ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვებაში 18 მაისს გავიდა სიუჟეტი „რელიგიას ამოფარებული ტერორიზმი“, რომელიც სირიაში ქართველი ქალების წასვლას ეძღვნებოდა. წამყვანის თქმით, „თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალადან სირიაში ტერორისტების რიგებში საბრძოლველად ქალები გაემგზავრნენ“. ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში სიუჟეტის
კატეგორია - ეთიკა
18 მაისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აჭარაში ჩასვლისას გამართულ ღონისძიებებს 8 საათიანმა “მოამბემ” სიუჟეტი მიუძღვნა. აქცენტი ბათუმში ახალი სასტუმროს, “ჰილტონის”, გახსნასა და მთავრობის მეთაურის მიერ აჭარის საინვესტიციო პროექტებსა და პოტენციალზე გაკეთებულ განცხადებებზე გაკეთდა, თუმცა მთავარი გამოშვების სიუჟეტში არ მოხვდა პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით სასტუმრო “ჰილტონთან” “თავისუფალი ზონისა” და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების მიერ გამართული საპროტესტო აქცია და მათი დაკავება. ამ ამბავს “მოამბემ” მხოლოდ 16 საათიან გამოშვებაში დაუთმო ეთერი. ქარტიის მესამე პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები.
კატეგორია - ეთიკა
18 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” საინფორმაციო გამოშვება “მოამბემ” ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მიმდინარე მოვლენებს გამოშვების პირველივე სიუჟეტი მიუძღვნა. რეპორტაჟში ითქვა, რომ ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცვის მიზეზი ცენტრის დირექტორად ისტორიკოს ზაზა აბაშიძის დანიშვნა გახდა. დირექტორობიდან ბუბა კუდავას გათავისუფლების შემდეგ განათლების სამინისტროს მიერ დაკომპლექტებულმა კომისიამ კონკურსის მონაწილე კანდიდატებიდან სწორედ აბაშიძეზე შეაჩერა არჩევანი.

“დაწესებულებაში არსებული უთანხმოების გამო, საკუთარი უფლებამოსილების შესრულება ამ დრომდე არ დაუწყია ახლადარჩეულ ზაზა აბაშიძეს, რომელიც პროტესტს აჯანყებად აფასებს და აქცენტს იმ გარემოებაზე აკეთებს, რომ გაფიცული თანამშრომლები წინა დირექტორის - ბუბა კუდავას მხარდამჭერები არიან”, - აღნიშნა წამყვანმა. სიუჟეტში, გარდა თავად ცენტრის თანამშრომლების მიერ გაკეთებული განცხადებებისა, საუბარი იყო იმაზეც, რომ ზაზა აბაშიძის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნას საზოგადოების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ამ კონტექსტში “მოამბემ” აუდიტორიას მხოლოდ პოეტ დავით მაღრაძის პოზიცია გააცნო. მაღრაძემ აბაშიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა, ცენტრის თანამშრომლებს კი პროტესტის ფორმა დაუწუნა:

“ზაზა აბაშიძე თავისი ერუდიციით, თავისი სამეცნიერო ღვაწლით, თავისი პიროვნული ღირსებით არის ის პიროვნება, რომელიც კრიზისიდან, ვფიქრობ და მჯერა, გამოიყვანს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. რაც შეეხება პროტესტს, ამას აქვს სხვადასხვა ფორმები: ეს ფორმა ჩემთვის საერთოდ გაუგებარია იმიტომ, რომ არავინ ჩათვალოს, რომ ხელნაწერები მარტო იმ თანამშრომლებს ეკუთვნის, ვინც ამ ეროვნულ ცენტრში მუშაობენ”, - უთხრა დავით მაღრაძემ “მოამბის” კორესპონდენტს.

მაყურებლისათვის მხოლოდ ამ კომენტარის მიწოდებით შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას მხოლოდ ზაზა აბაშიძეს უცხადებენ და სრულად ეთანხმებიან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებას, არადა, ჯერ კიდევ 2 მაისს ბუბა კუდავას ცენტრის დირექტორობის პოზიციაზე დატოვების მოთხოვნით ინტერნეტში მანიფესტი გავრცელდა, რომელსაც სხვებთან ერთად არაერთი პოეტი, მწერალი, მეცნიერი თუ საზოგადო მოღვაწე აწერს ხელს (18 მაისის მდგომარეობით სულ 3246 ადამიანი).

