OSCE/ODIHR-ის მისია: მედიაგარემო მრავალფეროვანი, მაგრამ ძალზედ პოლარიზებულია და ირეკლავს ფართო პოლიტიკური ძალაუფლების სტრუქტურებს
12.10.2024


ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლმენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიშ გამოაქვეყნა. ანგარიში 11 სექტემბერი – 9 ოქტომბრის პერიოდს მოიცავს.

დოკუმენტის მე-11 თავი მედიას ეთმობა და მასში ვკითხულობთ, რომ მედიაგარემო მრავალფეროვანი, მაგრამ ძალზედ პოლარიზებულია და ფართო პოლიტიკური ძალაუფლების სტრუქტურებს ირეკლავს.

ანგარიშის მიხედვით, მედიასაშუალებები ფინანსური გამოწვევებით სავსე გარემოში მუშობენ, რომელსაც ხელს აძლევს სარეკლამო ბაზარზე არსებული დეფიციტი, რის გამოც მედიასაშუალებები პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებზე დამოკიდებულები ხდებიან. პოლიტიკური ინფორმაციის გავრცელების უმთავრეს წყაროებად კი, კვლავაც კომერციული სატელევიზიო არხები რჩებიან. 

„მათ შორის ყველაზე პოპულარული არხებს შორის გვხვდება „იმედი“ და „რუსთავი 2“, რომლებიც აღქმულია, როგორც „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მედიასაშუალებები, და „მთავარი არხი“ და “ტვ პირველი“, რომლებიც, თავის მხრივ, ოპოზიციურ პარტიებთან აფილირებულ არხებად აღიქმება. „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს“ კი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, შედარებით მცირე რაოდენობის მაყურებელი ჰყავს“.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან საუბრებში პროცესში ჩართულ მხარეები აღნიშნავდნენ, რომ შედარებით მცირე ზომის, უპირატესად ინტერნეტმაუწყებლები, დამოუკიდებელი გაშუქების მთავარი წყარო არიან და ძირითადად საერთაშორისო გრანტებზე არიან დამოკიდებული. მედიის საკითხებზე მომუშავე ბევრი საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიონალი და მედიასთან ასოცირებული პირები კი, შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ „უცხოური ზეგავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულმა კანონმა შესაძლოა, დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას ძირი გამოუთხაროს.

კვლევის მიხედვით, მედიის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თავის ანგარიშებში საუბრობენ სამოქალაქო ცილისწამების მაღალ მაჩვენებლებზე (რომელთა საფუძველზე  წამოწყებული სასამართლო განხილვები ხშირად მედიის წინააღმდეგ გამოცემული გადაწყვეტილებებით სრულდება) და ასევე, საჯარო ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებით წარმოშობილ მნიშვნელოვან ბარიერებზე.

„ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან საუბრებში პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეების უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ მათი შეშფოთების მთავარი საგანი ჟურნალისტების დაცვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველჰყოფაა, რის დასტურადაც მათ ბოლო დროს მომხდარი თავდასხმების ფაქტები მოჰყავთ“. 

არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „მაუწყებლებმა აღნიშნეს, რომ არსებობს გარკვეული ბუნდოვანება უფასო სატელევიზიო დროის გამოყოფასთან და რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც საარჩევნო სუბიექტები დე ფაქტო კოალიციებში ერთიანდებიან“.

ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან, სასამართლოებმა დაახლოებით ცხრა მაუწყებელს დაუწესა სანქციები უფასო სატელევიზიო დროის გამოყოფის დებულებათა დარღვევისთვის.

ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ 2024 წლის 18 სექტემბერს დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი ექვსი სატელევიზიო არხისა და ორი ონლაინ მედიასაშუალების მედიამონიტორინგიც. 

ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ (ODIHR EOM) საქართველოს მთავრობის მოწვევითა და თავისი მანდატის შესაბამისად მუშაობას 11 სექტემბერს დაიწყო. მისიის წევრები ეუთოს 22 წევრი ქვეყნიდან შეირჩნენ.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ
საქართველოს მედიაგარემო 2024


„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საქართველოს მედიაგარემოს შეფასების დოკუმენტი გამოაქვეყნა. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ჟურნალისტების უსაფრთხოება, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, წინასაარჩევნო პერიოდი მედიის მიმართ, დეზინფორმაციული კამპანიები, მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი პოლიტიკური და სხვა სახის გავლენისგან, ასევე - სექტორში არსებული სხვა ძირითადი გამოწვევები. 

დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციებიც, რომელიც მიზნად საქართველოს მედიაგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს.

კვლევის - „საქართველოს მედიაგარემო 2024“ ძირითადი მიგნებებია:


● 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართული მედია, განსაკუთრებით კი მისი დამოუკიდებელი და კრიტიკული სეგმენტი, მძიმე გამოწვევების წინაშე იდგა.

● მედიაგარემო მუქარის, დაშინებისა და ძალადობის გავრცელებული ფაქტებით გამოირჩევა. ძალადობის მსხვერპლი განსაკუთრებით დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.

● მმართველი პარტიის მიერ მიღებული „რუსული კანონი“ მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, საქმიანობის შეზღუდვას და საბოლოოდ მათ ლიკვიდაციას. ეს კანონი ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს, წარმოადგენს სერიოზულ უკან გადადგმულ ნაბიჯს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზაზე.

● ხელისუფლების დანაწილება და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა საქართველოში სერიოზული გამოწვევების წინაშეა. სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზაცია და მმართველი პარტიის მიერ მათი მიტაცება განსაკუთრებით მძიმედ აისახება მედიის თავისუფლებაზე.

● საქართველოს პარლამენტი თანდათანობით იქცა დახურულ სივრცედ დამოუკიდებელი მედიისთვის. ეს პროცესი განსაკუთრებით გამძაფრდა მედიის აკრედიტაციის ახალი წესების შემოღებით და უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებით, რამაც არსებითად შეზღუდა ჟურნალისტების შესაძლებლობა, გააშუქონ საპარლამენტო საქმიანობა.

● დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სტრატეგიული სამართალწარმოების სარჩელები (SLAPP) კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ან მათთან დაკავშირებული პირების მიერ წარდგენილი სარჩელები ხშირად დაშინების იარაღად გამოიყენება და მიმართულია ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვისაკენ.

● დეზინფორმაცია საქართველოსთვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება. განსაკუთრებით - შიდა დეზინფორმაცია. ყოველდღიურად ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური გზავნილები ვრცელდება. შიდა პროპაგანდის სამიზნე არიან დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიაორგანიზაციები და მათი ჟურნალისტები.

● საჯარო ინფორმაციაზე წვდომა ჟურნალისტებისთვის კრიტიკულ ნიშნულამდეა მისული.

ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია ლინკზე: https://www.hrc.ge/files/reports/360mediagaremo-2024%20geo%20full.pdf

 
 ეუთო/ოდირი: მედიასაშუალებების პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენება ძირს უთხრიდა ახალი ამბების დამოუკიდებელ გაშუქებას და ამძაფრებდა პოლიტიკურ განხეთქილების რიტორიკას


საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებულ წინასწარ დასკვნებს აქვეყნებს. წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ მისიის მოხსენების მიხედვით, პოლარიზებული მედიაგარემო და კერძო მედიასაშუალებების პოლიტიკური პროპაგანდის მიზნით ინსტრუმენტალიზაცია უარყოფით ზეგავლენას ახდენდა ახალი ამბების გაშუქებაზე, რაც ამომრჩევებს ხელს უშლიდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. 

„მედია მრავალფეროვანი, მაგრამ ძალზედ პოლარიზებულია და დაფინანსების თვალსაზრისით დამოკიდებულია პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული კერძო პირებზე, რაც ძირს უთხრის დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას. ჟურნალისტების უსაფრთხოება ბოლო დროს მათ წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი თავდასხმისა და დაშინების აქტებისა და ზეწოლის გამო კვლავაც შეშფოთების უმთავრესი საგანია. ODIHR -ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგმა ნათლად წარმოაჩინა მედიამონიტორინგით დაფარული ყველა მედიასაშუალების პოლიტიკური მიკერძოება და კომერციული სატელევიზიო არხების მიერ ახალი ამბების მიუკერძოებელი გაშუქების კანონიერი ვალდებულების უგულვებელყოფა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველა პოლიტიკური პარტია უპირატესად პოზიტიური ან ნეიტრალური კუთხით წარმოაჩინა, მაგრამ ახალი ამბების გაშუქებისას მნიშვნელოვნად მეტი დრო დაუთმო სახელისუფლებო პარტიას. კერძო მედიასაშუალებების პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენება ძირს უთხრიდა ახალი ამბების დამოუკიდებელ წარმოებას და ამძაფრებდა პოლიტიკურ განხეთქილების რიტორიკას. პოლიტიკური პარტიების პროგრამების მიუკერძოებელი ანალიზის სიმცირე და წამყვანი პოლიტიკური აქტორებისა და პარტიების უარი მონაწილეობა მიეღოთ დებატებში, ამომრჩევლებს უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას“.


მედია 

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მოხსენების მიხედვით, მედიაგარემო მრავალფეროვანი, მაგრამ ძალზედ პოლარიზებულია და ფართო პოლიტიკური ძალაუფლების მქონე სტრუქტურებს აძლიერებს. მედიასაშუალებები ფინანსური გამოწვევებით სავსე გარემოში მუშაობენ, რასაც სარეკლამო ბაზარზე არსებული დეფიციტიც ემატება, რის გამოც ისინი დამოკიდებული ხდებიან პოლიტიკურ და ბიზნესინტერესებზე.

„ჟურნალისტების უსაფრთხოება ბოლო დროს მათ წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი თავდასხმის, დაშინებისა და ზეწოლის  აქტების გამო კვლავაც შეშფოთების უმთავრესი საგანია. სამოქალაქო ცილისწამების პროცედურებთან დაკავშირებული საკანონმდებლო გარანტიების მიუხედავად, სამოქალაქო ცილისწამების საფუძვლით ბოლო დროს წარმოშობილი საჩივრები ოპოზიციასთან აფილირებული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებებით დასრულდა, რაც ძირს უთხრის საგამოძიებო ჟურნალისტიკას და კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე აყენებს ფინანსურად მყიფე მედია გარემოს“. 

ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიასთან საუბარში მხარეები ასევე აღნიშნავდნენ, რომ საჯარო ინფორმაციაზე წვდომა მნიშვნელოვან ბარიერებთან არის დაკავშირებული. მოხსენებაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზეც. 

„საკანონმდებლო ნორმების თანახმად მაუწყებლები ვალდებული არიან დაიცვან მიუკერძოებლობა და იმოქმედონ სამართლიანი და პლურალისტური მიდგომებით; თუმცა, აღნიშნული მხოლოდ თვითრეგულაციის საგანია მაშინ, როცა უფასო და ფასიანი რეკლამის განთავსებისა და ასევე დებატების გამართვის მარეგულირებელი ნორმების აღსრულებას კომუნიკაციების კომისია უწევს მეთვალყურეობას. კომუნიკაციების კომისიის წევრთა დანიშვნის პროცედურა არ უზრუნველყოფს მის დამოუკიდებლობას, რის გამოც ეს უწყება სანქციების დაწესების მეტისმეტად დიდ ძალაუფლებას ფლობს მაუწყებელთა უმრავლესობას, მათ შორის კომერციულ მაუწყებლებს, კანონი ავალდებულებს მნიშვნელოვანი ოდენობის საეთერო დრო საარჩევნო სუბიექტებს გამოუყონ. თუმცა, ODIHR-ის მიერ გაცემული რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ უფასო საეთერო დრო და დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ. გარდა ამისა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის მარეგულირებელმა ნორმებმა, რომლებიც იყენებენ ცნებას „სხვა საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო მიზნებს ემსახურებიან“ და მათმა ვიწრო გაგებით ინტერპრეტირებამ კომუნიკაციების კომისიასა და სასამართლოებს ექვსი მაუწყებელის დააჯარიმების შესძლებლობა მისცა და შეუსაბამოდ შეზღუდა ოპოზიციურ პარტიათა უფლება წინასაარჩევნო აგიტაცია მედიასაშუალებებით ეწარმოებინათ“.

