ბლოგი
კატეგორია - ბლოგი
გამოკითხვები, ზოგადად სოციოლოგიური კვლევები, საქმეში ჩახედულ ადამიანებს რომ ჰკითხოთ, ძალზე შრომატევადი სამუშაოა. ის, მართალია, ცოტაოდენ მათემატიკას, მაგრამ დიდ დროს და ბევრ ანალიზს მოითხოვს. მონაცემთა გროვას სპეციალური ფორმულებით ალაგებენ და გამოყავთ ზუსტი ციფრები და პროცენტები, რომლითაც იზომება განწყობა, ხედვა, რეიტინგი თუ საჭიროება.

მაგრამ რამდენადაც გამოკითხვები სასარგებლო და მძიმე სამუშაოა, იმდენად უმადური საქმეა პოლიტიკურად ისეთ პოლარიზებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

ავიღოთ, თუნდაც, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული კვლევები. მისი შედეგები ყოველთვის იწვევს ვნებათაღელვას, მწვავე დისკუსიებს. ხშირად ციფრები, რაოდენ ობიექტურიც არ უნდა იყოს, მანიპულაციის შესანიშნავი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით პოლიტიკოსებისთვის, თუმცა, მათ ხშირად არც მედია ჩამორჩება, ეს იმის მიხედვით ხდება, ვის მიმართ აქვს სიმპათია, რომელ პოლიტიკოსს ემხრობა ან „ვერ იტანს“.

მაგალითისთვის NDI- დაკვეთით ჩატარებულ ბოლო კვლევას მოვიყვან თვითმმართველობის საკითხებზე, რომელსაც მედია ახლა აშუქებს და რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ეს დღეები კიდევ ბევრჯერ მიუბრუნდება.

მაშ ასე, ნეტგაზეთი აქვეყნებს ინფორმაციას, სათაურით: „თვითმმართველ ქალაქებში ყველაზე დაბალი რეიტინგი გორის და თბილისის მერებს აქვთ“.

ტექსტის ლიდიც და მთლიანად შინაარსიც სათაურის გაგრძელებაა და გრაფიკულად გამოსახული შედეგებით არის გამყარებული. ნეტგაზეთი წერს: „გორის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 7%, ხოლო ცუდად 19%; თბილისის მერის დავით ნარმანიას საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 12%, ხოლო უარყოფითად - 36%. რეიტინგის მიხედვით, ბოლოდან მესამე ადგილზე ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, რომლის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 15%, ხოლო უარყოფითად 19%“.

ახლა ვნახოთ როგორ ეხმაურება ამ თემას ახალი ამბების სააგენტო PIA. სათაური: „დავით ნარმანიას საქმიანობას, გამოკითხულთა 56% დადებითად აფასებს“. ლიდიც სათაურის გაგრძელებაა: „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების თანახმად, თბილისის მერის დავით ნარმანიას საქმიანობას, გამოკითხულთ ნახევარზე მეტი დადებითად აფასებს.

მაგრამ ლიდს შემდეგ „გზას აცდენილი“ ტექსტი მოსდევს: „კითხვაზე, როგორც შეაფასებდით მერის საქმიანობას, 12% მიიჩნევს, რომ კარგად. 44% - საშუალოდ, 36% - ცუდად და კითხვაზე არ ვიცი პასუხი აქვს 7%-ს.“

სიმართლე გითხრათ, ნეტგაზეთამდე PIA-ს ტექსტი მომხვდა თვალში, ჩავყევი მოკლე ტექტს და კინაღამ კალკულატორს ვეცი იმ 56% დადებითი განწყობის გამოსათვლელად. ბედად ნეტგაზეთმა მომისწრო, მერე სხვა სააგენტოებიც გადავამოწმე, ბოლოს თავად კვლევაც გამომიგზავნეს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ PIA-ს რედაქციაში ვერ ერკვევიან ელემენტარულ არითმეტიკაში, ეს კონკრეტული მაგალითი უფრო იმაში მარწმუნებს, რომ ვიღაცის საამებლად და მკითხველზე ზეგავლენისთვის აქ მონაცემებით მანიპულირებას მიმართეს.

ზოგადად, ადამიანებს იზიდავს ციფრებით გამოსახული ფაქტები და ციფრებით შეზავებულ ნებისმიერ ტყუილსაც სიმართლის ელფერი დაკრავს ხოლმე. რამდენადაც სოციოლოგია რთული და უფრო მეტად ჰუმანტარული მეცნიერებაა, ვიდრე ზუსტი, ამდენადაც ადვილია მის მიერ გამოყვანილი შედეგების საკუთარ თარგზე მორგება. მაგრამ ერთია, როცა ამას მიმართავს კვლევის ობიექტი, ვთქვათ, რომელიმე ჩინოვნიკი ან პოლიტიკური ორგანიზაცია, და მეორე - მედია.

PIA-ს შემთხვევა არც პირველია და, რაღა თქმა უნდა, არც უკანასკნელი იქნება, იმის გათვალისწინებითაც, რომ 2016 წელი მოდის, არჩევნების წელი, რომელსაც თან სდევს რეიტინგების ომი.

ომი კი სწორედ მედიის ხელით წარმოებს.
კატეგორია - ბლოგი
ჟურნალისტი საკუთარი პროფესიული ვალდებულების შესრულებისას ხშირად ხდება ადამიანური ტრაგედიების მოწმე. რთული პროცესია - გააშუქო სიუჟეტი, შექმნა სტატია ისე, რომ დაიცვა სამი ძირითადი პრინციპი: არ ავნო რესპონდენტს, რომელიც დაზარალებულის როლშია, არ ავნო საზოგადოებას, ვისთანაც გინდა მიიტანო შეგროვებული ინფორმაცია და ბოლოს, არ ავნო საკუთარ თავს.

ჩემი ბლოგის დაწერის მიზეზი გახდა სიუჟეტი, სადაც გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამას პანაშვიდის მიმდინარეობისას რეპორტიორი ეკითხება: რამდენი ტყვია მოხვდა გულში თქვენს შვილს?

რომელ აუდიტორიას სჭირდება ტყვიის რაოდენობის და ლოკალიზაციის ცოდნა?რა ინფორმაციულ ღირებულებას შეიცავს ეს ცნობა? ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის, არანაირს!

სიუჟეტს დრამატიზაცია ემატება, თუ ეს ინფორმაცია მიღებულია გარდაცვლილის მამისგან პანაშვიდის მსვლეობისას. სიუჟეტში კარგად ჩანს, თუ როგორ შეშდება რამდენიმე წამის განმავლობაში მამა და ამბობს:

-არ ვიცი რამდენი ტყვიით... მოკლეს. ალბათ რომ სცოდნონდა ჟურნალისტს, რომ ადამიანი მწვავე ტრავმის გადატანის შემდეგ პირველი 24 საათი შესაძლებელია შოკის ფაზაზე იყოს , ამ კითხვას არ დასვამდა, არ მოუნდებოდა შოკის ფაზაზე მყოფი მამისთვის გაეცნობიერებინა ტყვიების რაოდენობა.

ტრავმული მოვლენები, როგორციაა ომი, ტყვეობა, ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, წამება, სექსუალური ძალადობა იწვევს მრავალფეროვან ფსიქიკურ დარღვევებს - მწვავე სტრესით გამოწვეულ აშლილობას, პოსტტრავმატულ სტრესულ აშლილობას, დეპრესიას, ფსიქოზურ მდგომარეობას და ა.შ.

ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა პიროვნებისთვის გარკვეული შემაწუხებელი სიმპტომებით გამოიხატება და საჭიროებს სპეცილისტების ჩარევას (ფსიქიატრის, ფსიქოთერაპევტისა ან ფსიქოლოგის). სპეცილისტების ამოცანაა ტრავმირებულ ადამიანს გაუწიონ დახმარება, რომელიც არ ხორციელდება ზეწოლით და არ იჭრება დაზარალებულის საზღვრებში, ეს დამზოგველი და დროში გაწერილი პროცესია. ტრავმაზე მომუშავე სპეცილისტი კლიენტთან ერთად დიდ ძალისხმევას ხარჯავს, რომ ტრავმული ისტორია კლიენტის მხრიდან არ იყოს “ერთი სულის მოთქმით გამოტანილი”, ზოგჯერ სწრაფი და არასწორი თხრობა იწვევს ე.წ. რეტრავმატიზაციის ფენომენს ანუ ტრავმის გაცოცხლებას.

დაზარალებულ ადამიანთან კომუნიკაციის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტრავმის სპეციალისტებისთვის, ისე ჟურნალისტებისთვის. ადამიანები, რომლებმაც კრიზისული მოვლენა გადაიტანეს, შეიძლება ძალიან შეწუხებულები, შეშფოთებულები ან დაბნეულები იყვნენ. ზოგი შეიძლება საკუთარ თავსაც კი ადანაშულებდეს მომხდარში.

ჟურნალისტის მხრიდან სიმშვიდის შენარჩუნება და ჩვენება, რომ გესმით მათი, დაეხმარება დაზარალებულებს თავი იგრძნონ უსაფრთხოდ, დაფასებულად. იგრძნონ, რომ მათზე ზრუნავენ და რომ არ არიან სენსაციის მომტანი “მასალა”

რამდენიმე რჩევა მათთვის, ვისაც უხდება განსაცდელის შემდგომ ადამიანებთან ურთიერთობა:

· გავაშუქოთ ამგვარი მოვლენა ისე, რომ არ ვავნოთ ჩვენს რესპოდენტს. მოვეპყრათ არა როგორც მძიმე მოვლენის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ობიექტს, არამედ როგორც პიროვნებას. დავამყაროთ მასთან თანამშრომლობა მოვლენის ეკოლოგიურად გაშუქების მიზნით, გავუფრთხილდეთ მის გრძნობებს, ღირსებას და ამ გზით მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

· გავაშუქოთ ამგვარი მოვლენა ისე, რომ არ ვავნოთ ჩვენს აუდიტორიას, საზოგადოებას. აქ მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა, ვიფიქროთ არა სენსაციასა და სანახაობაზე, არამედ საზოგადოებისათვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებაზე;

· გვახსოვდეს, რომ ფსიქოლოგიური ტრავმა გადამდებია!

საზოგადოებისათვის ტრავმის გადადების პირდაპირი გზა მედიასაშუალებებით მისი არასწორი გაშუქებაა, ჟურნალისტს კი ემუქრება საფრთხე, აღმოჩნდეს ტრავმის გადამცემის როლში.

