"იმედის სიუჟეტი"
12 მაისს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“ მალხაზ
მაჩალიკაშვილის შესახებ გავიდა სიუჟეტი სათაურით „ტერორიზმი თუ შურისძიების სურვილი -
რას გეგმავდა და რას ედავებიან მალხაზ მაჩალიკაშვილს“. მასალას
წინ უძღოდა 7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ
გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, თითქოს მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ
აქტს გეგმავდა. “იმედის” სიუჟეტში გამოყენებული კადრებით,
საარქივო მასალებითა და ჟურნალისტის ტექსტით მალხაზ მაჩალიკაშვილი
წარმოჩენილი იყო როგორც პოტენციური ტერორისტი და რეალური საფრთხე
საზოგადოებისთვის.
სიუჟეტი დაიწყო 2018 წლის 31 მაისს, პარლამენტის შენობის წინ
მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით
(რომელსაც იგი ემოციურს უწოდებს), სადაც იგი ამბობდა, რომ სუს-ში
თავის აფეთქება ჰქონდა განზრახული. ამგვარი, ემოციური განცხადებები
მასალის ავტორმა მაყურებელს არაერთხელ შესთავაზა.
გარდა ამისა, სიუჟეტის ავტორი ხშირად იყენებდა ისეთ სიტყვებსა და
ფრაზებს, როგორიცაა: ფაქტია, გასაკვირი არ არის, უცნაურია - რაც
მაყურებელს უქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ის ინფორმაცია, რასაც
ჟურნალისტი ამგვარ სიტყვებით აღწერდა, უკვე დამდგარი, ან
დადასტურებული ფაქტი იყო.
„მალხაზ მაჩალიკაშვილის ემოციური მდგომარეობა რომ ხშირად უკონტროლოა,
ეს ბევრჯერ ნახეთ. თუმცა, არც ესაა გასაკვირი. ერთ წელზე მეტია,
შვილის გარდაცვალების გამო, პასუხს ითხოვს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ
ემოციიდან დანაშაულამდე იმაზე ვართ დამოკიდებული, გააკონტროლებს თუ
არა საკუთარ საკუთარ სურვილებს, ან შეუშლის თუ არა ხელს მას
სახელმწიფო უსაფრთხოება დანაშაულებრივი განზრახვების აღსრულებაში”, -
ამბობს ჟურნალისტი და სიუჟეტის მიმდინარეობისას მაყურებელს კიდევ
არაერთხელ ახსენებს, რომ ადამიანების უსაფრთხოება მაჩალიკაშვილის
ემოციურ მდგომარეობასა და თვითკონტროლის უნარზეა დამოკიდებული.
მაგალითად, „რთულია განცდა, დამოკიდებული იყო იმაზე, როდის ვეღარ
მოერევა თავს ამ განცხადებების ავტორი, როცა ღიად საუბრობს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურში თავის აფეთქებასა და კონკრეტული ადამიანების
განადგურებაზე“.
ამავე მასალაში ავტორი ამბობს, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის
სოფელ ზემო მაჩხაანში სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის
მამის საფლავი დანაშაულისთვის საკმაოდ მოსახერხებელ ადგილასაა, რაც
ასევე ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დანაშაული ნამდვილად იგეგმებოდა.
ადგილის შესაბამისობას იგი მხოლოდ ტყის სიახლოვით ხსნის, თუმცა, ვინ
ან რა ადასტურებს ამას, მასალაში არ ჩანს.
სიუჟეტის დასასრულს ჟურნალისტი ისევ მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ
სუს-ის დამსახურებით, ქვეყანა ტერორისტულ აქტებსა და საერთაშორისო
დონეზე სახიფათო ქვეყნის სტატუსს გადაურჩა.
თემირლან მაჩალიკაშვილის და მისი ოჯახის ტერორისტულ დაჯგუფებასთან
კავშირის შესახებ მაყურებელმა მოისმინა მხოლოდ გამოძიების
ვერსია და მაჩალიკაშვილის საწინააღმდეგოდ საქმეში არსებული
მტკიცებულებები - დნმ-ის კვალი ხელყუმბარაზე, სატელეფონო ანძების
ამონაწერი, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმოწერა უცნობთან და
ვიდეოკადრები, რომლებიც მის ჩატაევთან კავშირზე და მისი მხრიდან
ტერორისტული დაჯგუფების მხარდაჭერაზე ამცნობდა მაყურებელს. ასევე,
ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილა მაჩალიკაშვილისა და ჩატაევის
ოჯახების ნათესაურ კავშირზეც .
