კატეგორია: ბლოგი
ამას წინათ ამერიკულ ჟურნალ Wired-ზე ერთ საინტერესო სტატიას წავაწყდი, რომელმაც საქართველოს კონტექსტში აქტუალურ რამდენიმე საჭირბოროტო საკითხზე დამაფიქრა. სტატიაში აღწერილია სოციალური ქსელების იმ ამერიკელი მომხმარებლების გასაჭირი, რომლებსაც აღარ იზიდავთ ონლაინ ცხოვრება, მაგრამ ვეღარც მის ალტერნატივას პოულობენ.

ზემოთაღნიშნული პრობლემა განსაკუთრებულად მწვავედ იმ თაობას უდგას, რომლის თინეიჯერობაც 2000-იან წლებში სოციალური ქსელების აღმასვლას დაემთხვა. დიდი ხნის განმავლბოაში, ამ თაობისთვის ვირტუალური საჯარო სივრცე ემანსიპაციის, მონაწილეობითი დემოკრატიისა და თვითგამოხატვის იდეალებს გამოხატავდა. სამწუხაროდ, ეს იმედები უკვე ბევრს გაუცრუვდა.

ამ იმედგაცრუების გააზრება, ცხადია, 2023 წელს არ დაწყებულა. ინტერნეტის პოლიტიკური და სოციალური როლის გადაფასების ერთ-ერთი პიონერი ბელარუსული წარმოშობის ამერიკელი მკვლევარი, ევგენი მოროზოვი იყო, რომელმაც 2012 წელს ეს ფენომენი შესანიშნავად აღწერა თავის გახმაურებულ წიგნში „ნეტით გაუცხოება“.

მახსოვს, როდესაც დაახლოებით ათი წლის წინ, მოროზოვის წიგნი წავიკითხე, პირველად დავალაგე თავში ის ნეგატიური ემოციები, რაც ინტერნეტ სამყაროს მიმართ თანდათანობით მიჩნდებოდა. თუმცა დღევანდელი პერსპექტივიდან რომ ვუყურებ, ამ ემოციების დიდი ნაწილი იმით იყო გამოწვეული, რომ იქამდე მეც (ისევე, როგორც ბევრი სხვა აქტივისტი) ზედმეტად დიდ იმედებს ვამყარებდი ინტერნეტის პოლიტიკურ პოტენციალზე.

2023 წლისთვის უკვე დღესავით ნათელია, რომ დეზინფომაციის, ტროლ-ბოტებისა და პოლარიზაციის ეპოქაში სოციალური ქსელები თავისუფალი განსჯის არენად ვერ გამოდგება. თუმცა როგორც Wired-ის სტატიის ავტორი მართებულად აღნიშნავს, გასაქცევი ადგილის პოვნაც ადვილი საქმე არაა.

ვფიქრობ, გამოსავალი, მინიმუმ, ორი მიმართულებით შეგვიძლია ვეძებოთ. პირველ რიგში, სიმბოლურ დონეზე მაინც, უნდა შევამციროთ სოციალური მედიის მნიშვნელობა პოლიტიკურ პროცესებში. როგორც „მედია ჩეკერზე“ გამოქვენებულ ჩემს პირველ ბლოგში ვწერდი, ცეცხლის ბოლომდე გაკეთილშობილება შეუძლებელია - ის წვავს და ანადგურებს; თუმცა ამავე დროს, ცეცხლის კაცობრიობისთვის სასიკეთო საქმეებისთვის გამოყენებამ არნახულ ტექნოლოგიურ პროგრესამდე მიგვიყვანა. ამის მსგავსად, სოციალურმა ქსელებმაც შეიძლება მოგვიტანოს სიკეთე, თუკი მათ მიმართ მოლოდინებს შევამცირებთ და მხოლოდ საჭიროებების მიხედვით გამოვიყენებთ.

მეორე და ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშნვნელობა გამოსავალი ის არის, რომ ნაწილობრივ მაინც უნდა დავიბრუნოთ საჯარო სივრცის ის იდეა, რომელიც ვირტუალური სამყაროს აღზევების შედეგად დავკარგეთ. ერთი მხრივ, ტრადიციული გაგებით, საჯარო სივრცე გულისხმობს ბეჭდურ და ელექტრონულ მედიას, რომლებიც ფაქტებზე დაფუძნებულ, არგუმენტირებულ მსჯელობას უნდა ახალისებდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი მედია უფრო მეტად არის ორიენტირებული ხარისხზე (ფეისბუქის „ინფლუენსერებთან“ შედარებით), მას შეუძლია ხელი შეუწყოს თვისებრივად ახალი, გარდამტეხი იდეების წარმოშობასა და გავრცელებას.

ახალი და რევოლუციური იდეები ხშირად არ არის პოპულარული. ისინი ფეისბუქზე ათასობით „ლაიქსა“ და გაზიარებას ვერ მოიპოვებენ ხოლმე. სოციალური ქსელების ალგორითმებიც არამეინსტრიმულ მოსაზრებებს შედარებით ნაკლებად სწყალობენ, ვიდრე ადამიანები, რომლებსაც რაციონალურად განსჯის უნარი აქვთ. იდეალურ ვარიანტში, პროფესიონალური მედია სწორედ რევოლუციურ, ახალი იდეებს უნდა ეძებდეს და მათი გავრცელებით საგანმანათლებლო ფუნქციას ითავსებდეს.

პროფესიონალური მედიის გაძლიერების გარდა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონე ვიხმაროთ იმისთვის, თუ საჯარო სივრცეს დავუბრუნოთ თავისი კუთვნილი როლი. როგორც გერმანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი, იურგენ ჰაბერმასი თავის მონუმენტურ ნაშრომში “საჯარო სივრცის ტრანსფორმაცია“  აღწერს, ევროპაში ლიბერალიზმის იდეები მე-17 და მე-18 საუკუნეებში ისეთი საჯარო თავშეყრის ადგილებში შეიქმნა, როგორებიც იყო ყავის სახლები და სალონები. ციფრულ ეპოქაში ფიზიკური სივრცის, როგორც საჯარო განსჯის არენის, მნიშვნელობა, ცალსახად, დაკნინებულია.

ფიზიკური თავშეყრის ადგილებისთვის ძველი დიდების დასაბრუნებლად, ხაზი უნდა გავუსვათ მათ დადებით მხარეებს. მაგალითად, მატერიალურ რეალობაში, ვირტუალურისგან განსხვავებით, შესაძლებელია სხვა ადამიანების ემოციებთან სრულფასოვნად დაკავშირება (სიხარულის, მწუხარების და ა.შ. გაზიარება), ადამიანების მიმიკებისა და ჟესტების უკეთ ინტერპრეტირება (ემოტიკონებისა და სმაილიკების ინტერპრეტირებაზე ტვინის ჭყლეტის ნაცვლად) და რეალური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა (ფეისბუქზე ფუჭი და არაფრისმომცემი განცხადებების გაკეთების საპირისპიროდ).

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ყველაზე რთული რეალობასთან დაბრუნება იმ თაობისთვის იქნება, ვისაც ვირტუალური სივრცე ემანსიპაციისა და დემოკრატიზაციის მიღწევის არენად ესახებოდა. თუმცა ვფიქრობ, რომ ციფრული სამყაროს გადაფასების მოძრაობის წინა რიგებში სწორედ ეს ადამიანები უნდა იყვნენ.
კატეგორია: ბლოგი
დებატებში, რომლებიც პოლარიზებულ საზოგადოებებში წარმოებს, კომპლექსურობის დაკარგვის რისკი ყოველთვის არსებობს. როდესაც საზოგადოება ორ, სამ ან მეტ ნაწილად არის გახლეჩილი და რადიკალიზირებული, სიმართლის თქმა პრიორიტეტულობას კარგავს. ამ დროს უფრო მნიშვნელოვანი ის ხდება, თუ ვინ ვის მხარესაა.

აღნიშნული პრობლემა ძალიან მკვეთრად გამოჩნდა საერთაშორისო, ავტორიტეტულ მედიასა და საჯარო სივრცეში, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის განახლების ფონზე. ამ საკითხზე მთელი მსოფლიო გადაჯგუფდა ბანაკებად და განსაკუთრებით, ჰამასის ტერორისტული თავდასხმის პირველ დღეებში, ყველა ცდილობდა, რომ თავისი სიმართლე კომპლექსურობისა და ნიუანსების იგნორირების ხარჯზე დაეცვა.

ჩემთვის, ამ პერიოდში, განსაკუთრებით შვებისმომგვრელი იყო CNN-ის წამყვანის, კრისტიან ამანპურის ინტერვიუ ისრაელელ ისტორიკოსისთან და საჯარო ინტელექტუალთან, იუვალ ნოე ჰარარისთან. ამ ინტერვიუში, ისრაელის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მომენტში, როგორც წამყვანი, ისე რესპონდენტი ცდილობენ, რომ ისაუბრონ იმაზე, თუ რატომ გვჭირდება კომპლექსური აზროვნება.

ინტერვიუს ერთ-ერთი მომენტში, ამანპური ჰარარის შემდეგ კითხვას უსვამს:

„თქვენი მთელი კარიერა და ინტელექტუალიზმი დაფუძნებულია კომპლექსურ აზროვნებაზე. გვაქვს თუ არა აქ სახეზე მორალური ლაბირინთი? არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ორი სხვადასხვა აზრი გვქონდეს ერთსა და იმავე მომენტში? მაგალითად, პირველი ის, რომ [ჰამასის მიერ განხორციელებული] ხოცვა-ჟლეტა ყველაზე უარესია, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო და მეორე, რომ ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს უფლებები და ღირსება, მათ შორის, პალესტინელ ხალხს. ბუნებრივია, მე არ ვსაუბრობ ჰამასზე, არამედ ვსაუბრობ პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებზე, რომლებიც 75 წელი გრძელდება - მათ შორის, 56 წელი ოკუპაციის პირობებში.“

ჰარარი, რა თქმა უნდა, ეთანხმება იმას, რომ შესაძლებელია, მინიმუმ, ორი სხვადასხვა აზრის ერთდროულად ქონა. ის, ასევე, ხაზს უსვამს იმასაც, რომ რომ შესაძლებელია, დაუშვა, რომ შეიძლება იყო „მსხვერპლი და მოძალადე ერთდროულად“. თუმცა ჰარარი იქვე ამატებს, რომ ფსიქოლოგიურად, კონფლიქტში ჩართული ადამიანებისთვის ამის გაკეთება ძალიან ძნელია.

კომპლექსურობის დანახვა ზოგჯერ რთულია კონფლიქტიდან ასობით კილომეტრით დაშორებული ადამიანებისთვისაც - მათ შორის, ყველაზე ავტორიტეტული შემფასებლებისთვისაც კი. ამისი კარგი მაგალითია წამყვანი ამერიკული გამოცემის, „ნიუ-იორკ ტაიმსის“ შეცდომა, ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით.

23 ოქტომბერს, „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ გამოაქვეყნა სარედაქციო სვეტი, რომელშიც აღიარა, რომ გაზეთი ზედმეტად დაეყრდნო „ჰამასის“ განცხადებებს იმის გადმოსაცემად, თუ ვის შეიძლებოდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა ღაზის სექტორში მდებარე საავადმყოფოს დაბომბვაზე.  გაზეთის განცხადებით, „ნიუ-იორკ ტაიმსის“ რედაქტორებს უფრო მეტად გაესვათ ხაზით იმისთვის, თუ რა ინფორმაცია ექვემდებარებოდა გადამოწმებას.

თუ ყველაზე დაძაბულ მომენტში ასეთი შეცდომა ყველაზე პროფესიონალურ და გაწონასწორებულ მედიასაც კი შეიძლება მოუვიდეს, ადვილი წარმოსადგენია, თუ ფსიქოლოგიურად რამდენად რთულია რიგითი მოქალაქეებისთვის (რომელთა ნაწილიც სოციალური ქსელების ტოქსიკურ გარემოში გამოთქვამს აზრს) საკუთარი თავისგან დისტანცირება და ცივი გონებით განსჯა.

არადა, კონფლიქტების დიდი ნაწილის გრძელვადიანი გადაჭრა მოითხოვს კომპლექსურ აზროვნებასა და ნიუანსების გარკვევას. სხვა შემთხვევაში, სისხლიანი თუ უსისხლო დაპირისპირებების დეტალების იგნორირებით, ლეგიტიმაციას მივცემთ ძალადობის ჩაკეტილ წრეს, რომელიც არასდროს დასრულდება.

ამანპურისა და ჰარარის დიალოგი, პირველ რიგში, იმას გვაჩვენებს, რომ ყველაზე დაძაბულ მომენტშიც კი როგორც მედიას, ისე სხვადასხვა დარგის ექსპერტებს შეუძლით გადამწყვეტი როლი ითამაშონ საზოგადოებების გამოსაფხიზლებლად. ასეთ პერიოდებში, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე აგენტებმა, იმის ნაცვლად, რომ ცეცხლზე ნავთი დაასხან და რთული პოლიტიკური გამოწვევები კიდევ უფრო გაამარტივონ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ სხვადასხვა ტიპის მოსაზრებებისა და მორალური მტკიცებების ერთმანეთისგან განცალკევებას.

ამავე დროს, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კომპლექსურობა მორალურ რელატივიზმს არ გულისხმობს. მაგალითად, ტერორიზმი ერთმნიშნველოვნად და უპირობოდ ბოროტებაა და ჰამასის ნებისმიერი ფორმით გაიგივება პალესტინელების ლეგიტიმურ ინტერესებთან და მისწრაფებებთან ცალსახად არასწორია.

მორალური ბუნდოვანების შემოტანის საპირისპიროდ, კომპლექსური აზროვნების მიზანი საკითხების დახარისხება და კრიტიკული განსჯის წახალისებაა. იქამდე, სანამ ადამიანებს ამის გაკეთების უნარი შეგვწევს, ყოველთვის უნდა დავიტოვოთ იმის იმედი, რომ სამართლიანობა და მშვიდობიანი თანაცხოვრება ჩვენს პლანეტაზე მიღწევადი იქნება.
კატეგორია: ბლოგი
„მთავარი“ არხის დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ ამავე არხის გადაცემაში „შენი შუადღე“ რამდენიმე სკანდალური და ამავე დროს, ბუნდოვანი განცხადება გააკეთა. მან, ძირითადად, ისაუბრა იმ ზეწოლაზე, რასაც ყველაზე პოპულარული ოპოზიციური არხის დირექტორი (სავარაუდოდ, ხელისუფლების?) „მაღალი ეშელონებიდან“ და საკუთარი „მეგობრებისგან“ განიცდიდა.

ამავე დროს, გაბუნიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აქამდე, აუდიტორიის თვალში, „მთავარი არხი“ ასოცირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თუმცა მისი მტკიცებით, ახლა აღარ არსებობს იმის მიზეზი, რომ ეს არხი ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიასთან გავაიგივოთ.

ამ დებატებში ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სწორედ ეს უკანასკნელი საკითხი იყო. საკითხავია, თუ რა შეიძლება განაპირობებდეს ოპოზიციური ტელეარხის ესეთ მჭიდრო ასოცირებას პარტიასთან და რა ობიექტური წინაპირობები უნდა არსებობდეს ამ კავშირის მოსასპობად. ამ სტატიაში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებ.

ვფიქრობ, საქართველოს კონტექსტში მიზეზი, რატომაც ოპოზიციური არხიც კი შეიძლება ასოცირდებოდეს კონკრეტულ პარტიასთან, ძირითადად, ორია. ქვემოთ, თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე ვისაუბრებ.

პირველი მიზეზი მაყურებლებს შორის არსებული პოლარიზაციაა. ტელეარხები არა მხოლოდ ქმნიან პოლიტიკურ განწყობებს, არამედ ისინი ცდილობენ, რომ მინიმალურად დონეზე მაინც დააკმაყოფილონ მაყურებლების პრეფერენციები. ამ აზრით, ისინი ჰგვავან პოლიტიკოსებს, რომლებსაც ამომრჩეველთა ხმების მოზიდვა აქვთ მიზნად. „მთავარი არხი“, ბუნებრივია, რომ ცდილობს შეინარჩუნოს თავისი მაყურებელი და ამისათვის მას უწევს გარკვეული პოლიტიკური პოზიციების დაკავება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მხოლოდ ნაწილობრივ სწორია ნიკა გვარამიას ვარაუდი, რომ „მთავარი არხი“ კი არ იყო აქამდე რომელიმე პარტიის გაგრძელება, არამედ „შესაძლოა პირიქით უფრო ყოფილიყო“. მართალია ის, რომ განვითარებულ დემოკრატიებშიც კი ტელევიზიას დიდი გავლენა აქვს ამომრჩევლების პოლიტიკური გემოვნების ფორმირებაში. თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ, როდესაც ელექტორატის პოლიტიკური პრეფერენციები, გარკვეულ დონემდე, კრისტალიზირებულია, დიდწილად, მოთხოვნა განსაზღვრავს ხოლმე მიწოდებას.

მეორე მიზეზი, რატომაც „მთავარი არხი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდება, ის არის, რომ საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს კომერციულად მომგებიანი ტელეარხი. თითქმის ყველა ტელევიზიის არსებობა მჭიდროდ არის დამოკიდებული არა მხოლოდ მაყურებლების რაოდენობაზე (რაც თავის მხრივ განსაზღვრავს რეკლამების რაოდენობას), არამედ დონორების კეთილ ნებაზეც.

მაშინაც კი, როდესაც დონორები არხისგან ღიად არ ითხოვენ კონკრეტული პოლიტიკური პოზიციების დაკავებას, პოლარიზებულ გარემოში, ზოგიერთ ჟურნალისტს შეიძლება თვითცენზურა ჩაერთოს. როგორც გაბუნიამ ზემოთხსენებულ ინტერვიუში აღნიშნა, ზოგიერთ მათგანს გაუხარდა, როდესაც არხის დირექტორმა მათ განუცხადა, რომ შეეძლოთ აღარ ყოფილიყვნენ შებოჭილნი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგით.

როგორც ვხედავთ, მიზეზები, რატომაც არასამთავრობო ტელეარხი შეიძლება მიბმული იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებს იმდენად ღრმაა, რომ ტელემედიისა და პარტიული პოლიტიკის გამიჯვნა საქართველოში ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს. შესაძლოა, ამ კავშირის ბოლომდე გაწყვეტა თეორიულადაც კი შეუძლებელი იყოს (ვინაიდან ყველა კერძო არხი, საბოლოო ჯამში, შეეცდება მაყურებლის გულის მოგებას). თუმცა პოლიტიკისა და მედიის მჭიდრო კავშირის შედარებით შესასტურებლად, პროგრამა მინიმუმი, რაც უნდა გაკეთდეს, კომერციული მოგების მქონე ტელევიზიების შექმნაა.

კომერციული ტელევიზიები და ზოგადად, კომერციული მედია ცალკე ვრცელი თემაა. ამიტომ ამ საკითხს სხვა ბლოგში დავუბრუნდები. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ პრობლემის მოგვარება მისი ჯეროვნად გააზრებით უნდა დავიწყოთ.
კატეგორია: ბლოგი
ორი კვირის წინ, მარკ ზაკერბერგის „მეტამ“ ახალი სოციალური ქსელი, „ტვიტერის“ ალტერნატივა - „სრედსი“ („Threads“) გამოუშვა. გაშვებიდან ხუთ დღეში, პლატფორმაზე დაახლოებით 100 მილიონი ანგარიში დარეგისტრირდა. ეს რეკორდულად სწრაფი ზრდაა.

თუმცა ამ ნაადრევი წარმატების მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ „სრედსის“ მომავალთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები უკვე ჩნდება. მაგალითად, „ფორბსის“ მიხედვით, „სრედსის” ყოველდღიური მომხმარებლების რიცხვი ბოლო დღეებში 20 %-ით შემცირდა; ასევე, ამ პლატფორმაზე ადამიანები საშუალოდ უფრო და უფრო მცირე დროს ატარებენ - 20 წუთის ნაცვლად, 10 წუთს.

იმის შეფასება, თუ რამდენად წარმატებულად ჩაანაცვლებს „სრედსი“ „ტვიტერს“, ჯერ მაინც ადრეა. თუმცა შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის საჭირო სოციალური ქსელის წარმატებისთვის. ქვემოთ, მინიმუმ, ორ ასეთ ფაქტორს ჩამოვწერ.

პირველ რიგში, როგორც სოციალური მედიის მკვლევრები აღნიშნავენ, ონლაინ სოციალური ქსელების წარმატება-წარუმატებლობის გასაანალიზებლად, საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ „სოციალურობის“ განზომილებაზე. ინტერაქციული ინტერნეტ პლატფორმა ძალას იკრებს და ძლიერდება მაშინ, როდესაც მისი მომხმარებლები ახერხებენ ერთმანეთთან მდგრადი სოციალური კავშირების გაბმას.

მნიშვნელოვანია, რომ სოციალური ქსელი არ დარჩეს მხოლოდ ინფორმაციის გამზიარებელ საშუალებად, არამედ მის ფარგლებში ადამიანებმა გარკვეული სახით ვირტუალური (და ზოგჯერ, რეალურიც) თემები (“community”) შექმნან. ფეისბუქზე ასეთი თემებია ე.წ. „ბაბლები“, რომელთა უარყოფით ეფექტებზე ერთ-ერთ წინა ბლოგში ვწერდი.  როგორც ჩანს, „ბაბლების“ მნიშვნელობა თავად „მეტას“ გადაწყვეტილების მიმღებებს კარგად ესმით. სწორედ ამ გათვლებით „მიაბეს“ მათ „სრედსი“ ინსტაგრამს და ამ გზით, ეცადნენ, რომ ამ ორი სოციალური ქსელის საზოგადოებები ერთმანეთთან დაეკავშირებინათ.

თუმცა საკითხავია, რამდენად აინტერესებს „ინსტრაგრამის“ საზოგადოებას ის თემატიკა, რასაც მათ „სრედსი“ სთავაზობს; ასევე, ამის გათვალისწინებით, რამდენად შეძლებენ მომხმარებლები, რომლებიც სხვა სოციალური ქსელებიდან (მაგალითად, ტვიტერიდან ან ფეისბუქიდან) გადმოდიან, თან „წამოიღონ“ თავიანთი სოციალური კავშირები? შესაძლებელია, რომ „სრედსმა“ „ინსტრაგრამიდან“ და სხვა სოციალური ქსელებიდან ადვილად წამოიყვანოს ინდივიდუალური მომხმარებლები (რაც პრინციპში, ნაწილობრივ მაინც, უკვე გააკეთა). თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზაკერბერგი შეძლებს იმ უნიკალური სოციალური კავშირებისა და ქსელების „სრედსზე“ გადმოტანას, რაც მომხმარებლებს სხვა პლატფორმებზე აქვთ შექმნილი.

მეორე ფაქტორი, რაც „სრედსის“ მომავალ წარმატება-წარუმატებლობას განაპირობებს, დაკავშირებულია სოციალურ ქსელებში ცნობადი სახეების როლთან. საქმე ის არის, რომ „ტვიტერმა“ უკვე შექმნა გარკვეული სახის „ბუნებრივი მონოპოლია“ იმით, რომ მასზე დარეგისტრირებულია ბევრი ოფიციალური და არაოფიციალური პირი, რომლებიც ამ პლატფორმის მეშვეობით ხშირად თავიანთ ოფიციალურ პოზიციებს ახმოვანებენ ხოლმე (ზოგჯერ ეს პოზიციები ტვიტერზე გამოითქმება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე მათ ტრადიციული მედია საშუალებები - მაგალითად, ტელევიზია ან ჟურნალ-გაზეთები გააშუქებენ).

„სრედსმა“ რომ „ტვიტერის“ მონოპოლია დაარღვიოს, საჭიროა, რომ მასზე კრიტიკული რაოდენობის ცნობადი სახე დარეგისტრირდეს. ასევე, ალბათ მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს მთავრობებმა და პოლიტიკოსებმა თავიანთი ოფიციალური პოზიციების დასაფიქსირებლად, „სრედსი“ უფრო ხშირად გამოიყენონ, ვიდრე „ტვიტერი“.

თუმცა, ჯერჯერობით, „სრედსზე“ ოფიციალური სამთავრობო ანგარიშები ბევრად მცირერიცხოვანია, ვიდრე „ტვიტერზე“; ამას გარდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადებები ჯერ კიდევ „ტვიტერის“ მეშვეობით ვრცელდება და ძნელი წარმოსადგენია, რომ უახლოეს მომავალში ეს შეიცვალოს. მიუხედავად რეკორდული რაოდენობის მომხმარებლისა, „სრედსი“ სოციალური ქსელების ბაზარზე ბუნებრივი მონოპოლიის შექმნისგან ჯერ კიდევ ძალიან შორსაა.

ბოლოს, უნდა აღინიშნოს ის, რომ „სრედსს“ გაფართოების ჯერ კიდევ დიდი პოტენციალი აქვს. მაგალითად, ის ჯერ კიდევ არ შესულა ევროკავშირის ბაზარზე (რაც დიდწილად, დაკავშირებულია ევროკავშირის ახალ რეგულაციებთან, რომლებზეც წინა ბლოგში ვწერდი; ასევე, ჯერაც არ არსებობს ამ სოციალური პლატფორმის „დესკტოპ“ ვერსია - პერსონალური კომპიუტერით „სრედსზე“ შესვლა შეუძლებელია.

მოსალოდნელია, რომ „მეტა“ ზემოთაღნიშნული და სხვა მიმართულებებით, ნელ-ნელა და თანმიმდევრობით დაიწყებს გაფართოებას. თუმცა იმ ბარიერების გადალახვის გარეშე, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „სრედსმა“ თავისი პირდაპირი კონკურენტი - „ტვიტერი“ ჩაანაცვლოს. ამ შემთხვევაში, უფრო მეტად სავარაუდოა ის, რომ ახალმა სოციალურმა პლატფორმამ თავისი ნიშა იპოვნოს ისე, რომ „ტვიტერის“ ბუნებრივ მონოპოლიას ძვრა ვერ უქნას.
კატეგორია: ბლოგი
„ქსელიდან გამოთიშვის“ („going off the grid”) კონცეფცია, განსაკუთრებით, ეკოლოგისტურ წრეებშია პოპულარული. მეინსტრიმული საზოგადოების მიმართ რადიკალურად განწყობილი გარემოს დამცველები ამ ლოზუნგის ქვეშ გულისხმობენ ელექტრო და სხვა კომუნალური მომსახურების ცენტრალიზებული ქსელებიდან გამოსვლას და მდგრადი ცხოვრების სტილის გაზიარებას.

