ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
10 ივნისს “მაესტროს” მთავარ გამოშვებაში ახალციხის მერიაში საბიუჯეტო სახსრების შესაძლო გაფლანგვის ფაქტს სიუჟეტი მიეძღვნა. საქმე ეხება 2014 წლის დეკემბერში, ახალციხის მკვიდრის,სერგეი აკოფიანისთვის, მერიის მიერ საკონპენსაციო თანხის - 150 ათასი ლარის გადახდას.

ახალციხის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ეჭვობენ, რომ მერიამ მოქალაქეს ფარული მოლაპარაკების შედეგად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გადაუხადა. აკოფიანის ყოფილი მეზობლები აცხადებენ, რომ 1903 წელს აშენებული სახლის მეპატრონე, თავის დროზე, საკუთარ უძრავ ქონებას 6 000 დოლარად აფასებდა და მათაც უკვირთ, თუ რატომ გადაუხადა მერიამ თითქმის 25-ჯერ მეტი თანხა მოქალაქეს.

წამყვანმა მომხდარი კორუფციად შეაფასა და სიუჟეტი ასე წარადგინა: “კორუფცია ნანგრევებში - რაში გახარჯა ახალციხის გამგებელმა 150 ათასი ლარი? ია თინიკაშვილი ახალციხიდან უკვე დაბრუნდა და ჩინოვნიკზე მოგვიყვება, რომელიც გულუხვი აღმოჩნდა”.

სიუჟეტის მიხედვით, ნამდვილად შედგა თუ არა კორუფციული გარიგება, ჯერ დადგენილი არ არის. შსს-ს ანტიკორუფციული სამსახური საქმეს, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და თანხების მითვისება-გაფლანგვის მუხლებით, ამჟამად იძიებს და საბოლოოდ რა კვალიფიკაციით გაგრძელდება გამოძიება, ეყოლება თუ არა საქმეს ბრალდებულები ან მსჯავრდებულები, ან საერთოდ დადასტურდება თუ არა კორუფციის ფაქტი, ჯერჯერობით უცნობია.

სიუჟეტში ახალციხის ახლანდელი მერი გიორგი კოპაძე ამბობს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის - ის აკოფიანისთვის კომპენსაციის გადახდას სამართლიანობის აღდგენის პროცესს უკავშირებს, თუმცა სიუჟეტიდან ვერ ვიგებთ, რას გულისხმობს მერი, მაყურებელს მხოლოდ ინტერპრეტაციის საშუალება რჩება: იქნებ რაბათის რეაბილიტაციის დროს, აკოფიანს ქონების დაზიანების ან სახლის დანგრევის გამო, თანხა არ გადაუხადეს ან დამატებით რამე გარემოებაა, რაზეც სიუჟეტში საუბარი არ არის. ამასთან, ვიგებთ, რომ აკოფიანს საკომპენსაციო თანხის მისაღებად მუნიციპალიტეტისთვის 2013 წელსაც მიუმართავს, თუმცა უშედეგოდ.

კატეგორია - ეთიკა
2015-06-12 გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 8-14 ივნისის გამოცემის სტატიებში სიძულვილის ენა და აგრესიული ჰომოფობიურ ეპითეტები გვხვდება. 21-ე გვერდზე კი ილუსტრაციად გამოქვეყნებულია მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართულ აქციაზე გადაღებული ფოტო, რომელზეც ახლო კადრით ასახული არიან ბავშვები.

„ასავალ-დასავალს“ არაერთხელ დაუწერია, რა ანტიქართულ და ანტიმართლმადიდებლურ სექტას წარმოადგენს რესპუბლიკური პარტია“ - ამ წინადადებით იწყება სტატია მე-9 გვერდზე, რომელსაც ჰომოფობიური სათაური აქვს: „თინა მარიხუანას ემხრობა - რესპუბლიკური პარტია ნაცებთან ერთად საქართველოს პედერასტიზაციასა და ნარკომანიზაციაზე ოცნებობს!“

სტატიას თან ახლავს რესპუბლიკური პარტიის ლიდერების, ლევან და დავით ბერძენიშვილების ფოტოები - კადრები ტოკ-შოუ „იმედის კვირის“ ერთ-ერთი სიუჟეტიდან, სადაც მათ ხელში ეჭირათ შვიდფეროვანი დროშები და საუბრობდნენ ლგბტ მოქალაქეების უფლებების დაცვაზე. ფოტოსურათების ქვემოთ მსხვილი შრიფტით გამოყოფილია ჰომოფობიური სიტყვები: „ძმები ბერძენიშვილები ლგბტ-სექტის მხარდასაჭერად 17 მაისს ისე აენთნენ, რომ პარლამენტში პედერასტიის საერთაშორისო ფერადოვანი დროშებიც კი ააფრიალეს“.