თემირლან მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ გაცხადებულ მძიმე
ბრალდებებზე (კავშირი ტერორისტებთან), მაყურებელმა ოჯახისა და
ადვოკატისგან პასუხი ვერ მოისმინა. ისინი მხოლოდ იმ ნაწილში სცემდნენ
კითხვებს პასუხს, არის თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტული
აქტის ჩამდენი (ოჯახთან დაკავშირებული ბოლო ბრალდება).
მასალაში არ იყო წარმოდგენილი დამოუკიდებელი იურისტი და ანც სხვა
კომპეტენტური რესპონდენტი, რომელიც მაყურებელს მიაწვდიდა
არგუმენტირებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რეალურად შეიცავდა თუ არა
ტერორისტული აქტის ორგანიზების ნიშნებს სუს-ის მიერ გამოქვეყნებული
ჩანაწერი და რეალურად არის თუ არა საზოგადოებისთვის საფრთხე მალხაზ
მაჩალიკაშვილი, რა შთაბეჭდილებაც სიუჟეტმა დატოვა.
24 თებერვალს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ისა” და “იმედის” კვირის
გადაცემებში, ერთი-ერთი მთავარი თემა, გასული წლის ივლისში, ხადას
ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის მალხაზ კობაურის
საქმეს ეხებოდა. ორივე არხმა კვირის შემაჯამებელი ანალიტიკური
გადაცემა აღნიშნული თემით დაიწყო. რუსთავი 2-მა საკითხს თითქმის 20,
იმედმა კი - დაახლოებით 11 წუთი დაუთმო. თითქმის იდენტური იყო ორივე
არხის მიერ სიუჟეტისთვის შერჩეული სათაურიც. “რუსთავი 2-მა” ამბავი
“მკვლელობის აღიარებად” დაასათაურა, “იმედმა” კი მასალას ასეთი სახელწოდება შეურჩია - “მალხაზ
კობაურის აღიარებითი ჩვენება და საგამოძიებო ექსპერტიზის ამსახველი
ფოტომასალა”.
სიუჟეტების სახელწოდებიდან გამომდინარე, არც მასალის სულისკვეთება და
პათოსია რთულად გამოსაცნობი - “სასამართლოს განაჩენის გარეშე,
ფაქტობრივად, დამნაშავედ შერაცხული კობაური” - მსგავსი შინაარსის
ქვეტექსტი იკითხებოდა თემაზე ორივე მაუწყებლის მიერ მომზადებულ
მასალაში.
იგივე დამოკიდებულება ჩანდა წამყვანების ტექსტებშიც:
გიორგი გაბუნია, "რუსთავი 2": “მარტის პირველი
რიცხვებიდან სასამართლო ყველაზე სასტიკი დანაშულის საქმის განხილვას
იწყებს. ერთ დღეში გამქრალი სმიტების ოჯახი, მცირეწლოვანი ბავშვი,
მისი დედა და მამა. ისინი სასტიკად ჩახოცეს ხადას ხეობაში. თქვენ ახლა
ნახავთ კადრებს, რომლებიც აქამდე არასდროს გინახავთ, თქვენ პირველად
მოისმენთ როგორ აღიარებს მკვლელობას საქმის მთავარი ბრალდებული, ის
საკუთარი პირით ყვება რა მოხდა იმ დღე, როგორ შეხვდა მთაში ჩასულ
ამერიკელებს, როგორ დაიწყო მათ შორის კონფლიქტი, როგორ მოკლა მამა და
შემდეგ ატირებული ბავშვი. თუმცა, ის არაფერს ამბობს ბავშვის დედაზე,
ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ ქალიც მოკლულია და თანაც, სწორედ
ბრალდებულის მიერ, სავარაუდოდ, გაუპატიურებული”.
ირაკლი ჩიხლაძე, "იმედი": “გადაცემას ვიწყებ
სმიტების მკვლელობის საქმის მთავარი დეტალებით, რომელიც ჩვენ ერთი
თვის წინ, ექსკლუზიურად მხოლოდ წერილობითი დოკუმენტებით გიჩვენეთ.
დღეს კი ნახავთ იმ ფოტოკადრებს, რაც საქმის მასალებში იყო. ახლა
შესაძლებლობა გაქვთ პირველად მოუსმინოთ ბრალდებულის აღიარებითი
ჩვენების ვიდეოჩანაწერს, რომლის შემდეგაც მან საგამოძიებო
ექსპერიმენტში მიიღო მონაწიელობა და სამართალდამცავებს დანაშაულის
ადგილი და ბავშვის ცხედარი აჩვენა”.
