველოს პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

2-3 დეკემბრის ღამე:

„სტუდია მონიტორი“

  • ნინო რამიშვილი, ჟურნალისტი - ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ სპეცრაზმის თანამშრომლებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ტელეფონი წაართვეს: „რა თქმა უნდა მეკეთა ბეიჯი და მქონდა არაერთი ნიშანი პრესის, ასევე ვუთხარი რომ ვარ ჟურნალისტი და ვანახებდი პრესკარტას, მაგრამ მთხოვდნენ ვიდეოს წაშლას, ბოლოს კი გაიტაცეს ტელეფონი. შემდეგ კი რჩევად დააყოლეს წადი სახლშიო".

„პირველი არხი“

  • თეო ხუბულავა, ჟურნალისტი, ლევან ქართველიშვილი და ბადრი გამრეკლაშვილი ოპერატორები - ტელეკომპანიის ინფორმაციით, ისინი სპეცრაზმის მიერ გაზის კაფსულების გამოყენების დროს დაშავდნენ. მათ სამედიცინო დახმარება სასწრაფოს დახმარების ბრიგადამ ადგილზევე აღმოუჩინა.

„მთავარი არხი“

  • გივი მჭედლიშვილი, ოპერატორი - ჟურნალისტმა დეა მამისეიშვილმა   პირდაპირ ეთერში ყოფნის დროს თქვა, რომ ოპერატორი შეუძლოდ გახდა.

„TV პირველი“

  • როგორც „ტვ პირველი“ წერს, „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2 დეკემბერს აქციის დაშლის დროს გამოყენებული არაპროპორციული ძალის გამოყენების დროს დაზიანდა "ტვ პირველი" სამაუწყებლო აპარატურა, მათ შორის გამოსაყენებლად უვარგისია პირდაპირი ტრანსლაციის კამერა. ეს არ არის პირველი  შემთხვევა, როდესაც "გომელაურის ომონს" იერიში მიაქვს "ტვ პირველის" სამაუწყებლო აპარატურაზე რათა, გაგვეთიშოს პირდპირი ეთერის სიგნალი და ვეღარ შევძლოთ მოვლენების ეპიცენტრიდან მაუწყებლობა“.

„ჩაიხანა“ 

  • ნატალი ჩხარტიშვილი, აქციას აშუქებდა, როგორც პრესის წარმომადგენელი - იღებდა აქციის მონაწილის დაკავებას, რა დროსაც შსს-ს ძალების წარმომადგენლებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს, მას ხელიდან გააგდებინეს Handycam–ი. ასევე, უყვიროდნენ, რომ გამოერთო კამერა. 

სხვა შემთხვევები:

„ინტერპრესნიუსი“

  • ვანო გორგიშვილი, ფოტოგრაფი - გორგიშვილმა facebook-ის პირად გვერდზე 2 დეკემბერს დაწერა, რომ „30 ნოემბრის დილის 2-3 სთ-ზე მერიოტთან შეჯგუფებულ მედიას წყლის ჭავლი მოგვიშვეს. რამდენიმე კაცმა გასწრება ვცადეთ და მაშინ გვესროლეს რეზინის ტყვიები. მირიანს[მელაძე] 4 მოხვდა. მე, საბედნიეროდ, 1 პატარა და მუხლთან“. ფოტოგრაფმა გამოაქვეყნა ფოტოც. 

უცხოელი ჟურნალისტი

  • ფიოდორ ხუდოკორმოვი, რუსი ჟურნალისტი - Paper Kartuli-ის ინფორმაციით, ჭიჭინაძის ქუჩაზე, როცა სპეცრაზმი მომიტინგეებს აწვებოდა, ნიღბიანმა მამაკაცმა, სავარაუდოდ ძალოვანმა, მას ხელი ჰკრა.
კატეგორია - საქართველო


28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული აქციების გაშუქებისას 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. მედიის წარმომადგენლების მიმართ შსს-ის ძალები აგრესიით გამოირჩევიან. ისინი ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარებაც. განსაკუთრებულად დაშავდნენ: გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი და მარიამ გაფრინდაშვილი. მედიის წარმომადგენლების ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობაც. აღსანიშნავია, რომ მედიის რამდენიმე წარმომადგენელს ხელი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას არაერთხელ შეეშალა. 

