საქართველო
კატეგორია - საქართველო
რა ხდება?

27 ივნისს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე, თავს დაესხნენ ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელს,მიშა მშვილდაძეს.

როგორც ის ამბობს, შეამჩნია ორი პირი, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია, ისინი მარკეტში შესვლისას მშვილდაძეს უკნიდან დაესხნენ თავს და დაზიანებები მიაყენეს სახის არეში:

"ყურსასმენები მეკეთა, მუსიკას ვუსმენდი არც გამიგია თუ მანამდე რამე დამიძახა, გვერდით ჩავუარე უბრალოდ, ვეჭვობ, რომ ერთერთი მათგანი იყო, რომელიც გამომეკიდა და შესასვლელში სახეში მუშტი დამარტყა … როცა ყურსასმენი მომძვრა გავიგე, "შენ პატრიარქს როგორ აგინებ" თუ რაღაც მსგავსი.." - განაცხადა თავდასხმიდან რამდენიმე წუთში "ფორმულას" ეთერში.

მიშა მშვილდაძემ გვითხრა, რომ:
  • თავდამსხმელების მიზანი იყო, "დაერტყათ მხოლოდ სახის არეში და მეტი არსად";
  • ხელისუფლება ცდილობს, შექმას წარმოდგენა, თითქოს, საზოგადოებაში ბუნებრივად არის შექმნილი ასეთი ისტერიული და აგრესიული ფონი, — "რაც რეალობასთან ახლოს არ არის".
  • თავდამსხმელებიც და ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც ერთი და იმავე დავალების შემსრულებლები არიან: მაღალჩინოსნებს ეუბნებიან, რა პროპაგანდისტული გზავნილებით წაახალისონ ძალადობა, თავდამხმელებს კი იმას, თუ ვის დაარტყან.
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტი, "ქარტია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები ხელისუფლების მხრიდან მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიული რიტორიკა და დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია.

ქარტია მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა" - ვკითხულობთ მათ განცხადებაში.

შემთხვევას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი,ლევან იოსელიანი. ის მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, "რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო".

როგორც მშვილდაძემ გვითხრა მას ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და გამოკითხა საგამოძიებო უწყებამ, საქმის მასალაშია ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

თავდამსხმელი საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ დაუკავებია.
კატეგორია - საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), USAID მედია პროგრამის მხარდაჭერით მედიის სამართლებრივი დახმარების პროექტი დაიწყო.

პროექტის პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 26 ივნისს გაიმართა.

ორგანიზაცია უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს მედია გამოცემებსა და ჟურნალისტებს სამართლებრივი დოკუმენტების დამუშავებაში, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა-მიღების პროცესსა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშემშლელი ფაქტების გასაჩივრებაში.

დამატებით, საიას იურისტები სხვადასხვა ტერმინებისა თუ ფაქტების სამართლებრივ ჭრილში გაანალიზებაში დაეხმარებიან ჟურნალისტებს.

როგორც გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” რედაქტორი მანანა ღოღობერიძე გვეუბნება, მათ ორგანიზაციაში არ ჰყავთ იურისტი, ამიტომ ხშირად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვისას უწევთ, რომ მათ მეგობრებს, ახლობელ იურისტებს დაეკითხონ ამის შესახებ - “ბუნებრივია, რომ მათ ყოველთვის არ აქვთ ამის დრო, შესაბამისად ეს პროცესი იწელება და მედიას კი ოპერატიულობა სჭირდება“.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

  • დღეს, საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა არაერთ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. ჟურნალისტთა ფიზიკური უსაფრთხოებით დაწყებული, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გართულებებითა და ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტების მუდმივი დისკრედიტაციით დასრულებული.
  • ამ პირობებში კი მედია ორგანიზაციებს მუდმივად სჭირდებათ სამართლებრივი დახმარება.

“საიას იურისტების დახმარებით, გვინდა შევძლოთ მედიის წარმომადგენლების დახმარება ველზე, ინფორმაციის მოპოვება-დამუშვების პროცესში, ეს განსაკუთრებით გამომძიებელ ჟურნალისტებს სჭირდებათ, მათ ვისაც უწევთ სამართლებრივი კუთხით დოკუმენტებთან შეხება, ისინი ფაქტობრივად მიიღებენ ექსპერტულ დასკვნას იურისტებისგან, რაც მათ მიერ მომზადებულ მასალას კიდევ უფრო წონიანს გახდის” - ამბობს USAID მედია პროგრამის მრჩეველი მედიის საკითხებში, რუსუდან ცხომელიძე.

რას გულისხმობს სამართლებრივი ექსპერტიზა?

პროექტის ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სამართლებრივი ექსპერტიზაა, რაც იურისტების მხრიდან ჟურნალისტური მასალის გამოქვეყნებამდე, მუშაობის პროცესში ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს საიას იურისტებთან გადაამოწმონ სამართლებრივად რამდენად სწორი და თანმიმდევრულია მათი მასალა ან რომელ კონტექსტში რა ფრაზა სჯობს რომ გამოიყენონ.

როგორც, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი, შორენა ლოლაძე ამბობს:

“შეიძლება ჟურნალისტის გადმოსახედიდან რაღაც პრობლემა ან არ ჩანდეს ან პირიქით ჩანდეს, მაგრამ სამართლებრივად სულ სხვაგვარი იყოს მისი ინტერპრეტაცია, ამიტომ პროექტის მეშვეობით, ამ ნაწილშიც შევძლებთ ჟურნალისტების დახმარებას“.

  • პროექტი ითვალისწინებს გარკვეული სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავებას, რომელიც მისი დასრულების შემდეგაც მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო იქნება ჟურნალისტებსთვის.
  • ისინი შეძლებენ გამოიყენონ დოკუმენტი, როგორც გზამკვლევი, მათ შორის სარჩელისა თუ განცხადებების ნიმუშები, ეს კი პროექტის გრძელვადიანი შედეგი იქნება.
კატეგორია - საქართველო
მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ის ტელეკომპანიას აღარ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საპატიმროს დატოვების შემდეგ ისაუბრა.

ნიკა გვარამია პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 22 ივნისს შეიწყალა - "გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი".

დეტალები

გვარამიას თქმით, მთავარი არხის დირექტორის პოსტზე დარჩება ამჟამინდელი ხელმძღვანელი, გიორგი გაბუნია.

