ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
გაზეთი „ასავალ-დასავალი“ აგრძელებს ჰომოფობიურ კამპანიას და დიდ ადგილს უთმობს რესპონდენტებს, რომლებმაც მკითხველს თავი უკვე დაამახსოვრეს ჰომოფობიური და სექსისტური გამონათქვამებით.

ამჯერად, 20-26 ივლისის ნომერში, ერთი გვერდი ეთმობა მსახიობ გივი სიხარულიძესთან ინტერვიუს. გაზეთი მას „პოეტად, პროზაიკოსად და ცნობილ კოლორიტად“ წარმოგვიდგენს.

ჟურნალისტის შეკითხვებსა და რესპონდენტის პასუხებში მრავლად გვხვდება აგრესიული და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, მათ შორის იმს პიროვნებების მისამართით, რომლებიც ლიბერალური შეხედულებებით არიან ცნობილი. გაზეთის ჟურნალისტი და გივი სიხარულიძე მათ მოიხსენიებენ კრებითი ჰომოფობიური ეპითეტით - „ლიბერასტები“.

„ლიბერასტებმა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს ამერიკაში ლგბტ ქორწინების დაკანონება“... „რა უხარიათ ამ ჩვენებურ ლიბერასტებს ვერ გამიგია!..“ „ეს გლობალური გეი-ლაშქრობა დაგეგმილია და ფინანსდება მსოფლიო მასონური მოძრაობის მიერ, რომელსაც უზარმაზარი თანხა აქვს გამოყოფილი ამ სიბილწის გასავრცელებლად...“ „ეს ცივილიზებული მსოფლიო კი არა, პედერასტებით სავსე ბრბოა!..“

ინტერვიუს ბოლოს გვხვდება გენდერული სტერეოტიპები („ქალი თუ ხარ, შენი ადგილი უნდა იცოდე“) და ძალადობისკენ მოწოდებაც („ასეთებს დღეში ცხრაჯერ უნდა ცემა“).

შესაბამისი ფრაგმენტი ინტერვიუდან:

„სიხარულიძე: 100 კაცს რომ გამოიცვლი და „თავისუფალი გოგო“ ვარო, გაიძახი, ბოზი ხარ და ვერ გაგიგია! ჰოდა, ეს ჩვენი ხურუშიანი ბიჭები, თუ ქალი ასჯერ არ არის „შემოწმებული“, ისე ცოლად არ მოიყვანენ! ქალიშვილი გოგოები აღარ უნდათ და ბოზები მოჰყავთ ცოლად.

ასავალ-დასავალი: ბატონო გივი, „სიძულვილის ენით“ ლაპარაკს დაგაბრალებენ და „გენდერული თანასწორობის“ დამრღვევ „ჰომოფობობას“!

სიხარულიძე: მე „გენდერული თანასწორობა“ და შპიცბერგენობა არ ვიცი. გენდერული თანასწორობა კი არა, დღეში ცხრაჯერ უნდა ასეთებს ცემა! ქალი თუ ხარ, შენი ადგილი უნდა იცოდე!“

ჰომოფობიური გამონათქვამები, ასევე, გვხვდება გაზეთის 32-ე გვერდზე „იმედის დილის“ ყოფილ წამყვანთან, სალომე გოგიაშვილთან ინტერვიუში, რომლის სათაურად გამოტანილია რესპონდენტის სიტყვები: „როგორ შეიძლება, ბავშვს სწორი აზროვნება განუვითარდეს, როდესაც დედად წვერიანი კაცი ჰყავს?!“ მსხვილი შრიფტითაა გამოტანილი ფრაზა: „ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობად მიმაჩნია“.

"ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით"- ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, მეშვიდე პრინციპი.
კატეგორია - ეთიკა
„უნდა იყვნენ თუ არა ჟურნალისტები სამოქალაქო აქტივისტები“, - ეს საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც ქართველმა ჟურნალისტებმა ხურვალეთში რუსეთის ოკუპაცია დაგმეს.

სოციალურ ქსელებში საკმაოდ დიდი განხილვა მოჰყვა 14 ივლისს ქართველი ჟურნალისტების მიერ ხურვალეთში აღმართული ტრაფარეტის ამოღებას, წარწერით: „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა".

ამ ფორმით ქართველმა ჟურნალისტებმა კონფლიქტის ზონაში საზღვრის უკანონოდ გადმოწევა გააპროტესტეს. მედიის წარმომადგენლების საპროტესტო ბანერებზე ეწერა: „მე ვარ საქართველოდან და ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ!“;„არა ოკუპაციას!“; „არა მცოცავ ანექსიას!“.

აქციაში მონაწილე ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ ისინი არიან ჟურნალისტები და ამავდროულად, იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლის 20 პროცენტიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამიტომ მიიჩნევდნენ, რომ უფრო მნიშვნელოვანია მათი პოზიციის ნათლად გამოხატვა რუსეთის მიმართ.

რადიო „აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლაშა ბერულავა Mediachecker-თან საუბრისას ამბობს, რომ ჟურნალისტი უპირველესად სამოქალაქო აქტივობის აღმწერი და ინფორმაციის მიმწოდებელია. ის ჟურნალისტური პროდუქტის შემქმნელია და არა აქტივობის უშუალო მონაწილე.

“ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ, არის სიტუაცია, როცა ამ ზღვარზე გადაბიჯება არათუ დასაშვები, მისასალმებელიც კია. ასეთი სიტუაცია, შესაძლოა, სულ რამდენიმე იყოს და ძალიან ცოტა ქვეყნის ჟურნალისტების წინაშე იჩინოს თავი. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი პროფესიონალი, რომელიც ასეთ დროს დადგება არჩევანის წინაშე - დარჩეს სტატიკური აღმწერის, თუნდაც ანალიტიკოსის როლში, თუ უშუალოდ მონაწილე გახდეს პროცესის, ამ უკანასკნელს აირჩევს”, - ამბობს ბერულავა.

მისი თქმით, არსებული მედიასდანდარტი, რომელიც მიჯნავს ჟურნალისტიკას სამოქალაქო აქტივიზმისგან, დოგმა არ არის იმ ქვეყნების ჟურნალისტებისთვის, რომელთა ქვეყანა ნაწილობრივ ოკუპირებულია. ლაშა ბერულავა ხაზს უსვამს, რომ ეს აქცია დაგეგმეს მხოლოდ ჟურნალისტებმა და მასში პოლიტიკოსები არ მონაწილეობდნენ.

“არავინ იცის, როგორ მოიქცევა ამერიკელი ან ბრიტანელი, სტანდარტების ერთგული ჟურნალისტი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ მისი ქვეყნის საზღვრებს ვიღაც თავისი შეხედულებისამებრ ადგენს და ბანერს, ლამის დედაქალაქში ურჭობს. ამიტომაც მგონია, რომ როცა საქმე ეხება სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, ჟურნალისტის სამოქალაქო აქტივობა დასაშვებია, თუმცა, რამდენიმე დათქმა აქაც არსებობს: უმჯობესია ეს იყოს არა ერთი ჟურნალისტის მონაწილეობა რომელიმე პარტიის, ან პარტიათა ჯგუფის აქციაში, არამედ მას ჰქონდეს ჯგუფური ფორმა, სადაც გაერთიანდებიან ჟურნალისტები”, - განმარტავს ლაშა ბერულავა.

მას მაგალითად, 2008 წლის სექტემბერში გამართული ცოცხალი ჯაჭვის აქცია მოჰყავს, სადაც ის მონაწილეობდა, როგორც მოქალაქე და აშუქებდა ამ მოვლენებს ტელეკომპანია “იმედისთვის”. ლაშა ბერულავა ამბობს, რომ მისთვის სამოქალაქო აქტივობას ხელი არ შეუშლია პროფესიულ საქმიანობაში.

“ასეთ დროს ძნელია, იყო მხოლოდ აღმწერი - შენ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ და მხოლოდ აქციაში მონაწილეობით შემოფარგვლა დაახლოებით იმას ჰგავს, ქუჩაში რომ გამოხვიდე სისუფთავის დაცვის მოთხოვნით, შენს ფეხებთან დაგდებული „კოკა-კოლას“ ქილა ნახო და ურნაში არ ჩააგდო”.

ჟურნალისტები, ვინც ამ აქციაში მონაწილეობდა საზოგადოების ზოგიერთმა წევრმა პროვოკაციაში და კონფლიქტის გამწვავებაში დაადანაშაულა. ისინი ფიქრობენ, რომ კონფლიქტის ზონაში ბანერის მოგლეჯასა და პროტესტს, შესაძლოა, გაემწვავებინა მდგომარეობა კონფლიქტურ რეგიონში. ლაშა ბერულავა ამბობს, რომ ამ საკითხზე უფიქრია და მათი მიზანი არ იყო პროვოკაციის მოწყობა, ან ბანერის ამოგლეჯა. ეს შემდეგ სპონტანურად მოხდა.

“ეს იყო ემოციური ნაბიჯი, რომელიც ადგილზე სიტუაციის გაცნობის შემდეგ გადავდგით და ეს ქმედება იყო სპონტანური - რადგან ირგვლივ არ იყო მოსახლეობა, ხოლო ბანერს იქეთა ტერიტორიაზე გადასვლა ადგილობრივებს ისედაც აკრძალული ჰქონდათ ოკუპანტების მხრიდან. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ბანერის ამოღება იქნებოდა არა პროვოკაციული ქმედება, არამედ ოკუპაციის ერთ-ერთი გამოვლინების, კვალის წაშლა. რა თქმა უნდა, გვესმოდა, რომ შესაძლოა, ეს ბანერი ახლით შეეცვალათ (რაც, ალბათ, მოხდება კიდეც), მაგრამ ამის მიუხედავად, არ ვნანობ, რაც გავაკეთეთ. არ მგონია, რომ ამის შემდეგ იქ სიტუაცია იმაზე მეტად გამწვავდეს, ვიდრე აქამდე იყო”, - აღნიშნავს ბერულავა.

