კატეგორია: რესურსები

ის აღჭურვილობა, რაც ერთ დროს ვიდეოჟურნალისტებს რამდენიმე ჩანთით დაჰქონდათ, ახლა ერთ ჯიბეში ეტევა. სმარტფონიანი ჟურნალისტიკა უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ჟურნალისტებისთვისაც აუცილებლობას წარმოადგენს, ვიდეოსამონტაჟო აპლიკაციების ქონა ტელეფონში. 

„მედიაჩეკერი“ იმ 8 აპლიკაციას გაგაცნობთ, რომელთა გამოყენებითაც ვიდეომასალის დამონტაჟებას ტელეფონშივე შეძლებთ.

 ⇒   KineMaster

altმობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის. დახვეწილ, მრავალფეროვან აპს აქვს რამდნიმე აუდიო და ვიდეოს „ლეიერებში“ განთავსების და მონტაჟის ფუნქცია, ხმის კონტროლი, გადასვლები, ფერების კორექცია და სხვ.


მთავარი ნაკლი კი ისაა, რომ ეს ყველაფერი იაფად არ გამოდის. აპლიკაციის უფასო ვერსიით შექმნილ ვიდეოებს აპის ლოგო ედება ზედ. ამიტომ, თუკი მისი პროფესიონალურ დონეზე გამოყენება გსურთ, თვეში 4.99$ უნდა იხადოთ.

⇒  Splice

altGoPro-ს შემქმნელებმა ეს აპლიკაცია iOS-ის მომხმარებლებისთვის შექმნეს და მისი მოხმარება უფასოდ შეგიძლია. ამ აპსაც ბევრი ფუნქცია აქვს, შეგიძლიათ დაჭრათ, დაამუშაოთ ვიდეომასალა და გაუკეთოთ ეფექტები, ტიტრები, გადასვლები, სათაური და მუსიკა.

აპს ორი ნაკლი აქვს, -  iOS-ის მომხმარებლებს მასში „ლეიერებზე“ მუშაობის საშუალება არ აქვთ, Android-ის მოყვარულებისთვის კი Splice-ის შემქმნელებს საერთოდ არ უფიქრიათ.

⇒  Quik

altGoPro-ს კიდევ ერთი აპლიკაცია, Quick Splice-ის გამარტივებული ვერსიაა, მაგრამ მისგან განსხვავებით Android-ზეც არის ხელმიწასვდომი. აპლიკაცია ძალიან მოხერხებულია მარტივი და სწრაფი მუშაობისთვის, არ აქვს ბევრი ფუნქცია, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი რამის ავტომატურად შესრულება შეუძლია.

⇒  Adobe Premiere Clip

altცნობილი გრაფიკული პროგრამების ავტორებმა მობილურისთვისაც შექმნეს კარგი აპლიკაცია. Adobe Premiere Clip-ის გამოყენება შეგიძლიათ როგორც კომპიუტერულ ვერსიასთან ერთობლიობაში, ისე ცალკე, ვიდეოების მობილურშივე დასამონტაჟებლად.

აპლიკაციას აქვს ავტომატურად მუშაობის ფუნქცია იმ შემთხვევისთვის თუ დრო არ გაქვთ ან მონტაჟი არ გეხერხებათ. ამავდროულად საკმაოდ დახვეწილია პროფესიონალებისთვისაც. აპი უფასოა და ხელმისაწვდომი iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებისთვის.


alt
⇒  Magisto

altაპლიკაცია ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით მუშაობს, ავტომატურად ქმნის ვიდეოებს წინასწარ შემუშავებულ სტილზე მორგებით. ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ, იმ მასალის შერჩევაა, რომლითაც ვიდეოს აწყობა გსურთ.

რა თქმა უნდა, ავტომატური მონტაჟით ყოველთვის ვერ ვიღებთ ზუსტად ისეთ ვიდეოს, როგორიც გვინდოდა. ეს პროფესიონალებისთვის საკმაოდ დიდი ნაკლია. მაგრამ Magisto ძალიან კარგია დამწყებთათვის. აპს აქვს უფასო და ფასიანი ვერსია, ხელიმასწვდომია, როგორც Android-ის, ისე iOS-ის მომხმარებლებისთვის.

⇒  iMovie

altსპეციალურად iOS-ის მომხმარებლისთვის შექმნილი აპლიკაცია სანიმუშო პროგრამაა ვიდეოსამონტაჟო აპლიკაციებისთვის. iMovie ადვილად მოსახმარი და ამავდორულად დახვეწილი პროგრამაა გამოცდილი თუ გამოუცდელი ადამიანებისთვის. თანაც მომხმარებლებს საბაზისო ფუნქციებზე წვდომას უფასოდ სთავაზობს.

⇒  PowerDirector

altეს აპლიკაცია iMovie-ის მსგავსია, მაგრამ ექსკლუზიურად Android-ის მოყვარულებისთვისაა. აპს თითქმის ყველა საჭირო ფუნქცია აქვს, შეგიძლიათ მოჭრათ კადრები, დაამუშავოთ, გააკეთოთ გადასვლები და ა.შ. თუმცა, აქაც KineMaster-ის მსგავსად ყოველთვიური გადასახადი მოგიწევთ, თუკი ვიდეოს მონტაჟი აპლიკაციის ლოგოს (Watermark-ის) გარეშე გინდათ. PowerDirector-ის კიდევ ერთი პლუსი ისაა, რომ კომფორტული მოსახმარია როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული ვიდეომემონტაჟეებისთვის.

⇒  LumaFusion

altდაბოლოს, LumaFusion, - ალბათ საუკეთესო აპლიკაცია, რომელშიც თითქმის ყველა იმ ფუნქციას ნახავთ, რომელიც კომპიუტერულ სამონტაჟო პროგრამებს აქვთ. „ლეიერებად“ მუშაობა, ეფექტები, ანიმაცია, ტექსტი და ბევრი სხვა რამ, რომელიც ვიდეოს პროფესიონალურ დონეზე აგაწყობინებთ.

თუმცა, LumaFusion-საც აქვს ის ნაკლი, რაც ბევრ სხვა კარგ პროგრამას. მის მოსახმარად 19.99 დოლარის გაღება მოგიწევთ.

alt
წყარო: ijnet.org

კატეგორია: ფოტოისტორია

alt

გრასიელა იტურბიდე, შეიძლება ითქვას, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფია. ხუთი ათწლეულის განმავლობაში კამერით მოგზაურობისას იტურბიდე მოგვითხრობდა მექსიკის მკვიდრი მოსახლეობის შესახებ. ფოტოგრაფმა შეძლო მოეპოვებინა კრიტიკოსების აღიარება, გაეჩინა მიმდევრები და შეეყვარებინა თავი საზოგადოებისათვის.

altიტურბიდე კვლავ განაგრძობს კამერით მოგზაურობას, აქვს ახალი ფოტოები და გამოფენები, მაგრამ მასზე საუბრის დაწყება ყოველთვის ინდიელი ქალის ფოტოთი იწყება. საპოტეკის ტომის წევრის სურათით, თავზე შემოხვეული იგუანებით.

ფოტოგრაფი ზობეიდა დიაზს სურსათის მაღაზიაში შეხვდა. 1979 წელს, მაშინ, როცა მექსიკის სამხრეთით, ოახაკას რეგიონში ცხოვრობდა. ფოტოს გადაღება ადვილი არ იყო - იტურბიდეს რამდენიმე ცდა დასჭირდა. იგუანები არ ჩერდებოდნენ, თავზე ეხვეოდნენ ქალს, ვარდებოდნენ და ისევ მაღლა ადიოდნენ. მაგრამ საბოლოოდ კადრი შედგა. გრასიელამ შეძლო გადაეღო - Nuestra Señora de las Iguanas (ქალბატონი იგუანებით).

ფოტოს გადაღებიდან 40 წელი გავიდა, მაგრამ Nuestra Señora პოპულარობას არ კარგავს. მექსიკაში მას შეხვდებით ყველგან - სტენსილებზე, პლაკატებზე, საფოსტო მარკებსა და საგზაო ნიშნებზე. მის ოქროსფერ ქანდაკებასაც ნახავთ იუჩიტანის ცენტრში, დასახლებაში სადაც ცხოვრობდა ქალბატონი იგუანებით.

ფოტოს შეხვდებით ლოს ანჯელესშიც, ერთ-ერთ მოხატულ კედელზე. ხალხმა აიტაცა ეს სურათი და პოპ კულტურის ნაწილად იქცა. ამიტომ გასაკვირიც არაა, რომ იტურბიდეს უთქვამს - „ფოტო მე უკვე აღარ მეკუთვნის“.

Nuestra Señora მართლაც საკულტო ფოტოა, მაგრამ ის არ არის იტურბიდეს ერთადერთი მონაპოვარი. 76 წლის ფოტოგრაფმა შეძლო მექსიკაში ჩაფლულიყო, ეჩვენებინა იქაური ხალხის სული. იტურბიდემ ფოტოებზე აღბეჭდა ინდიელთა ტომები, თხების დაკვლები დღეობებზე, დაკრძალვები და სხვა სახის წეს-ჩვეულებები, იქაური გარემო, ფრინველები, თავისი თავი.  

alt


altaltკრისტენ გრეში, რომელიც ახლა ბოსტონში გრასიელას გამოფენის კურატორია და ფოტოგრაფთან მუშაობდა, ჰყვება, რა არის იტურბიდეს შემომედებაში უნიკალური: „მისთვის ფოტო თვითმიზანი არ არის. ეს ინსტრუმენტია, რომ გადმოსცეს და გვაჩვენოს ის, რაც ბევრისთვის უხილავია“, - ჰყვება გრეში, - „მასში თანამედროვე კულტურის პოეტური ხედვაა, ცხოვრების მოულოდნელობებითა და მისტერიებით გაჯერებული“.   

გრასიელა იტურბიდეს მუშაობის სტილი უბრალოა. იყნებს ბუნებრივ განათებას, შტატივს, მაშუქსა და ტელეობიექტივს. მიჰყვება ცნობისმოყვარეობას და იღებს ფოტოს - ყოველთვის შავ-თეთრს. იღებს იმას, რას მოსწონს. ხოლო შემდეგ ფირების გამჟღავნებისას მოულოდნელობებს ელის. გრასიელა იარლიყებს, სტერეოტიპებს გაურბის და თავისთავს კადრების თანამონაწილედ მიიჩნევს. ის ყოველთვის ახლოა თავის გმირებთან.

გრასიელა იტურბიდეს კიდევ ერთი ძალიან ცნობილი ფოტოა „ანგელოზი ქალი“. ინდიელი ქალისთვის უკნიდან გადაღებული საოცრად ფაქიზი კადრი. სერის ტომის მკვიდრს ზურგზე თმა აქვს ჩამოშვებული, ტრადიციული სამოსი აცვია, ხელში მაგნიტოფონი უჭირავს და თითქოს უდაბნოში მიტივტივებს. ასეთია იტურბიდეს ნამუშევრები. ადამიანისა და ბუნების, ინდივიდისა და კულტურის, ყოფითისა და სულიერის შერწყმა.





alt

გრასიელა იტურბიდემ კინემატოგრაფიის შესწავლა თავდაპირველად 27 წლის ასაკში, განქორწინების შემდეგ დაიწყო. ფოტოგრაფიაზე მას შემდეგ გადაერთო, როცა მის მენტორს მანუელ ალვარეს ბრავოს შეხვდა, თანამედროვე მექსიკური ფოტოგრაფიის მამას. გრასიელა მის გავლენაზე ხშირად საუბრობს.

იტურბიდე ხშირად ახსენებს ხოლმე ფრანცისკო ტოლედოსაც, ცნობილ ხელოვანს, რომელმაც სამუშაოდ მიიწვია გრასიელა იუჩიტანში, თავის მშობლიურ ქალაქში. სწორედ იქ გადაიღო იტურბიდემ ქალი იგუანებით.

მოგვიანებით, 1998 წელს ისევ მისი მიწვევით გრასიელა ქალაქს მეორედაც ეწვია. ამჯერად ტოლედომ სთხოვა ოახაკაში ახადგახსნილი ბოტანიკური ბაღი გადაეღო. უფრო სწორად, უხილავი კავშირები ადგილობივ მოსახლეობასა და პარკის ბუნებას შორის. როგორც ჩანს იტურბიდე ყველაზე მეტად კაქტუსებმა დააინტერესა. დაჭკნობის პირას მისულმა, პარკის თანამშრომლების მიერ შეხვეულმა მცენარეებმა. სწორედ ისინი გამოხატავდნენ ამ უხილავ კავშირებს ყველაზე მეტად.

გრასიელას ერთხელ ჰკითხეს, რა იყო შთაგონების წყარო. მისი პასუხია: „მე შთაგონებას ცხოვრებისგან ვიღებ - იმისგან რასაც ვხედავ და რასაც თავად ვაკეთებ“.

alt


alt


წყარო: www.nytimes.com

კატეგორია: გრაფიკა

გასული, მძიმე 2017 წლის შემდეგ, რთული აღმოჩნდა ჟურნალისტებისთვის 2018 წელიც. ორგანიზაციის „კომიტეტი ჟურნალისტების დასაცავად“ (CPJ) მონაცემებით, წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 53 ჟურნალისტი დაიღუპა. ასევე 2018 წელს, მოკლეს კიდევ 23 რეპორტიორი, რომელთა შემთხვევაშიც ჯერ-ჯერობით დაუდგენელია მკვლელობის მიზეზი იყო თუ არა მათი პროფესიული საქმიანობა, 61 დაიკარგა, 251 კი დააპატიმრეს.

2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა აღმოჩნდა. ცნობილი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო ბიურო ამტკიცებს, რომ The Washington Post-ზე სვეტების ავტორი და გავლენიანი ჟურნალისტი საუდის არაბეთის პრინცის დავალებით მოკლეს.

2018 წელს 9 ჟურნალისტი ემსხვერპლა ავღანეთში, ქაბულში ორმაგ ტერაქტს. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ჟურნალისტების გარემოცვაში იმ დროს აიფეთქა, როცა მედია პირველ ტერორისტულ თავდასხმას აშუქებდა. 30 აპრილს ამ თავდასხმას 9 ჟურნალისტი შეეწირა.

წელს ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა წლის ადამიანებად ჟურნალისტები დაასახელა. „მცველები“ ასე უწოდა გამოცემამ რეპორტიორებს, რომლებიც თავისუფალ სიტყვას იცავდნენ, მიუხედავად მათზე თავდასხმებისა. მათ შორის იყო ჯამალ ხაშოგი, აშშ-ში ერთ-ერთ რედაქციაში შეჭრილი პირის მიერ მოკლული 5 ჟურნალისტი, ფილიპინებში პრეზიდენტისგან დევნილი და დაპატიმრებული მარია რესა და სხვები.

„მედიაჩეკერი“ ორგანიზაციის „კომიტეტი ჟურნალისტების დასაცავად“ მიხედვით, 2018 წელს დაღუპული ჟურნალისტების შესახებ გთავაზობთ მონაცემებს .

 alt

კატეგორია: ფოტოისტორია
რამდენიმე დღის წინ, აშშ -ში, ომის ცნობილი ფოტორეპორტიორების კრის ჰონდროსისა და ტიმ ჰეტერინგტონის ერთობლივი გამოფენა დასრულდა. ისინი ახლო მეგობრები და კოლეგები იყვნენ და ერთად დაიღუპნენ 2011 წელს.

ლიბერიის ომში კრისი და ტიმი ფრონტის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. მეგობრობის მიუხედავად, როგორი განსხვავებული სტილიც ჰქონდათ მუშაობისას, ისეთივე განსხვავებული კონტექსტი ჰქონდა მათთვის ომს.

ლიბერიამ ფოტოგრაფების ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა. მეგობრებს აქამდე ერთობლივი ფოტოგამოფენა არასდროს ჰქონიათ და მათმა მეგობარმა და კოლეგამ მაიკლ კემბერმა გადაწყვიტა, პირველი ასეთი გამოფენა სწორედ ლიბერიის სამოქალაქო ომის თემაზე გაეკეთებინა.

„მედიაჩეკერი“ გთავაზობთ The New York Times-ის სტატიას, რომელშიც კემბერმა გაიხსენა ცნობილი ფოტორეპორტიორები, ლიბერიის სამოქალაქო ომი და პერიოდი, რომელმაც ცნობილი ფოტოგრაფების ცნობიერებაში დიდი კვალი დატოვა.



იბერიელები გაურბიან 2003 წლის ივლისში მონროვიას სტოქტონის ხიდთან მომხდარ ბრძოლის ხმას. Chris Hondros/Getty Images
2003 წლის 21 ივლისი იყო, ლიბერიის სამოქალაქო ომი. იმ დღეს ქალაქი მძიმედ დაბობმბეს, ამერიკელი ფოტოგრაფი კრის ჰონდროსი აფეთქებებს იღებდა, როცა სკოლის მოსწავლეს ლასა ჰარდინგს წააწყდა.

ბიჭი ცოტა ხნის წინ დაღუპულიყო. ლურჯი შარვალი და თეთრი ზედა ეცვა, იწვა ტალახში და თავში მიყენებული ჭრილობიდან სისხლი სდიოდა. ხელში ისევ ჩაბღუჯული ჰქონდა ზურგჩანთა.

ბომბებმა იმ დღეს 60 ადამიანი იმსხვერპლა. ჰონდროსი შუა თავდასხმის დროს შეჩერდა, რომ ეს სურათი გადაეღო. ერთ-ერთი იმ მრავალი სურათიდან, რომელიც ლიბიის მეორე სამოქალაქო ომის საზღაურს აღბეჭდავდა.

ფოტოგრაფმა ბიჭის სასკოლო ბარათიც იპოვა, სენტ მერის კათოლიკური სკოლის მე-7ბ კლასი. ბარათი, რომელზეც დედაქალაქ მონროვიას ალყის დროს დაღუპული ათასობით ადამიანიდან ერთ-ერთის მონაცემები იყო დატანილი. მსხვერპლის უმეტესობა სამოქალაქო პირი იყო.

ფოტორეპორტიორი კემბერი იქ The New York Times-თვის მუშაობდა, ხოლო ჰონდროსი Getty Images-თვის. ორივე ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ მონროვიაში. მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში, რომელსაც ამბოხებულები ბომბავდნენ.

“იქ იყვნენ ბავშვები მაისურებითა და ფრანებივით დიდი სანდლებით“, - ჰყვება კემბერი, რომელიც ქალაქში ჰონდროსთან ერთად რამდენიმე კვირა მუშაობდა, -“იქ მხოლოდ უბედურება იყო.”

ამ დროს კი ჰეტერიგტონი ომის ამბოხებულთა მხარეს უყურებდა. ბრიტანელ ფოტოგრაფს მეგობრებისგან ფრონტის ვიწრო ხაზი ჰყოფდა.

„დარწმუნებული ვარ, ტიმი იღებდა ფოტოებს, სადაც ჩანდა, როგორ ისროდნენ ამბოხებულები ბომბებს. ჩვენ კი ამ დროს ვიღებდით სურათებს, როგორ ეცემოდა ეს ბომბები ხალხს“, - იხსენებს კემბერი.

2011 წლის 20 აპრილს ლიბიაში, მისრატაში მიმდინარე ბრძოლის დროს ჰონდროსი და ჰეტერინგტონი აფეთქებას ემსხვერპლნენ.

„ომი და მშვიდობა ლიბიაში“, - წელს კემბერმა და სინტია რივერამ ორი მეგობარი ფოტორეპორტიორის ერთობლივი გამოფენა გააკეთეს, რომელიც 16 დეკემბერს დაიხურა.

„ისინი არა მარტო კოლეგები, არამედ ახლო მეგობრები იყვნენ. ერთად მუშაობდნენ, ერთად დაიღუპნენ, მაგრამ მათი ნამუშევრები აქამდე ერთად არასდროს გამოფენილა“, - ჰყვება კემბერი, რომელმაც არაკომერციული საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცე დააფუძნა და ჰეტერინგტონს მიუძღვნა.



კრის ჰონდროსის ფონდთან ერთად გაკეთებულ გამოფენაზე კონფლიქტებზე მომუშავე ფოტორეპორტიორების კარიერის ადრეული წლების ფოტოები იყო გამოტანილი. ლიბერიის სამოქალაქო ომების კადრები.

აფრიკის ამ ქვეყანაში 1989 წლიდან 2003 წლამდე ორ სამოქალაქო ომს 250 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გაეროს მშვიდობისმყოფელთა დახმარებით ქვეყანაში სტაბილურობა და დემოკრატია მაინც დამყარდა.

ლიბერიის სამოქალაქო ომები მიმდინდარეობდა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ სოციალური მედია დაიპყრობდა მსოფლიოს. მაშინ, როცა ფოტოჟურნალისტიკას ჰქონდა ომის მიმდინარეობაზე ხელშესახები გავლენა. „იბეჭდებოდა მათი სურათები, სხვადასხვა პოზიციებიდან, განსხვავებული კონტექსტებით. ვფიქრობ, მათმა ფოტოებმა ომის დასრულებაში თავისი წვლილი შეიტანეს“, - მიიჩნევს კემბერი.

ფოტოგრაფები მეგობრობდნენ, მაგრამ ფრონტის სხვადასხვა მხარეს იყვნენ, მათი სტილიც კონტრასტული იყო. ჰონდროსი მძაფრ, ახალი ამბებისთვის დამახასიათებელ ფოტოებს იღებდა, კადრებს, რომლებიც ყოველდღიურად გამოცემების მთავარ გვერდებზე ხვდებოდა. ჰეტერინგტონი კი, რომელიც საშუალო ფორმატის ჰეიზელბადით მუშაობდა, თითქოს უფრო მშვიდი, დამაფიქრებელი და კონცეპტუალური იყო.

„ტიმი იღებდა დახვრეტილ კედლებს, ნახატებს ქუჩებში, მებრძოლთა მოხატულ სახეებს ახლო ხედიდან, იღებდა გარემოს. მისთვის მთავარი კონტექსტი იყო. ბრძოლის შუაში მოხვდებოდა, მაგრამ გვერდით გაიწევდა და ყველაფრის აღბეჭდვას უფრო ფართო ფოკუსით ცდილბოდა, სადაც ჰუმანიზმისა და ომის არსი აღიქმებოდა“, - იხსენებს მისი მეგობარი ფოტოგრაფი.

თუ ჰონდროსი ომის პირველ, უხეშ სახეს აჩვენებდა, ჰეტერინგტონი ლიბიის ომს ნიუანსებით, პოეტურად აღწერდა და აფართოებდა ჩვენს თვალსაწიერს იმ მოვლენების შესახებ.

მის ერთ-ერთ ფოტოზე აღბეჭდილია ამბოხებულთა ანტისაჰაერო ბრიგადის ერთ-ერთი მებრძოლი, რომელიც შეყვარებულს ემშვიდობება. მათი მიმიკები, ექსპრესია გამოხატავს ერთ მთლიან გულისტკივილს. გოგოს ხელი ნაზად უდევს ბიჭის მუხლზე, რომელიც მანქანიდან თავისი შეყვარებულისკენ გადმოხრილა. ჰეტერინგტონის ეს სევდიანი ფოტო ომიდან განშორებისა და დაკარგვის შიშს აღბეჭდავს.

გამოფენა „ომი და მშვიდობა ლიბერიაში“ ომის გარდა თავად ფოტოგრაფებზეც მოგვითხრობს. იმაზე, თუ როგორი გავლენა მოახდინა იქ ყოფნამ მათ ცხოვრებასა და პროფესიაზე.

ფოტოგრაფები ხშირად ჩადიან ქვეყნებში, აშუქებენ კონფლიქტებს, ზოგჯერ ჯილდოებსაც იღებენ და შემდეგ მიდიან. ჰეტერინგტონი მოგვიანებით ლიბერიაში დაბრუნდა და წლების განმავლობაში ცხოვრობდა იქ. ტიმი ქვეყნის ცხოვრებაში ბოლომდე ჩაერთო. ფოტორეპორტიორი აფინანსებდა სხვადასხვა პროექტს და მისი მძღოლის ქალიშვილს სწავლის საფასურსაც უფინანსებდა.

ლიბერიაში დაბრუნდა ჰონდროსიც, ეძებდა ხალხს, რომელსაც იღებდა. მათ შორის იყო ჯოზეფ დუო, ცნობილ ფოტოზე აღბეჭდილი მებრძოლი, რომელიც მეამბოხეებისკენ გასროლილ რაკეტას აღნიშნავდა.

ლიბერიაში დაბრუნებული ჰონდროსი დაეხმარა დუოს, რომ ესწავლა უნივერსიტეტში. ბიჭმა, ყოფილმა მებრძოლმა, რომელიც წლების განმავლობაში უიმედოდ ცხოვრობდა, სამართალი შეისწავლა, გასულ წელს კი პოლიტიკური კარიერა დაიწყო.



ამის მიუხედავად, არც ერთი ფოტოგრაფის კარიერა ლიბერიით არ შემოსაზღვრულა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჰონდროსის მუშაობა ერაყში და ჰეტერინგტონი ავღანეთში. თუმცა, კემბერი მიიჩნევს, რომ ლიბერია მათი დანიშნულების წერტილად იქცა.

„ტიმს ლიბერიის მსგავსად არსად უმუშავია. ეს იყო მისი კარიერის განმსაზღვრელი მომენტი, იმ მიდგომისა და ომის ტიმისეული ხედვის, რომლითაც ჰეტერინგტონი გამოირჩეოდა“, - ჰყვება კემბერი. მისი თქმით, ჰეტერინგტონის მსგავსად ლიბერიამ დიდი გავლენა მოახდინა ჰონდროსზეც.

„ის ნიჭიერი, პროფესიონალი ფოტოგრაფი იყო. მაგრამ ლიბერია კრისისთვის არ იყო უბრალო სამუშაო ადგილი. მან ამ ხალხისთვის უზარმაზარი სამუშაო გასწია, თავად ლიბერიამაც ჰონდროსის პროფესიონალიზმი და მისი ცხოვრება სულ სხვა დონეზე აიყვანა.“

ჰონდროსმა და ჰეტერინგტონმა კონფლიქტების გაშუქებას ბევრი რამ შემატეს. არც ერთ მათგანს არ უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. ორივესთვის მნიშვნელოვანი ის ხალხი იყო, ვისაც კადრში აღბეჭდდა. მათთვის ფოტოგრაფები ხშირად თავის სიცოცხლესაც აყენებდნენ საფრთხის ქვეშ.

„ტიმსა და კრისს ენდომებოდათ გამოფენაზე აქცენტი არა მათზე, არამედ იმ ლიბერიის მოქალაქეებზე გაკეთებულიყო, რომელთა ცხოვრებასაც ომმა დიდი დაღი დაასვა. ყველა ომს ეწირება უდანაშაულო ხალხი“, - ამბობს კემბერი.