· გავაშუქოთ მოვლენა ისე, რომ არ ვავნოთ საკუთარ თავს. ტრავმა და ტრავმული განცდები გადამდებია მისი თვითმხილველისათვის, ინტერვიუს ამღებისათვის. როდესაც ჟურნალისტი ხვდება ტრავმული მოვლენით დაზარალებულს, თავადაც არის რისკის ქვეშ (არის ტრავმული სიმპტომების საშიშროება). კვლევები აჩვენებს, რომ ჟურნალისტების 80-100% ტრავმულ გამოცდილებას აწყდება თავის სამუშაო გარემოში(e.g., Dworznik, 2011; Newman et al., 2003; Pyevich et al., 2003; Smith, 2008; Teegen&Gotwinkel, 2001)
კატეგორია - ბლოგი
როცა მედიის თვითრეგულირებასა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაზე საუბარს ვიწყებ, ყოველთვის ერთ კითხვას მისვამენ - თუ დაარღვია რომელიმე მუხლი, რატომ არ ისჯება ჟურნალისტი, მხოლოდ გადაწყვეტილების გამოტანას რა მნიშვნელობა აქვს? აუდიტორიის ტიპს მნიშვნელობა არ აქვს, ყოველთვის ასე ხდება. აენთებათ ხოლმე თვალები და სანქციების ათასგვარი იდეა მოსდით თავში, თუმცა მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლება და ხელფასის დაქვითვა უდავოდ ლიდერობს.

მედიის დასჯის სურვილის ნაკლებობას არც პოლიტიკოსები განიცდიან - უფრო შორს მიდიან და შიგადაშიგ ან ბოიკოტის გამოცხადების, ანდა კანონით შეზღუდვის იდეა წამოსცდებათ ხოლმე. მერე, რა თქმა უნდა, ახსენდებათ გაზეპირებული ტექსტი, რომ მედიის/გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია, და იწყებენ ახსნას, როგორ ვერ გაიგო მედიამ რისი თქმა უნდოდათ. არადა რა მიხვედრა ამას უნდა, თუკი რომელიმე სიუჟეტში რამე არ მოეწონებათ, რიგითი მოქალაქიდან დაწყებული - თანამდებობის პირებით დამთავრებული,უმრავლესობას მედიის სანქცირების სურვილი უჩნდება.

ისეც ხდება, უბრალოდ ცუდად გაკეთებული, უგემოვნო მასალები რომ ეთიკის სტანდარტის დარღვევა ჰგონიათ ხოლმე და ისევ სანქცირებას ითხოვენ.

ეთიკური სტანდარტები ყველა პროფესიას აქვს, მაგრამ არ მახსენდება სფერო, სადაც ამ ნორმების დარღვევის გამო საზოგადოებას ასეთი ვნება ჰქონდეს რომელიმე მათგანის დასჯის. ალბათ იმიტომ, რომ არც ერთი სხვა პროფესიის ყოველდღიური საქმიანობა ხალხის თვალწინ ასე არ ჩანს.

მედიის მიერ დაშვებული შეცდომა თვითრეგულირების საკითხია და არა რეგულირების. ეს ორი ცნება კი ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავდება. მარტივად რომ ვთქვათ, პირველ შემთხვევაში ჟურნალისტები აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას და შეთანხმებული წესების დაცვის ვალდებულებას იღებენ. რეგულირებისას კი გარეშე სტრუქტურებს აძლევ იმის საშუალებას, რომ შენს საქმეში ჩაერონ და სანქცია დაგიწესონ.

საქართველოში თვითრეგულირების ორი მექანიზმი არსებობს - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და თვითრეგულირების ორგანო, რომელიც ყველა მაუწყებელს აქვს შექმნილი ორგანიზაციის შიგნით. არც ერთი მათგანი სანქცირებას არ ითვალისწინებს. ქარტია დარღვევას უბრალოდ აფიქსირებს, თვითრეგულირების ორგანო კი მაუწყებელს ავალებს ინფორმაცია უარყოს ეთერში იმავე დროს, რა დროსაც არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, შესაძლებელია, თავად მედიასაშუალებას ჰქონდეს რაიმე რეგულაცია, რომლის მიხედვითაც „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დარღვევის გამო გარკვეულ სანქციას უწესებდეს ჟურნალისტს.

რეგულირება ნიშნავს იმას, რომ სხვას ანიჭებ უფლებას ჩაერიოს შენს საქმეში და მანიპულაციის საშუალებასაც უტოვებ. მედიის წინააღმდეგ მანიპულაციას კი რა შედეგი მოაქვს, ყველამ კარგად იცის.

სინამდვილეში მედია ისჯება, თანაც იმაზე ხშირად, ვიდრე რიგით მაყურებელს წარმოუდგენია. მაშინაც, როცა ქარტიის საბჭო დარღვევას ადგენს, იმ შემთხვევაშიც თუ თვითრეგულირების ორგანო შესწორებას დაავალებს და მაშინაც, როცა საერთოდ არავინ უჩივლებს.

შეცდომების დაშვებას მაყურებელი არ პატიობს მედიას. ყველაზე დიდი საბჭო სწორედ ხალხია, რომელიც ყოველთვის ამჩნევს უზუსტობასაც, მიკერძოებასაც, უსამართლობასაც. რამდენიმე დარღვევის შემთხვევაში კი მკაცრად სჯის მას - უბრალოდ აღარ ენდობა.

მაყურებლის ნდობა ფუნდამენტია, რაზეც მედია დგას, ნდობადაკარგული გამოცემის არსებობას აზრი არ აქვს.

სწორედ იმიტომ, რომ ნდობა არ დაკარგოს,მედია ცდილობს თვითრეგულირებით გააძლიეროს პროფესიონალიზმი. იქამდე, სანამ აუდიტორიის განწყობა შეიცვლება, თავად შიგნით მოაგვაროს პრობლემა, გამოასწოროს შეცდომა. ვინაიდან პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობას მოაქვს ნდობა, ნდობა კი სიძლიერე და ხელშეუხებლობაა.

ჰოდა, საკუთარ შეცდომებზე პასუხს მედია ყოველთვის აგებს ხოლმე იმაზე მწარედ, ვიდრე ერთი ჟურნალისტის სამსახურიდან გათავისუფლება ან ხელფასის დაქვითვაა.
კატეგორია - ბლოგი
“აბიტურიენტების ბორჯომიდან ახალციხეში გასამგზავრებლად ავტობუსების გამოყოფის ინიციატივა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს, დიმიტრი ყიფიანს, და ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის დირექტორს, დავით ზაალიშვილს, ეკუთვნით. "ბორჯომის მუნიციპალიტეტი ყველა აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს”, - ვკითხულობთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდზე.

ახალი ამბების მეორე, ასევე ცნობილ პორტალზე ვაწყდებით ასეთ ინფორმაციას: “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა… პროექტი ითვალისწინებს დიპლომატებისთვის სააკრედიტაციო ბარათების მოდელის დამზადებას, მათი გაცემის ინსტრუმენტის შექმნასა და ელექტრონული მონაცემთა ბაზის ფორმირებას. პროექტის ფარგლებში მოხდება გაყალბებისგან დაცული, ელექტრონულ სისტემებში ინტეგრირებადი დიპლომატების ბარათების შექმნა, რომლითაც შესაძლებელი გახდება მფლობელის იდენტიფიცირება და შემდგომში მათთვის კანონით დადგენილი სხვადასხვა სახის შეღავათების გამოყენება”.

კიდევ ერთი მედიასაშუალების ვებგვერდზე კი ვკითხულობთ, რომ თბილისში წყალსადენის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო: “კეთილმოწყობილი გზა ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს და მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება“ - სააგენტო მკითხველს გლდანის გამგებლის, ბესიკ ქარცივაძის, კომენტარსაც სთავაზობს.

მსგავსი ინფორმაციის გაცნობისას ბუნებრივად ჩნდება კითხვა, არის თუ არა ეს ჟურნალისტური ნამუშევარი? რა ღირებულება აქვს მას მკითხველისთვის? სამივე სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ტექსტი კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს თუ თანამდებობის პირების დადებით კონტექსტში წარმოჩენის მცდელობაა - საზოგადოებასთან ურთიერთობა და პრომოუშენი კი, არ შეიძლება ჟურნალისტიკა იყოს.

პრობლემის სათავე არის თანამშრომლობის ის ფორმა, რომლის შედეგადაც მსგავსი შინაარსის “ახალი ამბები” ქართულ საინფორმაციო სააგენტოებში ქვეყნდება - თუ საჯარო უწყება კონკრეტული მედიაორგანიზაციის ხელმომწერია, ეს ავტომატურად არ უნდა აძლევდეს საშუალებას, საკუთარი პრესრელიზები გარკვეული პერიოდულობით სააგენტოებზე გამოაქვეყნოს - დემოკრატიული მედიის სტანდარტით, სააგენტოს ხელმომწერობა ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ხელმომწერ პირს, ორგანიზაციას ხელი მიუწვდება ამ მედიასაშუალების მიერ მოპოვებულ ყველა ინფორმაციაზე, ფოტოზე, ვიდეოზე, არქივზე. “როიტერზი”, “ფრანსპრესი”, “ბლუმბერგი” და სხვა ცნობილი სააგენტოების შემოსავალი დამოკიდებულია მათივე პროდუქტების გაყიდვაზე (ხელმომწერების რაოდენობაზე და არა ამ ხელმომწერთა მიერ მომზადებული რელიზების გამოქვეყნებაზე).

სამწუხაროდ, საქართველოში წლობით დამკვიდრებული პრაქტიკა რეალურად ხელს უშლის როგორც ზოგადად მედიის, ასევე კონკრეტული სააგენტოს ნდობის და პროფესიონალიზმის ამაღლებას:

- როგორც ვთქვით, გასააზრებელია, ხელმომწერის პრესრელიზის გამოქვეყნების დროს მკითხველისთვის რას წარმოადგენს ეს მასალა: ის მისთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანი ამბავია და ამიტომ შესთავაზა სააგენტომ თუ მხოლოდ იმიტომ, რომ სააგენტოს ამ ინფორმაციის გამოქვეყნებაში ფული გადაუხადეს? - პრაქტიკულად საქმე ეხება რეკლამას და მკითხველი იმსახურებს იცოდეს, ნამდვილ ჟურნალისტურ ნამუშევარს კითხულობს თუ სარეკლამო მასალას!

- რამდენად დაცულია სააგენტო იმ საფრთხისგან, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მისთვის არასასურველი ინფორმაციის გამოქვეყნების გამო სააგენტოს კონტრაქტი შეუწყვიტოს და შესაბამისად, მედიასაშუალებას შემოსავალი შეუმცირდეს, საბოლოოდ კი დასაქმებულების შრომის ანაზღაურება ვერ შეძლოს? ხომ არ ჯობია, სააგენტოებმა მკაფიოდ განსაზღვრონ, რომ ხელმომწერობა მხოლოდ ინფორმაციის დროულ მიწოდებას ნიშნავს და არა რელიზების გამოქვეყნებას, საჯარო უწყებებმა კი უფრო ეფექტურ PR ტექნოლოგიებზე იფიქრონ საზოგადოებისთვის ხმის მისაწვდენად და საჯარო უწყების გარშემო პოზიტიური ველის შესაქმნელად?