ხშირად, ამ მიზნით, ეკოლოგისტები ქმნიან სოფლის ტიპის დასახლებებს (მაგალითად, ტამერას მშვიდობის კვლევის სოფელი პორტუგალიაში ან ფინდჰორნის ეკოსოფელი შოტლანდიაში), რომელთა მაცხოვრებლებიც თავად აწარმოებენ ენერგიასა და სიცოცხლისთვის საჭირო ნივთებს. ზოგ შემთხვევაში, ქსელის მიღმა/”off the grid” ინდივიდებიც გადიან; ისინი თავიანთთვის თითქმის სრულად თვითკმარ სახლებს აშენებენ და საზოგადოებრივი სიკეთეებისგან მოშორებით იწყებენ ცხოვრებას.

ეკოლოგისტების მხრიდან „ქსელიდან გამოთიშვა“ პოლიტიკური აქტია და მას, როგორც წესი, პერმანენტული ხასიათი აქვს. ამ გზით, გარემოს დამცველები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ შესაძლებელია და გამართლებულია ცხოვრება ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების ჭარბი მოხმარების გარეშე.

რატომ ვსაუბრობ ამდენს ეკოლოგისტ განდეგილებზე თანამედროვე მედიასთან დაკავშირებულ ბლოგში? ამ სტატიისთვის მინდა გარემოს დამცველებს (რომელთა ნაწილის იზოლაციონისტურ სტრატეგიებს ყოველთვის არ ვეთანხმები, თუმცა ამაზე მოგვიანებით) დავესესხო და განვაცხადო, რომ ზოგჯერ საჭირო და აუცილებელიცაა ინტერნეტ სოციალური ქსელებიდან დროებით გამოთიშვა. თუ „ცენტრალიზირებული“ ინფრასტრუქტურა და ინდუსტრია ბუნებრივი გარემოსთვის არის მავნებელი, შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ინტერნეტ სოციალურ ქსელზე მუდმივი დამოკიდებულება, ზოგჯერ, ჩვენს „მენტალურ“ გარემოს აბინძურებს.

ჩემ მიერ უკვე არა ერთხელ ნახსენებ ტროლებისა და ბოტების პრობლემას რომ თავი დავანებო, სოციალურ ქსელებს ორი გადაულახავი ჩავარდნა აქვთ.

პირველი, ისინი, ზოგჯერ, არ გვაძლევენ საგნებზე ჯეროვნად დაფიქრების საშუალებას. მაგალითად, ბევრი მკვლევარი საუბრობს იმაზე, რომ სოციალური მედია ამცირებს ყურადღების დიაპაზონს (“attention span”).  ეს კი, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ ანალიზის უნარზე, არამედ საფუძვლიანი განათლების მიღების შესაძლებლობაზეც. ვისაც ყურადღების მცირე დიაპაზონი აქვს, ისინი ნაკლებად არიან მიდრეკილები იმისკენ, რომ ვრცელი ტექსტები წაიკითხონ და კრიტიკულად გაარჩიონ.

ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების შესაძლო დაჩლუნგებასთან ერთად, ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ სოციალურ მედიას შემოქმედებითი იმპულსის ჩაქრობაც შეუძლია. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ სოციალური ქსელები გვაძლევენ მუდმივ გასართობს, რაც ხელს გვიშლის იმაში, რომ საფუძვლიან მოწყენილობაში გადავეშვათ.

ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი მარტინ ჰაიდეგერი ერთმანეთისგან განარჩევდა ზედაპირული მოწყენლობის ფორმებს და იმას, რასაც ის უწოდებდა „ღრმა მოწყენილობას“ („tiefe Langweile“). 2022 წელს ბათის უნივერსიტეტისა და დუბლინის ტრინიტის კოლეჯის მკვლევრებმა გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ამტკიცებენ, რომ ღრმა მოწყენილობის მისაღწევად საჭიროა ადამიანმა გარკვეული ხანი დაჰყოს შედარებით მარტოობაში. ამის შესაძლებლობა კი ქსელთან მუდმივად მიერთების გამო ბევრ ჩვენგანს არ ეძლევა.

სწორედ „ღრმა მოწყენილობაში“ ყოფნის ჟამს იწყებს ადამიანი ფიქრს ეგზისტენციალურ საკითხებზე - მაგალითად, ის კრიტიკულად აანალიზებს საკუთარ იდენტობასა და ზოგადად, ყოფიერების არსს (შეადარეთ ბერული და მონაზვნური ცხოვრების რელიგიურ პრაქტიკებს). ამ დროს მას ეძლევა შემოქმედებითი იმპულსი, რომელიც ეხმარება იმაში, რომ სამყაროსთან საკუთარი, უნიკალური ურთიერთობა დაამყაროს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფიზიკურ ბუნებასთან მდგრადი დამოკიდებულების კვალდაკვალ, ადამიანებს გვჭირდება „მენტალური“ მდგრადი განვითარებაც. ამისათვის კი, შეიძლება, მცირე პერიოდებით მაინც, სოციალური ქსელებიდან გამოთიშვა (ან მოხმარების შემცირება) იყოს საჭირო.

ცხადია, „ქსელიდან გამოთიშული“ ეკოლოგისტების რადიკალიზმის გაზიარება სრულებითად არაა საჭირო. საბოლოო ჯამში, ცენტრალიზირებული სერვისების განვითარების გარეშე, კაცობრიობის კოლექტიური პროგრესი ალბათ ვერ მიიღწევა. თუმცა ამ ცენტრალიზირებული სერვისების როლისა და ინდივიდუალური თუ კოლექტიური სარგებლიანობის პერიოდულად გადააზრება, ყველა შემთხვევაში, აუცილებელია.

ინტერნეტ სოციალური ქსელებიდან გამოთიშვის შემთხვევაშიც, საჭიროა სწორად განვსაზღვროთ ის, რამდენად გვჭირდება მუდმივი გართობა სიამოვნების მისაღებად, რანაირად შეიძლება ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების ოპტიმიზაცია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ რა დოზითა და ინტენსივობით უნდა მივუერთდეთ კაცობრიობის ვირტუალურად წარმოდგენილ ცენტრალურ გონს.

ამ კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე, დიდი შანსია, რომ მსოფლიო ვებ აბლაბუდაში ისე გავიხლართოთ, რომ დაპირებული სიკეთეები (გართობის ჩათვლით) ვერასდროს მივიღოთ. პარადოქსულია, მაგრამ აზროვნების ხელშესაწყობად ზოგჯერ მუდმივი, „ნონსტოპ“ აზროვნებისგან დისტანცირება გვჭირდება, მოწყენილობასთან დაბრუნება კი ზოგჯერ მოწყენილობასთან გამკლავების საუკეთესო საშუალებაა.
კატეგორია: ბლოგი
28 მაისს ტვიტერმა ოფიციალურად აიღო ხელი ევროკავშირის „დეზინფორმაციასთან ბრძოლის კოდექსის“ შესრულებაზე.  აღნიშნული კოდექსის რეგულაციები სავალდებულო ხასიათს არ ატარებს, თუმცა თუ ილონ მასკის კომპანია ამ მიმართულებით სვლას განაგრძნობს, შესაძლოა „ტვიტერმა“ უახლოეს წლებში ევროკავშირის ბაზარიც კი დაკარგოს. ამ სტატიაში შევეცდები იმის ახსნას, თუ რა ცვლილებები ელით „ტვიტერს“ და სხვა მხვილ სოციალურ პლატფორმებს ევროკავშირში და რატომ არის ეს გლობალურად მნიშვნელოვანი.

2022 წელს ევროკავშირში ძალაში შევიდა „ციფრული სერვისების აქტი“, რომელზეც ჩემს ერთ-ერთ წინა ბლოგშიც ვწერდი. ახალი კანონის მიხედვით, ის სოციალური პლატფორმები, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში 45 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავდათ, გამკაცრებული რეგულაციების ქვეშ მოექცევიან.

25 აპრილს ევროკავშირმა გამოაქვეყნა განსაკუთრებით დიდი სოციალური ქსელებისა და ძიენის სისტემების სია, რომელშიც გვხვდება ისეთი მსხვილი ინტერნეტ პლატფორმები, როგორებიცაა „ფეისბუქი“, „ტვიტერი“, „ამაზონი“, „ინსტაგრამი“, „იუთუბი“, „ვიკიპედია“, „ტიკ ტოკი“, „გუგლი“ და სხვა.  აღნიშნული რეგულაციების დასაკმაყოფილებლად ამ პლატფორმებს დრო 2024 წლის მარტამდე აქვთ. 

ახალი კანონმდებლობის მთავარი სიახლე ის არის, რომ ამიერიდან, მთელ რიგ შემთხვევებში, მსხვილ სოციალურ პლატფორმებს მესამე პირების მიერ განთავსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში აქამდე არსებული კანონები, როგორც წესი, სოციალურ ქსელებს მთლიანად უხსნიდა პასუხისმგებლობას მათი მომხმარებლების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე; მიიჩნეოდა, რომ სოციალური პლატფორმა დაახლოებით ისეთივე სივრცეა, როგორიც ქალაქის საჯარო მოედანია.

2024 წლიდან, თუკი ევროკავშირში მოქმედი რომელიმე მსხვილ სოციალურ პლატფორმას არ ექნება ადეკვატური რეაგირება მომხმარებლების არალეგალურ ქცევაზე, რეგულატორი მას მსუყე ჯარიმას დააკისრებს. რეგულაციებთან მუდმივი შეუსაბამობის შემთხვევაში, ინტერნეტ კომპანიები ევროკავშირის უზარმაზარი ბაზრის დაკარგვის რისკის ქვეშ დადგებიან.

ახალი რეგულაციებით მიხედვით, მსხვილმა სოციალურმა პლატფორმებმა უნდა გაანალიზონ თავიანთი სისტემები და გამოავლინონ მათში არსებული ჩავარდნები. მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ისეთ რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია არალეგალურ აქტივობებთან, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვასთან, საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და საარჩევნო მანიპულაციებთან, გენდერული ხასიათის ძალადობასთან, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან, არასრულწლოვნების დაცვასა და მენტალურ და ფიზიკურ კეთილდღეობასთან.

ჯერჯერობით, ისე ჩანს, რომ აღნიშნულ რეგულაციებთან ყველაზე მეტი პრობლემა ილონ მასკის „ტვიტერს“ ექნება. თუმცა შესაძლოა, რომ ახალ სამართლებრივ ჩარჩოში მოქმედება სხვა მსხვილ აქტორებსაც გაუჭირდეთ. ამის მიზეზი ის არის, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნე, სოციალური ქსელები აქამდე, არსებითად, ნეიტრალურ საჯარო სივრცეებად იყო მიჩნეული.

ევროკავშირის ახალმა პოლიტიკამ, შესაძლოა, მსხვილი სოციალური პლატფორმების ქცევა მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებშიც შეცვალოს. იქიდან გამომდინარე, რომ ინტერნეტ კომპანიებისთვის ევროპის ქვეყნები მომხმარებელთა განსაკუთრებით დიდ ბაზარს წარმოადგენენ, სოციალური ქსელების დიდ ნაწილს, სავარაუდოდ, მაინც მოუწევს ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება. ადრე თუ გვიან, ახლად დანერგილი პრაქტიკები, ინერციით, შესაძლოა მსოფლიოს სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს. ისიც სავსებით შესაძლებელია, რომ მაგალითად, აშშ-ში, კანონმდებლებმა ევროკავშირის მაგალითს მიბაძონ და სოციალურ პლატფორმებს თავიანთ ქვეყანაშიც მკაცრი რეგულაციები დაუწესონ.

ევროკავშირის ახალი რეგულაციები რომ განსაკთრებით მნიშვნელოვანია, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ამ საკითხზე ევროპის ქვეყნების ოფიციალური პირების მხრიდან გამოთქმული კომენტარები უჩვეულოდ მკაცრია. მაგალითად, ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში საფრანგეთის ციფრული ტრანზიციისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრი ჟან-ნოელ ბარო „ტვიტერს“ დაბლოკვით დაემუქრა. „დეზინფორმაცია ჩვენი დემოკრატიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეა. თუ ტვიტერი განმეორებით დააღვევს ჩვენს წესებს, ის ევროკავშირში აიკრძალება,“ განაცხადა მან.

გამოდის, რომ 2024 წლიდან სოციალურ ქსელებისთვის ახალი ეპოქა იწყება. ყველაზე ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ამ ეპოქამ შეიძლება მოიტანოს ის, რომ ბოროტი ზრახვების მქონე აქტორებმა ნაკლებად შეძლონ დეზინფორმაციის გავრცელებით დემოკრატიული ინსტიტუტების შერყევა; ასევე, ჩნდება იმის იმედიც, რომ მომავალში, კოვიდ-19-ის მსგავს გლობალურ პანდემიებს საზოგადოებები უფრო ეფექტურად გაუმკლავდებიან, ვინაიდან ისინი ნაკლებად მოექცევიან ყალბი ინფორმაციის ზემოქმედების ქვეშ. აღიშნული ცვლილებები ჩვენნაირ მცირერიცხოვან საზოგადოებებზეც კი, ადრე თუ გვიან, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ.
კატეგორია: ბლოგი
აპრილსა და მაისში ზედიზედ გამოქვეყნდა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) და „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები საქართველოში. ეს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც აშშ-ს მთავარ პოლიტიკურ პარტიებთან არიან ასოცირებულებნი (IRI - რესპუბლიკელებთან, NDI - დემოკრატებთან).

მსგავსი სოციოლოგიური კვლევები, რომლებსაც აღნიშნული არასამთავრობოების დაკვეთით, პროფესიონალური კვლევითი ორგანიზაციები ატარებენ ხოლმე, ხშირად ქვეყნდება და მათი განხილვაც აქტიურად მიმდინარეობს მედია სივრცეში.

ამ სტატიაში მინდა ყურადღება მივაპყრო იმ პრობლემებს, რაც ხელს უშლის სოციოლოგიური კვლევების შედეგების ეფექტურად გაშუქებას და ამ საკითხებზე აუდიტორიასთან კომუნიკაციას.

კვლევების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული პრობლემები სხვადასხვა სახის მედიას სხვადასხვა დოზით აწუხებს. ამიტომ მხოლოდ იმ საკითხებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც შედეგების ეფექტურად კომუნიკაციისთვის გადამწყვეტია.

პირველი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა იმის სწორად ახსნაა, თუ რა არის სოციოლოგიური კვლევა. ესეთი გამოკითხვები ეყრდნობა მათემატიკურ ფორმულებსა და გაანგარიშებებს და მოითხოვს სტატისტიკისა და რაოდენობრივი კვლევის მეთოდების სპეციალურ ცოდნას. უმთავრესი მათემატიკური დაშვება, რასაც მკვლევრები აკეთებენ, არის ის, რომ შემთხვევით შერჩეული (მაგალითად, ლოტოს ან ლატარეის პრინციპით) მცირე რაოდენობის ადამიანების გამოკითხვა მოგვცემს ბევრი ადამიანის განწყობების მეტნაკლებად სწორ აღწერას.

ამის გამო, NDI-ის და IRI-ის გამოკითხვების შედეგები განსხვავდება, მაგალითად, ქუჩის ან სატელევიზიო გამოკითხვებისგან. თუ გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპზე არ არის დაფუძნებული, მას ახასიათებს ის, რასაც სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელები უწოდებენ „სისტემურ მიკერძოებას“. მაგალითად, ქუჩის გამოკითხვის დროს შეიძლება არაბუნებრივად ხშირად შემოგვხვდნენ გარკვეული ტიპის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ დროს მოძრაობენ მოცემულ ქუჩაზე (მაგალითად, სტუდენტები, იმიგრანტები, დასაქმებულები და ა.შ.). ასეთი ტიპის გამოკითხვა მოსახლეობის საერთო განწყობების გასაზომად ვერ გამოდგება.

სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების უკეთ საილუსტრაციოდ, სასურველია გამოკითხვების დინამიკაში წარმოდგენა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნულ თემაზე იმავე მეთოდოლოგიით ჩატარებული გამოკითხვები უკვე არსებობს). სხვანაირად, ხშირად, გაუგებარია ხოლმე, თუ კონკრეტულად რა შეიცვალა - რა მოხდა ისეთი, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს?

მაგალითად, IRI-ის ბოლო გამოკითხვის საფუძველზე, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ თითქოს ყველა პოლიტიკური ძალის რეიტინგი ვარდნას განიცდის. სინამდვილეში, კვლევის შედეგებს თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ ბოლო წლებთან შედარებით, არსებითად, მხოლოდ მთავრობის რეიტინგია შემცირებული.

კვლევის გაშუქების დროს, მნიშვნელოვანია, რომ სწორად მოხდეს ჩამოუყალიბებელი პასუხების ან პასუხზე უარის თქმის ინტერპრეტაცია. ზოგადი წესი ის არის, რომ თუკი ამომრჩეველი ჩამოუყალიბებელია ან უარს ამბობს პასუხზე, დაუშვებელია, რომ მას მიაწერო ისეთი მოსაზრება, რაც მას არ ეკუთვნის. მაგალითად, თუკი ამომრჩეველი ფიქრობს, რომ მან არ იცის, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე, ეს სწორედ იმას გულისხმობს, რაც გვესმის. იგივე შეიძლება ითქვას ისეთ ამომრჩეველზეც, რომელიც უარს ამბობს პასუხის გაცემაზე.

ამასთან დაკავშირებით, არსებობს კიდევ ერთი მცდარი მოსაზრება, რომ გარკვეულ შეთხვევებში, საჭიროა „არ ვიცი“-ს და „უარი პასუხზე“ შედეგების გაუქმება და მხოლოდ იმ პასუხების პროცენტულად დაჯამება, რომელიც კონკრეტული პარტიებისადმი/კანდიდატებისადმი სიმპათიას გამოხატავს. თუმცა ეს გამართლებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დარწმუნებული ვიქნებოდით, რომ გაუქმებულ შედეგებს არ ახასიათებთ სისტემური მიკერძოება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლოა, რომ ჩამოუყალიბებელ ან უარის მთქმელ რესპონდენტებს შორის რომელიმე კონკრეტული სიმპათიის მქონე ჯგუფი ჭარბობდეს. მაგალითად, შესაძლებელია, რომ უარის მთქმელებს შორის ჭარბობდნენ ისეთი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები, რომლებიც კონტროვერსიული პოზიციებით გამოირჩევიან (შესაბამისად, შესაძლებელია, რომ მათ სხვებზე მეტად „მორცხვი“ მხარდამჭერები ჰყავდეთ).  ამის გამო, გამართლებული არ იქნება მათი პასუხების „გაუქმება“ და თანაბრად გადანაწილება დარჩენილ ჯგუფებზე.

ზემოთაღნიშნული პრობლემები მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ პოტენციური ჩავარდნებისა, რომლებიც სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების პრეზენტაციის დროს შეიძლება წავაწყდეთ. ვფიქრობ, ეს ყველაზე ზოგადი საკითხებია, რომლებსაც მედიამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. სხვა, უფრო ღრმა და დეტალურ საკითხებზე კი მედიის წარმომადგენლები მუდმივად დარგის ექსპერტებთან უნდა გადიოდნენ კონსულტაციას. ეს ყველაფერი კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ამომრჩევლებს არსებულ რეალობაზე არასწორი შეხედულება არ შეექმნათ და ქართული პოლიტიკაც ცრუ წარმოდგენებისა და მოლოდინებისგან დაიცალოს.
კატეგორია: ბლოგი
12 აპრილს BBC-ის გამოაქვეყნა ვრცელი საგამოძიებო სტატია, რომელიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში არსებულ ე.წ. „ქოლცენტრების“ უკანონო საქმიანობას ეხება.  ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, საქართველოში მდებარე „ქოლცენტრებიდან“ თაღლითები ევროპელ პენსიონერებს ურეკავენ და მოტყუებით სძალავენ წლობით დაგროვილ დანაზოგს.

გამომძიებელი ჟურნალისტების ვარაუდით, საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელთან დაკავშირებულია საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი და საკონტროლო წილის მფლობელი, დავით კეზერაშვილი. BBC-ის სტატიაში ვკითხულობთ:

„რაც შეეხება Milton Group-ს, ასევე, არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან დააკავშირებს; არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ მას [კეზერაშვილს] გააჩნია პირდაპირი ფინანსური ინტერესი Milton-ის ბრენდებში. თუმცა Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციულად გაგვანდო, რომ მათ ჰქონდათ კონტაქტი კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ ის Milton group-ის საქმიანობაში იყო ჩართული.“

კეზერაშვილის კუთვნილმა ტელეკომპანია “ფორმულას“ ახალი ამბების გამოშვებამ, BBC-ის გამოძიების გაშუქებისას, აღნიშნა, რომ "ბრიტანულმა გამოცემამ ვერ აღმოაჩინა ე.წ. ქოლცენტრების საქმეში დავით კეზერაშვილის მონაწილეობის პირდაპირი მტკიცებულებები.“ მოგვიანებით, „ფორმულას“ ვებგვერდიდან ეს განცხადება წაშალეს და მალევე, არხის ციფრული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ ბაჯელიძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიახლე ციფრული პლატფორმიდან წაიშალა, რადგან მივიჩნიეთ, რომ არასრულად ასახავდა BBC-ის საგამოძიებო სტატიის აქცენტებსა და სულისკვეთებას, ასევე, არ სთავაზობდა აუდიტორიას არხის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის კომენტარს.“

აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მწვავე ინტერესთა კონფლიქტთან, ვინაიდან კერძო კომპანიას უწევს კრიტიკულად გააშუქოს საკუთარი დამფუძნებლის და ამჟამინდელი მფლობელის წინააღმდეგ მიმართული მძიმე ბრალდებები. მსგავსი პრობლემა წარმოიშობა ხოლმე მაშინაც, როდესაც კომპანიის დამფუძნებელი ან მფლობელი აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს ან თავად არის უშუალოდ ჩართული პოლიტიკაში.

დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორც წესი, არ არსებობს რაომე რეგულაცია, რომელიც მედია საშუალებას დაუწესებდა შეზღუდვებს იმაზე, თუ როგორ გააშუქოს საკუთარი მფლობელთან ან დამფუძნებელთან (ან მათთან ასოცირებულ პირებთან) დაკავშირებული სკანდალები. ეს თავიდან ბოლომდე კონკრეტული მედია საშუალების ჟურნალისტურ და ეთიკურ სტანდარტებზეა დამოკიდებული.

დასავლეთში ამ საკითხზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აჟიოტაჟი ბოლოს 2019 წელს ატყდა, როდესაც მედია კომპანია Bloomberg-ის მფლობელმა, მაიკლ ბლუმბერგმა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. მაშინ, Bloomberg News-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯონ მიქლეტვეიტმა მის დაქვემდებარებაში მყოფ 2700 ჟურნალისტსა და ანალიტიკოსს მისწერა, რომ მედია კომპანია არ აპირებდა არც მაიკლ ბლუმბერგის და არც მისი დემოკრატი ოპონენტების საქმიანობების გაშუქებასა და გამოძიებას.

ამასთანავე, Bloomberg News-ის მთავარმა რედაქტორმა განაცხადა, რომ ისინი სრულად ან მოკლე შინაარსის სახით გადაბეჭდავდნენ იმ საგამოძიებო სტატიებს, რომლებსაც მაიკლ ბლუმბერგზე ან მის დემოკრატ ოპონენტებზე სხვა სანდო მედია საშუალებები მოამზადებდნენ. (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის ეს გადაწყვეტილება არ ეხებოდა მაიკლ ბლუმბერგის რესპუბლიკელ ოპონენტს, დონალდ ტრამპს.)

Bloomberg News-ის გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ზოგიერთმა კრიტიკოსმა მედია კომპანიის პოზიცია სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად აღიქვა. თუმცა ამ ნაბიჯის დადებითი მხარე ის იყო, რომ Bloomberg News-მა არ დაფარა თავის რიგებში ინტერესთა კონფლიქტის არსებობა და ამის ნაცვლად, კომპანია შეეცადა, რომ საკუთარი ბუნებრივი მიკერძოება იმით დაებალანსებინა, რომ ოპონენტებიც გაეთავისუფლებინა კრიტიკის ქარ-ცეცხლისგან.

საქართველოს შემთხვევაში, რთული სათქმელია, თუ კონკრეტულად როგორ შეიძლება, ნაწილობრივ მაინც, განეიტრალდეს კერძო მედია საშუალებებში არსებული ინტერესთა კონფლიქტები (იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი კონფლიქტები არც თუ ისე იშვიათი და ზედაპირულია). თუმცა ფაქტია, რომ ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას, ის არის, რომ მინიმუმ, ინტერესთა კონფლიქტის ხმამაღლა აღიარება მოხდეს.

სხვა შემთხვევაში, თავის მოკატუნებით, მხოლოდ ყველაზე ეთიკურად მიუღებელ პროპაგანდას შევუწყობთ ხელს. ქართული ტელე, რადიო, ბეჭდური და ციფრული მედიები, სამწუხაროდ, ამ თემას იშვიათად უთმობენ სათანადო ყურადღებას - იქამდე, სანამ თავად არ აღმოჩდნებიან ხოლმე, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ სიტუაციებში.
კატეგორია: ბლოგი
სამთავრობო პროპაგანდა, რომელსაც განსაკუთრებით, ავტორიტარული რეჟიმები იყენებდნენ, ყველა დროში არსებობდა, თუმცა სოციალური ქსელების ეპოქაში მან ახლებური - დიდწილად, ანონიმური სახე მიიღო. განსაკუთრებით, ფეისბუქზე მთავრობა გველაპარაკება ანონიმური ან დაქირავებული მომხმარებლების (ტროლების) პირით. ტროლები „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალურად არ ასოცირდებიან (და როგორც წესი, გამალებით უარყოფენ ხელისუფლებასთან რაიმე კავშირს), თუმცა რეალურად, ისინი იმ მესიჯების გავრცელებას უწყობენ ხელს, რაც მთავრობის სასიცოცხლო ინტერესებშია.

იმის მიუხედავად, რომ სამთავრობო პროპაგანდამ ინფორმაციულ ეპოქაში ესეთი რადიკალური სახეცვლილება განიცადა, მასთან ბრძოლის ტექნოლოგია ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა.

ტროლებთან ბრძოლის ყველაზე გავრცელებულ ხერხებს შორის არის: იგნორირება, წაშლა და მითების გაქარწყლება (მათთან დებატებში შესვლა და სიმართლის დამტკიცება). თუმცა ეს მეთოდები ყოველთვის არ მუშაობს და ზოგჯერ, კონტრპროდუქტიულიცაა.