სტატიის ილუსტრაციად ასევე გამოყენებულია რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი ლიდერის - თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის ფოტო. ჟურნალისტი აკრიტიკებს თინა ხიდაშელის პოზიციას, რომ მარიხუანის მოხმარება სისხლის სამართლის წესით არ უნდა ისჯებოდეს.

სტატიაში რამდენიმეგან უკიდურესად უარყოფითი ტონით, სიძულვილის ენით არის შეფასებული რესპუბლიკური პარტიის საქმიანობა: „რესპუბლიკური პარტია ნაცებთან ერთად, არა მხოლოდ საქართველოს ნარკომანიზაცია-გამოთაყვანებაზე ოცნებობს, არამედ ქვეყნის ლგბტ-იზაცია-პედერასტიზაციაზეც!“ „ქართველებს ლევან ბერძენიშვილივით არ ემშობლიურებათ პედერასტია და ეკლესიურ სწავლებას უფრო მისდევენ, ვიდრე რესპუბლიკურ სატანიზმს!“

მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის თემას გაზეთი 21-ე გვერდზეც უბრუნდება, სტატიით - „ეს მარიხუანობაა! ამ სატანისტებმა მარიხუანა მაცხოვარსაც კი „მოაწევინეს“. სტატიის პირველივე სიტყვებში სიძულვილის ენაა გამოყენებული: „17 მაისის გეი-აღლუმის ჩაშლის შემდეგ ჩვენებურმა ლიბერასტებმა ახალი ანტიქართული დივერსია წამოიწყეს!“

სტატიაში საუბარია 2 ივნისს სახელმწიფო კანცელარიასთან მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მოწყობილ აქციაზე სახელწოდებით „არ დაიჭირო!“

ჟურნალისტი წერს: „მარიხუანისტთა აქციაზე ბავშვების უზნეო გამოყენების გამო არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასა და ლიბერასტ ასო-ელს არ გამოუთქვამთ იოტისოდენა პროტესტი! არადა, აშკარად ბავშვთა უფლებების უუხეშესი დარღვევის ფაქტთან და მთელი რიგი საერთაშორისო კონვენციების დარღვევასთან გვაქვს საქმე!“