- თუ მაინცდამაინც ვერ ვცვლით რეალობას და რელიზების გამოუქვეყნებლობა სააგენტოებს ხელმომწერებს და შესაბამისად, შემოსავალს შეუმცირებს, იქნებ რელიზში მოცემულ ინფორმაციას სააგენტომ საკუთრივ მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია დაამატოს, სადაც ყურადღება გამახვილდება არა იმაზე, თუ რა გააკეთა კონკრეტულმა უწყებამ, არამედ იმაზე, თუ რა ვერ გააკეთა ან რა უნდა გააკეთოს. მედია საზოგადოებას იმიტომ სჭირდება, რომ გაიგოს, რას ვერ აკეთებს ხელისუფლება და არა პირიქით. ან პრესრელიზის უცველად გამოქვეყნებისას, როგორც მინიმუმ, ის მაინც მიუთითოს რომ გამოქვეყნებული მასალა პრესრელიზია და არა ჟურნალისტური პროდუქტი.

სხვა შემთხვევაში, ყოველთვის მივიღებთ ისეთ უხერხულ მოცემულობას, როცა საინფორმაციო სააგენტოს საიტებზე გამოქვეყნდება კონტექსტიდან ამოვარდნილი, არც თუ ისე დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელოვნელობის მქონე ახალი ამბები, რომელთაც უფრო პროტოკოლური შინაარსი ექნებათ, ვიდრე ჟურნალისტური; სადაც ნამდვილად ღირებულ ამბებზე მეტად თვალში მოგვხვდება ასეთი სიტყვები “აქტიური თანამშრომლობა”, “პარტნიორობის გაღრმავება”, “სამომავლო გეგმების დასახვა” დ ა.შ.

პრობლემის კიდევ ერთი ასპექტი, ასე ვთქვათ, რელიზების ენას ეხება - მათში გამოყენებულ ტონს, ნომენკლატურულ-ჩინოვნიკური წინადადებების წყობას, რასაც არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკაში აუცილებლობად მიჩნეულ მარტივ და გასაგებ ენასთან. ფაქტია, რომ სააგენტოები არ ზრუნავენ პრესრელიზების ტექსტების “გახალხურებაზე”.

დასასრულ, იმედს გამოვთქვამ, რომ პრესრელიზების “ჟურნალისტიკა” ჩვენი ძალიან ახალგაზრდა მედიის ერთგვარი საყმაწვილო სენია, რომელსაც ეთიკური რეგულაციებისა და პატიოსანი მიდგომის დახმარებით ის უახლოეს პერიოდში დაძლევს. სხვა შემთხვევაში, წარმოუდგენელია იმუნინეტდაქვეითებულმა მედიამ, როგორც ერთიანმა ორგანიზმმა, საზოგადოებისთვის მოდარაჯე ძაღლის ფუნქცია შეასრულოს.
კატეგორია - ბლოგი
17 სექტემბერს „რუსთავი 2-ის" ეთერში „პროფილი“ სხვა პროფილით გავიდა. დაანონსებული სახეცვლილება მართალი გამოდგა - წამყვანმა იმ ღამეს მხოლოდ პრობლემაზე ილაპარაკა.

წლების განმავლობაში ტაშფანდურს, ანდა სხვათა უბედურების კომიკურად წარმოჩენას მიჩვეულმა მაყურებელმა, საკითხზე კონცენტრირებული გადაცემა იხილა. რეიტინგი როგორი ჰქონდა არ ვიცი, მაგრამ მე მხოლოდ დადებითი კომენტარები მოვისმინე.

არადა, მანამდე გადაცემის ავტორები მუდმივად გვეუბნებოდნენ, იმას ვაკეთებთ, რაც საზოგადოებას სურსო. თუ არ მოგწონს გადართეო, არ გადამირთავს, გაუმჯობესებას ვითხოვდი.

17 სექტემბრის გადაცემაში კი სწორედ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ვნახე იმ თემისადმი, რაც ამგვარ შოუებში ხარვეზის გარეშე ვერ შუქდებოდა. სექსუალური ძალადობა სწორედ ის თემა იყო, სადაც ვითომ პრობლემაზე საუბრისას სხვათა უფლება ილახებოდა და სტერეოტიპები მყარდებოდა.

როგორც ჩანს, „რუსთავი 2“ მიხვდა, რომ სიყვითლე ზედმეტად დიდი დოზითაა ეთერში, აკი მონოლოგის დროსაც თქვა მაია ასათიანმა, ამ ნიშას სხვას ვუთმობო. საქმიანი, საზოგადოებრივ საკითხებზე ორიენტირებული ეთიკური გადაცემა კი, რომელიც პრობლემას ფართო ჭრილში ხედავს, ჩვენს ეთერში ძნელად თუ ვინმეს გაახსენდება. ამიტომაც გასაგებია „რუსთავი 2-ის" სტრატეგია.

წუხელ მსხვერპლი ბავშვის ახლობლები ზურგით დასვეს მიუხედავად იმისა, რომ იდენტიფიცირების წინააღმდეგნი არ იყვნენ - ბავშვის ინტერესს ვითვალისწინებთო;

ძალადობის მსხვერპლი ქალი დაფარეს - მის უსაფრთხოებას ვიცავთო;

ისტორია არ მოაყოლინეს - დეტალები არ გვაინტერესებსო (იდენტური ამბავი ამავე გადაცემაში ბევრჯერ მოგვისმენია, შვილი იქვე ეჯდათ, როცა ქალი საკუთარი გაუპატიურების ფაქტებს ყვებოდა ხოლმე);

მორალისტი მომღერალ, მოცეკვავე, გაურკვეველი საქმიანობით დაკავებული ადამიანების ნაცვლად პრობლემაზე პროფესიონალებმა ისაუბრეს;

„უი ეს რა დაგემართა“ ტონით არ დასმულა „რა იგრძენით“ ტიპის კითხვები;

წამყვანი არ იზიარებდა სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს, არ ყოფილა არაადეკვატური ბმა ბლოკებს შორის.

საზოგადოება, ცხადია, ამას ხედავს, და უნდა შეიმჩნიოს სწორედ იმიტომ, რომ გადაცემებს შორის კონკურენცია დაიწყოს ხარისხით და არა ერთი და იმავე ტიპების ეთერში ხშირად ჩვენებით, ეს კი მაყურებელსაც გაზრდის და მედიასაც. ჯაჭვია.

ერთმა თქვა, თუ ადამიანს მანქანა არ აჩვენე, ეგონება, რომ სულ ურმით უნდა იაროსო.

ჰოდა ამიტომაც, ახლა ნაკლებად მაინტერესებს სისხლის სამართლის კოდექსში „ეჭვმიტანილის“ ცნება რომ აღარ არსებობს, „ბრალდებულია“ და წამყვანი რომ არასწორი ტერმინს იყენებდა, (ადვოკატმაც იგივე გაიმეორა, წამყვნს რას ვერჩით), არც იმისთვის მიმიქცევია ყურადღება, ერთგან შესაძლოა სჯობდა „რეკონსტრუქცია“ მიეწერათ. მესმის მათი, ვისაც „პროფილის“ ტრანსფორმაციის არ სჯერა წარსული გამოცდილების გამო, მაგრამ მინდა, რომ მათი განწყობები მალე შეიცვალოს სწორედ იმით, რომ 17 სექტემბრის გადაცემა გამონაკლისი არ გამოდგეს.
კატეგორია - ბლოგი
მედიის მიერ განათლების საკითხების გაშუქებას სისტემატურად ვადევნებ თვალს. სოციალურ ქსელში ჯგუფიც კი გვაქვს შექმნილი და მას ,,ბავშვზე ორიენტირებული სკოლა“ ჰქვია. რომ გითხრათ, მომწონს, როგორ შუქდება განათლების საკითხები მედიაში-მეთქი, გულწრფელი არ ვიქნები.

ამ თემაზე ჟურნალისტებთანაც გვქონდა საუბარი. ჟურნალისტებმა გულახდილად გვითხრეს, რომ განათლების თემები პრიორიტეტული არ არის, და რომ ქართული მედია ხშირად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დღის წესრიგს მიჰყვება. ჟურნალისტები სიმწვავის მიხედვით არჩევენ თემებს. აინტერესებთ ძალადობის შემთხვევების გაშუქება, წერენ ეროვნულ გამოცდებზე, მასწავლებლის სქემაში შეტანილ ცვლილებებზე, მიჰყვებიან დინებას.

გადახედეთ დღევანდელ მედიას. მედია გვეუბნება, რომ გამოცდები განათლების სისტემის მნიშვნელოვანი მოვლენაა, გამოცდებშია დავანებული ძალაუფლების ბერკეტი, ის განსაზღვრავს მოქალაქის ბედს - დაამთავრებს თუ არა სკოლას, ჩააბარებს თუ არა გამოცდებს, იქნება თუ არა მეორადი ჩარიცხვები. გამოცდები მასწავლებლის ცოდნასაც ამოწმებს. მედიაში ვეცნობით, როგორ ჩააბარეს მასწავლებლებმა სასერტიფიკაციო გამოცდები, რამდენი მასწავლებელი არ გამოცხადდა გამოცდაზე, რამდენმა შეიტანა შპარგალკა. თურმე, ჩვენს ბავშვებსა და მასწავლებლებს არ აქვთ შესაბამისი ცოდნა.

წლების განმავლობაში ძირითადად ამ ტიპის გზავნილებს ვიღებთ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ვიღაცას უნდა, დავიჯეროთ, რომ გამოცდის შედეგი არის სისტემის დიაგნოზი, და ადამიანისაც. მოკლედ, გამოცდების ძალა ყველგან იგრძნობა და, შესაბამისად, მედიაში გამოცდებზე ბევრი იწერება. ხშირად სახელმწიფო მოხელეების მონოლოგებს ვისმენთ, იშვიათად - განსხვავებულ მოსაზრებას; და უფრო იშვიათად, თითქმის არასდროს, განათლების საკითხზე დისკუსიებს. თუ გამოცდა ძალაა და მის შესახებ ბევრი გვესმის, მე უძალოთა ხმა მინდა გავიგო. მთავარი უცნაურობა რა არის, იცით? საერთოდ არ ისმის იმ ადამიანების ხმა, რომლებიც ჩვენს სასკოლო სისტემაზე ზრუნავენ. ეს ადამიანები 9 თვის განმავლობაში, ყოველ დილით სკოლისკენ მიიჩქარიან და შრომობენ. ატარებენ გაკვეთილებს, უხარიათ წარმატებები და ლახავენ სირთულეებს. მშრომელი ხალხია და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის წარმატებაში წვლილი სწორედ ამ ადამიანებს მიუძღვით და არა მათ, ვინც არაეფექტური წესების მორჩილებისკენ მოგვიწოდებს.