მომზადებულია www.nytimes.com-ის მიხედვით.
კატეგორია: რესურსები
ფოტოჟურნალისტიკაში ყოფილა შემთხვევები, როცა ფოტოგრაფებს თავიანთი ნამუშევრები გაუყალბებიათ. ასეთ შემთხვევებს სკანდალიც მოჰყვებოდა ხოლმე. ნამუშევრების გაყალბება რომ დაუშვებელია, ფოტოჟურნალისტიკის პროფესიულ წრეში ამაზე თანხმდებიან. თუმცა, ფოტოჟურნალისტიკის პრაქტიკაში ხშირია მცირე ჩარევა, ფოტოების დადგმა.

ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო პრესის ფოტოკონკურსიდან ბევრი ფოტო იმის გამო მოიხსნა, რომ დადგმული იყო. არის შემთხვევები, როცა ფოტორეპორტიორები სთხოვენ გმირებს გაიმეორონ ესა თუ ის მოქმედება, რომელიც დაინახეს, მაგრამ გადაღება ვერ მოასწრეს. ყოფილა შემთხვევები, როცა სცენაში შეუტანიათ კორექტივები, რათა ობიექტივში ყველაფერი იდეალურად მოხვედრილიყო.

„მედიაჩეკერი“ გთავაზობთ ცნობილი ფოტორეპორტიორებისა და რედაქტორების მოსაზრებას დადგმულ ფოტოებზე, სიმართლესა და მანიპულაციაზე ფოტოჟურნალისტიკაში.

სტენლი გრინი
ფოტოსააგენტოს, Noor Images-ის დამფუძნებელი ამსტერდამში

„ვფიქრობ, ფოტოების დადგმა ძალიან გავრცელებულია. მინახავს ძალიან ცნობილ ფოტოგრაფებთანაც, ძირითადად კონფლიქტის ან ბუნებრივი კატაკლიზმების არეალში. მინახავს ფოტოგრაფები, რომლებიც დგამენ სცენას იმის გამო, რომ მოვლენის ადგილას ძალიან გვიან მივიდნენ.

საზოგადოება მედიიასადმი ნდობას კარგავს. არადა ჩვენ უნდა ვყვებოდეთ სიმართლეს, უნდა დავუწესოთ საკუთარ თავს უფრო მაღალი სტანდარტი.

როგორც ჩანს, მხოლოდ პროფესიული აღიარება არ მუშაობს. ამიტომ ფოტორედაქტორები უფრო მომთხოვნები უნდა იყვნენ, მათ უნდა ნახონ დაუმუშავებელი ფაილები. რედაქტორებსა და ფოტოფესტივალებზეა დამოკიდებული როგორ შეასრულებენ ფოტოჟურნალისტები თავიანთ საქმეს.

სანტიაგო ლიონი
The Associated Press-ის ფოტოგრაფიის ყოფილი პრეზიდენტი
 
ბოლო წლებში ფოტომანიპულაციებს ყურადღება სამართლიანად ექცევა. ამუშავებენ მედიისთვის ფოტოებს, ცვლიან ელემენტებს, აშორებენ ან ამატებენ დეტალებს. რის გამოც ფოტო რეალობას აღარ ასახავს.

მაგრამ არის მანიპულაციის მეორე ტიპიც - ფოტოჟურნალისტები კარნახობენ სცენას ისე, როგორი ფოტოც, ნარატივიც მათ სურთ. ეუბნებიან ფოტოს ობიექტებს გააკეთონ ისეთი რამ, რასაც ჩვეულებრივად არ აკეთებენ. ან ცდილობენ გაამეორებინონ ესა თუ ის ქმედება, რომელიც მათ მოსვლამდე მოხდა.

მაგალითად, ფოტოგრაფმა შეიძლება სთხოვოს მებრძოლს, გაისროლოს იარაღიდან, რათა ფოტო უფრო დრამატული გამოუვიდეს. ან შეიძლება დემონსტრანტს დროშის დაწვა შესთავაზოს, რაც მას თხოვნის გარეშე შეიძლება იშვიათ შემთხვევაში ან საერთოდ არ გაეკეთებინა. 


სანტიაგო ლიონის ფოტო, 1998 წლის გამარჯვებული მსოფლიო პრესის ფოტოკონკურსში
ფოტოჟურნალისტებს, ფოტორედაქტორებს აქვთ მაღალი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, ამას გაცნობიერება სჭირდება. სიზუსტე და გამჭვირვალობა არის ჩვენი მოკავშირე.

სამწუხაროდ, ფოტოებს დგამენ, განსაკუთრებით იქ, სადაც ნაკლებად ესმით ეთიკა და პროფესიონალიზმი. არადა ეს იგივეა, რომ გააყალბო, მოიგონო ციტატა, როცა ტექსტზე მუშაობ. ეს მედიაში არ უნდა ხდებოდეს. ამის მოგვარება შეუძლია განათლებას, გამოცდილებას.

საინტერესოა, რომ არის შემთხვევები, როცა ფოტოს ჟურნალისტები კი არ დგამენ, არამედ თავად მისი ობიექტები. ასეთი შემთხვევებია, როცა სთხოვენ ვინმეს იპოზიორონ ფოტოების წინ. მაგალითად პოლიტიკოსების შეხვედრების დროს ან სპორტული ღონისძიებების შემდეგ.

ეს სცენები, მათი მოქმედებები, თითქოს რეალურია, მაგრამ უწევთ შექმნან დადგმული სცენებიც. არადა, მუშაობისას, სწავლებისას, ფოტოჟურნალისტებს ვუმეორებთ, რომ ყოველთვის გამჭვირვალედ უნდა მუშაობდნენ და ასახავდნენ მოვლენებს ზუსტად.

დონალდ ვებერი, VII ფოტო სააგენტოს წევრი

ფოტოგრაფიის პრაქტიკაში დასავლეთი დომინანტურია, ვესტერნული პროფესიაა, შეიძლება ითქვას. ამიტომ თითქოს ამბებს ერთი კულტურული პერსპექტივიდან ვიგებთ.

ფოტოგრაფიას ლოკალური კონტექსტი სჭირდება. გადაწყვეტილება ადგილზე უნდა მიიღო, ფოტოს იღებს რეპორტიორი და იმ მომენტში ფოტოჟურნალისტიკის საყოველთაო წესები უკან გვრჩება.

ამიტომ რას ვგრძნობთ გადაღებისას, ეს არის მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ მხოლოდ ესთეტიკაზე ვიქნებით დამოკიდებული, მაშინ შესაძლოა ყველაფერი რასაც ვიღებთ და ვყვებით, სიცრუე აღმოჩნდეს.

ამბავი გვკარნახობს, რა და როგორ უნდა მოვყვეთ და არა ინსიტუტები, კონკურსები და მედიაგამოცემები.

მიშელ მაკკნალი
The New York Times-ის ასისტენტ-რედაქტორი,
ფოტოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი

ახალ ამბებში ფოტოს დადგმა საერთოდ დაუშვებელია. ეს არის ფოტოები, რომლებიც მიიჩნევა, რომ აღწერს რეალურ მოვლენებს, შემთხვევებს. პორტრეტი, მოდა და ნატურმორტი თავისთავად იდგმება და ეს დამთვალიერებლისთვისაც თვალშისაცემია, მისაღები.

ნათქვამია, რომ ეთიკური დილემის დროს გამოუქვეყნებლობა არის ყველაზე კარგი იმუნიტეტი. მაგალითად, ერთხელ ერთ-ერთმა ჩვენმა ფოტოგრაფმა, რომელიც ლიბანის კონფლიქტზე მუშაობდა, მითხრა, რომ ის შეესწრო დაღუპული ბავშვის მძიმე სცენას, მაგრამ მე ამ ფოტოს ვერ ვნახავდი.

იქ ისე მოხდა, რომ ხალხის ჯგუფმა დაინახა ჟურნალისტები, აიყვანა ხელში დაღუპული ბავშვის ცხედარი და დაიწყეს ქალაქში მსვლელობა. ჩვენმა ფოტოჟურნალისტმა გადაწყვიტა მათთვის ფოტო არ გადაეღო.
კატეგორია: ვიდეო
Natilonal Geographic-მა, 130 წლის იუბილეზე, 9 ისტორიული ფოტო შეარჩია. თვალი გადაავლეთ იმ ფოტოებს, რომლებმაც შეცვალეს ჩვენი განწყობები გარემოს მიმართ.


ასევე იხილეთ: National Geographic - ჟურნალი, რომელმაც მეცნიერება მედიად და ხელოვნებად აქცია
კატეგორია: ფოტოისტორია
ომის ფოტოგრაფია, მისი სირთულის მიუხედავად, ჯერ კიდევ პირველ ფოტოაპარატებთან ერთად გაჩნდა. ერთ-ერთი პირველი დიდი ფოტოგრაფი კი როჯერ ფენტონი იყო, ფოტოგრაფი, რომელიც ომს კაპამდე, მეცხრამეტე საუკუნეში იღებდა.

როჯერ ფენტონის შესახებ მასალის სანახავად დააჭირეთ ფოტოს.

ომის პირველი დიდი ფოტოგრაფი
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
"National Geographic-ში ჩვენ გვჯერა მეცნიერების, აღმოჩენებისა და თხრობის ძალის,
რომელსაც მსოფლიოს შეცვლა შეუძლია"
 

 
1888 წლის სექტემბერში მეცნიერების შესახებ ჟურნალის The National Geographic-ის პირველი ნომერი გამოიცა. პირველი ეგზემპლიარი რა თქმა უნდა ისეთი არ იყო როგორიც ახლაა, მას არც ბრენდული ყვითელი ჩარჩო ჰქონია და არც ფერადი, მომნუსხველი ფოტო ყდაზე.

The National Geographic-ის პირველი ჟურნალი მოკრძალებული იყო, ყავისფერი ყდითა და ზედ რამდენიმე წარწერით. მას შემდეგ მისი დიზაინი შეიცვალა, დაიხვეწა. უცვლელია ჟურნალის ღირებულებები. „ჩვენ გვჯერა მეცნიერების ძალის“, - ვკითხულობთ გამოცემის ვებგვერდზე.

National Geographic აშშ-ის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების პერიოდული გამოცემაა. სხვათაშორის, საზოგადოებაც იმავე წელს, 1888-ში დაარსდა. თავიდან ჟურნალი პერიოდული არც ყოფილა. National Geographic-მა დაარსებიდან 8 წლის შემდეგ, 1896 წელს დაიწყო ყოველთვიურად გამოცემა. მაშინ ყდაზე ჯერ კიდევ ვერ ნახავდით ბრენდის ცნობილ ფოტოებს. პირველი ფოტო National Geographic-ის გარეკანზე 1905 წელს მოხვდა. ხოლო პირველი ფერადი ფოტო 1957 წელს. 
 

National Geographic მე-20 საუკუნის განმავლობაში ვითარდებოდა და სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. 90-იან წლებში ჟურნალის სხვა ენებზე გამოცემაც დაიწყეს. პირველი ნომერი, რომელიც ინგლისურთან ერთად გამოვიდა, 1995 წელს იაპონურ ენაზე იყო. დღეს კი ჟუნალი 37 ენაზე გამოდის. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქართული გამოცემაა. ჩვენთან პოპულარული სამეცნიერო ჟურნალი პირველად 2012 წელს გამოვიდა.


National Geographic დღეს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სამეცნიერო გამოცემაა, მის თითოეულ ნომერს 40 მილიონამდე ადამიანი კითხულობს. ჟურნალი ცნობილი სტატიებისა და ფოტოების სივრცეა. მედია, რომელიც გარემოს იცავს მთელი მსოფლიოს გარშემო.


გამოცემიდან მიღებული შემოსავლის 27% National Geographic Society-ის ხმარდება, არაკომერციულ გაერთიანებას, რომელიც გარემოსდაცვაზე მუშაობს და მათ შორის, თავად ჟურნალსაც გამოსცემს. National Geographic პიონერი მედიაა ტექნოლოგიების ათვისების კუთხითაც. დღეს გამოცემა სრულყოფილი მულტიმედია პლატფორმაა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჟურნალისა სოციალურ მედიაშიც. National Geographic-ის ავტორებს არაერთი ჯილდო მოუპოვებიათ, ჯილდოებს გასცემს თავად ჟურნალიც.

მისი ისტორიის განმავლობაში ჟურნალში ათასობით ფოტო დაიბეჭდა, სურათები პრობლემებზე, სამეცნიერო მიღწევებზე, ბუნების საოცრებებზე. გამოცემის ფოტოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელმა სარა ლინმა, 130 წლისთავთან დაკავშირებით, მისი აზრით ყველაზე შთამბეჭდავი ფოტოები ამოარჩია. ავღანელი გოგო, ოჯახი მალიში, პირველი ტრანსგენდერი ჟურნალის ყდაზე - საუკეთესო 130 ფოტოდან ნაწილს ამ კოლაჟში ხედავთ.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ირლანდიური მაუწყებელი RTÉ სოციალურ მედიაში ვერტიკალურ ვიდეოებს სცდის, რომელსაც აიფონით იღებს და აიპედში ამონტაჟებს სმარტფონიანი აუდიტორიისთვის.

სმარტფონიანმა ჟურნალისტებმა ელენორ მენიონმა და ფილიპ ბრომუელმა ირლანდიაში რომის პაპის ვიზიტის წინა კვირას 12 ვერტიკალური ვიდეო ჩაწერეს, რომელიც Facebook-ზე, Twitter-ზე, Instagram-სა და Youtube-ზე გამოაქვეყნეს.

„ჩვენ გვსურდა ჩაგვეწერა პერსონალური გზავნილები პაპის ვიზიტისთვის, ქვეყნის მასშტაბით“, - ჰყვება ბრომუელი, -„ამისთვის ვერტიკალური ფორმატით გადაღება შესანიშნავი გზა აღმოჩნდა - ჩვენ ვთხოვდით ხალხს ელაპარაკათ კამერის წინ ისე, თითქოს პირდაპირ რომის პაპს ესაუბრებოდნენ. ჩვენ ხომ ასე ვსაუბრობთ ზოგადად, როცა თანატოლებს ვეკონტაქტებით”.

მიუხედავად იმისა, რომ რეპორტიორებს ასობით ვიდეო შეუქმნიათ სოციალური მედიისთვის, „წერილი პაპს“ რეპორტაჟების პირველი სერიაა, რომელიც მაუწყებელმა სპეციალურად ვერტიკალური ფორმატით შექმნა. შემდეგ კი გარდაქმნა ონლაინ მედიისთვის, ტელევიზიისა და რადიოს აუდიტორიისთვის.

ძველი, ტრადიციული მოდელი, როცა მაუწყებლის მასალები გარდაიქმნებოდა ხოლმე სოციალური მედიისთვის, ახლა უკვე შებრუნდა.

........ 

„ციფრული თხრობის ეს სერია შეიქმნა იმისთვის, რომ გავსულიყავით თაობასთან, რომელიც ტელევიზორში აღარ გვიყურებს“, - განმარტავს ბრომუელი, -„ჩვენ ვმუშაობთ, რათა აუდიტორიას მივაწოდოთ კარგი ხარისხის კონტენტი, ნამუშევრები, რომლებიც აირეკლავს ჩვენს საზოგადოებას და ღირებულებებს, მაგრამ თან გვინდა, რომ ახალი თაობისთვის თანამედროვე პროდუქციაც შევქმნათ.“

RTÉ-ს ვიდეოსერია წარმოგვიდგენს 12 ირლანდიელი მოქალაქის გზავნილს პაპისთვის. მათ შორის, სასულიერო პირისგან შევიწროების მსხვერპლის, 11 წლის გოგოსა და თავშესაფრის მაძიებლის მიმართვებს.

მენიონის თქმით, ახლებური პროდუქტის შექმნისთვის პაპის ვიზიტი კარგი მოვლენა იყო. ჟურნალისტებს ჰქონდათ საცდელი ნამუშევრების გადაღების დრო, ხოლო რეპორტაჟი ისეთი გამოვიდოდა, რომელიც დააინტერესებდა ხალხს მიუხედავად მათი განსხვავებული გემოვნებისა.

„აქ რომის პაპი ბოლოს 1979 წელს ჩამოვიდა. მაშინ ირლანდიელთა ერთი მესამედი მივიდა მის სანახავად“, - ჰყვება მენიონი - „მას შემდეგ ირლანდია შეიცვალა: ლეგალური გახდა განქორწინება, მოხდა ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია, გაუქმდა მერვე შესწორება აბორტის შესახებ და გამოიარა სასულიერო პირებისგან სექსუალური შევიწროებების შესახებ სკანდალი.“

მენიონსა და ბრომუელს სურდათ, რომ ეს ყველაფერი აერეკლათ თავიანთ ვიდეოსერიებში და ხალხისთვის მოსაზრებების ფართო სპექტრი ეჩვენებინათ, ეს არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ვიდეოთა მექანიკური ნაკრები.

ამისთვის ჟურნალისტებმა მუშაობა ისე დაიწყეს, როგორც სატელევიზიო რეპორტაჟებს გეგმავენ. ვიდეოსერიამდე პრომოც განათავსეს, რითაც აუდიტორიას აუხსნეს ავტორთა ხედვა.

„ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კომენტარი Facebook-ზე იყო, ერთ-ერთი მოხმმარებლის მოსაზრება, რომლის თქმითაც, RTÉ-მ თითქოს თვალები ფართოდ გაახილა. ერთი წერდა, რომ ვერ იჯერებდა, ეს RTÉ-ს ნამუშევარი იყო. აუდიტორიის შეფასებებმა დაგვანახა, რომ ჩვენ მათთან ახლო კონტაქტში ვიყავით“, - ჰყვება მენიონი, რომლის თქმითაც ტელევიზიაში უამრავი მოსაზრება მიიღეს, მათ შორის, კრიტიკულიც და კარგიც.

........

iPhone 8+ მოდელის ტელეფონებით შეიარაღებულმა რეპორტიორებმა 4K რეზოლუციის ვიდეოები Filmic Pro-ს მეშვეობით გადაიღეს. კადრები ჟურნალისტებმა სტანდარტულად, 16:9 ფორმატში აღბეჭდეს, თუმცა შემდეგ IOS-ის ერთ-ერთ აპლიკაციაში LumaFusion-ში ვერტიკალურად აქციეს და RTÉ-ის ბრენდულ სტილში გაუკეთეს ტიტრები.

„ყველას შეუძლია ვერტიკალური ვიდეოს გადაღება, მაგრამ თუ მიზნად გაქვს დასახული, რომ დახვეწილი ვიდეო შექმნა, გამოწვევების წინაშე დგები - მთელი კომპოზიცია გამოწვევაა“, - ამბობს ბრომუელი, რომელიც 15 წელია, ტრადიციულ 16:9 გაფართოების ვიდეოზე მუშაობს.

„სახალისო და საინტერესოა რაღაც ახლის ცდა. ეს პროექტი ვითარდებოდა ჩვენთან ერთად, ჩვენ კი მასზე მუშაობისას ვითვისებდით ახალ უნარებს.“

რეპორტიორები ხშირად დიდ ხანს ფიქრობდნენ რაკურსის შერჩევაზე, განსაკუთრებით თუ კამერის ობიექტი ბევრს მოძრაობდა.

„რადგან კადრები ტელევიზიის ფორმატისთვისაც უნდა გამოგვეყენებინა, ამისთვის 16:9 სტანდარტული ფორმატით ვიღებდით და ვერტიკალური ფორმატის ჩარჩოებს გონებაში ვხაზავდით. ეს კი ზოგჯერ ძალიან რთული იყო“, - ხსნის მენიონი. ჟურნალისტის თქმით, საქმე ბევრად გაუადვილდებოდათ, გადაღებებიც მუდამ ვერტიკალურ ფორმატში რომ წარემართათ.

„მონტაჟისას, ზოგჯერ ეკრანს სამ ნაწილად ვყოფდით და სამ ჰორიზონტალურ, 16:9 ვიდეოს ერთმანეთის თავზე ვათავსებდით. ასე მაყურებელს საშუალება მივეცით, რომ ენახა კადრები მოჭრის გარეშე და თან ერთდროულად რამდენიმე სცენაც გვეჩვენებინა“, - დასძენს მენიონი.

ბრომუელის თქმით, ამ ვიდეოსერიაზე მუშაობისას საინტერესო იყო მონტაჟიც, რადგან მედიაპროდუქტის შექმნისას კომპიუტერი საერთოდ არ გამოუყენებიათ: „მთელი პროექტი სმარტფონზე იყო მორგებული, არც მონტაჟისას დაგვჭირდა კომპიუტერის ჩართვა. ამის გამო ნამუშევრები გაცილებით მალე დავასრულეთ, ვიდრე ამას ტრადიციულ შემთხვევაში შევძლებდით“.

რეპორტიორებმა ვიდეოსერიების თითოეული ნამუშევარი ერთ სტილში გააკეთეს. ასე, მაგალითად, თითოეული ვიდეო სტატიკური კადრით იწყება. თუმცა, ბრომუელის თქმით, განსაკუთრებული, გაწერილი წესები ამ სერიაზე მუშაობისას არ ჰქონიათ. არც სჭირდებოდათ.

„ეს იყო რაღაც ახალი, განსხვავებული და იმის დამტკიცების მცდელობა, რამდენად კარგი შეიძლება გამოვიდეს მობილურზე მორგებული პროდუქტი. ვფიქრობ, ეს არის მოდელი, რომელიც შეგვიძლია განვავითაროთ და გამოვიყენოთ სხვა პროექტებისთვის, ან გავაკეთოთ მსგავსი სერიები. ეს მხოლოდ დასაწყისია, პირველი ნაბიჯი“, - განმატავს რეპორტიორი.

წყარო: journalism.co.uk
კატეგორია: რესურსები
„ადამიანები ნიუ-იორკიდან“ (Humans of New York)  თხრობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იდეაა ციფრულ სამყაროში. თვითნასწავლმა ფოტოგრაფმა ბრენდონ სთენტონმა პროექტი - ფოტობლოგი, რომელიც ნიუ-იორკის მცხოვრებთა ისტორიებს მოგვითხრობს, 2010 წელს დაიწყო და ახლა 25 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

2014 წელს სთენტონმა თანაქალაქელ ფოტოგრაფსა და ვიდეოოპერატორ მაიკლ კრომეტთან ერთად დაიწყო მუშაობა, რათა ფოტობლოგებთან ერთად დოკუმენტური ფილმიც მოემზადებინათ. გასულ წელს კი წყვილს Facebook დაუკავშირდა და 13-სეზონიანი გადაცემის მომზადება შესთავაზა.

„მედიაჩეკერი“ გთავაზობთ „ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელის“ ინტერვიუს, რომელიც მაიკლ კრომეტს ამ პროექტსა და წყვილის მუშაობის სტილზე ესაუბრა.



- როგორ აკეთებთ წარმატებულ ფოტო სერიებს ვიდეოს სახით?

- ჯერ კიდევ 2014 წელს, ბრენდონს ამბიციური გეგმა ჰქონდა. უნდა გვემუშავა ასობით დღის განმავლობაში, ჩაგვეწერა უცნობები, როგორც ეს ფოტოისტორიებისთვის ხდებოდა, შემდეგ კი ერთი დიდი ფილმი შეგვეკრა.

როცა ჩვენთან Facebook-ის წარმომდგენლები მოვიდნენ, მაშინ დამოუკიდებლად ვმუშაობდით წყვილში, მცირე ბიუჯეტითა და რესურსებით. ხოლო პროექტის დასასრულს ჩვენ 1200 ადამიანზე მეტი ჩავწერეთ და 3 000-მდე ვიდეოთი სრულყოფილი ხედვა შევქმენით ნიუ-იორკსა და მის მცხოვრებლებზე.  საბოლოოდ, ჩვენ განვავითარეთ ვიდეოპროექტი, რომლითაც კიდევ უფრო წარმოვაჩინეთ Humans of New York-ის იდეა.



თავიდან საცდელი გადაღებები სტანდარული „ზუმ“ ლინზებით დავიწყეთ, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება გვექმნებოდა, რომ ეს არ იყო HONY. მერე 35 მილიმეტრიან ობიექტივზე გადავედით, რათა უფრო პორტრეტული გამოსახულება მიგვეღო. ამ ტიპის ლინზებს უფრო მხატვრულ ფილმებში იყენებენ, მაგალითად ისეთი ხალხი, როგორიცაა იასუჯირო ოზუ და უეს ანდერსონი.

ჰოდა, ამ ტიპის ლინზით ისეთი პროექტი გავაკეთეთ, რომელსაც იშვიათად თუ ნახავთ დოკუმენტალისტიკაში. სამაგიეროდ, სრულყოფილად აირეკლა ბრენდონის ფოტოგრაფია.

- კამერასთან თავის თავზე საუბარი ხალხისთვის უფრო რთულია, ვიდრე ფოტოს გადაღებისას. როგორ ახერხებთ, რომ შეინარჩუნოთ ისეთივე უშუალობა ვიდეოპროექტში, როგორიც ფოტოდღიურებში იყო?

მაიკლ კრომეტი- გამოსახულებისთვის, როგორც ვთქვი, პროექტში განსხვავებულ ტექნიკას ვიყენებთ. რადგან ბრენდონი 50 მილიმეტრიანი ობიექტივით იღებდა ფოტოებს, ჩვენ მსგავსი გამოსახულებისთვის ვიდეოებს 35 მმ-იანი ლინზით ვწერთ.  ამის გამო, ჩვენი მუშაობაც ცოტა განსხვავებულია. როცა სტანდარტულად იღებენ, კამერა რესპონდენტისგან მოშორებით დგას, აპარატურა ამის საშუალებას გაძლევს.

ამ შემთხვევაში გვიწევდა, რომ ჩვენს გმირებთან ახლოს მივსულიყავით, სანტიმეტრების მოშორებით დაგვედგა კამერა, რითაც მათ პირად სივრცეში ვიჭრებოდით. ასე მუშაობამ თითქოს პირიქით, მეტად გაგვიადვილა საქმე და გმირებსაც არ უჭირდათ ბუნებრივი საუბარი.

- გვითხარი სამი რამ, რაც დამწყებ რეჟისორებს დაეხმარებათ გმირებზე თხრობის დროს?

