საქართველო
კატეგორია - საქართველო
პარლამენტში ინიცირებულია მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი. ერთ-ერთი ცვლილებით, სამეურვეო საბჭოს ორი ახალი წევრი კომუნიკაციის კომისიიის კვოტით ემატება.

მედიაკოალიციის შეფასებით, ეს ცვლილებები ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის პროცესის მიზნებს.

ვინ არიან ინიციატორები?

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები ქართული ოცნებიდან, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, დავით სონღულაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და ალუდა ღუდუშაური.

რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში

  • სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა იზრდება 9-დან 11-მდე;
  • კომუნიკაციების კომისიას უფლებამოსილება ენიჭება, დამატებითი ორი კანდიდატი წარუდგინოს პარლამენტს;
  • უქმდება სამეურვეო საბჭოს წევრად ერთ ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვა; სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის უფლებამოსილების ვადები იზრდება სამი წლიდან ექვს წლამდე;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს უფლება ეძლევა იმავდროულად ეკავოს თანამდებობა/ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში, რადიოსა და სხვ.

იცვლება გენერალური დირექტორობის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე,
  • რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება,
  • მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება,
  • მაუწყებელში ან/და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის არანაკლებ 10%-ის ოდენობით მიმართოს ქართული მხატვრული ტელეფილმების, ქართული დოკუმენტური ტელეფილმებისა და ქართული ტელესერიალების დაფინანსების მიზნით (მათ შორის, თანადაფინანსების მიზნით) სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის პოპულარიზაციისათვის.

იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობა.

  • დღეს მოქმედი კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის არანაკლებ 15%-ით;
  • კანონპროექტით, 2026 წლის 1 იანვრამდე დაფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 16%-ით, ხოლო 2026 წლის 1 იანვრიდან − საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.

შეფასებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის შეფასებით:

  • ცვლილებების პროექტი ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის პროცესის მიზნებს;
  • არ პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს;
  • აგრძელებს ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცების პროცესს;
  • უზრუნველყოფს “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის უფლებამოსილების კიდევ უფრო გაზრდასა და გავლენის გახანგრძლივებას.

“საზოგადოებრივი მაუწყებლების დამოუკიდებლობა გადამწყვეტია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიუკერძოებელი გაშუქებისა და საზოგადოების დემოკრატიული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად” - ვკითხულობთ განცხადებაში.

კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას:

  • შეწყვიტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცების პროცესი და გაიწვიოს მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის ზიანის მომტანი კანონპროექტი.
  • ევროპის საბჭოს ექსპერტების რეკომენდაციების და მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ გადადგას რეალური ნაბიჯები მაუწყებლობის შესახებ კანონის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მისაღწევად.

რას ფიქრობს მაღლაფერიძე



23 მაისს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე, სადაც მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის ანგარიშს წარადგენდა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ კანონპროექტის შესახებ ჰკითხა, თუ რატომ გახდა სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდა საჭირო.

რაზეც მაღლაფერიძემ უპასუხა, რომ ის ასეთ საკითხებს არ წყვეტდა - "რომ გითხრათ, ამის შემდეგ სამოთხე დამყარდება, ვერ გეტყვით” - თქვა სამეურვეო საბჭოს თავმდჯომარემ.

რამდენია და როგორ ნაწილდება საზმაუს 2023 წლის ბიუჯეტი?
კატეგორია - საქართველო
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი, მიშა ფეიქრიშვილი ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურს უხელმძღვანელებს. მან პარლამენტში თანამდებობა დატოვა და ახალ სამსახურში მუშაობას დღეიდან, 22 მაისიდან იწყებს.

რას ამბობს ფეიქრიშვილი

როგორც მიშა ფეიქრიშვილმა მედიაჩექერს უთხრა, შეთავაზება ცოტა ხნის წინ მიიღო.

  • “სიმართლე გითხრათ არ მიფიქრია, თვეების წინ ამ პროფესიაში დაბრუნებაზე, თუმცა რატომღაც ახლა გადავწყვიტე, რომ რატომაც არა, დავუბრუნდი ჩემს პროფესიას, მითუმეტეს იმ სამსახურს და იმ ტელევიზიას, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი, სადაც აბსოლიტურად ნაცნობი გარემოა ჩემთვის”.

ფეიქრიშვილი ამბობს, რომ იმედი "ნომერ პირველი ტელევიზიაა" და მისი მთავარი გეგმაა, რეიტინგი შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს:

“არხს აქვს თავისი გაცხადებული პოლიტიკა. შესაბამისად, ამ გაცხადებული სარედაქციო პოლიტიკით არხი დებს იმ რეიტინგს, რაც ყველას მოეხსენება. შესაბამისად გაზომვადია, აბსოლუტურად გამჭვირვალეა. ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუ რამხელა ნდობით სარგებლობს ეს ტელევიზია”.

ფეიქრიშვილის კარიერა

ის სხვადასხვა დროს რადიო იმედში, ტელევიზია იმედში, GDS-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობდა.

  • იყო პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი, შემდეგ კი პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.
  • მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურშიც.

პარლამენტის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა ტელეწამყვანი მაგდა ანიკაშვილიც, სანამ ტელევიზია იმედში გადავიდოდა.
კატეგორია - საქართველო
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მთავარ არხში მუშაობის დაწყების გამო, ეკა კვესიტაძეს რუსთავი2-სთვის 25 000 ლარის გადახდა დააკისრა.