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

პროევროპული აქციების გაშუქებისას დაზარალებული მედიის წარმომადგენლების განახლებადი სია:

 

28-29 ნოემბრის ღამე 


„TV პირველი“

„მთავარი არხი“

„ფორმულა“

„რადიო თავისუფლება“

Current Time 

  • გიორგი ჭუმბურიძე, „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი ტელევიზიის - Current Time ოპერატორი. პროფესიულ საქმიანობაში ხელი შსს-ის ძალებმა შეუშალეს.

„პუბლიკა“

OC Media

„ნეტგაზეთი“/ „ბათუმელები“

JAMnews

„სტუდია მონიტორი“

  • ნინო წვერავა, ჟურნალისტი - პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს;
  • ნინო შუბითიძე, ჟურნალისტი - შეასხეს წიწაკის სპრეი;
  • გიორგი ბარამიძე, ოპერატორი - პოლიციამ წიხლი ჩაარტყა.

„პირველი არხი“

  • დავით ბეჟანიშვილი, ჩართვის ოპერატორი - „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, დაშავდა აქციაზე.

„რუსთავი 2“

  •  ჟურნალისტი - როგორც „ნეტგაზეთი“ წერს, დაშავდა წყლის ჭავლით. 

„პროექტი 64“

„აჭარის ტელევიზია“

 

29-30 ნოემბრის ღამე: 

„TV პირველი“

  • მარიამ გაფრინდაშვილი, ჟურნალისტი - თავზე მძიმე დაზიანება მიიღო. ჟურნალისტს ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. 
  • პაპუნა ხაჩიძე, ოპერატორი - ის პროფესიულ მოვალეობას მარიამ გაფრინდაშვილთან ერთად ასრულებდა; 

„რეალპოლიტიკა“

  • აკა ზარქუა, ჟურნალისტი - შევჩენკოსა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაზე, საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გამოცემა „რეალპოლიტიკის“ რედაქტორს, აკა ზარქუას. ათამდე სპეცრაზმელმა ის წრეში მოაქცია და წიხლებით სცემა, მათმა მეთაურმა კი ზარქუასთვის პრესის მაიდენტიფიცირებელი ბარათის პირში ჩატენვა სცადა. მას წაართვეს აირწინაღიც. 

„პუბლიკა“

  • ანა მსხალაძე, ჟურნალისტი - სპეცრაზმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონი წაართვეს. როგორც „პუბლიკა“ წერს, მსხალაძე ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილდებოდა და სპეცრაზმის მიერ მოქალაქეების ძალადობრივად დაკავებას იღებდა, რა დროსაც სპეცრაზმელმა მას ტელეფონი დააგდებინა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა სპეცრაზმელს უთხრა, რომ ის იყო ჟურნალისტი და ტელეფონის ასაღებად დაიხარა, მას თავში ჩაარტყეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მისი ტელეფონი აიღეს და გაიქცნენ.

„ფორმულა“

  • გიორგი კვიჟინაძე, ჟურნალისტი - ტელეკომპანიის ინფორმაციით, სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტს, გიორგი კვიჟინაძეს. 
  • ნუცა ბახუტაშვილი, ჟურნალისტი, ირაკლი ბართავა, ოპერატორი - პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 
  • ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს ბათუმში მიმდინარე აქციის გაშუქებისას დაუზიანდა ტექნიკაც. ამის შესახებ ჟურნალისტმა, თამარ თედიაშვილმა აქციიდან პირდაპირ ეთერში ჩართვისას თქვა. თედიაშვილმა ჩართვისას აღნიშნა ისიც, რომ პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა ფოტოგრაფი.

ფოტოგრაფი

  • გიორგი გამგებელი, ფოტოგრაფი - პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ფოტოგრაფ გიორგი გამგებელს. ის სახისა და ფეხის არეში დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამგებელს წაართვეს და დაუმტვრიეს აპარატურა, რომლითაც ის მუშაობდა. 

30 ნოემბერი - 1 დეკემბერი


„TV პირველი“

  • გიორგი შეწირული, ოპერატორი - ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაშავდა აქციის გაშუქებისას.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“

  • ირაკლი გედენიძე, ფოტორეპორტიორი - ტელეკომპანიის ინფორმაციით, ირაკლი გედენიძეს, სავარაუდოდ, პიროტექნიკა მოხვდა ფეხის არეში. ფოტორეპორტიორს დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზევე აღმოუჩინა. 