იქიდან დავიწყოთ, რომ თუ ტროლებს უყურადღებოდ დავტოვებთ, ეს ვერ შეაჩერებს მათ მიერ ყალბი ინფორმაციების გავრცელებას და ადამიანების დატერორებას. მათი მიზანი ის არის, რომ ხილვადობა ჰქონდეთ - რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაინახოს ის, რომ ისინი ბევრნი არიან.

ზოგჯერ მათი დამქირავებლები იმასაც არ აქცევენ ყურადღებას, თუ რამდენად დამაჯერებელია ტროლების გამოგონილი სახელები. მაგალითად, ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც „ქართული ოცნების“ მიერ სოციალურ ქსელებში დადებულ განცხადებებს აშკარად არაქართულენოვანი ფეისბუქ პროფილები იწონებდნენ. ამ შემთხვევაში, დამკვეთებისთვის მთავარი სიმრავლის ეფექტის შექმნაა. ტროლების იგნორირებით კი სიმრავლის ეფექტს ვერ მოვერევით.

ტროლებთან ბრძოლის ეფექტური მეთოდი არც მათი სოციალური ქსელებიდან მასობრივად წაშლა გამოდგა. „მეტას“ ბოლო ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ ფეისბუქიდან 2022 წლის ბოლო კვარტალში 1 მილიარდ 300 მილიონი ყალბი პროფილი წაშალა. წაშლილი ყალბი პროფილების ეს ასტრონომიული რაოდენობა მით უფრო განსაცვიფრებელია იმ ფონზე, როდესაც წინა კვარტლების სტატისტიკაც დაახლოებით მსგავსია. ისე ჩანს, რომ ტროლები ცხრათავიანი დრაკონებივით არიან: რამდენ თავსაც აჭრიან, იმდენი ამოსდით.

ტროლების წაშლას კიდევ უფრო არაეფექტურ ტაქტიკად აქცევს ისიც, რომ სოციალური ქსელებისთვის ტროლების ამოცნობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ბოტების (ავტომატიზირებული პროფილების). ტროლს შეუძლია, რომ დამაჯერებელი „ლეგენდა“ შექმნას საკუთარ გამოგონილ „მე“-ზე. ამის გამო, ზოგჯერ სოციალური ქსელების ინდივიდუალურ მომხმარებლებსაც კი უჭირთ ტროლების ამოცნობა, არათუ სოციალური ქსელების მონიტორინგის სისტემებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ტროლების წაშლის მეთოდით ანონიმურ პროსამთავრობო პროპანდას ყოველთვის ეფექტურად ვერ დავუპირისპირდებით.

მითების გაქარწყლება და ფაქტების შემოწმება მართალია ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია ყალბი პროფილების წინააღმდეგ, თუმცა ისინიც ყოველთვის პოლიტიკურად ეფექტური არ არის ხოლმე. მაგალითად, ზოგიერთი კვლევა გვიჩვენებს, რომ ყალბი ფაქტების შემოწმება და მათი გასწორება არ ცვლის ამომრჩევლების ნდობას პოპულისტი ლიდერებისა და მათი არგუმენტების მიმართ. ამის მიზეზი მრავალგვარი შეიძლება იყოს, თუმცა ძირითადად, მაინც ყველაფერი ფსიქოლოგიურ ფაქტორებს და განსაკუთრებით კოგნიტურ მიკერძოებებს (მათ შორის, საკუთარი მოსაზრების მიმართ მიკერძოებას) შეიძლება დავაბრალოთ.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ ტროლებთან ბრძოლის ახალ მეთოდებზე ფიქრი ჩვენი საუკუნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაა. ვფიქრობ, იმის ნაცვლად, რომ ვებრძოლოთ ტროლების არსებობას ტექნოლოგიური ხერხებით, აქცენტი უფრო მეტად უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ რამდენად შეიძლება პოლიტიკურ სივრცეში მათი მესიჯების განეიტრალება.

ტროლებთან ბრძოლის ინოვაციური მიდგომების ერთ-ერთ, მეტნაკლებად წარმატებული მაგალითია „ნაფო“ („NAFO“). ეს არის პოპულარული ინტერნეტ მოძრაობა, რომელიც ვირტუალურ სივრცეში რუსეთის საინფორმაციო კამპანიას უპირისპირდება. მისი წევრები სატირას და ე.წ. „მიმებს“ იყენებენ იმისთვის, რომ რუსული პროპაგანდის მესიჯები გაანეიტრალონ.

„ნაფოს“ მსგავსი ინიციატივები ერთი მხრივ, იმპერიალისტურ პროპაგანდასთან ბრძოლის ტრადიციულ პოლიტიკურ საშუალებებს ეყრდნობიან; მეორე მხრივ, ისინი სოციალური ქსელების ლოგიკას კი არ უპირისპირდებიან, არამედ პირიქით, ვირტუალური ეკოსისტემების თავისებურებებს სათავისოდ, კეთილი მიზნებისთვის იყენებენ. ალბათ სწორედ ამიტომ დაიმსახურა „ნაფომ“, როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის, ისე, ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის ქება-დიდება.

„ქართული ოცნების“ ინტერენტ პროპაგანდასთან დაპირისპირებისთვის ტროლებთან ბრძოლის პარადიგმისა და მეთოდოლოგიის გაფართოება გვჭირდება. ამისთვის შეგვიძლია დავეყრდნოთ საერთაშორისო გამოცდილებას, ან მოვიფიქროთ რაიმე ახალი, რომელიც საინფორმაციო ომის სასწორს სამოქალაქო საზოგადოებისკენ და დემოკრატიისკენ გადმოხრის.
კატეგორია: ბლოგი
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანონი, რომელიც „ხალხის ძალამ“ 14 თებერვალს წარადგინა, ითვალისწინებს ისეთი არასამთავრო და მედია ორგანიზაციების „უცხოური გავლენის აგენტებად“ გამოცხადებას, რომლებიც არაკომერციული შემოსავლების 20 %-ზე მეტს „უცხო ძალისგან“ იღებენ

„უცხო ძალად“ ჩაითვლებიან, როგორც უცხო ქვეყნის ოფიციალური ორგანოები (ან მათი წევრები), ისე უცხოეთის მოქალაქეები და ორგანიზაციები. იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოში მოქმედი რომელიმე ორგანიზაცია არ დარეგისტრირდება „უცხოურ გავლენის აგენტად“, ის 25 000 ლარით დაჯარიმდება.

ამ კანონით, საქართველოში მოღვაწე ორგანიზაციები ოფიციალურად გამოცხადდებიან „უცხოური გავლენის აგენტად“, რაც გამოიწვევს მათ სტიგმატიზაციას და საბოლოო ჯამში, განადგურებას.

ევროკავშირმა ამ თემაზე უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება და აღნიშნა, რომ მსგავსი კანონის მიღება ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს კომენტარი გააკეთა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმაც, რომელმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ კანონპროექტს არანაირი კავშირი ამერიკულ კანონმდებლობასთან არ აქვს. სინამდვილეში, ის რუსული და უნგრული კანონების ანალოგიურია.

უნგრული კანონი, რომელიც „ხალხის ძალის“ კანონპროექტის მსგავსია, ვიქტორ ორბანის რეჟიმმა 2017 წელს მიიღო. 2020 წელს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული კანონი ევროკავშირის ნორმებთან შეუთავსებელია სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ ბევრ სხვა ზიანთან ერთად, კანონი ქმნის „უნდობლობის კლიმატს“ იმ ორგანიზაციებთან მიმართებაში, რომლებსაც ის ეხება. 

21 თებერვალს „ხალხის ძალამ“ კიდევ ერთი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც, მათი თქმით, აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის მსგავსია.  როგორც ჩანს, მომავალში, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ შესაძლოა, შეარბილონ კანონპროექტის ის ვერსია, რომელიც თავდაპირველად წარადგინეს. თუმცა არსებობს მინიმუმ ორი მიზეზი იმისა, თუ რატომაც არ შეცვლის ასეთი შერბილება იმ საგანგაშო მდგომარეობას, რომელიც მმართველი გუნდის წყალობით წარმოიშვა.

1. იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე განაცხადა, რომ ის „ხალხის ძალასთან“, პრინციპების დონეზე, შეთანხმდა თავდაპირველად წამოყენებული კანონპროექტის მართებულობაზე, ცხადი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლების განზრახვა ქვეყანაში რუსული კანონმდებლობის გადმოღება და დემოკრატიული თავისუფლებების ღიად, ფორმალურ დონეზე შეზღუდვაა.

მაშინაც კი, თუკი „ქართული ოცნება“ და მისი სატელიტი „ხალხის ძალა“ ამ კანონის შედარებით რბილი ვერსიას შემოგვთავაზებენენ (რომელშიც მაგალითად, არ ეწერება სიტყვა „აგენტი“ ან რომელიც ორგანიზაციების შედარებით ვიწრო ჯგუფზე იქნება გათვლილი), ვითარება არსებითად არ შეიცვლება. ხელისუფლების დეკლარირებული განზრახვიდან გამომდინარე, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ „გავლენის აგენტების“ სია აუცილებლად გაფართოვდება და სანქციებიც სულ უფრო და უფრო მეტად მკაცრი გახდება.

2.ხელისუფლების განზრახვა რომც არ იყოს უკვე ცნობილი, პუტინის რუსეთში მსგავსი კანონის მიღებისა და გამკაცრების ისტორია აშკარად მიგვითითებს იმაზე, რომ საქართველოშიც მოვლენები, ასევე, კატასტროფულად განვითარდება.

საქართველოსა და უკრაინის რევოლუციებით შეშინებულმა პუტინის რეჟიმმა პირველად მსგავსი კანონი არასამთავრობოების წინააღმდეგ 2006 წელს მიიღო. ეს კანონი მომდევნო წლებში უფრო და უფრო მეტად გამკაცრდა. მისი შესრულებაც, როგორც წესი, თვითნებურად ხდებოდა და წარმატებით გამოიყენებოდა იმისათვის, რომ რეჟიმის მოწინააღმდეგეები საჯარო სივრციდან განედევნათ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში (ისე, როგორც ამჟამად საქართველოში) მსგავსი კანონპროექტის გამართლება ხდებოდა იმ მცდარი არგუმენტით, რომ თითქოს მსგავსი კანონმდებლობა აშშ-შიც არსებობდა. მაგალითად, 2019 წელს რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა, პიოტრ ტოლსტოიმ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს კრემლის მსგავსი მეთოდებით აშშ-ც იცავდა თავს უცხო ძალების გავლენისგან.

ტოლსტოიმ მაგალითად მოიყვანა აშშ-ში რუსეთის აგენტის, მარია ბუტინას დაკავების და გასამართლების შემთხვევა

სინამდვილეში, ბუტინა რუსეთის მთავრობის აგენტობისთვის გაასამართლეს და არა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრობისთვის. ამის საპირისპიროდ, როგორც რუსეთში მიღებული კანონი, ისე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანონპროექტი სამოქალაქო ორგანიზაციების შეზღუდვასა და რეჟიმის კრიტიკოსების საჯარო სივრციდან განდევნას ითვალისწინებს.

იმის გამო, რომ უკვე ვიცით, თუ რა არის ხელისუფლების განზრახვა და ის, თუ რა შედეგები მოჰყვა რუსეთში მსგავსი კანონის მიღებას, „ქარათული ოცნების“ მომდევნო „ტრიუკებით“ თავი აღარ უნდა მოვიტყუოთ. ამის ნაცვლად, უნდა მკაფიოდ ითქვას, რომ ნებისმიერი ფორმით მსგავსი კანონპროექტის მიღება იქნება დასავლეთზე უარის თქმა, რუსულ ორბიტაზე შედგომა და დამოუკიდებელი საქართველოს იდეის დასამარება.
კატეგორია: ბლოგი
ერთ-ერთ წინა ბლოგში ვისაუბრე იმაზე, თუ რამდენად გვჭირდება რუსეთის ადეკვატურად გაშუქება იმისთვის, რომ ვიცოდეთ, თუ რა ხდება ოკუპანტ სახელმწიფოში. ამ ბლოგში მინდა იმაზე გავამახვილო ყურადღება, თუ რამდენად გვჭირდება მედიაში დასავლეთის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის ხარისხიანად და შინაარსიანად გადმოცემა.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ მედიაში - განსაკუთრებით, ონლაინ მედიაში, დასავლეთში მიმდინარე მოვლენების გაშუქების ხარისხმა ბოლო წლებში საგრძნობლად მოიმატა. მაგალითად, გაჩნდა მაღალი დონის ინტერნეტგამოცემა, რომელიც განსაკუთრებით, ინგლისურენოვან, გერმანულენოვან და ფრანგულენოვან სივრცეებში განხილულ თემებს სწრაფად და ხარისხიანად მიმოიხილავს. ქართველი ჟურნალისტები და ექსპერტები უფრო და უფრო მეტად ეცნობიან დასავლეთს და შესაბამისად, უფრო და უფრო უკეთ ახდენენ სხვადასხვა ქვეყნებში გამოთქმული მრავალფეროვანი პოზიციების გადმოცემასა და ანალიზს.

თუმცა აშკარა პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული ეთნოცენტრისტული მიდგომა დასავლეთთან მიმართებაში. ეთნოცენტრიზმი მედიაში გულისხმობს სამყაროში მიმდინარე მოვლენების ვიწრო ნაციონალისტური პრიზმიდან აღქმას. შეიძლება ითქვას, რომ ეთნოცენტრიზმი გარკვეული დოზით პოლიტიკურად და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების მედიებსაც ახასიათებთ. საქართველოში მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქართული პერსპექტივა ევროპასა და ამერიკაზე ფუნდამენტურად ამახინჯებს იმ რეალობას, რაც დასავლეთის ქვეყნებში ხდება.

ქართულ მედიაში დასავლეთში მომხდარი მოვლენების არასწორი პრიზმიდან განხილვის მთავარი მიზეზი ის არის, რომ დასავლური პოლიტიკური და სოციოკულტურული ფენომენების გაშუქება ხშირად ქართული პოლიტიკის გადმოსახედიდან ხდება. ქართული მედიის დიდი ნაწილი დასავლეთის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს არ აღიქვამს „შიგნიდან“ დანახული პერსპექტივიდან (როგორც ფილოსოფოსები იტყვიან ხოლმე, იმანენტურად).

მთავარი მიზეზი, თუ რატომაც ხდება ასე, ის არის, რომ დასავლური პოლიტიკის პარტიული და იდეოლოგიზირებული ხასიათი ქართული დამკვირვებლისთვის ძალიან უცხოა. ამ შინაგან გაუცხოებას ემატება ისიც, რომ განვითარებული ქვეყნების პოლიტიკურ დღის წესრიგში ზოგჯერ ისეთი თემები წამოიჭრება ხოლმე, რომლებიც ქართული რეალობისთვის არც თუ ისე რელევანტურია.

დამახინჯებულ აღქმები არსებობს არა მხოლოდ ევროპის შედარებით მცირე ზომის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ, არამედ აშშ-ს შიდა პოლიტიკურ საკითხებზეც. მაგალითად, თითქმის არც ერთ ქართულ მედიას არ გაუშუქებია სიღრმისეულად ის, თუ რა იყო უკანასკნელი პერიოდის ამერიკული არჩევნების მთავარი თემები ან რა იდეოლოგიური დაპირისპირება არსებობს პოლარიზებულ ამერიკულ საზოგადოებაში.

შედეგად, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ძირითადად, ინფორმაცია მოგვეწოდება ქართული პოლიტიკური მენტალური მატრიცის პრიზმიდან. მაგალითად, ხშირად მთელი აქცენტი კეთდება პიროვნებებზე და არა პარტიებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე (მოგეხსენებათ, რომ პიროვნებებს შორის ომი ბოლო ოცდაათი წლის ქართული პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა).

მართალია, განსაკუთრებით, აშშ-ს პოლიტიკა ბოლო წლებში საგრძნობლად დაემსგავსა ქართულს (განსაკუთრებით, გაზრდილი პოლარიზაციითა და ძლიერ მმართველზე გაზრდილი მოთხოვნილებით), თუმცა პარტიული და იდეოლოგიური დაპირისპირებები ამ ქვეყნის პოლიტიკაში მაინც ბევრად დიდ როლს თამაშობს, ვიდრე საქართველოში. ამერიკული პოლიტიკა არ არის, მარტივად, ტრამპსა და ბაიდენს შორის მიმდინარე ბრძოლა (როგორც საქართველოში, ბოლო ათწლეულში, წინა პლანზე ვხედავთ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის მიმდინარე ბრძოლას), არამედ ეს სხვადასხვა იდეოლოგიურ მიმდინარეობებსა და პარტიულ სტრუქტურებს შორის არსებული დაპირისპირებაცაა.

იმ ფონზე, როდესაც აშშ-ს შიდა და საგარეო პოლიტიკის გაშუქება ასე ჭირს, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფრო ნაკლებად პოლარიზებულ და შინაარსზე მეტად ორიენტირებული პოლიტიკური პროცესების განხილვას. მაგალითად, გერმანული პოლიტიკა თავისი იდეოლოგიური მრავალფეროვნებით და კოალიციური გარიგებებით (გერმანიის მთავრობა ამჟამად სამი სხვადასხვა იდეოლოგიის პარტიისგან შედგება, რომელთა ერთობლიობაც „შუქნიშნის კოალიციის“ სახელით არის ცნობილი) ქართული მედიისა და შესაბამისად საზოგადოების ფოკუსიდან თითქმის მთლიანად გამქრალია.

დასავლეთის არასწორად გაშუქება არა ერთი მიზეზით არის საზიანო. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ დასავლური ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზე ვიქმნით მცდარ წარმოდგენებს, ლიბერალურ-დემოკრატიული ქვეყნების თანამედროვე პოლიტიკისგან უკვე არსებულ ჩამორჩენასაც ვკვებავთ. საბოლოოდ კი ეს საქართველოს და ქართული საზოგადოების ევროინტეგრაციასაც აფერხებს.
კატეგორია: ბლოგი
კომპანია OpenAI-ის ჩატბოტის ChatGPT-ის გამოჩენამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ბევრ სხვა თემასთან ერთად, ექსპერტები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყენონ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა, მათ შორის მედიის მუშაკებმა, ახალი ხელოვნური ინტელექტი.

აღსანიშნავია, რომ Mediachecker-მა ChatGPT-ის უკვე დააწერინა სტატია ჟურნალისტიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებისა და რისკების შესახებ. ამ სტატიაში, თავად ხელოვნური ინტელექტი „ამტკიცებს“, რომ ChatGPT და მსგავსი პლატფორმები მედიის პროფესიონალებს საქმეებს გაუადვილებთ. თუმცა მისი გამოყენების დროს გარკვეული რისკებიც არსებობს. მაგალითად, ChatGPT-ის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ყოველთვის ზუსტი ან ტენდენციურობისგან თავისუფალი არ არის.

საკითხავია, თუ უფრო კონკრეტულად, რა დონეზეა გამოსადეგი ChatGPT მედიის მუშაკებისთვის და რამდენად მიზანშეწონილია მისი გამოყენება. ამ ბლოგში, თავად ChatGPT-ის დახმარებით, სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდები.

ChatGPT-ის „აზრით“, ჟურნალისტებს ხელოვნური ინტელექტი შემდეგი აქტივობების ჩასანაცვლებლად შეუძლიათ გამოიყენონ:

1. დიდი ტექსტების შეჯამებისა და მთავარი აქცენტების გენერირებისთვის;

2. ინფორმაციის გადამოწმებისთვის;

3. კვლევის დროს შესაბამისი მონაცემებისა და წყაროების მოძიებისთვის;

4. რუტინული ამოცანების შესრულებისთვის - მაგალითად, სპორტული ანგარიშებისა და ამინდის სიახლეების გენერირებისთვის.

ოთხივე ეს აქტივობა მართლაც ადვილად შეიძლება ჩანაცვლდეს ან მინიმუმ, გაადვილდეს ChatGPT-თი (ცხადია, ჯერჯერობით, მხოლოდ ინგლისურ ენაზე). როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითი გვაჩვენებს, ChatGPT, ასევე, უადვილებს საქმეს პუბლიცისტებსა და ანალიტიკოსებსაც. პუბლიცისტებს ამიერიდან გარკვეული ტიპის არგუმენტების მოფიქრებისთვის ტვინის ჭყლეტა შედარებით უფრო ნაკლები დოზით დაგვჭირდება.

მას შემდეგ, რაც ChatGPT გამოვიდა, გადავწყვიტე, რომ როგორც პუბლიცისტს, თავად შემემოწმებინა ის, თუ რამდენად შეძლებდა ხელოვნური ინტელექტი ჩემს ბლოგებში გამოთქმული მოსაზრებების გენერირებას. მინდა გითხრათ, რომ ამ ექსპერიმენტის შედეგები მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

მაგალითად, mediachecker-ზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წინა ბლოგში, ვცდილობ, დავასაბუთო ის, რომ ტვიტერი ქალაქის ვირტუალური მოედანი არ არის. ბლოგში მთავარ არგუმენტად მომყავს ის, რომ ტვიტერზე, ქალაქის მოედნისგან განსხვავებით, ინფორმაციის გავრცელებას ალგორითმები უზრუნველყოფენ. როდესაც ChatGPT-ზე ამ საკითხის შესახებ ვკითხე, მან პირველ არგუმენტად სწორედ ზემოთაღნიშნული მოსაზრება მომიყვანა.

ერთ-ერთ სხვა ბლოგში ვწერდი, რომ ფეისბუქი პოლიტიკურ პოლარიზაციას ამწვავებს. ამ სტატიაში მთავარ არგუმენტად ის მომყავდა, რომ ფეისბუქი ქმნის ე.წ. ბაბლებს (echo chambers), რაც თავის მხრივ, სოციალური ქსელის მომხმარებლებს განსხვავებული მოსაზრებების გაცნობაში უშლით ხელს. როდესაც ამ თემის შესახებ ChatGPT-ის დავუსვი კითხვა, მან ჩემ მიერ მოყვანილი არგუმენტი თითქმის ერთი ერთში გაიმეორა.

რა თქმა უნდა, ChatGPT-იც და მეც აქამდე არსებულ კვლევებსა და ექსპერტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ვეყრდნობით. მაგალითად, ის მოსაზრება, რომ სოციალურ ქსელებში არსებულ„ბაბლებს“ პოლარიზაციისკენ მივყავართ, მედიის მკვლევრებსა და პოლიტიკის მეცნიერებს ადრე არა ერთხელ გამოუთქვამთ. ჩვენ, ამ შემთხვევაში, მხოლოდ დამკვიდრებული მოსაზრებები შევაჯამეთ.

თუმცა პუბლიცისტებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოსადეგობა მხოლოდ შეჯამების ფუნქციით არ ამოიწურება. მაგალითად, უნდა ვაღიარო, რომ ის არგუმენტი, რომ ტვიტერი ქალაქის ვირტუალური მოედანი არ არის, სხვებისგან დამოუკიდებლად განვავითარე. ამ შემთხვევაში, ChatGPT-მ post factum დამანახა ის, რომ ამ საკითხზე იდენტური მოსაზრება უკვე სხვა ადამიანებსაც გამოუთქვამთ. ეს მაფიქრებინებს იმას, რომ მომავალში, უკვე გამოთქმული არგუმენტების ხელახლა მოსაფიქრებლად ბევრი ტვინის ჭყლეტა ნაკლებად დამჭირდება.

ცხადია, ChatGPT პუბლიცისტებს ნაკლებად დაგვეხმარება მიმდინარე ამბების (მას უახლოეს და მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია არ აქვს) ან საქართველოში მომხდარი მოვლენების (ის, ძირითადად, ინგლისურენოვან სივრცეში არსებული ინფორმაციით ხელმძღვანელობს) გაანალიზებაში. თუმცა ის დაგვეხმარება ყველაზე უფრო ცხადი და გავრცელებული არგუმენტების მოძიებაში (რაც მე დამოუკიდებლად გავაკეთე ვირტუალურ „ბაბლებზე“ წერის დროს) და ველოსიპედის თავიდან გამოგონებასაც აგვარიდებს თავიდან (ფაქტია, რომ ტვიტერზე წერის დროს უკვე არსებული არგუმენტის თავიდან გამოგონება მომიწია).

იმის გამო, რომ ხელოვნურ ინტელექტს ასეთი შთამბეჭდავი კოგნიტური ამოცანების შესრულება შეუძლია, ზოგიერთმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა შეიძლება მისი გამოყენება ითაკილოს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იქნება ერთგვარად რეაქციონერული პოზიცია ახალ ტექნოლოგიაზე. იმისთვის, რომ მედია განვითარდეს, ახალ ტექნოლოგიებზე უარის თქმის ნაცვლად, ხელოვნურ ინტელექტთან თანაცხოვრება და მისი საუკეთესო დანიშნულებით გამოყენება უნდა ვისწავლოთ.
კატეგორია: ბლოგი
9 იანვარს „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულმა ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ის შეთქმულების თეორიების ავითარებს აშშ-ს და დასავლეთის სხვა ქვეყნების მმართველობის შესახებ. ეს წერილი გააშუქა არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა კერძო ტელეკომპანია „იმედმა“ არამედ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც. შათირიშვილის მსგავსი განცხადებები, ისევე, როგორც ფორმალურად დამოუკიდებელი „ხალხის ძალის“ გამოსვლები ქვეყნის დე ფაქტო მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის ნაწილია.

ამ გზით, ივანიშვილს სურს, რომ საკუთარი თავის დასავლეთიდან წამოსული კრიტიკისგან დაიცვას. თავდაცვის მსგავს სტრატეგიას ხშირად „whataboutism”-ს უწოდებენ.

ინგლისური ფრაზა “what about?” ქართულად ნიშნავს „რაც შეეხება?“-ს. „whataboutism”-ის სტრატეგიას ვინც იყენებს, ის თავიდან იცილებს მასზე წამოსულ კრიტიკას იმით, რომ მოწინააღმდეგეს რაიმეში სდებს ბრალს. ივანიშვილს ურჩევნია, რომ დღის წესრიგში მთავარი თემა დასავლეთის კრიტიკა იყოს და არა მისი ოლიგარქიული, ავტორიტარული მმართველობა (რომელიც დასავლური ქვეყნების კრიტიკის ობიექტი ხშირად ხდება).