საქართველო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2009 წლის 12 მარტს მიღებული მაუწყებელთა ქცევის კოდექსის IV თავის მე-15 მუხლში ნათქვამია: “ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მიუკერძოებლობის პრინციპის განუხრელი დაცვა”. ასევე ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტში ხაზგასმულია: “პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს გადაცემების ციკლის განმავლობაში ბალანსის დაცვა”.



კატეგორია - ეთიკა
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 18 მაისს გამოაქვეყნა მასალა სათაურით: “სოფელ გურჯაანში მამამ 3 მცირეწლოვანი შვილი სასტიკად ცემა”. სტატიას ახლავს ვიდეო, რომელშიც იდენტიფიცირებულია სოფელი, სადაც ამბავი მოხდა, ბავშვების პაპა და მეზობლები, ნახსენებია ოჯახის გვარი, რაც ბავშვის იდენტიფიცირების საფრთხეს ქმნის.

“25 წლის მამაკაცმა სამი არასრულწლოვანი შვილი ცემა. გავრცელებული ინფორმაციით 2 მამაკაცის გერია, ერთი კი ბიოლოგიური შვილი. განსაკუთრებით მძიმეა წლინახევრის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც კატასტროფის ბრიგადამ სამკურნალოდ თბილისში იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა”, - ამბობს ჟურნალისტი ვიდეოში.

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირება დაუშვებელია.

გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, მუხლი 16 1. არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლებათა მის მიერ განხორციელებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევის ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფის ობიექტი. 2. ბავშვს უფლება აქვს, კანონით იყოს დაცული მსგავსი ჩარევის ან ხელყოფისაგან.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის სახელმძღვანელო მითითებები და პრინციპები, რომლებიც ეხება ბავშვების საკითხებთან დაკავშირებულ პუბლიკაციებს: "ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალის გამოქვეყნებისას, საგულდაგულოდ აწონ-დაწონონ შესაძლო შედეგები და მინიმუმამდე დაიყვანონ ზიანის ფაქტორი. მოერიდონ ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების სენსაციურ და სტერეოტიპულ გაშუქებას პუბლიკაციების პოპულარობის მიზნით";
კატეგორია - ეთიკა
17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში მშვიდობიანი აქცია რამდენიმე ადგილას ჩატარდა. ონლაინ მედიამ საკმაოდ დაბალანსებულად გააშუქა ამ დღის მოვლენები. 17-18 მაისს ვაკვირდებოდით 8 ონლაინ გამოცემას: netgazeti.ge, liberali.ge, ick.ge, gurianews.com, info9.ge, ambebi.ge, ipn.ge და geworld.ge.

უნდა აღინიშნოს ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთის“ აქტიურობა. მათ რამდენიმე მასალა მიუძღვნეს ამ დღის მოვლენებს. გამომდინარე იქიდან, რომ აქცია სხვადასხვა ადგილას ჩატარდა, ნეტგაზეთმაც მკითხველს ყველა წერტილიდან შესთავაზა ე.წ. „ნიუსები“ და ვიდეოსიუჟეტები. აღსანიშნავია საკმაოდ ინფორმაციული ინფოგრაფიკაც, საიდანაც მკითხველს შეეძლო გაეგო, როგორ დაიწყო ამ დღის აღნიშვნა, რატომ 17 მაისი, საქართველოში როდის აღინიშნა პირველად ეს დღე და ასე შემდეგ.

17 მაისს ევროკავშირის ოფისის წინ ორგანიზაცია „ერეკლე მეორის საზოგადოებამ“ და ბასილ მკალავიშვილმა გააპროტესტეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება 2012 წლის 17 მაისთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საქართველოს 33 500 ევროს გადახდა დაეკისრა 13 მოსარჩელის სასარგებლოდ. ნეტგაზეთის გარდა, ეს აქცია ჩვენი დაკვრივების ქვეშ მყოფ არც ერთ ონლაინ გამოცემას არ გაუშუქებია. მასალა გამოქვეყნდა სათაურით: „ჰომოფობიური აქცია ევროკავშირის ოფისთან“, რედაქციამ სათაურშივე შეაფასა აქცია „ჰომოფობიურად“, რითიც ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისად, გაემიჯნა ჰომოფობიას და დააფიქსირა თავისი პოზიცია.

აღსანიშნავია ონლაინ გამოცემა „ლიბერალის“ აქტიურობაც. მათ ყველა „ცხელი წერტილიდან“ მიაწოდეს მკითხველს სიახლეები. მასალებს თან ერთვოდა ფოტოებიც მოვლენის ადგილიდან.