POSTV

  • გურანდა ბილიხოძე, ჟურნალისტი - „პუბლიკას“ ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმის მხრიდან გასროლილი გაზის კაფსულა მოხვდა.  გუშინ, „პუბლიკას ჟურნალისტმა, ბასტი მგალობლიშვილმა ამის შესახებ ფეისბუკის პირად გვერდზეც დაწერა: „გასროლის შემდეგ კივილი რომ გავიგონე, გავიქეცი და რომ მივედი, ჩიხში იწვა, აქციის მონაწილეები ფეხზე სითხეს ასხამდნენ და ეხმარებოდნენ. კატეგორიულად ითხოვდა მისთვის სახეზე არავის გადაეღო. სასწრაფოს მანქანაში რომ აიყვანეს, სახეზე ვიცანი. ახლა წერს, რომ აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი პიროტექნიკით დაზიანდა და დეზინფორმაცია გავავრცელეთ“.

„ფორმულა" 

  • ოპერატორი -  „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ დაშავდა ტელეკომპანია „ფორმულას" ოპერატორი.
  • გადამღები ჯგუფი - ტელეკომპანია „ფორმულას“ინფორმაციით, ჩანს, რომ მათი გადამღები ჯგუფი წყლის ჭავლში მოჰყვა.

„მთავარი არხი“

  • ქეთა ციცქიშვილი, ჟურნალისტი - ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელი ციცქიშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

„რადიო თავისუფლება“

  • ბექა ბერაძე, პროდიუსერი - ნაცემია “რადიო თავისუფლების” პროდიუსერი ბექა ბერაძე, რომელიც სპეცრაზმმა საპროტესტო აქციის მახლობლად დააკავა. 

ფოტოგრაფი



1-2 დეკემბრის ღამე:

„რუსთავი 2“

  • გიორგი ნერგაძე, ოპერატორი - ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავდა. როგორც ტელეკომპანია წერს, მან აქციაზე გაშვებული გაზი შეისუნთქა. ნერგაძეს დახმარება სასწრაფო დახმარების ექიმებმა გაუწიეს და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
  • თამთა ჩიტიშვილი, ჟურნალისტი - „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავდა. ტელეკომპანია წერს, რომ მას დაზიანება ფეხის არეში აქვს მიყენებული.

„TV პირველი“

  • ნიკო კოკაია, ოპერატორი - ტელეკომპანიის ინფორმაციით, მას პირველადი დახმარება დასჭირდა. 
  • „მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, კოკაიასთან ერთად, დაშავდა ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილიც.

„პუბლიკა“

  • ნათია ამირანაშვილი, ჟურნალისტი - „პუბლიკის“ ინფორმაციით, პოლიცია გამოცემის ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდა. “ჟურნალისტი კედელზე მიანარცხეს, რა დროსაც გააგდებინეს ტელეფონი”, - წერს “პუბლიკა”.

„მაუწყებელი“ 

  • გიორგი ჩაგელიშვილი, ჟურნალისტი - „მაუწყებლის“ ინფორმაციით, რუსთაველის მეტროში მოქალაქეების დარბევის დროს გამოცემის ჟურნალისტი, გიორგი ჩაგელიშვილი დაიჭირეს. როგორც „პუბლიკა“ წერს, მათ მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ჩაგელიშვილი საპოლიციო ძალებს მიუთითებდა, რომ ჟურნალისტია, თუმცა მას ჩანთა გაუჩხრიკეს და წაიყვანეს.

OC Media

  • მარიამ ნიკურაძე, OC media-ს თანადამფუძნებელი და ჟურნალისტი -  ნიკურაძე წერს:  „კიდევ ერთი კამერა დამიზიანდა :)) მაკავებდნენ ცრემლსადენი გაზის ბუღში. ჟურნალისტი ვარ-თქო, გამიშვა და მიმახეთქა კედელს კამერიანად. საბედნიეროდ, მარტო ეკრანი დაზიანდა“.

