ბლოგი
კატეგორია - ბლოგი
სტუდიაში თავპირის მტვრევა, რესპონდენტებს შორის ერთმანეთის გინება, ჭიქების ფშვნა, გამშველებელი ჟურნალისტი… ასეთი იყო ტელესანახაობა წინა საპარლამენტო არჩევნების დროს.

 


უფრო ადრე იყო უარესიც… ჟურნალისტების მოდარაჯე და მათზე მონადირე ალისტრახოები.

კიდევ უფრო უარესი იყო მდუმარე, მიკროფონის დამტარებელი ჟურნალისტები, რომელთა გავლით ხელისუფლება გვიყვებოდა სხვა ჟურნალისტების “ჯაშუშურ” ამბებს, როგორ აგროვებდნენ ისინი ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ და ავრცელებდნენ-გადასცემდნენ.

უარესი იყო ნაცემი, დარბეული, დაშანტაჟებული ჟურნალისტები…

ამ ყველაფრის ფონზე, შეიძლება უკეთესად გვეჩვენება პარტიულ აქტივისტებად ქცეული ჟურნალისტები, მაგრამ სინამდვილეში კარგად უნდა გვახსოვდეს, რა მოაქვს ქვეყნისთვის პროპაგანდისტულ ჟურნალისტიკას, ამის 70-წლიანი გამოცდილება გვაქვს.

არადა, რატომღაც კვლავაც ამ გზას დაადგა ტელემედია დღეს საქართველოში: ვხედავთ პროპაგანდას წიწაკა ჩელინჯის თუ საგანგებო რეჟიმის სახელით, სადაც სამიზნე მხოლოდ შავია ან შავზე უფრო შავი.

და მაინც, რით დაგვამახსოვრა თავი ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების მედია გაშუქებამ?

როგორც წესი, დასავლეთის ქვეყნებში მთავარი წინასაარჩევნო სანახაობა საარჩევნო კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატებია. ამ დღისთვის განსაკუთრებით ემზადებიან ჟურნალისტები, რადგან ამ დღეს ელიან ამომრჩევლები, კანდიდატები, დამკვირვებლები, ანალიტიკოსები. ისინი სწორედ ამ დღის ფონზე აკეთებენ მნიშვნელოვან არჩევანს, ანალიზს, დასკვნებს, პროგნოზებს.

რა მოხდა საქართველოში? - არანაირი დებატები მეორე ტურში გასულ კანდიდატებს შორის.

იყო დებატები პირველი ტურის წინ, თუმცა გადაცემის ფორმატმა და წამყვანმა ჟურნალისტმა მოახერხეს ის, რომ მთელი ამ გადაცემიდან დასამახსოვრებელი ისევ მხოლოდ ჟურნალისტი აღმოჩნდა იმით, რომ ერთი თვით ადრე შედგენილ კითხვებშიც კი უზუსტობა დაუშვა. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ კითხვები, ფაქტობრივად, არც ერთ მწვავე საკითხზე არ დაუსვამს ჟურნალისტს, რაც კი მთელი საარჩევნო პერიოდის მანძილზე ტრიალებდა დებატებში მონაწილე კანდიდატების გარშემო.

საბოლოოდ მაყურებელმა ვერაფერი მიიღო, ვერც ინფორმაცია და ვერც სანახაობა. ვერც ანალიტიკოსების საქმე გაადვილდა ამ გადაცემით, რომ დასკვნები და პროგნოზები გაეკეთბინათ. ერთი სიტყვით, დებატები დებატებისთვის გამოვიდა.

სკანდალი - ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად იზიდავს მაყურებელს და რომელიც მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანაში თან სდევს საარჩევნო პროცესს. ამომრჩევლის არჩევანზე ზემოქმედების საუკეთესო ხერხი სწორედ კარგად ორგანიზებული სკანდალური მასალების სერიაა, რომელსაც საარჩევნო სუბიექტები გეგმავენ და მედიისთვის მეტად დილემური საკითხია, როგორ უნდა გააშუქოს ასეთი ამბები.

ამ დილემის წინაშე აღმოჩნდა ქართული მედია 2012 წელს, რომ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ციხეში პატიმართა წამების კადრები გამოჩნდა. მედიის დიდმა ნაწილმა კადრები უაპელაციოდ აიტაცა და მსხვერპლთა იდენტიფიცირებასაც არ მოერიდა. მოგვიანებით, არჩევნების დღის წინა ღამეს უფრო შოკის მომგვრელი სკანდალი შემოგვთავაზა მედიამ - ჩვილი ბავშვის “მკვლელობა” საარჩევნო მიზნების საბაბით.

მოგვიანებით გაირკვა, რომ წამების კადრების ნაწილი ინსცენირებული იყო, ჩვილის “მკვლელობის” დადგენაც ვერ შეძლო გამოძიებამ და მითუმეტეს მასში პოლიტიკური კვალის აღმოჩენა. თუმცა სერიის დამგეგმავებმა სასურველ შედეგს მიაღწიეს, ხელისუფლება არჩევნების გზით გადაიბარეს.

ეს ამბები მედიის პროფესიონალებისა და მკვლევარების სიღრმისეული ანალიზის და დისკუსიის საგანი რომ გამხდარიყო, შესაძლოა, ისეთივე შემარყეველი ძალა აღარ ჰქონოდა ფარულ ჩანაწერებს, რომლებიც, ერთის მხრივ, ბიზნესის რეკეტის სქემად შემოგვთავაზა მედიის ნაწილმა, ხოლო, მეორეს მხრივ, დანაშაულში მხილებული მაღალჩინოსნების დაუსჯელობის სინდრომად.

რეალობაა ისაა, რომ საარჩევნო ყუთთან მისული ამომრჩევლები შინაგანი რწმენის იმედად იქნებიან, დაიჯერონ თუ არა ბიძინა ივანიშვილის 4 თითის ვიდეოს არსებობა; ირწმუნონ თუ არა მირზა სუბელიანის “ციხის აღსარების” რეალისტურობა და ა.შ.

რეალობაა ის, რომ წლევანდელ არჩევნებზე ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიაში გენერირებულმა სკანდალებმა გადაფარა ხელისუფლების საარჩევნო სტრატეგიული გეგმა, რომელმაც წინა არჩევნების დროს წარმატებით იმუშავა და რომელიც წინა ხელისუფლების დაბრუნების შიშის გაღვივებას ეფუძნებოდა.

მედიაში განხილვის მთავარი თემა 2015-16 წლებში სწორედ ეს იყო - გეგმავს თუ არა მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი მორიგ რევოლუციას და არეულობის ორგანიზებას ქვეყანაში. ამ ვერსიის გასამყარებლად შიგადაშიგ მედიაში “იჩეკებოდა” ე.წ. უკრაინულ ვებ-გვერდებზე გენერირებული ფარული აუდიო ჩანაწერები სააკაშვილსა და მის თანაგუნდელებს შორის.

ასე იქნებოდა წელსაც, თუმცა უკრაინული საიტების “მადანმა” აღარ იმუშავა მედიაში, რადგან ხელისუფლებამ პირველი დიდი კრახი თავისივე გეგმის გამო განიცადა, როცა მარიხუანის კულტივაციის თემა შემოაგორა საარჩევნო პერიოდში. ამას დაემატა ორივე მხარეს ამოქოქილი ტროლების მანქანა თემაზე: ვინ უფრო რუსეთის აგენტია - სალომე ზურაბიშვილი თუ გრიგოლ ვაშაძე?

ყალბი ამბები - ეს მთელ მსოფლიოში დამკვიდრებული ტრენდია წინასაარჩევნო პერიოდში და, ამ მხრივ, არც საქართველო აღმოჩნდა გამონაკლისი.

მაგალითად, ყალბი აღმოჩნდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებში მხარს “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერდა; ასევე, ყალბი აღმოჩნდა სოციალურ ქსელებში და შემდეგ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული КГБ-ს მოწმობა, რომელიც თითქოს გრიგოლ ვაშაძეს ეკუთვნის; ყალბი აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილის სახელით გავრცელებული განცხადებების ნაწილი და ა.შ. თუმცა, ყალბმა ამბებმა თავისი საქმე გააკეთეს. ამომრჩევლის ნაწიილი ამ ამბების უტყუარობაში მყარადაა დარწმუნებული.

რა ინფორმაციას ფლობს ამომრჩეველი მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებზე? - ეს არის შეკითხვა, რომელზე ამომწურავი პასუხიც შეიძლება მედიამონიტორინგის საბოლოო ანგარიშში ამოვიკითხოთ, როცა შევიტყობთ, თუ რას სთავაზობდა მათ მედია საარჩევნო სუბიექტებზე. თუმცა, თვალის ერთი გადავლებით, ცხადზე ცხადია, რომ ამომრჩევლის მთავარი ინტერესის საგნად მედიამ მხოლოდ ერთი საკითხი აქცია - სალომე ზურაბიშვილია ქვეყნის მოღალატე და რუსეთის აგენტი, თუ გრიგოლ ვაშაძე?

მაგრამ რა მტკიცებულებები აქვს მედიას? - ძირითადად ეს არის შთაბეჭდილებები და ვერსიები, როგორც თავად ჟურნალისტების, ისე მათი რესპონდენტების მიერ გამოთქმული.

რა არჩევანი უნდა გააკეთოს ამომრჩეველმა? - ცხადია, რომ ეს იქნება ნაკლებად ინფორმაციული და უფრო მეტად ემოციური თუ მანიპულაციური არჩევანი - წინა ხელისუფლების დაბრუნების ან ქვეყნის რუსულ ორბიტაზე შეტრიალების შიშზე დაფუძნებული.

კატეგორია - ბლოგი
არც ისე დიდი ხნის წინ ქართული მედია ყურადღების მიღმა ტოვებდა ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებს და სრულიად აიგნორებდა ისეთ თემებსაც კი, როგორიც არის ოჯახში ძალადობა და ფემიციდი/ქალთა მკვლელობები.

 


მახსოვს 2010 წელს, ჯერ კიდევ გენდერის კვლევების მაგისტრატურის სტუდენტი, ერთ-ერთ კვლევით პროექტში ვმონაწილეობდი. 2006-2010 წლებში გავრცელებული რამდენიმე დიდტირაჟიანი ჟურნალ-გაზეთი და ნაციონალური არხის სატელევიზიო გადაცემა გავაანალიზეთ იმ მიზნით, რომ მედიის როლი გაგვერკვია ოჯახში ძალადობისა და გენდერული თანასწორობის პრობლემებთან მიმართებაში.

ცხადია, ჩვენ კონტენტ- ანალიზი გვაინტერესებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქართულ მედიაში მაშინ ამ თემებზე დისკურსი თითქმის არ არსებობდა. ოჯახში ძალადობის პრობლემაზე სულ 11 სტატია (3 გაზეთი: ახალი თაობა, თბილისელები, 24 საათი და 4 ჟურნალი: ცხელი შოკოლადი, პრაიმ თაიმი, ლიბერალი, კარიბჭე) და 4 ტელეგადაცემა ვიპოვნეთ. აქედან უმრავლესობა უფრო აღწერითი ხასიათის იყო ვიდრე ანალიტიკური. მაშინ ვფიქრობდი და ამას სხვებიც იზიარებდნენ, რომ მთავარი მედიის დღის წესრიგში ქალთა პრობლემების გაჩენა იყო და ეს ყველა შემთხვევაში პოზიტიური შედეგების მომტანად წარმომედგინა.

2011 წელს, თვითორგანიზებული არაფორმალური ფემინისტური ჯგუფები როდესაც გამოჩდნენ, რომლის ნაწილი მეც ვიყავი, მედია, ჩვენი დიდი ძალისმხევის მიუხედავად, საერთოდ არ ინტერესდებოდა არც აქციებით და არც იმ თემებით, რომლებსაც ვაყენებდით. შემდეგ უკვე ნელ-ნელა, მაგრამ გამოჩნდა თითო-ოროლა მოკავშირე მედია-პლატფორმა, რომლებმაც აქტიურად დაიწყეს ფემინისტი აქტივისტების მიერ ორგანიზებული აქციებისა და დისკუსიების გაშუქება.

ასე, მცირე დოზით, მაგრამ ფემინისტური დისკურსი დაიწყო ქართულ მედიაში. ცხადია, შეცდომები ბევრი მოსდიოდათ და ეს მაშინ ლოგიკურიც იყო, რადგან არც ამ თემების გაშუქების გამოცდილება არსებობდა და არც ქართულ ენაზე შექმნილ სახელმძღვანელოებზე მიუწვდებოდათ ხელი ჟურნალისტებს. ამიტომ, ჩვენ, ახალბედა ფემინისტი აქტივისტებიც და ჟურნალისტებიც, ერთად ვსწავლობდით, როგორ გვემუშავა უკეთესად.

მაგალითად, თავიდან სათითაოდ გვიწევდა თხოვნა ჟურნალისტებისთვის, რომ „სუსტი სქესის“, „მშვენიერი სქესისა“ და „მანდილოსანის“ ნაცვლად, სიტყვა „ქალი“ გამოეყენებინათ. მიხარია, როცა ვხედავ წარსულში სრულიად სექსისტური და მიზოგინიური სტატიებისა თუ სატელევიზიო სიუჟეტების ავტორი არაერთი ჟურნალისტი გენდერულად მგრძნობიარე მედია-პროდუქტს როგორ ქმნის ახლა. ასევე, როგორ გადაიქცნენ ჩვენს მოკავშირეებად წარსულში ანტიფემინისტური გამოცემები და ახლა მაღალპროფესიონალური სტანდარტით აშუქებენ გენდერული თანასწორობის პრობლემებს დღეს. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია „ტაბულა“.

და დღეს თითქოს მოვედით იქ, სადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალთა უფლებები ხვდება მედიის დღის წესრიგში, რადგან უამრავი სტატია და ბლოგი იწერება, სიუჟეტები და გადაცემებიც მზადდება. აქციებზე კი ზოგჯერ უფრო მეტი ჟურნალისტია, ვიდრე აქტივისტი და ამ თემებზე დისკუსია-დებატიც აღარ წარმოადგენს იშვიათობას სხვადასხვა ცენტრალურ არხზე. მაგრამ, დღეს მე აღარ ვფიქრობ, რომ გენდერული თემატიკის არსებობა მედიაში ყოველთვის პოზიტიურ როლს ასრულებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის. პირადი გამოცდილებით ვხედავ, რომ სიკეთეების მომტან ცვლილებებთან ერთად, მედიას პირიქითაც ასეთივე წარმატებით შეუძლია გაამყაროს და კვლავაწარმოოს ის კულტურული ნორმები, რომლებიც საბედისწერო როლს ასრულებენ ადამიანების ცხოვრებაში.

წინა წლებისგან განსხვავებით, დღეს ქართულ ენაზე ცოდნა უკვე ხელმისაწვდომია - სახელმძღვანელოებიც არსებობს და არაერთი სასწავლო კურსიც, როგორ გააშუქონ ჟურნალისტებმა სხვადასხვა პრობლემური თემები. გარდა ამისა, არსებობს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მკვლელობების სტატისტიკაც და არაერთი კვლევა სხვადასხვა პრობლემაზე.