ამ სიტყვების დასტურად სტატიას ახლავს აქციაზე გადაღებული ფოტო, სადაც ორი ბავშვი სახის დაუფარავად არის გამოსახული.
კატეგორია - ეთიკა
ტელევიზიებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ერთფეროვნად გააშუქეს. მასალები ძირითადად, საპირველივნისო ღონისძიებებს და საქველმოქმედო აქციებს ეხებოდა. სიუჟეტები , როგორც წესი, კერძო კომპანიების ან სახელმწიფო უწყებების პიარს ემსახურებოდა. ბავშვთა უფლებებისა და სოციალური პრობლემების შესახებ სიღრმისეული სიუჟეტები თითქმის არ გაკეთებულა. სიუჟეტების ნახევარზე მეტში კი, (65%) ბავშვების მოსაზრება საერთოდ არ იყო წარმოჩენილი.
„პირველი არხი“
“დღე, რომელიც მხოლოდ ბავშვებს ეკუთვნით” - ასე დაიწყო პირველი ივნისის შესახებ საუბარი “მოამბის” წამყვანმა მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. “ბავშვების კუთვნილი” დღის გაშუქება კი კოლაჟით შემოიფარგლა - როგორ მიულოცეს ბავშვთა დღე ბავშვებს პრემიერმა, პრეზიდენტმა, პირველმა ლედიმ, ქალაქის მერმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა, დუშეთში, კულტურის სახლში შეკრებილი ბავშვებისთვის კონცერტის გამართვა და მათთვის საჩუქრების გადაცემა იყო.
საზოგადოებრივ მაუწყებელს, იმ დღეს, რომელიც “ბავშვებს ეკუთვნით” , არ მოუმზადებია სიუჟეტი, სადაც ბავშვთა უფლებები სიღრმისეულად იქნებოდა წარმოჩენილი.
„მაესტრო“
მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ტელეკომპანია “მაესტრომ” სიუჟეტი მიუძღვნა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს, სადაც საკითხი საკმაოდ ფართოდ იყო წარმოჩენილი.
თუმცა, ამის პარალელურად, ტელეკომპანიამ საკმაოდ დიდი დრო დაუთმო საქველმოქმედო აქციებისა და ღონისძიებების გაშუქებასაც.
მაგალითად, 18:30 წუთზე ეთერში გადაცემა “ბიზნეს კონტაქტი” გავიდა, სადაც რამდენიმე წუთი ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაეთმო. პირველი სიუჟეტი მზიურში გამართულ ღონისძიებას მიეძღვნა, მეორე - „კომპანია “თოლიამ” პატარებს ფესტივალი მიუძღვნა“, მესამე - „კომპანია “ბარამბომ” ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბარამბინოს ნაყინი, ბუშტები და ტკბილეული დაურიგა“, მეოთხე - „კომპანია “ავერსმა” სოციალურად დაუცველ რამდენიმე ათეულ ბავშვს “ზალიკოს ცენტრში” უმასპინძლა“, მეხუთე - „ლუდსახარშმა “ზედაზენმა” ერთი დღით ლუდის წარმოება შეწყვიტა და პატარებს ლიმონათის წარმოება დაათვალირებინეს“. სიუჟეტებში ჩაწერილი იყვნენ კომპანიების წარმომადგენლებიც. ჟურნალისტს არსად განუმარტავს, იყო თუ არა ეს სიუჟეტები კომპანიების მიერ დაფინანსებული, ან ბავშვთა საერთაშორისო დღეს რატომ იყო ამ კომპანიების აქტივობების გაშუქება მნიშვნელოვანი.
“რუსთავი 2”
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე “რუსთავი 2-ს“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში საერთოდ არ გაუშუქებია. დღის განმავლობაში კი სხვადასხვა საპირველივნისო ღონისძიებას მიუძღვნა მასალები, მათ შორის კომპანიების აქტივობებს. მაგალითად, როგორ დარგეს ხეები ტყიბულში “ჯიაიჯის” ინიციატივით ტყიბულელმა პატარებმა.
“რუსთავის 2-ის” დილის გადაცემაში ანი გიუნტერი პირდაპირ ეთერში რამდენჯერმე “პეესპედან” ჩაერთო. ჟურნალისტმა კომპანიის წარმომადგენელთან ერთად მიულოცა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და გვაცნობა, რომ “პეესპე ყოველთვის ცდილობს თავისი მომხმარებელი გაანებივროს და არაერთ სიურპრიზს სთავაზობს ხოლმე. ჩვენ გვინდოდა ბავშვებისთვის რაღაც გაგვეკეთებინა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ბავშვთა დღეები დავიწყოთ…”
„იმედი“
ტელეკომპანია “იმედის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მხოლოდ პრემიერის, პრეზიდენტისა და ლალი მოროშკინას არასამთავრობო ორგანიზაცია “ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს” აქტივობები მოხვდა.
დღის განმავლობაში კი ტელეკომპანიამ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და პოლიტიკოსების, ასევე კომპანია “ბარამბოს”, “ზედაზენის”, “ავერსის” საპირველივნისო ღონისძიებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
დილის გადაცემის ჩართვაში გაგუას კლინიკადან მაყურებელს ბავშვთა დღე დავით გაგუამ მიულოცა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, ხოლო კიდევ ერთ ჩართვაში კომპანია “უნიქარდისა” და მაღაზია “პეპელას” წარმომადგენლებმა საპირველივნისო აქციის შესახებ მიაწოდეს მაყურებელს ინფორმაცია, ხოლო “დღის შოუში” სტუმრად მოწვეულმა ბავშვებმა გააკეთეს იმიტაცია, როგორ უნდა დაიცვან თავი სტიქიური უბედურებების დროს.
აჭარის ტელევიზია
“აჭარის ტელევიზიამ” ვრცლად გააშუქა დღის განმავლობაში დაგეგმილი, მიმდინარე თუ უკვე ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, ხოლო დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სიუჟეტი მიეძღვნა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს, სადაც სხვადასხვა ფაქტზე და რესპონდენტებზე დაყრდნობით, ჟურნალისტი პრობლემის ჩვენებას ცდილობს. ფაქტობრივად, მხოლოდ აჭარის ტელევიზიამ და მაესტრომ მიუძღვნეს ვრცელი სიუჟეტი ბავშვთა უფლებებს ბავშვთა უფლებების დაცვის დღეს.
“GDS”
ჯი დი ეს-ის დილისა და შუადღის გადაცემებში ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფართოდ გაშუქდა. “ჯი დი ეს დილაში” არც ის გამორჩენიათ, როგორ მიულოცა კომპანია “თოლიამ” პატარებს ბავშვთა საერთაშორისო დღე, ხოლო შუადღის გადაცემაში გვიამბეს ბუნებრივი კვების მნიშვნელობაზე, ბავშვის განვითარებაზე ზრუნვასა და თინეიჯერობასთან დაკავშირებულ სირთულეებზე.
შუადღის გადაცემაში საუბარი იყო საფეხბურთი კლუბ “დიდუბე 2014-ის” შესახებაც, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლადო ძნელაძეა. გადაცემაში საუბარია, რომ გუნდი უმეტესად სოციალურად დაუცველი ბავშვებისგან შედგება.
“გუნდის დამფუძნებლებს სურდათ, რომ ჯანსაღი ცხოვრებით დაეინტერესებინათ ის მოზარდები, რომელთაც სპორტზე სიარულის ფინანსური საშუალება არ ჰქონდათ და უმეტეს დროს ქუჩაში ატარებდნენ… მოყვარულ ფეხბურთელებს დღეს სულ სხვა ინტერესები აქვთ, ქუჩაში უსაქმოდ აღარ დგანან, სიგარეტს აღარ ეწევიან და სკოლისთვის მეცადინეობასაც მეტ დროს უთმობენ”, - ამბობს სიუჟეტში ჟურნალისტი. ამას მოჰყვება მშობლის სინქრონი, რომ გუნდში მისვლამდე მისი შვილი არ მეცადინებოდა, სკოლაში არ დადიოდა, ხოლო ფეხბურთმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.
საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, ჟურნალისტმა არ უნდა მოახდინოს ბავშვების კატეგორიზაცია და სტიგმატიზაცია.
საერთო ჯამში, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს, ტელემედიაში ბავშთა დღე მხოლოდ ღონისძიებებისა და საქველმოქმედო აქციების გაშუქებით შემოიფარგლა, პრობლემების სიღრმისეული ანალიზი ან ამ პრობლემების იდენტიფიცირება არ მომხდარა.
სალომე ცეცხლაძე
მასალა მომზადებულია UNICEF- ის მიერ დაფინანსებული პროექტისთვის "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში".
კატეგორია - ეთიკა
ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში 7 ივნისს გავიდა სიუჟეტი ყალიონაშვილების ოჯახის შესახებ. ისინი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. სიუჟეტის თანახმად, ოჯახს თავის გატანა თვიდან თვემდე სოციალური დახმარებით უწევს. თუმცა წამყვანი იქვე ამბობს, რომ „დახმარებაზე მცხეთის მუნიციპალიტეტი უარს ამბობს, მიზეზად კი ტერიტორიის მათ ბალანსზე არარსებობას ასახელებს".