ეს არ არის პირველი აქცია, რომელშიც მედიის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სამოქალაქო აქტივიზმში ისინი საკმაოდ ხშირად ერთვებიან.ასეთივე სიხშირით კი აქციებში მონაწილე ჟურნალისტების მიმართ ჩნდება კითხვები, მათ შორის, მათი ობიექტურობის კუთხითაც.

ერთი მხრივ, ობიექტურობის დაცვა ჟურნალისტური სტანდარტების ერთერთი მთავარი პრინციპია. თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს სხვა სივრცეც ჟურნალისტებისთვის და ამ სივრცეში ისინი მოქალაქეებიც არიან. სად გადის ზღვარი ჟურნალისტიკასა და სოციალურ აქტივიზმს შორის, საკმაოდ რთული დასადგენია და ყველა ინდივიდი, ან მედიასაშუალება ამ ზღვარს თავად ადგენს.

მაგალითად, ტელეკომპანია “მაესტროს” რაიმე შეზღუდვა თავისი ჟურნალისტების მიმართ არ აქვს. “მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი ანა ბროლაძე ამბობს, რომ ჟურნალისტი შეიძლება იყოს აქტივისტი არასამუშაო დროს, როდესაც არ უკავია მიკროფონი და არ მუშაობს ოპერატორთან ერთად. ის თავად თითქმის არასდროს მონაწილეობს საპროტესტო აქციებში და ფიქრობს, რომ უფრო აქტიური ჟურნალისტია, ვიდრე მოქალაქე. ერთადერთი აქცია, სადაც ის მონაწილეობდა, მისი ტელეკომპანიის თანამშრომლების ორგანიზებით გაიმართა. მაშინ “მაესტროს” გარკვეული პრობლემები ჰქონდა და არხი მართავდა აქციებს, თავისუფალი სიტყვის დასაცავად.

“ვერავის გავაკრიტიკებ, არ ვიცი, მე როგორ მოვიქცეოდი მსგავს სიტუაციაში. თუმცა ვფიქრობ, იმპულსურობამ, არ უნდა გადაწონოს რაციონალურობა. მგონია, რომ ჟურნალისტს, ერთი მხრივ, მიკროფონი აქვს იმისთვის, რომ გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება. დასვას მწავევე შეკითხვები, თუ არ მოსწონს ხელისუფლების კონკრეტული ქმედებები. მეორე მხრივ კი, როცა ხელი თავისუფალი აქვს კამერა-მიკროფონისგან, მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, რას იზამს, ბანერს მოაძრობს, თუ საპროტესტო ბანერს დაიჭერს”, - ამბობს ბროლაძე.

სხვაგვარია რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტთა დამოკიდებულება. ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი ფიქრობს, რომ ჟურნალისტმა მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება თქვას უარი პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე, ისიც მაშინ, როცა მას ადამიანის გადარჩენა შეუძლია.

“ჩვენი მიკროფონებით, თუ კამერებით უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია”, - აღნიშნა ნინო თარხნიშვილმა სოციალურ ქსელში.

გოგა აფციაურს, რომელიც წლებია კონფლიქტის ზონაში მუშაობს, არცერთ შემთხვევაში არ მიაჩნია მართებულად ჟურნალისტების მონაწილეობა სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციაში, მით უმეტეს, საოკუპაციო ხაზთან.

“ჟურნალისტიკის ფუნქცია არ არის აპროტესტოს პოლიტიკური საკითხები. ამ შემთხევევაში გვინდა თუ არა, რომელიღაცა პოლიტიკური ან სახელმწიფო ხელისუფლების ბანაკის წევრები ვხდებით, აქედან კი პროპაგანდამდე აღარაფერი რჩება, პროპაგანდა კი პირდაპირი გაგებით კლავს”, - ამბობს აფციაური. ის ფიქრობს, რომ ჭეშმარიტება უფრო მაღლა დგას და ჟურნალისტებმა სამშობლოს სიყვარული არა სამოქალაქო პოზიციიდან, არამედ ჟურნალისტიკის საზომიდან უნდა დაამტკიცონ.

„ჟურნალისტი არ უნდა იყოსაქტივისტი. ჟურნალისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს სკეპტიკური (მაგრამ არა ცინიკოსი) ეს კი, აქტივისტვისთვის მიუღებელია. მაგრამ ამავე დროს ყველა ჟურნალისტი ადამიანია, რომელსაც გააჩნია აზრი და უნდა ჰქონდეს მოქალაქეობრივი პოზიცია. ხანდახან არსებობს ისეთი სიტუაციები, როცა ჟურნალისტმა უნდა გააკეთოს ძალიან რთული და ძალიან პირადი არჩევანი მოქალაქეობრივ და პროფესიული ვალდებულებების შორის. მე ძალიან მიჭირს ბანერთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება, იმიტომ რომ უბრალოდ არ ვიცი რა ვითარება იყო იქ და როგორ მოხდა ბანერის ჩამოგდება, მე უბრალოდ ვერ შევაფასებ ამ ჟურნალისტების საქციელს - მათ თავისი არჩევანი გააკეთეს იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომელშიც აღმოჩნდნენ. ამ სიტუაციაში ყველა იღებს ინდივიდუალურ გადაწყეტილებას. ჩემი აზრით ეს იყო არა აქტივიზმი, არამედ სპონტანური გადაწყვეტილება“, ამბობს ნატალია ანთელავა, BBC-ის კორესპონდენტი.

წამყვან საერთაშორისო გამოცემებში არსებობს ეთიკის კოდექსი, რასაც გამოცემის თანამშრომლები ემორჩილებიან. მაგალითად, ნიუ იორკ თაიმსის ეთიკის კოდექსის მიხედვით, მის თანამშრომლებს არ შეუძლიათ რაიმე მსვლელობაში, მათ შორის, საპროტესტო აქციაში, ან სხვა საჯარო გამოსვლებში მონაწილეობა. თუკი ისინი მიიღებენ მსგავს აქტივობებში მონაწილეობას, შესაძლოა გაჩნდეს ეჭვები მათი და გამოცემის მიმართ, ახალი ამბების ნეიტრალურად გაშუქების თვალსაზრისით. გამოცემის თანამშრომლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი ახლობლები და მკითხველები მათ მიიჩნევენ ნიუ იორკ თაიმსის წარმომადგენლად, ამიტომ მათი ყველა ნაბიჯი შესაძლოა, ასოცირდებოდეს მათ საქმიანობასთან.

დაახლოებით მსგავსი ჩანაწერია ბიბისის ეთიკის კოდექსშიც. აქ აღნიშნულია, რომ ბიბისის თანამშრომელთა აქტივობამ არ უნდა დააყენოს მთლიანად კომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ. თუმცა აქვე არის დათქმა, სადაც მითითებულია, რომ თავიანთი საზოგადოებრივი აქტივობის დროს, ბიბისის თანამშრომლებმა არ უნდა გამოიყენონ მათი დამქირავებლის სახელი. თუკი ბიბისის წარმომადგენლები რომელიმე საქველმოქმედო კამპანიაში ჩართვას გადაწყვეტენ, მათ ეს საკითხი უნდა შეათანხმონ ხელმძღვანელობასთან, სარედაქციო პოლიტიკის გათვალისწინებით. ბიბისის თანამშრომლებმა არ უნდა გამოხატონ საჯაროდ თავიანთი დამოკიდებულება იმ თემებზე, რაც პლიტიკურ პროცესებში განხილვის საგანია, ასევე, არ უნდა გაუწიონ ადვოკატირება ამა თუ იმ პოზიციას, რაც უკავშირდება საჯარო პოლიტიკას სხვადასხვა საკითხებს.
კატეგორია - ეთიკა
“პედერასტიის ზეობა”, ანუ სამი დედაკაცი, რომლებმაც ააფორიაქეს მსოფლიო“ - სტატიას ამ სახელწოდებით, ინტერნეტგამოცემა - „საქართველო და მსოფლიო“ აქვეყნებს. სტატიაში ლგბტ პირების უფლებების დამცველი ქალების მიმართ, გამოყენებულია ჰომოფობიური გამონათვამები.

სტატიაში ვკითხულობთ: “პედერასტიის ზეობა”, ანუ სამი დედაკაცი, რომლებმაც ააფორიაქეს მსოფლიო ელენა კაგანი, რუთ გინსბურგი და სონია სოტომაიერი. ამ ქალბატონების სახელები კი იყო ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, მაგრამ ელენემ, რუთმა და სონიამ “იქუხეს” 2013 წელს, როდესაც ხმა მისცეს ქორწინების დაცვის კანონის გაუქმებას. რადა, ეს კანონი განმარტავდა ქორწინებას, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირს.“

ამავე სტატიასში, მკითხველი ანტისემიტურ გამონათქვამებსაც გადააწყდება. მიუხედავად ავტორის გაფრთხილებისა, რომ არ იზიარებს, ანტისემიტურ განწყობებს, წარმოდგენილი ტექსტი ნებსით თუ უნებლიეთ, ანტისემიტურ სტერეოტიპებს აძლიერებს, წარმოადგენს რა ებრაელ ერს, ერთი მხრივ მარიონეტებად ანგლო- საქსების ხელში, ხოლო მეორე მხრივ როგორც „ვერცხლისმოყვარეებს“ და „მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებეებს“;

“ებრაელი ერის ყველაზე მავნე ნაწილის _ სიონისტების “სისუსტეებს” _ ვერცხლისმოყვარეობასა და მსოფლიოზე ბატონობის ოცნებას _ ოსტატურად იყენებს დასავლური, უფრო ზუსტად, ანგლო-საქსური ელიტა, რომლისთვისაც ებრაელები უფრო მეტი ნაგავია, ვიდრე სხვა ერები. ანგლო-საქსები, სიონისტების მეშვეობით იკმაყოფილებენ თავიანთ გეოპოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებს. დასავლურ ელიტას ებრაელები არ ირჩევენ და, აქედან გამომდინარე, ის არ არის დამოკიდებული ებრაელებზე. ანგლო-საქსები მსოფლიო ებრაელობას ფარულად იყენებენ. გავიხსენოთ თუნდაც ჰიტლერის აღზევება”.

