კატეგორია: ფოტოისტორია
“ჩემი დღე ღაზაში დილის ექვს საათზე დაიწყო. ფოტოგრაფია ისეთივე დაუგეგმავია რამეა, როგორც თავად ომი” - იხსენებს ტაილერ ჰიკსი, “The New York Times’-ის” ფოტოგრაფი, რომელიც ომის თემაზე წლებია მუშაობს.

ორგზის პულიტცერის პრემიისა და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი პრიზის მფლობელი ფოტოგრაფი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთსო გამოცემისთვის მუშაობს. კონფლიქტებს აშუქებდა ავღანეთში, პაკისტანში, ლიბიაში, ჩეჩნეთში სირიასა თუ ღაზაში.

2014 წლის ზაფხულში, 12 ივლისს, ისრაელი-ღაზას ორმოცდაათდღიანი ომის გასაშუქებლად წავიდა. იმ დღესაც დილის ექვს საათზე ჰიკსი ღაზას სექტორში იმ ადგილების გადასაღებად ემზადებოდა, რომელიც წინა ღამით დაბომბეს. ემზადებოდა, გადაეღო ქალაქის მთავარი საავადმყოფოს მორგი, საიდანაც ოჯახის წევრებს საკუთარი მიცვალებულები უნდა გაესვენებინათ და დაეკრძალათ.

გადაღებიდან ზღვის ნაპირთან ახლოს მდებარე სასტუმროში დაახლოებით, 4 საათზე დაბრუნდა. ფანჯრიდან ხედავდა, როგორ თამაშობდა ოთხი პატარა ბიჭი პლაჟზე. კომპიუტერი გახსნა და ის ის იყო, ნიუ-იორკში ფოტოები უნდა გადაგზავნა, რომ მძლავრი აფეთქების ხმა მოესმა. ის და მისი მძღოლი ფანჯარასთან მიცვივდნენ. სათევზაო პორტთან ცეცხლი და კვამლი დაინახეს. ამ დროს შენიშნეს პატარა ბიჭიც, რომელიც პლაჟიდან მორბოდა.

“სასწრაფოდ დავავლე ხელი ჩემს კამერას, ჩაფხუტსა და სხვა აღჭურვილობას და გარეთ გამოვვარდი. დაახლოებით, 30 წამში მეორე აფეთქება გაისმა. ბიჭი, რომელიც მანამდე პლაჟზე მორბოდა, ახლა მკვდარი იყო და დანარჩენ სამ ბიჭთან ერთად, ქვიშაზე გაუნძრევლად იწვა” - იხსენებს ჰიკსი ჩანაწერებში.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ბიჭები ბიძაშვილები იყვნენ. ღაზაში მცხოვრები მეთევზეების შვილები, რომლებსაც იმ ტერიტორიაზე ყველა კარგად იცნობდა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლებმა გააფრთხილეს საშიშროების შესახებ, ბიჭები ფეხბურთის სათამაშოდ პლაჟზე მაინც გაიპარნენ.

რომ არა ტაილერ ჰიკსი და კიდევ რამდენიმე საერთაშორისო გამოცემის ჟურნალისტი, ალბათ, ეს ამბავი აქტუალური არ გახდებოდა. ჟურნალისტებმა მომხდარიდან მცირე ხანში ფაქტის შესახებ ტვიტერზე დაწერეს. წერდნენ, რომ ისრაელის სამხედრო ძალებმა ცარიელი სანაპირო დაბომბეს.



მოგვიანებით, ისრაელის სამხედრო საქმის ანალიტიკოსებმა სატელევიზიო განცხადებაში აღნიშნეს, რომ სანაპიროზე შეტევის მიზანი, პირველადი მოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია იყო, რომლის მიხედვითაც პორტთან ახლოს ჰამასის ობიექტები იყო განთავსებული. თუმცა გაურკვეველი რჩებოდა, რატომ გახდა საჭირო დამატებით, 30 წამში, მეორე დაბომბვა, რომელმაც დანარჩენი სამი ბავშვის სიცოცხლეც შეიწირა. ებრაელი სამხედრო ექსპერტების ახსნით, შესაძლოა, ისრაელის შეიარაღებულ ძალებს ბავშვები სამხედროები ეგონათ. ისრაელმა იმავე დღეებში ინცინდენტის გამოძიებისა და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების პირობა დადო.

ღაზას სექტორზე შეტევების დროს ისრაელი გამუდმებით აცხადებს, რომ იღებს ყველა ზომას, რათა სამოქალაქო პირებში ნაკლები მსხვერპლი იყოს. მიუხედავად ამისა, გაეროს სტატისტიკური მონაცემები ამბობს, რომ თითქმის, ორთვიანი კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა 75% სამოქალაქო პირია. უდანაშაულო მსხვერპლის მიზეზად ისრაელს ჰამასი მოჰყავს, რომელიც სამოქალაქო პირებით დასახლებულ ტერიტორიაზე მოქმედებს და ხშირად სხვა გზას არ უტოვებს.

მედიაექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტაილერ ჰიკსის ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ გამოჰყავს ადგილობრივ მაცხოვრებელს სანაპიროზე დაღუპული ოთხი ბიჭიდან ერთ-ერთი, არის ფოტო, რომელმაც სირიისა და პალესტინის კონფლიქტი და ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენები, საერთაშორისო საზოგადოებას აბსოლუტურად სხვა კუთხით აჩვენა.
კატეგორია: ეთიკა
22 აგვისტოს, ტელეკომპანია „ობიექტივის“ ღამის სტუდიაში, სტუმრად მყოფმა კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „პატრიოტთა ალიანსიდან,“ ვაჟა ოთარაშვილმა, შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ მივხედოთ ინვალიდებს, დაცემულებს, რაღაცა აუტიზმით დაავადებულებს.. საქართველოს მტრებს აწყობთ, რომ მთელი ქართველობა აუტიზმით იყოს დაავადებული. საქართველოს მტრებს აწყობთ, რომ წელს ქვევით იყოს მთელი საქართველო მოწყვეტილი.“

რესპონდენტის ნათქვამს, წამყვანის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, შესაბამისად, ტელეეთერი სიძულვილის ენისა და დსიკრიმინაციული სიტყვების ტრიბუნად იქნა გამოყენებული.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის IX თავი, რომელიც მრავალფეროვნებას, თანასწორობასა და შემწყნარებლობას ეხება, 33-ე მუხლში ამბობს: თუ წყარო პირდაპირ ეთერში ან ახალ ამბებში უსაფუძვლოდ ასახელებს ეთნიკურ წარმომავლობას, რელიგიურ მრწამს, სექსუალურ ორიენტაციას, ოჯახურ ან ქონებრივ მდგომარეობას, სოციალურ კუთვნილებას, ან ნებისმიერ სხვა ნიშანს, როგორც პრობლემის გამომწვევ მიზეზს ან იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას რომელიმე ჯგუფის მიმართ, წამყვანი არ უნდა აყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით.

კატეგორია: ეთიკა
22 აგვისტოს, ტელეკომპანია „ობიექტივის“ ღამის სტუდიაში, სტუმრად მყოფმა კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „პატრიოტთა ალიანსიდან,“ ვაჟა ოთარაშვილმა, შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ მივხედოთ ინვალიდებს, დაცემულებს, რაღაცა აუტიზმით დაავადებულებს.. საქართველოს მტრებს აწყობთ, რომ მთელი ქართველობა აუტიზმით იყოს დაავადებული. საქართველოს მტრებს აწყობთ, რომ წელს ქვევით იყოს მთელი საქართველო მოწყვეტილი.“

რესპონდენტის ნათქვამს, წამყვანის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, შესაბამისად, ტელეეთერი სიძულვილის ენისა და დსიკრიმინაციული სიტყვების ტრიბუნად იქნა გამოყენებული.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის IX თავი, რომელიც მრავალფეროვნებას, თანასწორობასა და შემწყნარებლობას ეხება, 33-ე მუხლში ამბობს: თუ წყარო პირდაპირ ეთერში ან ახალ ამბებში უსაფუძვლოდ ასახელებს ეთნიკურ წარმომავლობას, რელიგიურ მრწამს, სექსუალურ ორიენტაციას, ოჯახურ ან ქონებრივ მდგომარეობას, სოციალურ კუთვნილებას, ან ნებისმიერ სხვა ნიშანს, როგორც პრობლემის გამომწვევ მიზეზს ან იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას რომელიმე ჯგუფის მიმართ, წამყვანი არ უნდა აყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები
25 წლის წინ, 1991 წლის 23 აგვისტოს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა www (World Wide Web), რაც ევროპული ქსელების გაერთიანების და მთელს მსოფლიოში კავშირის დამყარების წინაპირობა გახდა.

თუმცა მანამდე, 1969 წელს სამხედრო მიზნებიდან გამომდინარე, პენტაგონში ოთხი კომპიუტერის ერთმანეთთან ქსელით დაკავშირება სცადეს. ძალიან მალე ქსელი სამხედრო ფარგლებს გასცდა, ნახევარ საუკუნეში კი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილიც გახდა.

თავდაპირველად ინტერნეტი სულაც არ იყო სრულყოფილი. პირველ კომპიუტერებს ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლა არ შეეძლოთ - ისინი სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ. მსგავსი პრობლემა 80-იან წლებამდე გაგრძელდა, თუმცა შუალედებში მაინც ხდებოდა სიახლეები. მაგალითად, 1972 წელს რეი ტომილსონმა ელექტრონული ფოსტა შექმნა და პირველი შეტყობინებაც გაგზავნა, 1973 წელს კომპიუტერული ქსელის ამერიკულ ნაწილს ნორვეგიული და ბრიტანულიც შეუერთდა და ქსელი საერთაშორისო გახდა, 1977 წელს კი პირველი კომპიუტერული საიტიც შეიქმნა.

1974 წელს ვინტ სერფამ და ბობ კანტმა “ქსელებს შორის მონაცემთა პაკეტების პროტოკოლის თეორია” ჩამოაყალიბეს. სწორედ ამ თეორიის საფუძველზე, 1982 წელს შეიქმნა TCP\IP transmission Control Protocol / internet protocol (internet intercontinental Network). მასთან ერთად გაჩნდა სახელწოდება “ინტერნეტი” ანუ, გაერთიანებული ქსელები.

1991 წელს პოლ ლინდერმა და მარკ მაკახლიმ შექმნეს სისტემა chopher (ზაზუნა), რომელიც ფაილებს ფაილურ სისტემაში უკეთებდა ორგანიზებას და ეს ყველაფერი მენიუს სახით ხდებოდა. chopher კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი გახლდათ ინეტრნეტის განვითარების ისტორიაში, მაგრამ მას არ შეეძლო ჰიპერტექსტისა და ფოტოსურათის გადაცემა.

განვითარების შემდგომი ნაბიჯი გახლდათ www (World Wide Web – ინტერნეტ თანამგზავრი)

შემდეგ გაჩნდა HTML - ენა, რომელიც ვებ გვერდის დაკაბადონების საშუალებას იძლეოდა, შეიქმნა შესაბამისი პროგრამა ვებ ბრაუზერიც, რომელიც ამ ენაზე დაწერილ გვერდებს კითხულობდა და ასე გაჩნდა HTTP – მონაცემთა გადამგზავნი ქსელური პროტოკოლი. ამის შემდეგ ნებისმიერს, ვინც HTML-ს ენას იცნობდა, შეეძლო ვებ გვერდის გაკეთება და ქსელში განთავსება. პირველი ბროუზერი ილინოისის უნივერსიტეტის NCSA-ს ჯგუფს ეკუთვნის. ბროუზერი 1993 წელს შეიქმნა და მისი სახელი იყო Mosaic. ერთი წლის განმავლობაში, ეს პროგრამა ორ მილიონზე მეტმა მომხმარებელმა დააყენა თავის კომპიუტერზე. მსგავსი შესაძლებლობის მიღებისთანავე ადამიანებმა ინტერნეტში საკუთარი ვებ გვერდების განთავსება დაიწყეს. პროცესის ინტენსიურობა, ციფრების მიხედვით, თავად შეგიძლიათ შეაფასოთ: 1993 წლის დასაწყისში ქსელში მხოლოდ 130 დარეგისტრირებული საიტი იყო, წლის ბოლოს კი მათმა რიცხვმა ექვსასს გადააჭარბა.

შემდეგი ბროუზერი გახლდათ Netscape Navigator-ი, 1995 წელს კი კორპორაცია Microsoft-მა შემქნა ახალი ბროუზერი – Internet Explorer, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ინტერნეტის განვითარებაში.

საინტერესოა, რომ 1995 წელს, მაშინ, როდესაც ინტერნეტის შექმნიდან 25 წლისთავზე მას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით მომხმარებელი ჰყავდა, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინტერნეტმომხმარებელთა რიცხვი ასამდეც ვერ აღწევდა. საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში, ინტერნეტსივრცის ათვისება და სწრაფი განვითარება 1995 წლიდან იწყება. მანამდე კი, საბჭოთა კავშირის დანგრევამდე, 90-იანების დასაწყისში, მსოფლიოს კომპიუტერულ ქსელში გამოჩნდა დომენი SU, რომელიც 1990 წლის 18 სექტემბერს შეცვალა დომენმა RU-მ. ამის შემდეგ ქსელში ჩნდება პოსტსაბჭოთა ქვეყნების საინფორმაციო სივრცის აღმნიშვნელი დომენები, მათ შორის GE დომენიც.

ინტერნეტი და ჟურნალისტიკა

საერთაშორისო ქსელის გამოჩენისთანავე ინტერნეტი და ჟურნალისტიკა მჭიდროდ დაუკავშირდა ერთმანეთს. ინტერნეტის სწრაფად და იოლად შეიჭრა ტრადიციული მედიასაშუალებების მოქმედების არეში და მისთვის ანგარიშის გაწევა აიძულა. პირველი ელექტრონული გაზეთი, სახელად The Electorinic Club ქსელში 1990 წელს, ამერიკაში განთავსდა.

თუ საქართველოს მონაცემებით ვიმსჯელებთ, სადაც ინტერნეტმა ფეხის მოკიდება 1995 წლიდან დაიწყო, საინტერესო სურათს მივიღებთ. 1995 წელი ის პერიოდია, როცა თუ რომელიმე მედიასაშუალებას თავისი ოფიციალური ელექტრონული მისამართი არ აქვს, სირცხვილად მიიჩნევა. შესაბამისად, მისამართი ყველას ჰქონდა, თუმცა მისი სარედაქციო საქმიანობისათვის გამოყენება არ ხდებოდა.

ინტერნეტმედიამ ტრადიციული მედიასაშუალებებისაგან ისესხა ფორმები და მეთოდები, თუმცა ქსელში აკუსტიკური, გრაფიკული თუ ვიზუალური სახით განთავსებული ინფორმაციის რეალურ ინფორმაციად ქცევა იშვიათად ხდებოდა. მიზეზი ინტერნეტის არამასობრივი მოხმარება იყო. თუმცა ქსელში განთავსებულ ინფორმაციას საზოგადოება მაინც იღებდა, ოღონდ, ტრადიციული მედიასაშუალებებით. ვირტუალური სივრცის მასობრივი არცოდნა პრესას, რადიოსა თუ ტელევიზიას შესაძლებლობას აძლევდა, ინტერნეტიდან მოეპარათ მასალა და მისი დახმარებით შეევსოთ ცარიელი საინფორმაციო სივრცე (ეს მავნე ჩვევა, განსაკუთრებით, პრესისათვის იყო დამახასიათებელი). ნაწილობრივ, მსგავსი ტენდენცია დღესაც გრძელდება.

90-იანი წლების ბოლოსათვის ინტერნეტი უკვე ფლობდა გრაფიკულ, აკუსტიკურ თუ აუდიოვიზუალურ მხარეს, ანუ, თვისებებს, რომლებიც ინტერნეტამდელ მედიასაშუალებებს ახასიათებდათ. მსოფლიოს საინფორმაციო კომპიუტერულ ქსელში შესაძლებელი გახდა პრესის, რადიოს, ტელევიზიისა თუ საინფორმაციო სააგენტოების განთავსება. ტრადიციული მასმედიის საშუალებებმა იგრძნეს აუცილებლობა, რომ ძველი მედიის დახვეწა-გარდაქმნისათვის ახალი მედია უნდა გამოეყენებინათ; ოღონდ ისე, რომ პირველს საკუთარი სახე შეენარჩუნებინა. მალე ინტერნეტში ტრადიციული მედიასაშუალებების მუდმივად განახლებული ელექტრონული ვერსიების შექმნა დაიწყო.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ისლამური სახელმწიფო და მედია

ისლამურ სახელმწიფოს კარგად აწყობილი მედიასისტემა აქვს. დიდი ფულისა და პროფესონალების წყალობით კი შთამბეჭდავი ხარისხისა და რაოდენობის მედიაპროდუქტს აწარმოებს.

ისლამური სახელმწიფოს მედიაგანვითარება სირიაში 2014 წლის იანვრიდან, ქალაქ რაქაზე კონტროლის დამყარებისას იწყება. ტერორისტულმა ორგანიზაციამ სირიის თავისუფალ არმიაზე გაიმარჯვა და 200.000-იანი ქალაქის დე ფაქტო მმართველი გახდა. ჯიჰადისტებმა მალევე აკრძალეს ადგილობრივი მედიასაშუალებები, დააკავეს აქტივისტები, მათ შორის მუჰამედ ნოურ მატარი, რომელმაც 2013 წლის 13 აგვისტოს, რაქაში, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გამართული აქცია გააშუქა. მალევე დააარსეს საკუთარი რადიო, რომელიც ჯიჰადის დოქტრინის შესახებ ამზადებდა გადაცემებს და მებრძოლთა ლიდერების გამოსვლას პირდაპირ ეთერში უშვებდა.

მოჰამედ აზოუზი, რაქას მკვიდრი რეჟისორი და აქტივისტი, რომელიც ამჟამად თურქეთში ცხოვრობს, ინკა კოვენინთან მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ისლამური სახელმწიფოს რადიო არამუსლიმური დაჯგუფებებისა და დასავლეთის მიმართ სიძულვილის ენას ავრცელებს. მისი ძირითადი მსმენელები კი ტაქსის მძღოლები და მაღაზიების მფლობელები არიან.

ამ ეტაპისათვის რადიოსადგურს ონლაინ ვერსიაც აქვს „Al-Bayan“, რომელზეც დღეში საშუალოდ ათ ახალ ამბავს დებს. ამბები, ძირითადად, ისლამური სახელმწიფოს „მიღწევებს“ და უპირატესობას ეხება.