როგორც მისიის ანგარიშში ვკითხულობთ, მაუწყებლები ვალდებული არიან შეამოწმონ პოლიტიკური პარტიის შინაარსი. „ქართული ოცნების“ საჩივრების შედეგად კი, სამი ტელეკომპანია არაერთხელ დაჯარიმდა იმის გამო, რომ ეთერში არ განათავსა „ქართული ოცნების“ კონკრეტული წინასაარჩევნო რეკლამები, რომლებიც ტელეკომპანიის განმარტებით კანონის, მათ შორის „სიძულვილის ენის შესახებ“ ნორმებს არღვევდა. 

„ზოგიერთი ტელეკომპანიის მიერ კომუნიკაციების კომისიისთვის წაყენებულ წინა მოთხოვნებს უარი ეთქვა პროცედურული საფუძვლით. შედეგად მთავრობასთან დაკავშირებულმა ორმა ტელეკომპანიამ, რომელთა მონიტორინგსაც ODIHR-არჩვნებზე სადამკვირვებლო მისია აწარმოებდა, 11 ოქტომბერს სრულად შეწყვიტა ოპოზიციურ პარტიათა წინასაარჩევნო რეკლამების გაშუქება. „ძლიერი საქართველოსა“ და „ ერთიანობა საქართველოს გადასარჩენად“ საჩივრები სასამართლომ ძალაში დატოვა, მთავრობასთან დაკავშირებული რამდენიმე მაუწყებელი კი დაჯარიმდა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კანონი დაჩქარებულ პროცედურებს არ უზრუნველყოფს, კანონდარღვევები არ გამოსწორებულა, რაც ძირს უთხრის ოპოზიციის შესაძლებლობებს თანაბარი პირობებით აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია“.

ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ 18-დან 25 ოქტომბრის პერიოდში ექვსი ტელეკომპაიისა და ორი ონლაინ მედიასაშუალების მონიტორინგი განახორციელა.

„ჩატარებულმა მედიამონიტორინგმა ნათლად წარმოაჩინა მედიამონიტორინგით დაფარული ყველა მედიასაშუალების პოლიტიკური მიკერძოება; კანონის მოთხოვნის მიუხედავად კომერციული ტელეკომპანიები არ იცავდნენ ახალი ამბების მოუკერძოებელი გაშუქების ვალდებულებას. ტელეკომპანიების უმრავლესობამ ახალი ამბების გაშუქებისას წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების უდიდესი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ მიუძღვნა. თუმცა, კომერციული ტელეკომპანიების გაშუქების ტონი თანხვედრაში იყო საჯაროდ აღქმულ პარტიულ მიკერძოებასთან. „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მაყურებელს ყველა საარჩევნო სუბიექტი უმეტესწილად პოზიტიური ან ნეიტრალური კუთხით წარმოაჩინა (89 პროცენტი) წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების უდიდესი წილი კი „ქართულ ოცნებას“ დაუთმო (58 პროცენტი). “საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გამართულ ერთადერთ დებატებში მთავრობისა და ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა არ მიიღეს მონაწილეობა, მას შემდეგ რაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს მონაწილეობაზე“. 

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, მედიასაშუალებების პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოყენება ძირს უთხრიდა ახალი ამბების დამოუკიდებელ გაშუქებას და ამძაფრებდა პოლიტიკურ განხეთქილების რიტორიკას. 

„პოლიტიკური პარტიების პროგრამების მიუკერძოებელი ანალიზის სიმცირე და წამყვანი პოლიტიკური აქტორებისა და პარტიების უარი მონაწილეობა მიეღოთ დებატებში, ამომრჩევლების უზღუდავდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას“. 

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას თბილისში 18 ექსპერტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი წარმოადგენდა. კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურებს დააკვირდა 42 ქვეყნის წარმომადგენელი 530 დამკვირვებელი, მათ შორის ODIHR-ის 30 ხანგრძლივვადიანი და 332 მოკლევადიანი დამკვირვებელი და ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 60-წევრიანი დელეგაცია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 39-წევრიანი დელეგაცია, ევროპარლამენტის 12-წევრიანი დელეგაცია და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 38- წევრიანი დელეგაცია.

 


„მედიაომბუდსმენმა“ 26 ოქტომბერს დაგეგმილი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მხარდასაჭერად მედიის წარმომადგენლებისთვის მოამზადა გზამკვლევი  - "როგორ გავაშუქოთ კენჭისყრის დღე?"

გზამკვლევი არჩევნების დღის გაშუქების საკანონმდებლო რეგულაციებს აღწერს. მასში საკანონმდებლო ნორმებთან ერთად, გასული წლების გამოცდილებიდან მიღებული პრაქტიკული რეკომენდაციებიც არის თავმოყრილი.

„მედიაომბუდსმენის“ გუნდი აგრძელებს მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებასაც. არჩევნების დღეს ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომი იქნება საკონსულტაციო ცხელი ხაზი: 577 070 592

გზამკვლევი „როგორ გავაშუქოთ კენჭისყრის დღე?“ იხილეთ ბმულზე: 

 
 
„პირველი არხი“ ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა - ქარტიის წინაასარჩევნო კვლევა


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ საარჩევნო პროცესებისა და საარჩევნო სუბიექტების მედიაგაშუქების ანგარიშები გამოაქვეყნა. კვლევა ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) უძღვება. 

ქარტია 2024 წლის 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, თვისებრივი კვლევის ფარგლებში, გაშუქების პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად, 18 მედიასაშუალების (10 ტელეარხი: „პირველი არხი“, „აჭარის ტელევიზია“, „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“, „კავკასია“, „პალიტრანიუსი“, „რუსთავი2“, „იმედი“, „პოსტვ“ და 8 ონლაინ მედია: interpressnews.ge, netgazeti.ge, news.on.ge, primetime.ge, publika.ge, radiotavisupleba.ge, sputnik-georgia.com და tabula.ge) კონტენტს დააკვირდა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ახალი ამბებისა და ტოქშოუების მონიტორინგის შედეგები:

„პირველი არხის“ ახალი ამბების მონიტორინგის შედეგები:



 

საკვლევ პერიოდში მონიტორები „პირველი არხის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას - „მოამბე 21 საათზე“ აკვირდებოდნენ, სადაც  წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი დრო (20%) „ქართულ ოცნებას“ დაეთმო.  

მონიტორინგის შედეგებით დადგინდა, რომ „პირველი  არხი“ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამბების გაშუქებისას წინასააჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიმართ  მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა. ხოლო, ახალი ამბების გაშუქებისას „მოამბეში“ გარდა მიკერძოებისა, ასევე იგრძნობოდა ანტიდასავლური განწყობებიც, რაც „ქართული ოცნების“ განცხადებებს ეხმიანებოდა. 

„“მოამბემ”  მმართველ პოლიტიკურ გუნდს, ანტიდასავლური მოსაზრების გასავრცელებლად, ასევე, ჰომოფობიური და კონსპირაციული თეორიების ტირაჟირებისათვის კომფორტული, ხელსაყრელი გარემო შეუქმნა“. 

ანგარიშის თანახმად, „პირველ არხს“ წინასაარჩევნო  პერიოდში თითქმის არ ჰქონია ხელისუფლების რომელიმე შტოს მამხილებელი მწვავე, ექსკლუზიური მასალა და  არხის ჟურნალისტებს არ გამოუვლენიათ კორუფციისა და ადამიანის უფლებების შემლახავი ფაქტები. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ „მოამბის” ეთერში აქტიურად  შუქდებოდა მწვავე პოლიტიკურ ამბები, რა დროსაც  რედაქცია დროს უთმობდა ამბავში ჩართულ ყველა მხარეს, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს ის ხშირად ფორმალური ბალანსის დაცვით აშუქებდა. 

„მმართველი პოლიტიკური ძალისა და ხელისუფლების ზეგავლენა ჩანდა ფაქტებისა და კომენტარების მოწოდების რიგითობაში. „მოამბის“ სიუჟეტებში საბოლოო, დასკვნითი სიტყვა სწორედ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ. ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრება ყოველთვის ბათილდებოდა ამ ხელისუფლების წარმომადგენლების, როგორც წესი, უფრო ხანგრძლივი კონტრარგუმენტებით“.

მონიტორინგის შედეგების თანახმად, არჩევნების წინ ,,მოამბეში“ მმართველი პოლიტიკური ძალიდან ყველაზე ხშირად პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ჩანდა, რომელიც ეთერში ხანგრძლივად საუბრობდა ისეთ პოზიტიურ თემებზე, როგორებიცაა, მაგალითად, ტყიბულში ჩატარებული სარესტავრაციო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები და  მესამე კვარტალში ინვესტიციების 10%-იანი ზრდა. 

კვლევაში აღნიშნულია, რომ „მოამბე“ რუბრიკაში არჩევნები 2024 მაყურებელს სთავაზობდა საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო აქტივობების მოკლე ქრონომეტრაჟიან, მშრალ და დაიჯესტურ გაშუქებას. ეს ფორმატი კი, ამომრჩევლის ამომწურავ ინფორმირებას ვერ უზრუნველყოფდა.

მონიტორინგის შედეგების თანახმად, „პირველი არხი“ ზოგჯერ, მმართველი გუნდისთვის კრიტიკულ მომენტში, ხელისუფლებისადმი მიკერძოებას ავლენდა და ეთიკურ სტანდარტებს არღვევდა. ამის მაგალითად მოყვანილია 17 სექტემბერს, „მოამბეში“ მე-14 წუთზე გასული სიუჟეტი - ,,აშშ-ის სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტის სანქციები“, სადაც ჟურნალისტმა მანიპულაციური ტექსტების  და კადრების გამოყენებით, სანქციები, ხელისუფლების რიტორიკის მსგავსად, არჩევნებში გარე ძალების ჩარევის მცდელობად წამოაჩინა.  

 „“26 ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებამდე 39 დღით ადრე ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობებს კიდევ უფრო ძაბავს. აშშ სტრატეგიული პარტნიორის წინააღმდეგ ისევ სანქციების ენით ლაპარაკობს. ოთხი სანქცირებული მოქალაქიდან ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანია. როგორც სახაზინო დეპარტამენტის მედიარელიზში ვკითხულობთ, აშშ-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მუშაობის სტილი არ მოეწონა… “, – აუწყა მაყურებელს ჟურნალისტმა.  თუმცა, ,,მოამბის“ ჟურნალისტს არ უხსენებია,  რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროგანცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე, მილერი ლაგაზაური, „მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან არიან კავშირში“.  თითქმის 10-წუთიან სიუჟეტში ერთხელაც არ გაჟღერებულა აშშ-ის მხარის არგუმენტები, რომ ,,აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებებს საქართველოში.“ უფრო მეტიც, ჟურნალისტის ტექსტი, რომელიც მმართველი გუნდის ანტიდასავლურ განწყობებს გადმოსცემდა, გადაფარული იყო არა თბილისის საპროტესტო აქციის დარბევის კადრებით, არამედ  ნაჩვენები იყო ევროპაში გაურკვეველი აქციის დაშლის მძიმე კადრები. ,,აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ, შესაძლოა, საქართველოში რევოლუციური სცენარის ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორი გახდეს, არც საქართველოს პარლამენტში გამორიცხეს. მმართველი გუნდი შეერთებული შტატების ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. ერთი მხრივ, ბაიდენის ადმინისტრაციის ყურადღების მიღმა ევროპულ ქვეყნებში და თავად ამერიკაში საპროტესტო აქციების დარბევის მსგავსი კადრები რჩება. ქართველ სამართალდამცავებს კი გაცილებით მსუბუქი რეაგირებისთვის სანქციებს უწესებს. აშშ-ის ეს მიდგომა ,,ქართული ოცნებისთვის” იმ ოპოზიციის მაშველი რგოლია, რომლის შანსები 26 ოქტომბრის არჩევნებზე მინიმუმამდეა შემცირებული„“.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, „მოამბემ“ ასევე მიკერძოებულად გააშუქა რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში. „მაგალითად, 10-წუთიანი სიუჟეტიდან ,,საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა დრო თითქმის სრულად მხოლოდ მოპასუხე მხარის არგუმენტებს დაეთმო“. ასევე, მიკერძოებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოზე ენათმეცნიერი მარინე ბერიძის ჩვენების შესახებ სიუჟეტიც (26:15 ), „სადაც სიტყვა არ თქმულა უშუალოდ მარინე ბერიძის კვლევის მიგნებების შესახებ,   რის გამოც იგი სასამართლოზე დაიკითხა, და იმაზე, რომ მისი კვლევით, სიტყვათა შეთანხმება ,,უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი” ნეგატიურ კონოტაციას ატარებს. სამაგიეროდ, დეტალურად და მანიპულაციურად გაშუქდა ენათმეცნიერის საკუთარი სოციალური ქსელით გადაზიარებული პოსტი (,,შემდეგი სადგური ნაღალატევი”)“.