ამიტომ, ამ ფონზე მიამიტური უცოდინრობით ვეღარ აიხსნება, მაგალითად, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული „კომედი შოუს“ ერთ-ერთი სკეჩი, სადაც ოჯახში ძალადობა გაშარჟებულია. ქალის მსხვერპლობის კომიკურობის დემონსტრირება რას ემსახურება იქ, სადაც ყოველი მეშვიდე ქალი ძალადობის მსხვერპლია, ხოლო ყოველწლიურად ოცზე მეტ ქალს კლავენ ქმრები, შეყვარებულები თუ ყოფილი პარტნიორები?!

მსხვერპლ ქალებს ისედაც ჰგონიათ, რომ ჩვენ მათი არ გვესმის, რომ ეს პრობლემა სხვებისთვის არასერიოზულია და ამიტომ ხმის ამოღებას აზრი არ აქვს. მედიის მხრიდან ეს მიზანმიმართული მავნებლობაა და მას არ აინტერესებს, რომ მსგავსი გზავნილები მოძალადეებისთვის წამქეზებლურია, ხოლო ტრამვირებული ქალების თვითშეფასებაზე დამანგრევლად მოქმედებს.

2018 წლის მარტში კი, როცა ქალებმა სექსუალურ შევიწროვებაში ზვიად დევდარიანი ამხილეს და ამ თემაზე ხმამაღლა საუბრის დაწყება ძლივს გაბედეს, იმავე „კომედი შოუში“ მორიგი სკეჩით ანალოგიურად გააშარჟეს სექსუალური შევიწროვების პრობლემაც. რა არის ეს, თუ არა ქალების ტრაგიკული გამოცდილების მიზანმიმართული ვულგარიზება? 2018 წლის 6 სექტემბერს, სხვადასხვა არხზე გასული სიუჟეტებით კი ქართულმა მედიამ მოახერხა და ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის სასამართლო პროცესის გაშუქება „სიყვითლით“ შეაზავა. პროცესის გაშუქებისას საინფორმაციო გამოშვებებმა მთავარ ამბად მოკლულის დედასა და ბრალდებულის ოჯახის წევრებს შორის მომხდარი დაპირისპირება გადმოგვცეს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და იმედმა საერთოდ ამ კადრებით დაიწყეს სიუჟეტები, თითქოს უფრო მნიშვნელოვანი არა ქალის სიცოცხლე, არამედ სასამართლოში იმ დღეს ატეხილი ხმაური იყო.

განსაკუთრებული მავნებლობით მაინც ის გასართობი ტოქშოუები გამოირჩევიან, რომლებმაც ქალთა უფლებები ე.წ. ყვითელ თემად გადააქციეს. ყველაზე დიდი ცინიზმი კი ის არის, რომ ხშირად თავად ქალების, უფლებადამცველების, ფემინისტი და ლგბტ აქტივისტების მონაწილეობით ეწყობა სრულიად უშინაარსო, ანალიზისგან და გადაჭრის გზებზე მსჯელობისგან დაცლილი ცირკი.

დიდი არჩევანი რადგან არ არის, ქალები ცდილობენ ასეთი შოუები გამოიყენონ საკუთარი სათქმელის გასაჟღერებლად. გადაცემაში მისულმა კი შეიძლება აღმოაჩინონ, რომ არა პრობლემაზე სადისკუსიოდ, არამედ გივი სიხარულიძესთან პირისპირ სხედან, რომელსაც ისინი სელექციური აბორტებისა და ადრეული ქორწინებების სტატისტიკაზე ესაუბრებიან, გივი სიხარულიძე კი მათი საუბრის ფონზე ყვირის, მაგალითად, რომ მათნაირ ქალს ლექსს არავინ მიუძღვნის (!). შედეგად, პრობლემებზე საუბრის მცდელობისა და ჩართული სადღეგრძელობის სინთეზით იქმნება საუკეთესო ყვითელი შოუ.

მსგავს ყვითელ გადაცემებში სიარული დროის კარგვის გარდა, რომ არსებული პატრიარქალური წესრიგის გამყარებაში თანამონაწილეობა იყო, მე დიდი ხნის წინ მივხვდი. მიუხედავად ამისა, მაინც აღმოვჩნდი 2017 წლის 24 ივნისს ერთ-ერთ ასეთ გადაცემაში „პრაიმშოუ“. მსგავსი ტოქშოუების მიზანმიმართულ მავნებლობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მაშინ, როცა შეთანხმების მიუხედავად, გივი სიხარულიძე და ბესო ჩუბინიძე შემოიყვანეს გადაცემაში შუა ჩაწერის დროს. წამოვედით, მაგრამ ჩვენი მონაწილეობით შოუ მაინც შედგა და იმ საღამოს ქალთა უფლებებზე კიდევ ერთხელ გაერთო „იმედის“ მაყურებელი.

ერთ-ერთ ბოლო „პრაიმშოუ“ კი, რომელიც 17 ოქტომბერს გავიდა ეთერში, მარადიული და ამოუწურავი სექსის თემას მიუძღვნეს. მოწვეულ სტუმრებში, ტრადიციულად ლალი ბადურაშვილი და გივი სიხარულიძე მოიხმეს, რომლებსაც მოაყოლეს ვინმე არქიმანდრიტი და დოდოშკა ხურცილავა, მამა-შვილი ფალავანდიშვილი და სხვანი. ე.წ. „მეორე მხარე“, ასევე, ტრადიციულად ბლოგერი ირინა ტორონჯაძით იყო წარმოდგენილი.

კითხვაზე - რატომ წამოწიეს ეს თემა, წამყვან-პროდიუსერმა გადაცემის ბოლოს კმაყოფილი სახით გვაუწყა „აი, თუნდაც ამიტომ, რაც ნახეთ მთელი დღევანდელი გადაცემის განმავლობაშიო“. და რა ვნახეთ? მით უმეტეს, რა გავიგეთ? ყველაზე საგანგაშო მაინც ის არის, რომ მთელი ამ გადაცემით კიდევ ერთხელ უთხრეს ახალგაზრდა გოგონებს, რომ სექსი თუ მოუნდებათ, ერთადერთი გზა ამის მისაღებად ქორწინებაა. იმიტომ, რომ მამა ფალავანდიშვილი ქორწინებამდე სექსს მრუშობად გვითვლის ქალებს. იმ ვინმე არქიმანდრიტმა კი დაგმოძღვრა, ქალწულება ღვთისმშობლის ბაძვაა და თან კაცებსაც ურჩევნიათ ქალწული ჩაბარდეს ქალიო. გივი სიხარულიძემ ტრადიციას არ უღალატა და რაღაცნაირი სიამაყით გამოაცხადა, რომ ანგელოზი სულაც არ არის, მაგრამ ამ თვითგამოცხადებულმა მრუშმა და ცოდვილმა, მორალი წაგვიკითხა სულის სისპეტაკზე, რომელიც, მისივე აზრით, ქალისთვის უსექსობით მიიღწევა.

ბევრი დასამახსოვრებელი მომენტიდან, ლალი ბადურაშვილის აღშფოთება საუკეთესო იყო გივის ცოდვილობასთან დაკავშირებით. „პირიქით, ამაზე სუფთა და მოყვარული ადამიანი არ არსებობსო“ კატეგორიული ტონით დაასკვნა და იქვე დაამატა „ აბა, ცოლის ღალატი რა მოსატანია იმასთან, ზოგი ამხანაგს და სამშობლოს რომ ღალატობსო“. იქ მყოფთაგან ზოგი წამყვანი და სტუმარი ქალების სექსითვის პატიებისკენ მოგვიწოდებდა, ქალს ერთხელ „იქნებ შეეშალაო“ ან „შეცდომა დაუშვაო“.

მოკლედ, საათზე მეტხანს ვისმინეთ ორმაგი მორალური სტანდარტებით გაჯერებული მავნებლური განხილვა ქალების სექსუალურ ცხოვრებაზე და თან მორალიც ისევ ქალებს წაგვიკითხეს - რა პრობლემებიც გვაქვს, თურმე, ჩვენივერ ბრალია, რადგან თავად ქალებს არ უნდათ თანასწორობა.

ვხედავთ და ფაქტია, რომ ქალთა უფლებების „გაყვითლება“ და გაკომიკურება ქართული მედიის ბოლო წლების განსაკუთრებული ვნებაა. ტელევიზიებმა კარგად იციან ეს როგორ გააკეთონ და ცირკად ქცეულ სანახაობას, ზოგჯერ, შენივე მონაწილეობით „რეიტინგი დააწერინონ“. მედია კი, რომელმაც იცის, რომ მსგავსი გადაცემებით საზოგადოებაში არსებულ სტიგმებს და სტერეოტიპებს ამყარებს, მაგრამ აგრძელებს და ამას რეიტინგით ამართლებს, მიზანმიმართული მავნებელია და საერთო არაფერი აქვს საზოგადოებრივ სიკეეთეებთან.
კატეგორია - ბლოგი
25 ოქტომბერს ქალაქ გორში 9 წლის გოგონა სასტიკად მოკლეს. ქართული მედიის ნაწილმა კი კვლავაც ვერ გაუძლო ცდუნებას, რომ ტრაგედიის გაშუქება სენსაციურობისაგან დაეცალა, ყოფილიყო ემპათიური მგლოვიარე ოჯახის წევრებისადმი და საზოგადოებაში პანიკის დათესვის ნაცვლად, სამართალდამცავების მუშაობისათვის შეეწყო ხელი.

ამ წერილში შეგნებულად არ დავასახელებთ არც ერთ მედიასაშუალებას, რომელმაც, ჩემი აზრით, ამბის გაშუქებაზე მეტად მაყურებლებში პანიკის დათესვასა და ამბის არაადეკვატურად მიტანას შეუწყო ხელი, ნაცვლად რაციონალური და პროფესიონალური რეპორტინგისა.

ამ წერილის მიზანი არის არა ვინმეს დასახელება და შერცხვენა, არამედ უკვე მანტრასავით არაერთგან, არაერთგზის გამეორებული პრინციპის კიდევ ერთხელ გამეორება - ჟურნალისტმა თავისი საქმიანობთ, როგორც მინიმუმ, უფრო მეტი ადამიანი არ უნდა დააზარალოს, ტრაგედიების გაშუქებისას, თუკი ვერავის ეხმარება ის.

გარდაცვლილის აღმოჩენიდან რამდენიმე საათში, როცა კრიმინალისტებს ადგილზე მუშაობაც კი არ ჰქონდათ დასრულებული, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ შოკში მყოფი ოჯახის წევრებს კომენტარის გაკეთება სთხოვა. გარდაცვლილის მამის ღრიალიც ვერ გახდა ნიშანი ზოგიერთი მათგანისთვის, რომ Facebook Live გაეთიშათ ადგილიდან, სადაც არაფერი ხდებოდა გარდა ოჯახის წევრებისა და მეზობლების გლოვისა.

ზოგმა ადგილზე მისული ჩინოვნიკების კომენტარებზე ნადირობა გააჩაღა, თითქოს ქალაქ გორის საკრებულოს წევრს, მერს ანდა შს მინისტრის მოადგილეს რაიმე ინფორმაცია შეიძლება ჰქონოდა დანაშაულის შესახებ, რომელიც ორიოდე საათის წინ მოხდა. ან თითქოს არ იციან ჟურნალისტებმა, რომ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაშიც კი, ოფიციალური პირები მედიასთან არაფერს იტყვიან ვიდრე ელემენტარული საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდება. თითქოს პოლიტიკური პირების დანაშაულის ადგილზე ყოფნა რეალურ ღირებულებას ქმნიდა ამბისთვის.

როგორც ტრაგედიების გაშუქებისას ხდება ხოლმე, ჟურნალისტების ნაწილმა ჩაწერა ამბისგან შეძრული მეზობლები, რომელთაგან თითოეულს დანაშაულის საკუთარი ვერსია აქვს. მაგალითად რამდენიმემ პოლიტიკური სარჩულის ძიება გოგონას სახლში გადასვენებამდე დაიწყო. ზოგიერთმა ჟურნალისტმა კი სათითაოდ ჩამოიარა შეკრებილი ადამიანები (მათ შორის გარდაცვლილის ბაბუა) და დაჟინებით სთხოვდა გაემეორებინათ, რომ მათ შვილების ქუჩაში გაშვების შეეშინდებოდათ მეორე დღიდან. სიტყვა ტრაგედია ვერ აღწერს იმ ამბის სიმძიმეს რაც გორში მოხდა. ხოლო ის, რაც ჟურნალისტებმა გორში ჩაიდინეს სხვა არაფერია თუ არა ტრაგედიის გაბაიბურება და სენსაციურობას შეწირული პროფესიონალიზმი.

რეპორტინგი არ არის მხოლოდ რესპონდენტისთვის შეკითხვის დასმა. ჟურნალისტიკა გულისხმობს, რომ რესპონდენტამდე საკუთარ თავს დაუსვა შეკითხვები - ღირს თუ არა ამბის გაშუქება საერთოდ? უნდა გააშუქო თუ არა ამბავი კონკრეტულ დროსა და სივრცეში? რა ფორმით ჯობია ამბის თხრობა? ვინ უნდა ისაუბროს? რამეს ხომ არ აზიანებ მიშვერილი მიკროფონითა და კამერით? რა უნდა აჩვენო? რა უნდა დამალო? ოღონდ ეს ყველაფერი თეორიაა და მგლის თავზე ნაკითხი სახარების მსგავსად, რეალობა ხშირად რეპორტიორებსა თუ ოპერატორებს სულაც არ აძლევს იმის დროს, რომ საკუთარ თავთან გასცენ შეკითხვებს პასუხები. ამიტომ, რთულია, მორალი წაუკითხო ჟურნალისტებს. თუმცა იოლია, რომ საღ აზრზე ისაუბრო მათთან. იმიტომ, რომ საღ აზრს არ სჭირდება ბაკალავრის დიპლომი, ლოპოტაზე ტრენინგები და ეთიკის ნორმებში მეცადინეობა. ის ან გაქვს, ან - არა.

ხოლო მათ, ვისაც საკუთარი საღი აზრის იმედი ვერ ექნება პროფესიულ საქმიანობაში, არსებობს ეთიკური სტანდარტების არაერთი სახელმძღვანელო, სადაც დეტალურად არის გაწერილი თუ როგორ უნდა მოიქცეს რეპორტიორი დანაშაულის ადგილას და როგორ უნდა გააშუქოს გორში მომხდარი ამბის მსგავსი ტრაგედიები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სახელმძღვანელო კრიმინალური ამბების შესახებ პირდაპირ ამბობს:

  • „კრიმინალური ფაქტის გაშუქებისას ეთიკის სტანდარტების დარღვევის უფრო დიდ რისკი არსებობს ახალი ამბების მომზადებისას. როდესაც ფაქტი ახალი მომხდარია, ემოციური ფონი გამძაფრებულია, რაც გავლენას ახდენს ჟურნალისტის ემოციებზე. მედია უნდა შეეცადოს, შეინარჩუნოს ნეიტრალური ტონი და არ მოექცეს ამბის მონაწილეთა ემოციური გავლენის ქვეშ.
  • მედიამ არ უნდა დაუშვას უსაფუძვლო პანიკის შექმნა საზოგადოებაში, ჭორების ან უსაფუძვლწო ვარაუდების გავრცელება...“

იქვე აღნიშნულია,

  • „მასალის მოსამზადებლად განკუთვნილი მცირე დროის გამო პირველი გამოწვევა ჟურნალისტებისთვის არის მსხვერპლის ინტერვიუზე დათანხმება. ეს განსაკუთრებით რთულდება მათთვის, ვისაც ვიდეორეპორტაჟის მომზადება სურს, რადგან დაზარალებულს შესაძლოა, არ უნდოდეს კადრში გამოჩენა იმ მდგომარეობაში, რაშიც მომხდარის შემდეგ იმყოფება. ეთიკურად გაშუქებისთვის: »
  • მსხვერპლთან საუბარი დაიწყეთ კამერისა და სხვა ტიპის ჩამწერის გარეშე. შეუთანხმდით ინტერვიუზე და ამის შემდეგ დაიწყეთ ჩაწერა. წარუდგინეთ საკუთარი თავი, რათა რესპონდენტმა იცოდეს ვის ესაუბრება.
  • მედია უნდა შეეცადოს, არ მოახდინოს მსხვერპლის რეტრავმირება.
სახელმძღვანელოს სრულად ნახვა შესაძლებელია ჟურნალისტური ეთიკის ვებგვერდზე.

