საქართველო
კატეგორია - საქართველო
მოკლედ: მას შემდეგ, რაც ინგლისურენოვანმა გამოცემა OC Media-მ შალვა პაპუაშვილს ოპედის გამოქვეყნებაზე უარი უთხრა, პარლამენტის თავმჯდომარემ დონორებს მისწერა და როგორც მედიაში ამბობენ, მათზე “ზეწოლა სცადა”.

რა მოხდა?

  • როგორც გამოცემა წერს, პარლამენტის თავმჯდომარის ოფისის წარმომადგენელმა, თიკო მგელაძემ OC Media-ს პირველად ივნისის ბოლოს დაუკავშირდა პაპუაშვილის მოსაზრების (ოპედის) გამოქვეყნების თხოვნით.
  • თავმჯდომარის ოფისმა უარი თქვა ტექსტის გაგზავნაზე, სანამ OC Media არ დაადასტურებდა, რომ მას გამოაქვეყნებდნენ. ამ შემთხვევაში, გამოცემამ მოითხოვა სათაურისა და ლიდის ჩვენება.
  • მოსაზრების სათაური ასეთი იყო: “საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების ქართველი ხალხისგან ფაქტობრივად გამოყოფის ტაქტიკა შეესაბამება რუსულ ჰიბრიდულ სახელმძღვანელოს”.
  • სარედაქციო გუნდმა უარი თქვა ოპედის გამოქვეყნებაზე, თავმჯდომარის ოფისს კი გაუგზავნეს კრიტერიუმები, რის მიხედვით აქვეყნებენ, ან არ აქვეყნებენ მოსაზრებას.
  • მოგვიანებით პაპუაშვილმა ტექსტი X-ის (ყოფილი Twitter) პირად გვერდზე გამოაქვეყნა, ხოლო OC-Media-ს დონორებს მისწერა კრიტიკული წერილები მედიასაშუალების შესახებ.


რატომ არის ეს პრობლემა?

  • დონორებთან მიწერა, აღიქმება, როგორც ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე.
  • არის საშიში პრეცედენტი და აჩენს რისკს, რომ მომავალში ხელისუფლების მხრიდან, შესაძლებელია, სხვადასხვა დონორს დაუკავშირდნენ და ესაუბრონ - მათთან გააკრიტიკონ მედია, რომელიც კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ.
  • თავად OC Media-ს რედაქტორიც, რობინ ფაბროც განმარტავს, რომ “მოსაზრება, ინტერვიუსგან განსხვავებით, რომელიც უფრო დიდი ისტორიის ნაწილია, ავტორს საშუალებას აძლევს, კრიტიკისა და საწინააღმდეგო აზრის გარეშე გაავრცელოს თავისი სათქმელი. ამგვარი პლატფორმის ქონა პრივილეგიაა და არა უფლება”.


რედაქციის გადაწყვეტილება

OC Media-ს დამფუძნებელი და თანადირექტორი მარიამ ნიკურაძე ამბობს:

  • “როდესაც ჩვენ ვაქვეყნებთ სტატიას, თუ ოპედია უნდა იყოს გულწრფელი და მოსაზრებას გამოხატავდეს. არ უნდა იყოს პროპაგანდა, არ უნდა იყოს ტყუილი, არასწორი ინფორმაციის შემცველი”;
  • “სანამ გავიგებდით, რომ დონორებს მისწერდა და ზეწოლა იყო, არ გვინდოდა, ვყოფილიყავით ხელსაწყო მთავრობის ხელში, თავიანთი პროპაგანდის და მესიჯების გასავრცელებლად” - განმარტავს ნიკურაძე.


რატომ მისწერა პარლამენტის თავმჯდომარემ დონორებს?

ამაზე პასუხის მისაღებად შალვა პაპუაშვილის ოფისს დავუკავშირდით - მათ ჩვენ ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხეს. თუმცა თავმჯდომარის ოფისმა უპასუხა OC Media-ს.

  • როგორც გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში ვკითხულობთ, ოფისმა OC Media-ს განუცხადა, რომ მოსაზრების გამოქვეყნებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება “სიტყვის თავისუფლებას და OC Media-ს მიერ გაცხადებული პლურალიზმის პრინციპებს”.
  • "რადგან გამოხატვის თავისუფლებისა და პლურალიზმის იდეები საქართველოს მთავრობასა და დონორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს, პარლამენტის თავმჯდომარემ საჭიროდ ჩათვალა დონორი ორგანიზაციების ინფორმირება ამ ღირებულებების საწინააღმდეგო ქმედებების შესახებ”.
  • "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ექსკლუზიურად შესთავაზა თქვენს მედიაპლატფორმას, გამოექვეყნებინა სტატია, რომელიც ასახავდა მის აზრს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე".


ზეწოლა მედიაზე

მარიამ ნიკურაძის თქმით, ეს არის ზეწოლის ახალი ფორმა, მცდელობა, რომ დაფინანსება დააკარგვინონ. OC Media-ს თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ აქამდე პირდაპირი ზეწოლა არ უგრძნიათ - “ეს არის პირველი შემთხვევა როცა OC Media აღმოჩნდა მთავრობის ზეწოლის თარგეთი [პირდაპირი სამიზნე]”. მისთვის ეს არის სიგნალი, რომ შესაძლებელია, მომავალში გამოცემაზე და ჟურნალისტებზე განხორციელდეს პირდაპირი ზეწოლა და თავდასხმები.

“ჩანს, რომ ეს დასაწყისია უბრალოდ, იქნება [დონორებთან] მიმოწერები, შეხვედრები, საუბარი და კრიტიკა ჩვენი თუ სხვა მედიების. საბედნიეროდ, დონორებმა იციან რა სიტუაციაა ქვეყანაში და იმედია ეს არ იმოქმედებს. მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ” - აღნიშნავს ნიკურაძე.

OC Media-მ შალვა პაპუაშვილს ინტერვიუ შესთავაზა, თუმცა, როგორც ნიკურაძემ გვითხრა, ამ შეთავაზებაზე ჯერ უარი მიიღეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავისუფალი და მიუკერძოებელი მედიის დევნა. ქარტია მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება პრობლემა შეუქმნას თავისუფალ მედიას.