ისლამურ სახელმწიფოს რამდენიმე პროპაგანდისტული ორგანიზაცია აქვს. მათ შორისაა „The Al-Furqan Institute for Media Production“, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ძველი მედიაგანყოფილებაა და მეწტილად ვიდეოებს აწარმოებს. „The Al-I’tisam Media Foundation“ კი ბოლო რამდენიმე წელია, ISIS-ისათვის იღებს ვიდეოებს. რაც შეეხება „The Alhayat Media Center-ს“, მისი ძირითადი სამიზნე დასავლური აუდიენციაა. ისლამურ სახელმწიფოში თავისი მუსიკალური არხიცაა. მაგალითად, „The Ajnad Media Foundation-ი“ ეთერში 2014 წლის იანვრიდან გადის და ჯიჰადისტურ სიმღერებსა და ისლამურ ვოკალურ მუსიკას გადასცემს.

ტელე და რადიომაუწყებლობის გარდა, ისლამურ სახელმწიფოს ონლაინ გამოცემებიც აქვს. მათ შორის ყველაზე პოპულარულია „Dabaq“ - ინგლისურენოვანი ონლაინ გამოცემა, რომლის პირველი ნომერი 2014 წლის 5 ივლისს გამოჩნდა სათაურით „ხალიფატის დაბრუნება“. მას შემდეგ კიდევ რამდენიმე ნომერი გამოვიდა. ნომრები, ძირითადად, ძალადობისაკენ მოწოდებით გამოირჩეოდა. მათ შორის სამართლიანობის აღდგენის შესახებაც იყო საუბარი, რომელიც იეზიდების დამონებით უნდა მომხდარიყო. ონლაინ ჟურნალში ასევე იბეჭდება ე.წ. მოწოდება ჯვაროსნების მოკვლის შესახებაც, მათში ის დასავლელი მოქალაქეები იგულისხმებიან, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ალიანსში არიან გაწევრიანებულები. სააგენტო ისლამური სახელმწიფოს ახალი ამბების (ISN) ძირითად სამიზნე ჯგუფს სირიისა და ერაყის მოქალაქეები წარმოადგენენ. ამავე გვერდზე იდება ISIS-ის ანგარიშები, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას ღონისძიებათა და სამომავლო გეგმების შესახებ. გამოცემების გარდა არსებობს ინტერნეტფორუმებიც, სადაც პოსტებსა და ფოტოებთან ერთად სტატიები და ვიდეოებიც იტვირთება.

ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს დასავლეთში მცხოვრები მუსლიმი თემი წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ ჯიჰადისტები მაღალ დონეზე ფლობენ სოციალურ მედიას და იციან, თუ როგორ შეიძლება მათი გაგზავნილი მესიჯი ზუსტად სამიზნე აუდიტორიამდე მივიდეს, ეს ერთიორად ართულებს დასავლეთის მუშაობას. ინტენსიური პროპაგანდის მიზანი აუდიტორიის თვალში დასავლეთის დისკრედიტაცია და ისლამური სახელმწიფოს სიძლიერის ჩვენებაა. ISIS-ის ჯიჰადისტური იდეოლოგიის გავრცელება დასავლეთში მცხოვრებ მუსლიმურ საზოგადოებაში ერთ-ერთი წინაპირობაა იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი მებრძოლი შეუერთდეს მათ რიგებს. პროპაგანდის მასალებად იყენებენ ფოტოებს, ვიდეოებს, ჩანაწერებსა თუ აუდიო შეტყობინებებს. სტრატეგია დღემდე წარმატებით მუშაობს.

ისლამური სახელმწიფო და სოციალური მედია

დღეს მკვლევრები ხშირად ამბობენ, რომ ვიეტნამის ომი პირველი სატელევიზიო ომი იყო, სირიის კონფლიქტი კი პირველი Youtube ომი გახდა. მიზეზი სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფების მიერ სოციალური ქსელების მაღალპროფესიულ დონეზე გამოყენებაა. აქ კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს თავისი მედიასაშუალება აქვს, რომელსაც პროპაგანდის მანქანად იყენებს. ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში შესვლა სიცოცხლის ფასად შეიძლება დაჯდეს, მედიასაშუალებები უარს ამბობდნენ საკუთარი ჟურნალისტების გაშვებაზე და სოციალური ქსელებისა და მოქალაქე ჟურნალისტების იმედად არიან.

სოციალური მედია, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი პოლიტიკურ მოვლენებში, რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ირანში, არჩევნების შემდგომი გამოსვლების დროს, მთავრობამ ინფორმაცია ჩაახშო და თეირანის ქუჩაში მიმდინარე მოვლენებს მოქალაქე აქტივისტები დასავლურ სამყაროს ტვიტერის საშუალებით აწვდიდნენ. თუმცა ეს საწყისი ეტაპი იყო. სოციალურ მედიას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა არაბული გაზაფხულის დროსაც, მაგალითად, Facebook-ი, ინფორმაციის გავრცელების გარდა, მომიტინგეთა შეკრების ფუნქციასაც ითავსებდა. სწორედ ამიტომ კონფლიქტის დასაწყისში, იმ პატარა ქალაქებში, სადაც აჯანყების პირველი ნიშნები გამოჩნდა, ასადის მთავრობამ პირველ რიგში სოციალურ ქსელებსა და მობილურ კავშირგაბმულობაზე წვდომა შეზღუდა.

სოციალურ მედიას კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს: თუკი სირიიდან რაიმე ვრცელდება, აქტივისტები პირველად Youbute-სა და Twitter-ზე დებენ, ხალხიც ახალ ამბებს აქ ელოდება.

კარგი მაგალითია 2013 წლის 21 აგვისტოს შემთხვევა. ქიმიური ნივთიერება ზარინით მოწამლული ხალხის შესახებ ინფორმაცია სწორედ სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა, თუმცა, მეორე მხრივ, ჟურნალისტებსა და ექსპერტებს უჭირდათ გადამოწმება, იყო თუ არა რეალური ფაქტების ამსახველი ეს ვიდეოები. მოგვიანებით არამხოლოდ მედია, არამედ ამერიკის ადმინისტრაცია და სადაზვერვო სისტემებიც სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოებზე გახდნენ დამოკიდებულნი.

სოციალური მედიის მნიშვნელოვანი ნაკლი ისაა, რომ შეცდომებისაგან დაზღვევა შეუძლებელია. გარდა იმისა, რომ სანდოობა დაბალია, ახალი ამბების გავრცელების სიჩქარე ინტერნეტში შეცდომების გავრცელების ალბათობასაც ზრდის. ამიტომაც, თუ რაიმე განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი და სასწრაფო არ ხდება, წყაროდ მის გამოყნებას ჟურნალისტთა დიდი ნაწილი ერიდება.

ინფორმაციის წყაროდ ტრადიციული მედია იყენებს სირიაში მყოფ აქტივისტებსაც, რომელთა შორისაც პროფესიონალი ჟურნალისტები ხშირად არიან. მეტიც, არსებობს საინფორმციო ოფისიც. მას ადამიანის უფლებათა სირიელი დამკვირვებელი (SOHR) ჰქვია და ბრიტანეთში სირიიდან გაძევებულმა რამი აბდელ რაჰმანიმ დააარსა. ორგანიზაციაში თავს იყრის უამრავი ინფორმაცია მთელი სირიიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ძირითად წყაროს აქტივისტები წარმოადგენენ, მიიჩნევენ, რომ ის ოპოზიციასთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, SOHR-ის ინფორმაციას არამხოლოდ მედია, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიც აქტიურად იყენებენ.

სოციალური ქსელებიდან მომდინარე ინფორმაციის გადამოწმების პრობლემა დღემდე მწვავედ დგას მედიაში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ონლაინ-გადამოწმების რამდენიმე ხერხი (გუგლის ძიება, რუკა და ა.შ.), ტექნიკური ხარვეზები ბევრია. მაგალითად, გუგლის რუკა ხშირად არ ახლდება და ამიტომ ვიდეოს გადაღების ადგილის მოძებნა, შესაძლოა, ვერ მოხერხდეს.

ISIS-ის პროპაგანდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს Facebook და Twitter, რომელთა საშუალებითაც არამხოლოდ ინფორმაციას ავრცელებენ, არამედ ახდენენ ISIS-ის დემონიზებას, რაც უფრო მეტად აფრთხობს მოსახლეობას აშშ-სა და მის მოკავშირე ქვეყნებში. ბუნებრივია, დაჯგუფების მიერ სოციალურ ქსელებში ატვირთული, ძალადობის შემცველი ვიდეოები იშლება და ანგარიშებიც იბლოკება, თუმცა ისინი მაინც ნახულობენ ახალ-ახალ გზებს პროპაგანდის გასავრცელებლად. მაგალითად, იყენებენ ისეთ სოციალურ ქსელებს, როგორებიცაა VK და DIASPORA. ორივე სოციალური ქსელი ფეისბუკის კონკურენტად მიიჩნევა და მომხმარებლის მოსაზიდად ნაკლებად მკაცრი წესები აქვს.

მას შემდეგ, რაც ისლამურმა სახელმწიფომ 2014 წლის ზაფხულში არნახულ წარმატებას მიაღწია და ხალიფატიც გამოაცხადა, მსოფლიოს მასშტაბით მხარდამჭერების მობილიზაციისათვის მედიაკამპანია დაიწყო. ერთ-ერთ ასეთი 2014 წლის 19 ივნისს გამოცხადდა, სახელწოდებით მილიარდი მუსლიმი ისლამური სახელმწიფოს მხარდასაჭერად. კამპანიის მიზანი იყო, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მცხოვრებ ადამიანებს ეჩვენებინათ სოლიდარობა ISIS-ისათვის და გამოეყენებინათ ტვიტერის ანგარიშები. მოგვიანებით ჯიჰადისტებმა Youtube-ზე დადეს ვიდეო, სადაც ასახული იყო ის ტვიტები, რომლებიც კამპანიის ფარგლებში მთლი მსოფლიოდან იგზავნებოდა მათთან.

რა არის ისლამური სახელმწიფო

ისლამური სახელმწიფოს ისტორია 2003 წლიდან იწყება. იმ დროიდან, რაც აშშ-ს სამხედრო ძალებმა ერაყელი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის გადაგდება და ერაყის დაკავება შეძლეს. მაშინ ერაყის სამოქალაქო და სამხედრო სამსახურში დასაქმებული, სადამ ჰუსეინის ერთგული ათასობით სუნიტი სამსახურის გარეშე დარჩა. ალ-ყაიდამ კი ამერიკისადმი მათი განწყობა გამოიყენა და ასე დაარსდა ალ ყაიდა ერაყში (AQI), რომელსაც სათავეში იორდანელი მებრძოლი, აბუ მუსაბ ალ-ზარქავი ჩაუდგა. დაჯგუფების მთავარი მიზანი იყო, განეხორციელებინათ ამბოხებები როგორც შიიტების, ასევე ერაყში განთავსებული აშშ-ს სამხედრო ძალების წინააღმდეგ.

შიიტი ძალების წინააღმდეგ თავდაპირველად ისინი ცენტრალურ ერაყში აწყობდნენ შეთქმულებებს, ასევე აფეთქებდნენ სასტუმროებს მეზობელ იორდანიაში. ერაყული ალ-ყაიდას წევრების უმეტესობა მაშინ აშშ-ს ბანაკ Camp Bucca-ში იყვნენ დაპატიმრებულები, სადაც პრაქტიკულად, რადიკალებად ჩამოყალიბდნენ.

ახალი დაჯგუფების სათავეში მოსვლის შემდეგ ზირქავიმ სადამ ჰუსეინის რეჟიმის წარმომადგენლებთან არსებული კავშირები მალევე დაივიწყა და ახალი დაჯგუფება ორ ძირითად საფუძველზე, სამხედრო ჯიჰადსა და სუნიტური ერაყის ნაციონალიზმზე ჩამოაყალიბა.

შექმნიდან მცირე ხანში ჯგუფი ისეთი გახმაურებული ტერორისტული აქტის ინიციატორი აღმოჩნდა, როგორიც იყო 2003 წელს ბაღდადში მდებარე გაეროს ოფისის აფეთქება, რომელსაც ელჩისა და მისი 20 თანამშრომლის სიცოცხლე შეეწირა. მოგვიანებით, ამერიკელებთან დაუნდობელი ბრძოლის შედეგად, ზარქავიმ უსამა ბინ ლადენთან ერთგულების ფიცი დადო და მისი დაჯგუფება ოფიციალურად გახდა ალ-ყაიდას განშტოება ერაყში. ზირქავი 2006 წელს საჰაერო დაბომბვების შედეგად დაიღუპა. რამდენიმე თვის შემდეგ კი მისმა შემცვლელმა ისლამური სახელმწიფოს დაარსების შესახებ განაცხადა. მალე ISIS-ისა და ალ ყაიდას ლიდერები ერაყის ამერიკული არმიის მიერ იქნნენ ლიკვიდირებულები, დაჯგუფებამ კი თავი სუნიტური ერაყის ერთ-ერთ კუთხეს შეაფარა. ამავე პერიოდში ორივე დაჯგუფების ლიდერები ერთმა კაცმა შეცვალა, რომლის შესახებაც დღემდე ცოტა რამ ვიცით. მისი სახელი იბრაჯიმ ავარდ ალ-ბადრია, თუმცა უფრო მეტად ფსევდონიმით, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადით არის ცნობილი.

ბაღდადის შესახებ არსებული მწირი ცნობებიდან ვიცით, რომ დაიბადა ჩრდილოეთ ბაღდადში და ფსევდონიმი „ბაღდადიც“ აქედან მოდის. რაც შეეხება „აბუ ბაქრს“ - ეს არის წინასწარმეტყველი მუჰამედის შემცვლელის, მისი მამინაცვლის სახელი. როგორც მისი ადრეული ნაცნობები იხსენებენ, ის იყო წყნარი, ისლამის სწავლების მოყვარული სტუდენტი და ბაღდადის დოქტურანტურაში სწავლობდა. აშშ-ს მიერ ერაყის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, ალ-ბაღდადი სუნიტი მებრძოლების რიგებში აღმოჩნდა, სადაც ისლამური სამართლის, შარიათის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ამერიკელებმა შეიპყრეს და ბუკას ბანაკში განამწესეს. ეს ადგილი ისლამისტებისათვის ძალიან კარგი შესაძლებლობა გახდა, შიგნითვე გაევრცელებინათ რადიკალური იდეოლოგია, დაემყარებინათ მნიშვნელოვანი კონტაქტები და ჩამოეყალიბებინათ ქსელები. ეს ყველაფერი კი ამერიკელების ცხვირწინ, მათი დაცვის ქვეშ ხდებოდა. თავად ალ-ბაღდადმა მოახერხა ბანაკში რამდენიმე სამხედრო ყოფილ კომანდერთან შეხვედრა და მათთან პარტნიორობა. საბოლოოდ კი კარგი ყოფაქცევის გამო ამერიკელმა სამხედროებმა ალ-ბაღდადი დაბალი რისკის მქონედ მიიჩნიეს და ციხიდანაც გაუშვეს.

2010 წელს, ტერორისტული დაჯგუფების სათავეში ალ-ბაღდადის მოსვლისას, ჯიჰადისტების საქმიანობა ერაყში ნაკლებად აქტუალური იყო, თუმცა მეორე ფრონტი იხსნებოდა სირიაში. რელიგიური მიმდინარეობა აქაც მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ოპოზიციურ ძალებს სუნიტი მუსლიმები შეუერთდნენ, პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი კი რელიგიური უმცირესობის, შიიტთა წარმომადგენელია.

პირველად ალ-ბაღდადმა დამასკოში თავისი კაცი 2011 წლის დეკემბერში გაგზავნა. მანქანის აფეთქებასთან დამასკოს ცენტრში მაშინ დაჯგუფება ალ-ნუსრა იქნა გაიგივებული, რომლის თავკაცი სირიელი ჯიჰადისტი, აბუ მოჰამედ ალ-ჯულიანი, ბაღდადის მიერ იყო ხელდასხმული.

ალ-ნუსრამ მალე შეძლო სირიის მიწაზე მხარდამჭერების მოგროვება, ერთ-ერთი მიზეზი მათი ბრძოლის უნარები, ფინანსები, უცხოელი მებრძოლები და ალ ყაიდას მხარდაჭერა იყო. ის მალე გავიდა ბაღდადის კონტროლიდან, რაც ამ უკანასკნელს არ მოსწონდა. 2013 წლის აპრილში მათი უკან დაბრუნება სცადა და გამოაცხადა, რომ ალ-ნუსრა მისი განკარგულების ქვეშ მყოფ, ერაყისა და ალ-შამის (სირიის, იგივე ლევანტის) ახალ ისლამურ სახელმწიფოში შედიოდა.

ტერორისტულ ორგანიზაციას რამდენიმე სახელი აქვს. მას შემდეგ, რაც ერაყიდან სირიაში გადაინაცვლეს, IS-სს კიდევ ერთი IS დაემატა, როგორც ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო. დასავლეთში ხშირად იყენებენ სახელწოდება დაეშსაც, რომელსაც არაბულად მნიშვნელობა არ აქვს, სამაგიეროდ, ცუდად გამოითქმის და ამიტომ არ მოსწონთ თავად ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებს.

ტერორისტულ დაჯგუფებას სირიაში გამუდმებული ბრძოლა ჰქონდა როგორც ოპოზიციურ და სამთავრობო ძალებთან, ასევე სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან. მათ შორის, ალ-ნუსრასთანაც, რომელმაც 2011 წლის ბოლოსვე კვლავ ალ ყაიდას მიმართ დადო ერთგულების ფიცი. 2013 წელს ისლამურმა სახელმწიფომ სირიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი, რაქა დაიკავა და საკუთარ დედაქალაქად გამოაცხადა. ამავე პერიოდიდან ISIS-ის რიგებში გადასვლას იწყებენ სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციის, მათ შორის, ალ-ნუსრას ჯიჰადისტებიც. მთავარი მომხიბვლელობა დაჯგუფების რადიკალიზმი იყო.