ავტორი აქვე დასძენს: “ამ საშინელი კანონის მიღებაში გადამწყვეტი როლი ვითომდა სამმა ებრაელმა ქალმა ითამაშა, სინამდვილეში კი მათ უკან ანგლო-საქსების ე.წ. ისტებლიშმენტია, რომელსაც, ეტყობა, ძალიან სურს, გაიხსენოს “სახელოვანი” წარსული (XVI-XVII საუკუნეები), როდესაც ინგლისის სამეფოში მეკობრეობა და მამათმავლობა ლამის პრესტიჟული “პროფესიები” იყო“ - ნათქვამია სტატიაში.

ჰომოფობიური გამონათქვამები და სიძულვილის ენის ლექსიკაა გამოყენებული სტატიაში: „თეთრი სახლის ცისფერი არჩევანი, ანუ სატანის ზეობა დედამიწაზე“ - რომელშიც, საუბარია ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთსესიანთა ქორწინების ყველა შტატის მასშტაბით დაკანონებაზე.

„ვაშინგტონში ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონება, გნებავთ, დემოტრაკიის გამარჯვება თეთრი სახლის ლგბტ ფერებით შეღებვითა და ამ ფონზე ბებერი პედერასტების თვალცრემლიანი “ზასაობით”აღნიშნეს...“ - ვკითხულობთ სტატიაში.

ამავე მასალაში, მკითხველი პოლიტიკურ სიძულვილის ენასაც შეხვდება, რომელსაც ავტორი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის და საზოგადოებისათვის ცნობილი სხვა საახეების მისამართით იყენებს:

“გავიხსენოთ ვაშინგტონის “ძაღლიშვილი” სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმი” - ვკითხულობთ სტატიაში - “ცხვირმოუხოცავი, რიგ შემთხვევაში, საეჭვო სექსუალური ორიენტაციის მინისტრები თუ, საზოგადოდ, მაღალჩინოსნები; ამორალურობის, გარყვნილების მქადაგებელი მწერლები თუ პოეტები (ბუღაძეები, ბურჭულაძე-დეისაძეები და ა.შ.), რომლებიც, მათ მიმართ საზოგადოების უდიდესი ნაწილის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, განებივრებულები არიან სხვადასხვა პრემიითა თუ გრანტებით; ე.წ. სატელევიზიო თოქშოუები, რომლებიც სულის წარმწყმედ ქვენა გრძნობებს პროპაგანდას უწევენ, რომელსაც ახალი ხელისუფლების პირობებშიც აგრძელებენ კონჩიტა გაბუნიები;”- განმარტავს ავტორი და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, ერსქესიან წყვილთა ქორწინების საკითხე კიდევ უფრო მწვავე ლექსიკით აგრძელებს: „საქართველოში ალაპარაკდნენ რეფერენდუმის ჩატარებაზე, (ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ) რაც, ჩემი აზრით, სრული აბსურდია. რეფერენდუმი რაზე, ხალხო, უკანალის მიცემის დაკანონებაზე?!“

ანტიდასავლური განწყობების ტირაჟირება, „მამა ათანასე (ხაბეიშვილი): ამერიკაა მათი სამშობლო და მიბრძანდნენ, იქნებ ხელიც სთხოვონ თავიანთ მამობილ ობამას...“ - სტატიითაც, სადაც ანტიდასავლური მოსაზრებების ავტორი - მოძღვარი ასინათე ხაბეიშვილია.

„კონკრეტულად დასავლეთს რაც შეეხება, გამუდმებით გვესმის, რომ ნატო _ ეს არის საქართველოს ხსნა და მომავალი, რომ მხოლოდ იქ შესვლა გადაგვარჩენს, თორემ დაღუპულები ვართ. რეალურად რას ვხედავთ _ თავის დროზე, როცა ნატო აწ უკვე ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიას ბომბავდა (ოპერაციას ერქვა “გულმოწყალე ანგელოზი” _ ჯ. ჟ.), და ეს ხდებოდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ჭურვებზე ეწერა: “გილოცავთ აღდგომას!”. აი, ასე ცინიკურად ანგრევდნენ ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ ტაძრებს და ამ უბედურებას შეეწირა ათეულათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ახლა ვეკითხები იმ ე.წ. მედასავლეთე ლიბერალებს, რომლებსაც ერთი სული აქვთ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში შეგვიყვანონ: ეს არის დემოკრატია? ეს არის ჰუმანიზმი და სიყვარული“ - ანტიდასავლური განწყობები“ - აცხადებს მოძღვარი ასინათე ხაბეიშვილი;

რესპონდენტი აქვე დასძენს: „იმის თქმა მინდა, რომ, თუ საქართველო არ გაწყვეტს კავშირს ქრისტეს მგმობელებთან და ეშმაკის მსახურებთან, ამერიკასა და მის მეთაურებთან ერთად დაიღუპება. ეს გარდაუვალია, რადგან ყოველი ერი და სახელმწიფო, რომელიც ასცდება ჭეშმარიტების გზას, იღუპება. შესცოდა დავითმა (მეფსალმუნემ) ღმერთს და მის სახელმწიფოში სამოცდაათი ათასი ადამიანი დაიღუპა შავი ჭირით; შესცოდა იონა წინასწარმეტყველმა და გემს, რომელშიც სხვა ადამიანებიც იმყოფებოდნენ, საფრთხე დაემუქრა; გემი, რომლის შესახებაც სახარება მოგვითხრობს, ტალღებმა დაფარა არა ქარიშხლის, არამედ იუდას ცოდვის გამო. ჩვენც რომ არ დავიღუპოთ, სწორედ ამიტომ უნდა გავწყვიტოთ კავშირი. “ვისაც ყურნი ასხე, ისმინონ!”“

ხაბეიშვილის განცხადებებში, ანტიდასავლურ განწყობებთან ერთად ჰომოფობიასაც ვხვდებით: „ფაქტია, რომ დღეს საქართველო ფეხდაფეხ მიჰყვება ამერიკასა და ევროპას. ეს კურსი სად მიგვიყვანს? _ ეს გზა მიგვიყვანს ზუსტად იქ, სადაც არის ახლა ევროპა და ამერიკა, ვგულისხმობ იმ დემონურ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ამას წინათ ამერიკაში განხორციელდა, მანამდე კი _ ევროპის რიგ ქვეყნებში. ახლა ზოგიერთი იტყვის, ამერიკა და ევროპა არაფერს გვაძალებსო, სწორედ რომ გვაძალებს. აბა, რას ჰქვია ამერიკული სტანდარტი, ევროპული სტანდარტი ან იმავე ევროკავშირის დირექტივა, მოთხოვნა, მითითება?! _ ეს სიტყვები ხომ ყოველდღიურად გვესმის. ან იმაზე მეტი დაძალება რა გინდა, როცა კანონს, კონსტიტუციას _ყველაფერს სხვა გიწერს? ცხადია, ამას იმ მდგომარეობამდე მივყავართ, რომელიც ახლა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ:ქართველი კაცი არასოდეს შეეგუება გარყვნილებას; ქართველი ხალხი არ მიიღებს იმ სიბინძურეს, რომელიც დასავლეთის რიგ ქვეყნებში უჩუმრად დააკანონეს და, რომ იტყვიან, ხახვივით შერჩათ. ასე რომ, მშვიდად ნუ იქნებიან. ამერიკამ რაღაც კანონი რომ მიიღო, არ ნიშნავს, რომ რიგში საქართველო დგას. ბევრი, შეიძლება, ამას ელოდება, მაგრამ ეს არ მოხდება, ისინი ამას ვერ ეღირსებიან!“ - აცხადებს წმინდა თეოდორე ტირონის ტაძრის წინამძღვარი ათანასე ხაბეიშვილი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპი განმარტავს: ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.
კატეგორია - ეთიკა
გაზეთები „ასავალ-დასავალი“ და „კვირის ქრონიკა“ შეურაცხმყოფელი სტატიებით გამოეხმაურნენ „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) მიერ ჩატარებულ კვლევას - „საბიუჯეტო სახსრები სიძულვილის ენის და ანტიდასავლური განწყობების გამავრცელებელ მედიაში“.

MDF -ის კვლევის თანახმად, იმ მედიასაშულებებიდან, რომლებიც სიძულვილის ენით, ჰომოფობიითა და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებით გამოირჩევიან, რეკლამის განთავსების მიზნით, 2013-14 წლებში საბიუჯეტო დაფინანსება აქვთ მიღებული. მათ შორის, როგორც კვლევაშია აღნიშნული, „ალია ჰოლდინგში“ შემავალი გაზეთები 48650 ლარით დაფინანსდნენ, ხოლო „ასავალ დასავალი“ - 1200 ლარით.

ამ კვლევის პასუხად 13-19 ივლისის „ასავალ დასავალსა“ და „კვირის ქრონიკაში“ გამოქვეყნდა სტატიები, სადაც „მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით არის მოხსენიებული („ტუტუცი დედაკაცი“, „ბოკერიას ხელის გოგო“, „არშემდგარი ჟურნალისტი“ და სხვა). „ადეიშვილის მოწაფე თამარ კინწურაშვილი, რომელიც „ნაცებმა“ ჯერ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მიაგდეს ძუძუს გოჭივით, ხოლო შემდეგ გიგა ბოკერიას ჰყავდა შეფარებული უშიშროების საბჭოში და დიდ ფულს ფლანგავდა, აქეთ გვედავება!“ - წერს „კვირის ქრონიკა“.