  • “მედიას სრული უფლება აქვს უარი თქვას კონკრეტული მასალის გამოქვეყნებაზე, თუ ის წინააღმდეგობაში მოდის მის სტანდარტებთან და სარედაქციო პოლიტიკასთან და მით უმეტეს არ არის ვალდებული მასალის წინასწარ გაცნობის გარეშე გასცეს თანხმობა მის გამოქვეყნებაზე”.

ნახეთ სხვა თემები:

კატეგორია - საქართველო
გიორგი გაბუნიას განცხადების შემდეგ, "მედიაჩეკერს" ჰქონდა არაერთი მცდელობა, მკითხველისთვის მიეწოდებინა დამაზუსტებელი პასუხები კითხვებზე, რასაც "მთავარ არხთან" დაკავშირებით, ამავე არხის გენერალური დირექტორის განცხადებები აჩენს, თუმცა, გიორგი გაბუნიამ ჩვენს ზარებსა და მესიჯებს არ უპასუხა.


რა ხდება?
  • "ნაცების" ტელევიზია აღარ ვართ" — თქვა გიორგი გაბუნიამ, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა 2023 წლის 4 სექტემბერს, "მთავარი არხის" გადაცემაში "შენი შუადღე" — "ნაციონალურმა მოძრაობამ" აკეთოს საქმე და მე გავაშუქებ, რასაც ისინი გააკეთებენ, ან ვერ გააკეთებენ. უნდა მიხვდნენ, სად არის მათი ადგილი."

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?
ამ სატელევიზიო გამოსვლისას, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა:
  • რა გავლენას ახდენდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არხის საინფორმაციო პოლიტიკაზე;
  • საინფორმაციო სამსახურში არსებულ თვითცენზურაზე;
  • "მთავარი არხის" კრიზისულ პერიოდზე, რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდა არხის დამფუძნებლისა და ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ;
  • "არხის გადარჩენის მიზნით", კადრებისა და ხელფასების შემცირებაზე, რისკენაც მას "პარტნიორებმა" უბიძგეს;
  • "ძალიან მაღალი ეშელონებიდან", მის მიმართ ზეწოლის მცდელობაზე, შეეჩერებინა "მთავარი არხის" მუშაობა;
  • და რომ არხის ჟურნალისტები, შიდა შეხვედრისას "ტაშით შეხვდნენ" მის განცხადებას, რომ "მთავარი არხი" აღარ იქნება "ნაცების" ტელევიზია.

რა გავიგეთ ტელეარხის გენერალური დირექტორისგან, გიორგი გაბუნიასგან?

  • მისი თქმით, ტელევიზიის ჟურნალისტური შემადგენლობა წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" წნეხის ქვეშ იყო და აკეთებდნენ არა საკუთარ, არამედ — პოლიტიკური პარტიის საქმეს.
"რაღაცნაირად, ამ გუნდს სულ დაკისრებული ჰქონდა ვიღაცის [ენმ] საქმის კეთება. ჩვენ რამდენიც არ უნდა გვეთქვა, რომ ეს ასე არ არის, ყველა ხედავდა ამას".

გაბუნიამ "შენი შუადღის" წამყვანებს უთხრა, რომ მათთვის [სარედაქციო გუნდისთვის] გასაგები იყო, რომ "ნაცების ტელევიზიის" იარლიყს ტყუილად არ ატარებდნენ.
  • "თუმცა, ახლა, ძალიან დიდი სიამაყითა და ბედნიერებით შემიძლია ვთქვა, ასეთი რამ "რუსთავი 2"-დან მოყოლებული არ მომხდარა: ჩვენ ნამდვილად აღარ ვართ "ნაცების" ტელევიზია. წლები დასჭირდება, რომ ხალხმა ეს დაიჯეროს და იმისთვის, რომ მაყურებელმა ეს დააფიქსიროს, სისტემატურად უნდა უყუროს ეთერს", — თქვა გაბუნიამ.


სტრიქონებს შორის:
  • "მთავარი არხის" სარედაქციო შემადგენლობაშია იმ ჟურნალისტების ნაწილი, ვინც წლების განმავლობაში, 2019 წლის შემოდგომამდე მუშაობდა "რუსთავი 2"-ში, რომელსაც ნიკა გვარამია მართავდა, ვიდრე სტრასბურგის სასამართლო ტელევიზიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებდა.
  • 2019 წლის 20 აგვისტოს, "კურიერის" წამყვანებმა "რუსთავი 2"-დან წასვლის შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს.
  • "რუსთავი 2" სხვა ჟურნალისტებმაც დატოვეს, ზოგი წამყვანი ახალმა მენეჯმენტმა გაათავისუფლა და მალევე, მათ გააგრძელეს მუშაობა ტელეკომპანია "მთავარი არხისთვის", რომელიც დააფუძნა ნიკა გვარამიამ (წილის 51-%-იანი საკუთრებით) და კახაბერ ანჯაფარიძემ (წილის 49%-იანი საკუთრებით).


გიორგი გაბუნიამ ასევე, თქვა, რომ:
  • მოუხდა შეემცირებინა კადრები და სახელფასო ანაზღაურება, რადგან ეს "პარტნიორების" მოთხოვნა იყო.
"გვითხრეს, გარკვეულ ნიშნულს გაძლევთ, ბიუჯეტს თუ დაწევთ ამ დონეზე, პრობლემა არ გექნებათ, დაგეხმარებითო… ჩვენ დავედით იმ ნიშნულზე, მაგრამ უცებ გვეუბნებიან, არა, მაინც არაფერი გამოდის, ვერანაირად დაგეხმარებითო", — გაბუნიას თქმით, ამის შემდეგ მან გუნდს გამოუცხადა, რომ არიან სრულიად მარტო და საკუთარ თავზე თავადვე უნდა იზრუნონ.

  • ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ, გაბუნია "პარტნიორებისგან" განიცდიდა ზეწოლას, მიეღო გადაწყვეტილება ტელევიზიის დახურვის შესახებ
"მათი აბსურდული თეორია იყო, არხის დახურვა ნიკას დასჭირდება სტრასბურგშიო. ამბობდნენ, ის, რომ გვარამია არხის დასახურად დაიჭირეს, ახლა მხოლოდ თეორიაა, და რეალურად რომ დაიხურება, მერე ამას სტრასბურგი ფაქტად მიიღებსო".


რა ვერ გავიგეთ გაბუნიასგან?