ჟურნალისტის უფლებადამცველი ორგანიზაცია საია აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

რა ხდება
  • რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში თავად ეკა კვესიტაძემ შეიტანა.
  • ჟურნალისტი ითხოვდა, დისკრიმინაციული მოტივების გამო, მიღებული გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურებას.
  • საქალაქომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება 2022 წლის 10 ივნისს გამოაცხადა - კვესიტაძის გათავისუფლება კანონიერად მიიჩნია და რუსთავი 2-ს მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდა დააკისრა.
  • შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, რაც მთავარ არხში გადასვლას გულისხმობდა, თავად კვესიტაძეს 25 000 ლარის გადახდა დააკისრა.
როგორ აფასებენ სააპელაციოს გადაწყვეტილებას
  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ სააპელაციომ გააგრძელა მანკიერი პრაქტიკა, რომელიც არღვევს შრომით კანონმდებლობას.
  • “ამ ერთი გადაწყვეტილებით მხოლოდ კვესიტაძის უფლებები არ დაურღვევიათ. დაარღვიეს ყველა იმ დასაქმებულების უფლება, ვისაც აქვს მსგავსი დავა ან სამომავლოდ ექნება”.
“ეს არ არის მხოლოდ ჩემი საქმე, ეს არის საქმე, რომელიც ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს. პოლიტიკური დევნით იწყება უფრო მსხვილი პოლიტიკური ფიგურებით, ან ჟურნალისტით და შემდეგ უკვე მოდიან ჩვეულებრივი ადამიანები”, - თქვა კვესიტაძემ.

კონტექსტი
  • ეკა კვესიტაძე რუსთავის 2-დან 2019 წელს გათავისუფლდა, მას შემდეგ, რაც 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, არხის მფლობელად ქიბარ ხალვაშის ცნობის შესახებ.
  • მფლობელის შეცვლის შემდეგ, გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადგილი პაატა სალიამ დაიკავა. სწორედ მან მიიღო ეკა კვესიტაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება, 2019 წლის აგვისტოში, ნოდარ მელაძესთან, ნანუკა ჟორჟოლიანთან და გიორგი ლაფერაშვილთან ერთად. მიზეზად კი, ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა.
  • იმავე პერიდში ტელევიზია, პროტესტის ნიშნად, თანამშრომლების დიდმა ნაწილმა დატოვა.
კატეგორია - საქართველო
მედიაომბუდსმენი ჟურნალისტ თამარ გეგიძისთვის სავარაუდო მსხვერპლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს განცხადებით მიმართავს.

რა მოხდა

2 მარტს პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან, ძალის გამოყენებით გააძევეს On.ge-ს რედაქტორი, ტელეკომპანია "ფორმულას" ფოტორეპორტიორი და “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი.
  • სამივე მათგანი პარლამენტის შენობიდან, დღის განმავლობაში აშუქებდა საპროტესტო აქციებსა და პროცესებს, რომელიც საგარეო და თავდაცვის კომიტეტებში, რუსული კანონის მოსმენის პარალელურად მიმდინარეობდა.
  • ჟურნალისტებმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოწმის სახით მისცეს ჩვენებები, თუმცა სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი მინიჭებული არ აქვთ.

16 მაისს მედიაომბუდსმენმა პროკურატურას განმეორებით გაუგზავნა მოთხოვნა საქმეზე სისხლის სამართლის 154-ე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ.

  • ორგანიზაცია ასევე ითხოვს ინფორმაციას საქართველოს პარლამენტში გატარებული ზომებისა და რეაგირების შესახებ.
  • გამოძევების შემდეგ ჟურნალისტებმა ოფიციალური წერილით პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართეს.
დეტალები
  • 2023 წლის 2-9 მარტის აქციებისას მედიის 21 წარმომადგენელი დაზარალდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა 8 მათგანს.
  • მედიის წარმომადგენლებს, პროფესიული მოვალეობის შესრულებასა და კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის პროცესში, მიზანმიმართულად ეშლებოდათ ხელი.
ადმინისტრაციული საჩივარი

მედიაომბუდსმენმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია აქციების დაშლის სამართლებრივი საფუძვლების და პასუხისმგებელი პირების შესახებ, ასევე გამოყენებული ადამიანური და ტექნიკური რესურსების თაობაზე.

  • განცხადებების უპასუხოდ დატოვების შემდეგ, მედიაომბუდსმენმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა.
კატეგორია - საქართველო
პარლამენტმა ტელეკომპანია ფორმულას გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ გიორგი კიკაბიძესა და ოპერატორ თედო ქვაჩახიას აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა.

რა მოხდა

ფორმულას ინფორმაციით, 11 მაისს მათ ჟურნალისტსა და ოპერატორს აკრედიტაცია ქართული ოცნების დეპუტატ ირაკლი ზარქუასთვის რუსეთთან ფრენების აღდგენაზე დასმული კითხვებისთვის შეუჩერდა.
  • ვიდეოში, რომელიც ტელეკომპანიამ თავად გაავრცელა, ზარქუა ჟურნალისტს ეუბნება, რომ ნუ მიყვება და კითხვებს ნუ უსვამს. რამდენჯერმე იმეორებს ფრაზას - “ბოლო გაფრთხილებაა”.
როგორც ჟურნალისტი გიორგი კიკაბიძე წერს, გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დაუმალეს და მხოლოდ მაშინ გაიგეს, როდესაც ოპერატორი პარლამენტში გადაღებაზე მივიდა.
  • ფორმულაში აცხადებენ, რომ ამის შემდეგ პარლამენტმა მათ გადაწყვეტილების შესახებ წერილობით აცნობა.
რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი

2023 წლის წლის 6 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გამოსცა ბრძანება, რომლითაც ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოში ქცევისა და მოქმედების წესები ისე განუსაზღვრა, რომ ცენზურის საფრთხეები გაჩნდა.
  • ბრძანების მიხედვით, დეპუტატის ერთი უარიც კი საკმარისი უნდა იყოს ჟურნალისტისთვის, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ინტერვიუს ჩაწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში დასანქცირდება და პარლამენტში მუშაობის უფლება შეუწყდება თავდაპირველად ერთი თვით, განმეორებით შემთხვევაში - ექვსით.
  • პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ეს ცვლილება, საპარლამენტო უმრავლესობის, "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის იქცა ბერკეტად, არ უპასუხონ უშუალოდ მათ საქმიანობასთან, ან ზოგადად, ხელისუფლებისთვის არასახარბიელო საკითხებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა

პარლამენტმა აქამდე აკრედიტაცია შეუჩერა მედიის 7 წარმომადგენელს, მათ შორის არიან, "ტვ პირველის", "მთავარი არხისა" და "ფორმულას" ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე პუბლიკას რედაქტორი.
  • მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი, ნაცვლად საჯაროობისა და ქვეყანაში პლურალიზმის უზრუნველყოფისა, ახორციელებს მედიის წინააღმდეგ სისტემურ სადამსჯელო ღონისძიებებს.
“ჟურნალისტების მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის და მიუღებელია მათი შეზღუდვა საჯარო ინტერესის საკითხებზე გაშუქებისას. მედიის როლი დემოკრატიაში არის სიმართლის გამოვლენა, მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქება და ხელისუფლებაში მყოფთა საქმიანობის მონიტორინგი”, - ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.

მედია პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლოში - აკრედიტაციის წესის შესახებ

რატომ არის პრობლემური პარლამენტში მედიის აკრედიტაციის ახალი წესები?
კატეგორია - საქართველო
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიუთითა კანონით ნაკისრ ვალდებულებებზე, რომ "მაუწყებელმა სათანადო მნიშვნელობა არ მიანიჭა ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გაშუქებას".
  • ადმინისტრაციის პრეტენზიით, არხმა არ გაითვალისწინა მათი თხოვნა, პირდაპირ ეთერში გადაეცა ღონისძიების გახსნის პირველი წუთები.
  • პასუხად, პირველი არხი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, ღონისძიების დაწყებამდე მხოლოდ ერთი საათით ადრე მიმართა მაუწყებლის პროდიუსერს. პირდაპირი ტრანსლირება კი სათანადო მომზადებას მოითხოვს.

დეტალები:

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით,
  • არხმა, ღონისძიება გააშუქა "მოამბის" ერთ-ერთ ბოლო რეპორტაჟად, პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ მომზადებული სიუჟეტის შემდეგ, საინფორმაციო გამოშვების 27-ე წუთზე.
  • "მაუწყებლის ვალდებულებაა, საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია", — მიმართავს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მაუწყებლის გენერალურ დირექტორსა და სამეთვალყურეო საბჭოს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით,
  • პირდაპირი ტრანსლირება სათანადო მომზადებას მოითხოვს და ამის მოკლე დროში ორგანიზება “სერიოზული სირთულეა”;
  • შესაბამისი თხოვნით, ადმინისტრაციიდან პროდიუსერს ღონისძიების დაწყებამდე ერთი საათით ადრე, ტელეფონით მიმართეს;
  • "თუმცა, არც მაშინ მოგვაწოდეს ზუსტი ინფორმაცია ქრონომეტრაჟის, კონკრეტული ეპიზოდის (ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიმართვა) დროის შესახებ", — რაც, მათი თქმით, პროგრამის დაგეგმვისა და ტექნიკური მომზადების პროცესისთვის აუცილებელი პირობებია.
  • "პრეზიდენტის მიმართვა პირდაპირ ეთერში ვერ გავიდა, თუმცა, სრულად გავაშუქეთ საინფორმაციო გამოშვებაში", — წერენ განცხადებაში და შესაბამის ბმულებს მიუთითებენ.

მართლაც მხოლოდ ერთი საათით ადრე მიმართეს მაუწყებელს თხოვნით პირდაპირი ტრანსლაციის შესახებ?
  •  არა — გვიპასუხა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, დამატებითი დეტალების გარეშე.  

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

"მაუწყებლობის შესახებ“ კანონიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ციტირებულ ჩანაწერთან ერთად, საზოგადოებრივ მაუწყებელს პროგრამული პრიორიტეტიც ავალდებულებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხებისა და პროცესების გაშუქებას.

რამდენად ასრულებს მაუწყებელი ნაკისრ პრიორიტეტებს, ამას სამეურვეო საბჭო აფასებს და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.

რას ამბობენ სამეურვეო საბჭოს წევრები?

საზმაუს დირექტორთან ერთად, ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადების ადრესატები სამეურვეო საბჭოს წევრებიც არიან. საბჭოს ცხრიდან ორ წევრს, ლაშა ტუღუშსა და ზაზა აბაშიძეს ადმინისტრაციის განცხადების შინაარსზე კომენტარი მანამდე ვთხოვეთ, ვიდრე პირველი არხი საპასუხო განცხადებას გამოაქვეყნებდა — მაუწყებელმა, პრეზიდენტს მხოლოდ 18 საათის შემდეგ უპასუხა. ბორდის წევრებს კი, ტელევიზიის პოზიციის ცოდნის გარეშე გაუჭირდათ ამ კონკრეტული შემთხვევის შეფასება, თუმცა, ზოგადად, მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია:
  • მაუწყებელი მაქსიმალურად ჯეროვნად ასრულებდეს ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებას.
  • "ევროპის დღესთან დაკავშირებით, ქართველი ხალხისთვის შარლ მიშელის მიმართვა კი, სწორედ ასეთ შემთხვევად უნდა მივიჩნიოთ", — გვითხრა ზაზა აბაშიძემ.
  • "ასეთი საკითხები მეტად პრიორიტეტული უნდა იყოს, — ამბობს ლაშა ტუღუში, — ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროინტეგრაციის საკითხების გაშუქების თაობაზე, პირველი არხის მიმართ კრიტიკულები შეიძლება იყვნენ ბორდის წევრები."
მეურვეები, მაუწყებელს კანონითა და პროგრამული პრიორიტეტებით ნაკისრ ვალდებულებს შეახსენებენ. ვკითხეთ, ამ და სხვა შემთხვევების გათვალისწინებით, ხომ არ ხედავენ პრიორიტეტებიდან გადახვევის რისკებს, რაზეც გვითხრეს, რომ შინაარსობრივად, მაუწყებლისთვის განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტები “ფართო დიაპაზონს მოიცავს”, რაც შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში მეტად, ზოგჯერ — ნაკლებად სრულდებოდეს, თუმცა,
  • "თუ ევროინტეგრაციის ნაწილში, ვინმე გაბედავს პრიორიტეტებიდან გადახვევას, ეს იქნება კანონის პირდაპირი და უხეში დარღვევა", — გვითხრა ზაზა აბაშიძემ.
ევროინტეგრაციის საკითხებზე არხის საინფოირმაციო პოლიტიკას აკრიტიკებს საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, რომელმაც 2023 წლის 16 მარტს, ბორდის სხდომაზე გააკრიტიკა მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელი, გიორგი გვიმრაძეზე და თქვა, რომ გვიმრაძე გადაცემებში, "მუდმივად ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს." მეტი

ვცადეთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების შინაარსზე შეფასება მოგვესმინა სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელისგან, ვასილ მაღლაფერიძესგან, მაგრამ ჩვენს ზარებსა და მესიჯს არ უპასუხა.

რამდენია და როგორ ნაწილდება საზმაუს 2023 წლის ბიუჯეტი?
კატეგორია - საქართველო
10 მაისს სტუდია მონიტორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC) გამოცემისთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდეას უკრძალავს. მტკიცებულების სახით მათ NCDC-ს პიარის, ნინო მამუკაშვილის შეტყობინების სქრინი გამოაქვეყნეს.

რა ხდება?

როგორ სტუდია მონიტორის რედაქტორმა, ნინო ზურიაშვილმა გვითხრა, NCDC-ის პიარმა მეილში შემთხვევით მიუთითა პირი, რომელიც მათი თანამშრომელი არ იყო და ინფორმაციამ გაჟონა.
  • მისი შეფასებით, ეს სქრინი არის მტკიცებულება, რომელიც კრიტიკული მედიის წინააღმდე ხელისუფლების პოლიტიკას აჩვენებს.
  • სტუდია მონიტორი ნინო მამუკაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებული მიმოწერა არ დაადასტურა.
  • “ძალიან დაიბნა, ძალიან შეშფოთდა და არ ვადასტურებო, ესღა მოახერხა და თქვა”, - ამბობს ზურიაშვილი.
  • ნინო მამუკაშვილი დაკავშირება მედიაჩეკერმაც სცადა, თუმცა ზარებს არ პასუხობს.


“ძალიან დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, რომ ასე ამოგიჩემებს ხელისუფება ორგანიზაციას, მხოლოდ იმის გამო, რომ კრიტიკული ვართ”, - გვითხრა ზურიაშვილმა - "როცა ინფორმაციას ვითხოვთ ტიპურად ასე ხდება - პრესცენტს რომ ვეხმიანებით, გვეუბნებიან, რომ თვენი ინფორმაცია მზადაა, მერე უცებ გვეუბნებიან, რომ ხელმოსაწერადაა შესული და მალე იქნება. ამას როგორც კი გვეტყვიან, მეორე დღიადან არც ინფორმაცია მოდის და პრესცენტრებიც გვბლოკავენ”.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?
  • მოქალაქეებს, მედიის წარმომადგენლებს აქვთ კონსტიტუციური უფლება ჰქონდეთ წვდომა საჯარო ინფორმაციაზე, რათა შეძლონ მიმდინარე პროცესების კონტროლი.
  • ჟურნალისტის საქმიანობიდან გამომდინარე ეს მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ინფორმაცია არის მასობრივი კომუნიკაციის მთავარი ღირებულება.
  • დღეს, საჯარო უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა განსაკუთრებით გართულებულია კრიტიკული მედიისთვის.
  • ეს საკითხი განხილულია "ევროპული კომისიის" 2022 წლის დასკვნაშიც, სადაც ვკითხულობთ, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციაზე წვდომა და პროცესების გამჭვირვალობა.
სახელმწიფო სტრუქტურები ხშირად არღვევენ კანონით განსაზღვრულ ვადებს ან საერთოდ არ გასცემენ კონკრეტულ საკითხებზე ინფორმაციას. ასევე, არსებობს შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა უწყებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია არასრულია, ან განსხვავდება მანამდე მოწოდებული იმავე მასალისგან.
კატეგორია - საქართველო
"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოამზადა და დასამტკიცებლად პარლამენტს გაუგზავნა. დოკუმენტშია ინფორმაცია 2023 წლის ბიუჯეტის შესახებაც, რომლის მიხედვით:
  • წელს მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 86 მილიონამდე ლარს მიიღებს.
  • თუმცა, მთლიანი ბიუჯეტი 161 მილიონზე მეტი იქნება, რაშიც წინა წლის კომერციული შემოსავლები, აუთვისებელი თანხა და შენობის გაყიდვით მიღებული 65 მილიონი ლარიც შედის.
alt

ფართო სურათში:
  • სახელმწიფო ხაზინიდან მაუწყებლისთვის გამოყოფილი წლევანდელი ბიუჯეტი იმაზე მეტია, ვიდრე 2022 წელს, საქართველოში არსებული ყველა ტელევიზიისა და რადიოს შემოსავლების საერთო ჯამი.