ამავე დროს, იგივე ნომრებში ტრადიციულად გრძელდება ანტიდასავლური და ჰომოფობიური რიტორიკა.

სიძულვილის ენით გამოხატული ანტიდასავლური განწყობები, ქსენოფობია და ჰომოფობია გვხვდება 13-19 ივლისის „ასავალ-დასავალის“რამდენიმე პუბლიკაციაში. მე-12 გვერდზე, ვრცელ ინტერვიუში, მსახიობი, ნოდარ მგალობლიშვილი აცხადებს: „ჩანჩურა ევროპელებსა და ამერიკელებს ისევ რუსეთი მირჩევნია!“ ეს ფრაზა გამოტანილია ინტერვიუს სათაურად. რესპონდენტი ხაზს უსვამს მიზეზს, თუ რატომ აკეთებს არჩევანს რუსეთის სასარგებლოდ: მან (რუსეთმა) „პირდაპირ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას არ დაუშვებს“. მგალობლიშვილი, ასევე, აცხადებს: „ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ერთსქესიანთა ქორწინებაზე იყო ვაჟკაცი კაცის შეძახილი. ვინც ღარიბაშვილს ამ კაცურ საქმეში გვერდით არ დაუდგება, ის არის ყოვლად ზნედაცემული, ქვეყნის მტერი! ასე დაწერეთ ზუსტად“.

ანტიდასავლური რიტორიკა და სიძულვილის ენა გვხვდება გაზეთის მე-16 გვერდზეც, პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ვალერი კვარაცხელიასთან ინტერვიუში: „მამაკაცს, ნომერ პირველ ზესახელმწიფოს პრეზიდენტს რომელიღაცა ზიმბაბვეს ხანდაზმული პრეზიდენტი ცოლობას რომ სთხოვს საჯაროდ და რეაქცია არ ექნება, რით ახსნით?! პედერასტობა (უკაცრავად პასუხია) ვიღაცისათვის უკანალის მიშვერა კი არ არის მხოლოდ, პედერასტობა შეურაცხყოფის ამგვარი გადაყლაპვაა!“ - აცხადებს რესპონდენტი.

ჰომოფობიური და ანტიდასავლური გამონათქვამები გვხვდება 13-19 ივლისის „კვირის ქრონიკაშიც“. მე-4 გვერდზე გამოქვეყნებულია ინტერვიუ მომღერალ ლელიკო ჯაფარიძესთან, რომელიც აცხადებს: „თამარ კორძაია რომ გამოვა და დაგიწყებს ლაპარაკს, ერთსქესიანთა ქორწინება კარგიაო, სახლში შეუვიდეს მაგას მაგისთანა ათი! ატყობთ, რომ მარტო ირაკლი ღარიბაშვილი და სულ რამდენიმე კაცი გამოდის ამ პედერასტების ქორწინების წინააღმდეგ?“ „ვხედავ, რომ ამერიკა არ დაგვანებებს თავს არასოდეს, უნდა აქაურობა, მაგრამ ქართველების გარეშე და ამაშია საქმე. მაგრამ ამასობაში მე ცუდი მეზობელი მირჩევნია გადამთიელს, რუსეთს ვგულისხმობ. მე არ მწამს ამერიკელების არაფერი. მაგათ რაც ჩვენ გაგვიკეთეს აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით, დავივიწყოთ?..“

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპი: ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.
კატეგორია - ეთიკა
გაზეთ „რეზონანსში“ (განყოფილება - „ბიზნეს რეზონანსი“) გამოქვეყნდა სტატია, სახელწოდებით „საქართველო „ენჯეოების“ ალყაში“.

სათაური თავიდანვე განაწყობს მკითხველს არასამთავრობო ორგანიზაციების, ე.წ. „ენჯეოების“ მიმარ. სტატია ამავე პათოსით გრძელდება. მასალაში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე საუბრობენ ავტორი და რესპოდენტები. თავად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების პოზიცია კი არ ჩანს. ასევე არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, რომ დაკავშირებოდა რომელიმე მათგანს. გარდა ამისა, სტატია ხელს უწყობს საზოგადოებაში არასამთავრობო სექტორის მიმართ არსებული სტერეოტიპების გაღვივებას და მათ მიმართ ნეგატიური განწყობის გამყარებას.

სტატიაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოში დაახლოებით 20 ათასი არასამთავრობო ორგანიზაციაა და მათი რიცხვი ყოველწლიურად 1500-ით იზრდება.

„სპეციალისტების ერთი ნაწილისთვის „ენჯეოების“ არსებობა პრობლემა არაა, თუკი მათი საქმიანობა შედეგზეა ორიენტირებული. ცუდი ისაა, რომ მათი მოღვაწეობა უმრავლეს შემთხვევაში უშედეგოა და მხოლოდ გრანტების მიღებას უკავშირდება. ამასთან, ასეთ ორგანიზაციებში მოღვაწეობა ერთგვარი ტრამპლინია ჯერ დიდ ორგანიზაციებში გადასვლისთვის და შემდეგ პოლიტიკაში მოხვედრისთვის“, - წერს სტატიის ავტორი.

ის შენიშნავს, რომ საქართველოში არასამთავრობოთა რაოდენობა „არაადეკვატურად დიდია“, რაც რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული. ერთერთი მთავარი მიზეზი კი ფინანსური ინტერესია.

ავტორი სტატიაში იმ რესპოდენტებს ეყრდნობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის რეგისტრაცია კარგი არ არის. რესპოდენტები არიან: მასობრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია და „ფორ.გე“-ს რედაქტორი გია იაკობაშვილი.

არჩილ გამზარდია ირწმუნება, რომ არასამთავრობო სექტორი ხელისუფლების საქმიანობაში ერევა. ის ამბობს, რომ არასამთავრობოთა დიდი ნაწილი „ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიებია, რომლებსაც მხოლოდ ფორმალურად გააჩნიათ არასამთავრობოების სტატუსი“ და ისინი ფულის შოვნაზე არიან ორიენტირებული.

ფულის შოვნის იოლ მეთოდს უკავშირებს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, გია იაკობაშვილიც. ისიც ამბობს, რომ ასეთ ორგანიზაციებში მუშაობა, ტრამპლინია დიდ პოლიტიკაში მოსახვედრად.

„ნებისმიერ საკითხზე, რომელიც საზოაგდოებას აღელვებს და რაზეც მედია ამახვილებს ყურადღებას, კომენტარებს სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკეთებენ. უცხოური დელეგაციები რომ ჩამოდიან, ისინიც სწორედ ამ ხალხს ხვდებიან. არასამთავრობოების წევრები არ გამოირჩევიან არც ინტელექტით, არც პროფესიული გამოცდილებით და ამ დროს კი მათ საზოგადოებაში სერიოზული ადგილი უკავიათ, ჭკუას ეკითხებიან, მათ აზრს ითვალისწინებენ. ამასთან, მოგზაურობენ, გადაადგილდებიან კარგი მანქანებით, აქვთ კარგი შემოსავალი და სოციალური სტატუსი.რიგითი ადამიანები მათ რომ უყურებენ, უჩნდებათ სურვილი, რომ მათაც მიაღწიონ წარმატებას და ქმნიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა იშოვონ ფული. "ენჯეოები" რომ იდეის გარშემო იქმნებოდეს, არ გვეყოლებოდა ერთი და იგივე საკითხზე მომუშავე ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია. სრულიადაც არა! მათ უნდათ ცალკე შექმნან, თავად ერქვათ "თავმჯდომარეები" და ამ გზით გაიკაფონ გზა - ჯერ მედიაში გამოჩნდნენ, მერე დაირქვან ექსპერტები და საბოლოო ჯამში კი პოლიტიკაში გადაინაცვლონ", - ამბობს იაკობაშვილი.

სტატიაში კონკრეტულად არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის დასახელებული, რაც მასში წამოჭრილ პრობლემას განაზოგადებს და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, როგორც ფულის საჭრელ მანქანას, რომელიც კარიერული ტრამპლინისთვის იქმნება. სტატიაში, არც ავტორისა და არც რესპონდენტების მხრიდან, წარმოდგენილი არ არის განსხვავებული მოსაზრებები არასამთავრობო სექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით.
კატეგორია - ეთიკა
Geworld.Ge-ს სტატიაში “ტოლერანტობის ფაფა და ცისარტყელის მახათი” ჟურნალისტი სექსუალური უმცირესობებისა და ქალების მიმართ შეურაცხმყოფელ ფრაზებს იყენებს. ის ხელს უწყობს უმცირესობებისა და ქალების დისკრიმინაციას, ასევე საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გაღვივებას.

სტატიის ავტორი ბაკურ სვანიძე სექსუალური უმცირესობების უფლებების მიმართ დადებითი პოზიციის გამო აკრიტიკებს კონკრეტულ პოლიტიკოსებსაც. სვანიძემ გააკრიტიკა პარლამენტარები თამარ კორძაია და ელისო ჩაფიძე. ასევე, მწერალი ლაშა ბუღაძე. სვანიძე ამბობს, რომ ეს ადამიანები გრანტების მიღების იმედით უჭერენ მხარს ლგბტ პირებს და მხოლოდ ეს არის მათი ინტერესი.

“თუკი რესპუბლიკელი კორძაიასგან მსგავსი პოზიცია საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ გაუკვირდებოდა, ელისო ჩაფიძის ასეთი გამოხდომა, რომელიც არა კოალიციაში შემავალი რომელიმე “გარე” პარტიის, არამედ უშუალოდ “ოცნების” კანდიდატი და პირადად ბიძინას რჩეულია, ხომ არ ნიშნავს ნიადაგის მოსინჯვას საზოგადოებაში, ემანდ, იქნებ არც ისე ძალიან გაბრაზდეს საქართველოს მოსახლეობაო?”, - ამბობს სტატიის ავტორი ბაკურ სვანიძე.