კვლევის თანახმად, „მოამბის“ რედაქციამ  ანტიდასავლური ნარატივების კონტექსტში გააშუქა „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ მიღების პროცესიც. 

სიუჟეტებში, რომელიც ამ თემას დაეთმო, კანონპროექტის ინიციატორის და ,,ქართული ოცნების” დეპუტატების დისკრიმინაციული და ჰომოფობიური კომენატრების საპირწონედ, ჩაწერილი იყვნენ ოპოზიციური დეპუტატები. აღნიშნული კომენტარები მხოლოდ ფორმალური ბალანსის დაცვას ემსახურებოდა და ეთერში გაჟღერებული დისკრიმინაციული გზავნილების საპირწონეს არ წარმოადგენდა. ამ თემის ირგვლივ ,,მოამბეს” მაყურებლისთვის არ შეუთავაზებია ექსპერტების, უფლებათა დამცველების პოზიცია, და, ასევე, არ განხილულა, თუ როგორ აშორებს მსგავსი ჰომოფობიური კანონი საქართველოს ევროინტეგრაციისგან. და ბოლოს, ,,მოამბის” ჟურნალისტი არ მოერიდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სიუჟეტის შემაჯამებელ ტექსტში: „ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფარგლებში მეორე და მესამე მოსმენით სექტემბერში დაამტკიცებს„“.

მონიტორინგის შედეგების თანახმად, „მოამბემ“ ხანგრძლივი დრო დაუთმო ირაკლი კობახიძის მიერ წამოჭრილ ისეთ „დაუსაბუთებელ თემას“, როგორიცაა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე პროვოკაციის რისკები და ის, რომ თავდასხმის ობიექტები ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეიძლება გახდნენ. ხოლო, 21 ოქტომბერს, იგივე თემა, ,,არჩევნები და პროვოკაციის რისკები - მდინარაძის განცხადება“, ,,მოამბემ“ დაუბალანსებლად გააშუქა, სადაც უმრავლესობის ლიდერის ბრიფინგიდან ამონარიდის გარდა სხვა კომენტარი არ მოხვედრილა.    

ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მონიტორინგის პერიოდში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად შეინიშნებოდა ოპოზიციის დისკრედიტაციის მცდელობა და მათ დესტრუქციულ ძალად წარმოადგენდნენ. 

„ამის ნიმუშია სიუჟეტი: ,,ოპოზიციის საარჩევნო და პოსტსაარჩევნო გეგმები [15:29], რომელიც 3 ოქტომბერს გავიდა ეთერში. „რას გულისხმობს ზურაბ ჯაფარიძე ნებისმიერი ფორმით ბრძოლაში, ბუნდოვანია, თუმცა ცალკეული ოპოზიციონერების განწყობაც იდენტურია. ბრძოლა ჯერ არ ჩატარებული არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ და ბრძოლა ჯერ არ მიღებული ხმების დასაცავად. შემდეგ - ხელისუფლების დამხობა. ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, კოლეგების მოლოდინები მოსახლეობის განწყობებს დაუკავშიროს, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში მოქალაქეთა პროტესტი გარდაუვალი იქნება,“ – განაცხადა  ჟურნალისტმა“.

კვლევის თანახმად, ოპოზიციის კრიტიკის ფონზე იზრდებოდა მმართველი გუნდის პოზიტიური გაშუქების შემთხვევებიც. „ხელისუფლების პოზიტიურად წარმოჩენისთვის გამოიყენა ,,მოამბემ” 16 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც. სიუჟეტში ჟურნალისტის ტექსტის პარალელურად გადიოდა „ქართული ოცნების” ლიდერების კადრები, რომლებიც ღონისძიებას დაესწრნენ, შემდგომ კი ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის და შალვა  პაპუაშვილის კომენტარები შემოგვთავაზეს. კალაძემ ტრიბუნა საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა, ისაუბრა რა მშვიდობის მნიშვნელობაზე, რაც ,,ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის მთავარი ლაიტმოტივია“.

მონიტორინგის შედეგებით გამოიკვეთა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხშირად ავრცელებდა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მმართველი პარტიის ნარატივებს. ამის მაგალითად მოყვანილია „მოამბეში“ 11 სექტემბერს გასული სიუჟეტი, „სადამკვირვებლო ორგანიზაციების საარჩევნო მისია“, სადაც მთავარი აქცენტი „არა სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე, არამედ მათ მიმართ უნდობლობის გაჩენაზე უფრო იყო, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ცდილობდა ხელისუფლება“. 

ანგარიშის თანახმად, მსგავსი ნარატივის მატარებელი იყო „მოამბის“ სხვა სიუჟეტებიც.

„პირველი არხის“ ტოქშოუების მონიტორინგის შედეგები:

საანგარიშო პერიოდში მონიტორები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სამ გადაცემას: „არჩევნები 2024 მაკა ცინცაძესთან ერთად“; „არჩევნები 2024“ (წამყვანი გიორგი გვიმრაძე) და  „დებატები“ (წამყვანი გიორგი გვიმრაძე) აკვირდებოდნენ.

„არჩევნები 2024 მაკა ცინცაძესთან ერთად“

„არჩევნები 2024 მაკა ცინცაძესთან ერთად“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 8 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით გადიოდა. ამ პერიოდში ეთერში გავიდა 9 გადაცემა, სადაც 17 პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი ჰყავდათ სტუმრად.

კვლევის თანახმად, როგორც წამყვანმა გადაცემის დაწყებისთანავე განმარტა, როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ეთერში რიგითობის მიხედვით იწვევდნენ. „საკუთარ პროგრამასა და პრიორიტეტებზე სასაუბროდ თითოეულ სტუმარს 15 წუთი ჰქონდა გამოყოფილი, რაც ყოველთვის დაცული იყო“. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წამყვანი (მაკა ცინცაძ) სტუმრებს უსვამდა შაბლონურ კითხვებს პარტიების საარჩევნო პროგრამებთან დაკავშირებით და უმრავლეს შემთხვევაში, არ იყო კრიტიკული. 

„კერძოდ, ის სტუმრებს ეკითხებოდა, თუ როგორ აპირებდნენ კონკრეტული დაპირებების შესრულებას, თუმცა მათი პასუხების გაანალიზებას, შემხვედრი კითხვების დასმას და მაყურებლამდე ამ მხრივ დაბალანსებული, ამომწურავი ინფორმაციის მიტანას იშვიათად ცდილობდა“. 

როგორც მონიტორინგის შედეგებიდან ხდება ცნობილი, გამონაკლისია 11 ოქტომბრის გადაცემა, სადაც ოპოზიციური გაერთიანება „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლის, საბა ბუაძისთვის გამოყოფილი 15-წუთიანი საეთერო დრო თითქმის სრულად პენსიების 1000 ლარამდე ზრდის დაპირებაზე საუბარს დაეთმო.

„წამყვანი კონკრეტულ დაპირებაზე იყო ფოკუსირებული და დამატებით კრიტიკულ შეკითხვებს სვამდა. სხვა შემთხვევებში წამყვანი არ ცდილობდა სიღრმისეულ დისკუსიას, კითხვაზე პასუხის მოსმენის შემდეგ კი სხვა თემაზე გადაჰქონდა საუბარი“.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ტოქშოუში არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია იყო მიწვეული,  გადაცემის წამყვანის პასიურმა როლმა და დისკუსიის ნაკლებობამ, მაყურებელს არ მისცა საშუალება, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები კრიტიკულად გაეანალიზებინა. 

„აღნიშნული განსაკუთრებით ეხება სახელისუფლებო პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, არჩილ თალაკვაძის ეთერში სტუმრობას. გადაცემის წამყვანის კითხვები იმგვარად იყო ფორმულირებული, რომ კითხვა, ფაქტობრივად, მოიცავდა პასუხსაც და ჟურნალისტის დამოკიდებულებასაც. კითხვის ფორმამ სტუმარს მისცა საშუალება, ესაუბრა მმართველი ძალის პოზიტიურ დღის წესრიგზე და არა კონკრეტულ პრობლემებზე, რომლებიც, შეიძლება, მოსახლეობას აწუხებდეს. მაგალითად, წამყვანმა მაკა ცინცაძემ არჩილ თალაკვაძეს კითხვა დაუსვა მსგავსი ფორმულირებით:

„ბატონო არჩილ, იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური ფონის გაუმჯობესება ქვეყანაში, ცხადია, რომ პირდაპირ არის კავშირში ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებასთან და, ზოგადად, ეკონომიკური პოლიტიკის გამართულობასთან, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, რაც გაქვთ დაგეგმილი და საკმაოდ ამბიციური გეგმები არის ამ მიმართულებით, უფრო მეტი რომ გააცნოთ ჩვენს მაყურებელს„“.

როგორც დოკუმენტშია ვკითხულობთ, ჟურნალისტის მიკერძოება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიმართ გამოიკვეთა ევროინტეგრაციის თემაზე საუბრის დროსაც. კერძოდ, მაკა ცინცაძემ ისე წარმოაჩინა, თითქოს „ქართული ოცნების“ საგარეო კურსთან დაკავშირებით კითხვები მხოლოდ ოპოზიციას ჰქონდა. 

„არც კითხვის დასმისა და არც პასუხის მიღების შემდეგ წამყვანს არ უხსენებია, რომ თავად ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები და წარმომადგენლები საუბრობდნენ საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებასა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო. მაკა ცინცაძის კითხვა შემდეგნაირად იყო ფორმულირებული:

„საგარეო კურსი, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საკმაოდ ხშირად ხდება თქვენი მისამართით ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის საფუძველი და ეროვნულ ამოცანად დაასახელეთ აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა, უფრო მეტი რომ გვითხრათ ამასთან დაკავშირებით“.

პასუხად არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა, მისი აზრით, ოპოზიციის უსაფუძვლო ბრალდებებზე ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით. წამყვანს არც უცდია მისთვის საპასუხო კითხვის დასმა და მისი, როგორც წამყვანის, როლი, შემოისაზღვრა მხოლოდ იმით, რომ გადაცემის სტუმარს საეთერო დროის ამოწურვა შეახსენა“. 

 „არჩევნები 2024“  

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, გიორგი გვიმრაძის გადაცემა „არჩევნები 2024“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პირველად არჩევნებამდე 9 დღით ადრე გავიდა. მანამდე გვიმრაძეს მიჰყავდა გადაცემა „ყველა შეკითხვა ცესკოს“, რომლის ძირითადი სტუმარი ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი იყო და რომელშიც არჩევნებთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს განიხილავდნენ. რაც შეეხება „არჩევნები 2024“-ს, გადაცემა ეთერში ორჯერ - 17 ოქტომბერს და 22 ოქტომბერს გავიდა.

„პირველ შემთხვევაში სტუმრად სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, იყო მიწვეული, მეორე შემთხვევაში კი კომუნიკაციების კომისიის წევრი, ივანე მახარაძე. წამყვანი მათ უსვამდა შეკითხვებს იმის თაობაზე, თუ როგორაა მათი მანდატის ქვეშ ესა თუ ის საკითხი კანონმდებლობით განსაზღვრული და რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში აღნიშნული მიმართულებით“.

„დებატები“

კვლევის თანახმად, პოლიტიკური დებატები, რომლის გამართვასაც საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონმდებლობა ავალდებულებს, „პირველი არხის“ ეთერში ერთხელ, 21 ოქტომბერს გადაიცა და მასში მხოლოდ ოთხი პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა:

•  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – გოჩა თევდორაძე
•  „ევროპელი დემოკრატები“ – ნიკოლოზ ვაშაკიძე
•  „გირჩი“ – ალექსანდრე რაქვიაშვილი
•  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – გივი მიქანაძე

„როგორც გადაცემის წამყვანმა გიორგი გვიმრაძემ აღნიშნა, კანონის მოთხოვნის მიხედვით, მათ გადაცემაში მონაწილეობა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს შესთავაზეს, ასეთი კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ექვსი იყო, რომელთაგან ორმა —  „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ — დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა“. 

დოკუმენტის თანახმად, დებატები წინასწარ მკაცრად განსაზღვრული წესით წარიმართა. თითოეულ მონაწილეს ჰქონდა თანაბარი დრო: ამომრჩევლისთვის მისამართად, წამყვანის კითხვებზე პასუხის გასაცემად, ოპონენტისთვის კითხვის დასასმელად და პასუხის გასაცემად. ასევე, გადაცემის მონაწილეები თანაბარ პირობებში იყვნენ და არ ყოფილა მიკერძოება რომელიმე პარტიის მიმართ. 