თუმცა უნდა ხმამაღლა ითქვას ის, რომ აღნიშნული სტრატეგიით „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ საკუთარ ავტორიტარულ ძალაუფლებას იცავს, არამედ ქვეყანაში დასავლური იდეის დასუსტებას და რუსეთის იდეის გაძლიერებასაც უწყობს ხელს. დასავლეთის კრიტიკა არ არის რაღაც, რაც აკრძალული უნდა იყოს ან რაც, აუცილებლად არასასურველად შეიძლება მივიჩნიოთ. დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ს, ძველი ან ამჟამინდელი პოლიტიკის კრიტიკა ბევრნაირი პერსპექტივიდან არის შესაძლებელი. თუმცა ის კრიტიკული პოზიცია, რაც ივანიშვილის დამცველებს და პირველ რიგში, შათირიშვილს აქვთ არჩეული, თავისთავად გულისხმობს პრორუსული ნარატივის გაძლიერებას. ქვემოთ შევეცდები ავხსნა, თუ რატომ მივიჩნევ ასე.

შათირიშვილის მთავარი პრეტენზია აშშ-ს წინააღმდეგ ის არის, რომ მას ოლიგარქები მართავენ, რომლებიც „ლიბერალურ იდეოლოგიას“ ავრცელებენ. „ლიბერალიზმში“ შათირიშვილი გულისხმობს „აგრესიული ათეიზმის ახალი ტალღას“, „რელიგიური გაერთიანებებისა და რელიგიური დოგმების წინააღმდეგ გალაშქრებას“, „სამეფო ოჯახების იმიჯის დაკნინებას“, „აგრესიულ ლგბტ პროპაგანდას“ და “ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის სხვა გამოვლინებებს, რომელთა მიზანიც სახელმწიფოების ეთნიკური, რელიგიური და კულტურული იდენტობის მოშლაა”. მისი აზრით, ლიბერალური იდეოლოგიის გავლენით ადამიანი არა ღვთის სახედ შექმნილ ინდივიდად, არამედ ზომბირებული კოლექტივის რიგით რგოლად იქცევა.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ზემოთაღწერილი ულტრაკონსერვატორული პერსპექტივიდან შესაძლებელია დასავლეთის კრიტიკა ისე, რომ აუცილებლად მკვეთრად პრორუსულ პოზიციამდე არ მივიდეთ. მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი და პოლონეთის მმართველი პარტია, ასევე, ავითარებენ „ლიბერალიზმის“ წინააღმდეგ მიმართულ ულტრაკონსერვატორულ და პოპულისტურ რიტორიკას. თუმცა საქართველოს შემთხვევაში, რომელიც არც ნატოს წევრია და არც ევროკავშირის, მსგავსი ანტიდასავლური ანტილიბერალიზმი საშიშ გეოპოლიტიკურ იმპლიკაციებს შეიცავს (იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ულტრაკონსერვატიზმი, თავისთავად, თავისუფლებისა და თანასწორობის წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიაა).

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შათირიშვილი აშშ-ს აღნიშნული პერსპექტივიდან აკრიტიკებს მიმდინარე მოვლენების ფონზე, როდესაც საქართველოს ოკუპანტი და მტერი ქვეყანა უკრაინაში იმპერიალისტურ ომს აწარმოებს. ანტიდასავლური პოპულიზმი ესეთ კონტექსტში რუსეთის იმპერიისთვის სასარგებლო გეოპოლიტიკური დასკვნების გაკეთებისკენ გვიბიძგებს.

მსგავს მავნე დასკვნებამდე განსაკუთრებით იმ ფაქტმა შეიძლება მიგვიყვანოს, რომ შათირიშვილი, ფაქტობრივად, არაფერს ამბობს რუსეთზე და მის ფაშისტურ (ამ სიტყვის, ტიმოთი სნაიდესირეული გაგებით) რეჟიმზე. მისი და ივანიშვილის სხვა ულტრაკონსერვატორი მხარდამჭერების - განსაკუთრებით, „ხალხის ძალის“ რიტორიკიდან ისე ჩანს, რომ სამყაროში მთავარი პრობლემა დასავლეთი და მისი „ლიბერალური იდეოლოგიაა“. ამ უკუღმართი პერსპექტივიდან, რუსეთი და მისი ფაშისტური რეჟიმი, მაქსიმუმ, მარგინალურ უსიამოვნებად შეიძლება ჩავთვალოთ.

აღსანიშნავია ის, რომ საშიშ ანტიდასავლურ რიტორიკას, ჯერჯერობით, ქვეყნის პირველი პირები ნაკლებად ავითარებენ. თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებული პროპაგანდისტული მედიები, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჩათვლით, გამალებით არიან ჩართულები დასავლეთის ყოველი მხრიდან დისკრედიტაციის საქმეში. აღნიშნული ქმედებები, საბოლოო ჯამში, ქვეყნის დასავლური ორბიტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ ჩამოშორებას და იმპერიალისტური რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას უწყობს ხელს.
კატეგორია: ბლოგი
2022 წლის შეჯამება:

სამოქალაქო დაპირისპირების რიტორიკა გაერთიანების ნაცვლად

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრამ რეგიონალური და მსოფლიო წესრიგი შეარყია. დასავლურ ქვეყნებში ამ მოვლენამ ბუნებრივად დაიკავა ლამის მთელი საინფორმაციო ველი. უკრაინის გადარჩენა რუსეთის კლანჭებიდან, სავსებით მართებულად, გამოცხადდა ბრძოლად თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. დასავლეთის იმ ქვეყნებმა, რომლებსაც აქამდე რუსეთთან დაკავშირებით ამბივალენტურ პოზიციები ჰქონდათ (მაგალითად, გერმანიამ და საფრანგეთმა), აღიარეს ახალი რეალობა და მისი სიმწარე. დასავლთის ერები, იმის ნაცვლად, რომ უფრო მეტად დაყოფილიყვნენ, ახალ საფრთხესთან გასამკლავებლად ახალი შემართებით გაერთიანდნენ.

პარადოქსულია, მაგრამ გაერთიანების ნაცვლად, რუსეთის უკრაინის შეჭრის შემდეგ, პოლიტიკური და მედია ელიტები საქართველოში კიდევ უფრო მეტად დაიყო და დაიქსაქსა. სააკაშვილის უკრაინიდან ჩამოსვლამ შიდა პოლიტიკური დაყოფები კიდევ უფრო მეტად გაამწვავა და ქართული პოლიტიკა უფრო მეტად პერსონალური გახადა, ვიდრე აქამდე იყო.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ და მისი გავლენის ქვეშ მყოფი მედია საშუალებების (ასევე, მისი პარტიული სატელიტების) რიტორიკის ცენტრალური მოტივი იყო ყველა ისეთი ადამიანის „ომის მომხრედ“ გამოცხადება, ვისაც საქართველოს ამჟამინდელ საგარეო პოლიტიკაზე განსხვავებული შეხედულება აქვს. ამ გზით, „ქართული ოცნება“ ცდილობდა საწინააღმდეგო აზრის ჩახშობას და საინფორმაციო ველის კონსოლიდირებას ეგზისტენციალური საფრთხის მოხმობით.

მაშინ, როდესაც რაღაც მოვლენა ეგზისტენციალური მნიშვნელობის საფრთხედ ინათლება, მთავარ პრიორიტეტად ქვეყნის გადარჩენა ცხადდება ისე, რომ მოცემულ თემაზე რაციონალური დისკუსიების გამართვის ადგილი აღარ რჩება. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ რიტორიკამ მის მიერ კონტროლირებულ მედიასაშუალებებში კრიტიკული განხილვისთვის აუცილებელი სივრცე მოსპო. მართლაც, რაღაა განსახილველი, თუკი ყველა ადამიანი, ვინც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას არ ემხრობა, ქვეყნისთვის საფრთხეა? ესეთი იყო ხელისუფლების და მისი პროპაგანდისტების ლოგიკა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, ოპოზიციურ მედიაში „ომის დაწყების“ ნარატივს უპირისპირდებოდა „ქართული ოცნების“ და მისი პოლიტიკის მხარდამჭერების პრორუსულ, პუტინისტურ ძალად გამოცხადების ტენდენცია. საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში ახალი შემართებით მოინათლა „პუტინისტური რეჟიმის“ მიერ საქართველოს ინტერესების ღალატად და კოლაბორაციონიზმად. აქედან გამომდინარე, ოპოზიციურ საინფორმაციო ველში მოიმატა საფრთხემ, რომ განსაკუთრებით, ყველაზე რადიკალური ჯგუფების მხრიდან, მოღალატედ გამოცხადებულიყო ყველა, ვინც მოცემულ თემაზე შედარებით ნიუანსურ პოზიციას გამოხატავდა. ამან, ცხადია, საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რაციონალური დისკუსიის გამართვის შესაძლებლობა დრამატულად შეამცირა.

სააკაშვილის ჩამოსვლამ პოლიტიკური პოლარიზაციის არსებული ტენდენცია კიდევ უფრო მეტად გაამწვავა, სულ მცირე, ორი მიზეზით:

პირველი, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა სატელიტებმა სააკაშვილის ჩამოსვლა „ომის დაწყების“ ნარატივთან დააკავშირეს. „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებული, ღიად ანტიდასავლური პარტია „ხალხის ძალა“ საუბრობს იმაზე, რომ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა რაღაც „დიდი სცენარის“ ნაწილია, რომლის მიზანიც ქვეყანაში არეულობის შემოტანაა.

ერთი სიტყვით, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პოლიტიკური ძალების და პროპაგანდისტების ნაწილი ცდილობს სააკაშვილის (და ასევე, ქართული სასამართლოს და პროკურატორის) შესახებ დისკუსია მთლიანად დაიცალოს რაციონალური განსჯისგან და მასზე მსჯელობა მხოლოდ ომისა და ეგზისტენციალური საფრთხის კონტექსტში მოხდეს.

ამის საპირისპიროდ, ოპოზიციაში გამყარდა შეხედულება, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი პუტინის პირადი ტყვეა და შესაბამისად, მისი პატიმრობიდან გამოხსნა ქვეყნის სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ნონა მამულაშვილის თქმით, იმის გამო, რომ სააკაშვილი რუსეთის ტყვეა, ის უკრაინაში დატყვევებულ რუსებზე უნდა გაიცვალოს.

ოპოზიციურ საინფორმაციო სივრცეში სააკაშვილის შესახებ დისკუსია, ძირითადად, სწორედ მსგავსი რიტორიკის ფონზე მიმდინარეობდა (არსებობს მცირე გამონაკლისებიც, ცხადია). იმის გამო, რომ დღის წესრიგში არსებული საკითხი საგანგებო ზომების მიღებას მოითხოვს, არ რჩება იმის ადგილი, რომ რაციონალურად ვიმსჯელოთ სამართლიანობის უნივერსალურ პრინციპებსა და იდეალებზე. ეს კი თავისთავად ყველაზე უფრო მიკერძოებულ და რადიკალურ აქტორებს აძლევს მეტ გასაქანს, შედარებით ზომიერი პოზიციების დასუსტების ხარჯზე.

ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე, საგანგაშოა ის, რომ საქართველოში, 1991-1993 წლების სამოქალაქო ომის შემდეგ, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს აშკარა ეგზისტენციალურ საფრთხედ პირველად განიხილავენ. საშიში პოლარიზაციის ეს ტენდენცია განსაცვიფრებელია იმ ფონზე, როდესაც გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიციების კონსოლიდირება უფრო ხდება, ვიდრე დაყოფა. 2022 წლის თებერვალ-მარტის NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, უკრაინის ომის დაწყებამდე მოსახლეობის 24 % მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო რუსეთთან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა. ომის დაწყების შემდეგ, რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის მომხრე ქართველების რიცხვი 13 %-მდე შემცირდა

რთული საკითხია ის, თუ რას შეიძლება გამოეწვია პოლიტიკური ელიტების არნახულად პოლარიზაცია იმ ფონზე, როდესაც მოცემულ საკითხებზე საზოგადოებაში არსებული დაპირისპირება მცირდებოდა. სავარაუდოდ, პოლარიზაციის მიზეზები ოლიგარქიულ გავლენებში, რუსეთის აგენტურის (მათ შორის, არა მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტების, არამედ ბოტებისა და ტროლების) მოქმედებებსა და ორივე მხარეს ექსტრემისტული და რადიკალური ძალების მოქმედებებში უნდა ვეძებოთ.

ზემოთ აღწერილი „ელიტური“ პოლარიზაციის ფონზე, მაინც იმედისმომცემია ის, რომ საზოგადოებაში ქვეყნისთვის ეგზისტენციალურ მნიშვნელოვან საკითხებზე პოლარიზაცია მცირდება. ადრე თუ გვიან, ამ ფაქტმა შეიძლება მთავარ პოლიტიკურ აქტორებს ერთმანეთთან დაახლოებისკენ უბიძგოს. იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მათგანი (ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, „ქართული ოცნება“) უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ საზოგადოების უმრავლესობის აზრს ვერ აჰყვება, ეს, სავარაუდოდ, უკონტროლო პროცესების დაწყებას გამოიწვევს. ამიტომ, მომდევნო წლისთვის, ხელი უნდ შევუწყოთ იმას, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში არსებულმა გამაერთიანებელმა განწყობებმა პოლიტიკური დაპირისპირების შემცირება და შეკავება გამოიწვიოს, საინფორმაციო ველი კი უფრო მეტად დემოკრატიული და კრიტიკული გახადოს. ამისთვის, პირველ რიგში, დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას, თავისუფალ და რაციონალურ განსჯას და დემოკრატიულ საინფორმაციო ველს უნდა დავუჭიროთ მხარი.
კატეგორია: ბლოგი
საქართველოში მედია, მიუხედავად მთავრობის მხრიდან წამოსული ზეწოლისა, პლურალისტულია. ვფიქრობ, ეს პლურალიზმი თავისთავად სიკეთედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. თუმცა პლურალიზმი აუცილებელი და არა საკმარისი პირობაა იმისთვის, რომ მედიამ დემოკრატიის განვითარებაში დადებითი როლი ითამაშოს. ქვემოთ ჩამოვთვლი სამ მთავარ პირობას, რისი დაკმაყოფილებაც სჭირდება საქართველოში მედიას იმისთვის, რომ მან ხელი შეუწყოს ლიბერალური დემოკრატიის განვითარებას. ვფიქრობ, რომ ვერც ერთ პირობას ქართული მედია საშუალებების უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს.

1) იმისთვის, რომ განვითარდეს დემოკრატია, საჭიროა დისკუსია შინაარსზე და არა პიროვნებებზე. იმის გამო, რომ ქართული პოლიტიკა პერსონიფიცირებულია, ხშირად აქცენტი კეთდება იმაზე, თუ ვინ ვისკენაა და არა იმაზე, თუ ვინ რას ფიქრობს - რა დღის წესრიგი აქვს, რაში ეთანხმება ან არ ეთანხმება მოწინააღმდეგე პარტიას, რისი შეცვლა სურს და ა.შ. არადა, პირველ რიგში, საინტერესოა, თუ მაგალითად, რა არის საქართველოს ჯანდაცვის პოლიტიკის, ეკონომიკური პოლიტიკის, საგარეო პოლიტიკის, ურბანული განვითარების პოლიტიკის ჩავარდნები და მიღწევები. შემდეგ არის საინტერესო, თუ რას ფიქრობენ ამ თემაზე კონკრეტული პოპულარული პიროვნებები (პოლიტიკოსები და სხვები).

მოცემული თემის საფუძვლიანად განხილვისთვის ზოგჯერ აუცილებელია, რომ აზრი ვკითხოთ სფეროს ექსპერტებს და არა „ყველაფრის ექსპერტებს“. მედია, ექსპერტებს იმის მიხედვით არ უნდა არჩევდეს, ვის როგორი პოზიციები აქვს. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქემ მიიღოს არა გამზადებული პასუხები ყველაფერზე (რაც უფრო პროპაგანდაა, ვიდრე ინფორმაციის გადაცემა), არამედ ინფორმაცია და მოსაზრებები. მედია საშუალება არ უნდა წარმოადგენდეს რომელიმე პოლიტიკური ძალის რუპორს. ამის ნაცვლად, ის თავისი მომხმარებლისთვის უნდა ტოვებდეს სივრცეს თავისუფალი განსჯისთვის.

2) მნიშვნელოვანია, მედია საშუალებებმა ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მათ ენდობოდეს არა მოსახლეობის მხოლოდ ერთი სეგმენტი, არამედ მოსახლეობის ფართო ფენები. უნდა აღინიშნოს, რომ მედიას ნდობის პრობლემა მთელ მსოფლიოში აქვს და ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი. თუმცა ის, რაც განვითარებულ ქვეყნებში პრობლემად მიიჩნევა და რის აღმოფხვრაზეც საჯაროდ მსჯელობენ, ჩვენთან ნორმად ითვლება. მედია პლურალიზმზე ჩატარებული NDI-ის 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში, ადამიანების მხოლოდ 6 % ენდობა სრულად მედიას; 66 % მხოლოდ ნაწილობრივ ენდობა და ეს ნდობა განაწილებულია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ მედია საშუალებებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალი ნდობის მქონე ეროვნული მედია საშუალებები ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ გვაქვს.

ნდობის მოსაპოვებლად შემდეგი ნაბიჯების გადადგმა საჭირო: სარედაქციო დამოუკიდებლობის (მედიის მფლობელებისგან რედაქციის დამოუკიდებლობის) უზრუნველყოფა, საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა შეხედულებების მეტნაკლებად თანაბრად გაშუქება, ფინანსური გამჭვირვალობა, პოლიტიკური ძალებისგან დისტანცირება, რეალისტური ბიზნეს მოდელის შემუშავება და ა.შ.

3) იმისთვის, რომ მედია პლურალიზმმა დემოკრატიის სასიკეთოდ იმუშავოს, საჭიროა მედია კონცენტრაციის შემცირება. ეს იმას ნიშნავს, რომ გვჭირდება ისეთი დამოუკიდებელი მედია საშუალებების განვითარება, რომლებიც ძალაუფლების ცენტრებზე მიბმულები ნაკლებად იქნებიან და შეძლებენ ალტერნატიული და კრიტიკული აზრების უფრო თამამად გაჟღერებას. აქაც უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს პრობლემა ბევრ განვითარებულ ქვეყანაშიც არის. თუმცა საქართველოში, დონორებისგან დამოუკიდებელი, კომერციული მომგებიანი მედია პლატფორმების განვითარება განსაკუთრებით რთულია. ერთ-ერთი გზა, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მედია კონცენტრაციის შემცირებას, მედია საშუალებებისთვის გადასახადების შემცირება ან ზოგ შემთხვევაში (პროგრესულად) გაუქმება იქნება. თუმცა ამაზე საუბარი დღევანდელი პოლიტიკური რეჟიმის პირობებში ალბათ ზედმერად უტოპიურია.

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების დიდი ნაწილის აღმოფხვრას კეთილი ნება სჭირდება, რაც ბევრ შემთხვევაში შეიძლება არც არსებობდეს. თუმცა იმ შემთხვევებშიც, როდესაც ასეთი ნება ჩანასახის ფორმით მაინც არსებობს, შეიძლება ყველასთვის ბოლომდე გასაგები არ იყოს ის, თუ რის გაკეთებაა საჭირო, რომ მედიამ ქვეყნის განვითარებას შეუწყოს ხელი. იმედი მაქვს, ეს სტატია დაეხმარება დისკუსიას იმაზე, თუ რა უნდა იყოს პლურალისტული მედიის ის იდეალი, რომლისკენაც უნდა ვისწაფოდეთ. ამ იდეალისკენ სწრაფვის ტემპი კი უკვე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ გარემოზეა დამოკიდებული.
კატეგორია: ბლოგი
ქართულ მედიაში პოლარიზაცია ყოველთვის არსებობდა, თუმცა დღევანდელი სიტუაცია, გარკვეული აზრით, მაინც განსაკუთრებულია. საქმე ის არის, რომ მიუხედავად ჩვენს ხელთ არსებული ინოვატორული ტექნოლოგიური ინსტრუმენტისა - სოციალური ქსელებისა, პოლარიზაციის გადალახვა ან შემსუბუქება მაინც ვერ ხდება. პირიქით, ზოგჯერ სოციალური მედია ცეცხლზე ნავთს ასხამს და დაპირისპირებულ მხარეებს უფრო მეტად აჯახებს ერთმანეთთან.

ამ სტატიაში შევეცდები ავხსნა, თუ რატომ ხდება ისე, რომ საქართველოში სოციალური ქსელები, ნაცვლად იმისა, რომ პოლარიზაცია შეამსუბუქონ, ზოგჯერ მას უფრო მეტად ამძაფრებენ. ამ შემთხვევაში, ყურადღებას გავამახვილებ კონკრეტულ სოციალურ ქსელზე - ფეისბუქზე, ვინაიდან პოლიტიკურად აქტიური ქართველების დიდი ნაწილი სწორედ ამ პლატფორმას იყენებს.

ქართული ფეისბუქის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ ის, როგორც წესი, ამცირებს კონტაქტს სხვადასხვა შეხედულების ადამიანებს შორის და ქმნის, ფაქტობრივად, ჩაკეტილ ბაბლებს. ასეთ ბაბლებში ადამიანები მხოლოდ იდენტური ან მსგავსი შეხედულებების ადამიანებთან აქვთ კონტაქტი. შესაბამისად, ბუნებრივად მცირდება არგუმენტების მრავალფეროვნება და ძალიან ადვილი ხდება, რომ დაიჯერო რაღაც, რაზეც საკმარისი ინფორმაცია ან კონტრარგუმენტები არ მოგისმენია.

პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, ეს იმას ნიშნავს, რომ ფეისბუქის მომხმარებლები საერთო ნიადაგის შექმნისკენ კი არ ისწრაფვიან, არამედ პირიქით - უფრო და უფრო შორდებიან ერთმანეთს. ზოგჯერ, მომხმარებლებმა საპირისპირო მხარის შეხედულებებზე, ფაქტობრივად, არაფერი იციან. მართლაც შეუძლებელია სიღრმისეულად გაიგო, რას ფიქრობს „მოწინააღმდეგე ბანაკის“ წევრი, თუ მასთან თითქმის არასდროს გქონია რამე სახის დიალოგი და მისი აზრი არც სხვაგან წაგიკითხავს ან მოგისმენია.

გარდა ამისა, რადგან საპირისპირო შეხედულების მქონე ფეისბუქ მომხმარებლებს შორის (და ზოგჯერ, მსგავსი შეხედულების მქონეებს შორისაც) ურთიერთობის დომინანტური ფორმა აგრესიაა, ამ პლატფორმაზე წახალისებულები არიან ისეთი აქტივისტები, ვინც ყველაზე მეტად არიან ამ მიმართულებით დახელოვნებულები. ფეისბუქის ტოქსიკურ დებატებში, სადაც „ბულინგი“ ნორმალიზებული და ზოგჯერ წახალისებულია, არც თუ ისე იშვიათად „იმარჯვებენ“ ისეთები, ვინც უფრო მეტად ტოქსიკურები არიან. ამის გამო, ზოგჯერ ისეთი ადამიანებიც კი, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში, არ გამოირჩევიან აგრესიით, ფეისბუქზე ცდილობენ მოირგონ დაუნდობელი და უცენზურო მოპაექრისა და მჩაგვრელის იმიჯი.

ამასწინათ, მეგობრებთან ერთად ვცდილობდი გამეხსენებინა ადამიანები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ მშვიდობიანები და კონსტრუქციულები არიან, ფეისბუქზე კი სრულიად საპირისპიროდ იქცევიან. ჩემდა გასაკვირად, ასეთი არაერთი ჩამოვთვალეთ. შემდეგ დავფიქრდი მიზეზებზე, თუ რატომ იქცევიან ეს ადამიანები ასე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ არა მხოლოდ ქართული პოლიტიკა, არამედ ფეისბუქზე არსებული ტოქსიკური გარემოც ბევრ მომხმარებელს სწორედ აგრესიული ქცევისკენ უბიძგებს.

დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ პოლარიზაციას ამძაფრებს ფეისბუქის “მოწონებების“ სისტემა და ალგორითმები, რომლებიც პოპულარულ და პოტენციურად საინტერესო პოსტებს ანიჭებს უპირატესობას. პოპულარული აზრი ყოველთვის სწორი აზრი არ არის. რაციონალური დებატების ყველაზე დიდი თეორეტიკოსები, დაწყებული ჯონ სტიუარტ მილიდან და დამთავრებული იურგენ ჰაბერმასით, სწორედ იმაზე მიანიშნებენ, რომ სიმართლე ზოგ შემთხვევაში რთული მოსასმენია და მის გასახმოვანებლად საჭიროა არსებობდეს გავლენებისგან თავისუფალი საჯარო სივრცე.

არაპოპულარული აზრი, თავისთავად, ბევრად ნაკლებ „მოწონებასა“ და „გაზიარებას“ იმსახურებს, ვიდრე პოპულარული (თუნდაც ეს უკანასკნელი შეთქმულების თეორია იყოს) და შესაბამისად, რიგით მომხმარებელს ის ნაკლებად ხვდება თვალში. რაც უფრო ნაკლებ არაპოპულარულ აზრს მოისმენს მომხმარებელი, ბუნებრივია, ის უფრო მეტად გაიმყარებს იმ წარმოდგენებს, რომლებიც მისი „ბაბლისთვის“ მისაღებია. ეს კი პოლარიზაციას, რა თქმა უნდა, უფრო მეტად გაამძაფრებს.

გარდა ამისა, ფეისბუქი (და მასზე უფრო მეტად ტვიტერი, რომელსაც საქართველოში მასობრივად არ იყენებენ) თავისი ფორმატიდან და ალგორითმებით გამომდინარე, ახალისებს ისეთ მოსაზრებებს, რომლებიც ნიუანსური არ არის. ხშირად ეს არის პათეტიკური პოსტები, რომლებიც ანალიტიკისგან თითქმის მთლიანად დაცლილია ან ხუმრობები, რომლებიც, როგორც თითქმის ყველანაირი იუმორი, რაღაც ტიპის გაზვიადებებს ეყრდნობა (იუმორის ამ თვისების წინააღმდეგი არ ვარ, უმალ პირიქით). სერიოზული დისკუსიები ქართულ ფეისბუქზე იშვიათია და როგორც წესი, მომხმარებლების დიდი ნაწილი თვლის, რომ ასეთი განსჯების ადგილი სოციალურ ქსელში არც არის.