საშუალო ინტენსივობით გააშუქა 17 მაისის მოვლენები საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ და აქციებს რამდენიმე ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.

17 მაისის მოვლენები, ვერ მოხვდა „კახეთის საინფორმაციო ცენტრისა“ და „გურიანიუსის“ ვებგვერდებზე.

ონლაინ გამოცემა „geworld.ge-მ“ კი მხოლოდ ერთი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ლევან ვასაძე უკმაყოფილებას გამოთქვამდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საქართველოსთვის დაკისრებულ ვალდებულებაზე, მან გამოიყენა სიძულვილის ენა და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს პერვერტები უწოდა. მისი აზრით, ეს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და ეკლესიის მიზანმიმართული დისკრედიტაციაა: „ჩვენ ბრბო გვიწოდეს. ორგანიზებული შეტევა ქართულ ეკლესიაზე, მისი დისკრედიტაციის მიზნით და ეკლესია იქით ეხმარებოდა ძალადობის შემცირებას. ევროპულმა სასამართლომ საქართველო ამ მოვლენებისთვის 33 ათასი ევროთი დააჯარიმა. მე, როგორც მოქალაქე, ვთვლი, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეებში სრულიად უხეში ჩარევაა“.
კატეგორია - ეთიკა
ონლაინგამოცემა Geworld.ge-ზე გამოქვეყნდა ინტერვიუ სათაურით: „მამა გიორგი (რაზმაძე): ვეკითხები ბატონ კახა კალაძეს და, საერთოდ, ხელისუფლების ყველა
კატეგორია - ეთიკა
„რა მოხდა კარალეთის სკოლაში“ - ამ სათაურით გამოქვეყნებული სტატიით გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ გორის რაიონის სოფელ კარალეთის I საჯარო სკოლის მე-7 და მე-8 კლასელი გოგონების მოწამვლის ისტორია გააშუქა. სტატიაში მოწამვლის ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკული საშუალებების მიღება დასახელდა. მასალაში მოზარდები იდენტიფიცირებულნი არიან, აღნიშნულია რამდენიმე მათგანის სახელი და გვარი.

სტატია იწყება ფაქტის გადმოცემით, რომ ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, კარალეთის სკოლის მოსწავლეებმა გონება დაკარგეს. ათი მოზარდი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

სტატიის ავტორი წერს, რომ საკვებით ან წყლით ინტოქსიკაციის ვერსია ლაბორატორიულად არ დადასტურდა. აქვე ჟურნალისტი გოგონების მოწამვლის მიზეზების დაუზუსტებელ ვერსიებსაც გვიზიარებს - „გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი წამალი მიიღეს“. დაუზუსტებელი ინფორმაცია გამეორებულია გორის რაიონის გამგებლისა და კარალეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის კომენტარებში, რომლებიც საუბრობენ და მიანიშნებენ „ეჭვებზე“, რომ ბავშვებმა, შესაძლოა, ნარკოტიკული საშუალებები მიიღეს, რამაც მათი გონების დაკარგვა გამოიწვია.

„მედიკოსები ამბობენ, რომ მოწამვლის ან ინტოქსიკაციის ნიშნები არ არის. გაკეთდა წყლის ანალიზიც. საქმეში ჩართულია პოლიციაც. ეჭვი აქვთ, თვითონ ბავშვებმა ხომ არ მიიღეს რაიმე საშუალებები“, - ამბობს გამგებელი. „ვიცი, გავრცელდა ვერსია, თითქოს ბავშვებმა „პლანი“ მოწიეს და ცუდად ამიტომ გახდნენო. აქ მაინც სოფელია, ყველა ყველას იცნობს, არა მგონია. თუმცა, გამორიცხვით არაფერს გამოვრციხავ“, - დასძენს დირექტორი და სტატიაც ამ სიტყვებით მთავრდება.

სტატიაში მოცემულია არასრულწლოვანთა კომენტარებიც. მოსწავლეები ნარკოტიკული ნივთიერებების რაიმე ფორმით მიღებას უარყოფენ. „გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რაიმე შევისუნთქეთ ან პრეპარატები მივიღეთ, რაც აბსურდია“, - ამბობს ერთ-ერთი.

სტატიას თან ახლავს ფოტო, რომელზეც, სავარაუდოდ, ბავშვთა საავადმყოფოში მოთავსებული არასრულწლოვნები არიან გამოსახული. თუმცა, ამ შემთხვევაში, უხარისხო ფოტოსურათის გამო, ბავშვების იდენტიფიცირება შეუძლებელია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-8 მუხლის თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები;მან უპირატესი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.