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, დებატებში შეზღუდული იყო წამყვანის როლი. ის შემოიფარგლებოდა მხოლოდ თავდაპირველი კითხვის დასმით და არ სვამდა დამაზუსტებელ შეკითხვებს, რაც არ იძლეოდა პოლიტიკური პარტიების პროგრამებზე სიღრმისეულად მსჯელობისა და მათი განხილვის საშუალებას. 

„მაგალითად, „ევროპელი დემოკრატების“ წარმომადგენელმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, გივი მიქანაძეს ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა მმართველი პარტიის წარმომადგენელთა შეფასებებს 20 ოქტომბერს, თბილისში გამართული აქციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ეს იყო „გეი პრაიდი და ლგბტ კატეგორიის აქცია“. აღნიშნულ შეკითხვაზე მიქანაძემ უპასუხა, რომ აქცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებული იყო.

წამყვანს აღნიშნულ თემაზე რეაქცია არ ჰქონია და პოლიტიკოსებს მიეცათ საშუალება, ამ თემაზე ესაუბრათ მანიპულაციურად და გაეგრძელებინათ ოპოზიციური შეკრების დისკრედიტაცია იმით, რომ თითქოს ის იყო „ლგბტ პრაიდი“. რეალურად, 20 ოქტომბერს თბილისში გაიმართა მსვლელობა, რომლის მთავარი მოწოდება იყო „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. აღნიშნული ღონისძიების  ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია იყო, რომელსაც პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები შეუერთდნენ. მარშს არ ჰქონია ლგბტქ+ შინაარსი.

წამყვანის პასიურობამ ხელი შეუწყო არასწორი, ჰომოფობიური შინაარსის ინფორმაციის კვლავ გავრცელებას, რომლის მიზანი ოპოზიციური აქციის დისკრედიტაცია იყო“.  

კვლევაში აღნიშნულია, რომ გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში წამყვანმა სტუმრებს თითო-თითო შეკითხვა დაუსვა საგარეო კურსთან დაკავშირებით. კითხვის ფორმულირებისას კი, წამყვანის მხრიდან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მიკერძოება გამოიხატა. 

„კითხვა იმგვარად იყო დასმული, რომ მაყურებლისთვის ცხადად არ ჩანდა კონტექსტი, არ ჩანდა, რომ დასავლური სახელმწიფოების ლიდერებმა გარკვევით თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო.ვიმრაძის კითხვა იყო ზოგადი, რამაც მმართველი პარტიის წარმომადგენელს კვლავ ზოგადი პასუხის გაცემისკენ უბიძგა:

„ბოლო პერიოდში თქვენი, „ოცნების“ მხრიდან… მოდით, ასე დავარქვათ, თქვენ ამას უწოდებთ ხოლმე ევროპარლამენტარების მიმართ კრიტიკას და არა ინსტიტუციის მიმართ, თუმცა მეორე მხრიდან თუ შევხედავთ, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი ამას იღებენ, როგორც ევროკავშირის კრიტიკას.

ევროკავშირის ელჩი იქნება ეს, თუ მაღალი დონის წარმომადგენლები, მაგალითად, ბორელის ბოლო განცხადება მახსენდება და ა.შ. ამის მიუხედავად, თქვენ გვპირდებით, რომ 2030 წელს ევროკავშირის წევრი გავხდებით, და კიდევ უამრავი სხვა საკითხი იყო, რომელიც კრიტიკული ქვეტექსტით იყო ნახსენები „ქართული ოცნების“ მხრიდან. აი, ამ ყველა გამოწვევის, თუ რა დავარქვათ, არასწორი მოპყრობის, თქვენ წეღან უსამართლო მოპყრობა ახსენეთ, როდესაც კანდიდატის სტატუსთან იყო საქმე დაკავშირებული, ამის მიუხედავად, რატომ გვპირდებით იმას, რომ ევროკავშირში უნდა გავწევრიანდეთ?„“.

როგორც ანგარიშში მითითებულია, მიუხედავად იმისა, რომ „პირველმა არხმა“ ფორმალურად შეასრულა კანონის მოთხოვნა და პოლიტიკური დებატები გამართა, ამას ამომრჩევლის ინტერესის სათანადოდ დაკმაყოფილებად ვერ მიიჩნევენ, ვინაიდან კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მქონე ორი ოპოზიციური გაერთიანებისგან გადაცემაში მონაწილეობაზე უარის მიღების შემდგომ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც ეს სტატუსი არ აქვთ, თუმცა, წინასაარჩევნო კვლევების ნაწილის მიხედვით, საარჩევნო ბარიერს ლახავდნენ, მონაწილეობა არ შესთავაზა. 

ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში არსებული პოლარიზაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იქნებოდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ დაყრდნობოდა კანონის ვიწროდ განმარტებას, საკითხისთვის უფრო ფართოდ შეეხედა და დებატებში მონაწილეობის საშუალება მიეცა „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებისთვისაც.

 
ქარტიამ წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ანგარიშები გამოაქვეყნა


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ საარჩევნო პროცესებისა და საარჩევნო სუბიექტების მედიაგაშუქების ანგარიშები გამოაქვეყნა. კვლევა ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) უძღვება. 

ქარტია 2024 წლის 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, თვისებრივი კვლევის ფარგლებში, გაშუქების პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად, 18 მედიასაშუალების კონტენტს დააკვირდა.

მედიამონიტორინგმა 8 ონლაინ მედიასაშუალება (interpressnews. ge, netgazeti.ge, news.on.ge, primetime.ge, publika.ge, radiotavisupleba.ge, sputnik-georgia.com და tabula.ge) და 10 მაუწყებელი (საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი არხი: „პირველი არხი“ და „აჭარის ტელევიზია“ და რვა ნაციონალური ტელემაუწყებელი: „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“, „კავკასია“, „პალიტრანიუსი“, „რუსთავი2“, „იმედი“ და  „პოსტვ“) მოიცვა. 

კვლევამ აჩვენა, რომ არჩევნების წინმსწრებ პერიოდში ხელისუფლების მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის”, რომელსაც მედიის ნაწილი “აგენტების შესახებ” კანონად ან “რუსულ” კანონად” მოიხსენიებს, მიღებამ, არჩევნების მედიაგაშუქებაზე ძლიერი გავლენა მოახდინა. 

„მან ხელი შეუწყო პოლარიზაციის გაღრმავებას და მედიასაშუალებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხების მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევით, წინასწარ შემუშავებული სარედაქციო პოლიტიკის თანახმად გაშუქებას“.

კვლევის თანახმად, არცერთ შესწავლილ ონლაინ მედიასაშუალებაში არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი განწყობა რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიმართ, თუმცა, ორი მათგანი მუდმივად ცდილობდა ხელისუფლების დადებითად წარმოჩენას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციას. 

„ყველაზე ხშირი ონლაინ მედიაში ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის ისეთი შემთხვევები იყო, როგორიცაა ფაქტებისა და მძიმე ბრალდებების ცალმხრივი გაშუქება. პრობლემას  წარმოადგენდა ასევე საკითხების ზედაპირული გაშუქება.

წინა წლების მსგავსად, ტელეარხები მკვეთრად იყო პოლარიზებული. მათი ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იყო მიკერძოებული, ნაწილი — ოპოზიციის. ხელისუფლებასთან მკვეთრად აფილირებულ ტელეარხებზე ღიად მიმდინარეობდა ანტიდასავლური, დეზინფორმაციული კამპანია. არ იყო დაცული მინიმალური პროფესიული სტანდარტებიც კი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკა ხელისუფლების მიმართ მიკერძოებული იყო. მან ფორმალურად შეასრულა კანონით დაკისრებული ვალდებულება და გამართა დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის, თუმცა, ვერ შეძლო, მაყურებლისთვის იმგვარი ფორმატი შეეთავაზებინა, სადაც პარტიების ხედვები სიღრმისეულად და თანაბრად კრიტიკულად იქნებოდა განხილული.

„მოამბემ“ მმართველ პოლიტიკურ გუნდს ანტიდასავლური მოსაზრებების გასავრცელებლად, ასევე ჰომოფობიური და კონსპირაციული თეორიების ტირაჟირებისათვის, კომფორტული, ხელსაყრელი გარემო შეუქმნა.

ოპოზიციური ტელეარხების უმრავლესობას არჩეული ჰქონდა მკვეთრად ანტისახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკა. ხშირ შემთხვევაში, ჟურნალისტები პოზიციონირებენ, როგორც პოლიტიკური პროცესის მონაწილეები“, - ვკითხულობთ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ანგარიშები სრულად:

 
„პროცესის შეჩერების გზები ჯერ კიდევ არსებობს“ - SJC აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციაზე


„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ თბილისში დაკავებული აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ კვლავ ვერ შეძლო მაღალი პოლიტიკური და უფლებრივი მნიშვნელობის მქონე საქმეზე დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის დემონსტრირება. 

„სასამართლოებმა სრულად უგულებელყვეს აბსოლუტური ხასიათის უფლებების დაცვის უმაღლესი პრინციპი და ჟურნალისტი გაწირეს წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სასტიკი დევნისთვის“.

ორგანიზაციის განცხადებით, 2024 წლის 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 9 დეკემბრის განჩინებებით, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია დასაშვებად იქნა მიჩნეული. „სასამართლოების მიერ მიღებული განჩინებები აშკარად დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს“.

სადიგოვი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის მიზნით 3 აგვისტოს თბილისში დააკავა. მას ამ დრომდე აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული და ის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში 2 თვეზე მეტია შიმშილობს.

SJC-ის ინფორმაციით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2024 წლის 22 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.

როგორც ორგანიზაციის განცხადებიდან ირკვევა, დაკავებული ჟურნალისტი და მისი დამცველები პროკურატურის აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით სასამართლოში ასაბუთებდნენ, რომ აზერბაიჯანში სადიგოვის ექსტრადიცია პოლიტიკურ და თვითნებურ დევნას ისახავდა მიზნად, რაც არსებითად მის ჟურნალისტურ საქმიანობასა და წლების განმავლობაში ხელისუფლების დანაშაულებებისა და კორუფციის კრიტიკას უკავშირდება და ამიტომ ის დაუშვებელი იყო.

„დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა არა ერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა როგორც აფგან სადიგოვის აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას აზერბაიჯანში, ისე წინა წლებში მის თვითნებურ და განგრძობად სამართლებრივ დევნას ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან. ამ კუთხით სოციალური სამართლიანობის ცენტრს წარდგენილი ჰქონდა არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში, განცხადება და წერილი, რომელშიც ისინი უთითებდნენ რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება სადიგოვს ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნიდა და დევნის მექანიზმად მის წინააღმდეგ სწორედ დაუსაბუთებელი სისხლისსამართლებრივი ბრალდებების წარდგენასა და ადმინისტრაციულ დაკავებებს იყენებდა“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, აღნიშნული ინდივიდუალური გარემოებების გარდა, აფგან სადიგოვის დამცველები სასამართლოების წინაშე ასაბუთებდნენ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ფიქსირდება აქტივისტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების მასობრივი დევნის, ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე სამართლიან სასამართლოზე უფლების დარღვევის უმძიმესი პრაქტიკა, რის გამოც, აშკარაა, რომ აფგან სადიგოვი სხვა არა ერთი ჟურნალისტის მსგავსად საბაზისო უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდება.

როგორც SJC-ი წერს, აღნიშნული გარემოებების მიუხედავად, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლომ, ისე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მხოლოდ ფორმალურად შეაფასეს საქმის გარემოებები და მიიჩნიეს, რომ აზერბაიჯანში არ არსებობს აფგან სადიგოვის მიმართ წამებისა, არასათანადო მოპყრობის რისკები.

„ამასთან, სასამართლოების შეფასებით საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ იგი ჟურნალისტურ საქმიანობის გამო იდევნება. სამწუხაროდ, სასამართლოებმა სათანადო სამართლებრივი შეფასებები არ მისცეს საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის Amnesty International-ის და ეუთოს შეფასებებს, სადაც ისინი ღიად და პირდაპირ უთითებენ, რომ სადიგოვის ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველო დაარღვევს საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს, ვინაიდან აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში დადგება არასათანადო მოპყრობის რისკის წინაშე.