  • ამ გადაწყვეტილებით ის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს მიმართავს.
  • “მთავარი, რასაც გავაკეთებ, იქნება მთავარი არხის იმ სირთულეებიდან გამოყვანა, რომელშიცაა. თუმცა არ ვაპირებ, არხს ვუხელმძღვანელო, მე ვიქნები დამფუძნებელი, როგორც ახლა. მთავარმა არხმა აჩვენა. რომ ის თავისუფალ ცურვაში მშვენივრად გრძნობს თავს, მე ვიტყოდი უკეთესად, ვიდრე ჩემს პერიოდში”.
  • აღნიშნა, რომ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, ექნება თუ არა გადაცემა და გააგრძელებს თუ არა ჟურნალისტურ საქმიანობას.

კონტექსტი

ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა.

თავისუფალ მედიაგარემოს, როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის ერთ-ერთ მთავარ პირობას, საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად შეახსენებენ საერთაშორისო პარტნიორები განცხადებებსა და რეზოლუციებში.

ნიკა გვარამიას შეწყალების მოწოდებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის არაერთხელ მიმართეს, რასაც ის მისთვის კანონით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებაზე "გაუთავებელ ზეწოლად" აფასებდა.

ასევე წაიკითხეთ: გვარამიას საქმე: პოლიტიკური მოტივის უპირატესობა და სასჯელი
კატეგორია - საქართველო
სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.

პრეზიდენტის განცხადებით, გვარამიას შეწყალების აქტს ხელი დღეს, 22 ივნისს მოაწერა, "გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი".

კონტექსტი

2022 წლის მაისში სასამართლომ “მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას, სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა ‘რუსთავი-2-ის დირექტორობისას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.”

  • ნიკა გვარამია, 2022 წლის მაისში, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გაფლანგვის ბრალდებით დააპატიმრეს
  • თუმცა, გავლენიანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუციები, მის პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
  • მედიის უფლებების დამცველი სხვადასხვა ორგანიზაციის შეფასებით, ჟურნალისტების მიმართ ბოლო წლებში გახშირებულ თავდასხმებთან, მედიაგარემოს დაზიანებისკენ მიმართულ საკანონმდებლო ინიციატივებთან თუ ჟურნალისტებზე უკანონო თვალთვალთან ერთად, გვარამიას, როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების დამფუძნებლისა და დირექტორის პატიმრობა "ნათლად ასახავს "ქართული ოცნების" ხელისუფლების განწყობას მათგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ."
  • ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია “Human Rights Watch”-მა საქართველოში 2022 წლის მოვლენები ყოველწლიური ანგარიშით შეაჯამადასაწყისშივეა აღნიშნული, რომ “გაუარესდა მდგომარეობა მედიის თავისუფლების მხრივ, რაც მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმებით და კრიტიკული ტელეარხის დირექტორის დაპატიმრებით გამოიხატა


ასევე, წაიკითხეთ:


თავისუფალ მედიაგარემოს, როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის ერთ-ერთ მთავარ პირობას, საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად შეახსენებენ საერთაშორისო პარტნიორები განცადებებსა და რეზოლუციებში.

ნიკა გვარამიას შეწყალების მოწოდებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის აქამდეც არაერთხელ მიუმართავთ, რასაც ის მისთვის კანონით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებაზე "გაუთავებელ ზეწოლად" აფასებს.
კატეგორია - საქართველო
დეზინფორმაციის მიზანია, საზოგადოებას დააჯეროს სიცრუე, რათა დამალოს სიმართლე. ამ ნიშნით, ბევრმა ქვეყანამ აღიარა ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევად და მასთან ეფექტური ბრძოლის გზებს ეძებს.

  • გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, გერმანიამ, ისევე, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრმა სხვა სახელმწიფოებმა, ეროვნულ უსაფრთხოებაზე დეზინფორმაციის გავლენის ზიანის შესამცირებლად სპეციალური დანაყოფები შექმნეს.
  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააარსა გლობალური ჩართულობის ცენტრი, რომელიც მოკავშირეებთან ერთად უპირისპირდება ისეთ დეზინფორმაციულ კამპანიებს, რომელსაც გავლენა აქვს პოლიტიკაზე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.

საქართველო, რუსეთის პროპაგანდისტულ ეკოსისტემაში

  • სწორედ გლობალური ჩართულობის ცენტრის 2020 წლის ანგარიშშია მოხსენიებული საქართველო, როგორც "რუსეთის დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ეკოსისტემის საყრდენი".
პრობლემაა, რომ:
  • ანგარიშში დასახელებული რუსული პროპაგანდისტული "News Front"-ი, დღემდე ავრცელებს ქართულ ენაზე მასალებს ანტიდასავლური და პრორუსული გზავნილების გასავრცელებლად.
  • საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და მათთან დაკავშირებული პროპაგანდისტების ანტიდასავლური განცხადებები კი, მათი შინაარსის ერთ-ერთ ძირითად ნაწილად იქცა.
რა არის მიზანი?
  • "დაპირისპირებისა და აგრესიის გაღვივება" და "პოლიტიკური პოლარიზაცია" — ვკითხულობთ “გლობალური ჩართულობის ცენტრის” დოკუმენტში ამ პროპაგანდისტული ვებგვერდის შესახებ.

საქართველო: ვაღიარებთ, მაგრამ არ ვებრძვით?

ის, რომ რუსული დეზინფორმაცია ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს, ხელისუფლებაში მყოფმა "ოცნების" გუნდმა არაერთხელ აღიარა კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ მოპოვებულ დადასტურებულ ფაქტებზე დაყრდნობით.

ეს კი ის დოკუმენტია, რომელიც მოიცავს საქართველოს თავდაცვის სტრატეგიას 2021-2025 წლებისთვის. სამინისტრომ, 2021 წელს დაწერა, რომ:
  • "რუსეთი გააგრძელებს პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოში ეროვნული თანხმობის შერყევისა და საზოგადოებაში არსებული პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის დისკრედიტაციის მიზნით".
პროგნოზი ახდა:
  • 2022 წლიდან, უკრაინაში რუსეთის აგრესიული შეჭრის შემდეგ, საქართველოში რუსულმა დეზინფორმაციამ ახალი მასშტაბი მიიღო.
და თუ მანამდე "ოცნების" ხელისუფლება ოფიციალურ დოკუმენტებში ანტიდასავლური განწყობების დანერგვას საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთის მიზნად ასახელებდა, ახლა, იმავე ხელისუფლების გავლენიანი მაღალჩინოსნები იქცნენ ამ მიზნის რეალიზების ნაწილად, საჯარო განცხადებებითა და კონსტიტუციურ პრიორიტეტებს აცდენილი საგარეო კურსით, რამაც გააჩინა მნიშვნელოვანი დაბრკოლება სტრატეგიულ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობასა და ევროინტეგრაციის პროცესში.
  • "დღეს, დეზინფორმაციული ოპერაციები ხორციელდება არა "გრუს" ან "ეფესბეს", არამედ "ოცნების" მეშვეობით, — გვითხრა თეონა აქუბარდიამ, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, — "რუსულ დეზინფორმაციას ეროვნულ დონეზე უნდა ებრძოდეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც გვაქვს, მაგრამ არ მუშაობს."
  • აქუბარდია პოლიტიკური ნების არქონას უკავშირებს სახელმწიფოს უმოქმედობას რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ.