გიორგი გაბუნიას მცდელობამ, ესაუბრა არხის ადმინისტრაციულ, თუ სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, პასუხგაუცემელი კითხვებიც დატოვა. მაგალითად, ვერ გავიგეთ:
  • ვინ არიან "მეგობრები", თუ "პარტნიორები", რომლებმაც მას ტელევიზიის დახურვისკენ მოუწოდებდნენ.
  • ვის გულისხმობდა "ძალებში", თუ "მაღალ ეშელონებში", რომლებიც, მისივე თქმით, "არხის შიგნიდანაც ცდილობდნენ სიტუაციის არევას" და ეს უნდა გამოხატულიყო ჟურნალისტების მხრიდან "ბოიკოტით არხის მიმართ".

მისმა ნათქვამს, რომ არხის თანამშრომლები აქამდე "სხვებისთვის [ენმ] მუშაობდნენ", მოჰყვა წინააღმდეგობა ამავე არხის ანალიტიკური გადაცემის, "ღამის მთავარის" წამყვანისაგან — ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ საავტორო გადაცემის მონოლოგში თქვა, რომ გაბუნიას ეს ნათქვამი "უკიდურესად შეურაცხმყოფელი" იყო მისთვის, ისევე, როგორც ბევრი მისი კოლეგისთვის.


"მე არ ვიცი, რა შეხვედრაზე საუბრობს გიორგი, სადაც თურმე, [პოლიტიკური წნეხისგან] გათავისუფლების ცნობას დიდი ოვაციები მოჰყვა, მე ამ შეკრებას არც დავსწრებივარ და არც არაფერი გამიგია ამის შესახებ", — თქვა ეკა კვესიტაძემ და ტელემაყურებელს უთხრა, რომ არასდროს დაუმალავს კრიტიკული შეხედულება ენმ-ს ლიდერების და მათ შორის, მიხელ სააკაშვილის მიმართაც:

"სწორედ იმ პერიოდში ვწერდი სააკაშვილთან ყველაზე მწვავე ინტერვიუებს, რომელსაც გაბუნია არხის არათავისუფლების პერიოდს უწოდებს. არადა, ჩემი თავისუფლების გარანტი არხის იმ დროინდელი დირექტორი [ნიკა გვარამია] იყო; სხვათა შორის, თავად გაბუნიასიც, რომლის მონოლოგებს არაერთხელ გამოუწვევია სკანდალი არხის გარშემო და გვარამია მისი გამოხატვის თავისუფლებას ბოლომდე იცავდა", — პასუხობს წამყვანი არხის დირექტორს, გაბუნიას.

ნიკა გვარამიას პოზიცია

"მთავარი არხი" არის მეტი, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა", — გვითხრა გვარამიამ "მედიაჩეკერის" პოდკასტში "მედიასა და პოლიტიკაზე", არხის საინფორმაციო პოლიტიკაზე პარტიის შესაძლო გავლენის კონტექსტში. გვარამიასთან ვისაუბრეთ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეწყალების აქტით, საპატიმრო დატოვა.

  • იმავეზე მიუთითებს "ღამის მთავარში" სტუმრობისას და ამავდროულად ამბობს, რომ ტელემაყურებლისთვის არასდროს დაუმალავს არხის პოლიტიკური გემოვნების შესახებ, თუმცა:
"ის რომ ჩვენ რომელიმე პარტიის გაგრძელება ვიყავით, არ ყოფილა ასე. შესაძლოა, პირიქით უფრო ყოფილიყო", — ამბობს ის.


ვიდეო: "მთავარი არხი", გადაცემა "ღამის მთავარი ეკა კვესიტაძესთან ერთად"

კონტექსტი:

  • 2022 წლის 18 იანვარს გიორგი გაბუნია "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და იმავდროულად, გენერალური დირექტორის მოადგილე გახდა.
  • მანამდე ის იყო "მთავარი არხის" საკვირაო გადაცემის, "პოსტ ფაქტუმის" წამყვანი.
  • 2022 წლის 16 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით. ამ დროიდან "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პოზიცია დაიკავა გიორგი გაბუნიამ.
  • 2023 წლის 22 ივნისს, როდესაც ნიკა გვარამიამ საპატიმრო დატოვა, თქვა, რომ ტელევიზიას აღარ უხელმძღვანელებს და რომ გენერალური დირექტორი მისი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგაც გიორგი გაბუნია იქნება.

არქივი: როგორ აღიქვამს ნიკა გვარამია პოლიტიკურ პროცესს 1-წლიანი პატიმრობის შემდეგ და რა არის "მთავარი არხის" ფინანსური კრიზისიდან დაღწევის გეგმა


ვიდეო: მედიაჩეკერი და პროექტი 64, პოდკასტი "მედიასა და პოლიტიკაზე"
კატეგორია - საქართველო
მოკლედ:
  • დღეს, 22 აგვისტოს, დილით, "რუსთავი 2"-მა, ვებგვერდზე გამოაქვეყნა მასალა, სახელწოდებით — "კურიერის" ექსკლუზივი: თეა გოდოლაძე ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული".
  • თეა გოდოლაძე არის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, რომელიც, შოვის სტიქიის შემდეგ, ხელისუფლებას კატასტროფის რისკების შემცირების შესაძლებლობებზე, საჯარო განცხადებებით მიუთითებდა.

რა არის პრობლემა?
  • "კურიერმა", აუდიტორიას არ მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია "ექსკლუზიურად მოპოვებული" ინფორმაციის თაობაზე;
  • ინფორმაცია გაავრცელა ცალმხრივად, თეა გოდოლაძის კომენტარის გარეშე;
  • და გავრცელებულ მასალაში არ ჩანდა საინფორმაციო სამსახურის მცდელობა, დაჰკავშირებოდა თეა გოდოლაძეს და მოეპოვებინა დამატებითი, დამაზუსტებელი კომენტარი.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?
  • ცალმხრივად გავრცელებული ინფორმაცია, რომელშიც არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, პატივი სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, იძლევა მანიპულაციურ სურათს;
  • ეს აჩენს ეჭვებს მასალის გავრცელების მადისკრედიტებელი მიზნების შესახებ.