ზემოთჩამოთვლილი ფაქტორების კომბინაციით, ვიღებთ ქართულ ფეისბუქს, რომელიც ერთგვარი მედია-საბერველია, რომლითაც მომხმარებლები, თავისდა უნებურად, უფრო მეტად აღვივებენ პოლარიზაციას. რთული სათქმელია, რა შეიძლება იყოს აქედან პრაქტიკული გამოსავალი. თუმცა იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ფეისბუქის მავნე ეფექტების გააზრება და ამ თემაზე ღია დისკუსია გამოსავლის პოვნაში დაგვეხმარება.
კატეგორია: ბლოგი
რაში ცდება ილონ მასკი: ტვიტერი ქალაქის ვირტუალური მოედანი არ არის.

მას, შემდეგ, რაც ტვიტერი მსოფლიოში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ილონ მასკმა შეიძინა, ამ კომპანიის თავს ბევრი რამ ხდება:

  • მასკი გეგმავს, რომ ტვიტერი ბანკად გადააქციოს.

  • მენეჯმენტის ცვლილების ფონზე, კომპანიიდან ბევრი თანამშრომელი გაუშვეს და ზოგიც თავისი ნებით წავიდა;

  •  კომპანიის ახალმა მფლობელმა მიანიშნა, რომ შეიძლება ტვიტერი ვერ გაუმკლავდეს ფინანსურ გამოწვევებს და უახლოეს მომავალში, გაკოტრდეს;

  •  ტვიტერზე დაბლოკილი აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კომპანიას სასამართლოში უჩივის და სარჩელში საკუთარ თავს გალილეო გალილეის ადარებს;

მოკლედ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის მომავალი ამ ეტაპზე გაურკვეველი და ბუნდოვანია. ამ ფონზე, სამსჯელო და საკამათო ბევრი რამეა.

ამ სტატიაში მინდა, რომ ტვიტერის წინაშე მდგარ ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ პრობლემაზე გავამახვილო ყურადღება. ეს პრობლემა უკავშირდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების იმ ინტერპრეტაციას, რომელსაც ტვიტერის ახალი მფლობელი იზიარებს.

ილონ მასკი საკუთარ თავს „სიტყვის თავისუფლების აბსოლუტისტს“ უწოდებს. მას სჯერა, რომ ადამიანებს საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის თითქმის შეუზღუდავი უფლება უნდა ჰქონდეთ.

ამ სტატიაში მინდა ვაჩვენო, რომ ტვიტერთან და სხვა სოციალურ ქსელებთან მიმართებაში „სიტყვის თავისუფლების აბსოლუტიზმი“ ლოგიკურად გაუმართავი შეხედულებაა.

იმის უკეთ გასაგებად, თუ რა დგას „სიტყვის თავისუფლების აბსოლუტიზმის“ უკან და რაში მდგომარეობს მისი მთავარი პრობლემა, მასკის ძველი „ტვიტი“ გამოგვადგება. 2022 წლის მარტში მასკმა ტვიტერზე შემდეგი კითხვა დასვა: „იქიდან გამომდინარე, რომ ტვიტერი ახლა, დეფაქტოდ, ქალაქის საჯარო მოედანია, სიტყვის თავისუფლების პრინციპების დარღვევა დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას უდრის. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება, რომ გაკეთდეს?“

ტვიტერთან მიმართებაში „სიტყვის თავისუფლების აბსოლუტიზმის“ მთავარი ჩავარდნა სწორედ მასკის ამ ტვიტში ჩანს. საქმე ისაა, რომ სოციალური ქსელები და მათ შორის, ტვიტერი ვირტუალურ ქალაქის მოედნებად ვერ ჩაითვლებიან, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი კერძო კომპანიებია, რომლებიც ნაწილობრივ მაინც, პასუხისმგებლად შეიძლება ჩაითვალონ იმაზე, რასაც ავრცელებენ.

აშშ-ში ეს დებატები მჭიდროდ არის დაკავშირებული „კომუნიკაციის მართებულობის აქტთან“, რომელიც სოციალურ ქსელებს სწორედ საჯარო მოედნებად აღიქვამს. თუმცა ბოლო დროს, ეს ანალოგია წამყვანმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ეჭვის ქვეშ დააყენეს.

მაგალითად, აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა რამდენჯერმე მოუწოდა კონგრესს, შეიტანონ „კომუნიკაციის მართებულობის აქტში“ ცვლილებები და ინტერნეტ პლატფორმებს დააკისრონ პასუხისმგებლობა იმ ინფორმაციაზე, რასაც მომხმარებლები მათი მეშვეობით ავრცებენ.

ამერიკელი დემოკრატებისთვის წამყვანი პრიორიტეტი ცრუ ინფორმაციასთან და სიძულვილის ენასთან ბრძოლაა, კონსერვატორებს კი, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე, მომხმარებელთა დისკრიმინაციის გაუქმება უფრო აინტერესებთ (მათს ნაწილს სჯერა, რომ სოციალური ქსელები ტენდენციურები არიან და კონსერვატორულ შეხედულებებზე ცენზურას აწესებენ).

მთავარი განსხვავება სოციალურ ქსელებსა და ქალაქის მოედანს შორის ის არის, რომ ქალაქის მოედანი, სოციალური ქსელისგან განსხვავებით, არ ერევა იქ გაკეთებული განცხადებების შინაარსში. მაგალითად, ვიღაცას შეუძლია, რომ ქალაქის მოედანზე გავიდეს და ღიად რასისტული შეხედულებები გამოთქვას. ამაზე პასუხისმგებლობა (რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი მოცემულ იურისდიქციაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიმართული კანონები არსებობს) დაეკისრება აღნიშნულ პიროვნებას და არა „ქალაქის მოედანს“ ან მის მფლობელს (როგორც წესი, მუნიციპალიტეტს).

ქალაქის მოედნისგან განსხვავებით, სოციალური ქსელი, გარკვეული აზრით, მედიაა, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი (როგორც რადიო ან ტელევიზია), კომპლექსური ალგორითმებით მუშაობს და კონკრეტულ კერძო ან საჯარო ორგანიზაციას ეკუთვნის.

ამასთან ერთად, სოციალური ქსელები მომხმარებლების პირად ინფორმაციას ფლობენ და ინახავენ და, როგორც წესი, კომერციულ მოგებაზე არიან ორიენტირებულები. შესაბამისად, მათ სხვა სახის რეგულაციები უნდა მიემათებოდეს, ვიდრე ქალაქის საჯარო მოედანს, რომელიც თვისებრივად განსხვავებული, ხელოვნურად შექმნილი გავლენებისგან და ბარიერებისგან მეტნაკლებად თავისუფალი სივრცეა.

ბოლო პერიოდში, ევროკავშირი სწორედ მასკის საპირისპირო შეხედულებისკენ იხრება. 2022 ევროპარლამენტმა მიიღო „ციფრული სერვისების აქტი“ და „ციფრული ბაზრის აქტი“

 ორივე შემთხვევაში, ევროკავშირმა ჩათვალა, რომ სოციალური ქსელები არ არიან, უბრალოდ, „ქალაქის მოედნები“, არამედ ისინი წარმოადგენენ კერძო პლატფორმებს, რომლებიც, ნაწილობრივ მაინც უნდა იღებდნენ თავიანთ თავზე პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მათი მეშვეობით ვრცელდება (და ასევე, იმ მავნე გავლენებზეც, რაც შესაძლოა ჰქონდეთ მომხმარებლებზე).

ვფიქრობ, რომ ევროკავშირის მიდგომა, მასკის მიდგომისგან განსხვავებით, არამხოლოდ მეტად გამართულია ლოგიკურად, არამედ, ის მეტად რეალისტურიც არის და პასუხობს თანამედროვე ინტერნეტ სივრცის გამოწვევებს.

ასევე, სავარაუდოა, რომ რაც უფრო აშკარა გახდება სოციალური ქსელების მავნე გავლენები, მით უფრო მეტ იურისდიქციაზე გავრცელდება აღნიშნული მიდგომა. იქამდე, შეგვიძლია მასკის „აბსოლუტიზმის“ ექსპერიმენტს დავაკვირდეთ და მომავალში მისგან სასარგებლო დასკვნები გამოვიტანოთ.
კატეგორია: ბლოგი
მას, შემდეგ, რაც ტვიტერი მსოფლიოში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ილონ მასკმა შეიძინა, ამ კომპანიის თავს ბევრი რამ ხდება:

 

• მასკი გეგმავს, რომ ტვიტერი
ბანკად გადააქციოს.


• მენეჯმენტის ცვლილების ფონზე, კომპანიიდან ბევრი თანამშრომელი გაუშვეს და ზოგიც თავისი ნებით წავიდა;


• კომპანიის ახალმა მფლობელმა მიანიშნა, რომ შეიძლება ტვიტერი ვერ გაუმკლავდეს ფინანსურ გამოწვევებს და უახლოეს მომავალში, გაკოტრდეს 


• ტვიტერზე დაბლოკილი აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კომპანიას სასამართლოში უჩივის და სარჩელში საკუთარ თავს  გალილეო გალილეის ადარებს;




მოკლედ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის მომავალი ამ ეტაპზე გაურკვეველი და ბუნდოვანია. ამ ფონზე, სამსჯელო და საკამათო ბევრი რამეა.


ამ სტატიაში მინდა, რომ ტვიტერის წინაშე მდგარ ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ პრობლემაზე გავამახვილო ყურადღება. ეს პრობლემა უკავშირდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების იმ ინტერპრეტაციას, რომელსაც ტვიტერის ახალი მფლობელი იზიარებს.


ილონ მასკი საკუთარ თავს „სიტყვის თავისუფლების აბსოლუტისტს“ უწოდებს. მას სჯერა, რომ ადამიანებს საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის თითქმის შეუზღუდავი უფლება უნდა ჰქონდეთ.


ამ სტატიაში მინდა ვაჩვენო, რომ ტვიტერთან და სხვა სოციალურ ქსელებთან მიმართებაში „სიტყვის თავისუფლების აბსოლუტიზმი“ ლოგიკურად გაუმართავი შეხედულებაა. 




იმის უკეთ გასაგებად, თუ რა დგას „სიტყვის თავისუფლების აბსოლუტიზმის“ უკან და რაში მდგომარეობს მისი მთავარი პრობლემა, მასკის ძველი „ტვიტი“ გამოგვადგება. 2022 წლის მარტში : მასკმა ტვიტერზე შემდეგი ასეთი დასვა:  „იქიდან გამომდინარე, რომ ტვიტერი ახლა, დეფაქტოდ, ქალაქის საჯარო მოედანია, სიტყვის თავისუფლების პრინციპების დარღვევა დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას უდრის. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება, რომ გაკეთდეს?“  





ტვიტერთან მიმართებაში „სიტყვის თავისუფლების აბსოლუტიზმის“ მთავარი ჩავარდნა სწორედ მასკის ამ ტვიტში ჩანს. საქმე ისაა, რომ სოციალური ქსელები და მათ შორის, ტვიტერი ვირტუალურ ქალაქის მოედნებად ვერ ჩაითვლებიან, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი კერძო კომპანიებია, რომლებიც ნაწილობრივ მაინც, პასუხისმგებლად შეიძლება ჩაითვალონ იმაზე, რასაც ავრცელებენ. 



აშშ-ში ეს დებატები მჭიდროდ არის დაკავშირებული „კომუნიკაციის მართებულობის აქტთან“, რომელიც სოციალურ ქსელებს სწორედ საჯარო მოედნებად აღიქვამს. თუმცა ბოლო დროს, ეს ანალოგია წამყვანმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ეჭვის ქვეშ დააყენეს. 


მაგალითად, აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა რამდენჯერმე მოუწოდა კონგრესს, შეიტანონ „კომუნიკაციის მართებულობის აქტში“ ცვლილებები და ინტერნეტ პლატფორმებს დააკისრონ პასუხისმგებლობა იმ ინფორმაციაზე, რასაც მომხმარებლები მათი მეშვეობით ავრცებენ. 




ამერიკელი დემოკრატებისთვის წამყვანი პრიორიტეტი ცრუ ინფორმაციასთან და სიძულვილის ენასთან ბრძოლაა, კონსერვატორებს კი, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე, მომხმარებელთა დისკრიმინაციის გაუქმება უფრო აინტერესებთ (მათს ნაწილს სჯერა, რომ სოციალური ქსელები ტენდენციურები არიან და კონსერვატორულ შეხედულებებზე ცენზურას აწესებენ). 

მთავარი განსხვავება სოციალურ ქსელებსა და ქალაქის მოედანს შორის ის არის, რომ ქალაქის მოედანი, სოციალური ქსელისგან განსხვავებით, არ ერევა იქ გაკეთებული განცხადებების შინაარსში. მაგალითად, ვიღაცას შეუძლია, რომ ქალაქის მოედანზე გავიდეს და ღიად რასისტული შეხედულებები გამოთქვას. ამაზე პასუხისმგებლობა (რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი მოცემულ იურისდიქციაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ მიმართული კანონები არსებობს) დაეკისრება აღნიშნულ პიროვნებას და არა „ქალაქის მოედანს“ ან მის მფლობელს (როგორც წესი, მუნიციპალიტეტს). 

ქალაქის მოედნისგან განსხვავებით, სოციალური ქსელი, გარკვეული აზრით, მედიაა, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი (როგორც რადიო ან ტელევიზია), კომპლექსური ალგორითმებით მუშაობს და კონკრეტულ კერძო ან საჯარო ორგანიზაციას ეკუთვნის. 

ამასთან ერთად, სოციალური ქსელები მომხმარებლების პირად ინფორმაციას ფლობენ და ინახავენ და, როგორც წესი, კომერციულ მოგებაზე არიან ორიენტირებულები. შესაბამისად, მათ სხვა სახის რეგულაციები უნდა მიემათებოდეს, ვიდრე ქალაქის საჯარო მოედანს, რომელიც თვისებრივად განსხვავებული, ხელოვნურად შექმნილი გავლენებისგან და ბარიერებისგან მეტნაკლებად თავისუფალი სივრცეა. 



ბოლო პერიოდში, ევროკავშირი სწორედ მასკის საპირისპირო შეხედულებისკენ იხრება. 2022 ევროპარლამენტმა მიიღო „ციფრული სერვისების აქტი“ და „ციფრული ბაზრის აქტი“  


 

ორივე შემთხვევაში, ევროკავშირმა ჩათვალა, რომ სოციალური ქსელები არ არიან, უბრალოდ, „ქალაქის მოედნები“, არამედ ისინი წარმოადგენენ კერძო პლატფორმებს, რომლებიც, ნაწილობრივ მაინც უნდა იღებდნენ თავიანთ თავზე პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მათი მეშვეობით ვრცელდება (და ასევე, იმ მავნე გავლენებზეც, რაც შესაძლოა ჰქონდეთ მომხმარებლებზე). 

ვფიქრობ, რომ ევროკავშირის მიდგომა, მასკის მიდგომისგან განსხვავებით, არამხოლოდ მეტად გამართულია ლოგიკურად, არამედ, ის მეტად რეალისტურიც არის და პასუხობს თანამედროვე ინტერნეტ სივრცის გამოწვევებს.

ასევე, სავარაუდოა, რომ რაც უფრო აშკარა გახდება სოციალური ქსელების მავნე გავლენები, მით უფრო მეტ იურისდიქციაზე გავრცელდება აღნიშნული მიდგომა.  იქამდე, შეგვიძლია მასკის „აბსოლუტიზმის“ ექსპერიმენტს დავაკვირდეთ და მომავალში მისგან სასარგებლო დასკვნები გამოვიტანოთ.  




 
კატეგორია: ბლოგი
მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ჩვენს ქვეყანაში რუსული საინფორმაციო ველის გავლენა თანდათანობით შემცირდა.

განსაკუთრებით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რუსული პროპაგანდისტული გამოშვებების დაბლოკვამ თანდათანობით მოგვწყვიტა ყოფილი კოლონიზატორისა და ამჟამინდელი ოკუპანტის საინფორმაციო ველს. გარკვეულწილად, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ რუსულ საინფორმაციო ომთან გასამკლავებლად ეს აუცილებელ ნაბიჯად შეიძლება ჩავთვალოთ.

ამ ლოგიკით, რაც უფრო ნაკლები შეხება გვექნება რუსულ კულტურულ და საინფორმაციო სივრცესთან, მით უფრო ნაკლებად მოვექცევით ოკუპანტი იმპერიის გავლენის ქვეშ. შედეგად, საქართველოში გარკვეული საინფორმაციო ვაკუუმი შეიქმნა - ქართული მედია, როგორც წესი, რუსეთის შიდა მოვლენებს იშვიათად და ზერელედ აშუქებს.

ბოლო პერიოდში, იმის გასაგებად, თუ რა ხდება რუსეთში, ძირითადად, დასავლურ წყაროებს ვკითხულობ ხოლმე - მათ შორის, განსაკუთრებით, დიდ ყურადღებას ვუთმობ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის, “ომის კვლევის ინსტიტუტის“  ანგარიშებს. მაგალითად, ისიც, რომ ბოლო დროს რუსეთის შიგნით შესაძლოა გამწვავდა დაპირისპირება ძალოვან უწყებებს შორის, ასევე, დასავლური გამოცემიდან გავიგე.

საკითხავია, რამდენად სწორია ის, რომ რუსეთის შიდა მოვლენებს, ძირითადად, იშვიათად და ზერელედ ვაშუქებთ. ნიშნავს თუ არა რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა რუსეთის შიდა მოვლენების ანალიზზე უარის თქმას? ამ სტატიაში მოვიყვან სულ მცირე სამ არგუმენტს, თუ რატომაც უნდა გავაშუქოთ და გავაანალიზოთ რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ მისგან კულტურულ და საინფორმაციო თვალსაზრისით დისტანცირებასაც აუცილებლად უნდა ვეცადოთ.

პირველი მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც რუსეთის გაშუქება და გაანალიზებაა საჭირო, ის არის, რომ ეს არის ქვეყანა, რომლისგანაც ეგზისტენციალური საფრთხე გველოდება. სწორედ ამიტომ, საჭიროა მასზე ადეკვატური წარმოდგენა გვქონდეს. აუცილებელია, რომ სათანადოდ შევისწავლოთ და გავაშუქოთ რუსეთის მიერ მსოფლიოს მასშტაბით წარმოებული ჰიბრიდული და საინფორმაციო ომი და შემდეგ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვცადოთ სიტუაციის ანალიზი საქართველოში. თეორიულადაც კი გამორიცხულია ის, რომ რუსეთი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწეოდეს სხვადასხვა სახის ძირგამომთხრელ საქმიანობებს და არაფერს აკეთებდეს საქართველოში - ქვეყანაში, რომლის 20%-იც ოკუპირებული აქვს და რომლის დამორჩილებასაც ცდილობს. იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, თუ რას აკეთებს და გეგმავს რუსეთი საქართველოში, მეტი უნდა გავიგოთ ოკუპანტის შესახებ.

ამას გარდა, ვფიქრობ, რომ რუსეთის პოლიტიკური რეჟიმის ჯეროვნად გაშუქება და გაანალიზება სწორედ რუსული პროპაგანდის გასაბათილებლად გვჭირდება. საქართველოში ბევრ ადამიანს არ აქვს სათანადო წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ მუშაობს რუსეთში ავტორიტარული და ახლა უკვე, თითქმის ტოტალიტარული რეჟიმი. ბევრმა ქართველმა, ასევე, კარგად არ იცის, თუ როდის რა პოზიციები ჰქონდათ და აქვთ რუს ოპოზიციონირებს (სწორედ ამის გამო ქართველების ერთი ნაწილისთვის გასაკვირი იყო ოპოზიციონერ ქსენია სობჩაკის ქცევები საქართველოში). როგორც დავწერე, რაღაც დოზით, ეს ცუდი სულაც არ არის, რადგან რუსული სოციოკულტურული სივრციდან თავის დაღწევას ვცდილობთ. თუმცა მეორე მხრივ, აუცილებელია ფაქტობრივ დონეზე პროპაგანდის გაშუქება და გაანალიზება. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ არ შევიქმნათ არასწორი საზოგადოებები რუსეთის პოლიტიკურ რეჟიმსა და მის ოპონენტებზე.

მესამე (თუმცა არა უკანასკნელი) მიზეზი, რატომაც რუსეთის უკეთ შესწავლა და გაშუქება გვჭირდება, ის არის, რომ რუსეთი, გარკვეული აზრით, არის იმ პოსტსაბჭოთა მენტალური მანკიერებების პირველწყარო, რომელიც მათ შორის, საქართველოს განვითარებასაც აფერხებს. პოსტსაბჭოთა ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის, კორუფციის, გულგრილი და არაეფექტური მართვის სტილის, შოვინიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, უმცირესობების სასტიკი დევნის და ა.შ.

ის მოდელები, რაც რუსეთშია დომინანტური, ხშირად, გაბატონებულია მის ყოფილ კოლონიებშიც. იმისათვის, რომ პოსტსაბჭოთა ავტორიტარიზმი თავისი კლასიკური ფორმით შევისწავლოთ, ამისთვის პირველ რიგში, რუსეთს უნდა დავაკვირდეთ. ამითი ჩვენ მეტს გავიგებთ იმ მანკიერებათა ბუნების შესახებ, რაც საქართველოშია გავრცელებული; ასევე, გავიგებთ იმასაც, თუ რა გველის იმ შემთხვევაში, თუ განვითარებაზე უარს ვიტყვით და უკან, რუსეთის გავლენის სფეროში დავბრუნდებით.

საბოლოო ჯამში, რუსეთის გავლენისგან თავის დახსნა გულისხმობს არა მხოლოდ რუსულ პროპაგანდაზე უარის თქმას, არამედ რუსეთიდან მომავალი საფრთხეების ჯეროვნად გაანალიზებას, რუსული პროპაგანდის ემპირიულ დონეზე გაბათილებას და რუსეთის ავტორიტარული რეჟიმის ბუნების შესწავლას. ეს ყველაფერი დაგვეხმარება იმაშიც, რომ გავთავისუფლდეთ (პოსტ)კოლონიური მენტალობისგან, რომელიც დროდადრო დღემდე გვექაჩება იმპერიისკენ.
კატეგორია: ბლოგი
საქართველოში, საჯარო სივრცესა და მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე უცვლელი ტენდენცია ლიბერალიზმის ლანძღვაა. ქართული მედია, როგორც წესი, იდეოლოგიურ საკითხებს - ისევე, როგორც, ზოგადად, პოლიტიკის კეთებასთან დაკავშირებულ საკითხებს (ურბანული პოლიტიკა, ჯანდაცვის პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, განათლების პოლიტიკა და ა.შ.) ნაკლებად უღრმავდება ხოლმე. მიიჩნევა, რომ პიროვნული თემები: ვინ ვის პარტიაში გადავიდა, ვინ ვის მიაყენა შეურაცხყოფა, ვინ რომელი ქვეყნის აგენტია (მარადიული „წმინდა“ თემა ქართულ პოლიტიკაში), ვის როგორი წარსული და პირადი ცხოვრება აქვს და ა.შ. უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თემები, რომლებიც მოქალაქეების ცხოვრებას პირდაპირ ეხება. ამიტომ ხშირ შემთხვევაში, სიტყვა „ლიბერალიზმიც“ რჩება გაუგებარ ტერმინად, რომელიც არავინ განმარტავს, რას ნიშნავს, მაგრამ რომელსაც ყველა ტალახს ესვრის.

ვინ აღარ არის დაკავებული „ლიბერალიზმის“ და მითიური „ლიბერალების“ ლანძღვით: ტრადიციონალისტები, რომლებსაც ცხოვრების წესის ცვლილება და პროგრესი აშინებთ, მემარცხენეები, რომლებიც ლიბერალიზმს კაპიტალიზმის საძულველ ფორმებთან აიგივებენ, ნაციონალისტები, რომლებიც ლიბერალიზმს ანტისახელმწიფოებრივ იდეოლოგიად მიიჩნევენ, რელიგიური ფუნდამენტალისტები, რომლებისთვისაც ლიბერალიზმი ათეიზმთან ასოცირდება და ა.შ. მოკლედ, თითქმის ყველა გავრცელებულ იდეოლოგიას საქართველოში რაღაც პრობლემა აქვს ლიბერალიზმთან.

ამ სტატიაში, სამწუხაროდ, ვის რა პრობლემა აქვს, ამის გარკვევას ვერ შევძლებ, მაგრამ მინიმუმ, ის მაინც მინდა ვეცადო, რომ ტერმინ „ლიბერალიზმს“ გარკვეული სიცხადე შევძინო.

დავიწყეთ იქიდან, რომ ლიბერალიზმი არ არის ერთგვაროვანი იდეოლოგია, არამედ უფრო მეტად ქოლგა-იდეოლოგიაა, რომელიც სხვადასხვა ქვეიდეოლოგიურ მიმართულებას ფარავს. მაგალითად, კლასიკური ლიბერალები ძალიან ახლოს არიან მემარჯვენე ლიბერტარიანელებთან (რომლებიც სახელმწიფოს ჩარევისგან თავისუფალ ბაზარს ქადაგებენ), ხოლო თანამედროვე ლიბერალები, პირიქით - ფაქტობრივად, სოციალ-დემოკრატები არიან (ამ სიტყვის ევროპული გაგებით). ამ განსხვავების მიუხედავად, არსებობს გარკვეული საერთო ნიშნები, რომლებიც ლიბერალების დიდ ნაწილს აერთიანებს და რაზეც ქვემოთ მოკლედ მოგახსენებთ.

პირველი და მთავარი საერთო ნიშანი ის არის, რომ ლიბერალები თვლიან, რომ საჭიროა არსებობდეს ფორმალური თანასწორობა ადამიანებს შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კანონი ყველა ადამიანს თანაბრად უნდა მოექცეს და არა მიკერძოებულად. კლასიკური ლიბერალები მიიჩნევენ, რომ ფორმალური თანასწორობა არ უნდა გავიგოთ, როგორც შესაძლებლობების თანასწორობა, არამედ უნდა გავიგოთ, როგორც უფლებების თანასწორობა. თანამედროვე ლიბერალები ამის საპირისპიროდ თვლიან, რომ ფორმალური თანასწორობის მისაღწევად საჭიროა სოციალური და სხვა სახის შესაძლებლობების მეტნაკლებად გათანაბრება. საბოლოო ჯამში, ორივე ტიპის ლიბერალები თანხმდებიან, რომ ადამიანები ყველა შემთხვევაში თანასწორები უნდა იყვნენ კანონის წინაშე.

მეორე მთავარი ნიშანი ლიბერალიზმისა ის არის, რომ სახელმწიფოს მმართველობის დროს ლიბერალები ემხრობიან მერიტოკრატიას.