- იყავით ყურადღებით. ხშირად იმ დროს, როცა უმიზნოდ ვხეტიალობ, არ ვმუშაობ, მაშინ ვაწყდები ყველაზე საინტერესო მომენტებს ცხოვრებაში. მაშინ, როცა უბრალოდ ვზივარ და ვაკვირდები. ცხოვრებას აქვს ასეთი წესი - თითქოს ზურგიდან უნდა მოგეპაროს და გაგაკვირვოს. შენ კი უნდა ეცადო, რომ მიმოიხედო და იპოვო ის. ფართოდ გაახილეთ თვალები. ეს ყველაზე მეტად მიჭირს. მუშაობ, იღებ სცენას, მაგრამ ამ დროს შეიძლება შენ ირგვლივ გამოგეპაროს ისეთი რამ, რაც უფრო საინტერესო იქნებოდა. გამოგეპაროს იმის გამო, რომ არ იყავი ყურადღებით ან სათანადოდ არ მომზადებულხარ. უნდა ენდო შენს რეჟისორს ან მეწყვილეს, რომელიც შეამჩნევს დეტალებს მაშინ, როცა შენ იღებ.

როცა ორჭოფობ, დააყენე ყველაზე ფართო კადრი და გადაიღე. ზოგჯერ არის ქაოსური ან დამაბნეველი სიტუაციები, როცა ვერ ხვდები საით უნდა მიმართო შენი ფოკუსი. ჩემი რჩევაა, რომ ამ დროს გახსნა შენი ობიექტივი ყველაზე ფართოდ და გადაიღო მთელი გარემო. ამის შემდეგ უფრო მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდები.

- გადასაღებად რომელ აპარატურას ხმარობ?

მცირე გამონაკლისების გარდა Arri Amira-ს კამერას ვიყენებ. ლინზა კი როგორც ვთქვი, 45 მილიმეტრიანია - 35mm Zeiss CP.2. აუდიოს ორ უსადენო Sanken COS-11D-ის ტიპის მიკროფონზე ვწერ Lectrosonics wireless systems-ით.

კატეგორია: ვიდეო
ჟურნალისტიკის ისტორიაში არის შემთხვევები, როდესაც წყაროების გაუთქმელობის გამო ჟურნალისტებს სხვადასხვა ტიპის სასჯელი დააკისრეს. "მედიაჩეკერი" ხუთ ასეთ, ამერიკელ ჟურნალისტს გაგაცნობთ.



ვრცლად ამ ჟურნალისტების შესახებ შეგიძლიათ წაიკითოთ მასალაში ამ ბმულზე
კატეგორია: რესურსები
ჟურნალისტური გამოძიება რუტინული და გრძელვადიანი პროცესია. თუმცა, სულ სხვაა შედეგი, რაც ამ გამოძიებას მოჰყვება ხოლმე. ყოფილა შემთხვევებიც, როცა ჟურნალისტურმა პროდუქტმა გამოუძიებელი საქმის გახსნას შეუწყო ხელი.

"მედიაჩეკერი" რამდენიმე ასეთ საქმეს გაგაცნობთ.

ე.წ. „გრიმ სლიფერის“ საქმე

ჟურნალისტი ქრისტინ პელისეკი

ჟურნალისტის ქრისტინ პელისეკის ჟურნალისტური ნამუშევრების დახმარებით პოლიციამ სერიული მკვლელი დააკავა.

"გრიმ სლიფერი", როგორც თავის თავს ლონი დეივიდ ფრანკლინი უწოდებდა, ათი ქალის მკვლელობისთვის გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. თუმცა, მას უფრო მეტის, 38 ქალის მკვლელობას აბრალებდნენ, ყველა მათგანი შავკანიანი იყო.

რეპორტიორი „გრიმ სლიფერის“ საქმეს ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იკვლევდა. შეაგროვა საქმესთან დაკავშირებული მასალები და LA Weekly-ში საქმეს ვრცელი, დეტალური სტატია მიუძღვნა, რომელშიც ასობით ქალის ინტერვიუ გამოიყენა.

პელისეკის ნამუშევარი სამართალდამცველებს სერიული მკვლელის ვინაობის დადგენაში დაეხმარა. ლონი ფრანკლინი დააპატიმრეს და 2016 წელს სიკვდილით დასაჯეს.

წელს პელისეკის ჟურნალისტური ნამუშევრები წიგნად გამოიცა. მასში უფრო ვრცლადაა აღწერილი ჟურნალისტური გამოძიების შედეგები და სერიული მკვლელის მსხვერპლ ქალთა ისტორიები.


მადალინ ო’ჰაირის საქმე

ორგანიზაცია  „ამერიკელი ათეისტების“ დამფუძნებელი მადალინ ო’ჰაირი ვაჟსა და შვილიშვილთან ერთად 1995 წელს გაუჩინარდა. მაშინ ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს თავად ო’ჰაირის სურვილით მოხდა.

ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ჟურნალისტმა ჯონ მაკკორმაკმა San Antonio Express-News-თვის ამ თარიღთან დაკავშირებით მასალის მომზადება გადაწყვიტა და საქმის მასალებს გადახედა.

ჟურნალისტი ო’ჰაირის გაუჩინარებამ დააეჭვა და სამწლიან ჟურნალისტურ გამოძიებაში ჩაითრია. მაკკორმაკის გამოძიებით აღმოჩნდა, რომ მადალინ ო’ჰირი თავისი სურვილით არ გამქრალა. კერძო დეტექტივის დახმარებით, ჟურნალისტმა გაუჩინარების შემთხვევა 1995 წელს უთავო და უხელო გვამების პოვნას დაუკავშირა.

პოლიციამ ნაპოვნ სხეულებს ექსპერტიზა ჩაუტარა და 2001 წელს დაადასტურა, რომ ისინი დაკარგულ ო’ჰაირსა და მისი ოჯახის წევრებს ეკუთვნოდათ. მოგვიანებით კი, მაკკორმაკის ჟურნალისტური გამოძიების დახმარებით, პოლიციამ მათი მკვლელობისთვის ორი ადამიანიც დააკავა.

მადალინ ო’ჰაირი

დანაშაულო მსჯავრდებულის საქმე

1957 წელს ციტრუსების ცნობილი მწარმოებლის ცოლი ბლანშე ნოულსი გააუპატიურეს. სამართალდამცველებს დაზარალებულმა თავდამსხმელი აღუწერა და უთხრა, რომ ის შავკანიანი კაცი იყო. ამის მიუხედავად, რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციამ ღარიბი, თეთრკანიანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ჯესი დენიელსი დააპატიმრა. სათანადო სასამართლო პროცესის გარეშე დენიელსი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნეს.

ჟურნალისტმა მებელ ნორის რისმა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე სტატიების გამოქვეყნება დაიწყო. ის ეჭვობდა, რომ შერიფი უილის მაკკოლი იყენებდა თავის გავლენას და მომხდარის ჯესი დენილისთვის დაბრალებით, დანაშაულის მიჩქმალვა სურდა. მებელ ნორის რისმა ჯესი დენიელსის დედასთან ერთად გამოძიება დაიწყო, პარალელურად, პერიოდულად წერდა შტატში მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებზე.


საბოლოოდ, ნამდვილი დამნაშავე პოლიციამ ვერ იპოვა, ჯესი დენიელსი კი 14 წლის შემდეგ გამართლდა. დენიელსის ციხიდან დახსნაში დიდი წვლილი სწორედ ჟურნალისტის დაუღალავმა შრომამ შეიტანა.


მებელ ნორის რისი
კატეგორია: რესურსები
წყაროებთან მუშაობა რეპორტიორების საქმიანობის ერთ-ერთი ნაწილია. ჟურნალისტიკის ისტორიაში არის შემთხვევები, როცა კონფიდენციალური წყაროების მეშვეობით გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მნიშვნელოვანი ნამუშევრები შექმნეს. ასეთია, მაგალითად, უოტერგეიტის საქმე.

თუმცა, არის შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს სახელმწიფო უწყებები მათი წყაროების ვინაობის გამხელას სთხოვენ, უარის შემთხვევაში კი სასჯელით ემუქრებიან. ეს ხდება ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც პრესის თავისუფლება დიდ მონაპოვარად ითვლება. აშშ-ში პრესის თავისუფლებას კონსტიტუციის პირველი შესწორება ანუ ე.წ. „უფლებათა ბილი“ იცავს, მაგრამ ზოგიერთ შტატში მოქმედი კანონმდებლობის გამო, წყაროების გაუთქმელობისთვის ჟურნალისტები მაინც დაუკავებიათ.

„მედიაჩეკერი“ გაგაცნობთ ხუთ ამერიკელ ჟურნალისტს, რომელსაც წყაროების გაუთქმელობისთვის ან საკუთარი მასალების გამოძიებისთვის გადაცემაზე უარის თქმის გამო სასჯელი დაეკისრა.
ჯო ჰოუსი

Patch.com-ის ჟურნალისტი ჯო ჰოუსი 2013 წელს ილინოისის შტატის მოსამართლემ ჯერალდ კინიმ წყაროების გაუთქმელობის გამო 1000 დოლარით დააჯარიმა. პლუს ყოველდღე, სამი თვის განმავლობაში, ვიდრე წყაროებს არ გათქვამდა, რეპორტიორს 300 დოლარის გადახდა მოუწევდა, სამი თვის შემდეგ კი პატიმრობა.

საბოლოოდ, ჟურნალისტი ილინოისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა. დღეს ჯო ჰოუსი Herald-News-ის რედაქტორია, 2015 წელს კი ილინოისის შტატის საუკეთესო ჟურნალისტად დაასახელეს.

ჰოუსიმ კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით ილინოისის შტატში ორი ადამიანის მკვლელობის დეტალები გამოაქვეყნა. მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ საქმის ამ დეტალებს შეიძლება ნაფიც მსაჯულებზე ზეგავლენა მოეხდინა და მოსამართლეს ჰოუსისთვის წყაროს გამჟღავნების მოთხოვნისკენ მოუწოდა.

ჰოუსის დასჯამდე მოკვლევა შტატის პოლიციაში დაიწყო, თუმცა 500-მდე პირმა უარყო ჟურნალისტთან კავშირი. ამის შემდეგ მოსამართლემ რეპორტიორს მოსთხოვა, სასამართლოსთვის გადაეცა მკვლელობის შესახებ ყველა დოკუმენტი რაც ხელთ ჰქონდა და დაესახელებინა წყარო, რაზეც ჰოუსიმ უარი განაცხადა და დასჯა ამჯობინა.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ჰოუსის ჰქონდა უფლება არ გაემჟღავნებინა საკუთარი წყაროები და მოსამართლე ჯერალდ კინის განაჩენი გააუქმა.

ჯოშუა ვოლფი

ფრილანსერი ვიდეობლოგერი და რეპორტიორი ჯოშუა ვოლფი 226 დღეს იხდიდა სასჯელს იმის გამო, რომ სამართალდამცველებს არ გადასცა მასალები, რომლებშიც შესაძლო კანონდარღვევა ჩანდა.

ჯოშუა ვოლფი 2005 წელს სან ფრანცისკოში „დიდი რვიანის“ საწინააღმდეგო აქციებს აშუქებდა. პოლიციის განცხადებით მის კადრებში ჩანდა სხვისი საკუთრების შესაძლო ხელყოფა.

დემონსტრანტებმა, პოლიციის განცხადებით, ალმოდებული ბოთლებით დააზიანეს პატრულის მანქანაც, რაც ვოლფს არ გადაუღია, თუმცა მის კადრებში შეიძლებოდა ამ პირთა ამოცნობა, ამიტომ რეპორტიორს კადრების პოლიციისთვის გადაცემა მოსთხოვეს.

ჯოშუა ვოლფმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლა, რისთვისაც 2006-2007 წლებში რამდენიმე თვის ციხეში გატარება მოუწია.

ჯუდით მილერი

New York Times-ის კორესპონდენტს ჯუდით მილერს 2005 წელს ციხეში რამდენიმე თვის გატარება მოუწია წყაროს გაუთქმელობისთვის. მილერმა ორ ჟურნალისტთან ერთად ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ერთ-ერთი აგენტის ვალერია პლეიმის შესახებ შეიტყო. ინფორმაცია მას მთავრობიდან მიაწოდეს.

პლეიმი აშშ-ის ერთ-ერთი დიპლომატის ჯოსეფ უილსონის ცოლი იყო, უილსონი კი ჰუსეინისადმი თეთრი სახლის ბრალდებებს იკვლევდა, თითქოსდა ერაყის ლიდერმა აფრიკიდან თავის ქვეყანაში ურანი შეიტანა.

სწორედ ამ გამოძიების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია მისი ცოლის საქმიანობის შესახებ. რამაც უილსონის კრიტიკა და ფაქტობრივად, მისი გამოძიების ჩაშლა გამოიწვია. მილერმა სხვა ჟურნალისტებისგან განსხვავებით სასამართლოს არ გაუმხილა კონფიდენციალური წყაროს ვინაობა. რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა ხელი შეუშალა გამოძიებას და შეაფერხა იმ ადამიანის მოძებნა, რომელსაც აგენტის ვინაობის გამხელის უფლება არ ჰქონდა.

მილერს 85-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისმა წყარომ, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის თანაშემწე ლევის სკუტერ ლიბი აღმოჩნდა, უარი თქვა კონფიდენციალურობაზე.

ჯიმ ტარიკანი


NBC-თან აფილირებული გამოცემის WJAR-ის გამომძიებელ ჟურნალისტს ჯიმ ტარიკანის 2004 წელს 6-თვიანი შინაპატიმრობა წყაროს გაუთქმელობისთვის მიუსაჯეს.

ტარიკანიმ გამოაქვეყნა FBI-ის ვიდეო, რომელშიც ჩანდა როგორ იღებდა ქრთამს როდ აილენდის ერთ-ერთი საჯარო მოხელე. FBI-ის გამოძიების საქმის მასალების გასაჯაროებისთვის ჟურნალისტს მოსთხოვეს, რომ დაესახელებინა მისი წყარო, ჯიმ ტარიკანიმ კი წყაროს გამჟღავნება არ ისურვა და სასჯელს დასთანხმდა

ვანესა ლეგეტი

2001 წელს ჟურნალისტმა ვანესა ლეგეტმა 168 დღე გაატარა ციხეში, მას შემდეგ, რაც უარი თქვა, წარედგინა თავისი ჩანაწერები სასამართლოში, რომელიც 1997 წელს ტეხასში მომხდარ მკვლელობას ეხებოდა.

ვანესა ლეგეტი, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტია, 5 წლის განმავლობაში იძიებდა ტეხასში მომხდარ ერთ-ერთ მკვლელობას. ჟურნალისტური გამოძიებისას ლეგეტთან ძმის ცოლის მკვლელობაში მსჯავრდებულმა თქვა, რომ ის თავისმა ძმამ დაიქირავა. ამის შემდეგ როჯერ ენგელტონმა თავი მოიკლა.

სასამართლომ ჟურნალისტს მისი ჩანაწერების გამოძიებისთვის გადაცემა მოსთხოვა, უარის შემდეგ კი ვანესა ლეგეტს პატიმრობა მიუსაჯა.
კატეგორია: რესურსები

მსოფლიოში ცხელი წერტილები ქრება და ჩნდება, მაგრამ ვებპლატფორმებისთვის მომუშავე ჟურნალისტებსაც ხშირად ისეთივე რთულ პირობებში უწევთ საქმიანობა, როგორშიც საგაზეთო კორესპონდენტები მუშაობდნენ ადრე. უცვლელია რისკები და ეთიკური დილემები ჟურნალისტებისა თუ ფოტოგრაფებისთვის.

ამ საკითხების შესახებ მედიაჩეკერი ორი გამოცდილი ომის ფოტოგრაფის გრეგ მარინოვიჩისა და ჟოაო სილვას მოსაზრებებს გთავაზობთ, ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც აშშ-ის საზოგადოებრივმა რადიომ ჩაწერა.

მარინოვიჩი და სილვა ე.წ. „შეშლილთა კლუბის“ წევრები არიან, ცნობილი ფოტოგრაფები. ორივეს მიუღია ველზე მძიმე ტრავმები. მარინოვიჩს ესროლეს და დაჭერს ოთხჯერ, როცა სამხრეთ აფრიკასა და ავღანეთში კონფლიქტებს აშუქებდა. სილვა New York Times-თვის ავღანეთში მუშაობისას ნაღმზე აფეთქდა და ორივე ფეხი დაკარგა.

გრეგ მარინოვიჩი: მოქალაქე თუ ჟურნალისტი

„ჟურნალისტიკა პროფესია არაა, ეს ხელობაა. არ გჭირდება კურსები, რომ გახდე ერთ-ერთი მათგანი. უბრალოდ უნდა აკეთო ეს საქმე, ასეთი გზა გავიარე მეც. ასე რომ, არ დამიწყია ეთიკის და მორალის სწავლა, New York Times-ის გაიდლაინების დაზეპირება, ასეთი გამოცდილება არ მაქვს.

მე მუშაობა დავიწყე როგორც მოქალაქემ და არა როგორც ფოტოგრაფმა. ბევრ რამეზე არ მქონდა ნაფიქრი, ჩემი მსოფლმხედველობა გამოცდილებამ მოიტანა. შეხედულებები იცვლებოდა, ყალიბდებოდა. მხოლოდ რაზეც ყოველთვის ვფიქრობდი, ესაა - აქვს თუ არა აზრი, რომ ჩავერიო ვინმეს გადსარჩენად? და მე ეს ხშირად მიცდია, ზოგჯერ გამოდიოდა, ზოგჯერ კი არა. ცოტა უცნაური რამეა ეს, ლამის ყოველდღე იცვლება რას ფიქრობ, რისკენ იხრები, როგორ გარემოში ხარ.

ერთი რამ კი მარტივია, თუ გარემოში მხოლოდ შენი სურათის შესაცლვლელად იჭრები, არაეთიკურია. მაგრამ თუკი გიღირს შენი სამუშაო, შენი პროფესია გვერდით გადადო და ჩაერიო, ეს შენი არჩევანია. მე არ ვამტყუნებ მათ, ვინც პროფესია გვერდით გაწია, არც მათ ვინც ბოლომდე კამერის უკან დარჩა.

ჟოაო სილვა ვოიერიზმზე

„ჩემთვის ამაღელვებელია, რომ მქონდა საშუალება ვყოფილიყავი მოვლენების ეპიცენტრში. და ყოველთვის მინდოდა მეჩვენებინა ეს მოვლენები იმ ხალხისთვის, იღბლიანი ადამიანებისთვის, ვისაც ომის ზონაში არ უცხოვრია. მინდოდა მეჩვენებინა ომის რეალობა. ჩვენ გავდივართ ცხელ წერტილებში და ვარწმუნებთ თავს, რომ როგორღაც შეგვიძლია საზოგადოებაზე გავლენა გვქონდეს, რაიმე სასიკეთოდ შევცვალოთ.

რატომღაც, კამერა სხვების ყველაზე ინტიმურ მომენტებზე წვდომის საშუალებას გვაძლევს. ეს სასიამოვნო სულაც არაა. ძალიან უხერხულად გრძნობ თავს, როცა დაღუპულ შვილზე მოტირალ დედას იღებ. ან ჯარისკაცს, რომელიც ცდილობს დაეხმაროს მის დაშავებულ მეგობარს. უამრავი შემთხვევაა, როცა ადგილს ვერ პოულობ, გინდა რომ გაქრე.



მაგრამ თან იცი, შენ იქ უნდა იყო. იცი, რასაც აკეთებ, მნიშვნელოვანია. სხვა შემთხვევაში, სახლში უნდა დარჩე, გაერთო ან ითამაშო ფლეისთეიშენი…

მაგრამ როცა იღებ - სწავლობ საკუთარ თავსა და პროფესიასთან ერთად ცხოვრებას, ამ ტვირთის ზიდვას. და როცა იღებ ფოტოებს - ასეთ ექსტრემალურ სიტუაციებში, შენ იძულებული ხარ სხვის ცხოვრებაში შეიჭრა. შენ იღბლიანი ხარ, რადგან შეგიძლია სხვისი ისტორიები აღბეჭდო.

ყოველთვის ვფიქრობდი, მთავარი გმირები ჩვენს ობიექტივებში არიან. ისტორიისთვის მნიშვნელოვანია ხალხი, ვინც ჩვენ გარშემოა. ყოველთვის ვიაზრებდი, რომ ეს ისტორიაა და მე ის უნდა აღვბეჭდო - ეს არის მთელი ჩემი აქ ყოფნის მიზეზი.



გრეგ მარინოვიჩი ეთიკაზე ომის ფოტოგრაფიაში

ფოტოგრაფებისთვის ძნელია სურათის შექმნა. ვგულისხმობ იმას, რომ რთული გადასაწყვეტია, რამდენად შეიჭრე სცენაზე, რა აარჩიო გადასაღებად, რაზე გააკეთო ფოკუსი, სად გაავლო ზღვარი. ამ ყველაფერს დაფიქრება სჭირდება.

თუმცა, ის მარტივი ასახსნელია, რომ გადასაღები სცენა თავად არ უნდა მოაწყო. მე მახსოვს ერთხელ კომუნისტი ლიდერის კრის ჰანის დაკრძალვაზე, რომელიც თეთრკანიანმა ექსტრემისტებმა მოკლეს, ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტი თავად კარნახობდა პროცესიას. მაშინ დანარჩენები გავბრაზდით და იმხანად მის დამსაქმებელს, ჟურნალ Time-ს მივწერეთ. ფოტოგრაფი დაითხოვეს.

შემიძლია გავიხსენო ერთი ფოტოგრაფიც, რომელმაც სპეციალურად დაიქირავა „მერსედესის“ მარკის ავტომობილი და ღარიბულ, რთულ უბნებში მანამდე იარა, სანამ ხალხმა ქვები არ დაუშინა, შემდეგ კი გადაღება დაიწყო.

რა თქმა უდნა, ფოტოგრაფია რთულია. ყოველთვის აკეთებ არჩევანს, რა გადაიღო, როგორი კუთხით და რა დატოვო კადრს მიღმა. მაგრამ არის რაღაცები, რაც ნებისმიერ შემთხვევაში არაეთიკურია. არაეთიკურია, როცა სასურველი ფოტოს გადასაღებად სცენას შენ თვითონ აწყობ.

ტრავმებზე

ჟოაო სილვა

სილვას დიდი გამოცდილება აქვს. იღებდა ფოტოებს ავღანეთის, ერაყის, ბალკანეთის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აფრიკის კონფლიქტებში.

ნაღმზე აფეთქების დროს ის New York Times-ის რეპორტიორსა და მეოთხე ქვეით დივიზიასთან ერთად იყო. იმ ადგილას მანამდე ორმა ადამიანმა და სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლმა გაიარა.

„მესამე ადამიანი ვიყავი, ვინც იქ გაიარა. მაგრამ ეტყობა ცოტა მარცხნივ ან მარჯვნივ დავდგი ფეხი. მეტალის ხმა გავიგე და შემდეგ - ბუმ, აფეთქება. პირველი რეაქცია რაც მქონდა, გარშემომყოფებს დახმარებას ვთხოვდი. ჩემ გარშემო ბიჭები აფეთქებამ თითქოს წამიერად გათიშა, მაგრამ მერე სწრაფად აღმომიჩინეს პირველადი დახმარება“, - იხსენებს სილვა.

აფეთქების ადგილიდან გადაყვანის პროცესში სილვა ფოტოების გადაღებას აგრძელებდა. New York Times-ის რეპორტიორ კარლოტა გოლს კი სატელიტური ტელეფონით მის ცოლთან დაკავშირება სთხოვა.

„ცოლს დავურეკე. ვუთხარი - მისმინე, ფეხები აღარ მაქვს, მაგრამ მე კარგად ვიქნები. ვფიქრობ, გადავრჩები.“

მალე სამაშველო ვერტმფრენი მოვიდა. სილვა პირველ რიგში გერმანიაში გადაიყვანეს, შემდეგ კი აშშ-ში უოლტერ რიდზე, სადაც სამი კვირა ინტენსიური თერაპიის კურსს გადიოდა. რამდენიმე თვის მერე პროთეზით სიარულიც შეძლო.

თან ბევრი სირთულეც სდევდა. „სახე საზამთროსავით მქონდა“ - იხსენებს ფოტოგრაფი. „თვალებს ვერ ვახელდი. არაფერზე ვდარდობდი გარდა იმისა, რომ მსურდა რამენაირად გადაადგილება შემძლებოდა.“

გრეგ მარინოვიჩი

მარინოვიჩი სილვას საავადმყოფოში რამდენჯერმე ესტუმრა. ფოტოგრაფები მეგობრები და ცნობილი „შეშლილთა კლუბის“ წევრები არიან. იმ ფოტოგრაფთა ჯგუფის წევრები, რომლებმაც სამხრეთ აფრიკის აპარტეიდის ბოლო სისხლიანი წლები ფირზე აღბეჭდეს.

მარინოვიჩმა ველზე გადაღება ავღანეთში დაჭრის შემდეგ შეწყვიტა. მანამდე ფოტოგრაფი სამჯერ სამხრეთ აფრიკაშიც დაჭრეს. „ავღანეთის შემდეგ გავაცნობიერე, რომ აქ არამარტო პროდუქტიული აღარ ვიყავი, არამედ მეტჯერ დაჭრაც აღარ მინდოდა“, - ჰყვება მარინოვიჩი.

1994-ში, სამხრეთ აფრიკაში, მაშინ როცა ის დაჭრეს, მის გვერდით დაიღუპა „შეშლილთა კლუბის“ ერთ-ერთი წევრი კენ ოსტერბროკი.

„ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ტყვიამ ჩემში გაიარა. არავის სურდა ჭრილობისთვის შეეხედა. წესიერად ვერც ვსუნთქავდი, რადგან ტყვიამ ფილტვი დამიზიანა. მქონდა სხვა ჭრილობებიც“ , - იხსენებს მარინოვიჩი.

ის მიიჩნევს, რომ ეს ჭრილობები მისი სამუშაოს ერთგვარი საზღაურია. „ათობით ფოტოს ვუღებდი ადამიანებს, რომლებიც იჭრებოდნენ, კვდებოდნენ“, - ჰყვება მარინოვიჩი, რომელიც თავს დამნაშავედაც კი გრძნობდა, რომ თავად უვნებელი ბრუნდებოდა ბრძოლის ველიდან.

„ხედავ ვიღაცას - განსაკუთრებით დაღუპული ბავშვის დედას ან ახალგაზრდას, რომელიც კვდება. და ეს გამოხედვა - მათი მზერა, როცა ფოტოს გადასაღებად უახლოვდები და თან ბოდიშს იხდი. ის მზერა არ დამავიწყდება. ხალხს სურს მსოფლიოს დაანახო რა ხდება მათ გარშემო, მაგრამ თან ხშირად აწყდები უიმედო, ზიზღნარევ გამოხედვას. ეს მზერა - შვილმკვდარი დედის გამოხედვა, ყოველთვის თან მდევს.“ - იხსენებს მარინოვიჩი.