ამავე თემაზე საინტერესო რესურსების (ინგლ) მოძიება შესაძლებელია ჟურნალისტიკისა და ტრავმის დარტ ცენტრის ვებ-გვერდზე.
კატეგორია - ბლოგი
მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სამი ჟურნალისტი დაიბარა. გადაწყვიტა, რომ გამოჩნდეს სამ რეიტინგულ არხზე და იქვე განსაზღვრა ვისგან უნდოდა კითხვების მოსმენა. სიგნალის გადაცემის უზრუნველყოფაც თავის თავზე აიღო. ფაქტობრივად, სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მქონე არხების გაერთიანებული ტოქშოუ დაგეგმა და ფორმატიც შეიმუშავა.

პირველი წინააღმდეგობა დასაწყისშივე შეექმნა - სამიდან ორმა ტელეკომპანიამ უთხრა, რომ მათი გადასაწყვეტია ვინ დასვამს კითხვას, ამიტომაც  ინტერვიუზე სხვა ჟურნალისტები გაუშვა.

"გასაოცარი დემოკრატიის" ქვეყნებში თანამდებობის პირები, ქვეყნის მმართველები, პრესკონფერენციებს მართავენ და შერჩევით არ ეძახიან მედიას, რადგან არსებობს ანაგარიშვალდებულება ამომრჩეველთან, საზოგადოებასთან. ასეთ ქვეყნებში არ ამადლიან ჟურნალისტებს კითხვაზე პასუხს, არ ჩნდებიან მხოლოდ იმ არხზე, სადაც "ნეგატივი" არ დახვდებათ. თუნდაც უხერხულ და უსიამოვნო კითხვებზე პასუხი იქ საჯარო პირების სამსახურის ნაწილია, იმიტომ, რომ ჟურნალისტები აუდიტორიისთვის საინტერესო საკითხებზე სთხოვენ პასუხს. საჯარო პირები მონოლოგის რეჟიმში არ საუბრობენ, არ მიაჩნიათ, რომ ჟურნალისტებთან მათ უნდა წაიყვანონ დისკუსია - ზუსტად იციან მედიის როლი.

არ უგეგმავენ მედიას ისეთ ტოქშოუს, სადაც მოდერატორი რესპონდენტია და თავად განსაზღვრავს რომელი მედიასაშუალებიდან კონკრეტულად რომელმა ჟურნალისტმა უნდა დასვას კითხვა, რადგან თავმოყვარე მედია ამ პირობაზე არ დათანხმდება. ჭკუას არ ასწავლიან ჟურნალისტებს, არ უკითხავენ ლექციას და არ ჰპირდებიან, რომ პიარ ჯგუფთან კონსულტაციის შემდეგ მცდელობას არ დააკლებენ, რომ ამ ტელეკომპანიაში “განსხვავებული აზრი შევიდეს.”

თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმეს მაინც იზამენ, “გასაოცარი დემოკრატიის” ქვეყნებში ეს ფაქტები მედიაზე ზეწოლად, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად აღიქმება. ყველა მედია გაერთიანდება, დაახლოებით ისე, როგორც ეს ამერიკაში გააკეთეს.

და რადგანაც არ ვართ "გასაოცარი დემოკრატიის" ქვეყანა, ჩვენთან ზემოთ აღწერილი ქმედებები სრულიად ბუნებრივია მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის. აქ პრობლემად მხოლოდ ფიზიკურ ზეწოლას აღიქვამენ, როგორც ჩანს. რადგანაც ასეთ ვითარებაში ვიმყოფებით, მედია იძულებულია დასთანხმდეს იმ კაცთან ინტერვიუს (თუნდაც მის მიერ შემოთავაზებული ფორმატით), ვის მიმართაც ყველაზე მეტი კითხვა არსებობს და სულაც არ თვლის თავს ვალდებულად პროაქტიულად უპასუხოს ხოლმე ყველა კითხვას. სამაგიეროდ მედია გრძნობს პასუხისმგებლობას - სცადოს მაინც კითხვების დასმა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

ეს რესპონდენტის მიერ განსაზღვრული ტოქშოუ მერე თუნდაც იმად ღირს, რომ გაიგო როგორ ესმის ქვეყანაში პოლიტიკის წარმმართველს მედიის ფუნქცია, როგორ არ მოსწონს, როცა ჩაეძიები, ჩაეკითხები. კითხვებზე პასუხის ნაცვლად ასეთი შეხვედრის დროსაც მონოლოგს და "ნეგატივის" გარეშე საუბარს როგორ ელის. როგორ უწევთ ჟურნალისტებს მუდმივად შენიშვნების მიღება, ერთგვარად საქმის გარჩევა მათ მიერ მომზადებულ პროდუქტზე. "დამელოდეთ", "კულტურა იხმარეთ" - ასეთი შენიშვნები უფრო შერბილებულადაც კი ჩანს, თუკი ბიძინა ივანიშვილის წინა წლების ინტერვიუებს გადავხედავთ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მედიის "ჭირხვნა" პირველივე პრესკონფერენციიდან დაიწყო.

აი, იმ პრესკონფერენციებს თუ გავიხსენებთ, თუნდაც სულ ბოლოს, 2016 წელს, სადაც 11 ჟურნალისტი და მაუწყებელი იყო წარმოდგენილი, ბევრი რამე თვალსაჩინო გახდება - მაგალითად, როგორ გაქრა ბაზრიდან რამდენიმე მათგანი და ვერ მივიღეთ ხელისუფლების მიერ ხშირად ნახსენები მედიაპლურალიზმი. იმ ჟურნალისტთაგან ნაწილი საჯარო სამსახურში წავიდა, ერთი დეპუტატი გახდა და მხოლოდ ერთეულები არიან ისევ ეკრანზე.

23 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე სამწუხარო ერთი ფრაზა თქვა „დღეს რომ გამორთო რუსთავი 2, ქვეყანაში აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ვერ ნახავთ“
კატეგორია - ბლოგი
1973 წელს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, იან-ერიკ ოლსონმა და კლარკ ოლაფსონმა „Kreditbanken”-ის, იმ დროისათვის ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის, დაყაჩაღების მცდელობისას, 4 თანამშრომელი აიყვანა მძევლად (3 ქალი და ერთი მამაკაცი). რამდენიმედღიანი წამებისა და დახოცვის მუქარის შემდეგ კი, ბანკის თანამშრომლებმა არა თუ უარი თქვეს დამნაშავეების წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, არამედ ჯერ მათთან ერთად გაქცევას შეეცადნენ, შემდეგ კი ამტკიცებდნენ, რომ ოლსონი და ოლაფსონი ძალიან კეთილი ადამიანები იყვნენ. დატყვევებულთაგან ორი მოგვიანებით ციხეში ესტუმრა დამნაშავეებს და მათზე იქორწინეს. ამ პარადოქსულ მიზიდულობას, რომელიც აგრესორსა და მსხვერპლს შორის გაჩნდა, მოგვიანებდით სტოკჰოლმის სინდრომი ეწოდა.

სწორედ ასეთი პარადოქსული სინდრომის ნიშნების არ დანახვა შეუძლებელი იყო რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, ერთმანეთის მიყოლებით, სასულიერო პირებთან ჩაწერილი ინტერვიუების ყურებისას. 22 სექტემბერს, შაბათის კურიერის წამყვანმა ნოდარ მელაძემ შერონ სტოუნის სასტუმროს ნომრის შემდეგ, ალბათ ყველაზე დიდი ექსკლუზივი მოიპოვა - ჯერ ბოდბელ ეპისკოპოსთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსთან, მეუფე იაკობთან ჩაწერა თითქმის ნახევარსაათიანი ინტერვიუ, შემდეგ კი ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტ, მეუფე ანტონთან. 23 სექტემბერს, ამ არხზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე სიუჟეტი მოამზადეს, ამჯერად უკვე კურიერი P.S.-ისათვის.  

კვირის მანძილზე და განსაკუთრებით უქმეებზე, ტელევიზიების ეთერში სასულიერო პირთა სიუხვე გასაკვირი არ იყო სამედიცინო კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონის გარშემო ატეხილი ხმაურიდან გამომდინარე. რამდენიმე დღის წინ, სასულიერო პირებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს ხელისუფლებას მათი პოლიტიკური წონისა და ძალის შესახებ, რომელიც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონკორდატის ფარგლებს ხშირად სცდება ხოლმე. ასეთი გადაცდომების მაგალითები კი ჩვენს პოლიტიკურ ველში არაერთია. მაგალითად, საპატრიარქოს, სასულიერო პირების თუ მათთან დაახლოებული პირების ინტერვენციები სკოლებში საგან „მე და საზოგადოებას“ დანერგვასთან დაკავშირებით, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შემუშავებისა თუ სხვადასხვა დროს წინასაარჩევნო პროცესებში.

როგორც წესი, საპატრიარქოს ყოველ ასეთ ინტერვენციას მთავრობა ხბოს აღტაცებითა და საკუთარი პოზიციების გადასინჯვით პასუხობს ხოლმე. ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი პოზიცია კი ამ თემასთან დაკავშირებით მთავრობისგან მხარდაჭერილმა (რატომღაც) დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დააფიქსირა 18 სექტემბერს ტ/კ „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“. ინტერვიუში, რომელიც გიორგი არველაძის დროინდელი „იმედის“ საუკეთესო ტრადიციებითა და წამყვანის რესპონდენტისადმი სრულ სიამტკბილობაში წარიმართა, თითქმის ყოველ ნათქვამ სიტყვაზე იყო შესაძლებელი, რომ ზურაბიშვილისათვის შესადავებელი მოგეძებნა, გარდა ერთი ნაწილისა, რომლის დროსაც სასულიერო პირების წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევასთან დაკავშირებით მან განაცხადა: „ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რომ ჩაერიოს ბრალდებებით, ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიდაც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ თუ მეორე მხრივ, არც მხარდაჭერით და არც ლანძღვა-გინებით, რაც არ ეკადრება არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ ნაკლებად მეუფეებს.“

თუმცა, რუსთავი 2-მა ანტიკური ანდაზის „ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია“ პრინციპით იმოქმედა და სახელისუფლებო კანდიდატურის ჩრდილის მიყენებას სწორედ იმ ინსტიტუციის წარმომადგენლების დახმარებით შეეცადა, რომლებიც, მსუბუქად რომ ვთქვათ, რუსთავი 2-ს ანათემაზე გადასცემენ ხოლმე წელიწადში რამდენჯერმე. კურიერი P.S.-ში სიუჟეტის, სახელად "დაფრანგული ქალბატონი" და "კანაფის დედოფალი" - დაპირისპირება სალომე ზურაბიშვილსა და მღვდელმთავრებს შორის", დაწყებამდე წამყვანმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ რელიგიურად მოტივირებულმა ადამიანებმა ლამის მანქანაში ჩაქოლეს, სალომე ზურაბიშვილს დიპლომატობა დაუწუნა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი „ეკლესიას დაეტაკა და თითის ქნევა დაუწყო“. ამ სიტყვების ავტორი წელს უკვე მინიმუმ ორჯერ იქცა საპატრიარქოსა თუ ცალკეული სასულიერო პირების კრიტიკის ობიექტად თავისი იუმორის გამო, მეუფე იობმა იგი დაწყევლა, მერე კი გრძელ-გრძელი მონოლოგების კითხვა მოუხდა სუფლიორზე მაყურებლის დასარწმუნებლად, რომ ის მათზე უფრო ქრისტიანია.

მეტიც, საპატრიარქომ 24 მაისს რუსთავი 2-ს ბოიკოტი გამოუცხადა და სამღვდელობას მოუწოდა, ტელეარხთან ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტათ, არ მიეცათ ინტერვიუები და არ მიეღოთ გადაცემებში მონაწილეობა. პასუხად, არხის გენერალურმა დირექტორმა კი განაცხადა: „სამწუხაროდ, საქართველოს ეკლესიის ხელმძღვანელობაში დღეს არიან ძალები, რომლებიც მაქსიმალურად აზიანებენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და ეს ძალები თავმოყრილნი არიან დღეს საპატრიარქოში და აკონტროლებენ მათ შორის საპატრიარქოს სახელით გავრცელებულ განცხადებებსაც [...] ეს ადმინისტრაცია, მე ვიტყოდი ბნელი ადმინისტრაცია, ამ ადმინისტრაციას გადაჰყავს თვითგანადგურების რეჟიმში ქართული ეკლესია, რომელსაც უზარმაზარი ისტორია აქვს და რომლის მრევლსაც მიეკუთვნება ძალიან ბევრი ადამიანი...“

საქართველოში საკმაოდ ძლიერ ინსტიტუციასა და მთავარ ოპოზიციურ ტელეარხს შორის არსებული ასეთი პრეისტორიის ფონზე, ალბათ, ცოტა უცნაური და უხერხულობის მომგვრელი იყო ის დიალოგი, რომელიც შაბათის კურიერის წამყვანსა და მეუფე იაკობს შორის წარიმართა ინტერვიუს ბოლოს. მეუფე იაკობმა ჯერ მედიის როლზე ისაუბრა საზოგადოებაში, შემდეგ ამერიკული მედიის ანატომიაც აუხსნა მაყურებელს, ბოლოს კი ჟურნალისტის ოდნავ თავმომწონე კომენტარს გასცა პასუხი, რომ ის რუსთავი 2-ს ხშირად უყურებს და რომ მათი არხი ბევრ რამეში ობიექტურია. ეპილოგი კი ასეთი გახლდათ:

ჟურნალისტი: თუ არ ვცდები ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასე ვრცლად საუბრობთ ტელეეთერში...

მეუფე იაკობი: მე ასეთი ის არ მქონია...

ჟურნალისტი: ეს ხდება პირველად...

მეუფე იაკობი: პირველად...

ჟურნალისტი: და მხოლოდ კურიერში...

მეუფე იაკობი: მხოლოდ კურიერში... (იღიმის).