2023 წელს, ახალი და მიმდინარე ამბების წარმოება14 მილიონი ლარით დაფინანსდება. ის არხის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი განყოფილებაა.
  • შარშანდელი ბიუჯეტი 12 მილიონ ლარზე მეტი იყო, მაგრამ მილიონით გადააჭარბეს "სამივლინებო ხარჯების ნორმის ცვლილებისა" და "უცხოური საინფორმაციო სააგენტოების მომსახურების, ასევე, სიგნალების გადმოგორების" გაზრდილი ღირებულების მიზეზით.
მოამბეს, ამ განყოფილების ძირითად პროდუქტს, რეიტინგის პრობლემა აქვს,
  • რაც ნათლად ჩანს რეიტინგების მდგენელი ორგანიზაციის ანგარიშშიც, რომლის მიხედვით, 2022 წელს არხის საინფორმაციო გამოშვების რეიტინგი 0.65% იყო.
  • გასულ ხუთ წელიწადში კი, საუკეთესო მაჩვენებელი 0.72% ჰქონდა.
  • დაბალია არხის საერთო რეიტინგიც: წინა თვეში 2.1% იყო და მეცხრე ადგილზეა ყურებად ათ არხს შორის.
alt
რაც შეეხება ნდობას,
  • NDI-ის 2023 წლის კვლევით, მაუწყებელს გამოკითხულთა მხოლოდ 3% ენდობა.
  • ხოლო მაუწყებლის მიერვე მომზადებული კვლევით, სრულ ნდობას რეგულარული მაყურებლის ნახევარიც კი არ უცხადებს (43.2%), უნდობლობის მაჩვენებლი კი 5.3%-ია.
იმავე კლვევისას, ცნობადობის შემოწმების მიზნით, გამოკითხულებს პირველი არხის ხუთი გადაცემის დასახელება სთხოვეს, რაც უმრავლესობამ ვერ შეძლო.
  • საზმაუს ხუთი გადაცემის გახსენება მხოლოდ 11%-მა მოახერხა, მაგრამ მოამბე დასახელებული გადაცემების ხუთეულს მიღმაა.
ინტერვიუ გიორგი გვიმრაძესთან, პირველი არხის ახალი ამბების ბლოკის დირექტორთან

საზმაუს რეიტინგის გაზრდას ასახელებდა მთავარ მიზნად ყოფილი გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც ახლა სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს და პარლამენტში წლიურ ანგარიშსაც ის წარადგენს.

მისი ავტორობით მომზადებული ფილმი "მეფე ერეკლე — რეპორტაჟი ისტორიიდან", არხს 261 973 ლარი დაუჯდა.

საგულისხმოა, რომ:
  • მაუწყებელმა, 2-საათიანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი მას შემდეგ მოამზადა, რაც ხელისუფლებამ ერეკლე II-ის თემა პროპაგანდისა და ოპონენტების მარგინალიზების საგნად აქცია.
  • ამ ერთი ფილმის ბიუჯეტი მიახლოებულია არხის ზოგიერთი გადაცემის წლიურ ბიუჯეტთან — მაგალითად, "კაცების შოუ", "შარქთენქ საქართველო", და ზოგიერთი გადაცემის მთელის წლის ბიუჯეტზე მეტია.
სხვა დეტალები ანგარიშიდან:
  • 2022 წლის ბიუჯეტიდან სესხის მომსახურებაში 11,333,058 ლარი დაიხარჯა.
  • საუბარია 45-მილიონიან ვალზე, რომელიც ხუთი წლის წინ ტექნიკური გადაიარაღების მიზნით აიღეს.
  • წელს გენერალური დირექტორისა და დაქვემდებარებული სამსახურებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
  • სამეურვეო საბჭოსთვის — 1 289 153 ლარი.
alt

მაუწყებლის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრის ხელმოწერა აქვს, ლიკა ბასილაია-შავგულიძის გარდა.
კატეგორია - საქართველო
Meta-მ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული 80 Facebook ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და 2 Instagram ანგარიში კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო წაშალა.

მსგავსი ქსელი, საქართველოს გარდა, გამოვლინდა ვენესუელაში, ირანში, ჩინეთში, აშშ-ში, ბურკინა ფასოსა და ტოგოში.

რა ვიცით?

როგორც Facebook-ის კვარტალურ ანგარიშში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ ქსელის უკან მყოფი ადამიანები თავიანთი რეალური ვინაობების დაფარვას ცდილობდნენ, გამოძიებამ მიაგნო ამ ქსელის კავშირს საქართველოს მთავრობის სტრატკომთან.
  • ქსელი ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში ავრცელებდა მთავრობის მხარდასაჭერ კონტენტს, აზიარებდა ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო მედიების პოსტებს.
  • ყალბი ანგარიშები პროსამთავრობო ნარატივის პოპულარიზებასა და ოპოზიციის დისკრედიტაციას ცდილობდნენ.
  • ყალბი ანგარიშები დაკავებული იყო ოპოზიციის კრიტიკით, განსაკუთრებით კი “რუსული კანონის” საწინააღმდეგო პროტესტისა და აქციების დროს.

Facebook-ის მონაცემებით, მხოლოდ ამ ქსელმა დაახლოებით $33 500 დახარჯა კონტენტის რეკლამირებისთვის.
  • ქსელი რამდენიმე აპლიკაციის, მათ შორის Facebook, Instagram და TikTok-ის მეშვეობით ორიენტირებული იყო შიდა აუდიტორიაზე.

რა არის კოორდინირებული არაავთენტური ქცევა?

Meta კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევად განიხილავს, როცა რამდენიმე გვერდი, ჯგუფი, პირადი ანგარიში ერთობლივად მუშაობს და საზოგადოება მათი ვინაობის შესახებ შეცდომაში შეჰყავთ.

  • იშლება როგორც ყალბი, ასევე რეალური ანგარიშები, რომლებიც არაავთენტურ კოორდინირებულ ქცევაში მონაწილეობენ.

Facebook-ს აქამდეც წაუშლია საქართველოდან გვერდებს არაავთენტური კოორდინირებული ქცევის გამო.