„მედია აპრილი“

  • გიორგი ბასხაჯაური, ჟურნალისტი - „მედია აპრილის“ ინფორმაციით, გამოცემის ჟურნალისტს, გიორგი ბასხაჯაურს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი თავს დაესხა. „ბასხაჯაური ჭავჭავაძეზე აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდა, როცა ერთ-ერთ ჩიხში მას მუშაობაში ხელი შეუშალეს, ტელეფონის ჩამორთმევა სცადეს და დაედევნენ“, - წერს „მედია აპრილი“.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“

  • მირიან მელაძე, ფოტორეპორტიორი - მელაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე დაშავებული ფეხის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ეს ფაქტი სამი დღის წინ მოხდა. 

2-3 დეკემბრის ღამე:

„სტუდია მონიტორი“

  • ნინო რამიშვილი, ჟურნალისტი - ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ სპეცრაზმის თანამშრომლებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ტელეფონი წაართვეს: „რა თქმა უნდა მეკეთა ბეიჯი და მქონდა არაერთი ნიშანი პრესის, ასევე ვუთხარი რომ ვარ ჟურნალისტი და ვანახებდი პრესკარტას, მაგრამ მთხოვდნენ ვიდეოს წაშლას, ბოლოს კი გაიტაცეს ტელეფონი. შემდეგ კი რჩევად დააყოლეს წადი სახლშიო".

„პირველი არხი“

  • თეო ხუბულავა, ჟურნალისტი, ლევან ქართველიშვილი და ბადრი გამრეკლაშვილი ოპერატორები - ტელეკომპანიის ინფორმაციით, ისინი სპეცრაზმის მიერ გაზის კაფსულების გამოყენების დროს დაშავდნენ. მათ სამედიცინო დახმარება სასწრაფოს დახმარების ბრიგადამ ადგილზევე აღმოუჩინა.

„მთავარი არხი“

  • გივი მჭედლიშვილი, ოპერატორი - ჟურნალისტმა დეა მამისეიშვილმა პირდაპირ ეთერში ყოფნის დროს თქვა, რომ ოპერატორი შეუძლოდ გახდა.

„TV პირველი“

  • როგორც „ტვ პირველი“ წერს, „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2 დეკემბერს აქციის დაშლის დროს გამოყენებული არაპროპორციული ძალის გამოყენების დროს დაზიანდა "ტვ პირველი" სამაუწყებლო აპარატურა, მათ შორის გამოსაყენებლად უვარგისია პირდაპირი ტრანსლაციის კამერა. ეს არ არის პირველი  შემთხვევა, როდესაც "გომელაურის ომონს" იერიში მიაქვს "ტვ პირველის" სამაუწყებლო აპარატურაზე რათა, გაგვეთიშოს პირდპირი ეთერის სიგნალი და ვეღარ შევძლოთ მოვლენების ეპიცენტრიდან მაუწყებლობა“.

„ჩაიხანა“ 

  • ნატალი ჩხარტიშვილი, აქციას აშუქებდა, როგორც პრესის წარმომადგენელი - შსს-ს ძალებმა ხელი შეუშალეს მუშაობაში, მას ხელიდან გააგდებინეს Handycam–ი. მოგვიანებით, მას ასევე უყვიროდნენ, რომ გამოერთო კამერა. ჩხარტიშვილის მიერ გადაღებულ მეორე ვიდეოში ჩანს, სხვა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაც.

 

სხვა შემთხვევები:

„ინტერპრესნიუსი“

  • ვანო გორგიშვილი, ფოტოგრაფი - გორგიშვილმა facebook-ის პირად გვერდზე 2 დეკემბერს დაწერა, რომ „30 ნოემბრის დილის 2-3 სთ-ზე მერიოტთან შეჯგუფებულ მედიას წყლის ჭავლი მოგვიშვეს. რამდენიმე კაცმა გასწრება ვცადეთ და მაშინ გვესროლეს რეზინის ტყვიები. მირიანს[მელაძე] 4 მოხვდა. მე, საბედნიეროდ, 1 პატარა და მუხლთან“. ფოტოგრაფმა გამოაქვეყნა ფოტოც. 