ერთი მხრივ, ბუნებრივია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ერთ ორგანიზმად ვერ აღვიქვამთ და ვერ ვიტყვით, რომ არხსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება ყველა მეუფესა თუ მღვდელმთავარს ეხებოდა. მეორე მხრივ, იმის დაჯერება, რომ საპატრიარქოს ბოიკოტი, ჟურნალისტთა წყევლა-კრულვა და ანათემაზე გადაცემა ინსტიტუციურად არ არის ორკესტრირებული, მიტროპოლიტები და ქორეპისკოპოსები კი ამ პროცესებისაგან განმდგარი ცალკეული პირები არიან, ან ცხადი გულუბრყვილობაა ან უბრალოდ პოლიტიკური არჩევანი, თვალი დახუჭო წარსულზე. ასეთი არჩევანის პრობლემა კი ის გახლავთ, რომ ამ დროს, როგორც წესი, ნაბან წყალს (ზურაბიშვილს) ბავშვი (სეკლუარიზმი) გადაჰყვება ხოლმე.

სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიისთვის ჩრდილის მიყენების მცდელობისას რელიგიურ პირებს კიდევ ერთხელ მისცა ტელეკომპანიამ სრული კარტბლანში თვით-ლეგიტიმიზაციისათვის. თითქოს ხელისუფლებისაგან საკმარისი ლეგიტიმიაცია არ ჰქონდეთ, თითქოს მმართველი ძალა უკვე საკმარისად არ იხევდეს უკან მათ წინაშე. ამჯერად სწორედ რუსთავი 2-ის ეთერში მოგვიწია ანტისეკულარული მესიჯების მორიგი დოზის მიღება. მეუფე ანტონმა შემოგვთავაზა, „უშიშროების საბჭოში, განათლების სისტემაში და ყველგან“ ეკლესიის წარმომადგენელი უნდა იქნას დანიშნულიო. ხოლო ქორეპისკოპოსმა იაკობმა, მსუბუქი მუქარანარევი ირონიითა აღნიშნა, რომ თუკი ხელისუფლება გაჯიუტდება და თუკი საჭიროება გახდება, ეკლესია გაცილებით მეტი ხალხის ქუჩაში გამოყვანას შეძლებს.

არადა, მათ მიერ ქუჩაში გამოყვანილი ხალხი ერთხელ უკვე ვნახეთ - 2013 წლის 17 მაისს. სწორედ, 17 მაისს ათეულ ათასობით გამძვინვარებული ადამიანის მიერ 30-იოდე აქტივისტის სასტიკი და არაადამიანური დარბევის შესახებ სწორედ ზემოხსენებული ქორეპისკოპოსი აღნიშნავდა: "ბევრმა თავის ადამიანურ ბუნებას ვერ გადააბიჯა და ვიღაცას მტრად შეხედა, შეაგინა ან ხელი მოუქნია. როგორც მითხრეს, სასულიერო პირებიც იყვნენ მათ რიგებში. მე მათ ვერც გავამტყუნებ და ვერც გავამართლებ, ისინიც ადამიანები არიან და შესაძლოა ნერვებმა უმტყუნათ".
კატეგორია - ბლოგი
შეკითხვაზე „რა ხდება?“ თუკი ოდესღაც ყველას კოკა ყანდიაშვილი და მისი ოდნავ მოსაწყენი გადაცემა ახსენდებოდა, დღეს ეს შეკითხვა, პირადად ჩემს წარმოდგენაში, ქართული მედიების Facebook გვერდებზე გაშვებულ პირდაპირ ჩართვებთან ასოცირდება. გაჭირდება Facebook Live-ის მოძებნა, სადაც კომენტარების ველში მანტრასავით არ მეორდება შეკითხვა „რა ხდება?“. ეს, ერთი მხრივ, შეგვიძლია მოქალაქეთა სულსწრაფობას ან მათ არასაკმარის ციფრულ და მედიაცნობიერებას მივაწეროთ, თუმცა, ამით მხოლოდ სიტუაციას გავამარტივებთ. ხშირად, აუდიტორიის დაბნეულობის წყარო არა თავად მომხმარებლებში, არამედ მედიასაშუალებების მიერ პირდაპირი ჩართვების სახელდახელოდ, ზედაპირულად და ზედმეტად სამოყვარულო დონეზე ტრანსლირებაში შეიძლება იყოს.

 


სოციალური ქსელებისა და ინტერნეტის მიერ ჟურნალისტურ საქმიანობაში მოტანილი სიახლეების შესახებ დისკუსია უკვე მოძველდა. ხოლო ის, რომ ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ერთად, მედიასაც უწევს საქმიანობის ახალი ფორმებისა და ტექნიკების ძიება და მათთან ადაპტირება, უბრალოდ მოცემულობაა. მაგალითად, ონლაინ სტრიმინგის ისეთმა აპლიკაციებმა, როგორებიცაა Meerkat და Periscope, ჟურნალისტებს მისცეს საშუალება, რომ აუდიტორიასთან წვდომა გაცილებით სწრაფად და იოლად დაემყარებინათ. თუმცა ტექნოლოგიური პროგრესი და ახალი ამბების გაშუქების ახალი ხელსაწყოები შესაძლებლობებთან ერთად, გამოწვევებსაც აჩენს. მათ შორის ფორმისა და შინაარსის ადეკვატურად მიწოდების თუ ეთიკის დაცვის თვალსაზრისით.

სწორედ ერთ-ერთ ასეთ მოცემულობად უნდა მივიღოთ Facebook Live-იც, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ გლობალურად შეცვალა ციფრული მედიასაშუალებების მუშაობის სტილი, ტემპი და პასუხისმგებლობები, განსაკუთრებით მიმდინარე ახალი ამბების გაშუქებისას. Facebook Live თავდაპირველად, 2015 წელს, შეზღუდულად, მხოლოდ ცნობილი ადამიანებისათვის დაემატა სოციალურ ქსელს. 2016 წლიდან კი, ამ ფუნქციის გამოყენება, ეტაპობრივად, ყველა მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახდა, მათ შორის მედიებისთვის. მედიებმა რამდენიმე მიზნით დაიწყეს Facebook-ზე Live-ების გაშვება. მაგალითად NPR გამოყოფს Facebook Live-ების მნიშვნელობას ე.წ. Breaking News-ების დროს ადგილიდან რეპორტინგის, გადაცემების სტუმრებსა და წამყვანებს შორის ინტერაქციის, აუდიტორიისთვის სხვადასხვა მოვლენის კულისებს მიღმა შეხედვის შესაძლებლობის, ერთგვარი სიურპრიზის ელემენტების შემოტანისა და შთამბეჭდავი ვიზუალური ეფექტებით რეპორტინგის გამდიდრების კუთხით.

Facebook-ის ამ ფუნქციის გამოყენება ქართულმა მედიამაც დაიწყო. არაერთი მედიასაშუალება უკვე წარმატებულად იყენებს Facebook Live-ს, მაგალითად, ნეტგაზეთი, ლიბერალი, on.ge, რადიო თავისუფლება და ა.შ. აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებში ტრანსლირების ფუნქციას ქართული ტელევიზიებიც, განსაკუთრებით კი TV პირველი, პირველი არხი, მაესტრო და იბერია. თუმცა, ფუნქციის ჩართვიდან ორწელიწადნახევრის შემდეგაც, ზოგიერთი მედიის მიერ პირდაპირი ტრანსლირება სოციალურ ქსელებში ხშირად ქაოტურად, მოუმზადებლად და უსისტემოდ ხდება. ეს კი, პირდაპირ აისახება ტრანსლირებულ მასალასა და მომხმარებლების მიერ მიღებული ინფორმაციის ხარისხზე.

მაგალითად, ქართული მედიასაშუალებების Facebook გვერდებზე შეხვდებით პირდაპირ ჩართვებს, რომელთაც არ გააჩნიათ აღწერა თუ რას შეეხება პირდაპირი ჩართვა, ანდა აღწერა იმდენად ზოგადია, რომ ნებისმიერ Facebook Live-ს შეიძლება მოარგო. მაგალითად, ”ამ წუთებში“, „აქცია პარლამენტთან“, „მინისტრთა ბრიფინგი“ ან „მამუკა ბახტაძის ბრიფინგი“. მსგავსი ზოგადი აღწერები მაყურებლისათვის იმდენად არაფრის მთქმელია, რომ გასაკვირი სულაც არ არის თუკი ასეთი Live-ების მაყურებელთა რიცხვი, როგორც წესი, რამდენიმე ათეულს ძლივს სცდება. ხშირია Facebook Live-ები რომელთაც არ ახლავს, ან თითქმის არ ახლავს ჟურნალისტის კომენტარი და მომხმარებელმა ჩართვაში, რომელიც შესაძლოა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდეს, თავად უნდა მოახერხოს ორიენტირება თუ რა ხდება, ვის და რას ხედავს და რას უსმენს. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, მომხმარებელზე მეტად, თავად მედია სცოდავს და სულაც არ არის გასაკვირი თუკი კომენტარების ველში „რა ხდება?“-ს წვიმა წამოვა.

Facebook Live-ების რუკა. 18.09.2018

შესაძლოა შეხვდეთ ისეთ შემთხვევასაც, როდესაც მედიასაშუალება Facebook Live-ით გადასცემს მდუმარე (!) აქციას, რომლის მონაწილეებიც 20 წუთის მანძილზე ჩუმად სხედან პარლამენტის კიბეებზე და მთელი ამ დროის მანძილზე, კადრში თითქმის არაფერი ხდება. ასეთ ხანგრძლივ დუმილს კი პირდაპირი ეთერი ვერ იტანს. ამიტომ ჟურნალისტი მიდის აქციის მდუმარე მონაწილესთან, რომლის პროტესტის არსიც დუმილია და სთხოვს, რომ ისაუბროს აქციის შესახებ.

რაკი ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ აშუქებენ ამბებს მედიები სოციალური ქსელით პირდაპირი ჩართვისას, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ისიც, თუ რას აშუქებენ ისინი. Facebook Live-ის ჩართვისას ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა ალბათ ის არის, ღირს თუ არა ამა თუ იმ ამბის პირდაპირი ეთერით გადაცემა. მაგალითად, აძლევს თუ არა ღირებულ ინფორმაციას ვინმეს, როდესაც რუსთავში გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მცირე ზომის ორმო გაჩნდება. არის თუ არა Live-ში გასაშვები ის რომ, მსახიობი ია სუხიტაშვილი საერთაშორისო კინოფესტივალიდან დაბრუნდა. რამდენად საჭიროა დაახლოებით 15-წუთიანი პირდაპირი ჩართვა დაუთმო ორი სასულიერო პირის პრესკონფერენციას ნარკოპოლიტიკაზე (!), სადაც რთული გამოსაცნობი არაა, რომ სიძულვილის ენა იქნება არტიკულაციის მთავარი ფორმა. რატომ არის საჭირო მათთვის ასეთი უაპელაციო ტრიბუნის მიცემა, ანდა რა ღირებული ინფორმაცია უნდა გადასცე პირდაპირ ეთერში, როდესაც უშიშროებაში დაკითხვაზე დაბარებული ადამიანი, რომელმაც არ იცის რატომ დაიბარეს, შენობის წინ დგას და ელოდება როდის გაიგებს მისი დაბარების მიზეზს. ანდა, რამდენად ადეკვატურია ერთი საათის განმავლობაში 3 სხვადასხვა თემაზე, რომლებიც სულაც არ არის ე.წ. Breaking News, პირდაპირ ეთერში გაუშვას მედიამ? ყველა ეს თემა შესაძლოა რომ ჩვეულებრივი ვიდეოს ფორმატით, დამონტაჟებული მოხვდეს Facebook გვერდებსა თუ Youtube-ის არხებზე. თუმცა, მონტაჟი დროსა და გონებრივი რესურსის ხარჯვას ითხოვს, ამიტომაც მედიები ირჩევენ Facebook Live-ს. ჩართე, მიუშვირე სმარტფონი და დაელოდე ამბის დამთავრებას.

ასეთი ჩართვების შინაარსიც რომ დავივიწყოთ, კიდევ ერთი პრობლემური საკითხი თავად Facebook Live-ების ტექნიკური მომზადებაა. ალბათ არავინაა დაზღვეული ისეთი შეცდომებისაგან, როდესაც პირდაპირ ეთერში კამერა ისე კანკალებს, რომ მაყურებელს შეიძლება თავბრუ დაეხვას, ან როდესაც მოვლენის ნაცვლად, ჟურნალისტის სხეულის რომელიმე ნაწილს ვუყურებთ, ან როდესაც რეპორტიორს კამერის შეტრიალება ავიწყდება და მის შეშფოთებულ და ოდნავ გაწელილ სახეს ვხედავთ კადრში ან როდესაც ტრანსლირება ყოველ 10 წამში ერთხელ წყდება. თუმცა, ასეთი შემთხვევების სიხშირე, რაც ერთობ დამახასიათებელია ყველაზე სერიოზული მედიასაშუალებებისთვისაც კი საქარათველოში, ხაზს უსვამს იმას, რომ Facebook Live-ებისთვის მომზადება ჯერაც არ მიიჩნევა სერიოზულ საქმედ ზოგიერთი ჟურნალისტისთვის.

ზემოთ მოყვანილი პრობლემების ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება დავასახელოთ არასწორი პარალელი, რომელიც შეიძლება ჟურნალისტმა გაავლოს Facebook-ზე ტრანსლირებასა და ტელევიზიით პირდაპირ ჩართვას შორის. როგორც Facebook Live-ებზე საუბრისას Wall Street Journal-ის აუდიტორიის ზრდაზე პასუხისმგებელი რედაქტორი სარა მარშალი აღნიშნავს, ასეთ პლატფორმებს მედიები უნდა მოეპყრან როგორც დამოუკიდებელ არხებს და არა როგორც ერთგვარ დანამატებს, რომელიც უბრალოდ აირეკლავს იმას, რაც ტელევიზიით ხდება. სოციალური ქსელის ამ ფუნქციის ამუშავებიდან უკვე 6 თვეში კი, BBC-ის ვეტერანი წამყვანი როს ატკინსი ამბობდა, - „Facebook Live ეს არის დამოუკიდებელი მედიუმი. იყო დრო როდესაც ციფრული ჟურნალისტიკა ესმოდათ როგორც ერთგვარი შემავსებელი ტელე და რადიო მაუწყებლობისთვის. ეგ დრო დამთავრდა. კონტენტი, რომელსაც ახლა Facebook-ზე ვამზადებთ დამოუკიდებლად უნდა იდგეს ფეხზე მყარად“. ამიტომაც, ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ სოციალურ ქსელში ტრანსლიერებისას შესაძლოა ის წესები არ გავრცელდეს, რაც ოდესღაც ან დღეს ვრცელდებოდა და ვრცელდება ტელემაუწყებლობისას. როგორც მინიმუმ, გასათვალისწინებელია, რომ Facebook-ზე ტრანსლირებისას, ჟურნალისტს არ ჰყავს სტუდიაში კომფორტულად მოკალათებული წამყვანი, რომელიც შესავალს ანდა კომენტარს დაურთავს ტრანსლაციას. ეს თავად იმ ადამიანის პრეროგატივაა, ვისაც სმარტფონი უკავია ხელში, რაც მის პასუხისმგებლობასა და დატვირთვას რამდენადმე ზრდის.