კატეგორია - ეთიკა
ინტერნეტგამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ აქვეყნებს ინტერვიუს სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვართან, დეკანოზ დავით ლასურაშვილთან, რომელიც ინტერვიუში ჰომოფობიურ და ანტიდასავლურ განწყობებს ავლენს.

„დღეს არაერთი ე.წ არასამთავრობო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ჰომოსექსუალიზმი, ლესბოსელობა თუ სხვა სახის გადახრები ავადმყოფობა არ არის, მაგრამ უნდა ითქვას,- თუკი ადამიანს რამე მსგავსი სახის გადახრების ნიშნები აღმოაჩნდება, მას გარკვეული გამოკვლევები და მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს. ის არის ავად და ჩავარდნილია უმძიმეს ცოდვაში, ამიტომ აუცილებლად სჭირდება როგორც ფიზიკური, ასე სულიერი მკურნალობა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის პროპაგანდა, რომ ეს არ არის არანაირი გადახრა. ეს რომ გადახრაა და ყველანაირი ნორმიდან ამოვარდნა, მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა დიდი ხნის წინათ დაასკვნეს“ - აცხადებს მამა დავით ლასურაშვილი გამოცემა „საქართველო და მსოფლიოსთვის“ 3 ივნისს მიცემულ ინტერვიუში.

ამავე სტატიაში დასავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროატლანტიკური სტრუქტურები ქართველი ერისა და მართლმადიდებლური ეკლესიისათვის საფრთხის შემქმნელ ორგანიზაციებადაა წარმოჩენილი.