საერთო სასამართლოების მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და ის მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე საქმეებზე ვერ ახერხებს აღმასრულებელი ხელისუფლების შეკავებასა და კონტროლს. სასამართლოებმა ეს ვერ შეძლეს ისეთ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმე კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა სამართლით აბსოლუტურად დაცული უფლებების დარღვევის ძალიან მაღალ რისკებს უკავშირდება“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სასამართლოებმა აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში დასაშვებად ცნეს, ექსტრადიციის პროცედურა პრაქტიკულად ვერ განხორციელდება მანამ, სანამ არ დასრულდება საქართველოში საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული სასამართლო დავა, რომელიც ამ ეტაპზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს.

როგორც ორგანიზაცია განმარტავს, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის” შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში, საქართველოს იუსტიციის მინისტრს აქვს შესაძლებლობა ექსტრადიციის თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღოს და ჟურნალისტი არ გადასცეს აზერბაიჯანს. 

„ამ შემთხვევაში მინისტრი ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და იგი უფლებამოსილია, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება“.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იუსტიციის მინისტრს, ანრი ოხანაშვილს მოუწოდებს, არ დაუშვას აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში და გაითვალისწინოს ჟურნალისტის მიმართ აბსოლუტური უფლებების დარღვევის სერიოზული რისკები, ჟურნალისტების ოჯახის უსაფრთხოების და მომავლის დაცვის მაღალ ინტერესი და არ დაუშვებს მისი ექსტრადიცია.

ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მიანიჭოს აფგან სადიგოვს საერთაშორისო დაცვა და ამ გზით დაიცვას ჟურნალისტი წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან, ასევე თვითნებური დევნისკენ.

 
სასამართლო აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დასაშვებობაზე დღეს იმსჯელებს

სქრინი - TV პირველი


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო აფგან სადიგოვის ექსტრადიციის დასაშვებობაზე იმსჯელებს. თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საექსტრადიციო საქმის განხილვა 28 ნოემბერს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოსგან სადიგოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობას ითხოვს. 

აფგან სადიგოვი და მისი დამცველები გენერალური პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და სასამართლოს წინაშე ასაბუთებენ, რომ მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია პოლიტიკურ და თვითნებურ დევნას ისახავს მიზნად, რაც მის ჟურნალისტურ საქმიანობასა და წლების განმავლობაში ხელისუფლების დანაშაულებისა და კორუფციული საქმიანობის კრიტიკას უკავშირდება.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში სადიგოვი დევნას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება. 

„აზერბაიჯანში აქტივისტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დევნის რეპრესიული პრაქტიკის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სადიგოვი აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში თვითნებური დევნისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდება.

მნიშვნელოვანია, რომ სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ, მათ შორის Amnesty International და ეუთო. ისინი მიუთითებენ, რომ სადიგოვის ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველო დაარღვევს საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სადიგოვის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის დევნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამას ადასტურებს თავად აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის გაზიარებული საქმის მასალები, რომელიც სრულიად არალოგიკურ და წინააღმდეგობრივ ინფორმაციასა და მტკიცებებს ეფუძნება“.

თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესებს სწორედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.

აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც მეუღლე, სევინჩ სადიგოვა ამბობსძალიან  მძიმეა. 

სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ნოემბერს გაუხანგრძლივა. ის შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3 აგვისტოს დააკავეს. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. 

 
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ კლიმატის კონფერენციის პარალელურად, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების გათავისუფლებას მოითხოვს
ფოტო - geghard-saf.am


დღეს, 11 ნოემბერს აზერბაიჯანში კლიმატის ცვლილებების 29-ე კონფერენცია (COP29) გაიხსნა, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მასპინძლობენ. კონფერენციის პარალელურად  „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ (RSF) განცხადება გაავრცელა და დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტების გათავისუფლება მოითხოვა.

ორგანიზაციის განცხადებით, აზერბაიჯანში, რომლის შემოსავლების 90% ნავთობისა და გაზის ექსპორტითაა უზრუნველყოფილი, ჟურნალისტებს, რომლებიც გარემოს საკითხებს აშუქებენ, აკავებენ და მათზე ფიზიკურად ძალადობენ. როგორც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს, ბოლო ერთ წელიწადში ხელისუფლებამ პროფესიული საქმიანობისთვის 15 ჟურნალისტი დააკავა, მათგან 13 ახლაც პატიმრობაში იმყოფება. ერთ-ერთი ნარგიზ აბსალამოვაა, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებზე საგამოძიებო მასალებს ამზადებდა.

RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი, ჟან კაველიე აღნიშნავს, ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მოსთხოვოს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს დაპატიმრებული ჟურნალისტები, შეწყვიტოს პრესის თავისუფლების უხეში დარღვევები და აიღოს ვალდებულება, დაიცვას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა.

„ჟურნალისტიკის, განსაკუთრებით გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკის დაცვისთვის მაგალითის მიცემა გაეროს კლიმატის კონფერენციის მასპინძლობის წინაპირობა უნდა იყოს. როგორ შეგვიძლია მივიღოთ ის ფაქტი, რომ ნავთობ-სახელმწიფო, რომელიც აპატიმრებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, არის იმ მოლაპარაკებების მასპინძელი, რომელიც გლობალური კლიმატის მომავალს განსაზღვრავს?“

RSF-ის განცხადებით, აზერბაიჯანში გარემოზე, ჯანდაცვასა და კლიმატზე ნავთობისა, გაზისა და სამთო მოპოვების დამანგრეველი შედეგების გაშუქება ჟურნალისტებისთვის რთული და საშიშია. ორგანიზაციას ამის მაგალითად, სწორედ Abzas Media-ის ჟურნალისტის, ნარგიზ აბსალამოვას შემთხვევა მოჰყავს, რომელიც 2023 წლის 30 ნოემბერს „უცხოური ვალუტის კონტრაბანდის“ ბრალდებით დააკავეს.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში აბსალამოვამ აზერბაიჯანის ერთ-ერთ სოფელში გამართული საპროტესტო აქცია გააშუქა, სადაც მოსახლეობა ახალი ხელოვნური ტბის იმ პროექტს აპროტესტებდა, რომელიც მიზნად სამთო ოპერაციებიდან ციანიდით და დარიშხანით დაბინძურებული ჩამონადენის შეგროვებას ისახავდა. პოლიციამ მშვიდობიანი მოსახლეობა სასტიკად დაარბია და ადგილიდან სამი ჟურნალისტი, მათ შორის ნარგიზ აბსალამოვა ძალადობრივად გააძევა. 

როგორც ორგანიზაცია წერს, აბსალამოვა, Abzas Media-ს 4 სხვა კოლეგასთან და კიდევ სხვა 8 დამოუკიდებელ ჟურნალისტთან ერთად, (რომელთა შორისაც Toplum TV-ის წარმომადგენლებიც არიან), არასათანადო მოპყრობას განიცდიან.

RSF-ის პრესის თავისუფლების რეიტინგში აზერბაიჯანი 180 ქვეყნიდან 164-ე ადგილს იკავებს.

 
თალიბანს სურს, მედიაში აიკრძალოს ყველა ცოცხალი არსების ამსახველი სურათის გამოქვეყნება


თალიბანი გეგმავს, ახალი შეზღუდვები დაუწესოს მედიას ავღანეთში. უფრო კონკრეტულად კი, მათ სურთ, რომ აიკრძალოს ყველა ცოცხალი არსების ამსახველი სურათის გამოქვეყნება. ამის შესახებ ინფორმაციას VOA ავრცელებს.

პატიოსნების ხელშეწყობისა და მანკიერების აღმოფხვრის სამინისტროს თქმით, „კანონი შეეხება ავღანეთის მთელ ტერიტორიას და ეტაპობრივად დაინერგება“.

ცოცხალი არსებების სურათების გამოქვეყნება ავღანეთში აკრძალული იყო თალიბანის წინა მმართველობის პირობებშიც, 1996 წლიდან 2001 წლამდე.

ახალი კანონი ასევე გულისხმობს რჩევას მოსახლეობისადმი „არ გადაუღონ ქუჩაში ცოცხალ არსებებს სურათები“,  თუმცა, ეს პუნქტი მედიას არ ეხება.

 
ახალგაზრდები, ექსპერტი და ლუსტრაციის კანონი


ისე მოხდა, 16 დეკემბრის დილას სოლოლაკში აღმოვჩნდი. ჩემი მეგობარი მანდ ცხოვრობს და დილის ყავაზე ავუარე. ისიც ძალიან ჩართულია მიმდინარე ამბებში და სხვა თემა არცა ყოფილა. ლუსტრაციის კანონსაც შევეხეთ. მე ვთქვი, რომ საბჭოთა დროინდელი უშიშროების თანამშრომლების უმეტესობა ალბათ ცოცხლები აღარც არიან - დიდი დრო გავიდა, ხოლო ამჟამინდელი კაგებეშნიკები კონტრ-დაზვერვის კომპეტენციაა. 

საღამოს შინ ნამარშალ-დამაშვრალი მოვბრუნდი. ძალიან მომწონს, რომ საზოგადოების აქტივობამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მენეჯმენტს საეთერო დრო გამოგლიჯა. საერთოდაც საზოგადოებრივი აქტივობის მჯერა: მჯერა, რომ ამ გზით მიიღწევა სასიკეთო და მდგრადი ცვლილებები. ამიტომ, ამ არხს მივუჯექი. 

თამთა სანიკიძეს სტუმრად იურისტი საბა ბრაჭველი და ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე ჰყავდა. ბრაჭველს პირადად არ ვიცნობ, ხოლო ლევანის ფეისბუკ პოსტები ძალიან მომწონს. მწყობრად, არგუმენტირებულად და ლაზათიანად აყალიბებს აზრს. ასევე მეტყველებს. რაც მთავარია, ლიბერალურ დემოკრატიაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნა მისთვის უმაღლესი ღირებულებაა. ამჯერადაც მშვენიერი მოსასმენი გახლდათ. რამოდენიმე ძირითადი პუნქტი რომ გამოვყოთ, მან და საბა ბრაჭველმა თქვეს რომ:

  1. ხელახალ არჩევნებს დემონსტრანტები ითხოვენ არა ახირებისთვის, რომ ძალაუფლება სხვა პოლიტიკურ ჯგუფს გადააბარონ, როგორც ამას ხელისუფლება გვიხატავს, არამედ იმისთვის, რომ ხელისუფლების მიერ წართმეული ძალაუფლება ხალხმა დაიბრუნოს;
  2. მიმდინარე პროტესტის საფუძველია: სერიოზული ეჭვები არჩევნების სამართლიანობაზე და ტოტალური უნდობლობა სასამართლოს მიმართ. შემდეგ უკვე ამას დამატებული ხელისუფლების მხრიდან დეკლარირებული უარი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და ის წამებამდე მისული ძალადობა, რაც დემონსტრანტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული;
  3. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება აცხადებს მზადყოფნას საზოგადოებასთან დიალოგზე, რეალურად ეს მხოლოდ რიტორიკაა და ის ამისთვის მზად არ არის, რადგან ამზადებს დრაკონულ კანონებს, რათა დრამატულად შეზღუდოს საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. გარდა ამისა, უწყვეტი ტყუილები, მაგალითად „ომის პარტიის“ არსებობის შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის დიალოგს; 
  4. რეალურად არ არსებობს პოლარიზაცია საზოგადოებაში, რადგან მიმდინარე აქციებზე დგანან ის ადამიანებიც, ვინც გასულ არჩევნებში ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა და საჯარო მოხელეებიც, რადგან მათთვისაც მიუღებელია იმ ტიპის სახელმწიფოს არსებობა საქართველოში, რომელსაც „ოცნება“ გვთავაზობს. და რომ მმართველი პარტიის ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობაც ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა და რომ საზოგადოებაში არსებობს სრული კონსენსუსი არაძალადობრივი სახელმწიფოს შექმნის თაობაზე.

ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ კარგია, თუ ამას უსმენს ის ხალხი, ვინც წლებია საზმაუსა და „იმედს“ უყურებს და მსგავსი არაფერი გაუგონია. ვფიქრობდი, ნეტა როგორ იღებენ ასეთი ადამიანები, რეგიონებსა თუ თბილისში, მსგავს ინფორმაციას, რამდენად მოქმედებს მათ პოზიციებზე ღამბაშიძისა და ბრაჭველის საუბარი. თანაც თამთა სანიკიძეც საკმაოდ ლოიალურად იქცეოდა: არ აწყვეტინებდა, არ აპროტესტებდა ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ მათ უმწვავეს შეფასებებს, რადგან პროსახელისუფლო ჟურნალისტებს ოპოზიციური სპექტრის რესპოდენტებთან დავა თავიანთ უშუალო პასუხისმგებლობად მიაჩნიათ.

