კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
სიტყვებში ბგერის ჩართვა-არჩართვა საჩოთირო და მუდმივად ორთოგრაფიულ ლექსიკონში გადასამოწმებელი საქმეა. ეს თავნება და მზაკვარი „ვინი“ ხან იქ იჩენს თავს, სადაც არავინ ელის და ხანაც იქიდან „იკარგება“, სადაც, ყველა წესის თანახმად, მისი კანონიერი და კუთვნილი ადგილია. ეს საკითხი მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია ზმნებში, მაგრამ სახელებსა და სახელზმნებში რთულია ლექსიკონის გარეშე ფონს გასვლა.

ბლოგში „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ნორმების“ კრებულზე დაყრდნობით შემოგთავაზებთ ვ ბგერის შემონახვის, ჩართვისა და დაკარგვის წესებს, თუმცა ყველა შემთხვევის აღნუსხვა არათუ ბლოგის, არამედ საკუთრივ სრული გამოცემის ფარგლებშიც შეუძლებელია, ამიტომ - თუ თქვენს კითხვაზე პასუხი ამ აქ ვერ მოიძიეთ, შეამოწმეთ ორთოგრაფიული ლექსიკონი.

ვ ბგერა აუცილებლად უნდა იყოს:

თუ სიტყვა ბოლოთანხმოვნიანია და ფუძე ვ ბგერით ბოლოვდება:
  • თავი - თა
  • ხევი - ხე
  • ერისთავი - ერისთა
  • ნიავი - ნია
  • ბავშვი - ბავშ
  • ვეფხვი - ვეფხ
  • საცოდავი - საცოდა
თუმცა არის სიტყვები, სადაც ვ ბგერა იკარგება.

ფუძისეული იკარგება მაშინ, როცა ის ექცევა ხმოვნებს შორის და მომდევნო ხმოვანი არის ან .
  • თავი – თაობა;
  • ხევი – ხეობა;
  • ბუნებრივი – ბუნებრიობა;
  • ნათესავი – ნათესაობა;
  • სანახავი – სანახაობა;
  • საცოდავი – საცოდაობა.

გამონაკლისებად მიჩნეულია ერისთავი – ერისთავობა და მოურავი – მოურავობა; აგრეთვე უცხო წარმოშობის სიტყვები: აქტივობა, უპერსპექტივობა);
ფუძესა და დაბოლოებას შორის ჩნდება მაშინ, თუ ფუძეს ამთავრებს ხმოვნები ა, ე, ო და მოსდევს ა და ე ხმოვნები. ეს, ხშირ შემთხვევაში, ხდება მე-ე, სა-ე და სი-ე თავსართ-ბოლოსართების დართვის დროს. მაგალითად, ავიღოთ ო-ზე დაბოლოებული სიტყვა:

ახლო

დავუმატოთ თავსართი სი და ბოლოსართი :

სი-ახლო-ე

წესის თანახმად, ვ-ს ჩართვა ამ შემთხვევაში სავალდებულოა.

იგივე წესი მოქმედებს აქ:

ვიწრო - სივიწრო--ე

საგანგებოდ უნდა გამოიყოს ო ხმოვნით დაბოლოებული სახელებიდან წარმოქმნილი სიტყვების მართლწერა:

ხმოვნით დაბოლოებული სახელებიდან წარმოქმნილი სიტყვები ვ-ს გაიჩენენ მაშინ, თუ ისინი დასრულებულ მოქმედებას გამოხატავენ (დაესმის კითხვა რა ვქენი/რა ქენი/რა ქნა?..).

ჯილდო – დააჯილდოა (რა ქნა?)

მაგრამ

აჯილდოებს (ვ-ს გარეშე)

უთო – დააუთო

მაგრამ

აუთოებს (ისევ ვ-ს გარეშე)

რადგან ზმნებს მივადექით, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ გავრცელებული შეცდომები „დავაცხე“ და „შევატყე“ ზმნების გამოყენებისას.

ამ ზმნებში ვ-ს ჩართვა აუცილებელია.

სწორია:

ვაცხობ - გამოვაცხვე - გამომიცხია

ვატყობ - შევატყვე - შემიტყია

ვ იკარგება – ურ და – ოდ დაბოლოებების დართვისას მათი მეშვეობით წარმოებულ სიტყვებში:
  • თავი – მეთაური;
  • ფშავი – ფშაური;
  • აქტივი – აქტიური;
  • ყვავის-ყვაოდა;
  • ჩივის – ჩიოდა;
  • ირხევა-ირხეოდა.
იგივე შეეხება თავსართ-ბოლოსართების დართვის შემთხვევებს:
  • საფლავი – სასაფლაო;
  • რეცხვა/მრეცხავი-სამრეცხაო
გამონაკლისია შემდეგი სიტყვები:
  • უთაო;
  • უდაო;
  • სადაო;
  • საზაო;
  • მოშაო;
  • მომჟაო და ა.შ.

ამ შემთხვევაში ცოცხალ მეტყველებაში ერთი კანონზომიერება იკვეთება – ბაგისმიერი ო ბგერის გვერდით კბილბაგისმიერ ვ-ს ხშირად უგულებელყოფენ ხოლმე.

სოციალურ ქსელებსა და ცოცხალ მეტყველებაში ბოლო დროს შეინიშნება პირველი სუბიექტური პირის უგულებელყოფის ტენდენციაც. განსაკუთრებით იმ ზმნებში, რომლებიც უ, ო და ვ ბგერებით იწყება.

პირველი სუბიექტური პირის ნიშანი რთული აუცილებლად უნდა დავურთოთ ზმნებს, თუ ისინი პირველი პირის მოქმედებას აღნიშნავენ. 
  • მე უთხარი (და არა, მე უთხარი);
  • მე მოუტანე (და არა, მე მოუტანე);
  • მე გაუგზავნე (და არა, მე გაუზიარე);
  • მე გაოცდი (და არა, მე გაოცდი);
  • მე ვარჯიშობ (და არა, მე ვარჯიშობ);
  • მე ვარცხნი (და არა, მე ვარცხნი);
  • მე ვარდები (და არა, მე ვარდები);
  • მე ვითარდები (და არა, მე ვითარდები);
  • მე ვარგივარ (და არა, მე ვარგივარ);
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
• ვინ ადგენს სალიტერატურო ნორმებს?

• რა არის სალიტერატურო ნორმა? იგივეა, რაც ლიტერატურული ენა?

• როგორ უნდა გადაწყდეს, მაგალითად, პარალელური ფორმების ბედი? ვინ წყვეტს?

ამ ბლოგში შევეცდებით ამ კითხვებზე მოგაწოდოთ ამომწურავი პასუხები.

სალიტერატურო ენა

სალიტერატურო ენა ეროვნული ენის ნორმირებული სახეა.

სალიტერატურო ენა მოიცავს ყველა იმ სფეროს, სადაც ვიყენებთ მშობლიურ ენას: განათლება, მეცნიერება, სიტყვიერი ხელოვნება, პოლიტიკა, მედია, ენის პრაქტიკული გამოყენების სფეროები (ოფიციალურ-საქმიანი, საკანცელარიო, სასაუბრო...) და ა.შ.

სალიტერატურო ენა დროთა განმავლობაში იცვლება. ასე რომ არ მოხდეს, ენა უცილობლად დაიღუპება. ცვლილებები უნდა იყოს თანადროული და განპირობებული სხვადასხვა ისტორიული, პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური, სოციალური ფაქტორით.

თუ ენა ვერ ასახავს თანამედროვეობას, სათანადოდ არ ივსება და იცვლება ახალი რეალობის შესაბამისად, მას საფრთხე ემუქრება. ამ შემთხვევაში სალიტერატურო ენის წინააღმდეგ „ირაზმებიან“ ბარბარიზმები და კალკირებული ფორმები, წარმატებით „უტევენ“ ენაში არსებულ შესატყვისებს და მათი ან ნეოლოგიზმების კუთვნილ ადგილს იკავებენ. უცხო სიტყვების სესხება და ენაში დამკვიდრება ბუნებრივი მოვლენაა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც, თუმცა ნორმირების ფილტრის გარეშე დგება მშობლიურ ენასთან გაუცხოების საფრთხე.

ახალ რეალობას ახალი აღსანიშნები მოაქვს. ახალ აღსანიშნებს შესაბამისი აღმნიშვნელები სჭირდება. როცა ასეთი არ არსებობს, ჯიქურ შეტევაზე გადმოდიან უცხოენოვანი სიტყვები. მაგალითად, დაგუგლვა, დამესიჯება, დაპოსტვა, დაჰაიდება, შეიმინგი, დასქრინშოთება, დაშეარება, დალაიქება, „ფრენდი“, დასეივება, ტროლი, რესტარტი, სეტინგები, სელფი, ვიზიტორი, ჩექინი/დაჩექინება და ა.შ.

ერთი მხრივ, ყველა ამ სიტყვას, თითქოს, აქვს ქართული შესატყვისი, მეორე მხრივ, არსებული შესატყვისები ზუსტი ეკვივალენტები არაა ან წარმოთქმის თვალსაზრისით უფრო რთულია. შესაბამისად, ასეთი და მსგავსი სიტყვების ლეგიონი სალიტერატურო ენისთვის გამოწვევაა.

სალიტერატურო ენისა და მეტყველების კულტურის „სადარაჯოზე“ ენობრივი ნორმა დგას.

სალიტერატურო ნორმა

სალიტერატურო ნორმა ამა თუ იმ სიტყვის ის ფორმაა, რომელიც ოფიციალურადაა დადგენილი კონკრეტული ვითარების შესწავლის შემდეგ. ნორმის განსაზღვრის აუცილებლობა ჩნდება მაშინ, როცა ფორმათა ვარიანტულობა, ანუ პარალელური ფორმები იჩენს თავს.

იურისპრუდენციის მსგავსად, ენაშიც - დასაშვებია ის, რაც აკრძალული არ არის. ფორმათა წარმოქმნის თვალსაზრისით ეს თავისუფლება აუცილებელი და ფასდაუდებელია. თუმცა ზოგჯერ ჩნდება ისეთი ფორმა, რომელმაც ნორმის ფილტრი უნდა გაიაროს და მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვებს ის „არსებობის უფლებას“.

ზოგადად, საყოველთაოდ განმტკიცებული ფორმები გადახედვას მანამ არ ექვემდებარება, სანამ არ გაჩნდება პარალელური ფორმა, რომელიც გამოყენების სიხშირით გამოირჩევა.

როგორც კი ასეთი ვარიანტულობა შეინიშნება, საჭირო ხდება მოწესრიგება, ნორმირება. სპეციალისტები იყენებენ ნორმის დადგენისას შემუშავებულ პრინციპებს, ერთი ფორმის შერჩევისას კი პარალელურ ფორმათაგან უპირატესობას ანიჭებენ იმას, რომელიც უფრო გავრცელებულია სალიტერატურო ქართულში, გამართლებულია ეტიმოლოგიურად და მორფოლოგიურად და მისაღებია ენისთვის.

ენის ისტორიული და თანამედროვე მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით, შემუშავდება ნორმა.

როგორც წესი, „მოცილე (პარალელურ) ფორმათაგან უპირატესობა ენიჭება იმას, რომელიც შეესაბამება ენის განვითარების ძირითად ხაზს, მის ბუნებრივ ტენდენციებს და პერსპექტიულია ენობრივად“ (ავთანდილ არაბული, ქართული მეტყველების კულტურა, გამომცემლობა უნივერსალი, თბ.2004, გვ. 35).

გასათვალისწინებელია ასევე გამოყენების სიხშირეც, რასაც ხალხურ მეტყველებასაც უწოდებენ.

დღესდღეობით, ქართული სალიტერატურო ნორმების დადგენაზე არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი მუშაობს. ვებსაიტზე განთავსებული ცნობის თანახმად, „მეტყველების კულტურის განყოფილება დაარსების დღიდანვე არის ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაცია–სტანდარტიზაციის პროცესის მთავარი წარმმართველი“.

ლიტერატურული ენა

ლიტერატურული ენა სალიტერატურო ენის შემადგენელია. ლიტერატურული ენა ლიტერატურის კლასიკოსების, მხატვრული სიტყვიერების, მწერლობის ენაა. ენის ნორმათა შემუშავებისას ლიტერატურული ენა ერთ-ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია.
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
საინფორმაციო საშუალებების უმთავრესი მიზანი ინფორმაციის მიწოდებაა. მკითხველისთვის, მსმენელისა და მაყურებლისთვის მნიშვნელოვანია რას და როგორ მიაწვდიან მას.

ეს „როგორ“ განსაკუთრებით საგულისხმო ფაქტორია, რადგან ბუნდოვანი, გრამატიკულად და ტერმინოლოგიურად გაუმართავი და სინტაქსურად დაუხვეწავი ტექსტის გაგება და გააზრება რთულია.

ქართული საინფორმაციო საშუალებების ენა საგანგებო დაკვირვებასა და შესწავლას საჭიროებს. ამ წერილში შევეცდებით რამდენიმე ტიპობრივ შეცდომასა და სინტაქსურ-სტილისტიკურ საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება. დავაკვირდებით, როგორ „იკარგება“ აზრი რთულ, ჩახლართულ აბზაცში, რას იწვევს სინტაქსისა და სტილისტიკის წესების უგულებელყოფა და რისი გათვალისწინებაა აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებისას.

სანიმუშო აბზაცი:

თევზჭერის ინდუსტრია კიდევ ერთი ტრადიციულია დარგია, რომლითაც ფოთი ცნობილია და სწორედ ამ დარგის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ წამოვიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს 14 ახალი თევზსაჭერი გემის შეძენა და დღეს არსებული მოძველებული გემების ეტაპობრივი ჩანაცვლება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რა არის ამ აბზაცის მთავარი გზავნილი?

მინისტრის თქმით, თევზჭერის ინდუსტრია ტრადიციული დარგია და ამ დარგის მხარდასაჭერად ამუშავდება პროგრამა. სახელმწიფო შეიძენს 14 ახალ თევზსაჭერ გემს და განაახლებს გემების არსენალს.

ამ ინფორმაციის გადმოსაცემად ჟურნალისტმა:

• გამოიყენა პირდაპირი და ირიბი ნათქვამის უცნაური კომბინაცია

• სიტყვასიტყვით გადმოსცა მინისტრის მიერ შეცდომით ნათქვამი წინადადებები („მიმდინარეობს გემის შეძენა“ და „მიმდინარეობს მოძველებული გემების ეტაპობრივი ჩანაცვლება“?!)

• მოკლე, ინფორმაციული ტექსტის ნაცვლად გრძელი, შეცდომებიანი აბზაცი შემოგვთავაზა.

რა არის და როგორ გადმოიცემა პირდაპირი და ირიბი ნათქვამი? ამის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან მედიასაშუალებები ხშირად გვაუწყებენ, რა „განაცხადა“ ან „აღნიშნა“ ამა თუ იმ პირმა. სახელმძღვანელო წესები:

პირდაპირი და ირიბი ნათქვამი

ვისიმე ნათქვამი შეიძლება გადმოიცეს უცვლელად, სიტყვასიტყვით და ამას პირდაპირი ნათქვამი ეწოდება. პირდაპირ ნათქვამს ახლავს ავტორის დამაზუსტებელი სიტყვები, რომლებიც მკითხველს აუწყებენ, ვინაა მთქმელი. ავტორის სიტყვები შეიძლება წინ უსწრებდეს ან მოსდევდეს პირდაპირ ნათქვამს.

ირიბნათქვამიანი წინადადებები მედიამეტყველებაში ნაკლებად გვხვდება. ირიბი თქმისას სხვისი ნათქვამი შეცვლილი ფორმითაა წარმოდგენილი. არსით ეს რთული ქვეწყობილი წინადადებაა (ავტორის ნათქვამი მთავარი წინადადებაა, ირიბნათქვამიანი კი - დამოკიდებული) და წესის თანახმად, წინადადებების გასაყარზე მძიმე აუცილებელია.

თანამედროვე ქართულ ჟურნალისტურ მეტყველებაში მეტად გავრცელებულია პირდაპირი თქმის სტილი, როცა ავტორის სიტყვები მოსდევს პირდაპირ ნათქვამს. თუმცა ხშირ შემთხვევაში გრამატიკული წესები უგულებელყოფილია.

სამახსოვრო:

1. თუ პირდაპირ ნათქვამს მოსდევს ავტორის სიტყვები, წინადადებათა შორის მძიმე იწერება;

2. მესამე პირის ნათქვამის გადმოცემა სხვათა სიტყვის ნაწილაკი ო-ს გამოყენებითაცაა შესაძლებელი. ნათქვამის გადმოცემის ამ ხერხს მედიაში ამბის თხრობისას იშვიათად იყენებენ, არადა სხვათა სიტყვის გადმოცემა -ო ნაწილაკის დართვით მეტად გასაგებსა და უშუალოს ხდის ტექსტს.

3. სხვათა სიტყვის ნაწილაკი ტექსტში გამოიყენება მხოლოდ ერთხელ (რაც არ უნდა ვრცელი იყოს სხვათა ნათქვამი!). სხვათა სიტყვის ნაწილაკი დაერთვის მხოლოდ ბოლო სიტყვას. გასათვალისწინებელია, რომ ჟურნალისტური ტექსტი განსხვავდება მხატვრულისგან, ამიტომ ამ წესის დაცვა მნიშვნელოვანია;

4. იმ შემთხვევაში, თუ წინადადება გრძელია, პირდაპირ ნათქვამსა და ავტორის სიტყვებს შორის შეიძლება დაიწეროს ორწერტილიც;

5. ნაწილაკიანი სხვათა სიტყვა ბრჭყალებში ჩაისმის მხოლოდ მაშინ, თუ ის ციტატას წარმოადგენს. ნაწილაკი აუცილებლად უნდა დაიწეროს ბრჭყალების შიგნით.

სანიმუშო აბზაცი

ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა „ერთიანი ევროპა ერთიანი კავკასია“, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 28 და 29 აგვისტოს, 12:00 საათიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩაატარებს COVID19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის შესახებ უნიკალურ კამპანიას, ვაქცინაციის სპეციალური მობილური ჯგუფები კი აცრიან აცრის მსურველებს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. "კამპანია იმითაა მიმზიდველი, რომ ის ადგილობრივებს სთავაზობს „ერთიანი კავკასიის“ პროფესიონალურ მუსიკას სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მობილური მუსიკალური პლატფორმიდან და ინფორმირებულ განცხადებებს ვაქცინაციის შესახებ როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. კამპანიის ფარგლებში, ასევე, დარიგდება საინფორმაციო ფლაერები ვაქცინაციის მნიშვნელობისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ. აქცია მოიცავს ისეთ სოფლებს, როგორიცაა სადახლო, შულავერი, შაუმიანი, სიონი, წერაქვი, თამარისი, ყიზილაჯლო და სხვა. მოცემული საპილოტე კამპანია მიზნად ისახავს საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის ხელშეწყობას და შემდგომშიც განხორციელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

• აბზაცი დიდია.

• აზრი - ბუნდოვანი.

• მნიშვნელოვანი ცნობები გადმოცემულია რთული სინტაქსური კონსტრუქციების გამოყენებით.

• ტექსტის ავტორი ინფორმაციის გადმოცემისას პირდაპირი ნათქვამის ხერხს იყენებს. ავტორის სიტყვები აქაც მოსდევს პირდაპირ თქმას („პოპულარული ჟურნალისტური სტილი“ დაცულია!)

• ტექსტი უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს. მაგალითად, რას გულისხმობს პროფესიონალური მუსიკა და რას ნიშნავს პროფესიონალური მუსიკის შეთავაზება?

რას ნიშნავს „სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მობილური მუსიკალური პლატფორმა“?

რას ნიშნავს „ინფორმირებული განცხადებები ვაქცინაციის შესახებ“?

მკითხველს ისღა დარჩენია, იმარჩიელოს.

რა გავიგეთ?

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – (რა საჭიროა აქ „ისეთ სოფლებში, როგორიცაა“? სრულიად ზედმეტია!) სადახლო, შულავერი, შაუმიანი, სიონი, წერაქვი, თამარისი, ყიზილაჯლო – ჩატარდება უნიკალური კამპანია. უნიკალურობა, როგორც ჩანს, ვაქცინაციის მუსიკის თანხლებით ჩატარებაში გამოიხატება. ყოველ შემთხვევაში, ეს შეგვიძლია ვივარაუდოთ მოცემული არეულ-დარეული და გაუმართავი ტექსტიდან. მითითებულია ასევე თარიღი და დრო ( ეს გასაგებია).

მსგავსი შეცდომებისგან თავი რომ დავიზღვიოთ, გასათვალისწინებელია შემდეგი წესები:

სამახსოვრო

• წერტილი მნიშვნელოვანი და საჭირო სასვენი ნიშანია. ინფორმაციის მოკლედ და გასაგებად გადმოცემისას რთული სინტაქსური კონსტრუქციების ნაცვლად სასურველია გამოვიყენოთ მარტივი წინადადებები და „შევიყვაროთ“ წერტილი.

• სამეტყველო სტილი უნდა იყოს სადა, გასაგები, მკაფიო, ნათელი.

• საინფორმაციო ტექსტმა უნდა გასცეს პასუხი უმთავრეს კითხვებს: ვინ? რა? როდის? სად? რატომ? რა მიზნით? რის საფუძველზე? ცნობა, ინფორმაცია დაინტერესებულ პირს სრულ წარმოდგენას უნდა უქმნიდეს მომხდარზე ან მოსახდენზე, მიზეზებსა და მიზნებზე.

მშობლიური ენის წეს-კანონების, გრამატიკული ნორმების ცოდნა და დაცვა ჟურნალისტის პროფესიული მოვალეობაა. ამასთან, მედია დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცნობიერებაზე და მეტყველების ზოგად კულტურაზე. ეს პასუხისმგებლობას უნდა მატებდეს ჟურნალისტს.
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
ბეჭდურ და ონლაინ მედიაგამოცემებში, სათაურებში, რეკლამებსა და საინფორმაციო ბროშურებში ეს და მსგავსი სიტყვები ხშირად შეგხვდებათ.

„ცნობადი სახეები“, „ყურებადი ფილმები“, „მოხმარებადი პროდუქტები“, „გაყიდვადი ნივთები“, „კონტროლირებადი ტერიტორია“, „მოთხოვნადი ბრენდი“, „განხილვადი საკითხები“...

ხშირია კრიტიკული შეძახილებიც - „ეს რა ქართულია!“, „ამ ფორმების გამოყენება დაუშვებელია!“.

ფაქტი ისაა, რომ -ად ბოლოსართიანი ეს ფორმები თანამედროვე ქართულ მეტყველებაში უკვე დამკვიდრებულია და მათ ნაცვლად რეკომენდებული/შემოთავაზებული სიტყვები ყოველთვის არ შეესატყვისება ხოლმე აღსანიშნს (ვარიანტები ან მნიშვნელობას უცვლის სიტყვას - იკარგება სემანტიკური ნიუანსი, ან რამდენიმე სიტყვითაა საჭირო იმავეს გამოთქმა).

დასაშვებია თუ არა მათი ლიტერატურულ ნორმებად აღიარება?

არგუმენტი 1: აკაკი შანიძე, „ქართული გრამატიკის საფუძვლებში“ მოცემული არგუმენტი. მეცნიერი წერს: „ვითარებითი ნიშანი ზედსართავ სახელებს აწარმოებს არსებითთაგან: თვალადი, ტანადი, ფერადი, პურადი, გულადი, პირადი. ეგევე მაწარმოებელი (ად) ჩანს თავადში და სულადში. მხოლოდ ესენი არსებითებია. იგივე წარმოებაა ზედსართავ სახელებშიც: დიდი – დიადი, მცირე – მცირე- დი, პირველი – პირველადი.[...]აღნიშნული წარმოება ამჟამად ძალიან იფართოებს მოქმედების არეს: ტექნიკური ლიტერატურის ენაში ჩვეულებრივი ხდება მსგავსად გაკეთებული ფორმები: საწყისთაგან: ჭედადი, ფეთქადი, დენადი, ხსნადი, ხურე- ბადი, კუმშვადი“.

წყარო: ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლია ქაროსანიძე, „-ად ბოლოსართიანი მიმღეობისათვის ქართულში“.

არგუმენტი 2: საგულისხმოა სიმონ ყაუხჩიშვილის კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით. მკვლევარმა ძველი ქართული ნათარგმნი და ორიგინალური ლიტერატურიდან ამოკრიბა ისეთი ფორმები, რომლებიც ზმნური საწყისებიდანაა ნაწარმოები. მაგალითად, აღზრდადი, გარდაცვალებადი, მოკუდინებადი, ქმნადი, აღებადი, გრძნობადი, ზიარებადი, მიდრეკადი, წოდებადი... გამოვიყენოთ თუ არა -ად ბოლოსართიანი სიტყვები?

-ად ბოლოსართით ნაწარმოებმა სიტყვებმა ტექნიკურ ლიტერატურასთან ერთად მასმედიის ენაშიც დაიმკვიდრა ადგილი. ჩაწერეთ გუგლის საძიებო სისტემაში სათაურში გამოტანილი სამეულიდან ერთ-ერთი და უამრავ სტატიას, ბლოგს, მასალას გაეცნობით, სადაც ეს ფორმებია გამოყენებული.

გარდა ამისა, სამეტყველო ენას აქვს ეკონომიურობისკენ მიდრეკილება. მოცემული ფორმები კი სწორედ ამგვარ სწრაფვას გამოხატავენ. ამას დაემატა ენაში არსებული სათანადო თარგის გამოყენებით ახალი ფორმების წარმოების შესაძლებლობა, ასევე უცხო ენათა გავლენა და შედეგად დასახელებული ფორმები სამეტყველო, ე.წ. ხალხურ მეტყველებაში დამკვიდრდა.

რამდენად აქვს აზრი უკვე დამკვიდრებული ამ ფორმების აკრძალვას?

-ად ბოლოსართიან ფორმათა მოჭარბება 21-ე საუკუნის ქართულში უდავოდ მოწმობს იმას, რომ ეს წარმოება ქართულისათვის ბუნებრივია, მისი გამოყენების აკრძალვა კი – დაუსაბუთებელი“ - ვკითხულობთ ლია ქაროსანიძის ნახსენებ წერილში.
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
ახალი ქართული ვებგვერდი spellchecker.ge საშუალებას გვაძლევს, საკმაოდ დიდი მოცულობის ტექსტი მორფოლოგიურ და ორთოგრაფიულ შეცდომებზე მარტივად შევამოწმოთ. ეს ქართულ ინტერნეტ სივრცეში მნიშვნელოვანი სიახლეა.