2014 წლის 10 ივნისს ისლამურმა სახელმწიფომ ერაყის ქალაქი მოსული დაიკავა. მასთან ერთად ხელში ჩაიგდო ადგილობრივ ბანკებში არსებული, ნახევარ მილიარდზე მეტი აშშ დოლარი და ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკა, რომელიც ერაყის სამხედროებმა ბაზების მიტოვებისას ქალაქში დარჩა. 29 ივნისს ხალიფატი ოფიციალურად იქნა გამოცხადებული. ხალიფად კი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი აღიარეს.

ალ-ბაღდადის თამამ გადაწყვეტილებას თავად მუსლიმურ წრეებშიც გამოხმაურება მოჰყვა. მიუხედავად სიძლიერისა, თავად უსამა ბინ ლადენი და ალ-ყაიდა, დამარცხების შიშით, ვერ ბედავდნენ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას. ალ-ბაღდადმა კი, ხალიფატის შექმნასთან ერთად, გლობალური ჯიჰადის შესახებაც განაცხადა. გამოქვეყნდა რუკაც, სადაც ის ქვეყნებია მონიშნული, რომელიც ხალიფატის მორჩილებაში უნდა შედიოდეს.

გარდა ბრუტალური ხერხებით ადამიანების მკვლელობისა, ისლამურმა სახელმწიფომ სახელი ძველი, ანტიკური და ისტორიული ძეგლების განადგურებითაც გაითქვა. მათ მიერ ჩადენილ ვანდალიზმთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პალმირაში განადგურებული, 2000 წლის ტაძარი ბელი, მუზეუმში დაცული არტეფაქტები და ანტიკური ნიმუშები იყო. სწორედ ამ უძველესი საგანძურის დაცვას შეეწირა სირიელი ისტორიკოსი ხალედ ალ-ასადი. 82 წლის მეცნიერმა უარი განუცხადა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს, პალმირას გადამალული საგანძური ეჩვენებინა მათთვის, მეცნიერს თავი მოჰკვეთეს და გვამი ტაძრის ერთ-ერთ სვეტზე დაჰკიდეს.

ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი კოზირი კარგად ამუშავებული ჯაშუშური ქსელებია. იდეოლოგიის გასავრცელებლად სხვადასხვა ხერხს იყენებენ. BBC-სთან ინტერვიუში მოსულიდან წამოსული ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ პირველი, რაც ISIS-ის ჯიჰადისტებმა ქალაქის აღების შემდეგ შეცვალეს, მეჩეთების მქადაგებლები იყვნენ. დაპყრობილ ქალაქებში დააწესეს კონტროლი ტანსაცმლის ტიპზე, სიგარეტის, საღეჭი რეზინების გაყიდვაზე, მუსიკის მოსმენასა თუ კაფე-ბარებზე. ასევე სატელიტურ ანტენებზე, ტელევიზიასა და მობილურ ტელეფონებზე.

ისლამურმა სახელმწიფომ სკოლებში სასწავლო გეგმა შეცვალა. მათ მიერ დაპყრობილ ქალაქებში სპეციალური სასამართლოა მოწყობილი, რომელიც შარიათის კანონით განსჯის.

ISIS-ის გახმაურებულ დანაშაულებს შორის არის ერაყის ქურთებით დასახლებულ ქალაქ ირბილში იეზიდების გენოციდი. ტყვეთა თავის მოკვეთის, ვიდეოების გადაღებისა და გავრცელების ფაქტები, რომელთა შორის ყველაზე შოკისმომგვრელი იორდანელი პილოტის მოაზ ალ-კასასბეჰის ცოცხლად დაწვა იყო.

2016 წლის დასაწყისამდე არსებული მონაცემებით, ისლამურმა სახელმწიფომ ჩაიდინა 70 ტერორისტული აქტი 20 ქვეყანაში - კალიფორნიიდან სიდნეიმდე. მსხვერპლის რაოდენობა დაახლოებით 1200 კაცია.

მასშტაბურ ტერორისტულ აქტებს შორის ერთ-ერთია 31 ოქტომბერს რუსული ავიალაინერის აფეთქება სინაის ნახევარკუნძულთან და პარიზის ცენტრისა და ბატაკლანის თეატრის, ასევე ბრიუსელისა და ათათურქის აეროპორტების ტერაქტები.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
20 ივლისს, კიევის დროით 7:45 წუთზე, უკრაინის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მანქანა აფეთქდა, რომელსაც „უკრაინსკაია პრავდას“ ჟურნალისტი, პაველ შერემეტი მართავდა. მანქანა პოპულარული უკრაინული გამოცემის რედაქტორს ეკუთვნოდა, თუმცა ის იმ დროისათვის ავტომობილში არ იმყოფებოდა.

პოლიციის ცნობით, შემთხვევა, სავარაუდოდ, ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია. უკრაინის პოლიციის უფროსი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ შერემეტის დაღუპვის მიზეზების გამოძიება მისთვის ღირსების საკითხია.

44 წლის პაველ შერემეტი ბელორუსიელი ჟურნალისტი იყო. სხვადახვა დროს მუშაობდა ბელორუსიის სახელმწიფო არხზე, ანალიტიკური პროგრამა „პერსპექტივის“ წამყვანად და პროდუსერად, რომელი ალექსანდრე ლუკაშენკომ 1995 წლის რეფერენდუმამდე ერთი კვირით ადრე დახურა. 1996 წელს მან მუშაობა დაიწყო რუსულ ტელევიზიაORT-ში და გახდა ბელორუსიის ბიუროს ხელმძღვანელი.

შერემეტი 1997 წელს ადგილობრივმა მთავრობამ დააპატიმრა საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც შერემეტი ბელორუსიიდან ლიტვაში არალეგალურად გადასვლაზე იღებდა ფილმს.

ჟურნალისტს მიღებული ჰქონდა სხვადასხვა საერთაშორისო პრიზი. ტვიტერზე გავრცელებული ინფორმაციით, მას ბელორუსიაში დაკრძალავენ.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
9 აპრილს, ვაშინგტონის დროით 14:00-ზე, გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა საკუთარ გვერდზე პანამის დოკუმენტების მონაცემები გაასაჯაროვა. საიტზე საძიებო სისტემის საშუალებით შესაძლებელია, კონკრეტული ქვეყნისა და იმ კომპანიებისა თუ პირების მონაცემთა მოძებნა, რომლებსაც Mossack Fonseca-სთან კავშირი ჰქონდათ.

ინფორმაციის გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე, გერმანულ გაზეთ, „ზუდდოიჩე ცაიტუნგზე“ გამოქვეყნდა იმ წყაროს მანიფესტი, რომელმაც საერთაშორისო მედიას უდიდესი ბაზა მიაწოდა. „მედიაჩექერი“ გთავაზობთ გერმანული გამოცემის გვერდზე განთავსებულ მანიფესტს.

"წელიწადზე მეტი ხნის წინ, გერმანიის ერთ-ერთ უმსხვილეს გაზეთ “ზუდდოიჩე ცაიტუნგს” წყარო დაუკავშირდა, რომელიც ანონიმურად დარჩენას დაჟინებით ითხოვდა. წყარო საკუთარ თავს “ჯონ დოუს” ეძახდა და და გაზეთს პანამური იურიდიული კომპანიის, Mossack Fonseca-ს შესახებ, შიდა ინფორმაცია შესთავაზა.ზუდდოიჩე ცაიტუნგმა” გადაწყვიტა, ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმთან ერთად შეესწავლა მონაცემები (ICIJ). კვლევის პერიოდში თანამშრომლობა გაფართოვდა და 100-ზე მეტი მედიასაშუალება 80-ზე მეტი ქვეყნიდან მოიცვა. პანამას დოკუმენტებმა მსოფლიოს მასშტაბით უზარმაზარი გამოხმაურება გამოიწვია: პოლიტიკოსები და თანამდებობის პირები გადადგნენ. იყო უამრავი სახალხო პროტესტი და ისტორიებმა ათობით ქვეყანაში გამოძიების დაწყებას ჩაუყარა საფუძველი.

6 მაისს “ჯონ დოუმ” ზუდდოიჩე ცაიტუნგს გამოუგზავნა მანიფესტი, რაც შეიძლება იქნას გაგებული, როგროც მისი განმარტება საკუთარ საქციელზე. მანიფესტსა და მასში გაჟღერებულ პოლიტიკურ პოზიციას არ ჰქონია, არ აქვს და არ ექნება გავლენა “ზუდდოიჩე ცაიტუნგისა” და იმ მედიაორგანიზაციებზე, რომლებიც პანამას დოკუმენტების საქმეში იყვნენ ჩართულნი. ზუდდოიჩე ცაიტუნგი არ ყოფილა ვალდებული, დათანხმებოდა თემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ გარემობას იმისათვის, რომ მიეღო ინფორმაცია პანამას დოკუმენტების შესახებ". © ზუდდოიჩე ცაიტუნგის რედაქცია.

“ჯონ დოუ” მანიფესტი:

არათანაბარი შემოსავლები ჩვენი დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ის ყველა ჩვენგანს, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ეხება. წლების განმავლობაში ამ თემის გარშემო დებატები არ წყდებოდა. მიუხედავად უამრავი საჯარო გამოსვლისა, სტატისტიკური ანალიზისა, იშვიათი დოკუმენტაციებისა თუ პროტესტისა, ვერავინ შეძლო შეეჩერებინა არათანაბარი შემოსავლების ტენდენციის ზრდა. ამ ვითარებაში რჩება კითხვა: რატომ? და რატომ ახლა?

პანამას დოკუმენტები კითხვაზე შეუვალ პასუხს იძლევა: მიზეზი მასობრივი, ღრმა კორუფციაა და სულაც არ არის შემთხვევითი, რომ პასუხის გამცემი იურიდიული კომპანიაა. პანამას საქმე იყო უფრო მეტი, ვიდრე “მდიდარი მენეჯმენტის” მექანიზმს ამოფარებული თაღლითობა. Mossack Fonseca იყენებდა თავის გავლენას რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კანონები საკუთარ თავზე მოერგო და ათწლეულების განმავლობაში კრიმინალების კეთილგანწყობა მოეპოვებინა. “ნიუის კუნძულის” საქმის დაწყებიდან მის დასრულებამდე, ფირმა არსებითად გაურბოდა გადასახადებს.

პანამას საქმემ აჩვენა ეჭვის ჩრდილს მიღმა არსებული სინამდვილე - მფარველი კომპანიის სტატუსი არ ნიშნავს არალეგალურობას, თუმცა მათ იყენებენ იმისათვის, რათა ბოლომდე მიიყვანონ ის დაწყებული სერიოზული დანაშაული, რაც გადასახადების დამალვის უკან დგას. მე გადავწყვიტე, მეჩვენებინა Mossack fonseca, რადგან ჩემი აზრით, მისმა დამფუძნებლებმა, თანამშრომლებმა და კლიენტებმა უნდა გასცენ პასუხი კითხვას, თუ რა იყო მათი როლი იმ დანაშაულებში, რომელთაგანაც, ამჟამად, მხოლოდ რამდენიმე გამოვიდა დღის სინათლეზე. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ კომპანიის ყველა საქმისა და თაღლითური სქემის გამოაშკარავებას, წლები, შესაძლოა, ათეული წლებიც სჭირდება.

ამავდროულად, პანამას საქმის შემდეგ, ახალი საერთაშორისო დებატები დაიწყო. ეს მისასალმებელია.

არსებულ ვითარებაში მე რამდენიმე მოსაზრება მაქვს.

პირველ რიგში: მე არ ვმუშაობ არც ერთი მთავრობისა თუ სადაზვერვო სამსახურისათვის არც პირდაპირ და არც საკონტრაქტო ხელშეკრულებით. არც არასოდეს მიმუშავია. ჩემი შეხედულება აბსოლუტურად ჩემი პირადია, ისევე როგორც გადაწყვეტილება, ეს დოკუმენტები “ზუდდოიჩე ცაიტუნგისათვისა” და გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმისათვის გამეზიარებინა. ეს არ ყოფილა რაიმე პოლიტიკური მიზანი, უბრალოდ, მე საკმარისად კარგად გავეცანი მათ შინაარსს, რათა გამეანალიზებინა უსამართლობის ის უმაღლესი მაჩვენებელი, რასაც ისინი აღწერდნენ.

უნდა ვთქვათ, რომ მედია უმეტესად ფოკუსირებული იყო სკანდალზე და განიხილავდა, თუ რა არის სამართლებრივი და რის ნებას რთავს სისტემა. სინამდვილეში, ის, რის ნებასაც სისტემა იძლევა, ნამდვილად სკანდალურია და უნდა შეიცვალოს. მაგრამ არ უნდა დავკარგოთ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტი: იურიდიული ფირმა, მისი დამფუძნებელი და დასაქმებულები ნამდვილად გაცნობიერებულად, სისტემატურად არღვევდნენ უამრავ კანონს მსოფლიოს მასშტაბით. დოკუმენტები აჩვენებს წინასწარ განზრახულ დანაშაულს. დაბოლოს: ჩვენ უკვე ვიცით, რომ მოსაკმა ნევადაში, ფედერალური სასამართლოს წინაშე ცრუ ინფორმაცია თქვა. ისიც, რომ მისი ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება ცდილობდა, მიეჩქმალა ამ ცრუ ინფორმაციის მიღმა არსებული ტყუილები. სპეციალური გარემოებების გამო გამოძიება ყველა მათგანის მიმართ უნდა დაიწყოს.

პანამას დოკუმენტებიდან ათასობით გამოძიების დაწყება შეიძლებოდა, თუ აქტუალურ დოკუმენტებს კანონის ძალით მოეყრებოდა თავი. ICIJ-ი და მისი პარტნიორი გამომცემლობები სწორად მიხვდნენ, რომ ისინი კანონისმიერ ძალას ვერ გამოიყენებდნენ. მე კი, მაინც მსურდა, კანონთან მეთანამშრომლა და მის ფარგლებში მემოქმედა იმდენად, რამდენადაც ის ამის საშუალებას მომცემდა.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვუყურებდი, თუ როგორ ანგრევდნენ საკუთარ ცხოვრებას ერთმანეთის მიყოლებით აქტივისტები და ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ კომპანიაში მუშაობდნენ და მათი სამსახურების უკანონო ქმედებების შესახებ საჯაროდ ჰყვებოდნენ. ვუყურებდი მათ ამერიკასა და ევროპაში, თუ როგორ აღმოაჩინეს საკუთარი თავი დამნაშავეებად მაშინ, როდესაც სხვის დანაშაულებს მოფინეს ნათელი. ედუარდ სნოუდენი, საკუთარი ქვეყნიდან ობამას ხელისუფლების მიერ გაძევებული და ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული, მოსკოვში ცხოვრობს, იმის მიუხედავად, რომ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს საქმიანობის შესახებ გამოაშკარავებული ინფორმაციის გამო, ის გმირივით შეხვედრასა და მატერიალურ ჯილდოს იმსახურებს და არა ქვეყნიდან გაძევებას. ბრედლი ბირკენ ფილდი ჯერ მილიონებით დააჯილდოვეს იმ ინფორმაციისათვის, რომელიც შვეიცარულ ბანკ UBS-ს ეხებოდა, თუმცა ახლაც პატიმრობა აქვს მისჯილი. ანტონი დელტორს დღემდე სასამართლოში აქვს საქმე ინფორმაციის გამო, რომელიც მან ჟურნალისტებს გადასცა და სადაც საუბარი იყო, თუ როგორ იპარავდნენ ლუქსემბურგში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების დახმარებით მილიარდებს გადასახადების დაფარვით მეზობელი ქვეყნის მოქალაქეები. მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება..

მე მოვუწოდებ ევროკომისიას, ბრიტანეთის პარლამენტსა და შეერთებული შტატების კონგრესს, ყველა ერს, რომ არამხოლოდ სწრაფად იმოქმედონ და დაიცვან ადამიანები, რომლებიც შიგნიდან გასცემენ უკანონობის შესახებ ინფორმაციას, არამედ ბოლოსდაბოლოს დაასრულონ გლობალური უკანონობა, რომლებსაც კორპორატიულად ჩადიან. ევროკავშირში, ყველა წევრმა ღია უნდა გახადოს კოოპერატივების რეესტრი, ინფორმაცია მის პირველ და ბოლო მფლობელებამდე დეტალური უნდა იყოს. გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია, იამაყოს თავისი შიდა ინიციატივებით, მაგრამ მას კიდევ აქვს სასიცოცხლო როლის თამაშის შესაძლებლობა, დაასრულოს ფინანსური იდუმალებები მის მფლობელობაში არსებულ სხვადასხვა კუნძულზე, რომელიც მსოფლიო მასშტაბის ინსტიტუციონალური კორუფციის ნამდვილი ქვაკუთხედია. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, საკუთარი კოოპერატიული მონაცემების გამჭვირვალობისთვის, შეუძლია, საერთოდ აღარ ენდოს თავის 50 შტატს. ამერიკის კონგრესს ძალიან დიდი დრო დასჭირდება იმისათვის, რომ სისტემა გამჭვირვალე გახადოს და ინფორმაციის გავრცელებისა და მასზე წვდომის სტანდარტები დააწესოს.

და სანამ მთავრობის გამჭვირვალობის ღირსებებს სამიტებსა და შეხვედრებზე განიხილავენ, უნდა გვახსოვდეს, რომ აბსოლუტურად სხვა რამეა, ასეთი გამჭვირვალობის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არჩეული წარმომადგენლობითობა დროის დიდ ნაწილს ფინანსების მოზიდვაში ხარჯავს. გადასახადების დამალვის პრობლემა შესაძლოა არასოდეს მოიხსნას, სანამ არჩეული პოლიტიკოსები ფულისათვის ლობირებენ ელიტას, რომელსაც უდიდესი მოტივაცია აქვს, გადასახადებს თავი აარიდოს. ასეთი სახის უსიამოვნო პოლიტიკური პრაქტიკა წრეზე ტრიალებს.

აქ კიდევ ერთი საკითხია, რომელსაც მოგვარება სჭირდება. ზელანდიის პრემიერი, ჯონ ქეი უცნაურად დუმს მისი ქვეყნის როლზე ფინანსური თაღლითობის იმ მექაში, რაც კუნძულზე ხდება. ბრიტანეთში, პარლამენტარებს უნდა შერცხვეთ საკუთარი პრაქტიკისა, რომელიც ოფშორულ კომპანიებთან აკავშირებთ. და ეს ყველაფერი მხოლოდ ექოდ ჟღერს იმ საერთაშორისო დუმილში, ათასობით ახლახან აღმოჩენილ მფლობელებს შორის რომ ჩამოწოლილა. ისინი ლოცულობენ, რომ შემცვლელი მასსავით უპრინციპო იყოს. პოლიტიკური სიმხდალის ფონზე, დამარცხების სურვილი და იმისი მტკიცება, რომ პანამას საქმის არსებობამდე სტატუს ქვო ფუნდამენტურად უცვლელი რჩება, ცდუნებაა.