მარინოვიჩმა 1991 წელს პულიტცერის პრემიაც მიიღო. ის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში Associated Press-ის უფროსი ფოტოგრაფი გახდა. უამრავი პრიზი მიიღო ჟოაო სილვამ, მათ შორის მსოფლიო პრესის ჯილდოც.
კატეგორია: გრაფიკა
“მედიაჩეკერი” გთავაზობთ ინფორმაციას იმ ათი ქვეყნის შესახებ, სადაც მედია ყველაზე შეზღუდულია.

მედიის თავისუფლების ინდექსს ყოველწლიურად ადგენს ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, რომელიც 180 ქვეყანაში მედიის მდგომარეობას სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს.


კატეგორია: ვიდეო
3 მაისს მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

გადმოწმების ძალა: მედია, მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა - ამ სლოგანით აღნიშნავს 2018 წელს იუნესკო 3 მაისს . 

იუნესკომ დაასახელა 2018 წლის გამოწვევებიც: 
  • მედია და პოლიტიკური პროცესების გამჭვირვალობა;
  • მედიაწიგნიერება მართლმსაჯულებაში;
  • მედია და ხელისუფლების კონტროლი.
იუნესკო უცვლელ გამოწვევად ტოვებს პრესის თავისუფლებას.



კატეგორია: ვიდეო
ზურგჩანთიანი ჟურნალისტიკა, რომელსაც მომავლის ჟურნალისტიკას უწოდებენ, ამბის თხრობის განსხვავებული მეთოდია. ეს არის ერთი ადამიანის მიერ იმ მოწყობილობებით მოყოლილი ამბავი, რომლებიც ერთ ზურგჩანთაში ეტევა.

ზურგჩანთიანი ჟურნალისტი მულტიმედია რეპორტიორია. პროდუქტს, რომელსაც ასეთი ჟურნალისტები ქმნიან, არ სჭირდება რამდენიმეწევრიანი გუნდი. ზურგჩანთიანი ჟურნალისტი გადამღები ჯგუფის ყველა ფუნქციას ითავსებს, – მოგზაურობს, საკუთარი თვალით აკვირდება ამბავს, იღებს ფოტოსა და ვიდეოს, წერს ამბავს და აქვეყნებს.

ჟურნალისტის ზურგჩანთაში აუცილებლად უნდა იყოს: ვიდეო და ფოტო კამერა, მიკროფონები, ქსელში ჩართული პერსონალური კომპიუტერი სამონტაჟო პროგრამით, ინტერნეტის/დენის წყარო და ბლოკნოტი.

კატეგორია: რესურსები
საგამოძიებო ჟურნალისტიკა მედიის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამვადროულად, საინტერესო ნაწილია. ჟურნალისტურ გამოძიებებზე მისი ავტორები ზოგჯერ სიცოცხლის რისკის ფასადადაც კი მუშაობენ. ყოფილა შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს ბევრი მასალა შეუგროვებიათ, მაგრამ გამოძიება ჩიხში შესულა, თუმცა ჟურნალისტიკის ისტორიაში არის გამოძიებებიც, რომლებმაც დიდი სკანდალი, შემდეგ რეფორმები ან პრეზიდენტის გადადგომაც კი გამოიწვია. „მედიაჩეკერი“ ასეთ ცნობილ ჟურნალისტურ გამოძიებებს გთავაზობთ:

1. გამოძიება როკფელერსა და „სტანდარტ ოილ კომპანიზე“ 

ფოტოზე: იდა ტარბელი და ჯონ როკფელერი

მე-19 საუკუნის ბოლო და მე-20 საუკუნის დასაწყისი ამერიკაში სოციალური აქტივიზმის და იმ ჟურნალისტების ეპოქის დროა, ვისი რეპორტაჟების გამოც, ქვეყანაში ბევრი სისტემური ხარვეზი გამოსწორდა.

ერთ-ერთი მათგანი იდა ტარბელი იყო, ყოფილი მასწავლებელი. იდას რეპორტაჟები McClure’s Magazine-ში იბეჭდებოდა. 1902-1904 წლებში ტარბელმა ნამუშევრების მთელი სერია მიუძღვნა „სტანდარტ ოილ კომპანის“, რომელიც ცნობილ ბიზნესმენს ჯონ როკფელერს ეკუთვნოდა. ჟურნალისტმა ამერიკის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობკომპანიაში კანონდარღვევები და კრიმინალი აღმოაჩინა.

ტარბელმა თავისი გამოძიება ასისტენტ ჯონ სინდალთან ერთად 1900 წელს დაიწყო. ის უშუალოდ კომპანიაში დასაქმებული ადამიანებისგანაც იღებდა ინტერვიუებს. ბოლოს კი კომპანიის ერთ-ერთი ნავთობმაგნატი ჰენრი როჯერსიც ჩაწერა.

1912 წელს, ტარბელის გამოძიების სისწორე დაადასტურა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ. რომელმაც როკფელერის კომპანიას ე.წ. შერმანის აქტის დარღვევა დაუდგინა.

2. გამოძიება ჩიკაგოს საქონლის ფერმებში საწარმოო სტანდარტების დარღვევის შესახებ


მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩიკაგო აშშ-ში ხორცის წარმოების ცენტრი იყო. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ქალაქის მსხვილი ფერმები ხორცპროდუქტებს მნიშვნელოვანი დარღვევებით აწარმოებდნენ.

ჩიკაგოს საქონლის ფერმებში დარღვევების გამოვლენა აფტონ სინკლერის ჟურნალისტური გამოძიებით დაიწყო. საინტერესოა, რომ მისი ეს გამოძიება რომანის სახით გამოიცა. „ჯუნგლები“ - ასე ერქვა წიგნს, რომელიც დოკუმენტურად აღწერდა საქონლის ფერმაში ლიტველი იმიგრანტის შვიდ კვირიან სამუშაო გამოცდილებას.

წიგნში ფერმის ყოველდღიურობა, არასათანადო პირობები და ანტისანიტარია იყო აღწერილი. „ჯუნგლების“ გამოცემისთანავე თეთრმა სახლმა ყოველდღიურად მოქალაქეების წერილების მიღება დაიწყო. ამერიკელები ფერმების შემოწმებას ითხოვდნენ. საბოლოოდ, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა ხორცპროდუქტების წარმოებაზე კანონმდებლობის გამკაცრება გადაწყვიტა.

3. გამოძიება სენატორ ჯოზეფ მაკარტის მიერ საბჭოთა კავშირის აგენტების დევნაზე

ფოტოზე: ჯოზეფ მაკარტი სენატში მოხსენების დროს

1950 წელს, ამერიკელმა სენატორმა ჯოზეფ მაკარტიმ კომუნიზმის საფრთხეზე გამუდმებული საუბარი დაიწყო და განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში 200-ზე მეტი კომუნისტი მუშაობდა. მაკარტი ამტკიცებდა, რომ ხელთ ჰქონდა სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვა საჯარო სამსახურების თანამშრომლების სია, რომლებიც საბჭოთა სპეცსამსახურებისთვის მუშაობდნენ.

1952 წელს სენატორმა უკვე ამერიკელ სამხედროებს დასდო ბრალი საბჭოთა კავშირისთვის ჯაშუშობაში და ამის გამო სენატში ხმაურიანი მოსმენებიც გამართა. მარეი მარდერმა, რომელიც The Washington Post-თვის მუშაობდა, სენატორის ბრალდებების შესწავლა დაიწყო. როგორც მარდერის ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, ნიუ ჯერსის ფორტ მონმუტის ჯარისკაცები უდანაშაულოები იყვნენ და მაკარტის ბრალდებები მათ აგენტობაზე სენატორის წარმოსახვა იყო.

არადა, როგორც შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ტრუმანი ამბობდა, მაკარტის ბრალდებებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ამერიკის სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლების რეპუტაციას. მის გამუდმებულ გამოსვლებს, რომ აშშ-ში ასობით კომუნისტი ჯაშუშია, „მაკარტიზმი“ და სენატორის მიერ „ალქაჯების დევნა“ უწოდეს.

4. „პენტაგონის ქაღალდები“

ფოტოზე: დენიელ ელსბერგი

„პენტაგონის ქაღალდებს“ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში დაცულ დოკუმენტებს უწოდებენ, რომლებიც ჟურნალისტებმა გაასაჯაროვეს. „პენტაგონის ქაღალდები“ 1945-1967 წლებში აშშ-ვიეტნამის პოლიტიკურ და სამხედრო ურთიერთობაზე მასალებს შეიცავდა და ვიეტნამის კონფლიქტში შეერთებული შტატების ჩართვას დეტალურად აღწერდა.

„პენტაგონის ქაღალდებმა“ გამოაჩინა, რომ წლების განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკუთარ მოსახლეობას და კონგრესს ფაქტებს უმალავდა. დოკუმენტებში აღწერილი იყო, როგორ ამწვავებდა აშშ ვიეტნამის ომს ლაოსისა და კამბოჯის ვიეტნამის საზღვრისპირა რეგიონების დაბომბვით, ჩრიდლოეთ ვიეტნამზე თავდასხმით და სხვ.

„პენტაგონის ქაღალდები“ 1971 წელს გაზეთ The New York Times-ში სამხედრო ანალიტიკოსმა და აქტივისტმა დენიელ ელსბერგმა გამოაქვეყნა. ელსბერგს აშშ-ის ხელისუფლება დაუპირისპირდა. მას სახელმწიფო ქონების მისაკუთრებაში, შეთქმულებასა და შპიონაჟში დასდეს ბრალი. მაგრამ გასაჯაროვებულმა დოკუმენტებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, მას მალევე მოჰყვა „უოტერგეიტის“ სკანდალიც და ხელისუფლებამ „პენტაგონის ქაღალდებთან“ მიმართებითაც შეიცვალა პოზიცია.

„პენტაგონის ქაღალდები“ აშშ-ის ხელისუფლებამ თავად 2011 წლამდე არ გაასაჯაროვა. 2011 წელს კი მთელ დოკუმენტაციას მოეხსნა გრიფი და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ის მასალებიც, რაც თავის დროზე ჟურნალისტურ გამოძიებაში ვერ მოხვდა.

5. „უოტერგეიტის“ სკანდალი

ფოტოზე: კარლ ბერნშტეინი და ბობ ვუდვორდი

„უოტერგეიტის“ საქმე მსოფლიოს ალბათ ყველაზე ცნობილი ჟურნალისტური გამოძიებაა. ყველაფერი 1972 წლის 17 ივნისს გამთენიისას დაიწყო, როცა პრეზიდენტ ნიქსონის საარჩევო კამპანიის 5 აქტივისტი „უოტერგეიტის“ საოფისე კომპლექსში მდებარე დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინაში შეღწევის მცდელობისას დააკავეს.

„უოტერგეიტში“ შეღწევის მცდელობისას დაკავებულებს ყურადღება თითქმის არავინ მიაქცია, The Washington Post-ის ჟურნალისტებმა კი გამოძიება დაიწყეს. ორი რეპრტიორის ბობ ვუდვორდისა და კარლ ბერსნტეინის ჟურნალისტურ გამოძიებას ბევრი დაბრკოლება შეხვდა, მაგრამ მათმა თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო. „უოტერგეიტის“ საქმე დიდი სკანდალით დასრულდა და ჟურნალისტებს პულიტცერის პრემიაც მოუტანა.

ჟურნალისტური გამოძიების დროს დადგინდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოპონენტებს უკანონოდ უსმენდა და კომპლექსში შეჭრის მცდელობაც პროგრამის ნაწილი იყო, რომელიც ნიქსონის პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

საბოლოოდ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პრეზიდენტი ნიქსონი ვადაზე ადრე გადადგა, მასთან დაახლოებული პირები კი დააპატიმრეს.

6. პანამის დოკუმენტები


პანამის დოკუმენტები ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიებაა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა 2.6 ტერაბაიტის მოცულობის 11.5 მილიონი დოკუმენტი შეაგროვეს, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე გავლენიან პირებს: პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, ბანკებს, შოუბიზნესსა თუ ცნობილ სპორტსმენებს ეხებოდა. პანამის დოკუმენტებით გამოვლინდა, როგორ იყენებდნენ ისინი ოფშორულ ზონებს ფულის გასათეთრებლად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად. მასალები 1977 წლიდან 2016 წლამდე კანონდარღვევით შესრულებულ საქმიანობას შეიცავდა.

პანამის დოკუმენტებზე გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი (ICIJ) გერმანულ გაზეთ Suddeutsche Zeitung-თან და 100-ზე მეტ მედია-პარტნიორთან ერთად ერთ წელზე მეტ ხანს მუშაობდა.

ყველაფერი კი 2014 წელს დაიწყო, როცა მიუნხენში Suddeutsche Zeitung-ის თანამშრომლებს ბასტიან ობერმაიერსა და ფრედერიკ ობერმირს ანონიმური წყარო დაუკავშირდა. წყაროს ინფორმაციით, ის პანამაში დარეგისტრირებული ნაკლებად ცნობილი იურიდიული კომპანიის, Mossack Fonseca-ს შესახებ კონფიდენციალურ დოკუმენტებს ფლობდა.

Mossack Fonseca ანონიმურ ოფშორულ კომპანიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყიდის. 1970 წელს დაარსებული კომპანიის საშუალებით, პირებს შეუძლიათ აწარმოონ საკუთარი ბიზნეს-მოლაპარაკებები. თან ისე, რომ დაიფაროს კონკრეტული კომპანიის მფლობელი და მისი საკუთრება.

მას შემდეგ, რაც Suddeutsche Zeitung-ის ჟურნალისტებმა მასალების მასშტაბი აღმოაჩინეს, ICIJ-ის დაუკავშირდნენ, სადაც უამრავი დოკუმენტის დამუშავებისთვის სპეციალური პლატფორმის შემუშავება დაიწყეს. ორგანიზაციამ შექმნა მძლავრი, დაცული ვებსაიტი, სადაც ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეეძლოთ აეტვირთათ მოკვლეული მასალები და საკუთარი მიგნებები ერთმანეთისათვის გაეზიაერებინათ.

ჟურნალისტური გამოძიების შედეგიც შესაბამისი იყო - პანამის დოკუმენტებმა სკანდალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიწვია. ჟურნალისტურ გამოძიებას კომპლექსური გაშუქებისთვის 2017 წელს პულიტცერის პრიზიც გადაეცა.

7. სამოთხის დოკუმენტები




„სამოთხის დოკუმენტები“ გამომძიებელი ჟურნალისტების დაახლოებით ისეთივე ნამუშევარია, როგორც მისი წინამორბედი “პანამის დოკუმენტები”. მასზე მსოფლიოს ასამდე წამყვანი მედიასაშუალების ჟურნალისტები მუშაობდნენ. მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ევროპისა და აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით ოფშორულ სივრცეს საკუთარი ფინანსების დასამალად იყენებენ. „სამოთხის დოკუმენტებში“ ბრიტანეთის დედოფალიც კი აღმოჩნდა.

„სამოთხის დოკუმენტები“ დაახლოებით 13 მილიონ დოკუმენტს მოიცავს. როგორც პანამის დოკუმენტებზე, მასზეც გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი (ICIJ) გერმანულ გაზეთ Suddeutsche Zeitung-თან ერთად მუშაობდა.
კატეგორია: რესურსები
„სხვა ჟურნალისტები მიყურებდნენ და ვხვდებოდი, ფიქრობდნენ - ჰო, ეს ბიჭი ნამდვილად გიჟია“ - ასე იხსენებს სმარტფონით მუშაობის პირველ გამოცდილებას ჰოლანდიელი ჟურნალისტი ტვენ სპირტსი. 2007 წლიდან ის კალათბურთის მატჩებს საკუთარი მობილურით აშუქებდა. ყვება, რომ მაშინ მის გარდა ტელეფონს არათუ არავინ იყენებდა, ბევრი დასცინოდა კიდეც: „რაც მთავარია, თავად კალათბურთელებს არ ადარდებდათ რა ტიპის კამერა მეჭირა ხელში. ეს იყო ჩემთვის მიზეზი, გამეგრძელებინა მობილურით მუშაობა”.

ახლა ჰოლანდიელ რეპორტიორს პროფესიული საქმიანობის გარდა, საკუთარი ბლოგი აქვს მობილურის ჟურნალისტიკაზე და პარალელურად სმარტფონით მუშაობას ასწავლის ჟურნალისტების სულ უფრო მზარდ ნაკადს. ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება იდგეს ტელევიზიის ჟურნალისტი და ელოდებოდეს გადამღებ ჯგუფს, როცა ყველაფერი რაც სჭირდება ჯიბეში უდევს.


მობილურით მუშაობა მარტივია და იაფი, მაგრამ ტრადიციული მედიის ჟურნალისტები ხშირად იმაზე მიუთითებენ, რომ მათი აზრით, სმარტფონიან მედიას უჭირს მოიპოვოს რეპუტაცია და რესპექტაბელურობა, რასაც დიდი კამერებით მუშაობა ანიჭებთ.

არადა, კარგი ნამუშევრისთვის მხოლოდ სარკული კამერა საკმარისი არ არის. „როიტერის ინსტიტუტის“ 2017 წლის კვლევის მიხედვით, რესპონდენტები უფრო მარტივად თანხმდებიან სმარტფონიან რეპორტიორებს, ვიდრე სატელევიზიო ჯგუფებს. თავად ინტერვიუს პროცესშიც უფრო გახსნილი და თავისუფლები არიან.

კვლევის პროცესში, ფინელმა ჟურნალისტმა პანუ კარჰუნენმა ჩაატარა ექსპერიმენტი. სავაჭრო ცენტრში გამოკითხვისთვის გაუშვა ჟურნალისტი მობილურით და სამ კაციანი სატელევიზიო ჯგუფი. 400 ადამიანისთვის ინტერვიუს თხოვნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ უფრო მეტი ადამიანი თანხმდებოდა მობილურით მისულ რეპორტიორს ინტერვიუზე, ვიდრე სატელევიზიო ჯგუფს.


„როიტერის ინსტიტუტის“ კვლევა მიზნად ისახავდა გაეგო, აქვს თუ არა შესაძლებლობა ჟურნალისტიკას სმარტფონით, შევიდეს ისეთ ადგილებში, სადაც კამერა ვერ ხვდება. უფრო კარგად გააშუქოს სენსიტიური თემები და ჩაწეროს ინტერვიუები ისეთ რესპონდენტებთან, რომლებსაც კამერასთან საუბარი არ სურთ. კარჰუნენმა კვლევის დროს გამოკითხა 11 რეპორტიორი და მათი გამოცდილებით აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტებმა მობილურით იმუშავეს იქ, სადაც ტელევიზიით რეპორტაჟების გაკეთება ვერ შეძლეს. ამის საილუსტრაციოდ მოტანილია Bild-ის, Time-ის და BBC Panorama-ს რეპორტაჟები ლტოლვილთა კრიზისზე, რომლებიც გამოცდილმა ჟურნალისტებმა ძირითადად მობილურის „ლაივსტრიმინგით“ და სმარტფონით გაკეთებული რეპორტაჟებით გააშუქეს.

კვლევის დროს გამოკითხული რეპორტიორები, მათ შორის, BBC Radio 5-ის ჟურნალისტი ნიკ გარნეტი და მობილურის ჟურნალისტიკის ტრენერი და მეცნიერი ივო ბურუმი იმაზეც საუბრობდნენ, რომ სმარტფონმა მათ მეტი მასალის მოპოვების შესაძლებლობა მისცა. იმისთვის, რომ მზა ჟურნალისტური ნამუშევრები გაეკეთებინათ, რეპორტიორებს იმ ადგილების დატოვება არც დასჭირვებიათ, სადაც უშუალოდ იღებდნენ.

ჟურნალისტიკას სმარტფონით თავისი გამოწვევებიც აქვს. ვებზე მომუშავე ჟურნალისტებს ინტერნეტის პრობლემა ხშირად ექმნებათ. არის ადგილები, სადაც მაღალი სიჩქარის ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ არის. მობილურის ინტერნეტის ცუდი ხარისხის გამო ვერ ხერხდება ხარისხიანი პირდაპირი ეთერის გაშვება ან ნამუშევრის სწრაფად მიწოდება მოსახლეობისთვის.

თანამედროვე სმარტფონები მაღალი ხარისხის ფოტოს და ვიდეოს იღებენ. მობილური ტელეფონების მწარმოებლებმა ერთი შეხედვით მოახერხეს სმარტფონით გადაღებული ფოტოს ხარისხი სარკული ფოტოაპარატის მიერ გადაღებულ ფოტოსთვის გატოლებოდა. მაგრამ ფოტო და ვიდეოკამერებში ციფრულ სენსორთან ერთად დიდ როლს ასრულებს ობიექტივებიც. არც მობილურის და ფოტოაპარატის ფიქსელებია ერთნაირი. სმარტფონის ციფრული სენსორი, რომელიც სურათს აღბეჭდავს, უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე კამერაში ჩაყენებული ფოტოს სენსორი. მარტივად რომ ვთქვათ, მობილურის 10 მეგაფიქსელი, რომელშიც უფრო მცირე ზომის ფიქსელებია, პროფესიული კამერის 10 მეგაფიქსელზე ნაკლებ ხარისხიანია.

აქედან გამომდინარე, სმარტფონი ჯერ-ჯერობით ბოლომდე ვერ ანაცვლებს პროფესიულ კამერებს. მაგრამ ინტერნეტ მედიას ინფორმაციის მიღების წყაროდ სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს და მობილურით მუშაობის სისწრაფე და პირდაპირი წვდომა ინტერნეტ აუდიტორიასთან სმარტფონიანი ჟურნალისტიკის წარმატებულ მომავალზე მეტყველებს. პროფესიულ კამერებზე მოთხოვნილება დღითიდღე მცირდება ყოველდღიურ ჟურნალისტიკაში. განსაკუთრებით ცხელ, მნიშვნელოვან თემებზე მუშაობის დროს.

BBC-ის ახალი ამბების დირექტორმა ჯეიმს ჰარდინგმა 2014 წელს ერთ-ერთ გამოსვლაში სმარტფონიან ჟურნალისტიკას მეოთხე რევოლუცია უწოდა. „ერთი საუკუნის განმავლობაში BBC-მ ახალი ამბების სამყაროს ტრანსფორმირება რამდენჯერმე შეძლო. იყო სამი რევოლუცია - პირველად რადიო, შემდეგ ტელევიზია და ბოლოს ონლაინ მედია. მაგრამ ახლა, სმარტფონების ერაში მეოთხე რევოლუციის მომსწრეები ვართ - სმარტფონიანი მედიის”.
კატეგორია: რესურსები
რა ხდება მაშინ, როცა იმ ომს აშუქებ, რომელშიც შენი ქვეყანა მონაწილეობს? რა დილემების წინაში დგას ამ დროს რეპორტიორი? ამ საკითხებზე ეთიკური ჟურნალისტიკის ქსელმა გამოაქვეყნა სტატია “პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი”, რომელსაც მედიაჩეკერი მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

ჟურნალისტი ჯონ პილგერი The Guardian-თვის დაწერილ სვეტში იხსენებდა 2003 წელს ამერიკული არმიის ბაღდადში ტრიუმფით შესვლას. პილგერის კრიტიკის ობიექტი ის ასობით ჟურნალისტი გახდა, ვინც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოზეიმე ხალხსა და ჯარისკაცებს აშუქებდა, ყურადღების მიღმა კი დატოვა ქალაქის და ქვეყნის სხვა ნაწილები. ის ხალხი, ვინც ომში ოჯახის წევრები დაკარგა, სახლი დაენგრა ან უბრალოდ მშვიდობიანი ცხოვრება სურდა, თუნდაც ჰუსეინის მმართველობის ქვეშ. პილგერის აზრით, ძალიან ბევრი ჟურნალისტი, თუნდაც ძლიერი და თავისუფალი მედიის პირობებში ხდება საკუთარი ქვეყნის სამხედრო სულისკვეთების ნაწილი, უფრო მეტად კი მსხვერპლი, რადგან კარგავს ობიექტურობას და იქცევა მხარედ.

არიან მედიასაშუალებები, რომლებიც აშკარად იყვნენ და არიან გარკვეული ინტერესების მატარებლები, მთავრობის პროპაგანდის ნაწილი. ასეთი იყო, მაგალითდ, სერბეთის სახელმწიფო რადიო და ტელევიზია იუგოსლავიის დაშლისას და მხარეა Russia Today - რუსეთის ხელისუფლების იარაღი და პროპაგანდის წყარო უკრაინასთან კონფლიქტში. თუმცა, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიასაშუალებებიც რისკის ქვეშ მუშაობენ, როცა მათი ქვეყანა სამხედრო კონფლიქტში ერთვება. სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები სულ უფრო ძლიერად ცდილობენ ომში ჩართონ ყველა მოქალაქე, მათ შორის ჟურნალისტებიც.

მედიასაშუალებების პოლიტიკა შეიძლება დაემთხვეს ხელისუფლების ინტერესებს, იყოს მისი პოზიციის გამტარი, ან უბრალოდ პატრიოტულმა სულისკვეთებამ ნიუსრუმში შესაძლოა, ითამაშოს საკუთარი როლი. თუმცა, კონფლიქტი ვერ გაშუქდება იმ ჟურნალისტების გარეშე, ვინც ჯარისკაცებთან ერთად მიდიან ომში. მიდიან, ოღონდ სხვა მიზნებით. როგორც პირველი წყაროები კი, მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას კი კონფლიქტის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ამიტომ, მნიშნელოვანია, რომ მაშინ, როცა ბევრია ემოცია, ტრაგიზმი და სიძულვილი, რეპორტიორები არ გახდნენ სტერეოტიპებისა და პროპაგანდის ნაწილი. მნიშვნელოვანია ახსოვდეთ, ისაუბრონ მხოლოდ ფაქტებზე, იმუშაონ მოსახლეობის ინფორმირებისთვის და არ მიენდონ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ომის შავ-თეთრ ვერსიას.

ჟურნალისტები კონფლიქტის გაშუქებისას თუკი მხარეებს ორამდე ამცირებენ, ძალიან მარტივია მოვლენების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდეს. ამ დროს, ცდუნება, რომ მოვლენები დაყო თეთრად და შავად, მაღალია. ორი მოთამაშის კონფლიქტში თუ ერთ მხარეს საკუთრი ქვეყანაა, ზღვარი სულ უფრო უფერული ხდება რეპორტიორსა და ჯარისკაცს შორის. ასეთი დაპირისპირება აუცილებად მოითხოვს გამარჯვებულს და წაგებულს. არადა კონფლიქტს ბევრი მხარე აქვს, ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე კი კონფლიქტის მხარის მიუხედავად, ომიდან წაგებული გამოდის. საინტერესოა, რომ დაპირისპირებაში ერთვებიან ორგანიზაციები, ან ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ მშვიდობის დამყარებას, კონფლიქტის გადაწყვეტას. როცა ჟურნალისტი საკუთრი ქვეყნის ჯარისკაცი ხდება, დიდია რისკი, მესამე მხარესაც საკუთრი ქვეყნის ხელისუფლების პოზიციით მიუდგეს. ანუ დაკარგოს ობიექტურობა.