♦ რა გავიგეთ
“რუსთავი 2-ის” სიუჟეტიდან
წამყვანის ტექსტის შემდეგ, სიუჟეტის დაწყებამდე სტუდიაში
მასალის ავტორი შემოდის, რომელიც მაყურებელს საქმეზე პროკურატურის
პოზიციას აცნობს. ჟურნალისტი განმარტავს, რომ საგამოძიებო უწყების
ვერსიით, დანაშაულის ჩადენის მოტივი სექსუალური იყო, ქალის
გაუპატიურების მიზნით, კობაურმა მამა-შვილი რაიან და ქალებ სმიტები
დაახლოებით 500 მეტრის იქით გაიტყუა და დახოცა, შემდეგ ლორა სმიტთან
დაბრუნდა, გააუპატიურა და წყალში დაახრჩო.
ამის შემდეგ, წამყვანი ჟურნალისტთან აზუსტებს, შესაძლებელი იყო თუ არა
კობაურს სამი გასროლა ისე განეხორციელებინა, რომ ქალს ხმა არ გაეგო.
აღნიშნულზე ჟურნალისტი მიუთითებს, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებული
ექსპერიმენტის მიხედვით, იმავე პრინციპით განლაგებულმა ადამიანებმა
საცდელად გასროლილი 12 ტყვიიდან ვერცერთი გასროლის ხმა ვერ გაიგეს,
რაც ჩანჩქერის ხმაურით აიხსნება.
პროკურატურის ვერსიის შემდეგ, მასალის ავტორი მაყურებელს უკვე დაცვის
მხარის ვერსიას სთავაზობს და ამბობს, რომ დავის მხარის მტკიცებით,
ქალის გაუპატიურების კვალი არ არსებობს: “თუმცა, ფაქტია რომ არსებობს
გენეტიკური მასალა, რომელიც კობაურს ეკუთვნის და აღმოაჩინეს ლორა
სმიტის სხეულში”.
ჟურნალისტი ბრალდებულის მიერ ჩვენების პირველადი ვერსიის შეცვლის
შესახებაც საუბრობს, რომლის მიხედვითაც კობაურს სმიტების ოჯახის
არცერთი წევრის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს.
მასალის ავტორისგან მკვლელობის საქმის დაცვის მხარისეული ვერსიის
მოსმენის შემდეგ, წამყვანი მის პირად შეფასებას გვთავაზობს და ამბობს:
“ამ მომენტისთვის, რაც შენგან მოვისმინე, პროკურატურის ვერსია უფრო
რეალისტურად ჟღერს, ვიდრე დაცვის ვერსია. არ ვიცი, რა თქმა უნდა, მე
ვერ ვიმსჯელებ სინამდვილეში რა მოხდა”, - რაც თავის მხრივ, საქმესთან
მიმართებით, მაყურებელში წინასწარ განწყობებს უკვე აყალიბებს და
საქმეზე ჯერ არდამდგარი განაჩენის მიუხედავად, ბრალდებულს მართალია
არაოფიციალურად, მაგრამ უკვე დამნაშავის სტატუსს ანიჭებს.
კობაურის საქმეზე “რუსთავი 2-ის” მიერ მომზადებული სიუჟეტიდან
შევიტყეთ, რომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის უსასტიკეს მკვლელობაში
ეჭვმიტანილი მწყემსი პოლიციაში მისი დაკითხვის დაწყებიდან დაახლოებით
12 წუთში, ემოციებს ვეღარ იკავებს და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,
თუმცა საკუთარ საქციელს ნანობს.
“კობაურს სანანებელი ბევრი და ძალიან დიდხანს ექნება, თუ ისტორია,
რომელსაც ის პოლიციელს უყვება, მის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით
ჩადენილი დანაშაულის მართლაც გულწრფელი აღიარებაა და არა ზეწოლის
შედეგად მოპოვებული ჩვენება, როგორადაც ეს ვიდეომასალა მის ადვოკატს
მიაჩნია”, - აზუსტებს ჟურნალისტი.
სიუჟეტში ასევე მოცემულია ბრალდებისა და დაცვის მხარის პოზიციები და
მათი არგუმენტები. ნაჩვენებია მალხაზ კობაურის პირველი დაკითხვის
ვიდეოფრაგმენტები, სადაც ის ჩადენილ დანაშაულს იხსენებს და
გამომძიებელს მომხდარის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის.
სიუჟეტში ყურადღება ისეთ ინტიმურ ასპექტებზეც არის გამახვილებული,
რასაც დამატებითი ინფორმაციული ღირებულება არ აქვს, მათი დეტალიზებული
გადმოცემა კი კონკრეტული პირის/პირების პირადი სივრცისა და ცხოვრების
თავისუფლებას არღვევს.
♦ რა გავიგეთ
"იმედის" სიუჟეტიდან
თითქმის იდენტური დამოკუდებულება და შინაარსი იკითხება სმიტების
ოჯახის მკვლელობის საქმეზე ტელეკომპანია “იმედის” მიერ მომზადებული
მასალიდან.