მაგრამ საბოლოოდ, მასალა უკვე საჯაროა. ის, რომ ცვლილებას დრო სჭირდება, ახალი არ არის. სამართლებრივმა და იურიდიულმა შტოებმა მსოფლიოს მასშტაბით, სრული კრახი განიცადა. დღესაც, პანამის მოსახლეობა ამბობს, რომ სურს იცოდეს უფრო მეტი, ვიდრე დოკუმენტებიში წერია, მაგრამ მისი მთავრობა მოხერხებულად ცდილობს, ამბის მხოლოდ ერთი მხარე აჩვენოს.

კრახი განიცადეს ბანკებმა, ფინანსურმა მარეგულირებლებმა და საგადასახადო სისტემის მმართველებმაც. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, მდიდრებზე ყოფილიყვნენ კონცენტრირებული და არა შუა და დაბალი შემოსავლების მქონე მოქალაქეებზე.

კრახი განიცადა უიმედოდ ჩამორჩენილმა და უმოქმედო სასამართლომაც. მოსამართლეები ხშირად უსიტყვოდ ეთანხმებოდნენ მდიდართა არგუმენტებს. მხოლოდ Mossack Fonseca-ს ადვოკატები არ არიან კარგად დატრენინგებული, ერთდროულად პატივი სცენ სასამართლოსა და სიმართლეს და თან ყველაფერი გააკეთონ, მის წასაბილწად.

კრახი განიცადა მედიამაც. ბევრი საინფორმაციო ქსელი საკუთარი თავის პაროდია გახდა. მილიარდელებს ჰობად აქვთ გაზეთების ფლობა. მაშინ, როდესაც გარკვეული გამოცემები მდიდარი შემოსავლების მქონენი არიან, სერიოზული საგამოძიებო ჟურნალისტიკა ფინანსების ნაკლებობას განიცდის. რამდენიმე დიდი და ცნობილი მედიაგამოცემის რედაქტორმა, გადახედა რა პანამის დოკუმენტებს, დუმილი ამჯობინა და გამოქვეყნებისაგან თავი შეიკავა.

მაგრამ ყველაზე მეტად, კრახი იურისტის პროფესიამ განიცადა. დემოკრატიული მმართველობა დამოკიდებულია პასუხისმგებლიან ინდივიდებზე, რომლებიც მთელ სისტემაში არსებობენ, რომლებსაც ესმით კანონი, იცავენ მას და არა პირიქით. იურისტები კი ისე ღრმად ჩაეფლნენ კორუფციაში, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები სასწრაფოდ გასატარებელია. Mossack fonseca ვაკუუმში არ მუშაობდა - მიუხედავად განმეორებითი ჯარიმებისა და დოკუმენტებით არსებული რეგულარული დარღვევებისა, მან შეძლო, ვირტუალურად ეპოვა მოკავშირეები და კლიენტები ბევრ იურიდიულ კომპანიაში. ინდუსტრიის ნამსხვრევებად ქცეული ეკონომიკა რომ არ ყოფილიყო საკმარისი მტკიცებულება, ახლა ვერ უარვყოფდით, რომ იურისტებს აღარ ექნებათ ერთმანეთს დაბალანსების საშუალება - უბრალოდ, ეს არ მოქმედებს. ისინი კი, ვისაც შეუძლია, ბევრი გადაიხადოს, ყოველთვის იპოვის ადვოკატს, ვინც მოემსახურება, შესაძლოა, ეს Mossack Fonseca-სი თუ სხვა ფირმის ადვოკატი იყოს, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით. და რა მოუვა დანარჩენს საზოგადოებას?

ამ საყოველთაო კრახის საერთო გავლენა ეთიკური სტანდარტების ის სრული ეროზია იყო, რასაც საბოლოო ჯამში კაპიტალიზმს ვეძახით და რაც ეკონომიკური მონობის ტოლფასია. ჩვენს სისტემაში, მონებმა არ იციან თავისი სტატუსისა და ხელმძღვანელების შესახებ, რომლებიც არსებობენ ცალკე სამყაროში, სადაც უხილავი ბორკილები ფრთხილადაა გადამალული სამართლებრივი აქტების დასტას შორს. ზიანის შემაშფოთებელმა მაგნიტუდამ ყველა შოკით უნდა გამოგვაფხიზლოს. თუმცა, როდესაც ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანები პრობლემის შესახებ ტეხენ განგაშს, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს მიგვანიშნებს, რომ დემოკრატიის ტესტმა და ბალანსმა ვერ ჩააბარა გამოცდა და ყველაფერმა კრახი განიცადა, რომ დაშლა და რღვევა სისტემურია. ახლა რეალური მოქმედებების დროა, რაც კითხვების დასმით იწყება.

ისტორიკოსებს მარტივად მოგვიყვნენ, როგორ დაუდო დასაბამი რევოლუციებს საგადასახადო სისტემის უთანასწორობამ. შემდეგ, ხალხის დასამორჩილებლად, სამხედრო ძალაც გახდა საჭირო. დღეს კი, არსებულ, ინფორმაციაზე წვდომა ისეთივე ეფექტურია. ინფორმაცია დაუფარავია. ულიმიტო ციფრული ინფორმაცია და სწრაფი ინტერნეტი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეს, ქვეყანასა და ერებს ერთმანეთთან აკავშირებს. საჭირო წერტილებთან დასაკავშირებლად ბევრი არაფერია საჭირო - შემდეგი რევოლუცია ციფრული იქნება.

ანდაც, იქნებ, ის უკვე დაიწყო."

წყარო: The Süddeutsche Zeitung
კატეგორია: ეთიკა
ტოკ-შოუ „ფალავანდიშვილთან“ წამყვანი, გურან ფალავანდიშვილი, საზოგადოებისათვის მეტ-ნაკლებად ნაცნობი ფიგურაა. მაგალითად, ის 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ბურჯანაძის პარტიის კვოტით მონაწილეობდა. არის უძრავი ქონების სააგენტო “ერდო ჯგუფის” დამფუძნებელი და იმ ადამიანთა ჯგუფში მოიაზრება, რომელიც აკრიტიკებდა ანტიდისკრიმინაციულ კანონს, 17 მაისის “გეიაღლუმს” და ბოლოს სახელმძღვანელო “მე და საზოგადოებას.”

ერთი შეხედვით გადაცემა დისკუსიის ფორმატია, სტუდიაში სტუმრები სხედან და საკუთარ შეხედულებებზე საუბრობენ, თუმცა აქ განსხვავებულ აზრს ვერ მოისმენთ. გადაცემა წამყვანიან-სტუმრიანად ერთ პოზიციაზე დგას.

ვინ არიან გადაცემის სტუმრები? სასულიერო პირები, რომლებიც 17 მაისისა თუ ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ გამოსვლებით გამოირჩეოდნენ, ლევან ვასაძე და გურამ ფალავანდიშვილის თანამოაზრეები.

შეიძლება ითქვას, რომ გადაცემის მუდმივმოქმედი სტუმრები არიან მამა-შვილი ლორთქიფანიძეებიც.

გადაცემა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გააღვივო სიძულვილის ენა, როგორ გაასაღო მითები რეალობად. მაგალითად, გადაცემაში, რომელიც სახელმძღვანელო “მე და საზოგადოებას” მიეძღვნა, წამყვანი ამბობდა, რომ სამინისტროს სკოლებში მამათმავლობის შეტანა სურს, რომ “იდენტობის” კონფერენცია უნივერსიტეტში მამათმავლობის გავრცელებას ემსახურება, რომ ევროპაში ქალისა და მამაკაცისაგან შექმნილი ოჯახებიდან ბავშვების წართმევა დაიწყეს, რადგან მამაკაცი როგორც მოძალადე ისე მოიაზრება და ერთი სქესის ოჯახებში მათი გაშვილება უფრო სწორად მიაჩნიათ. წამყვანი ასევე დაბეჯითებით, ყოველგვარი წყაროს მოყვანის გარეშე ამტკიცებს, რომ იტალიაში როლური თამაშები შემოიღეს, რომლის თანახმადაც ბავშვი სიტყვით ახსნილ ჰომოსექსუალიზმს ვერ გაიგებს და არსში ჩასაწვდომად როლში შესვლას აიძულებენ და სახელმძღვანელო, რომელშიც “No Gender” წერია, მამათმავლობის პროპაგანდაა..

ფალავანდიშვილი დამცინავად აღნიშნავს, რომ “ლგბტ ხალხისათვის “თემის” წოდება “ცოტა მაღალფარდოვანია.” მას არც სტუმრები ჩამორჩებიან, რომელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალიზმს წარმოშობის თავისი ისტორია აქვს, რომ ქცევის დასწავლით მისი გავრცელება შესაძლებელია. აქვე ლევან ვასაძე სინანულით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო იუვენალური კანონის შემოღებას აპირებს, რომელიც თავისი არსით ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ნაკლებად საშინელი არაა.

წამყვანი ფიქრობს, რომ აბორტს მდიდრები უფრო ხშირად იკეთებენ, ვიდრე ღარიბები, რადგან მდიდრებს რაც უფრო ბევრი ფული აქვთ, უფრო კარგად უნდათ ცხოვრება და ბავშვები ხელს უშლიან. ის მიიჩნევს, რომ ნარკომანია სირცხვილია. სტერეოტიპებს კი მისი სტუმრებიც ამყარებენ, როცა ამბობენ, რომ მარუხუანა ფსიქოლოგიურ აშლილობას იწვევს დაჰოლანდიელ მოსწავლეებს სპეციალური სიმღერა აქვთ, სადაც მარიხუანას სიკარგეზე მღერიან. ამ დროს კი მღვდელი ნარკოტიკის მომხმარებელს აშინებს, სასუფეველში ვერასოდეს შეხვალ ნარკომანობის გამოო.ერთ-ერთ სტუმარს კი ინიციატივაც გაუჩნდა, გადაცემები, სადაც სამარცხვინო ნარკომანიაზე იქნება საუბარი, მომრავლდეს რომ ამ სენთან ბრძოლაგამარტივდესო.

ფალვანდიშვილი მხოლოდ საყოველთაო პრობლემებს არ წარმოგვიჩენს განსხვავებული კუთხით. სურს, საზოგადოებას აჩვენოს, რომ ამ ქვეყანაში, გადაგვარებულ ახალგაზრდებთან ერთად, არსებობს ზნეობრივი თაობა. ამ მიზნით აკეთებს სპეციალურ გადაცემას სადაც მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს, სასულიერო პირების შვილებსა და იმ ახალგაზრდებს იწვევს, რომლებიც რამენაირად მაინც არიან ეკლესიასთან კავშირში.

- სოროსი ხომ არ გაფინანსებთ? - ცინიკურად ეკითხება ფალავანდიშვილი ელენე ლორთქიფანიძეს, რომელმაც ახალგაზრდული მოძრაობა დააარსა და ქართველობის გადარჩენა სურს.

ერთი სიტყვით, რა გადაცემაა ფალავანდიშვილთან? ეს არის გადაცემა, რომლისთვისაც არც სიძულვილის ენაა უცხო, არც ანტიდასავლური მითების გავრცელება. მისი სტუმრები და წამყვანი საუბრობენ "დასავლეთის გარყვნილ პოლიტიკაზე", ახდენენ გარკვეული ჯგუფების მარგინალიზაციას, კონკრეტული ტელევიზია კი ამას ხელს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უწყობს.
კატეგორია: ეთიკა
11 აპრილს, ტელეკომპანია “იმედის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა რეპორტაჟი, სადაც საუბარი იყო ხელვაჩაურში გარდაცვლილ 14 წლის მოზარდზე. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული. ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ საქმე მკვლელობის მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს. ერთ-ერთ სინქრონში, რესპონდენტის მიერ დასახელებული იყო იმ მოზარდის გვარი, რომელსაც ოჯახი, სავარაუდოდ, მკვლელობაში ეჭვმიტანილად მიიჩნევს.

“გამოიძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, ოჯახის წევრებს კი მკვლელობის ვერსია აქვთ. ისინი სავარაუდო მკვლელების ვინაობასაც ასახელებენ, მათივე მტკიცებით მოზარდს სადაბრაზოში თანატოლები გაუსწორდნენ. შემთხვევის შემდეგ ისინი უბანში არავის უნახავს. დაკეტილია მათი სახლებიც. ექპსერტიზის დასკვნას ელოდება როგორც ოჯახი, ასევე შსს“- ამბობს წამყვანი შესავალ ტექსტში.

სიუჟეტის მიხედვით გარდაცვლილს კონფლიქტი ჰქონდა თანატოლებთან. ერთ-ერთი რესპონდენტი (მეზობელი) ინტერვიუს დროს, შემთხვევის დეტალებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ შემთხვევამდე მოზარდთან სახლში მისი თანატოლები მივიდნენ. რესპონდენტი ასახელებს ერთ-ერთი იმ მოზარდის გვარსაც, რომელსაც, ოჯახი, სავარაუდოდ მკვლელობაში ეჭვმიტანილად მიიჩნევს.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
როგორ დაიწყო პანამის საქმე?

ყველაფერი 2014 წლის მიწურულს დაიწყო, როდესაც მიუნხენში, ჰულტშინერშტრასეზე მდებარე გერმანიის ყველაზე გავლენიანი გაზეთის თანამშრომლებს ბასტიან ობერმაიერსა და ფრედერიკ ობერმირს ანონიმური წყარო დაუკავშირდა. წყარო იტყობინებოდა, რომ პანამაში დარეგისტრირებული ნაკლებად ცნობილი იურიდიული კომპანიის, Mossack Fonseca-ს შესახებ მთელ რიგ კონფიდენციალურ დოკუმენტაციას ფლობდა.

Mossack Fonseca ანონიმურ ოფშორულ კომპანიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყიდის. 1970 წელს დაარსებული კომპანიის საშუალებით, პირებს შეუძლიათ აწარმოონ საკუთარი ბიზნეს-მოლაპარაკებები. პანამურ იურიდიულ კომპანიას მსოფლიოს გარშემო 38 ფილიალი აქვს, ჰონგ-კონგსა და მაიამიდან ციურიხამდე. მისი კარგად აწყობილი სტრუქტურა იძლევა საშუალებას, დაიფაროს კონკრეტული კომპანიის მფლობელი და მისი საკუთრება.

“ზუდდოიჩე ცაიტუნგის” რეპორტიორებს არასოდეს ჰქონიათ პირადი ურთიერთობა წყაროსთან, რომელიც მათ ინფორმაციით ამარაგებდა. კონტაქტი დაშიფრული მეილებისა და ჩატების საშუალებით ხდებოდა. თემაზე მუშაობისას რეპორტიორებს ხშირად გასჩენიათ კითხვა, რა სურდა და რატომ უნდოდა წყაროს მთელი ეს ინფორმაცია საჯარო გამხდარიყო? „მე მინდა, რომ ეს დანაშაულები შევაჩერო. ისინი უნდა გაჩერდნენ", - პასუხობდა ანონიმური წყარო, რომელსაც არასოდეს მოუთხოვია ფინანსური ან სხვა სახის სარგებელი, გარდა ანონიმურობის გარანტიისა. ის წერდა, რომ ამ ნაბიჯით საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდა.

გაჟონილი ინფორმაცია კომპანიის ოფისებიდან პირდაპირ, ათასობით მეილის სახით, მიდიოდა მიუნხენში. მათ შორის იყო სამართლებრივი დოკუმენტები, საბანკო ამონაწერები, ჩეკების, პასპორტების, პირადობის მოწმობების, ინვოისებისა და უთვალავი კონფიდენციალური კორესპონდენციის ასლები. ყველა მათგანი იმ სამართლებრივი ქსელის არალეგალურ და რთულ საქმიანობას ეხებოდა, რასაც ათასობით ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით, ფულის, ქონებისა და გადასახადების დამალვისათვის იყენებდა.

მონაცემები 2300-ჯერ მეტი იყო იმ დოკუმენტაციასთან შედარებით, რომელსაც ვიკილიქსი ხუთი წლის წინ ფლობდა. მასალა შეიცავდა იშვიათ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდნენ გლობალურ ინდუსტრიაში ბანკები, ლეგალური ფირმები თუ კომპანიები, რომელთა უკანაც პოლიტიკოსები, ფიფას მაღალი თანამდებობის პირები, ნარკოდილერები, თაღლითები, შოუბიზნესისა და სპორტის სამყაროს წარმომადგენლები იდგნენ.

ბუნებრივია, “ზუდდოიჩე ცაიტუნგის” პრიორიტეტი იყო ის მასალები, რომლებიც გერმანიის მთავრობისა და გავლენიანი წრეების წარმომადგენლებს ეხებოდა. თუმცა დოკუმენტების შესწავლის საწყის ეტაპზევე მიხვდნენ, რომ ინფორმაციის მნიშვნელობა გერმანულ ინტერესებს სცდებოდა. მასალებში ფიგურირებდნენ მსოფლიო ლიდერები. ჟურნალისტები მალევე მიხვდნენ, რომ ეს იყო ყველაზე დიდი გაჟონილი ინფორმაცია ისტორიაში - 2.6 ტერაბაიტის მონაცემი, 11.5 მილიონი დოკუმენტით და რომელიც 1977 წლიდან 2016 წლამდე არსებულ ყველა სახის კანონდარღვევით განხორციელებულ ქმედებას შეიცავდა. გაზეთმა მიიღო გადაწყვეტილება, საქმის უკეთ გამოსაძიებლად გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს (ICIJ) დაკავშირებოდა.

“ზუდდოიჩე ცაიტუნგის” საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდი ხუთი კაცისგან შედგება. აქედან სამი ICIJ-ის წევრია. გუნდს არაერთი ჟურნალისტური ჯილდო აქვს მოპოვებული საგამოძიებო თუ მოკვლევითი სამუშაოებისათვის. მათ პანამის საქმემდე ჰქონდათ ერთობლივი მუშაობის გამოცდილება გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმთან.