ბოლო დღეების აჟიოტაჟი მეორად ჩარიცხვებს ეხება. რას გვეუბნება ქართული მედია ამ პრობლემაზე? მედიაში კვლავ ჩინოვნიკების ხმა ჟღერს. უძალოთა ხმა თითქმის არ ისმის. რას წერს მედია? ,,2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული 40 000 აბიტურიენტიდან სტუდენტი 28 053 გახდა.რაც შეეხება უნივერსიტეტებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებს, მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, 44 000 ადგილიდან 18 849 თავისუფალი დარჩა“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014-2015 სასწავლო წელს მეთორმეტე კლასში სწავლობდა 36 781 მოსწავლე, თუმცა,მედია წერს,რომ გამოცდებში 39 000 (რიგ შემთხვევებში კი 40000) აბიტურიენტი მონაწილეობდა. არითმეტიკის კანონები გვეუბნება, რომ თუ ყველა მეთორმეტე კლასელი გადაწყვეტდა უნივერსიტეტის სტუდენტობას, მაშინ რამდენიმე ათას აბიტურიენტს სკოლა შარშან ან შარშანწინ (შესაძლოა უფრო ადრეც) დაუმთავრებია. მონაცემების მოძიება ვცადე, მაგრამ ამაოდ, ვერ მივაგენი. ამ ძებნაში აღმოვაჩინე, რომ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არ არის ინფორმაცია, რამდენი მეთორმეტეკლასელი სწავლობდა 2014-2015 სასწავლო წელს თბილისის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და აფხაზეთის სკოლებში. კი, აფხაზეთში ძნელია მეთორმეტეკლასელების რაოდენობის დათვლა რამდენიმე მიზეზის გამო: როგორც ვიცი, მეთორმეტე კლასი არ არსებობს და, ასევე, იქ რა ხდება, მარტო ხაჯინბამ და პუტინმა იციან. მოკლედ, ძებნას თავი დავანებე და ვთქვი, დავუჯერებ ციფრებს.

მედიაში წავიკითხე, რომ ასეულობით აბიტურიენტს ეროვნული გამოცდები ჩაუბარებია და ვერ ხდება სტუდენტი, რადგან მეორადი ჩარიცხვები არ იქნებაო. სხვადასხვა მედია განსხვავებულ ციფრებს ასახელებს: ჩარიცხვისთვის უიმედოდ იბრძვის 500, 600 ან 700 აბიტურიენტი. ისიც წავიკითხე, რომ ეს რაოდენობა არც თუ ისე დიდი, მხოლოდ და მხოლოდ 1.6%-ია. ადამიანების პროცენტებით გამოსახვა უხერხულად მომეჩვენა და დავინტერესდი, მაინც რამდენი ახალგაზრდა რჩება უნივერსიტეტის მიღმა? გადავწყვიტე, ვენდო 1,6%-სდა ვიწყებ გამოთვლას.

28 053 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა და თუ ეს რაოდენობა 98.4%-ის ტოლია, მაშინ ადვილად შეგვიძლია გამოვთვალოთ, რამდენი დარჩა უნივერსიტეტის მიღმა. 28053X100/98.4-28053=456-ს. ჩემი გამოთვლებით, (თუ ეს გამოთვლები საჭიროა ამ საკითხზე მსჯელობისას) ჩვენ გვერდით ცხოვრობს 456 მოქალაქე, რომელმაც ჩააბარა გამოცდები, გადალახა ბარიერი, ბევრმა მაღალი ქულაც მიიღო, მაგრამ სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის გამო, ვერ გახდა სტუდენტი. სულ რაღაც 456 მოქალაქე რა არის 28053 მოქალაქესთან შედარებით? რიცხვებს თუ შევადარებთ, არაფერი, მაგრამ ადამიანებს ვერ ვადარებ, არ შემიძლია.

ჰოდა, მე, კანონმორჩილი ადამიანი, ვშფოთავ, ვეკითხები საკუთარ თავს -რასაც ჩინოვნიკები მედიამონოლოგებში ამბობენ, დავიჯერო? მახსენდება დათა თუთაშხიას სიტყვები: ,,ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმეო“.

მაგრამ, წესია მთავარი თუ მოქალაქე? ფაქტია, ჩვენ წესების წერაში ვუხდით ბევრ ფულს ჩინოვნიკებს და გვინდა, კარგი წესები დაწერონ, მათ კი ჩვენი მოსმენაც არ უნდათ და დათა თუთაშხიასავით გაიძახიან, წესია საქმეო.

წესი შეცვალეთ და 456 აბიტურიენტი უნივერსიტეტში ჩარიცხეთ. კანონმორჩილები ვართ, მაგრამ წესი კანონი არაა, ვერ მივდევთ არაფექტურ წესებს.

ამ ციფრების ორომტრიალსა და წესების უზენაესობაზე ბევრი მონოლოგი მოვისმინეთ. მაღალი რანგის ჩინოვნიკები გვესაუბრებიან წესებზე, რეგულაციებზე, კანონებზე. იშვიათად ისმის მოსაზრება, რომ კარგი წესები არ გვაქვს, გამოცდების რაოდენობა ძალიან დიდია. ეს სუსტი ხმა ვერ ეწინააღმდეგება სამინისტროს დღის წესრიგს. ვერ ქმნის ძლიერ საზოგადოებრივ აზრს, ვერ იწვევს ცვლილებებს. კარგი იქნებოდა, მედიაში ერთმანეთის პირისპირ ემსჯელათ ადამიანებს ამ საკითხზე.

კარგი იქნებოდა, მედიაში გაშუქებულიყო იმ ადამიანების მოსაზრებები, რომლებიც მოგვიყვებოდნენ, რას ვერ ასწავლიან სკოლაში და რას სწავლობენ ბავშვები რეპეტიტორთან;

კარგი იქნებოდა, დირექტორებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის გვეკითხა, გამოცდები სკოლამ რომ ჩაატაროს, კორუფციული გარიგების საფრთხეები თუ იარსებებს და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება;

კარგი იქნებოდა, საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: რატომ გვეშინია მოგონებად ქცეული კორუფციის და არ გვეშინია ამდენი გამოცდისა, რატომ არ მოგვბეზრდა ამდენი მონოლოგი?

აი, მე კი არ მომწონს არსებული წესი, რომელიც ზღუდავს მოქალაქეს. მეშინია ინსტიტუციების ბრეჟნევიზაციის და ზოგჯერ კვლევის ჩატარების საჭიროებასაც ვერ ვხედავ, რადგან პრობლემა თვალსაჩინოა. უნდა დაეშვათ მეორადი ჩარიცხვები.

მეცხრამეტე საუკუნეში ქართველი ხალხის საუკეთესო ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება რომ გვცოდნოდა წერა-კითხვა. დღეს ჩვენ წინაშე ახალი გამოწვევაა: ქართველ ხალხს სკოლამ უნდა განუვითაროს მაღალი სააზროვნო უნარები, რაც ტესტის ამოხსნის ხრიკები და ინფორმაციის გახსენება სულაც არ არის. ამიტომ საჭიროა ცვლილებები!
კატეგორია - ბლოგი
სტუდენტობისას მინდოდა თეატრის კრიტიკოსი გავმხდარიყავი, თავს ვზრდიდი კიდეც ამ სფეროში, სტატიებს ვწერდი, გადაცემებს ვაკეთებდი.

მერე მსახიობი შემიყვარდა, მასზე გათხოვილმა, ერთ გამოცემას დავუწერე კრტიკული სტატია, სათაურით ,,თეატრი ბნელში”. არ იყო ცუდი ნაწერი, ფაქტებს და მცოდნე ხალხის აზრებს ეფუძნებოდა.

მოგვინებით გავიგე, რომ თეატრში კედელზე გამოუკრავთ, ხელმძღვანელობას კი პასუხად მხოლოდ ის უთქვამს, რომ გაბრაზებული მსახიობის ცოლის ნაწერი იყო.

პირველად მაშინ დავფიქრდი ინტერესთა კონფლიქტზე (უნივერსიტეტში ჩემ დროს ეთიკას ზედაპირულად გავდიოდით) - იმაზე, იქნებოდა თუ არა ჩემი სტატია ასეთივე, ქმარი ,,განაწყენებული მსახიობი” რომ არ მყოლოდა? თავს ვარწმუნებდი, რომ სტატიაში არაფერი შეიცვლებოდა. მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ თეატრის კრიტიკის მიზნობრივი აუდიტორია ჩემს სტატიებს ყოველთვის წაიკითხავდა, როგორც ,,ცოლის ავტორობით” დაწერილს. მოკლედ, ამ სფეროს შევეშვი.

მას შემდეგ მხოლოდ სოცლიალურ ქსელში წამომცდა ორიოდ სიტყვა ქუთაისის თეატრზე (ძალიან მიყვარს და ვერ ვეშვები) და იქაც კომენტარებში სულ ,,ცოლი” მეძახეს.

ხვდებით ალბათ, რომ ეს ისტორია ეკა მიშველაძის ,,პირველი სტუდიის” ამბებმა გამახსენა. რამდენიმე დღის წინ ეკას კოალიცია ,,მედია ადვოკატირებისთვის” მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე საზოგადოებრივი მაუწყებელის დირექტორის მრჩეველმა ბასა ჯანიკაშვილმა ჯერ 150 კაცის თანდასწრებით, ერთ-ერთ პოლიტიკოსზე ქორწინება მიულოცა, და შემდეგ მაუწყებლის შიდა ქცევის კოდექსიდან ამონარიდი წაუკითხა იმის განსამარტად, თუ რატომ ვეღარ განაგრძობდა ეკა პოლიტიკური ტოკ- შოუს წაყვანას.

ამონარიდი ასეთია: ,,ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, თანამშრომლებმა არ უნდა გააშუქონ ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების საქმიანობა”.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ჩემთვის მოულოდნელად, არაერთი განსხვავებული აზრი გაჩნდა. მოგვიანებით ვნახე, რომ ამ თითქოსდა მარტივად გასაგებ აზრს სოციალურ ქსელში მეგობართა ჯგუფიც სხვადასხვაგვარად კითხულობს. უკირკიტებენ უცხოურ პრაქტიკას, ვინ CNN -ს წამყვანს იხსენებს, ვინ BBC -სას.

არა და მეჩვენება, რომ ძალიან მარტივად გასაგები ქართული რეალობა გვაქვს:

- რაც არ უნდა ობიექტური იყოს ეკა, თუ ის განაგრძობს პოლიტიკური თემის გაშუქებას, აუდიტორიის ნაწილი მას მაინც აღიქვამს კონკრეტული პოლიტიკოსის მეუღლედ. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ამ ნაწილის ტელევიზიაცაა.

- სულელური მიდგომაა - ცოლის მიერ ქმრის წყაროდ არგამოყენება, ეთერში არმოწვევა, რას ცვლის, რას გვაძლევს - გარდა ქმრის დისკრიმინაციისა.