  • 2020 წელს Facebook-მა 900-მდე ანგარიში წაშალა, რომელთა უმრავლესობა (790) კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებულ მედიაკომპანია "ესპერსონას" უკავშირდებოდა.
  • ასევე, წაიშალა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული 80 გვერდი, 23 ფეისბუკის მომხმარებელი, 41 ჯგუფი და 9 ინსტაგრამის ანგარიში.
  • 2021 წელს Facebook-მა ქართულ მარშთან დაკავშირებული 24 გვერდი, 12 ჯგუფი და 34 ანგარიში წაშალა.
კატეგორია - საქართველო
პარლამენტში, მედიის აკრედიტაციის წესის ცვლილებიდან ერთი თვის თავზე, მედიის შვიდ წარმომადგენელს აეკრძალა პარლამენტში მუშაობა. ჟურნალისტებისა და მედიის თემაზე მომუშავე ორგანიზაციების შეფასებით, ეს მედიის საქმიანობის შეზღუდვის პირველი ეტაპია.

რა არის პრობლემა?

  • პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ეს ცვლილება, საპარლამენტო უმრავლესობის, "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის იქცა ბერკეტად, არ უპასუხონ უშუალოდ მათ საქმიანობასთან, ან ზოგადად, ხელისუფლებისთვის არასახარბიელო საკითხებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს.
  • ბრძანების მიხედვით, მათი ერთი უარიც კი საკმარისი უნდა იყოს ჟურნალისტისთვის, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ინტერვიუს ჩაწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში დასანქცირდება და პარლამენტში მუშაობის უფლება შეუწყდება თავდაპირველად ერთი თვით, განმეორებით შემთხვევაში — ექვსით.
  • ჟურნალისტებს ჩამორთმეული აქვთ გასაჩივრებისა და პასუხის გაცემის უფლება.

როგორ დაიწყო ამბავი?

  • 2023 წლის წლის 6 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გამოსცა ბრძანება, რომლითაც ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოში ქცევისა და მოქმედების წესები ისე განუსაზღვრა, რომ ცენზურის საფრთხეები გაჩნდა. მეტი

რა არის შედეგი?

  • ბრძანების ამოქმედებიდან დღემდე, სანქცირებულია მედიის 7 წამომადგენელი — "ტვ პირველის", "მთავარი არხისა" და "ფორმულას" ჟურნალისტები და ოპერატორები. მათ, პარლამენტის აპარატმა, 1 თვით შეუწყვიტა შენობაში საქმიანობის უფლება.
  • "პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს გადაწყვეტილება ასრულებს თავის პოლიტიკურ მიზანს, დასაჯოს კრიტიკული ჟურნალისტები", — გვითხრა "მედიაომბუდსმენის" დირექტორმა, ნათია კაპანაძემ, რომელიც "ღია საზოგადოების ფონდის" დახმარებით, სამართლებრივად იცავს სანქცირებულ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.
სარჩელით, ბრძანების გაუქმების მოთხოვნით, "მედიაომბუდსმენმა" პარლამენტის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
  • სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო,
  • მაგრამ საქართველოს პარლამენტი სარჩელს არ სცნობს.
  • დავას მოსამართლე ციცინო როხვაძე განიხილავს.

რატომ არის ეს ამბავი მნიშვნელოვანი?

მედიის გარდა, ეს შეზღუდვები აზიანებს, მკითხველს/მაყურებელს, ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, ხალხისგან არჩეული დეპუტატებისგან მიიღოს პასუხები მნიშვნელოვან, კრიტიკულ კითხვებზე.

რა არგუმენტებია პაპუაშვილის აქტის წინააღმდეგ?

  • საქართველოს სახალხო დამცველი: პრობლემურია, რომ არ არის გაწერილი გასაჩივრების საკითხი. მოვუწოდებთ პარლამენტს აქტის ცვლილებისკენ ისე, რომ რეგულაცია არ იწვევდეს ჟურნალისტურ საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევას.
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: ამით იზღუდება ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების შესაძლებლობა. ჩნდება ეჭვი, რომ ეს უკავშირდება კონკრეტული მედიაპროდუქტის შინაარსს.
  • მედიაომბუდსმენი: არღვევს მედიისა და საზოგადოების უფლებას, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.
  • საერთაშორისო ორგანიზაცია "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი" (CPJ): პარლამენტმა უნდა გააუქმოს კრიტიკული ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერების გადაწყვეტილება და გაატაროს ახლახან მიღებული რეგულაციების რეფორმა.


რის გამო შეუჩერდათ აკრედიტაცია ჟურნალისტებს? — მოკლე ისტორიები

"ფორმულას" გამომძიებელი ჟურნალისტი სოფიო გოზალიშვილი, პარლამენტში, 3 დღის განმავლობაში ცდილობდა, უმრავლესობის წევრებისგან მიეღო პასუხი ბრალდებებზე შალვა რამიშვილის მიმართ, სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტების შესახებ.
  • დეპუტატებისგან აინტერესებდა, იყვნენ თუ არა სოლიდარულები სავარაუდო მსხვერპლი ქალების მიმართ.
  • სურდა, ამ თემაზე დეპუტატებისგან მიეღო კომენტარი პირადად და არა — საერთო ბრიფინგზე, რადგან ეს მათი გადაცემის სპეციალური თემა იყო.
გოზალიშვილის თქმით, მისმა კითხვამ განსაკუთრებით, ნინო წილოსანი აღაშფოთა:
  • "რომელმაც მითხრა კიდეც: არ გამომეკიდოთ, თქვენს თავს ეცით პატივიო. მოგვიანებით მითხრეს, რომ ჩემთვის აკრედიტაციის შეჩერება მან და დაჩი ბერაიამ მოითხოვეს".

პაპუაშვილის ბრძანება აკრედიტაციის წესის ცვლილების შესახებ, აწესებს ლიმიტს სხვადასხვა ტიპის მედისთვის პარლამენტში აკრედიტებული წარმომადგენლების მაქსიმალურ რაოდენობაზე, რაშიც გოზალიშვილი კიდევ ერთ განსაკუთრებულ საფრთხეს ხედავს, რადგან:

  • "ფორმულას" შემთხევაში განსაზღვრულია სულ 7 ადამიანი და წესის თანახმად, თუ ერთი სანქცირდება, მედია მას ვერ ჩაანაცვლებს სხვა ჟურნალისტით.
  • აკრედიტაციას თავდაპირველად ერთი თვით გიუქმებენ, შემდეგ - ექვსით.