“როდესაც გავაანალიზეთ, რომ ხელთ მსუყე საერთაშორისო მასალა გვქონდა, მაშინვე მივხვდით, რომ მათ შესახებ საუბარი გასაჯაროებამდე არ შეიძლებოდა, - ამბობს ობერმაიერი. ის იხსენებს, რომ ICIJ-ს მიმართ ნდობის კიდევ ერთი მიზეზი მასში გაწევრიანებულ ჟურნალისტთა და მედიაორგანიზაციათა პროფესიული ეთიკა, ჟურნალისტური შესაძლებლობები და დამოუკიდებლობა იყო. პირველი შეხვედრა გაზეთისა და კონსორციუმის წარმომადგენლების შორის 2015 წლის აპრილში, მიუნხენში შედგა, რომლის დროსაც ICIJ-ის, გაჟონილი ინფორმაციის შემცველი პირველი დისკი გადასცეს.

სპეციალური პლატფორმა პანამის დოკუმენტებისათვის

მონაცემთა ბაზის შექმნა და დამუშავება, ადვილად სამართავი პლატფორმის მომზადება, რომელიც ჟურნალისტებს არსებულ ინფორმაციასთან წვდომისა და მისი დამუშავების შესაძლებლობას მისცემდა - ყველაზე დიდი დრო კონსორციუმის მთავარი რედაქტორის თქმით, სწორედ ამან წაიღო. კონსორციუმის წევრი კომპიუტერის სპეციალისტები და ვებდიზაინერები კოსტა-რიკიდან და ესპანეთიდან ერთდროულად მუშაობდნენ, რათა მონაცემთა დამუშავებისათვის საჭირო სისტემა შეექმნათ.

35-ზე მეტი სერვერის გამოყენებით მათ შეძლეს, გაკეთებინათ ბაზა არსებული დოკუმენტაციისა, მათ შორის იყო სხვადასხვა იმეილი და მათზე მიბმული ფაილები, ათასობით დასკანერებული დოკუმენტი. აიტი სპეციალისტებმა შეძლეს, გაკეთებინათ საძიებო სისტემა, რომლის მეშვეობითაც მილიონობით დოკუმენტი ადვილად მოიძებნებოდა.

ბაზების შექმნის შემდეგ ICIJ-ის ჯგუფმა დოკუმენტები იმ ქვეყნების მიხედვით დაახარისხა, რომელთაც კონკრეტული მასალები ეხებოდა. მონაცემთა დალაგების შემდეგი ეტაპი მათი ვიზუალიზაცია და გრაფიკული ფორმატის გაკეთება იყო, ეს ფორმატი შესაძლებელს ხდიდა, უფრო მარტივად მოეძებნათ კავშირები ხალხს, კომპანიებს, ოფისებს, დოკუმენტებსა და საბანკო ანგარიშებს შორის.

2015 წლის ივნისში ორგანიზაციამ შექმნა მძლავრი დაცული ვებაპლიკაცია, სადაც ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეეძლოთ აეტვირთათ მოკვლეული მასალები, საკუთარი მიგნებები ერთმანეთისათვის გაეზიაერებინათ და ეფექტური კომუნიკაცია ჰქონოდათ. პლატფორმას გუგლის მსგავსი საძიებო და ფეისბუქის მსგავსი საკომუნიკაციო სისტემა ჰქონდა.

სისტემა იმდენად გამართული იყო, რომ ჰქონდა რეალურ დროზე მორგებული „ჩათიც“, ჟურნალისტებს შეეძლოთ ეპოვათ სასურველი დოკუმენტი და თუ მათ კონკრეტული ენა არ იცოდნენ, თარგმანის მონახავაც ადვილი შესაძლებელი იყო. ჟურნალისტები ერთმანეთს ქსელის საშუალებით, ღიად უზიარებდნენ მიგნებებს.

საერთაშორისო პროექტი და კოორდინაცია

თავდაპირველად ICIJ-მ ჟურნალისტებსა და მედიაორგანიზციებს ერთად იმისათვის მოუყარა თავი, რომ ოფშორული დინებები გამოერკვიათ, თუმცა მუშაობისას გამოიკვეთა ისეთი გადაბმის წერტილები, რომლებმაც ერთობლივად მუშაობა გახადა შესაძლებელი.

საერთაშორისო გუნდის წევრები ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ. პირველი ასეთი შეხვედრა 30 ივნისს, ვაშინგტონში მოხდა, სადაც 30 ჟურნალისტი ერთად შეიკრიბა და დეტალურად გაიარა ის მიგნებები, რომელიც მონაცემთა პირველადი დამუშავების შედეგად გამოიკვეთა. შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ სამომავლო სამუშაო გეგმა გაწერილიყო. მათ იმსჯელეს, როდის გამოექვეყენებინათ დოკუმენტები. პირველ თარიღად ნოემბერი, შემდეგ - თებერვალი დასახელდა. თუმცა მოგვიანებით მასალის უფრო საფუძვლიანი შესწავლა გადაწყვიტეს, რადგან არავინ იცოდა, საბოლოოდ როგორ დასრულდებოდა მათი ერთობლივი მუშაობა.

მომდენო ორი თვის განმავლობაში ქვეყნების, კომპანიების, მისამართებისა და მონაცემთა ძიება-დამუშავების პროცესს უფრო მეტი და მეტი ჟურნალისტი უერთდებოდა. დოკუმენტთა ყურადღებით დამუშავების შედეგად აღმოჩნდა, რომ ვლადიმერ პუტინი გადასახადებიდან მილიონობით დოლარს აგზავნიდა ოფშორულ ზონაში, ლაზარო ბაეზს, არგენტინელ ბიზნესმენს, რომლის საქმეც ამჟამად ფულის გათეთრების ბრალდებით სასამართლოშია, არაერთი კომპანია ჰქონდა უკანონოდ დარეგისტრირებული. ჟურნალისტებმა მიაკვლიეს საიდუმლო ოფშორულ კომპანეიბს, რომლებიც ისლანდიის პრემიერსაც უკავშირდებოდა.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ინფორმაციის უსაფრთხოება იყო. აუცილებელი იყო, საიდუმლოდ შენახულიყო ამბავი, რათა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე ჟურნალისტთა ერთობლივ საქმეს კიბერთავდასხმებითა თუ სხვადასხვა სირთულეებით პრობლემა არ შექმნოდა.

პირველი შეხვედრის შემდეგ მკაცრად გაწერილი სამუშაო გეგმა შემუშავდა. ორგანიზაცია ყურადღებით ამონიტორინგებდა ჟურნალისტთა წვდომას მონაცემთა ბაზაზე და იმ დოკუმენტებს, რომელთა გადმოწერაც ხდებოდა. ისინი ასევე აკვირდებოდნენ სპეციალური მეილებითა და „ჩათებით“ განხორციელებულ დაშიფრულ კომუნიკაციას.

მეორე შეხვედრა სექტემბრის დასაწყისში, მიუნხენში, “ზუდდოჩე ცაიტუნგის” ოფისში შედგა. სამდღიან ინტენსიურ სამუშაო შეხვედრაში 70-ზე მეტმა ჟურნალისტმა საკუთარი მონაცემთა ბაზების მიგნებები ერთმანეთს გაუზიარა და ინტერესის, განსაზღვრული სტრატეგიისა და თემების მიხედვით, ცალ-ცალკე სამუშაო ჯგუფები ჩამოყალიბდა.

კიდევ ერთი საიდუმლო შეხვედრა უკვე ლილეჰამერში, ნორვეგიაში, ოქტომბრის დასაწყისში დაიგეგმა. ეს იყო ყველაზე დიდი შეხვედრა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან პანამის დოკუმენტებზე მომუშავე ჟურნალისტთა უმრავლესობა ესწრებოდა.

ICIJ-ში ამბობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მუშაობის დროს ჟურნალისტთა კოლაბორაციის სურვილი იყო. თითოეული მათგანი აანალიზებდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ 100-ზე მეტი მედიასაშუალება ამ ინფორმაციას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოაქვეყნებდა, ეს შესაბამის შედეგს ვერ გამოიღებდა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მასალების ერთდროული გამოქვეყნება უფრო მეტ რეზონანსს გამოიწვევდა.

ორწლიანი მუშაობის შედეგი

ბრიტანული BBC და The Guardian, ფრანგული Le Monde, გერმანული გაზეთი Sueddeutsche Zeitung-ი და ტელეკომპანიები: NRD და WRD, შვეიცარიული Sontagszeitung, ავსტრიული Falster.... ეს მცირე ჩამონათვალია მედიასაშუალებებისა, რომელთა ჟურნალისტებიც პანამის დოკუმენტებზე მუშაობდნენ.

დაშიფრულ სისტემაში ჟურნალისტთა მუშაობა უფრო და უფრო ინტენსიური ხდებოდა, ვინაიდან “ზუდდოიჩე ცაიტუნგის” ჯგუფი ქსელს ახალი ინფორმაციით 10 თვის განმავლობაში ამარაგებდა. ამის საფუძველზე ICIJ-მ მონაცემთა ბაზა ხუთჯერ განაახლა. ბოლოს მონაცემები მარტში განახლდა, როდესაც ახალი, მილიონ-ნახევარი დოკუმენტი ჩატვირთა. სწორედ მარტში შეთანხმდენ, რომ 2016 წლის 3 აპრილს ინფორმაციას მედიასაშუალებები ერთდროულად გამოაქვეყნებდნენ.

ასეც მოხდა. პანამის დოკუმენტების საქმე ისტორიაში ყველაზე დიდი ჟურნალისტური კოლაბორაციაა. მასზე 109 მედიასაშუალების 370 ჟურნალისტი მუშაობდა. დოკუმენტების დამუშავება 25 ენაზე, 76 ქვეყანაში მიმდინარეობდა. ათი თვის განმავლობაში, მათ ამოქექეს და დაამუშავეს მთლიანი სტრუქტურა Mossack Fonesca-სი, დღის შუქზე გამოიტანეს საიდუმლო ფინანსური ტრანზაქციების სისტემა, რომელიც 202 ქვეყანასთან იყო დაკავშირებული.

გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა 214,488 ორგანიზაციის იდენტიფიცირება მოახდინა, გამოამჟღავნა Mossack Fonesca-ს კლიენტები.

ჟურნალისტებმა სხვადასხვა ქვეყნის 12 ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტი ამხილეს, 61 შემთხვევაში კი ოფშორული კომპანიების კავშირები პირდაპირ მათთან მიდიოდა. დღემდე არსებული ჩანაწერები აჩვენებს, რომ 128 პოლიტიკოსი და საჯარო მოხელე იყენებდა ამ კომპანიის მომსახურებას. მათგან 29 ადამიანი ფორბსის მილიარდელთა სიაშია.

კონსორციუმის ანალიტიკოსებმა აღმოჩინეს, რომ 90-იანებიდან მოყოლებული, 500-ზე მეტი ბანკი მუშაობდა Mossack Fonseca-სთან იმისათვის, რომ დახმარებოდნენ საკუთარ კლიენტებს დაეარსებინათ 15,799 კომპანია. მაგალითად, ამერიკული ბანკი USB თანამშრომლობდა 1,100-ზე მეტ კომპანიასთან ამ ფირმის საშუალებით, მაშინ როდესაც HSBC ბანკმა 2300-ზე მეტი ასეთი ოფშორული კომპანია შექმნა.

2016 წლის 16 მარტს, MOssack Fonseca-ში კონსორციუმის წევრთა ვიზიტისა და კითხვების დასმიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ერთ-ერთ დამაარსებელ, რამონ ფონსეკა მორას მოსთხოვეს, დაეტოვებინა პანამის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა.

ამავე დღეს კომპანიამ გააფრთხილა საკუთარი კლიენტები იმის თაობაზე, რომ მათი კონფიდენციალური მონაცემები შესაძლოა გამჟღავნებულიყო, რადგან ინფორმაციას საერთაშორისო მედია ფლობდა.

რატომ დაუკავშირდა „ზუდდოიჩე ცაიტუნგი“ გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს და რატომ არ იმუშავა მონაცემზე თვითონ თანმიმდევრულად, თუნდაც, წლების განმავლობაში?

“დიახ, მათ იცოდნენ, რომ ამ მასალით მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეიძლებოდა მათივე გაზეთისათვის, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორებთან კოლაბორაცია უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნიეს,” - პასუხობენ ICIJ-ში.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
2015 წლის 23 ნოემბერს, ბრიტანულ ტაბლოიდ “The Sun-ში“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „ყოველ მეხუთე მუსლიმს ჯიჰადისტების მიმართ სიმპათია აქვს“. ორგანიზაციამ, რომელიც ბრიტანეთში პრესის სტანდარტებს არეგულირებს, აღნიშნა, რომ გაზეთმა დაარღვია ეთიკის სტანდარტები, რადგან მკითხველი შეცდომაში შეიყვანა და გამოკითხვის შედეგები არასწორად აჩვენა.

მკვლევართა აზრით, პრობლემას წარმოადგენდა გამოკითხვის მეთოდოლოგიაც. გამოცემის მიერ დასმული კითხვა ასე იყო ფორმულირებული: „ეთანხმებით თუ არა შემდეგ წინადადებას: მე დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც ტოვებენ ბრიტანეთს და მიდიან სირიაში საბრძოლველად“. სოციოლოგების აზრით, კითხვა ბუნდოვანია და შეიცავს მანიპულაციის ნიშნებს, რადგანაც გაუგებარია, კონკრეტულად ვინ მოიაზრება „მუსლიმებში, რომლებიც სირიაში საბრძოლველად მიდიან, “ ISIS- ის მხარდამჭერები თუ მაგალითად, ასადის ან ISIS - ის წინააღმდეგ მებრძოლები. გარდა ამისა, სადავოა, იყო თუ არა გამოკითხვა რეპრეზენტატული, რამდენად სწორად მოხდა შერჩევა და ა.შ.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბრიტანეთის დამოუკიდებელი პრესის სტანდარტების ორგანიზაციამ (IPSO) თემას თვალი სწრაფად ვერ მიადევნა, გაზეთი გამოიცა და გავრცელდა. თუმცა მოგვიანებით, მსჯელობის შედეგად, “The Sun-ს” მიეცა ინსტრუქცია, დაებეჭდა განმარტებითი განცხადება გამოცემის მეორე-მეხუთე გვერდსა და არა პირველზე, რათა ამას თემის ესკალაცია არ გამოეწვია.

საქმის განხილვის დროს “The Sun-ის“ წარმომადგენლებმა არ გაიზიარეს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კვლევითი კითხვა ბუნდოვანი იყო.

IPSO-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაზეთის ნომრის გამოსვლის შემდეგ, მათთან უამრავი საჩივარი შევიდა. განსაკუთრებით აქტიურობდა ადგილობრივი, მუსლიმთა თანხმობისა და განვითარების კავშირი, რომელიც ტაბლოიდს გამოკითხვის შედეგების დამახინჯებაში სდებდა ბრალს. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საჩივრები სათაურისა და სტატიის დისკრიმინაციულობის შესახებ არ ყოფილა. „იყვნენ ისეთი მომჩივნები, რომლებსაც მტკიცედ სჯეროდათ, რომ გამოკთხვის შედეგების ამგვარად გაშუქება უსიამოვნო და საფრთხის შემცველი პროცესების ხელშემწყობიც შეიძლება ყოფილიყო“, - ამბობენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მოგვიანებით, გაზეთმა ამავე თემაზე გააკეთა მასალა, სადაც წარმოადგინა ერთ-ერთი სანდო კომპანიის კვლევის შედეგები. სტატია სრულად მოიცავდა გამოკითხვის სრულ ტექსტს, მასში დამატებითი კომენტარები ისე იყო ჩართული, რომ სრული კონტექსტი გასაგები ხდებოდა. IPSO აღნიშნავს, რომ ავტორს ჰქონდა ინტერვიუ აღებული მუსლიმი ლიდერისაგან, რომელიც მკაფიოდ მიჯნავდა მუსლიმებს ექსტრემიზმისგან და ხაზს უსვამდა, რომ ISIS_ის იდეოლოგია ბრიტანელი მუსლიმების უმეტესობისათვის მიუღებელი იყო.
კატეგორია: ეთიკა
27 მარტს, „იმედის დროში“ გავიდა სიუჟეტი, რომელიც პალიატიურ მკურნალობას და მძიმე სენის მქონე ბავშვებს ეხებოდა. სიუჟეტში ერთ-ერთი მშობელი, ბავშვის თანდასწრებით საუბრობს პრობლემაზე:

„მსოფლიოში პრეცედენტი არ ყოფილა ამ დაავადების განკურნების. ყველაზე დიდი, ხუთი წელი ცხოვრობენ ასეთი ბავშვები. სანამ შემიძლია, ჩემს შვილს ვაცოცხლებ, როგორც შემიძლია. ამას აქვს ეტაპები. პირველი ეტაპია გონებრივი შეზღუდვა, მახსოვრობის უნარის დაქვეითება, რაშიც ჩვენ ვართ ახლა. შემდეგი ეტაპი აქვს უკვე ტეტრაპარეზი, კიდურების მოდუნება, ბავშვი ვეღარ დადის, უკვე მეტყველების დაქვეითება, ყლაპვის გაძნელება და ბოლო სტადია ფატალურია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაღაც გავაკეთო“- ამბობს მშობელი და ამ საუბარს ბავშიც ისმენს.

ფსიქოლოგი, მაია ცირამუა, „მედიაჩექერთან“ საუბარში აღნიშნავს:

„თავისთავად ძალიან მძიმე ამბავია ამ სიუჟეტში აღწერილი, მაგრამ სრულიად წარმოუდგენელია ბავშვის იდენტიფიცირება და განსაკუთრებით მისი თანდასწრებით მის დაავადებაზე და მოსალოდნელ ფატალურ დასასრულზე საუბარი. საოცარია, ნუთუ დედასთან, რომელიც სასოწარკვეთილია, არ უსაუბრია სპეციალისტს, არ განუმარტავს მისთვის რამდენად მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა ბავშვისთვის, კამერის თვალწინ თუ კამერის გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა როგორია ბავშვის ინტელექტუალური შესაძლებლობები, რომელ ფაზაზეა დაავადება და აქვს თუ არა მას რეალობისა და მოსალოდნელი საფრთხის აღქმის უნარი. ასეთი დამოკიდებულება უბრალოდ უსამართლობაა ბავშვის მიმართ. განსაკუთრებით გაუგებარია მედიის პოზიცია - როგორ დაუშვა მან ბავშვის იდენტიფიცირების შესაძლებლობა ან, ბავშვის თანდასწრებით, მშობლის მხრიდან მოსალოდნელ რისკებზე საუბარი?! არაჰუმანური მიდგომაა, როცა მედია სარგებლობს მშობლისა და ბავშვის უმწეო მდგომარეობით. უბრალოდ ვერ ვხვდები, რა არის ასეთი სიუჟეტის მიზანი? ნუთუ ამ მიზნის მიღწევა არ შეიძლება ბავშვის უფლებების დარღვევის გარეშე?!
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
26 მარტს ერთ-ერთი ბრიტანული უმსხვილესი ყოველდღიური გამოცემის, „ინდეფენდენტის“ ბოლო, ბეჭდური ვერსია გამოვიდა. როგორც მისმა მფლობელმა, სერგეი ლებედევმა მიმდიანრე წლის თებერვალში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გაზეთი მთლიანად ინტერნეტში გადაინაცვლებს.