რა არ უთხრა "რუსთავი 2"-მა საკუთარ აუდიტორიას, თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში?
ორგანიზაცია "საფარი", რომელიც საქმესთან დაკავშირებით, ერთ წელზე მეტია, გოდოლაძის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ:
  • გოდოლაძე, თავად არის პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი;
  • მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი;
  • ბრალდებულ კაცს 15 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული და საქმის განხილვას სასამართლო მალე დაასრულებს.
"შურისძიებისა და ზეწოლის მიზნით, მოძალადემ თავად დაადანაშაულა დაზარალებულ ქალი ძალადობაში, თუმცა, თეა გოდოლაძის წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლომ გააუქმა.
ამის მიუხედავად, პროკურატურამ მას მაინც, სრულიად უსაფუძვლოდ, წარუდგინა ბრალი.
აღსანიშნავია, რომ მოძალადეების მხრიდან მსხვერპლი ქალის დადანაშაულება, სამწუხაროდ, დამკვიდრებული პრაქტიკაა."

გოდოლაძის პოზიცია
ფეისბუკზე, მის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო პოსტში წერია, რომ:
  • "რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეეხება 2 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე დაფუძნებულ შეთითხნილ ბრალდებას.
  • ყოფილმა პარტიორმა, რომელიც ამჟამად ბრალდებულია ჩემს მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაქტტთან დაკავშირებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, შეთითხნა ცრუ ბლადებები მტკიცებულებების გარეშე, პროვოკაციის მოწყობის მიზნით.
  • მისი გასაჯაროვებით ხელისუფლება ცდილობს გამაჩუმოს, რომ აღარ ვილაპარაკო შოვში მომხდარ ტრაგედიაზე და სხვა საფრთხეებზე.
ასე იყო 2021 წელს, ნამოხვანის დროსაც. მაშინაც ააგორეს კამპანია ჩემს წინააღმდეგ, ამიტომ ცხადია, რომ ეს ყველაფრი უკავშირდება შოვის, ჭიათურის და ზოგადად მშენებელობების თემებთან მიმართებაში გაკეთებულ ჩემ განცხადებებსა და პოზიციას. ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემ გაშავებას და ყურადღების გადმოტანას ჩემზე. უპასუხეთ ხალხს!"

"კურიერმა" არ უპასუხა "მედიაჩეკერის" კითხვებს.
არაერთხელ ვცადეთ, ჩვენს მკითხველს "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან მიეღო პასუხები კითხვებზე, რასაც მათ მიერ, "ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაცია" აჩენს.

დავუკავშირდით ნინო შუბლაძეს, საინფორმაციო სამსახურის უფროსს. მოუცლელობის გამო, გვთხოვა, მოგვიანებით დავკავშირებოდით, მაგრამ აღარ გვიპასუხა.
შუბლაძესთან წერილობითი კომუნიკაციითაც შევეცადეთ, პასუხი მიგვეღო ამ კითხვებზე:
  • რა იყო არასრულყოფილი მასალის გავრცელების ინფორმაციული ღირებულება და მიზანი;
  • რატომ თავდაპირველადვე არ შესთავაზეს აუდიტორიას თეა გოდოლაძის კომენტარი, რაც, ამ ამბის ირგვლივ სრულყოფილ ინფორმაციას მიაწოდებდა აუდიტორიას;
  • რა პასუხი აქვს "კურიერს" საზოგადოების ნაწილის აღქმაზე, რომ გავრცელებული მასალა საზოგადოებრივად აქტიური მეცნიერის დისკრედიტების მცდელობას ემსახურებოდა შოვში მომხდარი მეწყრული კატასტროფის კონტექსტში, რადგან გოდოლაძე ხელისუფლებას კატასტროფის რისკების შემცირების შესაძლებლობებზე მიუთითებდა.
ასევე, ვცადეთ დავკავშირებოდით დღის კურიერის, ასევე, 9-საათიანი გამოშვების პროდიუსერებს.

არხმა მაყურებელს საინფორმაციო გამოშვებებში შესთავაზა თეა გოდოლაძის პოზიციაც, თუმცა, ამბის გაშუქებისას, ძირითად აქცენტს მათ მიერ "მოპოვებულ ჩვენებაზე" აკეთებს.
კატეგორია - საქართველო
სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ბევრი ინფორმაცია ინფორმაციის მრავალფეროვნებას არ ნიშნავს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენს ინტერესებს ალგორითმი განსაზღვრავს.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

2023 წლის ივლისის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 60%-ზე მეტი იყენებს სოციალურ ქსელს, შესაბამისად დღითიდღე იზრდება "ახალი მედიის" როლი სხვადასხვა თემებზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის.

მცირე, თუმცა სოციალურ ქსელებში აქტიური, ხშირად კოორდინირებული და არაავთენტური ჯგუფები ცდილობენ წამოიწყონ დისკუსია მათთვის სასურველ თემაზე, რაც თავის მხრივ ამწვავებს დაპირისპირებას დანარჩენ საზოგადოებაში, რადგან ალგორითმის საშუალებით მარტივია დიდ აუდიტორისთან წვდომა.

მოკლედ, როგორ მუშაობს ალგორითმი?

სოციალური ქსელების ალგორითმი ტექნიკურად სხვადასხვანაირად მუშაობს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში აქვთ ერთი მიზანი - შეისწავლონ მომხმარებლის ქცევა, ინტერაქცია და მიაწოდონ ის კონტენტი, რომელიც მას მოსწონს და დიდხანს გააჩერებს პლატფორმაზე.

რა პრობლემაა?

მაშინაც კი, თუ მომხმარებელი მუდმივად კითხულობს, უყურებს სხვადასხვა პრორუსული, დეზინფორმაციული გვერდების კონტენტს, ალგორითმი მუშაობს ანალოგიური პრინციპით და ამ მომხმარებელს მუდმივად აწვდის პროპაგანდისტულ მასალებს.
  • მიუხედავად იმისა, რომ ე.წ "ფაქტ-ჩეკერები" ყალბი, არაზუსტი მასალების მოსანიშნად და წასაშლელად აქტიურად მუშაობენ, დეზინფორმაცია მაინც დიდი მასშტაბით ვრცელდება.
"როგორ ამოვიცნოთ ბოტები?" - წაიკითხეთ ვრცლად.
  • ეს კი აჩენს ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორ მხარეს, ე.წ "ბაბლებს" ("პატარა საზოგადოებებს") სოციალურ ქსელებში.
  • მწვავე პოლარიზაციის პირობებში, მედიის მიერ ამბების სწორად გაშუქებასა და ინფორმაციის ყველა "ბაბლის" წევრამდე მიტანას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.