საკმარისია ტექსტი შესაბამის განყოფილებაში ჩააკოპიროთ და ვებგვერდი ავტომატურად იპოვის ყველა შეცდომას. ამის შემდეგ ჯერი თქვენზეა - „გადაუარეთ“ და გაასწორეთ. საიტის შემქმნელი მონაცემთა მეცნიერი ვახტანგ ელერდაშვილია.

ვებგვერდზე, ასევე, შეგიძლიათ ბაზაში ახალი სიტყვის დამატება (თუ შეამჩნევთ, რომ სიტყვა არასწორადაა დაწერილი და ანალიზატორმა კი არ გააწითლა). რასაკვირველია, შეცდომებისგან თავის ასარიდებლად არსებობს ფილტრი, რომელსაც ყველა დამატებული ვარიანტი გაივლის, ასე რომ, საბოლოოდ, ბაზაში მხოლოდ გადამოწმებული და დადასტურებული ფორმები ხვდება.

საიტის შემქმნელს, მონაცემთა მეცნიერს, ვახტანგ ელერდაშვილს ვთხოვეთ, გადმოეცა იმ სიტყვების ჩამონათვალი, რომელთა დაწერილობაშიც ყველაზე ხშირად ვუშვებთ ხოლმე შეცდომებს.

ამჯერად ჩემს სვეტში წარმოგიდგენთ „ყველაზე რეიტინგული შეცდომებს“. სოციალური ქსელის სამუშაო ჯგუფში ამ რეიტინგს ხუმრობით „ჯოჯოხეთური სია“ დაარქვეს. იმის გაცხადება, რომელი სიტყვა გამოიყენება ყველაზე ხშირად შეცდომით და რომელია სალიტერატურო ნორმა, მნიშვნელოვანია.

თებერვლის მონაცემებით ყველაზე ხშირად შეცდომით წერენ სიტყვას - რამოდენიმე.

შუქია აფრიდონიძე წიგნში „ჩვენი ენა ქართული“ ასე ხსნის ამ შეცდომის წარმოშობის მიზეზს:

„ძველ ქართულში რამდენის ნაცვლად გვქონდა რაოდენი. დროთა განმავლობაში ეს ო ხმოვანი ვ-დ გადაიქცა (როგორც ეს გვაქვს რამდენიმე სახელში: ნოგოზი – ნიგვზის, მინდორი – მინდვრის, ნიორი – ნივრის და მისთ), ე.ი. რაოდენი > რავდენი; შემდეგ კი ვ შეცვალა მ-მ და მივიღეთ დღევანდელი კითხვითი რიცხვითი სახელი რამდენი, –მე ნაწილაკის დართვით კი – რამდენიმე“.

შესაბამისად, ამ სიტყვაში მ გახლავთ ო ხმოვნისგან მიღებული. ახალი ო-ს დართვა ზედმეტი და უადგილოა და ერთადერთ სწორ ფორმად მიიჩნევა რამდენი.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ თუ რაოდენობის ნაცვლად ზომა, სიდიდე იგულისხმება, მაშინ უნდა გამოვიყენოთ ფორმა რამოდენა.

ასევე, საკმაოდ ხშირად იყენებენ „ეხლა“ ფორმას. ჩამონათვალში ის მეხუთე ადგილზეა (ქონდეს, ინფმროაცია, ინფმორაციის შემდეგ). ამ სიტყვისგან ნაწარმოები სხვა სიტყვებსაც ხშრად წერენ და წარმოთქვამენ შეცდომით. მაგალითად, ეხლანდელი, ეხლავე.

ახლა და ეხლა ვარიანტებიდან და მათგან ნაწარმოები სიტყვებიდან სწორი ვარიანტებია:

ახლა, ახლავე, ახლახან, ახლანდელი.

ჩამონთვალში საკმაოდ ბევრია შეცდომა -ად, -დ დაბოლოებებიან სიტყვებშიც, როგორებიცაა, "კარგად", "ალბათ", "მაგალითად" - და ყველაზე ხშირად მათი ასეთი არასწორი ფორმები გვხვდება: "კარგათ", "ალბად", "მაგალითათ"
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
კომპიუტერში აკრეფილ ტექსტში მორფოლოგიური და ორთოგრაფიული შეცდომების წითლად მონიშვნა დიდი საქმეა. ბეჭდვისას გაპარულ ე.წ. „კორექტურას“, არასწორად დართულ პირის ნიშნებს, კუმშვა-კვეცისას დაშვებულ შეცდომებსა და სხვა მორფოლოგიური ტიპის „მცდარ ბეჭდილებს“ მიზანში „მცდარ-ბეჭდილ-მძებნი“ ამოიღებს.

რა არის ეს?

მცდარ-ბეჭდილ-მძებნი ტექსტში არსებული შეცდომების მორფოლოგიური შემმოწმებელია. ვებსაიტზე სპეციალურ განყოფილებაში ჩასმულ ტექსტში გაწითლდება მორფოლოგიურად ან ორთოგრაფიულად მცდარი ფორმები. მათზე დაწკაპუნების შემთხვევაში კი სისტემა შემოგთავაზებთ ჩასანაცვლებელი სიტყვების სიას.

მცდარ-ბეჭდილ-მძებნის შემქმნელი მონაცემთა მეცნიერი, ვახტანგ ელერდაშვილია. მასთან ინტერვიუ ონლაინ ჩავწერეთ.

როგორ გაჩნდა იდეა, როგორია სამუშაო პროცესი, რა პრინციპით „ასწორებს“ ნაწერს ვებსაიტი, მორფოლოგიურ შეცდომებთან ერთად კიდევ რა ტიპის შეცდომებს „შეუტევს“ მცდარი ბეჭდილების დაუღალავი მაძებარი უახლოეს მომავალში? რახან ამ რუბრიკას კითხულობთ, მართლმეტყველება თქვენი ინტერესის საგანია და შესაბამისად, ყველა ამ კითხვაზე პასუხიც საინტერესო იქნება თქვენთვის.

როგორ გაჩნდა იდეა?

იდეა დაიბადა სულ სხვა საქმის კეთებისას. ეს ერთგვარი „გვერდითი პროდუქტია“. ბოლო ხუთი წელი გერმანიაში მონაცემთა მეცნიერების სფეროში ვიმუშავე. გენეტიკოსებს ვეხმარებოდი თავიანთი მონაცემების დამუშავებაში. მონაცემთა მეცნიერება, მარტივად რომ ვთქვათ, ქმნის ალგორითმებს, რომლებსაც დიდი რაოდენობის მონაცემების, ე.წ. მეგამონაცემების დამუშავება, კანონზომიერებების აღმოჩენა, ანალიზი და ინტერპრეტირება შეუძლიათ. მუშაობის პროცესში აღმოვაჩინე, რომ რაც გენეტიკაში გენებია, ის ლინგვისტიკაში სიტყვებია. რაც გენომია გენეტიკაში, ის ლინგვისტიკაში არის გრამატიკული ცხრილები, ენაც ისევე განიცდის მუტაციას, როგორც ორგანიზმი და ის მემკვიდრეობით გადმოგვეცემა...

ზოგადად, ჩემი ინტერესი ყოველთვის იყო ბუნებრივი ენის დამუშავების მეთოდოლოგია (NLP), რაც ქართულად, შეიძლება ითქვას, არც გვაქვს. ლინგვისტიკა კი დიდი ხანია, რაც მაინტერესებს, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, როცა კროსვორდებს ვადგენდი. ამისთვის ლექსიკონებს ვამუშავებდი და სიტყვებს ვუკირკიტებდი...

ამ საქმიანობამ იმდენად გამიტაცა, პროფესიულ არჩევანზეც კი იმოქმედა. ვისწავლე პროგრამირება, შორეულ 2000-იანებში ქართულ ენაზე კროსვორდის შესადგენი პროგრამა დავწერე, პროგრამისტი გავხდი, შემდეგ ავსტრიაში ვსწავლობდი კომპიუტერულ მეცნიერებას და საბოლოოდ მონაცემთა მეცნიერებაზე შევჩერდი. როცა გადავწყვიტე, ენის კომპიუტერული დამუშავების მეთოდოლოგია შემექმნა, ეს გამოცდილება ძალიან გამომადგა.

ამ ეტაპზე გაჩნდა დიდი დაბრკოლება - ქართულ ენაზე არ იყო ხელმისაწვდომი ტექსტები, რათა კორპუსი შემექმნა. დავიწყე ტექსტების შეგროვება. ორი წელიწადი ვაგროვებდი ტექსტებს. 3500 წიგნი, ფეისბუქის გვერდები, ფორუმების პოსტები, ერთ მილიონამდე „ნიუსი“ სააგენტოებიდან - ეს ყველაფერი გროვდებოდა ჩემს საცავში. სადაც კი რამეს მივწვდი, ყველაფერი გადმოვქაჩე და 24 გიგაბაიტიანი კორპუსი შევაგროვე. მილიარდ ორმოცდაშვიდი მილიონი სიტყვა დამიგროვდა. აქამდე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მილიარდიანი კორპუსი ქართულად არ არსებობდა და ეს მონაპოვარი თავისთავად ღირებული რამ გახლავთ უკვე.

რა ეტაპზე გადახვედით ამის შემდეგ?

ჩემს მარაგში 9 მილიონზე მეტი უნიკალური სიტყვაა. სიტყვების ვალიდაციისთვის ქართული ეროვნული კორპუსი გამოვიყენე. ეროვნულმა კორპუსმა აჩვენა, რომ დაახლოებით 3 მილიონი მორფოლოგიურად ვალიდური სიტყვაა, სწორად ეს 3 მილიონი სიტყვა დაედო საფუძვლად ქართული ენის კომპიუტერულ მოდელს, რომელიც შევქმენი.

ამ ეტაპზე ეს მოდელი 93 500 არაზმნური სიტყვის ფორმებს და 7500 ზმნის ფუძის (რაც დაახლ. 17500 ზმნის ლემაა) ფორმებს შეიცავს. ყველა ფორმა რომ დავაჯამოთ, რისი გენერაციას მოდელს შეუძლია რამდენიმე ასეულ მილიონ სიტყვას მივიღებთ. ეს წარმოუდგენელი რიცხვია. მაგალითად სიტყვა "მეცნიერს" ქართულში 1000-მდე ფორმის წარმოება შეუძლია, აქამდე ამისი წარმოდგენაც კი არ შემეძლო.

როდის გადაწყვიტეთ, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო პლატფორმა და მეტიც, თითოეულ მსურველს შეძლებოდა წვლილის შეტანა?

პანდემიის დროს კარანტინის პერიოდი წიგნების გაციფრულებას და მოდელის შექმნას მოვანდომე. შემდეგ ჩემმა მეგობარმა, თამარ ფეიქრიშვილმა, რომელიც ჩემი კოლეგაცაა, შემომთავაზა ვებვერსიის გაკეთება. გადავწყვიტე, ეს ყოფილიყო გამჭვირვალე, ღია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ამასთან, ვიკიპედიის მსგავსად, მომხმარებლებს თავადაც მიეღოთ მონაწილეობა დახვეწასა და შევსებაში.

თუ საიტის მომხმარებელი ისეთ სიტყვას წააწყდება, რომელსაც ჩვენი ანალიზატორი „უცნობად“ აღიქვამს, ჩასანაცვლებელ სიტყვებში კი სწორ ვერსიას არ გთავაზობთ, მას შეუძლია „დამატებას“ დააჭიროს და ანალიზატორის ლექსიკური მარაგის შევსებაში მოგვეხმაროს.

რამდენად დაცულია სისტემა იმისგან, რომ ასეთ პირობებში სანდო, გადამოწმებული და სწორი ვერსიები აღმოჩნდეს საბოლოოდ საცავში?

ღია, გამჭვირვალე პროცესი ჩემთვის მნიშვნელოვანია. დიახ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შესწორება და მისი აზრით სწორი ვარიანტის დამატება, მაგრამ რისკისგან თავის დასაცავად მაქვს ფილტრი, რომელსაც ყველა დამატებული ვარიანტი გაივლის. ეს ფილტრი სანდო სტანდარტს ექვემდებარება - სწორ და საბოლოო ვერსიებად საცავში ხვდება მხოლოდ ის ნორმები, რომლებიც დასტურდება ორთოგრაფიულ ლექსიკონებში. თანაც, მოწმდება ოთხი ორთოგრაფიული ლექსიკონი. თუ ოთხივეში ფორმა ერთია, შემდგომი გადამოწმება აღარ ხდება.

მაგრამ ზოგჯერ ორთოგრაფიულები სხვადასხვა ვარიანტს გვთავაზობენ. ამ შემთხვევაში მე არ მაქვს უფლება, რომელიმეს „მივენდო ბრმად“, ამიტომ ვამოწმებ სპეციალისტებთან - ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები ძალიან გვეხმარებიან და საორჭოფო შემთხვევებზე ყოველთვის მათგან ვიღებ რჩევებს.

მაშ, ორთოგრაფიული ლექსიკონები, სპეციალისტთან შეთანხმებული ნორმა და ასევე - გამოყენების სიხშირე გახლავთ ის „დამცავი ბარიერები“, რასაც მომხმარებლის მიერ დამატებული სიტყვა გაივლის, სანამ საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს მცდარ-მძებნელზე. მიუხედავად ამისა, შეცდომებისგან დაზღვეული არ ვართ, ამიტომ ჩვენს მომხმარებლებთან მუდმივი კავშირი სრულყოფის მთავარ საშუალებად მიგვაჩნია.

გამოყენების სიხშირის თვალსაზრისით საინტერესოა, რა მდგომარეობაა. არის ფორმები, რომელთა სწორი, გრამატიკულად გამართული ვარიანტები ცნობილია, მაგრამ ხალხური მეტყველება მაინც „ვერ ირგებს“ და პარალელურ ფორმას იყენებს. საინტერესო იყო სიტყვა „მინახავხარის“ შემთხვევა, რომელიც გრამატიკულად, თითქოს, სწორად მიიჩნეოდა, მაგრამ სპეციალისტებიც კი არ იყენებდნენ და საბოლოოდ, 2016 წლის ორთოგრაფიულში ხალხურ მეტყველებაში დამკვიდრებული „მინახიხარ“ პარალელურ ფორმად ჩაიწერა. რა პარალელური ფორმები გხვდებათ თვალში პროცესში?

მინახავხარ 70-იან წლებში მიიღეს სალიტერატურო ნორმად, თუმცა მაშინაც აღინიშნებოდა, რომ ეს ფორმალური წარმონაქმნი ვერ დაიმკვიდრებდა ადგილს და ასეც მოხდა. აი, ვახსენე, რომ ზოგჯერ ორთოგრაფიულ ლექსიკონებში შეუსაბამობაა ხოლმე. ასეთ დროს გამოყენების სიხშირესაც ვაკვირდები. ვამოწმებ, ყოველ მილიონ სიტყვაზე როგორია გამოყენების სიხშირე და თუ ფორმა ასზე მეტ შემთხვევაში მხვდება, პარალელურ ფორმად მივიჩნევ. შემდეგ ვაზუსტებ სპეციალისტებთან.

ისეც ხდება, რომ სპეციალურ ლიტერატურაში ერთი ფორმაა გამოყენებული და ნორმა სხვაა. ასეთია, მაგალითად, არასწრულწლოვანის/არასრულწლოვნის ფორმა. სისხლის სამართლის კოდექსში შეკუმშულია და 38-ჯერ შეკუმშულადაა მოხსენებული, ორთოგრაფიულებში - ნაწილში შეკუმშულია, ნაწილში - უკუმშველია.

ასევე კონსერვატიულისა და ფაკულტატიურის შემთხვევაშიც არაა მარტივად საქმე. გამოყენების სიხშირით სჭარბობს ფაკულტატური და კონსერვატული, ორთოგრაფიულები კი საპირისპიროს გვიჩვენებს.

იდეალიზება-იდეალიზირება, რეკომენდება-რეკომენდირება - გამოყენების სიხშირის თვალსაზრისით აქაც არაა მკაფიოდ გამიჯნული ფორმები, თუმცა დამკვიდრებულია იდეალიზება-რეკომენდება ფორმები, მაგრამ რას ეყრდნობა ეს გადაწყვეტილება, გაუგებარია. ერთი მხრივ, აღნიშნულია, რომ რუსულის გავლენითაა ამ ფორმებში „ირ“ ჩართული, მაგრამ საიდანაც რუსულში დამკვიდრდა (გერმანულიდან), იქაც ეს ფორმაა. შესაბამისად, გადასაწყვეტია, რატომ ვიღებთ ერთ შემთხვევაში და ვტოვებთ მეორე შემთხვევაში. კასტრირება და რატიფიცირება - ამ ფორმებში შენარჩუნებულია. რეკომენდირება - აქ არა.

რას ენიჭება უპირატესობა?

სანდოობა, სისწრაფე და მრავალფეროვნება - ეს გახლავთ უმთავრესი ღირებულებები, რასაც მუშაობისას ვეყრდნობით. სანდოობა მიიღწევა გამჭვირვალობის გზით და პროცესში ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

სისწრაფე ახსენეთ. რამდენად სწრაფად იღებს მომხმარებელი „გასწორებულ“, აწითლებულ ვარიანტს?

ბუნებით პერფექციონისტი ვარ. ჩემი სტანდარტი არ არის საშუალო. მოთხოვნები ყოველთვის მაღალი მაქვს. ორი თვე დავხარჯე იმაში, რომ დამაკმაყოფილებელი სიჩქარე მიმეღო. ოცამდე მცდელობა დამჭირდა, რომ მოდელი დამაკმაყოფილებელი სისწრაფის ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს, ჩემს კომპიუტერში მივიღე ის სიჩქარე, რომელიც მაკმაყოფილებდა. შემდეგ, ვებსაიტზე გადატანისას, სიჩქარემ დაიკლო და ახალი ალგორითმი დავწერეთ, რომელმაც კვლავ სასურველ სიჩქარეზე გაგვიყვანა. ახლა „მძებნელი“ (როგორც მას შემოკლებით უწოდებენ), ტექსტს უსწრაფესად ამოწმებს. წარმოიდგინეთ რომ 1500 გვერდიანი წიგნი (400 ათას სიტყვაზე მეტია ამ წიგნში) შვიდ-რვა წამში მოწმდება სერვერზე.

ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, „მცდარ-ბეჭდილ-მძებნი“ ქართული ენის მოყვარულმა ენთუზიასტების ჯგუფმა შექმნა, რომლებიც საკუთარ თავს „მცდარბეჭდილის საძმოს“ უწოდებენ. გაგვაცანით „ენთუზიასტების ჯგუფი“, „საძმო“...

სულ ორნი ვართ. მე და ჩემი მეგობარი და კოლეგა, თამარ ფეიქრიშვილი. მე ვქმნი შინაარსს - ენის კომპიუტერულ მოდელს და ლექსიკონს, თამარ ფეიქრიშვილი - ფორმას. „მცდარბეჭდილის საძმოს“ სახელწოდებაც თამარის მოფიქრებულია, ტოლკინის „ბეჭდის საძმოს“ ანალოგით. გენდერული ბალანსი „საძმოშიც“ დაცული გვაქვს, ასე რომ სახელდებაში გენდერულ მიკერძოებულობას ნუ დაგვწამებენ.

ცოტა ხნის წინ ფეისბუქის გვერდი გავაკეთეთ, „მცდარბეჭდილის საძმო“, სადაც ვმსჯელობთ ხოლმე აქტუალურ საკითხებზე. თავიდან მეგონა, ჯგუფში მხოლოდ მეგობრები დაემატებოდნენ, მაგრამ მოულოდნელად ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი. ემატებიან ენის სპეციალისტები, ენათმეცნიერები, მასწავლებლები. ფასდაუდებელ რჩევებს ვიღებთ ხოლმე მათგან, განვიხილავთ მნიშვნელოვან ენობრივ პრობლემებს, ვბჭობთ, როგორ გავაუმჯობესოთ საიტი, ვიღებთ რჩევებსა და რეკომენდაციებს.

„მცდარ-ბეჭდილ-მძებნზეც“ ვიტყვი. ეს აღმნიშვნელი, მცდარბეჭდილი, ლექსიკონში ვნახე. მომეწონა და „გავაცოცხლე“. ერთხელ ვიხუმრე, ჩემს საიტს მცდარ-ბეჭდილ-მძებნი უნდა დავარქვა-მეთქი და ასეც შერჩა. კარგად მოვირგეთ ეს სახელი. მაგალითად, გუგლით ძიებისას პირდაპირ ჩვენ მოგვადგება მომხმარებელი, გარდა ამისა, ბრენდის სპეციალისტებმაც მოგვიწონეს, როცა უკვე გამოვაქვეყნეთ, ასე რომ ერთი საინტერესო სიტყვაც გავაცოცხლეთ ლექსიკონიდან და უნიკალური სახელიც დავირქვით, თუმცა საიტის დასახელებაზე როცა მიდგა ჯერი, www.spellchecker.ge ვარჩიეთ, ინგლისური ასოებით ჩაწერილი მცდარ-ბეჭდილ-მძებნი არ იქნებოდა კარგი იდეა.

მრავალფეროვნება ახსენეთ. რამდენადაც ვიცი, მხოლოდ მორფოლოგიური შემმოწმებლით არ დაკმაყოფილდებით და სამომავლოდ კიდევ აპირებთ საიტის განვითარებას. რა გეგმები გაქვთ?

სემანტიკური და სინტაქსური შემოწმებაც გვინდა დავამატოთ სამომავლოდ. მაგალითად, საიტის არსებულ ვარიანტში სიტყვათშეთანხმება „ ფული ამიჩუყდა“ არ იქნება მონიშნული მცდარად, რადგან ორივე შემადგენელი სწორად წერია მორფოლოგიურად და ესეც მორფოლოგიური ანალიზატორია. სემანტიკურ ელემენტსაც თუ დავამატებთ, კონტექსტუალური შემოწმებაც დაემატება და ამ შემთხვევაში სისტემა განსაზღვრავს, რომ ფული კი არა, გული უნდა იყოს. ამრიგად, მორფოლოგიურ ანალიზატორზე გაჩერებას არ ვაპირებთ, სიახლეების შესახებ მალე შეიტყობენ ჩვენი საიტის მომხმარებლები.

ასევე ბარბარიზმის ჩასანაცვლებელ მოდულზე ვმუშაობთ. მაგალითად, ტექსტში წერია „დავალაიქე“. გადავწყვიტეთ, რომ ამ შემთხვევაში კი არ გაწითლდეს ფორმა, არამედ გალურჯდეს და ამასთან, გამოვიდეს სწორი ვარიანტიც. ცოტა ხნის წინ ერთმა მომხმარებელმა მოისურვა „ლინეარულის“ დამატება. როცა ბარბარიზმებზე მუშაობა დასრულებული გვექნება, მსგავს შემთხვევებში სწორ ვარიანტს დაინახავს დაინტერესებული პირი და დაიმახსოვრებს კიდეც, რომ „ლინეარული“ ქართულად „წრფივია“.

ამდენად, საიტს შემეცნებითი ფუნქციაც ექნება და გარკვეულ წვლილსაც შეიტანს მშობლიური ენის დაცვაში. მაგალითად, დღეს ბევრმა შეიძლება არ იცოდეს რომ „დუტის“ შესატყვისი „ბამბულაა“. ჩვენს საიტზე რომ მოინიშნება ლურჯად და შეეთავაზება მომხმარებელს შესატყვისი, გააქტიურდება ეს ფორმა და ხალხურ მეტყველებაშიც ადვილად დამკვიდრდება.

მკვლევრებმა, დარგის სპეციალისტებმა, დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება არც იცოდნენ, რომ არსებობს და უკვე შემუშავებულია გარკვეული ტერმინები. თქვენი ინტერნეტსაიტი ამ მხრივ ფასდაუდებელი რესურსი შეიძლება გახდეს. ტერმინთბანკი თუ არის თქვენთვის ხელმისაწვდომი და როდის ექნებათ მომხმარებლებს საშუალება, არსებული შესატყვისები მოიძიონ მცდარ-ბეჭდილ-მძებნზე?

როცა საიტი ამუშავდა, ინტერესი მის მიმართ გაჩნდა და თუ დაფინანსება მოვიპოვეთ, აუცილებლად დავიმატებთ სპეციალისტებს, რათა უფრო სწრაფად შევთავაზოთ ქართულენოვან მომხმარებელს მეტად დახვეწილი მომსახურება. ტერმინთბანკი არსებობს და სპეციალისტები ბევრს შრომობენ ამ მიმართულებით, მაგრამ რამდენმა იცის მისი არსებობა და ვის მიუწვდება ხელი იქამდე? ძალიან მნიშვნელოვანია, ფართო წრისთვის გახდეს ცნობილი, წინააღმდეგ შემთხვევაში თაროებისთვისაა განკუთვნილი და ცოდოა ის შრომა, რაც ქართველმა მეცნიერებმა გასწიეს ტერმინების შემუშავებისთვის. ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები ყოველთვის გვეხმარებიან, მათგან სიახლეებსაც ვიგებ ხოლმე.

მაგალითად, ერთ-ერთი მოხსენება მოვისმინე, სადაც შპალის შესატყვისად განძელი (განივი ძელი) იყო შემოთავაზებული. მშვენიერი შესატყვისია, მაგრამ რამდენს ეცოდინება? რამდენი გამოიყენებს? აკადემიური მონაპოვარი და თანამედროვე ტექნოლოგიები საჭირო ტანდემს შექმნიან.

ჩვენ ძალიან გვინდა, ეს პროდუქტი გახდეს მასობრივი. ეს ინტერესი კი საერთოა. საიტი მუდამ იქნება უფასო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც ტექსტის გასწორება დასჭირდება. მომავალში ჩვენ გვექნება კომერციული შემოთავაზებებიც, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მცდარ-ბეჭდილ-მძებნის ძირითადი ვერსია იყოს უფასო, საყოველთაო და სანდო პროდუქტი. ეს ასეც იქნება.

ვრცელმა, საინტერესო და თვალსაჩინოებებით სავსე ინტერვიუმ ბევრი საფიქრალი დამიტოვა. გამოიყო რამდენიმე პრობლემა, რასაც სპეციალისტებიც და დაინტერესებული პირებიც ვაწყდებით ყოველდღიურად. მაგალითად, ის, რომ ორთოგრაფიულ ლექსიკონებში ხშირად სხვადასხვა ვარიანტია მოცემული, ასევე - სხდომებსა და კონფერენციებზე მიღებული გადაწყვეტილებები ნაკლებადაა ხოლმე ხელმისაწვდომი ფართო აუდიტორიისთვის. ამ მხრივ ნამდვილადაა საჭირო გააქტიურება.