უკვე ცნობილია, რომ პრინტის დახურვის შემდეგ, უსამსახუროდ 50 თანამშრომელი რჩება. მისი მეპატრონე ამბობს, რომ გუნდის წევრთა ნახევარი ვებ-გვერდზე დასაქმდება.

„საგაზეთო ინდუსტრია იცვლება. ამ ცვლილებას მკითხველები გვაჩვენებენ, რომლებიც გვეუბნებიან, რომ მომავალი ინტერნეტისაა,“ - აცხადებს ლებედევი.

ბრიტანული მედია „ინდეფენდენტის“ დახურვას არაერთ სტატიას უძღვნის. „გარდიანში“ იხსენებენ, რომ გაზეთი პირველი იყო, რომელმაც ეკონომიკური და ინდუსტრიული გადატრიალება მოახდინა საგაზეთო ბიზნესში..

„ინდეფენდენტი“ არ არის ძველი გამოცემა. მისი პირველი ნომერი 1986 წლის 7 ოქტომბერს გამოვიდა. ანდრეას სმითი, სტეფან გლოუერი და მათეუ საიმონდსი „დეილი ტელეგრაფის“ ყოფილი ჟურნალისტები იყვნენ და სურდათ, ბრიტანელი მოსახლეობისათვის ახალი, ლიბერალური ხმა მიეწვდინათ. გამოცემა ყოველთვის გამოირჩეოდა ანტიმონარქიული განცხადებებით რაც ბრიტანეთის კონსერვატორულ სამყაროში ნამდვილი ფურორი იყო.

„ახალი სიტყვა ბრიტანულ პრესაში“ - ასეთი შეფასებები დღეს მრავალად გაისმის გაზეთის მისამართით. დაარსებიდან ორ წელიწადში, 1988 წელს მისი ეგზემპლარების გაყიდვების რაოდენობამ 400.000 შეადგინა. 1990 წელს კი, სხვა სოლიდური გამოცემების მსგავსად, გაზეთს საკვირაო გამოშვება დაამატეს და ასე გაჩნდა “Independent Sunday” (მისი ბოლო ბეჭდური ვერსია 20 მარტს გამოვიდა). სწორედ 90-იანი წლების დასაწყისი მიიჩნევა გაზეთის აყვავების ხანად. მის თანამშრომლებს ჰქონდათ ხედვა და გაზეთის განვითარების იმგვარი კონცეფცია, რომელიც სხვა ბრიტანული გამოცემებისათვის იმ დროს უცხო იყო.

დაარსების პირველ წლებში გაზეთი მაღალკვალიფციური რედაქტორებით გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, მეპატრონეთა და საგაზეთო პოლიტიკის ხშირმა ცვლილებამ გაზეთის გაყიდვების რაოდენობა შეამცირა. 2003 წლიდან შეიცვალა გაზეთის ფორმატიც - A4 . მისი პირველი გვერდი კი რამდენიმე ნიუსის ნაცვლად, ერთმა მოსაზრებამ დაფარა. ამ დროისათვის, „ინდეფენდენტის“ მხოლოდ 40.000 ეგზემპლარი იყიდება, რაც გაცილებით ნაკლებია ვიდრე ნებისმიერი რეგიონული პრესის მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთში. ამის პარალელურად, „ინდეფენდენტის“ ინტერნეტ და სოციალური მედიის პოლიტიკას საუკეთესოდ მიიჩნევენ ინგლისში.

„ინდეფენდენტის უნიკალური საგამომცემლო პოლიტიკა მშვენივრად ერგება გლობალურ ციფრულ მდგომარეობას“ - აცხადებენ დიდი საგამომცემლო სახლები. დღევანდელი მონაცემებით, გამოცემის გვერდს 2.8 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და პოპულარობაში ტოლს არ უდებს ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა “The Guardian,” “The Daily Telegraph,” “The Daily Mail” და სხვები.

„ინდეფენდენტი“ პირველი ბრიტანული ყოველდღიური გამოცემაა, რომელმაც ბეჭდური სახით არსებობა შეწყვიტა. მანამდე, 2012 წლის დეკემბერში კი ამერიკული პრესტიჟული გამოცემა, “Newsweek-ი“ იყო. ერთი შეხედვით, ბუნებრივი პროცესის მიუხედავად, ბრიტანეთში ამბობენ, რომ საგაზეთო ჯიხურებიდან გაზეთების გაქრობა მედიაპლურალიზმს უქმნის საფრთხეს.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
2015 წლის 31 დეკემბერს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდრეას დუდამ, მედიის შესახებ კანონში ცვლილებას ხელი მოაწერა. ახალი რედაქციის თანახმად, კანონი ხელისუფლებას აძლევს ნებას, თავად დანიშნოს საზოგადოებრივი ტელე და რადიომაუწყებლის ხელმძღვანელი. რეგულაცია პოლონეთის სახაზინო მინისტრს საზოგადოებრივი მედიის ხელმძღვანელის იმპიჩმენტის დაყენების უფლებასაც აძლევს.

ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ადგილობრივი და საერთაშორისო პროტესტი გამოიწვია. ლიბერალურმა მედიაგამოცემებმა მკაცრად გააკრიტიკეს მთავრობა. მაგალითად, „ნიუსვიკის“ ადგილობრივი გამოცემის პირველ გვერდზე სახელწიფო გერბთან ერთად, წარწერა „პოლონეთის გაუპატიურება“ გამოჩნდა. მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იყო იანვრის შუა რიცხვებშიც.

პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ევროპელი და ადგილობრივი მედიაექსპერტების შეშფოთება მოჰყვა. საკითხზე დასავლურმა მედიაც აქტიურად წერს და ხაზს უსვამს, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მედიისა და პოლიტიკის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა მარტივი და საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიზაცია აქაური ხელისუფლებების ერთ-ერთი მთავარი მიზანია. „ფრანც პრესი“ აღნიშნავს, რომ პოლონეთში, 1989 წლიდან 2015 წლამდე ყველა მოქმედ მთავრობას აბრალებდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოყენებას პოლიტიკური პროპაგანდისათვის, თუმცა ბოლო მთავრობის შემთხვევაში, ლუსტრირება ძალიან სწრაფად მოხდა.

კონტროლის ახალი მოდელი ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ხედვასა დაა ევროპის მაუწყებელთა გაერთიანების პრინციპებს, რომლის ამოსავალი წერტილი საზოგადოებრივი მედიის თავისუფლება და მისი პოლიტიკური დამოუკდებლობაა. მაუწყებელთა გაერთიანებამ პოლონეთში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებაც გაავრცელა და ხელისუფლებას კეთილგონიერებისაკენ მოუწოდა.

მთავრობის განსაკუთრებული გაღიზიანება, გერმანული მედიისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან კრიტიკას მოჰყვა. აქცენტი „რეპორტიორი საზღვრებს გარეშეს“ დირექტორის, გიუნტერ ოტინგერის ინტერვიუზე კეთდებოდა, რომელიც მან „ფრანკფურტერ ალგემაინე ზონგატსცაიტუნგს“ მისცა და სადაც ოტინგერმა 2015 წელს, მედიის თავისუფლების კუთხით, პოლონეთის მეთვრამეტე ადგილს (ბრიტანეთის, ამერიკისა და საფრანგეთის გვერდით) გაუსვა ხაზი, გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ახალმა კანონმა არამხოლოდ მედიის მუშაობა, არამედ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაც შეზღუდოს და დაამატა, რომ ევროკავშირმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი უნდა დაიწყოს.

ინიციატივა პოლონეთში მიმდინარე მოვლენების მეთვალყურეობისა და ზედამხედველობის შესახებ ევროპარლამენტმა, 2016 წლის 19 იანვარს, ევროსაბჭოსთან ერთად წარადგინა. ეს მაშინ, როდესაც მედიის ახალი კანონის შესახებ ევროკავშირის ლიდერებმა პოლონეთის მთავრობასთან შეხვედრა დანიშნეს. მსჯელობისას განსაკუთრებული აქცენტი კანონის იმ ნაწილზე გაკეთდა, რომელიც მედიისა და კონსტიტუციის ურთიერთქმედებას ეხება, თუმცა უახლესი ინფორმაციით, იდეური თანხვედრა პოლონეთის ლიდერებსა და ევროპარლამენტის წევრებს შორის არ მიღწეულა.

19 იანვრის მოსმენა პირველი შემთხვევა იყო, როდესაც 2014 წელს, ლისაბონში მიღებული სამართლებრივი ჩარჩოხელშეკრულება იქნა გამოყენებული (Article 7 TEU Procedure). აღნიშნული რეგულაციია ევროკავშირს აძლევს საშუალებას, მოლაპრაკების პროცესში შევიდეს წევრ სახელმწიფოსთან და მოახდინოს იმ სისტემური საფრთხეების პრევენცირება, რომლებიც, შესაძლოა, ევროპულ სამართალს ემუქრებოდეს. კანონის თანახმად, მეშვიდე მუხლის ამოქმედება იმ შემთხვევაშია დასაშვები, როდესაც „არსებობს თვალნათელი საფრთხე და რისკი სერიოზული გადაცდომებისა“. საკანონმდებლო ნორმა სანქცირების მექანიზმს იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ „ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მხრიდან სერიოზულ გადაცდომას ექნება ადგილი.“

მიუხედავად ევროპარლამენტში მიმდინარე განხილვებისა, პოლონეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მედიის სრული გარდაქმნა აქვს მიზნად და ცვლილება, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, მხოლოდ დროებითი ნორმაა.

პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრი ამბობს, რომ ახალი კანონი საზოგადოებრივ მაუწყებელსა და პოლონეთის პრესის სააგენტოს კომერციული ორგანიზაციიდან „ეროვნულ კულტურულ ინსტიტუციად“ გარდაქმნის, რომელსაც „სტაბილური ფინანსური შემოსავლებისა და განვითარების შესაძლებლობა“ ექნება. მმართველი პარტიის ოფიციალური განცხადების თანახმად, ახალი რეფორმას რამდენიმე მიზანი აქვს. მათ შორის, არის ახალი ინსტიტუციის, ეროვნული მედიასაბჭოს შექმნა, რომელიც პოლონეთის საზოგადოებრივ მედიას, TVP-სა (პოლონეთის მაუწყებელს) და PR-ს (პოლონეთის რადიოს) გააკონტროლებს. მისი წევრების შერჩევა იმავე სისტემით მოხდება, როგორც ამჟამად მოქმედი ეროვნული მაუწყებლობის ბორდისა: პრეზიდენტი ორ კანდიდატს წარადგენს, ორ კანდიტატს - პოლონეთის პარლამენტის სეიმი (ქვედა პალატა) და ორსაც სენატი (ზედა პალატა).

ამასთან მთავრობა გეგმავს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი მოდელის შემოღებას. გეგმის მიხედვით, დამატებითი თანხები კერძო მაუწყებლიდანაც წამოვა, რადგან იგეგმება სამაუწყებლო ლიცენზიის მოსაკრებლის ე.წ. აუდიოვიზუალური გადასახადით შეცვლა, თუმცა ჯერჯერობით, არ არის დადგენილი, თუ რა სახე ექნება ცვლილებას.

გეგმის მიხედვით, მთავარი ცვლილება მაინც მაუწყებლის ბორდს შეეხება. მთავრობაში ამბობენ, რომ საბჭოს აღარ ექნება გავლენა მედიაზე, თუმცა იქნება პასუხისმგებელი, დაიცვას გამოხატვის თავისუფლება.

ამ ეტაპისათვის საკანონმდებლო ინიციატივის ზუსტი დეტალები უცნობია და მედიის ახალი კანონი საჯარო კონსულტაციებზე არ გაუტანიათ. თუმცა, არსებული ინფორმაციიდან იკვეთება, რომ ახალი ინსტიტუცია და საკანონმდებლო ჩარჩო მნიშვნელოვნად ზღუდავს სამაუწყებლო ჩარჩოს და ხდება მისი ძველი, არადემოკრატიული მექანიზმით ჩანაცვლება, რაც პირდაპირ სამთავრობო კონტროლს გულისხმობს.

პოლონეთში ამბობენ, რომ პარტია „სამართლიანობის“ ერთ-ერთი მიზანი პოლონეთის უფრო მეტად ნაციონალიზაციაა. ვარაუდის საფუძველს მთავრობის განცხადებებიც იძლევა, სადაც მისი წევრები აღნიშნავენ, რომ პოლონური მედია „უფრო მეტად პოლონური“ უნდა იყოს. ასევე იგეგმება, შეიცვალოს კერძო მაუწყებლობის მფლობელობის სქემაც, თუმცა ფაქტია, რომ ამ ცვლილების მიღება ევროკავშირის სამართალზე გადაბიჯების გარეშე შეუძლებელია.

მაუწყებლობის შესახებ კანონის მოდიფიცირებასთან ერთად, პოლონეთის მთავრობამ უკვე დააანონსა გეგმები ზედამხედველობით კანონთან დაკავშირებით, რომელიც ნებას იძლევა, ფართოდ იქნას წვდომა გაცემული მონაცემთა ციფრულ ბაზაზე, რაც აძლიერებს ტელეკომუნიკაციებისა და ინტერნეტის კონტროლის პოლიტიკას.

„ცოტა ხანში პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდება უფრო სკეპტიკური ევროკავშირისადმი და მეტად ლოიალური ადგილობრივ პოლიტიკური ავტორიტეტების მიმართ,“ ასე ასეთ შეფასებას აძლევენ ევროპელი მედიაექსპერტები პოლონეთში მიმდინარე მოვლენებს. თუმცა, როგორც ჩანს, პოლონეთში ამ ცვლილებასთან შეგუებას მოსახლეობის ნაწილი არ გეგმავს. რეიტინგების მთვლელი ადგილობრივი კომპანიის WM-ის თმქით, მხოლოდ იანვარში, საზოგადოებრივმა მედიამ მაყურებელთა და მსმენელთა 10% დაკარგა.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
2016 წლის 12 იანვარს სტამბულში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ უბანში მოხდარ აფეთქებას 10 ადამიანის, მათ შორის, ცხრა გერმანელი ტურისტის სიცაოცხლე შეეწირა. შემთხვევიდან საათზე ნაკლებში მთავრობის სპეციალური დადგენილება გავრცელდა, რომლის თანახმადაც ტერაქტის ადგილიდან მაუწყებლობა აიკრძალა. შეზღუდვა რამდენიმე საათში მოიხსნა.

თურქეთის კანონთან მაუწყებლობის შესახებ, ევროკავშირს არაერთი შენიშვნა ჰქონია. არსებული წნეხიდან გამომდინარე, მთავრობამ საკანონმებლო ნორმების გადახედვის პირობა დადო. თუმცა 2011 წელს მიღებული #6112 კანონი, განსაკუთრებული შემთხვევებისას, პრემიერ-მინისტრს ან მის მიერ უფლებამოსილებამინიჭებულ მინისტრს უფლებას აძლევს მედიაში გაშუქების ასაკრძალად სპეციალური ბრძანება გამოსცეს, თანაც სასამართლოს ნებართვის გარეშე. ცვლილებამ კანონში თავიდანვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მიიჩნევდა, რომ ამ უფლებას მთავრობა თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა, თუმცა მათი აზრი გათვალისწინებული არ იქნა.

სტამბულის შემთხვევა პირველი არ არის, როდესაც ხელისუფლება მაუწყებლობის შეზღუდვის ხერხს მიმართავს. მსგავსი განკარგულება ოქტომბერში, ანკარაში მომხდარი აფეთქების დროსაც გაიცა. მოტივი იდენტური იყო: შემთხვევის ამსახველი კადრების გავრცელებას, შესაძლოა ხალხში პანიკა გამოეწვია, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მთავრობამ მედიას მომხდარზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაშუქებაც აუკრძალა.

მანამდე, ანკარის მოვლენებიდან სამი თვით ადრე, სირიის საზღვართან მდებარე ქალაქში მომხდარი აფეთქების შემდეგ, თურქეთის მთავრობამ ტვიტერი დაბლოკა.

სტამბოლელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი შემთხვევები გახშირდა. გადაწყვეტილებას მთავრობა განსაკუთრებით, პოლიტიკური და კორუფციული სკანდალების შემდეგ იღებს. თურქული გაზეთის, “ჰურაიეთის” ცნობით, 2010-2014 წლებში ხელისუფლებამ, დაახლოებით, 150 მსგავსი ბრძანება გამოსცა.

სანამ მედიის წარმომადგენლები ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, სამართლებრივი ორდერის თანახმად, შეზრუდვა ახალი ამბების გადაცემასთან ერთად, სოციალურ მედიაზეც გავრცელდა. “ტელეგრაფისა” და “CNN-ის” ჟურნალისტების ინფორმაციით, აკრძალვა მხოლოდ ფოტოებს შეეხებოდა. “მედიაჩექერს” სტამბოლელმა ჟურნალისტმა აცნობა, რომ მაუწყებლების დიდმა ნაწილმა მომხდარის გაშუქება განაგრძო, თუმცა შემთხვევის ადგილიდან სტუდიაში გადაინაცვლა. აქვე აღსანიშნავია, რომ ბევრმა ჟურნალისტმა, მათ შორის, საერთაშორისო რეპორტიორებმა, მთავრობის აკრძალვა არაფრად ჩააგდეს. უმეტესობა ინფორმაციას ტვიტერის საშუალებით გადასცემდა. შესაბამისად, კანონის დარღვევისათვის რომელიმე ადგილობრივ მაუწყებელს კანონით დაკისრებული ჯარიმა არ მიუღია.

სოციალურ ქსელებში მოსახლეობის პროტესტიც გამოჩნდა. ირონიულად იწერებოდა, რომ მაუწყებლები ლურჯი მეჩეთის ნაცვლად, ეთერში დერვიშების ცეკვას უჩვენებდნენ, ზოგი ხუმრობდა, რომ მთავრობის ორდერი უფრო მალე გაიცა, ვიდრე სასწრაფო დახმარების მანქანებმა მიაღწიეს შემთხვევის ადგილზე.