როგორ შეუძლია მედიას "გაწვრთნას" ალგორითმი?

პასუხისმგებლიანი მედიისთვის ახალი გამოწვევაა, რომ მათი გადამოწმებული, ღირებული მასალები უბრალოდ ვერ აღწევს იმ აუდიტორიამდე, რომელიც მუდმივად პროპაგანდისტულ მასალებს ეცნობა.

რატომ? - პრობლემა კვლავ ალგორითმის მუშაობის პრინციპია.

ამიტომ, ცალკეულ ჟურნალისტებს, შეუძლიათ თავად გაწვრთნან თავიანთი სოციალური ქსელის აგორითმი ისე, რომ მათაც ხვდებოდეთ დეზინფორმაციული, პრორუსული ან პროსახელისუფლებო გვერდები და მათი მესიჯები, რადგან იცოდნენ რა ხდება სხვადასხვა "ბაბლებში" და რა გზავნილები ვრცელდება.

  • სოციალურ ქსელებში დააკვირდნენ სხვადასხვა პოსტის კომენტარებში ან გაზიარებების ველში ანგარიშებს, მათ გზავნილებს.

  • სხვა რომელ გვერდებს "მისდევენ" ეს მომხმარებლები, რა/ვინ აინტერესებთ? - გამოიწერეთ იმავე გვერდები.

  • ზიარდება თუ არა პოსტები სხვადასხვა პროსახელისუფლებო ჯგუფებში? როგორია ამ ჯგუფებსა და ინდივიდუალურ პროფილებზე გაზიარებული პოსტის ინტერაქცია - დაემატეთ იმავე ჯგუფებში.

ამ გზით, შესაძლებლობა გექნებათ გაიგოთ რა ხდება საზოგადოების სხვადასხვა ციფრულ ჯგუფებში. თუმცა, მნიშვნელოვანია საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებთან პირდაპირი საუბარი იმაზე თუ რა ხვდებათ სოციალურ მედიაში ხშირად, რომელ გვერდებს ეცნობიან ახალი ამბებისთვის და სხვა.

ჟურნალისტებს, სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა ქცევასა და ინტერაქციაზე დაკვირვებით, შეუძლიათ, რომ ერთი მხრივ, იცოდნენ რა არის ე.წ "მესიჯბოქსი" კონკრეტული დროისთვის, მეორე მხრივ კი ამ "კვლევას" გამოიყენებს თავისი მასალებით დეზინფორმაციის მორიგი კამპანიის პრევენციისთვის.
კატეგორია - საქართველო
მოკლედ:
  • ოციფიალურად — დავით კეზერაშვილი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელი, "ფორმულას" საკონტროლო პაკეტს აღარ ფლობს.
დეტალები:
  • საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი გადაწყვეტილება 2023 წლის 7 აგვისტოს დაარეგისტრირა და ამით დააკმაყოფილა კეზერაშვილის მოთხოვნა, მის მფლობელობაში არსებული წილის 51%-დან, "თავისუფლების ფორმულასთვის" გადაეცა 25%.

რა არის "თავისუფლების ფორმულა"?
  • ორგანიზანია "თავისუფლების ფორმულა", არასამეწარმეო იურიდიულ პირის (ააიპ) სტატუსით, ტელეარხის თანამშრომლების ნაწილმა 2023 წლის 9 ივნისს დააფუძნეს.
  • ორგანიზაციის დაფუძნების ეს პროცესი მოჰყვა ტელეკომპანია BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც მიუთითებენ ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელის კავშირებზე გლობალურ თაღლითურ სქემაში ჩართულ Milton group-ის კომპანიებთან.
  • "თავისუფლების ფორმულა" ტელეკომპანიის 39-მა თანამშრომელმა დააფუძნა. მათ შორის არიან არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების წამყვანები და ახალი ამბების პროდიუსერები.
თუმცა, ამ დრომდე პრობლემა იყო, რომ
  • კეზერაშვილი ვერ ახერხებდა, სამართლებრივად დაემოწმებინა გარიგება — წილის 25 %-ის "თავისუფლების ფორმულასთვის" გადაცემის შესახებ. მის პირადობის მოწმობას ვადა აქვს გასული, ეს კი, სამართლებრივი ბარიერი იყო წილის ოფიციალურად გადაფორმებისთვის.
ამ გარიგების საჯარო რეესტრში ოფიციალურად დამოწმების შემდეგ,
"ფორმულას" მეწილეთა შემადგენლობა და წილების გადანაწილება ასეთია:
*2023 წლის 7 აგვისტოს მონაცემები
  • მიხეილ მშვილდაძე - 12.25 %;
  • ირაკლი საღინაძე - 12.25 %;
  • ზურაბ გუმბარიძე - 12.25 %;
  • გიორგი ლიფონავა - 12.25 %;
  • დავით კეზერაშვილი - 26 %;
  • არასამეწარმეო პირი "თავისუფლების ფორმულა" - 25 %.

არქივი:
კატეგორია - საქართველო
მოკლედ:
  • სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, სამი მოსმენით მიღებულ ცვლილებებს კანონში "მაუწყებლობის შესახებ".
  • პრეზიდენტმა არ გაიზიარა მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მოსაზრებები და მოწოდება, გამოეყენებინა ვეტოს უფლება და მხარი არ დაეჭირა "ოცნების" საკანონმდებლო პროექტისთვის.
რა შეიცვალა?
სხვა ცვლილებებთან ერთად,
  • გაუქმდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო;
  • გაიზარდა პირველი არხის ბორდის შემადგენლობა 9-დან 11 წევრამდე, აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის მინიჭებული კვოტით, სადაც, პარლამენტის მსგავსად, უმრავლესობას "ოცნება" ფლობს.
  • დაუქვემდებარა აჭარის საზმაუს მენეჯმენტი პირველი არხის ბორდს, რომელსაც ხელმძღვანელობს ვასილ მაღლაფერიძე — "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე და მმართველი პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი.
  • მეურვეთა უმრავლესობას შეეძლება უნდობლობა გამოუცხადოს მაუწყებლების დირექტორს.

რა კანონია?
  • ეს კანონი ზოგადად, მედიამომსახურების სფეროში რეგულირების პირობებს განსაზღვრავს, და ამავდროულად, ადგენს საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი მაუწყებლების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ წესებს.

