გაზეთ „კვირის ქრონიკის“ 30 მარტი - 5 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა
სტატია სახელწოდებით: „საზოგადოებამ არ იცის, რომ ამ დღეებში
„ქოცნებისტების“ მოღალატე პარლამენტი იმავე „ქოცნებისტების“ მოღალატე
მთავრობის მიერ შემუშავებულ სუპერმოღალატეობრივ კანონპროექტს
დაამტკიცებს!“
სტატიაში საუბარია მთავრობის შემუშავებულ კანონპროექტზე, რომლითაც
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ვიზის აღება გამარტივდება.
ეს კანონპროექტი ქვეყანას „პრახადნოი დვორად“ აქცევს - ნათქვამია
სტატიაში, რასაც მოსდევს ავტორის ქსენოფობიური განცხადება:
„საზოგადოება ამას მაშინ მიხვდება, როცა საქართველო გაივსება
არაბებით, თურქებით, ირანელებითა და ათასი ჯურის გადამთიელით,
რომელსაც მერე ჩვენი „ბედოვლათი“ პოლიტიკანები ინვესტორებად
გამოგვიცხადებენ...“
3 აპრილს გადაცემა „სპექტრის“ წამყვანმა დავით აქუბარდიამ სხვადასხვა
თემაზე სასაუბროდ სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ აქტივისტი
ლევან ლორთქიფანიძე მიიწვია. გადაცემაში საუბარი, ძირითადად,
პრივატიზაციას, სახელმწიფო ქონების არათანაბარ განაწილებას და სხვა
აქტუალურ საკითხებს შეეხო.
ერთგან, როცა ლევან ლორთქიფანიძე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწებისა და საძოვრების უკონტროლო პრივატიზაციას აკრიტიკებდა, დავით
ქუბარდიამ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ სავიზო
რეჟიმისა და უცხოელების მიერ მიწის შეძენის გამკაცრების პოლიტიკა.
შეფასებისას აქუბარდიამ არატოლერანტული სიტყვებით მოიხსენია
უცხოელები, რომლებსაც საქართველოში მიწის შეძენა სურდათ, მაგრამ
გამკაცრებული რეგულაციების გამო ამას ვერ ახერხებდნენ. „სპექტრის“
წამყვანმა მათ „ძაღლი და კატა“ უწოდა.
„ახლა, ჩვენში რო დარჩეს, საზღვრებში შეფერხებები რო გაკეთდა, იმიტო
გაკეთდა რო, ძაღლს და კატას არ ეყიდა ეს მიწები. ჩემი ღრმა აზრით,
ძაან ამორფული მთავრობა გვყავს, თორე ანტი, რაც მიშა იყო და მიშა იყო
მტერი ქართველი იმის, გლეხის, პირველ რიგში, ესენი არ არიან...“ -
განაცხადა დავით აქუბარდიამ.
6 მარტს ტელეკომპანია „მაესტროს“ დღის მთავარ გამოშვებაში გავიდა
სიუჟეტი შალვა აბულაძის შესახებ. სიუჟეტში საუბარია 2014 წლის
ოქტომბერში ბორჯომში გამართულ აქციაზე, რომელსაც ორგანიზებას აბულაძე
უწევდა. მას გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძეც,
ესწრებოდა.
„მამუკა ხაზარაძემ და ბორჯომის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, მამუკა
ხვედელიანმა, რომელიც მხილებულია მამათმავლობაში და ახალგაზრდა
მამაკაცის გაუპატიურებაში, მას (შალვა აბულაძეს) მიუქსია
კრიმინალები“- ამბობს ჩუბინიძე "მაესტროსთვის" მიცემულ
კომენტარში.
მამუკა ხაზარაძის მხრიდან აბულაძის შევიწროებაზე სიუჟეტშივე საუბრობს
ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილიც: „ეს ყველაფერი აგორდა მას შემდეგ,
რაც ხაზარაძეს შეეჭიდა და ხაზარაძეს რომ ვერ მოუგებდა, უნდა
სცოდნოდა“, - აცხადებს ერთ-ერთი რესპონდენტი ბორჯომიდან.
სიუჟეტში არ არის წარმოჩენილი იმ პირების პოზიცია, რომელთაც
რესპონდენტები საკმაოდ მძიმე ბრალდებებს უყენებენ. არ ჩანს
მედიასაშუალების მცდელობა, რესპონდენტებთან დაკავშირებისა. გარდა
ამისა, ერთ-ერთი რესპონდენტის მიმართ გამოყენებულია სიძულვილის
ენა.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის #12 და #13 მუხლებში, რომელიც ჯეროვანი
სიზუსტის დაცვას ეხება, ვკითხულობთ: “ახალი ამბები და ფაქტებზე
დაფუძნებული ინფორმაცია მიეწოდება მიუკერძოებლად და ჯეროვანი
სიზუსტით. (...) მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა,
რათა უზრუნველყოს ინფორმაციის წყაროს და ფაქტების სიზუსტე. მაუწყებელი
ვალდებულია მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ
დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველ მუხლში ასევე აღნიშნულია, რომ
ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს დასაზოგადების უფლებას –
მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, რაც თავის თავში გულისხმობს ფაქტების
გადამოწმებას იმ ადამიანთანაც, რომელსაც ამბავი ეხება.