მერიტოკრატია ნიშნავს ყველაზე კომპეტენტური ადამიანების მმართველობას და არა, ვთქვათ, ყველაზე მეტი კავშირის, სოციალური კაპიტალის მქონეების (მარტივად რომ ვთქვათ, ვისაც მეტი გავლენიანი ბიძაშვილ- მამიდაშვილი ჰყავს).

ლიბერალები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო უნდა მართონ ადამიანებმა, რომლებიც ყველაზე მეტად აქვთ ამისი უნარი. საჯარო სამსახურებიც უნდა დაკომპლექტდეს არა რომელიმე პარტიის „აქტივისგან“ ან გამგებლის ნათესავებისგან, არამედ კომპეტენტური და უნარიანი ხალხისგან.

ლიბერალიზმის მესამე ამოსავალი წერტილი ის არის, რომ მას არ აინტერესებს როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობენ კონკრეტული ადამიანები. მისთვის სულ ერთია, ვიღაც რელიგიური ადამიანია, ათეისტია, გეია, ჰეტეროსექსუალია, კონსერვატორია, ლიბერალია (ამ სიტყვის, კულტურული და არა პოლიტიკური გაგებით), მფლანგველია, მომჭირნეა, ჭორიკანაა, მარტოსულია თუ სოციალურია. ლიბერალიზმს არ აინტერესებს სხვა ადამიანების პირადი ცხოვრება და მიიჩნევს, რომ ეს მათი პირადი ცხოვრებაა.

ლიბერალებს, ამის ნაცვლად, სჯერათ იმის, რომ ადამიანებს, მიუხედავად მათ შორის არსებული ბევრი განსხვავებისა, შეუძლიათ პოლიტიკურ დონეზე ერთმანეთთან თანაცხოვრება. ლიბერალიზმი მშვიდობიან პოლიტიკურ თანაცხოვრებას ქადაგებს და არა ჩაგვრას და დიქტატურას.

შესაბამისად, ლიბერალიზმი არ ეწინააღმდეგება არც რელიგიას და არც ტრადიციებს. ლიბერალები მიიჩნევენ, რომ არაფერი მიუღებელი არ არის იმაში, რომ ვინმეს ღმერთის სწამდეს ან ვინმე იყოს რომელიმე ეკლესიის მრევლის წევრი. უმალ პირიქით, რელიგიური თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი ლიბერალური პრინციპია, რომელიც ბევრი ქვეყნის - მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციაში არის ასახული.

და ბოლოს, ლიბერალიზმის მეოთხე მთავარი ნიშანი ის არის, რომ ის უმრავლეს შემთხვევაში ამრეზით უყურებს „სახელმწიფოს ინტერესების“ სახელით ინდივიდების უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას. ამიტომ, ბევრი ლიბერალი სკეპტიკურად შეხედავდა პოსტსაბჭოთა „ლიბერალებს“, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევებში, რეპრესიული სოციალისტური წარსულის გავლენით, ჩვეულებრივი ნაციონალისტი „გოსუდარსტვენიკები“ (განგებ გამოვიყენებ რუსულენოვან ბარბარიზმს) არიან ხოლმე.

ლიბერალების დიდი ნაწილი თვლის (გარკვეული სახის ლიბერტარიანელების გამოკლებით) რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს ინტერესი ინდივიდის ინტერესებზე მაღლა დგება - მაგალითად, საგანგებო მდგომარეობების (როგორიცაა მაგ. პანდემია) ან განსაკუთრებით, ომების დროს (ბევრ შემთხვევაში, ომის დროს დაშვებულია მედიის თავისუფლების შეზღუდვაც). თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ლიბერალებისთვის ინდივიდების უფლებებისა და თავისუფლებების გაუქმება გაუმართლებელია.

ლიბერალიზმის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი ის არის, რომ დიახ, თავისუფალი აზრი - ისევე, როგორც ზოგადად, თავისუფლება, ხშირად არის საშიში. ის არის სუბვერსიული და ზოგჯერ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოსაც. თუმცა მისი შეზღუდვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებშია დაშვებული. სხვა დროს კი ინდივიდებმა თავად უნდა შეძლონ ერთმანეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება. მხოლოდ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით არის შესაძლებელი სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა. ლიბერალები თვლიან, რომ ადამიანები რაციონალურ განსჯას მოკლებული რობოტები არ არიან, ისინი რაციონალური არსებები არიან, რომელთაც ძალუძთ თავად შექმნან და შეინარჩუნონ მშვიდობა და თავისუფლება.

მაშინ, როდესაც ქართველი პოლიტიკოსები, ინტელექტუალები, იდეოლოგები და მედია, „ლიბერალიზმს“ ებრძვიან, ისინი გააზრებით ან გაუაზრებლად ებრძვიან ზემოხსენებულ იდეალებს, იმიტომ, რომ ლიბერალიზმის არსს, პირველ რიგში, ეს იდეალები წარმოადგენს.

თუ დააკვირდებით, ეს იგივე პრინციპებია, რომლებსაც საქართველოში აბსოლუტურად არ სცემენ პატივს. აქედან გამომდინარე, სასაცილოა ხოლმე, ქართულ კონტექსტში ლიბერალიზმზე, როგორც დომინანტურ იდეოლოგიაზე საუბარი. დომინანტური კი არა, პირიქით, ლიბერალიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მარგინალური იდეოლოგიაა, რომელიც ყოველდღიურად ყველა მხრიდან განიცდის გაუგებარი დანიშნულების შეტევებს. იმისთვის, რომ ეს გაუგებრობა გაიფანტოს, მინიმუმ, მეინსტრიმულ და სოციალურ მედიაში ტერმინის სწორად გამოყენებაზე უნდა შევთანხმდეთ. სხვა შემთხვევაში, შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი იდეალები ექცეოდეს დაუსაბუთებელი დარტყმების ქვეშ.
კატეგორია: ბლოგი
სოციალურ მედიაში არსებულ ვირტუალურ თემებს ხშირად ინგლისურიდან შემოტანილი ბარბარიზმით - "ბაბლით" აღნიშნავენ ხოლმე. "ბუშტი", ანუ "ბაბლი", აღნიშნავს ადამიანების ისეთ ჩაკეტილ წრეს, რომელსაც გარესამყაროსთან მინიმალური შინაარსობრივი კონტაქტი აქვს. "შინაარსობრივ კონტაქტში" ვგულისხმობ ისეთი სახის ნებაყოფლობით ურთიერთობებს, რომლებიც სცდება ყოველდღიურ საქმიან ინტერაქციებს. ასეთ "ბაბლებში" მყოფები, ანუ "ბაბლელები", ნაკლებად მეგობრობენ სხვებთან; ისინი თითქმის არ ერთვებიან საზოგადოებრივ აქტივობებში ისეთ ადამიანებთან, ვისაც თანამოაზრეებად არ მიიჩნევენ და ა.შ.

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურად მიკერძოებული ჯგუფების წარმოქმნაში ტრადიციულ მედიას — მაგალითად, ტელევიზიას, უფრო მეტი წვლილი მიუძღვის, ვიდრე თანამედროვე, სოციალურ მედიას. საპირისპირო შეხედულებების ავტორები კი, პირიქით, ამტკიცებენ, რომ ადამიანთა შორის, მიკერძოებისა და კოლექტივიზმისკენ ისედაც არსებულ მიდრეკილებებს, სოციალური მედია კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს. ამჯერად ამ დებატებში შესვლას არ ვაპირებ (და ალბათ, არც არის შესაძლებელი). ამ შემთხვევაში, მე უფრო ის მაინტერესებს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს რაიმე სახის "ბაბლში" ყოფნამ რეალობის აღქმაზე და რა გზებით შეიძლება არასწორი აღქმების კორექტირება.

იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლების განმავლობაში თავადაც "ბაბლის" უკიდურესად ვიწრო ხედვას მივდევდი, ვერავის მივცემ რჩევას იმაზე, თუ როგორ დააღწიოს თავი ვირტუალურ, ან რეალურ "ბუშტებს". ბოლო პერიოდში უკვე ლამის იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ შესაძლოა, ადამიანთა უმრავლესობისთვის ბუნებრივი მდგომარეობა იყოს გარკვეული დოზით, "ბაბლებში" ყოფნა. ამ შეხედულებას მიმყარებს ისიც, რომ ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი ორ ურთიერთსაპირისპირო - ოპოზიციურ და სამთავრობო "ბაბლად" არის დაყოფილი. ეს დაყოფა ზოგჯერ იმდენად მწვავეა, რომ პირად ურთიერთობებს - მაგალითად, მეგობრობასაც უშლის ხელს (დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა აშშ-შიც, თუმცა ამის შესახებ სხვა დროს ვისაუბრებ).

მაშინაც კი, თუკი დავუშვებთ იმას, რომ "ბაბლში" ყოფნა, გარკვეული დოზით, ადამიანთა უმრავლესობისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა, შესაძლებელია საერთო ნიადაგის შექმნისკენ სწრაფვა. ბოლოს და ბოლოს, შესაძლებელია დარჩე "ბაბლში" ისე, რომ ამის პარალელურად, თვალი გეჭიროს იმაზე, თუ როგორია შენ გარშემო არსებული ობიექტური რეალობა. ამისათვის, მინიმუმ, ორი რამის გაკეთებაა საჭირო, რასაც ჩემი დაკვირვებით, ქართველი "ბაბლელები" თითქმის არასდროს შვრებიან.

პირველი — აუცილებელია, მუდმივად ვამოწმებდეთ და ვიკვლევდეთ იმას, თუ როგორია სხვა "ბაბლებში" ცხოვრება. მაგალითად, თუ ოპოზიციის მხარდამჭერი ხარ, ზოგჯერ მაინც, სასარგებლოა ტელეკომპანია "იმედის" ყურება, ან მათი ნიუსების წაკითხვა. თუ მთავრობის მხარდამჭერი ხარ, ზოგჯერ მაინც, კარგი იქნება, თუ შეხედავ, რას ამბობენ "მთავარზე", ან "ფორმულაზე" იმავე თემებზე, რაზეც უკვე ჩამოყალიბებული აზრი გაგაჩნია. დიდი ალბათობით, საწინააღმდეგო მოსაზრებების მოსმენა საკუთარ შეხედულებებს არ შეგაცვლევინებს, მაგრამ, მინიმუმ, ის მაინც გეცოდინება, რას ფიქრობს მოწინააღმდეგე. ეს კი, თავისთავად უფრო სწორ შეხედულებას შეგიქმნის იმაზე, როგორია რეალობა (ვიდრე საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა და მუდმივად თანამოაზრეებთან ურთიერთობა).

რა თქმა უნდა, ტელევიზიების ყურება მხოლოდ ერთი მაგალითია და ასევე, აუცილებელია სოციალურ ქსელებში საპირისპირო მოსაზრებების გაცნობა, ან ზოჯერ მაინც, რეალურ ცხოვრებაში განსხვავებულ ადამიანებთან გარკვეული სახის ინტერაქცია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სწორად შეაფასო მოწინააღმდეგე და წინასწარ არ შეიქმნა მცდარი მოსაზრებები მასზე და გარესამყაროზე.

მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, "ბაბლის" უარყოფითი გავლენების შესამცირებლად, არის სოციოლოგიური გამოკითხვების რეგულარულად გაცნობა და გაშუქება. როგორც ერთ-ერთ წინა ბლოგში ვწერდი, საქართველოში მედია და მეცნიერება ხშირად ერთმანეთს არის აცდენილი. არადა, მეცნიერულად გამართული სოციოლოგიური გამოკითხვების გაცნობის გარეშე შეუძლებელია რაიმე სახის წარმოდგენის შექმნა ობიექტურ რეალობაზე. საქართველოსგან განსხვავებით, ეს აშშ-ში და დასავლეთის სხვა პოლიტიკურად პოლარიზებულ ქვეყნებში, კარგად ესმით. შესაბამისად, ასეთ ქვეყნებში "ბაბლების" უარყოფით ეფექტებთან ბრძოლა უფრო ადვილია, ვიდრე ჩვენთან, სადაც მეცნიერებას ნაკლებად სწყალობენ.

რეალობაზე სწორი შეხედულების ქონის გარეშე, შეუძლებელია არა მხოლოდ დემოკრატიული და ინკლუზიური პროცესის შექმნა, არამედ, საერთოდ, რაიმე სახის რაციონალური ნაბიჯის გადადგმა. ჩვენთან საჯარო სივრცეში არსებული ირაციონალიზმი, ნაწილორივ, სწორედ რეალობის არასწორად აღქმით არის გამოწვეული. ამის გამოსწორება კი, ხშირად, უბრალოდ, პერსპექტივის გაფართოებას მოითხოვს.
კატეგორია: ბლოგი
ბოლო პერიოდში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პარალელურად, სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით გახშირდა გადაუმოწმებელი ფაქტების ცირკულაცია, ვიდეობისა და ფეისბუქ პოსტების სახით. ასეთ გახმაურებულ შემთხვევებს შორის შეგვიძლია გამოვყოთ „რუსი ტურისტების“ ცნობილი ვიდეო მარჯანიშვილზე და კატების სტენსილები თბილისის ცენტრალურ ქუჩებში (). ამათ გარდა, ვრცელდება უამრავი მულტიმედია მასალა და მონათხრობი, რომელიც ომს ან რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობას შეეხება.

ხშირ შემთხვევაში, გადაუმოწმებელი ფაქტების გამავრცელებლებს კეთილი მიზნები ამოძრავებთ - მათ შორის, რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის შეკავება ან რუსეთის რბილი ძალის განეიტრალება. თუმცა ამ სტატიაში მინდა იმ შესაძლო საფრთხეებზე ვისაუბრო, რაც კეთილი მიზნებით გავრცელებულ გადაუმოწმებელ ფაქტებს სდევს თან.

ცნობილია, რომ გადაუმოწმებელი ამბებისადმი დაუსაბუთებელი ნდობა არ არის დამახასიათებელი მხოლოდ ერთი რომელიმე კონკრეტული იდეოლოგიის ადამიანებისთვის. მართალია, როგორც ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, დასავლეთში კონსერვატორები უფრო არიან მიდრეკილები ყალბი ამბების დაჯერებისკენ, ვიდრე ლიბერალები, მაგრამ ლიბერალობა აპრიორი არ იცავს ადამიანს ყალბი ამბების მავნე ზეგავლენისგან.

ამ ფონზე, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ თუკი ყალბი ამბებისადმი ნდობა ესეთი გავრცელებული ფენომენია, მაშინ რატომ არ შეიძლება კეთილი ზრახვებით ბოროტებას ვებრძოლოთ თავისივე იარაღით? რატომ არ შეიძლება ყალბი ამბებისადმი მიდრეკილების ჩვენს სასიკეთოდ გამოყენება - მაგალითად, რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ან რამე სხვა ზოგადსაკაცობრიო კეთილშობილი მიზნისთვის?

ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი მინდა ორ ნაწილად დავყო. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ სიმართლეს აქვს თავისთავადი ღირებულება. ჩვენი მორალური ვალდებულებაა, რომ სიმართლე გავარკვიოთ. ეს ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ის, რომ სამართლიანად მოვეპყრათ ადამიანებს ან დავეხმაროთ გაჭირვებულებს. უმრავლეს შემთხვევებში, უბრალოდ, აუცილებელია, რომ სიმართლე გავარკვიოთ.

თუმცა სკეპტიკოსებმა შეიძლება ამაზე მოგვიგონ, რომ სიმართლის თქმა ყოველთვის შესაძლებელი ან მორალურად გამართლებული არ არის. მაგალითად, წარმოიდგინეთ ცნობილი ჰიპოთეტური შემთხვევა, როდესაც სახლში ანა ფრანკს მალავთ, ნაცისტები მოგადგდნენ და გეკითხებიან მისი ადგილსამყოფელის შესახებ. ცხადია, ამ შემთხვევაში, სიმართლის თქმა მორალურად სწორი არ არის. ერთი სიტყვით, უნდა დავუშვათ, რომ არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც სიმართლე განგებ უნდა დავმალოთ და ამაში ცუდი არაფერი იქნება.

ზემოთქმულის გათვალისწინებთ, სტატიის დასაწყისში დასმული პრობლემის ხელახლა ფორმულირება შემდეგნაირად შეგვიძლია: რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე ან სხვა მსგავს ექსტრემალურ ვითარებაში, არსებობს თუ არა საკმარისი მიზეზები იმისთვის, რომ სიმართლე არ გადავამოწმოთ და უბრალოდ, ვიდეოს ან პოსტის სასარგებლო მესიჯზე ვკონცენტრირდეთ?

ვფიქრობ, მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს სულ მცირე ორი მიზეზი, რატომაც უნდა ყოველთვის გადავამოწმოთ ნებისმიერი ვიდეო ან პოსტი, რა შინაარსისაც არ უნდა იყოს. პირველი მიზეზი ის არის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში არსებობს პოტენციური მსხვერპლი (ზოგჯერ არა ერთი), რომელსაც განსაკუთრებული ზიანი მიადგება იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდება. ნებისმიერი მედიის და საჯარო ინსტიტუტიციის ვალდებულებაა, რომ დააბალანსოს კერძო და კოლექტიური ინტერესი. ამის გაკეთება ხშირად რთულია, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, შესაძლებელია.

მეორე მიზეზი, რატომაც ყოველთვის უნდა გადავამოწმოთ გადაუმოწმებელი ფაქტები, ის არის, რომ კეთილი მიზნებისთვის ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის მოპოვება და შენარჩუნება. როდესაც რომელიმე მედია ან საჯარო პირი ხშირად ცდება, ეს მის რეპუტაციას აყენებს ზიანს. ამის შედეგად, მოქალაქეები ხდებიან ცინიკურები და ნიჰილისტურები, რაც თავის მხრივ, მტერს ეხმარება თავისი მიზნების განხორციელებაში. სანდო და პროფესიონალური მედია ყველა პრობლემის გასაღები არ არის, მაგრამ მისი არსებობა აუცილებელი წინაპირობაა საერთო ეროვნული კონსენსუსის მისაღწევად და რაც შეიძლება მეტი ადამიანის ისტორიის სწორ მხარეს გადასაბირებლად.

რომ შევაჯამოთ, სიმართლის თქმას არა მხოლოდ თავისთავადი ღირებულება აქვს, არამედ ამის გაკეთება, ასევე, ადამიანურად სწორია და პოლიტიკურად გამართლებული. უმეტეს შემთხვევებში, ექსტრემალური ვითარება, რომელშიც ვცხოვრობთ, არ არის საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ არ ჩავეძიოთ ჭეშმარიტებას და კეთილი მიზნებისთვის გადაუმოწმებელ ფაქტებს დავეყრდნოთ. იმ უპრეცედენტო გამოწვევის ფონზე, როგორიც არის რუსეთის საინფორმაციო ომი უკრაინისა და ცივილიზებული კაცობრიობის წინააღმდეგ, ეს არც თუ ისე ბანალური ჭეშმარიტება არ უნდა დაგვავიწყდეს. სხვა შემთხვევაში, ბრძოლაში არასწორი მეთოდების გამოყენებით ადვილად დავსუსტდებით.
კატეგორია: ბლოგი
13 ივნისს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ გავიდა საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის, „გორბის“ გამოკითხვა. ამ სტატიაში იმაზე ნაკლებად შევჩერდები, თუ რამდენად ვალიდური იყო ეს გამოკითხვა ან რამდენად სწორად გადმოსცეს „იმედის“ ჟურნალისტებმა მისი შედეგები და ა.შ. ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენ ვერც მიღებულ მონაცემებს გადავამოწმებთ და ვერც კვლევის მეთოდოლოგიას. ჩავთვალოთ, რომ მიღებული შედეგები სინამდვილეს შეესაბამება.

ამ სტატიაში, ყურადღება უფრო იმაზე მინდა გავამახვილო, თუ როგორ იყენებს „იმედი“ ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერებისთვის სოციოლოგიურ გამოკითხვებს.

„გორბის“ გამოკითხვის ყველაზე პრობლემური კითხვა არის შემდეგი: „თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია?“ როგორც წესი, როდესაც მსგავს პოლიტიკურ გამოკითხვებში სვამენ კითხვას ჰიპოთეტური სიტუაციების შესახებ, იგულისხმება, რომ ასეთი სიტუაციების დადგომა რეალისტურია. თუ ასეთი სიტუაციის დადგომა რეალისტური არ არის, მაშინ კითხვის დასმას და მით უმეტეს, მის გაშუქებასაც აზრი არ აქვს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ დავსვათ კითხვა, იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვიზამთ იმ შემთხვევაში, თუკი ერთ დღეს ბიძინა ივანიშვილი სხვა გალაკტიკაში გაფრინდება. ვინაიდან ჰიპოთეტური სიტუაცია სიურეალისტურია, ამ კითხვის დასმას და მის სერიოზულად განხილვასაც აზრი არ აქვს.

გამოდის, რომ ტელეკომპანია „იმედი“ სერიოზულად უშვებს იმას, რომ დასავლეთმა, შეიძლება, მოცემულ სიტუაციაში რუსეთთან ომში ჩართვა მოგვთხოვოს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე დასავლეთი ჩვენი მთავარი პარტნიორია; ის, ასევე, ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი გარანტორიც არის, ვინაიდან საერთაშორისო სისტემაში პატარა ქვეყნებს, როგორც წესი, აგრესიული იმპერიალისტური მეზობლების თავდასხმებისდან დიდი ქვეყნები იცავენ. როგორც აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა თავისი ქვეყნის სახელით მართებულად აღნიშნა, „100%-ით რუსული დეზინფორმაციაა“ ის, რომ აშშ-ს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა სურს.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ამის პარალელურად, ტელეკომპანია „იმედის“ რედაქცია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებს; ასევე, წარსულში „იმედი“ დადებითად აფასებდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას და ა.შ. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ბოლო პერიოდში „იმედის“ მხრიდან რუსული დეზინფორმაციისთვის პლატფორმის მიცემა მდგომარეობას რადიკალურად ცვლის. მსგავსი პროპაგანდის ხელშეწყობით „იმედი“ ხაზს უსვამს ყველაფერს, რაც კი აქამდე პროდასავლური უთქვამს ან გაუკეთებია.

ლოგიკურად შეუძლებელია, ერთდროულად თან დასავლეთის განზრახვებს ეჭვის ქვეშ აყენებდე (ფაქტობრივად, აკეთებდე დაშვებას, რომ მას შენი სიკვდილის ხარჯზე საკუთარი თავის გაძლიერება სურს) და თან მასთან დაახლოებს სურვილის გამოთქვამდე. ამგვარი ვარაუდების გამოთქმა თავისთავად ძირს უთხრის მეგობრობის თხოვნას და ეჭვის ქვეშ აყენებს აქამდე არსებული პარტნიორობის სიმტკიცესაც.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, შეგვიძლია თამამად მივიჩნიოთ, რომ ტელეკომპანია „იმედი“, დღეს, ანტიდასავლურ ნარატივებს ავრცელებს.

ამაზე შეიძლება გვიპასუხონ, რომ ეს პრორუსული კი არა, სინამდვილეში, პროქართული ნარატივებია. თუმცა ეს უბრალოდ, სიტყვათა თამაში იქნება. ჩვენს შემთხვევაში, საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, ანტიდასავლური სენტიმენტის გავრცელება, ავტომატურად პრორუსული პოზიციის დაკავებას ნიშნავს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, საერთაშორისო სისტემაში პატარა ქვეყნებს სჭირდებათ დაცვა დიდი ქვეყნებისგან ან ძლევამოსილი სამხედრო ალიანსებისგან, სხვანიარად მათ იმპერიალისტურად განწყობილი მეზობლები გადაყლაპავენ.

აღსანიშნავია, რომ „ქრონიკის“ ეთერში გასული „გორბის“ გამოკითხვის სხვა შედეგებიც სელექციურად არის გაშუქებული. „იმედის“ ჟურნალისტი, ძირითადად, აშუქებს ისეთ კითხვებს, რომლებიც ეხება ან „მეორე ფრონტის“ გახსნას ან რომლებზეც მეტი ალბათობაა, რომ პოლარიზებულ გარემოში მთავრობისთვის სახარბიელო პასუხები მოვისმინოთ. ამის საპირისპიროდ, „იმედის“ ტელეთერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისთვის საჭირო ყველაზე მთავარ მოთხოვნებს - მაგალითად, სასამართლოს ან მედიის დამოკიდებულებას არანაირი სერიოზული განხილვა არ მოჰყოლია.

საქართველოს მთავრობა და მისი მხარდამჭერი ტელეკომპანია დღეს საკითხს ისე აყენებენ, რომ ჩვენ ან ომი უნდა დავიწყოთ რუსეთთან ან თუ არ დავიწყებთ, მაშინ ევროკავშირზე უარის თქმა მოგვიწევს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს ცალსახად ანტიდასავლური ნარატივია, რომელიც რუსეთის გავლენის სფეროსკენ მიგვაქანებს. დღესდღეობით, საქართველოს საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ ამ ნარატივთან დაპირისპირებაა.
კატეგორია: ბლოგი
ნებისმიერ საჯარო დისკუსიაში პროფესიონალური მედია განსაკუთრებულ როლს ასრულებს (და ასეც უნდა იყოს). თუმცა საქართველოში ხშირად დისკუსიის ხარისხი დრამატულად იკლებს ხოლმე იმის გამო, რომ ჟურნალისტებმა, უბრალოდ, არ იციან, თუ ვისთან რა თემაზე ჩაწერონ ინტერვიუ. ზოგჯერ ისეც გამოდის, რომ თავის დარგში კომპეტენტურ ადამიანს აბსოლუტურად სხვა თემაზე ეკითხებიან აზრს და შედეგად გზასაცდენილ დებატებს ვიღებთ.

ამ სტატიაში შევეცდები მოკლედ გადმოვცე ის, თუ როგორ ახერხებს დასავლეთში პროფესიონალი მედია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე კომპეტენტური დისკუსიების წამოწყებას. ამის გასაგებად, პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ სულ თავიდან და აღვწეროთ ის, თუ როგორია დასავლეთში ახალი ცოდნის წარმოებისა და ამ ცოდნის გადაცემის სისტემები.