ინტერვიუს გაშიფვრა და აწყობა რომ დავასრულე, www.spellchecker.ge-ზე შევედი, დაკოპირებული ტექსტი შესაბამის უჯრაში ჩავსვი და ათზე მეტი შეცდომა სწრაფად და ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე გავასწორე. ეს მორფოლოგიური შემმოწმებელი სასწრაფოდ დავამატე „სწრაფ-მძებნელ-სანიშნს“ და მზაკვარ კორექტურებსა და გაპარულ მორფოლოგიურ შეცდომებზე ღელვაც წარსულს ჩავაბარე.
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
„ხალხია ენის კანონის დამდები და არა ანბანთ თეორეტიკა“
ილია ჭავჭავაძე


სასაუბრო ენა, ხალხური მეტყველება ხშირად განსაზღვრავს ხოლმე სალიტერატურო ნორმას. სხვადასხვა მიზეზის გამო გრამატიკულად გამართული სიტყვა ხალხურმა მეტყველებამ, შესაძლოა, „ვერ მოირგოს“. ასეთ შემთხვევაში, მიუხედავად არსებული ნორმისა, „მცდარი“ ფორმა „მყუდროდ მოკალათდება“ მეტყველებაში, მხატვრულ ან არამხატვრულ ლიტერატურაში და ადრე თუ გვიან აუცილებლად იქცევა ჯერ პარალელურ (ანუ დასაშვებ) ფორმად, მერე კი სალიტერატურო ნორმადაც. მაგალითად, სწორედ ასე მოხდა ზმნა „მინახავხარის“ შემთხვევაში (დღესდღეობით უკვეა მონიშნული პარალელურ ფორმად გრამატიკულად მცდარი, თუმცა ცოცხალ მეტყველებაში დამკვიდრებული ფორმა „მინახიხარ“).

2017 წელს „ფილოლოგის სვეტში“ გამოქვეყნებული ბლოგი -ეულ და -ურ სუფიქსიანი სიტყვების მართლწერას შეეხებოდა. შესავალ აბზაცში წერია:

„წერილობით თუ ზეპირ მეტყველებაში, სარეკლამო აბრებსა და მედიაში ხშირად გვხვდება აღმნიშვნელები „პირველადი“ და „მეორადი“. ამათგან მეორე მცდარი ფორმაა, თუმცა იმდენად დამკვიდრებული, რომ სწორ ფორმას „მეორეული“ მხოლოდ ორთოგრაფიულ ლექსიკონებსა და გრამატიკის სახელმძღვანელოებში თუ მოკრავთ თვალს“, შემდგომ კი, იმ დროს არსებული ნორმის თანახმად, მკითხველი ეცნობა (იმ დროისთვის) სწორ ფორმას:

„ქართული ენის სიტყვათწარმოების წესების თანახმად უნდა გამოვიყენოთ ე უ ლ სუფიქსი და შესაბამისად, უნდა ვთქვათ და დავწეროთ მ ე ო რ ე უ ლ ი ( მესამეული, მეოთხეული...) და არა მეორადი ( მესამადი, მეოთხადი...)“.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის სხდომაზე, რომელიც 2019 წლის 6 დეკემბერს გაიმართა, დამტკიცდა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა ახალი რედაქცია. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია იმ ცვლილებების მკითხველისთვის გაცნობა, რაც ამ რედაქციაშია აღნუსხული:

„ფორმათაგან მეორეული და მეორადი დასაშვებად იქნეს მიჩნეული ორივე თავ-თავისი ნიუანსობრივი სხვაობის გათვალისწინებით:

სამეცნიერო ტერმინოლოგიაში (ძირითადად) – მეორეული:

მეორეული მოვლენა, მეორეული დაავადება... რაიმეს ხელახალი გამოყენების ან დამატებითი ფუნქციის აღსანიშნავად – მეორადი:

მეორადი ფაკულტეტი, მეორადი ავეჯი...

საორჭოფო და ბევრისთვის გაუგებარი იყო უცხოური წარმოშობის რიცხვითი სახელებისგან ნაწარმოები რიგობითების მართლწერა. მედიასაშუალებებში მილიონისა და მილიარდის გამოყენებით ნაწარმოები რიგობითი რიცხვითი სახელების დაწერილობის სხვადასხვაგვარი ვარიანტი გვხვდება. უნდა ითქვას, რომ „უცხოური წარმოშობის რიცხვითი სახელებისაგან (მილიონი, მილიარდი...) ნაწარმოებ რიგობით რიცხვით სახელებში მილიონის და მისთ. მსაზღვრელი სახელი ფუძის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი“.

შესაბამისად, სწორი იქნება:

მეექვსმილიონე

მეშვიდმილიონე...

ხშირია შეცდომები რიგობით რიცხვით სახელებზე თანდებულისა და ნაწილაკის დართვისას.

რომელია სწორი - 55-ეში თუ 55-ში? 35-სთან თუ 35-ესთან?

წესის თანახმად, და კავშირიანი რიგობითი რიცხვითი სახელების არაბული ციფრებით გამოსახვისას მათ მხოლოდ ბოლოში უნდა დაერთოს -ე სუფიქსი - 55-ე, 35-ე;

იგივე პრინციპია შენარჩუნებული თანდებულის დართვის შემთხვევაშიც.

თუ რიცხვს ბოლოსართი დაერთვის, თანდებულიანი რიგობითი რიცხვითი სახელის დაწერისას რიგობითობის აღმნიშვნელი -ე სუფიქსიც უნდა დაიწეროს. შესაბამისად, სწორი იქნება:

55-ეში

35-ესთან
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი

ბოლო ხანებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა კულინარიული გადაცემები. ონლაინ თუ ბეჭდური გამოცემებიც ხშირად გვთავაზობენ „უკარგესი“, „უტკბილესი“, „ჯინჯერიანი“ ნამცხვრებისა თუ ორცხობილების რეცეპტებს.

მედიაჩეკერის ბლოგი ამჯერად „კულინარიულ ორთოგრაფიას“ დაეთმობა.

თუ პირველ აბზაცში ჩამოთვლილი ზედსართავი სახელები გეხამუშათ და მათი სწორი შესატყვისებიც უმალ გაგახსენდათ, მომდევნო აბზაცი გამოტოვეთ. თუ არა - დაიმახსოვრეთ, რომ აღმატებითი ხარისხის წარმოებისას ზოგიერთი ზედსართავი სახელი გარკვეულ თავისებურებას ავლენს და ბოლოკიდურ მარცვალს მთლიანად „იშორებს“. ყველაზე ხშირად შეცდომებს უშვებენ ხოლმე სამი ზესართავი სახელის აღმატებითი ( უფროობითი) ან ოდნაობითი ხარისხის წარმოებისას. ეს ზედსართავებია სქელი, ტკბილი და გრძელი.

სწორია:

  • სქელი - მოსქო - უსქესი;
  • ტკბილი - მოტკბო - უტკბესი;
  • გრძელი - მოგრძო - უგრძესი.

შესაბამისად, ნამცხვარი ვერ იქნება „უტკბილესი“. სწორია - უტკბესი.



„ჯინჯერისა და ლიმნის ჩაი“

ეს სასარგებლო და სასიამოვნო სასმელი ზამთრის სუსხიანი დღეებისთვის ზედგამოჭრილია, მართლწერის თვალსაზრისით კი რეცეპტის სათაური მოიკოჭლებს.

ჯინჯერს ქართულად კოჭას ან ჯანჯაფილს (საკუთრივ ეს სიტყვა - სპარსული წარმოშობისაა) ვუწოდებთ. ამ ტროპიკული ეთერზეთოვანი მცენარის ფესვს კულინარიაში სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად იყენებენ. ჩაის მომზადებისას მკვეთრი გემოს გასანეიტრალებლად ლიმონსა და თაფლს უმატებენ ხოლმე, ოღონდ ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ და დავწეროთ:

ჯანჯაფილის (კოჭას) ჩაი ლიმონით.

ლიმონი უკუმშველი სიტყვაა და, შესაბამისად, „ლიმნით“ - მცდარი ფორმაა.

უკარგესი და უცუდესი

ლექსიკური მარაგის სიმწირე, ღარიბი აქტიური ლექსიკა სწორედ ამგვარი მცდარი ფორმების გამოყენებისას ვლინდება. ქართულ ენაში ბევრი სხვადასხვა აღმნიშვნელით შეიძლება იმის გამოხატვა, რასაც უმართებულო ფორმები „უკარგესი“ და „უცუდესი“ აღნიშნავს.

დავიმახსოვროთ!

ზედსართავი სახელის ცუდი აღმატებითი ხარისხის ფორმა უ-ეს აფიქსების დართვით არ იწარმოება.

  • არასწორია უ-ცუდ-ეს-ი;
  • სწორი ფორმაა – უარესი.

ასევე - ზედსართავი სახელის კარგი აღმატებითი ხარისხის ფორმაა საუკეთესო და არა უკარგესი...
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
ქვოტა-კვოტა, ქვორუმი-კვორუმი, ადექვატური-ადეკვატური, ექვივალენტი - ეკვივალენტი და მარადიული კითხვა - რომელია სწორი?

ბლოგში ამ აქტუალურ საკითხს შევეხებით.

შევეცდებით გავარკვიოთ, რატომ გვიჩენს ლათინური ანბანის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათად ხმარებული ასო-ბგერა Q ამდენ საფიქრალს და როგორ გადავწყვიტოთ დილემა - რომელია სწორი!

ჩვენს მშვენიერ მშობლიურ ენაში უცხოური ენებიდან ნასესხებ სიტყვებს შორის გარკვეული რაოდენობითაა შემოსული ლათინური წარმოშობის სიტყვები.

მათგან იმ სიტყვებში, რომლებშივ გვხვდება QU წყვილი ( ამ „ტანდემს“ მყარ ჯგუფსაც უწოდებენ. Q ლათინური ენის დანარჩენ ასოთაგან ყველას არ ერწყმის, U-სთან კი „განსაკუთრებული ურთიერთობა“ აკავშირებს) ხშირად უშვებენ შეცდომას ზეპირი ან წერითი მეტყველებისას, რადგან ქართულში გვაქვს ქ და კ თანხმოვნები.

რომელი თანხმოვანი ან თანხმოვანთა ჯგუფი შეესატყვისება ტრანსლიტერაციის წესების თანახმად QU ჯგუფს?

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინგლისური ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესების თანახმად, QU კომპლექსი კვ ჯგუფით უნდა გადმოვიდეს იმ შემთხვევაში, თუ QU-ს მოსდევს A ან O.

შესაბამისად, ერთადერთი სწორი დაწერილობაა:

კვოტა

კვორუმი

ადეკვატური

ეკვივალენტი

იმ შემთხვევაში, თუ QU კომპლექსს მოსდევს e ან i, გადმოქართულებისას გვექნება ქვ.

მაგალითად, სწორია ქვინსი და არა კვინსი, ქვინი ( Queen) და არა კვინი.
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი

სტატიების, პუბლიცისტური წერილების, ნაშრომების ბოლო აბზაცებში ხშირად გვხვდება ხოლმე სიტყვები  „დასასრულ/დასასრულს“, „დაბოლოს“, „ბოლობოლო“.

ხშირია „დასასრულ“ და „დასასრულს“ ფორმების უმართებულო აღრევა. რომელია მოცილე სიტყვათაგან სწორი და რომელი არასწორი?

საინტერესო ისაა, რომ ორივე სიტყვა გამართულია ორთოგრაფიულად, შეცდომა კი მაშინ მოსდით ხოლმე, როდესაც არასწორი მნიშვნელობით და უმართებულო კონტექსტში იყენებენ მათ.

წერილობითი ან ზეპირი მსჯელობისას დამამთავრებელ სიტყვა-თქმად უნდა გამოვიყენოთ „დასასრულ“. ეს ნიშნავს, რომ მოქმედება დასასრულს უახლოვდება და მსჯელობის დასრულებამდე კიდევ რაღაც დარჩა გასარკვევი, სათქმელი, გასაცხადებელი.

არის კონტექსტი, როდესაც აღმნიშვნელი „დასასრული“ გამოყენებულია საზღვრულად - რაღაცის ბოლო ნაწილის, დამთავრების, დაბოლოების მნიშვნელობით. ამ შემთხვევაში სიტყვა მიცემითი ბრუნვის ფორმით უნდა წარმოითქვას ან დაიწეროს.

კიდევ ერთხელ:

თუ სიტყვა ცალკე გვინდა გამოვიყენოთ და მოქმედების დასასრულის მოახლოება უნდა ვამცნოთ მკითხველს ( მსმენელს), მაშინ იგი „შიშველი“, უბრუნვისნიშნო ფორმით უნდა ვიხმაროთ და მძიმითაც გამოვყოთ.

მაგალითად, როგორც ჩვენი წინა ბლოგის ბოლოსაა:   დასასრულ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება...

თუ სიტყვა დასასრული რაღაცის ბოლო ნაწილის, დამთავრების მნიშვნელობით გვინდა ვიხმაროთ, მიცემითი ბრუნვის ნიშნის დართვა სავალდებულოა.

მაგალითად:  საპარლამენტო სხდომის დასასრულს ( სხდომის ბოლოს) გაიმართა დებატები.

ამ შემთხვევაში მძიმის დართვა საჭირო არ არის.

„დასასრულ“ მნიშვნელობით შეიძლება გამოვიყენოთ ფორმა „დაბოლოს“.

ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ეს სიტყვები სინონიმებადაა წარმოდგენილი (დასასრულ (ზმნს.) - ბოლოს, დაბოლოს, უკანასკნელ).

რაც შეეხება ფორმას „ბოლობოლო“ - ეს ფორმა კავშირიანი „ბოლოს და ბოლოს“ შემოკლებული ვარიანტია და თანამედროვე სალიტერატურო ნორმად არ მიიჩნევა.

ბოლო ფუძის გაორმაგებით მიღებული გამოთქმის „ბოლოს და ბოლოს“ შემოკლებული ვერსია ზოგჯერ დეფისითად გვხვდება ხოლმე (ბოლო-ბოლო).

ერთადერთი სალიტერატურო ფორმა არის ბოლოს და ბოლოს.

კატეგორია: ფილოლოგის სვეტი

როგორ შეეწყობა კავშირი „რომელიც“ რიცხვში მისათითებელ სიტყვას?

თუ მისათითებელი სიტყვა უსულოა და მრავლობითში, როგორ „იქცევა“ „რომლებიც“?

თუ მისათითებელი სიტყვა კრებითია ან „და-ძმის“ ტიპის კომპოზიტია?

ფილოლოგის სვეტში ამჯერად რთულ წინადადებაში „რომელიც“ წევრ-კავშირის რიცხვში შეთანხმებას მიმოვიხილავთ.

1.   თუ მთავარ წინადადებაში სიტყვა, რომელსაც მიემართება ( შემდგომ - მისამართი სიტყვა) „რომელიც“ მხოლობით რიცხვშია, წევრ-კავშირიც მხოლობითში შეეწყობა:
 
წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო.


 2.   თუ მთავარი წინადადების მისამართი სიტყვა მრავლობითშია, „რომელიც“ ასევე მრავლობითში იქნება. ამ შემთხვევაში, წესის თანახმად, მნიშვნელობა არ აქვს იმას, მთავარ წინადადებაში სიტყვა, რომელსაც მიემართება წევრ-კავშირი, უსულოა თუ სულიერი. შესაბამისად, სწორი იქნება:
 
წიგნები, რომლებიც უნდა წაიკითხო.
მწერლები, რომლებიც დაჯილდოვდნენ.


3.    თუ მთავარი წინადადების მისამართი სიტყვა ერთზე მეტი რაოდენობის აღმნიშვნელი სიტყვითაა განმარტებული, თვითონ მისათითებელი სიტყვა მხოლობითში იქნება, დამოკიდებული წინადადების წევრ-კავშირი „რომელიც“ კი მრავლობითში უნდა იყოს.

 

განვიხილოთ ეს წესი უფრო დეტალურად:

გამომცემლობა გვთავაზობს ხუთ წიგნს, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხო.

ეს წინადადება შედგება მთავარი და დამოკიდებული წინადადებებისგან. მთავარ წინადადებაში მისამართი სიტყვაა წიგნი ( რომელსაც მიემართება წევრ-კავშირი „რომლებიც“). მისამართ სიტყვას მსაზღვრელად ახლავს ისეთი სახელი, რომლის ლექსიკური მნიშვნელობაც ერთზე მეტს გულისხმობს( ამ შემთხვევაში ესაა რაოდენობითი რიცხვითი სახელი - ხუთი). დღესდღეობით არსებული წესის თანახმად, თუ მისამართი სიტყვა ერთზე მეტი რაოდენობის აღმნიშვნელი სახელითაა განსაზღვრული, „რომელიც“ შეეწყობა ამ რაოდენობას და თავადაც უნდა „მოირგოს“ მრავლობითი რიცხვი. 


4.    თუ მთავარ წინადადებაში მისამართი სიტყვა „და-ძმის“ ტიპის კომპოზიტია, წევრ-კავშირი კვლავ მრავლობითში შეეწყობა მას. 

 

ცოლ-ქმარი, რომლებიც საზღვარზე დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებს. 

(ამ შემთხვევაში შემასმენელი კომპოზიტს მხოლობითში შეეწყობა. შემასმენლისა და ქვემდებარის რიცხვში შეწყობის საკითხი ერთ-ერთ სვეტში უკვე მიმოვიხილეთ). 


5.   თუ მისამართი სიტყვა კრებითი სახელია, წევრ-კავშირი „რომელიც“ მხოლობითში შეეწყობა მას:

სტუდენტობას, რომელიც საკუთარ უფლებებს იცავს, ადვილად ვერ გააცურებ.


დასასრულ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება, რომელიც აქ ჩამოწერილთაგან მესამე წესს ეხება:

საკითხისადმი დამოკიდებულება სამეტყველო ენაში და სპეციალისტთა ფართო წრეში არაერთგვაროვანია. არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს წესი („რომელიც“ წევრ-კავშირის რიცხვში შეთანხმება ერთზე მეტი რაოდენობის აღმნიშვნელ სახელებთან) საბოლოო ენობრივი ნორმის დადგენას საჭიროებს და მნიშვნელოვანია მსჯელობა. მოხარული ვიქნებით, თუ საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევით ხელს შევუწყობთ კვლევას.

კატეგორია: ფილოლოგის სვეტი

ონლაინ და ბეჭდური მედია ხშირად უცვლელად სთავაზობს ხოლმე მკითხველს სოციალური ქსელიდან „ნასესხებ“ კომენტარებსა და მოსაზრებებს. მათში საკმაოდ ხშირია ერთი ტიპის შეცდომები - ავ და -ამ თემის აღრევა ან უმართებულო გამოყენება.

ვიცვავ თუ ვიცვამ? აღვიქვავ თუ აღვიქვამ?

დავაკვირდეთ, დასახელებულ ზმნებში ერთმანეთს ენაცვლება -ავ და -ამ სუფიქსები. იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ, რომელია დასახელებულთაგან სწორი ფორმა, გავარკვიოთ, რა ელემენტებია ეს -ავ და -ამ.

ახლანდელი(აწმყო)დროის გამომხატველ ზმნურ ფორმებს ხშირ შემთხვევაში ბოლოში აქვს ელემენტები, რომლებსაც თემის ნიშნებს უწოდებენ.

თემის ნიშნებია:

ი (ვზრდი)
ავ (ვხატავ)
ამ ( ვდგამ)
ებ (ვამზადებ)
ობ ( ვათბობ)
ემ(ვცემ)
ოფ(ვყოფ)

წარსულ დროში იგივე ზმნები თემის ნიშნებს აღარ დაირთავენ ( გავზარდე, დავხატე, დავდგი...).

თემის ნიშანთაგან ორი - ავ და ამ - განსაკუთრებით „საფრთხილო“ და „საკრძალია“. მათი აღრევით ვიღებთ უმართებულო ფორმებს.

შედეგად, საკმაოდ გავრცელებულია:

ვსვავ
ვასხავ
ვაბავ
ვარტყავ
წარმოვთქვავ
აღვიქვავ
ვდგავ
ვიცვავ
ვრეცხამ

იმისთვის, რომ შეცდომა არ დავუშვათ, უნდა დავიმახსოვროთ მარტივი წესი:

თუ ზმნის საწყისი ფორმა ბოლოვდება ვა მარცვალზე, თემის ნიშანი იქნება ავ (ვა=ავ).

თუ საწყისი მა მარცვალზე ბოლოვდება, თემის ნიშანი იქნება ამ ( მა=ამ).

ავიღოთ პირველივე ზმნა შეცდომების ჩამონათვალიდან - ვსვავ.

გავიხსენოთ ზმნის საწყისი - სმა.

გადავხედოთ წესს.

გამოვიტანოთ დასკვნა - სწორი იქნება ვსვამ.

ასევე:

ვასხავ - სხმა - ვასხამ
ვაბავ-ბმა-ვაბამ
ვარტყავ - რტყმა - ვარტყამ
წარმოვთქვავ -წარმოთქმა-წარმოვთქვამ
აღვიქვავ-აღქმა-აღვიქვამ
ვდგავ-დგმა-ვდგამ
ვიცვავ - (ჩა)ცმა-ვიცვამ
ვრეცხამ-რეცხვა - ვრეცხავ

დასასრულ, ჩამოვთვლით რამდენიმე ზმნას, რომლებშიც -ავ თემის ნიშანი „დაუკითხავად“ და უადგილოდ „მოთავსდა“.

დაიმახსოვრეთ, ამ ზმნებში -ავ თემის ნიშანი ზედმეტია!

პირველ რიგში, აღნიშვნის ღირსია ფორმა „მჯერავს“.

ერთადერთი სწორი ფორმაა მჯერა.

სწორია:

კვეთს ( და არა კვეთავს)
კვეცს ( და არა კვეცავს)
ტეხს ( და არა ტეხავს)
ჩეხს (და არა ჩეხავს)
იხვეჭს ( და არა იხვეჭავს)

კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
ციცაბო აღმართიანი, ციცაბო-აღმართიანი, ციცაბოაღმართიანი;
მცირე მოცულობიანი, მცირე-მოცულობიანი, მცირემოცულობიანი;
ორმხრივ დაქანებული, ორმხრივ-დაქანებული, ორმხრივდაქანებული;
სამ განზომილებიანი, სამ-განზომილებიანი, სამგანზომილებიანი.

დააკვირდით ჩამოთვლილ სიტყვებს და მათ დაწერილობას.

რა კანონზომიერებას ამჩნევთ?

  1. თითოეულ სიტყვაში ორი შემადგენელია.
  2. სიტყვის მნიშვნელობა ერთია (ერთ აღსანიშნს მიემართება).
  3. დაწერილობა სხვადასხვაა - ცალ-ცალკე, დეფისით, ერთად.

რომელია სწორი და რატომ? როგორ უნდა მოვიქცეთ მსგავს შემთხვევებში - დავწეროთ ცალკე, დავურთოთ დეფისი თუ დავწეროთ ერთად?

ამჯერად ბლოგი ორშემადგენლიან და ერთცნებიან კომპოზიტებს დაეთმობა:

რას ნიშნავს კომპოზიტი?

კომპოზიტი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს სიტყვას, რომელიც შედგება ერთზე მეტი ფუძისგან.

ერთფუძიანია სიტყვა ძმა. ორფუძიანი - და-ძმა.

კომპოზიტი ორგვარია: ერთცნებიანი, ორცნებიანი ან ორზე მეტცნებიანი.

ერთცნებიანი = ერთ აღსანიშნს, ორცნებიანი = ორ აღსანიშნს

ერთცნებიანია კომპოზიტი, რომლის ფუძის მნიშვნელობა არ უდრის შემადგენელი ფუძეების მნიშვნელობათა ჯამს, როგორც ორცნებიანის შემთხვევაშია.

უფრო მარტივი იქნება ამ წესის გაგება და გააზრება, თუ გამოვიყენებთ სიტყვებს აღმნიშვნელი ( რაც აღნიშნავს, ანუ სიტყვა) და აღსანიშნი ( რაც უნდა აღინიშნოს, ანუ საგანი, ცნება, ობიექტი).

დააკვირდით, და-ძმას (ცოლ-ქმარი, დედა-შვილი) მსგავსი კომპოზიტები (აღმნიშვნელები) აღნიშნავს არა ერთ აღსანიშნს, არამედ ორს ( დაც უნდა აღინიშნოს და ძმაც, ანუ ორივე აღსანიშნია).

მრავალსართულიანი, თავქუდმოგლეჯილი, ცისარტყელა - ამ ტიპის კომპოზიტები კი მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სიტყვის შეერთებითაა მიღებული, ერთ აღსანიშნს მიემართება, ერთ რამეს აღნიშნავს.

წესის თანახმად, ყველა ერთცნებიანი კომპოზიტი იწერება ერთად, სივრცისა და დეფისის გარეშე.

წესი ლოგიკურიცაა და მარტივი დასამახსოვრებელიც, თუმცა ენაში ახლად შემოსული სიტყვების სიმრავლემ და მედიაში მათი გამოყენების სიხშირემ ( ასევე სიჭრელემ) დაწერილობის თვალსაზრისით არეულობა გამოიწვია.

ჩვენს მედიაში აღნიშნული ტიპის კომპოზიტები სამივე სახის დაწერილობით დასტურდება, თუმცა ყველაზე ხშირია ცალ-ცალკე და ერთად დაწერილობის შემთხვევები. მიზეზი, ალბათ, დეფისისა და და კავშირის „მჭიდრო თანამშრომლობაა“. უმრავლესობას კარგად გვახსოვს, რომ დეფისი და კავშირს აღნიშნავს, დასახელებულ კომპოზიტებში კი შინაარსობრივად და კავშირი არ მოიაზრება.

იმისთვის, რომ სწორი პასუხი გავცეთ ზემოთ დასმულ კითხვას, აუცილებელია სალიტერატურო ენის ნორმების გათვალისწინება ერთცნებიანი კომპოზიტების დაწერილობასთან დაკავშირებით.

თუ ერთცნებიანი კომპოზიტი იწერება ერთად, ეს წესი გავრცელდება ენაში ახლად დამკვიდრებულ ორშემადგენლიან და ერთცნებიან კომპოზიტებთან მიმართებითაც.