ამავე დროს, ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება.
კატეგორია - ეთიკა
6 მაისს “2030-ში“ გასული სიუჟეტიდან ირკვევა, რომ სოფელ მაწიმში ერთ-ერთი პრობლემა ზამთრისთვის შეშით მომარაგებაა და მესაკუთრე მოსახლეობას ტყიდან ფიჩხის გამოტანის უფლებასაც არ აძლევს.

“ვალერი ცერცვაძე, რომელსაც სოფლის მოსახლეობა აკაციის ტყის მესაკუთრედ აცხადებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს სოფელ მაწიმის რწმუნებული იყო. მოქმედი რწმუნებული გიორგი კევლიშვილი ამბობს, რომ ვალერიან ცერცვაძემ, რომელიც სოფლის მოსახლეობას ტყეში აღარ უშვებს, ტერიტორია მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძინა”, - ჟურნალისტის ამ ტექსტს ახალი რწმუნებულის, გიორგი კევლიშვილის, სინქრონი მოყვება, რომელიც ამტკიცებს, რომ ტყე საჯარო რეესტრში ვალერიან ცერცვაძის მეუღლეზეა გაფორმებული. გადაცემაში იმავეს ამტკიცებს კიდევ ერთი რესპონდენტი -ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახლანდელი გამგებელი.

გადაცემაში არ არის ჩაწერილი არც ვალერიან ცერცვაძე და არც მისი მეუღლე, რომელიც, როგორც“2030-ში” ამტკიცებენ, ტყის ამჟამინდელი მფლობელია.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი 18

პროგრამაში მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მოწვევა აქტუალურ საკითხზე კონკრეტული პოზიციის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, არ შეიძლება გამოყენებული იქნას იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც არ მონაწილეობენ პროგრამაში.

კატეგორია - ეთიკა
7 მაისს ტელეკომპანია „იმედმა” გადაცემა „სხვა რაკურსი” 7 მომაკვდინებელ ცოდვას” მიუძღვნა. გადაცემის წამყვანმა და სტუმრებმა დიდი დრო დაუთმეს 7-დან ერთ-ერთ მომაკვდინებელ ცოდვაზე - სიძვაზე მსჯელობას. გადაცემის ამ ნაწილში რესპონდენტები იყენებენ სტერეოტიპულ გამონათქვამებს, რომ ჰომოსექსუალიზმი მომაკვდინებელი ცოდვაა, არასამთავრობო სექტორი ხელს უწყობს ჰომოსექსუალიზმის დემონსტრირებას, კანონი კი სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში “ჩვეულებრივ” მოქალაქეზე მეტად ჰომოსექსუალს იცავს.

“აი, მაგალითად, არიან ადამიანები, რომლებიც იბადებიან და მოთხოვნილება აქვთ. მე არ ვამბობ სექსმუშაკებზე, არ ვამბობ ისეთ ადამიანებზე, რომლებიც სექსით ფულის გამო არიან დაკავებულები, მოდი ასე ვიტყვი ეკლესიურად, სიძვის დემონი ვისაც აქვს შეჩენილი, რა უნდა ქნას იმ ადამიანმა? როგორ უნდა ჩააცხროს ეს?” - ეკითხება გადაცემის წამყვანი სტუდიაში სტუმრად მოწვეულ არქიმანდრიტ ანთიმოზ ბიჩინაშვილს.

ანთიმოზ ბიჩინაშვილი პასუხობს: “გავყოთ ჯერ სიძვა მრუშობისაგან. სიძვა არის, როდესაც უქმრო და უცოლო ადამიანები კონტაქტს ამყარებენ, ამას ჰქვია სიძვა. მრუშობა ჰქვია, როდესაც ან ცოლიანი, ან ქმრიანია მეორე მხარე. მრუშობა და სიძვა ნორმალურ ცოდვად ითვლება. არანორმალურ ცოდვაში შედის ჩუკენობა, ლესბოსელობა, პედოფილობა, მამათმავლობა, ზოოფილობა და ა. შ. ეს არანორმალურ ცოდვებში შედის. ნორმალურში შედის სიძვა-მრუშობა და დანარჩენები არანორმალურში”.