„ევროპული და ამერიკული სტრუქტურები ამას განსაკუთრებით მოითხოვენ (ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას) წინააღმდეგ შემთხვევაში გვეუბნებიან, რომ ვერ გავხდებით ვერც ნატოს და ვერც ევროკავშირის წევრი; ეს ნიშნავს, რომ გვაყენებენ არჩევანის წინაშე, ან უნდა მივიღოთ ის გარყვნილება რაც დასავლეთში ნორმადაა გამოცხადებული, ან გავქრეთ. ეს არის პირდაპირი ზეწოლა ადამიანების ცნობიერებაზე;“

სასულიერო პირი აქვე დასძენს: „უნდა ვიცოდეთ, რაც მეტად დავუახლოვდებით ევროპულ და ამერიკულ „ფასეულობებს“, მით მეტად დავშორდებით ქრისტეს და ეკლესიას“ .

ანტიდასავლური და ჰომოფობიური გამონათქვამებია იმავე გამოცემის მიერ 5 ივნისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, გამოცემის რესპონდენტია წმ.მარინეს ტაძრის წინამძღვარი, მოძღვარი დავით ისაკაძე;

„ჩვენ ასეთი ევროპული და ამერიკული კანონები არ გვინდა, ჩვენ ისეთი კანონები გვინდა, რომელიც საღმრთო კანონებს დაექვემდებარება. ის ხელისუფალი, რომელიც ასეთ კანონებს იღებს (იგულისხმება ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი) ჩვენთვის მიუღებელი იქნება და მას ყოველთვის ბრძოლას გამოვუცხადებთ“.

"ისეთი პიროვნება, როგორიც დღევანდელი სახალხო დამცველია, მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელად არ უნდა ინიშნებოდეს. ჩვენ გვყავს სახალხო დამცველი, რომელიც საქართველოში ტრანსგენდერების ცხოვრების წესის დანერგვაზე ლაპარაკობს, ამაზე მეტი საშინელება რა უნდა იყოს?! ამით ის არღვევს ჩვენს უფლებებს არღვევს, ის ხომ სახალხო დამცველია, ანუ ჩვენი, ყველას დამცველია და არა ტრანსგენდერების წარმომადგენელი?! ჩვენც ხომ უნდა გვკითხონ, ამ საკითხზე რა აზრის ვართ, გვინდა კი ეს მოხდეს? (...) თუ ყველა საკითხს ასე მივუდგებით, უახლოეს მომავალში ტრანსგედერი პრეზიდენტი გვეყოლება, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის უფლებას ისიც მოითხოვს. თუ ბატონ უჩა ნანუაშვილს სურს, ქალბატონი კონჩიტა გახდეს, ეს მისი უფლებაა, მაგრამ ჩვენ ამას თავს ნუ გვახვევს".
კატეგორია - ეთიკა
გაზეთმა „ალიამ“ თავიდანვე უარყოფითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრად ქალის დანიშვნა, რაზეც mediachecker ერთი თვის წინ წერდა. გაზეთი კვლავ განაგრძობს გენდერული სტერეოტიპის დამკვიდრებას, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ქალისთვის შეუფერებელია.ამჯერად „ალიას“ ერთ-ერთი აქტიური რესპონდენტი, დეკანოზი ელიზბარ დიაკონიძე, გამოხატავს უკმაყოფილებას თავდაცვის სამინისტროს უმაღლეს თანამდებობებზე ქალების დანიშვნის გამო.

„მინდა ჩემი გაოცება გამოვხატო. თავდაცვის მინისტრად ხომ დაგვინიშნეს ერთი ქალი და მოადგილედ წაიყვანა მეორე ქალბატონი და ამიხსნას ვინმემ, სწორება რაზე უნდა იყოს ნეტა? ვერ ვხვდები, რა ხდება: საქართველოში თამარი რომ მეფე იყო, ის არ იყო მხედართმთავარი, ამ ადგილას ჯერ მეუღლე ჩააყენა და მერე მხარგრძელები იყვნენ სარდლები და ჯარს მხედართმთავრობდა დავით სოსლანი. ანუ მეფე თამარი არ გაკადნიერებულა ამ დონეზე, რომ ჯარისთვის ეხელმძღვანელა და რუსუდანი, თავისი გოგო, დაენიშნა მოადგილედ, ან კრავაი, ან ვინმე, კითხვა მაქვს, როდემდე შეიძლება ასეთი აბსურდი ითმინოს ხალხმა?“ - აცხადებს ელიზბარ დიაკონიძე 3 ივნისს „ალიაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