რატომ ითხოვდნენ ორგანიზაციები ვეტოს?
  • "მედიაომბუდსმენის" არგუმენტით, "ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, უპირისპირდება აჭარის ავტონომიურობის ცნებას, არ ითვალისწინებს აჭარის მაუწყებლის საჭიროებებს, გააღრმავებს უნდობლობას საზოგადოებრივი მაუწყებლების მიმართ და გამოიწვევს ახალ კრიზისებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის პროცესში." ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნათია კაპანაძემ, ეს მოსაზრებები პრეზიდენტ ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართვისას გაუზიარა.
  • "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" არგუმენტით, "ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული მოწყობის პრინციპებს და აჭარის ტელევიზიას საზოგადოებრივ მაუწყებელს უქვემდებარებს". "ქარტიამ" ვეტოს დადების მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტს საჯარო განცხადებით მიმართა.
  • მედიის ადვოკატირების კოალიცია (16 ორგანიზაციის გაერთიანება) მიიჩნევს, რომ ამით "გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებულ მოდელს და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ მაღლაფერიძის ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება."

რა რისკებს შეიცავს ცვლილება?
შესაძლოა,
  • მმართველი პარტიის სასარგებლოდ დაირღვეს წარმომადგენლობითი ბალანსი საზმაუს სამეურვეო საბჭოში, რომელთანაც ანგარიშვალდებულება ერთდროულად უკვე ორი საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს ექნება;
  • და ხელისუფლებისთვის აღმოჩნდეს ბერკეტი, მოიპოვოს გავლენა სამეურვეო საბჭოს უმრავლესობაზე, რადგან, მეურვეთა არჩევის წესის მიხედვით, 3-3 კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო უმრავლესობასაც და აჭარის უმაღლეს საბჭოსაც, სადაც უმრავლესობას ასევე მმართველი პარტია ფლობს; ეს "ოცნების" მიმართ კეთილგანწყობილი ექვსი მეურვის არჩევას ნიშნავს, რაც საკმარისი რაოდენობაა ორივე მაუწყებლის პრიორიტეტების განსასაზღვრად მისაღები გადაწყვეტილებებისთვის, რადგან მეურვეთა დანარჩენი ხუთი კანდიდატიდან სამს საპარლამენტო უმცირესობა, ორს — სახალხო დამცველი წარადგენს, თუმცა, საბჭოს გადაწყვეტილებებზე ხუთი — ექვსის წინააღმდეგ, გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენს.

რას ამბობს კანონპროექტის ავტორი?
კატეგორია - საქართველო
კინოხელოვანების ნაწილი, რომლებიც კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ “იმედს” მოუწოდებენ, პირდაპირი ეთერი დაუთმონ. მათ 17 ივლისს განაცხადეს, რომ მხოლოდ ამ ფორმატში ისაუბრებენ ტელეკომპანიასთან და უარი თქვეს მათთვის კომენტარის მიცემაზე.

რატომ?

“ასე დაზღვეული ვიქნებით იმგვარი არაკეთილსინდისიერი, მანიპულაციური გაშუქებისგან, როგორსაც ბოლო დღეებია თვალს ვადევნებთ” - აცხადებენ პროტესტის მონაწილეები.

რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი?

1. 29 ივნისს გადაცემა “იმედი LIVE-ში” სტუმრად ჰყავდათ კინოცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის ახლად დანიშნული მოადგილე, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია, რომელმაც პროტესტის მონაწილეების შეფასებით, არაერთი ცრუ ბრალდება და დეზინფორმაცია გააჟღერა.

  • კინემატოგრაფების განცხადებით, “იმედი LIVE-ის” პროდიუსერს დაუკავშირდნენ და სთხოვეს, მათთვისაც მიეცათ შესაძლებლობა პასუხები გაეცა შეკითხვებზე, რომლებიც ოდიშარიას დაუსვეს.
  • “ამ შეთავაზებაზე თანხმობა დღემდე არ მიგვიღია” - წერია განცხადებაში.

2. კინემატოგრაფები ასევე საუბრობენ 16 ივლისს “იმედის კვირაში” გასულ სიუჟეტზე - “კინოცენტრის საკითხი მიკერძოებულად გაშუქდა. სიუჟეტში ტყუილებით გაჯერებული კომენტარების საპასუხო პოზიცია არ მოგვისმენია. მეტიც, არ ჩანდა საპასუხო პოზიციის გაგების მცდელობაც კი”.

  • “მსგავსი ქმედებები შეურაცხყოფს საზოგადოებას, რომელსაც უფლება აქვს მიიღოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია”, - ნათქვამია განცხადებაში.

რას ამბობენ იმედში?

ტელეკომპანიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორმა და წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ მედიაჩეკერს უთხრა, რომ ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული, როდის ექნებათ თოქშოუში ეს თემა. “შესაბამისად, ჯერჯერობით არ გადაგვიწყვეტია დავუთმობთ თუ არა პირდაპირ ეთერს” - ამბობს ის.

  • "როგორც კი დავგეგმავთ და გაჩნდება დღისწესრიგში, რომ იყოს რომელიმე პოლიტიკური თოქშოუს თემა ის, რაც ხდება კინოცენტრში, ბუნებრივია, ისევ შევთავაზებთ".

ჩიხლაზე აცხადებს, რომ 16 ივლისს “იმედის კვირაში” გასულ სიუჟეტში საუბარი იყო დასკვნაზე, რომელიც "ექსკლუზიურად მოიპოვა ჟურნალისტმა".

  • განმარტავს, რომ სიუჟეტში ნაჩვენები იყო, რა ეწერა დასკვნაში და არ დაკავშირებიან პროტესტის მონაწილეებს.
  • მისივე თქმით, სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, ამ თემაზე მუშაობა განაგრძეს. 17 ივლისს ქრონიკის სიუჟეტისთვის პროტესტის მონაწილეებს დაუკავშირდნენ თუმცა მათ კომენტარზე უარი უთხრეს და პირდაპირი ეთერი ითხოვეს.
  • “კვირის სიუჟეტში დოკუმენტიდან იყო ფაქტები მოყვანილი დარღვევებზე. რა თქმა უნდა, მეორე დღეს გაგრძელდა თემა. პირველი, ვისაც ჟურნალისტმა დაურეკა იყო მეორე მხარე, რათა ეპასუხათ ბრალდებებზე, რომელიც ვრცელდება - რა იყო მართალი და რა არა. თუმცა მათი მხრიდან იყო პირდაპირი ეთერის მოთხოვნა, კომენტარი არ გააკეთეს. ჩვენ მათი განცხადებაც გამოვიყენეთ სიუჟეტში, ჩვენი ზარის შემდეგ რაც გამოაქვეყნეს”.