რაც შეეხება რესპონდენტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ბორჯომის
პოლიციის ყოფილი უფროსის მისამართით, აღნიშნულზე ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის #7 მუხლში ვკითხულობთ: ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ
დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს
ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის,
სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა
შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე
სხვა ნიშნით“.
მუხლის განმარტებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული სახის დისკრიმინაცია
არ უნდა ჩანდეს ჟურნალისტის პოზიციაში, საჯარო პირის მხრიდან
დისკრიმინაციული გამონათქვამის დატოვება უნდა მოხდეს, კერძო პირის
შემთხვევაში კი შესაძლებელია ამოჭრა, თუ მიზანი არატოლერანტული
გარემოს ჩვენება არ არის.
27 მარტს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ტოკ-შოუ „რეაქციაში“,
არქიმანდრიტმა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა სამომავლო გეგმებსა და ახალი
ორგანიზაციის - "17 მაისის" დაფუძნების შესახებ ისაუბრა.
არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი საუბრის დროს "ნაციონალური
მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობის პერიოდსაც შეეხო და აღნიშნა, რომ
ხელისუფლებაში მათი ყოფნის დროს "თბილისი ბორდელად იქცა":
"ვარდების მოედანზე ჩაბრძანდით ქვემოთ და რა ხდება? არის ღამის
კლუბები. არაბები არიან, თურქები არიან, ქართველი გოგოები შედიან და
მაპატიეთ და პუტანკობენ და რა ვიცი, ათასი სისაძაგლეა", - განაცხადა
ბიჩინაშვილმა და საკუთარ მოსაზრება იქვე კიდევ ერთი მაგალითით
განავრცო:
"ავიღოთ დავით აღმაშენებლის, ძველი პლეხანოვის გამზირი, გააკეთეს
ლამაზად ყველაფერი და შემდეგ მიყიდეს თურქებს. დღეს გაივლით და
თურქების ბირჟებია და მაპატიეთ და ბორდელებია გახსნილი, სადაც ღამე
მიდიან, თურქები შედიან და ახალგაზრდა ქართველი გოგოების პროსტიტუცია
ხდება".
"რეაქციის" წამყვანი რესპონდენტის მიერ გამოთქმულ არატოლერანტულ
გამონათქვამებს არ გაემიჯნა.
Mediachecker-ის მედიამონიტორინგის ჯგუფი მიიჩნევს, რომ არქიმანდრიტ
ანთიმოზ ბიჩინაშვილის ნათქვამში ეთნიკური არაბები და თურქები ნეგატიურ
კონტექსტში არიან ნაჩვენები. რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში
მათი ჩამოსვლის მთავარი მიზანი ქართველი გოგონების პროსტიტუციაში
ჩაბმაა.
„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ თანახმად, „თუ წყარო პირდაპირ ეთერში
ან ახალ ამბებში უსაფუძვლოდ ასახელებს ეთნიკურ წარმომავლობას, როგორც
პრობლემის გამომწვევ მიზეზს ან იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას
რომელიმე ჯგუფის მიმართ, წამყვანი არ უნდა აჰყვეს ასეთ დიალოგს და
შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა
გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით.“
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეცხრე პრინციპის მიხედვით კი,
„ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების
საფრთხე, ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის
დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად“. რესპონდენტის მიერ პირდაპირ
ეთერში გამოთქმულ დისკრიმინაციულ გამონათქვამს ჟურნალისტი პირდაპირ
ეთერშივე უნდა დაუპირისპირდეს და გაემიჯნოს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „P.S.“-ში 29 მარტს გავიდა
სიუჟეტი ანთიმოზ ბიჩინაშვილის შესახებ. სასულიერო პირმა, რომელიც
უცენზურო გამონათქვამებით გახდა ცნობილი, ეკლესიიდან წასვლა
გადაწყვიტა. ეთერში გასული ექვსწუთიანი მასალა მისი ცხოვრების შესახებ
გვიყვება. ჟურნალისტი იხსენებს ანთიმოზ ბიჩინაშვილთან დაკავშირებულ
პირველ სკანდალს, რომელიც 2013 წლის 17 მაისს მოხდა.
ჟურნალისტი ამბობს: „გინება მამა ანთიმოზის აქილევსის ქუსლია. მის
ირგვლივ ატეხილი პირველი სკანდალი 2013 წლის 17 მაისს არასამთავრობო
ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ გამართულ ელგებეტეს მხარდამჭერ აქციას
უკავშირდება“.
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო
დღეა. 2013 წლის 17 მაისსაც მოქალაქეთა ნაწილი სწორედ ამ დღეს
აღნიშნავდა.
„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-14 მუხლის თანახმად „მაუწყებელი
ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორია სანდო და ზუსტი ინფორმაციით და არ
დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება“.
ამავე კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, „მაუწყებელმა თავი უნდა
აარიდოს უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და
შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას, ხელი არ უნდა შეუწყოს
სტერეოტიპების ჩამოყალიბებას“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” ოფიციალურ ვებგვერდზე
მითითებულია, რომ გადაცემაში “მშვიდობით იარაღო” “განსხვავებული
ადამიანები იკრიბებიან სადილად სტუმრად ბინაში, გადაცემის წამყვანთან
სასადილოდ, სასაუბროდ და ამავე დროს გასახალისებლად” (სტილი დაცულია).