მეორე მთავარი მახასიათებელი კი მედიისა და მომხმარებლის სპეციფიკური ურთიერთობაა. თუკი ტელეტრანსლაციის დროს პირდაპირი ჩართვის მიზანი იყო უბრალოდ სურათის ჩვენება და ამბის აღწერა, Facebook Live-ს ამბიცია აქვს, რომ ის მაყურებელს არა მხოლოდ ინფორმაციას მიაწვდის, არამედ მას ინტერაქციაში ჩართავს, რითაც უფრო დიდ აუდიტორიაზე გავა. მაყურებლის ჩართულობა კი ერთგვარი რისკიცაა. მედიის ნებისგან დამოუკიდებლად, მათი პლატფორმა შესაძლოა სხვადასხვა ჯგუფებმა ან ინდივიდუალურმა მომხმარებლებმა გამოიყენონ არაეთიკური მიზნებით და სხვა ინდივიდების ან ჯგუფების დასაზიანებლად. ეს განსაკუთრებით კარგად 2018 წლის მაისში, თბილისის კლუბების დარბევისას გაშვებულ Facebook Live-ებზე გამოჩნდა, როდესაც პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანების საწინააღმდეგოდ ნაციონალისტური და რადიკალური ჯგუფები მობილიზდნენ. ეს პრობლემა ავთენტურად ქართული ნამდვილად არ არის და ნებისმიერ დიდ მედიასაშუალებას უდგას, რომლის Facebook აუდიტორიაც რამდენიმე ათას მომხმარებელს აჭარბებს. ამიტომაც დრო და დრო აქტუალური ხდება ხოლმე დიდი მედიების მიერ ე.წ. ფიდბექის მენეჯმენტზე საუბარი და სოციალური მედიის მენეჯერებზე არანაკლებ მნიშვნელოვან პოზიციას წარმოადგენს ე.წ. Community Manager-ის პოზიცია.

საერთაშორისო მედიაორგანიზაციები აქტიურად ქმნიან სახელმძღვანელოებს, რომლებიც ჟურნალისტებს უკეთეს Facebook რეპორტინგში დაეხმარება. მაგალითად, NPR 5 ძირითად რჩევას გამოყოფს, რომელსაც დეტალურად შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ:
  1. აუდიო კვლავაც მნიშვნელოვანია;
  2. Facebook Live არ არის ტელეტრანსლაცია
  3. გუნდის ყოლა, როდესაც ამის საშუალება არსებობს (მაგალითად, კამერაზე ზედამხედველი, ინტერვიუერი, კონტექსტის შესახებ კვლევაზე პასუხისმგებელი პირი და ა.შ.);
  4. უპასუხე აუდიტორიას;
  5. შეამოწმე ინტერნეტზე წვდომის ხარისხი;
  6. შეარჩიე სწორი კამერა.
Poynter-ის ინსტიტუტი კი გამოჰყოფს 10 ძირითად საკითხს, რომელსაც რეპორტიორებმა Facebook-ზე პირდაპირ ეთერში გასვლისას უნდა დაუთმონ ყურადღება:
  1. კითხე საკუთარ თავს: რატომ გადიხარ პირდაპირ ეთერში? ხომ არ ჯობია მაყურებლისთვის, რომ დამონტაჟებული ნახოს ის, რის ჩვენებასაც Facebook Live-ით აპირებ?
  2. გახადე ჩართვა ინფორმაციულად ღირებული;
  3. კონტაქტე აუდიტორიასთან;
  4. პატივი ეცი მომხმარებლის დროს (დაასრულე ჩართვა, როგორც კი მთავარი მოვლენა დამთავრდება);
  5. უთხარი ადამიანებს თუ რატომ ხარ პირდაპირ ეთერში;
  6. ყურადღება გაამახვილე ფაქტებზე;
  7. ჩადე ცოტაოდენი ძალისხმევა ესთეტიკაში;
  8. მონიშნე სპეციფიკური აუდიტორია (აუდიტორია, რომელსაც რაღაც ნიშა აქვს);
  9. გამოამჟღავნე ექსპერტიზა;
  10. იყავი ფრთხილად.
კატეგორია - ბლოგი
წითელა ბოლო წლებში შემთხვევების გახშირების გამო მედიის ფოკუსში მოხვდა: ჩვილის სიკვდილი ბერლინში 2015 წელს; წითელას გავრცელება დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მუსიკალურ ფესტივალზე; კალიფორნიაში ერთი ადამიანის მიერ 150- ამდე ადამიანის დაინფიცირების შემთხვევა - ის თემებია, რომლებიც საერთაშორისო მედიის ჰედლაინებში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ წითელას შემთხვევების გახშირება ვაქცინაციასთან დაკავშირებულ წინააღმდეგობრივი ინფორმაციის გავრცელებასა და ვაქცინაციის რიცხვის შემცირებას დაუკავშირდა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მედია ისე აშუქებდა საკითხს, რომ საზოგადოებას უტოვებდა ცრუ ბალანსის შეგრძნებას - თითქოს ვაქცინაციის მომხრე და საწინააღმდეგო არგუმენტები თანაბარზომიერი იყო. აღმოჩნდა, რომ მედიამ ინდივიდუალური შემთხვევები უფრო გააშუქა (მაგალითად, ამბავი იმის შესახებ ცრიან თუ არა ცნობილი ადამიანები საკუთარ შვილებს). სამწუხაროდ, ცრუ ინფორმაცია, როგორც ექიმებზე, ისე პაციენტებზე მოქმედებს, რადგან მარტივ ენაზე გადმოცემული სიმართლე (სამეცნიერო მტკიცებულება) ხშირად ხელმისაწვდომი არ არის ან არ არსებობს.

ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ბევრი მშობელი არ ცრიდა ბავშვებს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით. ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობა განსაკუთრებით 1998 წელს ერთი სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ გაძლიერდა, რომელიც მიუთითებდა წითელას აცრასა და აუტიზმს შორის კავშირზე. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ეს სტატია ჟურნალმა უარყო და წითელას აცრასა და აუტიზმს შორის კავშირი მრავალგზის მეცნიერულად გაბათილდა, მაინც, ერთხელ დათესილი შიშის გაქარწყლება სრულად ვერ მოხერხდა.

მდგომარეობა მართლაც ყურადსაღებია, რადგან მონაცემები გვიჩვენებს, რომ ევროპაში 2018 წლის პირველ ექვს თვეში, 2017 წელთან შედარებით, 41 000-ით მეტი წითელას შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე მოიმატა იმ ბავშვების რაოდენობამ, რომლებიც არ დაექვემდებარნენ არასამედიცინო მიზეზებით ვაქცინაციას.

საგულისხმოა, რომ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის თემით რუსული პროპაგანდის მანქანა დაინტერესდა. დადგინდა, რომ რუსული ტროლები, რომლებიც ამერიკის არჩევნებში ჩაერივნენ, ტვიტერის მეშვეობით ავრცელებდნენ წითელასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, - როგორც წითელას ვაქცინაციის მომხრე, ისე საწინააღმდეგო განცხადებებს, რის გამოც შეიქმნა ე. წ ცრუ ბალანსი, თითქოს ეს დისკუსია, რომ საკითხი წინააღმდეგობრივია, რეალურია და მას საფუძველი აქვს. ამბივალენტურობამ შეარყია ვაქცინაციის მიმართ ნდობა და რწმენა.

წითელასთან დაკავშირებულმა ტვიტებმა მეცნიერების ყურადღება იმიტომაც მიიპყრო, რომ ეს ტვიტები 22 ჯერ უფრო ხშირად ვრცელდებოდა იმასთან შედარებით, ვიდრე ტვიტერის მომხმარებელი საშუალოდ აქვეყნებს. ტვიტერმა ზომები მიიღო ამ მავნე ინფორმაციისგან ქსელის გასაწმენდად: 650 ფეიკ ანგარიში გააუქმეს, რომლებიც დაკავშირებული იყო რუსეთთან და ირანთან.

წითელას თემა ქართულ მედიაში

წითელას თემის გაშუქება უცხო არც ქართული მედიისთვისაა. მედიამონიტორინგი ძალიან საინტერესო შედეგებს აჩვენებს. გასულ, 2017 წელს, ქართულ მედიაში, წითელას ეპიდემიის შესახებ მომზადებული მასალების უმეტესობა შეიცავდა მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებს წითელას შემთხვევების შესახებ. ძირითადი აზრი იყო ის, რომ წითელას შემთხვევები მატულობს. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საქართველო შესულია წითელას გავრცელების მხრივ საშიშ ქვეყანათა რიცხვში, ეს მონაცემები ავტორიტეტულ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდებოდა (ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ბიბისი, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი).

მასალების 30% მხოლოდ სახელმწიფო პიარკამპანის აშუქებდა. ყურადღებას ამახვილებდნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ინიცირებულ ღონისძიებებზე უფასო სკრინინგისა და აცრების შესახებ. მასალების უმრავლესობა იყო მოკლე განცხადების ტიპის, ყველა შემთხვევაში ინფორმაციას ავრცელებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირები ან სხვა ავტორიტეტული პირები, სხვა წყაროები პრაქტიკულად არ გვხვდებიან. რასაც ეს პირები აცხადებდნენ, შეეხებოდა მოსახლოების ინფორმირებას, რომ ადგილი აქვს წითელას ეპიდემიას, რომ ის საშიშია, მოაქვს სიკვდილი და გამოსავალია აცრა. დეტალები, ადამიანური ისტორია, როგორ, სად და როელი ვაქცინით უნდა ავცრათ, არა მოლოდინები ჰქონდეს, რა შედეგები დადგება, ამგვარი ინფორმაცია არსად გვხვდება.

იყო შემთხვევებიც, როცა მედია მითების გავრცელებას უწყობდა ხელს. მაგალითად, “ასავალ- დასავალში” წითელას ეპიდემია მიგრანტების თემას დაუკავშირეს: “ვინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ საქართველოში ერაყიდან, სირიიდან თუ ინდოეთ-პაკისტანიდან შემოსული მიგრანტები რაღაც სპეციფიკურ ვირუსს ან დაავადებას არ შემოიტანენ?! ანუ ჩვენს ქუჩებში დადიან მიგრანტები, რომლებიც, შეიძლება ბიოლოგიური ბომბები იყვნენ! “ მეორე თემა, რომელიც ასავალ დასავალს “ადარდებს”, ეს წითელას გამო ქართული არმიის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა.

როგორ უნდა გაშუქდეს მსგავსი თემები

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კრიზისის კომუნიკატორი ბარბარა რეინოლდსი ჟურნალისტებს კრიზისული ჯანმრთელობის თემების გაშუქებისას ჟურნალისტებს მოუწოდებს ნაკლებად საშიში ინფორმაციის გავრცელებისკენ და სთავაზობს შემდეგი ტიპის სქემას:



ამ სქემის მიხედვით, ქართულმა მედიამ გასულ წელს წითელას აფეთქების თემა დამაკმაყოფილებლად გააშუქა, რადგან უმეტეს შემთხვევებში ეს იყო “ნაკლებად საშიში” გააშუქება, თუმცა პროფესიულ გაშუქებაზე ლაპარაკი არ არის.

თუმცა, კრიზისული პერიოდის გავლის შემდეგ, მედიამ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გააშუქოს ჯანმრთელობის საკითხები. ჯანმრთელობის თემების სიღრმისეული რეპორტინგი მოითხოვს ინფორმაციის გავრცელებას მრავალფეროვან კომპეტენტურ წყაროებზე, გადამოწმებულ და ზუსტ ინფორმაციას, მარტივად და გასაგებ ენაზე მოთხრობილ ამბავს, რომლის მიხედვითაც ადამიანს შეეძლება ინფორმირებული არჩევანის გაკეთება.

საუკეთესო მაგალითები და სასარგებლო რესურსები

ავტორტეტული ორგანიზაციები სხვადასხვა ზომებს მიმართავენ ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობის წინააღმდეგ: მაგალითად, ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გამოაქვეყნა ტექნიკური ანგარიში წითელას აცრასთან დაკავშირებული მითების გასაქარწყლებლად.

ერთ-ერთი გამოსავალი კი ფაქტებზე დაფუძნებული ვიზუალიზაციის - ინფოგრაფიკის გავრცელებაა, სადაც ნათლად, მარტივად და მკაფიოდ იქნება გამოსახული ფაქტები და მტკიცებულება. ასეთი ინფოგრაფიკის წაკითხვის შემდეგ ადამიანს ექნება შესაძლებლობა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. მაგალითად, ჰარდინგ ცენტრის რისკების წიგნიერების ინფოგრაფიკა, ნათლად აჩვენებს რაშია საქმე. ამ ინფოგრაფიკაზე რიცხვები აბსოლუტურ რაოდენობებშია გამოსახული, წყარო სახელდებული და ავტორიტეტულია, მოწოდებულია როგორც სარგებელის, ისე ზიანის შესახებ ინფორმაცია, ერთმანეთს დარდება ორი ჯგუფი - მათ ვინც ჩაიტარა ვაქცინაცია და ვინც არა.

MMR კომბინირებული ვაქცინა ბავშვებში - წითელასთვის



თანამედროვე ჟურნალისტს უნდა შეეძლოს ამ ინფოგრაფიკის მსგავსი ინფორმაციის მომზადება, რისთვისაც მას ესაჭიროება არა მხოლოდ საკითხის სიღრმისეული ცოდნა, არამედ, ის ასევე უნდა ფლობდეს ამბის ეფექტურად თხრობის ტექნიკას.
კატეგორია - ბლოგი
მოდით სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ ჟურნალისტიკა, თავისი ტრადიციული განმარტებით, სამყაროში აღარ არსებობს. ეს მრავალი მიზეზით შეიძლება აიხსნას. მაგალითად იმით, რომ მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები სხვადასხვა ეპოქაში პროპაგანდის მანქანად გადაიქცა და ეს პრაქტიკა ყველა კონტინენტზე გავრცელდა.

ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც ინფორმაცია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია და აღარ არის „ძვირი“ პროდუქტი, შეუძლებელი იქნებოდა, რომ ამ პროფესიას თავისი სახე შეენარჩუნებინა. მიუხედავად ამისა, თითქმის ყველა მედიასაშუალება და უნივერსიტეტი საქართველოში ჟურნალისტიკის პრეისტორიულ განმარტებას იყენებს და მომხმარებლებსა და მომავალ ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ჟურნალისტი ფაქტობრივად, ფოსტალიონია.

მოსახლეობის დიდ ნაწილს ჟურნალისტებზე ზედაპირული შეხედულება აქვთ. მაგალითისთვის ავიღოთ ყველაზე ეპატაჟური ჟურნალისტები, რომლებიც ხშირად ხდებიან კრიტიკის ობიექტები საავტორო გადაცემებში გამოთქმული მოსაზრების გამო. ამ დროს თქვენ ხშირად წაიკითხავთ ისეთ კომენტარებს, სადაც მომხმარებლები სვამენ კითხვას: „ეს რანაირი ჟურნალისტიკაა?“ და იქვე დასძენენ ხოლმე - „ჟურნალისტმა მხოლოდ ფაქტები უნდა ილაპარაკოს, ვინ ეკითხება ამას მოვლენების განხილვას?“ სწორედ ასეთ დროს ყველაზე კარგად ჩანს, თუ რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას ჟურნალისტიკის მიმართ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მაყურებლები ჟურნალისტად მიიჩნევენ მხოლოდ მათ, ვისი აზრებიც მოსწონთ, ხოლო ყველა, ვინც მათგან განსხვავებული აზრის დაფიქსირებას შეეცდება, ავტომატურად კარგავს ჟურნალისტად ყოფნის უფლებას.