თურქულმა სატირულმა გამოცემა “პინგვინმა” ტვიტერზე ნახატი განათავსა, სადაც აფეთქების შედეგად გარდაცვლილები ღრუბლებში საკუთარ სიკვდილზე მსჯელობენ. ერთი მათგანი მეორეს ეკითხება:

“რატომ მოვკვდით, ძმაო?”

“არ ვიცი, შენ?”

“არ ვიცი, მედიას გაშუქება აკრძალული აქვს. ვერაფერს გეტყვი”.

მედიის საქმიანობის შეზღუდვას, გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, “Article 19-იც” გამოეხმაურა. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთის მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს გამოხატვის თავისუფლებას, საერთაშორისო კანონმდებლობა კი მედიას მსგავს სიტუაციებში გაშუქების უფლებას აძლევს. ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში გამოთქმულია ეჭვი იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება, მსგავსი საკითხის გაშუქებამ, სახელმწიფო უსაფრთხოებას შეუქმნას საფრთხე.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მედიის შეზღუდვა სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, აკონტროლოს მხარდამჭერები მედიაში და ის ჟურნალისტები, რომლებიც მის მითითებას არ მიჰყვებიან. ჟურნალისტს, რომელიც არ დაემორჩილება ბრძანებას და აკრძალვის მიუხედავად თემას მაინც გააშუქებს, შესაძლოა, სამ წლამდე პატიმრობა დაემუქროს.

საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ჯარიმა თუ მაუწყებლობის შეზღუდვა მსგავს შემთხვევებში წინმსწრებად არასოდეს ხდება. მედიას თავისუფლად აქვს საშუალება, განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეები გააშუქოს. ასე იყო 2015 წლის 13 ნოემბრის პარიზისა და აპრილში მომხდარი ბოსტონის ტერაქტის დროსაც. შემთხვევის ადგილის პირდაპირ ეთერში გაშუქება არ შეწყვეტილა 11 სექტემბრის ტერაქტის დროსაც.

საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ თურქეთის მთავრობის მიერ, 2011 წელს მიღებული რეგულაცია ქმნის საფრთხეს, დასაჯონ ჟურნალისტები მაშინაც, როცა ისინი პოლტიკურ ან კორუფციულ საქმეებსა და სკანდალს გააშუქებენ.
კატეგორია: ეთიკა
რამდენიმე დღის წინ თბილისში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა: მშენებარე სახლიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. მედიასაშუალებების ნაწილი შეეცადა, დაეცვა გაშუქების სტანდარტები, თუმცა რამდენიმე საინფორმაციო გამოშვებაში მაინც ვნახეთ ნანგრევებში ჩაჩეხილი ადამიანის ცხედარი.

ქართულ მედიასივრცეში ეს მსგავსი ფაქტების ერთადერთი შემთხვევა არ არის. ზოგჯერ ახლობლის გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები ინფორმაციას ტელევიზიით იგებენ.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში გაწერილია ნორმები, თუ როგორ უნდა მოიქცეს მაუწყებელი და ჟურნალისტი უბედური შემთხვევების გაშუქებისას. დოკუმენტი მაქსიმალურად ითვალისწინებს როგორც დაღუპულის ოჯახის წევრების, ასევე მაყურებელთა ინტერესებს. ქცევის კოდექსში აღნიშნულია, რომ მედიამ არ უნდა გააშუქოს უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან კონკრეტული პირი ტრაგედიის ან მწუხარების დროს. ერთადერთი გამონაკლისი ოჯახის ნებართვაა, თუმცა აღნიშნულია, რომ ჟურნალისტი ვალდებულია, გაუფრთხილდეს ადამიანის ფსიქოლოგიურ და ემოციურ ფონს.

რამდენიმე წლის წინ, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ხიდიდან, სპორტის ექსტრემალური სახეობის მოყვარული, ორი ახალგაზრდა გადმოხტა. უბედური შემთხვევის შედეგად, ორივე ადგილზე დაიღუპა. "კურიერმა" ოჯახის თანხმობით, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გარდაცვლილთა უკანასკნელი წუთების ამსახველი კადრები გაუშვა. კადრში ასახული იყო, როგორ ხტებოდნენ ხიდიდან ახალგაზრდები.

ვიდეოს ეთერში გაშვება მაუწყებელმა მაშინ მაღალი საზოგადოებირივი ინტერესით ახსნა. ეს კადრები კი გარკვეული პერიოდის მანძილზე, საზოგადოების მითქმა-მოთქმისა და მედიის კრიტიკის საგნად იქცა. რას ნიშნავს „საზოგადოებრივი ინტერესი“ და „საზოგადოებისთვის საინტერესო“, რა განსხვავებაა მათ შორის, ბევრისთვის ისევ ბუნდოვან საკითხად დარჩა.

არადა, საქართველოს კანონში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლბის შესახებ, ნათლადაა განმარტებული, რომ: „საზოგადოებრივი ყურადღება არის საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან”.

გარდა რეიტინგისა, რა დამატებითი ინფორმაციული ღირებულების მატარებელია ცხედრის ან სიცოცხლის უკანასკნელი წუთების ამსახველი კადრები? პრაქტიკულად არაფრის. როდესაც პოლიციის ყვითელ ლენტს ან შემთხვევის ადგილის ნეიტრალურ კადრს ვაჩვენებთ, მაყურებელს ისედაც სჯერა, მომხდარის. გარდა ამისა, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს გარდაცვლილის ახლობლების ემოციური მდგომარეობა, ამგვარი კადრების ნახვისას.

ქართულთან ერთად, BBC-ს სახელმძღვანელო პრინციპებშიც აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, ჟურნალისტმა პატივი სცეს გარდაცვლილის პირად ცხოვრებასა და ღირსებას. ასევე არასოდეს უნდა ვაჩვენოთ ცხედრის კადრები იმ შემთხვევების გარდა, როდესაც განსაკუთრებული საჯარო ინტერესი არსებობს. გზამკვლევი ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელია, გაანალიზდეს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მძიმე კადრის ჩვენებას. აუცილებელია, მასალის მომზადებისას ჟურნალისტმა იფიქროს ამბის მონაწილე პირებზე, მსხვერპლებზე, მისი ოჯახის წევრებსა თუ მაყურებელზე.

რაც შეეხება საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსს, იქ აღნიშნულია შემდეგი:

· მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა;

· მაუწყებელმა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გააშუქოს, შეიარაღებული დაპირისპირება, უბედური შემთხვევები, საგანგებო ვითარება, პატივი უნდა სცეს აუდიტორიის ემოციებს და დაიცვას ბალანსი საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებასა და პიროვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმური მოლოდინს შორის;

· დაუშვებელია გარდაცვლილი პირის, უბედური შემთხვევისას დაზარალებულის ან ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება, სანამ ფაქტი ოჯახის წევრებისთვის არ გახდება ცნობილი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით;
კატეგორია: ეთიკური დილემა
2013 წლის 15 აპრილს, ბოსტონში ტრადიციული ყოველწლიური მარათონი მიმდინარეობდა. როდესაც მონაწილეები ფინიშის ხაზს უახლოვდებოდნენ, ორი აფეთქების ხმა გაისმა. შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 183 ადამიანი. ვინ იყო მომხდარში დამნაშავე? - ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა. დამნაშავეთა ძიებაში სოციალური-საინფორმაციო ქსელი, რედიტიც ჩაერთო. გვერდზე მომხმარებლები სხვადასხვა ეჭვმიტანილის შესახებ ათავსებდნენ ინფორმაციას, შემდეგ კი, ცნობები მედიაში ხვდებოდა.

2013 წლის მარტიდან მოყოლებული, ტრაპათების ოჯახი 22 წლის დაკარგულ შვილს ეძებდა. ბრაუნის უნივერსიტეტის სტუდენტი, სუნილ ტრაპათი, ბოლოს მისმა ოთახის მეგობარმა, 16 მარტს ნახა. მისი ოჯახის წევრები, უნივერსიტეტსა და FBI-სთან ერთად, აქტიურად ცდილობდნენ, დაკარგული შვილის პოვნას. ამ მიზნით სპეციალური ფეიჯიც შექმნეს ფეისბუქზე. გვერდზე ინახებოდა მესიჯები და სურვილები სუნილისათვის, რომელსაც გულშემატიკვირები უგზავნიდნენ.

15 აპრილის შემდეგ, 22 წლის სტუდენტის ფეისბუქის გვერდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გვერდი გახდა. მისი სახელი კი რამდენიმე საათში მთელმა მსოფლიომ გაიცნო ისე, როგორც ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი. ამის მიზეზი სოციალური ქსელი, რედიტი აღმოჩნდა, რომელმაც სუნილ ტრაპათის ფოტო, სავარაუდო ეჭვმიტანილის სტატუსით გაავრცელა.

მუქარის შემცველი და სალანძღავი კომენტარები გვერდზე 18 აპრილიდან მოყოლებული, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ეჭვმიტანილთა აყვანის ოპერაციის დროს, პოლციის ოფიცერი დაიღუპა. მუქარა არამხოლოდ სუნილის, არამედ, მისი ოჯახის წევრების მიმართაც ისმოდა. ისინი იძულებულები გახდნენ, რომ გვერდი დაეხურათ. ამით კი ეჭვი გააძლიერეს.

„ინფორმაციისათვის: ფეისბუქის გვერდი, რომელიც ბრაუნის უნივერსიტეტის დაკარგულ სტუდენტს, სუნილ ტრიპათის ეკუთვნოდა, ამ საღამოს წაშალეს,“ - ტვიტერის ამ შეტყობინების ავტორი, BuzzFeed-ის სენიორ ჟურნალისტი, ერიკ მალინოვსკი იყო. მისი შეტყობინება 300-ზე მეტმა კაცმა გააზიარა, მათ შორის ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა, რომელთაც რამდენიმე მილიონი ფოლოუერი ჰყავთ ტვიტერზე.

„ვაუ, რედიტი მართალი იყო ბრაუნის უნივერსიტეტის დაკარგულ სტუდენტზე. პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სუნილ ტრიპათია“, - ეს შეტყობინება კვლავ BUzzFeed-ის ჟურნალისტ ანდრეი კაჩინსკის ეკუთვნის, რამაც დამატებითი აჟიოტაჟი გამოიწვია. 18

აპრილის ღამე ტრაპათების ოჯახისათვის ყველაზე გრძელი და რთული ღამე იყო. ოჯახმა უამრავი მუქარა და ანტიისლამური მესიჯების შემცველი შეტყობინება მიიღო (მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი არ ყოფილა ისლამის მიმდევარი). ოჯახის წევრები იხსენებდნენ, რომ ყველაზე მტკივნეული მათთვის იმ ადამიანების განწყობა გახდა, რომლებიც დაკარგვის დღიდან აქტიურად იყვნენ სტუდნეტის ძებნაში ჩართულები. მათ ეჭვის გაუჩნდათ და სუნილზე, როგორც ტერორისტზე, ისე დაიწყეს ფიქრი.

საკმაოდ ბევრი მუშაობა დასჭირდათ საინფორმაციო საშუალებებს იმისთვის, რომ სწორი ინფორმაცია გაევრცელებინათ. მოგვიანებით ჟურნალისტებმა, რომლებმაც სუნილ ტრიპათი ტერორისტად გამოაცხადეს, სატელეფონო ზარებით, საჯაროდ თუ სოციალური ქსელებით, ოჯახთან ბოდიში მოიხადეს. ბოდიში მოიხადა რედიტმაც. მისმა ლიდერმა დაწერა, რომ სუნილ ტრიპათის საქმიდან კარგი გაკვეთილი მიიღეს, რაც სამომავლოდ, ონლაინ-საზოგადოებას მეტი სიფრთხილის გამოჩენას მოუწოდებდა.

სუნილ ტრიპათის გვამი 23 აპრილს მდინარეში იპოვეს. მოგვიანებით ოჯახმა დაადასტურა, რომ სტუდენტის გარდაცვალების მიზეზი სუიციდი იყო.

ბრაუნის უნივერსიტეტის სტუდენტი არ იყო ერთადერთი, რომელიც მედიამ ტერაქტის მოწყობაში შეცდომით დაადანაშაულა. არასწორი ინფორმაცია კიდევ რამდენიმე ადამიანზე გავრცელდა. მათ შორის იყო 21 წლის ინგლისელი სტუდენტი, რომელიც წარმოშობით საუდის არაბეთიდან იყო. ბოსტონის მარათონზე მომხდარი მოვლენებიდან მალევე, “New York Post-მა“ პირველ გვერდზე დიდი ასოებით გამოტანა ამბავი, სადაც იუწყებოდა რომ ჭურვის აფეთქებისას დაშავებული, არაბული წარმოშობის კაცი, აფეთქებაში იყო ეჭვმიტანილი. ამბავი მალევე აიტაცა “Talking Points Memo-მაც.“

„გულწრფელად რომ ვთქვათ, არ ვიცით, საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია. დანამდვილებით ვიტყვით, რომ ჩვენგან ნამდვილად არა“, - განაცხადა ბოსტონის პოლიციის დეპარტამენტის სპიკერმა TDM-თან საუბარში. რაც შეეხება “New York Post-ს,“ მას არასოდეს მოუბოდიშებია არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო.

„რატომ მიიჩნიეს ეჭვმიტანილად ის?“ - დასვა კითხვა ემი დევიდსონმა, “New Yorker-ის“ ჟურნალისტმა თავის სტატიაში, -„ის ხომ ისევე გარბოდა, როგორც სხვები?“

„პოლიცია ფიქრობდა, რომ ის ამფეთქებელს ჰგავდა. მისი ჭრილობაც ეჭვის საბაბი გახდა. ამასთან, ეჭვი გამოთქვა, რომ მეორე აფეთქებაც მოხდებოდა, რაც ასრულდა. შესაძლოა, ეს მისი ვიზუალის ან ღმერთის სახელის ბრალი იყო, რომელსაც ის ყვიროდა,“ - აღნიშნულია სტატიაში.

კიდევ ერთი არასწორი ინფორმაცია 17 წლის მოსწავლესა და მრბოლერს უკავშირდება. რედიტზე გაჩნდა ზურგჩანთიანი კაცის, როგორც „ეჭვმიტანილის“ ფოტო. ინფორმაცია “New York Post-მა“ კვლავ პირველ გვერდზე გადმოიტანა.

დაკითხვისა აღმოჩნდა, რომ „ჩანთიანი კაცი“ 17 წლის ედინ ბარჰუმი იყო, რომელიც შტატებში მაროკოდან ოთხი წლის წინ გადმოვიდა. ის ოცნებობდა, რომ ერთ დღესაც ოლიმპიადა მოეგო.

„მე არ ვარ ტერორისტი, მხოლოდ მარათონს ვუყურებდი“, -უთხრა ბარჰუმმა „დეილი მეილს“. „შეძრწუნებული ვარ. არასოდეს გავხვეულვარ შარში და ახლა საკუთარი უსაფრთხოების მეშინია. ორის ნახევარზე დავურეკე მეგობარს, რომელმაც წამიყვანა პოლიციაში. ლობიში ვთქვი, რომ მგონი, FBI მეძებდა. პოლიციაში არ იცოდნენ რა ექნათ. მე თან მქონდა ჩემი საბუთები და მივეცი სოციალური სამსახურის ნომერი. მათ შეეძლოთ, გადავემოწმებინე. არავის გავუყვანივარ ცალკე ოთახში, რამდენიმეგან დარეკეს და შემდეგ მითხრეს, რომ თავისუფალი ვიყავი".

„მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც ინფორმაციას ტვიტერით ავრცელებენ, ფრთხილად უნდა იყვნენ, განსაკუთრებით, ექსტრემალურ პირობებში. დავფიქრდეთ, ხომ არ ვაძლევთ დამატებით ინფორმაციას მკვლელს, რაც მას დამალვაში მიეხმარება? თუ ამ კითხვას საკუთარ თავს დაუსვამთ და უპასუხებთ, რომ არა, მაშინ გააგრძელეთ ტვიტვა“, - ამბობს კინტ ვან ზანდტი, FBI-ს ყოფილი თანამშრომელი და კრიმინალისტი.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ყირიმის ომი, ტელეგრაფით გადაცემული პირველი ომია, ტელევიზიით კი პირველად ვიეტნამის გაშუქდა, ხოლო ISIS-ის წინააღმდეგ კამპანია პირველია, რომელშიც სოციალური მედია და თანამედროვეობის უახლესი ტექნოლოგიებია გამოყენებული, - ასე აფასებს მსოფლიო მედიაექსპერტთა ნაწილი ომს, რომელიც ნამდვილთან ერთად, ვირტუალურ რეალობაშიც მიმდინარეობს, მსოფლიოს ყველაზე საშიში ტერორისტული დაჯგუფება კი ახალი ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების ყველა სიკეთეს ნაყოფიერად იყენებს.

ტვიტერი, ფეისბუქი, იუთუბი, საკუთარი სოციალური ქსელები და ვებ-საიტები მცირე ჩამონათვალია არხებისა, რომლითაც ISIS-ის წევრები სარგებლობენ. განსაკუთრებით პოპულარული ტვიტერია. აქ ინფორმაცია ყველაზე სწრაფად ვრცელდება. ნებისმიერი განცხადება, ვიდეო, მიმართვა თუ სიკვდილით დასჯის კადრები სოციალური ქსელებით მიდის ადრესატამდე.