ვებგვერდიდანვე ვიგებთ, რომ შემოქმედებითი ჯგუფის მიზანია,
“მაყურებელს შეუქმნას ნოვატორული ჟანრის გასართობ-შემეცნებითი
პროგრამა, განსხვავებული სოციუმის ადამიანებთან ერთად, სადაც პირველად
მედიასივრცეში, საკომუნიკაციო ენა (აზრთა შერწყმით შექმნილი
იდეები...) გააქრობს მენტალურ ბარიერს, წარმოშობს საზოგადოებრივი
ერთიანობისა და სოლიდარობის ჯანსაღ განცდას”.
წინამდებარე მოსაზრებაში შევეცდებით, 29 მარტის გადაცემის მაგალითზე
წარმოვაჩინოთ, თუ რამდენად მიესადაგება შინაარსი ავტორთა მიერ
გაცხადებულ მიზნებს.
ჩანაწერის ნახვის შემდეგ ჩნდება კითხვა: აქვს თუ არა გადაცემას საერთო
ღერძი ან რამდენად გამართლებული იყო ამა თუ იმ სტუმრის მიწვევა
კონკრეტული თემის განსახილველად. მაგალითისთვის, 29 მარტს გასული
გადაცემის დიდი ნაწილი დაეთმო ქალთა უფლებების განხილვას, ყოველ
შემთხვევაში, ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორთან, ნინო იოსელიანთან და
საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის
წარმომადგენელთან, სოფო ჯამბაზიშვილთან, საუბრის ძირითადი აქცენტი
სწორედ ამ მტკივნეულ თემას შეეხებოდა, თუმცა ამ კონტექსტში, იმავე
გადაცემაში რამდენად მიზანშეწონილი იყო ვიცე-პრემიერისა და
ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის, მიწვევა, გაუგებარია, რადგან
ოლღა ბაბლუანს გადაცემის პირველ ნაწილში ამ სტუმრისთვის გენდერულ ან
ფემიციდის თემებზე კითხვები არ დაუსვამს, პირიქით, კალაძემ გადაცემის
მეორე ნაწილში თავად გამოიჩინა ინიციატივა და ქალთა ძალადობის
პრევენციული ღონისძიებების გატარების აუცილებლობასა და შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ კამპანიაზე ისაუბრა.
ასევე გაუგებარი იყო სროლის სპეციალისტის, იმედა გოგელაშვილის,
მიწვევაც. მართალია, წამყვანი ოლღა ბაბლუანი ეცადა, რომ სროლა და
ძალადობა ოჯახში გარკვეულწილად დაეკავშირებინა (კერძოდ, თქვა, რომ
სროლაში მეცადინეობა ქალის ფსიქოლოგიურ განწყობაზე დადებითად
მოქმედებს და ამან შეიძლება ოჯახში ძალადობის პოტენციურ მსხვერპლს
თავდაცვის ერთგვარი ტაქტიკაც კი გამოუმუშავოს), მაგრამ საბოლოო ჯამში,
იარაღზე საუბარი გადაცემაში, რომელსაც “მშვიდობით იარაღო” ჰქვია და
რომლის კონკრეტული გამოშვებაც უმეტესწილად ქალთა წინააღმდეგ ძალადობას
და ზოგადად, ქალთა უფლებებს შეეხო, ნამდვილად უადგილო იყო.
სტუმართა პასუხების შემდეგ თითქოს გასაგები გახდა, რომ საზოგადოება
ქალთა ძალადობის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს და ამ კუთხითაც
საქართველოში არსებული რეალობა ევროპულს უნდა გაუთანაბრდეს, მაგრამ ამ
ზოგადი მოწოდებების ფონზე არც წამყვანს და არც სტუმრებს კონკრეტული
ქალების პრობლემა არ განუხილავთ. მეტიც, მაყურებლისთვის პრობლემების
სიმწვავის გააზრება კონკრეტული შემთხვევების ისტორიითაც შეიძლებოდა,
რომელსაც წამყვანი ან რომელიმე სტუმარი მოყვებოდა. ამ თვალსაზრისით,
ვფიქრობ, გაცილებით საინტერესო იქნებოდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი
კომისარიატის წარმომადგენლთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატში ან
რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში მომუშავე უფლებამდაცველი
მიეწვიათ, რომლებიც სუდანში, კამბოჯაში ან დედამიწის რომელიღაც სხვა
წერტილში თავს გადახდენილ ისტორიებს კი არ მოგვითხრობდნენ, არამედ
საქართველოში მომხდარ ფაქტებზე, ქალთა ძალადობის შემთხვევებსა და
ფემიციდის სავარაუდო მიზეზებზე ისაუბრებდნენ. ამით გაცილებით
გაადვილდებოდა მაყურებლისთვის მთავარი სათქმელის მიტანაც და თავად
მაყურებელიც უფრო მარტივად დააკავშირებდა საკუთარ გარემოს გადაცემაში
წამოჭრილ თემებთან.