შესაბამისად, სწორი იქნება:

ციცაბოაღმართიანი, მცირემოცულობიანი,ორმხრივდაქანებული, სამგანზომილებიანი, მცირეტირაჟიანი, მცირერადიუსიანი, შეზღუდულხილვადობიანი, მცირესიმძლავრიანი...



* გამოყენებული ლიტერატურა
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეტყველების კულტურის განყოფილების კრებული „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“, წიგნი მეთხუთმეტე, 2015 წელი, გვ.28;

კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
ლგბტქ(ი) აბრევიატურის ნაირსახეობაა, რომელსაც აკრონიმს უწოდებენ.

აბრევიაციის სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, აკრონიმის დროს სიტყვათა პირველი ასო-ბგერები იწერება და იკითხება, როგორც ერთი სრული (მთელი) სიტყვა, არ იმარცვლება და ცალკეულ ბგერებად არ წარმოითქმის, როგორც, ვთქვათ, აბრევიატურა „სი-ენ-ენის“ შემთხვევაშია.

აკრონიმი მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან გამოიყენება და ინგლისურ ენაში ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერებისა და ქვიარ ადამიანების აღსანიშნავად შეიქმნა ( ამათგან ქ - ქვიარ ყველაზე ბოლოს დამატებული კომპონენტია).

ზოგჯერ აკრონიმს ემატება ი - ინტერსექსი ადამიანების აღსანიშნავად ან ქ-ქვიარს ენაცვლება ი - ინტერსექსი.

ტერმინის შემოღებისა და დამკვიდრების აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გამოიკვეთა, რომ სექსუალობისა და გენდერული იდენტობის მრავალფეროვნების აღსანიშნავად აღმნიშვნელი „გეი“ ან „ჰომოსექსუალი“ საკმარისი არ არის.

ლგბტქ(ი) მიღებული და დამკვიდრებული ტერმინია მედიაში.

განვმარტავთ აკრონიმის შემადგენელი თითოული სიტყვის მნიშვნელობას:

ლესბოსელი - ქალური ჰომოსექსუალობის აღმნიშვნელი სიტყვა. ქალი, რომელიც სექსუალურ და ემოციურ ლტოლვას მხოლოდ ან ძირითადად ქალების მიმართ განიცდის. სიტყვა მომდინარეობს ბერძნული კუნძულ ლესბოსის სახელწოდებიდან.

გეი (gay) - მამაკაცური ჰომოსექსუალობის აღმნიშვნელი სიტყვა. მამაკაცი, რომელიც განიცდის სექსუალურ და ემოციურ ლტოლვას უპირატესად ან მხოლოდ მამაკაცებისადმი. თავდაპირველი მნიშვნელობით სიტყვა აღნიშნავდა უზრუნველს, თავისუფალს, გამორჩეულად ფერადოვანი შინაგანი სამყაროს მქონეს, კაშკაშა ადამიანს. დაუშვებელია ტერმინ ჰომოსექსუალისტის გამოყენება. ასევე სასურველია ჰომოსექსუალი კაცის/წყვილის ნაცვლად გამოვიყენოთ სიტყვა გეი ( მაგალითად, გეი წყვილი, გეი მამაკაცი და არა ჰომოსექსუალები, ჰომოსექსუალების წყვილი...).

ბისექსუალი (ლათ. bi - ორი, sexus - სქესი; სიტყვასიტყვით - „ორმაგი სექსუალობა“) - სექსუალური ლტოლვა ნებისმიერი სქესის ადამიანის მიმართ. ტერმინს ბისექსუალობა რამდენიმე მნიშვნელობითაც განიხილავენ - ფართო მნიშვნელობით - ორივე სქესისათვის დამახასიათებელი თვისებების ფლობა (ანდროგინიაა), ვიწრო გაგებით - სექსუალური ლტოლვა ორივე სქესის წარმომადგენელთა მიმართ.

ტრანსგენდერი ( ზოგჯერ მოიხსენება, როგორც ტრანსი (trans) ან ტრანსსექსუალი) - კრებითი ტერმინი იმ ადამიანების აღსაწერად, რომელთა გენდერიც/სქესიც განსხვავდება ბიოლოგიური სქესისაგან, რომლითაც ისინი დაიბადნენ. ტრანსსექსუალი ადამიანები განიცდიან შეუსაბამობას მათი დაბადების სქესისადმი და მათი გენდერული იდენტობებისადმი და ხშირად მიმართავენ თავიანთი სხეულის შესაცვლელად რადიკალურ ქირურგიულ ოპერაციებს. ტერმინი ტრანსგენდერი გამოიყენება იმ ადამიანების აღსანიშნავადაც, ვინც დომინანტური, ბიოლოგიურად და ანატომიურად გამოხატული გენდერული ნორმების ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, თუმცა სქესის შეცვლის ოპერაციის ჩატარება არ სურთ; მართებულია ვთქვათ და დავწეროთ - ტრანსგენდერი ადამიანი ( ანუ გამოვიყენოთ სიტყვა, როგორც მსაზღვრელი და არა როგორც არსებითი სახელი. არ არის სასურველი „ტრანსგენდერების“ გამოყენება).

ქვიარი (queer) - კრებითი ტერმინია. ადრე იყენებდნენ, როგორც შეურაცხმყოფელ, უარყოფითი კონოტაციის მქონე აღმნიშვნელს არაჰეტეროსექსუალი ადამიანების მიმართ. 1980-იანი წლების აქტივისტებისა და თეორეტიკოსების დამსახურებით სიტყვამ იცვალა მნიშვნელობა პოზიტიური კონოტაცია შეიძინა. ტერმინი ქვიარ გამოიყენება ზოგადად ლგბტ თემის აღსანიშნადაც. კომპლექსური სიტყვა ქვიარი იმ სექსუალური და გენდერული უმცირესობებისათვის გამოიყენება, რომლებიც თავს არ მიაკუთვნებენ ჰეტეროსექსუალებს.

ინტერსექსი, ინტერსექსუალი (intersex) - ნიშნავს ადამიანს, რომელსაც „ორმაგი“ ბიოლოგიური სქესი აქვს. არსებობს ბევრი გენეტიკური, ჰორმონული და ანატომიური ვარიაცია, რომელიც ადამიანის ინტერსექსუალობას განაპირობებს. ინტერსექსუალი ადამიანები სქესობრივი და რეპროდუქციული განვითარების თავისებურებებით გამოირჩევიან.

ტერმინების განმარტებისას გამოყენებულია ლიტერატურა:
შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში, თბ., 2013.
ვებსაიტი - LGBTQIA Resource Cente
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
აღდგომის დღესასწაულის მისალოცად მორწმუნეები ერთმანეთს ეუბნებიან „ქრისტე აღ(ს)დგა“. სწორედ ამ პერიოდში ხდება აქტუალური კითხვა - რომელია სწორი - აღდგა თუ აღსდგა?



ზმნა აღდგა არის ერთპირიანი, ეწყობა მესამე სუბიექტური პირი და შესაბამისი სუბიექტური პირის ნიშანი -ა ზმნაში უკვე ასახულია. აქედან გამომდინარე, დამატებით რაიმე თანხმოვნის ჩართვა ზმნაში გაუმართლებელია და ზმნისწინის შემდეგ ჩასმული თავსართი ზედმეტია.

ს-ს შესახებ

  • - ან მეორე სუბიექტური პირის ნიშანია, ან მესამე ობიექტური პირისა.
  • აღდგა, როგორც ითქვა, ერთპირიანი ზმნაა. ობიექტურ პირს ის საერთოდ არ შეიცავს.

რატომ გახდა საკამათო გრამატიკული წესი და რა არგუმენტებით ცდილობენ ზედმეტი თანხმოვნის „გამართლებას“ ისინი, ვინც „აღსდგა“ ფორმას უჭერს მხარს?

  • ძველ ქართულ ტექსტებში სანიანი ფორმა არაერთხელ დასტურდება;
  • ქრისტეს აღდგომა უნიკალური, საკრალური მოვლენაა და სავსებით მისაღები უნდა იყოს ამ მოვლენის უნიკალური ენობრივი ფორმულით გადმოცემა. აღსდგა მხოლოდ ქრისტეს აღდგომასთან მიმართებით უნდა გამოვიყენოთ ;
  • სამეტყველო ენაში გრამატიკულად არასწორი ფორმა უკვე დამკვიდრებულია და ენის ხალხურობის პრინციპის თანახმად, ამ ფორმას არსებობის უფლება აქვს, ხალხის ცოცხალ მეტყველებაში სწორედ მას ენიჭება უპირატესობა.
უნდა აღინიშნოს, ისიც, რომ მართლწერის ლექსიკონებში გათვალისწინებულია ეს არგუმენტები და სწორ ფორმასთან ერთად პარალელურ, დასაშვებ ფორმადაა მოწოდებული „აღსდგა“, ოღონდ მხოლოდ ქრისტედ აღდგომასთან დაკავშირებით.
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
„რომ“ კავშირი ბევრისთვის ერთგვარი გრამატიკული რუბიკონია - რთულად გადასალახავი წინაღობა.

„რომ“ კავშირის წინ მძიმის დასმა „განსაკუთრებით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა“, რადგან უადგილოდ გამოყენების შემთხვევაში შედეგები მეტისმეტად სავალალო და... მძიმეა.

„რომ“ რუბიკონის პირისპირ მდგომს ორი მთავარი დაბრკოლება აქვს დასაძლევი:

მძიმე მანამდე უნდა დაისვას თუ მერე?
მძიმე ყველა „რომ“ კავშირის წინ უნდა დაისვას?

ბლოგში შევეცდებით ამ კითხვებზე გავცეთ ამომწურავი პასუხი.

  • „ადრე, რომ შემოსულიყო შეტყობინება, სამინისტროს აუცილებლად ექნებოდა რეაგირება“.
  • „საორგანიზაციო საკითხები, რომ მოგვარებულიყო, ფესტივალიც დროულად ჩატარდებოდა“.
  • „მოსახლეობისთვის, რომ შეეთავაზებინათ კომპენსაცია, კონფლიქტი მოგვარდებოდა“.
განსახილველად წარმოდგენილ ნიმუშებში „რომ“ კავშირთან დასმული მძიმეები სწორედ ის „მძიმე“ შემთხვევებია, ზევით რომ ვახსენეთ.

დაფიქრდით, რა კანონზომიერება შეიძლება შევნიშნოთ მაგალითებზე დაკვირვებით?

მინიშნება:

არის თუ არა ზმნა „რომ“ კავშირის წინ?

პასუხი სამივე შემთხვევაში უარყოფითია.

ამ დასკვნიდან გამომდინარე წესის შემუშავება და გათვალისწინება რთული აღარ უნდა იყოს.

მარტივად და გრამატიკული წიაღსვლების გარეშე - თუ „რომ“ კავშირის წინ (დავაზუსტებთ - კავშირამდე) ზმნაა, მძიმე სავალდებულოა.

თუ „რომ“კავშირის წინ ზმნა არ გვხვდება, მძიმე საჭირო არ არის.

მეტი დამაჯერებლობისთვის მოვიშველიოთ წესებიც:

„რომ“ კავშირის წინ მძიმე მაშინ დაისმის, როცა ის იწყებს დამოკიდებულ წინადადებას.

გავიხსენოთ რთული ქვეწყობილი წინადადების შედგენილობა - რთული ქვეწყობილი წინადადება შედგება მთავარი და დამოკიდებული წინადადებებისგან. დამოკიდებული წინადადება ან მოსდევს მთავარს, ან უსწრებს, ან - მთავარის შიგნითაა მოქცეული.

წესის თანახმად, თუ დამოკიდებული წინადადება იწყება „ რომ“ კავშირით, მძიმე სავალდებულოა. მძიმე იწერება დამოკიდებული წინადადების დასაწყისში და არა კავშირის წინ. თუ ამ წესს გავითავისებთ, მივხვდებით, რატომ არ ღირს ყველა „რომ“ კავშირის წინ სასვენი ნიშნის დასმა.

დასასრულ, ჩამოვთვლით რთულ წინადადებასთან დაკავშირებულ იმ შემთხვევებსაც, როდესაც მძიმის დასმა სავალდებულოა:

რთულ ქვეწყობილ წინადადებაში მძიმე დაისმის მთავარი წინადადების შემდეგ, როცა მას მოსდევს დამოკიდებული წინადადება:

საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო, როცა სხდომა დაინიშნა.

მძიმე დაისმის დამოკიდებული წინადადების შემდეგ, როცა მას მოსდევს მთავარი წინადადება:

როცა სხდომა დაინიშნა, საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო.

თუ დამოკიდებული წინადადება მოქცეულია მთავარი წინადადების შიგნით, ის ორივე მხრიდან მძიმეებით უნდა გამოვყოთ:

გადაწყვეტილება, რომელსაც დიდხანს ელოდა მოსახლეობა, ჯერჯერობით არ მიუღიათ.
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი

როგორ ფიქრობთ, აკრძალულია თუ არა ჩვენს ქვეყანაში ნაცისტური მისალმების მანერა, სვასტიკა, ნაცისტური დროშის ფრიალი ან ნაცისტური უნიფორმით მანიფესტაციის მოწყობა?

ჰიტლერი ფაშისტი იყო თუ ნაცისტი?

შეგვიძლია თუ არა ერთმანეთის სინონიმებად გამოვიყენოთ სტატიის სათაურში ნახსენები ორი სიტყვა?

ბლოგში შევეცდებით, ამ კითხვებს ვუპასუხოთ:

ჩვენს ქვეყანაში მოქმედი „თავისუფლების ქარტიის“ კანონი კრძალავს კომუნისტურ ტოტალიტარულ და ფაშისტურ სიმბოლიკას.

თავისუფლების ქარტია“ სამ ძირითად პრინციპს ემყარება: ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერება, საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიის აკრძალვა და ნებისმიერი ასოცირებული სიმბოლიკის აღმოფხვრა (იხ.საქართველოს კანონი, თავისუფლების ქარტია, მუხლი 1. კანონის მიზანი).

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში სიმბოლიკის დეტალური ჩამონათვალი არ არის მოცემული, ტერმინოლოგიური უზუსტობის გამო კი გაუგებარი რჩება, აკრძალულია თუ არა, მაგალითად, „ნაცისტური მისალმება“, ნაცისტური სიმბოლიკა, უნიფორმის, ლოზუნგების, დროშების გამოყენება ან, ვთქვათ, ჰოლოკოსტის უარყოფა.

გაუგებრობრობის თავიდან ასაცილებლად, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ტერმინოლოგიური სიზუსტე, ასევე დეტალიზება, თუ რა იგულისხმება კანონში ნახსენებ „ფაშისტურ სიმბოლიკაში“, რადგან ფაშიზმი და ნაციზმი თვისებრივად ერთი და იგივე არ არის.

ფაშისტური გერმანია, ჰიტლერი - ფაშისტების ლიდერი - მსგავსი სიტყვათშეთანხმებები ხშირად გხვდება მედიაშიც. იმისთვის, რომ თავი დავიზღვიოთ შეცდომებისგან, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა განსხვავებაა ფაშიზმსა და ნაციზმს შორის.

ფაშიზმი - პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც წარმოიშვა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. იტალიაში ფაშისტური იდეოლოგია განვითარდა და გავრცელდა ბენიტო მუსოლინის მიერ. „მუსოლინი აცხადებდა, რომ ფაშიზმი იყო ძალა, რომელსაც შეეძლო იტალიის გაერთიანება. ფაშიზმს უნდა გადაექცია იტალია ახალ, რომის იმპერიის მსგავს, დიდებულ იმპერიად. ყველა და ყველაფერი უნდა მიძღვნოდა სახელმწიფოს, რაც იტალიელი ხალხის ერთიანობისა და ძალაუფლების განსახიერებას წარმოადგენდა. როგორც ხშირად იმეორებდნენ მუსოლინი და მისი მიმდევრები: „ყველაფერი სახელმწიფოში, არაფერი სახელმწიფოს გარეთ, არაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ“ (დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა: სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007.).

იტალიური ფაშიზმის დიდი გავლენით ჩამოყალიბდა და განვითარდა ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის იდეოლოგიაც. თუმცა ნაციზმი, ფაშიზმისგან განსხვავებით, მკვეთრად გამოხატული რასისტული და ანტისემიტური განწყობით გამოირჩეოდა.

„ნაცისტურ პარტიას ჰიტლერის ლიდერობით ერთ სახელმწიფოდ უნდა გაეერთიანებინა გერმანულად მოლაპარაკე ყველა ხალხი, რომელიც დიდებულ ახალ იმპერიად, ანუ რაიხად, განვითარდებოდა. აქედან გამომდინარეობს ნაცისტური ლოზუნგი: „Ein Volk, ein Reich, ein Fthrer“ - ერთი ხალხი, ერთი იმპერია, ერთი ლიდერი.

ძირითადი განსხვავება გერმანულ ნაციზმსა და იტალიურ ფაშიზმს შორის რასობრივი ელემენტი იყო. ნაცისტებისათვის ადამიანის განმსაზღვრელ ფუნდამენტურ ფაქტს რასა წარმოადგენდა“ (დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა: სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007.).

შესაბამისად, ფაშიზმსა და ნაციზმს შორის არსებითი განსხვავება ისაა, რომ გერმანელი ნაცისტები ავითარებდნენ ნაციონალისტურ ელიტიზმს, რომელიც, თავის მხრივ, რასიზმს ემყარებოდა, იტალიელი ფაშისტებისთვის კი უზენაესი ღირებულება სახელმწიფო იყო („სახელმწიფოს მიღმა არ არსებობენ არც ინდივიდები, არც ჯგუფები“ - ნათქვამია „ფაშიზმის დოქტრინაში“).

კატეგორია: ფილოლოგის სვეტი

სწორად შეუსაბამეთ ქვემოთ მოცემული სიტყვები განმარტებებს:

მიზანი / მიზეზი

  1.  გარემოება, რომელიც იწვევს, აპირობებს, ხელს უწყობს, საფუძველს უქმნის სხვა, ახალი მოვლენის წარმოშობას. ზოგჯერ იგივეა, რაც საბაბი.
  2. ის, რაც უნდა განახოციელონ, რისკენაც მიისწრაფვიან, რასაც უნდა მიაღწიონ.

საბაზო საფეხურის მოსწავლეთა ცოდნის შესაბამისი ამ დავალების სწორად შესრულება მარტივია.

სირთულეები და შეცდომები მაშინ იჩენს თავს, როდესაც რთული წინადადების მეორე ნაწილი შინაარსობრივად მიზეზს ან მიზანს გამოხატავს, შემადგენელ წინადადებათა კავშირად კი „რადგან“ ან „რათაა“ გამოყენებული.

რომელი კავშირი უნდა გამოვიყენოთ ამა თუ იმ შემთხვევაში?

დავაკვირდეთ წინადადებებს:

  1. ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს, რადგან შეარჩიოს მომავალი თანამშრომლები.
  2.  მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რადგან საკუთარი მოსავალი ფაროსანასგან დაიცვან.
  3. კომპანიის განმარტებით, პროექტის ჩაბარება დაგვინდა, რადგან სამუშაო კლიმატური პირობების გამო შეფერხდა.

კავშირი „რადგან“ მხოლოდ ერთ შემთხვევაშია სწორად გამოყენებული.

თუ გავითვალისწინებთ, რომ „რადგან“ მიზეზის გამომხატველი კავშირია, მიზეზი კი ის გარემოებაა, რომელიც განაპირობებს რაღაცას, არ გაგვიჭირდება სწორი წინადადების ამოცნობა.

მისგან განსხვავებით, კავშირი „რათა“ გამოხატავს მიზანს ( რა მიზნითაც შესრულდა მოქმედება, რისკენაც მიისწრაფვის მოქმედი პირი, სუბიექტი)და დანარჩენ ორ შემთხვევაში სწორედ მისი გამოყენებაა სავალდებულო.

შევაჯამოთ:

თუ რთულ წინადადებაში საუბარია მიზეზზე, ვიყენებთ კავშირს „რადგან“.

თუ რთულ წინადადებაში საუბარია მიზანზე, ვიყენებთ კავშირს „რათა“.

სანიმუშოდ მოყვანილ პირველ წინადადებაში ორგანიზაცია კონკურსს რაღაც მიზნით აცხადებს, შესაბამისად, საჭიროა კავშირი „რათა“.

მეორე წინადადებაში მოქალაქეებმა სამომავლოდ, იმ მიზნით, რომ დაიცვან მოსავალი, უნდა გაითვალისწინონ გარკვეული რეკომენდაციები. აქაც საუბარია სამომავლო მიზანზე, შესაბამისად, უნდა გამოვიყენოთ „რათა“.

მესამე წინადადებაში კი კომპანია შეფერხების მიზეზს ასახლებს, შესაბამისად, „რადგან“ კავშირი სწორადაა გამოყენებული.

თუ მაინც შეგეპარებათ ეჭვი, რომელი კავშირი უნდა გამოიყენოთ კონკრეტულ ვითარებაში, მიმართეთ ასეთ ხერხს:

თუ მოქმედება წარსულში მოხდა და შეგიძლიათ დასვათ კითხვა „რატომ“ ან „რა მიზეზით“ - გამოიყენეთ რადგან.

თუ წინადადებაში იგულისხმება მომავალში შესასრულებელი მოქმედება, დააკვირდით და განსაზღვრეთ, მიზეზი იგულისხმება თუ მიზანი.

თუ მიზანია ნაგულისხმევი, თამამად გამოიყენეთ „რათა“, თუ მიზეზი - „რადგან“.

ცნებების - მიზანი და მიზეზი - ერთმანეთისგან განსასხვავებლად კი დაუბრუნდით სტატიის შესავალს:

N 1 განმარტება = მიზეზი

N 2 განმარტება = მიზანი

კატეგორია: ფილოლოგის სვეტი



„მე ვარ ის კანდიდატი, რომელიც აცხადებს“...

„მე ვარ ის კანდიდატი, ვინც აცხადებს“...


დასახელებულ ფრაზებში კანდიდატები რაღაც მნიშვნელოვანს აცხადებენ საკუთარი თავის შესახებ, თუმცა მხოლოდ ერთის განცხადებაა გრამატიკულად გამართული.

„გამოჩნდა ის, ვისაც გამარჯვებას წინასწარვე ულოცავდნენ“...

„გამოჩნდა ის, რომელსაც გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ“.
..

აქაც მხოლოდ ერთ შემთხვევაშია წევრ-კავშირი გამოყენებული მართებულად.

როგორ დავიზღვიოთ თავი წევრ-კავშირების გამოყენების დროს
გავრცელებული შეცდომებისგან?

თავდაპირველად, გავარკვიოთ, რას ნიშნავს წევრ-კავშირი:

წევრ-კავშირს ვუწოდებთ ისეთ სიტყვას, რომელიც წინადადების წევრიც არის და კავშირიც. მაგალითად, ნიმუშად მოყვანილ პირველ წინადადებაში „ვინც“ კავშირიცაა და დამოკიდებული წინადადებისთვის - ქვემდებარეც. სწორედ ამიტომ ეწოდება მას ეს ორმაგი სახელი.

ახლა დავიმახსოვროთ მარტივი წესები, როდის უნდა გამოვიყენოთ
„ვინც“ და როდის „რომელიც“:

თუ მთავარი წინადადების ასახსნელი სიტყვა მხოლოდ ნაცვალსახელითაა გადმოცემული, წევრ-კავშირად უნდა გამოვიყენოთ ვინც  (ის-ვინც) ან რაც (ის-რაც).

რას ნიშნავს ასახსნელი სიტყვა?

ასახსნელი სიტყვა იგივე მისათითებელი სიტყვაა. სწორედ მას მიემართება წევრ-კავშირიც. დასახელებულ მაგალითებში ასეთია „კანდიდატი“ და „ის“. (კანდიდატი - რომელიც, ის - ვინც აცხადებს) თუ მთავარი წინადადების ასახსნელი სიტყვა არსებითი სახელია, მაშინ წევრ-კავშირად უნდა გამოვიყენოთ „რომელიც“ (კანდიდატი - რომელიც).

„რომელიც“ გამოიყენება მაშინაც, თუ მისათითებელ სიტყვას განსაზღვრებად ახლავს ნაცვალსახელი (ის კანდიდატი, რომელიც).

განვამტკიცოთ:

მოიგებს ის, ვინც მეტ ხმას დააგროვებს - ამ წინადადებაში მისათითებელი (ასახსნელი) სიტყვა მხოლოდ ნაცვალსახელითაა გადმოცემული, შესაბამისად, წევრ-კავშირად უნდა გამოვიყენოთ „ვინც“ და არა „რომელიც“. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, ვინც მეტ ხმას მიიღებს - ამ წინადადებაში მისათითებელი სიტყვა არსებითი სახელია. წესის თანახმად, აქ უნდა იყოს „რომელიც“ და არა „ვინც“. შესაბამისად, სწორი იქნება: მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

კატეგორია: ფილოლოგის სვეტი

„აშენებულ იქნა“, „განადგურებულ იქნა“, „არასწორად იქნა გაგებული“, „გაჟღერებულ იქნა პრესაში“, „დაგებულ იქნა გზები“, „დამტკიცებულ იქნა ბიუჯეტი/კანონპროექტი“, „ცვლილება განახორციელა“, „გამოყენება აქვს“ , „განცხადება გაკეთდა“, „განმარტება გააკეთა“, „შეშფოთება გამოთქვა“- ასეთ უცნაურ ფრაზებს დღეს ხშირად შეხვდებით ბეჭდურ, ონლაინ თუ ტელემედიაში.

რატომ უცნაურს?

იმიტომ რომ თითოეული მათგანის ნაცვლად ჩვენი მშობლიური და მშვენიერი ენა უფრო მარტივ და მოქნილ, ამასთან, მართებულ ფორმებს გვთავაზობს და თუ უმეტესწილად ხალხურ მეტყველებას ეკონომიურობისკენ აქვს მიდრეკილება, აქ სრულიად საპირისპირო შემთხვევასთან გვაქვს საქმე - ეკონომიური პრინციპი უგულებელყოფილი და „ბარბაროსულად დამარცხებულია“.

ამ შეცდომებისა და უმართებულო ფორმების დამკვიდრების მიზეზები საინტერესო საკვლევია. შესაძლოა, მიზეზი მოსაზრების/ნათქვამის „უფრო ჭკვიანურად წარმოჩენის“ სურვილი იყოს, შესაძლოა, მიზეზი უფრო „კონსპირაციულია“ და მთქმელს მოქმედების რეალური შემსრულებლის დასახელება/დაკონკრეტება არ სურს ( ან შემსრულებელი ცნობილი არ არის...).

ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი სიტყვათშეთანხმებების გამოყენებით აშკარად ზარალდება ქართული ენისთვის ორგანული ეკონომიური ბუნება. ბლოგში შევეცდებით ავხსნათ, რასთან გვაქვს საქმე და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს ფორმები.

დავიწყოთ იმით, რომ ზოგიერთ ზმნას ვნებითი არ ეწარმოება და ამ შემთხვევაში ე.წ. აღწერილობითი ვნებითი გამოიყენება. აღწერილობითი ვნებითი, შედგენილი შემასმენლის მსგავსად, შედგება სახელადი და ზმნური ნაწილისგან. მეშველ ზმნად, უმეტესწილად, გამოყენებულია იქნება/იქნა. ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაციის თეორიის თანახმად ამგვარ წარმოებას „ანალიზური“ ეწოდება და ის „სინთეზურის“ საპირწონეა.

ასეთი ფორმები, წესით, ძალიან იშვიათად იხმარება (ძირითადად, ოფიციალურ და სამეცნიერო დოკუმენტაციაში).

როგორც ზევით აღინიშნა, აღწერილობითი ვნებითი დღესდღეობით „აქტიურად შეიჭრა“ წერილობით და ზეპირ მეტყველებაში და დააზარალა მშობლიური ენისთვის ბუნებრივი და ეკონომიური სიტყვაწარმოება.

საინტერესოა, რომ ქართული ენა განვითარების ადრეულ ეტაპზე ანალიზური იყო (მაგალითად, ძველ ქართულ ტექსტებში შეხვდებით ფორმებს „დაწერილ არს“, „თქმულ არს“ და ა.შ.), თუმცა დროთა განმავლობაში მას უფრო მოქნილი და ბუნებრივი სინთეზური წარმოება ჩაენაცვლა.

შესაბამისად, აღწერილობითი ვნებითის ამ სიხშირით გამოყენება თანამედროვე მეტყველებაში უმართებულოა.

სწორია:
  • აშენებულ იქნა - აშენდა
  • განადგურებულ იქნა - განადგურდა
  • არასწორად იქნა გაგებული – არასწორად გაიგეს ( გაიგო...)
  • გაჟღერებულ იქნა პრესაში - პრესაში გაჟღერდა ( თუმცა სტილისტურად სიტყვათშეთანხმება „ პრესაში გაჟღერება“ საკუთრივ დასახვეწია).
  • დაგებულ იქნა გზები - გზები დააგეს
  • დამტკიცებულ იქნა ბიუჯეტი/კანონპროექტი - დაამკტიცეს
  • ცვლილება განახორციელა - შეიცვალა
  • გამოყენება აქვს - გამოიყენეს, შესაძლებელია გამოყენება...
  • განცხადება გაკეთდა - განაცხადეს (განაცხადა)
  • განმარტება გააკეთა - განმარტეს (განმარტა)
  • შეშფოთება გამოთქვა - შეშფოთდა
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი



შუქები, შიშები, კენჭისყრები, წნევები, მუსიკები, გამორთვები - მედიასივრცეში ეს და სხვა აბსტრაქტული სახელები და საწყისები მრავლობითის ფორმით ხშირად მოგხვდებათ თვალში.

სწორია თუ არა მოქმედების გამომხატველი სახელებისა და აბსტრაქტული სახელების მრავლობითში ჩასმა?

წესის თანახმად, გრამატიკული რიცხვის გაგება სახელთაგან მხოლოდ ისეთს ახლავს, რომელიც აღნიშნავს საგანს, რომელიც დაითვლება. ისეთ საგნებს კი, რომლებიც ბევრიდან ერთ ცალ საგნად არ გამოიყოფიან, მრავლობითი რიცხვი არ ეწარმოება.

წესი მარტივია და სახელმძღვანელოებში მოყვანილი მაგალითებიც მარტივად ადასტურებს ნათქვამს. მაგალითად, ქალაქი, მდინარე, თითი, ფანქარი - ისეთი საგნებია, რომელთა დათვლაც შესაძლებელია და მათ მრავლობითი რიცხვი ფუძეზე შესაბამისი მაწარმოებლების დართვით ეწარმოებათ. ჰაერი, ნაცარი, ხილი, რძე და სხვა მსგავსი სახელები არსებითად ურიცხვო სახელებია, რადგან ერთ ცალ საგნად არ განიყოფიან და ამიტომ მათ „მხოლობითის ფორმას“ არ ახლავს „ერთის გაგების შინაარსი“.

შედარებით რთულადაა საქმე მოქმედების გამომხატველი სახელებისა და აბსტრაქტული სახელების გამოყენების დროს. მართალია, ძნელი წარმოსადგენია ისეთი სიტყვების მრავლობითში გამოყენება, როგორებიცაა სიცილი, ძილი, კეთება, ხატვა, სიარული, სიხარული და ა.შ., თუმცა პირველივე სტრიქონში დასახელებული სიტყვების გამოყენებისას ვითარება სხვაგვარია - ზეპირ თუ წერილობით მეტყველებაში ამ სახელების მრავლობითი ფორმებია დამკვიდრებული, რაც შეცდომაა.

აბსტრაქტულ სახელებს და მოქმედების სახელებს, ანუ საწყისებს (მასდარებს) მრავლობითი ფორმა არ ეწარმოებათ.

შესაბამისად, მცდარია:

  • შიშები
  • კენჭიყრები
  • წნევები
  • შუქები

ენის სპეციალისტები აბსტრაქტული სახელების მრავლობითის ფორმების ამგვარი ხმარების მიზეზად, ერთი მხრივ, ეკონომიური მეტყველებისკენ მიდრეკილებას ასახელებენ. მეორე მხრივ, ფსიქოლოგიური მოტივაციაც იკვეთება - „შიშების“, „წნევების“ და ა.შ. შემთხვევაში მთქმელი მოქმედების მრავალჯერად განმეორებას, მრავალგზისობასა და სიხშირე-რეგულარობას უსვამს ხაზს, აძლიერებს ემოციას.

ცალკე უნდა აღინიშნოს სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინოლოგიური ფუნქციით გამოყენებული მრავლობითის ფორმები. მაგალითად, მედიცინაში - დაავადებები, ჩივილები და ა.შ. მიღებული, დამკვიდრებული და დასაშვები ტერმინებია.
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი



კუთვნილებისა და ფლობის გამოსახატავად ქართულში ყველაზე ხშირად ვიყენებთ ზმნებს - მყავს და მაქვს. ორივე მათგანი სუბიექტის მიერ ობიექტის ფლობას აღნიშნავს. მყავს ზმნა ორივე აქტანტის ( ანუ სუბიექტისა და ობიექტის) „სულიერებას“ გამოხატავს, უსულო (არაცოცხალი)საგნის კუთვნილება კი მაქვს ფორმით გამოითქმის.

ჰყავს ზმნა იხმარება ისეთ არსებით სახელებთანაც, რომლებიც აღნიშნავენ მოძრავ, „მოსიარულე“ საგანს, როგორიცაა, მაგალითად, ავტომანქანა (და არა ყოველგვარი მანქანა!): დეპუტატს ავტომანქანა ჰყავს, მაგრამ:  საკერავი მანქანა აქვს;

ასევე:

რეგიონს ბევრი ახალი სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარი აქვს.

საინტერესოა, რომ ხალხურმა მეტყველებამ ავტომანქანა გაუთანაბრა სულიერი ( ცოცხალი) საგნების გამომხატველ არსებით სახელთა ჯგუფს.

ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ის უნდა იყოს, რომ ავტომანქანა მოძრაობს ( წესის თანახმადაც, არსებითი სახელებიდან სულიერია ის, რომელსაც საკუთარი ძალით გადაადგილება შეუძლია, უსულოა საგანი, რომელსაც გადაადგილება არ შეუძლია).

მეორე მხრივ, ადრე სატრანსპორტო საშუალებებად ცოცხალი ძალა ( ხარი, ცხენი, ვირი...) გამოიყენებოდა. მეტყველებაში, ცხადია, გავრცელებული იყო სულიერის შესაბამისი ზმნის გამოყენება შესაბამის კონტექსტში. მანქანის, როგორც სატრანსპორტო საშუალების დამკვიდრებასთან ერთად ეს წესი შენარჩუნდა.

გამოთქმა „ავტომანქანა მყავს/გყავს/ჰყავს“ დღეს სალიტერატურო ქართულში მტკიცედ არის დამკვიდრებული და ასეც უნდა ვთქვათ და ვწეროთ.

ყველა სიტყვასა და გამოთქმას...თავისი ადგილი აქვს.  აქვს ზმნა კიდევ ერთ „საჩოთირო“ გამოთქმაში გვხვდება.

„წესრიგის დარღვევას სისტემატურად აქვს ადგილი“.

„ადგილი აქვს საარჩევნო ნორმების დარღვევას“.

„კვლავ ადგილი აქვს სპეკულაციებს“.

„ადგილი აქვს ფასების ზრდას პირველი მოთხოვნილების საგნებზე“.

თანამედროვე წერით და ზეპირ მეტყველებაში გამოთქმა „ადგილი აქვს“ იმდენად გავრცელებულია, რომ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონშიც შეუტანიათ, როგორც იდიომი (თუმცა იქვეა თანდართული შენიშვნა - ბარბარიზმი);

რას ნიშნავს „ადგილი აქვს“?

ლექსიკონში გამოთქმა ასეა განმარტებული: „ხდება ხოლმე, რისიმე შემთხვევები არის, შეინიშნება რაიმე“.

„ადგილი აქვს“ რუსული имеет место -ს კალკია და როგორც ნებისმიერი კალკი, ისიც აღარიბებს, აჭრელებს და ვნებს მშობლიურ ენას.

უადგილოდ გამოყენებული გამოთქმა „ადგილი აქვს“ მარტივად შეიძლება ჩავანაცვლოთ ქართულისთვის მეტად ბუნებრივი ზმნური ფორმით ან გამოთქმით.

დასახელებულ ნიმუშებს თუ განვიხილავთ, მაგალითად, „წესრიგის დარღვევას აქვს ადგილი“ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ უფრო ლაკონიური წინადადებით - წესრიგი ირღვევა. ადგილი აქვს ფასების ზრდას - ფასები გაიზარდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გარკვეულ შემთხვევებში, კონტექსტის გათვალისწინებით, ეს სიტყვათშეთანხმება მართებულია და გამოყენებაც დასაშვებია. მაგალითად, ქვესათაურად გამოტანილ წინადადებაში გამოთქმა სწორადაა გამოყენებული.

კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
წესის თანახმად, კვეცადია ე-სა და ა-ზე დაბოლოებული სახელები. წესი მარტივია და გასაგები. დასამახსოვრებლადაც ასეა - კვ-ე-ცადი-ა ის სახელები, რომლებიც ბოლოვდება ე-სა და ა-ზე, მაგრამ ვახსენებთ თუ არა ჯადოსნურ სიტყვას „გამონაკლისები“ - სიტუაცია მყისიერად იცვლება და იწყება ამ გამონაკლისების უსასრულო ჩამონათვალი.

კვეცაზე და არსებულ გამონაკლისებზეც ჩვენს ერთ-ერთ წერილში უკვე ვისაუბრეთ. ამჯერად „უსასრულო ჩამონათვალის“ მორიგ „ულუფას“ შემოგთავაზებთ.

მარიხუანის თუ მარიხუანასი?

მარიხუანა თანამედროვე ქართულ წერით და ზეპირ მეტყველებაში გამოიყენება ფსიქოაქტიური ნარკოტიკული საშუალების აღსანიშნავად. ამ აღმნიშვნელს ვერ ნახავთ ვერც ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში, ვერც ორთოგრაფიულში ( იგულისხმება ბეჭდური გამოცემები, მათ შორის 2017 წლის ორთოგრაფიული ლექსიკონი ჟურნალისტებისთვის). ცხადია, რომ სიტყვა უცხოური ენების გავლენითაა დამკვიდრებული და დღესდღეობით კანაფის სინონიმად მოიაზრება.

მედიასაშუალებებში ორივე აღმნიშვნელი ( კანაფი და მარიხუანა) გვხვდება. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ირჩევენ ფორმას - მარიხუანა. კვეცადია თუ არა ეს სიტყვა? რომელია სწორი ფორმა - მარიხუანას(ი) თუ მარიხუანის? რით უნდა ვიხელმძღვანელოთ, თუ შესაბამისი ნორმა არც ერთ სახელმძღვანელოში არ განიხილება?

სიტყვა მარიხუანა ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონში განიმარტება, როგორც კანაფი, რომლისგანაც მზადდება მოსაწევი ფსიქოაქტიური პრეპარატი. ამავე წყაროს მიხედვით, სიტყვა მე-19 საუკუნეშია დამკვიდრებული ინგლისურ ენაში და ლათინო-ამერიკული ესპანურისგან უნდა მომდინარეობდეს.

ვერსია იმის შესახებ, რომ აღმნიშვნელი დაკავშირებულია ადამიანის საკუთარ სახელებთან - ხუანი და მარია - არ დასტურდება სანდო წყაროებში.

სხვა ენებში სიტყვის დამკვიდრება სწორედ ინგლისური ფორმის გავლენით უნდა მომხდარიყო. ასე მოხვდა აღმნიშვნელი მარიხუანა ქართულშიც.

იმის გასარკვევად, უნდა შეიკვეცოს თუ არა მოცემული სახელი, გავიხსენოთ კვეცის წესები:

როგორც უკვე აღინიშნა, უნდა შეიკვეცოს ა-სა და ე-ზე ფუძედასრულებული სახელები.

კვეცა არ ეხება ადამიანის საკუთარ სახელებს, ასევე იმ სახელებს, რომლებშიც ბოლოკიდური ა მაწარმოებლის ფუნქციას ასრულებს ( დედოფალა, ცისარტყელა და ა.შ.).

არ იკვეცება ე ხმოვანზე დაბოლოებული უცხოური წარმოშობის საზოგადო სახელები და ასევე უკვეცელია ნათესაური კავშირის აღმნიშვნელი სიტყვები: მამა, დედა, ბებია, ბაბუა, ბიძა, ბიცოლა და ა.შ. თუ იგულისხმება მთქმელის საკუთარი მამა, დედა, ბებია...

ჩამოთვლილ გამონაკლისებში არსად გვხვდება მცენარეთა აღმნიშვნელი ა-ზე დაბოლოებული სახელები. გავიხსენოთ, მაგალითად, სახელი პალმა. ბრუნების დროს ის არანაირ თავისებურებას არ ამჟღავნებს და ჩვეულებრივ იბრუნვის არსებული უნივერსალური წესის თანახმად.

იგივე წესი უნდა გავრცელდეს სიტყვა მარიხუანის ბრუნებისასაც. მარიხუანა - ა ხმოვანზე დაბოლოებული სახელია, რომელიც მხოლობითი რიცხვის ნათესაობითსა და მოქმედებითში უნდა შეიკვეცოს.
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი



⇒ მეორადი და მეორეული

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის სხდომაზე, რომელიც 2019 წლის 6 დეკემბერს გაიმართა, დამტკიცდა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა ახალი რედაქცია. დოკუმენტის თანახმად, რიგობითი რიცხვითი სახელების გამოყენებისას დამკვიდრდა შემდეგი წესები (2.9):

„ფორმათაგან მეორეული და მეორადი დასაშვებად იქნეს მიჩნეული ორივე თავ-თავისი ნიუანსობრივი სხვაობის გათვალისწინებით:

სამეცნიერო ტერმინოლოგიაში (ძირითადად) – მეორეული:

მეორეული მოვლენა, მეორეული დაავადება...


რაიმეს ხელახალი გამოყენების ან დამატებითი ფუნქციის აღსანიშნავად – მეორადი:

მეორადი ფაკულტეტი, მეორადი ავეჯი...


⇒  ინდუსტრიული და ინდუსტრიალური

ზედსართავი სახელების საწარმოებლად ქართულში ხშირად ვიყენებთ ურ სუფიქსს. მისი დართვით სახელი შეიძლება ვაწარმოოთ როგორც ქართული, ისე არაქართული ფუძეებისგან ( კაცი-კაცური, ემოცია - ემოციური და ა.შ.).

უცხოურ ფუძეთაგან ურ სუფიქსით ზედსართავის წარმოებისას თავს იჩენს ხოლმე პარალელური ფორმები: ბაქტერიული და ბაქტერიალური, ექსპერიმენტული და ექსპერიმენტალური, ინდუსტრიული და ინდუსტრიალური. ამათგან მცდარი ფორმები რუსული ენის ზეგავლენითაა დამკვიდრებული და მნიშვნელოვანია მათი გამიჯვნა სალიტერატურო ნორმისგან.

უცხოურ სიტყვათაგან ურ სუფიქსით ზედსართავი სახელები სწორად რომ ვაწარმოოთ, საჭიროა დავადგინოთ, ნასესხები გვაქვს თუ არა ქართულში ის არსებითი სახელი, რომლისგანაც ზედსართავს ვაწარმოებთ. შემდეგ ამ სახელის ფუძეს უნდა დავურთოთ ურ სუფიქსი. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

რომელია სწორი - ინდუსტრიული თუ ინდუსტრიალური? მონუმენტური თუ მონუმენტალური? კოლეგიური თუ კოლეგიალური?

ქართულში გვაქვს ნასესხები არსებითი სახელები: მონუმენტი, კოლეგა, ინდუსტრია. შესაბამისად, აღნიშნული წესის თანახმად, სწორი ფორმები იქნება:

ინდუსტრიული ( და არა ინდუსტრიალური)
კოლეგიური ( და არა კოლეგიალური)
მონუმენტური ( მონუმენტალური

კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
ტელე, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ხშირად ვხვდებით გამოთქმებს: რიგი ქვეყანა, რიგი ქვეყნები ან მთელი რიგი ქვეყნებისა, რიგი საკითხები, მთელი რიგი ცვლილებები და ა.შ.

კითხვები ამ გამოთქმების სწორ დაწერილობასთან დაკავშირებით საკმაოდ ხშირია. რომელია სწორი ფორმა ან დასაშვებია თუ არა რომელიმე მათგანის გამოყენება? დღევანდელ წერილში ამ საკითხს მიმოვიხილავთ.

თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გამოთქმები მხოლოდ სამეცნიერო-პოლიტიკურ ლიტერატურაში, ზეპირმეტყველებასა ( ლექციები, მოხსენებები...) და მედიასაშუალებებში გვხვდება. ლიტერატურული ტრადიცია ამ ფორმებს არ იცნობს.

არსებითი სახელი რ ი გ ი ქართული ენის განმარტებით ლექსიკონის მიხედვით არის:

1. ერთ ხაზზე განლაგებული საგნების ერთობლიობა, ერთ ხაზზე დაწყობილი ადამიანების წყება, მწკრივი.
2. ჯერი, თანმიმდევრობა.
3. ნაწილი, წყება.
4. ჩვეულებრივ, მრავლობითში; რიგები – ორგანიზებული ჯგუფი, წყება ადამიანებისა, – შემადგენლობა, წრე.
5. ზოგიერთი, ზოგი; საკმაოდ ბევრი. რიგი საკითხი. – რიგი მოვლენა. ◊ მთელი რიგი იგივეა, რაც რიგი (მნიშვ.)
6. წესი, წესრიგი, ჩვეულება.
8. თადარიგი, განკარგულება.
და ა.შ. ( სულ მოცემულია ამ სიტყვის ათი მნიშვნელობა).

მესამე და მეხუთე მნიშვნელობების თანახმად, რიგის სინონიმებია ნაწილი, წყება, ზოგიერთი, ზოგი, საკმაოდ ბევრი.

ახლა ვნახოთ, რა კონტექსტში გვხვდება „რიგი“ ან „მთელი რიგი“ მედიაში.

„რიგი მნიშვნელოვანი საკითხები“ ( მთელი რიგი საკითხები) , „რიგი პროექტები“ ( მთელი რიგი პროექტები), „განიცადა რიგი ცვლილებები“, „მთელ რიგ ქვეყნებში“, „გაანალიზდა მთელი რიგი მოვლენები“ და ა.შ. ამ მაგალითებში მნიშვნელობა არ აქვს იმას, მარტო რიგი იქნება მსაზღვერლი თუ მთელი რიგი. მნიშვნელოვანი ისაა, რომ საზღვრული უმეტესწილად მრავლობითი ფორმით არის წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ რიგი ან მთელი რიგი საკითხები ( საკითხი) ქართულში გავრცელდა რუსული გამოთქმების (Ряд вопросов, Целый ряд вопросов) ანალოგიით. კალკირებულ გამოთქმაში, რასაკვირველია, დაცულია იმ ენის კონსტრუქცია, საიდანაც გამოთქმა გადმოვიტანეთ. ეს კონსტრუქცია რომ დარღვეულიყო და ქართულისთვის მეტად ბუნებრივი შესიტყვებისთვის მიგვენიჭებინა უპირატესობა, მივიღებდით გამოთქმებს „რიგი ქვეყანა, რიგი მოვლენა, რიგი პროექტი და ა.შ., თუმცა აქაც თვალშისაცემ უხერხულობას ვაწყდებით. რატომ უნდა ვთქვათ ან დავწეროთ რიგი ქვეყანა, საკითხი, მოვლენა, პროექტი და ა.შ., თუ მათი შესატყვისი ქართული სიტყვები მრავლად გვაქვს?

ზოგიერთი, რამდენიმე, ბევრი, ძალიან ბევრი, საკმაოდ ბევრი, მრავალი, სხვადასხვა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ სიტყვებისა, რომლებიც თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ კალკირებული ფორმის ნაცვლად.

დავაზუსტებთ, აქ იგულისხმება რიგისა და მთელი რიგის გამოყენება განუსაზღვრელობითი რაოდენობის მნიშვნელობით. დავაკვირდეთ ბეჭდური მედიიდან ამოკრებილ მაგალითებს. კალკი რომ ჩავანაცვლოთ, თითოეულის შემთხვევაში ქართულში არსებული შესატყვისები უფრო ზუსტად, ნათლად, მკაფიოდ და გასაგებად გადმოსცემს სათქმელს. შესაბამისად, კალკირება შესაწყნარებელი არ არის და კარგი იქნება, თუ მართლმეტყველებითა და მართლწერით მშობლიური ენის სიწმინდეზეც ვიზრუნებთ.
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
მედიაში სპორტის ტერმინების გამოყენებისას, სპორტული გადაცემების კომენტატორთა თუ გულშემატკივართა მეტყველებაში საკმაოდ ხშირად გვხვდება ენობრივი დარღვევები.

ეს დარღვევები სხვადასხვა ხასიათისაა. ზოგჯერ გავრცელებულ ფრაზეოლოგიზმსა თუ მყარ გამონათქვამშია უმართებულოდ შეცვლილი რომელიმე წევრი, ზოგჯერ სხვადასხვა გამონათქვამის კონტამაცია (ახალი გამოთქმის, სიტყვის ან ფორმის გაჩენა ორი ერთმანეთთან ახლო მდგომი გამოთქმის, სიტყვის ან ფორმის შერწყმით) გვაქვს, ხან კი -ახალი სიტყვათშეთანხმებების შექმნის მცდელობა. სპორტულ მიმოხილვებში ხშირია ასევე სხვა ენობრივი ლაფსუსები: გაუმართლებელი კალკები, შტამპები, კანცელარიზმები...

პირდაპირი ტრანსლაციის დროს კომენტატორთა შრომას სინქრონული თარგმნის დროს გაწეულ შრომას შევადარებდი. ზეპირმეტყველებას, მითუმეტეს, დაძაბულ ვითარებაში, ყოველთვის ახლავს სინტაქსური, მორფოლოგიური, სტილისტური „თავისებურებები“. თუმცა მედიასაშუალებებს ამ მხრივ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ: მაყურებელი, მსმენელი, მკითხველი ადვილად იტაცებს არასწორ ფორმებს და არის იმის საშიშროებაც, რომ უმართებულო შესიტყვებებმა სალიტერატურო ენაშიც მოიკიდონ ფეხი.

შევეცდებით, რამდენიმე ყველაზე გავრცელებული შეცდომა მიმოვიხილოთ და დამკვიდრებული არასწორი ტერმინების მართებული ვარიანტები შემოგთავაზოთ.

გატანილი ბურთის ავტორია...

გოლის გატანით გახარებული კომენტატორის ეს ფრაზა გულისხმობს, რომ ფეხბურთელმა მოწინააღდეგის კარში ბურთი გაიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვა „ ავტორი“ აღნიშნავს რაიმე ნაწარმოების ( ლიტარატურული, მუსიკალური...) შემქმნელს, გამომგონებელს. ლექსის ( ოპერის, სიმღერის, ბლოგის, სტატიის...) ავტორი - ბუნებრივი შესიტყვებაა, „გოლის ავტორობა“ კი მცდარი სინტაგმა( შესიტყვება) გახლავთ და უნდა იყოს „ბურთი გაიტანა ...-მ“.

კალკი

ფეხბურთის ტერმინოლოგიაში ხშირად გვხვდება აგრეთვე კალკი. მაგალითად, მეკარის ნაცვლად გამოიყენება გოლკიპერი ( ინგლისური ენის გავლენით), თავდამსხმელის ნაცვლად კი ფორვარდი. მართალია, ეს უკანასკნელი ( გოლკიპერისგან განსხვავებით) დასაშვებ ნორმადაა მიჩნეული, თუმცა უმჯობესია, თუ არსებულ ქართულ შესატყვისს მივანიჭებთ უპირატესობას.

თამაშგარე მდგომარეობის ნაცვლად „ოფსაიდის“ გამოყენება ასევე შეცდომაა.

ტაიმაუტის ნაცვლად კი წუთშესვენება უნდა ვთქვათ და დავწეროთ.

ფლანგზე განლაგება

თავდამსხმელი მარცხენა ფლანგზე განლაგდა/ სპორტსმენი პოზიციაზე განლაგდა...

წინადადების შედგენისას აუცილებელია სიტყვების აზრობრივი მნიშვნელობის გათვალისწინება. მოცემულ წინადადებაში სიტყვა განლაგება უმართებულოდაა გამოყენებული. განლაგება ნიშნავს ამა თუ იმ ადგილზე გარკვეული წესით რაიმე საგნების (ადამიანების, ნაგებობების და ა.შ.) მოთავსებას, განაწილებას. ერთი ( საგანი იქნება ეს თუ ადამიანი) ვერ განლაგდება. შესაბამისად, თუ ზემოთმოყვანილი შინაარსის გადმოცემა გვინდა, უნდა ვთქვათ: თავდამსმხელი მარცხენა ფლანგზე დაიკავებს ადგილს (დადგება)/სპორტსმენმა პოზიცია დაიკავა.