რა ხდება კინოცენტრში

ბოლო პერიოდში კინემატოგრაფისტების ნაწილი ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ.

მთავარი მოთხოვნებია:

  • დირექტორის კონკურსის გზით დანიშვნამდე შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი;
  • კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით;
  • დირექტორის შესარჩევი კომისია დაკომპლექტდეს კინოსექტორის წარმომადგენლებისგან.
კატეგორია - საქართველო
მოკლედ: ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ჟურნალისტ თენგო გოგიტიშვილის კუთვნილი ხელფასის და შესაბამისი კონპენსაციის ანაზღაურება დაეკისრა.

რას ამბობენ? "ჩვენმა იურისტებმა ჟურნალისტ თენგო გოგიტიშვილის საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში წარმატებით დაასრულეს", — წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

თეონა ზაქარაშვილმა, ორგანიზაციის იურისტმა, დამატებით გვითხრა, რომ:
  • ამ ეტაპზე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი თანამშრომლების სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით, ორი ძირითადი კატეგორიის დავა მიმდინარეობს — გაუცემელი ხელფასისა და უკანონო გათავისუფლების საფუძველზე კონპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით.
  • ტელეკომპანიას, ჟურნალისტების უკანონო გათავისუფლებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე დააკისრა კონპენსაციის გადახდა ჟურნალისტებისთვის: ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია. სამივე შემთხვევაში, დავა პირველი ინსტანციის სასამართლოშია მოგებული.
  • ნანუკა ჟორჟოლიანისა და ნოდარ მელაძის შემთხვევაში, "რუსთავი 2"-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
  • დამსაქმებელს, კუთვნილი ხელფასის მისაღებად, სასამართლო დავა მოუგეს ჟურნალისტებმა: მიხეილ სესიაშვილმა, თენგო გოგიტიშვილმა, პაატა იაკობაშვილმა.
"რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, ტელევიზიის ყოფილი თანამშრომლების სასამართლო დავები არ მოიცავს მხოლოდ ჟურნალისტების საჩივრებს, მათ შორის არიან ოპერატორებიც, მძღოლებიც", — გვითხრა თეონა ზაქარაშვილმა, ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტმა.

არქივი:

კონტექსტი — 2019 წელი: ცვლილებები რუსთავი 2-ზე


"რუსთავი 2-ში" ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 18 ივნისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიასთან დაკავშირებით წარმართულ სასამართლო პროცესში არც ერთი სადავო უფლების დარღვევა არ დადგინდა.

შესაბამისად, იმავე დღეს აღსრულდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, არხის მფლობელადაც ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდა და თანამდებობიდან გადააყენა გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისი ადგილი პაატა სალიამ დაიკავა.
  • 9 აგვისტოს არხის 9% -ის უკვე ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის საჩივრის გამო დაწყებული გამოძიების საფუძველზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდო ბრალი და აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
  • 14 აგვისტოს ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის გაყიდვის სურვილი გამოთქვა და პოტენციურ მყიდველებს ერთი კვირის ვადა მისცა, თუმცა, რადგანაც მსურველი არ გამოჩნდა, 19 აგვისტოს განაცხადა, რომ ტელეკომპანიას არ ყიდის, არ გააკოტრებს და "რუსთავი 2 "იქნება "პოლიტიკურად დამოუკიდებელი".
  • 20 აგვისტოს ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ სამსახურიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და პოლიტიკური ტოქშოუების "არჩევანისა" და "კვირის აქცენტების", წამყვანები გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე.
  • ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში დატოვეს საინფორმაციო გადაცემის წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. წასვლის შესახებ განაცხადა პაატა იაკობაშვილმაც.
  • 21 აგვისტოს არხი "კურიერის" გუნდმა დატოვა.
კატეგორია - საქართველო
მოკლედ: საგარეჯოში, 2023 წლის 6 ივლისს ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და ძალადობის ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.

პრობლემაა, რომ: თავდასხმის შემდეგ, დაშავებული ჟურნალისტები "მედიაჩეკერთან" საუბრისას რამდენიმე პირზე მიუთითებდნენ, რომლებიც მათ პროფესიული საქმიანობის მიზნით თავს დაესხა, მათ შორის იყვნენ პარტია "ქართული ოცნების" აქტივისტები და ადგილობრივი საჯარო მოხელეები, თუმცა, საგამოძიებო სამსახურმა მხოლოდ ერთი პირის დაკავების შესახებ განაცხადა.

დეტალები:
გამოძიების მიხედვით,
  • ბრალდებულმა, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა "ფორმულას" ოპერატორს, სულხან ჭკადუას.
ასევე,
  • აგრესიული ქცევით, სიუჟეტის ჩაწერის საშუალება არ მისცა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს, ნათია წითელაურს და "მთავარი არხის" ჟურნალისტს — ია გულიაშვილს.

რა მოხდა საგარეჯოში 6 ივლისს?
ჟურნალისტები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზენტაციას აშუქებდნენ, როდესაც მათ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაესხნენ თავს.
  • ია გულიაშვილმა, ჟურნალისტმა და "მთავარი არხის" კახეთის ბიუროს ხელმძღვანელმა, გვითხრა, რომ ჟურნალისტებზე ძალადობდნენ არამხოლოდ "ქართული ოცნების" აქტივისტები, არამედ ადგილობრივი საჯარო მოხელეებიც.
"თავდამსხმელებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა რომელი ტელევიზია იყო, რადგან ფიზიკურად დაუპირისპირდნენ როგორც კრიტიკული, ისე სახელისუფლებო მედიის ჟურნალისტებს", — გვითხრა გიორგი კვიჟინაძემ, "ფორმულას" ჟურნალისტმა, რომელიც ადგილზე ოპერატორ სულხან ჭკადუასთან ერთად მუშაობდა.
  • "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს დაუზიანეს აპარატურა.
"მანქანიდან როგორც კი გადავედით მე და ჩემი ოპერატორი იმწამსვე გავიგეთ რეპლიკა, რომ "მთავარი არხი მოვიდა" რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთმანეთი წააქეზეს იმისათვის, რომ შემდგომში აგრესია ჩვენზე წამოსულიყო", — გვითხრა ტელევიზიის კახეთის ბიუროს ხელმძღვანელმა.

