საქართველო
კატეგორია - საქართველო
გასულ თვეს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ქსელში გინების გამო რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმეს. ისინი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილი და პროტესტს გამოხატავდნენ.


რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

სასამართლოს გადაწყვეტილებები:

  • აჩენს რეალურ რისკს, სოციალურ ქსელებში შეიზღუდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
  • ქმნის ცენზურის/თვითცენზურის საფრთხეს.
  • მომავალში შეიძლება, შეიქმნას საფრთხე ნებისმიერი მოქალაქისთვის, ვინც სოციალურ ქსელებს საზოგადოებრივ, თუ პოლიტიკურ საკითხებზე (კრიტიკული) მოსაზრებების გასავრცელებლად იყენებს;

სამი შემთხვევის მაგალითზე განვიხილავთ:

  • რა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პრობლემებზე მიანიშნებდა იმ მოქალაქეთა პოსტები, რომლებმაც სოციალურ ქსელში მოსაზრება დააფიქსირეს;
  • ერთი მხრივ, როგორ ხსნის და ასაბუთებს სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო, მეორე მხრივ, რას ამბობს კანონი და როგორია უფლებადამცველების შეფასებები;
  • რატომ არის მსგავსი პრეცედენტები სახიფათო და რამდენად უქმნის საფრთხეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.


მოკლედ საქმეებზე:


1. კურიერს, რომელსაც მოპედით უწევდა ქალაქში გადაადგილება, TikTok-ზე კახა კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკას აკრიტიკებდა. აგინებდა მათ, ვინც უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდნენ, პრივილეგიებით სარგებლობდნენ და მოძრაობდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლში (ე.წ. ბასლაინზე). იგინებოდა პოლიციელების მისამართით, ვინც შერჩევით აჯარიმებდა მძღოლებს - გინება არ ეხებოდა რომელიმე კონკრეტულ პოლიციელს.

  • “ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ” - ასეთი იყო ვიდეოს აღწერა, რომლის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლომ ის სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.

2. მოქალაქემ 2022 წლის 6 ივლისს ფეისბუქპოსტში პოლიციელებს შეაგინა, რაც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. ის 8 დღის შემდეგ დააკავეს და 48 საათი წინასწარი დაკავების იზოლატორში გააჩერეს.

  • ბათუმის რაიონულმა სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

3. 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის მამა ფეისბუკ ლაივში ნათქვამის გამო 800 ლარით დააჯარიმეს.

  • 3 ივნისს კარვის საქმეზე ბექა გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გაიმართა. დასრულების შემდეგ კი მან Facebook LIVE-ში პოლიციელის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გააჟღერა, თუმცა არ დაუკონკრეტებია პიროვნება.
  • “შეფასებებს აძლევდა სასამართლო პროცესს და ამბობდა, რომ ის მოწმე პოლიციელი, რომელიც იყო სასამართლოზე, იყო ცრუ მოწმე რადგან მან ცრუ ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს. რეალურად ამ პოსტიდან არ იკვეთებოდა პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფა, მით უფრო მოწმე პოლიციელის სახელი და გვარი არსად არ ყოფილა ნახსენები”, - გვითხრა გრიგორიადისის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ.
  • ადვოკატის შეფასებით, ეს საშიში ტენდენცია, რაც რეალურად განსხვავებული აზრის დევნისთვის გამოიყენება, სწორედ ამიტომ გეგმავენ გადაწყვეტილების გასაჩივრებას.


როგორ ასაბუთებს სასამართლო გადაწყვეტილებებს?


პრაქტიკა აჩვენებს, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს იყენებენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.

წვრილმანი ხულიგნობა

სასამართლომ სოციალური ქსელები საჯარო სივრცედ მიიჩნია, TikTok-ის საქმეზე კი თქვა, რომ დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა სიმშვიდე, თუმცა არ იმსჯელა სოციალური ქსელის ხასიათზე და არ დაუსაბუთებია, რა ფორმით დაირღვა სიმშვიდე.

რაც შეეხება Facebook-ის ქეისს, სასამართლომ აღნიშნა, რომ “სოციალური ქსელი, მათ შორის Facebook, წარმოადგენს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ნებისმიერ პირს აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები”.

უფლებადამცველების შეფასებით:

  • სოციალური ქსელი ნამდვილად არის საჯარო სივრცე, თუმცა ფიზიკური სივრცისგან განსხვავებით, აქვს თავისებური მახასიათებლები.
  • 166-ე მუხლის ნაწილში სახელმწიფოს მიზანი არა საზოგადოებაში ეთიკური გარემოს შენარჩუნება, არამედ საჯარო სივრცეში კონფლიქტური სიტუაციების არიდებაა.
  • იმის გამო არის ეს ნორმები, რომ ფიზიკური უსაფრთხოება დაიცვას და არა ვინმეს მორალი, ღირსება და პატივი”, - გვეუბნება დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი და ამატებს - “ზნეობისა და ეთიკის საკითხების დადგენა, მონიტორინგი, ანდა აღკვეთა ან ჩარევა სახელმწიფოს ვალდებულება არაა".
  • სოციალურ ქსელში თავად მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, გადაწყვიტოს რას წაიკითხავს, მოუსმენს ან უყურებს.
  • “ქუჩაში რომ ვიღაც ძალიან უშვერი სიტყვებით ილანძღება მასზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია, ბუნებრივად მიწევს მოვუსმინო” - აღნიშნავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ვერიკო ჯგერენაია.

სამართალდამცავის შეურაცხყოფა

173-ე მუხლის კონტექსტში, სასამართლომ თქვა, რომ TikTok-ის ვიდეო შეიცავს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ კოდექსში ხაზგასმით წერია ფრაზა - “სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს”.