- სულელური და სასაცილოა შეზღუდვის მხოლოდ მეუღლეებზე და ახლო ნათესავებზე გავრცელება. მსგავსი რეგულაციების კონტექსტური წაკითხვა ცხადყოფს, რომ ეს ,,სამსახურებრივ განაწესზე” მეტად თვითრეგულირების მექანიზმია და გულისხმობს, რომ ნებისმიერ პირთან ურთიერთობა (ამაზე ფიქრმა ნათლად შემაგრძობინა facebook -ის სტატუსის ,,In a relationship with” არსი) თუ ის უშვებს ინტერესთა კონფლიქტის ალბათობას და ამასთან, ამ ურთიერთობის გამჟღავნებამ (ჰოი, რომ არაფერი იმალება ამ პატარა ქვეყანაში) შესაძლოა იმოქმედოს აუდიტორიის ნდობაზე მედიის ან ჟურნალისტის მიმართ, უნდა დაგაფიქროს - რა და როგორ აკეთო მომავალში და თავად უნდა მიგაღებინოს გადაწყვეტილება.

- მაწუხებს, რომ ამგვარი გადაწყვეტილების თავად მიღების შესაძლებლობა საზოგადოებრივ მაუწყებელში ეკა მიშველაძეს არ მისცეს. მას საჯაროდ და მისთვის მოულოდნელი ფორმით ,,მიულოცეს გათხოვება”. არადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა წესი და ეთიკა მხოლოდ ჟურნალისტებისთვის არ არის, მენეჯერებისთვისაცაა, იმისთვის, რომ მათ ცალკეულ თანამშრომლებთან მიმართებით (გუშინდელ შეხვედრაზე ეკა სხვა თანამშრომლების მსგავს ინტერესთა კონფლიქტზეც მიუთითებდა) არა მხოლოდ ის პუნქტები წაიკითხონ, რომლებიც აწყობთ, არამედ დანარჩენიც. მაგალითად ის, რომ იგივე კოდექსი მენეჯმენტს კარნახობდა საკითხზე თანამშრომელთან ერთად არასაჯაროდ ემსჯელა და გადაწყვეტილებაც ამ მსჯელობის შედეგად ისე დამდგარიყო, რომ საზოგადოებას ვნებათაღელვის გარეშე გადაეტანა ცვლილებები.

და რაც ყველაზე სამწუხაროა, თვითრეგულირების მექანიზმმა, ამ შემთხვევაში, ვერ შეძლო ხსენებული ეთიკური ნორმის მიზნის მიღწევა - დაეზღვია მაუწყებელი აუდიტორიის ნდობის დაკარგვისგან. საზოგადოების ნაწილი ,,ხმაურიანი გაშვების” შესახებ ფიქრობს, რომ ეკა ,,ოპოზიციონერზე” გათხოვების გამო მოხსნეს გადაცემიდან. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ამ ნაწილის ტელევიზიაცაა.
კატეგორია - ბლოგი
საინფორმაციო სააგენტოების ხელმომწერებს შემჩნეული ექნებათ, რომ გამოქვეყნებულ ანონსებში პრესკონფერენციები ჭარბობს. პრესკონფერენციას მართავს პოლიტიკოსი, ექსპერტი, პარტია, საზოგადოებრივი მოძრაობა, არასამთავრობო ორგანიზაცია - ყველა, ვისაც აუდიტორიამდე საკუთარი ხმის მიწვდენა სურს. არის შემთხვევები, როცა ერთ კონკრეტულ პრესკლუბში დღის განმავლობაში რამდენიმე სპიკერი მიდის და ჩვენც, როგორც წესი, მაუწყებლების დღის საინფორმაციო გამოშვებებში გამუდმებით “მოლაპარაკე თავებს” ვხედავთ.

მაუწყებლები ასეთ პრესკონფერენციებს ე.წ. კადრ-სინქრონის ფორმატით აშუქებენ, ასეთ შემთხვევაში ამბის მთავარი თემა არის ის, რომ სადღაც ვიღაცამ პრესკონფერენცია გამართა და არა ის, თუ რა ითქვა პრესკონფერენციაზე, რა პრობლემა წამოიჭრა... კადრ-სინქრონით გაშუქებისას, ჩვეულებრივ, არ ხდება პრესკონფერენციაზე წამოჭრილი თემის გაშლა, საპირისპირო, განსხვავებული მოსაზრებების წარმოჩენა - საინფორმაციოს წამყვანი მაყურებელს აუწყებს, რომ რომელიღაც პრესკლუბში რომელიღაც პოლიტიკოსმა ან „ექსპერტმა“ პრესკონფერენცია გამართა და მის შესავალ ტექსტს პრესკონფერენციის მომწყობის სინქრონი მოყვება. სულ ესაა. სინქრონი, როგორც წესი, არაფრისმთქმელი და ზედაპირულია. მთელ ამ პროცესს რამდენიმე მონაწილე ჰყავს და ყველა სარგებელს ელის - სპიკერი, რომელსაც უმეტესწილად საკუთარი რეიტინგი ადარდებს, პრესკლუბი, რომელიც ასევე ცნობადობის გაზრდას ცდილობს, მედია, რომელიც, სამწუხაროდ, მარტივ გზებს ეძებს ამა თუ იმ თემაზე შეფასებითი ნაწილის მოსაპოვებლად და ხშირ შემთხვევაში ჯერდება “მოლაპარაკე თავების” მიერ შეთავაზებულ დღის წესრიგს, მაგრამ აუდიტორიის მხრიდან თუ შევხედავთ პროცესს - ამ პრესკონფერენციებიდან მას თითქმის არაფერი რჩება - რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის მორიგი პოლიტიკური ურთიერთბრალდების საფუძველზე გაკეთებული განცხადებები, ცვლის თუ არა ამგვარი გაშუქება მის პოლიტიკურ თუ სხვა არჩევანს, სასარგებლოა თუ არა მისთვის ეს ინფორმაცია? მაყურებელი ამ ე.წ. კადრ-სინქრონის შედეგად ვერ იღებს სათანადო ინფორმაციას. არადა, აუდიტორიისთვის ამომწურავი, სრული ინფორმაციის მიწოდება მედიის ერთ-ერთი ფუნდამენტური ვალდებულებაა:

„პროგრამა ან სიუჟეტი მიკერძოებული იქნება, თუ ის არ მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ, აგებულია უმნიშვნელო ფაქტებზე, შეგნებულად ან გაუცნობიერებლად შეჰყავს აუდიტორია შეცდომაში, შენიღბული სახით გამოხატავს მიკერძოებული პირის მოსაზრებებს“- ვკითხულობთ მაუწყებელთა ქცევის კოდექსში (18.2.)

პოლიტიკოსების მხრიდან პარტიის ოფისსა თუ პრესკლუბებში ბრიფინგების გამართვა პოლიტიკურ პროცესსა და მედიაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა - ასეთი ფორმით საჯარო ფიგურები ცდილობენ, ჟურნალისტებს საკუთარი დღის წესრიგი მოახვიონ თავს - ამ დროს მედია, ერთი მხრივ, ფარული თუ პირდაპირი მანიპულაციის იარაღი ხდება, მეორე მხრივ, ბრიფინგებზე გადამეტებული ყურადღების გამახვილებით თავადაც გვევლინება აუდიტორიის მანიპულატორად - იმის ნაცვლად, რომ სარედაქციო მუშაობით, თემების მოძიებით, მოკვლევით, ჟურნალისტური გამოძიებით, ექსკლუზიური ახალი ამბებით გააჯეროს ეთერი, მარტივ გამოსავალს პოულობს.

კიდევ ერთი საკითხი გამომსახველობას ეხება - როგორც წესი, პრესკონფერენციის ვიზუალური მხარე იდენტურია - კადრებით თუ ვიმსჯელებთ, მაყურებლისთვის საინტერესო არაფერი ხდება, სტანდარტულად ჩამომწკრივებული მიკროფონების უკან სპიკერი ზის და საუბრობს. პრესკონფერენციების ასე უხვად გაშუქება ტელევიზიას საფრთხეს უქმნის, დაკარგოს თავისი მთავარი ხიბლი - გამოსახულების მიმზიდველობა.

მთავარი მაინც პრიორიტეტების პრობლემაა - როცა რედაქციას საკმარისზე მეტად ექნება საკუთარი თემები, ეთერიც არა “მოლაპარაკე თავებით”, არამედ მნიშვნელოვანი და საინტერესოდ მოყოლილი ახალი ამბებით გაივსება.
კატეგორია - ბლოგი
რაზეც ახლა ვისაუბრებ, მხოლოდ რეგიონული მედიის პრობლემა არ არის, უფრო პირიქითაა - ეს ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარეა ქართული ჟურნალისტიკის. რატომ არ/ვერ სვამენ ახალი ამბების ჟურნალისტები კითხვებს ბრიფინგებზე? რატომ კმაყოფილდებიან მხოლოდ პრესრელიზების განიუსებით, რატომ ამცრობენ პროფესიულ პასუხისმგებლობას მიკროფონის/დიქტოფონის „დამჭერამდე?“ ვუწოდო თუ არა ჟურნალისტს კითხვების გარეშე ფოსტალიონი, რომელსაც დალუქული კონვერტი კონკრეტულ მისამართზე მიაქვს და მხოლოდ ამით შემოიფარგლება მისი პასუხისმგებლობა?!

კოლეგებთან მიმართებაში უხერხულობა რომ დავძლიო, საკუთარი გამოცდილებით დავიწყებ: შს სამინისტრომ 5 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1995 წელს დაბადებული ნ. ჟ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ზესტაფონში დააკავეს“.

ეს საკმაოდ ხმაურიანი საქმეა - დაჭრილი 16 წლის გოგოა, ბრალდებული - „შეყვარებული“.

ქართულმა მედიამ, მათ შორის ჩვენც, შსს-ს ინფორმაცია უცვლელად გაავრცელა. მოგვიანებით კი, სრულიად შემთხვევით, სასამართლოში დაკავებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების პროცესზე გაირკვა, რომ ბრალდებული „საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციაში“ და სამძებრო ოპერაციების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ერთი შეხედვით, ეს თითქოს არფერს ნიშნავს, მაგრამ სინამდვილეში ხომ ბრალდებულის ქცევა - პოლიციაში გამოცხადება, კანონის ენაზე, სასჯელის რამდენიმე წლით შემსუბუქების ტოლფასია?!

რამდენადაც ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება არის რთული საქმე, იმდენად მარტივია, მაგალითად, იმის ანალიზი, თუ როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა პროსტიტუცია-ტრეფიკინგთან მიმართებაში... ყველას მრავალგზის გვინახავს კადრები, თუ როგორ გამოჰყავთ ბათუმის „დისკო კლუბებიდან“ სექსმუშაკები და ის „პირები“, რომლებსაც ბრალად „პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფა ედებათ“.