შესაძლოა ჟურნალისტების, წამყვანების მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ მოგვწონდეს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჟურნალისტურ სტანდარტებს სცდება. როგორც უკვე ვთქვით, ჟურნალისტიკის ცნება საკმაოდ ფართო გახდა. ტელევიზიამ, თანამედროვე პრესამ და ინტერნეტმა მთლიანად შეცვალეს სტანდარტები. დღევანდელ ეპოქაში მედიასივრცეს კვლავინდებურად ავსებს ახალი ამბები, საავტორო გადაცემები, ტოქშოუები, ანალიტიკური გადაცემები, საავტორო სვეტები და ა.შ, თუმცა, ინფომაციის გავრცელების მეთოდები, საშუალებები და სტილი მნიშვნელოვნად შეცვლილია.

მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში აშშ-ში გამოჩნდა ჰანტერ ტომპსონი, რომელმაც სრულიად ახალი მიმართულება, გონზო ჟურნალისტიკა შექმნა, რაც თავიდან ბოლომდე მოვლენების სუბიექტურ აღქმას გულისხმობს. ჟურნალისტი ხდება იმ ყველაფრის უშუალო მონაწილე, რის მოყოლასაც ცდილობს. ამაზე რადიკალური ფორმა ჟურნალისტიკის ბუნებაში ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა, დასავლეთში არავინ ფიქრობს, რომ ის ჟურნალისტიკის სფეროს არ განეკუთვნება. მეტსაც გეტყვით, გონზო ჟურნალისტიკა ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მიმართულებაც კია.

ასევე დასავლური სტანდარტებით საავტორო გადაცემებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში დიდი გამოცდილება აქვს. საქართველოში ის შედარებით ახალი ხილია, თუმცა, მაყურებლები მას ნელნელა ეჩვევიან. საავტორო გადაცემის კონცეფცია გულისხმობს, რომ გადაცემის წამყვანს, მისი შერჩეული ფორმატის ფარგლებში, უფლება აქვს იყოს სუბიექტური და ღიად დააფიქსიროს საკუთარი აზრი, დასვას ისეთი შეკითხვები, რომელიც მის მიერ არჩეულ ფოკუსს გაასწორებს და დიახ, იხუმროს ისე ცუდად, როგორც ამას გიორგი გაბუნია აკეთებს. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს ზღვარი სუბიექტურობასა და არაადეკვატურობას შორის. ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა, რომ ეთერიდან არ გააჟღეროს ისეთი ინფორმაცია, არ წარმოთქვას ისეთი ფრაზები ან არ შეაფასოს მოვლენები ისე, რომ არ ჰქონდეს საკმარისი არგუმენტები. ამგვარ ქმედებას, შესაძლოა, მკაცრი შეფასებები მოჰყვეს და ჟურნალისტის რეპუტაციას ჩრდილი მიადგეს. არსებობს კიდევ ერთი საფრთხე - შესაძლოა ჟურნალისტმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს ან გამოიწვიოს სხვადასხვა ჯგუფების დაპირისპირება, გააძლიეროს საზოგადოებაში არსებული სტიგმები და უმცირესობის ან უმრავლესობის მარგინალიზებას შეუწყოს ხელი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტი ყველაფერ ამაზე პასუხისმგებლობას იღებდეს.

ტოქშოუების კონცეფცია კიდევ უფრო მარტივია. მას შეიძლება ჰქონდეს როგორც აკადემიური, ისე შემეცნებით-გასართობი ფორმა, ამას თავად წამყვანები და პროდიუსერები განსაზღვრავენ. მაგალითად, პოლიტიკური ტოქშოუები უფრო მეტად აკადემიურია, ვიდრე სპორტული, სამეცნიერო და ა.შ. მიუხედავად ამისა, ასეთი გადაცემის წამყვანს, გარდა საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და ზრდილობისა, არაფერი ბოჭავს, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს.

საბოლოო ჯამში, ტოქშოუებსაც და სხვა ტიპის საავტორო გადაცემებსაც თითქმის ერთი და იგივე მიზანი აქვთ, რაც გულისხმობს კვირის/დღის/თვის მთავარი თემების უფრო დეტალურ ანალიზსა და დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას. ამისათვის ჟურნალისტები იწვევენ სტუმრებს და მათ უსვამენ შეკითხვებს, რომელიც ხშირად უფრო მეტად სუბიექტური დაკვირვებებისგან გამომდინარეობს. მეტსაც გეტყვით, ასეთი ტიპის გადაცემებისთვის საჭიროც კი არის, რომ ჟურნალისტმა საკუთარი შეხედულება გაუზიაროს სტუმარს და აქედან გამომდინარე დაუსვას შეკითხვები. კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჟურნალისტი პირველ რიგში მაყურებლის როლს ითავსებს და სტუმრებს სხვადასხვა პოზიციიდან ისეთ დეტალურ შეკითხვებს უსვამს, რომელსაც მაყურებელიც დასვამდა.

რაც შეეხება ონლაინ მედიას, ეს მთელი მსოფლიოსთვის ახალი მოვლენაა, რომელიც ინტერნეტის განვითარებამ შექმნა. ის ჯერ კიდევ ცდილობს იპოვნოს საკუთარი თავი და ამ პროცესში უამრავი სიახლე ყალიბდება. მაგალითად, ბლოგები მთლიანად ინტერნეტის შვილია, რომელიც პუბლიცისტიკის ერთგვარი გაგრძელებაა. შესაბამისად, აქაც „მოსულა“ სხვადასხვა თემების სუბიექტური, არგუმენტებით გამყარებული მოსაზრებების განხილვა. მთავარია, რომ არ არღვევდეს საყოველთაო ნორმებსა და ადამიანის უფლებებს. და ბოლოს, ახალი ამბები სრულიად განსხვავებული სფეროა, რომელსაც, დიახ, სწორედ ის მოეთხოვება, რასაც ტრადიციული გაგებით ჟურნალისტიკაში მოიაზრებენ ანუ ამბების მიუკერძოებელი და დაბალანსებული გაშუქება, ფაქტების დაუმახინჯებლად და მიუკერძოებლად გავრცელება... თუმცა, ახალი ამბების შემთხვევაშიც რედაქტორები თავად წყვეტენ, რომელი ინფორმაცია უფრო ღირებულია. გარდა ამისა, ახალი ამბებიც სარედაქციო პრინციპების მიხედვით იქმნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებებს ერთმანეთისგან განსხვავებული მიდგომები შეიძლება ჰქონდეთ. თუ ლიბერალურად განწყობილი მედიისთვის ადამიანის უფლებები არის მნიშვნელოვანი თემა, ის ყველა მარგინალურ ჯგუფს, რომელიც ამ უფლებებს არღვევს, ნაკლები ინტენტისივობითა და მეტი სიფრთხილით გააშუქებს, ვიდრე არალიბერალური მედია. ასეთ შემთხვევაში კი, ლიბერალური მედიის გადაწყვეტილება სრულიად გამართლებული იქნება.

ერთი სიტყვით, ჟურნალისტიკამ დიდი ხანია დატოვა ფოსტა, ჟურნალისტებმა კი უარი თქვეს ფოსტალიონობაზე. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც ყველას, ვისაც ინტერნეტი და სმარტფონი აქვს, შეუძლია იყოს ჟურნალისტი, ინფორმაციის სწრაფად გავრცელება მთავარი გამოწვევა აღარ არის. თანამედროვე მედია საშუალებები მეტ ყურადღებას აქცევენ სწორი ჩარჩოების შერჩევას. ეს იმას ნიშნავს, რომ სოციალური ქსელების ეპოქაში მთავარი არ არის სიახლეების მოყოლა, არამედ ამ სიახლეების გადმოცემის ფორმები, რომლებიც მკითხველებისა და მაყურებლების ყურადღებას მიიქცევს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა ფორმითა და სტილით წაყვანილ გადაცემებს, დაწერილ სტატიებსა და სხვ. ამ პროცესში ცხადია, უამრავი სიახლე ინერგება, მედიასაშუალებები ცდილობენ მოიფიქრონ ახალი „ჩარჩოები“, რომლებიც მაყურებლების ყურადღებას მიიქცევს. ეს არ არის მედიის ახირება ან სურვილი, არამედ - პირიქით. თანამედროვე ადამიანის ცხოვრება იმდენად გადატვირთულია, რომ მას სიახლეების უფრო მარტივი, ბუნებრივი და უშუალო ფორმებით მიღება სურს. მედია კი ცდილობს, ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს. სწორედ ამიტომ ჩანს ჟურნალისტიკის სფეროში ამდენი განსხვავებული ტიპის ჟურნალისტი, გადაცემა თუ ონლაინ მედია.
კატეგორია - ბლოგი
ინგლისურ ენაში არსებობს სიტყვა Cringy, რომლის ქართულ ენასთან დაახლოებული ყველაზე კარგი შესატყვისი, ალბათ, სიტყვა უხერხულია. ოღონდ საქმე სპეციფიკურ უხერხულობასთან და სირცხვილის განცდასთან გვაქვს. მას, როგორც წესი, სხვისი საქციელის, რაიმე მოვლენის ან ფაქტის გამო განიცდი. ვერ ხვდები რატომ, მაგრამ სხვის მაგივრად შენ გრცხვენია. იმდენად უხერხულად გრძნობ თავს, რომ ფიზიოლოგიურად გამოხატული რეაქციაც შეიძლება გქონდეს - უსიამოვნო ჟრუანტელი გივლის, გინდა თვალები დახუჭო, თავი გააბრუნო, დაიმალო და აღარასდროს მოგიწიოს ამ უხერხულობის გამომწვევ მედიუმებთან კონტაქტი.

მახსოვს, პირველად ასეთი განცდა ბავშვობაში, გადაცემა „ა ტალანტის“ ყურებისას გამიჩნდა, მერე იყო სხვა ტალანტ შოუები, რომლის დაგვირგვინებაც, ალბათ, "რუსთავი 2-ის" გადაცემა „გააცინე და მოიგეა“, სადაც ცუდი იუმორის მქონე ადამიანები მათზე უარესი იუმორის მქონე ადამიანებს ფულის მოგების საშუალებას აძლევენ და რომელსაც საერთო იუმორისტულ შოუზე მეტად კაცობრიობის დეკადანსთან აქვს. თუმცა, ბოლო ხანებში ასეთი უხერხულობის განცდას ქართული ტელესივრციდან ჩემში ყველაზე ხშირად ერთი კონკრეტული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ტელეწამყვანის იუმორი იწვევს ხოლმე. სამწუხაროდ, ქართული ფაშისტური და რადიკალური ჯგუფების დამსახურებით ამ ტელეწამყვანისადმი მიმართული აგრესია სივრცეს აღარ ტოვებს სხვა რამისთვისაც გააკრიტიკო ის, წაქცეულზე წიხლის ჩარტყმა რომ არ გამოგივიდეს. თუმცა, ალბათ, კორკოტას ჩუნგა-ჩანგას არ უნდა ავყვეთ და სათქმელი უნდა ითქვას, რადგან ქვეყნის ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური არხის მთავარ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში არსებულ განგრძობით ტენდენციაზეა საუბარი.

  • “ლარის გაუფასურების მიზეზებს ხელისუფლება მუდმივად ქვეყნის საზღვრებს გარეთ ეძებს, ანალიტიკოსები კი მუდმივად აფრთხილებენ ქართულ ოცნებას რომ მთავრობას პრობლემები შიგ აქვს და არა გარეთ.“
  • „ცუდია, რომ ნიკა გვარამია არ აჰყვა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის თამაშს, თორემ ახლა ხომ მოუწევდა ქალბატონ ნათიას მანტიის გახდა. არამგონია მანტიის ქვეშ რამე დიდად საინტერესო დაგხვედროდა, მაგრამ მაინც... "
  • “ძაღლები და კატები კი არა ასეთ უმაქნის დეპუტატებს ვინც ამრავლებს იმას უნდა წააჭრა ძირში ყვ***ბი და კიდევ უნდა მოუწვა ის ადგილი, რომ ახლები არ ამოვიდეს“.

ზემოთ მოტანილია სამი ხუმრობა ამ კონკრეტული წამყვანის ტელეტექსტებიდან და თუკი რომელიმეზე გაგეღიმათ მაინც, სავარაუდოდ, თქვენ გადაცემა „გააცინე და მოიგეზეც“ იხალისებთ, შესაბამისად, თქვენთვის ამ ტექსტის დაწერის მიზეზებიც გაურკვეველი დარჩება. თუმცა, თუკი სამი ხუმრობა საკმარისი არ არის ტენდენციის საჩვენებლად, კიდევ არაერთის მოძებნა შეიძლება სახელდახელოდ Youtube-ზე.

მხოლოდ ამ რამდენიმე შემთხვევის მაგალითზე შეგვიძლია ვისაუბროთ პრობლემებზე, რომლებსაც აღნიშნული წამყვანის ტექსტები შეიცავს. იქნება ეს მსუბუქი სექსიზმი, პოლიტიკური სიძულვილის ენა, სხვადასხვა ნიშნით საზოგადოებრივი ჯგუფების სტერეოტიპიზაცია თუ ზედმეტი ნატურალიზება და ვულგარულობა. თითოეული ეს პრობლემა კი, როგორც წესი, ერთი ფორმით არის ხოლმე არტიკულირებული - იუმორით.

სულაც რომ დავივიწყოთ აქ ნახსენები პრობლემები, რათა ინტერპრეტაციებში არ ჩავიკარგოთ და მხოლოდ აღნიშნული ტექსტების მოტივაციაზე ვისაუბროთ, ნათლი გახდება თუ რატომ არის პრობლემური იუმორის ის ფორმა, რომელიც გიორგი გაბუნიას, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანს, აქვს შერჩეული. როგორც წესი, აღნიშნული ტექსტები ხელისუფლების ან მისი რომელიმე წარმომადგენლის კრიტიკას შეიცავს, რაც გასაკვირი სულაც არ არის. ერთი მხრივ, თავად არხის სარედაქციო პოლიტიკისა და არხის პოლიტიკური კავშირების, მეორე მხრივ კი, თავად ხელისუფლებისა და მისი წარმომადგენლების ზებუნებრივი მიდრეკილებებით თავიანთი თავის საწინააღმდეგოდ არგუმენტებით კვებონ მათივე კრიტიკოსები. წამყვანის შერჩეული კრიტიკის ფორმა კი, როგორც წესი, ერთადერთ რამეს ახერხებს - თვითლიკვიდაცია გაუკეთოს აღნიშნული კრიტიკისას გამოთქმულ აზრებს.