ის ადამიანებს, რომლებიც პატივს სცემენ უმცირესობების უფლებებს და მხარს უჭერენ მათ გამოხატვის თავისუფლებას საზოგადოებაში, “ე.წ. მოლიბერალო ელემენტებს” უწოდებს და ამბობს, რომ ასეთი პირები უზნეობის მხარდამჭერები არიან და ზნეობის მხარდამჭერებს ისინი “რუსეთუმეებსა” და “ანტიდასავლელებთან” აიგივებენ.

სვანიძე ლგბტ პირებს უპირისპირებს ოჯახის ცნებას, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობას.

“არ მახსენდება ზედიზედ ამდენი პუბლიკაცია, რეპლიკა, “ფეისბუქ-პოსტი” თუ კიდევ სხვა საშუალებით გამოხატული თვალსაზრისი, სადაც “მოღვაწენი” ამა ქვეყნისა ასე აშკარად გამოხატავდნენ მათ მიმართ ღრმა თანაგრძნობას, სიყვარულს, სინაზესა და კიდევ რაღაც აუხსნელ გრძნობას, რომელსაც მაშინ განიცდიან, როდესაც მამაკაცის ტუჩებში ტუჩებით ჩაფრენილ მეორე მამაკაცს ხედავენ!” - წერს ბაკურ სვანიძე.

ის ლგბტ პირთა უფლებების დაცვას აღიქვამს დასავლეთის ჩარევად საქართველოს საქმეში და აღვივებს სტერეოტიპებს დასავლეთის ქვეყნებისა და კერძოდ ამერიკის მიმართ. სვანიძე ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდი და მდიდარი ქვეყანაა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, დაცული მოქალაქეებით, მეტ-ნაკლები სოციალური პრობლემატიკით, მაგრამ მაინც უზრუნველყოფილი მოსახლეობითა და დალაგებული სახელმწიფო სტრუქტურებით.

“ანუ მათ საქმე და საზრუნავი არაფერი აქვთ! უსაქმური კაცი კი რასაც აკეთებს ხოლმე ხანდახან უსაქმურობისგან, ყველამ ვიცით”, - ამბობს სვანიძე.

ის სტერეოტიპებს ქალებთან მიმართებაშიც აღვივებს. “მამაკაცურ საქმეებში ზოგჯერ, იშვიათად და ასე თუ ისე გამოდგებიან და გამოერევიან ხოლმე გამონაკლისი ქალები”, - განაცხადა სვანიძემ.

ამ “გამონაკლის ქალებს” შორის სტატიის ავტორი რამდენიმე ქალს მოიაზრებს, რომლებიც ასეულობით სამხედრო მფრინავს შორის, ან ათეულ მაშველებს შორის მუშაობს. ის აკრიტიკებს იმ ქალებს და ჟურნალისტებს, ვინც ცდილობს ქალთა მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიონ.

“რაღას “ამსხვრევენ” ეს ქალები და ჟურნალისტები? მე უფრო მგონია, რომ ისინი კი არ “ამსხვრევენ”, არამედ კიდევ უფრო განამტკიცებენ სტერეოტიპს, ზოგიერთი მატრაკვეცა ქალის ტვინისმიერი სიტუტუცის შესახებ. ის “სტერეოტიპები”, რომლებზეც ისინი მიგვანიშნებენ, მხოლოდ მაშინ დაირღვევა, როდესაც ჯარში, პოლიციაში, მაშველებში, აგრეთვე, სამოქალაქო შრომის მძიმე სამუშაოებზე _ “რასტვორის” მოზელაზე, “ბალგარკაზე” და ა.შ. _ ქალი მეტი იქნება, ვიდრე მამაკაცი. ეს კი არასოდეს მოხდება!” - ამბობს სტატიის ავტორი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპი: ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.
კატეგორია - ეთიკა
რემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საინვესტიციო პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ერთი წლის შედეგები შეაჯამა. თემა ეროვნული არხების „რუსთავი 2-ისა“ და „იმედის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვებების ინტერესის საგანი გახდა. ორივე მათგანმა პროექტის შესახებ მომზადებული სიუჟეტი მეორე ბლოკში გაუშვა, თუმცა განსხვავებული აქცენტებით.

„იმედმა“ წამყვანის ტექსტშივე ხაზი გაუსვა მიღებულ შედეგებს და სამომავლო სიკეთეებს, რაც ამ პროექტმა უნდა მოიტანოს:

„90 ახალი პროექტი და 252 მილიონიანი ინვესტიცია - ასეთია პროგრამის შედეგები სახელწოდებით „აწარმოე საქართველოში“. გასულ წელს ამოქმედებული პროექტი ხელისუფლებამ დღეს ბიზნესმენებთან შეაჯამა და მომავალი წლების გეგმებიც გაწერა. 2014 წლიდან პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურული და მრეწველობის პროექტების წახალისების მიზნით ხორციელდება. ხელისუფლება პირობას დებს, რომ მომავალში პროგრამის გაფართოებას და რამდენიმე ათასი ადამიანის დასაქმებას აპირებს“.

„იმედისგან“ განსხვავებით, „რუსთავი 2-ის“ წამყვანმა შესავალ ტექსტშივე აღნიშნა, რომ პროექტი ყველას არ მოსწონს:

„პრემიერ-მინისტრმა დღეს საინვესტიციო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" შეაჯამა. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ ბიზნესზე, რამდენიმე ათას დასაქმებულზე და მილიონობით ლარით დაფინანსებულ საწარმოებზე ისაუბრა. თუმცა, ამ პროექტს დღეს კრიტიკოსები გამოუჩნდნენ. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი “ბიუჯეტიდან მილიონების ხარჯვის გამჭვირვალობას აყენებს ეჭვქვეშ“.



„იმედი“ კი, აქცენტს აკეთებს პროექტის ფარგლებში დასაქმებულთა რაოდენობაზე და აღნიშნავს, რომ პროექტის დაწყებიდან ორი წლის რეზულტატი 90 სამრეწველო პროექტი და 250 მილიონი ლარის ინვესტიციაა (შესავალ ტექსტში ეს რიცხვი 252 მილიონი იყო) . „აწარმო საქართველოს“ ეფექტურობის დასადასტურებლად ორი მეწარმეც არის ჩაწერილი, რომლებმაც პროექტის ფარგლებში ბიზნესი გააფართოვეს. სიუჟეტის განმავლობაში მაყურებელი ასევე ისმენს პრემიერ მინისტრის 2 სინქრონს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრების კომენტარებს, რომლებიც პროექტის დადებით მხარეებსა და სამომავლო სიკეთეებზე საუბრობენ.

მართალია „რუსთავი 2-მაც“ ახსენა პროგრამის შედეგები და თქვა, რომ პროგრამის ფარგლებში 5000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა, კომერციულმა ბანკებმა კი კერძო სექტორისთვის 120 მილიონამდე სესხი გასცეს, მაგრამ ძირითადი აქცენტი პროგრამის ხარვეზებზე გააკეთა და სიუჟეტიც სწორედ ამით დაიწყო.

„რუსთავი 2-ის“ მასალაში IDFI-ს ანალიტიკოსი ამბობს, რომ არ ჩანს რა საინვესტიციო ვალდებულება აიღო მეწარმემ პროექტის ფარგლებში. შემდეგ კი, ინფორმაციის გაუმჭვირვალობის უარყოფით მხარეზე საუბრობს. სიუჟეტში ჩანს პრემიერ მინისტრისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის კომენტარები. ჩაწერილია ერთი მეწარმეც, რომელმაც ამ პროექტით ისარგებლა. თუმცა შემდეგ ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ „წინასაარჩევნო დაპირება - 100 ახალი საწარმო დღეს მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ შეახსენა ოპოზიციამ. „ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას დეტალური ანგარიშის გამოქვეყნებას სთხოვს“. ამ ტექსტს მოსდევს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის კრიტიკული კომენტარი.

განსხვავებულია ორივე არხზე გასული სიუჟეტების დასასრულიც:

„იმედი“: მთავრობის მეთაურმა მომავალი 2 წლის ამბიციურ გეგმაზეც ისაუბრა. სოფლის მეურნეობის იმპორტირებული პროდუქცია მთლიანად ადგილობრივმა უნდა ჩაანაცვლოს.

„რუსთავი 2“: დაფინანსებული პროექტების ჩამონათვალი მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. არ არის გამორიცხული, არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი შენიშვნების შემდეგ, საინვესტიციო ვალდებულებების გრაფაც გაჩნდეს.
კატეგორია - ეთიკა
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ტოკ-შოუ „რეაქცია“ 3 ივლისს ფეხბურთის თემას მიეძღვნა. გადაცემაში ძირითადად სამი თემა მიმოიხილეს - უეფას ევროპის სუპერ თასის ბილეთების გაყიდვისას წარმოქმნილი პრობლემები, ქართული ფეხბურთის ზოგადი მდგომარეობა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მომავალი არჩევნები.

გადაცემის ანონსში არჩევნების ნაწილი ასე იყო წარდგენილი:

„სულ მალე ქართულ საფეხბურთო სივრცეში ახალი დაპირისპირება იფეთქებს, რომელიც კარგა ხანია კულუარებში მწიფდება. ფედერაციის არჩევნებში ერთმანეთს, სავარაუდოდ, არველაძე, კობიაშვილი და ყაველაშვილი უპირისპირდებიან, გადის თუ არა საფეხბურთო დაპირისპირება ენერგეტიკის სამინისტროზე, ვის ლობირებს ვიცე-პრემიერი კალაძე, ჩაერევა თუ არა ისევ დიდი პოლიტიკა ფეხბურთში, როგორც ეს წლების წინ იყო, როცა ნემსაძემ არჩვენები მოიგო და ორ საათში უარი ათქმევინეს“.