ვინმემ იცის შემდეგში რა ხდება ამ კონკრეტულ დისკო კლუბებში? - მხოლოდ ძალიან ვიწრო წრემ. სინამდვილეში ეგრეთ წოდებული დისკო კლუბები, სადაც მსგავსი ოპერაციები ტარდება, ერთი კვირითაც არ წყვეტენ მუშაობას, მაგრამ ქართულ მედიაში ამ თემაზე დასმული კითხვები იშვიათობაა - საზოგადოებას ამ ინფორმაციას მედია პარავს. მედიას, ჟურნალისტს ეზარება, არ იცის, ვერ ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის იმის ცოდნა, რომ ცხოვრობს ისეთ ქვეყანაში, სადაც 21-ე საუკუნეში ადამიანებით ვაჭრობენ. ხშირად, ეს საქილიკო თემად იქცევა ხოლომე, რაშიც უზარმაზარ როლს ჟურნალისტი სწორედ იმიტომ ასრულებს, რომ ან საერთოდ არ სვამს კითხვებს, ან ამას ისე აკეთებს, რომ ქილიკს გამოიწვევს.

ქართულ მედიაში, როგორც რეგიონულში, ისე ნაციონალურში, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით, ნამდვილი ბუმია. მედია არ ინტერესდება, არის თუ არა სიმართლე ის, რასაც ბრიფინგის მომწვევი პოლიტიკოსი ან ეგრეთ წოდებული ელიტპერსონა საუბრობს. ჟურნალისტი პროცესში ძირითადად მაშინ ერევა, თუ ბრიფინგის მომწყობი ვინმე კონკრეტულს ესხმის თავს - ამ შეთხვევაში ზუსტად იცის ჟურნალისტმა, რომ მეორე მხარეც აუცილებლად უნდა წარმოაჩინოს.

მაგრამ ძალიან ცოტა ვინმე თვლის თავს ვალდებულად გადაამოწმოს ისეთი ინფორმაცია, რაზეც, მაგალითად, ახლახან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა ისაუბრა. დეპუტატმა გადაცემა „რეაქციაში“ ახალი ხელისუფლების მიღწევებზე გაამხავილა ყურადღება და თქვა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში „30 000 ბავშვი იყო, რომელიც სკოლას საერთოდ არ გაკარებია“ და „ამ ბავშვების რაოდენობა ბოლო ორი წლის განმავლობაში 6 000-მდე შემცირდა“. ფაქტ-მეტრი იმ იშვიათ ვებგვერდთაგან ერთ-ერთია, რომელმაც დეპუტატის მიერ დასახელებული ციფრების გადამოწმებაზე ძალისხმევა გაიღო, რის შედეგადაც თქვა, რომ „2011 წელს სასწავლო პროცესის მიღმა 58 269 ბავშვი იყო დარჩენილი, 2014 წლისთვის კი აღნიშნული მაჩვენებელი 55 090-მდე შემცირდა“.

ინფორმაციას, რომელსაც კითხვების დასმის, გადამოწმების გარეშე ავრცელებს ჟურნალისტი, მხოლოდ ერთი მსხვერპლი ჰყავს - საზოგადოება, რომელსაც ზუსტი ინფორმაცია გააზრებული გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდება.
კატეგორია - ბლოგი
აგვისტო მნიშვნელოვანი თვეა ქართულ რეალობაში. წლის ყველაზე ცხელი ამბები, ამა თუ იმ მიზეზით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში იგეგმება და სრულდება. წლევანდელი აგვისტოც არაფრით არის გამონაკლისი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის განჩინების საფუძველზე, საქმეზე №2/15651-15, 2015 წლის 05 აგვისტოს, ყადაღა დაედო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ პარტნიორების წილებს, უძრავ ქონებასა და მოძრავ ნივთებს. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მოხდა.

ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის ერთ-ერთი ყოფილი მეწილეა. მისი და „რუსთავი 2“-ის კავშირის შესახებ ყველა მითი და რეალობა საინტერესოდაა თავმოყრილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ 2013 წელს გამოქვეყნებულ ბლოგში: „2004 წლის 16 ივნისს, პაატა კარსანიძემ, რომლის ბიზნეს საქმიანობაზეც ცნობები არ მოიპოვება, ვალებში მყოფი „რუსთავი 2“-ის 605 შეიძინა 930-305 ჯარჯი აქიმიძისგან და დავით დვალისგან0, იმავე დღეს კი წილები სრულად ქიბარ ხალვაშს მიჰყიდა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, კარსანიძემ თითოეულ მფლობელს 100,000 აშშ დოლარი გადაუხადა, ხალვაშს კი წილები 200,000 აშშ დოლარად მიყიდა. ხალვაშის კომპანია შპს „პანორამამ“ ნიკა ტაბატაძის 105 და ეროსი კიწმარიშვილის 305-იც შეისყიდა. საჯარო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ტაბატაძემ წილები ნებაყოფლობით დათმო და სანაცვლოდ 200 ლარის ანაზღაურება მიიღო, რაც მის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხა იყო. ეროსი კიწმარიშვილმა კი თავისი წილების სანაცვლოდ 50,000 აშშ დოლარი მიიღო. ოქტომბერში კიწმარიშვილმა სავაჭრო პალატის პრეზიდენტის პოსტი დატოვა და აღარც „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობაში ფიგურირებდა. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით მისი მეგობრული ურთიერთობა პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიასთან დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი იყო. ოქრუაშვილს სხვადასხვა დროს მთავარი პროკურორის 920040, შინაგან საქმეთა მინისტრის 920040, თავდაცვის მინისტრისა 92004-20060 და ეკონომიკური განვითარების მინისტრის 920060 თანამდებობები ეკავა. ხალვაში „პროქტერ 7 გემბელის“ სადისტრიბუციო ქსელს და „პეპსის“ ფლობდა. 2007 წლის დეკემბერში, მას მერე, რაც ოქრუაშვილმა სააკაშვილის მთავრობა დატოვა, ხალვაშის კომპანიის საცავები ხანძრის შედეგად დაიწვა“.

ქიბარ ხალვაშის ისტორია და ხელისუფლების კავშირი ერთადერთი არ ყოფილა ეროვნული მაუწყებლის ისტორიაში. ამ საკითხებს შეეხებოდა ასევე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა “მედიაბიზნესი საქართველოში“, სადაც გადმოცემული იყო „რუსთავი 2-ის“ მეწილეთა შესახებ მნიშვნელოვანი ფაქტები. ამონარიდი კვლევიდან: „2012 წლის 05 ოქტომბერს „რუსთავი 2“-ის 405-იანი წილის მფლობელი გახდა შპს „მედია ჯორჯია“, ხოლო „მედია ჯორჯიას“ 1005 წილის მფლობელი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია. ამ ცვლილებას საზოგადოების დაინტერესება მოჰყვა. რამდენიმე დღეში კეზერაშვილმა ისევ ძველ მფლობელს გიორგი ყარამანიშვილს მიჰყიდა კომპანიის წილის 405. დღეისათვის გიორგი გეგეშიძე კომპანიის 105 წილს ფლობს, ხოლო დანარჩენი წილები ლევან ყარამანიშვილის 95050 და გიორგი ყარამანიშვილის 94050 საკუთრებაა. 2011 წლის 28 დეკემბერს გამოქვეყნდა მაია მეცხვარიშვილის სტატია - „რუსთავი 2” და „მზე” სააკაშვილის მეგობრის ოჯახის საკუთრებაში“. სტატიაში მითითებულია, რომ მედიაბიზნესის ერთ-ერთი მეწილე ლევან ყარამანიშვილი, გარდა იმისა, რომ პოკერის საყოველთაოდ ცნობილი მოთამაშეა, იმავდროულად, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობრის, ბიზნესმენ გია ყარამანიშვის ახლო ნათესავია“.

მნიშვნელოვანი ისიც, რომ “რუსთავი 2-ის“ ისტორიაში მონაწილეობდა წარსულში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით მოქმედი „ტელეკომპანია საქართველოც“ - 2009 წლის 1 აგვისტოს, ტელეკომპანია "საქართველოსა" და რუსთავი 2-ს შორის დაიდო ხელშეკრულება ნასყიდობის პირობების შესახებ. ქონების შესყიდვის მთლიანი სახელშეკრულებო თანხა შეადგენდა 5 970 600 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების ვადად ერთი წელი განისაზღვრა, თუმცა 2010 წელს ხელშეკრულების ვადა კიდევ ერთ წლით გაგრძელდა. საბოლოოდ, ტელეკომპანია "საქართველომ" აღნიშნული უძრავი ქონება იყიდა და 2012 წლის 24 ოქტომბრის მონაცემებით, სანდრო ეულის 35ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობები, დაზუსტებული ფართი 2202.00 კვ.მ, "საქართველოს" საკუთრება იყო. უკვე 2012 წლის 13 ნოემბერს ვითარება შეიცვალა და 515 წილის სანაცვლოდ, ტელეკომპანია "საქართველომ" სწორედ იგივე შენობა ნაგებობები და მიწა დაუბრუნა რუსთავი 2-ს, რომელშიც სულ რამდენიმე ხნით ადრე 6 მილიონ ლარამდე გადაუხადა და ამ გზით ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილე გახდა.

ასე მოხდა თუ ისე, „რუსთავი 2“ თითქმის 20-ჯერ გასხვისდა. ყველაზე ნოვატორი და „ამინდის შემქმნელი“ არხის მფლობელებზე, მათ კავშირებზე და ინტერესებზე მუდმივად საუბრობდნენ ჩვენს საზოგადოებაში, საუბრობდნენ უმეტესად მკვლევარები და ზოგიერთი ჟურნალისტიც, ტელეკომპანიის გარედან. ყველა ხედავდა, რომ ტელეკომპანიის მეწილე თუ დირექტორი, უმეტესად ან ხელისუფლებიდან მოდიოდა, ან ხელისუფლებაში მიდიოდა. ამის საბუთად მხოლოდ ეროსი კიწმარიშვილის (კომპანიის დამფუძნებელი, მოგვიანებით გახდა სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ის იყო საქართველოს ბოლო ელჩი რუსეთში, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში) ირაკლი ჩიქოვანის (ის 2007-2009 წლებში რუსთავი 2- ის დირექტორი იყო, 2009-2013 წლებში კი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა) და ნიკა გვარამიას (2012 წლის ნოემბრიდან რუსთავი 2-ის დირექტორი, განათლებისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ასევე მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე) კარიერისთვის თვალის გადავლებაც

დღემდე ტელევიზიის ქონებაზე და მასთან დაკავშირებულ პროცესებზე ყველა საჯარო პირი აფიქსირებდა საკუთარ აზრს. სხვადასხვა პერიოდში ოფიციალური მიმართვებიც გაკეთდა, ასევე გავრცელდა საჯარო განცხადებებიც. მაგრამ სახელმწიფომ მხოლოდ 2015 წლის 05 აგვისტოს მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება - ყადაღა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ეს არ არის ქონების გამოყენების აკრძალვა, სარჩელის უზრუნველყოფის ტიპიური ღონისძიებაა. ეს შეზღუდვის ერთ-ერთი სახეა, რომელიც რეგისტრაციის მომენტიდან გამორიცხავს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სხვა რაიმე უფლების/ვალდებულების ან საკუთრების უფლების მიტოვების შესაძლებლობას. თუმცა განსაკუთრებულ საქმეში ნებისმიერი პროცესუალური ქმედება კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვის ხდება და მეტ დასაბუთებას თუ გამოკვლევას საჭიროებს.