საჯარიმო მოედანი და თანდებულები

ბურთი საჯარიმო მოედანშია/ბურთი საჯარიმო მოედანში ჩააწოდა...

-ში და -ზე თანდებულების ამგვარი აღრევა დაუშვებელია. -ში თანდებული გულისხმობს შინაგან სივრცეს, სიღრმესა და შემოზღუდულ რამეს. ზე თანდებული კი ზედაპირს. ბურთი მოედანზე დაგორავს და არა მოედანში. შესაბამისად, უნდა იყოს:

ბურთი საჯარიმო მოედანზეა/ბურთი საჯარიმო მოედანზე ჩააწოდა.

შეტევა და შეტევაში

-ში თანდებულიანი სიტყვების გამოყენების დროს საკმაოდ ხშირად გვხვდება უცხოური ენიდან სიტყვასიტყვით გადმოღებული, ანუ კალკირებული ფორმები. თანამედროვე მეტყველებაში ყურს ხშირად ჭრის გამოთქმები: გაყიდვაშია, შეხებაშია, ხმარებაშია. კალკმა საფეხბურთო ტერმინოლოგიაშიც დაიმკვიდრა ადგილი და ხშირად გვესმის: „შეტევაშია“, ფეხბურთელები შეტევაში დაჯარიმდნენ და ა.შ.

ამ მცდარი ფორმების ნაცვლად უნდა იყოს: უტევს/უტევენ, შეტევაზე გადადიან, შეტევის დროს დაჯარიმდნენ.

ჯარიმის არაზუსტი გამოყენება

ფეხბურთელმა არაზუსტად გამოიყენა ჯარიმა - ეს წინადადება სინტაქსურად გაუმართავია. უნდა იყოს: ფეხბურთელმა არაზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა.

შეუფერებელ სიტყვათშეთანხმებას ქმნის აგრეთვე ზმნა „წააწყდა“ წინადადებაში: „გუნდი პირველად წააწყდა ასეთ მსაჯობას“. ამ ზმნას „სემანტიკური ველი“ ( ანუ მოქმედების არე) შედარებით შეზღუდული აქვს. წააწყდა ნიშნავს: დაეჯახა, მოულოდნელად შეხვდა, შეეჩეხა, გადაეყარა. მოყვანილ წინადადებაში აჯობებს სხვა ზმნების გამოყენება. მაგალითად, გუნდი პირველად გახდა ასეთი მსაჯობის მოწმე.

ენობრივი ლაფსუსები

დარტყმა მოხვდა ძელს.

დარტყმა ასცდა კარს.

მოკრივემ დარტყმები დაუშინა მოწინააღმდეგეს.

ჩამოთვლილ წინადადებებში ზმნას შინაარსობრივად შეუფერებელი სახელი ( დარტყმა) უკავშირდება. ძელსა და კარს შეიძლება მოხვდეს ან ასცდეს ბურთი, საბრძოლო დაპირისპირებისას კი მეტოქეები ერთმანეთს მუშტებს უშენენ ( ურტყამენ).

სტილისტურად გაუმართავია ასევე წინადადება: დარტყმა განახორციელა. ქართული ენისთვის მეტად მორგებული და ბუნებრივია ამგვარი შინაარსის ერთი ზმნით გამოხატვა (დაარტყა).

სტილისტურად მოუხერხებელი სინტაგმაა ასევე „პირველი ადგილი გაინაღდა“, „ოქროს მედალი გაინაღდა“. ამგვარი უმართებულო შესიტყვების ნაცვლად უნდა გამოვიყენოთ შინაარსით მეტად შესაფერისი ზმნები - დაიკავა და მიიღო ( პირველი ადგილი დაიკავა. ოქროს მედალი მიიღო).

რამდენიმე ტერმინის მართლწერისთვის

დასასრულ, გთავაზობთ სწორი და არასწორი ფორმების ჩამონათვალს. მოყვანილი ტერმინები ყველაზე ხშირად გამოიყენება შეცდომით:

კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
სათაურში ნახსენები უცნაური ეპითეტი ზედგამოჭრილია იმგვარ ფორმათა აღსანიშნავად, რომელთა მიმოხილვასაც დღეს ვაპირებთ.

აღმნიშვნელი სახელზმნა პირველად ახსენა ანტონ კათალიკოსმა თავის „ქართულ ღრამატიკაში“. ის გულისხმობს „ქმნის და ვნების“ გამომხატველ სიტყვებს, რომლებიც სახელის ნიშნებსაც ატარებს და ზმნისაც.

თავდაპირველად სახელზმნა მხოლოდ იმ სიტყვებს ესადაგებოდა, რომლებიც არსებითი სახელისა და ზმნის „ჰიბრიდს“ წარმოადგენდნენ. მოგვიანებით აკაკი შანიძემ გააფართოვა ტერმინის მნიშვნელობა და იგი მიმღეობაზეც გაავრცელა. დღეისათვის სახელზმნა მოიცავს საწყისსაც და მიმღეობასაც. ნაზმნარი არსებითი სახელი აღინიშნა ტერმინით საწყისი, ზმნის უუღლებელი ფორმა კი, რომელიც მეტწილად ზედსართავის მნიშვნელობით იხმარება, აღინიშნება ტერმინით - მიმღეობა. მივყვეთ თანმიმდევრულად:

საწყისის მართლწერა

საწყისთა უმეტესობას აწარმოებს ა ნიშანი. ავიღოთ ზმნა - ვწერ. ზმნის საწყისი არის წერა. ვხატავ - ხატვა და ა.შ.

თუმცა ისეთი საწყისის გვხვდება, რომელიც სხვა ნიშნით ან სულაც ნიშნის გარეშე იწარმოება(ღალატი, ყოყმანი, ქეიფი და ა.შ.).

საწყისის მართლწერასთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი წესები:

ვ თანხმოვანის ჩართვა ისეთი ზმნების საწყისში, რომლებსაც თემის ნიშანი -ავ არ გააჩნიათ დაუშვებელია. შესაბამისად, სწორია:
ტეხა და არა ტეხვა ( ზმნურ ფორმაში გვექნება ტეხს)
გლეჯა და არა გლეჯვა ( გლეჯს)
ფლეთა და არა ფლეთვა ( ფლეთს)
ყეფა და არა ყეფვა ( ყეფს)
ქროლა და არა ქროლვა ( ქრის)
თრთოლა და არა თრთოლვა ( თრთის)
ჩეხა და არა ჩეხვა ( ჩეხს)
კრეჭა და არა კრეჭვა ( კრეჭს)

რიცხვში მონაცვლე ზმნების საწყისის წარმოებისას უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ერთს ვგულისხმობთ, უნდა ვიხმაროთ მხოლობითის ფორმით ნაწარმოები საწყისი, ხოლო როცა ორი ან ორზე მეტი ( მრავლობითი) იგულისხმება, უნდა ვიხმაროთ მრავლობითის ფუძისგან ნაწარმოები საწყისი. შესაბამისად, სწორია:

დაგდება - დაყრა
ჯდომა-სხდომა
გდება-ყრა
ვარდნა-ცვენა
ზედმეტი ნივთის გადაგდება-ზედმეტი ნივთების გადაყრა
წიგნის დავარდნა - წიგნების დაცვენა/დაყრა

საგანგებოდ აღვნიშნოთ ორი ზმნის საწყისი და მათგან ნაწარმოები ზმნური ფორმები:
პოვნა და შოვნა - ამ საწყისების ფუძისეული ნ თანხმოვანი ზმნურ ფორმებში იკარგება. შესაბამისად, სწორია:
ვიპოვე ( და არა ვიპოვნე) და ვიშოვე ( და არა ვიშოვნე)

მიმღეობის მართლწერა

მიმღეობა, როგორც უკვე აღინიშნა, ზმნისგან მიღებული ფორმაა და წინადადებაში გამოიყენება, როგორც ზედსართავი სახელი. გვაქვს მოქმედებითი გვარის მიმღეობა და ვნებითი გვარის მიმღეობა. მოქმედებითი გვარის მიმღეობა იწარმოება მ, მ-ელ, მა-ელ ნიშნებით. ვნებითი გვარის მიმღეობა კი სა ან სა-ელ ( ილ,ულ) ნიშნების დართვით.

მიმღეობის მართლწერასთან დაკავშირებით უნდა გვახსოვდეს შემდეგი წესები:

თუ სახელის ძირი მ თანხმოვნით იწყება, მოქმედებითი გვარის მიმღეობის წარმოებისას სიტყვაში ორი მ მოიყრის თავს. შესაბამისად, უნდა ითქვას და დაიწეროს:

მმართველი ( თვითმმართველობა)
დამმორჩილებელი
დამმარხავი

გთავაზობთ იმ მიმღეობათა სწორ დაწერილობას, რომელთა მცდარი ფორმებიც ყველაზე ხშირად გვხვდება მედიაში:

გაწვრთნილი ( და არა გაწრთვნილი)
გამომშრალი ( და არა გამოშრობილი)
გამომცხვარი ( და არა გამოცხობილი)
გაძარცვული ( და არა გაძარცული)
დამავალი ( და არა დაღმავალი)
დაუწერელი ( და არა დაუწერავი)
მთრთოლარე ( და არა მთრთოლვარე)
მოუსყიდველი ( და არა მოუსყიდავი)
მწმენდელი ( და არა მწმენდავი)
შეცივებული ( და არა შეციებული)
შეფუთნილი ( და არა შეფუთნული)
შეწებებული ( და არა შეწეპებული)
შეჭმუხნილი ( და არა შეჭმუხნული)
შეურაცხმყოფელი ( და არა შეურაწმყოფელი)
სადავო ( და არა სადაო)
სადაზღვევო ( და არა სადაზღვეო)

თანამედროვე სალიტერატურო ნორმების თანახმად პარალელურ ფორმებადაა მიჩნეული შემდეგი ფორმები:

ნასამართლევი//ნასამართლები
აბურძგნული//აბურძგნილი
გაუხუნარი//გაუხუნებელი
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
მცნება და ცნება, აღთქმა და აღქმა, აფექტი და ეფექტი, კომპანია და კამპანია, სწავლა და სწავლება, თარგმნა და თარგმანი, დიპლომატი და დიპლომანტი - ეს და სხვა მსგავსი სიტყვები ხშირად ერევათ ხოლმე ერთმანეთში. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი უცხო ენიდანაა შემოსული და ბგერობრივად ძალიან ჰგავს ერთმანეთს. პარონიმული წყვილების აღრევის მიზეზი ამ სიტყვათა ლექსიკური მნიშვნელობის არცოდნაა.

ცნობისთვის: ისეთ სიტყვებს, რომლებიც ბგერობრივად ძალიან ჰგავს ერთმანეთს, შინაარსობრივად კი აბსოლუტურად განსხვავდება - პარონიმები ეწოდება.

იმისთვის, რომ შეცდომები ავიცილოთ თავიდან, აუცილებელია გავმიჯნოთ პარონიმული წყვილების შემადგენელი ლექსიკური ერთეულების მნიშვნელობები.

დღევანდელ ბლოგს სწორედ ამ თემას დავუთმობთ. გთავაზობთ იმ პარონიმული წყვილების განმარტებებს, რომლებსაც განსაკუთრებით ხშირად იყენებენ შეცდომით:

მცნება და ცნება

მცნება - დიდაქტიკური შინაარსის, აზრის, მითითებისა ან აკრძალვის შინაარსის შემცველი წინადადება ან გამოთქმაა. ეს ტერმინი გულისხმობს არა ერთი სიტყვის, არამედ მთელი წინადადების შინაარსს. აზრს, რომელსაც გამოხატავს წინადადება, ფრაზა. ასეთი წინადადებებით ხშირად გამოიხატება შეგონებები, ზნეობრივი ხასიათის გამონათქვამები. მაგალითად, ათი მცნება - „არა კაც კლა“, „არა იმრუშო“ და ა.შ. ასევე - „ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა“, „ ისმინე, სწავლის მძებნელო, მოჰყევ დავითის მცნებასა“...

ცნება კი ერთი სიტყვის მნიშვნელობაა. ცნება გამოხატავს აღმნიშვნელის შინაარსს, რაც უნდა აღინიშნოს სიტყვით. მაგალითად, სამშობლოს ცნება, ერთგულების ცნება, სიყვარულის ცნება...

აღქმა და აღთქმა

აღქმა ნიშნავს ფაქტისა თუ მოვლენის გაცნობიერებას, გაგება-გააზრებას, ინტერპრეტაციას. განმარტებითი ლექსიკონის თანახმად - ცნობიერებაში ობიექტური სინამდვილის ფაქტების ასახვის პროცესს, გაგება-გაცნობიერების უნარს. მაგალითად, ინტერესთა კონფლიქტი ფაქტის ობიექტურ აღქმას უშლის ხელს.

აღთქმა ნაწარმოებია სიტყვისგან აღთქმული და ნიშნავს დაპირებას, დანაპირებს, პირობის დადებას. აღთქმის დადება იგივეა, რაც ფიცის, სიტყვის, პირობის მიცემა. მაგალითად, მოკავშირეებმა დადეს აღთქმა, რომ საქვეყნო საქმეს არ უღალატებდნენ.

აფექტი და ეფექტი

აფექტი ძლიერ განცდასა და ამ განცდის გამოვლენას ეწოდება. განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, ეს არის ხანმოკლე და ძლიერი ემოცია, რომელიც სავსებით იპყრობს პიროვნებას და შეიძლება ჩაადენინოს მისთვის უჩვეულო საქციელი. აფექტის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შესუსტებული აქვს თვითკონტროლისა და ქმედების ხელმძღვანელობის უნარი. მაგალითად, პათოლოგიური აფექტის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მთლიანად ეკარგება უნარი, გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მნიშვნელობა.

ეფექტი არის ძლიერი შთაბეჭდილება, რასაც ახდენს რამე ან ვინმე. ასევე, განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, რისამე მოქმედება, გავლენა, შედეგი ამ მოქმედებისა, გავლენისა. ასევე - ხერხი, საშუალება, რომლის მიზანია შთაბეჭდილების მოხდენა, რაიმე ილუზიის შექმნა.

კომპანია და კამპანია

კომპანია ეწოდება სავაჭრო, სამრეწველო, სატრანსპორტო და სხვა სახის გაერთიანებას, ამხანაგობას, კომპანია ასევე აღნიშნავს მეგობარ-ამხანაგთა საზოგადოებას, ამხანაგობას რაიმე საქმეში, თანამესუფრეებს. მაგალითად, მხიარული კომპანია ლხინის დასრულების შემდეგ დაიშალა.

კამპანია კი ერთობლივი, კოლექტიური ღონისძიებების მიმდინარეობაა. ასევე - ერთ საბრძოლო ასპარეზზე გაჩაღებული ომი, ლაშქრობა, რომელიც სათანადო გეოგრაფიულ სახელს უკავშირდება ( მაგალითად, ყირიმის კამპანია...).

დიპლომანტი და დიპლომატი

დიპლომანტი - სტუდენტი, რომელიც სადიპლომო შრომას ამზადებს ან რაიმე კონკურსში გამარჯვებული, საპატიო დიპლომით, სიგელით დაჯილდოებული.

დიპლომატი კი თანამდებობის პირია, რომელიც დიპლომატიურ მოღვაწეობას ეწევა, უცხო სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობა აკისრია. გადატანითი მნიშვნელობით ასევე აღნიშნავს მოხერხებულ ადამიანს, რომელსაც ეხერხება სხვადასხვა რთულ სიტუაციაში ოპტიმალური გამოსავლის მოძებნა, მოლაპარაკების წარმოება.
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
ნებისმიერი „ცოცხალი“ენის ლექსიკა მუდმივად მდიდრდება სიტყვათა სხვა ენებიდან შემოტანით. არ არსებობს აბსოლუტურად წმინდა ენა და ამგვარი ნასესხები სიტყვები მეტ-ნაკლები რაოდენობით ყველა ენაშია. უცხო სიტყვათა შემოღება-დამკვიდრების დროს მნიშვნელოვანია ზომიერება, რათა ენა არ დანაგვიანდეს, თუმცა გადამეტებული ენობრივი პურიზმიც დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს და ამის მაგალითი ლათინური ენაა.

ქართული ენის ლექსიკა ყოველდღიურად ივსება ახალი ცნებების გამომხატველი სიტყვებით, გამოთქმებით, აღმნიშვნელებით, აგრეთვე - სხვადასხვა დარგის განვითარებისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ტერმინოლოგიით. ხშირად ისე ხდება, რომ სამეტყველო ენაში თავს იმკვიდრებს ბარბარიზმი, სიტყვა, რომლის შესატყვისიც ენაში არის ან ენის სინტაქსისა და გრამატიკული წყობისთვის შეუსაბამო, მახინჯი ფორმა.

ასე მაგალითად, დღეს ბეჭდურ თუ ტელემედიაში ხშირად გაიგონებთ და წაიკითხავთ:

ადგილი აქვს კანონის დარღვევას ( სწორია კანონი დაირღვა/დაარღვიეს)
სამუშაოდ გაანაწილებენ (სწორია სამუშაოდ გაგზავნიან, გააწესებენ...)
მაგალითი მოიტანა ( სწორია მაგალითი მოიყვანა)
სენსიტიური ( სწორია ფაქიზი, მგრძნობელობითი)
გაყიდვაშია/მიმალვაშია და ა.შ. ( იყიდება, მიიმალა...)

ეს და სხვა მსგავსი ფორმები ენის დანაგვიანებად შეგვიძლია მივიჩნიოთ და მათი უკუგდება, ჩანაცვლება აუცილებელია.

დღეს რამდენიმე ისეთ ლექსიკურ ერთეულზე გავამახვილებთ ყურადღებას, რაც მედიის სფეროში მომუშავეთათვის განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს, რადგან ისინი ამ სიტყვებს ხშირად იყენებენ ზეპირი თუ წერითი მეტყველებისას. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე მათგანის შესაბამისი ორთოგრაფიული ნორმა სწორედ ბოლო ხანს დამკვიდრდა.

მაგალითად, სიტყვა ტოქშოუ, სულ მცირე, სამი განსხვავებული დაწერილობით შეგხვდებათ სხვადასხვა მედიასაშუალებაში - თოქ-შოუ, ტოკ-შოუ, თოქშოუ და ა.შ.

სალიტერატურო ნორმა გახლავთ ფორმა ტოქშოუ;

ასევე შეგხვდებათ განსხვავებული დაწერილობები: სენსიტიური და სენზიტიური. უნდა ითქვას, რომ არც ერთი მათგანი სწორი არ არის და მშობლიურ ენაში მოგვეპოვება მშვენიერი ჩამნაცვლებელი, რომელიც ზუსტად იმავეს გამოხატავს, რასაც ეს უცხო სიტყვა. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ გამოვიყენებთ მგრძნობელობითს ( ან ფაქიზს) სენსიტიური/სენზიტიურის ნაცვლად.

ცალკე აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დროს სიტყვათა ერთ ნაწილს მიეწერა პარალელური ვარიანტებიც. ეს ნიშნავს, რომ სამეტყველო ენაში დამკვიდრებული და სალიტერატურო ნორმად მიჩნეული ორივე ფორმა დასაშვებადაა მიჩნეული. განსაკუთრებით საინტერესოა სიტყვის - მინახავხარ - ისტორია.

გრამატიკულად გამართული ფორმა სამეტყველო ენაში ვერ დამკვიდრდა. ხალხი, თითქმის გამონაკლისის გარეშე, სიტყვას ისე წარმოთქვამდა ( და წერდა), როგორც უფრო მორგებული, მოქნილი და მოხერხებული იყო ( მინახიხარ). დღესდღეობით ეს უკანასკნელი პარალელური ვარიანტია და სამომავლოდ, სავარაუდოდ, ჩაანაცვლებს კიდეც „მინახავხარს“.

მედია საკმაოდ მძლავრი საშუალებაა ენობრივ პროცესებზე ზემოქმედებისთვის. ეს ზეგავლენა სასიკეთოც შეიძლება იყოს და დამღუპველიც. თუ სესხების დროს „მასპინძელი“ ენის ძირითადი ლექსიკური ფონდი, გრამატიკული წყობა, ფონეტიკური თავისებურებები და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები გათვალისწინებულია, ენის თვითმყოფადობას საფრთხე არ ემუქრება. მეტიც, მედიაენამ, შესაძლოა, ახალი ფრაზეოლოგიური გამოთქმებიც კი შესძინოს ფონდს.

ასე მაგალითად, ბოლო დროს მედიაში საკმაოდ ხშირად შეგხვდებათ სიტყვა მოწყვლადი. საინტერესოა, რომ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ეს სიტყვა არ გვხვდება. სახეცვლილი ვარიანტი ( წყლვა) განიმარტება საბასთან ( ...გინა შიში დიდისა საოცრისაგან, რა ეცეს, იწყლვის, ვითარცა განგვრემილი...). დღესდღეობით სიტყვაშეთანხმება „მოწყვლადი საკითხი“, „მოწყვლადი ჯგუფი“ ხშირად გვხვდება და იგულისსმება დაუცველი რამ, რაღაც, რაც განსაკუთრებულ მიდგომას, ზრუნვას საჭიროებს.

„მედიაჩეკერი“ მომდევნო წერილებშიც მოგაწვდით საინტერესო მასალებს ცოცხალი ენობრივი პროცესების შესახებ.
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი



ბეჭდურ მედიაში ხშირადაა საჭირო სხვადასხვა აღმნიშვნელის შემოკლება. ქართული დამწერლობისთვის სიტყვიერი შემოკლებები ოდითგანვეა დამახასიათებელი - აბრევიაციის წინაპრად შეიძლება მივიჩნიოთ ქარაგმები, რომლებიც ადგილის და დროის ეკონომიის მიზნით კეთდებოდა. ძველ ხელნაწერებში ქარაგმულად მოკლდებოდა ტექსტებში ყველაზე ხშირად განმეორებადი სიტყვები ან ფრაზები, საკავშირებელი სიტყვები და ა.შ.

თანამედროვე ქართულში ჩამოყალიბდა შემოკლების ორი სახეობა. ტექსტებში გვხვდება სიტყვათა ან შესიტყვებათა შემოკლებები.

თავად სიტყვა აბრევიაცია ლათინური წარმოშობისაა და ნიშნავს ყოველგვარ სიტყვიერ შემოკლებას. ამ პროცესის შედეგს კი აბრევიატურას უწოდებენ. განვიხილოთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებული შემთხვევა:

წერტილით გაფორმების პრაქტიკა ცალკე მდგომი სიტყვის თავკიდური ნაწილის შენარჩუნებით

წერტილი დაისმის უმარცვლო ერთი ან ორი საწყისი თანხმოვნის შემდეგ ან დახურული მარცვლის-თანხმოვნით გათავებული პირველი ან მეორე მარცვლის შემდეგ:
წ.=წელი
გვ.=გვერდი
იხ.=იხილე

კიდური ნაწილების დეფისით შეერთება

ზოგიერთი სიტყვა მოკლდება სპეციფიკურად - თავკიდური და ბოლოკიდური ნაწილების დეფისით შეერთების გზით. ასეთებია:
საზ-ბა ( საზოგადოება), ლიტ-რა(ლიტერატურა)

შემოკლება სასვენი ნიშნების გარეშე

დროის და ზომა-წონის ერთეულთა სახელები ფორმდება სასვენი ნიშნების გარეშე, რომლებიც ერთი ან ორი ასოთი გამოიხატება:
მ(მეტრი), გ(გრამი), ლ(ლიტრი), სთ (საათი), წთ(წუთი), წმ(წამი), კმ(კილომეტრი)

ერთზე მეტი სიტყვის შემოკლება საწყისი ასოების შეერთებით:
რაც შეეხება სიტყვათშეთანხმებების შემოკლებებს - ძირითადად მოკლდება ნაცვალსახელურ-ზმნისართული შესიტყვებები. წერტილი უნდა დაისვას ორსავე შემთხვევაში შემოკლებული სიტყვების ბოლოს:

ესე იგი ( ე.ი.), ეგრეთ წოდებული ( ე.წ.), ასე შემდეგ ( ა.შ.)

ერთზე მეტი სიტყვაფორმისგან შედგენილი ტერმინის ან საკუთარი სახელის შემოკლება

რაიმე ორგანიზაციის, დაწესებულების საკუთარი სახელის (ონიმის) ასოითი გამოსახულებები ქმნიან დამოუკიდებელ სიტყვებს - სახელებს, რომლებიც იბრუნვის სათანადო ენის ბრუნვათა სისტემის მიხედვით. ამგვარი შემოკლების შედეგად ვიღებთ სწორედ აბრევიატურებს ( ეწოდებათ აგრეთვე აკრონიმული, ანუ ინიციალური წესით შედგენილი უცხოური აბრევიატურები).

საერთაშორისო აბრევიატურები შეიძლება მომდინარეობდეს ევროპული ენებიდან ან წარმოიქმნას მშობლიური ენის ნიადაგზე. ამგვარი აღმნიშვნელების პირველი ასოების გაფორმებისას წერტილების დასმა საჭირო არაა. განვიხილოთ გავრცელებული მაგალითები:

გაერო (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია).

ბრუნვის შემთხვევაში ბრუნვის ნიშანი დაერთვის აბრევიატურას და არ გამოიყოფა დეფისით: გაერომ, გაეროს...
საქიდეამშენი, საქიდეამშენმა, საქიდეამშენს...

ისეთი უცხოური აბრევიატურების გასაფორმებლად, რომლებიც რთული შედგენილობისაა და აბრევიატურის შემადგენელი სიტყვების პირველი ასოების წარმოთქმას ეყრდნობა, შემადგენელი კომპონენტების საწყისი ასოების სახელწოდებათა შორის აუცილებელია დეფისის ჩასმა.
მაგალითად, BBC - British Broadcasting Corporation

ორგანიზაციის აბრევიატურის წარმოითქმისას ვეყრდნობით სახელწოდების შემადგენელი სიტყვების პირველი ასოების ფონეტიკურ წარმოთქმას. აღნიშნული წესის თანახმად, შემოკლება ქართულად გაფორმდება შემდეგნაირად: ბი-ბი-სი.