შესავალ ნაწილში კი წამყვანი მხოლოდ ამ თემას ეხება და ვიდრე სტუმრებთან გადავა, ამბობს:

„დღეს ბევრ საინტერესო ამბავს მოისმენთ მოქმედი გმირებისგან, მაგალითად, ერევა თუ არა კახი კალაძე ფეხბურთის პრეზიდენტის მომავალ არჩევნებში და მართლა დაეძაბა თუ არა ურთიერთობები არველაძეებთან. ეს ამბავი ჯერ კულუარებს არ გასცდენია, მაგრამ ამბობენ, რომ ვიცე-პრემიერ კალაძეს ფეხბურთის ფედერაციის მოახლოებულ არჩევნებში საკუთარი ფავორიტი ჰყავს - კობიაშვილი“.

შემდეგ წამყვანი აღნიშნავს იმას, რომ კალაძემ და კობიაშვილმა გადაცემაში მონაწილეობაზე უარი თქვეს და ისევ ხაზს უსვამს ფეხბურთისა და პოლიტიკის კვეთის მაგალითების არსებობას.

ანონსიდან და შემდეგ წამყვანის შესავლიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ გადაცემის მსვლელობისას მაყურებელმა უნდა მიიღოს ინფორმაცია, მართლაც არის თუ არა კობიაშვილი კალაძის ფავორიტი და ერევა თუ არა ვიცე-პრემიერი ფედერაციის საქმიანობაში.

129 წუთი ქრონომეტრაჟის მქონე გადაცემაში წამყვანი ამ თემას მხოლოდ 84-ე წუთზე ეხება, როდესაც სტუდიაში მყოფ რევაზ არველაძეს ეკითხება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში კალაძის ჩარევაზე, ასევე, მასთან რაიმე დაპირისპირებაზე, რასაც რევაზ არველაძე უარყოფს. წამყვანი მას არ ასრულებინებს პასუხს და სხვა სტუმარს რთავს ეთერში. საერთო ჯამში შესავალ ტექსტსა და ანონსში ერთ-ერთ მთავარ თემად გატანილ საკითხს მხოლოდ სამი წუთი დაეთმო.

აღსანიშნავია, რომ მთელი გადაცემის განმავლობაში ლევან კობიაშვილს წამყვანი, როგორც კალაძის ფავორიტ კანდიდატს, ისე მოიხსენიებს, მაგრამ მხოლოდ 85-ე წუთზე ეკითხება რევაზ არველაძეს, არის თუ არა კობიაშვილი კალაძის ფავორიტი, რაზეც არველაძე პასუხობს, რომ შესაძლოა, ვიცე-პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ასე ვიფიქროთ. გადაცემის მსვლელობისას არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე არგუმენტი, ფაქტი, კომენტარი რაც დაადასტურებდა წამყვანის ნათქვამს, რომ კალაძე კობიაშვილს უჭერს მხარს.

შესაბამისად, მაყურებელმა ვერ გაიგო რაში გამოიხატება ფავორიტობა, კალაძემ სად დაუჭირა ღიად მხარი, რა მესიჯები გაავრცელა მან ფედერაციის მისამართით, როგორ, რა ფორმით ერევა ის წინასაარჩევნო პროცესში, მით უმეტეს, რომ წამყვანი ამავე კონტექსტში იხსენებს 2007 წელს ფეხბურთის პრეზიდენტის არჩევნებს, როდესაც გამარჯვებიდან რამდენიმე საათში გიორგი ნემსაძემ უარი თქვა პოსტის დაკავებაზე, სავარაუდოდ, ხელისუფლების ზეწოლის გამო.

მაუწყებელს ზუსტი ინფორმაციის გადაცემას როგორც მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, ისე ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავალდებულებს. ქარტიის თანახმად, უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი კი ამბობს, რომ სიზუსტის უზრუნველყოფისათვის წყარო იდენტიფიცრებული უნდა იყოს და მაუწყებელმა ინფორმაცია სრულად და ამომწურავად უნდა გადასცეს აუდიტორიას.
კატეგორია - ეთიკა
ქართულმა მედიამ ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების შესახებ, ძირითადად ახალი ამბების გამოშვებებში გააშუქა. ტელეკომპანია კავკასიის გადაცემა „ბარიერის“ პირველი ივლისის გამოშვება კი მთლიანად ამ თემას მიეძღვნა.

26 ივნისს “მოამბის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოშვების მიწურულს ნახევარი წუთი დაეთმო. 28 ივნისს გაშუქდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს საკვირაო ქადაგება. ქადაგებაში ილია მეორე ამერიკის უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას “დიდი შეცდომა” უწოდა.

“მოამბის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ეს საკითხი კიდევ ერთხელ 1 ივლისს მოხვდა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში ზიმბაბვეს პრეზიდენტის ხუმრობა გაუშვა. მასალაში ჟურნალისტმა თქვა, რომ ზიმბაბვეს პრეზიდენტმა “ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ამერიკაში მიემგზავრება, რათა ობამას დაქორწინება შესთავაზოს”. ახალ ამბავს ტიტრიც ჰქონდა წარწერით: “ზიმბაბვეს პრეზიდენტმა ობამას ხელი სთხოვა”.

ტელეკომპანია „იმედმა“ ამავე თემას დრო 29-30 ივნისს საინფორმაციო გამოშვებაში დაუთმო. მათ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი და იმავე სქესის ადამიანებს დაქორწინების უფლება მიეცათ. სიუჟეტში სტამბოლში მიმდინარე მოვლენებზეც იყო საუბარი, სადაც ლგბტ პირთა მომხრეების აქცია პოლიციამ დაშალა. სტუდიაში ამ საკითხზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ისაუბრეს. 30 ივნისს „იმედმა“ კვლავ გააშუქა ეს საკითხი. ამჯერად, სიუჟეტის თემა, ის პროტესტი და კრიტიკა იყო, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა. „ქრონიკის“ ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ წევრიც ჩაწერეს, რომელმაც განაცხადა, რომ „ეს ჩვენ არ გვემუქრება. ამერიკა სუვერენული სახელმწიფოა და ჩვენ არაფერი გვესაქმება მის გადაწყვეტილებებთან“.

რაც შეეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“, აშშ-ში ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების საკითხი მათ ძირითადად დღის საინფორმაციო გამოშვებებში გააშუქეს. 26 ივნისს კი თემას დრო საღამოს გამოშვებაში დაუთმეს. მასალაში საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ შეხვდა ამერიკული საზოგადოება სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„მაესტრომ“ ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დღის გამოშვებებშიც გააშუქა. 29 ივნისს კი საღამოს გამოშვებაში ტელეკომპანიამ ვრცლად მიმოიხილა პრემიერის ინიციატივა კონსტიტუციაში ოჯახის განმარტების ჩაწერასთან დაკავშირებით. „მაესტრომ“ პრემიერის ინიციატივაზე საუბრისას ამერიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თემაც განიხილა. მაესტროს 9-იანის ეთერი სტუმრებს დაეთმო, რომლებმაც პრემიერის ინიციატივა შეაფასეს.

რაც შეეხება „კავკასიას“ - ტელეკომპანიამ გააშუქა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილება, ისე საქართველოში ამ თემასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები. 1 ივლისის “ბარიერის“ თემა იყო, თუ რატომ ღელავს საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი ამერიკაში მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

ტოკშოუს განსახილველი საკითხი ასე წარუდგინეს მაყურებელს: “რატომ ღელავს საქართველოს მოქალაქეების ნაწილი და რა გავლენას მოახდენს ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დანარჩენ მსოფლიოზე? პოლიტიკური განცხადებები, ემოციური შეფასებები და დებატები ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის გარშემო. რატომ თვლიან მოწინააღმდეგები, რომ მალე შესაძლოა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხი საქართველოშიც დადგეს? რა არგუმენტები აქვთ მომხრეებს, ვისთვისაც ამერიკის გადაწყვეტილება მისაღებია? ახალი ამერიკული რეალობა და ქართული რეაქცია”.


გადაცემაში მიწვეულ სტუმართაგან 2 პოლიტიკოსი იყო და ორივე მათგანი, გარდა იმისა, რომ არ იზიარებდა ამერიკული სასამართლოს გადაწყვეტილებას, აშკარად ჰომოფობიურად იყო განწყობილი და შესაბამის განცხადებებსაც აკეთებდნენ, ასევე აღვივებდნენ ანტიდასავლურ სტერეოტიპებს. ისინი არ აცდიდნენ სხვა სტუმრებს საუბარს და გადაცემის მსვლელობისას წამყვანის ნაცვლად სვამდნენ კითხვებს.

წამყვანს უპასუხოდ არ დაუტოვებია სტუმართა არცერთი ჰომოფობიური გამონათქვამი და ცდილობდა ხელიდან არ გაეშვა სადავეები, თუმცა, როგორც თავადვე განაცხადა ერთ-ერთ სტუმართან დისკუსიისას, მას აშშ-ს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილება წაკითხული არ ჰქონდა.

ასევე, მცდელობის მიუხედავად, წამყვანმა ვერ შეძლო სტუმრების მცდარ ბრალდებებზე ამერიკის პირველი პირების მიმართ და ფაქტობრივ შეცდომებზე სათანადო პასუხის გაცემა.

მაგალითად, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ „ბარაკ ობამამ პირდაპირი დავალება მისცა დიპლომატებს, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების ხაზი გაეტარებინათ ყველა სხვა ქვეყანაში“. ბაღათურიას თქმით, ამ დავალების მიხედვით საქართველოსაც ექმნება საფრთხე, რადგან ხელისუფლება ამერიკის ზეწოლის ქვეშ მოექცევა და ერთი სქესის მქონე პირთა ქორწინებას დააკანონებს.