ასევე, სულ მცირე, გაუგებარი იყო წამყვანის რემარკა იმაზე, რომ
საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ქალები ყოველწლიურად 700 მილიონ ლარზე
მეტს აგზავნიან საქართველოში და კარგი იქნებოდა ამ სფეროს
განვითარება. რა სფეროს გულისხმობდა წამყვანი - იმას, რომ უკვე
წლებია, რაც ქალები ოჯახებს არიან მოწყვეტილები და მატერიალურ დოვლათს
საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ქმნიან?! იქნებ, ჯობდა ხელისუფლების
მაღალი თანამდებობის პირისთვის დაესვა კითხვა, თუ რას აკეთებს
მთავრობა ამ ადამიანების დასაბრუნებად და მათი ღირსეული სამუშაო
ადგილებით უზრუნველსაყოფად?! მესმის, რომ ეს გადაცემა არ არის
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუ, სადაც დებატები იმართება, მაგრამ
აუცილებელი თუ არა, სასურველი მაინც იყო, წამყვანს “სადილზე სტუმრად
მიპატიჟებული” ვიცე-პრემიერისგან ამ კითხვაზე პასუხი მიეღო.
დარჩა შთაბეჭდილება, რომ გადაცემის ავტორი და მთელი შემოქმედებითი
ჯგუფი მხოლოდ პირადი, ვიწრო გამოცდილებით მიღებული დაკვირვებებით
ხელმძღვანელობენ. ასეთივე დამოკიდებულება გამოავლინა გადაცემის
ერთ-ერთმა სტუმარმა - ნინო იოსელიანმაც, როცა თქვა, რომ XXI საუკუნეში
ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია და ოჯახში ძალადობის დაძლევის
ერთ-ერთი საფუძველი საკუთარი უფლებების ცოდნაა. ეს მოსაზრება გასაგები
მხოლოდ ქალაქებში ან მეტ-ნაკლებად მჭიდრო დასახლებებში მცხოვრები
მაყურებლისთვის იქნება. რა ვუყოთ ათასობით სოფელს, რომელთა მკვიდრი
მოსახლეობისთვის ინტერნეტი ამ დრომდე ხელმიუწვდომელია?! არაფერს
ვამბობ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით გამორჩეულ რეგიონებზე,
სადაც სხვა ყველაფერთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყურებაც კი
პრობლემაა, სახელმწიფო ენის არცოდნის გამო.
29 მარტის გადაცემა მტკივნეული პრობლემის განხილვა იყო თავად ამ
პრობლემის მსხვერპლი ადამიანების გარეშე. შეიძლება ვიფიქროთ, რომ
სარედაქციო ჯგუფმა თავი აარიდა ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ
მდგომარეობაში მყოფი აუდიტორიის კიდევ უფრო მეტად დამძიმებას და
პრობლემის ასახვის ეს გზა აირჩია - მსხვერპლზე, ძალადობის ფაქტებზე
საუბარს ზოგადი შეფასება ამჯობინა. მაგრამ რა უშლიდათ ხელს გადაცემის
ავტორებს, რომ ბიზნესში, განათლებაში, კულტურაში წარმატებული ქალები
მიეწვიათ, მით უმეტეს, რომ როგორც გადაცემიდან გავიგეთ, ნინო
იოსელიანის ჟურნალის მომდევნო ნომერი სწორედ ასეთ ადამიანებს
დაეთმობათ. პოზიტიური მაგალითების ჩვენება ხომ არანაკლებად ეფექტიანად
მოქმედებს საკითხის გადაწყვეტისას?
დასაწყისში ვახსენეთ, რომ გადაცემას (“გასართობ-სოციალურ შოუს”,
როგორც მას ავტორები მოიხსენიებენ) ერთიანი შინაარსობრივი ღერძი
აკლია. იმავეს თქმა შეიძლება დრამატურგიული და ესთეტიკური მხარეების
შეფასების დროსაც. “მშვიდობით, იარაღო!” (და არა “მშვიდობით იარაღო”,
როგორც ეს გადაცემის ოფიციალურ ვებგვერდზეა მითითებული) იწერება
ეკლექტურ სივრცეში, სადაც დიზაინის უახლესი დასავლური სტილით
გაჯერებულ ინტერიერში წამყვანი პირველივე სტუმარს ნარდს ეთამაშება და
თან ღვინოს წრუპავს. ოლღა ბაბლუანი შეძლებისდაგვარად ცდილობს, რომ
სტუმარს კარგი მასპინძლობა გაუწიოს და თავი მისთვის უცხო სივრცეშიც კი
შინ აგრძნობინოს. გადაცემის მიმდინარეობისას რამდენიმე მზარეულის
ფუსფუსი და სუფრის გაწყობის პროცესიც მაყურებელსაც თითქოს უბიძგებს,
რომ სავარძელში მყუდროდ მოკალათდეს და საუბარს უსმინოს, მაგრამ
მაყურებელთა რა რაოდენობა შეძლებს ამ სივრცეში საკუთარი თავის პოვნას;
რამდენს გაუჩნდება განცდა, რომ ოლღა ბაბლუანი ერთ დღეს მასაც
მიიპატიჟებს და მოუსმენს ყურადღებით? კითხვაზე ცალსახა პასუხი არ
მაქვს, რადგან “მშვიდობით, იარაღოში“ სტუმრებად ძირითადად
გადაწყვეტილების მიმღები პირები (ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა
ივანიშვილი, კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ვიცე-პრემიერი კახა
კალაძე და ა.შ.), ასევე ისეთი ადამიანები გვევლიანებიან, რომელთაც
საზოგადოებრივ აზრზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლიათ, ანუ
გადაცემის გაცხადებული მიზნისგან განსხვავებით (“მაყურებელი თავადვე
ხდება ჯანსაღი რეალობის მარეგულირებელი, მედიისგან დამოუკიდებელი,
თავისუფალი აზრის ფორმირების ავტორი”), აუდიტორია უკვე მზა
მოსაზრებებს იგებს და მათი შეცვლის ან მსჯელობის მიმდინარეობაზე რაიმე
გავლენის მოხდენის შესაძლებლობას მოკლებულია.