იუმორი როგორც ძალაუფლებების კრიტიკის ეფექტური ფორმა თითქმის მას შემდეგ არსებობს, რაც ადამიანებმა სოციალურ ჯგუფებად თანაცხოვრება დაიწყეს და საზოგადოებებში იერარქიები გაჩნდა. პოლიტიკური სატირის ყველაზე ადრეულ მაგალითად ანტიკურ ათენში ბერძენი დრამატურგის არისტოფანეს კომედიებია მიჩნეული. დღესდღეობით კი, პოლიტიკური რეფლექსიის ეს ფორმა შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის ამერიკაში ყველანაირ მედიასივრცეში დომინირებს. შესაბამისად, აზრის გამოთქმისა თუ არგუმენტების თავმოყრისა და თვითგამოხატვის აღნიშნული ფორმა სრულიად ლეგიტიმურია ნებისმიერ თემაზე, მათ შორის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებზე დავისას. გაბუნიას, მსუბუქად რომ ვთქვათ, უცნაური იუმორის შემთხვევაში კი პრობლემური არა იუმორის გამოყენება, არამედ სწორედ ამ იუმორის გადმოცემის ფორმა და ამ ფორმის არაადეკვატურობაა. იუმორი რომ მართლაც გემოვნების საქმეა ეს 2015 წელს მიჩიგანის უნივერსიტეტის, Yahoo! Labs-ის, კოლუმბიის უნივერსიტეტისა და New Yorker-ის ერთობლივმა კვლევამაც დაადასტურა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანის ერთ-ერთი უნიკალური თვისება, რომლის ალგორითმული გაშიფვრა და პროგრამირებაც ჯერჯერობით შეუძლებელია სწორედ იუმორია. ეს კი განპირობებულია იუმორის უამრავ პარამეტრზე დამოკიდებულების და ამ პარამეტრების კომბინაციების სიმრავლის გამო. ეს პარამეტრები და მახასიათებლები იცვლება სიტუაციის, კონტექსტის, დროისა და ლოკაციის, კულტურის, ეკონომიკის და ა.შ. მიხედვით. მარტივად რომ ვთქვათ, ზოგს რაზე ეცინება და ზოგს რაზე.

მიუხედავად იუმორის, როგორც სოციალური მოვლენის, ასეთი რთული ბუნებისა, მას ერთი მახასიათებელი აქვს, რომელიც ყველა შემთხვევაში თან უნდა ახლდეს, თუკი არ გვინდა, რომ კომედია დრამად იქცეს - საღი აზრი. სწორედ საღი აზრის ნაკლებობაა ის, რაც გაბუნიას ტექსტებს ასე აკლია და რაც მის პოლიტიკური სატირის მცდელობას აბსურდად აქცევს ხოლმე. სწორედ საღი აზრისაგან ხუმრობების ასეთი დაშორებაა მიზეზი იმისა, რის გამოც ხელისუფლების თუ რომელიმე ჩინოვნიკის კრიტიკის ნაცვლად, მისი როყიო ხუმრობები რჩება ინტერნეტში, რომელზეც თავად ეცინება ხოლმე, რაც გემოვნებებისგან დამოუკიდებლად ცუდი იუმორის კიდევ ერთი ცალსახა ნიშანია.
კატეგორია - ბლოგი
ალბათ ბევრს გახსოვთ ტელეწამყვანი ლეონიდ იაკუბოვიჩი და მისი გადაცემა “поле чудес” ან ერთხელ მაინც გექნებათ ნანახი ამ გადაცემის ქართული ანალოგი “იღბლიანი ბორბალი”, ინტელექტუალურ სატელევიზიო შოუს, “რა, სად, როდისსაც” გაგახსენებთ და სათქმელზე გადავალ.

შინაარსობრივად ამ სრულიად განსხვავებულ გადაცემებს ერთი პატარა შავი ყუთი აერთიანებს. თამაშის პრინციპებიდან გამომდინარე მონაწილემ მასში მოთავსებული ნივთი უნდა გამოიცნოს, ცოტა განსხვავებული ფორმით, მაგრამ მსგავსი შინაარსით. ერთ შემთხვევაში მონაწილეები შავ ყუთში მოთავსებულ ნივთსა და შეთავაზებულ ფულად პრიზს შორის აკეთებენ არჩევანს, მეორე შემთხვევაში კი, საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების დასამტკიცებლად, მხოლოდ ამ ნივთის გამოცნობაა საჭირო. ამ შავი ყუთის წარდგენაც მთელი რიტუალია - “შავი ყუთი სტუდიაში” – იტყვის წამყვანი და მისტიური ნივთი სტუდიაში ჩნდება.

ახლა შავი ყუთიდან შავი ხვრელების გამოყენებით გადაცემა“პროფილის” სტუდიაში უნდა მოგახვედროთ და იმ “ტრაგიკული” ისტორიის მოსასმენად მოგამზადოთ, როგორ “დაანგრია” ერთმა ჩვეულებრივმა გზავნილმა 11–წლიანი ოჯახური თანაცხოვრება.

მოემზადეთ, “ქმარი სტუდიაში!”

ქმარი ადგილზეა და მასსა და წამყვანს შორის საუბარი ჩვეულ სტილში იწყება: “თქვენი ოჯახი ერთმა მესიჯმა დაანგრია. მომიყევით, როგორ ნახეთ ეს გზავნილი?”

მთავარი დრამაც აქ ვითარდება. “სახედაბლარული” [სატელევიზიო საქმიანობაში დამკვიდრებული ტერმინი, რომელიც გამოსახულების დაფარვას გულისხმობს] მამაკაცი იწყებს მოყოლას, როგორ აღმოაჩინა მეუღლის ტელეფონში მამაკაცისგან გამოგზავნილი შეტყობინება ტექსტით – “სახლში მიხვედი ჩემო საყვარელო?”, რომელმაც მეულესთან 11– წლიანი ოჯახური თანაცხოვრების ბედი გადაწყვიტა.

“ქმარს სტუდიაში” ყურადღებიდან არც წვრილმანი დეტალები ავიწყდება და დაწვრილებით ყვება, დარეკა თუ არა უცნობ ნომერზე, როგორ აღელდა, როგორ დაამტვრია ტელეფონი, როგორ დაკარგა თავი და ა.შ. აქ ცოტა იბნევა კიდეც, ჯერ ყვება, უცნობ მამაკაცს მშვიდად როგორ ესაუბრა, მერე წამყვანის გაკვირვებულ კითხვაზე: “როგორ არ აღელდით? არ გადამრიოთ!” - სითამამე ემატება და კიდევ ერთი კითხვის შემდეგ - “ფიზიკურად არ დაარტყით?” აღიარებს, რომ ცოლს ფიზიკურადაც შეეხო და დაარტყა კიდეც, თუმცა, მოინანია. ამხელს იმასაც, რომ მკვლელობაზეც ფიქრობდა, მაგრამ გადაიფიქრა. ბოლოს, არც იმის თქმა ავიწყდება, რომ ძალადობა ცუდია და ყველა მამაკაცს დამრიგებლური ტონით მოუწოდებს “მანდილოსანზე ხელი არ ასწიონ”.

ქმარი ყოფილ მეუღლესთან ინტიმური ცხოვრების დეტალებსაც იხსენებს, რომელსაც წამყვანისგან განსხვავებით მე პრინციპულად არ შევეხები, არც დეტალებში შევალ და პირდაპირ დრამის შემდეგ ნაწილზე გადავალ.

უფრო მეტი ეფექტისთვის, კიდევ რაღაც არის საჭირო, ამიტომ “ყოფილი ცოლი სტუდიაში!”

არ შეგეშინდეთ, წამყვანი მანდილის მძიმე ტვირთს საკუთარ თავზე იღებს და ყოფილი ცოლ-ქმრის შუაში ჯდება. წამში “სიმშვიდეც” ისადგურებს. კითხვების დასმისას წამყვანი გადაცემაში ახალ, “პინგ-პონგის” პრინციპს რთავს და მხარეები ერთმანეთს უპირისპირდებიან: “გემუქრებათ? ემუქრებით? ეკონტაქტებით? გეკონტაქტებათ?”

შემდეგ “ცოლთან სტუდიაში” იმის დაზუსტება იწყება ძალადობდა თუ არა მისი “ახალი მეუღლე” მის შვილებზე, როგორც ამას ბავშვები სასამართლო ჩვენებაში ამბობენ. უარყოფით პასუხის შემდეგ კითხვა ქმართან ინაცვლებს “რას ამბობენ ბავშვები, რა ფორმით ძალადობდა?”

გადაცემიდან ვიგებთ, რომ თურმე ქმარს კიდევ ორი ყოფილი მეუღლე ჰყავდა. ცხადია, წამყვანი მეტი დეტალის დაზუსტების შანსს ხელიდან არ უშვებს და კითხულობს: “ის ოჯახები რატომ დაინგრა? იმათაც გიღალატეს?” ეს კი იმ ფონზე, როდესაც “ყოფილი ცოლი” არაერთხელ ამბობს, რომ მეუღლისთვის არ უღალატია, ახალი გრძნობა მხოლოდ მასთან დაშორების შემდეგ გაუჩნდა. წამყვანი არც დიდაქტიკურ ტონს ივიწყებს და “ცოლს სტუდიაში” ტუქსავს, იმის გამო რატომ არ წამოვიდა ქმრისგან ძალადობის პირველივე შემთხვევის შემდეგ და რატომ განაგრძო მასთან თანაცხოვრება.

წამყვანს არც ბავშვები ავიწყდება და მშობლებს საყვედურნარევი ტონით მიმართავს: “ახლა თქვენ მთელი საქართველო გიყურებთ, თქვენი შვილებისთვის ეს კარგია?!”

ბავშვების არსებობა და ნანახით მიყენებული შესაძლო ტრავმა, როგორც ჩანს წამყვანს მხოლოდ საღამოს გაახსენდა. აბა, სხვას რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ მთელი დღის განმავლობაში, გადაცემის პრომოში, “დრამის” მთავარი გმირები ყოველგვარი დაფარვის გარეშე ჩანდნენ. სამი ბლარი სტუდიაში მხოლოდ საღამოს გაჩნდა.

გადაცემის მსვლელობისას წამყვანი “ყოფილ ცოლ-ქმარს სტუდიაში” არაერთხელ მოუწოდებს ურთიერთიპატივისცემისკენ. “მე მეცით პატივი” – თუნდაც ამ მიზეზით. სხვა შეთავაზებებიც აქვს: “კომპრომისზე წასვლა არ შეგიძლიათ, ან ერთ ან მეორე მხარეს? უბრალოდ მიტევება არ შეგიძლიათ?” და ქმრის კითხვას ვის უნდა მიუტევოს, პასუხობს: “მეუღლეს, რომელმაც თქვენი აზრით გიღალატათ”. არადა, “ცოლი სტუდიაში” ირწმუნება, რომ მეუღლისთვის არ უღალატია და საპატიებელიც არაფერი აქვს.

ამბის ბოლოსკენ, კულმინაციის დროა, ამიტომ კიდევ უფრო მეტი დრამატიზმისთვის “ყოფილი ცოლის ახალი ქმარი სტუდიაში!”

შოუს მთავარი ნაწილიც ეს არის, ორი უკონტროლო, დაპირისპირებული მხარე, რომელიც წამყვანსაც აბრაზებს. “მთელი საქართველო გიყურებთ! სირცხვილია! ერთი წამით! დაცვას დავუძახებ!” - ისმის მისი უშედეგო მოწოდებები. ბოლოს ორივე მხარეს ადანაშაულებს, მამას მოძალადეს უწოდებს და “5 მილიონი მაყურებლის წინაშე” ოჯახური კონფლიქტის მოწყობისთვის ტუქსავს. თითქოს, გადაცემის მთავარი არსიც ეს არ იყო – ორი დაპირისპირებული მხარის მოწვევა და მათ ხარჯზე რეიტინგის დათვლა.

შეჯამების დიდი ტექსტით არ დაგღლით. დასასრულს უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ გადაცემის ბოლოს, თითქმის ისტერიკამდე მისული წამყვანის ყურებისას, მხოლოდ ერთი კითხვა ჩნდება– რა დანიშნულება ჰქონდა “ქმარს, ყოფილ ცოლს და ყოფილი ცოლის ახალ ქმარს სტუდიაში?” თუკი სხვის თეთრეულში ძრომიალის გარდა ვერაფერი გავიგეთ, ვერც პრობლემის მთავარი არსი გავიაზრეთ და ვერც შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ვიპოვეთ. პირიქით, საზოგადოებაში არსებული კლიშეები კიდევ უფრო გავაღრმავეთ, ვიჩხუბეთ და დავიშალეთ.

როგორც ჩანს, ამ კითხვას პასუხი ვერც თავად წამყვანმა გასცა, რადგან “აქ რამ მოგიყვანათო” გადაცემის მსვლელობისას მანაც რამდენჯერმე იკითხა.
კატეგორია - ბლოგი
ახალი ამბების “სქროლვისას”, ალბათ, ხშირად შეგხვედრიათ მაგიური სიტყვები - “განცხადებას უცვლელად გთავაზობთ”. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მედია რომელიმე უწყების ან ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ტექსტს, წერტილ-მძიმის ჩათვლით, უცვლელად იღებს, აკოპირებს და ავრცელებს. ალბათ, ეს უცვლელი ტექსტიც არაერთხელ გაგიხსნიათ, ბოლომდე ჩაჰყოლიხართ და ვერაფერი გაგიგიათ. ასე იქცევა არაერთი სოლიდური მედია თუ ე.წ. ყვითელი პრესა.

არ ვიცი ეს შეზღუდული ადამიანური რესურსის, დროის უქონლობის თუ უბრალო სიზარმაცის შედეგია, თუმცა, ფაქტია, რომ ხშირად მასალას ხსნი და კითხვისას იმდენ გაუგებარ ინიციალსა და ტერმინოლოგიაში იკარგები, რომ ამბიდან შინაარსის გამოტანა გიჭირს. მაშინ ჩნდება კითხვა - საერთოდ რა დანიშნულება ჰქონდა ამბის ამ ფორმით მოყოლას, თუკი მან მიზანს ვერ მიაღწია და მკითხველის სათანადო ინფორმირება ვერ შეძლო?

მედიის ძირითადი ფუნქციიდან გამომდინარე, რაც უპირველეს ყოვლისა, მკითხველის, მაყურებლისა თუ მსმენელის სათანადო ინფორმირებას გულისხმობს, მნიშვნელოვანია, რომ გამოცემა აუდიტორიას პატივისცემით მოეპყრას, კომუნიკაციაში მისთვის გასაგები ფორმით შევიდეს და ამბავიც გასაგები ენით მოუყვეს. მედია სხვადასხვა უწყების მიერ ერთდროულად ათეულობით მედიისთვის გაგზავნილი იდენტური ტექსტის უბრალო გამავრცელებლად არ უნდა იქცეს. მაშინ საერთოდ რა საჭიროა შუამავალი, თუკი იმავე ტექსტის ზუსტად იდენტური ფორმით და აქცენტებით ნახვა თავად ამბის გამავრცელებელი უწყების საიტზეც არის შესაძლებელი. განსაკუთრებული სიფრთხილე მედიას მაშინ მართებს, თუ გავრცელებული ტექსტი ადამიანის პირად ცხოვრებას ეხება ანდა მისი დისკრედიტაცია ხდება.

მკითხველისთვის ტექსტის უცვლელად შეთავაზების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი მაინც პროკურატურის მიერ სხვადასხვა დანაშაულთან დაკავშირებით გავრცელებული პრესრელიზებია. დამუშავების, გამარტივებისა და დამატებითი განმარტებების გარეშე გავრცელებული ასეთი ამბები, უამრავი პირობითი “გ.მ.”, “ჭ.ღ” თუ “ჩ.ძ” და იურიდიული ტერმინების სიმრავლე ამბავში გხლართავს და გაუგებრობის მორევში გაგდებს. კითხვის დასრულებისას კი ხვდები, რომ სინამდვილეში ვერაფერი გაიგე და ძვირფასი დროც უქმად დაკარგე.