უცხოელი ჟურნალისტი

  • ფიოდორ ხუდოკორმოვი, რუსი ჟურნალისტი - Paper Kartuli-ის ინფორმაციით, ჭიჭინაძის ქუჩაზე, როცა სპეცრაზმი მომიტინგეებს აწვებოდა, ნიღბიანმა მამაკაცმა, სავარაუდოდ ძალოვანმა, მას ხელი ჰკრა.
  •  

განახლება

3-4 დეკემბრის ღამე:

„ფორმულა“

  • თედო ქვაჩახია, ოპერატორი -  დაშავდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მას დაზიანებები თავის არეში ჰქონდა. ქვაჩახია კლინიკაში გადაიყვანეს, მას ტვინის შერყევა აქვს.
  • ლუკა ტყებუჩავა, ჟურნალისტი,  მიშო მარტაშვილი, ოპერატორი- ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ტყებუჩავას გაზის ორი ყუმბარა მოხვდა. ის და მისი ოპერატორი, მიშო მარტაშვილი დაზიანებებს გადაურჩნენ“.

„პირველი არხი“

ბესო გაფრინდაშვილი, ოპერატორი - ტელეკომპანიის ინფორმაციით, აქციის გაშუქებისას პიროტექნიკით დაშავდა. „ბესო გაფრინდაშვილს სასწრაფოს ექიმებმა ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება, თუმცა, დამატებითი კვლევისთვის ის კლინიკაში გადაიყვანეს. ოპერატორს ხელი აქვს დაზიანებული“, - წერს „პირველი არხი“.

4-5 დეკემბრის ღამე:

„ტვ პირველი“

  •  ნანუკა ქაჯაია, ჟურნალისტი, პაპუნა ხაჩიძე ოპერატორი - „ტვ პირველის“ ინფორმაციით, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან" კრიმინალურმა პოლიციამ ტელეკომპანიის კამერა დაამტვრია. „შავრაზმელებმა იძალადეს ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიაზე, რომელიც მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა“, - წერს „ტვ პირველი“.

 
 
კატეგორია - საქართველო


ირინა ყურუა: ლადო ტატიშვილმა „სათქმელის“ და სხვა გადაცემების გაჩერების საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის რედაქტორისა და წამყვანის, ირინა ყურუას განცხადებით, ტელეკომპანიის დირექტორმა, ლადო ტატიშვილმა გადაცემა „სათქმელისა“ და სხვა გადაცემების გაჩერების საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ დღეს მას ტატიშვილმა პირისპირ შეხვედრისას დაუდასტურა. 

„მეგობრებო, ხუთშაბათს, 21:00-ზე ვეღარ შეგხვდებით აჭარის ტელევიზია • Ajara TV  - საზოგადოებრივი მაუწყებელი -ის პირდაპირ ეთერში. ბოდიშს გიხდით, რომ უკვე ვერ შემოგთავაზებთ განსხვავებულ მოსაზრებებს, კრიტიკულ აზრს, საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ადამიანების ანალიზს...

ბოდიში, რომ კონსტიტუციის დაცვის საშუალება ამჯერად არ მეძლევა..

ბოდიში, რომ ვეღარ ვიცავ კანონს "მაუწყებლობის შესახებ" და ვეღარ ვასრულებ ვალდებულებებს, რომელიც პირველ რიგში, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს...

ბოდიში, რომ ამ კვირის ხუთშაბათს პირდაპირი ეთერიდან უკვე ვერ გეტყვით, რომ რუსეთი ოკუპანტია; რომ მიუღებელია ძალადობა მედიაზე, საკუთარ მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე;

გადაცემა "სათქმელის" და სხვა გადაცემების გაჩერების საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და დღეს პირისპირ შეხვედრისას დამიდასტურა დირექტორმა - ლადო ტატიშვილმა.

ვფიქრობ, რომ ახლა როგორც არასდროს, უნდა მოვიკრიბოთ პროფესიონალიზმი და საზოგადოებას კი არ დავემალოთ, არამედ, ყველა გადაცემიდან ველაპარაკოთ სიმართლეზე და რისკებზე.

გაჩერებულია ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მუშაობს მხოლოდ საინფორმაციო სამსახური და საინფორმაციო გამოშვება.

რა იქნება მომავალ კვირას ან ზოგადად - მომავალში, გაურკვეველია!“ - წერს ირინა ყურუა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს რედაქტორის, მაია მერკვილაძის განცხადებით კი, „მიმდინარე აქციების ფონზე,  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება და  დღის განმავლობაში, საინფორმაციო ბადეში დაგეგმილი, პირდაპირ ეთერში მიმდინარე ყველა სატელევიზიო გადაცემა შეაჩერა, გარდა საინფორმაციო გამოშვებისა. ცნობისთვის, ეთერში არ გადაიცემა არც პოლიტიკური ტოკ შოუები“. მერკვილაძე წერს, მას ეს ინფორმაცია მაუწყებლის პროგრამების ხელმძღვანელმა, ინგა გოგოლიშვილმა დაადასტურა.