მეტაფორულად რომ ვთქვათ, “მშვიდობით, იარაღო!” არის სივრცე, სადაც
იარაღი ყოველთვის გადაცემის ავტორისა და მიწვეული სტუმრების ხელშია,
სამიზნე კი ასევე ყოველთვის აუდიტორიაა. თამარ რუხაძე
22 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში, გადაცემაში „ნანუკას
შოუ“, წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად
კომპანია „ტენტორიუმის“ პროდუქცია გადასცა და უთხრა:
„გაციება, ვირუსები, იმუნიტეტი, გახდომისთვისაც კარგია, მაგრამ შენ ეს
არ გჭირდება“.
კიდევ ერთმა წამყვანმა, როსტომ, ასევე სტუმრის სტატუსით მოწვეული
საკუთარი დედისთვის საჩუქრის გადაცემისას აღნიშნა - „ფასდაკლებაა
თებერვლიდან 25-დან 40 პროცენტამდე ტენტორიუმის მაღაზიაში.
tentorium.geარის საიტი, შეგიძლიათ ნახოთ ყველა ინფორმაცია“.
უფრო მოგვიანებით ნანუკა ჟორჟოლიანი სტუდიაში განთავსებულ
„ტენტორიუმის“ სტენდთან მივიდა და განაცხადა:
„დამატებითი ინფორმაცია მათ, ვინც ბევრს ფიქრობთ ტვინით, ტვინის
სამუშაო ვისაც გაქვთ, კარგია, გაიხანგრძლივებთ უძილობას, ოღონდ
ჯანმრთელად. თუ უძილო ღამეები გაქვთ, დილით მიიღეთ ჩაისთან ერთად
იმიტომ, რომ გამოფიტულ ორგანიზმს ძალიან მალე აღადგენს. ეს არის ის,
რაც მეც ზუსტად ვიცი, რაც დანამდვილებით შეგიძლიათ თქვათ და თუ
ვინმესთან ასოცირდება „ტენტორიუმი“ მე, როსტო და კიდევ ერთი ჩვენი
მეგობარია, რომელიც დღეს სტუდიაში არ არის“.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მიმდინარე წლის აპრილში შეტანილი
ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა პროგრამაში პროდუქტის
(საქონლის/მომსახურების) განთავსება - ეწ Product Placement. ამგვარი
ქმედება დაშვებულია გასართობ გადაცემებში, ისეთში, როგორიც „ნანუკას
შოუა“, თუმცა გარკვეული წესებით. კერძოდ, პროდუქტის განთავსება ისე
უნდა მოხდეს, რომ:
- ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას;
- მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი კახი ბექაური
mediachecker-თან საუბრისას ამბობს, რომ „ნანუკას შოუს“ ამ გადაცემაში
პროდუქტის განთავსების ზემოთ აღნიშნული წესები დაირღვა. მისი თქმით,
პრობლემას ქმნიდა არა ბანერის განთავსება, არამედ წამყვანების
ტექსტი.
„პროდუქტი მხოლოდ კადრში რომ გამოჩენილიყო ან წამყვანს საჩუქრად
გადაეცა და ერთი წინადადებით ეთქვა, რომ თქვენ ეს გჭირდებათ და აქ
დამთავრებულიყო, ეს პრობლემა არ იქნებოდა. მაგრამ, როდესაც წამყვანი
ამბობს, რომ წონის პრობლემას შველის, თავად გამოსცადა მისი
ეფექტურობა, საუბრობს ფასდაკლებაზე, ფასზე, რითია ეს პროდუქტი
გამორჩეული და ასეთი რამდენიმე სარეკლამო მითითება კეთდება, ეს
მიიჩნევა პროდუქტისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებად“, -
აღნიშნავს კახი ბექაური.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის მოსაზრებას არ იზიარებს
„რუთავი 2-ის“ გაყიდვების სამსახურის უფროსი კონსტანტინე
ბათმანიდი.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის დარღვევა. ზოგადად, რა არის
გაწერილი კანონში, ამაზე დღემდე ვდაობთყველა ტელევიზია.Product
placement-ის ცნება ძალიან პრობლემატურია. ვიღაცისთვის არ არის
გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება, ვიღაცისთვის არის“, - ამბობს
კონსტანტინე ბათმანიდი.
მისი თქმით, ბევრი ქვეყნის სარეკლამო ბაზარი დიდი ხნის განმავლობაში
ვითარდებოდა, რომ Product placement-ი სწორად გამოყენებულიყო,
საქართველოში ამგვარი მომსახურების წესები ახლა ყალიბდება,
შესაბამისად, თანდათან უფრო დაიხვეწება.
ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, საზოგადოებისთვის ცნობილი თუ ნაკლებად
ნაცნობი სახეების “ფეიბუქის” სტატუსები ხშირად იქცევა ინტერნეტ
სააგენტოებისა და პორტალების ახალ ამბად. არის თუ არა ჟურნალისტების
მიერ სხვისი “ფეისბუქის” გვერდიდან სტატუსის წაღება ეთიკური? უნდა
ითხოვოს თუ არა მედიასაშუალებამ ნებართვა, როცა ვინმეს ფეისბუქის
სტატუსს თავის გამოცემაში აქვეყნებს?