თუკი მედიამ ამბავი სათანადოდ ვერ გადმოეცი და სათქმელი მკითხველამდე ვერ მიიტანე, მაშინ გამოდის, რომ შენი დანიშნულება კეთილსინდისიერად ვერ შეასრულე. ასეთ შემთხვევბში, არსებობს საფრთხე, სხვის რუპორად იქცე, რაც ჟურანალისტიკის ფუნდამენტურ მიზნებთან დიამეტრულ აცდენას გულისხმობს.

შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით, არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული უწყების, ორგანიზაციის, მაღალი თანამდებობის პირის თუ განცხადების მკითხველისთვის უცვლელად შეთავაზება აბსოლუტურად მისაღები და საჭიროც კია. ეს ის გამონაკლისია, როდესაც დასახელებული ინსტიტუციებიდან წამოსული გზავნილების გაჟღერება ზუსტად იმ დროს, იმ ფორმით და იმ ფოკუსით არის საჭირო, როგორც განცხადების დედანშია ნათქვამი. გარდა ამისა, ფაქტი მყისიერ რეაგირებას ითხოვს და ტექსტის სათანადო დამუშავებისა და წინაისტორიის წარმოჩენისთვის საკმარისი დრო არ არის. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც არის პრაქტიკა, როდესაც მასალას უცვლელად აქვეყნებ, მაგრამ იქვე უთითებ, რომ ტექსტი დამუშავების პროცესშია, მოვლენების განვითარების პარალელურად ახლდება და იცვლება. საბოლოო ჯამში კი ამ ფორმით მოვლენების ირგვლივ სრული სურათი იკვრება და დამატებითი კითხვები არ ჩნდება. ასე იქცევა ყველა პასუხისმგებლიანი მედია, რომელსაც საკუთარი მკითხველის თვალში სანდოობის შენარჩუნება სურს.

ცხადია, ინფორმაციულ ეპოქაში ოპერატიულობისა და სისწრაფის შენარჩუნება მედიის არსებობისა და მისი სამომავლო განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. ზოგჯერ პირველობისთვის აუცილებელი რიტმისა და ტემპის შესანარჩუნებლად გარკვეულ დათმობებზე წასვლაც გიწევს. თუმცა, ამის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანი გადმოცემული ამბის ხარისხი, სიღრმე, სიზუსტე და მკითხველის წინაშე არსებული პასუხისმგებლობაა, რომელიც ყველა მედიასაშუალებას აკისრია, რაც უპირველეს ყოვლისა აუდიტორიისთვის გასაგები, სანდო და ინფორმაციულად დატვირთული პროდუქტის შეთავაზებას გულისხმობს.

იმ დროს, როდესაც კონკრეტული ამბის გაშუქებისას, ოპერატიულობასა და პასუხისმგებლობას შორის წარმოშობილი დილემის წინაშე აღმოვჩნდებით, ალბათ, მედიის თემაზე ერთ-ერთი ბოლო ფილმის The Post - ის მთავარი მოქმდი გმირის კითხვა უნდა დავსვათ - “ვის ვემსახურებით ?” და პრიორიტეტებიც თავისთავად, ზედმეტი თავსატეხების გარეშე დალაგდება.
კატეგორია - ბლოგი
მსოფლიოში ევროსკეპტიციზმის აღმავლობა ანუ ევროკავშირისა და ევროინტეგრაციისადმი სკეპტიკური განწყობების გაძლიერება ბოლო დროს აღარავის აკვირვებს. ისეთმა მოვლენებმა, როგორიცაა ევროზონის კრიზისი, მიგრაციის დიდი ტალღები და „ბრექსიტი“, ევროსკეპტიციზმის გაღვივებას პირდაპირ შეუწყო ხელი. თუმცა, ევროპაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების გარდა, რომლებიც მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია ევროსკეპტიციზმთან, ევროკავშირისადმი სკეპტიკური განწყობების ხელოვნურად გაძლიერებას ბევრი პოლიტიკური ძალა ცდილობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ფაქტების ნეგატიური კუთხით წარმოჩენა, გაზვიადება, ზოგჯერ დამახინჯებაც კი სხვადასხვა ევროსკეპტიკოსი, პოპულისტი ძალების წარმომადგენლებისთვის უკვე კარგად ნაცადი მეთოდებია.

გარდა პოლიტიკური ძალებისა, საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის გაძლიერებას ნებით თუ უნებლიედ მედიაც უწყობს ხელს. ხშირად მედიასაშუალებები პრობლემების ნეგატიურ ჭრილში გაშუქებას ამჯობინებენ, რადგანაც ამან შესაძლოა უფრო მეტი მაყურებელი მიიზიდოს. ევროკავშირთან დაკავშირებული ამბების უარყოფით ჭრილში გაშუქება არც ქართული მედიისთვისაა უცხო. ამაში არაფერი იქნებოდა გასაკვირი ამგვარ ფოკუსს საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ არ ირჩევდეს თანაც ისე, რომ ალტერნატიულ აზრს ფაქტობრივად არ სთავაზობდეს აუდიტორიას. არადა სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელს ევალება პირველ რიგში დაბალანსებულად და მიუკერძოებლად გაშუქება იმ თემებისა, რომლებიც აუდიტორიის განწყობაზე დიდ როლს თამაშობს.

2017 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრებისს კომუნიკაციის შესახებ სტრატეგია, სადაც ხაზი გაესვა რუსეთის მხრიდან მიმდინარე საინფორმაციო ომის საფრთხეს საქართველოში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებსა და ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებში. სტრატეგიის ძირითადი მიზანი მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებით ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების მხარდაჭერის ხელშეწყობაა. შესაბამისად, დოკუმენტში განსაზღვრულია როგორც მთავარი გზავნილები, ისე, კომუნიკაციის არხებიც, მათ შორისაა სატელევიზიო მედიაც. ამ უკანასკნელის როლი ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმაციას ტელეარხებიდან იღებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარ ბადეს პროგრამული პრიორიტეტების საფუძველზე აგებს. ამ დოკუმენტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია საინფორმაციო გადაცემებში ასახოს „საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები/პროცესები.“ ასევე, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პოლიტიკურ-ანალიტიკური გადაცემების საშუალებით იმ „საერთაშორისო მოვლენებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებთან კავშირშია ან გავლენას ახდენს მასზე”. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ლოგიკური იქნებოდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აქტიურად აშუქებდეს ევროკავშირსა და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ მოვლენებს. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზია საზოგადოებას მართლაც აწვდის ინფორმაციას ევროკავშირში მიმდინარე უახლესი მოვლენების შესახებ, ის ამ თემაზე შემეცნებითი ან ანალიტიკური გადაცემების მნიშვნელოვან ნაკლებობას განიცდის.

მიმდინარე წლის მარტის თვეში საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემათა ბადეს ახალი, „საერთაშორისო მოვლენების ანალიზზე ორიენტირებული“ გადაცემა დაემატა. „42-ე პარალელი“ ანალიტიკური გადაცემაა, რომელიც რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკულად აშუქებს და ანალიზს აწვდის საზოგადოებას. გადაცემის ფოკუსში ხშირად ხვდება ევროკავშირიც და მის წევრ სახელმწიფოებში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებიც. თუმცა, გადაცემის ზოგიერთი სიუჟეტი შეიცავდა ევროსკეპტიკური გზავნილების გარკვეულ ნიშნებს და ასევე, რამდენიმე მათგანი გამოირჩეოდა დაბალანსებული კრიტიკის ნაკლებობით.


პირველი გადაცემის პირველივე სიუჟეტი რუსეთის თემას დაეთმო, კონკრეტულად კი ვლადიმირ პუტინის გამოსვლას სახელმწიფო დუმის წინაშე. გადაცემაში პუტინის სიტყვით გამოსვლის ანალიზისას ძირითადად აქცენტი რუსეთის ეკონომიკის მოდერნიზაციასა და რუსეთის სამხედრო სიძლიერეზე გაკეთდა. მაუწყებლის ანალიტიკოსებმა გარკვეული პარალელი გაავლეს ამ გამოსვლასა და მეოცე საუკუნის ცივი ომის მსოფლიო ლიდერების რიტორიკას შორის. ამავე გადაცემის მეორე სიუჟეტი „ბრექსიტის“ თემას დაეთმო. სიუჟეტში გადმოცემული იყო „ბრექსიტის“ როგორც მომხრე, ისე მოწინააღმდეგეთა არგუმენტები და ასევე, ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებული სირთულეები. თუმცა, სიუჟეტი დასრულდა ერთ-ერთი რესპონდენტის მიერ გამოთქმული მოსაზრებით, რომ „ბრექსიტის“ შემთხვევა გასათვალისწინებელია საქართველოსთვისაც, როგორც დამაფიქრებელი გაკვეთილი, თუ როგორ ევროკავშირში სურს ქვეყანას გაწევრიანება. ერთი შეხედვით, შემაშფოთებელი არაფერია არცერთ ზემოთ ხსენებულ სიუჟეტში, თუმცა, ის ფაქტი, რომ გადაცემა აქცენტს აკეთებს რუსეთის სიძლიერეზე, შემდგომ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში „ბრექსიტით“ გამოწვეულ პრობლემებს უსვამს ხაზს და ამავე დროს, ევროკავშირში საქართველოს გაწევრების შესახებ სვამს კითხვებს, ნებით თუ უნებლიეთ შესაძლოა, სწორედ იმ ევროსკეპტიკური განწყობების გაძლიერებას უწყობდეს ხელს, რომელზეც, ზემოთ ვსაუბრობდით.

ამავე კონტექსტში საგულისხმოა 31 მარტის გადაცემაც, კონკრეტულად კი, თურქეთის ბუნდოვანი ევროპული მომავლის შესახებ სიუჟეტში ერთ-ერთი წამყვანის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ „ერდოღანი დღეს განმათავისუფლებელ მოძრაობას იწყებს, რომელმაც თურქეთი დასავლური იმპერიალიზმის ჩრდილიდან უნდა გამოიყვანოს და დასაბამი მისცეს ახალ, სუვერენულ თურქეთს, რომელსაც საკუთარი, დამოუკიდებელი ინტერესები ამოძრავებს.“ მსგავსი შინაარსის მქონე გზავნილებმა მაყურებელს შესაძლოა წარმოდგენა შეუქმნას, რომ აქამდე თურქეთი დამოუკიდებლად ვერ იღებდა გადაწყვეტილებებს და ეჭვქვეშ დააყენოს დასავლეთის ინტერესები არამარტო თურქეთის, არამედ, ასევე, საქართველოსთან მიმართებით.

გარდა ევროსკეპტიციზმის ნიშნების შემცველი გზავნილებისა, გადაცემის რამდენიმე სიუჟეტში მხოლოდ ცალმხრივი კრიტიკა ისმოდა. მაგალითად, 14 აპრილის გადაცემა უნგრეთსა და აზერბაიჯანში ჩატარებულ არჩევნებს დაეთმო. სიუჟეტი ჩვენი მეზობლის შესახებ, შეიძლება ითქვას, რომ შორს იყო დაბალანსებული ანალიზისგან და თითქმის მთლიანად ეძღვნებოდა აზერბაიჯანის, როგორც ძლიერი ქვეყნის იმიჯის წარმოჩენას. გადაცემის რესპონდენტები ძირითადად აზერბაიჯანის მთავრობის წევრები ან მთავრობასთან აფილირებული პირები იყვნენ. გარდა არსებული პოლიტიკური ესტაბლიშმენტის ხოტბისა, გადაცემის რესპონდენტების მიერ გაკეთებული იყო საკმაოდ სკეპტიკური განცხადებები საქართველოს დასავლელი მეკავშირეებისადმი. „საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს დაპყრობის შემდეგ არანაირი მხარდაჭერა არ გამოაცხადეს. ასევეა უკრაინის შემთხვევაში. ამგვარი სიტუაციების დროს არც საერთაშორისო და არც ევროპული ორგანიზაციები და არც ამერიკა ქმედით ნაბიჯებს არ დგამენ“ - განაცხადა ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა პოლიტიკოსმა. რესპონდენტებმა ხაზი გაუსვეს ასევე აზერბაიჯანის სწორ საგარეო პოლიტიკურ არჩევანს, რომელიც დამოუკიდებელ საგარეო კურსზეა მიმართული. როგორც ერთ-ერთმა სტუმარმა აღნიშნა, „აზერბაიჯანი არ ეძებს დიდ ძმას, ის არ ეძებს პატრონს, ჩვენ ხალხი ვართ, პატრონი არ გვჭირდება.“ რაც შეეხება თავად არჩევნებს, ამ კუთხით გადაცემაში არ იყო ნახსენები ის ფაქტი, რომ ოპოზიციურ პარტიათა დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა. ასევე არ იყო საუბარი იმაზე, თუ რა მდგომარეობაა აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების კუთხით. ერთი შეხედვით, მაყურებელს დარჩებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ აზერბაიჯანი ძლიერი და გამართული სახელმწიფოა, და საქართველოსგან განსხვავებით, არ ცდილობს ძლიერ, დასავლელ პარტნიორებთან დაახლოებას საკუთარი დამოუკიდებლობის დაკარგვის ფასად.

მსგავსი ტენდენცია გამოიკვეთა სხვა გადაცემებშიც. მაგალითად, 31 მარტის გადაცემის ერთ-ერთ სიუჟეტში საუბარი იყო ტრამპის ცნობილ ინიციატივაზე, ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების შესახებ. გადაცემაში კომენტარი გააკეთა საქართველოში მცხოვრებმა ამერიკელმა ჟურნალისტმა, რომელიც ტრამპის ამ ინიციატივის გულმხურვალე მხარდამჭერია და თვლის, რომ კედლის აშენება ხელს შეუწყობს არალეგალური მიგრაციის შემცირებას. მართალია, სიუჟეტი არ ავლენდა ტრამპის ამ ინიციატივის მხარდამჭერ გზავნილებს, მაგრამ გადაცემაში არ იყო წარმოდგენილი ტრამპის ინიციატივის მოწინააღმდეგე მხარის აზრი. მიგრაცია ქართველებისთვისაც მეტნაკლებად სენსიტიური თემაა, ხოლო მსოფლიო, განსაკუთრებით კი ევროპულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ეს თემა პოპულისტების ხელში ერთ-ერთი მთავარ იარაღად შეიძლება იქცეს, შესაბამისად, მისი გაშუქებისას, უმჯობესია მსგავსი იდეების მომხრეთა საპირწონედ, მათი მოწინააღმდეგეთა აზრიც იყოს დაფიქსირებული.

საერთო ჯამში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე საერთაშორისო მოვლენების ანალიზზე ორიენტირებული გადაცემის არსებობა მისასალმებელია, თუმცა, ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, მსგავს გადაცემებში დაბალანსებულად იყოს წარმოჩენილი სხვადასხვა მოვლენისა თუ იდეის კრიტიკა. ასევე, არსებული საინფორმაციო ომისა და მომძლავრებული ევროსკეპტიციზმის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ მედიამ ყურადღება დაუთმოს არამარტო დასავლეთში არსებული პრობლემების ანალიზს, არამედ, ასევე, ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის საშუალებით მიღწეული წარმატების მაგალითების გაშუქებასაც და ზოგადად, ობიექტური ინფორმაციის მიწოდებით ხელი შეუწყოს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.

ანა ანდღულაძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) პოლიტიკის მკვლევანი