გადაცემის - „თავისუფალი სივრცე“ წამყვანი, ვახო ხუზმიაშვილი კი, „მედიაჩეკერთან“ განმარტავს, რომ მისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რაც ტელევიზიის პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელმა შეატყობინა, „მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საინფორმაციო სამსახური არის ეთერში და დროებით, რამდენადაც ვიცი, რამდენიმე დღით არ გავა ჩემი გადაცემა ეთერში“.

ხუზმიაშვილი ამბობს: „ოღონდ გადაიცეს ყველაფერი ობიექტურად და ოპერატიულად და თუ ამას მოახერხებენ, რატომ უნდა მქონდეს რაიმე პროტესტი და პრობლემა“.  

„აჭარის ტელევიზიის“ პროგრამების ხელმძღვანელს დაუკავშირდა „მედიაჩეკერიც“. ინგა გოგოლიშვილის თქმით, დილის და შუადღის გადაცემები ბადიდან ამიღებული ერთი კვირის განმავლობაში იქნება, რადგან საინფორმაციო გამოშვება აქციებს აშუქებს. 

„საავტორო გადაცემები არის ბადეში, მაგრამ საავტოროც, სამწუხაროდ, წყდება პირდაპირ ეთერში და ახლა ასეთი საგანგებო ეთერი გვაქვს, როგორც ყველა არხს“, - ამბობს გოგოლიშვილი.

საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნაზიბროლა ქობულაძის თქმით კი,  საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და შესაბამისად, ესეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ასე გაგრძელდება „რამდენ ხანსაც გარემოება მოითხოვს“.

„აჭარის ტელევიზიამ “გაავრცელა განცხადებაც, სადაც ვკითხულობთ: "აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე საეთერო ბადეში, შესაბამის სპეც რეჟიმში გადის საინფორმაციო გამოშვების ახალი ამბები და პირდაპირი ეთერები მიმდინარე აქციებიდან, აქედან გამომდინარე არხის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება დროებით, სანამ არსებული პოლიტიკური ვითარებაა, ეთერში გავიდეს მხოლოდ ახალი ამბები და პირდაპირი ჩართვები მოვლენათა ეპიცენტრებიდან და მხოლოდ ამ დროით შემოქმედებითი ან პოლიტიკური თოქშოუები ეთერში არ გავა". 

ტელევიზია მცდარს უწოდებს ინფორმაციას, „რომ თითქოს, რომელიმე თანამშრომელი ან გადაცემის წამყვანი გათავისუფლებულია სამსახურიდან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“.

29 ნოემბერს,  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 50-მდე თანამშრომელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა. 

„ჩვენი საქმიანობა კი, ახლა, ისე, როგორც არასდროს, პარტიული გავლენებისგან დამოუკიდებელი და საზოგადოებრივი უნდა იყოს. ხაზგასმით ვადასტურებთ უმთავრესი ღირებულებების ერთგულებას, რაც სახელმწიფო ჩარევისგან დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებლობას, კრიტიკული კითხვების დასმას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ობიექტურად გაშუქებას გულისხმობს“, - ვკითხულობთ მათ მიმართვაში.

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები 28 ნოემბრიდან დაიწყო. ამ დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის ბოლომდე წევრობაზე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებენ. 

ვლადიმერ ტატიშვილი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი 2022 წლიდან არის. 

 
 
კატეგორია - საქართველო

 

„პალიტრა მედიის“ განცხადებით, პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდა. როგორც „პალიტრა მედია“ წერს, არსებობს ეჭვი, რომ ამ ანგარიშსწორებას მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა, რადგან ნაცემი ჟურნალისტების იდენტიფიცირება ადვილია ბეიჯით, ვიდეოკამერით, ფოტოაპარატითა თუ სხვა ატრიბუტიკით. 