ჟურნალისტი გვაცნობს, რომ კობაური გამოძების პროცესში რამდენჯერმე
გამოიკითხა, პირველადი დაკითხვის ამსახველ ვიდეოკადრებში, ის
სამართალდამცველებს აღიარებით ჩვენებას აძლევს და ამბობს, რომ მან
“ორი ადამიანი მოკლა - მამა-შვილი”.
ჟურნალისტი შეფასებებში გადადის და ამბობს, რომ “კობაური ამ ჩვენების
ერთ ნაწილში, ერთ ფრაგმენტში იტყუება, მეუღლის და შვილის მკვლელობა
ლორა სმიტს არ უნახავს, ლორა სმიტი მეუღლეს და შვილს ჩანჩქერზე არ
გაყოლია, შესაბამისად, ის ვერ დაინახავდა სროლის მომენტს. კობაური
ცრუობს როცა აცხადებს, რომ ქალი გაიქცა და რეაქცია არ ჰქონია შვილის
მკვლელობაზე”.
ჟურნალისტი მაყურებელს საქმეში დაცული ფოტომასალის შესახებაც უყვება,
რომელიც უშუალოდ სმიტების მიერ არის გადაღებული და რომელზეც კობაური
სანადირო თოფით ჩანს.
“ამ ფოტოებით დასტურდება, რომ კობაური მარტო მოქმედებდა, მას არ
ჰყავდა თანამზრახველი, და შესაბამისად, მკვლელობაც მარტო ჩაიდინა.
გამოძიებით მოპოვებული ყველა მტკიცებულებით დასტურდება, რომ იმ
ტერიტორიაზე სადაც მკვლელობა მოხდა, სხვა უცხო პირი არ ყოფილა”, -
განმარტავს ის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მსჯელობა “რუსთავი 2”-ის
მიერ მომზადებულ მასალაშიც იყო განვითარებული.
“რუსთავი 2-ის” მსგავსად, “იმედის” სიუჟეტშიც ასევე მოცემულია
ფარგმენტები ბრალდებული კობაურის პირველადი ჩვენებიდან, რომლის
მიცედვითაც ის მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ყვება. ასევე
ბრალდებისა და დაცვის მხარის საპირისპირო პოზიციები, ინტიმური
მომენტების ნაკლები დეტალიზებისა და ზედმეტი ინფორმაციის გარეშე.
თუმცა, საბოლოო ჯამში, ბრალდებულის მიმართ წინასწარი გაწყობების
შექმნისა და ბრალდების მხარის პოზიციის დაცვის ქვეტექსტი აქაც ჭარბად
იგრძნობა.
♦
რეზიუმე
საკითხის აქტუალობისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან
გამომდინარე, თემისადმი მედიის ინტერესი და მისი გაცოცხლება, სრულიად
ლოგიკური და აბსოლუტურად გასაგებია. თუმცა, მასალის იმგვარი ფოკუსით
მომზადება, სადაც ერთი მხარის პოზიციის ცალსახა დაცვის მცდელობა და
ამავრდოულად, სასამართლო განაჩენის დადგომამადე, ბრალდებული პირისთვის
უკვე დამნაშავის სტატუსის მორგების ქვეტექტი იკითხება, ეთიკური
ჟურნალისტიკის სტანდარტებს სცდება.
ამასთან, ნებისმიერი მასალა კონკრეტული თემის შესახებ გარკვეული
სიახლის მატარებელი უნდა იყოს, რაც ამ შემთხვევაში ვერცერთი ზემოთ
განხილული სიუჟეტიდან ვნახეთ. ამასთან, კონკრეტული მაუწყებლის მხრიდან
ისეთი ინტიმური დეტალების გასაჯაროებაც მოხდა, რაც ადამიანის პირად
სივრცეში შეჭრაა და სხვა არაფერი.
როგორც ცნობილია, სმიტების მკვლელობის საქმეზე გორის რაიონული
სასამართლო განხილვას მარტის დასაწყისიდან შეუდგება. საქმეზე საბოლოო
გააჩენს 12 ნაფიცი მსაჯული გამოიტანს. ბრალის დამტკიცების
შემთხვევაში, მალხაზ კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა
ემუქრება.
იქამდე კი, სანამ სასამართლო ოფიციალურ ვერდიქტს გამოცხადებს,
ნებისმიერ ბრალდებულს უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს, რომლის
მიხედვითაც - “თითოეული ადამიანი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის
სამართლის დანაშაულის ჩადენა, უდანაშაულოდაა მიჩნეული მანამ, სანამ
მისი დანაშაული არ დამტკიცდება ღია სასამართლო პროცესზე ბრალდებულის
დაცვისათვის აუცილებელი კანონით გათვალისწინებული ყველა საპროცესო
გარანტიის დაცვით”.