ყველას აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ეს უფლება თანაბრად ვრცელდება ქიბარ ხალვაშზეც, სხვებზეც. რთულია ვთქვათ - არის თუ არა დავა ხანდაზმული, რა შანსები აქვთ მხარეებს - საქმეზე სრული წარმოდგენის შექმნა მხოლოდ მასალების შესწავლის შემდეგ შეიძლება, ამ გადასახედიდან ვერავინ იტყვის დაზუსტებით ვინ და რა პოლიტიკური გარიგებები დადო წამოწყებულ პროცესებთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს წინასაარჩევნოდ ნიადაგის მომზადება მოქმედი ხელისუფლების მხრიდან.

დღეს კითხვები პასუხებზე მეტია.

ფაქტია ერთი - მნიშვნელოვანი და საინტერესო - კომპანიის მთელი ამ ისტორიის მანძილზე არასოდეს შექმნილა მხარდამჭერთა ჯგუფები ტელევიზიის დასაცავად, თითქმის 20 ახალი მფლობელის შემსწრე ჟურნალისტებს არასოდეს არ გამოუხატავთ საჯაროდ ინტერესი, მფლობელების მუდმივ ცვლილებაზე, არ დაუფიქსირებიათ მოსაზრებები თუ რა გავლენას ახდენდა მათ საქმიანობაზე თითოეული ცვლილება.

ახლა ყველაფერი შეიცვალა - დღეს ჟურნალისტები ამბობენ, რომ მფლობელები შეძლებენ გაუწერონ მათ დღის წესრიგი - ისინი იბრძვიან, იბრძვიან ძველი მეწილეების პრეტენზიების წინააღმდეგ. ცხადია, ფიქრობენ, რომ მეწილეების ნებისმიერი ცვლილება ჩარევა იქნება მათ საქმიანობაში. ნებისმიერი მეწილე კურსს შეუცვლის ჟურნალისტების საქმიანობას. შესაძლოა, ასე შიში საფუძველს მოკლებული სულაც არ იყოს, ჟურნალისტებმა ხომ ყველაზე უკეთ იციან წლების მანძილზე ერეოდნენ თუ არა მეწილეები მათ ყოველდღიურობაში, პოლიტიკური ამინდის გავლენით იგეგმებოდა თუ არა სარედაქციო პოლიტიკა. შესაძლოა, მათ აქვთ ზუსტი განცდა როგორ შეიძლება განმეორდეს ეს მომავალშიც.

ახლა აგვისტოს დღეებივით „ცხელი“ სიტუაციაა, მაგრამ ამ პროცესს ჯანსაღი მხარეები აქვს. ტელეკომპანიის ჟურნალისტების პროტესტი, მოდავეთა მზაობა ითანამშრომლონ დაინტერესებულ პირებთან, არასამთავრობო სექტორის აქტიური გამოხმაურებები, მხარდამჭერთა ჯგუფები, მოწინააღმდეგეთა ჯგუფებიც კი მაფიქრებინებს, რომ დღეს უფრო განვითარებული საზოგადოება ვართ, ვიდრე ოდესმე. დღეს ყველა ვაღიარებთ, რომ მედიამფლობელების გამჭვირვალობა ყველაზე დიდი ლუსტრაციაა მედიის კონტენტის ანალიზისათვის, რომ წილი ერთგვარად ნიშნავს მედიაზე გავლენას.

ამიტომ მინდა დავიჯერო, რომ ეს გამოხმაურებები წერტილს დაუსვამს მედიაში წილების ხელისუფლების ინტერესის შესაბამისად „გადაბარების“ პროცესს.

და კიდევ - მე ვაფასებ „რუსთავი 2-ის“ ძალას და გამოცდილებას. ვუყურებ და წლების მანძილზე მისი ყოველი მეწილის ცვლილება/გავლენა ჩემთვის ერთნაირად თვალიშისაცემი და მტკივნეული იყო და იქნება. დღეს დავის თითოეული მხარის ღიაობა და სასამართლოს კეთილსინდისიერება გადაარჩენს ტელეკომპანიას, ხელისუფლებას, ძველ და მომავალ მეწილეებსაც კი. ამიტომაც ჩემნაირ გულშემატკივრებთან ერთად მეც გამადიდებელი შუშით დავაკვირდები მიმდინარე პროცესებს. ახლა უკვე ამავე კომპანიის ჟურნალისტებთან ერთად ვიტყვი, რომ პოლიტიკოსებს და პოლიტიკასთან დაკავშირებულ პირებს არასდროს, არასდროს არ აქვს უფლება განსაზღვროს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა.

ისტორია ამბობს, რომ პოლიტიკისა და მედიის დაახლოების მცდელობები ყოველთვის კრახით მთავრდება. შედეგი კი თანაბრად წამგებიანია საზოგადოებისთვის, მედიისთვის და პოლიტიკოსებისთვის. ჩვენ უკვე ბევრჯერ წავაგეთ. ამიტომაცაა ასეთი ცხადი, რომ მედიის მართვა პოლიტიკასთან დაახლოებული პირების მიერ ეს არის მარცხისთვის განწირული თამაში სახელად „ი-წილო, ბი-წილო"
კატეგორია - ბლოგი
როცა მოძღვარი შუა რუსთაველზე „ტაბურეტკით“ ხელში მორბის და ცდილობს ფიზიკურად გაუსწორდეს ლგბტ თემის წევრებს, ეს ბუნებრივია, ნებისმიერი მედიასაშუალების დღის მთავარ თემად იქცევა. საინტერესო ისაა, თუ რატომაა მედიისთვის აქტუალური მოძღვრების მოსაზრებები ევროინტეგრაციის, სასამართლო რეფორმის თუ სხვა პოლიტიკური საკითხების შესახებ, რატომ ეთმობა მათთან ინტერვიუებს მედიასაშუალებებში ამდენი დრო, ან საერთოდ, რატომ ხვდება რომელიმე მოძღვის ერთი ჩვეულებრივი ქადაგება ახალი ამბების გამოშვებებში.

მაგალითისათვის, სამ მედიასაშუალებაზე სამთვიანმა დაკვირვებამ (მაისი-ივნისი-ივლისი) აჩვენა, რომ გაზეთები „ასავალ დასავალი“, და „ალია“, თითქმის ყოველ მეორე ნომერში აქვეყნებს სასულიერო პირებთან ინტერვიუებსა და სტატიებს რელიგიური „სასწაულების შესახებ“. ამგვარი მასალები თითქმის ყოველ დღე გვხვდება ინტერნეტგამოცემა Geworld.ge-ზე.

დღევანდელ მედიაში რელიგიურ საკითხთა გაშუქების რამდენიმე თავისებურება გვხვდება. მედიასაშუალებების ნაწილს ლამის რუბრიკად აქვს ქცეული სასულიერო პირებთან ინტერვიუ, სასულიერო პირების ბრიფინგებისა თუ ქადაგებების გაშუქება, სადაც მოძღვრები - არა საკუთარი პროფესიით გათვალისწინებულ - არამედ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თემებს განიხილავენ.

მაგალითად, მოძღვარი ელიზბარ დეკანოიძე არერთხელ ყოფილა მიწვეული „პრაიმ ტაიმის“ და „კვირას“ პრესკლუბში, სადაც იგი ბაჩანა ახალიას, ვანო მერაბიშვილის საქმიანობას მიმოიხილავდა, მისი პრესკონფერენციები კი, უმალვე ხვდებოდა გაზეთების ფურცლებზე, ონლაინგამოცემების მთავარ გვერდებსა თუ ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებში.

ონლაინგამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ სასულიერო პირების ინტერვიურების რაოდენობით ნადვილად შთამბეჭადავია, ვის არ გადააწყდებით... აქ, სრული საეკლესიო იერარქიაა წარმოდგენილი: უბრალო მღვდლიდან მეუფეებამდე, თემები კი ძირითადად ერგვაროვანი და ალბათ, როგორც თავად ფიქრობენ, „ეროვნულია“. აბა, რა გადაარჩენს ქართველ ერს „ერთსქესიანთა ქორწინებისაგან“ ან „თურქთა წალეკვისაგან“, თუ არა სასულიერო პირების ინტერნეტით გავრცელებული მოსაზრებები, რომელებიც რბილად რომ ვთქვათ, ხშირად, სიძულვილის ენით, ქსენოფობიით, ჰომოფობიით არის გაჟღენთილი.

ამგვარ ინტერვიუებში არც თუ იშვიათად ისმის ხოლმე ანტიდასავლური რიტორიკაც. მაგალითად, „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში მოძღვარი ნიკოლოზ ჩხიკვაძე ამბობს, რომ თურმე, ლიბერალური ღირებულებები ქრისტიანობას ეწინააღმდეგება;

„ჟურნალისტი: თქვით, რომ ჩვენი არჩევანი არის არა ევროპა, არამედ მართლმადიდებლური ცხოვრების წესი. ეს ორი რამ ეწინააღმდეგება ერთმანეთს?

სასულიერო პირი: ეს ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებაა, მეტიც, ის ცხოვრების წესი, რომელსაც ე.წ. ლიბერალები თავს გვახვევენ, და მართლმადიდებლობა აბსოლუტურად საპირისპირო რამეა...“

როგორც წესი, ასეთი მედიასაშუაბები სასულიერო პირების რომანტიზებას ახდენენ, აკერპებენ მოკვდავ მოძღვრებს და ჩვენც, მკითხველებს გვაიძულებენ გვჯეროდეს და ვიზიარებდეთ მათ მოსაზრებებს. მათთვის თითქოს კრედოა - მამაომ ბრძანა და ამით ყველაფერი დასრულებულია.

მედიასაშუალებები, სასულიერო პირების მიმართ განსაკუთრებული მოწიწებით გამოირჩევიან, ზოგადად „თავხედი მედია“ ანაფორის წინაშე, თავსაფრიანი და კდემამოსილი ხდება. ალბათ, ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ რესპონდენტი მოძღვრების მოსაზრებები, რაოდენ აბსურდულიც არ უნდა იყოს - ყოველგვარი დაბალანსების, გადამოწმებისა და „ჩაკითხვის“ გარეშე ქვეყნდება.