უმთავრესი ინსტიტუცია, რომელიც დასავლეთში ახალ ცოდნას აწარმოებს და სხვებს გადასცემს, არის აკადემია. ყველაზე პრესტიჟული აკადემიური ინსტიტუცია არის უნივერსიტეტი, რომელიც აწარმოებს არა მხოლოდ კვლევას, არამედ უზრუნველყოფს ძველი და ახალი ცოდნის სტუდენტებისთვის გადაცემას. უნივერსიტეტები სტუდენტებს ანიჭებენ ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიურ ხარისხებს (აკადემიური ხარისხების ჩამონათვალი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება, მაგრამ ყველაზე გავრცელებული კლასიფიკაცია ეს არის); ამას გარდა, არსებობს უნივერსიტეტებისგან სრულად ან ნაწილობრივ დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტებიც (მაგალითად, ნასას კვლევითი ცენტრები აშშ-ში ან CNRS საფრანგეთში).

აკადემიური ინსტიტუტების ერთ-ერთი ფუნდამენტური დანიშნულება ახალი ცოდნის შექმნაა. ისინი ამისათვის სამეცნიერო კვლევებს ატარებენ. გასათვალისწინებელია, რომ სამეცნიერო კვლევები ტარდება არა მხოლოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (როგორიცაა მაგალითად, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია), არამედ სოციალურ მეცნიერებებშიც (როგორიცაა მაგალითად, სოციოლოგია, პოლიტოლოგია, ანთროპოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, ფსიქოლოგია).

იდეალურ შემთხვევაში, როდესაც საჯარო სივრცეში რაიმე სახის სადავო საკითხი წამოიჭრება, პროფესიონალური მედია, პირველ რიგში, აზრს ეკითხება ხოლმე კონკრეტული დარგის მკვლევრებს ან მოცემულ სფეროში მოღვაწე დამსახურებულ პრაქტიკოსებს. მაგალითად, თუ საკითხი ეხება მე-15 საუკუნეში კათოლიკური ეკლესიის ისტორიას, აზრს ვეკითხებით, პირველ რიგში, მოცემული პერიოდით დაინტერესებულ რელიგიის ისტორიკოსს და არა ვთქვათ, ფართო პროფილის პოლიტოლოგს ან სოციოლოგს.

დასავლური პროფესიონალი მედიების უმეტესობა სწორედ ამ სქემით მოქმედებს. ნებისმიერ თემაზე, პირველ რიგში, საინტერესოა ისეთი ადამიანის აზრი, რომელმაც ა) ცხოვრების გარკვეული პერიოდი მიუძღვნა ამ საკითხის კვლევას და სწავლებას;

ბ) რომელიც ფლობს კაცობრიობისთვის ღირებულ ახალ ცოდნას.

ამის შემდეგ არის უკვე საინტერესო იმ ადამიანების აზრი, რომლებიც მომიჯნავე დისციპლინებს წარმოადგენენ ან რომლებსაც უბრალოდ, ამ თემაზე ბევრი უფიქრიათ და ღირებული არგუმენტების შემოთავაზება შეუძლიათ.

გასათვალისწინებელია, რომ დასავლურ აკადემიაში ახალი ცოდნის შექმნისა და გადაცემის სტანდარტები არის, როგორც წესი, უფრო მაღალი, ვიდრე ვთქვათ, არასამთავრობო ინსტიტუტებში ან პოლიტიკურ ორგანიზაციებში. ამიტომ პროფესიონალი მედია, პირველ რიგში, ცდილობს ამ მაღალი კვლევითი სტანდარტებით მიღებული ცოდნის მოპოვებას, დამუშავებასა და სხვებისთვის გაცნობას.

საქართველოში, იმის გამო, რომ ადგილობრივი აკადემიური და კვლევითი ინსტიტუტების შესაძლებლობები ბევრად შეზღუდულია, ვიდრე დასავლეთის დიდ და განვითარებულ ქვეყნებში, ნებისმიერ საკითხზე ვიწრო სპეციალიზაციის ადამიანის პოვნა გაჭირდება. თუმცა ხშირ შემთხვევაში, ქართული მედია არც მომიჯნავე სფეროს ან ფართო პროფილის სპეციალისტების მოძებნას ცდილობს.

ქართულ მედიაში, როგორც წესი, ნებისმიერ თემაზე, უმთავრესად, აზრს გამოთქვამენ ადამიანები, რომლებსაც შესაბამის სამეცნიერო კვლევების შესახებ არანაირი ცოდნა არ გააჩნიათ. ძირითადად, ამის გამო საქართველოში საჯარო დისკუსიების უმეტესობა აცდენილია თანამედროვეობას.

ქართულ მედიას ამ მოჯადოებული წრის გარღვევა მარტივად შეუძლია. თუმცა ეს ამ დრომდე ვერ ხერხდება, ვინაიდან გარდა იმისა, რომ პოლიტიკური ნების ნაკლებობაა (განსაკუთრებით, სამთავრობო მედიაში), არსებობს ჟურნალისტების კომპეტენციის პრობლემაც.

ჟურნალისტების ნაწილს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ როგორ მუშაობს თანამედროვე სამყაროში მეცნიერება, რა არის სამეცნიერო კვლევა, როგორი სტანდარტებით იწარმოება ის, რა არის რეცენზიის სისტემა, როგორ ხდება კვლევების მნიშვნელობის რანჟირება და ა.შ. ერთი სიტყვით, მათ არ აქვთ ელემენტარული ცოდნა იმისთვის, რომ გაიგონ, რომელი ინფორმაციაა ღირებული და რომელი - უბრალოდ, საეჭვო.

ქართულ მედიაში კომპეტენციის პრობლემები ერთ დღეში ვერ მოგვარდება. ასევე, გასათვალისწინელია ისიც, რომ ბოლო დროს ე.წ. „ფეისბუქ-ექსპერტების“ გაჩენამ ვითარება კიდევ უფრო მეტად დაამძიმა. თუმცა ყველაფერი გამოსწორებადია, იმ შემთხვევაში, თუკი იარსებებს იმის სურვილი, რომ ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიები თანამედროვეობას დაეწიოს.
კატეგორია: ბლოგი
დასავლეთი ის სოციოპოლიტიკური სივრცეა, რომლისკენაც ჩვენი საზოგადოება მიისწრაფვის. ასევე, დასავლეთში მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპასა და ამერიკაში მიმდინარე მოვლენების ადეკვატურად აღქმა.

თუმცა სამწუხაროდ, დასავლეთის სწორად აღქმაში ზოგჯერ ჩვენში ღრმად გამჯდარი კომპლექსები გვიშლის ხელს. ქართული მეინსტრიმული მედიისა და ზოგადად, საზოგადოების დამოკიდებულება ევროპისა და ამერიკის მიმართ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციაც შეგვიძლია დავყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტენდენციები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან, ორივე მათგან თანაბრად კონტრპროდუქტიულია. ქვემოთ თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე განვიხილავ.

პირველი ტენდენცია, რომელიც ერთი შეხედვით, მეორეზე უფრო დომინანტურია, არის დასავლეთში მიმდინარე მოვლენების განხილვა ნაციონალისტური პრიზმიდან. ეს გულისხმობს საქართველოში აქტუალური პრობლემებისა და პოლიტიკური დაყოფების მთელ მსოფლიოზე და განსაკუთრებით, დასავლეთზე განვრცობას. ამ მავნე პრაქტიკას, განსაკუთრებით, დომინანტური ქართული პოლიტიკური პარტიები მისდევენ და მათი გავლენით, მედიისა და საზოგადოების ნაწილიც ადგილობრივი შავ-თეთრი პოლიტიკური დიქოტომიებით აღიქვამს დასავლურ პოლიტიკას.

ზემოთაღნიშნული მსოფლმხედველობის ერთი მაგალითია დასავლეთში მიმდინარე მოვლენების „ნაცებისა“ და „ქოცების“ მოკავშირეების დაპირისპირებად აღქმა. ალბათ ზედმეტია იმის ახსნა, რომ დასავლურ პოლიტიკურ დებატებში საქართველოს და ქართული პოლიტიკური პარტიების საქმიანობას ცენტრალური ადგილი, ძირითადად, არ უკავიათ. ამასთანავე დემოკრატიული დასავლური ქვეყნების პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში რთული და მრავალშრიანია, ვინაიდან ის სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების დაპირისპირებას მოიცავს.

უფრო მეტიც, ბოლო დრომდე დასავლურ პოლიტიკურ დებატებში არც რუსეთთან დაპირისპირება იყო მთავარი პოლიტიკური თემა. მართალია, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ამ მხრივ ვითარება ცალსახად შეიცვალა, თუმცა არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ დასავლეთის წამყვან ქვეყნებში - ისე, როგორც საქართველოში, ნებისმიერი არჩევნების ცენტრალური თემა ეს არის.

საქართველო არის ქვეყანა, რომლის 20% მიტაცებული აქვს რუსეთს და, რომელიც მუდმივად განიცდის მცოცავი თუ სრულმასშტაბიანი ოკუპაციის საფრთხეს. ამის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ საქართველოში ცენტრალური პოლიტიკური საკითხი რუსული იმპერიალიზმის შეჩერებაა. თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე, ანალოგიური მოლოდინი ვერ გვექნება დასავლეთის ქვეყნებთან მიმართებაში. მაგალითად, საფრანგეთის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო, მაგრამ არა ერთადერთი. საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატებმა, ლე პენმა და მაკრონმა, რუსული იმპერალიზმის გარდა, ბევრი სხვა საკითხი განიხილეს - მათ შორის, ეკოლოგია, იმიგრაცია, სოციალური დახმარებები, ევროკავშირის წევრობა და ა.შ.

ნაციონალისტური პრიზმა მკვეთრად ამახინჯებს ჩვენ მიერ დასავლეთის აღქმას. იმის გამო, რომ ვერ ვიგებთ, თუ სინამდვილეში, რით აიხსნება კონკრეტული მოვლენები, არასწორ მოლოდინებს ვიქმნით ამა თუ იმ საკითხის შესახებ და შემდეგ არასწორ ნაბიჯებსაც ვდგამთ. იმისთვის, რომ მავნე შედეგები თავიდან ავიცილოთ, გვჭირდება ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს და განსაკუთრებით, დასავლეთის უკეთ გაცნობა და სხვა სოციოკულტურულ და პოლიტიკურ სივრცეებში მიმდინარე მოვლენების კონტექსტუალური აღქმა.

ამავე დროს, არსებობს საპირისპირო ტენდენციაც, რომელიც ნაციონალისტურ მიდგომაზე არანაკლებ საზიანოა. კერძოდ, ვგულისხმობ ჩვენი საზოგადოებისა და მედიის ნაწილისთვის დამახასიათებელ ერთგვარ (კვაზი)კოლონიალისტურ მიდგომას დასავლური ქვეყნების მიმართ. დასავლეთში ბევრ სოციალურ, შიდა პოლიტიკურ და საგარეო პოლიტიკურ თემაზე არ არსებობს ერთიანი შეთანხმებული აზრი. ამის მიუხედავად, ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილში მაინც არსებობს ერთიანი, მონოლითური „წმინდა“ დასავლეთის ხატი.

ამ ხატის არსებობა საზიანოა, ვინაიდან ის უაზრობისკენ და ზოგჯერ, საკუთარი ინტერესების უგულებელყოფისკენ გვიბიძგებს. ზოგიერთ შემთხვევაში, დასავლეთის გარკვეული ქვეყნები ან ცალკეული პოლიტიკოსები ცდებიან და ამ შეცდომებზე მითითება აუცილებელია. მაგალითად, ბოლო დროს, ბევრს აკრიტიკებდნენ გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციებს რუსეთთან მიმართებაში. ამ ქვეყნებმა თავიანთი პოზიციების სიმცდარე, გარკვეულწილად, თავადაც აღიარეს და ახლა, ნაწილობრივ მაინც, ცდილობენ, რომ თავიანთი საგარეო პოლიტიკა ახალ რელსებზე გადააწყონ. დასავლეთის მონოლითურ, შეუმცდარ და საკრალურ ერთობად აღქმა მსგავსი ჩავარდნების შემჩნევასა და მათზე მითითებაში ხელს შეგვიშლის. ეს კი, საბოლოოდ, ჩვენი ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება.

იმისათვის, რომ დასავლეთში მიმდინარე მოვლენები გავიაზროთ, არ არის საჭირო არც საკუთარი კონტექსტის დასავლურ სოციოკულტურულ სივრცეზე ხელაღებით განვრცობა და არც ამ სოციოკულტურული სივრცის ირაციონალური „გაფეტიშება“. ორივე შემთხვევაში თავს ამოვყოფთ მცდარ და ზოგჯერ კომიკურ სიტუაციაში (აქ უკვე არა ერთხელ ამოგვიყვია ისედაც თავი). ამ ბალანსის დაცვა, ასევე, აუცილებელია იმისთვისაც, რომ დასავლეთმა მიგვიღოს, როგორც თანასწორი პარტნიორი, რომელიც თავის წვლილს შეიტანს დიდებული ცივილიზაციის განვითარებაში.
კატეგორია: ბლოგი
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ტვიტერზე დაიჩივლა, ზოგიერთი გარე დამკვირვებელი უკრაინის ომს ისე უყურებს, როგორც „ნეტფლიქსის“ ახალ სატელევიზიო სერიალსო.

პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ მხატვრული სერიალებისგან განსხვავდებით, უკრაინაში ყოველი ახალი ეპიზოდი სამშობლოს მცველების მიერ დაღვრილი სისხლით იწერება. ამ შემთხვევაში, ვერც ისეთი სცენარისტების იმედზე ვიქნებით, ვინც კეთილი დასასრულის გარანტიას მოგვცემდნენ.

როგორ იქცა ზოგიერთი ადამიანისთვის და მედიისთვის უკრაინის ომი მხატვრულ სერიალად და როგორ შეიძლება აღვუდგეთ წინ ამ მავნე ტენდენციას? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ქვემოთ შევეცდები.

დავიწყებ იმით, რომ უამრავი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს ადამიანების მიდრეკილებას ნეგატიური ინფორმაციის მიმართ. მაგალითად, ნეგატიური ხასიათის ნიუსებს პოზიტიური შინაარსის ახალ ამბებზე უფრო ხშირად კითხულობენ. ამის მიზეზი ის არის, რომ უარყოფითი ინფორმაცია ადამიანებში მკვეთრ ფსიქოფიზიოლოგიურ რეაქციებს იწვევს. (შესაძლოა, განსხვავებული სურათი მივიღოთ სოციალური ქსელების კვლევისას, თუმცა ამ სფეროში ბევრი რამ ჯერაც გაურკვეველია).

უკრაინის ომის გაშუქებისას, თვალშისაცემია, რომ ზოგიერთი საერთაშორისო და ადგილობრივი მედია უფრო ხშირად კონცენტრირდება ნეგატიურზე, ვიდრე პოზიტიურზე. ეს შეიძლება გამართლებული იყოს არა მხოლოდ მარკეტინგული, არამედ უპირველესად, მორალური თვალსაზრისითაც: ჩვენი მთავარი მორალური ვალდებულებაა ის, რომ ყურადღება მივაპყროთ და დავეხმაროთ მათ, ვისაც უჭირს. თუმცა პარალელურად, ჩნდება იმის საფრთხე, რომ ნეგატივი მივიღოთ ნეგატივისთვის და ამან კონკრეტული ნაბიჯების არგადადგმისკენ და პასიურობისაკენ გვიბიძგოს. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველს სწორედ ეს აწუხებს.

კვლევებით დასტურდება, რომ პოდოლიაკის წუხილი გამართლებულია. ნეგატივზე ზედმეტად ფოკუსირება და მოვლენების გარდაუვალ კატასტროფად აღქმა ორი აზრით შეიძლება იყოს კონტრპროდუქტიული.

  • პირველი: ცნობილია, რომ შიში ადამიანებში იწვევს ევოლუციურ რეაქციას, რომელიც მათ მხოლოდ საკუთარი თავისა და ახლობლების დაცვისკენ უბიძგებს. ზედმეტმა ფოკუსირებამ ნეგატივზე შესაძლოა, ჩვენში შიშის გაღვივება და შესაბამისად, სხვების მიმართ სოლიდარობის გრძნობის შემცირება გამოიწვიოს.
  • მეორე: ნეგატიურმა ახალი ამბებმა შეიძლება გააძლიერონ უიმედობის გრძნობა. ასეთი ახალი ამბების მომხმარებლებს, დიდი ალბათობით, გაუჩნდებათ განცდა, რომ ისინი მაინც ვერაფერს შეცვლიან და შესაბამისად, მოქმედებასაც აზრი არ აქვს.

ზედმეტი ნეგატივისგან თავის არიდება შესაძლებელია ახალი ამბების იმგვარად გადმოცემით, რომ აქცენტი გამოსავლის პოვნაზე გაკეთდეს და არა კატასტროფის გარდაუვალობაზე. სამწუხაროდ, ბოლო ორი თვის განმავლობაში, საერთაშორისო მედიაში ვხედავთ ამის სრულიად საპირისპირო ტენდენციას: უკრაინის ომი შუქდება, როგორც გარდაუვალი კატასტროფა, რომლის შეჩერებაც შეუძლებელია.

უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღეებიდანვე საერთაშორისო მედიის ნაწილი ფოკუსირებული იყო დასავლეთის მთავრობების განცხადებებზე, რომელთა მიხედვითაც რუსი ოკუპანტების ჯარი კიევს რამდენიმე დღეში აიღებდა. ამ პროგნოზის უკრიტიკოდ მიღებამ (წესით, კრიტიკული მედია სკეპტიკურად უნდა იყოს განწყობილი მსგავსი „პროგნოზების“ მიმართ) და მასზე კონცენტრირებამ ხელი შეუწყო უკრაინის ომის გარდაუვალ კატასტროფად აღქმას. ამან თავის მხრივ წაახალისა ისეთი ნიჰილისტური წარმოდგენის დამკვიდრება, რომ რუსეთის შეჩერება პრინციპულად შეუძლებელია.

ნეგატივზე ზედმეტი ფოკუსირება რომ კონტრპროდუქტიულია, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ომის გაშუქების დროს მხოლოდ პოზიტივზე უნდა გავამახვილოთ ყურადღბა - ამას თავისი უარყოფითი მხარეები აქვს - მაგალითად, ასეთ დროს შეიძლება, რომ არარეალისტურმა მოლოდინებმა ზედმეტ იმედგაცრუებამდე და საბოლოოდ, ნიჰილიზმამდე მიგვიყვანოს. ასევე, შეიძლება, რომ ჭარბმა პოზიტივმა ხელი შეგვიშალოს რაციონალურ აზროვნებაში და მცდარი ნაბიჯების გადადგმისკენ გვიბიძგოს.

ამიტომ, უკრაინის ომის შემთხვევაში, ნეგატივსა და პოზიტივს შორის ჯანსაღი შუალედის პოვნა და ე.წ. კონსტრუქციული და დაბალანსებული ჟურნალისტიკის წახალისება უნდა იყოს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მედიის მთავარი პრიორიტეტი. სხვა შემთხვევაში, გამოვა, რომ მედია, თავისდა უნებურად, წაახალისებს აპათიასა და ნიჰილიზმს, რაც თავის მხრივ, სამყაროში ბნელი ძალების გავლენას კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

ყველა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ, რომ უკრაინის ომი არ არის სატელევიზიო შოუ, რომელსაც ჩვენგან დამოუკიდებლად, კეთილი ან ბოროტი დასასრული აქვს. ის რეალურ დროში მიმდინარე ტრაგედიაა, რომლის შეჩერებაც გარკვეულწილად, მთელ დანარჩენ ცივილიზებულ მსოფლიოზეა დამოკიდებული. ამ ომის სწორად აღქმა და მასში მომხდარი ტრაგედიების გადმოცემა მისი სამართლიანი დასასრულისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
კატეგორია: ბლოგი
რუსეთის უკრაინაში შეჭრა, რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ ხოცვა და რუსეთის მთავრობისგან წამოსული ბირთვული აპოკალიფსის მოწყობის მუქარები რომ ბოროტებაა, ამაზე წესით ნორმალურ საზოგადოებაში ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. ამიტომ, ამ კონტექსტში განგებ ვიყენებ მორალურად და ემოციურად დატვირთვულ სიტყვას - „ბოროტებას“.

ვფიქრობ, რუსეთის ქმედებები სწორედ ამგვარი მეტაფიზიკურ-რელიგიური ტერმინით უფრო უკეთ აღიწერება, ვიდრე სეკულარულ-პროფესიული ჟარგონებით (აქვე გავიხსენოთ ამერიკის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, რომელმაც თავის დროზე საბჭოთა კავშირი დაახასიათა, როგორც „ბოროტების იმპერია“).

რუსეთის იმპერიის სახით პრიმორდიალურ, ანუ პირველყოფილ ბოროტებასთან გვაქვს საქმე - ისეთთან, როგორზეც მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების თქმულებები მოგვითხრობენ (ნიშანდობლივია, რომ რუს ჯარისკაცებს უკრაინელები ტოლკიენის რომანების პერსონაჟებს ადარებენ და მათ „ორკებად“ მოიხსენიებენ).

ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ამ ბოროტებასთან მიმართებაში ჩნდება, არის ის, თუ როგორ ოპერირებს ის. ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში ამ დღეებში ბევრს გაახსენდებოდა ინგლისელი მწერლის, ჯორჯ ორუელის გენიალური ნაწარმოები „1984“. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაწარმოები ბევრმა ჩვენგანმა რუსეთის ქმედებებზე ფონზე ახლებურად გაიაზრა (და განიცადა).

ზუსტად ისე, როგორც ორუელის „1984“-ში, იმპერიალისტურმა დესპოტურმა სახელმწიფომ რეალურ დროში შექმნა თავისი ალტერნატიული რეალობა, რომელშიც ყველაფერი თავდაყირაა დაყენებული. გავიხსენოთ, რომ ორუელის ნაწარმოებში ტოტალიტარული სახელმწიფოს, ოკეანიის მმართველ პარტიას სამი მთავარი სლოგანი აქვს: „ომი არის მშვიდობა“, „თავისუფლება არის მონობა“ და „უცოდინრობა არის ძალა“. სამივე მათგანი განსაცვიფრებლად ზუსტად ასახავს დღევანდელი რუსეთის პროპაგანდისტულ სტრატეგიას, რითიც ის უკრაინაში თავისი რეგულარული ჯარების შეჭრასა და უდანაშაულო ადამიანების უმოწყალოდ ხოცვას ამართლებს.

„ომი არის მშვიდობა“ - ამგვარად შეგვიძლია დავახასიათოთ რუსეთის მიერ გამოცხადებული „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ძირითადი პათოსი. რუსეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ ამ ე.წ. „სპეციალური ოპერაციის“ - სინამდვილეში კი, სრულმასშტაბიანი ომის მიზანი უკრაინის „დენაციფიკაციაა“.

ამ მიზნის მისაღწევად, ცხადია, რომ რუსეთს სჭირდება უკრაინის ტერიტორიის დაკავება და უკრაინელი ერის დამორჩილება. თუმცა პუტინისა და მისი მიმდევრების მიხედვით, ეს მოსახლეობის დამონება კი არა, პირიქით, გათავისუფლება იქნება. მაგალითად, პუტინმა თავის 24 თებერვლის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურმე “რუსეთის მიზნებში არ შედის უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია”. ამრიგად, პუტინის ვერსიით, გამოდის, რომ თავისუფლება, რომელსაც რუსეთის „დახმარებით“ უკრაინამ უნდა მიაღწიოს, არის მონობა.

ეს ტყუილები უწყვეტად ცირკულირებს რუსულ მასმედიაში. რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალეს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროები - მათ შორის, მსოფლიოში პოპულარული სოციალური ქსელები: „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“.

რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს ადეკვატური წარმოდგენა იმაზე, თუ რა ხდება კონფლიქტის ზონაში. თუმცა ეს, გარკვეული აზრით, ნებაყოფილობითი უცოდინრობა სახელმწიფოს კი არ ასუსტებს, არამედ პირიქით, აძლიერებს. ამრიგად, გამოდის, რომ უცოდინრობა არის ძალა.

ის, რომ ორუელის მიერ გამოგონილი სლოგანები ასე ზუსტად აღწერს რუსული პროპაგანდისტული მანქანის მუშაობას, შემთხვევითი არ არის. როგორც ჩანს, ორუელმა მიაგნო ბოროტების ზოგად მატრიცას - მან აღწერა ის, თუ როგორ ოპერირებს ბოროტება თანამედროვე (და ალბათ ისტორიულ) საზოგადოებებში.

ბოროტების ეს მატრიცა შემდეგნაირია: როგორც წესი, ბოროტების ჩამდენი და გამავრცელებელი არ ეუბნება ხალხს, რომ ის სჩადის ისეთ საქციელს, რომელიც ზოგადსაკაცობრიო დონეზე დანაშაულად ითვლება. ამის ნაცვლად, მანიაკი უარყოფს თავად რეალობას და სიკეთის ენაზე თარგმნის მის მიერ ჩადენილ ბოროტებებს.

ამის გათვალისწინებით, დღესდღეობით, იმპერიალისტური რუსეთის ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ფრონტს მედია სივრცე წარმოადგენს. ყალბ ახალ ამბებთან, პუტინისტ ბოტებთან და ტროლებთან მებრძოლი ადამიანები ურტყამენ ბოროტების მთავარ არტერიას. ისინი აშიშვლებენ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულებებს, რომლებიც სიკეთის სახელით ინიღბებიან.

აქედან გამომდინარე, გარკვეული აზრით, დღევანდელი პროფესიონალი და მოქალაქე ჟურნალისტები, რომლებიც რუსეთის ტყუილებს აშიშვლებენ, მეომრები არიან. მეტაფორულად რომ ვთქვათ, მათი სიტყვები არიან ჯაველინები, სათაურები კი - ბაირახტრები. ამიტომ, მათ ბრძოლას ბოროტების იმპერიის მიერ შექმნილი ალტერნატიული რეალობის წინააღმდეგ ისეთივე მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ, როგორსაც ვუცხადებთ ცეცხლსასროლი იარაღებით მებრძოლებს.

თუ ბოროტების მატრიცა სწორედ ისეთია, როგორიც ორუელმა აღწერა, მაშინ მისი დამარცხების ერთ-ერთ გზა ტყუილების გამშიფვრელი მედიის გაძლიერებაა. სხვანაირად ბრძოლის ველზე მოპოვებული ყველა გმირული თავგანწირვა შესაძლოა მტერმა სამუდამოდ ამოშალოს ისტორიის ფურცლებიდან.
კატეგორია: ბლოგი
ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს ნიჰილისტურ განწყობებს ქართული მედიის მიმართ. ხშირად ამბობენ, რომ სერიოზული დისკუსიის ადგილი მედიაში აღარ დარჩა და განსაკუთრებით, ტელევიზიები გადართულები არიან პოლიტიკურ პროპაგანდის გავრცელებასა და სენსაციონალიზმზეო. „სენსაციონალიზმი“ განიმარტება, როგორც სენსაციების ძიება სიზუსტისა და ობიექტურობის ხარჯზე.