შალვა რამიშვილის კომენტარის პასუხად, რომ “21-ე საუკუნეში ადამიანის სექსუალური მიკუთვნება არ უნდა განიხილებოდეს”, ერთ-ერთი სტუმარი (მანჩო გიორგობიანი) ამბობს. “ჩვენ არ განვიხილავთ, მაგრამ ენჯეო-ები განიხილავენ იმაზე მეტად, ვიდრე ეს საჭიროა. ხდება დემონსტრირება მუდმივად... ვთქვათ, შალვა არის ჰომოსექსუალი. კონფლიქტს ქმნის კანონი, როდესაც აკეთებს სეგრეგაციას ჩვენ შორის და შალვა სარგებლობს ჩემზე მეტი უფლებებით. სამსახურიდან ორივეს რომ გვაგდებდნენ და შენ რომ თქვა, მე ვარ ჰომოსექსუალი და ეს ამიტომ მაგდებს, შენ დაგტოვებენ სამსახურში და მე გამაგდებენ”.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად (მუხლი 33), მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას და ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლის თანახმად, "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
კატეგორია - ეთიკა
“როგორც ამბობენ“, „გავრცელებული კულუარული ინფორმაციით“, „სანდო წყაროზე დაყრდნობით“, „როგორც ცნობილია“, - ფაქტების სიზუსტის დასამტკიცებლად ქართულ მედიასაშუალებებში ამ სიტყვებს არცთუ იშვიათად შეხვდებით. Mediacheker- ის მიერ ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ 16-26 თებერვლის მონაკვეთში სამ გაზეთში: „ალიაში“, „ქრონიკასა“ და „პრაიმ ტაიმში“ გამოქვეყნებული მასალების 24% - ში ინფორმაციის წყარო ზუსტად იდენტიფიცირებული არ იყო და ფაქტების გასამყარებლად, სწორედ, ზემოთმოყვანილი სიტყვები იყო გამოყენებული. მედიაპროდუქტში ფაქტების აღწერისას სიზუსტის დაცვა, ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთისაგან მკაფიო გამიჯვნა, მაღალპროფესიული, ეთიკური ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მესამე პუნქტების მიხედვით „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“, „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.

“როგორც ამბობენ, გავრცელებული ინფორმაციით“

„გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღეა, სააკაშვილი კიევში ადგილს ვერ პოულობს და აქტიურად ეკონტაქტება თავის გარემოცვას თბილისში“ „როგორც ამბობენ, ექსპრეზიდენტი იმდენად შეწუხებულია ჟვანიას საქმის გამოძიებით, რომ ყველა მისაღებ თუ მიუღებელ ხერხებს ხმარობს მის შესაჩერებლად“. („პრაიმ ტაიმი“ 16 თებერვალი, „სააკაშვილზე შესაძლოა ძებნა გამოცხადდეს“)

„უზენაესი კანდიდატურის დასახელებას იურისტთა და პოლიტიკოსთა წრე 23 თებერვალს ელოდა, თუმცა პრეზიდენტმა იჩქარა. ამის მიზეზად კი კულუარებში სახელდება ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი“. („ალია“ 18 თებერვალი, „რა ხდებოდა უზენაეს სასამართლოში და „ნაციონალებში“ ნინო გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენისას?)

„გავრცელებული ინფორმაციით, კირკიტაძე წილში იყო ამ ნაკვეთების გასხვისების საქმეში და ხმასაც იმიტომ არ იღებდა“ . („ალია“ 24 თებერვალი, გვ. 6 „კიდევ რა ბრალს წაუყენებენ დავით კირკიტაძეს?“)

ეთიკის ქარტიის მესამე მუხლის განმარტებით ნაწილში აღნიშნულია, რომ ინფორმაციის წყარო დადასტურებული უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტმა იცის კონკრეტულად ვინაა ამ ინფორმაციის წყარო, თუმცა შეუძლია ვინაობა არ დაასახელოს. ზემოთმოყვანილ შემთხვევებში მკითხველისთვის გაუგებარი რჩება, ვინაა ინფორმაციის წყარო ან არსებობს თუ არა ეს წყარო საერთოდ. ფრაზებში: „როგორც ამბობენ“, „გავრცელებული ინფორმაციით“, ბუნებრივია, ბუნდოვანი რჩება ვინ ამბობს, ვინ ავრცელებს ინფორმაციას.

მედიასაშუალებებში, ასევე, ვხვდებით გავრცელებული ინფორმაციის გადაუმოწმებლად ფაქტად წარმოჩენის შემთხვევასაც.

„თუმცა ფაქტია, რომ ჯოკია ბოდოკია ნარმანიას უახლოესი მეგობარი და თანასოფლელია კოკიდან“ – („პრაიმ-ტაიმი“ 16 თებერვალი. „რა ცვლილებებს გაატარებს დავით ნარმანია მერიაში“ ) - ნარმანიასა და ჯოკია ბოდოკიას მეგობრობის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი როგორც ფაქტს, ისე გვთავაზობს და ამის დასადასტურებლად არ მოჰყავს არც ერთი წყარო.არაერთი მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნულ პიროვნებას არაფერი აკავშირებს სოფელ კოკთან.