ის იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე 2014-2018 წლებში და უშუალოდ იყო ჩართული პროცესში, როდესაც 2016 წლიდან, საქართველომ დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების შექმნა დაიწყო.
  • ამის მიზანი რუსულ დეზინფორმაციასთან ეფექტური ბრძოლა იყო, მაგრამ თეონა აქუბარდიას შეფასებით, ახლა ეს სტრუქტურები ემსახურებიან მმართველი პარტიის და არა — ქვეყნის ეროვნულ ინტერესს.

რუსულ დეზინფორმაციასთან ეფექტური ბრძოლისკენ, რეკომენდაციებით მიმართა ორგანიზაცია "მედიაომბუდსმენმა" საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, პარლამენტსა და კომუნიკაციების კომისიას გასული წლის აგვისტოში, თუმცა, ამას უწყებებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არ მოჰყოლია.

რეკომენდაციები კომპლექსურია და მათ შორისაა,
  • განახლდეს ჰიბრიდული საფრთხეების მარეგულირებელი პოლიტიკა სახელმწიფო უშიშროების და უსაფრთხოების მისაღწევად.
  • პარლამენტმა რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის შესახებ ჩაატაროს თემატური გამოძიება, შედეგები კი, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

რა შეიძლება იყოს უმოქმედობის შედეგი?

დეზინფორმაციას შეუძლია:
  • საზოგადოებაში განხეთქილების კერების შექმნა გახლეჩის, პოლარიზების მიზნით.
  • ამით საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

დეზინფორმაციასთან წინააღმდეგობის გაწევა გადამწყვეტია ეროვნული უსაფრთხოების, დემოკრატიული პროცესების, სოციალური ერთობის დასაცავად.
  • მასთან ბრძოლა უწყვეტი პროცესია.
  • ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც დეზინფორმაციას ეროვნულ საფრთხედ აღიარებენ, ამ გამოწვევის ეფექტურად დასაძლევად სტრატეგიების დახვეწას განაგრძობენ.
კატეგორია - საქართველო
ე.წ. Რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების პარალელურად, 2023 წლის 02 მარტს საქართველოს პარლამენტიდან ჟურნალისტების გამოძევების საქმეზე მედიაომბუდსმენი სასამართლოს მიმართავს.

რა მოხდა

2023 წლის 02 მარტს “რუსული კანონის” განხილვის პროცესში პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან, ძალის გამოყენებით გააძევეს NEWS.On.ge-ს რედაქტორი, ტელეკომპანია ფორმულას ფოტორეპორტიორი და ონლაინმედია ნეტგაზეთის ჟურნალისტი.

სამივე მათგანი პარლამენტის შენობიდან, დღის განმავლობაში აშუქებდა საპროტესტო აქციებსა და პროცესებს, რომელიც საგარეო და თავდაცვის კომიტეტებში, რუსული კანონის მოსმენის პარალელურად მიმდინარეობდა.

რას ითხოვს მედიაომბუდსმენი

  • მედიაომბუდსმენის განცხადებით, 2023 წლის 5 მარტიდან დღემდე ითხოვენ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის გამოვლენის შემდეგ გატარებული ზომების და რეაგირების შესახებ.
  • მათივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე არ განიხილა ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი.

ორგანიზაციას სურდა, ჟურნალისტების პარლამენტიდან გაძევების საქმეზე დაზუსტებულიყო კვალიფიკაცია, თუმცა ამ დრომდე ეს არ მომხდარა.

  • 16 მაისს მედიაომბუდსმენმა პროკურატურას განმეორებით გაუგზავნა მოთხოვნა საქმეზე სისხლის სამართლის 154-ე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ.
  • მედიაომბუდსმენი ამჯერად კიდევ ერთხელ მიმართავს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ.
  • წინა შემთხვევაში საქმის ზედამხევდელი პროკურორის 25 მაისის წერილით ორგანიზაციას ეცნობა, რომ "საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება".

მარტის აქციები

  • 2023 წლის 2-9 მარტის აქციებისას მედიის 21 წარმომადგენელი დაზარალდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი 8 მათგანს მიენიჭა.
  • მედიის წარმომადგენლებს, პროფესიული მოვალეობის შესრულებასა და კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის პროცესში, მიზანმიმართულად ეშლებოდათ ხელი.
კატეგორია - საქართველო
პარლამენტი "ოცნების" მიერ, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ინიციირებული ცვლილებების პროექტს განიხილავს. ინიციატივის მუხლებში "დამალული" საფრთხეები, რეალურად, ხილულია, მათი მიღების აუცილებლობა — დაუსაბუთებელი. ამის გამო, საპარლამენტო ოპოზიცია და მედიის საკითხებზე მომუშავე პროფესიული ჯგუფები განხილვის შეჩერებას ითხოვენ, მაგრამ ხელისუფლება უარზეა.

საფრთხეებია, რომ:
  • სახელმწიფო ორგანომ, კომუნიკაციების კომისიამ, გავლენა იქონიოს გადასახადების გადამხდელთა დაფინანსებული მაუწყებლის შიდა საქმეებზე.
  • ინიციატივა მათ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში დამატებით ორი წევრის წარგენის შესაძლებლობას აძლევს, რაც შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს საზმაუს ბორდში მთავრობის ერთგული უმრავლესობის ფორმირებისთვის.
  • ეს საფრთხეა პირველი არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპების დასაცავად და ზოგადად, საზოგადოებირივი მაუწყებლის იდეისთვის, რის საფასურსაც ყველა ჩვენგანი ვიხდით და წელს, 2023-ში, ეს თითქმის 86 მილიონია სახელმწიფო ხაზინიდან.
ამასთან,
  • რეალური ხდება საფრთხე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველი არხის სარედაქციო "ორბიტაზე" აღმოჩნდეს.
რა ფაქტები და ფაქტორები მიანიშნებს, რომ შესაძლოა, საკანონმდებლო ინიციატივას პოლიტიკური ინტერესი ჰქონდეს, ამაზე ქვემოთ.
მანამდე გავიხსენოთ:
  • რისთვის გვჭირდება საზოგადოებრივი მაუწყებელი, რა არის მისი ინსტიტუციური როლი, რათა უკეთ გავიაზროთ — რა არის დასაცავი, რას ექმნება საფრთხე.
სტრიქონებს შორის:
  • ქართული სატელევიზიო მედია, პოლიტიკის მსგავსად, პოლარიზებულია.
  • მოსახლეობას აქვს უნდობლობა ტელევიზიების მიმართ:
საზოგადოებრივი აზრის 2023 წლის კვლევებით, (დოკუმენტები: 1.2.) გამოკითხულთა დიდი ნაწილი არც ერთ ტელეარხს არ ენდობა. მათ შორის, არც საზმაუს.
  • NDI-ის შედეგით, ეს არის კვლევის მონაწილეთა 51%, IRI-ის მიხედვით — 23%.
რა არის პრობლემა?
  • ინფორმაციის უნდობლობა ზრდის არაინფორმირებულობის რისკებს, რაც ნეგატიურ გავლენას მოახდენს რიგითი ამომრჩევლის არჩევანზე არჩევნების დღეს.
  • ინფორმირებული მოქალაქის როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული, სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგან დემოკრატიის პრინციპი არჩევითობას ემყარება, არჩევანს კი, ინფორმირება განსაზღვრავს.