  • “ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ნანახი იქნა კონკრეტული პოლიციელის მიერ და აღქმული იქნა შეურაცხყოფად, რასაც მოჰყვა შესაბამისი შედეგი - სამართალდამრღვევი პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა”, - წერია დასაბუთებაში.

მუხლის ინტერპრეტაციის საფუძველზე, სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროში იგულისხმება:

  • “ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან/და სისხლის სამართლის საქმის წარმოების შემდგომი პროცედურების განხორციელების დროც და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ნებისმიერი მოქმედება, სამსახურებრივი მდგომარეობა, რაც უკავშირდება კონკრეტული საქმის წარმოებას.
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში იგულისხმება ნებისმიერი საქმიანობის ფორმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე.
  • შესაბამისად, ნორმა პოლიციის თანამშრომლის შეურაცხყოფის სახით არ გულისხმობს მხოლოდ იმ მართლსაწინააღმდეგო ქცევას, რომელიც ხდება უშუალოდ სამართალდარღვევის ჩადენის/გამოვლენის ან რომელიმე საპროცესო მოქმედების განხორციელების ადგილას”.

უფლებადამცველების შეფასებით:

  • TikTok-ის სქროლვის პროცესი ვერ ჩაითვლება სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესად.
  • ადვოკატ გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, კანონდარღვევად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ადამიანი პირდაპირ აგინებს პოლიციელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. “მაგრამ როცა საუბარია სოციალურ ქსელებში გამოთქმულ პრეტენზიაზე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიმართ, ამის გამო ადამიანის პასუხისგებაში მიცემა, ცხადია, არის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა”, - ამბობს მშვენიერაძე.


კიდევ რა საკითხებია პრობლემური:


სოციალურ ქსელთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობაში მკაცრი ან ცხადი საკანონმდებლო ჩანაწერი არ არსებობს. სახელმწიფოების მხრიდან შეუძლებელია შიგთავსის რეგულირება, მაშინ ზოგადად, ინტერნეტი უნდა დაარეგულირო.

რა თქმა უნდა, ამგვარი გადაწყვეტილებები არც ერთ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, მაგრამ არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ სადამსჯელო ღონისძიება გამოყენებულია ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ.

  • “ფაქტია, ყველაზე არ ვრცელდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში თუკი ეს წესად დამკვიდრდება, ეს ყველას შეეხება ვინც მოექცევა ხელისუფლების ინტერესის სფეროში”, - ამბობს მარიკაშვილი.
  • ამ კონტექსტში შეგვიძლია, გავიხსენოთ თავად მმართველი გუნდის, ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, რომელიც სოციალურ ქსელებში ბილწსიტყვაობით გამოირჩევა. ხშირად აგინებს ოპონენტებს.თუმცა ამ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ, წვრილმანი ხულიგნობის მუხლი გამოყენებული არაა.


საფრთხე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით


გამოხატვის თავისუფლება კონვენციური უფლებაა, რომელიც იცავს არა მხოლოდ კეთილ იდეებს პოლიტიკურ კონტექსტში, არამედ, მათ შორის, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელი ფორმით გამოხატულ პროტესტსაც.

  • “გამოხატვის თავისუფლება არის იმ აზრის თავისუფლებაც, რომელიც თუნდაც უმრავლესობას აღაშფოთებს, შეაშფოთებს, გაანაწყენებს და ა.შ.თუ ჩვენ შევეცდებით, შევზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება, ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ, გავხდეთ სრულად დემოკრატიული ქვეყანა და მივდივართ ავტორიტარიზმისკენ”, - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი.
  • “თუ კი ადამიანი გამოხატავს პროტესტს, მათ შორის ისეთი სიტყვებით, რომელიც, შესაძლებელია ვიღაცის ყურს ცუდად ხვდება და თვლის რომ ეთიკურ ნორმებს არღვევს, თუ ეს პოლიტიკური, კულტურული ან სხვა შინაარსის მატარებელია, ადამიანის დაჯარიმება არის კატეგორიულად დაუშვებელი. იმიტომ, რომ ეს არის დაცული გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტით” - ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე.
  • შეზღუდულია უკვე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და კიდევ უფრო მეტ საფრთხეს აჩენს ეს ყველაფერი”, - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი. ის ერთ-ერთია, ვინც პარლამენტთან ფურცლის ჭერის გამო დააკავეს, რაც ასევე შეფასდა, როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.

საფრთხეა თვითცენზურაც. მსგავსი პრაქტიკის დამკვიდრების გამო, შესაძლებელია, ადამიანებმა აღარ ისაუბრონ და საზოგადოებაში აღარ ისმოდეს პროტესტის ხმა.

“თუ კი ჩვენ რაღაც შეზღუდვებს დააწესეთ და დავსჯით ვინმეს, ცხადია, ეს გარკვეულწილად თვითცენზურისკენ უბიძგებს ადამიანებს და თვითცენზურა არის მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთი ნაირსახეობაა - ადამიანები უფრო მეტს ფიქრობენ გამოხატონ თუ არა საკუთარი აზრი საჯაროდ. იმიტომ, რომ მათ აზრის გამოხატვის გამო, შესაძლოა საფრთხე დაემუქროთ. შეუთავსებელია იმ სტანდარტთან, რომელიც გამოხატვის თავისუფლების კუთხით კონსტიტუციაში არის დადგენილი” - გვითხრა მშვენიერაძემ.
კატეგორია - საქართველო

6 ივლისს, საგარეჯოში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზენტაციის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაესხნენ თავს.

"ფორმულას" ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე ადგილზე ოპერატორ სულხან ჭკადუასთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც ის "მედიაჩეკერთან" ამბობს, ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის კითხვაც კი არა დაუსვამთ, ისე დაესნენ მათ თავს.

"თავდამსხმელებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა რომელი ტელევიზია იყო, რადგან ფიზიკურად დაუპირისპირდნენ როგორც კრიტიკული, ისე სახელისუფლებო მედიის ჟურნალისტებს."