დათო აბზიანიძე სტუდენტია. მისი “ფეისბუქის” სტატუსები რამდენჯერმე
მოხვდა ვებ-გვერდებზე. შარშან, სოციალური ქსელში, არასრულწლოვანი ძმის
სკოლის პრობლემების შესახებ წერდა, ნაწერი მალევე „გაანიუსა“
სხვადასხვა მედიასაშუალებამ.
„ჩემი ძმის შესახებ დაწერილი სტატუსის დანახვა არამეგობრებსაც
შეეძლოთ. სააგენტოების ნაწილმა ნებართვა ითხოვა სტატუსის გადატანაზე,
ნებართვა მივეცი, თუმცა ვთხოვე, რომ ჩემი ძმის იდენტიფიცირება არ
მომხდარიყო. ერთ-ერთმა სააგენტომ არც მკითხა ისე წაიღო ჩემი ნაწერი.
ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს გადააბიჯა და გვარი გამოაქვეყნა,
რითიც რეალური საფრთხეც კი იდგა იმისა, რომ ჩემს ძმას პრობლემები
შექმნოდა”, - ამბობს დათო აბზიანიძე.
“ფეისბუქთან” დაკავშირებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2014
წლის მაისში იმსჯელა და სოციალური ქსელი საჯარო სივრცედ განიხილა:
„ფეისბუქზე“ კონკრეტული მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია
ხელმისაწვდომი ხდება მასთან დამეგობრებული პირებისათვის ან ყველა
მომხმარებლისათვის, ავტორის არჩევანის შესაბამისად. ინფორმაციასთან
დაშვებულ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ამ ინფორმაციის გაზიარება
თავისი კონტაქტებისათვის თუ პირთა განუსაზღვრელი წრისათვის, ასევე
ციტირება პირად საუბარში, პრესასა თუ ინტერნეტგამოცემებში. სოციალური
ქსელის სწორედ ამ თვისებების გათვალისწინებით, კონკრეტული
მომხმარებლის მიერ ე.წ სტატუსის თუ კომენტარის გამოქვეყნება
ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებად უნდა შეფასდეს”, - წერია 2014 წელს
გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.
სოციალური ქსელებიდან მედიის მიერ სტატუსების ახალი ამბების ფორმატში
გამოქვეყნებაზე 2013 წელს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომაც
იმსჯელა. ქარტიას მოქალაქეთა ჯგუფმა მიმართა. მათი უკმაყოფილება
“ფეისბუქზე” ლაშა ბაქრაძის მიერ გამოქვეყნებული მეუღლისა და შვილის
ფოტოს სხვადასხვა სააგენტოებზე მოხვედრამ გამოიწვია. ქარტიამ
ვებგვერდების მიერ ფოტოს არაადეკვატური და უხამსი სათაურით გადატანა,
ფოტოზე გამოსახული არასრულწლოვნის გამო, დამამძიმებელ გარემოებად
მიიჩნია: “საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო პუბლიკაციებში ჟურნალისტებმა
დაარღვიეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, მაშინ როდესაც არ
არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ლაშა ბაქრაძის მეუღლისა და
ვაჟის ფოტო არ შეიძლება წარმოადგენდეს ასეთი ინტერესის საგანს. პირადი
ცხოვრებით დაინტერესება მედიის მხრიდან მხოლოდ განსაკუთრებულ
შემთხვევებში შეიძლება იყოს გამართლებული, ეს კი მსგავსი
განსაკუთრებული შემთხვევა არ ყოფილა”, - ვკითხულობთ ქარტიის
განცხადებაში.
Media checker-ის მედია მონიტორთა ჯგუფის დაკვირვებით, გამოიკვეთა,
რომ ხშირად, მედიასაშუალებები ყოველგვარი კონტექსტისა და გადამოწმების
გარეშე, ვებგვერდებზე აქვეყნებენ არა მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის
მქონე ინფორმაციას, არამედ, პირადი ცხოვრების ამსახველ სტატუსებსა თუ
კომენტარებს. ქართულ მედიაში, ფესბუქ სტატუსებს იყენებენ არა სტატიის
ნაწილად, ერთ-ერთ წყაროდ, არამედ დამოუკიდებელ ახალ ამბად.
ონნიკ ჯეიმს კრიკორიანი, რომელიც ამჟამად ბიბისისთვის მუშაობს,
ამბობს, რომ ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ზუსტი, ამომწურავი
ინფორმაციის მოსაპოვებლად, სოციალური ქსელებიდან სტატუსების
დაკოპირება კი, ნებისმიერს შეუძლია: “ჟურნალისტებს უნდა ახსოვდეთ, რომ
მათ უხდიან იმისთვის, რომ მათგან მოელიან გამოიკვლიონ და გააშუქონ
თემა სათანადოდ და არა იმისთვის, რომ პირდაპირ აიღონ და გადაიტანონ
მასალა სოციალური ქსელიდან. რა თქმა უნდა, ეს გზა არის სწრაფი და
ადვილი. ეს ყველას შეუძლია, მაგრამ კარგი ჟურნალისტობა არის სრული
ინფორმაცია და კონტექსტი”, - ამბობს კრიკორიანი.
www.ambebi.ge-ის რედაქტორი, გიორგი გიორგაშვილი, ამბობს, რომ მათ
რუბრიკას faceამბები, სადაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსები
ქვეყნდება, ბევრი მკითხველი ჰყავს. გიორგაშვილის თქმით, რუბრიკისთვის
მასალად მხოლოდ საჯარო პოსტებს იყენებენ:
“იმ შემთხვევაში, თუ კომენტარი არ არის საჯარო, და არის საინტერესო,
რედაქცია უკავშირდება ავტორს და იღებს სატელეფონო ინტერვიუს თემაზე.