გენდერულ თანასწორობასა და მედიაზე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად,მედიასაშუალებებმა ხელი უნდა შეუწყონ თვითრეგულირების მექანიზმების, შიდა ქცევის/ეთიკის კოდექსებისა და შიდამონიტორინგის, ასევე ისეთი სტანდარტების შემუშავებას, რაც მედიაგაშუქებაში გენდერულ თანასწორობას შეუწყობს ხელს;უნდა უზრუნველყონ ქალთა და მამაკაცთა არასტერეოტიპული იმიჯი, ფუნქცია და ხილვადობა, რომელიც თავისუფალი იქნება სექსისტური რეკლამირების, ენისა და შინაარსისაგან, რასაც სქესის საფუძველზე დისკრიმინაციის, სიძულვილისა და გენდერზე დაფუძნებული ძალადობისკენ მივყავართ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის#7პრინციპში ვკითხულობთ: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციისწახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოსნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლადრასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის,პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ანსოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.
კატეგორია - ეთიკა
2 ივნისს მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა. მედიასაშუალებების ნაწილმა გამოაქვეყნა აქციის ფოტოები, რომლებზეც ბავშვები ჩანდნენ.

„ლიბერალის“ გვერდზე ბავშვის ორი ფოტო გამოქვეყნდა, მათ შორის, მთავარ გვერდზე გამოტანილი იყო ახლო ხედით გადაღებული ფოტო.

ბავშვები ჩანდნენ „ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოქვეყნებულ ფოტორეპორტაჟშიც. EPN.GE -ს მასალაში კი, სამი სხავდასხვა ბავშვის ფოტოა გამოყენებული, ერთ-ერთ მათგანში, ბავშვს მარიხუანის ფოთლებით გაფორმებული პლაკატიც უჭირავს - წარწერით „არ დაიჭირო“.

“პირველ რიგში, ამ ასაკის ბავშვს ნაკლებად აქვს წარმოდგენა, თუ რა პროცესშია ჩართული, საინტერესოა იმავე სახის აქცია თამბაქოს შესახებ რომ ტარდებოდეს, ჩართავდა თუ არა მას მშობელი? ეს ხომ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა არ არის? და მეორეც - როცა ბავშვი მონაწილეობს პროცესში, რაც მისი არჩევანი არ არის, მეტიც - წარმოდგენაც კი არ აქვს ამის შესახებ, ეს უფრო მისით მანიპულაციას ჰგავს”, - ამბობს მაია ცირამუა, ბავშვთა ფსიქოლოგი.

მისივე თქმით, მანიპულირებს მედიაც, რომელიც ბავშვს მსგავს აქციაზე ფოტოს უღებს და შემდეგ აქვეყნებს: “რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს მედიას, რა აქცენტის გაკეთებაც არ უნდა უნდოდეს, მთავარია ამისთვის ბავშვი არ გამოიყენოს. მითუმეტეს ბავშვი, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია იქნება. შეიძლება ფოტოს ისე გადაღებაც, რომ არ ჩანდეს კონკრეტული არასრულწლოვანი. ამასთანავე, არ ვიცით მომავალში რა პოლიტიკური რეალობა იქნება ქვეყანაში ან რა ნარკოპოლიტიკა გვექნება და ვინ როგორ გამოიყენებს ამ ბავშვების ფოტოებს”, - ამბობს ცირამუა Mediachecker- თან საუბარში.
კატეგორია - ეთიკა
3 ივნისს, „კურიერის“ მთავარ გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ბიზნესმენ ბადრი შოშიაშვილის მიერ, მიხეილ სააკაშვილის ყვარელში მდებარე სახლის დაკავების მცდელობას შეეხებოდა. მიზეზი გრემის კულტურის სახლი გახდა, რომელიც, შოშიაშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წელს „იძულებით აყიდინა“.

წამყვანი შესავალ ტექსტში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სახლი ყვარელში „ნაცონალური მოძრაობის“ წევრებმა დაიცვეს: „ბადრი შოშიაშვილი დეიდებთან და მამიდებთან ერთად სახლის დაკავებას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. ნინო ბურჯანაძის პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დღის ბოლოს თბილისში დაიბარეს. თუ მისი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ბიზნესმენი პარასკევს სააკაშვილის სახლის მორიგი შტურმით იმუქრება“.

სიუჟეტის ტექსტში ჟურნალისტი კიდევ ერთხელ აღნიშანვს, რომ სახლის დაცვა, ვალერი შოშიაშვილისა და მისი ნათესავებისგან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწიათ.