"ფორმულას" ჟურნალისტი გვეუბნება, რომ მიკროფონზე ეჯაჯგურებოდნენ, "იმედის" ჟურნალისტსაც.

"იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მიხეილ ფეიქრიშვილი "მედიაჩეკერთან" ამბობს, რომ ადგილზე მათი გადამღები ჯგუფები არ დაშავებულან.

ადგილზე დაშავდა "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფიც, ჟურნალისტი ია გულიაშვილი, და ოპერატორი ლევან დვალი. მათ დაუზიანეს გადასაღები აპარატურაც.

"მანქანიდან როგორც კი გადავედით მე და ჩემი ოპერატორი იმწამსვე გავიგეთ რეპლიკა, რომ "მთავარი არხი მოვიდა" რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთმანეთი წააქეზეს იმისათვის, რომ შემდგომში აგრესია ჩვენზე წამოსულიყო" - ამბობს "მთავარი არხის" კახეთის ბიუროს ხელმძღვანელი, ია გულიაშვილი.

ის ასევე გვეუბნება, რომ ძალადობდნენ არამხოლოდ "ქართული ოცნების" აქტივისტები, არამედ მოქმედი ადგილობრივი საჯარო მოხელეებიც.

ია გულიაშვილს ქვა მოხვდა მხარში, როდესაც უსაფრთხო ადგილას გადასვლას ცდილობდა, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ლევან დვალსაც.

პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა რომელი ტელევიზია იყო, ფიზიკურად გვისწორდებოდნენ, რითიც შეეძლოთ ყველაფრით. ყველა ტელევიზია იყო სამიზნე, მთავარი იყო, რომ გადაღება ვერ მოგვეხერხებინაო - ამბობს ია გულიაშვილი "მედიაჩეკერთან" საუბრისას.

როგორც "რუსთავი 2" - ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ბერძენიშვილი გვეუბნება, მათი ჟურნალისტი არ დაშავებულა, თუმცა მას შემდეგ რაც ვუთხარით, რომ "ფორმულას" გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთერთი მონაწილე მათ ჟურნალისტს მიკროფონს ართმევს ამბობს, რომ ეს კადრები არ უნახავს და დეტალური ინფორმაცია არ აქვს, რადგან მათი ჟურნალისტები ადგილზე ჯერ კიდევ მუშაობენ.



მომხდარს გამოეხმაურა "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია"

ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დროულად გამოიძიონ საგარეჯოში დაშავებული გადამღები ჯგუფების შემთხვევები.

"საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა - მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლების საქმიანობის თანმდევი ნაწილი გახდა" - წერია ქარტიის განცხადებაში.

კატეგორია - საქართველო
მოკლედ: სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ გამოიძიებს ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის მიმართ ძალადობის ფაქტს.

რას ამბობენ?
  • საქართველოს გენერალური პროკურორის დადგენილებით, საქმე, რომელსაც ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებდა, გამოსაძიებლად მათ გადაეცათ.
  • "სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს", — წერია მათს განცხადებაში.

კონტექსტი: მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის გადაცემა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს საქმესთან დაკავშირებულ მასალებს, რომელიც გუშინ, 5 ივლისს, დაზარალებულმა მიშა მშვილდაძემ წარადგინა და თქვა, რომ მასზე თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი, გიორგი მუმლაძეა.

ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე დავუკავშირდით სუს-ს და ვკითხეთ, არის თუ არა გიორგი მუმლაძე მათი თანამშრომელი, მაგრამ ამ კითხვაზე უწყებამ არ გვიპასუხა.


პრობლემაა, რომ:
  • გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
  • მედიამენეჯერის დაცვის მხარე კი მოითხოვს, გამოძიება ორგანიზებული დანაშაულისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელყოფის მუხლითაც წარიმართოს.


რა ვიცით მშვილდაძეზე თავდასხის საქმის შესახებ?
  • ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა.
  • 28 ივნისს, შსს-მ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
  • მედიაჩეკერის ინფორმაციით, ეს ის პირია, რომელმაც დაკავებამდე ფეისბუქზე თავადვე გამოაქვეყნა სტატუსი და დაწერა, რომ ის იყო თავდამსხმელი.
  • 29 ივნისს, გამოძიებამ მშვილდაძეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა.
კატეგორია - საქართველო
როგორც ტელეკომპანიაში ამბობენ, ფორმულას თანადამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე “თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.

მედიაჩეკერი ინფორმაციის გადასამოწმებლად სუს-ს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ დაცვის მხარემ გამოძიებას უნდა მიაწოდოს ყველა სახის მტკიცებულება.

  • კითხვაზე, არის თუ არა, გიორგი მუმლაძე მათი თანამშრომელი, უწყებაში არ გვიპასუხეს.

რა მოხდა

  • ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა.
  • 28 ივნისს, შსს-მ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
  • მედიაჩეკერის ინფორმაციით, ეს ის პირია, რომელმაც დაკავებამდე ფეისბუქზე თავადვე გამოაქვეყნა სტატუსი და დაწერა, რომ ის იყო თავდამსხმელი.
  • 29 ივნისს, გამოძიებამ მშვილდაძეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა.

პრობლემაა, რომ:

  • გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
  • რადგან, მედიამენეჯერის დაცვის მხარე მოითხოვს, გამოძიება ორგანიზებული დანაშაულისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელყოფის მუხლითაც წარიმართოს.