არადა, კონფლიქტის გაშუქების დროს, მხოლოდ ბალანსის დაცვაც არაა საკმარისი. ჟურნალისტი, როგორც წესი, ამ დროს პოზიტიურ როლსაც ასრულებს. რეპორტიორები, რომლებიც სახიფათო ზონებში საკუთრი სიცოცხლის რისკის ფასად მიდიან, მუშაობენ მშვიდობისთვის და არა ომისთვის. საკუთრი წვლილი შეაქვთ კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ცხოვრების უკეთ წარმართვაში. ეს კი შეუძლებელია მხარედ ქცეულმა რეპორტიორმა შეძლოს.

ერთი შეხედვით, საკუთრი ქვეყნის ომის გაშუქებისას პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი სხვადასხვა მხარეს ჩანს. რეპორტიორი ხომ ინტერესთა კონფლიქტის წინ დგება - რა უნდა ქნა, თუკი შენი სახელმწიფო უდანაშაულო ხალხს ხოცავს? მით უმეტეს, როცა ერთმა არასწორად მითითებულმა კოორდინატმა შეიძლება დიდი მსხვერპლი გამოიწვიოს მშვიდობიან მოსახლეობაში. თუმცა, პროფესიონალი ჟურნალისტის მოვალეობაა სიმართლის თქმა, მოვლენების გაშუქება მიუკერძოებლად. ეთიკური და პროფესიონალი ჟურნალისტი კარგი მოქალაქეა და პატრიოტიზმიც მხოლოდ სამხედრო სულისკვეთებით არ გამოიხატება.
კატეგორია: ფოტოისტორია
“ეს კაცები ჩვენს ხალხს ხოცავენ, იმედი მაქვს, მომიტევებს ბუდა” - ეს სიტყვები წარმოთქვა სამხრეთ ვიეტნამელმა გენერალმა ჟურნალისტებთან, მას შემდეგ რაც რამდენიმე წამით ადრე ვიეტკონგელ ტყვეს საფეთქელში ესროლა. მოულოდნელი სიკვდილით დასჯა პირდაპირ ჟურნალისტების წინ მოხდა. NBC TV-ის კამერებისა და AP ფოტოგრაფის წინ. ედი ადამსის ფოტო მაინც განსაკუთრებული აღმოჩნდა. მან აღბეჭა სიკვდილის წამი, თავში შემავალი გასროლილი ტყვიითა და მსხვერპლის უკანასკნელი ემოციით - ტკივილისა და სიკვდილის განცდით. ფოტო სწრაფად გავრცელდა ვიეტნამში, აშშ-ში დანარჩენ მსოფლიოში და ამ ომის სისასტიკის სიმბოლოდ იქცა.

ხალხის რეაქცია მძაფრი იყო, გენერალი ნუე ნგოპ ლანი საძულველ კაცად იქცა. ფოტოს გადაღებიდან ცოტა ხნის შემდეგ ის დაიჭრა, საჭირო იყო ფეხის ამპუტაცია, თუმცა ავსტრალიის საავადმყოფოებმა დაშავებული არ მიიღეს. ნგოპ ლანს ამერიკაში უმკურნალეს, თუმცა მისი დეპორტაციის მოთხოვნით აქაც დიდი კამპანია დაიწყო. გენერალს მიიჩნევდნენ სადისტად და სამხედრო დამნაშავედ. თუმცა, ჟენევის კონვენცია მას არ დაურღვევია.

ედი ადამსი იხსენებდა, რომ ვიეტკონგელი ნგუე ვან ლემი ე.წ. “სიკვდილის ჯგუფის” კაპიტანი იყო. უმოწყალოდ ხოცავდა არა მარტო ჯარისკაცებს, მშვიდობიან მოქალაქეებსაც. იმ დღეს ვიეტკონგელთა “სიკვდილის ჯგუფი” ნაციონალურ პოლიციას დაესხა თავს. მათ ოფიცრები თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად დახოცეს. თუმცა, საბოლოოდ, დაპირისპირებაში სამხრეთ ვიეტნამელებმა გაიმარჯვეს და ვიეტკონგელებიდან კაპიტნის დატყვევება მოახერხეს. ორიოდე კითხვის დასმის შემდეგ, გენერალმა ნუე ნგოპ ლანმა ტყვე სიკვდილით დასაჯა. ამ სცენის ამსახველმა ფოტომ კი თავად გენერალს გამოუტანა განაჩენი.

“ამ ფოტოში ორი კაცი კვდება: ტყვიის ობიექტი და გენერალი ნგუე ნგოპ ლანი. მან მოკლა ვიეტკონგელი, მე კი ჩემი კამერით გენერალი მოვკალი,” - იხსენებდა ედი ადამსი მოგვიანებით. “დღეს ფოტოსურათები ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია მსოფლიოში. ხალხს მათი სჯერა. თუმცა, ზოგჯერ ფოტოები იტყუებიან, თუნდაც მანიპულაციის გარეშე. სურათი თითქოს ნახევრად სიმართლეა… აი ეს ფოტო, მაგალითდ, არ ამბობს - “რას გააკეთებდი შენ იმ მცხუნვარე დღეს, გენერლის ადგილას რომ ყოფლიყავი? რას იზამდი, თუკი ხელში ჩაიგდებდი ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ტიპად წოდებულ ადამიანს, რომელსაც ხელები ჯერ კიდეევ შენი ხალხის სისხლით ექნებოდა დასვრილი? მე ფოტოთი გენერლის ცხოვრება გავანადგურე, თუმცა ლანს არასდროს უსაყვედურია ამის გამო. როცა მისი სიკვდილი შევიტყვე, გავუგზავნე ყვავილები და წერილი: “ვწუხვარ, თვალები ცრემლით მევსება.” - ყვება ედი ადამსი.

AP-ის ამ ფოტოზე ბევრს მართლა არ უკითხავს, რატომ მოკლა უიარაღო ადამიანი გენერალმა. რა მოხდა მანამდე და რას განიცდიდა იმ წამებში გენერალი, ტყვე თუ ფოტოგრაფი. ხალხმა სურათზე დაინახა სისასტიკე და სიკვდილი - როგორც ვიეტნამის და ზოგადად ყველა ომის სიმბოლო. ედი ადამსის ამ ფოტომ 1969 წელს პულიტცერის პრემია მიიღო და იმოქმედა ამერიკელთა დამოკიდებულებაზე ვიეტნამის ომის შესახებ. გენერალმა ნგუე ნგოპ ლანმა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერასდროს მოახერხა დაბრუნებოდა ჩვეულ ცხოვრებას. მან ვირჯინიის შტატში პიცერიაც გახსნა, თუმცა 1991 წელს გენერლის ვინაობა გაირკვა და ლანი იძულებული გახდა ჩამოშორებოდა საჯარო ცხოვრებას. ადამსი იხსენებს მის ერთ-ერთ ბოლო ვიზიტს პიცერიაში, როცა ტუალეტის კედელზე წარწერაც დახვდა - “ჩვენ ვიცით ვინ ჯანდაბაც ხარ”. გენერალი 1998 წელს, 67 წლის ასაკში, სიმსივნით გარდაიცვალა.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ბრიტანულმა გაზეთმა Daily Telegraph-მა ბოდიში მოუხადა სტატიაში დასახელებულ ორ პირს, რომლებიც “ისლამისტ აქტივისტებად” მოიხსენია.

სტატიას, რომელიც 2016 წლის 31 იანვარს გამოქვეყნდა, ასეთი სათაური ჰქონდა: “მუსლიმი ექსტრემისტების სიცრუის კამპანია - ძირი რომ გამოუთხარონ სახელმწიფოს ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ”. სტატიაში ორი ადამიანი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე იყო დასახელებული “მუსლიმთა საძმოს” წევრად.

თუმცა, გასულ კვირას, Daily Telegraph-მა ამ სტატიის გამო, ორივე დასახელებულ პირს ბოდიში მოუხადა. ჰარას აჰმედს კი, რომელიც “მუსლიმთა საძმოს” წევრად მოიხსენია, 20 000 გირვანქა სტერლინგიც გადაუხადა. ამ ბრალდებას, ჰარას აჰმედის ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევდა. თუმცა, Daily Telegraph-ის ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

Daily Telegraph-ს მსგავსი შემთხვევა ადრეც ჰქონდა. გასულ შემოდგომას, გაზეთმა ბოდიში მოუხადა იფჰატ სმიტს, რომელსაც ასევე “მუსლიმთა საძმოს” წევრობა დააბრალა, რაც სიცრუე აღმოჩნდა.

წყარო: imediaethics
კატეგორია: ბლოგი
ალბათ, ბევრი წიგნი, გზამკვლევი და რჩევა არსებობს, როგორ გავაშუქოთ პოლიტიკური ამბები. თუმცა, როცა პოლიტიკისა და იმ სოციალური პრობლემებისგან თავს ვიძვრენთ, რომელზეც მედია ყოველდღიურად წერს, ბევრი ჩვენგანი ფესტივალებზე ატარებს დროს. ფესტივალების გაშუქებაზე კი ცოტა ფიქრობს. არადა, თითოეული ასეთი ღონისძიება ბევრ ადამიანს ეხება: ორგანიზატორებს, შემსრულებლებს (მუსიკალური ჯგუფებით დაწყებული და მეღვინეებით დამთავრებული) და როგორც წესი, უამრავ დამსწრესაც იზიდავს.

ფესტივალი კი ხალხისთვის ჯერ კიდევ დაწყებამდეა მნიშვნელოვანი. ისინი გაფაციცებით ემზადებიან, ალაგებენ ჩანთებს. ფიქრობენ, ლამაზი მაისური ეყოფათ თუ ზაფხულში ზამთრის ტანსაცმლის ჩაცმაც მოუწევთ. მზის სათვალე დასჭირდებათ თუ საწვიმარი. როგორ შეძლებენ მარტივად მისვლას ან რომელ საათზე გაუხსნიან კარებს. ამ ინფორმაციის მიწოდება ორგანიზატორებთან ერთად, მედიასაც შეუძლია. ჩვენც უნდა გადავურჩეთ ფესტივალის მეორე დღეს გრიპის წამლის სმას და სარეცხის თოკზე ფოტოაპარატების გაფენას.

ფესტივალის გაშუქებამდე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მობილურისა თუ კამერის დამუხტვა პარლამენტის მოსაცდელში უფრო მარტივია, ვიდრე უზარმაზარ მინდორში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესაძლოა, ჩვენი მობილური ოპერატორის ინტერნეტი მაინცდამაინც ამ ადგილას არ მუშაობდეს. ქალაქის გადატვირთული ქუჩებიდან შორს კი “თბილისსაც არ ვეყვარებით”.

სამწუხაროდ, ჩვენი აპარატურა არც საყვარელი მომღერლების დანახვაზე გრძნობს ადრენალინის მოზღვავებას - მათ კუმირები არ ჰყავთ. ღია ცის ქვეშ კი, შესაძლოა კოკისპირულ წვიმაშიც მოგიწიოთ დგომა. ხოლო, თუ თქვენც იმ ფანებს შორის ხართ, რომელიც ყველანაირ ამინდში ბედნერია, აპარატურაზე მაინც იფიქრეთ. სანამ ქალაქიდან გახვალთ, თუ სპეციალური შალითა არა, პოლიეთილენის პარკი წაიღეთ, რომ ტექნიკას გადააფაროთ.

ალბათ, იმას გამეორება არ უნდა, რომ მეგობრების წვეულების გადასაღებადაც შეიძლება აკრედიტაცია დაგჭირდეთ. თანაც, პრესის ბარათის მიღებისას, ორგანიზატორები ღონისძიებაზე მუშაობის წესებსაც გაგაცნობენ.

თუ ტექნიკური მხარე სრულად მოვაწესრიგეთ, დროა, ფესტივალის გაშუქების შინაარსობრივ ნაწილზეც ვიფიქროთ. ჯერ უნდა გავნსაზღვროთ, ვისთვის ვწერთ ან ვიღებთ. ინტერნეტ მედიის მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა ისედაც იცის, რომ ახლა ეს ფესტივალი მიმდინარეობს. შესაბამისად, ამ დროს, სტანდარტულ ახალ ამბავზე მეტად, ფესტივალიდან რეპორტაჟი უფრო საინტერესო იქნება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეულ ღონისძიებას უამრავი მხარე აქვს, ჟურნალისტს კი შესაძლებლობა, სრულიად განსხვავებული კუთხეებით დაინახოს ეს ფესტივალი. უნდა ვეცადოთ, რომ მოვყვეთ ყველაფერი. ვცადოთ კრიტიკაც - მოვყვეთ რიგებზე, რომელიც საათობით გრძელდება, ან თბილ ლუდზე. გამოვკითხოთ ახლომახლო მაცხოვრებლებიც, იქნებ ვინმეს ფესტივალმა პრობლემა შეუქმნა. ჩავწეროთ რაც შეიძლება მეტი დამსწრე, მოვისმინოთ მათგან ემოციები, კრიტიკა და შეფასებები. უნდა მოვყვეთ, როგორ ვითარდებოდა და იცვლებოდა ეს ღონისძიება, თუკი ის უკვე რამდენიმე წელია ტარდება. კარგი იქნება, შემსრულებლებისგან მოვისმინოთ, რით განსხვავდება ეს გარემო წინა წლების ან სხვა სივრცეებისგან. რამდენად კომოფრტულია გარემო, რამდენად კარგია ინფრასტრუქტურა და ტექნიკურად რამდენად გამართული ეს ფესტივალი. უნდა გვახსოვდეს, რისი ნახვა ენდომებოდა ადამიანს, რომელიც ღონისძიებას ვერ ესწრება და რა გამორჩა მათაც კი, ვინც ამ სივრცეში შეიკრიბა.

სიღრმისეულად გაშუქებისთვის მნიშვნელოვანია, რომელიმე ცნობილ რეჟისორთან, მხატვართან ან “ჰედლაინერ” ჯგუფთან მოვახერხოთ ინტერვიუს ჩაწერა. რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ჩვენი მთავარი კითხვები ასეთი არ იქნება: “ხინკალი უკვე გასინჯეთ?” “ხომ არ არსებობს სხვაგან საქართველოზე ლამაზი ქვეყანა?”. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ადამიანებისგან შეიძლება საინტერესო ინფორმაციის მიღება. რასაც, დაახლოებით ისეთივე მომზადება სჭირდება, როგორც პოლიტიკოსთან ინტერვიუს. მოკლედ, არც ისეა, აკრედიტაცია გავაკეთოთ და გაშუქებას რა უნდა.

უნდა ვწეროთ თავისუფლად, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. იმ ადამიანებს, რომლებიც მუსიკის ნაცვლად ისევ მანქანების საყვირის ხმას უსმენენ, ან ბუნებაში ღვინის დაგემოვნების მაგივრად, სამსახურში სვამენ მესამე ფინჯან ყავას, მაინცდამაინც არ მოხიბლავთ ჩვენი აღტაცებული კომენტარი, სტატიები და სიუჟეტები, თუ როგორ გვიხარია ამ ფესტივალზე ყოფნა. რა თქმა უნდა, კულტურული ღონისძიებები არ მოითხოვს, რომ აკადემიური სტილით ვისაუბროთ. თუმცა, ფესტივალზე ყოფნისას, არ უნდა დაგავიწყდეს, ჟურნალისტები ვართ და არა ჩვენ წინ მდგომი რიგითი დამსწრე, რომელიც სცენის ფონზე იღებს “სელფის” და წერს ზუსტად ასეთ კომენტარს.

ბევრ ადამიანს აინტერესებს ფესტივალის მზადების ან დასრულების პროცესიც. დასაწყისამდე ფანებს ერთი სული აქვთ, ნახონ, როგორ ეწყობა სცენა, როგორ ემზადებიან ჯგუფები.. თუმცა, საზოგადოებისთვის ისიც მნიშვნელოვანია, როგორ დასრულდება ღონისძიება. იქნებ გარემო დანაგვიანებული რჩება, ან ეს მინდორი ადგილორივების საძოვარი იყო, რომელიც პირწმინდად გადაითელა.

მოკლედ, ფესტივალი, როგორც წესი, გასართობი ღონისძიებაა. თუმცა, მასაც ბევრი კუთხე აქვს, სჭირდება მომზადება და დაკვირვებით გაშუქება.
კატეგორია: ფოტოისტორია
შემზარავია სტენლი ფორმანის ფოტო, ჰაერში გაშეშებული ქალითა და ბავშვით. ქალი პირდაპირ დაბლა ეშვება - ქვემოთ, მიწისა და სიკვდილისკენ. ბავშვი კი ოდნავ ზემოთ, ფიცარს მაისურითაა გამოდებული. შემზარავია ფორმანის ფოტო, რადგან დასამტვრევად განწირულ სხეულებთან ერთად, ყვავილების ქოთნებიც კი შესანიშნავ კომპოზიციას ქმნის. სტენლი ფორმანის ფოტო პულიტცერისა და მსოფლიო პრესის ჯილდოსა მფლობელი გახდა. თუმცა ფოტომ, ჯილდოებისა და პრემიის გარდა, კრიკიტაც დაიმსახურა.

არადა, ყველაფერი მოსაწყენი იყო იმ დღეს. ფორმანი უკვე გამოცემა “ბოსტონ ჰერალდის” ოფისის დატოვებას აპირებდა, როცა ხანძრის შესახებ ცნობა მოვიდა.1975 წლის 22 ივლისი იყო. ცეცხლი მარლობოროს ქუჩაზე გასჩენოდა ძველ სახლს. “თავიდან, ზუსტად არც ვიცოდი სად მივდიოდი. შემდეგ, კვამლი და სახანძრო მანქანები დავინახე, მეც იქით გავექანე. მერე შენობის უკნიდან ყვირილი მომესმა, კიბეს ითხოვდნენ. მივხვდი, რომ ბინაში ვიღაც ჩარჩა, ამიტომ შენობას უკნიდან შემოვურბინე და თან ვფიქრობდი, გადარჩენის მორიგ ლამაზ სცენას გადავიღებდი,” - იხსენებს სტენლი ფორმანი. თუმცა, იქ ყველაფერი სხვანაირად მოხდა.

კიბე უკვე აივანს მიადგეს და მეხანძრემ 19 წლის დაიანა ბრანტს სთხოვა, მისი 2 წლის ნათლული ტაირი მიეწოდებინა. ცოტაც და კიბეზე გადაიყვანდა. ფორმანი ამ დროს სახანძრო მანქანის ძარაზე აძვრა, კარგი პოზიცია დაიკავა და კამერაც ჩართო. ეს საშუალებას მისცემდა, მოძრავი ობიექტები ფოკუსში მოექცია. “15 მეტრის სიმაღლეზე იყვნენ. იმ წამს, როცა მეხანძრე კიბეს მოეკიდა, აივანი ჩაიშალა და წაიყოლა ქალი და ბავშვი. ისინი ვარდებოდნენ, მე კი ვიღებდი. შემდეგ შემოვტრიალდი, არ მინდოდა მათი დაცემა მენახა. არასდროს დამავიწყდება ჩემი ეს შემოტრიალება და კანკალი,” - ყვება ფორმანი.

თუმცა, ფორმანი ამ სცენას მაინც ვერ დაინახავდა, ქალი და ბავშვი ღობის უკან ურნებს შორის ჩავარდნილიყვნენ. მეხანძრე კი ისევ ზემოთ იყო, ცალი ხელით ეკიდა სახანძრო კიბეზე. ქვემოთ, სხვა მაშველები დაცემულებს ეხვივნენ, გადარჩენას ცდილობდნენ. ქალი იმ ღამეს დაიღუპა, ამბობნდნენ, რომ მან შეაფერხა პატარას ვარდნა. ტაირი ჯონსი გადარჩა. ფორმანი იხსენებს, რომ წამოსვლამდე მეხანძრესთან მივიდა. “დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი რა მეთქვა. - მაინც, ყოჩაღ! - ვუთხარი მერე. ის კი მიყურებდა თითქოს გაბრაზებული, თან თავისთვის იმეორებდა: - ორი წამი, მხოლოდ ორი წამი და მე მათ გადავიყვანდი”.

სტენლი ფორმანის ფოტომ 1976 წელს პულიტცერის პრემია აიღო, მალევე გახდა მსოფლიო პრესის წლის ფოტოც. ბოსტონ ჰერალდში გამოქვეყნებულმა ვარდნის სცენამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ჯერ ბოსტონის, შემდეგ კი სხვა ქალაქების მმართველებმა, დაიწყეს საევაკუაციო ინფრასტრუქტურის შემოწმება და გამართვა. ფოტო მსოფლიოს მოედო, ფორმანი კი კრიტიკას ვერ აუდიოდა. ბევრმა მას სიკვდილის სცენის გადაღების გამო, ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაში დასდო ბრალი. ამბობდნენ, რომ ეს იყო დაიანა ბრანტის პირად სივრცეში უხეში შეჭრა და სტენლიმ მხოლოდ სენსაციისთვის გამოაქვეყნა სურათი. თუმცა, ფორმანის ფოტო იმაზე რეზონანსული აღმოჩნდა, ვიდრე მისი კრიტიკა. ხელი შეუწყო საევაკუაციო სისტემის გამოსწორებას და ვინ იცის, ამით იქნებ სხვების სიცოცხლეც იხსნა.




კატეგორია: ფოტოისტორია
ბევრის აზრით, ეს სრულყოფილი სურათია. იდეალური ექსპოზიციით და განლაგებით. იმდენად კარგია, 70 წლის შემდეგაც ვერ იჯერებს ზოგიერთი, რომ ბილ როზენტალის ფოტო დოკუმენტურია. არადა, უბრალოდ, სწორი წამია დაჭერილი, სწორი კუთხე და საერთოდაც, ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ სხვაგვარად არც უნდა იყოს. სწორედ ამის დაჯერება უჭირთ.

კუნძულ ივო ჯიმაზე ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა დროშა 1945 წლის თებერვალში აღმართეს. ჯო როეზენტალის მიერ გადაღებული სურათიც აშშ-ს ელვისებურად მოედო. ბრძოლით დაღლილი მოქალაქეებისთვის ეს იყო იმედი, ომის დასასრულის ნიშანი. ფოტო იბეჭდებოდა თითქმის ყველა გაზეთის პირველ გვერდზე, ჯარისკაცებს ერთიორად გაეზარდათ საბრძოლო შემართება, ბევრმა ადამიანმა ირწმუნა ისევ მომავალი. შეიძლება ითქვას, რომ ფოტომ თავისი წვლილიც შეიტანა მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი ომის დასრულებაში.

ჯო როზენტალმა, რომელიც AP-ის ფოტორეპორტიორი იყო, ამ სურათისთვის მალე პულიტცერის პრემიაც მიიღო. თუმცა, შემდეგ გაჩნდა ეჭვები მის ავთენტურობაზე, ჯოს გულწრფელობაზე. მოკლედ, ყველაფერი ისე კარგად არ წარიმართა, როგორიც საკულტო ფოტოს ავტორის ცხოვრება უნდა ყოფილიყო. იაპონურ კუნძულ ივო ჯიმაზე ჯო ერთადერთი ფოტოგრაფი არ ყოფილა, დროშის აღმართვის სცენაც მის გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანმა გადაიღო. სწორედ მათ, როზენეტალს ბრალი დასდეს, რომ დროშის აღმართვის სცენა ჯარისკაცების დახმარებით დადგა.

ჰალ ბუელი, რომელიც Associated Press-ის ფოტორედაქტორი იყო წლების განმავლობაში, ჯო როზენტალსაც კარგად იცნობდა. მას ფოტოს დოკუმენტურობაში ეჭვი არ ეპარება და იმასაც ყვება, რატომ დასდეს ბრალი ჯოს სიყალბეში.

ბუელის თქმით, როზენტალს თავიდან, მართლაც, დააგვიანდა. ის ივო ჯიმაზე იყო და როგორც კი გაიგო, რომ ჯარისკაცები დროშის აღმართვას ცდილობდნენ, სხვა რამდენიმე ფოტოგრაფთან ერთად გაეშურა იმ გორისაკენ. თუმცა, სერჟანტმა და ფოტოგრაფმა ლუის ლოურიმ მათ ასვლა დაასწრო. ლოური უკვე უკან ბრუნდებოდა, როცა ჯომ გორაკს მიაღწია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პირველი დროშა პატარა იყო და დაიწუნეს. როზენტალმაც დაინახა ჯარისკაცების ჯგუფი, რომელსაც უფრო დიდი დროშა მოჰქონდა. სწორედ მეორე დროშის აღმართვის სცენა მოხვდა მის ობიექტივში, ასეთი პოპულარობა კი სურათის უჩვეულოდ კარგმა კომპოზიციამ მოუტანა.

“წლების წინ, როცა ციფრული ტექნიკა არ არსებობდა, შენ უნდა შეგეგრძნო ის ერთი კადრი, რომლის საშუალებაც გქონდა, უნდა დალოდებოდი, მოგეძებნა, რაც გამოარჩევდა კიდეც პროფესიონალებს. ჯო ძალიან კარგი ფოტოგრაფი იყო.” - იხსენებს ჰალ ბუელი. ფოტოზე დროშის დახრილობა და ჯარისკაცების განლაგება ძალიან ლამაზ კვეთას ასრულებს. ამას ემატება მუქი ფონი და ქარი, რომელიც დროშას აფრიალებს. როგორც ბუელი ხსნის, როზენტალის ფოტოს, სწორედ, ამ დეტალების შერწყმა ხდის სრულყოფილს: “ჯარისკაცები ცალ-ცალკე დგანან, თუმცა მათი განლაგება ისეთია, თითქოს ერთი მთლიანობა იყვნენ, ზუსტად არის შერჩეული განათებაც, თუ დააკვირდებით, თითოეულ უნიფორმას აქვს თავისი ჩრდილები, თუმცა კი, ფოტო მუქი არ არის.”