რამდენად მართებულია ჟურნალისტის მხრიდან „საზოგადოდ გავრცელებული“ ინფორმაციის ფაქტების სახით ან გადაუმოწმებლად მკითხველისათვის მოწოდება? მაღალი პროფესიული სტანდარტი გულისხმობს ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის მინიმუმ ორ წყაროსთან გადამოწმებას, მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ შეიძლება ჩაითვალოს ინფორმაცია სარწმუნოდ. ხოლო „როგორც ამბობენ“, „გავრცელებული ინფორმაციით“ - ამგვარი „მტკიცებულებითი ჩანართები“ ფაქტის სიზუსტის დადასტურების არც თუ წარმატებულ მცდელობას ჰგავს.

„სანდრო წყაროზე დაყრდნობით“

„ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ დავით მედულაშვილი იყო შუამავალი ბოდოკიასა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, გეგი ნიჟარაძეს შორის ნათია მახარაშვილის სასტუმროს მშენებლობის საკითხში “ – („ალია“ 18 თებერვალი , „ვინ იქნება ანტიკორუფციულის შემდეგი სამიზნე მერიაში“)

„ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლიდან საინტერესო ინფორმაციამ გამოჟონა, ივანიშვილი თურმე იქაურობას ანგრევს, ისეთ დღეშია, მთავრობაში ერთადერთი ადამიანი, ვისაც ვერ ელევა, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი“. ( „ალია“ 26 თებერვალი, „მამუკა არეშიძის „ალიასთვის“ დაპირებული სკანდალური სიის გაგრძელება“ )

„როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ინკოგნიტოდ ამბობს „ალიასთან“ საუბარში, ეს ადამიანები ნებით კი არ გადადგნენ, კარგა ხნის ჩიჩინის შემდეგ აიძულეს, რომ გადამდგარიყვნენ“ („ალია“ 24 თებერვალი, „ვინ აიძულა „თავისუფალი დემოკრატები“, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტები დაეტოვებინათ?“ )

„ინკოგნიტო წყაროს თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი რომ აპატიოს, ბოლო შეხვედრაზე „რუსთავი 2“ -ის თავზე დაყენებას მაინც არ აპატიებს“ .(„ალია“ 24 თებერვალი, „ვინ აიძულა „თავისუფალი დემოკრატები“, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტები დაეტოვებინათ?“ )

ბუნებრივია, ინფორმაციის წყაროებთან თანამშრომლობის გარეშე ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება წარმოუდგენელია. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ კანონის მესამე თავის მე-11 მუხლი განმარტავს, რომ „პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა“.

საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს მაგალითები, როცა ჟურნალისტები საკუთარი თავისუფლების ფასად იცავდნენ წყაროს კონფიდენციალურობას, მაგალითად, ჯუდიტ მილერი, „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტი, წყაროს გაუთქმელობისათვის 18 თვის მანძილზე იხდიდა სასჯელს. მილერის მაგალითი ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წყაროსა და ჟურნალისტს შორის მჭიდრო და სანდო ურთიერთობის ჩამოყალიბება, განსაკუთრებით კი ისეთ შემთხვევაში, თუ წყარო სისტემატურად თანამშრომლობს მედიასაშუალებასთან.

მიუხედავად ამგვარი დამოკიდებულებისა, „კონფიდენციალურ“ „სანდო წყაროებთან“ თანამშრომლობას შესაძლოა თან ახლდეს პროფესიული რისკები. მაგალითად, წყაროს მხრიდან ჟურნალისტის განზრახ შეცდომაში შეყვანა და მედიის საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენება, ჟურნალისტის მხრიდან კი საკუთარი ნააზრევის მიწერა „სანდო წყაროზე“. (ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტი საკუთარ მოსაზრებებს წარმოგვიჩენს, როგორც უტყუარ ინფორმაციას, რომელიც კონფიდენციალურ წყაროს ემყარება).