მტკიცებულებების შეგროვება

  • დაცვის მხარე თავდასხმის დღიდან აგროვებს მტკიცებულებებს და აქტიურად საუბრობენ, რომ თავდასხმა ორგანიზებული და დაგეგმილი იყო.
  • მშვილდაძემ მოუწოდა თავდასხმის ადგილას მდებარე ობიექტებს, კამერების ჩანაწერები მიაწოდონ გამოძიებას და ითანამშრომლონ მედიასთანაც.
  • მოწოდების შემდეგ კი ტელეკომპანიაში თქვეს, რომ საქართველოს ბანკმა ჩანაწერები არ მიაწოდა.
  • მიშა მშვილდაძემ გუშინ, 6 ივლისს კვლავ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს, მასზე თავდასხმის დროს, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერების ჩანაწერები ამოიღონ.
კატეგორია - საქართველო
ორი წელი გავიდა 2021 წლის 5 ივლისიდან, როდესაც თბილისში დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფი მედიის 53 წარმომადგენელს თავს დაესხა. დაშავებულებს შორის იყო TV პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

პროტესტისა და არაერთი მოწოდებების მიუხედავად თავდასხმის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი დღემდე არ დამდგარა.

ჟურნალისტებზე თავდასხმები დღემდე გრძელდება

5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ ჟურნალისტებზე თავდასხმები გახშირდა. ერთის მხრივ, ამის მიზეზი ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკაა, მეორეს მხრივ, კი დაუსჯელობის სინდრომი.

ბოლო თვეების განმავლობაში:

  • თავს დაესხნენ TV მონიტორინგის გადამღებ ჯგუფს.
  • პირდაპირ ეთერში, ჩართვის დროს მთავარი არხის ჟურნალისტს, გიორგი ახალკაცს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
  • სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფა მიაყენეს TV პირველის საგამოძიებო გუნდის წევრებს და ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
  • ჟურნალისტს, ნატო გოგელიას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ.

ეს ჩამონათვალი არ არის სრული, თუმცა კარგად აჩვენებს, როგორ გარემოში უწევთ ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულება.

მედიაგარემო

22 ივნისს ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გაასაჯაროვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისთვის წარდგენილი ზეპირი მოხსენება.

  • ოლივერ ვარჰეის განცხადებით, 12 რეკომენდაციიდან არ აქვს პროგრესი ერთ პრიორიტეტში - პლურალისტური მედიის თავისუფალი, პროფესიონალური და დამოუკიდებელი ფუნქციონირება.
  • თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს მოხსენება მანამდე გამოქვეყნდა, ვიდრე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავარი არხის დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას შეიწყალებდა.

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”

  • საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით 180 ქვეყანას შორის 2021 წელს მე-60 ადგილზე იყო, 2023 წელს კი 77-ზეა.
  • 2023 წლის მონაცემი 2022 წელთან (89-ე ადგილი) შედარებით გაზრდილია, თუმცა ვერ აღწევს 2021 წლის 5 ივლისამდე მაჩვენებელს.

Amnesty International

ბოლო ანგარიშში, საერთაშორისო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს რომ საქართველოში გამოხატვის უფლება კიდევ უფრო შეიზღუდა. წერენ, რომ კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ მზარდ აგრესიულ რიტორიკასა და ცილისწამების საჩივრებს მსუსხავი ეფექტი ჰქონდა გამოხატვის თავისუფლებაზე, ისევე როგორც ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების არაეფექტურ გამოძიებას.

HRW

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია “Human Rights Watch”-მა საქართველოში 2022 წლის მოვლენები ყოველწლიური ანგარიშით შეაჯამა.

  • დასაწყისშივეა აღნიშნული, რომ “გაუარესდა მდგომარეობა მედიის თავისუფლების მხრივ, რაც მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმებით და კრიტიკული ტელეარხის დირექტორის დაპატიმრებით გამოიხატა“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, 20 მარტს გამოქვეყნებულ, ყოველწლიური ანგარიშში საუბარია გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის შეზღუდვებზე, მათ შორის, ჟურნალისტებზე ძალადობასა და მათ მიმართ მუქარაზე.

საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში

ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების საქმეზე, მედიის 16 წარმომადგენლის სახელით გასაჩივრებული საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სტრასბურგმა, საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადაიყვანა შემჭიდროებულ ვადაში, საჩივრის გაგზავნიდან 2 თვეში.

სტრასბურგმა, საჩივარში სადავო მუხლებთან დაკავშირებით სახელმწიფოს შეკითხვები დაუსვა, პასუხის წარსადგენად კი ვადა 2023 წლის 9 მაისამდე განუსაზღვრა.

6 საკითხს შორის, ევროპულ სასამართლოს აინტერესებს:

  • მიიღო თუ არა სახელმწიფომ 5 ივლისს ეფექტიანი პრევენციული ზომები, რაც დაიცავდა დაზარალებულებს თავდასხმისაგან;
  • გაამწვავა თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებმა მომხდარი ძალადობა.
კატეგორია - საქართველო
დღეს, 3 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებების პროექტი კანონში "მაუწყებლობის შესახებ".

ამით, სხვა ცვლილებებთან ერთად:
  • გააუქმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო;
  • პირველი არხის ბორდის შემადგენლობა გაზარდა 9-დან 11 წევრამდე, აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის მინიჭებული კვოტით.
  • აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტი დაუქვემდებარა პირველი არხის ბორდს, რომელსაც ხელმძღვანელობს ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც ამ პოზიციაზე არჩევამდე მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე იყო.
"ეს ნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ტელევიზიად გარდაქმნას, რადგან აძლიერებს ვასილ მაღლაფერიძის გავლენებს და მმართველ უმრავლესობას აძლევს დამატებით ბერკეტებს, მოიპოვოს უმრავლესობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში", — ამბობს მარიამ გოგოსაშვილი, ორგანიზაცია "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" დირექტორი.