ბრუნვის ნიშნის დართვისას დეფისით გამოყოფა საჭირო არ არის: ბი-ბი-სიმ, ბი-ბი-სის...
CNN – სი-ენ-ენი, სი-ენ-ენმა, სი-ენ-ენს...
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
მესამე პირის კუთვნილების გამომხატველი კუთვნილებითი ნაცვალსახელების გამოყენებისას ხშირია ისეთი შეცდომები, რომლებიც წინადადების კონტექსტსაც კი ცვლის.

მესამე პირში მისი და თავისი ნაცვალსახელები არ უნდა აგვერიოს. საერთო წესი, როგორც ყოველთვის, მარტივია - თუ სუბიექტის კუთვნილებაზეა საუბარი, თავისი ითქმის, თუ სხვის კუთვნილებაზე - იმისი ან მისი.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ სტუმრად მიხვედით მეგობართან. მან ორი ჟურნალი გათხოვათ. ერთი ამ მეგობრისაა, მეორე კი ძმისგან აქვს თავად ნათხოვარი. „მან მათხოვა მისი ჟურნალი“ - წინადადება გულისხმობს, რომ მეგობარმა ძმის ჟურნალი გათხოვათ და არა საკუთარი. „მან თავისი ჟურნალი მათხოვა“ - გულისხმობს, რომ მან საკუთარი ჟურნალი გათხოვათ. დავიხსომოთ, რომ ამ სიტუაციაში მეგობარი მოქმედი პირია. ის საკუთარ (მოქმედი პირის კუთვნილ) ნივთს გაძლევთ.

ყოველთვის, როცა ეჭვი შეგეპარებათ, მისი უნდა დაწეროთ თუ თავისი, საორჭოფო ნაცვალსახელი ( მისი-თავისი) ჩაანაცვლეთ სიტყვით საკუთარი. თუ კონტექსტი არ იცვლება, ე.ი. ნაცვალსახელი სწორადაა შერჩეული.

იმავე წარმატებით შეგიძლიათ საორჭოფო ნაცვალსახელი ჩაანაცვლოთ სიტყვით სხვისი და თუ ის შესაფერისი აღმოჩნდა, სწორი ფორმა ყოფილა მისი და არა თავისი.

მეტი დაკვირვება გვმართებს მაშინ, როცა ის, ვის კუთვნილებაზეც არის საუბარი, ნათესაობით ბრუნვაში დგას. ეს ნიშნავს, რომ ის მოქმედი ვერ იქნება, რადგან მოქმედი, ანუ ქვემდებარე, ნათესაობით ბრუნვაში არასდროს დგას.

„მწერლის შემოქმედების პირველი შემფასებელი მისი მეუღლე იყო“ - ამ წინადადებაში მწერალი, ვის კუთვნილებაზეც არის საუბარი, მოქმედი არ არის. მოქმედი შემფასებელია, ამიტომაც აქ მისი უნდა გამოვიყენოთ.

„პრეზიდენტის საუკეთესო მრჩეველი მისი ერთ-ერთი ოპოზიციონერი იყო“ - აქაც საუბარი პრეზიდენტის „კუთვნილებაზეა“, მაგრამ „მოქმედი“ არის „ოპოზიციონერი“, ამიტომ სწორია მისი და არა თავისი. ( პრეზიდენტი მოქმედი, ანუ ქვემდებარე არ არის).

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თუ ზმნის სუბიექტი მრავლობითშია, თავისი ნაცვალსახელი თავიანთი ფორმით შეიცვლება. შესაბამისად, სწორია:
მთავრობის წევრებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.
დეპუტატებმა თავიანთი მოთხოვნები წამოაყენეს.

თუ სუბიექტი კრებითობის გამომხატველი სიტყვაა, მასთან კვლავ თავისი ფორმა გამოიყენება:
უმრავლესობამ თავისი გაიტანა.
ხალხმა თავისი გააკეთა.

აქვე მიმოვიხილავთ პირის ნაცვალსახელებზე -გან თანდებულის დართვით წარმოქმნილ ნაცვალსახელებსაც, რომელთა გამოყენებისას საკმაოდ ხშირად უშვებენ შეცდომებს.

ნაცვალსახელებით - ჩვენგანი, თქვენგანი, მათგანი - აღინიშნება ჩვენ შორის, თქვენ შორის, მათ შორის ერთი რომელიმე. ამ ნაცვალსახელების ფუძე უკვე არის მრავლობითის გამომხატველი, ამიტომ ნიშანი თა ( მრავლობითის გამომხატველი) საჭირო აღარ არის. შეცდომაა: ჩვენთაგანი, თქვენთაგანი, მათთაგანი.

უნდა იყოს:

ჩვენგანი
თქვენგანი
მათგანი
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი

რიცხვითი სახელის მართლწერაზე საუბარს შორიდან და ზოგადიდან დავიწყებთ. რაოდენობის დასაკონკრეტებლად სხვადასხვა ენაში სხვადასხვაგვარი სისტემა და წესებია დამკვიდრებული. ქართულში რაოდენობის განსაზღვრა ხდება როგორც გარკვეული რაოდენობითი რიცხვითი სახელებით, ისე გაურკვეველი რაოდენობითი რიცხვითი სახელებით. გაურკვეველია ბევრი, მრავალი, უამრავი, უთვალავი, ურიცხვი, მცირეოდენი, ცოტა...გარკვეულია ერთი, ორი, სამი, ასი და ა.შ. გრამატიკული თვალსაზრისით გვაქვს ასევე სამი სახის რიცხვითი: რაოდენობითი, რიგობითი და წილობითი.


რაოდენობის გამოსახვისას ვიყენებთ არაბულ ან რომაულ ციფრებს, კონტექსტის მიხედვით - შესაბამისი თანდებულისა და ბრუნვის ნიშნის დართვით. გრამატიკული შეცდომების უმეტესობა სწორედ ამას უკავშირდება ( დაწვრილებით განვიხილავთ ქვევით).

საინტერესოა მსაზღვრელ „არაბულის“ წარმოშობის ისტორია. სინამდვილეში, რიცხვების სისტემა, რომელსაც ჩვენ ამ სახელდებით ვიცნობთ, ინდოეთში 1500 წელზე მეტი წლის წინ შეიმუშავეს. ევროპელებმა ეს სისტემა მეათე საუკუნეში გაიცნეს არაბული წყაროების მეშვეობით, აღფრთოვანდნენ მოქნილობითა და სიმარტივით და ნელ-ნელა დაიწყეს რომაულის ჩანაცვლება.

მნიშნელოვნად მიგვაჩნია სიტყვების - რიცხვი და ციფრი - მნიშვნელობის გამიჯვნაც. ხშირად ამ სიტყვებს სინონიმური მნიშვნელობით იყენებენ, ეს კი შეცდომაა. უნდა ვიცოდეთ, რომ ციფრები არის ნიშნების სისტემა რიცხვების ჩასაწერად. სიტყვა „ციფრი“ დაკონკრეტების გარეშე ნიშნავს შემდეგი ათი ნიშნიდან ერთ-ერთს: 0 1 2 3 4 5 6 7 8 9. ციფრების კომბინაციით კი მიიღება სხვადასხვა რიცხვი.

რიცხვითი სახელების მართებულად დასაწერად რამდენიმე ზოგადი წესის დახსომებაა საჭირო.

დავიწყოთ რაოდენობითი რიცხვითი სახელების მართლწერით:

რაოდენობითი რიცხვითი სახელების უმეტესობა რთულფუძიანია (ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე კომპონენტის შერწყმით არის მიღებული). მაგალითად, ოცდახუთი შედგება ორი ფუძისგან ( ოცი და ხუთი), სამოცდაექვსი შედგება სამი ფუძისგან ( სამი, ოცი და ექვსი), ხუთას ორმოცდაათი კი შედგება ოთხი ფუძსგან ( ხუთი, ასი, ორმოცი, ათი). რაოდენობითი რიცხვითი სახელების ნაწილი ერთად იწერება, ნაწილი კი დამოუკიდებელი სიტყვების სახით.

ერთად იწერება: ყველა რიცხვითი სახელი ერთიდან ასის ჩათვლით და ასეულთა სახელები ( ორასი, სამასი, ხუთასი...), ათასი, მილიარდი...

ცალ-ცალკე იწერება დანარჩენი რაოდენობითი რიცხვითი სახელები: ას ოცდახუთი, ას ორი, სამი ათასი...

აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ რთული შედგენილობის რაოდენობითი რიცხვითის რიგობითად გადაქცევისას რიცხვითი სახელი დაიწერება შერწყმულად: ასოთხმოცდამეათე, ასორმოცდამეორე, ცხრაას მეთვრამეტე და ა.შ.

რიგობითი რიცხვითი სახელების მართლწერა

თუ რიგობითი შინაარსის გადმოსაცემად ვიყენებთ არაბულ ციფრებს, საჭიროა თავსართ-ბოლოსართების დართვა. შეცდომების უმრავლესობა უკავშირდება მათ აღრევას ან უმართებულოდ ორივეს დართვას.

1. მე თავსართი დაერთვის 2-დან 20-ის ჩათვლით არაბულ ციფრებს, ასევე ლუწ ათეულებს, ყველა ასეულს, ათასეულს, მილიონს, მილიარდს. მაგალითად: მე-5; მე-20; მე-100; მე-2000 და ა.შ.
2. ყველა დანარჩენ შემთხვევაში არაბულ ციფრებს დაერთვის -ე ბოლოსართი და მე-თავსართი ფუძის შიგნით არის მოქცეული. შესაბამისად, მისი გამოყოფა არ ხდება. მაგალითად: 56-ე; 109-ე; 10025-ე;

პირველი არაბული ციფრით გამოიხატება ასე:

განახლება:

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის 2019 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე რაოდენობითი და რიგობითი სახელების მართლწერის ახალი ნორმები დადგინდა. ახალი დადგენილებით თანახმად:

რიცხვითი სახელის პირველი დაწერილობისას უპირატესობა მიენიჭოს სიტყვიერად ან რომაული ციფრით (პირველი ან I, პირველმა ან I-მა) გამოსახვას.

პირველი არაბული ციფრით უნდა გამოისახოს შემდეგნაირად: 1-ელი, 1-ელმა, 1-ელს, 1-ელის... (1-ელი მუხლის მიხედვით, 1-ელ თავში შევიდეს ცვლილებები, 1-ელის შესაბამისად...).

თვეების პირველი კალენდარული დღის აღნიშვნისას დასაშვებია ტრადიციულად დამკვიდრებული ფორმები: 1 იანვარი, 1 მაისი, 1 სექტემბერი და სხვ.

ციფრით გამოხატულ რიცხვით სახელზე( როგორც რაოდენობითზე, ისე რიგობითზე) დართული ბრუნვის ნიშნები, ნაწილაკი, თანდებული ან ნებისმიერი სხვა სუფიქსი დეფისით უნდა გამოვყოთ: 20-მა, 4-ს, V-ის, 51-ემ, მე-7-ში, III-ც, 25-ზე, 60-იანი, 7-ჯერ, 51-ეში და ა.შ.

რომაული ციფრების გამოყენებისას ყოველგვარი თავსართ-ბოლოსართის დართვა ზედმეტია. ეს ციფრები თავად გამოხატავენ რიგითობას. დაუშვებელია V-ე; მე-X-ე; XV-ე.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს წილობითი რიცხვითი სახელების წერის წესებიც. წილობითი რიცხვითი იწერება ცალ-ცალკე: ორი მესამედი, ერთი მეასედი და ა.შ.

დასამახსოვრებელია ცალკეული ფორმების მართლწერა:
სწორია: სამ-ნახევარი; საათ-ნახევარი; მეტრ-ნახევარი. სამთვე-ნახევარი; სამკილო-ნახევარი; სამლარ-ნახევარი.
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი

ჩვენს ერთ-ერთ პოსტში უკვე ვისაუბრეთ ირიბი ობიექტის ნიშნების შესახებ. ამჯერად რამდენიმე არასწორად გავრცელებული ზმნა გვინდა მიმოვიხილოთ.

1.რომელია სწორი - სცემა ვარსქენმა შუშანიკს თუ სცემა ვარსქენმა შუშანიკი?
2.ცივა (აქ) თუ სცივა (აქ)?
3.სცხელა ( მას) თუ ცხელა ( მას)?

მივყვეთ თავიდან:

პირველ მაგალითში ზმნა სცემა გარდაუვალი ზმნაა. მას შეეწყობა ირიბი ( ანუ ბრუნვაუცვლელი, მუდამ მიცემითში მდგომი) ობიექტი. ზმნის ფუძე იწყება ხშული თანხმოვნით ( ც). ეს ზმნა ყველა „მოთხოვნას აკმაყოფილებს“ საიმისოდ, რომ დაირთოს ირიბი ობიექტის ნიშანი ს- და „შეიწყოს“ არა სახელობითში მდგარი პირდაპირი ობიექტი, არამედ ირიბი ობიექტი, რომელიც მიცემით ბრუნვაში უნდა ჩავსვათ.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, სწორია:

სცემა ვარსქენმა შუშანიკს;
სცემა სპორტსმენმა მოქალაქეს;
სცემა ქმარმა ცოლს.

ცივა-სცივა

ცივა, თბილა, ცხელა - ეს ზმნები აღნიშნავს ამინდს ზოგადად. შესაბამისად, თუ ვინმესთვის „კლიმატური მოცემულობის შემცველი ინფორმაციის“ მიწოდება გვსურს, უნდა ვთქვათ:

გარეთ თბილა (ცივა, ცხელა...)

მაგრამ, თუ გვინდა ვთქვათ, რომ ვინმეს ( მესამე პირს) აქვს სიცივის ან სიცხის შეგრძნება, ზმნას უნდა დავუმატოთ მესამე პირის თავსართი ს- ან ჰ -;

შესაბამისად, სწორი იქნება:
სცივა მას ( და რა ცივა მას);
სცხელა მას ( და არა ცხელა მას);
სთბილა მას ( და არა თბილა მას);
შესცივდა მას ( და არა შეცივდა მას);
დასცხა მას ( და არა დაცხა მას).
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი


უცხოური ენიდან შემოსულ და დამკვიდრებულ ნასესხებ სიტყვებს ხშირად არასწორად წარმოვთქვამთ ან ვწერთ. ხმოვნების და თანხმოვნების უმართებულოდ ჩამატების თუ პირიქით, ამოკლების მიზეზი ისაა, რომ არ ვითვალისწინებთ სიტყვის წარმომავლობას და მის პირვანდელ დაწერილობას.
დავაკვირდეთ ნ თანხმოვნის არასწორად გამოყენების სამ შემთხვევას:

1. ნ უმართებულოდ იკარგება სიტყვებში:

კონტინგენტი, კორესპონდენტი, ინსტინქტი, კონსენსუნსი.

ყველა დასახელებული სიტყვა წარმოშობით ლათინურია და იწერება ასე:
contingens correspondens instinctus consensus

შესაბამისად, ქართულ ენაზე წარმოთქმისა და დაწერის დროს ნ თანხმოვანი უნდა შევინარჩუნოთ.

შეცდომაა: კონტიგენტი, კორესპოდენტი, ინსტიქტი, კონსესუსი.

2. ნ თანხმოვანი ზედმეტია სიტყვებში: ინცინდენტი, პრეცენდენტი, სტიპენდიანტი, კომპრომენტაცია.

დასახელებული სიტყვები ასევე ლათინური წარმოშობისაა და იწერება შემდეგნაირად:
incidens præcedentum stipendium compromittere

შესაბამისად, სწორია:
ინციდენტი, პრეცედენტი, სტიპენდიატი, კომპრომეტაცია.

3. ფ-ს წინ ნ თანხმოვანს უმართებულოდ ანაცვლებენ მ თანხმოვნით. ეს შემთხვევებია:
კონფედერაცია, კონფლიქტი, კონფორმიზმი, კონფერენცია.

პრინციპი აქაც იგივეა და თუ დასახელებული სიტყვების ორიგინალ დაწერილობას გაეცნობით, ნახავთ, რომ ფ-ს წინ მ არც ერთ შემთხვევაში არ არის. შესაბამისად, შეცდომაა : კომფედერაცია, კომფლიქტი, კომფორმიზმი, კომფერენცია.

რაც შეეხება ხმოვნების აღრევის შემთხვევებს. საკმაოდ ხშირია ე და ი ხმოვნების აღრევა სიტყვებში:
კომბინეზონი და კომბინიზონი, ბრეოლინი და ბრიოლინი, გენეალოგია და გენიალოგია, ინტელიგენტი და ინტილიგენტი და ა.შ.

ამათგან სწორია:
კომბინეზონი, ბრეოლინი, გენეალოგია, ინტელიგენტი.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უცხოური ენიდან შემოსული სიტყვების მეშვეობით ახალი ფორმების წარმოქმნისას ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ორიგინალ ენაზე საწყისი სიტყვის დაწერილობა.

საგანგებოდ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ა-სა და ე-ზე დაბოლოებული სიტყვები ბოლოსართების დართვისას მოიკვეცენ მხოლოდ ბოლოკიდურ ხმოვანს.

ავიღოთ სიტყვა ლირიკა. ვაწარმოოთ მისგან ახალი ფორმა ბოლოსართის დართვით, მივიღებთ: ლირიკული ( და არა ლირიული!)

ასევე: რომანტიკა - რომანტიკული ( და არა რომანტიული)
ფსიქიკა - ფსიქიკური ( და არა ფსიქიური)
ეროტიკა - ეროტიკული ( და არა ეროტიული)
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
ქვემდებარე და შემასმენელი მყარი, მდგრადი წყვილია. ერთმანეთის გარეშე მათ „არსებობა არ შეუძლიათ“, მათი ურთიერთობა ხშირი და ყოველმხრივი განხილვის საგანია გრამატიკულ სახელმძღვანელოებშიც, პირად საუბრებშიც და სწავლა-სწავლების პროცესშიც ნებისმიერ საფეხურზე ( დაწყებითი, საბაზო, საშუალო, ფორმალური, არაფორმალური...). მიუხედავად ამისა, შეცდომები ქვემდებარისა და შემასმენლის ცალ-ცალკე ან ერთად გამოყენების დროს თანამედროვე მედიაში საკმაოდ ხშირად გვხვდება.

ცალ-ცალკე და ერთად

სანამ პოსტის უშუალო თემაზე გადავალთ, გაგაცნობთ ამ „ჰარმონიული წყვილის“ ზოგად დახასიათებას და მათ ურთიერთმიმართებას.

შემასმენელი წინადადების მთავარი წევრია. ქვემდებარესა და დამატებებთან ერთად სწორედ ის ქმნის ქართული წინადადების უმთავრეს ღერძს. შემასმენელთაგან ზოგიერთს „მარტივი“ ხასიათი აქვს, დიდ სირთულეს არ უქმნის გრამატიკის საფუძვლიანად შესწავლის მსურველს და მარტივი ფუძით წარსდგება მათ წინაშე. ასეთი შემასმენლებია: წერს, ხატავს, მუშაობს, დარბის...

მათგან განსხვავებით არსებობს „რთული ხასიათის“ შემასმენელიც. ის ორი დამოუკიდებელი სიტყვის შეერთებითაა მიღებული და რთულფუძიანი შემასმენლების საკმაოდ დიდ ჯგუფს ქმნის. ჯგუფის ერთი ნაწილი წარმოქმნილია სახელზე მეშველი ზმნის დართვით (ცხადყოფს, უარყოფს, ვხელყოფ...), ნაწილი კი მეშველი ზმნის გარეშე, ორი ფუძის შეერთებით მიიღება (გულ+შემატკივრ-ობს, ქედ-მაღლ-ობს და ა.შ.).

შემასმენლის ამ მახასიათებლების გათვალისწინება აუცილებელია პირველი სუბიექტური პირის ნიშნის დართვისას. პირველი ტიპის რთულფუძიან ზმნებში ვ- პრეფიქსი ( პირველი პირის ნიშანი) უნდა დავურთოთ ზმნურ ფორმას, შესაბამისად, სწორი იქნება: ცხად-ვ-ყოფ, უარ-ვ-ყოფ და ა.შ., მეორე ტიპის ზმნებში კი პირის ნიშანი თავში იწერება და შესაბამისად, სწორი იქნება: ვგულშემატკივრობ, ვქედმაღლობ და არა გულვშემატკივრობ, ქედვმაღლობ და ა.შ.

რაც შეეხება ქვემდებარეს. ქვემდებარე ზმნა-შემასმენლის სუბიექტურ პირთან შეწყობილი მთავარი წევრია და ის ყველაზე ხშირად სახელით ან სახელზმნით გადმოიცემა. ქვემდებარის „ფავორიტი“ ბრუნვებია: სახელობითი, მოთხრობითი და მიცემითი. სხვა ბრუნვებს ის არ ცნობს და არც აწარმოებს. თუმცა ხშირია შეცდომები ბრუნვის არასწორად შერჩევის გამო. ასე იმ შემთხვევებში ხდება, როდესაც ქვემდებარეს მოთხრობით ბრუნვაში უწყობენ გარდაუვალ ზმნებს, ირიბ დამატებას კი - სახელობითში. აქ უნდა გვახსოვდეს, რომ ირიბი დამატება ბრუნვაუცვლელი დამატებაა და ის მიცემითში უნდა იყოს უღლების დროს. ( იხ. პოსტი „ირიბი ობიექტის ნიშნების ბრძოლა არსებობისთვის“).

ნათქვამის გათვალისწინებით, სწორია:

შეეხვეწა მოპასუხე მოსარჩელეს ( და არა შეეხვეწა მოსარჩელემ მოპასუხეს)
სცემა მოძალადემ მსხვერპლს ( და არა მოძალადემ სცემა მსხვერპლი)
შეჰპირდა კანდიდატი ამომრჩეველს ( და არა შეჰპირდა კანდიდატმა ამომრჩეველს)
დღეს ჩვენი პოსტის ფარგლებში განსაკუთრებით დეტალურად ქვემდებარისა და შემასმენლის მრავალმხრივი ურთიერთობის ერთ ასპექტს - რიცხვში შეთანხმება-შეწყობას მიმოვიხილავთ.
რა შემთხვევაში შეეწყობა შემასმენელი ქვემდებარეს მხოლობითში და რა შემთხვევაში - მრავლობითში?

იმისთვის, რომ შეცდომები არ დავუშვათ, უნდა გვახსოვდეს:

შემასმენელი მხოლობითში ეწყობა ქვემდებარეს, როცა:

ქვემდებარეც მხოლობითშია : ჟურნალისტი წერს, პრეზიდენტი მუშაობს, პრემიერი აცხადებს...

ქვემდებარედ ერთზე მეტის ( სიმრავლის) აღმნიშვნელი სახელი გვაქვს ( ეს შეიძლება იყოს რაოდენობითი რიცხვითი სახელი ან განსაზღვრებითი/განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელი: ყოველი, რამდენიმე, ყველა, ყოველი, ზოგი, ზოგიერთი...)

შესაბამისად, სწორია:

რამდენიმემ დაადასტურა ( და არა რამდენიმემ დაადასტურეს)
ყველა მოვიდა ( და არა ყველა მოვიდნენ)
ზოგმა დააგვიანა ( და არა ზოგმა დაიგვიანეს)
ქვემდებარე კრებითი სახელია: ხალხი მოითხოვს, ახალგაზრდობა აპროტესტებს, გუნდი დაიშალა, სტუდენტობა აღშფოთდა და ა.შ.

ქვემდებარეს განსაზღვრებად ახლავს რიცხვითი სახელი ან ისეთი სახელი, რომელიც შინაარსობრივად ერთზე მეტს გამოხატავს: ორი დეპუტატი განსაკუთრებით აქტიურობს, ბევრი მოქალაქე აპროტესტებს მიღებულ დადგენილებას და ა.შ.

ქვემდებარე უსულო სახელია და ებ-იანი მრავლობითითაა წარმოდგენილი: სკამები დგას, კედლები ჩამოინგრა, მდინარეები ადიდდა...

ქვემდებარედ ისეთი მრავალცნებიანი კომპოზიტია წარმოდგენილი, რომლის მნიშვნელობაც უდრის შემადგენელი ფუძეების მნიშვნელობათა ჯამს: დედ-მამა, ცოლ-ქმარი, და-ძმა, მთა-ბარი და ა.შ.

შესაბამისად, სწორია:
დედ-მამა მესტუმრა ( და არა დედ-მამა მესტუმრნენ)
ცოლ-ქმარი შეთანხმდა ( და არა ცოლ-ქმარი შეთანხმდნენ)
და-ძმა თაღლითი გამოდგა ( და-ძმა თაღლითები გამოდგნენ)

ეს წესი, ცხადია, ბათილდება, თუ დეფისის ნაცვლად „და“ კავშირს ვიყენებთ. შესაბამისად, სწორი იქნება:

დედა და მამა მესტუმრნენ
ცოლი და ქმარი შეთანხმდნენ
და და ძმა თაღლითები აღმოჩნდნენ

შემასმენელი მრავლობითში ეწყობა ქვემდებარეს, როცა:
ქვემდებარე მრავლობითში დასმული სულიერი სახელებითაა წარმოდგენილი: პრეზიდენტები მუშაობენ, ჟურნალისტები წერენ...

ქვემდებარე გასულიერებული უსულო საგანია და მას ცოცხალი არსების შესაფერისი მოქმედება მიეწერება: მდინარეები ბუტბუტებენ, ფოთლები ჩურჩულებენ, მთები ბანს შემოსძახებენ და ა.შ.

საგანგებო განცხადება:

თუ ქვემდებარე მხოლობითში მდგომი, მაგრამ სიმრავლის აღმნიშვნელი სიტყვითაა წარმოდგენილი, მას რიცხვში მონაცვლე ზმნით გამოხატული შემასმენელი მრავლობითის ფუძით შეეწყობა.

გახსენებისთვის:

რიცხვში მონაცვლე ზმნა ისეთი ზმნაა, რომელიც უღლებისას მხოლობითში ერთ ფუძეს იყენებს, მრავლობითში კი - მეორეს. ფუძემონაცვლე ზმნებია: ჯდომა/სხდომა, გდება/ყრა, კვდომა/ხოცვა, მობმა/მოსხმა და ა.შ.