ასეთივე განცხადება გააკეთა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა: “ბაიდენმა 2 თვის წინ უთხრა დიპლომატებს: მე არ მაინტერესებს თქვენ ქვეყნებში რა კულტურული ღირებულებები არსებობს, მე მაინტერესებს მხოლოდ ის, რა დონეზე არსებობს ლგბტ ადამიანების უფლებების დაცულობა თქვენს ქვეყნებში. ეს არის კულტურის მთავარი გამოვლინება. ყველა ის სახელმწიფო, რომელიც ამ მიმართულებით არ დგამს ნაბიჯებს და ერთსქესიან პირთა ქორწინების მიმართულებით არ იცავს ლგბტ პირთა უფლებებს. ყველა ესეთმა სახელმწიფომ უნდა ზღოს არაადამიანურობისთვის”, - განაცხადა ახვლედიანმა.

ახვლედიანმა, ასევე, მაგალითად მოიყვანა ჯონ კერი, რომელმაც დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი ლგბტ პირთა უფლებების დასაცავად, თითქოსდა იმისათვის, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დამკვიდრდეს სხვადასხვა ქვეყანაში.

ბაიდენის მსგავსი ციტატა, რაც ახვლედიანმა ამოიკითხა, Mediachecker- მა ვერ მოიძია. რაც შეეხება ჯონ კერის, მან მართლაც დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი ლგბტ პირთა უფლებების დასაცავად, თუმცა არა - ლგბტ ქორწინების დასაკანონებლად და ამ ტენდენციის სხვადასხვა ქვეყნებში დასამკვიდრებლად.

“დისკრიმინაციაზე დაფუძნებული ვერც ერთი კანონი ვერ აღუდგება სამართლიანობას წინ. სწორედ ამიტომ მე დავნიშნე პირველი სპეციალური წარმომადგენელი ლგბტ პირთა უფლებების დასაცავად, რენდი ბერი, რომელიც ყოველდღე იბრძვის ამ ადამიანების უფლებებისათვის მთელ მსოფლიოში. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმეს, ამაყები იმ პროგრესით, რასაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ და შთაგონებულები იმ გამოწვევებით, რაც უნდა დავძლიოთ”, - განაცხადა ჯონ კერიმ.

„ბარიერში“ რესპონდენტების ნაწილი იყენებდა ჰომოფობიურ გამონათქვამებს, თუმცა წამყვანი, როგორც წესი, ეწინააღმდეგებოდა რესპონდენტებს და ხაზს უსვამდა, რომ მათი ნათქვამი ჰომოფობიური იყო. ჯონდი ბაღათურიამ გადაცემაში განაცხადა, რომ ის ჰომოსექსუალებთან ერთად საჭმელს არ შეჭამს.

ჟურნალისტმა კი რესპონდენტს ასე უპასუხა:

“ბატონო ჯონდი, თქვენ თუკი თვლით, რომ ჰომოსექსუალების მიერ თქვენთან საჭმლის ჭამა პრობლემაა და თქვენ მათ არასრულფასოვან ადამიანებად მიიჩნევთ? ეს წარმოუდგენელი რამეა. არსებობს რაღაც ფასეულობები, რაც უნდა დავიცვათ. ბევრი ფული უნდა დაიხარჯოს და ნამდვილად, ვიღაცა უნდა დაგვეხმაროს ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დასაცავად”.
კატეგორია - ეთიკა
საავტორო უფლებების დაცვა ინტერნეტსივრცეში საკმაოდ რთულია. ჟურნალისტებს ონლაინ მედიაში ხშირად უწევთ თავიანთი ნამუშევრისა და საავტორო უფლებებისთვის ბრძოლა.

ქართულ მედიაში მასალის კოპირების რამდენიმე ხერხს იყენებენ. ერთი, როდესაც სრულად გადააქვთ ტექსტი, ფოტო და ვიდეომასალა და საერთოდ არ უთითებენ ავტორებს. უფრო მეტიც, ვიდეოსა და ფოტომასალაზე ლოგოს შლიან და საკუთარ ლოგოს ადებენ.

მეორე შემთხვევაა, როდესაც სტატიის ბოლოს უთითებენ წყაროს.

არის შემთხვევა, როცა სტატიას ბოლოს ურთავენ ორიგინალი საიტის ლინკსაც.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებს შორის, ვინც საავტორო უფლებების დარღვევასა და ჟურნალისტური მასალების მოპარვაზე ხშირად ჩივის. გელა Mediachecker-თან საუბრისას ამბობს, რომ ინფორმაციის მოპოვება, განსაკუთრებით რეგიონში, საკმაოდ ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული.

“ჩვენ მასალის მომზადებისას ადგილზე ჩავდივართ, რესპოდენტებს ვეძებთ. ეს ყველაფერი დაკავშირებულია სატრანსპორტო ხარჯებთან, ჟურნალისტების ჰონორართან, დროსთან, შრომასთან. მე, როგორც დამსაქმებელი, ვხარჯავ სერიოზულ ადამიანურ და მატერიალურ რესურსს. ამ დროს ვიღაცა ჩემი რამდენიმე დღის ნაშრომს 3-5 წუთში აკოპირებს და საკუთარ რეიტინგს ზრდის. კი, ხანდახან უთითებენ ლინკსაც სტატიის ბოლოს, მაგრამ რა აზრი აქვს?! თუკი მთელი მასალა, ფოტო და ვიდეო გადაიტანე, ვინღა გადმოვა სტატიის ბოლოს მითითებულ ლინკზე?!” - ამბობს გელა მთივლიშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მთავარ გვერდზე შემდეგი მითითებაა: “ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას მიუთითეთ წყაროს შესახებ”. გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ ზოგჯერ, თავდაცვის მიზნით, ამ გაფრთხილებას თან ურთავენ ექსკლუზიურ მასალებსაც. თუმცა ძალიან ცოტა მედიასაშუალება სარგებლობს ამ ინსტრუქციით ინფორმაციის გამოყენებისას. გელა ფიქრობს, რომ მასალის გამოყენებისას კარგი იქნება რომელიმე მედიასაშუალებამ წაიღოს მოკლე ინფორმაცია და მიუთითოს წყარო, ლინკი, სადაც ვრცლად შეიძლება სტატიის წაკითხვა.

გელა მთივლიშვილი იმ ჟურნალისტებს შორისაა, ვინც თავად უკავშირდება საავტორო უფლებების დამრღვვებს და თუ ასეთი ფორმით ვერ აგვარებს პრობლემას, ჩივილსაც არ ერიდება. ზოგჯერ საერთოდ ვერ პოულობს რეალურ უფლებადამრღვევებს, რადგან ზოგიერთ ონლაინ გამოცემას საკონტაქტო ინფორმაცია მითითებული არ აქვს და რთულია დაადგინო, ვინ დგას მის უკან, ვის უნდა მოსთხოვო პასუხი.

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც მედიაში საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ განცხადებებს განიხილავს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა.

2015 წლის 6 აპრილს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა გელა მთივლიშვილის საჩივარი ვანო ჯავახიშვილის (ტელეკომპანია “რუსთავი 2”) და ცოტნე გეგეჭკორის (ტელეკომპანია “იმედი”) წინააღმდეგ. მოსარჩელე ამბობდა, რომ მისი ვიდეო „ნაკურთხი პრემიების შესახებ“ საავტორო უფლებების დარღვევით გამოქვეყნდა “რუსთავი 2-სა” და “იმედის” ეთერში.

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვანო ჯავახიშვილმა და ცოტნე გეგეჭკორმა დაარღვიეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-11 პრინციპი, სადაც აღნიშნულია: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედება – პლაგიატი.“

საბჭოს განმარტებაში ვკითხულობთ, რომ “არც ტელეკომპანია “რუსთავი 2-ისა” და არც ტელეკომპანია “იმედის” ეთერით გასულ ვიდეოში არ ჩანდა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ლოგო და არ ყოფილა არანაირი მითითება ვიდეო მასალის პირველწყაროზე”.

პლაგიატის პრობლემა “ლიბერალსაც” აქვს. გამოცემის რედაქტორები ცდილობენ პირადად დაუკავშირდნენ პლაგიატის შემთხვევებში შესაბამის რედაქციებს და მასალის შესწორებას სთხოვენ. ზოგიერთი გამოცემა ასეთ კომუნიკაციაზე რეაგირებს და ასწორებს, ზოგი კი - არა. “ლიბერალის” რედაქტორი ზურაბ ვარდიაშვილი ამბობს, რომ ახალი ამბავი ინტელექტუალური საკუთრება არ არის და მისი დაცვა რთულია.

“ეს ეთიკის საკითხია და არა კანონის”, - ამბობს ვარდიაშვილი.

მისი თქმით, ისეთ გამოცემას, რომელიც ეთიკურ ღირებულებებს ყურადღებას არ აქცევს, ძნელია რაიმე მოსთხოვო და უკვე გამოქვეყნებული მასალა შეასწორებინო. ამიტომ ეთიკის ქარტიაში ჩივილსაც არ მიიჩნევს გამოსავლად.

შესაძლებელია თუ არა ახალი ამბების საავტორო უფლებების დაცვა? არის თუ არა სადმე გაწერილი, როგორ უნდა დაიცვან მედიასაშუალებებმა თავი პლაგიატისგან?

იურისტი ლიკა საჯაია განმარტავს, რომ საავტორო უფლებების შესახებ კანონი ვრცელდება ძირითადად, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, ან ისეთ პროდუქტზე, რაც ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ხასიათისაა. მისი თქმით, ახალი ამბები ინფორმაციულია და არ განიხილება ინტელექტუალურ ნაწარმოებად, შესაბამისად, რთული იქნება მათზე საავტორო უფლებების დაცვა.