ბუელის აზრით, ლოურის ეგონა, რომ მას ეკუთვნოდა ამ მომენტის საკულტო ფოტო, ის ხომ პირველი ავიდა სცენასთან, თუმცა როზენტალის კადრის ნახვის შემდეგ გაოცდა. მან როზენტალს ბრალი დასდო, რომ დროშის აღმართვის სცენა დადგა. ბევრმა ლურის არგუმენტები გაიზიარა და ჯო 60 წლის განმავლობაში ცდილობდა ამ კადრის ავთენტურობა დაემტკიცებინა. ბუელი იხსენებს, რომ ეს ჭორები, ბრალდებები ძალიან სტკენდა როზენტალს გულს. თუმცა, მას ლოურისთან ცუდი ურთიერთობა არ ჰქონია. ბუელის თქმით, ლოური თავიდან მართლაც ფიქრობდა, რომ როზენტალმა ეს ფოტო დადგა. თუმცა, შემდეგ დარწმუნდა მის ავთენტურობაში და ჯოს ბოდიშიც მოუხადა. ჭორები კი დარჩა, ზოგიერთს ახლაც არ სჯერა, რომ შეიძლება ასეთი ფოტო დოკუმენტური იყოს.

წყარო: CNN
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბზე, არჩევნებამდე 2 დღით ადრე, ჰაკერული თავდასხმა მოხდა. ინტერნეტში ანონიმურად 9GB მოცულობის იმეილები და ფინანსური მონაცემები გამოაქვეყნეს. ამბავი მედიასივრცეში სწრაფად გავრცელდა, თუმცა ცნობილმა გამოცემა Le Monde-მა ეს მასალები არ გამოაქვეყნა.

Le Monde-მა შემდეგ განმარტა, რომ გამოცემაში გადაწყვიტეს, მასალები გამოქვეყნებამდე აუცილებლად გადაემოწმებინათ. 9GB მოცულობის იმეილებისა და სხვა დოკუმენტების შემოწმება კი, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. გამოცემაში ამბობენ, რომ განსაკუთრებით საეჭვო იყო მასალების არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე გამოქვეყნება. ამ დროს პრეზიდენტობის კანდიდატებს ევალებათ “ჩუმად ყოფნა”, რაც ნიშნავს, რომ მაკრონს არც საარჩევნო კამპანიის წარმართვა შეეძლო და არც ინტერვიუს მიცემა მედიასაშუალებებისთვის. “ნათელი იყო, რომ ჰაკერული თავდასხმა საარჩევნო პროცესში უხეშ ჩარევას ისახავდა მიზნად” - განმარტავს Le Monde, რომელმაც აუცილებლად მიიჩნია, თუნდაც იმ დღის რეიტინგის დაკარგვის ხარჯზე, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გამოექვეყნებინა.

“ჩვენ უნდა გადავამოწმოთ თითოეული წერილი, დოკუმენტი, ამას ღრმა ანალიზი და შესაბამისად, დიდი დროც სჭირდება. შემდეგ კი, რა თქმა უნდა, თუ მასალები ახალი ამბისთვის ღირებული იქნება, ჩვენ მათ გამოვაქვეყნებთ.” - განმარტავენ Le Monde-ში.

წყარო: Imediaethics
კატეგორია: ფოტოისტორია
ომის ამსახველი ბევრი კადრი არსებობს. თუმცა, ადამიანებში განსაკუთრებულ ემოციებს მაინც ის იშვიათი ფოტოები იწვევენ, რომლებიც სიკვდილის წამს აღბეჭდავენ. 3 მაისს ამერიკულმა სამხედრო ჟურნალმა სიკვდილის ამსახველი ასეთი შთამბეჭდავი, თუმცა შემზარავი ფოტო გამოაქვეყნა. 22 წლის სამხედრო ფოტოგრაფმა, ჰილდა კლეიტონმა, ფოტოზე 5 ადამიანის, მათ შორის, საკუთარი სიკვდილის წამი გააჩერა.

სასიკვდილოდ განწირული ჯარისკაცი, ცეცხლის ალი და გასროლილი ქვების წვიმა - ჰილდა კლეიტონის უკანასკნელი ფოტო, დაღუპულთა ოჯახის წევრების ნებართვით, სამხედრო ჟურნალ Military Review-ში გამოქვეყნდა..

ჰილდა კლეიტონი ავღანელ კოლეგას სამხედრო მოქმედებების გაშუქებას ასწავლიდა. ისინი სამხედრო წვრთნას იღებდნენ, როცა მოულოდნელად ნაღმი აფეთქდა და სამ ავღანელ სამხედროსთან ერთად, მათი სიცოცხლეც იმსხვერპლა. ეს ამბავი 2013 წელს მოხდა, თუმცა ამერიკის სამხედრო ძალებს აქამდე ჰილდას ფოტო არ გაუსაჯაროვებია.

წყარო: CNN
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
“სხვები რომ დავარწმუნოთ, ჩვენი უნდა სჯეროდეთ. ჩვენი რომ სჯეროდეთ, უნდა გვენდობოდნენ. და თუ გვსურს, რომ გვენდონ, მაშინ სიმართლე უნდა ვთქვათ, ” - ედვარდ მაროუ.


25 აპრილს, ცნობილი ჟურნალისტისა და წამყვანის დაბადების დღეა. ედვარდ მაროუ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჟურნალისტია. თუმცა, თავად არც წარმოედგინა რეპორტიორი და წამყვანი თუ გახდებოდა. მან 1930 წელს ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების განხრით დაამთავრა. კარიერაც უფრო აკადემიური მიმართულებით დაიწყო. მოგვიანებით, 1935 წელს მომავალმა ჟურნალისტმა CBS-ში კომუნიკაციების დირექტორად დაიწყო მუშაობა.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ჩრდილოეთ კორეამ ამერიკის შეერთებული შტატები ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა, ქალაქები გაცამტვერებულია, იწვის ამერიკული დროშები. ეს ყველაფერი იმის გამოა, რომ აშშ-ს ამ ქვეყნის სამხედრო ძლიერება აშინებს - ასეთ ამბებს გადმოსცემენ დღეს ჩრდილოეთ კორეის ახალ ამბებში. რა თქმა უნდა, სიუჟეტები უბრალოდ ვიდეომონტაჟია, თუმცა კორეის მოსახლეობის დიდ ნაწილს მაინც სჯერა, რომ მათმა ძლევამოსილმა სახელმწიფომ აშშ დაბომბა.

ჩრდილოეთ კორეაში, საინფორმაციო საშუალებებს თუ დავუჯერებთ, ყველა ბედნიერია. არ არსებობს სიღარიბე და პროტესტი, იმართება მასშტაბური საერო დღესასწაულები. ქვეყნის სანიმუშო მმართველმა, გარდა ხალხზე ზრუნვისა, სამი წლის ასაკში დაიწყო მანქანის ტარება და ჰამბურგერი გამოიგონა. ამ ზღაპრულ ისტორიებს მილიონობით ადამიანი არა რომელიმე ფანტასტიკური ჟანრის ფილმში, არამედ ჩრდილოეთ კორეის ახალ ამბებში ეცნობა და იჯერებს. დღეს ობიექტური, სწორი ინფორმაციის მიღება თითქოს რთული არ უნდა იყოს, თუმცა, ჩრდილოეთ კორეაში მედიისა და ინტერნეტის ტოტალურმა კონტროლმა ვირტუალური, ცოტათი ფანტასმაგორიული, რეალობაც კი შექმნა.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მოსახლეობისთვის მათთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდებისთვის ორ ბერკეტს ხმარობს: ცენზურასა და პროპაგანდას. ქვეყანაში მედია მკაცრად რეგულირდება. აქ მხოლოდ 12 გაზეთი გამოიცემა და თითოეული ნომრის შინაარსიც მკაცრ კონტროლს გადის. უფრო საინტერესო და ოდიოზურია ტელევიზია. ჩრდილოეთ კორეაში სულ რაღაც 5 არხი მაუწყებლობს, რომელთა შორის არის სპორტული და საგანმანათლებლო არხებიც. ახალი ამბებს კი მოსახლეობა, ძირითადად, ცენტრალური ტელევიზიით იგებს. მერე რა, თუ კორეული არ გესმით, რი ჩუნ ჰის ერთი წუთი მოსმენა ისედაც კმარა, რომ კორეის მედიაზე წარმოდგენა შეგექმნათ. რი ჩუნ ჰი ცენტრალურ მაუწყებელზე ახალი ამბების წამყვანი 41 წელიწადს იყო. მისი საუბრის მანერა, ემოციები და ხმის ტემბრი, იტალიელ სპორტულ კომენტატორებზე უფრო სახალისოა, თუმცა რი ჩუნ ჰის ფეხბურთისგან განსხვავებით, ახალი ამბები მიჰყავდა.



ინტერნეტის ეპოქაში ინფორმაციის კონტროლი რთულია. თუმცა ჩრდილოეთ კორეაში ინტერნეტზე წვდომა მხოლოდ ერთეულებს აქვთ. ქვეყანას ტექნოლოგიებზე უარი არ უთქვამს, თუმცა, ინტერნეტის ნაცვლად ხალხი ინტრანეტს იყენებს, რომელიც გარესამყაროსგან მოწყვეტილია. რადიომიმღებები კი, რომლებიც პოლიციის მეთვალყურეობით ყენდება, მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის რადიოტალღებზეა მომართული. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, რადიომ ყველაზე მეტად დააღწია ცენზურას თავი. ზოგიერთი ადამიანი, ვისაც საშუალება აქვს, ჩინურ რადიომიმღებს იყენებს, ის კი კორეულთან ერთად, ჩინურ ტალღებსაც იჭერს.

ჩრდილოეთ კორეაში უცხოური ინოფრმაცია და კულტურა ყველაზე მეტად მაინც კინოინდუსტრიას შეაქვს. ხელისუფლების ბევრი მცდელობის მიუხედავად, სულ უფრო მეტად ვრცელდება სამხრეთ კორეული სერიალები და ჰოლივუდური ფილმები. გაბედულ ადამიანებსაც სხვა ქვეყნებზე ინფორმაცია, ძირითადად, ამის საშუალებით აქვთ. როგორც ამბობენ, ინტერნეტთან წვდომის ნაკლებობის გამო ფილმებს მოსახლეობა მეხსიერების ბარათებზე ჩაწერილს ყიდულობს, ჩრდილოეთ კორეა “ფრიდომ ჰაუსის” შეფასებით, ინფორმაციის თავისუფლების კუთხით 176 ქვეყანას შორის 175-ე ადგილზეა და მხოლოდ ერიტრეას უსწრებს.

პროპაგანდას ცენზურასთან შედარებით უფრო რბილი ძალა აქვს. მხოლოდ მედიასაშუალებების სიმცირითა და კონტროლით მოსახლეობის მართვა ძნელია. მაგალითად, ყველაზე ბედნიერ ქვეყნად რომ ჩაითვალო, ამისთვის ფეხბურთში ბრაზილიაც უნდა დაამარცხო. ჩრდილოეთ კორეა ბრაზილიის ნაკრებს მართლაც შეხვდა და 2-1 წააგო. თუმცა, ამ ქვეყნის მოსახლეობას დღეს მაინც სჯერა, რომ მათმა ნაკრებმა მარაკანას სტადიონზე გაიმარჯვა. ეს კი იმიტომ, რომ ტრანსლაციისას ტელევიზიაში ბრაზილიის გოლები ამოჭრეს.

ჩრდილოეთ კორეის მედია, სპორტული მიღწევების მსგავსად, თითქმის ყველაფერში ქმნის მითებს. სენსაციური ამბების დაჯერება კი, ბუნებრივია, ხალხს ძალიან მოსწონს. ამგვარად აღმოაჩინეს კორეაში მარტორქა ცხენის ნამარხი, დასვეს ასტრონავტები მზეზე. ძველმა ლიდერმა კი გოლფის პირველივე თამაშისას მსოფლიო რეკორდი 25-ჯერ გააუმჯობესა. ჩრდილოეთ კორეის მედიამ ერთ რამეში თავმდაბლობა მაინც გამოიჩინა. მათი ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ჩინეთია, 100-დან 100 ქულით, მათი ბედნიერების ინდექსი კი მხოლოდ 98-ია. ბევრი ადამიანისთვის მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ჩრდილოეთ კორეის ასეთი მდგომარეობა ღიმილის მომგვრელია. თუმცა, ფაქტია, რომ დღესაც მსოფლიოს ერთ ნაწილში საზოგადოება ობიექტური ინფორმაციის ნაცვლად, მხოლოდ პროპაგანდას იღებს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ შეიქმნა, როცა ერთიანი კორეა საბჭოთა კავშირმა და აშშ-მ 37-ე პარალელზე გაყვეს. ორი ურთიერდაპირისპირებული იდეოლოგიისა და ცივი ომის გამო კი ამ სახელმწიფოებს შორის მალე ინტენსიური კონკურენცია დაიწყო. თავდაპირველად ჩრდილოეთ კორეას კოლოსალური თანხებით აფინანსებდნენ მეზობელი სსრკ და კომუნისტური ჩინეთი, სამხრეთ ნაწილს კი კაპიტალისტური დასავლეთი მხოლოდ ეკონომიკის აწყობაში ეხმარებოდა. 60-იანი წლებში შესამჩნევი გახდა, რომ სამხრეთ კორეის ეკონომიკა სულ უფრო მზარდი და თვითმყოფადი ხდებოდა, ჩრდილოეთ კორეის დაფინანსებას კი სხვა ქვეყნები უსასრულოდ არ გააგრძელებდნენ. სწორედ აქედან იწყება გარესამყაროსგან ამ სახელმწიფოს თვითიზოლაცია. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოსახლეობა დაერწმუნებინა, რომ ის სხვა კაპიტალისტურ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი მტრად მიჩნეულ სამხრეთ კორეასთან შედარებით, გაცილებით განვითარებული იყო. ამისთვის საჭირო ინფორმაციის ტოტალური კონტროლი და ჯორჯ ორუელის “1984-ისეული" სახელმწიფოს რეალობად ქცევა იყო.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
10 აპრილს, ნიუ იორკში, დასახელდნენ ის ჟურნალსიტები და მედიასაშუალებები, რომლებმაც პრესტიჟული ჯილდო ჟურნალისტიკაში - პულიტცერის პრემია მიიღეს. პრიზი ჟურნალისტიკის 14 ჟანრში გაიცა, გამარჯვებულებს შორის იყვნენ The Wall Street Journal, The New York Times, The Washington Post და სხვა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი მედიასაშუალებები და ჟურნალისტები. პულიტცერის პრემიის 2017 გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

საზოგადოებრივი სამსახური (Public Service) - New York Daily News and ProPublica

გამოცემა დაჯილდოვდა ნიუ იორკში გახმაურებული გამოსახლებების აქტიური გაშუქებისთვის. მკაცრი რეგულაციების გამო, პოლიციამ ძალით გამოასახლა ასობით ღარიბი ადამიანი, რომელთა შორის უმეტესობა უმცირესობების წარმომადგენელი იყო.

Breaking News Reporting - East Bay Times-ის რედაქცია, ოკლენდი, კალიფორნია

გუნდმა პრემია “გემი-მოჩვენების” ხანძრის ოპერატიული გაშუქებისთვის მიიღო. ოკლენდში, საწყობში გაჩენილმა ხანძარმა 36 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. East Bay Times-ის რედაქციამ ხანძარი ოპერატიულად და სიღრმისეულად გააშუქა, მოგვიანებით კი მისი თავიდან აცილების გზებიც გააცნო საზოგადოებას, რისი საშუალებითაც მუნიციპალიტეტს ტრაგედიის პრევენცია შეეძლო.

საგამოძიებო რეპორტინგი - ერიკ ეირი Charleston Gazette-Mail-დან, ჩარლსტონი, დასავლეთ ვირჯინია

ერიკ ეირმა პრემია შტატში ნარკოტიკული საშუალებების, ოპიოიდების ბუმის გაშუქებისთვის მიიღო. დასავლეთ ვირჯინია ზედოზირებით სიკვდილით აშშ-ში პირველ ადგილზეა. ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ეირმა ეს თემა მაინც გამოიკვლია.

კომპლექსური ჟურნალისტიკა (Explanatory Reporting) გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმი, პანამის დოკუმენტები

300-ზე მეტმა რეპორტიორმა ექვსი კონტინენტიდან გამოაქვეყნა “პანამის დოკუმენტები” . გახმაურებული ამბავი შეეხებოდა მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, სპორტსმენების და სხვა პირების მიერ ოფშორული ზონების დახმარებით გადასახადების თავიდან აცილებას.

ადგილობრივი რეპორტინგი (Local Reporting) - The Salt Lake Tribune-ის რედაქცია

გუნდმა პრემია მიიღო მასალების სერიისთვის, რომელიც იუტაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ - ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტს შეეხებოდა. რედაქციამ გამოავლინა, რომ დაწესებულებაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს არასათანადო, დამახინჯებული მეთოდებით მკურნალობდნენ.

ნაციონალური რეპორტინგი (National Reporting) - David A. Fahrenthold of The Washington Post

ჟურნალისტმა აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის ობიექტურად და გამჭვირვალედ გაშუქების მოდელი შექმნა. ფეჰრენსოლდმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა დონალდ ტრამპის მტკიცებები, ქველმოქმედების შესახებ.

საერთაშორისო რეპორტინგი - The New York Times-ის რედაქცია

ცნობილმა გაზეთმა პრემია სტატიების სერიისთვის მიიღო, რომელიც შეეხებოდა ვლადიმერ პუტინის მცდელობებს, გაავრცელოს საკუთრი გავლენა საზღვარგარეთ. ეს იყო მასალები რუსეთის მხრიდან ონლაინ ძალადობის, მკვლელობების, ოპონენტებისთვის ბრალდებების წაყენების შესახებ.

ფიჩერსი - C. J. Chivers, The New York Times

ნომინაციაში გაიმარჯვა ომგამოვლილი საზღვაო ქვეითის ისტორიამ, ამბავმა კრიმინალსა თუ პოსტტრავმული აშლილობის მსხვერპლზე.

კომენტარი, საავტორო სვეტი - Peggy Noonan,The Wall Street Journal

პეგი ნუნანმა ჯილდო აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაზე სვეტისთვის მიიღო. ჟურნალისტმა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაძაბული პოლიტიკური კამპანიის დროს საავტორო სვეტების სერია დაწერა.

კრიტიკა - Hilton Als , The New Yorker

ორიგინალური და თამამი კრიტიკისთვის, განსაკუთრებით, აქტუალური პრობლემების, მათ შორის, სექსუალობის, გენდერის და რასობრივ თემაზე ყურადღების გამახვილებისთვის, ჰილტონ ელსმა პულიტცერის პრემია მოიგო.

ედიტორიალი -Art Cullen , The Storm Lake Times

ნომინაციაში გაიმარჯვა სარედაქციო წერილებმა, რომელიც ეხება კორპორაციების ინტერესებს აგრარულ სფეროში.

კარიკატურა - ჯიმ მორინ, Miami Herald

ჯიმ მორინმა ჯილდო, სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე კარიკატურების შესრულებისთვის მიიღო.

ახალი ამბების ფოტო - Daniel Berehulak

დანიელ ბერეჰულაკმა პულიცერის პრემია ფილიპინებში მთავრობის მიერ ნარკოტიკებთან გამოცხადებული დაუნდობელი ბრძოლის გაშუქებისთვის მიიღო. ფოტოები ნარკოტიკების მომხმარებლებთან და დილერებთან სასტიკ დაპირისპირებას ასახავს.

ფოტო ისტორია - E. Jason Wambsgans, Chicago Tribune


შესანიშნავი ისტორია 10 წლის მოზარდისა და დედამისის შესახებ, რომელიც ცდილობს, დაეხმაროს საკუთარ შვილს, გაუმკლავდეს სტრესს ჩიკაგოში მომხდარი სროლის გადარჩენის შემდეგ რომ მიიღო.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
წელს პულიტცერის პრემიით, ახალი ამბების ფოტოების ნომინაციაში, "The New York Times" და ფოტოჟურნალისტი, დანიელ ბერეჰულაკი დაჯილდოვდნენ. ფოტოების სერია ფილიპინებში მთავრობის მიერ ნარკოტიკებთან გამოცხადებულ დაუნდობელ ბრძოლას, ნარკოტიკების მომხმარებლებთან და დილერებთან სასტიკ დაპირისპირებას ასახავს.


ფოტოზე გამოსახულია 37 წლის რომეო ჯოელ ტორეს ფონტალინას ცხედარი, რომელიც 11 ოქტომბერს ორმა შეიარაღებულმა პირმა მოკლა. ის ერთ-ერთია იმ 3500 ადამიანს შორის, რომელთა მკვლელობაც ჯერ კიდევ გამოუძიებელია. მკვლელობების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც ფილიპინების პრეზიდენტად როდრიგო დუტერტე აირჩიეს და ნარკომომხმარებლებსა და დილერებთან ბრუტალური ბრძოლა დაიწყო. პოლიციის სპეცოპერაციებს მხოლოდ ივლისიდან ნოემბრამდე 2 000 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა. კიდევ უფრო მეტი ლინჩის წესით გაასამართლეს. ფონტანილა, რომელსაც ტიგასის სახელით იცნობდნენ, ერთ-ერთია იმ დაღუპულებს შორის, რომელთა სიკვდილის სცენაც მანილაში დენიელ ბერეჰულაკმა გადაიღო.


ბერეჰულაკი სისხლიან სცენებს ყოველ ნაბიჯზე ხვდებოდა - ტროტუარზე, ტრამვაის ლიანდაგზე, სკოლისა თუ მაკდონალდსის წინ, საძინებელში და დივანზე. ასე იპოვა 29 წლის მაიკლ არაჯა “სარი-სარის”, პატარა ფილიპინური ჯიხურის წინ. არაჯა, როგორც მეზობლებმა თქვეს, სიგარეტის საყიდლად წასულა. არაჯაც ტრადიციულმა ტანდემმა, ორმა პოლიციელმა მოკლა მოტოციკლიდან.


ყოველ საღამოს, 9 საათზე, ბერეჰულაკი ადგილობრივ ჟურნალისტებთან ერთად, ახალ ცნობებს ელოდა პოლიციის შენობასთან - ვინ მოკლეს ბოლოს. შემდეგ კი იყო მარათონი სიკვდილის სცენისკენ. ასე გადაიღო სამ ოქტომბერსაც მორიგი მსხვერპლი. 48 წლის ფრედერიკ მაფე და 23 წლის არჯაი ლუმბაგო თავადაც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ, როდესაც ტრადიციულმა ტანდემმა მეორე მოტოციკლიდან ცეცხლი გაუხსნა.


სანამ სიკვდილის სცენას ნახავ, ჯერ ხმა გესმის. ახლადდაქვრივებულის სასოწარკვეთილი მოთქმა, პოლიციის სირენების გამაყრუებელი ხმაური, წვიმის წვეთების გამყინავი წკრიალი... და ცხედარი...

6 წლის ჯიმჯი კივის “პაპა!” - ხმა, რომელიც იმ ტანჯვას ასახავს, პატარა გოგონა რომ განიცდის, სანამ მამას დაკრძალავენ.

პატიმრები უყურებენ ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილს, რომელიც პოლიციას გადაჰყავს. ხელისუფლების ცნობით, ივლისიდან ნოემბრამდე, 35 600 ადამიანზე მეტი დააკავეს

ხელისუფლების ცნობით, პოლიციამ კარდაკარ მოიარა 3 მილიონზე მეტი ადამიანის სახლი და 730 ათასამდე ნარკომომხმარებელი და 56 ათასამდე დილერი დააპატიმრა. ისინი საერთო საკნებში იხდიან სასჯელს.

ეს ადამიანები პოლიციამ დააკავა. სამართალდამცავები ზოგჯერ მოკრძალებულად აკაკუნებენ რომელიმე სახლის კარზე, დიასახლისს ხელში დაკავების ორდერს აჩეჩებენ, ოჯახის წევრებს კი აპატიმრებენ. ღარიბ უბნებში დაპატიმრების მეთოდები უფრო სასტიკია.

მკვლელობები მანილას ქუჩებში ჩვეულებრივ ამბად იქცა. მაღაზიის თანამშრომლები უყურებენ, როგორ მიასვენებენ ედუინ მენდოზას ცხედარს ქუჩაში.

პოლიციის ცნობით, ფლორჰონ კრუზმა სამართალდამცავებს სახლში შესვლისას ცეცხლი გაუხსნა. თუმცა, მისი ოჯახის წევრების თქმით, კრუზი დედისთვის რადიოს არემონტებდა, როცა შეიარაღებული პირები შემოცვივდნენ და მოკლეს.

გარდაცვლილი ჟუსელიტო რუფინოა, 52 წლის. მეზობლების თქმით, ის თავის 13 წლის ძმიშვილთან ერთად ვიდეოთამაშებით ერთობოდა, როცა უბანში 15 ნიღბიანი კაცი მოვარდა. ჟუსელიტომ მეზობლებს უთხრა, რომ სახლებში შესულიყვნენ და შუქი ჩაექროთ. უცებ ყვირილი მოისმა, “ნანლაბან!” - “ისინი თავს გესხმიან”. სანამ მამაკაცი მიხვდებოდა, რა ხდებოდა, უკვე სასიკვდილოდ იყო დაჭრილი.

36 წლის დანიელო დეფარინეს ცხედარი ხიდის ქვეშ იპოვეს. დაახლოებით ერთ კვირაში მისმა 23 წლის ძმამაც იგივე ბედი გაიზიარა, ისიც მოკლეს. დედას 3 კვირა დასჭირდა იმისთვის, რომ მოეგროვებინა შვილების დასაფლავების თანხა.


სასაფლაოები ამდენი მკვლელობებით, გახდა საზარელი მოჩვენებების თავშეყრის ადგილი. მანილას ჩრდილოეთ სასაფლაოსთან, კაცი რომელიც თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს კარავში, თავის ორი წლის შვილს აჭმევს.

ქუჩებში პოულობენ გარდაცვლილ ადამიანებს, რომლებსაც ხელ-ფეხი შეკრული აქვთ. ზოგჯერ, ცხედრებთან ტოვებენ შეტყობინებებსაც სხვა ნარკომომხმარებლებისა და დილერებისთვის, უწერენ, რომ მათაც იგივე მოელით. ამ ცხედართან შემდეგი შეტყობინება დატოვეს: “დილერი, რომელიც არ შეჩერდება, სიცოცხლეს ასე დაასრულებს”.


ნეილი დიაზი მეუღლის ცხედარს დასტირის. 9 შვილის მამა, შვილების თანდასწრებით, თავისივე სახლის კართან მოკლეს.


პოლიციამ გამოაქვეყნა რეპორტი, რომლის მიხედვითაც, რონალდ კალაუმ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება სცადა მისი დაკავების სპეცოპერაციისას.


17 წლის ერიკა ფერნანდესი ერთ-ერთია იმ 57 მსხვერპლი ქალიდან, რომლებიც ფოტოგრაფმა გადაიღო. ის 21 წლის მეგობარ მამაკაცთან ერთად მოკლეს.