საგარეჯოში, ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ დეტალები აქ
კატეგორია - საქართველო
TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ავტომობილიდან გარე მეხსიერების ვინჩესტერის ქურდობის საქმეზე 1 ადამიანი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიაჩეკერს უთხრეს, გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლითაა დაწყებული. მელაძის თქმით, ის დაზარალებულად ცნეს.

რა მოხდა?

გუშინ, 13 ივლისს მელაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი ავტომობილიდან სამსახურის გარე მეხსიერების ვინჩესტერი წაიღეს, შესანახი ყუთიდან კი გადმოყრილი იყო საბუთები

  • მელაძე მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. მისი თქმით, ვინჩესტერზე საგამოძიებო მასალებს ინახავდა.
  • აღნისნავს, რომ ეს არ იყო რიგითი ქურდობა, რადგან მანქანიდან არ წაიღეს პირადი ნივთები, მათ შორის საათი, სათვალე.

შეფასებები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს ნოდარ მელაძის ავტომობილში ქურდობის შემთხვევა.

  • ქარტია მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების სიხშირე და ასეთი საქმეების გამოუძიებლობა, დაუსჯელობის განცდას აჩენს და მომავალში განმეორებითი დანაშაულის რისკს მეტად ზრდის.

მედიის ადვოკატირების კოალიციის შეფასებით კი, მედიაგარემო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და ეს ინციდენტი კიდევ ერთი შემაშფოთებელი შემთხვევაა.

  • “ ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და საზოგადოების ინფორმირებისთვის”;
  • “აუცილებელია, რომ მიღებული იყოს ზომები ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მედიის წინააღმდეგ მზარდი საფრთხეების შესაჩერებლად”.
კატეგორია - საქართველო
TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის განცხადებით, მისი ავტომობილიდან სამსახურის გარე მეხსიერების ვინჩესტერი წაიღეს, შესანახი ყუთიდან კი გადმოყრილი იყო საბუთები. მისი თქმით, ვინჩესტერზე საგამოძიებო მასალებს ინახავდა.

“დაშინება ძარცის იმიტაციით” - დაწერა მან Facebook-ზე.

შემთხვევა ლესელიძის ქუჩაზე, გვიან ღამით მოხდა.

  • როგორც მელაძემ მედიაჩეკერს უთხრა, მანქანა კამერების წინ იყო გაჩერებული და ფაქტის გაგებისთანავე მიმართა პოლიციას.
  • გვეუბნება, რომ საგამოძიებო მოქმედებები დილის 8 საათამდე მიმდინარეობდა, ახლა კი შსს-გან გამოკითხვაზე დაბარებას ელოდება.
  • მელაძე მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.
  • აღნისნავს, რომ ეს არ იყო რიგითი ქურდობა, რადგან მანქანიდან არ წაიღეს პირადი ნივთები, მათ შორის საათი, სათვალე.

მელაძის განცხადებით, ამას წინ უძღოდა მუქარები.

  • მან ორი კვირის წინ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც მიმართა, თუმცა როგორც თავად ამბობს, ამ მიმართულებით სიახლე არ არის.

მედიაჩეკერი დამატებითი დეტალის გასარკვევად შსს-ს დაუკავშირდა და მათგან პასუხებს ველოდებით.
კატეგორია - საქართველო
ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილის განცხადებით, თბილისში მისი ბინიდან დოკუმენტები დაიკარგა, რომელთა შორისაა დადგენილება ჟურნალისტის დაზარალებულად ცნობის შესახებ და ჟურნალისტის საქმიანობის დამადასტურებელი რამდენიმე საერთაშორისო აკრედიტაცია. აღნიშნავს, რომ შეუმჩნევია თვალთვალიც.

მედიაომბუდსმენმა უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

  • “რათა დაცული იყოს ვასილ დაბრუნდაშვილის ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა”.

რა საქმეზე აქვს დაზარალებულის სტატუსი დაბრუნდაშვილს?

  • 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა ე.წ. კრებსები - სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ჩანაწერები.
  • მასალები სხვა პირებთან ერთად ჟურნალისტების კერძო კომუნიკაციისა და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებულ ინფორმაციასაც მოიცავდა, მათ შორის იყო დაბრუნდაშვილი.
  • სწორედ ამის გამო, უკანონო მოსმენების და ფარული მიყურადების საქმეზე დაზარალებულად ცნეს.

ის ამჟამად პროფესიული საქმიანობით არაა დაკავებული, თუმცა სხვადასხვა დროს მუშაობდა იმედში, მთავარ არხში, TV პირველში.

  • TV პირველ მან გასულ წელს დატოვა და მას შემდეგ ბერლინში ცხოვრობს.

რას ამბობს ჟურნალისტი

როგორც დაბრუნდაშვილმა მედიაჩეკერს უთხრა, როდესაც სხვადასხვა პერიოდში ბერლინიდან თბილისში ბრუნდება, ამჩნევს, რომ უთვალთვალებენ.

  • “გარდა ამ დოკუმენტების დაკარგვისა ვარ ფარული თვალთვალის ობიექტი. ახლა კაფეში ხარ, აუზზე ხარ, მეგობრების წრეში ხარ, ასკარად შესამჩნევია, რომ ვიღაც ტიპები გითვალთვალებენ”;
  • “15-წლიანი ჟურნალისტური კარიერა მაქვს, ამ დროის განმავლობაში უამრავი საპროტესტო აქცია მაქვს გაშუქებული. ამ საპროტესტო აქიებზე ეს სუს-ის თანამშრომლები რომ დგანან, ყველას სახე ვიცი. ახლა ეს ადამიანები ვინც მაშინ სხვებს უღებდნენ, ახლა მე მიღებენ. მათ ვიზუალურად ვცნობ, ვიცი ვინც არიან”;
  • გვეუბნება, რომ მისთვის გაუგებარია რაში შჭირდებათ მისი თვალთვალი.