კომენტარში „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ გიორგი ღვინიაშვილი კი აღნიშნავს, რომ შოშიაშვილი ხელისუფლების გამოგზავნილია და მას ხელისუფლება პატრონობს: „ეს ცხადი იქიდანაც ხდება, რომ ჩვენ პირადად ველაპარეკთ შს მინისტრის მოადგილეს თალაკვაძეს, მაგრამ როგორც ხედავთ, ადგილზე ერთი პოლიციელიც არ გამოცხადებულა“.

სიუჟეტში არ ჩანს შსს-ს პოზიცია, იმის შესახებ თუ რატომ არ მივიდა ადგილზე პოლიცია. მედიასაშუალებას არ დაუსვამს კითხვები, ჰქონდა თუ არა ამ ინციდენტის შესახებ შსს-ს წინასწარი ინფორმაცია და თუ ჰქონდა, რატომ არ მიიჩნია საჭიროდ, ადგილზე მისვლა.

კატეგორია - ეთიკა
ხევსურეთში, დუშეთის რაიონის სოფელ ხონესთან, მდინარე ანდაქის ხეობაში მომხდარი სტიქიის შესახებ სიუჟეტი “ქრონიკის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 2 ივნისს გავიდა.

“ხევსურეთში ამ წუთებშიც სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. შსს-ს თანამშრომლები ღვარცოფში მოყოლილ მეცხვარეს ეძებენ. თოვლის და მიწის მასის ქვეშ მწყემსი, 500 სული ცხვარი და 40 სული საქონელია მოყოლილი”, - აღნიშნა წამყვანმა.

სიუჟეტში ერთ-ერთი რესპონდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, გიორგი დვალაშვილი ამბობს, რომ მწყემსი საძოვარზე 1 კვირის წინ წავიდა. სამის დღის შემდეგ მას ძმამ მიაკითხა და ნახა, რომ ხეობა მთიდან წამოსული თოვლის და მიწის ნაშალით იყო სავსე.

სიუჟეტში ჩაწერილია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანლის, სოფო კობაიძის, კომენტარიც. კობაიძე განმარტავს, რომ: “შსს-ს თანამშრომლები დაუყოვნებლივ ჩავიდნენ ადგილზე, სადაც ვერტმფრენის დაჯდომა იყო შესაძლებელი. სამწუხაროდ, რთული რელიეფის გამო ვერ მოხერხდა ვერტმფრენის დასმა. ჩვენმა თანამშრომლებმა 15 კმ ფეხით გაიარეს შემთხვევის ადგილამდე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ერთი პირი ითვლება დაკარგულად”.

სიუჟეტში არ არის დაზუსტებული, როდის მოხდა სტიქია სოფელ ხონესთან, შემთხვევის შესახებ როდის შევიდა შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, შეტყობინებიდან რამდენი ხნის შემდეგ ჩავიდნენ მაშველები სტიქიის ზონაში, კონკრეტულად რა სამაშველო სამუშაოები ჩატარდა ადგილზე, რა გაირკვა ვერტმფრენიდან გარემოს დათვალიერების შემდეგ - მწყემსი და ფარა სტიქიას გადაურჩნენ, თუ ისინი ნამდვილად მთიდან წამოსული მასის ქვეშ მოჰყვნენ. მასალაში შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სტიქიის ზონაში მაშველების “დაუყოვნებელ” ჩასვლის და სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობასთან არ არის გადამოწმებული.

სიუჟეტში არაფერია ნათქვამი სტიქიის გამომწვევი მიზეზებისა და მასშტაბის შესახებ - არ არის ჩაწერილი გარემოს დაცვის სამინისტროს კომენტარი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამავე მუხლის განმარტებაში აღნიშნულია, რომ მასალაში უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

კატეგორია - ეთიკა
პირველ ივნისს, ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს,“კვირის პალიტრის” ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით “დაუსრულებელი ტრაგედია - 11 წლის გოგონამ დედა, მამა და 6 წლის ძმა დაკარგა”. სტატიაში საუბარია, როგორ დაეღუპა არასრულწლოვანს მშობლები და ძმა (საილუსტრაციოდ დართული აქვს გარდაცვლილების ფოტოებთან ერთად გადაღებული გოგონას ფოტო), ხოლო სტატიაში ბავშვი ასეა აღწერილი:

“ზაჰესის პირველ უბანში ერთი პატარა ლამაზი გოგონა ცხოვრობს­. 11 წლის მარიამის დიდი და სევდიანი თვალების მიღმა ტკივილი­და მონატრება იმალება. თანატოლების მსგავსად, სკოლაში დადის, თამაშობს, ერთობა... სხვებისგან თითქოს არაფრით განსხვავდება, მაგრამ როცა მშობლები და პატარა ძმა ენატრება, კედელზე­ ჩამოკიდებულ შავ ჩარჩოში ჩასმულ ფოტოებს საწოლზე აწყობს და თვალები ცრემლით ევსება...“