„ბოლო დროინდელმა განცხადებებმა და მოვლენებმა საქართველო დააყენა დესტაბილიზაციისა და ქაოსის საფრთხის წინაშე, რასაც შესაძლოა, უმძიმესი შედეგი მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისთვის - მიუხედავად მისი პოლიტიკური გემოვნებისა თუ სოციალური მდგომარეობისა. ეკონომიკური კოლაფსი, განვითარების ათწლეულებით შეჩერება, კრიმინალის აღზევება და მასობრივი ემიგრაციის ახალი ტალღა - აი, ეს ემუქრება ჩვენს ქვეყანას მოვლენების ყველაზე მძიმე სცენარით განვითარების შემთხვევაში.

„პალიტრა მედია“ მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რათა ესკალაციის ახალი ტალღა არ მივიღოთ.

ბისა. ეკონომიკური კოლაფსი, განვითარების ათწლეულებით შეჩერება, კრიმინალის აღზევება და მასობრივი ემიგრაციის ახალი ტალღა - აი, ეს ემუქრება ჩვენს ქვეყანას მოვლენების ყველაზე მძიმე სცენარით განვითარების შემთხვევაში.

მიგვაჩნია, რომ დეესკალაციის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე გამართული აქციებისას დაკავებული უდანაშაულო ახალგაზრდების გათავისუფლება, რადგან მათი უდიდესი ნაწილის პროტესტი აბსოლუტურად გულწრფელი იყო.

ასევე, აუცილებლად ვთვლით აქციების დაშლისას სამართალდამცავთა ნაწილის მხრიდან მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი უსაფუძვლო სისასტიკისა და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტების გამჭვირვალედ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას.

პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდა. არსებობს ეჭვი, რომ ამ ანგარიშსწორებას მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა, რადგან ნაცემი ჟურნალისტების იდენტიფიცირება ადვილია ბეიჯით, ვიდეოკამერით, ფოტოაპარატითა თუ სხვა ატრიბუტიკით. შევახსენებთ შესაბამის ორგანოებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საერთაშორისო კონვენციებით ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

„პალიტრა მედია“ მიიჩნევს, რომ სწრაფად უნდა იყოს მიღებული ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყანას ცხოვრების ჩვეულ რიტმში დააბრუნებს. საერთაშორისო პრაქტიკაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან შედარებით უმტკივნეულო გამოსვლის პრეცედენტები და მსგავს ბერკეტებს საქართველოს კანონმდებლობაც ითვალისწინებს. მძიმე სცენარი, პირველ რიგში, იმ ქვეყნის წისქვილზე დაასხამს წყალს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს და ელოდება მომენტს, რათა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე და დამოუკიდებლობაზე გადამწყვეტი იერიში მიიტანოს.

რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ პროცესი უნდა ემსახურებოდეს ერთ მიზანს - საქართველოს ევროინტეგრაციას.

საქართველო ევროპაა!“- ვკითხულობთ განცხადებაში.

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები 28 ნოემბრიდან დაიწყო. ამ დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის ბოლომდე წევრობაზე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებენ. 

28 ნოემბრის ღამიდან დღემდე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 50-მდე ჟურნალისტი დაშავდა. შსს-ის ძალები მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან, ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილს კი სპეციალური საშუალებები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი შეასხეს. მათ უმრავლესობას დასჭირდა სამედიცინო დახმარებაც. ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობა. სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ გურამ როგავას („ფორმულა“), ალექსანდრე ქეშელაშვილს („პუბლიკა“), მარიამ გაფრინდაშვილს („ტვ პირველი“).

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები და ამომრჩეველთა ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს და საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

პროევროპული აქციების გაშუქებისას დაზარალებული მედიის წარმომადგენლების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ:

  1. გუშინდელი საპროტესტო აქციის დარბევისას 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა
  2. „აგრესია მედიის წარმომადგენლების მიმართ იყო სისტემური, დაგეგმილი და განზრახი“, - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  3. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ პროკურატურასა და საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი ძალადობის გამოძიებისკენ მოუწოდებს
  4. პროევროპული აქციების გაშუქებისას 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა


კატეგორია - საქართველო

ტელეკომპანიის 20 საათსა და 49 წუთზე გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში წერია, რომ „მაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალყურს პირველი არხის ჟურნალისტებზე განხორციელებულ არნახულ ზეწოლას, განსაკუთრებით მიზანმიმართულად და პროვოკაციულად მოქმედებენ ცალკეული ტელევიზიების წარმომადგენლები და არ გვეძლევა მუშაობის საშუალება“.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათი ერთადერთი დაპირება, რაც მაყურებელს მისცეს, „არის ის, რომ პირველი არხი იყო და დარჩება თავისუფალი და დაიცავს სარედაქციო დამოუკიდებლობას ნებისმიერი ზეწოლის მიუხედავად“.