და რა კავშირშია ამ გამოწვევებთან საზოგადოებრივი მაუწყებელი?

საზმაუს ინსტიტუციური როლი, უპირველესად, სწორედ მიუკერძოებელი ინფორმირების უზრუნველყოფას ეყრდნობა.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია:
  • უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა,
  • სამართლიანობა და მიუკერძოებლობა;
  • სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება", — წერია საქართველოს კანონში "მაუწყებლობის შესახებ."

რა განასხვავებს მას კერძო მაუწყებლებისგან?
  • კერძო მაუწყებლებს ასეთი ვალდებულება არ აკისრიათ. მათ აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ სარედაქციო პოლიტიკური გემოვნება და ეს ასეა მთელ მსოფლიოში.
  • ამან შექმნა სანდო და მიუკერძოებელი მაუწყებლის არსებობის აუცილებლობა, რომელსაც არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი, არამედ მოსახლეობა, ხალხი დააფინანსებდა.

მსოფლიოს პირველ საზოგადოებრივ მაუწყებლად მიიჩნევა BBC (*ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია), რომელიც 1922 წელს, კერძო მაუწყებლების არაკომერციულ ალტერნატივად, ამ პირობებით დაარსდა:
  • უზრუნველყოს საზოგადოებისთვის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ახალი ამბები, განათლება და გართობა.
BBC-ის პრაქტიკამ საფუძველი ჩაუყარა საზოგადოებრივი მაუწყებლის სისტემების განვითარებას მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში.

2004 წელს, პირველი არხის სტატუსი შეიცვალა და სახელმწიფო ტელევიზიიდან - საზოგადოებრივ მაუწყებლად ფორმირება მოხდა.
  • თუმცა, მას შემდეგ, მუდმივად არსებობს მოსაზრებები, რომ არხის პოლიტიკას განკარგავს ის პოლიტიკური ძალა, ვინც მთავრობაშია. ასეთი მოცემულობა კი, აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია საზმაუს არსთან.

ეს რომ ასე არ ხდებოდეს, დაკანონდა მერვეთა საბჭოს მექანიზმი, რომლის ცხრა წევრიდან სამ-სამს საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა წარადგენს, ორს - სახალხო დამცველი და ერთს - აჭარის უმაღლესი საბჭო. 

რა გავლენა აქვთ მეურვეებს?
  • გადამწყვეტი.
ისინი განსაზღვრავენ "მაუწყებლობის პროგრამულ პრიორიტეტებს, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებების, მათ შორის, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე", — წერია კანონში.

არგუმენტები: რატომ უნდა გვაღელვებდეს მმართველი პარტიის ინიციატივა?

ახალი საკანომდებლო ინიციატივა აჩენს რისკს, ხელისუფლების სასარგებლოდ გაიზარდოს მეურვეთა რაოდენობა, რადგან, ინიციატორთა ჯგუფი, რომელთაც "ოცნებიდან" დეპუტატი რატი იონათამიშვილი წარმოადგენს, მიზნად ისახავს, კომუნიკაციების კომისიასაც შეეძლოს დამატებით ორი მეურვის კანდიდატის წარდგენა საზოგადოებრივ მაუწყებელში.
  • კომუნიკაციების კომისია არის სახელმწიფო ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს კახა ბექაური, ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის — "მეცხრე არხის" ყოფილი დირექტორი. მეტი
  • ასევე, ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში მუშაობდა ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც ახლა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა.
  • "მედიაომბუდსმენი", მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია, ბექაურისა და მაღლაფერიძის მეგობრულ კავშირზეც მიანიშნებს: "საკანონმდებლო ცვლილება საბოლოოდ ჩამოაყალიბებს კლანურ მმართველობას საზოგადოებრივ მაუწყებლებში", — წერია მათს განხცხადებაში.

მარიამ გოგოსაშვილი, ორგანიზაცია "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" დირექტორი, ერთ-ერთია მედიის საკითხებზე მომუშავე პროფესიული ჯგუფებიდან, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვებს ესწრებოდა, მაგრამ დეპუტატ რატი იონათამიშვილისგან ვერ მიიღო დასაბუთებული არგუმენტები, რა მიზანი აქვს მეურვეთა რაოდენობის გაზრდას, თანაც, მაინცდამაინც სახელმწიფო ორგანოს კვოტით.

სამეურვეო საბჭოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სრული შემადგენლობის უმრავლესობა ესწრებოდეს სხდომებს. დღევანდელი მოცემულობით, ეს არის ცხრიდან ხუთი წევრი.
მარიამ გოგოსაშვილმა გვითხრა, რომ შესაძლოა, მიზეზი ფუნქციონირებადი და ამავდროულად, მხოლოდ ხელისუფლების ინტერესების მიმართ ერთგული საბჭოს ფორმირება იყოს.
რით ხსნის ამას?
  • "იმ დაშვებით, თუ "ოცნება" მხარს არ დაუჭერს საპარლამენტო უმცირესობისა და სახალხო დამცველის კვოტით წარდგინებულ კანდიდატებს, რისი პრაქტიკაც აქამდეც გვინახავს, კომუნიკაციების კომისიის კვოტით არჩეული ორი წევრის ხარჯზე, მათ ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ერთგული და ამავდროულად, ფუნქციონირებადი 6-წევრიანი ბორდი, რაც, წესის მიხედვით, საკმარისია გადაწყვეტილებების მისაღებად."