ამის შემდეგ წამყვანი რესპოდენტებს დაემშვიდობა, აქციიდან ჩართვა შემოგვთავაზა და სტუდიაში ახალ სტუმარს დაგვპირდა. აქციიდან ჩართვა ერთობ ხანმოკლე აღმოჩნდა და კვლავ სტუდიაში დავბრუნდით, სადაც უკვე მამუკა არეშიძე იმყოფებოდა. არეშიძე 90-იანი წლების პირველ ნახევარში ჟურნალისტობდა. შემდეგ, თუ არ მეშლება, კონფლიქტოლოგი იყო, შემდეგ კავკასიის საკითხთა ექსპერტი. ამჟამად, როგორც ის სანიკიძემ წარგვიდგინა, უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტის სახელით ასპარეზობს.

რუსული პროპაგანდა - მთელ მსოფლიოს აზანზარებს ეს სიტყვათშეთანხმება. მისი მთავარი მიზანია, ფაქტების დამახინჯებით ადამიანები სწორი არჩევანისკენ მიმავალი გზიდან მოასრიალოს - ანუ, ლიბერალურ-დემოკრატიულ საფუძვლებზე დამყარებული სახელმწიფოს შექმნაში შეუშალოს ხელი. იმდენად ხშირად ისმის ეს ცნება საქართველოში, იმდენი უბედურება ბრალდება, რომ ზოგს ის უკვე რაღაც არარეალური, მითოლოგიურ-ზღაპრული ბუა ჰგონია, აი, ბალღობაში რომ გვაშინებდნენ. და ერთი რამე მართალია: ის არ არის ტყვია, რომ მოგხვდეს და მოგკლას, არ არის კუალდა - გითავაზონ და დაგაგდოს. ის სიტყვებშია, ის ბგერებშია და ის ჰაერშია. და ის ძალიან ბევრი იყო მამუკა არეშიძის იმ დღევანდელ გამოსვლაში. თუ ვინმეს გაინტერესებთ რუსული პროპაგანდის კლასიკური ნიმუში, თუ სად და როგორს ხედავს რუსეთი საქართველოს, გადაახვიეთ: საზმაუ, 16 დეკემბერი, 23:16 წუთი. უნაკლო იყო, როგორც შინაარსით, ასევე ტექნიკური შესრულებით. გამიჭირდება და მეზარება კიდეც არეშიძის მონოლოგი თავიდან ბოლომდე გავხრა, განევრცო კაცი, მაგრამ მოდით მის მთავარ პოსტულატებსა და ილეთებს მაინც თანამიმდევრულად მივყვეთ. 

კადრში შემოსული უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტს შევერცხლილი თავი დაუხრია და წინ დადებულ თაბახის ფურცელს დაჰყურებს. რა კარგია! კაცი სახლში მოემზადა, ჩამოწერა რაზე ესაუბროს საზოგადოებას და მომზადებული გვეახლა! მაგრამ იქვე ნაზად მისვენებული საწერი მიგვანიშნებს, რომ ის ახლახანს წერდა ამ ფურცელზე. რა შეიძლებოდა ეწერა ბატონ მამუკას სტუდიაში შემოსვლის წინ, ისე რომ უსარგებლო კალმის დატოვება, ქურთუკის ჯიბეში ჩადებაც ვერ მოასწრო? ის იწერდა, რა უპასუხოს ლევანსა და საბას, იწერდა მათი მხრიდან ხელისუფლების კრიტიკის იმ კონკრეტულ ნაწილებს, რომლებზეც ეს ორი „ახალგაზრდა“ წუთის წინ საუბრობდა და რომელზეც უსაფრთხოების საქმეთა ექსპერტმა უნდა უპასუხოს. რა საკვირველია, ეს ვარაუდია და მისტერ ჰოლმსამდე ბევრი მიკლია, მაგრამ თვალი ოხერია. ხოლო ტვინი გაწაფული. თანაც, როდესაც შენი ეთერის სამ მეოთხედს შენამდე გამოსული „ახალგაზრდებისთვის“ პასუხის გაცემას უთმობ, ნათელია რა გიწერია ფურცელზე. პანიკა აქვთ, ე მანდ ხალხს „ახალგაზრდების“ ნალაპარაკები მართლა ჭკუაში არ დაუჯდეს. სასწრაფოდ უნდა ვუპასუხოთ.

წინა აბზაცში სიტყვა ახალგაზრდები სამჯერ ჩავსვი ბრჭყალებში. ასე იხსენიებდა უსაფრთხოების საქმეთა ექსპერტი ლევან ღამბაშიძესა და საბა ბრაჭველს. ეჰ, აბა სჯობს რამე ახალგაზრდობას? ტესტოსტერონის ოკეანეები, სიგიჟეები, რისკები, თავქარიანობა. ლევან ღამბაშიძე 41 წლის არის, ხოლო საბა ბრაჭველი 31. ვისთვის როგორ ეხლა. ორმოცს გადაცილებულ უცნობ ადამიანს „ახალგაზრდა“ უძახო, პირადად მე თავაზიანი არ მგონია. ამ პატარა ეთიკურ-ტუტუცურ გადაცდომას როგორ არ ვაპატიებდით ღვაწლმოსილ ექსპერტს, მაგრამ ამ კონტექტსტში სიტყვა „ახალგაზრდას“ ასაკობრივი დატვირთვა სულაც არ ჰქონია. ის გამოუცდელზე, დაუფიქრებელზე, მოუმწიფებელზე მიგვანიშნებდა. წარმოიდგინეთ, რომელი უფრო სოლიდურად ჟღერს „ბატონი ლევანი“ (ან თუნდაც ლევან ღამბაშიძე) თუ „ახალგაზრდა“?  მაგრამ მათი სახელები დამახსოვრებადაც არ ღირს, ისინი გზააბნეული, უწიფარი ახალგაზრდები არიან. ამ მცირე საკომუნიკაციო ხრიკს გაქნილი ადამიანები თავისით სწავლობენ ან სპეციალურ დაწესებულებებში ასწავლიან. ყველა შემთხვევაში ეს არის ერთი შეხედვით ძალზე უწყინარი (აბა, რა არის ცუდი ახალგაზრდობაში???), მაგრამ საკმაოდ მზაკვარი ილეთი დაამცრო ოპონენტი. უხ შე ბებერო ძუკნა.

ისე არ გამოგვივიდეს ბატონი მამუკას ნააზრევი გვერდზე მოგვრჩეს. პირველი, რაც მან გვამცნო იყო, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება „ახალგაზრდა კაცის“  (ღამბაშიძე) აზრს, რომ საზოგადოებაში არ არის პოლარიზაცია. არეშიძეს არგუმენტი არ მოუყვანია, მაგრამ პირდაპირ გაავლო პარალელი 91 წლის დეკემბრის მოვლენებთან, როდესაც ერთმანეთის პირისპირ კბილებამდე შეიარაღებული ორი მხარე იდგა და რაც ხელისუფლების დამხობითა და შემდგომი სამოქალაქო ომით დასრულდა. სად აქვთ ახლა დემონსტრანტებს იარაღი? სად არის მსგავსება? მაგრამ ეს ამბავი უახლეს ისტორიაში შემზარავია და უბრალოდ მისი ხსენებაც კი შიშის ზარს ჰგვრის მსმენელს, რაც ასეთი ექსპერტების ამოცანაა: ნუ იქნება ნურაფერი, იყვნენ ესენი ხელისუფლებაში, ოღონდ სისხლი არ დაიღვაროს. ვინ დაღვრის სისხლს თუ არა ხელისუფლება? იარაღი განსხვავებით 1991 წლისგან მხოლოდ მათ აქვთ.

შემდეგ ბატონმა მამუკამ, როგორც ჭეშმარიტ ქოცს ეკადრება, დაგმო ორმხრივი ძალადობა. ანუ, ერთი მხრივ დემონსტრანტების საწამებლად მოწყობილი ავტომობილები, ტიტუშკები, ნაგვემი, დასახიჩრებული ხალხი და მეორე მხრივ არც ერთი სერიოზულად დაზიანებული პოლიციელი, არც ერთი ჩამტვრეული ვიტრინა ან დაზიანებული ავტომობილი და ექსპერტი მაინც ორმხრივ ძალადობაზე საუბრობს.

შემდეგ პატარა ექსკურსი გეოგრაფიაში, რომ თურმე სირია ახლოა და 28 ნოემბერს კობახიძის განცხადებას წინ უძღვოდა სირიაში მოვლენები 27 ნოემბერს. მთავარი საფრთხეებიდან ყურადღების გადატანის უსუსური მცდელობა: რომ ვითომ სირიიდან ჰიპოტეტურად მომდინარე საფრთხე რამეს ცვლის ჩვენ საგარეო პოლიტიკაში. თუ მაინცა და მაინც, როდის უფრო გაიქაჩება სირია შენზე ევროკავშირის წევრი რომ ხარ თუ რომ არ ხარ? შე ნაძირალა.

შემდეგ კლასიკური ბოდვა იმაზე, რომ აქ მიმდინარე მოვლენები ამ რეგიონში გიგანტების დაჯახების შედეგია, ოღონდ ეს ისე, მშრალად და იმის დაყოლებით, რომ ვისაც ფიქრი უყვარს, თვითონ გამოიტანოს დასკვნა. ანუ არაფერი. წყალი. ხალხის ბნელეთში შეყვანა, ვითომ დიდ პოლიტიკასა და კონსპირაციებზე საუბრით. ვციტირებ: „ჩვენ ხომ ვიცით, რომ შუა დერეფნის პროექტი არსებობს. ეს შუა დერეფნის პროექტი არის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი სავაჭრო გზა. ასევე, არსებობს ჩრდილოეთდან სამხრეთისკენ მიმავალი სავაჭრო გზა. სამხრეთ კავკასიის სივრცეში ეს ორი გზა ერთმანეთს კვეთს და რატომ არ უნდა უნდოდეს მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეს (ამჯერად მხოლობითში) აქაურობის კონტროლი? და ამ კონტროლის გამოა სერიოზული პოლიტიკური ბრძოლა ამ პატარა სივრცეში“. ძნელია ამ ვითომ დიდი ჭკვიანური იდიოტიზმის ადამიანურ ენაზე მოთარგმნა, მაგრამ ვცადოთ: აქაურობას ეხლა რუსეთი აკონტროლებს და რატომ უნდა მივცეთ სხვა „მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეს“? Ничего не скажешь. Эксперт! სინამდვილეში ამ კონსპირაციული ბოდვის მიზანია, მაყურებელს ჩააგონოს, რომ „მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეს“ (დასავლეთს) ჩვენი კონტროლი სურს და შეიქმნას ილუზორული ბრძოლის ველი, სადაც ჩვენ ამ კონტროლს შევეწინააღმდეგებით, ხოლო ვინც მართლა გვაკონტროლებს და დამონებას ცდილობს, ის გვერდზე რჩება და მშვიდად აგრძელებს თავის საქმეს.

გზები ბევრგან გადის. ნაკლებად სტრატეგიულიც და უფრო სტრატეგიულიც. დასავლურ სამყაროში ისწავლეს მათგან სარგებლის მიღება ისე, რომ ნაწყენი არავინ რჩება და ურთიერთობები ცივილურ ფორმებს არ სცილდება. მაგიტომ გვინდა იქ და არა რუსეთთან, სადაც ასეთი საკითხები კალაშნიკოვებით წყდება. 

შემდეგი გახლდათ არეშიძის ექსპერტული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერის 28 ნოემბერის განცხადება არ ნიშნავს ევროპისკენ სვლის შეწყვეტას. გაოცებულმა სანიკიძემ არგუმენტები მოიკითხა. არეშიძე სკამში შესწორდა და „აი, თუნდაც ის, რომ ევროპელების მოქმედება ხშირ შემთხვევაში იძულებით ფორმას ატარებდა“. გაიგეთ ხომ? მიხვდით? სად იყო ნეტა ეს არგუმენტი აქამდე! რა გვინდოდა ყინვიან ქუჩებში? რას ვასკდებოდით რობოკოპებს! დამშვიდდით! ევროპისკენ მივდივართ!