მოცემული წესის თანახმად, სწორი იქნება:
ხალხი დასხდა ( და არა დაჯდა ან დასხდნენ)
და-ძმა დაიხოცა ( და არა დაიხოცნენ ან მოკვდნენ)
ცოლ-ქმარი მისცვივდა ( და არა მისცვივდნენ ან მივარდნენ)
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
პირის ნიშნებს ზმნაში უმნიშვნელოვანესი „მისია“ აკისრიათ. სწორედ ისინი „გვამცნობენ“ რამდენ და რომელ პირზე ან პირებზეა საუბარი. მარტივი მაგალითი - ავიღოთ ზმნის ფუძე წერ. დავურთოთ პირის ნიშანი -ვ. ზმნური ფორმა ვწერ სახელების შეუწყობლადაც გვამცნობს იმას, რომ მოქმედების შემსრულებელი, დამწერი, პირველი პირია. შევცვალოთ -ვ -მ თავსართით. აქ უკვე ცხადი ხდება, რომ დამწერიც და დასაწერიც მესამე პირები არიან ( ის მას), ადრესატი კი პირველი პირია. გ-წერ-ს ფორმა ცხადყოფს, რომ ადრესატი მეორე პირია...
ჩამოთვლილ მაგალითებში პირის ნიშნების მნიშვნელობის შემჩნევა და „დაფასება“ მარტივია. იმავეს ვერ ვიტყვით ირიბი ობიექტური პირის ნიშნების შესახებ. ჰ- და ს- პრეფიქსები ხშირად დაუმსახურებლად „იჩაგრებიან“, ზოგჯერ კი ისეთ ვითარებაში „ამოჰყოფენ თავს“, სადაც მათი ადგილი საერთოდ არაა.

იმისთვის, რომ შეცდომა არ დავუშვათ, უნდა გვახსოვდეს:
v
  • ჰ- და ს- პრეფიქსები ყოველთვის იწერება ორპირიან გარდაუვალ ზმნებში;
  • სამპირიან ზმნებში, რადგან მათ შეეწყობათ ირიბი ობიექტი;
  • ორპირიან გარდაუვალ და სამპირიან ზმნებში ჰ იწერება 7 თანხმოვნის წინ, ს კი 9 თანხმოვნის წინ.

თუკი წესების გაცნობისას თქვენ დაგებადათ კითხვები:

  • თუ არსებობს გარდაუვალი, უნდა არსებობდეს გარდამავალი ზმნაც. რა სხვაობაა მათ შორის?
  • თუ არსებობს ირიბი ობიექტი, უნდა არსებობდეს პირდაპირიც. როგორ განვასხვავო?
  • რომელი 7 და რომელი 9 თანხმოვნის წინ უნდა დაისვას ირიბი ობიექტის ნიშანი?
მაშინ აუცილებლად უნდა განაგრძოთ ბლოგის კითხვა, რადგან მომდევნო რამდენიმე აბზაცში შევეცდები მარტივად, ზედმეტი გრამატიკული „ხუჭუჭების" გარეშე მიმოვიხილო სწორედ ეს საკითხები.

დავიწყოთ თავიდან:

უფრო სწორად კი შუიდან, რადგან თავდაპირველად უნდა გავარკვიოთ, როგორ პირს ვუწოდებთ პირდაპირს და როგორს ირიბს ( სწორედ ამაზეა დამოკიდებული ზმნის გარდამავლობა).

პირდაპირია ობიექტი, რომელიც ბრუნვას იცვლის. პირველი სერიის მწკრივებთან ის მიცემით ბრუნვაშია ( გრამატიკული ხუჭუჭების გარეშე, კითხვაზე რას შვრება? მიუგებს მიცემითი ბრუნვის ფორმით(მას), მეორე სერიის მწკრივებთან კი - სახელობითში ( კითხვაზე რა ქნა? მიუგებს სახელობითი ბრუნვის ფორმით. ამ კითხვებს - რას შვრება/რა ქნა - შემდგომში „დამხმარე კითხვებს“ ვუწოდებით, რადგან ისინი მართლაც ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევენ ობიექტის პირდაპირობის ან ირიბობის განსასაზღვრად...)

განვიხილოთ კონკრეტული მაგალითის მიხედვით:

ავიღოთ ზმნა ხატავს ( ვხატავ ან ხატავ). შევუწყოთ პირები - ის მას ( მე მას, შენ მას);
დავსვათ „დამხმარე კითხვა - რას შვრება? ამ კითხვაზე ზმნას შეწყობილი ობიექტი მიცემით ბრუნვაშია ( მას - კაცს, ბუნებას, პეიზაჟს);
ახლა დავსვათ მეორე „დამხმარე კითხვა“ - რა ქნა? პასუხია - დახატა - მან, ის.
ამჯერად ობიექტმა იცვალა ბრუნვა და ის სახელობით ბრუნვაში მოგვევლინა. ( დახატა კაცი, ბუნება, პეიზაჟი).

შესაბამისად, ობიექტმა იცვალა ბრუნვა, ანუ ის - პირდაპირია.

ზუსტად იმავე მანიპულაციის ჩატარებისას ირიბი ობიექტი ბრუნვას არ იცვლის და „რა ქნა“ კითხვაზე კვლავ მიცემითში შეეწყობა ზმნას.
მაგალითად, ზმნა ემალება.
დავსვათ პირველი დამხმარე კითხვა - რას შვრება?
შევუწყოთ პირები: ემალება - ის მას.
დავსვათ მეორე დამხმარე კითხვა - რა ქნა?
დაემალა - ის მას.

როგორც ვხედავთ, ობიექტმა ბრუნვა არ იცვალა, ის კვლავ მიცემით ბრუნვაშია, შესაბამისად, ეს ობიექტი ირიბია.

კიდევ უფრო მარტივად - თუ დასრულებულ მოქმედებაში ზმნას შეწყობილი ობიექტური პირი მიცემით ბრუნვაშია, ის ირიბია. თუ დასრულებულ მოქმედებაში ზმნას შეეწყობა პირი სახელობითი ბრუნვის ფორმით, ის - პირდაპირია.

განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი:

სთხოვა - ზმნა დასრულებულ მოქმედებას გამოხატავს. შეიწყობს სამ პირს: მან მას ის;
აქედან სუბიექტი მოთხრობით ბრუნვაშია, ობიექტთაგან ერთი - მიცემითში, მეორე კი სახელობითში.
დააკვირდით, ზმნა პასუხს გვცემს კითხვაზე - რა ქნა?
თუ არ გახსოვთ შესაბამისი წესი, გადაავლეთ თვალი ზემოთმოყვანილ წესებს და ამოიცანით - რომელი იქნება ამ ობიექტთაგან პირდაპირი და რომელი ირიბი?

ყურადღება, „სპოილერი“!

ირიბი იქნება ის ობიექტი, რომელიც მიცემით ბრუნვაშია ( მას), პირდაპირი კი ის, რომელიც სახელობითშია ( ის);

ყურადღება, ყველაზე რთული უკვე უკანაა მოტოვებული!

ახლა უკვე მარტივად შეძლებთ გარდაუვალი და გარდამავალი ზმნების ერთმანეთისგან განსხვავებას, რადგან თუ ზმნას პირდაპირი ( ბრუნვაცვალებადი) ობიექტი შეეწყობა, ის გარდამავალია. თუ ზმნა ასეთ პირს არ შეიწყობს, ის გარდაუვალია!

რაც შეეება ბოლო წესს:

ორპირიან გარდაუვალ და სამპირიან ზმნებში მესამე ირიბობიექტური პირის აღსანიშნავად ჰ- იწერება - გ,კ,ქ, ბ, პ,ფ და ყ თანხმოვნების წინ.
ს- იწერება დ, ტ, თ, ძ, ც, წ, ჯ, ჩ, ჭ თანხმოვნების წინ.
ხმოვანთა და დანარჩენი თანხმოვნების წინ ჰ და ს პრეფიქსი დაკარგულია.

ყურადღება, ჩამჭრელი კითხვა:

საჭიროა თუ არა ირიბობიექტური პირის ნიშანი ზმნაში შეჰმატა?

სავარაუდო პასუხები:
დიახ, რადგან ზმნა სამპირიანია, აქედან ერთი ირიბია და ირიბი ობიექტის ნიშანი უნდა დაიწეროს;
არა, რადგან მართალია, ზმნა შეიწყობს ირიბ ობიექტს, მაგრამ არ იწყება შესაბამის თანხმოვანზე.

თუ თქვენ არჩევანი პირველ პასუხზე შეაჩერეთ, მაშინ კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ წესი იმის შესახებ, თუ რომელი თანხმოვნების წინ უნდა დაისვას ირიბი ობიექტის ნიშანი.

და ბოლოს, გამონაკლისების გარეშე როგორ იქნებოდა?

რამდენიმე შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ზმნას ირიბი ობიექტური პირი არ ახლავს, მისი ნიშანი მაინც იწერება.

ეს ზმნებია: გასტანს, გამოსცემს, გასცემს, გასწევს, ასწევს, სჩადის, დასძენს, დაჰყო ( დრო).
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
სხვა ენებიდან სიტყვათა სესხება, შემოტანა და დამკვიდრება ენის ლექსიკური ფონდის გამდიდრების ერთ-ერთი საშუალებაა. „მოქალაქეობრივ“ უფლებას ამათგან მხოლოდ ის სიტყვები „მოიპოვებენ“, რომლებიც ბუნებრივად, ენის სტრუქტურის და წესების გათვალისწინებით დამკვიდრდებიან. სხვა შემთხვევაში სიტყვები „უცხო სხეულივით“ იჭრებიან ენაში და ანაგვიანებენ მას. ამას კალკირებას უწოდებენ ( სიტყვა ფრანგულია და ქართულად ასლს ნიშნავს). კალკირების დროს ენობრივი მასალა საკუთარია, კონკრეტული ფორმა ან შესიტყვება კი აგებულია სხვა ენის სტრუქტურის გავლენით.

სწორედ ამიტომ უცხო სიტყვათა შემოღების დროს აუცილებელია გარკვეული სიფრთხილის და ზომიერების დაცვა.

განსაკუთრებით თვალშისაცემია ხოლმე კალკირებული სინტაქსური შესიტყვებები, რომლებიც უცხო ენის სტრუქტურის პირდაპირ გადმოღებით მიიღება. დღეს რამდენიმე მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას.

ქართულ ბეჭდვით და ონლაინ მედიაში საკმაოდ ხშირად გვხვდება -დმი თანდებულიანი შესიტყვებები: სამშობლოსადმი ერთგულება, საქმისადმი სიყვარული, მომავლისადმი რწმენა, ხსოვნისადმი პატივისცემა, ხალხისადმი სამსახური.

ეს შესიტყვებები უნდა გამოვიყენოთ უთანდებულოდ, ნათესაობითი ბრუნვის ფორმით. შესაბამისად, სწორია:

სამშობლოს ერთგულება
საქმის სიყვარული
მომავლის რწმენა
ხსოვნის პატივისცემა
ხალხის სამსახური


საყურადღებოა ასევე კალკირების საფუძველზე წარმოქმნილი „მყარი“ სინტაქსური შესიტყვებები. ფრაზები, რომელთა „აგრესიული ქცევა“ ენის ბუნებრივ შესიტყვებებს „ავიწროებს“ და საბოლოოდ, აღარიბებს კიდეც. განსაკუთრებით გამოვყოფთ ზმნებს: აწარმოებს, ატარებს და შედგება.

აწარმოებს - ზმნის შინაარსი წარმოებას, რაიმე მატერიალური საგნის დამზადებას უკავშირდება. ბოლო დროს ზმნამ „თვითნებურად გაიფართოვა სამოქმედო ასპარეზი“ და უმართებულოდ „შეიჭრა“ იმგვარ შესიტყვებებში, სადაც ის ზედმეტია. მაგალითად, წინადადებებში: პრეზიდენტი პრემიერთან საუბარს აწარმოებს (უნდა იყოს პრეზიდენტი პრემიერს ესაუბრება).

ორგანიზაცია სოციალური დახმარების გაცემას აწარმოებს (უნდა იყოს ორგანიზაცია სოციალურ დახმარებას გასცემს).
მოსავლის აღება წარმოებს ( უნდა იყოს მოსავალს იღებს).

ატარებს - ეს ზმნა „ერჩის“ კანონიერ იკეთებს, მართავს, გამართავს, მოაწყობს ზმნებს. მაგალითად:

ძვირადღირებულ სათვალეს ატარებს ( უნდა იყოს იკეთებს)
საქველმოქმედო საღამო ჩაატარა ( უნდა იყოს გამართა/მოაწყო)
კონკურსი ჩაატარა ( უნდა იყოს მოაწყო)

შედგება, შედგა - ზმნა უმართებულოდ ენაცვლება კანონიერ გაიმართა ზმნას.

მთავრობის სხდომა არ შედგება ( უნდა იყოს არ გაიმართება)
მოლაპარაკება უნდა შემდგარიყო ( უნდა იყოს გამართულიყო)
მწერალთან შეხვედრა შედგა ( მოეწყო)

კალკირების საფუძველზე ჩამოყალიბებული და საკმაოდ გავრცელებული მცდარი შესიტყვებებია აგრეთვე:

საქმე იმაშია - უნდა იყოს საქმე ისაა
საქმე ეხება - უნდა იყოს საკითხი ეხება, საუბარი ეხება...ბედზეა საუბარი
ადგილი აქვს - მიუღებელი შესიტყვებაა და არ უნდა გამოვიყენოთ

მოყვანილი მაგალითები ცხადყოფს, რომ ისეთი უცხო სიტყვების და სინტაქსური კონსტრუქციების (შესიტყვებების) ხმარება, რომელთა შესატყვისიც ენას უკვე აქვს ან ადვილად შეიძლება აწარმოოს არსებულ სიტყვათა საფუძველზე, საჭირო არ არი
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი



არ ( არა)უარყოფითი ნაწილაკის მონაწილეობით თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენაში არაერთი სიტყვაა წარმოქმნილი და დამკვიდრებული. რაიმე სიტყვის სემანტიკური მნიშვნელობის, შინაარსის უარყოფის შედეგად, ოდენ „არა“ ნაწილაკის დართვით, ვიღებთ ისეთ აღმნიშვნელებს ( სიტყვებს), რომლებიც შეუცვლელ ლექსიკურ მნიშვნელობას იძენენ.

ნათქვამის საილუსტრაციოდ ავიღოთ სიტყვა არაადამიანური. მართალია, ჩვენს მდიდარ ენაში მსგავსი მნიშვნელობის მრავალი სიტყვა შეიძლება დავძებნოთ და მოვიშველიოთ, მაგრამ სათანადო კონტექსტში სიტყვა „არაადამიანური“ შეუცვლელი იქნება, რადგან ნებისმიერი სხვა აღმნიშვნელი სრულიად განსხვავებულ ელფერსა და მნიშვნელობას შესძენდა ფრაზას.

მსგავსი ლექსიკური ერთეულების წარმოქმნისას ხშირად ჩნდება კითხვა - ერთად უნდა დავწეროთ აღმნიშვნელის შემადგენელი ორი ფორმა თუ ცალ-ცალკე?

იმისთვის, რომ შეცდომები არ დავუშვათ, უნდა გვახსოვდეს:

„არა“ ნაწილაკის დართვისას დამოუკიდებელ სახელებთან ან ზმნიზედებთან ნაწილაკის გამოყოფა არ ხდება და ამგვარი რთული სიტყვების უმეტესობა შერწყმულად იწერება.

ჩამონათვალში თავი მოვუყარეთ მედიაში ყველაზე გავრცელებულ ფორმებს. გთავაზობთ სწორ ვარიანტებს:

  • არაადამიანური
  • არაგონივრული
  • არალეგალური
  • არაერთგზის
  • არაერთხელ
  • არათანაბარი
  • არაობიექტური
  • არამთავარი
  • არაიშვიათი
  • არაკომპეტენტური
  • არაარსებითი
  • არაგულწრფელი
  • არაერთგვარი
  • არაბუნებრივი

ამასთან, თითოეული ეს რთული სიტყვა შესაბამის კონტექსტში შესაძლოა წარმოდგენილი იყოს არა როგორც ერთცნებიანი აღმნიშველი, არამედ როგორც ორი დამოუკიდებელი სიტყვა. ამგვარი შემთხვევა ხშირია მაშინ, როცა წინადადებაში ანტონიმური შინაარსის მქონე სიტყვების დაპირისპირება „არამედ“ კავშირის მეშვეობით ხორციელდება.

შესაბამისად, სწორი იქნება:

არა ადამიანური, არამედ - მხეცური; ( ამასთან, არაადამიანური დამოკიდებულება..)
არა არსებითი, არამედ - მეორეხარისხოვანი ( ამასთან, არაარსებითი საუბარი...)
არა ერთი და ორი წელი ( ამასთან, არაერთი შენიშვნა...)
არც ერთი და არც მეორე ( ამასთან, არცერთი შეცდომა...)
არა წესიერი, არამედ უწესო (ამასთან, არაწესიერი ზმნა...)

დასასრულ, ცალკე გამოვყოფთ ერთ თავისებურ შემთხვევას:

არა მხოლოდ და არა მარტო ცალ-ცალკე იწერება, რადგან მათ ყოველთვის მოსდევს მაქვემდებარებელი კავშირი „არამედ“. მაგალითად:

არა მხოლოდ ონლაინ, არამედ - ბეჭდურ მედიაში...
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
ზოგიერთი ქვეყნის ქართული სახელწოდება ხშირად წარმოითქმის და იწერება არასწორად. შეცდომები განპირობებულია როგორც საკუთრივ ლინგვისტური, ისე ისტორიული ფაქტორებით. ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არაერთმა ქვეყანამ შეიცვალა სახელდება. მათ ჩამოშორდა „ტრადიციული“ მსაზღვრელები ( მაგალითად, „საბჭოთა სოციალისტური“) და დარჩა ოდენ გეოგრაფიული დასახელება.

გარდა ამისა, რუსული ენის გავლენით ზოგიერთი ქვეყნის სახელი გავრცელდა დედნის ენაზე წარმოთქმის მიბაძვით და ასე მივიღეთ მცდარი ფორმები: მოლდოვა, თათარსტანი, ყაზახსტანი, ყირგიზსტანი, კაბარდინო-ბალკარეთი და ა.შ.

რუსულის გავლენით უნდა იყოს დამკვიდრებული ასევე სახელი „სტამბული“. ამ ტოპონიმის უპირატესი და სპეციალურ ლიტერატურაში დადასტურებული ვარიანტია სტამბოლი. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით ეს ორი ფორმა პარალელურ ფორმებადაა მიჩნეული.

გეოგრაფიული სახელების მართლწერისთვის უნდა გვახსოვდეს რამდენიმე წესი:

1.გეოგრაფიული სახელები ისევე უბრუნვის, როგორც შესაბამისი ფუძის საზოგადო არსებითი სახელები. თანხმოვანფუძიანთაგან ზოგი უკუმშველია, ზოგი - კუმშვადი. (თელავი - თელავის, მაგრამ იორი - ივრის).ხმოვანფუძიანთაგან ა-სა და ე-ზე დაბოლოებული სახელები კვეცადია.

აუცილებელია ცალკე იმის აღნიშვნაც, რომ ბრუნებისას იკვეცება ა-ზე დაბოლოებული უცხოური გეოგრაფიული სახელები: ბარსელონა → ბარსელონისა; გოთა → გოთისა; გენუა → გენუისა; ნიკარაგუა → ნიკარაგუისა...

შენიშვნა: გამონაკლისია ადამიანის სახელებისაგან მიღებული გეოგრაფიული სახელები: ვიქტორიას კუნძულები, მარიანას კუნძულები...

ასევე - არ იკვეცება ე-ზე დაბოლოებული უცხოური გეოგრაფიული სახელი: ჩილე. სწორია - ჩილესი;

2. ქვეყნების ქართული სახელწოდებები -ეთ სუფიქსით უნდა ბოლოვდებოდეს. ლიტერატურული ტრადიციით განმტკიცეული ფორმებია: უზბეკეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, სომხეთი, ყირგიზეთი, თათრეთი, ყარაჩაეთ-ჩერქეზეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, მოლდავეთი.

3. თუ უცხოური გეოგრაფიული სახელი დედანში შედგება ორი და მეტი სიტყვისაგან, ქართულად იწერება დეფისით. სწორია:

New York — ნიუ-იორკი; San Francisco — სან-ფრანცისკო; Santa Cruz — სანტა-კრუსი; Lago Maggiore — ლაგო-მაჯორე;

4. თუ ქვეყნის მხარეების აღმნიშვნელი სახელი მსაზღვრელად გვევლინება ( ანუ განსაზღვრავს მომდევნო სიტყვას, საზღვრულს),ის, ზედსართავი სახელის მსგავსად, დაირთავს სახელობითი ბრუნვის ნიშანს და სწორია: სამხრეთი ამერიკა, დასავლეთი საქართველო, დასავლეთი ევროპა...

ნათესაობით და მოქმედებით ბრუნვაში ასეთი მსაზღვრელი, წესის თანახმად, შეკვეცილია: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, აღმოსავლეთ ირანის ქედი, დასავლეთ ავსტრალიის დინება და ა.შ.
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
ტყიბულში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გაშუქებისას სხვადასხვა მედიაგამოცემაში ერთი და იმავე აღსანიშნისთვის ( ტყიბულში არსებული ქვანახშირის მომპოვებელი ობიექტი) სხვადასხვა აღმნიშვნელი (შახტა ან მაღარო) გამოიყენება.

საკითხის შესახებ მასალის მომზადებისას მნიშვნელოვანია სწორი ტერმინოლოგიის გამოყენება(ტყიბულში მოვლენათა ეპიცენტრი ახლა ქვანახშირის მომპოვებელი შახტი და შახტის მიმდებარე ტერიტორიაა).

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ შახტი და მაღარო ორი დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე სიტყვაა, მაღარო შახტის ქართული შესატყვისი არაა და არც სინონიმი გახლავთ.

ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში მაღარო განმარტებულია ასე: მიწის წიაღიდან მადნეულის მომპოვებელი საწარმო.

შახტი კი გერმანული სიტყვაა( და არა რუსული) და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ადგილს აღნიშნავს. არის ვერტიკალური ან დახრილი სამთო გვირაბი,რომელსაც აქვს უშუალო გამოსასვლელო ზედაპირზე. შახტ-ა, როგორც ჩანს, სწორედ რუსულის გავლენით დამკვიდრებული ფორმა უნდა იყოს ჩვენს მეტყველებაში. სიტყვის სწორი ფორმაა შახტი.

როგორც ვხედავთ, განმარტებებიც და შესაბამისად, ლექსიკური მნიშვნელობაც, ამ ორ აღმნიშვნელს სხვადასხვა აქვს.
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
წიგნის, გაზეთის, ჟურნალის, ლექსის, მოთხრობის, ფირმების, გემების, კომპანიების და მისთანათა სახელწოდებები ხშირად იწერება შეცდომით.

შეცდომები მრავალფეროვანია. ზოგჯერ ბრჭყალების „უფლებები ირღვევა“ მათი უგულებელყოფით, ზოგჯერ თანდებულები ან ბრუნვის ნიშნები „იპარებიან საზღვრებს მიღმა“, ზოგჯერ მსაზღვრელი და საზღვრული ვერ „ ათანხმებენ“ ბრუნვას...

რა წესების ცოდნაა საჭირო იმისთვის, რომ სწორად დავწეროთ სათაურები?

რამდენიმე ძირითადი წესის დამახსოვრება მარტივად მოაგვარებს ამ პრობლემას.

დავიწყოთ სულ თავიდან:

  • წიგნის, გაზეთის, ჟურნალის, ლექსის, მოთხრობის და მისთანათა სახელწოდებები საკუთარი სახელებია და ბრუნების დროს იმ კანონს ემორჩილება, რომელიც საკუთარ სახელთა ბრუნებას განსაზღვრავს.
  • სათაური და სახელწოდება აუცილებლად უნდა ჩავსვათ ბრჭყალებში;
  • ბრჭყალებში ვაქცევთ სათაურებზე დართულ თანდებულებსაც და ბრუნვის ნიშნებსაც;
  • ქართულში სათაურის შემდეგ წერტილი არ იწერება.
ახლა უფრო დავაკონკრეტოთ:

1.თუ სათაური ერთსიტყვიანია და მხოლობითი რიცხვის სახელობით ბრუნვაშია, ბრუნვის ნიშანიც და თანდებულიც დაერთვის სათაურს. სხვა სიტყვებით - ის ისევე იბრუნვის, როგორც საზღვრული, რომელსაც წინ უძღვის შეთანხმებული მსაზღვრელი;

ნიმუში:

სახ. საინფორმაციო გადაცემა „მოამბე“

მოთხ. საინფორმაციო გადაცემა „მოამბემ“

მიც. საინფორმაციო გადაცემა „მოამბეს“

ნათ. საინფორმაციო გადაცემა „მოამბის“

მოქმ. საინფორმაციო გადაცემა „მოამბით“

ვით. საინფორმაციო გადაცემა „მოამბედ“

წოდ. საინფორმაციო გადაცემა „ მოამბე(ვ)“


და არა:

საინფორმაციო გადაცემის „ მოამბის“ ან საინფორმაციო გადაცემით „ მოამბით“...

2. თანდებულიან ბრუნვებში თანდებული ბრჭყალების შიგნით უნდა დაიწეროს.



სწორია: გადაცემა „მოამბეში“ და არა: გადაცემა „მოამბე“-ში, ჟურნალ „გეორგიკაზე“ და არა: ჟურნალ „გეორგიკა“-ზე;

წესი ნარჩუნდება მაშინაც, თუ სათაურში რიცხვითი სახელია გამოყენებული: „რუსთავი 2-ში“, „რუსთავი 2-ს“ და ა.შ.


3. თუ სათაურს კითხვა-ძახილის ნიშანი დაერთვის, სასურველია ბრუნვის ნიშანიც და თანდებულიც დაერთოს წინამავალ სიტყვას.

მოთხრობაში „კაცია-ადამიანი?!“

4. თუ სათაური ნართანიანი მრავლობითითაა გადმოცემული ( „მთანი მაღალნი“ ), გადმოცემულია სხვა ბრუნვის ( არა სახელობითის) ფორმით („სამანიშვილის დედინაცვალი“, „ხოხბის ცრემლები“ ), თანდებულიანია, მოცემულია წინადადების სახით („ შემოიხედე, გენაცვალე“, „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“), მაშინ იბრუნვის მსაზღვრელი და თანდებულიც მასვე უნდა დაერთოს.

სწორია:

ღვინის „ხოხბის ცრემლები“, რესტორანში „შემოიხედე გენაცვალე“, რომანს „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ და ა.შ.

რამდენიმე წინადადებით გადმოცემულ სათაურსაც ამ წესის დაცვით ვაბრუნებთ