პრობლემაა ისიც, რომ თუ ამ ინიციატივას პარლამენტი მხარს დაუჭერს, პირველი არხის თანამშრომელს მიეცემა უფლება, იმავდროულად მუშაობდეს აჭარის ტელევიზიასა და რადიოშიც.
მაგალითად,
პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი შესაძლოა, პარლალურად ხელმძღვანელობდეს აჭარის საინფორმაციო სამსახურს, რაც ორ სხვადასხვა საზოგადოებრივ მაუწყებელს ერთი პოლიტკური გემოვნების საინფორმაციო პრიორიტეტების ქვეშ მოაქცევს.
  • "ეს დაშვებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, ვიფიქროთ, რომ საკანონმდებლო წინადადება კონკრეტულ ინტერესებს ერგება", — ამბობს გოგოსაშვილი.
ინიციატივაზე “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, სამართლებრივ შეფასებებს აქვეყნებს "მედიაომბუდსმენიც". დოკუმენტში ინიციატივის საფრთხეები მუხლობრივად არის განხილული.

ამავე თემაზე: სახელმწიფო მარეგულირებელი საზმაუს ბორდში? — ინიციატივა და საფრთხე
კატეგორია - საქართველო
ა(ა)იპ "თავისუფლების ფორმულა" ოფიციალურად დაფუძნდა და გამგეობის თავმჯდომარედ ნინო ჟიჟილაშვილი არიჩიეს

რა ხდება?
  • "ფორმულას" თანამშრომლებმა ორგანიზაცია "თავისუფლების ფორმულა" დააფუძნეს და სამართლებრივად, არასამეწარმეო იურიდიული პირის (ააიპ) სტატუსით, საჯარო რეესტრში უკვე დაარეგისტრირეს.
  • არხის გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციას გადასცა ტელევიზიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით კეზერაშვილმა კუთვნილი წილის ნახევარი — 25 პროცენტი და ეს უკვე ნოტარიულად დამოწმდა.
თუმცა, პრობლემაა, რომ გარიგების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში ვერ ხერხდება, რადგან:
  • “კეზერაშვილის პირადობის მოწმობას მოქმედების ვადა გაუვიდა და სახელმწიფომ უარი უთხრა დოკუმენტის განახლებაზე, რადგან ის ძებნილია", — ამბობს გუმბარიძე.
როგორ აპირებენ ამ სამართლებრივი ბარიერის გადალახვას?

გენერალური დირექტორის თქმით, "სხვა გზებზე მუშაობენ", რასაც ცოტა ხანში გააცნობენ საზოგადოებას.
  • "თუმცა, დარეგისტრირდება თუ არა დოკუმენტი, მას უკვე აქვს იურიდიული ძალა, რადგან ნოტარიულად დამოწმებულია კეზერაშვილის ნება, ამ ორგანიზაციას გადასცეს წილის ნახევარი", — გვითხრა ზუკა გუმბარიძემ.

დეტალები:
ორგანიზაციის დაფუძნების ეს პროცესი მოჰყვა ტელეკომპანია BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც მიუთითებენ ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელის კავშირებზე გლობალურ თაღლითურ სქემაში ჩართულ Milton group-ის კომპანიებთან.
  • "თავისუფლების ფორმულა" ტელეკომპანიის 39-მა თანამშრომელმა დააფუძნა. მათ შორის არიან არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების წამყვანები და ახალი ამბების პროდიუსერები.
  • ორგანიზაციის მმართველობის ორგანო 11 წევრისგან შედგება.
  • წესდებაში მითითებულია, რომ წევრებმა, "თავისუფლების ფორმულას" გამგეობის თავმჯდომარედ ნინო ჟიჟილაშვილი ერთი წლის ვადით აირჩიეს. ის არის პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი "ფორმულაზე".
მმართველობის ორგანოს შემადგენლობაა:
  • ლევან ლომინაძე
  • სალომე თავაძე
  • მარიამ ბაჯელიძე
  • ირაკლი კიკნაველიძე
  • ნანა ინწკირველი
  • ელისო ჯარიაშვილი
  • ირაკლი ტაბლიაშვილი
  • მარიამ ფანქველაშვილი
  • სოფიო ხუნწარია
  • რატი მუჯირი.

"თავისუფლების ფორმულას" შემადგენლობა ორგანიზაციის დაფუძნების ერთ-ერთ მიზნად მედიის ადვოკატირების მიმართულებას ასახელებს.

კომენტარები:
ზუკა გუმბარიძე, ტელევიზიის გენერალური დირექტორი:
  • "ამით შევქმენით იურიდიული მექანიზმი, რამაც ისე შეცვალა დამფუძნებელთა სტრუქტურა, რომ ვერც ერთი კონკრეტული დამფუძნებელი ვეღარ მიიღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს".
გუმბარიძე განმარტავს, რომ ცვლილების მიზანია, "ფორმულას" სარედაქციო პოლიტიკა გახდეს უფრო დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან.
  • "რაც, აქამდეც ასე იყო, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ახლა ამას იურიდიული ფორმაც ექნება", — თქვა მან "ბილტმორში" გამართულ ღონისძიებაზე, სადაც დაფუძნების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.

ნინო ჟიჟილაშვილი, ჟურნალისტი, "თავისუფლების ფორმულას" გამგეობის თავმჯდომარე:
  • "ახლა, ამ ორგანიზაციის დაფუძნებით, გამიჩნდა განცდა, რომ ეს იქნება დამატებითი შესაძლებლობა, სამართლებრივ ჩარჩოში მოვაქციოთ სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხები".
არქივიდან: კეზერაშვილი ფორმულას წილებს თმობს, რა ხდება?
კატეგორია - საქართველო
“დიქტატურულ რეჟიმში და კონფლიქტებში, ჟურნალისტებს, რომლებიც ზედმიწევნით აშუქებენ ფაქტებს როგორც წესი, უწევთ, მხარე აირჩიონ და შესაბამისად, სამიზნეები არიან როგორც რეჟიმების, ისე სამხედრო ლიდერების, რადგან მათ მიერ წარმოებულ პროპაგანდას გამოწვევის წინაშე აყენებენ” - ამბობს სირიელი ჟურნალისტი ზაინა ერჰაიმი და დასძენს, რომ “მიკერძოება უსაფრთხოა", თუ ჟურნალისტი გადალახავს შინაგან მიკერძოებას, ცრურწმენებს, პოლიტიკური შეხედულებებს და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანის უფლებებს დაუჭერს მხარს.

შესაბამისად, არ არსებობს მკაფიო პასუხი, ვინ უნდა იყოს ლეგიტიმური "მეორე მხარე", როცა საქმე ძალადობას ან ადამიანის უფლებების შელახვას ეხება. სად გადის ზღვარი ჟურნალისტიკასა და აქტივიზმს შორის ისეთ ქვეყნებში, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე ექმნება. რა უნდა გააკეთოს მედიამ მაშინ, როდესაც ფაქტების ზედმიწევნით გაშუქება “დანაშაულია”?