ცხადია, ყველა შემთხვევაში, როდესაც რედაქცია იყენებს პოსტს
“ფეისბუქიდან”, უთითებს წყაროს. ბოლო პერიოდში კი, სტატიის ბოლოს,
მკითხველი იხილავს მინაწერს, რომ მასალაში წარმოდგენილია ”ფეისბუქზე”
გამოქვეყნებული საჯარო პოსტი”, - ამბობს ambebi.ge-ს რედაქტორი გიორგი
გიორგაშვილი.
იმის გამო, რომ მედიასაშუალებები ფეისბუქზე მოპოვებულ ინფორმაციას,
ხშირად პირდაპირ, გადამოწმების გარეშე აქვეყნებენ ხოლმე,
გაუგებრობებიც ხდება. მაგალითად, 2015 წლის იანვარში გამოცემა
“ტაბულამ”ჟურნალისტ დავით აქუბარდიას “ფეისბუქის” სტატუსი
გამოაქვეყნა. მოგვიანებით გამოცემამ მასალა წაშალა და ბოდიში მოიხადა,
რადგან აღმოჩნდა, რომ ფეისბუქ-გვერდი, სადაც ტექსტი გამოქვეყნდა,
სინამდვილეში ყალბი იყო და აქუბარდიას არ ეკუთვნოდა.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელი საჯარო სივრცეა და
შესაბამისად, მომხმარებლების სტატუსების მედიასაშუალებებში
გამოქვეყნება კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაინც იქმნება
ინფორმაციის სიზუსტესან დაკავშირებული რისკები და ეთიკური დილემები.
სწორედ ამიტომ, წამყვანი დასავლური მედიასაშუალებების, მაგალითად
„ბი-ბი-სის“ სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, ფეისბუქის
სტატუსებიც დამუშავების, გადამოწმების, დაზუსტების ისეთივე პროცესს
უნდა გადიოდეს, როგორსაც ნებისმიერი ინფორმაცია.
გაზეთ „კვირის ქრონიკის“ 23-29 მარტის ნომერში ჟურნალისტი გელა
ზედელაშვილი ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვალერი ხაბურძანიასთან
ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუში რესპონდენტი საუბრობს სამინისტროს
ბაზებიდან საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებაზე, მისი მინისტრობის
დროინდელ მეთოდებზე და ნაციონალური მოძრაობის სახელმწიფო კონტროლის
სტილზე.
რესპონდენტის თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი ჩინგიზ ხანივით
მოქმედებდა: „ჩინგიზ ყაენის პრინციპით მოქმედებდა, როგორც კი რომელიმე
დანაყოფიდან ინფორმაცია გაჟონავდა, მთელ დანაყოფს სჯიდნენ - მინიმუმ,
სამსახურს ატოვებინებდნენ“.
აღნიშნულს თან ერთვის პრეზიდენტ სააკაშილის მიმართ გამოთქმული
არაკორექტული განცხადება, რომელიც ქსენოფობიურ ნიშნებს შეიცავს:
„თვითონ რომ მონღოლოიდებს ეძახის რუსებს, ბოლო დროს თვითონაც მაგრად
დაემსგავსა მონღოლს ბოტოქსებისგან“.
ჟურანლისტური ეთიკის ქატიის მეშვიდე მუხლის განმარტებითი ნაწილის
მიხედვით, თუკი სიძულვილის ენის წყარო რესპონდენტია, ჟურნალისტი
მკაფიოდ უნდა გაემიჯნოს გამონათქვამს და მოუწოდოს რესპონდენტს
კორექტულობისაკენ. ბეჭდური მედიის შემთხვევაში კი, როცა ინფორმაციის
დაუყონებლივი გავრცელება არ ხდება, სიძულვილის ენის ნიშნების შემცველი
ინფორმაცია ჯეროვნად უნდა გარედაქტირდეს.
1 აპრილს ტელეკომპანია „ტაბულას“ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა
სიუჟეტი IDFI -ს კვლევაზე, სადაც საუბარი იყო ნეპოტიზმის იმ
შემთხვევებზე, რომლებიც სახელმწიფო უწყებებში ხდება.
ჟურნალისტმა ახსენა, რომ კვლევის თანახმად, ნეპოტიზმის შემთხვევები
დაფიქსირებულია გარემოს დაცვის სამინისტროში, სადაც ელგუჯა
ხოკრიშვილმა მრჩევლები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროდან გადაიყვანა, მათ შორის ერთ-ერთია გედევან ფოფხაძის ძმა,
ბესიკ ფოფხაძე. აქვე საუბარია უშიშროების სამსახურის თანამშრომლებზეც,
ჟურნალისტი კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რიგ სამინისტროებში
მუშაობენ შსს-ს ოფიცრები უსაფრთხოების საკითხებში.
