2016 წლიდან დღემდე „კავკაზ პლიუსის“ გვერდზე არმენოფობიური შინაარსის ასობით მასალა იძებნება. გამოცემა ღიად აცხადებს, რომ კონკრეტული მიზანი ამოძრავებთ და იქვე ხაზს უსვამს, რომ ზოგადად სომეხი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და მათი მიზანი მხოლოდ ნაციონალისტებთან ბრძოლაა.
სომეხი ერი - როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საფრთხე
გამოცემა მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით მკითხველს არწმუნებს, რომ ეთნიკურად სომეხ ერს საქართველოს ტერიტორიების მიტაცება სურს. აღვივებს აზრს თითქოს მათ „თვალი დაადგეს“ ქართულ მიწას, ცდილობენ სამცხე-ჯავახეთის მითვისებას და ასევე სურთ „მიიტაცონ“ ბათუმი და საქართველოს სხვა საკურორტო ქალაქები.
„მათ [ეთნიკურად სომხების] გეგმებშია - საქართველოს განადგურება და დანაწევრიანება რუსების ხელით იმისათვის, რომ რუსეთის დახმარებით საქართველოს წაართვას სამცხე-ჯავახეთი, ხოლო შეძლებისდაგვარად „გაატარონ დერეფანი ზღვასთან“, - ვკითხულობთ „კავკაზ პლიუსის“ სტატიაში.
მას შემდეგ კი, რაც 2019 წლის აპრილში დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთთან დაკავშირებული პრობლემა გამწვავდა, გამოცემამ დაიწყო იმის მტკიცება, რომ სომხებს დავით-გარეჯის მიტაცება სურთ. 29 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში „სომხური წარწერები და სომხური პრეტენზიები დავით გარეჯზე“ აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კონფლიქტი ეთნიკურ სომხებს ძალიან „აწყობთ“ და ცდილობენ, რომ ხელოვნურად გააჩაღონ მტრობა ორ ქვეყანას შორის.
ამავე სტატიაში „კავკაზ პლიუსი“ ავითარებს აზრს, თითქოს, რუსეთ-საქართველოს „წაჩხუბება“ „სომეხი ძმების“ ბრალია:
გამოცემა ხშირად მანიპულირებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხით. „კავკაზ პლიუსი“ მკითხველს არწმუნებს, რომ აფხაზეთში ეთნიკურად სომხები „უმრავლესობას შეადგენენ და აკონტროლებენ ოკუპირებული ტერიტორიის მთელ ეკონომიკას და მათ მიერ დახოცილთა ქართველების სახლებში სახლობენ და რაც მთავარია - არ უშვებენ არა მხოლოდ ქართველ ლტოლვილებს, არამედ ქართველ მღვდლებს ქართულ ეკლესიებთან და მონასტრებთან“, - ნათქვამია სტატიაში, ისე, რომ გაუგებარი რჩება, თუ რა წყაროებს ეყრდნობა და რა აძლევს ამის თქმის საფუძველს ავტორს.
რელიგიით მანიპულირება და ფაქტების დამახინჯება
გამოცემა ხშირად მანიპულირებს რელიგიური საკითხებით და ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას ეთნიკურად სომეხი ხალხის მიმართ. 4 ივლისს გამოცემამ ყალბი ფოტოს დართვით გამოაქვეყნა სტატია, თითქოს სომხებმა ქართული ეკლესია დაიპყრეს და სათივედ გადააქციეს. ინფორმაციის წყაროდ კი რუსული საიტი infoteka24.ru მოჰყავს, რომელიც თავის მხრივ TV Travel-ის ფილმს ეყრდნობა.
ეს სტატია გამონაკლისი არ არის. მხოლოდ პირად მოსაზრებებს და "რუსეთის ჯავახკის დიასპორის" ფეისბუკ პოსტს ეყრდნობა სტატია, რომლის თანახმადაც, ახალციხეში სპორტულ-კულტურული ცენტრი იმ „ბოევიკების“ მოსამზადებლად ფუნქციონირებს, რომლებსაც სომხები ქართული სალოცავების დაპყრობისთვის ამზადებენ:
„აღასი არაბიანი პირდაპირ მოუწოდებს სომეხ ექსტრემისტებს ჩამოვიდნენ საქართველოში და დაიპყრონ ქართული ეკლესიები. ამ მოწოდებების ფონზე გასაგები ხდება, თუ რისთვის სჭირდებათ სომეხ ნაციონალისტებსა და სეპარატისტებს ახალციხეში „სპორტულ-კულტურული ცენტრი“. პასუხი ნათელია - რათა მოამზადონ ბოევიკები ქართული სალოცავების დაპყრობისთვის.“ - პოსტი მართლაც გამოქვეყნდა, თუმცა ქართული ეკლესიის დაპყრობის შესახებ მოწოდება ტექსტში არ გვხვდება.
გამოცემა მკითხველს არწმუნებს, რომ სომხებმა ერთხელ უკვე სცადეს ქართული ტაძრის დაპყრობა და ამის დასტურად 2017 წელს კუმურდოში განვითარებული მოვლენები მოჰყავს, თუმცა ფაქტების დამახინჯებით:
„2017 წლის სექტემბერში ასეთი მცდელობა უკვე იყო - მაშინ სომეხმა ექსტრემისტებმა სცადეს დაეპყროთ ქართული ტაძარი კუმურდო და ქართულ პოლიციას დაუშინეს ქვები", - წერს „კავკაზ პლიუსი“.
სინამდვილეში, სოფელ კუმურდოში ადგილობრივებსა და პოლოციას შორის დაპირისპირების მიზეზი არა ტაძრის დაპყრობა, არამედ ტაძრის ეზოში ქვაჯვარის აღმართვა გახდა. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს მისი დადგმის საშუალება პოლიციამ არ მისცა.