"ქარტია", საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, ვეტო დაადოს ცვლილებების პროექტს, რადგან:

  • ეს, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული მოწყობის პრინციპებს და აჭარის ტელევიზიას საზოგადოებრივ მაუწყებელს უქვემდებარებს;
  • კანონის მიღება მოხდა სწრაფად და საზოგადოებას არ ჰქონია შესაძლებლობა, ჩართულიყო შეცვლილი კანონპროექტის განხილვაში;
  • მეორე მოსმენამდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ ყოფილა მრჩეველთა საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით.

პოზიციები:

ნათია კაპანაძე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი:
  • "ვასილ მაღლაფერიძე და მისი გუნდი ოფიციალურად გახდნენ აჭარის მაუწყებლის შინაარსის და ფინანსების მმართველები;
  • აჭარის ტელევიზია და რადიო აღარასდროს იქნება ავტონომიურობის ერთ-ერთი ნიშანი".

მარიამ გოგოსაშვილი, "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია":
  • "ხელისუფლებას არ ესმის არც რეგიონული მედიის, არც — საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელობა."

მედიის ადვოკატირების კოალიცია (16 ორგანიზაციის გაერთიანება):
  • "კანონპროექტი ცალსახად ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნდამენტურ პრინციპებს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებულ მოდელს და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ მაღლაფერიძის ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება."

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის.
  • მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, ისევე, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები, ინიციატორებს განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ, 
თუმცა, 
  • საპარლამენტო უმრავლესობამ ეს არ გაითვალისწინა და ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით, რიგგარეშე სესიის ფარგლებში დაამტკიცა.

დეტალები: რატომ არის საკანონმდებლო ცვლილებები პრობლემა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის
კატეგორია - საქართველო
  • დღეს, 30 ივნისს, 14:00 საათზე, ფორმულას ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მიშა მშვილდაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ადვოკატთან ერთად აგროვებს მტკიცებულებებს მასზე თავდასხმის საქმისთვის.
  • შეგროვებულ მასალებს გამოძიებას გადასცემენ და შსს-ს მათი ვერსიის შესწავლასა და მათზე რეაგირებას სთხოვს.
მშვილდაძემ მოუწოდა თავდასხმის ადგილას მდებარე ობიექტებს, რომ კამერების ჩანაწერები მიაწოდონ გამოძიებას და ითანამშრომლონ მედიასთანაც:
  • "ნებისმიერი მცდელობა, დაიმალოს რომელიმე კამერის ჩანაწერი არგუმეტებით: კამერის ჩანაწერი გაქრა, სხვაგან იყურებოდა, ან სერვერი ინახავს ერთი დღით, ნებისმიერი გონიერი ადამიანის მხრიდან აღქმული იქნება, როგორც საქმის მიჩუმათებაში ხელშეწყობა" - განაცხადა მშვილდაძემ.
რა ვიცით?
  • 28 ივნისს, შსს-მ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
  • "მედიაჩეკერის" ინფორმაციით, ეს ის პირია, რომელმაც დაკავებამდე ფეისბუქზე თავადვე გამოაქვეყნა სტატუსი და დაწერა, რომ თავს დაესხა "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს.
  • 29 ივნისს, გამოძიებამ მშვილდაძეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა.

"მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ" - წაიკითხეთ ვრცლად.

პრობლემაა, რომ:
  • გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს, და მშვილდაძე დაზარალებულადაც ამ მუხლით ჩადენილი დანაშაულისთვის ცნეს,
თუმცა,
  • მედიამენეჯერის დაცვის მხარე მოითხოვს, გამოძიება ორგანიზებული დანაშაულისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელყოფის მუხლითაც წარიმართოს.

მიშა მშვილდაძის უფლებებს ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) იცავს.
  • "ჩვენ ვითხოვთ, გამოძიებამ ყურადღება გაამახვილოს ორგანიზებულ დანაშაულზეც, რადგან შესაძლოა, ორგანიზებაში ძალოვანი სტრუქტურები იყვნენ ჩართული, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახური", — თქვა მშვილდაძის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.
კატეგორია - საქართველო
რა ხდება?
  • "ტვ პირველის" ჟურნალისტი, ნანუკა ქაჯაიას კითხვის დასმის შემდეგ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა შეიგინა.
  • ტელევიზიის მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, დეპუტატი ჟურნალისტის კითხვებს არ პასუხობს, ჟურნალისტის კითხვის შემდეგ: "რატომ გარბიხართ", ვიდეოში ისმის, რომ დეპუტატი იგინება.
დეტალები:
  • შემთხვევა დღეს, 30 მაისს მოხდა, როდესაც პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის პარალელურად, აქტივისტები აქციას მართავდნენ.
ლევან მგალობლიშვილმა, მოგვიანებით, ამავე ტელევიზიასთან ეს ფაქტი უარყო: "ვინ არის ნანუკა ქაჯაია, მე ვისაც შევაგინე იმან გაიგო. კაცი დგას, [უწმაწური] წარწერით … ეს ჩემი საქმეა როგორ ვუპასუხე, ჩემს საქციელზე მე ვაგებ პასუხს" - მგალობლიშვილის თქმით, მან აქციის მონაწილეს შეაგინა და არა — ჟურნალისტს.
  • დეპუტატმა არ უპასუხა "მედიაჩეკერის" შეტყობინებას, ამ ინციდენტთან დაკავშირებით, მისგან პასუხი არ მიგვიღია.
ორგანიზაცია "მედიაომბუდსმენი" აპირებს, ჟურნალისტის უფლებების დასაცავად საჩივარი პარლამენტის ეთიკის საბჭოში წარადგინოს.
  • ორგანიზაცია მათგან ინციდენტის შესწავლასა და სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.
კატეგორია - საქართველო
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მსოფლიოს მასშტაბით ოთხ ჟურნალისტს მიანიჭა. მათ შორისაა, ტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია.

პრესის თავისუფლების ყოველწლიური საერთაშორისო დაჯილდოება 2023 წლის 16 ნოემბერს ნიუ-იორკში გაიმართება.