პროპაგანდითა და სენსაციონალიზმით გაჯერებულ გარემოში ზოგიერთმა სერიოზულმა მედია საშუალებამაც შეიძლება ჩაიქნიოს ხელი; თქვას, რომ აბა, ვის რაში სჭირდება ჩვენი პროფესიონალიზმი, როდესაც მოთხოვნა სულ სხვა რამეზეაო. დასავლეთში ზოგიერთი, ერთ დროს მაღალი ხარისხის მედია საშუალება სწორედ ასეც მოიქცა და წარსულში აკრძალული ტრიუკების გამოყენებას მიჰყო ხელი. თუ ამ მიმართულებით სვლა მომავალშიც გაგრძელდება, ხარისხიანი ჟურნალისტიკა მალე წარსულის რელიქვიად დარჩება; ტენდენციური და ტყუილებით სავსე მედია დისკურსი კი მთელ პლანეტას დაიპყრობს.

თუმცა სანამ მედია აპოკალიფსის მოლოდინში კაპიტულაციას დავაპირებთ, კარგად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რამდენად ყოვლისმომცველი ან თვისებრივად ახალია ზემოთაღწერილი ტენდენციები. მაგალითად, სენსაციონალიზმზე ორიენტირებული ბრიტანული ტაბლოიდები დიდი ხანია, რაც ადგილობრვი მედია კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცნენ. ამას ბრიტანულ მედიაში პროფესიული სტანდარტების განადგურება, ჯერჯერობით, არ მოჰყოლია. ასევე, შეგვიძლია გავიხსენოთ გერმანული ტაბლოიდი Bild-იც, რომელსაც ბრიტანული ტაბლოიდების მსგავსად, 1960-იანი წლებიდან მოყოლებული განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა აქვს გერმანულ მედია დისკურსზე. მსგავსი მაგალითები ბევრ სხვა სტაბილური დემოკრატიის ქვეყანაშიც მოიძებნება.

ისეთ პოლიტიკურად პოლარიზებულ ქვეყნებში, როგორიც საქართველო და ბოლო წლების აშშ-ა, „ტაბლოიდიზაციას“ ბევრად უფრო ღრმად აქვს ფესვები გადგმული მეინსტრიმ მედიაში, ვიდრე მაგალითად, გერმანიაში, მაგრამ ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან რამე თვისებრივად ახალი ხდება. როგორც პოლარიზებულ, ისე არაპოლარიზებულ საზოგადოებებში, პროპაგანდასა და სენსაციონალიზმზე ორიენტირებული მედია თითქმის ყოველთვის იყო ფინანსურად ძლიერი, თუ არა დომინანტური მედია ბიზნესი.

თუ პროპაგანდასა და სენსაციონალიზმს მედიის გარდაუვალ ნეგატიურ ეფექტებად აღვიქვამთ და მათ არსებობას შევეგუებით, მაშინ პროფესიული ჟურნალისტიკის როლსა და მნიშვნელობასაც სხვანაირად დავინახავთ. პოლარიზებულ გარემოში პროფესიული მედია დომინანტურ პოზიციებს, სავარაუდოდ, ვერასდროს შეინარჩუნებს. როგორც ზემოთ დავწერე, ჩვენზე გაცილებით მეტად დემოკრატკიულ და სტაბილურ ქვეყნებშიც კი - მაგალითად, გერმანიაში, ტაბლოიდებს არნახულად დიდი გავლენა აქვთ საზოგადოებრივ აზრზე.

ამიტომ, რეალისტურად თუ შევხედავთ, ჩვენნაირ პოლარიზებულ და ნახევრად ავტორიტარულ ქვეყანაში პროფესიული მედიის მიზანი ნიშის შენარჩუნება და აუდიტორიის ნაბიჯ-ნაბიჯ გაზრდა უფრო უნდა იყოს, ვიდრე პროპაგანდისა და სენსაციონალიზმის ალაგმვა. ამგვარ რეალისტურ მიზანზე თუ ვკონცენტრირებით, ამით ნიჰილიზმსაც დავამარცხებთ და მომავალშიც უფრო გრძელვადიან მოგებაზე ორიენტირებულ ნაბიჯებს გადავდგამთ.

დასავლეთშიც და საქართველოშიც მეტნაკლებად წარმატებული და ზოგჯერ, დომინანტური პროფესიული მედიის არა ერთი მაგალითი გვაქვს. Yougov-ის მიხედვით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში, ყველაზე პოპულარული ამერიკული ახალი ამბების ვებსაიტების სიაში მე-8 ადგილს New York Times-ი იკავებს. ბრიტანული BBC-ის მსოფლიოს ახალი ამბების სერვისი კი გლობალური მედია ბაზრის ერთ-ერთი დომინანტური მოთამაშეა; მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება. ეს და სხვა მაგალითები გვაჩვენებს, რომ პროფესიული სტანდარტების უკომპრომისოდ დაცვა არ არის შეუთავსებელი მედიის, როგორც ბიზნესის ინტერესებთან.

საქართველოში პროფესიონალიზმისა და ბიზნეს ინტერესების შეთავსება შედარებით რთულია, იმის გამო, რომ ქვეყანა ღარიბია, მაგრამ ზოგიერთმა ადგილობრივმა დამოუკიდებელმა მედია საშუალებამ მაინც შეძლო თავის დამკვიდრება. მაგალითად, Top.ge-ის მიხედვით, დამოუკიდებელი ინტერნეტ გამოცემის, „ნეტგაზეთის“ ვებგვერდს თვეში საშუალო 700 000 ადამიანი სტუმრობს. მედიისთვის, რომელიც მკვეთრად არასენსაციონალისტურ ახალ ამბებზე ორიენტირებული და პოლიტიკური პროპაგანდით არ არის დაკავებული, ვფიქრობ, ეს ცუდი შედეგი არ უნდა იყოს.

რა თქმა უნდა, საქართველოსნაირ ღარიბ ქვეყანაში, დონორების დახმარების გარეშე, დამოუკიდებელი მედიისთვის ფინანსური მდგრადობის შენარჩუნება ძნელია, მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ გადარჩენა და ზრდა თეორიულად მაინც შესაძლებელია. დანარჩენი უკვე ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპსა და დემოკრატიზაციის ხარისხზეა დამოკიდებული.
კატეგორია: ბლოგი
რას უნდა ველოდოთ "მეტავერისისგან"? უნდა გვეშინოდეს მისი, თუ უნდა მოვემზადოთ?



დაახლოებით სამი თვის წინ „ფეისბუქმა“ სახელი შეიცვალა და „მეტად“ იქცა. კომპანიის პრეზიდენტმა, მარკ ცუკერბერგმა გამოაქვეყნა პრეზენტაცია, რომელშიც ის მომავლის ვირტუალურ სივრცეზე - მეტავერსზე საუბრობს. მეტავერსის იდეა ის არის, რომ არსებული ვირტუალური რეალობა ისეთ სივრცედ უნდა გარდაიქმნას, სადაც არა მხოლოდ „შევალთ“ და ინფორმაციას გავცვლით, არამედ რომელშიც საგნებსა და მოვლენებს შევიგრძნობთ.

„მეტავერსის“ იდეა უკვე ძალიან ბევრი პერსპექტივიდან გააკრიტიკეს. ზოგმა თქვა, რომ ამაში ახალი არაფერია; ცუკერბერგი სად იყო, ჩვენ რომ ონლაინ თამაშებს ვთამაშობდითო. მართლაც, გეიმერებისთვის რეალურის მსგავსი ვირტუალური სამყაროები დიდი ხანია, არსებობს. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ვირტუალური რეალობას სრულფასოვნად განცდას ვერც ერთი არსებული ვიდეო თამაში ვერ გვთავაზობს. „მეტა“ და სხვა კომპანიები ისეთი ტექნოლოგიების განვითარებას გვპირდებიან, რომლებიც ვირტუალურ რეალობას „გააცოცხლებენ“.

ნახეთ მეტი, "მეტავერსის" შესახებ: რა არის მეტავერსი?


კრიტიკოსების ერთი ნაწილი თვლის, რომ ცუკერბერგის მიერ აღწერილი ვირტუალური მომავალი კაცობრიობას კარგს არაფერს უქადის. ისინი „მეტავერსს“ უწოდებენ დისტოპიას, ანუ ნეგატიურ უტოპიას. ამ მოსაზრების მიხედვით, ადამიანები, რომლებმაც რეალურ პრობლემების გამოსწორება ვერ შეძლეს, საცხოვრებლად ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლებენ. „მეტავერსში“ რეალობიდან გაქცეულებს ზრდისა და განვითარების შეზღუდული შესაძლებლობები დახვდებათ. აქედან გამომდინარე, კრიტიკოსების აზრით, ეს კაცობრიობის მომავალს სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენებს.


ზემოთხსენებული კრიტიკოსებისგან განსხვავებით, ვთვლი, რომ „მეტავერსის“ წინდაწინვე დისტოპიად მონათვლა გადაჭარბებულია. მსგავსი რადიკალურად ნეგატიური შეფასებები უფრო მეტად „მეტავერსის“ ისეთ დისტოპიურ ვერსიას მიემართებიან, რომელშიც ფიზიკური რეალობა თითქმის მთლიანად იგნორირებულია. სინამდვილეში, აუცილებელი არ არის, რომ მოვლენები ასეთი პესიმისტური სცენარით განვითარდეს.

რეალური ცხოვრების ვირტუალურით ჩანაცვლება ერთი მარტივი მიზეზის გამო არის შეუძლებელი: ვერც ერთი ვირტუალური სამყარო ვერ შესთავაზებს ადამიანს იმხელა სიურპრიზებსა და რისკებს, როგორსაც ფიზიკური რეალობა სთავაზობს. ადამიანი კი თავისი ბუნებით შემეცნებისკენაა მიდრეკილი.

ახალი გამოცდილებების მიღება და იდეების აღმოჩენა სრულფასოვნად მხოლოდ ფიზიკურ სამყაროშია შესაძლებელი. ჩვენ ხომ ჯერ კიდევ უამრავი რამ გვაქვს გასაგები საკუთარი პლანეტისა და კოსმოსის შესახებ; ბევრი ელემენტარული ნაწილაკი და ნივთიერებაა აღმოსაჩენი; ბევრი პოლიტიკური და სოციალური რეფორმაა (და ზოგ შემთხვევაში, რევოლუციაც) გასატარებელი... ბოლოს და ბოლოს, სიცოცხლისა და სიკვდილის გარდაუვალობა, პირველ რიგში, ფიზიკური რეალობის ნაწილია.

სინამდვილეში, „მეტავერსისგან“ მომავალი საფრთხის გაბუქება ხელს შეგვიშლის მის ნეგატიურ, მაგრამ ატანად ან გამოსწორებად მხარეებზე ფოკუსირებაში. მაგალითად, რა ნეგატიურ გავლენას იქონიებს „მეტავერსი“ პოლიტიკურ პროცესზე?

ჩვენ ვნახეთ, რომ სოციალურმა ქსელებმა ლამის მსოფლიოს ყველაზე ძველი და ძლევამოსილი დემოკრატია შეიწირეს. როგორ გაიმიჯნება მომავალში ერთმანეთისგან ვირტუალური, საჯარო და პირადი სივრცე, ან მომხმარებლების პირადი მონაცემების დაცვა? როგორც წინა ბლოგში ვწერდი, ჩვენ ვნახეთ, რომ სოციალურ ქსელში ადამიანის პირადი სივრცე და მონაცემები სათანადოდ დაცული არ არის. რა უარყოფით გავლენას იქონიებს „მეტავერსი“ სილამაზის სტანდარტებზე და ადამიანების თვითშეფასებაზე? ჩვენ ვნახეთ, რომ „ინსტაგრამი“ ამ მხრივ არაერთგვაროვან და ზოგჯერ ნეგატიურ გავლენას ახდენს, განსაკუთრებით, მოზარდებზე.

თუ ამ და სხვა საკითხებზე ფიქრს წინდაწინვე დავიწყებთ, მაშინ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, „მეტავერსი“, შესაძლოა, კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტად იქცეს. „მეტავერსის“ მეშვეობით ჩვენ მინიმუმადე დავიყვანთ ბევრ არასაჭირო აქტივობას, გავაჩენთ ახალ სამუშაო ადგილებს, შევამცირებთ ეკოლოგიურ ზეგავლენას ბუნებაზე, განვივითარებთ ახალი ტიპის ეკონომიკას (ერთი მონაცემებით, მომავლის ვირტუალურ სივრცეში უკვე 500 მილიონი დოლარის „უძრავი ქონებაა“ გაყიდული, გავაადვილებთ სწავლებას და შესაძლოა, გავზარდოთ ახლობელ ადამიანებთან გატარებული დროც... „მეტავერსი“ შეიძლება იქცეს აქამდე არნახულ ტექნოლოგიურ ნახტომად, რომელიც კაცობრიობას საკუთარი პოტენციალის უკეთ გამოვლენაში დაეხმარება. ამისათვის კი ახალ ვირტუალურ სივრცესთან მიმართებაში წინდაწინვე სწორი თეორიული და პრაქტიკული ფოკუსის პოვნაა საჭირო.
კატეგორია: ბლოგი
ამ ბლოგში ვისაუბრებ საკითხზე, რომელსაც სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ სოციალური ქსელების შესახებ მიმდინარე ქაოტურ დისკუსიებში. ჩემი შეკითხვა ასეთია: რა სახის სოციალურ პლატფორმებთან გვაქვს საქმე სოციალური ქსელების შემთხვევაში - საჯაროსთან თუ ნაწილობრივ, კერძოსთან? ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ამ პლატფორმებიდან მომავალი ზოგიერთი საფრთხის სწორად გააზრებაში დაგვეხმარება.

მსოფლიოში ბევრი იურისდიქცია ერთმანეთისგან მიჯნავს კერძოსა და საჯარო სივრცეს. როგორც წესი, კერძო საუბრების ჩაწერა (მონაწილის ან მონაწილეების თანხმობის გარეშე) ან გამოქვეყნება ისჯება, იმ შემთხვევაში, თუკი არ არსებობს სასამართლოს ნებართვა ან დასაბუთებადი საჯარო ინტერესი.

ამასთან ერთად, კერძო და საჯარო სივრცე ერთმანეთისგან გამიჯნულია არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ ეთიკური თვალსაზრისითაც. როგორც წესი, ჩვენ გვაქვს გარკვეული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ქცევაა მისაღები კერძო ან საჯარო სივრცეში. მსგავსი დაყოფის გაუქმებას ადამიანების უმეტესობა არ დაეთანხმებოდა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც არსებობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინტერესი.

სოციალურ ქსელებში კერძო და საჯარო სივრცე ერთმანეთში ისეა აზელილი, რომ ძნელია გარკვევა, თუ სად მთავრდება ერთი და იწყება მეორე. ცხადია, „საჯარო“ (Public) აუდიტორიისთვის განკუთვნილი სტატუსები და პოსტები ცალსახად საჯაროა და მათ ავტორებს ამაზე სხვა პრეტენზია ვერ ექნებათ, მაგრამ როდესაც პოსტები მხოლოდ კონკრეტული აუდიტორიისთვის - მაგალითად, მეგობრებისთვის არის განკუთვნილი, გაუგებარია, თუ რატომ უნდა ჩაითვალოს ისინი აუცილებლად საჯაროდ.

სოციალურ ქსელებში კერძო აუდიტორიისთვის განკუთვნილი დისკუსიების საჯაროდ მიჩნევა, შესაძლოა, დაახლოებით იგივე იყოს, რომ საჯაროდ მივიჩნიოთ ფიზიკურ საჯარო სივრცეში მიმდინარე ნებისმიერი სახის დისკუსია. ზოგიერთ ქვეყანაში საჯარო სივრცეში - მაგალითად, ქუჩაში, მიმდინარე საუბრები, გარკვეულ შემთხვევებში, კერძო ხასიათის მქონედ ითვლება. ვფიქრობ, იგივე ლოგიკა შეიძლება გავრცელდეს სოციალურ ქსელებზეც.

ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ სოცქსელებში კერძო ხასიათის მესიჯების გაგზავნა და დახურული ჯგუფების შექმნაც არის შესაძლებელი. ამ ჩატებსა და ჯგუფებში შეკრებილი მონაცემების სამართლებრივი ან ეთიკური სტატუსი ბოლომდე გაურკვეველია. ხშირად, შეიძლება, თავად სოციალური ქსელის მომხმარებლებიც გაუაზრებლად არღვევდნენ პირადი მონაცემების დამუშავებისა და გავრცელების ნორმებს. როგორც წინა ბლოგში ვწერდი, ჩვენ ჯერ კიდევ აღმოსაჩენი გვაქვს სოცქსელებით სარგებლობის ეთიკა.

თუკი სოციალურ ქსელებში დისკუსიების და მონაცემების ნაწილი კერძოა, რამდენად უნდა ჰქონდეს კერძო კომპანიას ან მთავრობას ამ მონაცემების დიდი ხნით შენახვის ან დამუშავების უფლება? 2016 წელს ევროკავშირმა მიიღო „ზოგადი მონაცემების დაცვის რეგულაცია“, რომელიც სოციალურ ქსელებს კერძო მონაცემების დამუშავების უფლებას სერიოზულად უზღუდავს (https://gdpr-info.eu/). ევროკავშირს მოგვიანებით ზოგიერთმა სხვა იურისდიქციამაც (მაგალითად, აშშ-ს ზოგიერთმა შტატმაც) მიბაძა. თუმცა აქ ორი პრობლემაა:

პირველი.

ევროკავშირსაც კი არ აუკრძალავს კერძო მომხმარებლების პირადი ინფორმაციის შენახვა და დამუშავება კომპანიებისთვის. ევროკავშირის კანონმდებლობით, ეს მონაცემები მაქსიმალურად ანონიმური უნდა იყოს (იმისათვის, რომ გართულდეს კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირება), თუმცა მათი დამუშავება და კომერციული მიზნებისთვის გამოყენება დასაშვებია. ვფიქრობ, მსგავსი მიდგომა ვირტუალურ სამყაროში მომხმარებლების კერძო სივრცეს ადეკვატურად ვერ დაიცავს. ამის საპირისპიროდ, ადამიანებს სოციალურ ქსელებში დაახლოებით ისეთივე დაცული კერძო სივრცეები უნდა შევუქმნათ, როგორებითაც ისინი ფიზიკურ რეალობაში სარგებლობენ.

მეორე.

მსოფლიოს დიდ ნაწილში - მათ შორის, განვითარებად ქვეყნებში, სადაც მთავრობები ისედაც იშვიათად იცავენ პირადი ცხოვრების უფლებას (ზოგ ტრადიციულ საზოგადოებაში, ბევრ ადამიანს, ფაქტობრივად, არც აქვს „პირადი სივრცე“), სოციალური ქსელების პოპულარობა კიდევ უფრო აიოლებს პირად სივრცეზე პოლიტიკური კონტროლის დამყარებას. ავტორიტარული სუპერსახელმწიფოების - რუსეთისა და ჩინეთის მიერ კონტროლირებადი სოციალური ქსელების პოპულარობის ზრდა კი ახალ ორველიანურ შიშებს ბადებს (არ დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე პოპულარული დომეინის მქონე სოცქსელი, TikTok-ი ჩინურია.

ყველაფერი აქედან გამომდინარე, ისე ჩანს, რომ კაცობრიობას ვირტუალურ სამყაროში კერძო სივრცის გამაგრება სასწრაფოდ სჭირდება იმისათვის რომ საჯარო (ვირტუალური) სივრცე მავნე აქტორების ზემოქმედებიდან დაიცვას.
კატეგორია: ბლოგი
დაახლოებით 13 წლის წინ, როდესაც ფეისბუქზე პირველად დავრეგისტრირდი, მეგონა, რომ ეს ახალი ტექნოლოგია ინტერნეტში თავის დროზე საყოველთაოდ გავრცელებულ ანონიმურობის მავნე პრაქტიკას მოსპობდა. 1990-იანი და 2000-იანი წლების ქართულ ინტერნეტში ნორმად დამკვიდრებული ანონიმურობა ჩვეულებრივ მომხმარებლებს უბიძგებდა, რომ ვირტუალურ სივრცეში მიმდინარე დისკუსიებს არასერიოზულად მოკიდებოდნენ. ანონიმი ინტერნეტ მომხმარებლები ქმნიდნენ ვირტუალურ პერსონებს, რომლებიც ზოგჯერ რადიკალურად განსხვავდებოდნენ მათი რეალური პროტოტიპებისგან. ასეთი „ორგანიზებული ფარისევლობა“ კი მთლიანად ინტერნეტ სივრცეს უკარგავდა სერიოზულობას და მას, ძირითადად, ტექნიკით გატაცებული ხალხის ახირებად აქცევდა.

ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რომ ფეისბუქმა ინტერნეტი და მასში მიმდინარე მოვლენები ფიზიკურ რეალობას დაუახლოვა. ნაწილობრივ, ამის წყალობით, ქართული ინტერნეტ სივრცე უფრო მეტად სახალხო გახდა. ინტერნეტ დისკუსიებმაც პოლიტიკაზე, კულტურაზე, განათლებაზე, სპორტზე და ა.შ. თითქოს უფრო მეტი სერიოზულობა და მნიშვნელობა შეიძინა.

სინამდვილეში კი, თანამედროვე ქართული ფეისბუქი რეალობისა და ვირტუალურობის უშნო ნაზავი უფროა, ვიდრე სინამდვილის ადეკვატური ანარეკლი. აქ ხელისუფლებისა და სხვა დაინტერესებული აქტორების ბოტები დაუღალავად თარეშობენ კრიტიკული დისკუსიების ჩასახშობად. რეალური სახელებითა და გვარებით დარეგისტრირებული ტროლები კი შეგნებულად ამახინჯებენ ფაქტებსა და არგუმენტებს. თუმცა ყველაზე შემაშფოთებელი მაინც ის არის, რომ უკვე თავად რიგითი მომხმარებლებიც ჩაერთნენ საკუთარი გამოგონილი რეალობების შექმნაში.

ფეისბუქ მომხმარებელთა ნაწილისთვის თანდათანობით ნათელი გახდა, რომ ეს პლატფორმა ვერ გამოდგებოდა კრიტიკულ სადისკუსიო სივრცედ. ამის გააზრების შემდეგ, ზოგიერთმა რიგითმა მომხმარებელმაც საკუთარი თავისა და კლანის ინტერესების წინ წამოწევა დაიწყო. შედეგად შექმნილი ვირტუალური რეალობები ერთმანეთს ყოველდღიურად ეჯახება. ამ ბრძოლაში გამარჯვებული კი დაგროვილი ლაიქებისა და კომენტარების რაოდენობით განისაზღვრება.

თუკი ფეისბუქამდელ „ანონიმურ“ ეპოქაში ინტერნეტში გამოგონილ რეალობებს სერიოზულად თითქმის არავინ აღიქვამდა, ახლა ეს ვირტუალური ტყუილები რეალურ ცხოვრებაზეც ახდენენ გავლენას. დღეს შეიძლება, დაიჯერო ისტორია ან ნიუსი, რომელიც არასდროს მომხდარა, ვინაიდან გეგონოს, რომ მას რეალური და სანდო პიროვნებისგან ისმენ; შეიძლება, შეიქმნა აბსოლუტურად მცდარი წარმოდგენა ადამიანზე, ვინაიდან გეგონოს, რომ ის რეალურ ცხოვრებაშიც ზუსტად ისეთია, როგორიც ფეისბუქზე; შეიძლება გეგონოს, რომ დაუმეგობრდი ადამიანს, რომელიც სინამდვილეში, შენი მეგობარი არასდროს ყოფილა; შეიძლება შეგიყვარდეს ან შეგძულდეს ადამიანი, რომელიც სინამდვილეში, არასდროს გიყვარდა ან არასდროს გძულდა და ა.შ.

მედიის ერთ-ერთი დანიშნულება ის არის, რომ მან შეულამაზებლად უნდა გადმოსცეს რეალობა, თავისი პლუსებითა და მინუსებით. მიკერძოებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები, რადიოები, გაზეთები ამ რეალობას ოდითგანვე ამახინჯებდნენ, თუმცა მას ვერ აწარმოებდნენ. ფეისბუქი, ამ ძველი მედიისგან განსხვავებით, თავად ქმნის გამოგონილ სოციალურ ურთიერთობებს. ქართული ფეისბუქი, დღესდღეობით, არის გამოგონილი რეალობების ქარხანა, რომელიც საგნებისა და მოვლენების კრიტიკულად გააზრებას უშლის ხელს.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის, საქართველოშიც ფეისბუქის მავნე ეფექტებზე უკვე ძალიან ბევრს მსჯელობენ. შესაძლებელია, რომ ბოტების განადგურებითა და ყალბი ახალი ამბების წაშლით ფეისბუქი გაკეთილშობილდეს? თუ ის, რაც ამ ბლოგში დავწერე, მართალია და ფეისბუქის მავნე ეფექტები ნაწილობრივ მაინც მისი ბუნებიდან გამომდინარეობს, მაშინ გამოდის, რომ ამ პლატფორმის ბოლომდე გაკეთილშობილება შეუძლებელია. მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ფეისბუქი თავისი ბუნებით არის ისეთი ტექნოლოგიური ინსტრუმენტი, რომელიც ვირტუალური სახეებითა და ურთიერთობებით ფიზიკურ რეალობას ანაცვლებს და ამ ფაქტს არაფერი ეშველება.

ამ შემთხვევაში, ჩვენ ფეისბუქთან, როგორც აუცილებელ, მაგრამ პოტენციურად საშიშ ტექნოლოგიასთან თანაარსებობის ეთიკა უნდა გამოვიმუშაოთ. ადამიანმა დიდი ხნის წინ „მოიშინაურა“ ცეცხლი და ისწავლა მისი სასიკეთო მიზნებისთვის გამოყენება. ამავე დროს, კაცობრიობას გააზრებული აქვს, რომ ცეცხლის ბოლომდე გაკეთილშობილება შეუძლებელია - ის წვავს და ანადგურებს ცოცხალ არსებებს, სპობს სიცოცხლეს. ამიტომ ცეცხლს მუდმივად სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ - როგორც იტყვიან ხოლმე, „ცეცხლთან თამაში საშიშია.“ ასეთივე გამოყენების ეთიკა უნდა გამოვიმუშაოთ ახალ ტექნოლოგიებთან, მათ შორის, ფეისბუქთან, მიმართებაშიც.