დიქტატურულ და ავტოკრატიულ რეჟიმებში ერთ-ერთი პირველი სამიზნე სწორედ თავისუფალი მედიაა, რადგან ისინი არ იმეორებენ რეჟიმის პროპაგანდას და ცდილობენ საზოგადოების ინფორმირებულობას. ასე ხდება მაგალითად, რუსეთში, ბელარუსში, სირიაში, ირანში, და ყველგან, სადაც ხელისუფლება ცდილობს, გააკონტროლოს მედია, რათა ისმოდეს მხოლოდ ის, რაც მათ ინტერესებშია.

რუსი ჟურნალისტების პროტესტი ომის დროს


"არა ომს" - თქვა “დოჟდის” დირექტორმა, ნატალია სინდეევამ, როცა ტელეკომპანიამ დროებით სატელევიზიო მუშაობა შეწყვიტა. პროტესტის ნიშნად არხი მაყურებელს “გედების ტბის” კადრებით დაემშვიდობა. გედების ტბას უშვებდნენ ტელევიზიებსა და რადიოში საბჭოთა პერიოდში, 1980-იან წლებში ლიდერების გარდაცვალებისას. ეს ბალეტი აჩვენეს 1991 წლის აგვისტოშიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე.

14 მარტს სახელმწიფო მედიის მთავარი საინფორმაციო გამოშვებისას ეთერში რუსული პირველი არხის რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა საპროტესტო ბანერით გამოჩნდა.

"არა ომს! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ!" - ეწერა ბანერზე.


რას აპროტესტებს მედია საქართველოში?


2011 წლის 7 ივლისს "ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავეს ფოტოჟურნალისტები, რასაც მედიის პროტესტი მოყვა. “არ არის ფოტო – არ არის დემოკრატია“, “თავისუფლება ფოტორეპორტიორებს” - ჟურნალისტები პერმანენტულ აქციებს აწყობდნენ პრეზიდენტის რეზიდენციასა და შსს-სთან.

  • რამდენიმე გაზეთმა პოლიტიკოსების ფოტოს შავი მართკუთხედები დაადო, სადაც ეწერა: “აქ უნდა იყოს ფოტო, მაგრამ ფოტორეპორტიორები დაჭერილები არიან”.


ბოლო რამდენიმე წელია, რაც მედია მუდმივად გამოხატავს პროტესტს და ღიად აფიქსირებს პოზიციას. იქნება ეს პარლამენტში, აქციაზე თუ ღია განცხადებებით.

“ნუ გვესვრი”, “გამოიძიე” - 2019 წლის 21 ივნისს, თბილისსა და საქართველოს 12 ქალაქში, ჟურნალისტებმა შსს-სა და ადგილობრივი სამმართველოების შენობებთან საპროტესტო აქციები გამართეს. ჟურნალისტებმა იმ სამართალდამცველების გამოვლენა და დასჯა მოითხოვეს, რომლებიც 20-21 ივნისის ღამეს საპროტესტო აქციაზე მომუშავე ჟურნალისტებსა, ოპერატორებსა და ფოტოგრაფებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ, სცემდნენ და დამიზნებით ესროდნენ.

2021 წელს ფორმულამ, მთავარმა არხმა, ტვ პირველმა და კავკასიამ 24 საათით მაუწყებლობა ყველა პლატფორმაზე შეწყვიტეს.

  • 14 ივლისს 08:00 საათიდან 15 ივლისს 08:00 საათამდე ეკრანებზე ჩანდა 5-6 ივლისის აქციებზე დაშავებული ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების სია და მაუწყებლების მთავარი მოთხოვნა - “გადადგეს პრემიერი, დაისაჯონ მოძალადეები”.
  • ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ ჟურნალისტები პროტესტს გამოხატავდნენ საკანონმდებლო ორგანოში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი სიტყვით უნდა გამოსულიყო.

წარწერა, რომელსაც მედია აჩვენებდა

2023 წელს, როდესაც “ხალხის ძალამ” "აგენტების" შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა, მედია იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც პროტესტი გამოხატა, მათ შორის, პარლამენტში.

  • 7-9 მარტის აქციების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, კანონპროექტი გაეწვია, თუმცა არ შეწყვეტილა ხელისუფლების მხრიდან მედიისა და არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია.

საქართველოში არ გაზრდილა პრესის თავისუფლების ხარისხი — პასუხი პრემიერ ღარიბაშვილს

მედია პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლოში - აკრედიტაციის წესის შესახებ

პროტესტი სიტყვის თავისუფლებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში


2014 წელი - ჩინეთი

ჰონგ-კონგში მედიის თავისუფლებისთვის მსვლელობა მოეწყო. “ჟურნალისტის მოვალეობაა გაშუქება და არა პროტესტი, მაგრამ ჩვენი სინდისი გვაიძულებს, განგაში ავტეხოთ”, - თქვა ჰონგ კონგის ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

2019 წელი - ავსტრალია

ავსტრალიური გაზეთების პირველი გვერდები 21 ოქტომბერს შავად გადახაზული ტექსტებით დაიბეჭდა. ასეთი ფორმით მედია ორგანიზაციები ქვეყანაში არსებულ ცენზურას აპროტესტებდნენ და პრესის თავისუფლებას მოითხოვენ.


2019 წელი - ხორვატია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ასეულობით ჟურნალისტმა მედიის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა.

"ადგილობრივი სასამართლოები პოლიტიკოსებთან არიან გაერთიანებული და ყველა კრიტიკული აზრის ჩახშობას ცდილობენ. ამიტომაც, ჩვენს ნიუსრუმებში იგრძნობა თვითცენზურის საჭიროება. მე აღარც კი ვწერ ჩემს სვეტს, რადგან თუ ისე დავწერ როგორც მინდა, სასამართლო სარჩელები და კომპენსაციის მოთხოვნა საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სამუშაოს”, - განაცხადა გაზეთ Podravski-ის მთავარმა რედაქტორმა, რობერტ მიჰაილევიჩმა.

2021 წელი - პოლონეთი

43-მა მედია ორგანიზაციამ ღია წერილი გამოაქვეყნა და გააკრიტიკა მთავრობის შეთავაზებული მედიის გადასახადი, რომელიც მათი თქმით, საფრთხეს უქმნიდა დამოუკიდებელ მედიას. პროტესტის ნიშნად, გაითიშა სატელევიზიო არხები, რადიოსადგურები და ვებგვერდები.