მკვლელობის ადგილას ნათესავები ფრედერიკ მაფესა და არჯაი ლუმბაგოს გლოვობენ.

წყარო: http://www.pulitzer.org/winners/daniel-berehulak-freelance-photographer
კატეგორია: რესურსები
9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. 1989 წელს, რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა, რუსთველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე აქცია მომწამვლელი გაზით, ჯავშანტექნიკით, სასანგრე და ცეცხლსასროლი იარაღით დაშალეს. დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით მოქალაქე კი დაშავდა.

იური მეჩითოვის მიერ 1989 წლის აპრილში გადაღებული შავ-თეთრი ფოტოები კარგად ასახავს იმ დროინდელი მოვლენების ხასიათს, ხალხს, ემოციებს და ზოგადად, ისტორიას.

თბილისში გამოსვლები აპრილში დაიწყო. მალე ქალაქში რუსული ჯარის ნაწილები გამოჩნდა და დარბევის მოლოდინიც გაჩნდა. თუმცა, როგორც იური მეჩითოვი იხსენებს, ასე სასტიკად მოპყრობას არავინ ელოდა. “პირველივე გამოსვლიდან დავდიოდი მიტინგებზე, ვიღებდი. აღელვებულები ვიყავით ყველა, თუმცა, აქციებმა რუტინული სახეც კი მიიღო. ხომ იცით, ჩვენ თეატრალური ერიც ვართ... მანდ უამრავი ხალხი შეიკრიბა, ზოგი გულშემატკივრობდა, ზოგი აქციის სანახავად დადიოდა, სხვები მეგობრების. ვიღაც განიცდიდა, ზოგი ასე იყო, ზოგიც - ისე. იმ საღამოსაც რაღაც სურათები გადავიღე. მერე წავედი, ახლოს ვცხოვრობდი. მალევე გავიგე რაც მოხდა და გავვარდი იმ მხარეს, თუმცა მოედანი უკვე დაკეტილი იყო, იქ ჯარისკაცები იყვნენ და არავის უშვებდნენ. ძალიან აღელვებული იყო ხალხი, დარბოდნენ აქეთ-იქით. მაშინ ხომ არაფერი ვიცოდით, მსხვერპლის თუ დაშავებულების შესახებ. არადა, ვხვდებოდით, რაღაც საშინელება რომ მოხდა”- იხსენებს ფოტოგრაფი მედიაჩეკერთან საუბარში.

იური მეჩითოვის ცნობილი კადრია ახალგაზრდა ქალი დროშით - ფოტო, რომელიც 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა. მეჩითოვი ყვება, რომ სურათი ტრაგედიის მეორე დღეს, ვაკის პარკთან გადაიღო. “აღელვებული, მეგობართან სამსახურში ვიჯექი. ამასობაში, პირველმა შოკმა რომ გადაირა, ხალხმა გამოსვლა დაიწყო . უამრავი ადამიანი გამოვიდა. მოძრაობდნენ მანქანებით, მგლოვიარე სახეებით, შავი დროშებით. ვთქვით, მოდი გავიდეთ ჩვენც, შევუერთდეთ ხალხს. დავიძარით მელიქიშვილის ქუჩით და ვაკის პარკთან გავჩერდით. მაშინ, რუსთაველი ჯერ კიდევ რუსულ დანაყოფებს ჰქონდათ გადაკეტილი. ჰოდა, აი, პარკთან შევნიშნე ეს ლამაზი გოგონა, მოძრავ ავტომობილში, დროშით ხელში. სანამ მომიახლოვდებოდა, ჩემი მეგობრის ჟიგულზე ავძვერი, და კადრიც გადავიღე. რაღაცნაირად მოვარტყი ეტყობა. თავიდან ვერც გავაცნობიერე, რომ 9 აპრილის ერთგვარი სახე-ხატი შევქმენი,” - იხსენებს ფოტოგრაფი.

9 აპრილი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული, ემოციებით დატვირთული მოვლენაა. თუმცა, იური მეჩითოვის თქმით, მის მუშაობაზე მღელვარებას დიდი გავლენა არ ჰქონია: “როცა ათი წლიდან იღებ, ეჩვევი ბევრ რამეს, ყველაფერი თითქოს ინსტინქტების დონეზე დადის. ხელი და თვალი, თითქოს თავისით მუშაობენ. სულ დგას ეს დილემა, როგორ უნდა მოიქცე ექსტრემალურ სიტუაციებში, დაეხმარო სხვებს თუ დარჩე ფოტოგრაფად. როცა ხშირად იღებ და ეს საქმე გიყვარს, მაშინ ყველაფერი ინსტინქტამდე დადის, ასეთ სიტუაციებში მუშაობაც არ გირთულდება. თუმცა, ადამიანი, რა თქმა უნდა, ყოველთვის რჩება ადამიანად და ამ დილემაზე საუბარიც გამუდმებით იქნება”.

იური მეჩითოვი წუხს, რომ მაშინდელი სურათების დიდი ნაწილი ისე დაიკარგა, რომ გამჟღავნებაც ვერ მოასწრო. ისტორიას მხოლოდ რამდენიმე ფოტო შემორჩა - გაშავთეთრებული აპრილის შავ-თეთრი ფოტოები.


კატეგორია: საერთაშორისო ამბები
სამხრეთ სუდანში პატარა რადიომიმღები, ხშირად, სამყაროსთან კავშირის ერთადერთი წყაროა. მილიონობით ღარიბი და იძულებით გადაადგილებული პირი ახალი ამბების მოსასმენად საღამოებს, სწორედ, რადიოსთან ატარებს. ქვეყანას ჩრდილოეთ ნაწილისგან დამოუკიდებლობის მოპოვება ძვირი დაუჯდა. ბოლო წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებების შემდეგ, მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია მხოლოდ იშვიათად, ტელევიზორი კი საერთოდ არ აქვს. ამიტომ რადიომ ხალხისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

თუმცა, არც ამ მედიასაშუალებით ყოფილა ინფორმაციის მიღება იოლი. უშუქობა ხომ არა მარტო მომხმარებლებზე მოქმედებს, რადიოსადგურების მუშაობასაც აფერხებს. არადა, ახალი ამბების მოსმენას მსმენელი ყოველდღიურად განსაკუთრებით ელის. ამიტომ, ისა კასიმუმ, ელექტროინჟინერმა, პრობლემის გადაწყვეტის ახალი გზა მოძებნა - რადიოსადგური მზის ენერგიაზე. ცოტა უცნაურად ჟღერს, ეგოზტიკურადაც კი, თუმცა კასიმუმ ინფორმაცია ხალხს სწორედ მზის სხივებით მოუტანა.

სუდანის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში დაარსებული Mayardit FM მზის 84 პანელსა და 48 ბატარეაზე მუშაობს, მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება რომ 24 საათის განმავლობაში შეძლოს. რა თქმა უნდა, ეს იაფი და მარტივი არ ყოფილა, ინჟინრის თქმით, მზის ენერგიაზე რადიოს ამუშავება 172 000 დოლარი დაჯდა. თუმცა, იმ რეგიონებში, რომელიც დედაქალაქიდან შორს არის, ელექტროენერგიის მაგივრად, რადიოსადგურები საწვავის გენერატორებს იყენებენ. ისინი კი არც დაბალბიუჯეტურია და არც სტაბილური.

კასიმუს იდეამ სამხრეთ სუდანის დედაქალაქიდან მოშორებულ რეგიონებს სწორედ ეს შესაძლებლობა მისცა - მუდმივი რადიოსიგნალი გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. “ელექტროენერგიის არ არსებობის გამო, ერთი რადიოსადგურისთვის გენერატორის უზრუნველყოფას, ყოველწლიურად 22 000 დოლარი სჭირდებოდა. მით უმეტეს, საწვავი დედაქალაქიდან შორს ორმაგი და ხან სამმაგიც კი ღირს” - ყვება ინჟინერი, რომელიც საკუთარი პროფესიით არა მარტო მის რადიოს, სხვა სადგურების ფუნქციონირებასაც ეხმარება.

სამხრეთ სუდანის ელექტროენერგიის სისტემაში მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტია ჩართული. კასიმუ კი იმ მცირერიცხოვან ინჟინერთა შორისაა, რომლებმაც გენერატორების შეკეთება იციან. ამის გამო, ხშირად ხუთი-ექვსი დღითაც უწევს წასვლა, რომ შორეულ სადგურებამდე ჩავიდეს. ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ადგილობრივი აუდიტორია ახალი ამბების გარეშე რჩება. არადა, კასიმუს აზრით, ქვეყნისთვის ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაციის, პრობლემების, აზრების გაზიარება. სწორედ ამან დააფიქრა რადიოს ამუშავების ახალ გზებზე.

თუმცა, ელექტროენერგია სამხრეთ სუდანში მედიისთვის ერთადერთი პრობლემა არ არის, “ხალხის ნაწილს ერთმანეთის ენის გაგება უჭირს, დაბალია წიგნიერების დონეც. ზრდასრული მოსახლეობის 30%-მა წერა-კითხვა არ იცის. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი დაშორებულ რეგიონებში ცალკე რადიოსადგურების გახსნაა. ” - ყვება სტივენ ლემი “რადიო საზოგადოების” უფროსი ინჟინერი.

6 ადგილობრივი სადგურის “რადიო საზოგადოება”, რომლის ერთ-ერთი წევრი კასიმუც არის, Internews-ის პროექტია USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. გაერთიანებული ჟურნალისტების მიზანი ქვეყანაში საინფორმაციო ვაკუუმის აღმოფხვრაა. თუმცა კი, ეს მათგან დიდ შრომასთან ერთად, რისკზე წასვლასაც მოითხოვს. სამხრეთ სუდანში 3 წელია სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. 2016 წელს დაპირისპირებას შეეწირა ერთ-ერთი სადგურის მენეჯერი, 2015 წელს კი აქ 7 ჟურნალისტი მოკლეს.

კასიმუს მიერ მზის ენერგიაზე რადიოს ამუშავება სამხრეთ სუდანისთვის უბრალო ინოვაცია არ ყოფილა. ომითა და სიღარიბით გადაღლილი საზოგადოება პატარა მიმღებს ხშირად ყურს იმედის მომტანი ამბის გასაგონად უგდებს. რადიოში საქმდებიან ადგილობრივებიც, სწავლობენ ახალ უნარ-ჩვევებს. კასიმუსთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა: “როცა ფიქრობ, რომ ხალხისთვის მნიშვნელოვანი ხდები, ცდილობ იმუშავო კიდევ უფრო მეტი, რომ რადიო შეუფერხებლად მაუწყებლობდეს. ხანდახან, თითქოს არაფერი, მიკროფონში ქოლერასთან გამკლავების გზებს ყვები. საბოლოოდ კი, შენი ხმა ეხმარება ხალხს, გადარჩეს.”

წყარო: mashable
კატეგორია: ფოტოისტორია
დამტვრეული საწოლი, ბათქაშის ნატეხები, მოშლილი დარაბები ფანჯრებზე. ნახევრად დანგრეული ოთახის ცენტრში წვეროსანი მოხუცი ჩიბუხს ეწევა და მუსიკას უსმენს. ყველაფერი ისეა დალაგებული, თითქოს მხატვრული ფილმის სცენაა. არადა, ეს მოქმედება ალეპოში რეალურად ხდება, ფოტო დოკუმენტურია. ფრანს-პრესის სააგენტოს სურათი რეზონანსული აღმოჩნდა. ჩიბუხიანმა მოხუცმა, კიდევ ერთხელ გაახსენა მსოფლიოს სირიის 6 წლიანი დამანგრეველი სამოქალაქო ომი. მისი ისტორიითაც ბევრი დაინტერესდა.

მოჰამედ მოჰიედინ ასინი, იგივე აბუ ომარი ძველი მანქანების კოლექციონერი იყო. თუმცა, ომის გამო 30-მდე ანტიკვარული ავტომობილიდან უმეტესობა დაკარგა - დაცხრილეს, დაწვეს ან მოიპარეს. მოხუცი ალეპოს იმ ნაწილში ცხოვრობდა, რომელსაც რამდენიმე წელი მეამბოხეები აკონტროლებდნენ. შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერით, სირიის სამთავრობო ძალებმა მთელ ქალაქზე მოიპოვეს ძალაუფლება. რამდენიმეკვირიან სისხლიან ბრძოლებს ომარი გადაურჩა, თუმცა არეულობას შეეწირა მისი სახლი, კოლექცია და ცხოვრების გატაცება.

ფრანს-პრესის ბეირუთის ბიუროს ხელმძღვანელი სემი კეთზი და ფოტოგრაფი ჯოზეფ ეიდი მოხუცს მარტის დასაწყისში ესტუმრნენ. ომარის ისტორია კეთზისთვის უკვე ცნობილი იყო, ფრანს-პრესის ჟურნალისტმა კარამ ალ-მასრიმ მასზე ერთი წლის წინ სიუჟეტი გააკეთა. ალეპოში ჩასული რეპორტიორები, რომლებსაც ნაომარი ქალაქის გაშუქება სურდათ, მოხუცი კოლექციონერის ბედმა დააინტერესა და მისი მოძებნა გადაწყვიტეს. როგორც აღმოჩნდა, ალ-შაარის უბანში ყველამ იცოდა ომარის სახლი.

“რკინის მწვანე ჭიშკართან მივედით და დავაკაკუნეთ. კარის გაღებისთანავე დამეუფლა შეგრძნება, პასუხისმგებლობა, რომ მისი ცხოვრების შესახებ უფრო მეტი გამეგო.” - ყვება კეთზი ჟურნალ Time-თან ინტერვიუში. ომარმა სტუმრები დანგრეულ სახლში შეიპატიჟა, თავად ვინილის ძველი დისკი გადმოიღო, ყუმბარებისგან დამსხვრეულ საწოლზე ჩამოჯდა, მუსიკა ჩართო და ჩიბუხი გააბოლა.

ეს არის სცენა ფოტოზე. ჟურნალისტების ლოდინი ინტერვიუმდე, სანამ ომარი შეასრულებს თავის რიტუალს, მოუსმენს საყვარელ მუსიკას, ძველ არაბულ ჰანგებს და გააბოლებს ჩიბუხს. სანამ ჩაწერენ ინტერვიუს არეულ ოთახში, დანგრეულ სახლსა და განადგურების პირას მისულ ქალაქში.

ომარისთვის მისი კოლექცია ყველაფერი იყო. სემი კეთზის თქმით “ის განსაკუთრებით იყო მიჯაჭვული საკუთარ წარსულზე. ამ ყველაფრის გარეშე კი ომარმა საკუთარ თავი თითქოს დაკარგა. სწორედ ამიტომ, ახლა ცდილობს აღადგინოს სახლი, კოლექცია და დააბრუნოს ცხოვრება უკან.”

კეთზის თქმით, ეს სცენა მას არასდროს დაავიწყდება. მოხუცის სახე ერთი მხრივ მწუხარებას და მეორე მხრივ იმ პრობლემებთან ბრძოლას ასახავს, რომელიც მას თავს დაატყდა. “ვიცი, ყოველთვის, როცა ცხოვრებაში ახალი პრობლემა შემხვდება, როცა დანებებას გადავწყვეტ, გამახსენდება აბუ ომარი. მოხუცი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და მაინც ზის თავის დანგრეულ ოთახში, ეწევა ჩიბუხს და უსმენს საყვარელ მუსიკას.” - დასძენს კეთზი Time-თან ინტერვიუში.

მტვრით დაფარული და სისხლიანი ბავშვების ფოტოები სირიიდან მსოფლიოს რამდენჯერმე მოედო. ბევრს უნახავს ეს, მძაფრი შეგრძნებების გამომწვევი კადრები. თუმცა, ეიდის ფოტომ ომის კიდევ ერთი, განსხვავებული და მძიმე სურათი წარმოაჩინა. ომით დანგრეული ცხოვრება მუსიკისა და ჩიბუხის ფონზე.


მომზადებულია ჟურნალ Time-ის სტატიის მიხედვით. http://time.com/4701247/aleppo-syria-car-collector/
კატეგორია: რესურსები
მედიაზე ფილმები რომ არსებობს, ალბათ ბევრმა იცის. უნახავს კინოში, როგორ მიდიან ჟურნალისტები რისკის ზღვარზე, აშუქებენ სიღარიბეს, ან სისტემურ დანაშაულებს. თუმცა, ბევრს შეიძლება არც უფიქრია, რომ ჟურნალისტიკა ლიტერატურისთვისაც გამხდარა შთაგონების წყარო. “მედიაჩექერი” წარმოგიდგენთ 7 მხატვრულ ნაწარმოებს, რომელიც ჟურნალისტებს და ჟურნალისტიკას ეხება.


მკითხველთა უმრავლესობა ივლინ ვოს ნოველას ჟურნალისტიკის შესახებ ერთ-ერთ ყველაზე კარგ მხატვრულ ნაწარმოებად მიიჩნევს. მთავარი გმირი უილიამ ბუტი სიღარიბეში ცხოვრობდა, წერდა მცირე ჩანაწერებს ლორდ კოპერის “დეილი ბისთისთვის”, თან კი ოცნებობდა გამხდარიყო საზღვარგარეთული ამბების რეპორტიორი. ბუტს ყურადღებას ნაკლებად აქცევდნენ და მისი სურვილი ალბათ ძნელად თუ ასრულდებოდა, რედაქტორს შემთხვევით მის მოგვარე, პოპულარულ მწერალში რომ არ არეოდა. ასე შეცდომით, უილიამსს აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში დაწყებული კრიზისის გასაშუქებლად გააგზავნიან. გამოუცდელობის მიუხედავად, ბუტი მაინც მოახერხებს დაწყებული კონფლიქტიდან სენსაციური ამბის გადმოცემას, რომელიც მთელ ინგლისს მოედო. აი, მას შემდეგ რაც მოხდა, უკვე ნაწარმოებში იხილავთ.


ნაწარმოები ჟურნალისტ რუპერტ პსმიტის თავგადასავლებზე გვიყვება, რომელიც განგსტერებისა და და კრიმინალურ საქმიანობაში ჩართული ბიზნესმენების გარემოცვაში მოხვდება. მას ყოველთვის საფრთხე ემუქრება, თუმცა საკუთარი პროფესიული უნარები ეხმარება არათუ გადარჩეს, არამედ სერიოზული დანაშაულებრივი სქემაც გამოააშკარავოს.


ამერიკელი ნოველისტისა და ჟურნალისტის ენი პრუს ეს ნაწარმოები ერთი პერსონაჟის - ქუიოლის ცხოვრებას ეძღვნება. ქუიოლი ნიუ-იორკში პრესრუმში მუშაობს, თუმცა მის პირად ცხოვრებაში ბევრი ტრაგედია ხდება. მშობლების თვითმკვლელობები, განქორწინება და პელიტი - ცოლი, რომელმაც გადაწყვიტა მათი შვილები გაეყიდა სექს მუშაკებად. მართალია პელიტი ავარიაში იღუპება, ქუიოლი კი იბრუნებს ქალიშვილებს, მაგრამ მისი ცხოვრება მაინც სულ უფრო უკან და უკან მიდის. მოგვიანებით, დეიდის რჩევით ქუიოლი უბრუნდება მშობლიურ ქალაქს ნიუფაუნდლენდში, სადაც სულ უბრალო ახალი ამბების გაშუქებას იწყებს - საგზაო შემთხვევები და ნიუსები ქალაქის პორტიდან. ერთი შეხედვით, უბრალო და მოსაწყენი ამბები, მის ცხოვრებას ცვლიან და ჟურნალისტიკა ეხმარება ქუიოლს ახალი ცხოვრების დაწყებაში.

“საპორტო ამბებმა” 1994 წელს პულიტცერის პრემიაც მოიგო მხატვრული ნაწარმოებების დარგში.


ამ ჩამონათვალიდან “გოგონა დრაკონის ტატუთი” მკითხველისთვის ალბათ ყველაზე ცნობილია. რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირია მიქაელ ბლუმკვისტი - ჟურნალისტი, რომელიც წლების წინ მომხდარ მკვლელობას იძიებს. მკითხველი ბლუმკვისტსა და ჰაკერ გოგონა - ლესბით სალანდერთან ერთად იქექება ძველ ფოტოებში, არქივებში და საინტერესო გამოძიებაშიც ერთვება.


კიდევ ერთი ცნობილი რომანია ჰანტერ ტომპსონის “ზაფრა და გულისრევა ლას ვეგასში”. თუმცა, ცოტა საკამათოა, ეს მხატვრული ლიტერატურაა თუ ტომსპონისვე შექმნილი “გონზო ჟურნალისტიკის” ნიმუში. ემოციები, თავგადსავლები ჰანტერ ტომპსონის რეალური განცდებია, თუმცა რაც ლას ვეგასში მოხდა, ლას ვეგასშივე არ დარჩა და ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის ჩამთრევ წიგნად იქცა. ავტორისეული გამოცდილების ასახვის მიუხედავად, “ზაფრა და გულისრევა ლას ვეგასში” მხატვრული პერსონაჟების ირგვლივ ვითარდება და ჟურნალისტიკის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია.


“ჩუმი ამერიკელის” ამბავი 50-იანი წლების ვიეტნამში ხდება. წიგნი გამოცდილი ინგლისელი ჟურნალისტის, ამერიკელი საიდუმლო აგენტისა და ვიეტნამელი გოგონას შესახებაა. გრინმა წიგნში გააერთიანა პირადი ისტორიები, 50-იანი წლების სოციალური და პოლიტიკური გარმეო ვიეტნამში, ჟურნალისტიკა და კონფლიქტები. მოგვიანებით, წიგნმა ყურადღება იმითიც მიიქცია, რომ გარკვეულწილად, ვიეტნამის ცნობილი ომიც იწინაწარმეტყველა.


გრებ სთრითი მწერლებით დასახლებული ცნობილი ქუჩა იყო მეჩვიდმეტე საუკუნის ლონდონში. ეს ტერმინი გაღატაკებული ჟურნალისტების და ავტორების აღსანიშნადაც გამოიყენებოდა. ნაწარმოები ორი კონტრასტული პერსონაჟის ირგვლივ ვითარდება - ედვინ რერდონი, ნიჭიერი ავტორია, თუმცა ნაკლებად პერსპექტიული, თავისი სიმორცხვისა და უფრო მეტად არტისტული, არაკომერციული ნაწერების გამო, ხოლო კონტრასტული პერსონაჟი - ჯასპერ მილვეინი კი, მუყაითი ჟურნალისტია, ადამიანი რომელმაც გარემოს აუღო ალღო. ჯორჯ გრისინგის “ახალი გრებ სთრითი” მთლიანობაში საინტერესოდ ასახავს მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლების ჟურნალისტიკასა და ლიტერატურას.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ჟურნალისტიკა სახიფათო პროფესიაა, ერთ-ერთი ყველაზე საშიში სპეციალობაც კი დღევანდელ მსოფლიოში. ხშირად, რეპორტიორებისგან უშუალოდ ვიგებთ მსოფლიოს ამა თუ იმ კუთხეში მიმდინარე კონფლიქტებისა თუ მნიშვნელოვანი კორუფციული გარიგებების შესახებ. ვუყურებთ ჟურნალისტებს დაბომბილ ქალაქში და ხშირად ვერც წარმოგვიდგენია, რამხელა რისკის ფასად გვაწვდიან ახალ ამბებს ეს რეპორტიორები.

2016 წელს მედიაპერსონალიდან 49 ადამიანი შეიწირა სხვა ადამიანმა. 31 მათგანის მკვლელობის მოტივად, “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა” სწორედ პროფესიული საქმიანობა დაადგინა. ყველაზე მეტი - 8 ჟურნალისტი, წელს, სირიაში დაიღუპა. სირიის გარდა, კიდევ 11 ქვეყანაში გაუსწორდნენ ჟურნალისტებს. მკვლელობები უკავშირდებოდა შეიარაღებულ დაპირისპირებებს, კორუფციული გარიგებებისა და ნარკოდილერების შესახებ მომზადებულ მასალებს.

კატეგორია: რესურსები
1938 წელი. ამერიკაში რადიოს ბუმია, ცხელ-ცხელი ამბებს მოსახლეობა სწორედ მის ეთერში ელის. მოულოდნელად, 30 ოქტომბერს, საღამოს რვა საათზე, რადიოსადგურ CBS-ის ეთერში საშინელი ფრაზა გაისმის: “ღმერთო ჩემო. ციდან უზარმაზარი ნაცრისფერი გველივით მოიკლაკნება რაღაც, აი მეორეც, მესამეც… ეს რაღაცები საცეცებს მაგონებს. აი უკვე მის ტანსაც ვხედავ, სველი ტყავივით. ქალბატონებო და ბატონებო, ეს დაუჯერებელია. ჩვენ თავს რაღაც საშინელება ხდება” - ასეთი ახალი ამბავი ამცნო რადიომ მსმენელს. CBS-ის ცნობით, მარსელთა შემოტევა სულ უფრო ძლიერდებოდა, უცხოპლანეტელთა თავდასხმას უამრავი მსხვერპლი მოჰყვა, ამერიკული ჯარი მობილიზებულია. სინამდვილეში კი, ეს ორსონ უელსის რადიო დადგმაა და არა ახალი ამბავი. ჰერბერტ უელსის მიერ დაწერილ სამეცნიერო ფანტასტიკის “სამყაროთა ომის” მიხედვით ახალგაზრდა დრამატურგმა პიესა დაწერა, შემდეგ კი CBS-ის ეთერში პრაიმთაიმის დროს მოუყვა მსმენელს.

ორსონ უელსის პიესამ აშშ-ის მილიონობით მოსახლეობაში საშინელი პანიკა გამოიწვია. მათ დაიჯერეს, რომ ქვეყანას მარსელები მართლაც დაესხნენ. სინამდვილეში, მომავალმა რეჟისორმა სულ პატარა მანიპულაცია გააკეთა, რისი მეშვეობითაც მოატყუა ლამის მთელი ქვეყანა. ზუსტად რვა საათზე რადიოს დიქტორმა მსმენელს აცნობა, რომ ეთერში გავიდოდა ორსონ უელსისა და მერკური თეატრის რადიო დადგმა - “სამყაროთა ომი”. თუმცა, ანონსს ამინდის პროგნოზი მოჰყვა, შემდგომ თავად უელსის შესავალი და ისევ წყვეტა. ამჟამად მუსიკალური ჭრა. მუსიკის შემდეგ მოულოდნელად დაიწყო პიესა, ახალი ამბების გამოშვებით და დიქტორმა ხალხს მარსელთა შემოტევის შესახებ განწირული ხმით აცნობა. საშინელი ხმები და სიჩუმე ის გადამწყვეტი წუთები იყო, როცა მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, ზოგი სარდაფში იმალებოდა, სხვები უმისამართოდ გარბოდნენ, გაურბოდნენ არარსებულ მოვლენას. კაცები იარაღს ითხოვდნენ საკუთარი ოჯახების დასაცავად, მთავრობამ კი ამ პანიკის გამო მობილიზება მართლაც გამოაცხადა.