"რაც საბოლოოდ, დაგვტოვებს პარლამენტს მიღმა: ალბათ, ასე ნელ-ნელა გამოგვხშირავენ და დარჩებიან თავიანთ პროპაგანდისტულ მედიებთან ერთად, — ამბობს "ფორმულას" ჟურნალისტი, — ჩემთვის ეს პირდაპირ ცენზურის დაწესების პირობაა."

"მთავარი არხის" ახალი ამბების ჟურნალისტი თათია წოწონავა, 2023 წლის 5 აპრილს, როდესაც აშშ-მა საქართველოს ოთხ მოსამართლეს სანქციები დაუწესა, დილიდან ცდილობდა საკანონმდებლო ორგანოში მმართველი გუნდის დეპუტატებისგან მოესმინა, იზიარებდნენ თუ არა საკუთარ როლს სასამართლო სისტემის მიმართ. მასთან ერთად, იმავეს საკითხზე მუშაობდა "ტვ პირველის" ჟურნალისტი, რუსუდან დუმბაძე.

  • "შენობა, თითქმის ცარიელი იყო. ერთადერთი, ვინც შემოვიდა, ელისო ბოლქვაძე იყო. მას არ გავკიდებივართ, ჩავწერეთ ლიფტთან, რაც ჩანს კიდეც კადრებშიც. ინტერვიუზე არ დაგვთანხმდა, მაგრამ არც მიდიოდა, შესაბამისად, არ ყოფილა ადევნება", — მაგრამ, ამის მიუხედავად, წოწონავამაც და დუმბაძემაც, დღის ბოლოს, პარლამენტის აპარატისგან მიიღეს წერილი აკრედიტაციის 1 თვის ვადით შეჩერების შესახებ.

ონლაინ-გამოცემა "პუბლიკას" რედაქტორი ნათია ამირანაშვილი პირველი ჟურნალისტი იყო, ვისაც პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების ამოქმედების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანომ აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა.

  • მიზეზი: პარლამენტის შენობაში პროტესტის გამოხატვა.

2023 წლის 2 მარტს, რუსული შინაარსის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვების პარალელურად, ამირანაშვილი კოლეგებთან ერთად, პლაკატებითა და შეძახილებით აპროტესტებდა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას — მიეღოთ კანონი, რომლითაც ჟურნალისტებს უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადებდნენ.

  • "ექსტრაორდინალური არაფერი ჩამიდენია, ვსარგებლობდი ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის მონიჭებული გამოხატვის თავისუფლების უფლებით", — გვითხრა მან. შემდეგ, ამას მოჰყვა ზარი პარლამენტის პრესსამსახურიდან შეტყობინებით აკრედიტაციის შეჩერების შესახებ.

სასამართლო პროცესი.

  • მოსამართლე ციცინო როხვაძეს, ამ ჟურნალისტების შემთხვევები უკვე სარჩელის სახით უდევს განსახილველად.
  • ამავე საქმის ნაწილია "ტვ პირველის" ჟურნალისტის, ნატა ქაჯაიას შემთხვევა, რომელიც ჯერ კიდეც გასულ წელს, 2022 წლის მარტში გამოაძევეს პარლამენტიდან, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
  • ჟურნალისტების ადვოკატი, "მედიაომბუდსმენის" დამფუძნებელი ნათია კაპანაძეა.

რა წერია სარჩელში?

მოსარჩელე ითხოვს, სასამართლომ ნაწილობრივ, უმეტეს შემთხვევაში კი, სრულად ბათილად სცნოს პუნქტები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებიდან.

"ეს დისკრიმინაციული და ცალმხრივი დოკუმენტია, რომელიც პრესას პასუხის უფლებას არ უტოვებს" - ამბობს ნათია კაპანაძე.

იურისტმა გამოითხოვა მონაცემები 2022 წელს პარლანტში დაშვებული საშვების შესახებ, სადაც გაირკვა, რომ მედიის წარმომადგენლებზე 20 000-ჯერ გაიცა საშვი (*რაშიც შედის ერთი და იმავე ადამიანზე რამდენჯერმე გაცემული საშვიც).

"მე, სასამართლოს ამით ვუმტკიცებ, რამდენად მასშტაბურია საკითხი." - ამბობს ნათია კაპანაძე.

რას ამბობს საქართველოს პარლამენტი?

  • არაფერს.
უშედეგო აღმოჩნდა მცდელობა, მოგვესმინა საკანონმდელო ორგანოს ოფიციალური პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით.

"მედიაომბუდსმენის" მიხედვით, პარლამენტმა სასამართლოს უკვე წარუდგინა შესაგებელი, რომლის კითხვარში: "ცნობთ თუ არა სარჩელს", საკანონმდებლო ორგანოს პასუხია — "არა".
  • "პარლამენტი არათუ არ აღიარებს, რომ პაპუაშვილის აქტით, გასაჩივრების უფლება ირღვევა, მეტიც, იმის უფლებასაც კი არ აძლევს ჟურნალისტებს, დარღვეული უფლებებისთვის ბრძოლა სასამართლოში გააგრძელონ", — თქვა ნათია კაპანაძემ.

რა ვიცით ამ საქმის მოსამართლის შესახებ?