“აქ თქვენი საყვარელი შოუ უნდა ყოფილიყო", “მედია არჩევანის გარეშე”, - ასეთი იყო სლოგანები.

ცარიელი ყდა - პროტესტის ერთ-ერთი ფორმა


2015 წელს ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ ნაგალანდაში სამმა გაზეთმა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გასაპროტესტებლად პირველი გვერდები ცარიელი დატოვა.

”ჩვენ ვმუშაობთ დაძაბულ გარემოში, მაგრამ მაინც ვცდილობთ, თანაბარი სივრცე მივცეთ როგორც ჯარს, ასევე მეამბოხე ჯგუფებს და ნაგას საზოგადოების ყველა წევრს”, - თქვა Nagaland Page-ის რედაქტორმა.


  • 2010 წელს ესტონეთში გაზეთების ნაწილმა ცარიელი ყდით გააპროტესტა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტი ვალდებული ხდებოდა გაემჟღავნებია წყაროს ვინაობა.
  • 2012 წელს უკრაინაში Kyiv Post-მა გააპროტესტა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მცდელობა, ცილისწამება კრიმინალიზებული ყოფილიყო და გაზეთის პირველი გვერდი ცარიელი დატოვა.
კატეგორია - საქართველო
მოკლედ: "ქართული ოცნების” სურვილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სახელმწიფო მარეგულირებელმა — კომუნიკაციების კომისიამაც წარადგინოს ორი წევრი, რაც ბორდის შემადგენლობას 9-დან 11 წევრამდე გაზრდის.

პარლამენტში უკვე ინიციირებულია ცვლილებების პროექტი კანონში "მაუწყებლობის შესახებ", რომლის ერთ-ერთი ნაწილიც სწორედ საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის ცვლილებაა.

კომუნიკაციების კომისია, რომელსაც უშუალოდ შეეხება ეს საკანონმდებლო ცვლილება, გვეუბნება, რომ კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ მიიჩნევს.
  • "ეს სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანს სარედაქციო დამოუკიდებლობას, რადგან მიზანი ბორდში მთავრობისთვის კიდევ უფრო ერთგული უმრავლესობის შექმნაა", — ამბობს IDFI-ის მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი დავითური, ამ კანონპროექტზე.

ფართო სურათში: მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს როლი მნიშვნელოვანია:
  • მეურვეები იღებენ დებულებას სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, განსაზღვრავენ პროგრამულ პრიორიტეტებს, ამტკიცებენ ბიუჯეტს. მეტი

საბჭოს მნიშვნელობიდან გამომდინარე, დღევანდელი წესით, წევრებს პარლამენტი ირჩევს.
  • კანდიდატებიდან ორს სახალხო დამცველი წარადგენს
  • საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია - სამ-სამს
  • ერთს - აჭარის უმაღლესი საბჭო.

რა არის პრობლემა? ახალ საკანონმდებლო პროექტში (*დოკუმენტები: 1.2) დაუსაბუთებელია:
  • რატომ არ არის საკმარისი მაუწყებლის ეფექტური საქმიანობისთვის ცხრა წევრი;
  • რა პრინციპით მიენიჭება ბორდში ორი კვოტა მაინცდამაინც კომუნიკაციების კომისიას, რომელიც სახელმწიფო ორგანოა.

"გაურკვეველია რას მოიტანს ცვლილება გარდა იმისა, რომ ეს მაუწყებლის დანახარჯებსაც გაზრდის" - ამბობს გიორგი დავითური.

სამეურვეო საბჭოს წევრები ხელფასს მაუწყებლის ბიუჯეტიდან იღებენ. 2023 წლისთვის, საბჭოსთვის 1.289,153 ლარი გამოიყო.

რამდენია და როგორ ნაწილდება საზმაუს 2023 წლის ბიუჯეტი?

"იდეა ჰარმონიზაციაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. არაერთ საინტერესო მოდელს გავეცანით, — გვითხრა ინიციატორმა, დეპუტატმა ქართული ოცნებიდან, რატი იონათამიშვილმა, მაგრამ მაგალითისთვის კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია - "ალბათ, საუკეთესო განმარტებაა წარმომადგენლობითი მონაწილეობის მრავალფეროვნების უზრუნველყოფა."

როგორია საერთაშორისო პრაქტიკა? საზოგადოებრივ მაუწყებელში მეურვეების დანიშვნის წესი უნიკალურია თითოეული ქვეყნისთვის, მაგრამ:
  • კომუნიკაციების კომისიის, ან მსგავსი მარეგულირებელი ორგანოს პირდაპირი ჩართულობა ევროპის ქვეყნებისთვის გავრცელებული პრაქტიკა არ არის.
  • არის შემთხვევები, როდესაც მარეგულირებელ ორგანოებს გარკვეული ზედამხედველობა აქვთ დანიშვნის პროცესში, მაგრამ მათი წარმომადგენლების სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევა ნორმა არ არის.
მოსაზრებები:
  • გიორგი დავითური, IDFI: "პირველ რიგში უნდა დავსვათ კითხვა, რამდენად მართებულია, მარეგულირებელი კომისია, როგორც ტელევიზიის მარეგულირებელი ორგანო, წარადგენდეს კადრებს ტელევიზიისავე მეურვეთა საბჭოში, რა ესაქმება კომუნიკაციების კომისიას მაუწყებელში? კომუნიკაციების კომისია არსად არავის წარადგენს და ნიშნავს."
  • "ვერ დაასაბუთეს, რა ფუნქცია აქვს დამატებით ორ წევრს", — თქვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის შემდეგ — "ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიზანია, ისე დაკომპლექტდეს ბორდი, რომ ხელი შეუწყოს არხზე სამთავრობო პროპაგანდის გაძლიერებას 2024 წლის არჩევნების წინ."

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე "გემოვნების საკითხს" უწოდებს იმას, თუ რა რაოდენობის შეიძლება იყოს საზმაუს ბორდის წევრთა შემადგენლობა.
  • ვასილ მაღლაფერიძემ პირდაპირ არ გვიპასუხა კითხვაზე, თუ რას ფიქრობს, სახელმწიფო მარეგულირებლის პირდაპირ ჩარევაზე მაუწყებლის ბორდში - "სხვადასხვა პრაქტიკები არსებობს და, ასეც შეიძლება იყოს და ისეც შეიძლება იყოს", — გვითხრა მან.
  • ზოგადად, საკითხთან დაკავშირებულ არგუმენტებზე არ საუბრობს, რადგან, მისი თქმით, "ბორდთან დაკავშირებული საკითხები პარლამენტის გადასაწყვეტია".

საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე "ქართული ოცნების" შესაძლო გავლენის შესახებ კითხვებს ვასილ მაღლაფერიძის ფაქტორი აჩენს, რომელიც არხის გენერალური დირექტორი იყო, 2020 წელს გადადგა და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტსაბჭოს წევრი გახდა. პარტიიდან წასვლის შემდეგ, 2022 წლის აპრილში მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

მაუწყებლობის შესახებ კანონში შემავალი ცვლილებების პროექტის მიხედვით, ბორდის თავმჯდომარის არჩევის ვადა სამიდან ექვს წლამდე იზრდება.

"ინიციატივა აგრძელებს ხელისუფლების მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცების პროცესს და ზრდის "ოცნებასთან” აფილირებული ვასილ მაღლაფერიძის უფლებამოსილების ვადას", — აცხადებს 16 ორგანიზაცია "მედიაკოალიციიდან".

საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას დადებითად აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი, რატი იონათამიშვილი: "მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ თუნდაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ასევე, თვითმმართველობის არჩევნები, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა ძალიან მაღალი სტანდარტით შეფასდა ობიექტური მონიტორების მიერ, პირველ რიგში, ობიექტურობის კრიტერიუმის დაკმაყოფილების თვალსაზირით."

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების მისაღებად შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია. ცვლილებებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა უკვე დაუჭირა მხარი და მას დეპუტატებმა საპარლამენტო სესიებზე უნდა უყარონ კენჭი.

დეტალები მაუწყებლობის შესახებ კანონში ინიციირებული სადავო ცვლილებების შესახებ
კატეგორია - საქართველო
ქართველი ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე გარდაიცვალა.

ახალი ამბების ფოტორეპორტიორმა საქართველოს უახლესი ისტორიის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა გააშუქა. იყო საქართველოს პირველი არხისა და ევროპული პრესის სააგენტოს (EPA) ფოტოკორესპონდენტი.

მოვლენები, რომელიც ზურაბ ქურციკიძემ გააშუქა


ზურაბ ქურციკიძეს გაშუქებული აქვს 2008 წლის ომი. 2014 წელს იღებდა ევრომაიდნის გამოსვლებს კიევში, აშუქებდა რუსეთ-უკრაინის ომსაც 2022 წელს.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გადაღებული აქვს არაერთი პროტესტი და აქცია, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის დარბევა, გავრილოვის ღამე, 2023 წლის მარტის აქციები და სხვა.

უკანონო დაკავება


ქურციკიძე ერთ-ერთია იმ ფოტოგრაფებიდან, რომლებიც 2011 წლის 7 ივლისს "ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავეს, რასაც პროტესტი მოყვა. საბოლოოდ მმართველი ძალა იძულებული გახდა, ჟურნალისტები გაეთავისუფლებია.

  • ხელისუფლება შეცვლის შემდეგ, პროკურატურამ ამ საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო.
  • სასამართლომ ზურაბ ქურციკიძე და კიდევ სამი ფოტოგრაფი სრულად გაამართლა. ცოტა ხნის წინ კი, სასამართლომ პროკურატურას მათ სასარგებლოდ ფინანსური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

2008 წელს გადაღებული ზურაბ ქურციკიძის ფოტოები

9 აგვისტო. დაჭრილი ქალი ქალაქ გორში. ქალაქი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა დაბომბა © EPA/ZURAB KURTSIKIDZE ATTENTION EDITORS: PLEASE NOTE GRAPHIC CONTENT
© EPA/ZURAB KURTSIKIDZE

9 აგვისტო დაჭრილი გორის მაცხოვრებელი. ქალაქი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა დაბომბა © EPA/ZURAB KURTSIKIDZE
© EPA/ZURAB KURTSIKIDZE

კადრში ჩანს გორელი კაცი. ფონზე დაბომბვის შედეგად დაზიანებული შენობა © EPA/ZURAB KURTSIKIDZE
© EPA/ZURAB KURTSIKIDZE

გორელი ქალი ტირის მას შემდეგ რაც შეიტყო შვილის გარდაცვალების შესახებ © EPA/ZURAB KURTSIKIDZE
© EPA/ZURAB KURTSIKIDZE
კატეგორია - საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" ჟურნალისტ დიანა ჯოჯუასთვის ხელფასისა და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება დააკისრა. ჯოჯუა ტელეკომპანიას კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას ედავებოდა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი პაატა სალია გვეუბნება, რომ კომპანია “დიდი ალბათობით” გადაწყვეტილებას შემდეგ ინსტანციაში გაასაჩვრებს.

ცვლილებები რუსთავი 2-ზე

"რუსთავი 2-ში" ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 18 ივნისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიასთან დაკავშირებით წარმართულ სასამართლო პროცესში არც ერთი სადავო უფლების დარღვევა არ დადგინდა.

შესაბამისად, იმავე დღეს აღსრულდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, არხის მფლობელადაც ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდა და თანამდებობიდან გადააყენა გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისი ადგილი პაატა სალიამ დაიკავა.

  • 9 აგვისტოს არხის 9% -ის უკვე ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის საჩივრის გამო დაწყებული გამოძიების საფუძველზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდო ბრალი და აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
  • 14 აგვისტოს ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის გაყიდვის სურვილი გამოთქვა და პოტენციურ მყიდველებს ერთი კვირის ვადა მისცა, თუმცა, რადგანაც მსურველი არ გამოჩნდა, 19 აგვისტოს განაცხადა, რომ ტელეკომპანიას არ ყიდის, არ გააკოტრებს და "რუსთავი 2 "იქნება "პოლიტიკურად დამოუკიდებელი".
  • 20 აგვისტოს ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ სამსახურიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და პოლიტიკური ტოქშოუების "არჩევანისა" და "კვირის აქცენტების", წამყვანები გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე.
  • ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში დატოვეს საინფორმაციო გადაცემის წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. წასვლის შესახებ განაცხადა პაატა იაკობაშვილმაც.
  • 21 აგვისტოს არხი "კურიერის" გუნდმა დატოვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებები

რუსთავი 2-დან გათავისუფლება არაერთმა ჟურნალისტმა გაასაჩივრა სასამართლოში.

  • 2022 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ, "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ნოდარ მელაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა და ტელეკომპანიას კომპენსაციის სახით 80 000 ლარის გადახდა დააკისრა.
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო სამსახურიდან ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლებაც.

ეკა კვესიტაძის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 10 ივნისს გამოაცხადა - გათავისუფლება კანონიერად მიიჩნია და რუსთავი 2-ს მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდა დააკისრა.

  • 17 მაისს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მთავარ არხში მუშაობის დაწყების გამო, ეკა კვესიტაძეს რუსთავი2-სთვის 25 000 ლარის გადახდა დააკისრა.