ქართულ მედიაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ „სანდო“ წყაროზე დაყრდნობილ ინფორმაციას ჟურნალისტები საკმაოდ ხშირად იყენებენ, რაც ბადებს კითხვას - რამდენად უტყუარია მათი სტატიები? ხომ არ ემსახურება მსგავსი ინფორმაცია ნებსით თუ უნებლიეთ კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს? გამოიყენეს თუ არა ჟურნალისტებმა მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა დაედგინათ გავრცელებული მოსაზრებების ჭეშმარიტება? ხომ არ არის ეს ფაქტის სიზუსტის დასადასტურებლად გამოყენებული ერთგვარი ხრიკი?

დავით კახიანი
კატეგორია - ეთიკა
ცვლილებები მთავრობაში, ლარის კურსის ვარდნა, საწვავზე და მედიკამენტებზე ფასის ზრდა - ეს იყო ის ძირითადი თემები, რაც გასულ კვირას 27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, „მოამბის“ საინფორმაციო ბადეში მოხვდა.
“პირველი არხის” საინფორმაციო სამსახურმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს 2013 წლის 24 ივნისს დამტკიცებული პრიორიტეტების ნაწილი ამჯერადაც გაითვალისწინა და ევროკავშირთან დაკავშირებული თემატიკა გააშუქა. სწორედ ვილნიუსში მომზადებული მასალების დახმარებით გაიგო მაყურებელმა პარტნიორი სახელმწიფოს პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულება დიდი ევროპული პოლიტიკური ფორუმის მიმართ, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობებსა და ნატოში გაწევრიანის პერსპექტივაზე.
ვფიქრობთ, რედაქციამ დროული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო - რიგის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე ვილნიუსში რეპორტიორი მიავლინა და საქართველოს მოსახლეობას იქაური განწყობა გააცნო.
MediChecker-ის მიერ “მოამბეზე” დაკვირვების წინა შედეგებისგან განსხვავებით, პოზიტიურია ისიც, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომზადებულ სიუჟეტებში გაიზარდა იმ ადამიანთა კომენტარების ხვედრითი წილი, რომელთაც პირდაპირ თუ ირიბად ეხებათ ესა თუ ის პრობლემა. მაგალითისთვის, საოკუპაციო ზონასთან ახლოს მდებარე სოფელ ატოციდან მომზადებულ რეპორტაჟში თითქმის სრულად გამოჩნდა ადგილობრივების სატკივარი; “მოამბემ” ასეთივე მიდგომა გამოიყენა ვალეში, სტალინის ქუჩაზე მდებარე ძველი სახლების მცხოვრებთა საჭირბოროტო თემებზე რეპორტაჟის მომზადებისას. ხაზგასასმელია ისიც, რომ კვირის განმავლობაში საინფორმაციო გამოშვებაში სამჯერ დაეთმო ეთერი იპოთეკით დაზარალებულ მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან ორჯერ შეიკრიბნენ და ხელისუფლებისგან დახმარება, მაუწყებლისგან კი პირდაპირი ეთერი მოითხოვეს. გარდა პირდაპირ ჩართვებისა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა შეკრებილი მოქალაქეების ნდობით აღჭურვილი პირი სტუდიაშიც მიიწვია.
რაც შეეხება რეგიონებს, მთავარ გამოშვებაში, დაკვირვების ამ მონაკვეთში, შედარებით მეტი თემა შუქდებოდა რეგიონში არსებულ პრობლემებზე.
წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, ამჯერადაც სრულიად უგულებელყოფილია რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემატიკა, გამონაკლისად შეიძლება ჩავთვალოთ, კახეთში გამართულ საქველმოქმედო მარათონზე მომზადებული სიუჟეტი, სადაც ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა აქციაში ეტლით მოსარგებლე მოქალაქეების მონაწილეობას, რაც ნამდვილად სწორად დასმული აქცენტი იყო.
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, “მოამბის” მიერ გასულ კვირას გაშუქებული ახალი ამბების უმეტესობა შიდაპოლიტიკურ თემებს ეხებოდა. რედაქცია ეცადა მინისტრების გადადგომის, ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატებად დასახელებული პოლიტიკოსების შესახებ აუდიტორიისთვის მეტ-ნაკლებად სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდებინა, თუმცა სიმპტომატურია, რომ ამ მეტად მნიშვნელოვანი თემის გაშუქებისას “მოამბემ” ყურადღება არ მიაქცია მოქალაქეების განწყობას: არ გვინახავს მცდელობაც კი მორიგ სამთავრობო ცვლილებებზე ელექტორატის აზრი გაგვეგო, სანაცვლოდ, უხვად იყო პოლიტიკური შეფასებები და პროგნოზები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში “რესპუბლიკური პარტიის” გაძლიერებაზე. “მოამბე” ასევე ეცადა მაყურებლისთვის მრავალმხრივი შეფასებები მიეწოდებინა იმ დისკუსიასთან დაკავშირებით, რომელიც ორი მინისტრის გადადგომის შემდეგ მთავრობის სტატუსმა და ნდობის გამოცხადების პროცედურების არაერთგვაროვანმა განმარტებებმა გამოიწვია. ამ მიზნით სტუდიაში მიიწვიეს როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ “მოამბემ” გასული კვირის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას საღამოს ეთერი საერთოდ არ დაუთმო. ვგულისხმობთ ფრანგული მედიის ნაწილის მიერ გავრცელებულ ცნობას, აფრიკულ მისიაში მონაწილე ჯარისკაცების მიერ ადგილობრივ არასრულწლოვან პირებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ. franceinfo.fr და Humanite.fr, ცენტრალური აფრიკის რამდენიმე მცხოვრებზე დაყრდობით წერდნენ, რომ საკვების სანაცვლოდ, ფრანგი და ქართველი ჯარისკაცები ბავშვების სექსუალურ ექსპლოატაციას ეწეოდნენ. საფრანგეთისა და საქართველოს არც ერთ ოფიციალურ პირს ქართველი სამხედროების მისამართით გაჟღერებული ბრალდებები არ დაუდასტურებია, მეტიც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სტატიაში მითითებულ პერიოდში ქართველი ჯარისკაცები აფრიკის კონტინენტზე საერთოდ არ მსახურობდნენ. საკითხის სიმძიმიდან გამომდინარე, ქართული მედიასაშუალებების მიერ ამ ცნობის გავრცელებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც ინფორმაციის გავრცელებისას ფრანგი კოლეგების მასალებს დაეყრდნენ, ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.
კატეგორია - ეთიკა
ინტერნეტგამოცემა geworld.ge-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან, სათაურით: დაიმახსოვრეთ „რესპუბლიკელები„ „ნაციონალებზე„ და მიხეილ სააკაშვილზე უარესები არიან!“