სტატიაში საუბარია, რომ დღეს გოგონას მამიდა ოთხ არასრულწლოვანთან ერთად ზრდის (გამოქვეყნებულია არასრულწლოვნების ფოტო). დეტალურადაა აღწერილი ოჯახის გაჭირვება, საცხოვრებელი პირობები და პირადი ტრაგედია. სტატიას თან ახლავს ვიდეო, სადაც იდენტიფიცრებულები არიან არასრულწლოვნები.

“დღე არის, რომ ცარიელა ჩაიზე და პურზე გადასულან ბავშვები”, - ამბობს ვიდეოში გოგონას მამიდა.

გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, მუხლი 16

1. არცერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლებათა მის მიერ განხორციელებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევის ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფის ობიექტი.

2. ბავშვს უფლება აქვს, კანონით იყოს დაცული მსგავსი ჩარევის ან ხელყოფისაგან.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის სახელმძღვანელო მითითებები და პრინციპები, რომლებიც ეხება ბავშვების საკითხებთან დაკავშირებულ პუბლიკაციებს:

"ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალის გამოქვეყნებისას, საგულდაგულოდა წონ-დაწონონ შესაძლო შედეგები და მინიმუმამდე დაიყვანონ ზიანის ფაქტორი. მოერიდონ ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების სენსაციურ და სტერეოტიპულ გაშუქებას პუბლიკაციების პოპულარობის მიზნით";
კატეგორია - ეთიკა
მარიხუანის დეკრიმინილიზაციის თემას 29 მაისს „მოამბემ“ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა. პარლამენტის წევრის, გოგა ხაჩიძის, საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს არსებული საკანონმდებლო სანქციების შემსუბუქებას - დეპუტატი ფიქრობს, რომ მარიხუანას მოწევის გამო მოქალაქეები უნდა ჯარიმდებოდნენ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა უწევდეთ საპატიმროში რამდენიმეწლიანი სასჯელის მოხდა.

„მოამბემ“ სიუჟეტის პირველი წამებიდანვე აჩვენა, თუ როგორ ამზადებენ მარიხუანას მოსაწევად, შემდეგ კი აუდიტორიამ მსუბუქი ნარკოტიკის მოწევის კადრებიც რამდენჯერმე ნახა.

„მოამბეში“ ზემონახსენები კადრების ჩვენებით მაუწყებელთათვის წაყენებული რამდენიმე ნორმა დაირღვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2006 წელს მიღებული დოკუმენტი „საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი - პროფესიული სტანდარტები და ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამებში“ . დოკუმენტის 16.5 თავში ხაზგასმულია, რომ ბავშვები განსაკუთრებით არიან მიდრეკილები მიმბაძვებლობისკენ და ამიტომ სახიფათო, მათი ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის, განვითარებისთვის საზიანო ქმედებების ასახვა დაუშვებელია: „ბავშვები ხშირად სხვებს ბაძავენ, ნანახ ქმედებას იმეორებენ. ისეთი ქმედება ან მეთოდი, რომლის გამეორებაც შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს ბავშვისთვის, არ უნდა გადაიცეს საბავშვო გადაცემებში ან წყალგამყოფამდე ტრანსლირებულ გადაცემებში. დაუშვებელია ნარკოტიკების გამოყენების, თამბაქოს მოწევის და ალკოჰოლური სასმელების მიღების ჩვენება საბავშვო გადაცემებში“.

მართალია, „მოამბე“ საბავშვო გადაცემა არ არის, მაგრამ ყოველდღიურად, საღამოს 8 საათზე გადის, რა დროსაც ადვილი შესაძლებელია, პროგრამას ბავშვებიც უყურებდნენ. აქვეა მეორე დათქმაც, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული მაუწყებელთა ქცევის კოდექსშია მოცემული. დოკუმენტის 42-ემუხლის პირველი პუნქტი: “დაუშვებელია ნარკოტიკების უკანონო გამოყენების ,ალკოჰოლის ან თამბაქოს არაჯეროვანი გამოყენების გადაცემა 23:00საათამდე ან საბავშვო პროგრამებში“.

კატეგორია - ეთიკა
ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში 30 მაისს გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, „ის პიროვნებები, რომლებიც 2012 წლამდე კუდის თანამშრომლები იყვნენ და