ქართულ მედიაში რელიგიურ საკითხთა გაშუქების ხარისხი საგრძნობლად მოიკოჭლებს. ონლაინ და ტელე მედიის ობიექტივში ძირითადად ისეთი თემები ხვდება, როგორიცაა: წმინდა სინოდის სხდომა, საპატრიარქოს მხრიდან საქველმოქმედო მიზნებისთვის თანხის გადარიცხვა, პატრიარქის ქადაგებები. რელგიური თემატიკის სტატიები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ზედაპირული და ერთფეროვანია. პრაქტიკულად არ შუქდება, საქართველოში არსებული სხვა რელიგიური აღმსარებლობების საჭირობები და პრობლემები, მედიაში არ ისმის მათი მოსაზრებები სხვადასხბა რელევანტურ საკითხებზე. რელიგიური უმცირესობები მედიას მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა მათ რომელიმე დღესასწაულზე, თემს რომელიმე მაღალჩინოსანი, მაგალითად პრემიერი ეწვევა.
კატეგორია - ბლოგი
გამოგიტყდებით, ძალიან გამიჭირდა წერა 13 ივნისის ტრაგედიაზე, უკვე ერთ თვეზე მეტი გავიდა ამ ამბიდან და ვგრძნობ, რომ თავს ვარიდებ ფიქრს, ფოტოებს, რომელიც აქა-იქ ისევ გამოჩნდება ხოლმე სოციალურ მედიაში, ხოლო როცა კატასტროფის ზონაში გავლა მიწევს, მზერა სხვაგან გადამაქვს. არ ვიცი კიდევ რამდენი ადამიანია ჩემსავით. ამ მდგომარეობაზე ჩემი უცხოელი კოლეგის სიტყვები მახსენდება - გადატანილი ტრავმა ძალიან ჰგავს ადამიანის და მისი ჩრდილის „კავშირს“, რაც უფრო ცდილობ გაექცე შენსავე ჩრდილს მით უფრო იზრდება და „იწელება“ იგი, ხოლო რაც უფრო უახლოვდები - პატარავდება და ბოლოს ქრება კიდეც... ასევეა გადატანილ ტრავმასთან ჩვენი დამოკიდებულებაც, რაც უფრო თავს არიდებ, მით უფრო იზრდება მისი ზემოქმედება და ზიანი, ხოლო თუ გაბედავ და თვალს გაუსწორებ, შეგიძლია მოერიო კიდეც. ხშირად ამისთვის სპეციალისტის დახმარებაა საჭირო.

ჟურნალისტები კატასტროფაზე აღარ წერენ. ხელისუფლების მისამართით კი ხშირად ისმის საზოგადოების გულისწყრომა, დაზარალებულები თავს მიტოვებულად გრძნობენ, ამბობენ, რომ დაპირებები არ სრულდება, ამასწინათ Facebook -ის მომხმარებელმა ფოტო გადაიღო და გამოაქვეყნა ადგილი, სადაც წყალდიდიობის კვალი ჯერაც არავის „წაუშლია“.

კრიზისის პერიოდში საზოგადოების ცხოვრებას თავისებური დინამიკა აქვს, მეცნიერებმა ის რამდენიმე ეტაპად დაყვეს:

მოულოდნელად თავსდამტყდარი მოვლენა, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს განადგურებით ემუქრება პირველ ეტაპზე, ე. წ. ჰეროიკულ ფაზაში განსაკუთრებული ამოცანების წინაშე გვაყენებს - ამ დროს მთელი ძალისხმევა მიმართულია დამანგრეველი ეფექტების თავიდან აცილებაზე, გადარჩენაზე. ფაქტია, რომ სწორედ ამ მომენტში სამაშველო ოპერაციებს გადამწყვეტი როლი ენიჭებათ, მაგრამ რას უნდა აკეთებდეს მედია, რა ამოცანა დგას მის წინაშე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა თუ რა სჭირდებათ ადამიანებს სტიქიის ზონაში და მის გარეთ? პასუხი კი ასეთია: უსაფრთხოება, საკვები, წყალი, თავშესაფარი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ცხადია, მედიას არ შეუძლია ადამიანებს ეს საჭიროებები დაუკმაყოფილოს, თუმცა ერთადერთი ამოცანა რაც მის წინაშე დგას, ესაა აჩვენოს კატასტროფის რეალური სურათი, ადამიანებს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია - სადაა საფრთხე? იღებენ თუ არა სტიქიის ზონაში მყოფები საჭირო დახმარებას? მობილიზებულია თუ არა სამაშველო სამსახურები ? ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან ჟურნალისტი, რომელიც თვითონაც სტიქიის ზონაში მუშაობს, ერთდროულად რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას - მან უნდა იფიქროს ადამიანის საჭიროებების ჩვენებაზე, რომელიც სიცოცხლისათვის იბრძვის და ადამიანზე, რომელიც ამას ყველაფერს უყურებს პირდაპირ ეთერში. ამ დროს, სურათის დრამატიზებას, მაყურებლისთვის ე. წ. პარადოქსული სიამოვნების მინიჭებას ან პირიქით, შელამაზებას და შემსუბუქებას (იმ აზრით, რომ არ დათესო პანიკა მოსახლეობაში) სტიქიის მსგავსად, შესაძლოა დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა 2015 წლის 13 ივნისს ადამიანებს რომ არ სცოდნოდათ რამდენად მასშტაბურია წყალდიდობა სტიქიის ზონაში, ან 14 ივნისის დილას არ სცოდნოდათ ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების შესახებ, ან რა მოხდებოდა ვინმეს პირდაპირ ეთერში რომ ენახა როგორ მიაქვს წყალს მისი ახლობელი?

კრიზისის შემდეგი ეტაპია ე. წ. თაფლობისთვე (გრძელდება ერთი ან რამდენიმე კვირა) , როცა კატასტროფის შედეგად დაზარალებულები საზოგადოების, ჰუმანიტარული დახმარების სისტემების, სოციალურ სერვისების ყურადღებისს ცენტრში ექცევიან, როცა მთელი სამყარო მზადაა მათ დასახმარებლად და მხარდასაჭერად, რაც დაზარალებულებში და ზოგადად საზოგადოებაში, იმედის და რწმენის განცდების ატქუალიზებას იწვევს. საინტერესოდ წარიმართა ეს ეტაპი 13 ივნისის კატასტროფის შემდგომ - თბილისში გამოჩნდნენ მოხალისე ახალგაზრდები, რომლებმაც წარმოუდგენელი სოლიდარობა გამოხატეს, როგორც დაზარალებული ადამიანებისადმი, ასევე საკუთარი ქალაქისადმი.

რა ხდებოდა ამ დროს მედიაში, რომლის მთავარ ამოცანად ამ ეტაპზეც კვლავ უნდა დარჩეს სტიქიის შედეგების ზუსტი სურათის და საქველმოქმედო აქტივიზმის ჩვენება? ქართული ბეჭდური, სოციალური და ელექტრონული მედია მთლიანად შთანთქა ტრავმირებული ადამიანების ბუნებრივი აღდგენის პროცესში ამ ეტაპისათვის დამახასიათებელმა, წამყვანმა ემოციამ - ბრაზმა და ბრაზის ვექტორის სამიზნე გახდა ტრაგედიაში ბრალდებულის - დამნაშავის ძიება, რომელიც ხან ზარების გადამდნობი ჩვენი წინაპარი აღმოჩნდა, ხან ზოოპარკის დირექტორი, ხან წინა და ხანაც ახლანდელი მთავრობა, მედიამ ვერ/ ან არ გაუძლო ცდუნებას და პოლიტიკური დაპირისპირების ჭრილში გადაიტანა საზოგადოებაში მანიფესტირებული ბრაზის მუხტი, რაც კარგად გამოჩნდა იმ პერიოდის ტოქ -შოუებსა და საინფორმაციო გამოშვებებში, მედიამ ვერც პარადოქსული სიმოვნების ცდუნებას აარიდა თავი და სტიქიის შედეგად დაღუპულთა პირადი ისტორიებით, დაკრძალვისა და პანაშვიდის კადრებით, სტიქიის შემსწრე ადამიანებით, განსაკუთრებით ბავშვებით, მანიპულირება დაიწყო.

სტიქიის დროს 19 ადამიანი დაიღუპა, მედიამ კი თავისი ისტორიების გმირად 5 ულამაზესი ახალგაზრდა აირჩია, ისე, რომ დანარჩენ დაღუპულთა სახელები და გვარებიც კი არ ვიცით.

კრიზისის შემდეგი ფაზა, ე. წ. გულგატეხილობის ფაზა ყველაზე მძიმე და მწვავე ემოციების ფონზე მიმდინარეობს, ამ დროს დაზარალებული ადამიანები მთელი სიმძაფრით აცნობიერებენ დანაკარგს იმის პარალელურად, რომ ჰუმანიტარული მხარდაჭერის მუხტი იკლებს, რადგან ცხადია, ის ვერ იქნება მარადიული. მოხალისეთა აქტივობაც ეცემა და მაშინ, როცა საზოგადოება ჩვეული რიტმით აგრძელებს ცხოვრებას, დაზარალებულთა წინაშე იშლება მატერიალური თუ სულიერი პრობლემების მთელი სპექტრი, რომელთა დასაძლევად მათ შინაგანი რესურსები ხშირად არ გააჩნიათ. ეს არის პერიოდი, როდესაც სოციალური სერვისების, მხარდამჭერი ქსელის გაქტიურებას გადამწყვეტი როლი ეკისრება, მთავარი გამოწვევა არის, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ იმედი, არ შეწყვიტონ ფუნქციონირება, არ მოხდეს მათი ვიქტიმიზაცია.

დღეს ჩვენ კრიზისის ამ ეტაპს გავდივართ და მედიაში სულ უფრო იშვიათია მასალები, სადაც ჩანს დაზარალებულთა მდგომარეობა, ბევრი კითხვაა - სად არიან ისინი დღეს? რა რესურსები გამოიძებნა მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად? როგორ მიდის აღდგენითი სამუშაოები? როგორია მთავრობის, ადგილობრივი და უცხოელი დონორების მხარდაჭერა დაზარალებულებისადმი? რა დაპირებები შესრულდა? რა არ შესრულდა? და ა. შ. სამწუხაროდ, დღეს მედია ვერ ასრულებს ამოცანას საზოგადოებასთან ერთად აკონტროლოს, როგორ ხარჯავს მთავრობა საბიუჯეტო სახსრებს სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, დაზარალებულთა დასახმარებლად და როგორ მუშაობენ სოციალური სამსახურები.

სწორედ ახლაა დრო დისკუსიისათვის, ანალიზისათვის, შეფასებისათვის, ჟურნალისტური გამოძიებისათვის, დღეს შეიძლება გაეცეს რაციონალური პასუხი, შეკითხვას - შეგვეძლო ტრაგედიის თავიდან აცილება? სამწუხაროდ, ეს თემა დღევანდელი მედიისათვის არააქტუალური და მოძველებულია, შეიძლება მარკეტინგულად არამომგებიანიც.

სამწუხაროდ, მედია არ არის ჩვენი საზოგადოების საიმედო პარტნიორი.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გადავლახავთ და აუცილებლად დავინახავთ სინათლეს გვირაბის ბოლოს, რადგან სადაც ტკივილია - იქ არის მისი ატანის ძალა და სიმამაცე.