რას წერს CPJ გვარამიაზე:


  • “როგორც ტელეწამყვანი, გვარამია მმართველი პარტიის მიმართ მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა. ის გადაცემაში ხშირად ამხელდა ხელისუფლების სავარაუდო კორუფციას და ძალადობას. აშუქებდა საქართველოს ხელისუფლების რუსეთის მიმართ მიკერძოებას”;
  • “2023 წლის ივნისში, პრეზიდენტის შეწყალებამდე, მან ერთ წელზე მეტი გაატარა ციხეში. მას 3,5 წელზე მეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის მიუსაჯეს. გვარამია ბრალს არ აღიარებდა”;
  • “მისი საქმე ფართოდ გააკრიტიკეს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. გვარამია ერთადერთი ჟურნალისტია საქართველოში, რომელსაც პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც CPJ-მ 1992 წელს დაიწყო დაპატიმრებული ჟურნალისტების აღრიცხვა".

კიდევ ვის გადაეცა ჯილდო

  • ინდოელ ჟურნალისტს შაჰინა კ.კ.-ს, რომელიც ჟურნალ Outlook-ის უფროსი რედაქტორია;
  • მარია ტერეზა მონტანოს მექსიკიდან, რომელიც გამომძიებელი რეპორტიორი, The Observer-ის დამფუძნებელი და რედაქტორია;
  • ფერდინანტ აიიტეს, რომელიც ხელმძღვანელობს ტოგოს ერთ-ერთ მთავარ საგამოძიებო მედიასაშუალებას, L'Alternative-ს.

“პრესიაზე თავდასხმები იზრდება, თუმცა ჟურნალისტები აგრძელებენ აქტიურობას და აშუქებენ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებს, რომლებიც ყველას გვაძლიერებს“, – თქვა CPJ-ის პრეზიდენტმა ჯოდი გინსბერგმა.

ნიკა გვარამია პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა - "გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი".

  • საპატიმროს დატოვების შემდეგ მან თქვა, რომ მთავარ არხს აღარ უხელმძღვანელებს და დირექტორის პოზიციაზე კვლავ გიორგი გაბუნია დარჩება.
კატეგორია - საქართველო
მოკლედ: დღეს, 29 ივნისს, საპარლამენტო უმრავლესობამ მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს, რაც, კანონად ფორმირების შემთხვევაში:
  • აუქმებს აჭარის საზმაუს მრჩეველთა საბჭოს იმ 5-წევრიან შემადგენლობას, რომლებიც, კანონის არსებული რედაქციით, სხვა ფუნქციებთან ერთად, აჭარის მაუწყებლისთვის ბიუჯეტსა და პროგრამულ პრიორიტეტებს განსაზღვრავენ;
  • აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტს უქვემდებარებს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს (*ბორდს), რომელსაც ხელმძღვანელობს ვასილ მაღლაფერიძე — პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე და პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი.
მედიის საკითხებზე მომუშავე 16 ორგანიზაციის პოზიციით, ამით, "ხელისუფლება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას”, რადგან:
  • აფართოვებს გავლენას აჭარის ტელევიზიაზე და ასუსტებს მისი დამოუკიდებლობის ხარისხს;
  • ცვლის და აზიანებს მაუწყებლის არსებულ მოდელსა და ინსტიტუციურ როლს;
  • განამტკიცებს საზმაუს ბორდის თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის ძალაუფლებას ერთდროულად ორივე საზოგადოებრივ მაუწყებელში.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე, საპარლამენტო უმრავლესობას პროექტის განხილვის რეჟიმში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა, რადგან:
  • "ხდება ორი საზოგადოებრივი მაუწყებლის შეერთება, რაც დიდი ცვლილებაა და საჭიროა, კარგად ავუხსნათ საზოგადოებას ამის შესახებ."

დეტალები:
"ქართული ოცნებიდან", დეპუტატ რატი იონათამიშვილის ინიცირებით წარდგენილი ცვლილებების პროექტით,
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ბორდს შეეძლება, აირჩიოს ან გაათავისუფლოს აჭარის ტელევიზიის გენერალური დირექტორი;
  • განსაზღვროს როგორც პირველი არხის, ასევე, აჭარის მაუწყებლის ბიუჯეტი, პროგრამული და საინფორმაციო პრიორიტეტები;
  • აუქმებს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს და, სანაცვლოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით ზრდის პირველი არხის ბორდის შემადგენლობას 9-დან 11 წევრამდე.

რა არის საფრთხე?
  • ამით ჩნდება რისკი, მმართველი პარტიის სასარგებლოდ დაიღვეს წარმომადგენლობითი ბალანსი საზმაუს სამეურვეო საბჭოში, რომელთანაც ანგარიშვალდებულება ერთდროულად უკვე ორი საზოგაოდებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს ექნება;
  • ეს, შესაძლოა, ხელისუფლებისთვის აღმოჩნდეს ბერკეტი, მოიპოვოს გავლენა სამეურვეო საბჭოს უმრავლესობაზე, რადგან, მეურვეთა არჩევის წესის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია, წარადგინოს მეურვეთა 3 კანდიდატი და ასევე, სამი კანდიდატი — აჭარის უმაღლესმა საბჭომ.
იმ დაშვებით, თუ აჭარის უმაღლესი საბჭო ხელისუფლებისთვის სასურველ სამ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ეს "ოცნების" მიმართ კეთილგანწყობილი ექვსი მეურვის არჩევას ნიშნავს, რაც საკმარისი რაოდენობაა ორივე მაუწყებლის პრიორიტეტების განსასაზღვრად მისაღები გადაწყვეტილებებისთვის.
  • მეურვეთა დანარჩენი ხუთი კანდიდატიდან სამს საპარლამენტო უმცირესობა, ორს — სახალხო დამცველი წარადგენს, თუმცა, საბჭოს გადაწყვეტილებებზე ხუთი — ექვსის წინააღმდეგ, ვერ მოახდენს გადამწყვეტ გავლენას.
გია ქარცივაძე ერთ-ერთია აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მოქმედი წევრებიდან, რომელმაც გვითხრა, რომ:
  • საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები არ იცნობენ აჭარის მაუწყებლის საჭიროებებს;
  • ინიციატორებს არ გაუვლიათ კონსულტაცია საბჭოს არსებულ შემადგენლობასთან;
  • "აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკა არც ახლაა ნორმასთან ახლოს და, ამ ცვლილებებით, ძალაუფლების მქონე პირები სრულად დაიქვემდებარებენ მას."