„შესაძლებელია მედიასაშუალებებმა პლაგიატის შემთხვევაში არა საავტორო უფლებების კუთხით, არამედ არაკეთლისინდისიერი კონკურენციის მარეგულირებელი ნორმით მოითხოვონ სასამართლოში საკითხის გადაწყვეტა. თუკი მოხდება მათი პროდუქციის უნებართვო გამოყენება, მათ შეუძლიათ დაასაბუთონ, თუ რა ზიანი მიადგათ ამ პროდუქტის უნებართვოდ გამოყენებით და ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ“, - ამბობს ლიკა საჯაია. ის აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებს, რომელთა უფლებებიც დაირღვა, შეუძლიათ სამოქალაქო სამართლის ნორმებით იმოქმედონ.

რაც შეეხება ფოტო და ვიდეომასალას, შესაძლოა, რომელიმე მათგანი ასახავდეს ახალ ამბავს, და ამავდროულად, იყოს ხელოვნების ნიმუშიც. ლიკა საჯაიას განმარტებით, ასეთ შემთხვევაში მასზე გავრცელდება კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ. არის თუ არა ვიზუალური მასალა ახალ ამბავთან ერთად ხელოვნების ნიმუშიც, ამაზე სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა ინდივიდუალურად იმსჯელოს.
კატეგორია - ეთიკა
6 ივლისს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაცემაში გავიდა სიუჟეტი მაშველ გოგონაზე - “სუსტი ძლიერი სქესი”. სიუჟეტის გმირი 23 წლის სოფი ცისკარიშვილია - პროფესიით საბანკო საქმის სპეციალისტია, რომელიც ამჟამად სამაშველო სამსახურში მუშაობს და აქტიურ სამაშველო საქმიანობას, მოდელობასაც უთავსებს.

ჟურნალისტი ამბობს, რომ სოფიმ “მაშველის პროფესია კარგად მოირგო და სტერეოტიპი დაარღვია”. აქვე, ჟურნალისტი სიუჟეტის გმირს სუსტი სქესის წარმომადგენელს უწოდებს: “23 წლის სოფი ცისკარიშვილი ერთადერთი სუსტი სქესის წარმომადგენელია სამაშველო სამსახურში".

ის ხაზს უსვამს ქალთან - როგორც “სუსტი სქესის” წარმომადგენელთან თანამშრომლების განსაკუთრებულ დამოკიდებულებასაც: “მიუხედავად იმისა, რომ სოფის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებათ, ცდილობენ გაუფრთხილდნენ და მინიმალურად დატვირთონ”.

„სუსტი ძლიერი სქესი“ - ამავე სათაურითაა დაარქივებული სიუჟეტი, ტელეკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეც. როგორც სიუჟეტის აღწერაში ვკითხულობთ,“ 23 წლის სოფო სამაშველო სამსახურის ერთადერთი სუსტი სქესის წარმომადგენელია (...) ის, გამორჩეული გარეგნობის გარდა, აქტიური ცხოვრების წესით სხვა ქალებისგან განსხვავდება“.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად (მუხლი 33), მაუწყებელმა ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას.

გენდერულ თანასწორობასა და მედიაზე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად, მედია საშუალებებმა ხელი უნდა შეუწყონ თვითრეგულირების მექანიზმების, შიდა ქცევის/ეთიკის კოდექსებისა და შიდა მონიტორინგის, ასევე ისეთი სტანდარტების შემუშავებას, რაც მედია გაშუქებაში გენდერულ თანასწორობას შეუწყობს ხელს, უნდა უზრუნველყონ ქალთა და მამაკაცთა არასტერეოტიპული იმიჯი, ფუნქცია და ხილვადობა, რომელიც თავისუფალია სექსისტური რეკლამირების, ენისა და შინაარსისაგან, რასაც სქესის საფუძველზე დისკრიმინაციის, სიძულვილისა და გენდერზე დაფუძნებული ძალადობისკენ მივყავართ.
კატეგორია - ეთიკა
23 ივნისს „გურია ნიუსის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია „გურიელიძის კომპანია წყალქვეშა ნადირობითაა დაკავებული“. სტატიაში ორგანიზაცია „თბილისის ზოოპარკის მონიტორინგი“ თბილისის ზოოპარკის დირექტორს ზურაბ გურიელიძეს ბრალს სდებს წყალქვეშა ნადირობისა და სანადირო იარაღის გაყიდვაში. ორგანიზაცია აცხადებს, რომ გურიელიძე შპს „პოსეიდონის სამყაროს“ მეწილეა. ეს კომპანია კი წყალქვეშა ნადირობის ტურებს მართავს და ვაჭრობს წყალქვეშა ნადირობისთვის განკუთვნილი იარაღით. ორგანიზაცია ამ ინფორმაციის ერთ-ერთ წყაროდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უთითებს.

მასალაში მოყვანილია „თბილისის ზოოპარკის მონიტორინგის“ წარმომადგენლის ციტატა:

„ზოოპარკის დირექტორს ზ. გურიელიძეს (ადამიანს რომელიც მუდმივად ცდილობს დაგვარწმუნოს რომ არის დაკავებული ცხოველთა გადარჩენით) რამდენად გააჩნია მორალური უფლება ეკავოს ზოოლოგიური პარკის დირექტორის პოსტი იმ დროს, როდესაც პარტნიორისა და მეწილის სახით არის ჩართული ბიზნესში, რომელიც დაკავებულია სანადირო იარაღის ვაჭრობითა და ნადირობის ტურების გამართვით. ბიზნესში, რომელიც ემსახურება ცხოველთა განადგურებას გართობისა და კომერციული მოგების მიზნით".

ზურაბ გურიელიძე მართლაც ფლობს კომპანია „პოსეიდონის სამყაროს“ 5 პროცენტს. რეესტრში მითითებული წესდების მიხედვით, „პოსეიდონის სამყარო“ არის მრავალპროფილიანი ტურისტული კომპანია, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს დაივინგს, წყალქვეშა ნადირობას, სპორტული თევზაობის, ეკოტურიზმის და სხვა საზღვაო და საწყლოსნო ტურების და კვლევითი ექსპედიციების მოწყობას“.

„გურია ნიუსის“ სტატიაში გამოქვეყნებისას არ იყო ზურაბ გურიელიძის კომენტარი. მეორე დღეს გაჩნდა მინაწერი, რომ გამოცემა ეცდებოდა მასთან დაკავშირებას. მოგვიანებით კი მასალა საერთოდ გაქრა საიტიდან.

ზურაბ გურიელიძის თქმით, „გურია ნიუსიდან“ ამ დრომდე მას არავინ დაკავშირებია. გურიელიძემ Mediachecker-თან საუბრისას განაცხადა, რომ წყალქვეშა ნადირობა არ ნიშნავს წყალქვეშ იარაღით ჩასვლას და პირდაპირი გაგებით ნადირობას. წყალქვეშა ნადირობის დროს ადამიანი წყალში ჩადის ერთი პატარა ისრით, საყვინთავი აღჭურვილობის გარეშე. მას შეუძლია ხელით დაიჭიროს ერთი-ორი თევზი. ბუნებრივად მეტი თევზის დაჭერის შესაძლებლობა მას არ აქვს. გურიელიძის თქმით, ეს არის ერთ-ერთი მიღებული ფორმა წყალქვეშა სამყაროს უკეთ გასაცნობად და არანაირად არ ეწინააღმდეგება მის საქმიანობას.

გარდა ამისა, „გურია ნიუსის“ მასალაში, რესპონდენტი ინფორმაციის წყაროდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ უთითებს. თავად მასალაში ორგანიზაციის პოზიცია წარმოჩენილი არაა, მისი ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გავრცელდა: „გვსურს აღვნიშნოთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თბილისის ზოოპარკის დირექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით არავითარი კვლევა არ ჩაუტარებია.სავარაუდოდ, ხსენებული მონაცემების მოპოვება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შექმნილი საძიებო სისტემისhttp://companyinfo.ge/ka/საშუალებით მოხდა, სადაც ავტომატურად იტვირთება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები. ვფიქრობთ, რომ ეს კამპანია ზურაბ გურიელიძის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს და მის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოქვეყნებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ამ კომპანიაში წილის ფლობა არ წარმოადგენს კანონის დარღვევას ან ინტერესთა შეუთავსებლობის მაგალითს. შესაბამისად, ამ ინფორმაციის გამოყენებით, ბატონი გურიელიძის იმიჯის შელახვის მცდელობა უსაფუძვლოა“.

Media Checker „გურია ნიუსსაც“ დაუკავშირდა. რედაქციის განმარტებით, სტატია საიტიდან მოიხსნა იმ მიზეზით, რომ ის ცალმხრივი იყო. რედაქტორის განმარტებით, ამავე თემის შესახებ ახალ სტატიაზე ამ წუთებში მუშაობენ.

ინფორმაციის შესწორების სტანდარტი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეხუთე მუხლშია განმარტებული: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. ამავე მუხლის განმარტებით ნაწილში კი აღნიშნულია:“ამ მუხლით ჟურნალისტები და რედაქტორები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ პატიოსნად განაცხადონ არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ და შეასწორონ ის. მიუღებელია შესწორება იმგვარად, რომ თავიდან გაკეთდეს სიუჟეტი ან სტატია, სადაც არაზუსტ ინფორმაციას ჩაენაცვლება ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ არ იქნება გაცხადებული უკვე დაშვებული შეცდომის შესახებ“.

MediaChecker: მასალაში დაზუსტების მიზნით, შეტანილია ცვლილება.

პირველადი ვერსია: MediaChecker „გურია ნიუსსაც“ დაუკავშირდა. რედაქციის განმარტებით, სტატია საიტიდან მოიხსნა იმ მიზეზით, რომ ის არასრულყოფილი იყო.

ჩასწორებული: MediaChecker „გურია ნიუსსაც“ დაუკავშირდა. რედაქციის განმარტებით, სტატია საიტიდან მოიხსნა იმ მიზეზით, რომ ის ცალმხივი იყო.