ორსონ უელსმა ალბათ იცოდა, რომ ამერიკული რადიოს “ოქროს ხანაში” ძალიან ბევრი ელოდა მოუთმენლად მთავარ საინფორმაციო გამოშვებას. ალბათ ისიც იცოდა, რომ ამის მიუხედავად, მსმენელი CBS-ს მხოლოდ 20:12 წუთზე რთავდა, რადგან კონკურენტი რადიოსადგურ NBC-ის ეთერში 8 საათზე გაცილებით პოპულარული მოკლე კომედიური შოუ გადიოდა. სწორედ ამიტომ, მისი შესავალი მხოლოდ ერთეულებმა მოისმინეს, დანარჩენებმა კი პირდაპირ მარსელთა თავდასხმის შესახებ მიიღეს შემზარავი ინფორმაცია.

მაშინ, დიდად არც მედიამანიპულაციების გამოცდილება ჰქონდათ და არც ჟურნალისტური ეთიკის საჭიროების. ამიტომ შეიძლება უელსს კარგად ჰქონდა გააზრებული რა შედეგებს მოიტანდა მისი ექსპერიმენტი, შეიძლება - არც. შედეგი მაინც ერთია - თითქოს უწყინარმა რადიო დადგმამ აშშ-ში ორ მლიონზე მეტი ადამიანი პანიკაში ჩააგდო, ზოგიერთ მათგანს შეიძლება სიცოცხლე ფატალურადაც დაესრულებინა, სხვებმა კი მედიისადმი ნდობა დაკარგეს.

ორსონ უელსმა, მალევე თავად მოუხადა ბოდიში საზოგადოებას. თან ღელავდა, რომ ეს ექსპერიმენტი დაანგრევდა მის მომავალს. იქნებ ამიტომაც, 1941 წელს უელსმა გადაიღო ფილმი “მოქალაქე კეინი”, კინოკლასიკა, რომელსაც დღესაც ხშირად იყენებენ ჟურნალისტიკის პროგრამის კურიკულუმებში. მაინც, ორსონ უელსის პიესა მედიამანიპულაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ის კარგად ასახავს ჟურნალისტიკის შესაძლებლობებსაც - იყოს მოსახლეობისთვის სანდო წყარო, საიმედო დასაყრდენი ან “სამყაროთა ომის” მსგავსად, დიდი ზიანი მიაყენოს მას. 1938 წლის შემდეგ ათობით წელი გავიდა, ამაღლდა სტანდარტები, შეიმუშავეს ეთიკის პრინციპები. მაღალკვალიფიციურმა მედიასაშუალებებმა დაინახეს სანდოობის მნიშვნელობა. მანიპულაციისა და ინსცენირების შესახებ მუხლი, თითქმის ყვეკა ეთიკურ კოდექსში გვხვდება, საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტს თანახმადაც “აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში დადგმებისა და ინსცენირების გამოყენებისგან, ან ნათლად უნდა განმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება. დოკუმენტური ან რეალური ფაქტების ყოველი სამაუწყებლო რეკონსტრუქცია უნდა იყოს ნათლად მითითებული”.
კატეგორია: ფოტოისტორია
XIX საუკუნის ამერიკაზე გადაღებულ ფილმებში, დიდი ალბათობით ერთ კადრში მაინც დაინახავთ გაზეთებით მორბენალ ბიჭუნას. დილის პრესა - ყვირიან ღარიბად ჩაცმული პატარა ბავშვები და ჯერ კიდევ უხარისხოდ ნაბეჭდი გაზეთები ხელიდან ხელში გადადის. ამ კადრებს თუ ნახავთ, ეს პენი პრესია - ერთ პენიანი პრესა, რომლის გამოცემაც 1833 წლის 3 სექტემბერს დაიწყო და დიდი გადატრიალება მოახდინა ბეჭდურ მედიაში.

მაშინ, გაზეთი ბევრი ადამიანისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელი იყო. ახლადდაბადებულ ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმ დროს ბეჭდურ მედიას, როგორც წესი, ბანკირები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები - ერთი სიტყვით, შეძლებული საზოგადოება თუ კითხულობდა. პრესაც მათზე მორგებული, საკმაოდ ძვირიანი და რაც მთავარია, ბევრი მოქალაქისათვის უინტერესო იყო. არადა ინდუსტრიალიზაციამ, ურბანიზაციამ ბევრ ადამიანს გაუჩინა ინტერესი, გაეგო რა ხდებოდა მის ქალაქში, შტატსა თუ ქვეყანაში. წერა-კითხვის ცოდნაც დიდი სისწრაფით ვრცელდებოდა. XIX საუკუნის 20-იან წლებში, სხვადასხვა რედაქციამ ამ ფაქტსაც მიაქცია ყურადღება. მაშინ ისიც აღმოჩნდა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს 6 ცენტის გადახდა გაზეთის თითოეულ გვერდში ნამდვილად არ შეეძლო.

დაიწყო ექსპერიმენტები - სპორტული ამბები თუ გაზეთის სხვა დანამატები იაფად. 1832 წელს ინგლისში The Penny Magazine-იც გამოჩნდა, თუმცა ის ერთგვარი სასწავლო კურსი იყო და ამერიკულ პრესაში ჯეროვანი ყურადღება არ მიუქცევიათ. აშშ-ში პენი პრესის მზე 1833 წლის 3 სექტემბერს ამოვიდა. მაშინ, როცა 23 წლის ბენჟამინ დეიმ ნიუ-იორკში გაზეთი The Sun გამოსცა.

ბენჟამინ დეი ახალი ინგლისიდან იყო და Springfield-თვის, მასაჩუსეტსის რესპუბლიკური გაზეთისთვის მუშაობდა. ნიუ-იორკში კი მხოლოდ იმისთვის ჩავიდა, რომ კომპოზიტორი გამხდარიყო. პენი პრესის პიონერად დეი 1833 წელს წარმოქმნილმა დეპრესიამ აქცია. ამ დროს ახალგაზრდა კაცი იძულებული გახდა უარი ეთქვა კომპოზიტორობაზე და ხელი სხვა საქმისთვის მოეკიდა. დეიმ მალევე გააცნობიერა, რომ ასეთ რთულ პერიოდში იაფი გაზეთი გაცილებით მეტ პოპულარობას მოიპოვებდა, რაც მის შემოსავალსაც გაზრდიდა.

ბენჟამინ დეი, როგორც ვთქვით, პირველი არ იყო, ვინც გაზეთის თითო გვერდი 6-დან 1 ცენტამდე დაიყვანა. მაგრამ მან არა მარტო ფასი, გაზეთის შინაარსი და სტრუქტურაც შეცვალა. პირველ რიგში, გაზეთის გაყიდვა არა გამოწერებზე, არამედ ქუჩის გაყიდვებზე აიგო. ეს რა თქმა უნდა, გამოწვეული იყო იმით, რომ დეიმ გადაწყვიტა მდიდრებზე ორიენტირებული ვიწრო ფოკუსიდან, ფართო მასებზე გადაენაცვლა. ნიუ-იორკში, ბოსტონში, ფილადელფიასა და აღმოსავლეთ სანაპიროს სხვა ქალაქებში ბევრს სურდა გაზეთის კითხვა. დეის ასევე სჯეროდა, რომ ემიგრანტების საზოგადოება მედიისთვის მნიშვნელოვანი ბაზარი გახდებოდა.

The Sun-ს ამ ხალხისთვის ახლებური ინფორმაცია უნდა გაეცნო, ის ამბები, რაც ღარიბ ფენას სჭირდებოდა. ამიტომაც გაზეთი უფრო გასაგებ, მარტივ ენაზე საუბრობდა, ჟურნალისტები წერდნენ ყოველდღიურ ახალ ამბებს, კრიმინალურ ქრონიკებს, ადამიანურ ისტორიებს, წერდნენ მნიშვნელოვან მოვლენებსა და სპორტზე.

პენი პრესის გაყიდვები თავიდანვე რეკოდრული სულაც არ იყო. გადამყიდველებს ვერ წარმოედგინათ, რომ გაზეთები შეიძლებოდა ყოველდღე გამოსულიყო. ამიტომაც ბევრი მათგანი უარს ამბობდა მათ შეძენაზე. აქ კი პენი პრესის წარმატების კიდევ ერთი საიდუმლო გამოჩნდა. ყოველდღიური პრესა ხშირად წერდა სენსაციურ ინფორმაციას. ასეთი ამებები კი, რა თქმა უნდა, ბევრს იტაცებდა. მოკლედ, პენი პრესმა წინაღობებიც მარტივად დაძლია და ამერიკული მედია რაფინირებული, პოლიტიკურ იდეოლოგიებზე ორიენტირებული ძვირიანი პრესიდან, დიდ ბიზნესად და თითოეული მოქალაქის ყოველდღიურობად გადააქცია.

ბენჟამინ დეის იდეას მალე სხვა გაზეთებიც აყვნენ. მაგალითად, 1835 წელს გამოცემულმა New York Herald-მა მედიას კიდევ ერთი სიახლე შესძინა. თუკი პენი პრესამდე გაზეთები მხოლოდ ბეჭდურ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, ჯეიმს გორდონის რედაქციამ გადაწყვიტა ახალი ამბავი უკვე თვითმხილველების მონათხრობისა თუ საკუთარი დაკვირვებების მეშვეობითაც მიეწოდებინა მკითხველისათვის.

მას მერე პრესამ კიდევ ბევრი ეტაპი გაიარა, ახალი ფორმები და სტანდარტები შეიძინა. თუმცა, 1833 წლის 3 სექტემბერს, ნიუ-იორკში, The Sun-ის გამოსვლით მედიისთვის ახალი დღე დაიწყო - პენი პრესის ეპოქა, რომელმაც მედიის თანამედროვე ფორმებს ჩაუყარა საფუძველი.
კატეგორია: რესურსები
დღეს უამრავ რადიოტალღაზე ყოველ ერთ საათში საინფორმაციო გამოშვება გადის. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ პირველი საინფორმაციო გამოშვება რადიოში 1920 წლის 31 აგვისტოს გადასცეს.

რადიო ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში გამოჩნდა, თუმცა თავიდან, მის მომხმარებლებს აზრად არც მოსვლიათ, რომ ეს ახალი მოწყობილობა შეიძლებოდა საინფორმაციო საშუალებადაც ქცეულიყო.

თავდაპირველად, არ არსებობდა FM ტალღა, ან ცალკეული რადიოარხისთვის გამოყოფილი სიხშირე. რეგულაციების გარეშე მოქმედ რადიოსივრცეში ხშირად, ეს ტალღები ერთმანეთსაც ფარავდა. თუმცა, რადიოში მაინც დაიბადა პირველი საინფორმაციო გამოშვება. მოვლენა, რომელმაც ეს პლატფორმა მედიად აქცია.

რადიოს ახალი ამბების ისტორია კი დეტროიტში დაიწყო. მაშინ პოპულარული გაზეთი “დეტროით ნიუსი” სქრიფსების საოჯახო ბიზნესი იყო. მედიასივრცეში საკუთარი გავლენის გაზრდისთვის მათ ახალი გზების ძიება დაიწყეს. სურდათ შეექმნათ ახალი ამბების რადიო, მაგრამ ედუარდ სქრიფმა და მისმა ოჯახმა ამ სფეროზე ბევრი არაფერი იცოდნენ. უფრო მეტიც, მათ არ მოისურვეს, რომ რადიო სქრიფსების ოჯახთან ყოფილიყო დაკავშირებული. სრულიად ახალი ტექნოლოგია და ბიზნესი ზედმეტად სარისკო იყო მაღალი ფენის წარმომადგენელთა სოციალური მდგომარეობისთვის. და როგორც თანამედროვე ფილმებში ან ბიზნეს სფეროზე არსებულ ლეგენდებში ხდება ხოლმე, მათ ახალი რადიოარხის შექმნა ინოვაციებით დაინტერესებულ ტინეიჯერს მიანდეს.

მაიკლ დელაისლ ლიონსი თანამედროვე რადიომაუწყებლობის პიონერად სწორედ ამ ისტორიის გამო მიიჩნევა. ლიონსმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ახალ რადიოს მაუწყებლობა დაეწყო. ლიცენზია სახელმწიფოსგან 1920 წლის 20 აგვისტოდან მიიღო. 10 დღე რადიო მხოლოდ ექსპერიმენტულ კონცერტებს გადასცემდა. თავისთავად არაფრით გამორჩეული მუსიკა მხოლოდ იმიტომ გაუშვეს, რომ სატესტო რეჟიმის გასვლამდე მას მსმენელი შემოეკრიბა.

10 დღის შემდეგ კი ახალი ამბავი დააანონსეს. აი, როგორ ჟღერდა ის: “გიგზავნით პრაიმერის შედეგებს “დეტროიტ ნიუსი”. არავინ იცის, რამდენი ადამიანი უსმენდა მაშინ ამ ფრაზას. თუმცა, რამდენიც არ უნდა ყოფილიყო, ცხადად ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რა მნიშვნელობის მოვლენასთან ჰქონდა საქმე. 1920 წლის 31 აგვისტოს, ქაოსურად განაწილებულ რადიოს ტალღებში ახალი მედია დაიბადა. პლატფორმა, რომელმაც გასულ საუკუნეში ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი შეატყობინა მსოფლიოს მოსახლეობას.

მოგვიანებთ “დეტროიტ ნიუსის” დაფუძნებულ რადიოს 8MK დაარქვეს, დღეს კი WWJ-ის სახელითაა ცნობილი და მისი მოსმენა ინტერნეტშიცაა შესაძლებელი, თუმცა რადიოსაშუალებას ახლა CBS ფლობს.
კატეგორია: რესურსები
მედია, როგორც წესი, ყველა ძირითად ამბავს პოსტფაქტუმ აშუქებს. თუმცა იშვიათად, მნიშვნელოვანი მოვლენები პირდაპირ ეთერშიც ხდება.

მედიაჩეკერი წარმოგიდგენთ იმ 5 უმნიშვნელოვანეს ამბავს, რომელიც პირდაპირ ეთერში მოხდა.

კატეგორია: ფოტოისტორია
მესამე რაიხის გერმანიაზე საუბრისას, ხშირად გვახსენდება ჰოლოკოსტი. ნაცისტური რეჟიმის ანტისემიტურ მოქმედებებს 6 მილიონზე მეტი ებრაელის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუმცა, ებრაელების საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნამდე, ჰიტლერის ხელისუფლებას ქვეყანაში ანტიებრაული განწყობების ჩამოყალიბება სჭირდებოდა. ნაცისტურმა რეჟიმმაც ანტისემიტური პროპაგანდა აქტიურად გამოიყენა.

ადოლფ ჰიტლერის სახელმწიფოს სათავეში მოსვლის დროს, 1933 წელს, გერმანიაში 4 700-ზე მეტი სხვადასხვა გაზეთი გამოდიოდა. აქედან 81%-ს კერძო პირები ფლობდნენ. თუმცა, ტოტალიტარულ სისტემას მოსახლეობისთვის საკუთარი გზავნილების თავზე მოხვევისთვის, პრესაზე მონოპოლია სჭირდებოდა. ნაცისტებმაც პრესის დიდი ნაწილი მალევე ჩაიგდეს ხელში.

Der Stürmer ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანტისემიტური გაზეთია, რომელიც ნაცისტური რეჟიმის დროს სიძულვილის ენის გავრცელების წყაროდ იქცა. მოგვიანებით, ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე Der Stürmer -ის საგაზეთო სტატიები და ვიზუალური გამოსახულებები ნაცისტური რეჟმის წარმომადგენელთა წინააღმდეგ მტკიცებულებებადაც კი გამოიყენეს.

მედიაჩეკერი Der Stürmer-ის რამდენიმე ფოტოს გთავაზობთ, სადაც ჩანს, როგორ შეიძლება მედიასაშუალებამ დაკარგოს თავისი დანიშნულება. გარკვეული იდეოლოგიის პროპაგანდის მანქანად იქცეს და გაავრცელოს არაეთიკური მასალები და სიძულვილის ენა.

გაზეთის თავფურცელი, სათაურით “ვინ არის მტერი?”, რომელიც ებრაელებს საზოგადოებრივი წესრიგის უგულებელყოფაში ადანაშაულებს, Der Stürmer-ის აზრით, მშვიდობიანი ნაცისტური გერმანიისა და მსოფლიოს საპირისპიროდ, მათ სურთ ომი და სისხლისღვრა. (1934 წელი)

გაზეთის თავფურცელი შუა საუკუნეების ილუსტრაციის გამოყენებით ებრაელებს სისხლიანი რიტუალების მიმდევრად სახავს.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე Der Stürmer აქვეყნებს კარიკატურას. მისი მიხედვით, ებრაელები ჯვარს აცვამენ მათგან განსხვავებულ ადამიანებს და მსოფლიოს უბიძგებენ ომისკენ. (1939 წელი)

Der Stürmer ანტისემიტურ სტატიებსა და ვიზუალურ მასალას არა მხოლოდ გაზეთებით, საკუთარი ოფისიდანაც კი ავრცელებდა. 1939 წელი, გდანსკი. გამოცემის ოფისზე გამოკრული პოსტერის მიხედვით, ებრაული თემი ნაცისტური გერმანიის უბედურებაა.


წყარო: https://sefershoah.wordpress.com/nazi-propaganda/ https://www.ushmm.org/
კატეგორია: რესურსები
ფოტოჟურნალისტიკა ბევრი ადამიანის გატაცების სფერო და მედიის განუყოფელი ნაწილია, პოპულარული შავ-თეთრი სამყაროდან ციფრულ ეპოქამდე. ამ სტატიაში მედიაჩეკერი იმ ფილმებზე მოგიყვებათ, რომლებიც ფოტოგრაფებზე და ფოტორეპორტინგის სახიფათო, ტრაგიკულ თუ რომანტიკულ პროცესზე გადაიღეს რეჟისორებმა.


რიჩარდ ბოილი ცუდი ჟურნალისტი არ ყოფილა, მაგრამ მავნე ჩვევებისა და არც თუ ისე კარგი ხასიათის გამო უმუშევარი დარჩა. თუმცა ელ სალვადორში დაწყებულმა სამოქალაქო ომმა ფოტორეპორტიორის ცხოვრება შეცვალა. 1980 წელს ცენტრალური ამერიკის პატარა ქვეყანაში მემარცხენე მოძრაობებმა სამხედრო დიქტატურას პარტიზანული ომი გამოუცხადეს. ბოილიც სალვადორში გაემგზავრა და გადაწყვიტა ფრილანსერ ფოტორეპორტიორად ემუშავა. ფილმი „სალვადორი“ სწორედ იმ სირთულეებზე მოგვითხრობს, რასაც რეპორტიორი ელ სალვადორში მუშაობისას წააწყდა.


რთულად წარმოსადგენია ისაუბრო ფილმებზე, რომლებიც ფოტოჟურნალისტიკას ეხება და „შეშლილთა კლუბი“ არ ახსენო. ფილმი რეალურ ისტორიაზეა - 4 გადარეულ ფოტორეპორტიორზე. გრეგ მარინოვიჩმა, კევინ კარტერმა, ჯო სილვამ და კენ ოსტერბრუკმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სიგიჟისა და სიკვდილის ზღვარზე გაიარეს. მათ მსოფლიოს უნიკალური ფოტოსურათებით იმ ქაოსური და სასტიკი რეალობის შესახებ მოუთხრეს, რომელმაც 90-იან წლებში ეს ქვეყანა მოიცვა.


მიწის მარილი“ დოკუმენტური ფილმია ბრაზილიელ ფოტოგრაფ სებასტიო სალგადოზე. აქ ვერ ნახავთ ცხელ წერტილებში გამოჩენილ პროფესიონალიზმს, არც დინამიზმი ჩანს და თავგადასავალი. თუმცა, ცნობილი ფოტოგრაფის ცხოვრებაში ნამდვილად გამოგზაურებთ. სებასტიო სალგადოს ობიექტივში ძირითადად სიღარიბის, ჩაგვრისა და გარემოზე მიყენებული ზიანის კადრები ხვდებოდა. მისი ფოტოები წლების განმავლობაში იბეჭდებოდა გაზეთებსა თუ ჟურნალებში. ამიტომ, უიმ უენდერსის დოკუმენტური კინო, რომელმაც ბევრ კინოფესტივალზე მოიპოვა წარმატება, ფოტოჟურნალისტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის საინტერესო იქნება.


„ღმერთის ქალაქი“ ნარკოდილერების ომში გაზრდილ ბიჭზე, რომელმაც განგსტერულ ცხოვრების ფოტოჟურნალისტობა არჩია. ფილმში ასევე ნაჩვენებია 70-იანი წლების რიო-დე-ჟანეიროს სასტიკი და ძალადობრივი რეალობა.


„რობერტ კინგის გადაღება“ დოკუმენტური ფილმია ფოტორეპორტიორზე, რომელმაც სამი ომი გამოიარა. რობერტ კინგი 90-იან წლებში ბოსნიაში გაჩაღებულ ომში აღმოჩნდა. ბალკანეთის შემდეგ კინგის ობიექტივში მოხვდა ჩეჩნეთის ომი, ბოლოს კი ერაყი. „რობერტ კინგის გადაღება“ საომარ სიტუაციაში მუშაობის სირთულეებზე მოგვითხრობს.
კატეგორია: რესურსები
1972 წლის 17 ივნისს აშშ-ში, სასტუმრო „უოტერგეიტში“ დემოკრატიული პარტიის ოფისში მოსასმენი აპარატურის დაყენების მცდელობისას ხუთი ადამიანი დააკავეს. მალევე, ამ ფაქტის ირგვლივ „ვაშინგტონ პოსტის“ ორი ჟურნალისტის ბობ ვუდვორდისა და კარლ ბერნშტაინის მიერ დაწყებული ჟურნალისტური გამოძიება დიდ სკანდალაც იქცა. როგორც ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოააშკარავა, პრეზიდენტ ნიქსონის ადმინისტრაცია არაკანონიერ გზებს მიმართავდა პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის. „უოტერგეიტის“ სკანდალი საბოლოოდ რიჩარდ ნიქსონის გადადგომით დასრულდა. ამ ამბავზე ბევრი რამ ითქვა პრესაში, ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოებსა და კინოშიც. „მედიაჩექერი“ იმ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს გაგაცნობთ, რომლებიც „უოტერგეიტის“ სკანდალს ეხება.


„უოტერგეიტის“ ჟურნალისტური გამოძიების შესახებ ყველაზე ცნობილი მხატვრული ფილმია „პრეზიდენტის მთელი ამალა“. ფილმი მთლიანად კარლ ბერნშტაინისა და ბობ ვუდვორდის გარშემოა აგებული და კარგად ასახავს ჟურნალისტური გამოძიების პროცესს. „უოტერგეიტში“ შეღწევის მცდელობისას დაკავებულ ადამიანებს თითქმის არავინ მიაქცია ყურადღება, ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტებმა კი ამ ამბის შესახებ მოკვლევა დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტების გამოძიებას სკეპტიკურად უყურებდა ბევრი, მათ შორის „ვაშინგტონ პოსტის“ რედაქციაც, ვუდვორდისა და ბერსნტეინის თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო. „უოტერგეიტის“ საქმე დიდი სკანდალით დასრულდა და ჟურნალისტებს პულიტცერის პრემიაც მოუტანა.


„უოტერგეიტის“ სკანდალის შესახებ ყველაზე სრულყოფილ ინფორმაციას ინგლისურ-ამერიკული დოკუმენტური ფილმების სერიაში ნახავთ. BBC-სა და Discovery-ის ერთობლივი ნამუშევარი ინგლისში 5 სერიად, აშშ-ში კი 3 სერიად გადმოსცეს. ფრედ ემერის წიგნის „კორუფცია და ნიქსონის დაცემა“ მიხედვით ტელეკომპანიებმა დოკუმენტური ფილმების სერია 1994 წელს გადაიღეს და დღემდე „უოტერგეიტის“ სკანდალის შესახებ ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ ნამუშევრად მიიჩნევა.



„უოტერგეიტის“ სკანდალიდან რამდენიმე წელი გავიდა. რიჩარდ ნიქსონი სკანდალური გადადგომის შემდეგ ტელეეკრანებიდან გაქრა. ყოფილი პრეზიდენტი არ ხვდებოდა მედიას, თუმცა, 1977 წელს ნიქსონი ინტერვიუს დათანახმდა. ის მხოლოდ შოუმენ დავიდ ფროსტს შეხვდა. ამით ყოფილ პრეზიდენტს სურდა, ჟურნალისტთან მარტივად აერიდებინა თავი „უოტერგეიტის“ მძიმე პასუხისმგებლობისგან და მხოლოდ საკუთარ მიღწევებზე ესაუბრა. თუმცა, ინტერვიუს დაწყებისას ყველაფერი შეიცვალა. მხატვრული ფილმი სწორედ ამ ისტორიულ ინტერვიუს ეხება.



ფილმი „ჩვენი ნიქსონი“ უოტერგეიტის სკანდალსა და რიჩარდ ნიქსონს სულ სხვა რაკურსით გვაჩვენებს. ფილმის უნიკალური კადრების ავტორები ხომ თავად პრეზიდენტის თანაშემწეები არიან. ჰ.რ. ჰელდემანი, ჯონ ერლიშმანი და დუაით ჩაპინი თეთრ სახლში მუშაობის დროს სამოყვარულო კამერებით იღებდნენ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის სამუშაო პროცესსა და ცხოვრებას. „უოტერგეიტის“ სკანდალის შემდგომ თანაშემწეების მიერ გადაღებული 5-მდე ფირი ამერიკის ფედერალურმა ბიურომ შეინახა საკუთარ არქივში. თუმცა 40 წლის შემდგომ ის საჯარო გახდა და 2013 წელს ამ კადრების მიხედვით დოკუმენტური ფილმიც შეიქმნა.



დოკუმენტური ფილმი „უოტერგეიტის“ შესახებ არის, თუმცა ფილმში აქცენტი ზოგადად ამერიკის თანამედროვე საგამოძიებო ჟურნალისტიკაზეა. ფილმში წარმოდგენილია ინტერვიუები ცნობილ ამერიკელ ჟურნალისტებთან, მათ შორის, თავად კარლ ბერნშტაინსა და ბობ ვუდვორდთან.