აჭარის მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, ვლადიმერ ტატიშვილს ვკითხეთ, ხედავს თუ არა საკანონმდებლო ცვლილებაში აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკაზე გავლენის რისკებს.
  • "თავს შევიკავებ ასეთი შეფასებისგან, — გვითხრა მან, — რადგან ეს ფუნდამენტური ცვლილებაა და დრო გვიჩვენებს. წინასწარ ვერ ვიტყვი, ეს კარგია თუ ცუდი. ინიციატორებს არც ჩემთან გაუმართავთ კონსულტაცია."



რას ამბობს კანონპროექტის ავტორი?
  • რატი იონათამიშვილს, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების წარმდგენს, სადავო ინიციატივასთან დაკავშირებული კითხვებით მივმართეთ.

მედიაჩეკერი: თქვენი ინიციატივა მეურვეთა ერთ შემადგენლობას ანიჭებს ბერკეტს, ორი სხვადასხვა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაწყვიტოს ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა: გენერალური დირექტორის არჩევა/გათავისუფლება, ბიუჯეტის დამტკიცება და განკარგვა, შინაარსობრივი და საინფორმაციო პრიორიტეტების დადგენა… როგორ აისახება ეს ორი სხვადასხვა მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე?

რატი იონათამიშვილი: პირიქით, ეს ინიციატივა აჭარის მაუწყებლის დამოუკიდებლობისა და ფინანსური გაძლიერების საკანონმდებლო გარანტიებს ქმნის. ცენტრალური საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში გაიზრდება აჭარის უმაღლეს საბჭოს წარმომადგენლობა ერთიდან სამ კვოტამდე, და ვფიქრობ, ეს კონფიგურაცია გააძლიერებს აჭარის ხმას როგორც ბიუჯეტის განსაზღვრისას, ასევე, სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებისას, რაც, ცალსახად პოზიტიური და მნიშვნელოვანია.

ცვლილებები არ შეხებია მეურვეთა არჩევის წესს და ისევ მრავალდონიანი და მრავალ ეტაპიანი კონკურსი იქნება.

რაც შეეხება მოსაზრებას, დამოუკიდებელი ვერ იქნება სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული გენერალური დირექტორიო, თუ არჩეული პირი ვერ იქნება დამოუკიდებელი, ეს, თავდაყირა აყენებს დემოკრატიის პრინციპს. მაშინ, ამ ლოგიკით გამოდის, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირი, რომელიც პარლამენტმა აირჩია, იმთავითვე ვერ იქნება დამოკიდებული.

მედიაჩეკერი: კანონში წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს სარედაქციო დამოუკიდებლობა სახელისუფლებო გავლენებისგან, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, საზმაუს ბორდს ხელმძღვანელობს ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც იყო გავლენიანი პირი მმართველ პარტიაში.

რატი იონათამიშვილი: ეს შეფასებები თქვენთვისაც ცნობილია და ჩემთვისაც, მაგრამ მე არ ვიზიარებ მათ. ჩემთვის მხოლოდ ფაქტებია სანდო არგუმენტი, თუმცა, არ არსებობს ფაქტები, რომ ვისზეც თქვენ საუბრობთ, პოლიტიკური განზრახვით ერეოდეს სარედაქციო პოლიტიკაში.
მედიაჩეკერი: ცვლილებები ასევე გულისხმობს, ერთი და იმავე პირმა შეასრულოს ანაზღაურებადი საქმიანობა ორივე საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. ამ დაშვებით, შესაძლოა, მაგალითად, პირველი არხის ახალი ამბების ხელმძღვანელი პარალელურად მართავდეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ ამბებს?

რატი იონათამიშვილი: ამგვარი დაშვება მხოლოდ ტექნიკური პერსონალისთვისაა. ამ ჩანაწერის მიღებისას, მთავარი მოტივაცია სწორედ ტექნიკური პერსონალის მხარდაჭერა იყო. ცვლილებების პროექტის თავდაპირველი ვერსია თანამდებობის პირისთვისაც ახდენდა ამგვარ დაშვებას, რამაც კითხები გააჩინა. ჩვენ ეს გავითვალისწინეთ და თანამდებობის პირზე მინიშნება ამოვიღეთ მეორე მოსმენის ფარგლებში.

მედიაჩეკერი: ეს ანეიტრალებს ზემოთ აღნიშნულ რისკს? არსებული ჩანაწერი მტკიცედ აზუსტებს, რომ უფლება — მუშაობდეს ერთი და იგივე პირი ორივე მაუწყებლისთვის, მიენიჭება მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ თანამშრომლებს?

რატი იონათამიშვილი: ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მიზანი ეს იყო, რომ ეს დაშვება მხოლოდ ტექნიკურ პერსონალზე ვრცელდებოდეს.

მედიაჩეკერი: თუმცა, თუ ეს არ კონკრეტდება კანონში, ნიშნავს, რომ არც გამორიცხავს დაშვებას, ერთი პირი ხელმძღვანელობდეს ორი მაუწყებლის ახალ ამბებს?