ისლამურ სახელმწიფოს ტვიტერის ოფიციალური ანგარიში არ აქვს და ვერც ექნება. სამაგიეროდ, ათი ათასობით მხარდამჭერი გვერდი არსებობს. მაგალითად, ჯეი ემ ბერგერისა და ჯონათან მორგანის მიერ ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, რომ 2014 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე, ტვიტერში ISIS-ის 46 ათასამდე ანგარიში არსებობდა. პროფილები ძირითად კონტენტს არაბულ ენაზე დებენ. ისინი აქტიურად იყენებენ ჰეშთეგს. ასეულობით მათგანი უშვებს კონკრეტულ თაგს იმისათვის, რომ მესიჯი დღის ტრენდებში გამოჩნდეს. ანგარიშების ნაწილი ინგლისურენოვანია. მათ საშუალოდ 1000 მიმდევარი ჰყავთ. პროფილის ფოტოები უმეტესად, უწყინარია. არ შეიცავს ძალადობას. ანგარიშებს საერთაშორისო ჰაკერთა ჯგუფი ბლოკავს და არეპორტებს, თუმცა მათი რაოდენობა, პრაქტიკულად, არ მცირდება. პატრონებთან წვდომაც არ არის მარტივი საქმე. კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, თუ ვინ დგას იმ ათეულ ათასობით ანაგრიშის უკან, რომლებიც ვირუსულად ავრცელებენ ინფორმაციებს. გარდა საერთაშორისო ქსელებისა, ისლამური სახელმწიფო საკუთარ ონლაინ-გაზეთსაც უშვებს. „ისლამური სახელმწიფოს ანგარიშში“ აღწერილია ცხოვრება ISIS-ში. სოციალურ ქსელებთან ერთად, დაჯგუფებაში მაღალ დონეზე ფლობენ ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის ხელოვნებას.

ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე დასავლეთში მცხოვრები მუსლიმები არიან. სწორედ მათთვის ითარგმნება ვიდეოები და მიმართვები რაც შეიძლება მეტ ენაზე.

„ისეთი ტერორისტული ჯგუფი, როგორიც ISIS-ია, ცდილობს, მიაღწიოს იმ ახალგაზრდა მუსლიმებამდე, რომლებიც საკუთარ იდენტობას ებრძვიან და ტვინი გამოურეცხოს მათ. მაღალი ხარისხის ვიდეოები, ონლაინ-ჟურნალები, სოციალური მედიის გამოყენება, ტერორისტების ტვიტერის ანგარიშები - ამ ყველაფრის სამიზნე ახალგაზრდები არიან. ადამიანები, ვინც იყენებენ ინტერნეტს და ინტეგრირებულები არიან კიბერსივრცეში,“ - ეს განცხადება ბარაკ ობამას ეკუთვნის.

აგრესიული სოციალური მედიის კამპანიის პირობებში, მომხმარებელს ხშირად უჩნდება კითხვა, თუ რატომ არ ახდენს ფეისბუქი, ტვიტერი, იუთუბი ან გუგლი დაუყოვნებლივ რეაგირებას? გამომდინარე იქიდან, რომ გამოხატვის თავისუფლება დასავლეთის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, კონტენტის დაბლოკვა სოციალური ქსელიდან მარტივი არ არის. საეჭვო ანგარიშის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია, მიმართოს ადმინისტრაციას. ამ უკანასკნელს დრო სჭირდება, პროფილის შესასწავლად.

იუთუბის გამოცდილებიდან გამომდინარე (2007 წელს, აშშ-ს ერთ-ერთი შტატის სკოლის მოსწავლემ ატვირთა მუქარა საკუთარი კლასელებისა და სკოლის მიმართ. მას ყურადღება არავინ მიაქცია, ცოტა ხანში კი ბიჭმა კლასელები და მასწავლებელი დახოცა), კონტენტი, ყველა სოციალურ ქსელში მოწმდება. პრობლემა არა მთავრობების არაეფექტურ მუშაობაში, არამედ, ახალი მედიის გლობალურობაშია. მისი დარეგულირება ერთი საიტის კონტროლით ვერ მოხდება. უსაფრთხოების სამსახურებს საკანონმდებლო დონეზე აქვთ უფლება, დახურონ ყველა საიტი, რაც ძალადობას შეიცავს და ტერორიზმის მოიაზრება, თუმცა ბევრი ამას ცენზურად აღიქვამს, რადგან სიძულვილის ენის პროპაგანდაც, თავის მხრივ, ვიღაცისთვის გამოხატვის თავისუფლებაა.

ტერორიზმის საფრთხის გაზრდის პარალელურად, გაიზარდა სოციალური ქსელების მოტივაცია, ებრძოლონ ტერორიზმს. „ფეისბუქი ტერორისტების ადგილი არ არის. ჩვენ ვატარებთ აგრესიულ პოლიტიკას მათ წინააღმდეგ და მაქსიმალურად ვცდილობთ, არ მივცეთ საიტის გამოყენების უფლება,“ - ამბობს ფეისბუქის სპიკერი და ამატებს, რომ ქსელი წაშლის ყველა პროფილს ფეიჯსა და ჯგუფს, რომელიც ტერორიმის ან ძალადობის პროპაგანდას ეწევა. მართლაც, ფეისბუქი, დღის მანძილზე, ათასობით პოსტს ბლოკავს და შლის.

ის, რაც ფეისბუქისათვის მარტივი გასაგები აღმოჩნდა, გაუჭირდა ტვიტერს. მისი დამაარსებელი, ჯეკ დორსეი ამბობს, რომ მისი მთავარი ღირებულება გამოხატვის თავისუფლებაა და არ გაჩერდება მანამ, სანამ ამას მთელს მთელს მსოფლიოში არ მიაღწევს. თუმცა სოციალურმა ქსელმა აგრესიული კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი საშუალებით, ჟურნალისტ ჯეიმს ფოლის თავის მოკვეთის ვიდეო გავრცელდა. მიუხედავად რიგი სანქციებისა, მომხმარებელთა ნაწილი ფიქრობს, რომ ტვიტერს სუსტი რეგულაცია აქვს, რაც ტერორისტებს ინფორმაციის ადვილად გავრცელების საშუალებას აძლევს, თუმცა ათობით ათასი ანგარიშის დაბლოკვა გამოსავალი არ არის - მათი გაკეთება თავიდან მარტივი შესაძლებელია. რაც შეეხება დამატებით რეგულაციას, ტერორიზმის შეზღუდვის სახელით ინტერნეტის რეგულირება ორ საფრთხეს აჩენს: ერთი, ცენზურას, მეორე - ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას. ორივე მათგანი დასავლეთის მთავარი ღირებულებაა.

საუკეთესო გამოსავალზე მსჯელობის პარალელურად, ISIS-ი კვლავ აგრძელებს პროპაგანდას სოციალურ ქსელებში. „თქვენი ტვიტები თქვენი იარაღია, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დასავლეთში უამრავი მუსლიმი ძმა ელის თქვენს შეტყობინებას,“- ასეთი სახის მოწოდებები თითქმის ყოველდღე ვრცელდება. სოციალური ქსელები აქტიურად იბრძვიან ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა ცდილობენ, არ აჩვენონ საჯაროდ საკუთარი პრაქტიკა. კომპანიებს კონტენტის დაბლოკვის ორი ხერხი აქვთ: ისინი ავტომატურად რეაგირებენ ერთსა და იმავე ტიპის მასალაზე, რომელიც მათი მომსახურების პირობებს არღვევს, პარალელურად ითხოვენ სასამართლოდან ორდერს, რათა მოახდინონ დაკვირვება და საფრთხის პრევენცია ყველა აქტივობისა, რომელიც კონკრეტული თემიდან გამომდინარე შეიძლება, გაჩნდეს ონლაინში.

ეს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის დარღვევის გარეშე, სადაზვერვო სააგენტოების საშუალებით კეთდება. ამერიკის მთავრობა, მომხმრებლის მონაცემამდე მისასვლელად სასამართლოს ნებართვის ლოდინის ნაცვლად, კონტენტის მონიტორინგს აწარმოებს და სწრაფ რეაგირებას ცდილობს. მაგალითად, ერთი თვის წინ ფეისბუქმა გააუქმა პროფილი, რომელიც სან-ბერნარდინოში მომხდარ ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილს ეკუთვნოდა. შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, საფრანგეთის პრემიერი და ევროსაბჭოს კომისიის ოფიციალური პირები ცალ-ცალკე შეხვდნენ ფეისბუქის, გუგლისა და ტვიტერის წარმომადგენლებს და ონლაინ-ტერორიზმისა თუ სიძულვილის ენის გამოწვევების წინააღმდეგ კოოპერაცია სთხოვეს.

სოციალური ქსელების წარმომადგენლები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოებთან კოოპერაციის შესახებ ყველა დეტალი გამოვლინდება, ეს უარყოფითად იმუშავებს პირადი ინფორმაციის დაცვის მიმართულებით. ისინი შიშობენ, რომ მსგავსი სახის კოოპერაციაზე მოთხოვნა მთელი მსოფლიოდან დაიწყება, რითიც, ყველაზე მეტად, სპამერები ისარგებლებენ.

მანამ, სანამ მსოფლიო საუკეთსო გამოსავალზე ფიქრობს, “ისლამური სახელმწიფო“ ქმნის ახალი მედიის გამოყენების პრეცედენტს. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ორ წელზე მეტია, სირიის ტერიტორია დახურულ ზონად არის გამოცხადებული. ის დატოვეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ადგილზე უსაფრთხოების გარანტიებს ვერავინ იძლევა. უცხოურ მედიას ისღა დარჩენია, ინფორმაციის წყაროდ სოციალური მედია გამოიყენოს. წყარო, რომლის სანდოობის მაჩვენებელი დაბალია, თუმცა ერთადერთია ადგილიდან.
კატეგორია: ბლოგი
-საიდან ხარ? - გორელი ვარ. - სტალინი გიყვარს ხომ? პატარა გორი დიდია და რამე...

ეს დიალოგი გორელების უმეტესობისათვის ნაცნობია. ნაცნობი და მტკივნეული. შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს - ნერვები უნდა მოიშალო. არადა, როგორც გერმანელებს - ჰიტლერი, გორელებს ასე გვერგო სტალინის თანაქალაქელობის „ტვირთი“და გვინდა თუ არა, უნდა ვზიდოთ.

გერმანელებისაგან განსხვავებით, გორელებს არაექსპრესიული კომპლექსი გვაქვს. თავს არ ვღუნავთ დამნაშავეებივით (ყოველ შემთხვევაში, სხვის დასანახად), თუმცა გულში მწარედ გვხვდება სხვების ქილიკი. ქილიკი, რომელიც სტერეოტიპებზეა დაფუძნებული და კბილებით ვიცავთ საკუთარ ქალაქსა და რეპუტაციას.

ბევრი დარწმუნებულია, რომ გორში სტალინის კულტია. დისკუსიისას არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ გორელებმა ძეგლის აღება გააპროტესტეს. სჯერათ, რომ ამ ქალაქში ბავშვებმა სოსელოს ყველა ლექსი ზეპირად იციან, რომ მათთვის აგვისტოს ომიც არ გამოდგა ჭკუის სასწავლებელი..

მოკლედ, საზოგადოების ნაწილს ისეთი მსუყე და საფუძვლიანი ინფორმაცია და დასკვნები აქვს, ხანდახან ეჭვიც შეგეპარება, ნამდვილად ხარ თუ არა გორელი და სერიოზულად უფიქრდები, ხომ არ გრძნობ სტალინის ხსენებაზე გულში პატრიოტული სიმების რხევას ან ხომ არ გჯერა, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილის ბრალი იყო, თორემ რუსეთი ამას არაფრით იკადრებდა. სტერეოტიპები იმდენად ღრმად არის გამჯდარი, რომ მათთან საბრძოლველად ისღა დაგრჩენია, მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მოძებნო სტალინსა და მაშინდელ ეპოქაზე, მოძებნო და ისტორიული ფაქტებით შეიარაღდე.

სტალინისა და გორის თემა განსაკუთრებით აქტუალური ცხრა მაისის პერიოდში ხდება. მედიამაც კარგად იცის, რომ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, სტალინის მოყვარული ქალაქი და კომუნიზმის მომხრე გორელები კიდევ ერთი კარგი მასალა იქნება რეზონანსის გამოსაწვევად და არც ერიდება.

“იმედის კვირის“ ჟურნალისტის განწყობა და მიზანი, თუ რისი ჩვენება სურს სიუჟეტით, კითხვის ფორმულირებაშივე ჩანს: „რატომ გიყვართ სტალინი გორელებს?“

სტალინის ფორმაში გამოწყობილი სიუჟეტის ავტორი საკუთარი მოსაზრებების ფაქტებად წარმოდგენას სტუდიაში აგრძელებს. ჩატარებული ქუჩის გამოკითხვის საფუძველზე ასკვნის, რომ „სტალინი თითქმის უკლებლივ ყველა გორელს უყვარს და მისი ფოტო ყველა ოჯახში კიდია“. აქვე ამატებს, რომ გამოკითხვის ჩატარებისას, კითხვის დასმის შემდეგ, ერთმა გოგომ უთხრა, კარგია რომ სტალინს არ ჰგავხარო, საიდანაც ასკვნის, რომ რესპონდენტმა ვერ გაუმხილა სტალინისადმი უარყოფითი დამოკიდებულება: „თუ ამას ხმამაღლა იტყვის, კომუნისტები სახლს გადაუწვავენო“.

მეორე საკითხი, რომელიც სტალინს ეხება, მისი ძეგლი და სახლ-მუზეუმია, რომელიც ასევე არაერთგზის გამხდარა ქილიკის საგანი. მისი არსებობის მოწინააღმდეგეებმა, ალბათ, არ იციან, რომ გორის ცენტრში მდებარე ეს შენობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი მუზეუმია, რომელიც წელიწადის ყველა დროს სავსეა ტურისტებით.

მსგავსი სახის სიუჟეტები სტერეოტიპების გამყარების გარდა არაფერს ემსახურება. სტერეოტიპების, რომლებიც გორელების ირგვლივ მითსა და რეალობაში არსებობს და სტალინის კომპლექსის მოხსნის საშუალებას არ იძლევა.
კატეგორია: ეთიკა
8 მარტი - ქალთა უფლებების საერთაშორისო დღე, თითქმის ყველა საინფორმაციო გამოშვების დღის მთავარი თემა იყო. სიუჟეტების კადრებში ძირითადად ნარცისები, ტიტები და ენძელები ჩანდა, ჩაწერილი რესპონდენტები კი, (უმეტესწილად, მამაკაცები) ქალებს 8 მარტს მომღიმარი სახეებით ულოცავდნენ და ქართველი ქალის განსაკუთრებულ როლსა და დედის ფენომენზე დიდი ენთუზიაზმით საუბრობდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის 8 მარტის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ქალთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მომზადებული ერთი სიუჟეტი გადაცემის ბოლო ბლოკში გავიდა. სიუჟეტში რვა მარტის შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული აქციები, შეკრებები, საქველმოქმედო ღონისძიებები იყო მიმოხილული. უშუალოდ ქალთა მდგომარეობისა და უფლებების შესახებ კი არაფერი თქმულა. ამ საკმაოდ ვრცელ სიუჟეტში ჟურნალისტმა ერთი უცნაური ტერმინიც იხმარა - „პოლიტიკური გენდერი“. გენდერის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქალისადმი მიმართვის ფორმები, კადრი, ჟურნალისტის ტექსტი, შესაძლოა, უნებურადაც გამოვიდეს დისკრიმინაციული და სტერეოტიპული. სწორედ ასეთი იყო „იმედის კვირის“ რეპორტაჟის ფინალი, სადაც რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მომუშავე ქალების შესახებ თქვეს, რომ „ისინი მაინც ქალები არიან და დრო გაპრანჭვისთვისაც რჩებათ“, ამ დროს კადრში ჩანს მეტალურგი, რომელიც სარკის წინ დგას და ტუჩსაცხს ისვამს. ყველაზე ნათლად ქალების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და შეხედულებები ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „სპექტრში“ გამოჩნდა. 6 მარტის ეთერი დავით აქუბარდიამ რვა მარტს მიუძღვნა და დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ეს დღე „ქალთა ბრძოლის თუ რაღაცის“ საერთაშორისო დღეა. სტუმრად კი მეან-გინეკოლოგი ჰყავდა მოწვეული, ძირთადი სასაუბრო თემაც შობადობა, გამრავლება და ქალთა ჯანმრთელობის პრობლემები იყო. გენდერში, პრაქტიკულად, არაფერია იმაზე დისკრიმინაციული, ვიდრე ქალის მხოლოდ რეპროდუქციულ ორგანიზმად წარმოჩენა. ამავე გადაცემაში წამყვანმა და რესპონდენტმა ნარკომანიის თემაც მიმოიხილეს. სტუმარმა აღნიშნა, რომ „ადრე მხოლოდ ბიჭები „მაიმუნობდნენ“, ახლა კი ნარკომანია ქალებში მეტად არის გავრცელებული“. მისივე თქმით, „ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიისგან ქალის „მორჩენა“ ძალიან დიდი პრობლემაა. მაშინ, როცა კაცთან ამისი შანსი არსებობს, ქალის შემთხვევაში საკითხი რთულდება“. ამ დროს წამყვანი სრულიად გულუბრყვილოდ სვამს კითხვას: „აა, ეჩვევიან ქალები?“. დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იყო ონლაინ მედიაშიც. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ-გამოცემის ambebi.ge-ს მასალაში, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღისადმი იყო მიძღვნილი, რესპონდენტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ კარგად ესმის ქართველი ქალების, „ძირითადად მათზეა ოჯახი, პროფესიული საქმიანობა და კიდევ ამას პოლიტიკური მოღვაწეობაც რომ დავუმატოთ, ცოდოები იქნებიან. ის კი არა, ამხელა დატვირთვას "ქართლის დედის" ძეგლიც კი ვერ გაუძლებდა, ხელში ხმალი და თასი რომ უჭირავს”. ჟურნალისტი კი პასუხობს: “კი, მაგრამ ოჯახის ტვირთი ხომ მამაკაცსაც აქვს. თუ ტრადიციებს მივყვებით, ის ოჯახის უფროსია...”რესპონდენტი ეთანხმება: “კი, მამაკაცი "მანქანის" საჭეა, ქალი კი - "ბორბლები". ქალების მიმართ დისკრიმინაციული შრომის კოდექსი, პოლიტიკაში ქალთა ნაკლები ჩართულობა, ფემიციდი, ქალების მიმართ საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპები - ეს და კიდევ სხვა უამრავი პრობლემა, რაც ქალებს ქართულ საზოგადოებაში აქვთ, ქალთა საერთაშორისო დღესაც ვერ მოხვდა მედიის დიდი ნაწილის დღის წესრიგში. არადა, ჟურნალისტები ჯერ კიდევ უნივერსიტეტის პირველ კურსზე სწავლობენ, თუ რა ძალა აქვს მედიას, როგორ შეუძლია მას საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამა თუ იმ საკითხის შესახებ. თუმცა,როგორც ჩანს, გენდერული თემატიკის გაშუქებისას მედიის რესურსის გამოყენების არც საკმარისი ნება არსებობს, არც ცოდნა და არც ინტერესი.