„არნახულ ზეწოლასთან“ დაკავშირებით 21 საათსა და 18 წუთზე „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც მიმართა.

დღეს და გუშინ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები ითხოვენ, რომ გადადგეს ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი, ეთერი ყოველდღიურად დაეთმოს საზოგადოებას და არ შეიზღუდოს მაუწყებლობა რეგიონებში.

მიმდინარე პროევროპულ აქციებზე 28 ნოემბრის ღამიდან დღემდე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 50-მდე ჟურნალისტი დაშავდა. შსს-ის ძალები მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან, ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილს კი სპეციალური საშუალებები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი შეასხეს. მათ უმრავლესობას დასჭირდა სამედიცინო დახმარებაც. ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვილობა. განსაკუთრებულად დაშავდნენ გურამ როგავა („ფორმულა“), ალექსანდრე ქეშელაშვილი („პუბლიკა“), მარიამ გაფრინდაშვილი („ტვ პირველი“)
კატეგორია - საქართველო

ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია ცხელი ხაზი: 577 070 592

როგორც „მედიაომბუდსმენი“ წერს, აქციების გადაღების პროცესში მედია სახელმწიფოს ერთ-ერთი სამიზნეა. მათი ბენეფიციარების უფლებების დარღვევა იდენტურია: ძალადობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკავების პროცესში კი, ძალადობა კიდევ უფრო სასტიკ ფორმებს იღებს. ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეწყვიტოს თავდასხმა აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებზე.

„მედიაომბუდსმენის“ ზოგადი რეკომენდაციები იმ შემთხვევისთვის, თუ დაგაკავეს:

1. მოითხოვეთ დაკავების საფუძვლის განმარტება;
2. მოითხოვეთ თქვენი უფლებების განმარტება.


ამ დროს თქვენი უფლებებია:

  • ადვოკატთან ან ახლობლებთან კომუნიკაციის უფლება;
  • საქმის მასალების გაცნობის უფლება;
  • ახსნა-განმარტების მიცემის უფლება;
  • მტკიცებულებების წარდგენის უფლება;

1. საქმის განხილვისას ადვოკატის დახმარებით სარგებლობის უფლება;

2. საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობის უფლება. ამ უფლებებით სარგებლობა ნებაყოფლობითია.

3. როცა გექნებათ ახლობელთან/ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობას, ეცადეთ თქვენი ტელეფონი არ ჩართოთ და სამართალდამცველების ტელეფონით ისარგებლოთ;

4. დაიმახსოვრეთ “მედიაომბუდსმენის” ცხელი ხაზი: 577 070 592 დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ თქვენი დაკავების შესახებ;

5. შეგიძლიათ ისარგებლოთ დუმილის უფლებით და ხელი არ მოაწეროთ არავითარ დოკუმენტებს;

თუ მოთხოვნის შემდეგ, გადმოგცეს დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმები (დიდი ალბათობით არ გადმოგცემენ, მაგრამ მაინც) ჩაიბარეთ და ორივე მათგანზე შენიშვნა გააკეთეთ რომ არ ეთანხმებით.

6. სანამ ნივთებს ჩამოგართმევენ, ეცადეთ ტელეფონი გამორთოთ და თუ კი სახის ამომცნობი გაქვთ, ეგეც გათიშეთ.

7. საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება;

8. მოითხოვეთ სახალხო დამცველთან შეხვედრა, თუ კი ადგილი ჰქონდა თქვენს მიმართ სიტყვიერ ან/და ფიზიკურ ძალადობას;

9. თუ კი თქვენ მიმართ პოლიციელებმა იძალადეს ან/და ხელი შეგიშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, მოითხოვეთ ინფორმაცია გადაეცეს “სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს” ცხელი ხაზი: 199