ეთნიკური სომხების მიერ ქართული ტაძრების “მიტაცებაზე” მხოლოდ ამ სტატიაში არ საუბრობენ. გამოცემა „ახსენებს“ მკითხველს, რომ სომეხმა ნაციონალისტებმა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 465 ქართულ ეკლესიაზე ოფიციალური მოთხოვნები წარმოადგინეს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც უცნობია, თუ რაზე დაყრდნობით წერს ავტორი ამას. ფაქტების, მტკიცებულებების, არგუმენტების ნაკლებობა ამ გამოცემის ერთგვარი სტილია.
სომხების კავშირი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან
გამოცემა ცდილობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიური მოვლენები პირდაპირ დააკავშიროს ეთნიკურად სომეხ ერთან. მაგალითად, 21 ივნისს საქართველოში საპროტესტო აქციის დაშლაში, შემდგომ განვითარებულ მოვლენებსა და რუსეთის მიერ ქართული კომპანიებისთვის ფრენების აკრძალვაშიც კი „კავკაზ პლიუსი“ სომხეთის ინტერესებს „ხედავს“. 5 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში „რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ომის გაჩაღების სომხური გეგმების ჩაშლა“, გამოცემა წერს, რომ „სომხური პროვოკატორებისთვის იდეალური სიტუაცია იქნებოდა, თუ 20-21 ივნისს თბილისში სახელმწიფო გადატრიალება მოხდებოდა“, რაც არ გამოუვიდათ.
იმავე მსჯელობას ავრცელებს გამოცემა სტატიაში „რატომ გააგზავნა სომხეთმა თავისი ბოევიკები საქართველოს პარლამენტთან?“ - ტექსტის მიხედვით, 20-21 ივნისს პარლამენტზე თავდასხმა ბრძანების საფუძველზე შეთანხმებულად ხდებოდა და თავდამსხმელებს შორის სომეხი „ბოევიკები“ იყვნენ. აღსანიშნავია, რომ გამოცემა ინფორმაციის წყაროდ "იმედის "საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ კადრებს იმოწმებს, თუმცა ამ კადრებიდან არ მტკიცდება, რომ აქციაში მონაწილე პირები “სომეხი ბოევიკები” იყვნენ, ამაზე მინიშნება არც “იმედს” გაუკეთებია. ამავე სტატიაში გამოცემა ავითარებს აზრს, რომ „ფაშინიანის სომხეთი პირდაპირ არის ჩართული საქართველოს პარლამენტის ხელში ჩაგდების მცდელობაში“. როგორც სხვა შემთხვევებში, სტატია დაუსაბუთებელია და არ ჩანს, რას ეყრდნობა ავტორი ამ მოსაზრების გავრცელებისას.
დაუსაბუთებელი პარალელები და რუსული გამოცემები ინფორმაციის წყაროდ
„ფაშინიანი გეგმავს 2050 წლისთვის ქართული მიწების დაპყრობას?“ - ამ სათაურით 7 აგვისტოს „კავკაზ პლიუსმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ავტორი ამტკიცებს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი 2050 წლისთვის სომხეთის მოსახლეობის 5 მილიონ ადამიანამდე გაზარდას საქართველოს ტერიტორიების მითვისების ხარჯზე გეგმავს. ავტორი ვარაუდობს, რომ სომხეთში შობადობის დაბალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, მოსახლეობის ზრდა არარეალურია და წერს:
მსგავს დაუსაბუთებელ, უარგუმენტო მოსაზრებებს მხოლოდ ამ სტატიაში არ ვხდებით. სხვა მასალებშიც (რომლებიც სომხების დისკრიმინაციას ემსახურება) ავტორი ხშირად საკუთარ კითხვას მტკიცებით ფორმაში თავადვე პასუხობს. თითოეულ სტატიაში ფაქტების, მტკიცებულებების და არგუმენტების ნაცვლად გამოყენებულია სიტყვები „ნათელია“, „აშკარაა“, „ცხადია“, „მართლაც ასეა“, „არარეალურია“ „შეიძლება“, „გამოდის, რომ...“, „ფაქტია“, „როგორც ჩანს“ და ა.შ. ამ ფრაზებით ავტორი ცდილობს მოსაზრებების ფაქტად წარმოჩენას.
გარდა ამისა, სტატიებში, ამა თუ იმ ინფორმაციის წყაროდ „კავკაზ პლიუსი“ ხშირად უთითებს ისეთ გამოცემებს, როგორიც არის რუსული პროპაგანდისტული მედიაგამოცემა „სპუტნიკი“, რუსულენოვანი საიტები pikabu.ru, regnum.ru, infoteka24.ru, aif.ru და სხვა.
„კავკაზ პლიუსზე“ გამოქვეყნებული მასალები მოვლენების არასწორი ინტერპრეტაციით, ფაქტების დამახინჯებით, მანიპულაციით და დაუსაბუთებელი პარალელებით ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გამოცემის მიზანი ეთნიკურად სომეხი ერის დისკრიმინაცია და ქსენოფობიის გაღვივებაა.
"კავკაზპლიუსის შესახებ"
სტატიებზე, როგორც წესი, ავტორი მითითებული არ არის. საიტზე არ იძებნება ინფორმაცია არც სარედაქციო გუნდის შესახებ. უცნობია ასევე ვინაა ვებსაიტის მესაკუთრე. უფრო მეტიც, ვებგვერდზე საკონტაქტო ინფორმაციაც კი არ არის განთავსებული. დახურულია დომენის მფლობელის შესახებაც ინფორმაცია. მხოლოდ იმის გარკვევაა შესაძლებელი რომ დომენი უკრაინიდან არის რეგისტრირებული.