აქ ეტყობა თვითონ მიხვდა, რომ საქმე შეჭირდა და მომდევნო წინადადებაშივე გაჰკიცხა ახალგაზრდა ღამბაშიძე ომის პარტიის არსებობის არდაჯერების გამო. და მეტი დამაჯერებლობისთვის „დიფ სთეითის“ (deep state) ცნებაზე საუბარს შეუდგა, რომელსაც თურმე ჯერ კიდევ პრეზიდენტი ეიზენჰაუერი ახსენებდა. სინამდვილეში „დიფ სთეითი“ და ქოცების „გლობალური ომის პარტია“ სრულიად განსხვავებული რამ არის. მაგრამ ექსპერტი ნეიმდროფინგით (არც თუ ნაცნობი ცნებების და გვარების არასაჭირო დროს გამოყენება) ცდილობს, თავისი ექსპერტული მნიშვნელობის გაზრდას მაყურებლის თვალში, რომ აი, მან რაღაცეები იცის.

აბა, ისე როგორ დაასრულებდა ექსპერტი, დასავლეთის მხრიდან ჩვენი ომში ჩათრევის მცდელობაზე რომ არ ესაუბრა. რაღაც კონფერენციაზე, ვიღაც დასავლელმა კოლეგებმა, რაღაც კითხვები დასვეს. გვარებს ვერ იტყვის! უხ ბოდიში! იმოდენა რანგის, ისეთი წარმომადგენლობით და საიდუმლო ღონისძიებას ესწრებოდა ეს პატივცემული გვამი, რომ გვარებს ვერ გვეტყვის. არა და დღეს ყველაფერი ტვიტერზეა, ბოდიში, იქსზე, არაფერია დამალული ვინ, სად, რა თქვა. 

საკმარისია. აღარ მინდა ამის სმენა. 

გულწრფელად? არა მჯერა, მამუკა არეშიძე რუსეთის სპეცსამსახურებს წარმოადგენდეს. მაგრამ ის გაჭყეპილია მათი ინფორმაციით, მსოფლიოს მათი პრიზმიდან ხედავს, მათ ყაიდაზე გველაპარაკება. და ეხლა სხვებს ჭყიპავს ამ ნაგვით. უკიდურესად იაფფასიანი ილეთებით შექმნილი პლატფორმიდან პროქოცური ტყუილებით ჭყიპავს. აი, იმ ხალხს, ვინც ბრაჭველსა და ღამბაშიძეს შესაძლოა, პირველად უსმინა და რაღაც შანსი გაუჩნდა ქვეყანა სხვანაირად დაინახოს. 

ლუსტრაციის კანონი კი ნამდვილად გვჭირდება. რომ ვიცოდეთ, ვინ გველაპარაკება. მართალი იყავი შენ, კოტე. ასე ქვია იმ მეგობარს, რომელთანაც იმ დილით ყავას გეახელით. 

P.S. დღეს, 20 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ დიდი ხნის შემდეგ პირველად ახსენა „დიფ სთეითი“. ექპერტი (მამუკა არეშიძე) ეგეთი უნდა იყოს, პრემიერს პასებს აძლევდეს! 

 
მე, ჩემი სტუდია და „ჯონდი ბაღათურია“


როგორც ჟურნალისტი ჯერ კითხვას დავსვამ, იქნებ პასუხიც ვიპოვო - რატომ შეიძლება ნებისმიერი რესპონდენტის სტუმრობა, ნაწამებ ადამიანთან ინტერვიუზე ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს? კადრებად ვხედავ საბჭოთა მასწავლებლის გაავებულ, ბრაზიან სახეს, როცა ჟურნალისტს ვუყურებ და მის ხმას ვუსმენ: „არა! არ დაასრულებთ! მე გკითხავთ და პარალელურ რეჟიმში გააგრძელებთ! არა! შეურაცხყოფას მაყენებთ! თქვენ იმყოფებით ჩემთან სტუდიაში!“ „მოამბის“ საგანგებო ეთერში წამყვანის ეს აკრძალვა და ხისტი ტონი რესპონდენტის კიდევ ერთ, მშვიდობიან გაბრძოლებას მოჰყვა, რომელიც საკუთარი აზრის დასრულებას ცდილობდა. სტუმარი რაღაც მომენტში იძულებული გახდა პრემიერის „ფრთიანი ფრაზა“ გამოეყენებინა - „ზრდილობა, კულტურა, IQ”. ირაკლი კობახიძე სწორედ ჟურნალისტებთან შეხვედრისას იმეორებდა ამ სიტყვებს და ამით არიდებდა თავს არასასურველ კითხვებს. „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ კი ეს ფაქტი, არც მაშინ და არც შემდეგ, ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფად არ შეუფასებია. 

რატომ ვერ ვივიწყებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 15 დეკემბრის საგანგებო ეთერს? ამაზე მეტიც ხომ გვინახავს? და ისიც ხომ ალილუიასავით ვიცით, როგორ ქმნიან ალტერნატიულ „სიმართლეს“ და მდიდრდებიან მენეჯმენტში ჩვენი გადასახადების წყალობით. ჩვენ კი ისევ ვშრომობთ, რომ სიმართლე დავიბრუნოთ, ტელეეთერიდან საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა, რომ ჩვენც აქ ვართ, ჩვენც საზოგადოება ვართ...  თითოეული საეთერო საათისთვის ვიბრძვით, მერე თითო-თითოდ ვუთანხმებთ სტუმრებს და საგანგებო ეთერში „საგანგებო სიტუაციას“ ვუყურებთ. ამიტომ არ დავივიწყებ განრისხებული ჟურნალისტის სახეს და ტონს, რომელიც - „კი ბატონო, ვგმობთ ძალადობას, მაგრამ…“ იმეორებდა და თან თავად ძალადობდა ჟურნალისტიკის სახელით. ხშირად ჯავშანივით იყენებდა “ჩეკისტი” გამომძიებლების საყვარელ სიტყვას - „გასაგებია“. ცინიკური ქვეტექსტი კი, არც ისე ძნელი ამოსაცნობი იყო, კი ბატონო, გავიგეთ, რომ გაწამეს და მერე რა? იქნებ მეტი ვნებით და უფრო სხვა თემით გავაგრძელოთ...

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „მოამბის“ საგანგებო ეთერი, 15 დეკემბერი, 22:16 სთ- 23:29 სთ.

აკრძალვები და „თითის ქნევა“ ხელების გარეშე, ეთერში კიდევ გაგრძელდა, ისევ ფაქტებისა და ევროპული სტანდარტების დაცვის სახელით: მაგალითად, რამდენ გზავნილს იღებს მაყურებლისგან, როცა სტუდიაში მყოფი რესპონდენტი არ მოსწონთ (გაურკვეველი დარჩა შეტყობინებების ავტორი), მაგრამ ის მაინც იცავს პარიტეტს და დროს უთმობს ხალხს; როგორ ძალადობს საინიციატივო ჯგუფი საკუთარი მოთხოვნების დაყენებისას, რამდენად კატეგორიულად მოითხოვს ეს ჯგუფი მონოლოგის რეჟიმში საუბარს, როგორ ხელმძღვანელობს შავი სიებით და ამ დროს „განსხვავებული პოზიციის მქონე საზოგადოება“ დებატების, დისკუსიის გარეშე რჩება; ან როგორ შეიძლება ჯონდი ბაღათურიას სტუმრობა დაუწუნონ, „როგორ, ჯონდი ბაღათურიაზე პირდაპირ მიმითითებდით და მეუბნებოდით, როგორ გავბედე და მოვიყვანე სტუდიაში!“- სხვა სტუმრების უფლებებსაც იცავდა ჟურნალისტი და ყოველი მისი, როგორც უფლებადამცველის მონოლოგი 2, 3  და ხანდახან 4 წუთსაც გრძელდებოდა.

ირაკლი ფიფია მშვიდად ცდილობდა „შეგონებას”,  რომ აქ არავინ მოსულა ვინმეს გასალანძღად, არც საინიციატივო ჯგუფის წევრია, არც გადაცემის წამყვანის კერძო სტუდიაში იმყოფება და ის ხალხის კუთვნილ „საზოგადობრივ მაუწყებელზეა“. ხშირად იმეორებდა, რომ აზრის დამთავრება სურს, საუბარს ცდილობს და აინტერესებს, რატომ არ სვამს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ კითხვებს იმ ადამიანების პასუხისმგებლობაზე, ვინც ძალადობას აკანონებს... და არც ერთხელ არ გაუსვამს ხაზი, როგორ აწამეს თავად, იმ მოკლე მონათხრობის გარდა, რომელიც დასაწყისში მოასწრო. სანაცვლოდ, სტუდიაში ისევ ხმამაღალი ტონი ნარჩუნდებოდა: „ჩვენ ავიტანთ, პრობლემა არ არის... თქვენ შეგიძლიათ, მლანძღოთ, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ შეგიძლიათ მუდმივ რეჟიმში ლანძღოთ, ეს ტრენდად იქცა უკვე, ეს არ არის სიმართლე, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ეს თქვენი პოზიციაა“. „არა, ეს ფაქტია, მოქალაქები მოვიდნენ და დაიცვეს საკუთარი უფლება... მრავალხმიანობის უფლება“ - მშვიდ რეჟიმში განაგრძობდა ირაკლი ფიფია. 

წამყვანს, ალბათ, არაფერი უშლიდა ხელს, რომ ინფორმაცია გადაემოწმებინა, თუ ეს ტყუილი მას ხელს არ აძლევდა და მაყურებლის სიცრუეში დარწმუნება, არ უნდოდა. უცოდინრობის, ხშირად ამ მონოტონური მოთხოვნის ფონზე, უსაგნო ბრალდებებისა და მთავარ პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ბრძოლით მოპოვებული ოქროს წუთები იკარგებოდა. არაერთი უარის მიუხედავად, ჟურნალისტი მაინც დაჟინებით ითხოვდა არარსებულ სიებს და პასუხს: „ვისი მოწვევაც ნებადართულია სტუდიაში და ვისი - არა“. 

ერთგვარი სიცხადე გადაცემაში მარინე ჩიტაშვილმა შემოიტანა, რომელმაც მადლობით დაიწყო, მისი სტუმრობის დელეგირების ავტორებთან და ეთერი იხსნა ლამის ზედმეტად კორექტული და კვალიფიციური საუბრით. ფსიქოლოგმა პრემიერის მიერ მოგვიანებით უარყოფილი განცხადება, რომ მას ეს არ უთქვამს „ინტერპრეტაციად“ (სტილი დაცულია- მ.ჩ.) შეაფასა. არგუმენეტების წინაშე წამყვანი უძლური აღმოჩნდა და „ჩაკითხვების“ გარეშე დატოვა მარინე ჩიტაშვილის პოზიცია, რომ პრემიერის განცხადება ანტიკონსტიტუციურია. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 15 დეკემბრის საგანგებო ეთერი ერთგვარი სტრატეგიაა - დრო გავიყვანოთ და ვიხმაუროთ არაფრის მთქმელ დეტალებზე, რომ მთავარი სათქმელი სადღაც, მათ შორის ჩაიკარგოს. ეს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყბადაღებულ ბალანსზე საუბარსაც ჰგავს - დაბალანსებული ეთერი და თანაბარი დრო ყველასთვის... უნებლიეთ, მახსენდება ფრაგმენტიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის პირველადი დასკვნიდან: „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაყურებელს ყველა საარჩევნო სუბიექტი უმეტესწილად პოზიტიური ან ნეიტრალური კუთხით წარმოაჩინა (89 პროცენტი), წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების უდიდესი წილი კი „ქართულ ოცნებას“ დაუთმო (58 პროცენტი)”.  

ალბათ, ამ პროცენტების გამო კიდევ უფრო ხმამაღლა ცდილობდა საგანგებო ეთერის წამყვანი არხის პოზიციის დაცვას: “ეს არის თავისუფალი არხი, ერთმნიშვნელოვნად, ევროპული ღირებულებების გამხმოვანებელი, ევროპული პლატფორმა, რომელიც ასე იქნება ყოველთვის და ეს არის მიზეზი იმის, რომ გარკვეული ჯგუფი, ფაქტია, ითხოვს ჩვენს სივრცეს, რომ ეს ასე არ იყოს“...  

„მოამბის“ საგანგებო ეთერში პირველი 5 წუთი ერთდაერთი, უწყვეტი საეთერო დრო იყო, როცა ანთროპოლოგმა, ირაკლი ფიფიამ საკუთარი ამბის მოყოლა შეძლო. ეტყობოდა, რომ გადაცემებში სტუმრობის დიდი გამოცდილება არ აქვს, რაც წამყვანმა კარგად გამოიყენა, არც რესპონდენტის კულტურა შეიმჩნია და არც მისი შემზარავი ამბავი. მას მიმდინარე გადაცემაში, მთელი საეთერო დროის მხოლოდ 7-8 წუთი დაეთმო, 1 საათისა 13 წუთის განმავლობაში. „ტაიმ კოდებისა“ და დროის დათვლის შთაგონება მარინე ჩიტაშვილის ზედმიწევნით ზუსტად ჩანიშნულმა დრომ მომცა და იმ „თავისუფალმა სივრცემ“, სადაც ადამიანებს საკუთარი აზრის გამოსახატად იძულებით მასპინძლობენ. 