  • ციცინო როხვაძე, უვადო მოსამართლედ დაინიშნა 2020 წელს.
  • ეს, მისთვის არ იქნება მედიასთან დაკავშირებული პირველი საქმე — 2022 წლის იანვარში განიხილა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საჩივარი "მთავარი არხის" წინააღმდეგ, რაზეც, თავდაპირველად, კრიტიკული მედიის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, შემდეგ — შეცვალა და მარეგულირებელი კომისია გაამართლა.
დაბოლოს, "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ" მოამზადა დოკუმენტი, სახელწოდებით — "საერთაშორისო პრაქტიკა მედია აკრედიტაციასთან დაკავშირებით". მასში, განვითარებადი და განვითარებული ქვეყნების მაგალითებია მოყვანილი და საუბარია მედიის როლზე პარლამენტში.
  • დოკუმენტის მიზანია, საერთო სურათის დანახვაში მეტად დაგვეხმაროს და მისი ნახვა შესაძლებელია აქ
კატეგორია - საქართველო
სამ მაისს, მედიის ადვოკატირების კოალიციის ინიციატივით, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მედიის წარმომადგენელთა აქცია გაიმართა.

რა ხდება?

  • პრესის თავისუფლების დღეს, დემონსტრანტებმა სალომე ზურაბიშვილს "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდეს.

დღესვე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს:

  • "მოვუწოდებთ პრეზიდენტს, ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, და საქმეზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის შეფასებების შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე", — წერია განცხადებაში, რომელსაც 42 ორგანიზაცია აწერს ხელს.

პრესის თავისუფლების დღის კონტექსტში, ნიკა გვარამიას პატიმრობის საკითხი ერთ-ერთ პრიორიტეტულ თემად დაასახელა ჰელსინკის კომისიამ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციაა.

  • კომისიამ, 28 აპრილს გამოქვეყნებულ ტვიტში, გვარამია მოიხსენია უსამართლოდ დაპატიმრებულ ქართველ ოპოზიციონერ ჟურნალისტად.
  • 24 აპრილს, ჰელსინკის კომისიამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, "როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიის დაცვის ხმამაღალ მხარდამჭერს", ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა.

დეტალები გვარამიას საქმეზე

  • ნიკა გვარამია, 2022 წლის მაისში, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გაფლანგვის ბრალდებით დააპატიმრეს
  • თუმცა, გავლენიანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუციები, მის პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
  • მედიის უფლებების დამცველი სხვადასხვა ორგანიზაციის შეფასებით, ჟურნალისტების მიმართ ბოლო წლებში გახშირებულ თავდასხმებთან, მედიაგარემოს დაზიანებისკენ მიმართულ საკანონმდებლო ინიციატივებთან თუ ჟურნალისტებზე უკანონო თვალთვალთან ერთად, გვარამიას, როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების დამფუძნებლისა და დირექტორის პატიმრობა "ნათლად ასახავს "ქართული ოცნების" ხელისუფლების განწყობას მათგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ."

ასევე, წაიკითხეთ:


  • ნიკა გვარამიას შეწყალების მოწოდებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის აქამდეც არაერთხელ მიუმართავთ, რასაც ის მისთვის კანონით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებაზე "გაუთავებელ ზეწოლად" აფასებს.

2023 წლის მარტში, ზურაბიშვილმა "ტვ პირველთან ინტერვიუში" შეკითხვას გვარამიას შეწყალებაზე, ასე უპასუხა:

  • "ერთადერთი შემაფერხებელი არის ის გაუთავებელი რეკომენდაციები, თუ ზეწოლები, თუნდაც, ევროპარლამენტარების რეზოლუციები. [...] ამის უფლება არავის აქვს არცერთი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ვართ არანაკლებ თანასწორი ქვეყანა, როგორც სხვები. პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება“.

პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასა და პატიმრობაზე წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაშიც:

"შეერთებული შტატების საელჩო პატივს სცემს საქართველოში პრესის წევრებს, რომლებიც მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისა და ინსტიტუციების ანგარიშვალდებულებისთვის, მიუხედავად მათზე ძალადობის, ძალადობის მუქარის, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, პატიმრობისა თუ სხვა ზეწოლისა. მედიისთვის ზიანის მიყენების ან გაჩუმების ნებისმიერი მცდელობა არის თავდასხმა თავად დემოკრატიაზე."

მედიის თავისუფლების ხარისხის გაუარესებას, როგორც ფაქტს, არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლება.

3 მაისს, ირაკლი ღარიბაშვილის სახელით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიასივრცე გვაქვს".

იმავე პათოსით იყო დაწერილი 21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მისალოცი ტექსტიც.
კატეგორია - საქართველო
28 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა, ე.წ. "ფოტოგრაფების საქმეზე" დაკავებული ოთხი ფოტოჟურნალისტისთვის.

რა ხდება?

2011 წელს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ოთხი ფოტოგრაფი, რომლებიც 26 მაისის აქციის დარბევას აშუქებდა:

  • ევროპის პრესის ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე,
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე,
  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე
  • რედაქცია პრაიმ ტაიმის ფოტორედაქტორი ნათელა გედენიძე.

“Ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოში სამართალწარმოების ისტორიაში. აქამდემსაგსი შემთხვევა, მორალური ზიანი არ ანაზღაურებულა, მით უმეტეს ასეთი მუხლით, რომელიც ჩვენს მიმართ იყო წარდგენილი”, - ამბობს ფოტოგრაფი ნათელა გედენიძე, რომელიც 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

როგორ მიმდინარეობდა ფოტოგრაფების საქმე

  • ფოტოგრაფები 2011 წელს, 26 მაისის აქციის დარბევას აშუქებდნენ.
  • ისინი 2011 წლის 7 ივლისს დაკავეს, 22 ივლისს კი სააპელაციო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.
  • ხელისუფლება შეცვლის შემდეგ, პროკურატურამ ამ საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო.
  • 2017 წლის 20 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ფოტოგრაფების საქმეზე ორ ყოფილ მაღალჩინოსანს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და პატიმრობა შეუფარდა
  • 2018 წლის 22 ნოემბერს კი სასამართლომ ფოტოგრაფები სრულად გაამართლა.