მასალაში რესპონდენტის მიერ გამოყენებულია ქსენოფობიური და დისკრიმინაციული გამონათქვამი, კერძოდ, დავით უსუფაშვილი მოხსენიებულია „იუსუპოვად“, ხოლო თინა ხიდაშელი „მის დულსინეად“.

“მე აბსოლუტურად მჯერა, რაც გასულ კვირას უკრაინულ მედიაში გამოქვეყნდა, ეს იყო ერთი ერთზე, რასაც იუსუპოვი და მისი დულსინეა თინა ხიდაშელი ფიქრობენ”.

ამავე გამოცემაში გამოქვეყნდა ინტერვიუ პოლიტოლოგ ვასილ ჭიჭინაძესთან სათაურით: „დღეს საქართველო ამერიკის ყველაზე უუფლებო, უუნარო შტატია!“

ინტერვიუში რესპონდენტი ახალი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის, მიმამართით დისკრიმინაციულ განცხადებას აკეთებს.

ჟურნალისტი: რას ნიშნავს თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა, რას უნდა ველოდოთ?

რესპონდენტი: თინა ხიდაშელი ქალია და მასზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მისგან რას ელოდებით, რა უნდა ქნას?რასაც ზემოდან ბატონები უკარნახებენ, ისე მოიქცევა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, მუხლი 7.

„ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციისწახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოსნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლადრასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის,პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ანსოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.

ამავე მუხლის განმარტებით ნაწილში ვკითხულობთ: ამ მუხლის განხილვისას კონტექსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის.ზოგადად, ევროპული ტენდენცია იმგვარია, რომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს“.

გენდერულ თანასწორობასა და მედიაზე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად,გენდერულ თანასწორობასა და მედიაზე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად, მედიასაშუალებებმა ხელი უნდა შეუწყონ თვითრეგულირების მექანიზმების, შიდა ქცევის/ეთიკის კოდექსებისა და შიდამონიტორინგის, ასევე ისეთი სტანდარტების შემუშავებას,რაც მედიაგაშუქებაში გენდერულ თანასწორობას შეუწყობს ხელს, უნდა უზრუნველყონ ქალთა და მამაკაცთა არასტერეოტიპული იმიჯი, ფუნქცია და ხილვადობა, რომელიც თავისუფალია სექსისტური რეკლამირების, ენისა და შინაარსისაგან, რასაც სქესის საფუძველზე დისკრიმინაციის, სიძულვილისა და გენდერზე დაფუძნებული ძალადობისკენ მივყავართ.