15 დეკემბრის „მოამბის“ საგანგებო ეთერი ტყუილად მაინც არ ჩაივლის. თუ არხი მხოლოდ ტექნიკურად არ დაითვლის ბალანსს, მაუწყებელს ცარიელ შენობად არ დატოვებს და იმ ადამიანებსაც მოუსმენს, ვისი აზრიც არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდება, მაშინ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მთავარ მისიას შეასრულებს - იქნება ხალხის ხმა და არა მთავრობის. 

და ვიდრე ასე არ არის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტი საზეპიროსავით გაიმეორებს: „ეს არხი არის ისეთი თავისუფალი, როგორც არასდროს, არის ევროპული ინსტიტუცია... მენეჯმენტს რაც შეეხება, ამ მოცემულობაში,  როდესაც ეს აქციები მიმდინარეობდა, ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო...“ 

 
გულგრილი სოლიდარობა


დისტოპიურ ნაწარმოებებში, სადაც დიქტატურის ანატომია და რეპრესიებია აღწერილი, ყოველთვის ჩნდება ერთი პერსონაჟი მაინც, პირობითად ბატონი ან ქალბატონი „გაუგებრობა“. ეს პერსონაჟი, როგორც წესი, ანტაგონისტად გვევლინება, მაგრამ მაინც გვაქვს მოლოდინი, რომ სულიერი მეტამორფოზა უნდა განიცადოს და გაკეთილშობილდეს. ავტორის თუ სამყაროს გადაწყვეტილებით, ის მაინც ბოლომდე რჩება რეჟიმის ერთგულ მსახურად. მაგალითად, ასეთია დეიდა ლიდია „მხევლის წიგნში“, ასეთია მოსამართლე ტოტალიტარული ირანის შესახებ დაწერილ დოკუმენტურ რომანში - „შვიდი ზამთარი თეირანში“. ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე მათგანი ჰუმანურ იმპულსს ავლენს, საბოლოოდ, რეჟიმის ერთგული რჩება. რეალურ სამყაროშიც ასეა, - ავტორიტარულ და ტოტალიტარულ რეჟიმებში „გაკეთილშობილების სინდრომი“ იმაზე იშვიათია, ვიდრე მსხვერპლს ჰგონია ხოლმე. 

2024 წლის 28 ნოემბრის დილის 2 საათიდან 30 ნოემბრის დილამდე თბილისის ქუჩებში დატრიალებული ძალადობრივი ქაოსი დისტოპიური რომანის ან ფილმის აღწერას ჰგავს, - ბოროტი მდიდარი მმართველის მსახური შავი რობოტები ქვეყნის დასაცავად გამოსულ მოქალაქეებზე ნადირობდნენ. დარბევისას ორ ღამეში 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა. მათ მიზანმიმართულად ურტყამდნენ, დევნიდნენ, ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმის შესრულებაში და ერთ-ერთ მათგანს, „პუბლიკის“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილს სცემეს და დააპატიმრეს. მაგ ღამეს ოლიგარქის რეჟიმმა სამი წითელი ხაზი ერთდროულად გადაკვეთა: ოფიციალურად შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაცია, მიიღო შექება მსოფლიოს პირველი ტერორისტისგან, ვლადიმერ პუტინისგან და ტერორი მოუწყო აქტივისტებსა და ჟურნალისტებს. ესეც, ალბათ, ერთგვარი რეპეტიციაა რუსული კანონისა და რუსული მმართველობის მძლავრად ამოქმედებისთვის.

ამ ნადირობის დღეს ჩემთვის უაღრესად საინტერესო მაინც სამთავრობო მედიაორგანიზაციებში დასაქმებული ჟურნალისტების რეაქცია აღმოჩნდა, - ცოტა ბუნდოვანი, ცოტა ირონიული, ცოტა მოკრძალებული, ცოტა აროგანტული და ცოტაც ამაზრზენი. ყველაფერი ცოტ-ცოტა, საერთო ჯამში, კარგად გაწერილ პროპაგანდისტულ სტრატეგიას ქმნის. 

გულგრილი სოლიდარობის კამპანია გუშინ დილიდან დაიწყო, დაახლოებით 10:00 საათის შემდეგ, როცა ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურში მუშაობა განახლდა. შემდგომ ერთმანეთის მიყოლებით „იმედის“ რამდენიმე ჟურნალისტებმა კოლეგებისადმი „სოლიდარობის“ ნიშნად ერთმანეთის მსგავსი პოსტები გამოაქვეყნა. შინაარსი დაახლოებით ასეთია: „ვგმობ ორმხრივ ძალადობას“ და შემდეგ ტექსტი გრძელდება, რომ ჟურნალისტს აქვს თავისუფლად მუშაობის უფლება და ა.შ. ჩნდება კითხვა, რომელ ორმხრივ ძალადობაზეა საუბარი მშვიდობიანი აქციების დროს?! ვინ არის მოძალადე მეორე მხარეს?! სად იდგა მოძალადე, რომელსაც „მეორე მხარედ“ მოიხსენიებს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი?!

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანებს აქვთ უფლება, გამართონ მანიფესტაციები, დემონსტრაციები და არავინ დაისაჯოს, რადგან მთავრობისგან მრავალჯერ უგულვებელყოფილი კონსტიტუცია გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავს. იმ ღამითაც, ისევე როგორც წინა თვეებში, რუსთაველზე მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა. შესაბამისად, ოდნავი ბრალეულობაც კი არ არსებობს რომელიმე ნაცემი აქტივისტის ან ჟურნალისტისა, არ არსებობს პოლიციაზე ფიზიკური ძალადობის მტკიცებულებები, კადრები, ჩანაწერები, მაგრამ რეჟიმის სახედ ქცეული პროპაგანდისტებისთვის ეს ძალადობა მაინც „ორმხრივია“. მათთვის ტოლობის ნიშანი ზის დაპატიმრებულ ჟურნალისტსა და პოლიციელს შორის, ნაცემ ჟურნალისტსა და იმ სპეცრაზმელს შორის, რომელიც გამეტებით ურტყამს გურამ როგავას, აკა ზარქუას და შენობებში უვარდება დამალულ აქტივისტებს. 

ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები და ნუ ვიფიქრებთ, რომ „ორმხრივი ძალადობის“ შესახებ გზავნილი შემთხვევითია. შემთხვევითში სამსახურის დაკარგვის შიშს არ ვგულისხმობ. რეალურად, ეს „ორმხრივი ძალადობა“ და ბუნდოვანება ძალადობის შესახებ, ძალადობის ზოგადი გმობა სამთავრობო მედიის ჟურნალისტების მხრიდან, პროპაგანდის ნაწილია. მათი მიზანია, აუდიტორია დაარწმუნონ, რომ „უსამშობლოების“ (როგორც აქციის მონაწილეებს უწოდებენ ხოლმე) მიმართ ჩადენილი ძალადობა პროპორციული ძალის გამოყენებაა, რომ სპეცრაზმელები იძულებულები არიან ამგვარი “მცირე გადაცდომით” დაიცვან სამშობლო, - ის სამშობლო, რომელიც მათი თქმით, დასავლეთმა „ომში უნდა ჩაითრიოს“ აქციების საშუალებით. რამდენადაც არარეალურად არ უნდა ჟღერდეს, გულგრილი სოლიდარობაც „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივზე აგებული სიცრუის ნაწილია.   

სამთავრობო მედიის ამ გულგრილ სოლიდარობაზე 2022 წლის მარტი-აპრილის რუსული ქრონიკები მახსენდება. სწორედ კრემლის პროპაგანდის ნაწილი იყო, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და ფართომასშტაბიანი ომის პარალელურად, სხვადასხვა რუსი პროპაგანდისტის გზავნილი უკრაინელების მისამართით. ისინი ცდილობდნენ, უკრაინის მოსახლეობა დაერწმუნებინათ, რომ სინამდვილეში “მოძმე ერების გაერთიანების სპეცოპერაცია” მიმდინარეობს. კრემლის პროპაგანდის ცინიზმიც ამაშია, - როცა ბუჩაში რუსული არმია 14-15 წლის გოგოებს აუპატიურებდა, ხოლო რუსული ავიაცია უკრაინის ქალაქებს ბომბავდა, კოლექტიური მარგარიტა სიმონიანები „კეთილ“ მიზნებზე, „დიდი რუსეთის“ გამთლიანებასა და კეთილდღეობაზე საუბრობდნენ. 

29 ნოემბრის ღამის სისხლისღვრისადმი გულგრილობაში „იმედის“ ჟურნალისტები მარტო არ არიან. მათ გვერდით დგას დანარჩენი სამთავრობო მედიის ლეგიონი მცირედი განსხვავებით. “პოსტივის”, “რუსთავის 2”-ისა და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების უმრავლესობა მდუმარედაა (მხოლოდ რამდენიმეს ეყო გამბედაობა, დაეგმო სპეცრაზმის სიმხეცე). მათი დუმილი დაშავებული ყოფილი თანამშრომლების და მოქმედი კოლეგების შელახულ უფლებებზე ზედმეტად ხმამაღლა ისმის. ცარიელია მათი facebook-ის გვერდები, ცარიელია სივრცე, რომელიც სწორედ ჟურნალისტების პროტესტს უნდა შეევსო. ეს „ქართულმა ოცნებამაც“ შესანიშნავად იცის. იცის, რომ ოლიგარქისა და ბიუჯეტის ფულზე დამოკიდებულ მედიაში დასაქმებული ადამიანები ხმის ამოღებას ვერ და არ გაბედავენ. ამიტომაც მათ შეუძლიათ, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ინკვიზიცია მოუწყონ იმის იმედით, რომ სამთავრობო მედია-კლანიდან არავინ უსაყვედურებს, არავინ აუჯანყდება. 

არადა მორალურად გაუმართლებელია, გესმოდეს პატარა გოგოების ტირილი კადრებში და დუმდე; დანაშაულია, ხედავდე როგორ ურტყამენ წიხლებს წაქცეულ აქტივისტებს, როგორ წევს სასწრაფოს მანქანაში დასისხლიანებული მარიამ გაფრინდაშვილი („ტვ პირველი“), როგორ ეხვეწება პოლიციელს ნინო წვერავა („სტუდია მონიტორი“), არ დააგოროს კიბეებზე, როგორ უხსნის აკა ზარქუა („რეალ პოლიტიკა“) ათამდე სპეცრაზმელს არ სცემონ, რადგან ჟურნალისტია და მოვლენებს აშუქებს, შენ კი, სამთავრობო მედიის პროპაგანდისტმა, ხელფასის შესანარჩუნებლად მდუმარება შეინარჩუნო… ახლა დუმილი ყველაზე დიდი დანაშაულია!

დასაწყისში დისტოპიური რომანების ანტაგონისტებიც თვალსაჩინოებისთვის ვახსენე. გაზაფხულის აქციებიდან დღემდე მქონდა განცდა, რომ ჟურნალისტების ნაწილი სამთავრობო მედიას პროტესტით დატოვებდა. ახლა კიდევ უფრო ნათლად ვაცნობიერებ, რამდენად ინფანტილური ყოფილა ჩემი მოლოდინი. 

მთელ იმ ორი ღამის ქაოსში კი, ყველაზე სევდიანი რამ აქციაზე ნაცემმა და ძალიან ღირსეულმა ჟურნალისტმა, გურამ როგავამ (ტელეკომპანია ფორმულა) თქვა: „მე არ მაინტერესებს ის ნიღბიანი ვინ არის, საერთოდ არ ვბრაზდები მაგ ნიღბიანზე, გულწრფელად. ის არ იყო სპეცრაზმელი. იცი, მე ვინ მცემა დღეს იქ, ვინ ჩამარტყა?! ირაკლი ჩიხლაძემ, „იმედის“ ჟურნალისტმა, ჩემი ბავშვობის მეგობარმა... მე მცემეს დღეს და გონება დამაკარგვინეს იქ პირველი არხის თანამშრომლებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ჩემი მეგობრები იყვნენ... მე იქ მცემა „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამ, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა მცემეს დღეს მე იქ”.  

 

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