სიუჟეტში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, დაკავშირებოდა ელგუჯა
ხოკრიშვილს ან გედევან ფოფხაძეს. ბალანსისათვის მას საპარლამენტო
უმრავლესობიდან ჩაწერილი ჰყავს მხოლოდ მანანა კობახიძე, რომელიც
სიუჟეტში დასმულ საკითხს სათანადოდ ვერ პასუხობს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის I მუხლის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი
უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი
ინფორმაცია, რაც თავის თავში ფაქტების გადამოწმებას იმ ადამიანთანაც
გულისხმობს, ვისაც ეხება აღნიშნული ინფორმაცია.
29 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „P.S.“-ში გავიდა
სიუჟეტი ყოფილი პატიმრის შესახებ. ჟურნალისტ გიორგი გვიშიანის
განცხადებით, რესპონდენტი გეგუთის ციხეში იხდიდა სასჯელს, იქ, სადაც
ლევან კორტავა გარდაიცვალა.
კორტავას შესახებ სიუჟეტი P.S-მა გასულ კვირას მოამზადა. ჟურნალისტის
თქმით, სწორედ ამ ინფორმაციის გასვლის შემდეგ დაუკავშირდა
ტელეკომპანიას ყოფილი პატიმარი გეგუთის ციხეში არსებული სიტუაციის
მხილების მიზნით. ინტერვიუს დროს რესპონდენტი სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენაზე საუბრობს და
ციხის ადმინისტრაციას მათთან კავშირში სდებს ბრალს. ამავდროულად
ყოფილი პატიმარი თანახმაა ითანამშრომლოს სამართალდამცავებთან და
სანაცვლოდ დაცვის გარანტიას ითხოვს.
სიუჟეტის დასასრულს გიორგი გვიშიანი აღნიშნავს, რომ რესპონდენტის მიერ
მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
სცადეს, პრესსამსახურს ინტერვიუს ელექტრონული ვერსია გაუგზავნეს
„თუმცა, ჩინოვნიკების დაინტერესებასა და კომენტარს სამდღიანი
მოლოდინის მიუხედავად“ ვერ მიაღწიეს.
ხელისუფლების მხრიდან კომენტარის მიღების სხვა რაიმე მცდელობა
მასალაში არ ჩანს. შედეგად პასუხგაუცემელი დარჩა რესპონდენტის მიერ
დასახელებული ყველა ბრალდება.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პირველი მუხლის შესაბამისად,
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას –
მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. ამ პრინციპის განმარტებისას კი აღნიშნულია
- „უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ
გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა
გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია“.
სიუჟეტის დასასრულს ჟურნალისტი შენიშნავს - „ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ
დათოს [რესპონდენტის პირობითი სახელი] მიერ მოყვანილი კონკრეტული
ისტორიები სრული სიმართლეა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მისი მონათხრობი
კომპეტენტური ორგანოების მხრიდან მინიმუმ გადამოწმებას ექვემდებარება,
რადგან ცხადია, რომ ქურდული სამყარო ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში
შემოჭრას სულ უფრო და უფრო ცდილობს. მოქალაქეთა შორის ყოფითი დავების
მოგვარებას ისინი ქურდული გარჩევების გზით აპირებენ“.
ამ ტექსტის შემდეგ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი
ციხეებში არსებულ ცუდ სიტუაციაზე საუბრობს, ხოლო ჟურნალისტის მიერ
ზემოთ მოყვანილი შეფასება რას ეყრდნობა - არ ჩანს.
„მაუწყებელთა კოდექსის“ მე-16 მუხლის თანახმად „მაუწყებელი ვალდებულია
ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯნოს ფაქტი და კომენტარი. თავიდან უნდა
იყოს აცილებული მოსაზრებათა ცალმხრივი ინტერპრეტაცია“.
31 მარტს „ტაბულას“ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც
ლევან ყიფიანის თანამდებობაზე დარჩენა/არდარჩენის საქმეს ეხებოდა.
სიუჟეტში ნახსენებია, რომ საპარლამენტო კომიტეტმა მინისტრს გასულ
კვირას მოუსმინა, სამინისტროს საქმიანობა უარყოფითად შეაფასა და
დასკვნა პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა. დეპუტატები ამბობენ, რომ ლევან
ყიფიანმა ათამდე კრიტიკულ კითხვას ვერ უპასუხა.
სიუჟეტიდანვე ვიგებთ, რომ მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის
საქმის დაწყებას ითხოვს უფლებადამცველთა გაერთიანება. ორგანიზაციის
ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მჟავანაძე, სხვადასხვა ბრალდებასთან ერთად,
სამინისტროს გაუმჭვირვალე ტენდერებზეც საუბრობს.
სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი ტექსტში აღნიშნავს, რომ სასკოლო ოლიმპიადის
გამო ლევან ყიფიანი კახეთში იმყოფება და „ტაბულამ“ მასთან გასაუბრება
ვერ მოახერხა. მიუხეადავად ამისა, მასალაში არ ჩანს ჟურნალისტის
მცდელობა, დაკავშირებოდა მინისტრს, პასუხისმგებელ პირსა თუ
პრესსამსახურის წარმომადგენელს და სატელეფონო კომენტარი მაინც
ჩაეწერა. ტექსტში არ ჩანს, რომ კომენტარზე უარი თავად მინისტრმა ან
სხვა პასუხისმგებელმა პირმა განაცხადა.