რატი იონათამიშვილი: მე ამას თეორიულადაც გამოვრიცხავ. აქ, თავიდანვე არ ყოფილა ჩვენი მიზანი თანამდებობის პირების წახალისება, მხოლოდ ტექნიკური პერსონალის წახალისება იყო და ამას ვაცხადებ ღიად და საჯაროდ.

მედიაჩეკერი: ცვლილებების პროექტის თავდაპირველი ვერსია გულისხმობდა, მარეგულირებელი კომისიის კვოტით გაზრდილიყო საზმაუს ბორდის შემადგენლობა, თუმცა, ამას პროტესტი მოჰყვა და ახალ ვერსიაში ამოღებულია ეს კომპონენტი. თუ ასეთივე წინააღმდეგობა ექნება თქვენს ახალ ინიციატივას, შესაძლოა, კვლავ გაითვალისწინოთ პოზიციები?

რატი იონათამიშვილი: თუ მხარეები მესამე მოსმენამდე გამოთქვამენ გარკვეულ პოზიციებს, გვაქვს ვალდებულება, მოვუსმენოთ განსხვავებულ აზრს. და თუ არ გავიზიარებთ მათ მოსაზრებებს, არგუმენტირებულად ვთქვათ, რატომ არ ვიზიარებთ.



პროცედურულად:
  • კანონში "მაუწყებლობის შესახებ" შესატან ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ორი მოსმენით აქვს.
  • მესამე მოსმენის თარიღი უცნობია, რადგან პარლამენტმა საგაზაფხულო სესიები დაასრულა. არსებობს დაშვებამ, საკითხი რიგგარეშე სესიის ფარგლებში განიხილოს, სხვა შემთხვევაში — საშემოდგომო სესიებისას.
კატეგორია - საქართველო
ონლაინგამოცმა “პუბლიკას” ჟურნალისტის თქმით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე შესვლის საშუალება არ მისცეს, რის გამოც კინემატოგრაფების პროტესტი ვერ გადაიღო. პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტში კი “მედიაჩეკერს” უთხრეს, რომ სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ინფორმაცია გავრცელება შეზღუდული არ ყოფილა.

“პუბლიკას” ჟურნალისტმა, ალექსანდრე ქეშელაშვილმა გვითხრა, რომ გაერთიანებული კომიტეტების სხდომისას ფოტოგადაღება სურდა, თუმცა, მანდატურმა შესასვლელშივე უთხრა, რომ გადაღება არ შეიძლებოდოდა.

  • ქეშელაშვილი აკრედიტებული ჟურნალისტია და განმარტავს, რომ აქამდე კომიტეტის სხდომაზე შესვლის და გადაღების პრობლემა არ შექმნია.
  • მის მსგავსად, გადასაღებად საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორიც აპირებდა შესვლას, თუმცა, შეაყოვნეს.

პროცედურული დეტალები:

  • ჟურნალისტებს კომიტეტზე არ უშვებენ, როცა სხდომა დახურულია, თუმცა ამ შემთხვევაში ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა შესაბამისად კონფიდენციალური არ ყოფილა.
  • არსებული პრაქტიკით, ჟურნალისტს კომიტეტის სხდომათა დარბაზში შესვლისა და გადაღებისთვის დამატებითი პროცედურის გავლა არ სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტი სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცემა, როგორც წესი, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს დარბაზში უშვებენ.
  • საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განგვიმარტეს, რომ გაფართოებული საკომიტეტო სხდომებისას, "ხანდახან რთულდება მედიის გადაადგილება გადაღების მიზნებისთვის".
რა ხდებოდა კომიტეტზე

ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომის დაწყებიდან მალევე ფეხზე წამოდგნენ, თან ჰქონდათ საპროტესტო წარწერები: "არა ცენზურას", “გადავარჩინოთ კულტურა". რეჟისორ გიორგი თავართქილაძის თქმით, კულტურის მინისტრმა საკომუნიკაციოდ ყველა კარი დაახშო, ამიტომ, იძულებულები არიან, სათქმელი ასე გამოხატონ.
  • მიუხედავად იმისა, რომ სხდომა ლაივში გადაიცემოდა, მაშინ, როცა კინემატოგრაფები ფეხზე წამოდგნენ, სხდომის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ შესვენება გამოაცხადა.
  • ტექნიკური შესვენების დროს ლაივსტრიმი ითიშება. რადგან მედია დარბაზში არ იმყოფებოდა, ფოტოები პროტესტის მონაწილეებმა გაავრცელეს.
კატეგორია - საქართველო
Facebook-ზე ტელეკომპანია იმედის გვერდი აღარ იძებნება და სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის წვდომა შეზღუდულია.

რას ამბობს იმედი

  • კომპანიის განცხადებით, გვერდი ხელმისაწვდომია მხოლოდ მისი ადმინებისათვის.
  • მათივე თქმით, რაიმე სახის გაფრთხილება გვერდს არ მიუღია და უკვე მიმართეს ოფიციალური წერილით მეტას - “თუმცა, კომპანიის ადმინისტრაციაში ამ დრომდე ვერ გვპასუხობენ კითხვაზე, რატომ აღარ არის ხელმისაწვდომი იმედის ოფიციალური გვერდი”.
  • “ჩვენ განგვიმარტეს, რომ ტელეიმედის მოთხოვნა გადაცემულია სპეციალური ჯგუფისთვის, რომელიც კომპანიაში მსგავს საკითხებს სწავლობს და ვარაუდობენ, რომ პრობლემის აღმოფხვრა უახლოეს პერიოდში მოხერხდება”,

ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა არაერთი გვერდი, რომელიც ფეისბუკზე ბოლო საათების განმავლობაში ინფორმაციას იმედის სახელით ავრცელებს.

  • “არც ერთ მათგანს არანაირი შეხება იმედთან არ აქვს და ყველა მათგანი არის ყალბი, ე. წ. ფეიკგვერდი”.